ძებნა
'შესახებ' ძებნის შედეგები.
-
პოსტეთ აქ, თუ რამე რომ შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ...
- 1,566 replies
-
1
-
- ტექნიკური
- ხარვეზების
-
(and 2 more)
Tagged with:
-
კიდევ ერთხელ მინდა მეგობრებო ვისაუბროთ გახსოვთ თემა რომ გავხსენი სადღაც ერთი თვის წინ? ჰოოო დააა მოგიყვეთ ახალი ამბავი როგორც ჩანს ქალაბტონი ნინო არ მეთანხმება რომ არაპროფესიონალი მატყუარა და უსირცხვილო სასტიკი ადამიანია! ძალიან ეწყინა და დაარტყა რეპუტაციაზე პარასკევს დამირეკა და მთხოვა აიღე ეგ თემაო, ვერ ვხედავ მიზეზს რატო არ უნდა დაიწეროს სიმართლე და ადამიანის შეფასება იმის შესახებ რაც იყო, ეს ჩემი აზრია მას აქვს არსებობის უფლება მით უმეტეს რომ ამ ქალბატონმა ნინომ, ვიღაც ჩამპალი ნარკომანი ესპანეთიდან მომიქსია, ესპანური ნომრით თუ საქართველი მცხოვრები ხზ, ამას გამოძიება დაადგენს, თავად რა თქმა უნდა უარობს რომ ეგრე არაა და გუშინ სიცოცხლის მოსპიბით დამემუქრა. რა თქმა უნდა გავიარე კონსულტაცია ადვოკატთან და წავედი განყოფილებაში. საქმე მსვლელობაშია, დეტალებს აუცილებლად მოგიყვებით დრო და დრო ყველაზე კომედია ისაა რომ ჩემი ძმით მემუქრება და თან ამას ისე აკეთებს რომ თითქოს არ მემუქრება! ჰო და ძვირფასო ნინო, გაგკარი მენტალობასა და სულში! ახლა ხვდები ალბათ რომ ძალიან შეცდი როცა იფიქრე რო ვინმე შუბლში ტყვიის დახლით შემაშინებდა მარა გვიანია! ვნახოთ ამ ომს ვინ მოიგებს, მე მზად ვარ თუნდაც შუბლში ტყვიის ფასად ჩემი გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქროს! აქვე ვაგდებ სქრინების მხოლოდ რაღაც ნაწილს ყველაფერს ვერ დავდებ რა თქმა უნდა თუ მოითხოვთ მამენტ ეგეც შემიძლია რტო არა დამირეკეს შესაშინებლად ხვდებით ხო როგორ გამოუვიდათ? არგუმენტები მთელი 5 თვის მანძილზე, ივლისში ოჯახების და ბიჭების დაჟინებული თხოვნით მხოლოდ ერთხელ შევიდა ციხეზე. არ გამოცხადებულა არც ერთ სასამართლოზე 6 სასამართლოდან არც ერთზე, ბოლოზე მოვიდა და უყურა პროცესს ისიც იმიტო რომ თანხა არ მოეთხოვათ ოჯახებს მისთვის დააბრუნე არაფერი გაგიკეთებიაო და რამე სათქმელი ქონოდა. საპროცესო გაფორმებულია სხვა ადვოკატის სახელზე რომელიც ბოლო სასამართლომდე ათი დღით (არც კი) დავიქირავეთ. აქ ვერ დავდებ მარა სადაც საჭიროა და თუ საჭირო გახდება ალიას რედაქტორიც ნახავს, იმ განცხადების ასლს რაც 27 ივლისს ქუთაისის პროკურატურაში გაგვატანა იდეაში საპროცესოს მოთხოვნასთან დაკავშირებით, 12 მორფოლოგიური და სინტაქტუსი შეცდომა და ჯამში განცხადებაში სხვა ბრალდებულების სახელები და გვარები წერია, იტირებ ისეთი განცხადებაა, აკაკი შანიძე თავს დაიხრჩობდა ეგ რომ წაეკითხა, განცხადება რა თქმა უნდა დაბრაკეს და მასაც ეგ უნდოდა რო რაც შეიძლება მაქსიმუმზე გაწელილიყო პროცესი რომ ეციცქნა ფულები სამი ოჯახისთვის! ბოლოს წინა სასამართლომდე სამ ოჯახს 3 კა ლარი მოსთხოვა, ეს თანხა საჭიროა იმისთვის რომ საპროცესო გაფორმდესო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ამ დროს უკვე საქართველოში არ იმყოფებოდა და იცოდა რო პარასკევს სასამართლოზე არ იქნებოდა მაგრამ ფული ჭირდებოდა. ამ მოთხოვნიდან ორ დღეში ახალი ადვოკატები ავიყვანეთ. ისმის კითხვა: თუ პროფესიონალი ადვოკატია რატო ყავდა სამი ოჯახი კომუნიკაციის დეფექტის გამო გაწამებული? რატო არ შედიოდა ციხეზე ბიჭების სანახავად? რატო გახდა იმის საჭიროება რო ახალი ადვოკატები დაგვექირავებინა თუ ეგ საქმეს აკეთებდა? რატომ არ არის მის სახელზე გაფორმებული საპროცესო? ამ ყველაფრის მერე, ჩემი ძმის სასამართლოს დღეს, პრინციპულად იმ დღეს, ვდგები და ვხსნი თემას რო თაღლითი სასტიკი მატყუარა და არაპროფესიონალია, ერთ თვეში როგორც ჩანს გუგლში წინაურდება ბადეს ეს თემა, ურეკავს ორ ადვოკატს რომ გაიგოს ჩემი ტელეფონის ნომერი, და მეუბნება რომ მიჩივლებს თუ არ ავიღებ თემას. მეთქი თაღლითი არ მოგწონს? აჰაა არაპროფესიონალად შევცვლი. დავცინე და ისეთი ჩლუნგია რომ ეგ დაცინვაც ვერ გაიგო. სხვა თუ რამე არ მოგწონს იცი საქალაქო სასამართლოს მისამართი მიდი შეიტანე სარჩელი და სიამოვნებით გიხილავ სასამართლო პროცესებზე იქნებ შენ სასამართლოებზე მაინც გამოცხადდე თქო აქედან 24 სთ ში ვიღაც ხორხეს არეკინებს და მოკვლით მემუქრება. მიდვივარ ეგრევე განყოფილებაში და დაიწყო გამოძიებაც. ამ ამბიდან სამ დღეში ეს ჩემზე დამმუქრებელი და ნინო ერთ სტატიაში იჩითებიან და ხორხიტო მე მადანაშაულებს და ნინიკო თავად კეთილშობილების განსახიერებაა! ესაა ქრონოლოგია ამ ამბების! მეორე- არ მოგწონს ჩემი ნეგატიური რევიუ? წადი სასამართლოში!
- 291 replies
-
- უცოდინარი
- შანტაჟისტი
- (and 8 more)
-
მოდით @Freeman კეცის ან კაი პიწკინა მჭადები, ხმელზე ხმელ ყველთან ან პიტნაში გადაზელილ ნადუღთან არა ხო სამოთხეა? ფოტო მინდოდა დამედო და ვერ ვიპოვე ბოლოს როდის ჭამეთ მომიყევით, უნდა ავჩუყდეეე
-
„ევროკავშირი კვლავაც დააყენებს უკრაინაში, საქართველოსა და ნებისმიერ სხვა ადგილას რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის სისტემატური დარღვევის საკითხს“, – ნათქვამია ერთობლივ საკომუნიკაციო https://ec.europa.eu/info/sites/default/files/joint-communication-eu-russia-relations.pdf?fbclid=IwAR3m7LRLR3KEbWOI5NXaqoTMT1Udj8_YZpDjBPXLpxbT68LA2dJ0EYkl-Nk რომელიც ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 16 ივნისს გამოაქვეყნეს. ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტის სახელზე გამოქვეყნებული დოკუმენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი „უშუალო სამხედრო და ჰიბრიდულ ქმედებებს ახორციელებს მოუგვარებელ კონფლიქტებში, რომელთაც ის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ასაზრდოებს“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი კვლავაც ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის, ასევე „ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის“ მიმართ. „ევროკავშირი კვლავ შეეწინააღმდეგა რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში, რომელთაც უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ჰქონდა ადგილი“, – ნათქვამია დოკუმენტში. 13-გვერდიანი დოკუმენტი უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიამ მოსკოვთან ურთიერთობების შესახებ ანგარიშის წარდგენაზე ევროპული საბჭოს თხოვნის საფუძველზე მოამზადეს. ბლაბლა
-
- საქართველო
- ევროკავშირი-რუსეთის
-
(and 3 more)
Tagged with:
-
იმედია გვყავს ბადეზე დაინტერესებული და გამოცდილი მეფუტკრეები... მე ვიწყებ მაისიდან და ვემზადები ფუტკრის ერთი ოჯახის მოსაყვანად და მოსავლელად მაგრამ მინდა ეკო თაფლი მქონდეს და არა წამლით გაჭყეპილი შხამიანი რაღაც ტკბილი სითხე... ჰო და ვინც რა იცით მოდით მოყევით და ვასწავლოთ ერთმანეთს... ვფიქრობ რომ სასწავლო ვიდეოები, სახელმძღვანელოები არ იქნებოდა ცუდი რომ იდოს ამ თემაში...
-
ვენეციის კომისიამ 20 მარტს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში განაცხადა, რომ ელექტრონული კომუკაციების შესახებ კანონში 2020 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება მიენიჭა, საკუთრების უფლებასა და მედიის თავისუფლებაზე, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად აისახება. კომისიის თქმით, სპეციალური მმართველების ძალაუფლება „იმდენად ფართო და გადაჭარბებულია, რომ როგორც ჩანს, მათ [კომპანიებს] ერთადერთ შეზღუდვად მხოლოდ აქციების გასხვისება რჩებათ იმ ფონზე, როდესაც აქციონერებს კომპანიის გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებსა თუ პროცესებში ხმის უფლება ფაქტობრივად წართმეული აქვთ“. ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ის არ იცნობს არცერთ ევროპულ მარეგულირებელ ორგანოს, რომლის ხელშიც ამხელა ძალაუფლება იყოს. საქმე ეხება ელექტრონული კომუკაციების შესახებ კანონში შეტანილ ორ ახალ დებულებას. ერთ-ერთი მათგანი არის ახალი პუნქტი, რომელიც დაემატა მე-11 მუხლს „კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში“ და რომელშიც ნათქვამია, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს. ვენეციის კომისია რეკომენდაციას აძლევს პარლამენტს, რომ ეს დებულება გააუქმოს, რათა შესაძლებელი გახდეს მარეგულირებლის გადაწყვეტილების შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. რაც შეეხება მეორე დებულებას, 46-ე მუხლს, რომელიც კომისიას კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებს, ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ის უნდა შეიცვალოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციებისა და მის ფორმულირებაში გამოყენებული ტერმინების განმარტების გზით. ვენეციის კომისია ასევე აცხადებს, რომ შესწორებულ მუხლში „მკაფიოდ უნდა განიმარტოს, რომ დებულება არ ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების ოპერატორი კომპანიის სამაუწყებლო საქმიანობაზე“. ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 17 ივლისს მიიღო, რასაც არასამთავრობოებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების კრიტიკა მოჰყვა. ამ დრომდე, კომუნიკაციების კომისიამ მხოლოდ ერთხელ გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება, როდესაც „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა. ასევე წაიკითხეთ: კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა პარლამენტმა ელ. კომუნიკაციების კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო ტელესაკომუნიკაციო კომპანიები მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციის შესახებ კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობენ მედიაკოალიცია მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციების კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობს
-
ტაილანდის ცენტრალური ბანკი უკანონო ციფრული ვალუტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ტაილანდის ბანკმა მკაცრი გაფრთხილება კერძო სტაბილკოინის წინააღმდეგ გამოსცა, რომელიც ეროვნულ ვალუტას, ბატს უკავშირდებოდა. Bangkok Post-ის თანახმად, 18 მარტს, ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ Thai Baht Digital-ს არ აქვს სამართლებრივი გარანტიები და დაცვა. ამიტომ მომხმარებლები შეიძლება იყვნენ კიბერ ქურდობის ან ფულის გათეთრების რისკის ქვეშ. ცენტრალური ბანკის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწემ, ფრუთიპონგ სქრიმაქჰენდმა განაცხადა, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სტაბილკოინით მიმდინარეობს უკანონოა. ”ნებისმიერი ფულის ნიშნის შექმნა, გაცემა, გამოყენება ან ბრუნვა წარმოადგენს ფულის სავალუტო კანონის 1958 წლის მე-9 ნაწილის დარღვევას. ამგვარი გამოყენება საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს ფართო საზოგადოების ნდობაზე ეროვნული სავალუტო სისტემის სტაბილურობის მიმართ, რომელიც ქვაკუთხედია ყველა ეკონომიკური საქმიანობისა”,-აღნიშნა ქვეყნის ცენტრალური ბანკის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწემ. სტაბილკოინი Terra პლატფორმაზე გაიცემა. შეგახსენებთ, რომ ტაილანდის ბანკმა საკუთარი კვლევა ეროვნული ციფრული ვალუტის შესახებ დააჩქარა. კვლევა მიმდინარეობს ჰონგ-კონგის მონეტარულ ორგანოსთან, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან და ჩინეთის ბანკის ციფრული ვალუტის ინსტიტუტთან ერთად. The post ტაილანდის ცენტრალური ბანკი უკანონო ციფრული ვალუტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- ტაილანდის
- ცენტრალური
-
(and 7 more)
Tagged with:
-
ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა ტრეფიკინგის საკითხებში (GRETA) რიგით მესამე ანგარიშში ცნობად მიიღო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, თუმცა „მსხვერპლთა იდენტიფიცირების გაუმჯობესებისა და სისხლის სამართლებრივი რეაგირების გაძლიერების“ საჭიროებას გაუსვა ხაზი. 16 მარტს გამოქვეყნებული ანგარიში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულებასაც აფასებს. აღნიშნავს რა, რომ „საქართველო დიდწილად ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლთა წარმომავლობის ქვეყანაა და ნაკლებად, ტრანზიტისა და დანიშნულების“, ანგარიში ამბობს, რომ 2015-2019 წლებში საქართველოს ხელისუფლებამ სულ 66 მსხვერპლის იდენტიფიცირება მოახდინა. „2018 წლამდე, იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა უმეტესობა ქალი იყო, რომელთა ტრეფიკინგიც სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით განხორციელდა“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმადაც, 2019 წელს იდენტიფიცირებული ყველა მსხვერპლი ქართველი ბავშვი იყო – მათგან 23 გოგონას სექსუალური ხასიათის ფოტოების გადაღებას, ხოლო ორ ბიჭს და ოთხ გოგონას მოწყალების მიღებას აიძულებდნენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა „გააძლიეროს ძალისხმევა“, რათა აღკვეთოს ბავშვთა ტრეფიკინგი და მეტი ყურადღება მიაქციოს უკანონო საქმიანობასა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას შორის კავშირს. დოკუმენტის თანახმად, წინა შეფასების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები „ადამიანთა ტრეფიკინგის დანაშაულებისთვის სათანადო კვალიფიკაციის მინიჭებას უზრუნველყოფს“. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრეფიკინგის იდენტიფიცირების სპეციალური მობილური ჯგუფების რაოდენობა სამიდან ოთხამდე გაიზარდა; ასევე გაიზარდა შრომის ინსპექტორების რაოდენობა, რომელთაც სათანადო მომზადება გაიარეს. მართალია, ანგარიში აღნიშნავს, რომ იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა რაოდენობა შემცირდა, ის შეშფოთებას გამოხატავს შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად არსებული „მაღალი ზღვრის“ გამო. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ 2015-2018 წლებში 80 გამოძიება ჩაატარა და მხოლოდ 15 პირი გასამართლდა. „შრომითი ექსპლოატაციის მიზნით ტრეფიკინგის შემთხვევების გამო არავინ გასამართლებულა“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ადამიანთა ტრეფიკინგის საქმეების გადაკვალიფიცირება სხვა ისეთ დანაშაულებში, რომელთაც უფრო მსუბუქი სასჯელი მოჰყვება. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ტრეფიკინგის მხოლოდ სამმა მსხვერპლმა მიიღო კომპენსაცია სამოქალაქო სარჩელების მეშვეობით და მხოლოდ ერთ სასამართლო განაჩენს მოჰყვა დამნაშავეთა ქონების კონფისკაცია. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა წვდომას კომპენსაციაზე“.
-
- საქართველო
- ტრეფიკინგის
-
(and 5 more)
Tagged with:
-
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ეუთო/ოდირის) 5 მარტს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს მისი მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში რიგ რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომელთა მიზანიც „იმ ძალისხმევის მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში საარჩევნო პროცესს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან, ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდართებთან შესაბამისობაში მოიყვანს“. ანგარიშის თანახმად, პრიორიტეტული რეკომენდაციებია: თანმიმდევრული საარჩევნო კანონმდებლობის უზრუნველყოფა, რომლის გადახედვაც ინკლუზიური კონსულტაციების გზით მომდევნო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე უნდა მოხდეს; საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის გადახედვა მისი მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაზრდელად; ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის კოლეგიალურად და საჯარო სხდომებზე განხილვა; იმ ბრალდებების სათანადო გამოძიება, რომლებიც ამომრჩეველთა და საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა დაშინებას ეხება; საარჩევნო დავების გადაწყვეტის შესახებ კანონმდებლობის გამარტივება, რათა მოქალაქეებმა თავად შეძლონ საჩივრის შეტანა; კომისიების მიერ საარჩევნო დავების კოლეგიალურად და ღია სხდომებზე განხილვა; საარჩევნო კოდექსში ხმების გადათვლისა და შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმების განსაზღვრა; უფასო საეთერო დროის გამოყოფისა და სარეკლამო თანხების გაცემის არსებული სისტემის გადახედვა, რათა ყველას საარჩევნო კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობები მიეცეს. ქვემოთ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაციის დეტალური შეჯამებაა მოცემული: არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელებული საარჩევნო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში 2020 წლის ივნისში, ივლისსა და სექტემბერში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ცვლილებების მიღება არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ანგარიშის თანახმად, ცვლილებები ტექნიკურად შევიდა კანონმდებლობაში, მაგრამ ბევრი დებულების განმეორებითმა და გარდამავალმა ბუნებამ განახლებული სამართლებრივი ჩარჩო გარკვეულწილად არათანმიმდევრული და არასტაბილური გახადა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, ოდირისა და ვენეციის კომისიის რიგი წინა რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის, ისინი, რომლებიც უკავშირდება – საარჩევნო კანპანიის განხორციელებას, საარჩევნო ადმინისტრაციას, კამპანიის დაფინანსებას, მედიას, ასევე საჩივრებისა და სარჩელების პროცესს და ხმების გადათვლისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის ნორმატიულ ხარვეზს. საარჩევნო ადმინისტრაცია ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის „დომინანტური წარმომადგენლობა“, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, „უარყოფითად აისახა“ საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მართალია საუბნო კომისიების თავმჯდომარეების უმეტესობა არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებოდა, 455 თავმჯდომარე, რომლებიც პარტიების მიერ დასახელებული წევრებიდან აირჩიეს, „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. საარჩევნო კამპანია, არჩევნების დღე დოკუმენტში ნათქვამია, საარჩევნო კამპანიის დროს, „მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო“. ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რამდენიმე ისეთი განცხადება გააკეთეს, რომლებიც „ხმების მოსყიდვად“ იქნა აღქმული. დოკუმენტის თანახმად, „მართალია, კონსტიტუცია ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევებას ითვალისწინებს, ხოლო საარჩევნო კოდექსი რელიგიური ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოებას კრძალავს, მმართველმა პარტიამ ზოგიერთ წინასაარჩევნო რეკლამაში ამომრჩევლებისადმი მიმართვისას რელიგიური გამოსახულებები გამოიყენა, ხოლო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ესწრებოდა“. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ანგარიში აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნების მახლობლად პარტიების კოორდინატორებისa და აქტივისტების ყოფნა შეინიშნებოდა, რაც სავარაუდოდ ამომრჩევლების დაშინებას იწვევდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია, საარჩევნო ჯიხურებში ხმის მიცემის ფარულობა ძირითადად დაცული იყო, მონიტორინგს დაქვემდებარებულ ზოგიერთ უბანზე ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის პროცესის მუდმივი ვიდეო და ფოტოგადაღება პოტენციურად დაშინების გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. საჩივრები ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო დავების მოგვარების სამართლებრივი ჩარჩო „რთული და მეტისმეტად შემზღუდველია“, ხოლო განხილვის ვადები – ძალიან მოკლე. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბევრი მომჩივანი საჩივრის შეტანისას ტექნიკურ დაბრკოლებებს წააწყდა. ანგარიშის თანახმად, საჩივრების განხილვის პროცესი დიდწილად ზედაპირული იყო და არ ხდებოდა შეუსაბამობების სათანადო განხილვა და გამოძიება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ გამოიყენეს საკუთარი ფართო უფლებამოსილება, რათა საარჩევნო პროცესის კანონიერება უზრუნველეყოთ და ის საჩივრები განეხილათ, რომლებიც ტექნიკური მიზეზებით განუხილველად იყო დატოვებული. „საჩივრების დაკმაყოფილებაზე სისტემატურმა უარმა მნიშვნელოვნად შეზღუდა სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალების ძიების შესაძლებლობა“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, „სასამართლო არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს იღებდა ხმების გადათვლასთან დაკავშირებით“. ანგარიშში მაგალითად მოყვანილია მარნეულის ოლქში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, რომელზეც სასამართლოებმა არასათანადო გადაწყვეტილება გამოიტანეს. „სასამართლოს გადაწყვეტილებები ორივე დონეზე, ზოგადად, არ იყო კარგად დასაბუთებული“, – ნათქვამია დოკუმენტში.
- 1 reply
-
- „ოდირმა“
- საქართველოს
-
(and 6 more)
Tagged with:
-
ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი 2021 / 02 / 24 რეთი ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ეჭვს გარეშეა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანის განზრახვის დეკლარირება თავისთავად, ძალიან სერიოზული ქმედებაა. იგი ემყარება გარკვეულ პოზიტიურ მოვლენებს: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა, მისი შემადგენელი ნაწილია) ხელი მოეწერა 2014 წელს, შემოღებულ იქნა უვიზო რეჟიმი ევროკავშირში გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი გახდა საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ა.შ. ამავე დროს, ეს განზრახვა იწვევს ბევრ ურთიერთდაკავშირებულ კითხვას: ჩატარდა თუ არა კონსულტაციები ბრიუსელთან ამ განზრახვის თემაზე? დადებითად მიიღებენ თუ არა ასეთ განაცხადს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები 2024 წელს და მოხერხდება თუ არა მისი წინასწარი შეთანხმება ევროკომისიასთან? რა გავლენას მოახდენს გაფართოების პროცესთან დაკავშირებული ე.წ. ევროკავშირის გადაღლილობა? როდის მოხდება განაცხადის შეტანა, საქართველოში 2024 წლის არჩევნებამდე თუ მის შემდეგ? თუ იგი წარდგენილი იქნება არჩევნებამდე, რა გავლენას მოახდენს პროცესებზე დაუკომპლექტებელი პარლამენტი, რომელსაც ამჟამად პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა აფასებს, როგორც ერთპარტიულს? როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება? მოხდება თუ არა ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის წარდგენა იქამდე, სანამ საქართველო მიიღებს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას? გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ყველა ახალი წევრი, როგორც წესი, ჯერ გახდა ნატოს წევრი. თუ ნატოს წევრობა პრიორიტეტი აღარ არის? განაცხადი წარდგება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრებთან, ასოცირებულ წევრებთან უკრაინასა და მოლდოვასთან კოორდინაციით თუ ცალკე? რა დონის ეკონომიკური განვითარებით და სოციალური სტატუსის ხარისხით გვინდა მივეგებოთ ამ ისტორიულ დღეს? არარეალურია ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთ პუბლიკაციაში. ნაცვლად ამისა, ჩვენი მიზანია ეკონომიკური განვითარების ფაქტორის განხილვა. უდავოა, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, განაცხადის წარმატებით აღქმის შანსები საკმაოდ შეზღუდულია. ძალიან დიდი სხვაობაა საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონესა და ევროკავშირის ყველაზე სუსტ ეკონომიკას - ბულგარეთს შორის. რაც მით უარესია, არც ამ განვითარების დინამიკა მეტყველებს საქართველოს სასარგებლოდ. თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს რადიკალურად გააუმჯობესოს ეს დინამიკა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შეიძლება დავივიწყოთ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის სერიოზული განზრახვები. იმისათვის, რომ გავიგოთ, შეუძლია თუ არა მარტო „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ მთავრობას გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, შეგვიძლია შევადაროთ ბულგარეთისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონე და დინამიკა 2012-2020 წლებში. მშპ-ის მოცულობა (მლრდ. აშშ დოლარი) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/GDP?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 54.01 55.59 56.88 50.63 53.78 59.07 66.27 67.93 67.92 საქართველო 16.49 17.19 17.63 14.95 15.14 16.24 17.60 17.74 16.32 მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/GDP-per-capita?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 7415 7673 7898 7077 7573 8379 9466 9772 9826 საქართველო 4410 4623 4742 4018 4061 4359 4719 4765 4405 მთავრობის მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებით (%) წყარო:https://knoema.com/atlas/Bulgaria/Government-gross-debt-as-a-share-of-GDP?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 16.6 17.2 26.4 25.4 27.1 23.0 20.1 18.6 24.1 საქართველო 33.5 32.5 33.3 38.8 42.2 40.8 40.0 42.6 58.7 უმუშევრობა (%) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/Unemployment-rate?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 12.4 13.0 11.5 9.2 7.7 6.2 5.2 4.2 5.6 საქართველო 17.2 16.9 14.6 14.1 14.0 13.9 12.7 11.6 n/a ინფლაცია (%) წყარო: https://knoema.com/atlas/Bulgaria/Inflation-rate?compareTo=GE 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 2019 2020 ბულგარეთი 2.4 0.4 - 1.6 - 1.1 - 1.3 1.2 2.6 2.5 1.2 საქართველო - 0.9 - 0.5 3.1 4.0 2.1 6.0 2.6 4.9 5.3 2012-2020 წლებში ბულგარეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, მოცულობით და ერთ სულ მოსახლეზე, გაიზარდა მეოთხედით, მაშინ, როცა იგივე მაჩვენებლები საქართველოში მცირედით შემცირდა. ბულგარეთში სახელმწიფო ვალის კოეფიციენტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 16,6%-დან 24,1%-მდე გაიზარდა; საქართველოში კი 33.5%-დან 58.7%-მდე. უმუშევრობის დონე ბულგარეთში 12,4%-დან 5,6%-მდე შემცირდა, საქართველოში კი 17,2%-დან 11,6%-მდე შემცირდა (2019 წელს, 2020 წლის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი). აღნიშნულ პერიოდში ბულგარეთში ინფლაციის მაჩვენებლები 2.4%-დან 1.2%-მდე შემცირდა, ხოლო საქართველოში - 0.9%-დან 5.3%-მდე გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის მთლიანი ვალი, ბულგარეთში 24.1%, ხოლო საქართველოში 58.7%-ია. სურათი საკმარისად მკაფიოა: განხილული პერიოდის განმავლობაში, ბულგარეთთან მიმართებით საქართველოს ჩამორჩენამ ყველა განზომილებით მხოლოდ იმატა. შესაძლებელია თუ არა, რომ იყოს სხვაგვარად? დიახ, ეს შესაძლებელია. ეს ნათელი გახდება, თუ გავაანალიზებთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარამეტრებს 2003 წლიდან. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორციელებული რადიკალური რეფორმების შედეგად, ქვეყნის ეკონომიკამ დინამიკურად დაიწყო განვითარება. შთამბეჭდავი იყო ყოველწლიურად ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგში. დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - გზის მშენებლობა, ენერგომომარაგება, წყალმომარაგება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება; დაიწყო სხვა, ქვეყნის დედაქალაქის ალტერნატიული, ეკონომიკური განვითარების ცენტრების აღმოცენება. ამ პროცესის ნაწილი იყო პოლიტიკური ინსტიტუციების გადანაწილება: საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდა ბათუმში, პარლამენტი ქუთაისში და ა.შ. შეუძლებელია მომავლის აშენება წარსულის ფუნდამენტური ანალიზის გარეშე. მიუხედავად პოლიტიკური პრეფერენციებისა, ასეთი ანალიზი დაგვეხმარება გავიგოთ, თუ სად შეიძლება იყოს დღეს საქართველო და რამდენად შეიძლება ის დაუახლოვდეს, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრობის მოთხოვნის ამბიციური ამოცანას. ორი პატარა ცხრილი დაგვეხმარება სიტუაციის გარკვევაში. საქართველოს მშპ 2003 – 2019 წლების პერიოდში (მლრდ. აშშ დოლარი) წყარო: https://tradingeconomics.com/georgia/gdp 2003 2007 2012 2016 2019 3.99 10.17 16.49 15.14 17.74 საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2003-2019 წლების პერიოდში (აშშ დოლარი) წყარო: https://www.geostat.ge/media/27810/Mtliani-shida-produqti-2018-celi-dazustebuli%28geo%29.pdf 2003 2010 2012 2019 1070 3232 4422 4763 ცხრილები ადასტურებს, რომ 2003-2012 წლების ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, დღეს ჩვენ სულ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით, მაგრამ ეს არ მომხდარა. სამწუხაროდ, ყველაზე ზუსტი ტერმინი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარების აღსაწერად არის „სტაგნაცია“. აშკარაა, რომ 2003 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დონე დაბალი იყო. 2003 წლიდან 2012 წლამდე მშპ ოთხჯერ გაიზარდა; ნამატმა 12 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში რომ ოთხჯერ გავზრდილიყავით, ახლა ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 50 მლრდ. აშშ დოლარს მიუახლოვდებოდა. ალბათ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა შესაძლებელი იყო მშპ-ის გაორმაგება 32 მლრდ. დოლარამდე, ან თუნდაც მისი იგივე 12 მლრდ. დოლარით, 28 მლრდ. დოლარამდე, გაზრდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც კი, დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე მიუახლოვდებოდა ბულგარეთისას, მისი ყველა შესაბამისი შედეგებით. მაგალითად, შესაძლებელი იქნებოდა აშშ დოლარის დენომინაციაში ამჟამად არსებული მინიმალური პენსიისა და ხელფასის გაორმაგება. საკმარისი მშპ არის მყარი არგუმენტი ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის მისაღებად. ეკონომიკური განვითარების დონის მიახლოება თუნდაც ორგანიზაციის ყველაზე სუსტ ეკონომიკასთანაც კი მეტ სიმყარეს სძენს ამგვარ განაცხადს. 2024 წლისთვის ამ ოცნების ასასრულებლად ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური სასწაული უნდა მოახდინოს.
-
- ევროკავშირის
- წევრობის
-
(and 3 more)
Tagged with:
-
მე-20 საუკუნის სამოციან წლებში წარმოშობით გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი, უკვე ათწლეულებია რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ამ პერიოდში ის სტუდენტების წინაშე არაერთი საჯარო ლექციით გამოდიოდა. ამ პოსტში გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ერთ-ერთი ასეთი გამოსვლიდან რომელშიც ფრომი ნაციონალიზმის, რასიზმის და ზოგადად ქსენოფობიის თემას ეხება და მისი გამომწვევი მიზეზებოს ფსიქოლოგიური კუთხით ახსნას ცდილობს. ახლა აქ რომ ვთქვა; მისმინეთ, ამ სამყაროში ყველაზე გადასარევი ადამიანი ვარ და შესაძლოა ასევე ვახსენო ჩემი ოჯახი, მამაჩემი, დედაჩემი… რომ ვთქვა, რომ გადასარევი ხალხი ვართ… დანარჩენი იდიოტია, ბინძური, გაუნათლებელი, მორალურად დაბალ საფეხურზე მყოფი… სათანადო ადგილს მიმიჩენდით. თუმცა, ამის მაგივრად რომ ვთქვა რომ ჩემი ერი, ჩემი რელიგია, ჩემი რასა, ჩემი პოლიტიკური რწმენა ბევრად უფრო წინაა ვიდრე ყველა დანარჩენი და ყველა დანარჩენ ერს თუ რწმენას ის მათ, თუ საკმარისად ბრძენები არიან, მოუწოდებს, მაგალითი აიღონ მისგან… ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ ბევრი ადამიანი, თუმცა, იმედი მაქვს თქვენს შორის არც ისე ბევრი, იფიქრებს რომ მსგავსი საუბარი კეთილშობილია. ძალიან რელიგიურ ან ძალიან პატრიოტ ან ძალიან ლოიალურ ადამიანდ გამოვჩნდები, რადგანაც ასეთი დარწმუნებული ვარ იმ ჯგუფის აღმატებულობაში რომელსაც მივეკუთვნები. ახლა წარმოვიდინოთ რომ ვარ ადამიანი რომელსაც დიდი ინდივიდუალური მიღწევები აქვს ან დიდი ძალაუფლება ან ბევრი ფული და ამის გამო ყველა ჩემს მიერ დასაქმებული იცინის ჩემს ხუმრობებზე. მიუხედავად იმისა რომ საშინლად სულელური ხუმრობებია, უნდა გაიცინონ და შთაბეჭდილების ქვეშ მოექცნენ იმდენად რამდენად ძალიან მდიდარი ადამიანი კარგად უნდა ხუმრობდეს. თუმცა, თუ ღარიბი, გაუნათლებელი ვარ და არაფერი გამაჩნია, სულელი უნდა ვიყო რომ საკუთარი თავი შესანიშნავად მიმაჩნდეს. თუმცა, თუ წარმოვიდგენ რომ ჩემი ჯგუფი, ჩემი რელიგია, ჩემი რასა, ჩემი პოლიტიკური პარტიაა შესანიშნავი, მაშინ ჩანაცვლების მეშვეობით, ჩემი ნარცისიზმის ობიექტად ჯგუფის გადაქცევით, ზუსტად იმ ნარცისისტულ კმაყოფილებამდე მივდივარ, რომელიც შეიძლება გამაჩნდეს ინდივიდუალური ნარცისიზმის შემთხვევაში. წყარო: https://podcasts.apple.com/us/podcast/long-reads-kieran-durkin-on-erich-fromm-marxist-humanism/id791564318?i=1000506301646
-
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch 13 იანვარს ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში რამდენიმე წუხილია ჩამოთვლილი, მათ შორის, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა, მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები, გაუმართლებლად მკაცრი ნარკოპოლიტიკა და ლგბტ ადამიანების დისკრიმინაცია. ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოში პოლიტიკურმა დაძაბულობამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმატა, ხოლო გაყალბების ბრალდებების ფონზე მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა, რასაც ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირებით უპასუხა“. დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ მისდამი ნდობას „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები“ ამცირებდა. ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ პარლამენტმა „შრომის კანონმდებლობაში უაღრესად საჭირო ცვლილებები მიიღო, რითაც აღადგინა რიგი შრომითი უფლებები“. პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები საბოლოო მოსმენით მიიღო პარლამენტმა მთავრობას შეზღუდვათა დაწესების უფლება კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივაა პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი მიიღო უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეკონომიკაზე კოვიდ-19-ის „დამანგრეველი ზეგავლენის“ შესამსუბუქებლად, საქართველოს ხელისუფლებამ აპრილში 1.5 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა; ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხელისუფლებამ 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების შესახებ განაცხადა, თუმცა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯები „ამომრჩეველთა მოსაზიდ მანიპულაციად“ შეაფასეს. ორგანიზაცია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს. „ადგილობრივი უფლებადამცველების თქმით, ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილების ასეთი ფორმით, საპარლამენტო კონტროლის გარეშე მინიჭება, ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში. აღნიშნა რა, რომ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ოქტომბრის არჩევნებს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს, ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორის, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებზე, კენჭისყრის ფარულობის მრავლობით დარღვევასა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევებზე. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების გასაპროტესტებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან 8 ნოემბერს შეკრებილი ათეულობით დემონსტრანტის წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა და აღნიშნავს, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენების გამოძიება უმეტესად მიკერძოებულად მიმდინარეობდა. პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, 19 პირი დააკავა კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა მედიაკოალიცია მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციების კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობს საქართველოში მედიის თავისუფლების შეფასებისას, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „აჭარის ტელეკომპანიის“ ახალმა ხელმძღვანელობამ სამსახურიდან ის ჟურნალისტები დაითხოვა, რომლებიც ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მმართველობის „სავარაუდო ჩარევას“ აპროტესტებდნენ. მათ შორის იყვნენ საინფორმაციო გადაცემის წამყვანი თეონა ბაკურიძე და ტოქ-შოუს წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სავარაუდო საბოტაჟის ფაქტზე დაწყებული გამოძიება „გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად“ შეაფასეს. ორგანიზაცია ყურადღებას ასევე ამახვილებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რითაც „კომუნიკაციების კომისიას“, უფლებამოსილება მიენიჭა, დანიშნოს „სპეციალური მმართველი“ ელექტრონული კომუნიკაციების ნებისმიერ იმ კომპანიაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შრომის კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების მიუხედავად, პრობლემად რჩება სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და მუშაობის სათანადო პირობების უზრუნველყოფა იმ ფონზე, როდესაც 2020 წლის „წლის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 22 ადამიანი დაიღუპა და 110 დაშავდა“. დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლება „კვლავ უარს ამბობს ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გარეშე“, ხოლო კოვიდ-19-ით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გააუარესა ტრანსგენდერი ადამიანების ისედაც მძიმე ყოფა. „ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების არარსებობისთვის ყურადღების მისაქცევად, 19 წლის ტრანსგენდერმა ქალმა ამ აქციაზე [აპრილში] თავის დაწყვა სცადა“, – ნათქვამია ანგარიშში. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ანგარიში აღნიშნავს, რომ მართალია, ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადამიანის პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების ისეთი მცირე ოდენობით ფლობისთვის, რომელიც ინტოქსიკაციას არ იწვევს, საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და ძირეულად შეიცვლებოდა არსებული სადამსჯელო პრაქტიკა, კვლავ განუხილველი დარჩა. ასევე წაიკითხეთ: არასამთავრობოებმა ადამიანის უფლებების შესახებ 2020 წლის ანგარიშები გამოაქვეყნეს 2019: საქართველო ადამიანის უფლებების შესახებ Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში
-
- საქართველო
- ადამიანის
-
(and 7 more)
Tagged with:
-
რამდენად ლოგიკურია ხალხნო? წასულიყო იმ თავის ნოვოსიბირსკში ამ შეჩვენებების გარეშე არ გამოდიოდა? ისტერიული ხალხი ხართ იმენა გევასებათ წიოკი და ქოთქოთი, სხვანაირად ვერ ვხსნი ასეთ დროს რეებიც ხდება ხოლმე. არავისზე ნაკლები პატრიორი არ ვარ მაგრამ ადამიანს ინდივიდუალური არცევანის უფლება უნდა ქონდეს, ეს უმთავრესია! თუ მისთვის, მისი ღირებულებათა სისტემისთვის ნორმალური ამბავი იქნებოდა რუსეთში მოღვაწეობა რატომაც არა? არ წახვიდეთ ნოვოსიბირსკში გედების ტბის სანახავად და ეგაა დღეს გადავავლე თვალი და თურმე რა ამბები ყოფილა
- 27 replies
-
- ანანიაშვილის
- შესახებ
-
(and 2 more)
Tagged with:
-
საქართველოს პირველი პირები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, 7 იანვარს გამოეხმაურნენ ვაშინგტონში წინა დღეს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ ჯო ბაიდენის მომდევნო პრეზიდენტად დამტკიცების ხელის შესაშლელად. „გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება“, განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“. „კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი“, დაწერა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ Twitter-ზე. „ჩვენ გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის“, დასძინა მან. 6 იანვარს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის საბოლოო შეჯამებას ხელი შეუშალა ძალადობრივმა პროცესმა, რომლის შედეგადაც კაპიტოლიუმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაიცვალა ოთხი პირი. 7 იანვარს აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენი ქვეყნის 46-ე პრეზიდენტად დაამტკიცა.
-
- საქართველოს
- პირველი
-
(and 5 more)
Tagged with:
-
ომის ბუნებისა და სამხედრო ისტორიული ცოდნის შესახებ 13:20, 09.07.2019 ჰელმუტ ფონ მოლტკე უფროსი ჰელმუტ ფონ მოლტკე უფროსი ადამიანის სოციალურად დატვირთულ საქმიანობებს შორის ომი ერთ-ერთი უძველესი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მორალური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი საქმიანობაა. მისი წარმოშობა იმდენად ღრმა წარსულში იკარგება, რომ ნებისმიერი განსჯა ე.წ. პირველი დაპირისპირების შესახებ მხოლოდ სპეკულაციური შეიძლება იყოს. არის ეს ჩვენი ცხოველური ბუნების (ინსტინქტის), ასე ვთქვათ, გაადამიანურებული სახე (ისეთივე, როგორც მაგალითად, სიყვარულია, რომლის არსი გამრავლების (სახის შენარჩუნების) ინსტინქტს ეყრდნობა), თუ სხვა რამ (მაგალითად _ ბედისწერა), სავარაუდოდ, ის თემებია, რომელთა შესახებ ყოველი მოსაზრება ერთნაირი ალბათობით შეიძლება ჭეშმარიტად მივიჩნიოთ. თუმცა ეს ჭეშმარიტება ვერასოდეს ვერ გასცდება ჰიპოთეტური ჭეშმარიტების საზღვრებს. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, აღნიშნული პრობლემა თავისი არსით წმინდად ფილოსოფიურია და ნებისმიერი ვარაუდი შესაძლოა საკმაოდ საინტერესო მსჯელობებს დაედოს საფუძვლად. ერთადერთი, რაც დადასტურებულად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ რაც საზოგადოება არსებობს, ადამიანი ყოველთვის ომობს. ხოლო, რაც კაცობრიობას მეხსიერება გააჩნია, ის ომობს ყველა იმ კომპონენტის გამოყენებით, რაც ამისათვის აუცილებელია. მეტიც, ეს არის არა რაიმე ცალკე აღებული ცივილიზაციის ნიშანი, არამედ საყოველთაო ხდომილება: დიდი ცივილიზაციური კერები, რომელთაც საუკუნეები დასჭირდათ ერთმანეთთან შეხებაში რომ მოსულიყვნენ, საოცარ ერთნაირობას ამჟღავნებენ ომის წარმოების კუთხით. არსებითად ერთი და იგივე იარაღი, სატრანსპორტო საშუალებები, საბრძოლო სივრცეზე გადაადგილებების და მოქმედებების ხასიათი, ბრძოლის შედეგების ექსპლუატაცია, თუ სხვა რამ, რასაც კულტურული გარემოს უთუო კვალი უნდა აჩნდეს, ერთი და იგივეა ცივილიზაციიდან ცივილიზაციამდე. ასე რომ თეზისს – ადამიანი ყოველთვის ომობს, შესაძლოა დაემატოს თეზისი, რომ ის ომობს ყველგან და ომობს ერთნაირად. ზემოთ ჩვენ ფილოსოფია ვახსენეთ. ერთი შეხედვით კითხვები – რა არის ომი, როგორია მისი ბუნება, რატომ ომობს ადამიანი – წმინდად ფილოსოფიურია და ბევრს არ უნდა გვაძლევდეს პრაქტიკული სამხედრო მოქმედებისთვის. ნაწილობრივ, ეს ასეცაა, განსაკუთრებით საკითხს თუ მორალური ფილოსოფიის კუთხით მივუდგებით: რა არის ომი – ბოროტება თუ სიკეთე? უღირს კი ადამიანს, ომის ფასად, იმ ბოროტებათა ფასად, რასაც ომი წარმოშობს, აღისრულოს თავისი, თუნდაც სამართლიანი, საწადელი? კითხვა არც ახალი და არც მთლად რიტორიკულია. ვისაც ახსოვს ბჰაგავადგიტა, აუცილებლად ემახსოვრება ეპიზოდი, როდესაც ბრძოლის წინ, კურუკშეტრას ველზე, მეფობის და სიმართლის მაძიებელი არჯუნა ბრძოლაზე უარს აცხადებს: ერთბაშად, ის აცნობიერებს, რომ იმ ადამიანთა სისხლი, რომელიც უნდა დაიღვაროს, გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე ამ სისხლით მოპოვებული გამარჯვება. მეტიც, ის აცნობიერებს, რომ მისივე სიცოცხლეა ნაკლებ ფასეული და მზადაა ის გაიღოს, თუ კი ეს შესაძლებელს გახდის ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილებას. საკითხის ამდაგვარად დაყენებას და ჩვენს შორის კაცობრიობის ისტორიის დაახლოებით 2500 წელი დგას. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მთელი ამ პასაჟის ძალა არა არჯუნას მიერ დასმულ კითხვაშია, არამედ იმ გამაოგნებელ პასუხში, რომელსაც მას კრიშნა აძლევს და რაც შემდგომ ინდური ცნობიერების, მისი ფილოსოფიის და კულტურის უშრეტი შთაგონების წყარო ხდება: „ცდება ის, ვისაც ჰგონია რომ კლავს, ცდება ისიც, ვისაც ჰგონია რომ ჰკლავენ; დაბადება წესია მოკვდავისა და სიკვდილი დაბადებულისთვის, გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა; ბრძენი ამაზე არ წუხს,… ხოლო მეომარი სიხარულით შედის სამართლიან ომში“.ამგვარად ის, რომ ომი მორალური დილემის წინაშე აყენებს ადამიანს, მხოლოდ ცრუ განცდაა. ომი არის ხდომილება, რომელიც უნდა მიიღო, როგორც ის არის და იმოქმედო ისე, როგორც გეკუთვნის. საინტერესოა, რომ ომისადმი ასეთი დამოკიდებულება, ის აზრი, რომ ომი არც სიკეთე და არც ბოროტებაა, არამედ ადამიანური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მეტიც, აუცილებელი ნაწილია, საკმაოდ გავრცელებულია. საინტერესოა ისიც, რომ ამ ადამიანთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ თუ არა ომი, შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის ყველაზე კარგი თვისებების გამოვლენა: ვაჟკაცობა, სიმამაცე, რაინდობა, თავგანწირვა, საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღება. ეს ის თვისებებია, რომელიც, თუ არა ომი, არასოდეს წარმოჩინდებოდა. სხვადასხვა ადამიანები, მაგალითად, ისეთი განსხვავებულნიც კი, როგორიცაა გერმანელი გენერალი მოლტკე, ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი, ფლორენციელი მაკიაველი, რუსი მოაზროვნე ნიკოლაი ბერდიავი და ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე ერთსულოვანნი არიან ომის, როგორც მორალურ ღირებულებათა ერთგვარი საყრდენის შეფასებისას. მართლია, რიგი ფილოსოფოსების მიიჩნევს, რომ ომი მაინც ბოროტებაა. თუმცა, ამავე დროს, მაინც იძულებულია აღიაროს მისი ცივილიზაციური მნიშვნელობა. მაგალითად, რუსი ფილოსოფოსი, ვლადიმერ სოლოვიოვი, ომზე მსჯელობისას, საკითხის სამ ასპექტში განხილვას გვთავაზობს და ესენია თეორიული,ისტორიული და პრაქტიკული. თეორიული ასპექტი, ზოგადად, ზნეობრივია და ის შემდეგ დაშვებას ეყრდნობა: მშვიდობა არის სიკეთე, ხოლო ომი – ბოროტება. მაგალითად ყურანის მეორე სურა ამბობს: “იბრძოლეთ მტრებთან, სანამ არ დამკვიდრდება ისლამი. . . [ხოლო ამის შემდეგ] დაე, შეწყდეს მტრობა, ვინაიდან ღმერთს სძულს, ვინც თავს ესხმის”. ამ მოსაზრებას ისიც უნდა ამყარებდეს, რომ ომის თავი და თავი მიზეზი არა რაიმე მატერიალურის უკმარისობაა, როგორც ეს ხშირად გონიათ, არამედ სურვილი: მაგალითად, პირველი მკვლელობა (აბელის და კაენის ამბავი ძველი აღთქმიდან) შიმშილის გამო კი არ მოხდა, არამედ შურის გამო. ასევე ძნელად დასაჯერებელია ის ვითარებაც, როდესაც ომი ახსნილია დარვინის მოძღვრების ტერმინებში: ასე რომ იყოს, მაშინ რითი ავხსნათ ის ფაქტი, კითხულობს სოლოვიოვი, რომ უიარაღო ებრაელებმა თავი შეინარჩუნეს, ხოლო შეიარაღებულმა რომაელებმა ვეღარ? გაცილებით მნიშვნელოვანია ომის ისტორიული ასპექტი: ომი ქმნის ცივილიზაციას. ომი არის ყველაზე ძლიერი ფაქტორი შიდა კავშირების გაძლიერებისათვის ხალხებისა და კულტურების შიგნით და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ის ასევე ხელს უწყობს კულტურების ურთიერგავლენას და მოწინააღმდეგე მხარეების ურთიერთდაახლოებას. მაგალითები საყოველთაოდ ცნობილია: ომი ტროასთან დასაბამს აძლევს ელინურ სამყაროს, ხოლო ომი სპარსელებთან და ალექსანდრეს ლაშქრობანი – ელინისტურს. რომ არა რომაელთა დაპყრობანი და pax romana ქრისტიანობა ვერასოდეს გასცდებოდა იერუსალიმს. და ბოლოს, ეროვნულ სახელმწიფოთა ქმნადობა ასევე ომის, როგორც მოვლენის შედეგია. შესაბამისად, ომის ზეგავლენა ისტორიულ პროცესზე სამი მიმართულებით ვლინდება: ერების ქმნადობა ერთაშორისი ურთიერთობების ქმნადობა კულტურული ერთობის გეოგრაფიული გავრცობა. თუმცა, ფილოსოფიურ წიაღსვლებს რომ თავი დავანებოთ, კითხვა, თუ რას წარმოადგენს ომი, სხვა, პრაქტიკული შინაარსის მატარებელიცაა. ის ერთგვარ მიმართულებას აძლევს იმ სააზროვნო პროცესს, რომელიც ომის მსვლელობას, მის წარმატება-წარუმატებლობას განსაზღვრავს. არანაკლებ ფილოსოფიურ განცდებს აღძრავს ასევე კითხვა თუ რატომ ომობს ადამიანი? თუმცა სწორედ მისი ფილოსოფიურობის გამო, პასუხი აქაც ბუნდოვანია, ხოლო გაცილებით ადვილია იმ ჩამონათვალის დემონსტრირება, თუ რა საბაბით უკვე იომა მან აქამდე. ითვლება რომ, იმპერატორ კონსტანტინეს პერიოდიდან ვიდრე 1900 წლამდე, ევროპის თეატრებზე ადამიანმა, სულ ცოტა 200-ჯერ მაინც იომა, მათ შორის იყო სამოქალაქო ომები, დაპყრობითი ომები, ომები მემკვიდრეობისათვის, ინტერვენციები, რელიგიური ომები, ომები status quo ante-ს დასაბრუნებლად, ღირსების აღსადგენად და კომერციული ინტერესებისათვის სხვა სიტყვებით, ადამიანი, პრაქტიკულად, ნებისმიერი საბაბით ომობს, ხოლო თუ რა მიზეზს ნიღბავს ეს საბაბი, ხშირად, ძალიან რთული გამოსაცნობია. მაინც, რა ვითარებაა ომი, რა არის მასში ის არსებითი, რაც მას სხვა საქმიანობისგან გამოარჩევს და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი? ალბათ, ყველაზე ადვილი იქნებოდა ამთავითვე ომის განსაზღვრება მოგვეცა და შემდეგ, მასზე დაყრდნობით გვეცადა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. თუმცა აქ ერთ სირთულეს ვაწყდებით, რომელიც სრულებითაც არ არის ტრივიალური: პირველი, არ არსებობს ომის ისეთი განსაზღვრება, რომელიც ყველას მიერ, სანდოობის ერთნაირი ხარისხით, განსაზღვრებადაა მიჩნეული. მათ შორის, ყველაზე პოპულარული, კლაუზევიცისეული ომი, როგორც პოლიტიკის გაგრძელება, სინამდვილეში არის არა განსაზღვრება, არამედ განსაზღვრების ფრაგმენტი და მისი განსაზღვრებად მიჩნევა მხოლოდ ისტორიულ გაუგებრობას უნდა მივაწეროთ. მეორე პრობლემა უფრო ზოგად მოსაზრებებთან არის დაკავშირებული: ჩვეულებრივ, განსაზღვრებისას ადამიანები ცდილობენ განსასაზღვრი ცნების ადეკვატური შინაარსის დადგენას. მაგრამ ასეთი რამ, ხშირ შემთხვევაში, ერთი სხარტი ფრაზის ან წინადადების, ანდა სულაც რაიმე ნაცნობი შინაარსის მოხდენილად გამოყენებით ვერ ხერხდება. სამაგიეროდ, შესაძლებელია განსასაზღვრი ცნების იმდაგვარი აღწერა, რომ მისი შინაარსის ადეკვატური აღქმა შევძლოთ. ვფიქრობ, ომის შემთხვევაშიც ასეა და ეს კარგად ჩანს, თუ კი იმავე კლაუზევიცს ოდნავ სიღრმისეულად ჩავუკვირდებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ, ამ ეტაპზე მაინც, ვეცდებით თავიდან ავიცილოთ ომის ყოვლისმომცველი განმარტება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენსავე ცნობიერებაში ინტუიციურად ომს მიკუთვნებული ვითარებების აღწერა უფრო თავისუფლად შევძლოთ. თუმცა, ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ომის ფენომენის ყველაზე სრულ აღწერას, და შესაბამისად, ზემოთ დასმულ კითხვებზე ყველაზე სრულ პასუხს, თავად ომების ისტორია იძლევა. სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი, ძლიერი არგუმენტი იმისათვის, რომ სამხედრო ისტორია ზოგადად, და ომების ისტორია კერძოდ, ჩვენი ცნობისმოყვარეობის ობიექტად ვაქციოთ. სამწუხაროდ, ისტორიას განსაზღვრებად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ ის მშვენიერი გზამკვლევი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანურ დაპირისპირებათა მრავალფეროვნებიდან ომი რომ გამოვაცალკევოთ. ორმხრივი დაპირისპირებების მთელ სპექტრში, დუელი – შეტაკება- ბრძოლა-კამპანია- ომი – სამხედრო კონფლიქტი – კონფლიქტი, რომელთა შორის განსხვავება, ერთი შეხედვით, რაოდენობრივია, ომს თავისი, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შესაძლოა ვიდაოთ იმაზე, არის თუ არა დუელი ომი, მიუხედავად იმისა, რომ შეტაკებაც, ბრძოლაც და კამპანიაც, ანუ ომის ეს არსებითი შემადგენლები, ორთა დაპირისპირებას, ე.ი. თავისი შინაარსით, მაინც დუელს გულისხმობს, მაგრამ ის ვითარება, რომ , ზოგადად, სამხედრო დაპირისპირების აზრით სამხედრო კონფლიქტი და საერთოდაც კონფლიქტი – ომი არაა, სადავოს არ წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაოდ ზუსტად უნდა შევძლოთ ზღვარის გავლება ზოგადად დაპირისპირებასა და იმას შორის რაც ომია. მთავარია, ვიპოვოთ ის ნიშნები, რომლებიც მოვლენას ცალსახად ომად გადააქცევს. იმ ფაქტორებს შორის, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი დაპირისპირება ომად განვიხილოთ, ჩვეულებრივ, გამოყოფენ შემდეგს: მიზანმიმართული, შეიარაღებული (და შეუზღუდავი) ძალადობა ორგანიზებულობა ნება მასობრიობა ხანგრძლივობა სხვა სიტყვებით, ომად მიჩნეულია კარგად ორგანიზებული, ერთ ნებასა და მიზანს დამორჩილებული მასების კონფლიქტი, სადაც ერთი ორგანიზებული და შეიარაღებული მასა ცდილობს თავს მოახვიოს თავისი ნება მეორეს და რომელიც გარკვეული ხანგრძლივობისა და მოცულობის მქონე მიზანმიმართული ძალადობით ხასიათდება. ხოლო ვინაიდან მასის ნება სინამდვილეში პოლიტიკურ მიზანდასახულობად ფორმდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი არის პოლიტიკის გაგრძელება. თუ კი ომს ამდაგვარად დავინახავთ, შეგვიძლია აგრეთვე ვთქვათ ისიც, რომ ომს ადამიანთა პოლიტიკური გაერთიანებები აწარმოებს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა სახელმწიფო, ან სახელმწიფოთა ალიანსები, ანდა სხვა რომელიმე ორგანიზაციულად ჩამოყალიბებული სტრუქტურა. თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ომის პოლიტიკაზე ამდაგვარი მიბმა ასევე შეიცავს სირთულეებს და მოითხოვს, სულ ცოტა, თავად პოლიტიკის, როგორც ტერმინის დაზუსტებას. სად გადის ის ზღვარი, როდესაც შეიარაღებულ ადამიანთა ერთობლივ მიზანდასახულ მოქმედებას შეგვიძლია ვუწოდოთ პოლიტიკური ნების გამოვლენა და ამ მხრივ, განვასხვავოთ ის სხვა ძალადობრივი, მაგრამ არანაკლებ მიზანდასახული ქმედებებისგან? სამწუხაროდ, სტატიის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას ამ და ომის რაობასთან დაკავშირებული სხვა, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი, საკითხების განხილვისა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აღნიშნული საკითხები შეადგენს სამხედრო თეორიის (გნებავთ, სამხედრო ფილოსოფიის), მეცნიერების ამ მეტად საინტერესო დარგის, ძირითად შინაარსს. საკმარისია დავიმახსოვროთ, რომ სხვა მოვლენებისა და პროცესებისაგან განსხვავებით, ისინი ხასიათდებიან შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფების დაპირისპირებით, რის საშუალებითაც მავანნი თავიანთი მიზნების რეალიზაციას ფიქრობდნენ. სწორედ აქ (ამ განზომილებაში) უნდა ვეძიოთ ომის ბუნების გასაღები. აქედან, სხვათა შორის, გამოდის ისიც, რომ რაიმე ვითარების აღწერისას, თუ ეს აღწერა შეიარაღებულ ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფების დაპირისპირებას არ ეხება, სიტყვა ომის გამოყენება სათუოა. ზემოთ ისტორია ვახსენეთ. სამხედრო ცოდნის სისტემაში სამხედრო ისტორიას მართლაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არა მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ ნებისმიერი ისტორიის (და მათ შორის არც სამხედრო ისტორია უნდა იყოს გამონაკლისი) ცოდნა თავისთავად არის ღირებული, არამედ იმიტომაც, რომ ომების ისტორია თავს უყრის კაცობრიობის მიერ, მისი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე, დაგროვილი ბრძოლებისა და ომების პრაქტიკას. ცნობილია, რომ შეიარაღებული დაპირისპირებები და შეტაკებები უკვე პალეოლითიდან საკმაოდ ორგანიზებულ ხასიათს იძენს. ქვის უხეში იარაღებით შეიარაღებული ადამიანთა ჯგუფები ებრძვიან თავიანთ მსგავს არსებებს რომ მოიპოვონ (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) დამატებითი საკვები, გავლენის სივრცე და უცხოტომელი მდედრობითი სქესის ადამიანები. თავისი პრიმიტიული ხასიათის მიუხედავად, ამ ტიპის „ნადავლი“ საკმაოდ დიდხანს, ათასწლეულების განმავლობაში, იქნება ძირითადი სამხედრო მონაპოვარი. როგორც იერიხონისა და ანატოლიის ნაქალაქართა გათხრები აჩვენებს, ნეოლითის ადამიანს უკვე შეეძლო ორგანიზებული ომების წარმოება. ხოლო ფარაონ თუთმოს III ლაშქრობები მეგიდოსა (არმაგედონი) და კადეშის დასაკავებლად დასაბამს აძლევს არა მარტო ომების წარმოების ახალ ერას ისტორიაში, არამედ თავად ამ ისტორიის აღნუსხვას იწყებს. სხვათა შორის, მეგიდოს კამპანია (ძვ.წ.1479წ.), სწორედ ამ მიზეზით, ომების საკაცობრიო ისტორიის ათვლის წერტილადაა მიჩნეული. თუ კი კაცობრიობის ბოლო ომი, ბიბლიური თქმულების მიხედვით, არმაგედონში უნდა შედგეს, როგორც ჩანს, ომების ისტორია დასრულდება იქ, სადაც დაიწყო. თუმცა ბოლო ომთან ერთად, ალბათ, კაცობრიობაც შეწყვეტს არსებობას. ამაში უნდა იყოს რაღაც სიმბოლური. ის, რომ ომების ისტორია საომარი პრაქტიკის ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენს, ხოლო მისი ცოდნა არა მარტო ცნობისმოყვარეობის ჟინით შეპყრობილი გონების კაპრიზია, კარგად ჩანს იმ გარემოებიდანაც, რომ ისტორიამ არ იცის მეტ-ნაკლებად გამორჩეული სარდალი, რომელიც თავის წინამორბედთა ომებზე არ გაზრდილა. სწორედ ამიტომ, მისი ასეთი წმინდა პრაქტიკული დანიშნულების გამო, ომების ისტორიას, ხშირად, სამხედრო ხელოვნების ისტორიასაც უწოდებენ. სხვათა შორის, ამ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ყველაზე დრამატული, და მიმზიდველი მონაკვეთი ანტიკური ომების სახელითაა ცნობილი. რას ეყრდნობიან, როდესაც ამ თორმეტსაუკუნოვანი პერიოდის ცოდნაზე აცხადებენ პრეტენზიას? პირველი, ეს თავად ამ პერიოდის წერილობითი წყაროებია, რომელიც, მეტ-ნაკლები, წარმატებით დასტურდება თანამედროვე საისტორიო მეცნიერების მონაპოვრებით. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე გამოჩენილ მხედართმთავართა მემუარებს და კომენტარებს ცნობილი ბრძოლებისა თუ კამპანიების ანალიზისას. ცალკე აღნიშვნის ღირსია, აგრეთვე, ის სამხედრო თეორეტიკოსები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, თავად მოქმედი ან უკვე გადამდგარი სამხედროები, ძალას და ენერგიას არ იშურებდნენ, რომ ამოეცნოთ ომის პარადოქსალური ლოგიკა. ანტიკური ომები მათთვის იმ ექსპერიმენტს წარმოადგენდა, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ან უარეყო მათი თეორიული ნააზრევი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი კალმიდან გამოვიდა საკმაოდ სერიოზული და ფუნდამენტური კრიტიკა არა მარტო ანტიკურობის ეპოქის ომების, არამედ ომების საკაცობრიო ისტორიის საზოგადოდ. პირველი ჯგუფის ბერძენ და რომაელ მწერალთაგან აღსანიშნავია ჰეროდოტე (ძვ.წ.484-425წ.), თუკიდიდე (ძვ.წ.460-399წ.), ქსენოფონტი (ძვ.წ.426-354წ.), ენეას ტაქტიკოსი (ძვ.წ. IVს), პოლიბუსი (ძვ.წ.202-120წ.), უილიუს კეისარი (ძვ.წ.101-44წ.), სალუსტუს კრისპი (ძვ.წ.86-35წ.), პლუტარქე (46-120წ.) ტაციტი (55-120), არიანე (92-175), სექსტ იულიუს ფრონტინი (ჩვ,წ,I_IIსს.), აპოლოდორი (ჩვ,წ. II ს), კასიუს დიო (155-235წ.), ფლავიუს ვეგეციუსი (ჩვ,წ.IV ს-ის ბოლო მეოთხედი). მათი წყალობით ჩვენ საკმაოდ სრული წარმოდგენა გვაქვს არა მარტო ისტორიულ მოვლენათა განვითარებაზე, არამედ თავად საომარ მოქმედებათა მიმდინარეობაზე, ჯარების სახეობებსა და მათი დაკომპლექტების პრინციპებზე, მომარაგებასა და საბრძოლო სივრცის უზრუნველყოფაზე, შეიარაღებაზე, საბრძოლო წყობაზე, საზღვაო თუ სახმელეთო სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე, მთავარი კამპანიების სტრატეგიულ ჩანაფიქრზე, სტრატეგიული აზროვნების პარადიგმებზე ზოგადად და საბრძოლო სივრცის ექსპლუატაციაზე. ბერძნულ-სპარსული ომები (ძვ.წ.499-448წ.), პელოპონესის ომი (ძვ.წ.460-404წ.) , ალექსანდრეს ლაშქრობა აზიაში (ძვ.წ.336-323წ.), პუნიკური ომები (ძვ.წ.264-202წ.), სამოქალაქო ომები რომის იმპერიაში (ძვ.წ. 88-82 და 50-44 წ.წ.), გალიის ომები (ძვ.წ.58-51წ.), ომი პართელებთან (ძვ.წ.55-38წ.) და გერმანელთა ომები (ახალი ერის დასაწყისში) – აი იმ მოვლენათა არასრული ჩამონათვალი, რომლებმაც პრაქტიკულად განსაზღვრეს ისტორიული განვითარების ხაზი და ის რაც გვაქვს დღეს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დაიბადა მაშინ, როდესაც ამ მოვლენების სისხლიანი ისტორია იწერებოდა. მეორე ჯგუფის მწერალთაგან, ჩვენის აზრით, საყურადღებოა მაკიაველი (1469-1527), ნაპოლეონი (1769-1821), კლაუზევიცი (1780-1869), ჟომინი (1779-1869), არდანტ დუ პიკი (1821-1870), შლიფენი (1833-1913), და ფელდმარშალი მონტგომერი (1887-1976). მათი ხედვა, სამხედრო პრაქტიკა და ომის ნიუანსების ზედმიწევნით ფაქიზი ცოდნა მათ ნაწერებს განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს და ნებისმიერი კვალიფიციური მკითხველისათვის სამაგიდო წიგნებად აქცევს. რაც შეეხება მესამე ჯგუფის მწერლებს, ჰანს დელბრუკის (1848-1949) „სამხედრო ხელოვნების ისტორია“, ჯონ ფრედრიკ ჩარლზ ფულერის (1878-1966) „დასავლეთის სამყაროს სამხედრო ისტორია“ და სერ ბეიზილ ლიდელ ჰარტის (1895-1970) „სტრატეგია“ , საყოველთაო აღიარებით, სამხედრო ისტორიის კლასიკას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩამონათვალი არც სრული, და შესაძლოა, არც საუკეთესო იყოს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ნებისმიერი მათგანის ცოდნა საგანზე კვალიფიციური მსჯელობის სრულ შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ომის ფენომენის სრულად გასააზრებლად, ზოგადად, საჭიროა ვიცოდეთ იმ გეოსტრატეგიული გარემოს თავისებურებანი, რომელშიც ესა თუ ის საომარი მოქმედებები ვითარდება. სხვა სიტყვებით, უნდა ვფლობდეთ ცოდნას გეოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური რეალიების შესახებ. ასევე, სასურველია კონკრეტული დაპირისპირების პრეისტორიის ცოდნა. მეორეს მხრივ, ასეთივე აუცილებლობას წარმოადგენს ვიცოდეთ თუ რა შეიარაღებას ფლობდნენ დაპირისპირებული მხარეები, როგორ უდგებოდნენ ისინი ზოგადი სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებს, რა მიაჩნდათ ძირითად სამხედრო ამოცანად და რა გზებით ცდილობდნენ მის გადაჭრას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ქვეყნის სამხედრო მოწყობა, ჯარების დაკომპლექტებისა და უზრუნველყოფის საკითხები და როგორ უდგებოდნენ ისინი ქვეყნის საომარ მზადებას საერთოდ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების პოლიტიკური მოწყობის ხასიათს, ვინაიდან ეს უკანასკნელი განსაზღვრავს თავად საომარი მოქმედების ხასიათსაც. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ ფონს, რომელზედაც კონკრეტული საომარი კამპანიები და გადამწყვეტი ბრძოლები ვითარდებოდა. ამ უკანასკნელთა აღწერაც, რის გარეშე ვერ შევიქმნით სამხედრო ხელოვნების განვითარების სრულ სურათს, ზოგადად განსხვავდება ჩვეულებრივი თხრობისაგან და დამატებით გამოყენებული საბრძოლო სივრცისა და მანევრის დაწვრილებით აღწერას მოითხოვს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე მხედართმთავართა და პოლიტიკურ მოღვაწეთა ქმედებებს, მათ ხასიათსა და მისწრაფებებს, ყველაფერ იმას, რაც ომის სუბიექტურ მხარეს განსაზღვრავს. ცხადია, ყველა ეს თემა აქ ვერც მოხვდებოდა: ამას წიგნი (წიგნები) და სულ სხვა შრომა სჭირდება და რასაც, სავარაუდოდ, აუცილებლად გამოუჩნდება თავისი მკვლევარი. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე
-
ლიდელ ჰარტი სამხედრო სტრატეგიისა და დიდი სტრატეგიის შესახებ 15:47, 01.04.2019 სტატიაში „კლაუზევიცის დიდი ომის თეორია და „დიდი ომის ჩიხი“, რომელიც ამ ორიოდე კვირის წინ ამავე სივრცეში გამოქვეყნდა, ჩვენ შევეხეთ ლიდელ ჰარტის მიერ კლაუზევიცის კრიტიკას და ვწერდით, რომ მისი აზრით, კლაუზევიცი გადაჭარბებით აფასებდა სახმელეთო ძალების მნიშვნელობას და მან ბოლომდე ვერ ამოიცნო საზღვაო სტრატეგიის მნიშვნელობა კონტინენტალური დაპირისპირებისათვის. უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლდათ ერთადერთი თემა, რაც ლიდელ ჰარტს საკამათოდ მიაჩნდა. ერთ-ერთი ძირითადი, ამ მხრივ, თავად სტრატეგიის გააზრება იყო. კლაუზევიცი თავის ნაშრომში „ომის შესახებ“ სტრატეგიას განსაზღვრავს, როგორც „ომის მიზნებისათვის ბრძოლების გამოყენებას“. აქედან ის ასკვნის, რომ სტრატეგიამ სამხედრო მოქმედებებს ისეთი ამოცანები უნდა განუსაზღვროს, რომელიც ომის საზრისს შეესაბამება. ლიდელ ჰარტი თვლის, რომ ასეთ მიდგომას ორი ნაკლი გააჩნია: – ომის საზრისთან შესაბამისობის მოთხოვნა უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სფეროა და არა სამხედრო ხელმძღვანელობისა და მეორე – აღნიშნული განსაზღვრება ძალიან ვიწროა: გამოდის, რომ ბრძოლა წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. სხვათა შორის, ასეთი დასკვნის შესაძლებლობამ გააჩინა მოსაზრება, რომ ომი შესაძლოა დავიყვანოთ ერთ გადამწყვეტ ბრძოლამდე. თუცა, საქმე სხვაგვარადაა. ლიდელ ჰარტის აზრით, სტრატეგიასა და პოლიტიკას შორის სხვაობის გამოვლენას არანაირი აზრი არ ექნებოდა, ორივე ძალაუფლება რომ ერთი და იმავე ადამიანის ხელში ყოფილიყო თავმოყრილი: მაგალითად, ფრიდრიხ დიდი, ნაპოლეონი. დღეს ასეთი ვითარება თითქმის არ გვხვდება (შესაძლოა ჩრდილო კორეა, ბირმა, აფრიკის ან სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა). ძირითადად, ასეთი ქვეყნები XIX საუკუნეშივე გაუჩინარდნენ. თუმცა, როგორც ლიდელ ჰარტი აღნიშნავს, ამ გაუჩინარების შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა, ვინაიდან სამხედროებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ პოლიტიკა უნდა ექვემდებარებოდეს ომის წარმოების სამხედრო გეგმებს, ხოლო სამოქალაქო ლიდერებმა (განსაკუთრებით დემოკრატიულ საზოგადოებაში) დაიწყეს სამხედრო მოქმედებათა მსვლელობაში ჩარევა და იმ რესურსების განკარგვა, რომელიც მათი კომპეტენციის მიღმა იყო. ამ თვალთახედვიდან, სტრატეგიის მოლტკესეული განსაზღვრება ლიდელ ჰარტს ბევრად უფრო ადეკვატურად მიაჩნია, ვიდრე კლაუზევიცის: „იმ საშუალებათა პრაქტიკული გამოყენება, რომელიც სარდალს ეძლევა დასახული მიზნის განსახორციელებლად“. ამ განსაზღვრებიდან, ჰარტისთვის, რამოდენიმე საყურადღებო გარემოება გამომდინარეობს: მეორეს მხრივ, მთავრობა, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს, უფლებამოსილია ჩაერიოს კამპანიის სტრატეგიულ მართვაში. ეს მართვა კი გულისხმობს მხოლოდ შემდეგს: 1. მთავარსარდლის, რომელმაც მთავრობის ნდობა დაკარგა – შეცვლა; 2. ომის დინამიკიდან გამომდინარე, დასმული პოლიტიკური ამოცანის დაზუსტება ან შეცვლა. ლიდელ ჰარტის აზრით, ასეთი ჩარევა მრავალი მიზეზითაა განპირობებული: შესაძლოა მიჩნეულ იქნას, რომ სამხედრო მოქმედებებმა თავისი თავი ამოწურა და პოლიტიკური მიზნების მიღწევა ამ ეტაპზე სხვა მეთოდებით უფროა შესაძლებელი: მაგ. ეკონომიური წნეხით, ახალი კავშირებით და ა.შ. მათ შორის დაზავების პირობებზე მოლაპარაკების დაწყებით. სხვა სიტყვებით, მოწინააღმდეგის განადგურება სამხედრო გზით აუცილებლობას უკვე არ წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ჩარევა არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს მთავარსარდლის კომპეტენციაში ჩარევას, რაც ჯარების უშუალო მართვაში გამოიხატება. ამდაგვარ პოლიტიკას ლიდელ ჰარტი შეზღუდული პოლიტიკური მიზნების სტრატეგიას უწოდებს და შენიშნავს, რომ, საუკუნეთა განმავლობაში ის წარმოადგენდა ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის რეალურ შინაარსს. ხშირად, ამდაგვარი პოლიტიკის მოტივაცია იყო ძალთა თანაფარდობაში ცვლილების მოლოდინი, რასაც მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვის ხარჯზე აღწევდნენ. გამოფიტვა გულისხმობდა შესაძლებლობების დასუსტებას მცირე დივერსიფიცირებული დარტყმების ხარჯზე, ისე რომ საკუთარი მთავარი ძალები დარტყმის ქვეშ არ დაეყენებინათ. მეთოდები მრავალგვარია: დარტყმა მოწინააღმდეგის მომარაგების ბაზაზე; ცალკეული მცირე ჯგუფების ადგილზე განადგურება, ანდა ისეთი ზიანის მიყენება, რომ ეს ჯგუფები უმოქმედონი გახდნენ. მოწინააღმდეგის ჩათრევა ისეთ შეტევით მოქმედებაში, რომელიც მისთვის მოუხერხებელი და არაფრის მომტანია (წარმატების შემთხვევაშიც კი). ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც მოწინააღმდეგეს ძალების დაქსაქსვას აიძულებს. მოწინააღმდეგის მორალური და ფიზიკური ენერგიის ცვეთა. ყველაფერი ეს კარგად საზღვრავს იმ ჩარჩოს, რომლის შიგნით მთავარსარდალს მოქმედების თავისუფლება გააჩნია იმ თეატრის ფარგლებში, სადაც ის ჯარების მოქმედებას ხელმძღვანელობს. მაგალითად, თუ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს იმოქმედოს ფაბიანური სტრატეგიის ფარგლებში, მაშინ ერთი თეატრის შიგნით მთავარსარდლის ინიციატივით განხორციელებული წარმატებული ოპერაცია, შესაძლოა, უფრო ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე რეალური წარმატება საბოლოო პოლიტიკური მიზნის განხორციელების თვალსაზრისით. ისევე, როგორც, საბოლოო ჯამში, ტაქტიკა წარმოადგენს სტრატეგიის გამოყენებას უფრო დაბალ საფეხურზე, ასევე თავად სტრატეგია წარმოადგენს სამხედრო პოლიტიკის (დიდი სტრატეგიის) გამოყენებას უფრო დაბალ საფეხურზე. პრაქტიკულად, დიდი სტრატეგია ემთხვევა სამხედრო პოლიტიკას, რითაც ომის მსვლელობას ხელმძღვანელობენ. ხოლო ეს უკანასკნელი განსხვავდება ფუნდამენტური (სახელმწიფო) პოლიტიკისაგან, რომელიც სამხედრო პოლიტიკის მიზანს განსაზღვრავს. რაში მდგომარეობს დიდი სტრატეგიის დანიშნულება? – სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა ჯგუფის) ყველა რესურსი მიმართოს ომის პოლიტიკური მიზნების განხორციელებისაკენ და კოორდინაცია გაუკეთოს ამ რესურსის გამოყენებას. თავად მიზანს კი ფუნდამენტური პოლიტიკა განსაზღვრავს. შესაბამისად, დიდი სტრატეგია გულისხმობს რესურსების: გამოვლენას; მობილიზებას; განაწილებას; გამოყენების კოორდინაციას. გარდა ამისა, დიდი სტრატეგიის მნიშვნელოვანი სფეროა ომის შემდგომი მშვიდობის მოწყობა და შენარჩუნება. სტრატეგიის წარმატება, ლიდელ ჰარტისთვის, ძირითადად, დამოკიდებულია მიზნის და საშუალებების სწორი თანაფარდობის განსაზღვრაზე: ჭარბი საშუალებები შესაძლოა ისევე მავნე აღმოჩნდეს, როგორც მათი ნაკლებობა; სწორედ ამ საკითხში თეორიული ცოდნა პრაქტიკული რეალიზაციის სირთულეებს აწყდება. პრაქტიკული რეალიზაცია გახლავთ ის, რასაც ჩვენ მხედართმთავრის ხელოვნებას ვეძახით. ერთადერთი, რაც ომში გათვლას არ ექვემდებარება, ეს არის ადამიანის ნება გაწიოს წინააღმდეგობა .თუმცა, მოწინააღმდეგის ნების დაძლევა სტრატეგიის საქმე არ გახლავთ. ლიდელ ჰარტისთვის სტრატეგიამ უნდა სცადოს თავად წინააღმდეგობა გახადოს მინიმალური და ამაში ის ორ ფაქტორს შეიძლება დაეყრდნოს: მოძრაობა და მოულოდნელობა. ამ ორიდან პირველი განეკუთვნება მატერიალურ სფეროს, ხოლო მეორე – ფსიქოლოგიურს. თუმცა,ისინი განაპირობებენ ერთმანეთს: სწრაფი გადაადგილება ქმნის მოულოდნელობის ეფექტს; მოულოდნელობა, თავის მხრივ, იძლევა შემდგომი გადაადგილების სტიმულს. ლიდელ ჰარტის აზრით, სტრატეგია მით უფრო სრულყოფილია, რაც უფრო ნაკლებ ბრძოლას მოითხოვს. მაშინაც კი, როდესაც ომის მიზანი გენერალური ბრძოლის გამართვაა (კლაუზევიცი), სტრატეგიის დანიშნულებაა იმდაგვარი პირობების შექმნა, რომ ეს ბრძოლა მაქსიმალურად მომგებიან პირობებში წარიმართოს. მაგრამ რაც უფრო მომგებიანია პირობები, მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა თავად ბრძოლა. მაგალითები, რომლებითაც ლიდელ ჰარტი აპელირებს, შემდეგია:კეისარი ილერდასთან; კრომველი პრესტონთან; ნაპოლეონი ულმთან;მოლტკე სედანთან ;ალენბი სამარიაში .ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითად კი 1940 წელს სედანთან გუდერიანის გარღვევა მიაჩნია. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს არ აინტერესებს მოწინააღმდეგის განადგურება, ანუ როდესაც ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მიზანი მიღწეული იქნება, თუ კი მოწინააღმდეგეს განზრახვაზე ავაღებინებთ ხელს. სხვა სიტყვებით, სტრატეგიის მიზანია შევქმნათ მომგებიანი სტრატეგიული გარემო. უფრო ზუსტად, საფრთხე შევუქმნათ მოწინააღმდეგის მდგრადობას, რამაც შესაძლოა მისი ძალების რღვევა გამოიწვიოს. როგორაა ეს შესაძლებელი? ანუ როგორ ხორციელდება მოწინააღმდეგის მდგრადობის სტრატეგიული რღვევა? ფიზიკურ სიბრტყეში ეს წარმოადგენს იმ მოქმედებათა შედეგს, რომლებსაც მივყავართ: 1. მოწინააღმდეგის დისპოზიციის რღვევამდე, რის შედეგადაც ის იძულებულია მისთვის მოულოდნელად შეცვალოს ფრონტი, რასაც მისი ორგანიზაციული სტრუქტურის რღვევა მოყვება; 2. მოწინააღმდეგის ძალების დაქსაქსვამდე; 3.მომარაგების სისტემისათვის საფრთხის შექმნა; 4. იმ საკომუნიკაციო ხაზებისათვის საფრთხის შექმნა, რომლითაც მოწინააღმდეგეს შუძლია უკან დახევა და ხელახალი ზღუდის გამაგრება. ერთ-ერთი ამ ფაქტორის რეალიზაცია საკმარისია, რომ მოწინააღმდეგის მდგრადობა დაირღვეს. თუმცა, რეალობაში ეს ფაქტორები ერთმანეთზეა მიბმული და ერთ-ერთის რეალიზაცია ჯაჭვური რეაქციით იწყებს სხვათა ამოქმედებას. ლიდელ ჰარტი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებასაც, რომ თუ არმია საკუთარი რესურსების შევსებას ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე აწარმოებს (ასე ვთქვათ, მტრის ხარჯზე აწარმოებს ომს), ანდა ის მცირე ზომისაა, მაშინ მისი დამოკიდებულება ბაზებსა და კომუნიკაციებზე ნაკლებია ხოლო თუ საქმე დიდ და რთულ ორგანიზაციათან გვაქვს, მაშინ მისი მიბმა ბაზებსა და კომუნიკაციებზე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს,ეს კი ნიშნავს, რომ პირველ შემთხვევაში სტრატეგიული უპირატესობის მიღწევა უფრო რთულია. თუმცა აქაც არის საშუალება რომ უკანდასახევ გზებზე შევქმნათ საფრთხე და მოწინააღმდეგე „ადგილიდან დავძრათ“. ფსიქოლოგიურ სიბრტყეში მოწინააღმდეგის მდგრადობის რღვევა ლიდელ ჰარტისათვის წარმოადგენს ზემოჩამოთვლილი ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებას მოწინააღმდეგის სარდლობაზე. ფსიქოლოგიურ ეფექტს იმის გააზრება ქმნის, რომ მოულოდნელად მახეში აღმოვჩნდით. შედეგად, მას მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგის ზურგზე მიმართული მოქმედებების ეფექტი ძირითადად ფსიქოლოგიურია: მოწინააღმდეგე ტყდება, მაშინ, როდესაც პირდაპირ განხორციელებული შეტევის ფსიქოლოგიური ეფექტია წინააღმდეგობის ნების გაძლიერება. ლიდელ ჰარტს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, რაშიც ბოლომდე კლაუზევიცის ვერცერთი მიმდევარი ვერ გაერკვა, გახლავთ ის, რომ ომში ყველა მოვლენასა და ყველა პრინციპს მედალივით ორი მხარე აქვს. აქედან კი გამომდინარეობს ის, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აწონილ, კომპრომისულ გადაწყვეტილებას ენიჭება: ომი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის წარმოებს, და თითოეული, ცდილობს რა, დარტყმა მიაყენოს მეორეს, ამავდროულად ასევე უნდა ფიქრობდეს თავდაცვაზეც. მაშასადამე, საკუთარი დარტყმა ეფექტური რომ იყოს, მოწინააღმდეგეს მოულოდნელად უნდა შევუტიოთ. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ძალები გაფანტულია, ხოლო საკუთარი – კონცენტრირებული. მაგრამ, მოწინააღმდეგე მხოლოდ მაშინ მიმართავს საკუთარი ძალების დაქსაქსვას, როდესაც ამის საფუძველი გააჩნია (მაგ. დივერსიფიცირებული დარტყმების მოლოდინი). მაშასადამე მას ეს მოლოდინი უნდა გავუჩინოთ, ანუ საკუთარი ძალები დავქსაქსოთ. ამდენად, თუმცა ეს პარადოქსად ჟღერს, ძალების ჭეშმარიტი თავმოყრა მათი დაქსაქსვის შედეგია.შედეგად, ომის ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ თუ გინდა დაიკავო რაიმე ადგილი, წარმატების უზრუნველსაყოფად ერთდროული საფრთხე რამდენიმეს უნდა შეუქმნა. დებულება, რომ ძალების ჭეშმარიტი თავმოყრა მათი დაქსაქსვის შედეგია შეგვიძლია იმ ერთადერთ პრინციპად მივიჩნიოთ, რომელიც ომის მსვლელობის ლოგიკას უდევს საფუძვლად. თუმცა, მისი პრაქტიკული ამოქმედება გარკვეული სირთულის შემცველია და ის შემდეგი ნაბიჯების განხორციელებას გულისხმობს:საკუთარი ძალების დაქსაქსვა; მოწინააღმდეგის ძალების დაქსაქსვა და საკუთარი ძალების თავმოყრა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სხვა დებულება, რომელიც პრინციპად შეგვიძლია განვიხილოთ, ამ ალგორითმიდან მომდინარეობს. ჰარტი თვლის, რომ ასეთი სულ რვა დებულებაა . აქედან ექვს შეგვიძლია დადებითი პრინციპები ვუწოდოთ, ხოლო ორს – უარყოფითი. პოზიტიური პრინციპები: მიზანი ყოველთვის საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე აირჩიე. როგორადაც არ უნდა იცვლებოდეს ვითარება და შესაბამისად, როგორადაც არ უნდა ხდებოდეს თავდაპირველი გეგმის დაზუსტება, არასოდეს შეცვალო თავდაპირველი მიზანი. საკუთარი მოქმედებებისთვის ისეთი გეზი შეარჩიე, საიდანაც შენს ამოქმედებას ყველაზე ნაკლებად ელიან. იმოქმედე უმცირესი წინააღმდეგობის ხაზებზე. მიმართულების არჩევისას იპოვე ისეთი, საიდანაც მოწინააღმდეგის რამოდენიმე ობიექტი ერთდროული დარტყმის ქვეშ ექცევა. უზრუნველყავი თავდაპირველი გეგმისა და ჯარების თავდაპირველი განლაგების მოქნილობა. ნეგატიური პრინციპები: არასოდეს შეუტიო მოწინააღმდეგეს სრული ძალებით, თუ მას თავდაცვის საშუალება გააჩნია (ანუ, სანამ მისი თავდაცვის უნარი პარალიზებული არ არის). არასოდეს განაახლო შეტევა მიმართულებაზე, თუ მანამდე ამ მიმართულებით შეტევამ მარცხი უკვე განიცადა. ამ ორი ჯგუფის პრინციპებთან ერთად აუცილებელია მხედველობაში გვქონდეს ის ორი ამოცანაც, რომელიც აუცილებლადაა გადასაჭრელი: 1.როგორ დავაკარგინოთ მოწინააღმდეგეს წონასწორობა? 2.როგორ განვავითაროთ წარმატება? პირველი ამოცანა დარტყმის მიყენებამდე უნდა გადავჭრათ, ხოლო მეორე – უშუალოდ დარტყმის შემდეგ. ამ ამოცანების გადაჭრასთან შედარებით საკუთრივ დარტყმის მიყენება არ წარმოადგენს სირთულეს. ლიდელ ჰარტის აზრით, როდესაც ომის მიზანზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ განსახვავება, რომელიც არსებობს პოლიტიკურ მიზანსა და სამხედრო მიზანს შორის. სამხედრო მიზანი პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალებაა მხოლოდ და ამიტომ, ის მთლიანად პოლიტიკური მიზნით უნდა განისაზღვროს. ერთადერთი, რაც სამხედრო ხელმძღვანელს მოეთხოვება არის ის, რომ შეუსრულებელი სამხედრო მიზანი არ დაისახოს. ზოგადად, ომის მიზანი – ეს არის ისეთი მშვიდობის მიღწევა, რომელიც უკეთესია (მომგებიანია, თუნდაც ჩვენი თვალსაზრისით) ომისწინა ვითარებასთან შედარებით. ამის გამო, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ როგორი მშვიდობა გვინდა. ისტორია გვაჩვენებს, რომ ბრძოლაში, ანდა თუნდაც ომში გამარჯვება თავისთავად არ გულისხმობს პოლიტიკური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სხვათა შორის, მიაჩნდათ, რომ ომის ნამდვილი მიზანი არის ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განადგურება (კლაუზევიცი). აღნიშნული დებულება მიჩნეული იყო სამხედრო დოქტრინის საფუძვლად. ლიდელ ჰარტი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უკვე პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა ბზარი შეიტანა კლაუზევიცის სისტემაში. პირველ რიგში, ეს ეხებოდა სახმელეთო ოპერაციების ხასიათს. ვერც ერთმა სახმელეთო ოპერაციამ ვერ უზრუნველყო საბოლოო წარმატება და რეალურად, ომი ჩიხში შეიყვანა. ის, რომ გერმანია დამარცხდა, ამის მიზეზი არა მისი სამხედრო პოტენციალის განადგურება იყო ხმელეთზე, არამედ ის უკმარობა მარაგებისა, რომელიც საზღვაო ბლოკადამ გამოიწვია. მეტიც, გამარჯვებულთა ძალებიც იმდენად იყო გამოფიტული, რომ მათ ვერ შეინარჩუნეს ომის შემდგომ თავიანთი წარმატება. ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო თეორიის ხელახალი გადააზრება. ამავე დასკვნისაკენ ლიდელ ჰარტს სხვა ფაქტორებიც უბიძგებდა: როლი, რომელიც საზღვაო ძალებმა შეასრულეს მოწინააღმდეგის განადგურების საქმეში, თანაც ისე, რომ არც ერთი დიდი საზღვაო ბრძოლა არ გაუმართავთ. საჰაერო ძალების განვითარებამ შესაძლებელი გახადა მოწინააღმდეგის პოლიტიკური და ეკონომიური ცენტრების განადგურება ისე, რომ აღარ იყო საჭირო მისი ძირითადი ძალების ბრძოლის ველზე განადგურება. ჯარების მექანიზაციამ გაზარდა მოწინააღმდეგის მთავარი ძალების განადგურების შანსი მსხვილი ბრძოლების გარეშე. თუ ავიაციას შეუძლია განახორციელოს პირდაპირი დარტყმა ირიბი ხასიათის მოქმედებით (გადააფრინდეს მოწინააღმდეგეს), იგივე შეუძლია განახორციელოს მექანიზირებულ არმიას ხმელეთზეც (შემოუაროს მოწინააღმდეგეს). თუმცა, ავიაციისგან განსხვავებით, მას ასევე შეუძლია გამაგრდეს დაკავებულ ტერიტორიაზე. ავიაციამ და ტანკმა ერთობლივად დრამატულად გაზარდეს სამოქალაქო ობიექტებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. ასევე დრამატულად გაიზარდა ზემოქმედების მანძილიც. ამან შესაძლებელი გახადა მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების პარალიზება მის მნიშვნელოვან ცენტრებზე ზემოქმედებით. განსაკუთრებულია ავიაციის ზემოქმედების ეფექტი: ის შოკში აგდებს სამოქალაქო მოსახლეობას. ამ უპირატესობათა ჯამურმა ეფექტმა შექმნა ყველა პირობა იმისათვის, რომ სტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ლიდელ ჰარტი ფიქრობს, რომ, საბოლოოდ, ბრძოლა სტრატეგიული მანევრის დამამთავრებელ ფაზად გარდაიქმნება და თავის თავდაპირველ მნიშვნელობას დაკარგავს. ჰარტისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის შედეგებიც: როდესაც ომი დაიწყო, ახალშექმნილმა მცირერიცხოვანმა მექანიზირებულმა ძალებმა აჩვენა, რომ მათ განსაკუთრებული ეფექტის მოხდენა შეუძლიათ, თუ კი მათი გამოყენება გამიზნულია სიღრმეში განლაგებული სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ. ამის მაგალითებია პოლონეთი, რომელიც რამოდენიმე კვირაში დაეცა ექვსი სატანკო დივიზიის შეტევის შედეგად; საფრანგეთისთვის საკმარისი აღმოჩნდა ათი სატანკო დივიზია; მთელი დასავლეთ ევროპის აღებას ერთი თვე დაჭირდა ისე, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლები თითქმის არ გამართულა. იგივე ხდება, სხვათა შორის, ბალკანეთში 1991 წელს, როდესაც წარმატება მიღწეულ იქნა არსებითად ბრძოლების გაუმართავად. მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთი (თუმცა, ნეგატიური) გაკვეთილი ლიდელ ჰარტისთვის ე.წ. სტრატეგიული დაბომბვის შედეგებია: რას ელოდნენ? – ეკონომიკის კოლაფსს და დემორალიზაციას. შედეგად კი მიიღეს უმნიშვნელო ეფექტი სამხედრო მოქმედებებზე, წინააღმდეგობის ნების განმტკიცება და ომის შემდგომ დანგრეულის რეაბილიტაციაზე რესურსის მნიშვნელოვანი ხარჯვა. ლიდელ ჰარტს მიაჩნდა, რომ ის იყო პირველი იმათ შორის, ვინც 1914-1918 წლების ომის შემდეგ, სცადა თავი დაეღწია კლაუზევიცის მემკვიდრეობისათვის. თავისი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით მან შეაჯამა 1925 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „პარიზი, ანუ ომის მომავალი“. წიგნი იწყება იმ სამხედრო მოქმედებათა კრიტიკით, რითაც დაპირისპირებული მხარეები ცდილობდნენ მიეღწიათ თავისი მიზნისათვის: ბრძოლის ველზე გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალები. წიგნში ნაჩვენებია, რომ ამ სწრაფვაში ორივე მხარემ ისე გამოფიტა ერთმანეთი, რომ რეალური შედეგისათვის არც მიუღწევია. ამის შემდეგ წიგნში ნაჩვენებია მორალური მიზნების უპირატესობა. კერძოდ: 1. როგორ შეუძლიათ სატანკო არმიებს დაარტყან მოწინააღმდეგის „აქილევსის ქუსლს“: მსხვილ შტაბებსა და კავშირგაბმულობის ცენტრებს, რომლებიც არმიის ნერვიულ სისტემას ქმნიან. 2. როგორ შეუძლია ავიაციას დამოუკიდებლად მიაყენოს დარტყმა სახელმწიფოს ნერვიულ სისტემას: მსხვილ სამოქალაქო-სამრეწველო ცენტრებსა და ინფრასტრუქტურას. ამ წიგნის გამოსვლიდან ორ წელიწადში, 1927 წელს, გენერალური შტაბის მითითებით წიგნი სახელმძღვანელოდ გამოიყენეს პირველი მექანიზირებული ნაწილების ოფიცრებისათვის. ასევე მოიქცა საჰაერო ძალების შტაბიც, რომლის ხედვა მაშინ წიგნში გამოთქმულ მოსაზრებებს ემთხვეოდა. თუმცა, ლიდელ ჰარტს მიაჩნია, რომ ავიაციასთან დაკავშირებით წიგნში გამოთქმული მოსაზრებები იყო მცდარი: 1925 წელს ის თვლიდა, რომ მსხვილი სამოქალაქო-სამრეწველო ცენტრებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას შეეძლო დაეჩქარებინა ომის დამთავრება. 1929 წლისთვის მას უკვე უყალიბდება აზრი, რომ ამგვარმა მოქმედებამ შესაძლოა ახალი ტიპის გაჭიანურებული ომი გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი შეხედულება საჯარო გახადა, მისი თავდაპირველი მიდგომა უფრო მისაღები აღმოჩნდა სამხედრო სარდლობისთვის. შედეგად მივიღეთ ის უაზრო მსხვერპლი, რომელიც სტრატეგიულ დაბომბვებს მოყვა მეორე მსოფლიო ომში. ომის შემდეგ ლიდელ ჰარტს უჩნდება აზრი, რომ ისევ მოვიდა დრო გადაიხედოს თეორია და კიდევ ერთხელ დაზუსტდეს ისეთი ცნებები, როგორიცაა ომის სამხედრო მიზანი. ის მიდის აზრამდე, რომ ბრძოლა, როგორც ასეთი, საერთოდ უნდა ამოვარდეს სტრატეგიის ლექსიკონიდან და ის სტრატეგიულმა ოპერაციამ უნდა შეცვალოს. თუმცა, მალევე, ცივმა ომმა ახალი რეალობა გააჩინა, რამაც მთლიანად შეცვალა XX საუკუნის მეორე ნახევრის სტრატეგიული გარემო: გლობალურმა დაპირისპირებამ გლობალური სტრატეგია მოითხოვა. შედეგად, ლიდელ ჰარტისეულ იერარქიაში სახელმწიფოს ფუნდამენტური პოლიტიკა – დიდი სტრატეგია – სამხედრო სტრატეგია ტერმინები შეიცვალა და მივიღეთ ალიანსის (ფუნდამენტური) პოლიტიკა – გლობალური სტრატეგია – ალიანსის სამხედრო სტრატეგია. მაგრამ ეს სულ სხვა თხრობის თემაა. ავტორი – დავით თევზაძე დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას
-
ის, რომ ქართული სინამდვილე, ქართული საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, გარკვეული აზრით, პრობლემატურია, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ქართულ სახელმწიფოს, მის ხელთ არსებული შეიარაღებული ძალებით, არ შეუძლია უზრუნველყოს მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი წინააღმდეგობა რომ დაიცვას მოსახლეობა და ტერიტორია . პრობლემას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და ის შეიძლება ორ ქვეპრობლემად დაიყოს: სტრატეგიული და დოქტრინული. პირველი პრობლემის თავი და თავი, უსაფრთხოების რელევანტური, კონცეპტუალურად დაბალანსებული სტრატეგიის არარსებობაა (ბოლო წლებში პრეზენტირებული სტრატეგიული ხედვების სიმრავლის მიუხედავად ). სტანდარტული პროცედურა, რომელიც, რიგ შემთხვევებში, წარმატებით გამოიყენება (ე.წ. აშშ არმიის სამხედრო კოლეჯის მეთოდოლოგია), შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრას გულისხმობს: ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობით ვსაზღვრავთ ეროვნულ ინტერესებს (ეს არ გახლავთ ერთსვლიანი პროცედურა და შუალედურ რგოლად აუცილებლად მოითხოვს ეროვნული მიზნების განსაზღვრას) ვახდენთ გარემოს სტრატეგიულ შეფასებას; ვირჩევთ ეროვნულ (სახელმწიფო) პოლიტიკას; ვაყალიბებთ უსაფრთხოების (სახელმწიფო) სტრატეგიას (პოლიტიკის უსაფრთხო რეალიზაციის სქემას); ვსაზღვრავთ ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას (როგორც შერჩეული პოლიტიკის ეფექტური მხარდაჭერის ინსტრუმენტს); ვაფასებთ რისკებს, რის შემდეგ, შესაძლოა, პროცესის გამეორება დაგვჭირდეს ეს გახლავთ ერთგვარი ალგორითმი, რომლის თითოეული ნაბიჯი სახელმწიფოში ინსტიტუციურად გამყარებულია ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების სახით. ასე მაგალითად, ეროვნული ღირებულებების სისტემა კონსტიტუციაშია (უნდა იყოს) წარმოდგენილი და ამ მხრივ ინტერპრეტაციის საშუალებას არც ერთ ინდივიდუმს და არც ერთ ინსტიტუტს არ უტოვებს. გარდა ამისა, მოცემული პროცედურა, ასევე, რამოდენიმე ცნების საკმაოდ სპეციფიკურ გაგებას ეყრდნობა. მაგალითად, მოცემულ კონტექსტში სტრატეგია გააზრებულია როგორც სახელმწიფოს მიერ მის პოლიტიკურ მიზანდასახულობათა მისაღწევად სახელმწიფოს ძალის ინსტრუმენტების (პოლიტიკურ-დიპლომატიური, ეკონომიკური, სამხედრო და ინფორმაციული) კოორდინირებული გამოყენება. სტრატეგიის ამდაგვარი გაგება, საშუალებას გვაძლევს გამოვკვეთოთ მისი საყრდენი წერტილები: მიზანი, (ძალის) ინსტრუმენტები, რესურსი. ასე რომ, სტრატეგია ერთგვარი სამფეხაა, რომელიც ამ საყრდენებზე დგას. ლიტერატურაში ხშირად სტრატეგიას სწორედ ასე ასურათებენ – როგორც სამფეხა სკამს, რომელიც სამ თანაბარ ფეხს ეყრდნობა. ამით იმის თქმა უნდათ, რომ სამივე ნახსენები კომპონენტი თანაბარი მნიშვნელობისა და ძალის მქონეა. რას წარმოადგენს თითოეული კომპონენტი? ძალიან რომ არ გავართულოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გახლავთ პასუხები სამ, შედარებით მარტივ, კითხვაზე: რა გვინდა რომ გვქონდეს? (მიზანი) რა გზით არის შესაძლებელი მიზნის განხორციელება? (ინსტრუმენტი) რა გაგვაჩნია, რომ განვახორციელოთ მიზანი? (რესურსი) სხვათა შორის, სახელმწიფო ინტერესი, რომელსაც ხშირად სახელმწიფოს მიზანთან შეცდომით აიგივებენ, წარმოადგენს პასუხს კითხვაზე თუ რა მსურს, რომ საერთაშორისო გარემოდ მქონდეს, რომ მიზნის რეალიზაცია შევძლო? და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება, რომელიც მოცემულ სქემაში ფიგურირებს, გახლავთ რისკი. შემუშავებული სტრატეგია რისკ-ფაქტორით ფასდება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს არა რაიმე გარედან დამიზნებულ საფრთხეს, არამედ ზომას, რომლითაც სტრატეგიის კომპონენტთა დაბალანსების ხარისხი იზომება. თუ კი ჩვენს სამფეხას დავუბრუნდებით, ეს ის შემთხვევა იქნება, როდესაც სამფეხა არათანაბარ „ფეხებზე“ დგას. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც რომელიმე „ფეხის“ სიგრძე, ასე ვთქვათ, ნაკლებია დანარჩენებზე. კუთხე, რომლითაც ამ დროს სამფეხა არის დახრილი, არის აღნიშნული რისკის ზომა. ზოგჯერ რისკ-ფაქტორი იმდაგვარია (ანუ „სამფეხა“ ისეთნაირად არის დახრილი), რომ გაცხადებული მიზნების გადასინჯვას მოითხოვს: მეტად ამბიციური მიზანი, რომელიც რესურსით ან საშუალებებით არ არის გამყარებული, ნაკლებ ამბიციური და მიღწევადი მიზნით იცვლება. განვიხილოთ ეს ვითარება მაგალითზე: დავუშვათ, რომელიმე სახელმწიფოს ძირითად მიზნად შეირჩა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მაშინ, პირველ რიგში, უნდა ინახოს სახელმწიფოს ძალის რა ინსტრუმენტები გააჩნია მას ამ მიზნის სარეალიზაციოდ? თუ ეს არის არშემდგარი სამხედრო ძალა, სუსტი დიპლომატიური კორპუსი, რომელიც ამავდროულად, დეზორიენტირებულია საკითხის მოგვარების ერთიანი სახელმწიფო ხედვის არარსებობით და, ასევე, სუსტი ინფორმაციული უზრუნველყოფით, მაშინ, ცხადია, რა სიტყვებიც არ უნდა დავხარჯოთ სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას, მიზანი განუხორციელებელი დარჩება. თუ, ამავე დროს, მიზნის სარეალიზაციოდ არანაირი ხელშესახები რესურსიც არ არსებობს, ე.წ. „სტრატეგიული სამფეხა“ „ამოგვიყირავდება“: რისკი, რომ შერჩეული სტრატეგია ჩავარდეს, საკმაოდ მაღალია. ხოლო იმედგაცრუების ემოციური ტალღა, რომელიც ამ ჩავარდნამ შესაძლოა გამიწვიოს, შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ აღნიშნული მიზანი საერთოდ ამოვარდეს ქვეყნის პოლიტიკური ცნობიერებიდან. ეს რომ არ მოხდეს, როგორცა ჩანს, მიზნად, ამ შემთხვევაში, ნაკლებად ამბიციური, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა განისაზღვროს: მაგალითად, როგორ შეიქმნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის აუცილებელი რესურსი? ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, პირველ რიგში, იმის ზუსტად განსაზღვრას თუ რა არის ეს რესურსი? ახალი მიზანი ისევ, იმავე საფეხურებით, რისკ-ფაქტორამდე უნდა მივიდეს და ხელახალი „დაყირავებული“ სამფეხას შემთხვევაში, პროცესი ისევ თავიდან უნდა დაიწყოს. მაგალითი, რომელიც, შესაძლოა, ცუდათაა შერჩეული, იმ აზრით, რომ არასწორი ინტერპრეტაციის ობიექტად იქცეს, შეგნებულად ავირჩიეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა თუ რა სირთულეები იმალება, ერთი შეხედვით, მარტივი და ცხადი ფრაზების უკან, როგორც კი ისინი პოლიტიკურ კონტექსტში ინაცვლებენ და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის სლოგანად იქცევიან. ჩვენს, ქართულ სინამდვილეს რომ დავუბრუნდეთ, აქ პრობლემა იმითაცაა დამძიმებული, რომ ეროვნული ღირებულებების სისტემა ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობის ასპარეზია. ის, რაც კონსტიტუციურად არის ინსტიტუციონალიზებული, სახელმწიფოს მიზნების ფორმულირებისთვის მყარ ორიენტირს არ იძლევა. სხვა სიტყვებით, ჩვენ არ გაგვაჩნია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა იარსებოს ქართულმა სახელმწიფომ? მართალია, ეს კითხვა მკრეხელურად ჟღერს, მაგრამ თუ მასზე რეალური პასუხი არ მოიძებნა იმ ღირებულებათა ჩამონათვალის სახით, რომელიც სპეციფიკურად ქართულია, თავად ქართული სახელმწიფოს, როგორც ამ ღირებულებათა რეალიზაციის მექანიზმის არსებობა, აზრს კარგავს. დემოკრატია, კეთილდღეობა, პიროვნული თავისუფლებები, და სხვ. ზოგადად, ის ღირებულებებია, რომელთა უზრუნველყოფა დღევანდელი საერთაშორისო თანამეგობრობის სისტემის წევრად აღიარებისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთგვარი პასპორტია. მათი რეალიზაციის გაცხადებით ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სისტემაში მყოფ სხვა სუბიექტებთან ერთად დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ. მაგრამ რატომ უნდა იყოს ეს საზოგადოება სპეციფიკურად ქართული, სამწუხაროდ, არ ჩანს. თუ ჩვენ, გარდა აღნიშნულისა, სხვა არც ერთი ღირებულება არ გვაქვს, რის გამოც ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებას ვცდილობთ, მაშინ მართლაც სულერთი უნდა იყოს რა ენაზე ვილაპარაკებთ, რომელ ეკლესიაში ვილოცებთ და საერთოდაც, რა ერქმევა ქვეყანას. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიზნები მხოლოდ მოჩვენებითია, ანუ უსაფრთხოების სტრატეგიული ტრიადიდან პირველი, ძირითადი ელემენტი, უბრალოდ ამოვარდნილია. თუ ამას დავუმატებთ რაც ზემოთ მოტანილ მაგალითში სახელმწიფოს ძალის ინსტრუმენტებთან და რესურსთან დაკავშირებით ვთქვით, ვნახავთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების რეალური რისკ-ფაქტორი სტრატეგიის სამივე შესაძლო კომპონენტის დაბალანსების შეუძლებლობაშია (ვინაიდან შეუძლებელია დააბალანსო ის, რაც არ არსებობს) და არანაირად იმ საფრთხეებში, რასაც ჩვენი სტრატეგიული გარემო ბუნებრივად გვთავაზობს. ამ შეუძლებლობის შედეგია ისიც, რომ რეალურად უსაფრთხოების არანაირი სტრატეგია არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, გაცხადებული მაინც. სხვა სიტყვებით, ქართული სტრატეგიული „სამფეხა“ ჰაერში კიდია. არანაკლებ მნიშვნელოვანია დოქტრინის პრობლემა: რა დოქტრინით უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენი არმია, რომ შემდეგი სამხედრო დაპირისპირების მოგერიება შევძლოთ? აქაც რამოდენიმე უხერხულ კითხვას ვაწყდებით: დავიწყოთ იმით, რომ შიდა და გარე სამხედრო მუქარებისგან დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამხედრო უსაფრთხოების ძირითად შინაარსს. ხოლო ღონისძიებანი, რომლებიც ამ შინაარსის რეალიზაციას უზრუნველყოფს, წარმოადგენს ქვეყნის ომისათვის მზადების პროცესს. ქვეყანა ომისათვის ემზადება მაშინაც, როდესაც არანაირ ომს არ გეგმავს და მაშინაც, როდესაც არავინა არ გეგმავს მასთან ომს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რისთვის არსებობს ზოგადად არმიები? ეს კი, ჩვენ შემთხვევაში, ნიშნავ იმას, რომ თუ კი საქართველო მომავალი ომისათვის არ ემზადება, მაშინ რატომ ვინახავთ ქართულ არმიას? ამ კითხვას, რომელიც სრულებითაც არ არის მარტივი, გააზრებული პასუხი რომ გავცეთ, ჯერ მკაფიოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ პრობლემაზე, რომელიც, ერთი შეხედვით, ზედაპირზე არც ჩანს: ზოგადად, რა სახის ომების წარმოება შეუძლია დღევანდელ არმიებს? საქმე იმაშია, რომ დღევანდელი არმიები, ძირითადად, მხოლოდ მეორე და მესამე თაობის ომებისთვის არის მზად. სხვადასხვა ტექნოლოგიური უპირატესობანი, რომელიც ამა თუ იმ არმიას სხვის მიმართ გააჩნია, იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ ცვლის ომის ხასიათს. თანაც, ის არმიები, რომლებსაც შეუძლიათ მესამე თაობის ომი აწარმოონ და მოწინააღმდეგე ამ გზით დათრგუნონ, თითზეა ჩამოსათვლელი. ის, რომ არმიების გამოყენება დღეს, მეტწილად, ლოკალურ კონფლიქტებში, არასპეციფიკური დანიშნულებით ხდება, ამ სურათს მთლიანობაში არ ცვლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული არმიის მზადებაც, რამენაირად, ამ ყალიბში უნდა მოექცეს. მზადების სხვა მეთოდოლოგია, უბრალოდ, არ არსებობს. აი აქ კი ჩნდება სერიოზული კითხვა: რომელ მოწინააღმდეგესთან შეუძლია ქართულ არმიას მიაღწიოს წარმატებას, თუ კი ის მეორე ან მესამე თაობის ომში ჩაება? ეს კითხვა რამოდენიმე ქვეკითხვად იშლება: ვისთან არის შესაძლო ამ ტიპის კონფლიქტი? რა გეოგრაფიული არეებია სავარაუდო კონფლიქტის ზონა? რა შეიარაღებული ძალებია(ხარისხი, რაოდენობა) წარმატებისათვის საჭირო? როგორი იქნება მოსახლეობის დაძაბვის ხარისხი მომავალ ომში? ის, რაც უახლესმა ისტორიამ და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა გვაჩვენა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაწილობრივი პასუხი პირველ კითხვაზე გაგვაჩნია. თუმცა ეს, თავის მხრივ, დამატებით კიდევ ერთ, არანაკლებ მნიშვნელოვან, კითხვას აჩენს: პასუხები, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მაინც, ბუნდოვანია, ვინაიდან ასეთი პასუხები სერიოზული კვლევითი სამუშაოს ჩატარებას გულისხმობს. დღევანდელი ვითარებით, არმია და შესაბამისად, სახელმწიფო, ყველა შემთხვევაში განიცდის კოლაფსს. განსაკუთრებით კი, თუ ის მეოთხე თაობის ომში აღმოჩნდა ჩათრეული. ეს კი, თავის მხრივ ნიშნავს, რომ დღევანდელი ვითარებით, ქართული შეიარაღებული ძალები, შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ როგორც საერთაშორისო ძალების შიგნით მოქმედი ქვედანაყოფი და მათი გამოყენებით სახელმწიფოს მართლაც შეუძლია გარკვეული საგარეო-პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. ამ ასპექტს აძლიერებს ქართული არმიის პროფესიონალიზაციის ტენდენციაც, რომელიც, ბოლო წლებში, ნელ-ნელა გამოიკვეთა: პროფესიული არმიები, თავიანთი ბუნებით, ძირითადად, საექსპედიციო ძალებია. ჩვენი შეიარაღებული ძალების ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის კონცეფციაც, ზოგადად, ამაზეა ორიენტირებული. ბუნებრივია, დოქტრინა, რომელიც ამდაგვარი არმიის მზადებას უზრუნველყოფს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოდ არ ვარგა (თუ კი, რა თქმა უნდა, ეს მთლიანობა, საბოლოოდ, საგარეო ფაქტორებზე არ არის მიბმული). მაგრამ, ამ შემთხვევაში, დოკუმენტები, რომელიც არმიის მშენებლობის ოფიციალურ დოკუმენტებადაა წარმოდგენილი და სადაც აღწერილია თუ რა ვითარებაში როგორ დაიცავს არმია მოსახლეობასა და ტერიტორიას, უბრალოდ არაადეკვატურია. ერთი შეხედვით, ჩიხში ვართ. იმ ფონზე, როდესაც ამიერკავკასიაში არსებული, ჩვენს გარდა, ოთხი პოლიტიკური მოთამაშიდან ერთი, თავისი მისწრაფებებით და ამბიციებით, ზესახელმწიფოს სტატუსის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის, მეორე -რეგიონში ყველაზე წარმატებულ შეიარაღებულ ძალებს ფლობს, ხოლო დანარჩენმა ორმა წარმატებით გაართვა თავი სამხედრო მშენებლობას, ისე ჩანს, რომ ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა სხვის კეთილ სურვილზეა დამოკიდებული. ეს არც თუ მთლად სახარბიელო პერსპექტივაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში კეთილი ნება, ხშირად, ცვალებადი პარამეტრია. როგორ უნდა გავართვათ თავი ამ დილემას? როგორ ვიმოქმედოთ, რომ სხვის კეთილ ნებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, თუ ერთ დღეს თავი მტრულ გარემოცვაში ვიგრძენით? თუ მეოთხე თაობის ომების სავარაუდო დახასიათებას გავიხსენებთ, როგორცა ჩანს, ერთგვარი გამოსავალი იქნებოდა რომ შესაძლებელია მეოთხე თაობის ომების საწარმოებლად სერიოზულად ვემზადოთ: მეოთხე თაობის ომების სივრცე ხომ პრაქტიკულად ათანაბრებს ძლიერი-სუსტის დისბალანსს. მაგრამ ამ შემთხვევაში, ბევრ დოგმაზე უარის თქმა მოგვიწევს. მათ შორის და პირველ რიგში, სამხედრო მშენებლობის კუთხით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევინარჩუნოთ პროფესიული კონტინგენტი როგორს სიმბოლო, ან იგივე საგარეო მოხმარებისათვის, მაგრამ მაშინ დაგვჭირდება მეორე დოქტრინაც, სახელმძღვანელო, რომელიც საკუთარი თავის დაცვას შეგვაძლებინებს. როგორ იქნებიან ამ სისტემაში ინკორპორირებული ჩვენი პროფესიონალები, ერთ-ერთი რთული საკითხია გადასაწყვეტად. თუმცა ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი პერიოდის რეჟიმში გადასაყვანი სტრატეგია, ვინაიდან ცვალებად სამყაროში ბევრი რამ არის შესაძლებელი. შესაძლებელია ისიც, რომ სანამ ქვეყანაში მეოთხე თაობის სრულ პოტენციალს შევქმნით, საბრძოლო სივრცე მეხუთე თაობის კომბატანტთა ასპარეზად იქცეს და ჩვენ ისევ აუტსაიდერთა რიგებში აღმოვჩნდეთ. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს? კითხვა დასმულია და იმედია, ვინმე პასუხზეც დაფიქრდება. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე
-
- მოსაზრებები
- საქართველოს
-
(and 4 more)
Tagged with:
-
მერაბ მამარდაშვილი ერთმორწმუნე მტრის შესახებ მერაბ მამარდაშვილი, 1990 ქართულმა ხასითმა, ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი მოხაზულობა, ეს დაიკარგა უკვე რუსეთთან უთიერთობაში XIX საუკუნეში, დაიკარგა ჩვენი ეკლესიის და რელიგიის დონეზე. იმდენი ჩვენ არ გვავნო მაჰმადიანობამ, ან მუსულმანურმა სამყარომ, არაბებმა ან მონღოლებმა, ან სპარსელებმა, ან თურქებმა, რომლებიც ყოველთვის გვემტერებოდნენ, განსაკუთრებით ემტერებოდნენ ჩვენ რწმენას– რელიგიას, რამდენადაც ჩვენ გვავნო “ნათესაობრივმა” კავშირმა რუსულ კულტურასთან, რუსულ ეკლესიასთან, რომელიც გვეჩვენებოდა მონათესავე. უფრო მყარი, უფრო მტკიცე იყო ჩვენი რწმენა, როცა ჩვენ ვანსხვავებდით ჩვენ თავს განსხვავებულ მაჰმადიანისგან ან სხვა რწმენის სახელმწიფოსაგან, რომელიც შემოიჭრებოდა ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში. იქ არის რაღაც გაუგებრობა– ჩვენ დამოკიდებულებაში, წაშლა საზღვრებისა რუსულ ეკლესიასთან. ერთი რუსი ეკლესიის ისტორიკოსი აღიარებდა: “უმცროსმა დამ (რუსეთის ეკლესია) თავისი უფროსი და (ქართული ეკლესია) დაახრჩო თავის ხელებში. იმიტომ რომ უფროსმა დამ აღარ იცოდა ვინ არის მტერი და ვინ არის ნათესავი.
-
- მერაბ
- მამარშვილი
-
(and 3 more)
Tagged with:
-
„ელცინ ცენტრის“ არქივში დაცული დოკუმენტები საქართველოს შესახებ სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია21 ივლისი 2020 რუსეთში, ბორის ელცინის მშობლიურ ურალის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში 2015 წლიდან ფუნქციონირებს მისი სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი („ელცინ ცენტრი“). ცენტრში მთავარი ადგილი უჭირავს ბორის ელცინის სახელობის მუზეუმს, აქვე მოქმედებს განყოფილებები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ბორის ელცინის არქივი. აღნიშნული არქივის 11 ფონდი ონლაინ არის ხელმისაწვდომი - შესაძლებელია ისევე როგორც დოკუმენტების დათვალიერება, ასევე მათი ასლების გადმოწერა. ფონდებში დაცულია ბორის ელცინის პირადი დოკუმენტები, ასევე რუსეთის პრეზიდენტის აპარატის მიერ გამოცემული ოფიციალური დოკუმენტების ასლები და ფოტოები. ფონდებში საქართველოს შესახებ რამდენიმე ათეული დოკუმენტია დაცული, რომელთა ეტაპობრივ ანალიზს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) შემოგთავაზებთ. ელცინ ცენტრის საქმიანობა რუსეთში ერთგვარად არ არის აღქმული: ცენტრის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს გამოდიოდა გავლენიანი საზოგადო მოღვაწე ნიკიტა მიხალკოვი, ცენტრის შენობასთან აქციებს მართავდნენ პარტია ЛДПР-ის წარმომადგენლები, 2016 წელს, 6000-ზე მეტმა აქტივისტმა პორტალზე change.org მოაწერა ხელი პეტიციას ელცინ ცენტრის დახურვის მოთხოვნით, რადგან მათი აზრით ის ამახინჯებდა ისტორიას. ცენტრის საქმიანობას არაერთხელ შეუშალეს ხელი იმ მოტივით, რომ იქ ხშირად უთმობდნენ სივრცეს ლიბერალებს. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველოსთან დაკავშირებული დოკუმენტების ჩამოტვირთვა და სხვა, უფრო დაცულ ადგილას შენახვა, რადგან არავინ იცის თუ როდის შეექმნება ცენტრს და მის ელექტრონულ ვებ-გვერდს ფუნქციონირების პრობლემა. მით უმეტეს არსებობს არაერთი ფაქტი, როდესაც რუსეთის არქივებმა უკვე გამოქვეყნებული დოკუმენტებს ხელახლა მიანიჭეს გრიფი - საიდუმლო. გთავაზობთ „ელცინ ცენტრში“ დაცული დოკუმენტების პირველ ნაწილს ჩვენი ანალიზით, რომელიც ეხება ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის (1991 წელი) პერიოდს. IDFI-ს მიერ გაანალიზებული ხუთი დოკუმენტი შეეხება ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდს, როდესაც ის ჯერ კიდევ თბილისში იმყოფებოდა, იქამდე სანამ სამოქალაქო ომის გამო არჩეული პრეზიდენტი იძულებული გახდა დედაქალაქი დაეტოვებინა. პარალელურად, 1991 წელს მოსკოვში ადგილი ჰქონდა საკმაოდ საინტერესო მმართველობის ფორმას, რომელსაც შეგვიძლია ერთგვარი ორხელისუფლებიანობაც კი ვუწოდოთ. საბჭოთა კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკები იყენებდნენ კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებას და ერთი მეორის მიყოლებით გადიოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, ამ პროცესს ისტორიოგრაფიაში „სუვერენიტეტების აღლუმი“ ეწოდა. მათ შორის 1990 წლის 12 ივნისს, სუვერენიტეტი გამოაცხადა რუსეთის ფედერაციამაც, რომლის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ რამდენიმე დღით ადრე ბორის ელცინი აირჩიეს (1990 წლის 29 მაისს). საბოლოოდ, საბჭოთა იმპერიის ოფიციალური დაშლა 1991 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა, ხოლო დაახლოებით წლინახევრის მანძილზე არსებობდა ისევე როგორც საბჭოთა კავშირი, ასევე რუსეთის ახლადდაარსებული ფედერაცია. საქართველოს ხელისუფლებამ და ზვიად გამსახურდიამ კავშირი გაწყვიტა საბჭოთა კავშირთან (ოფიციალურად 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმით და 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებით) და ცდილობდა საერთო ენა გამოენახა ბორის ელცინის ადმინისტრაციასთან. 1991 წელს, ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები პრობლემურ, სამხრეთ ოსეთის საკითხზე, სადაც 1989-1990 წლებში ადგილი ჰქონდა პერმანენტულ არეულობებს, სეპარატიზმის გამოვლინებას და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ გამოსვლების აღკვეთას. 23 მარტს პოლიტიკოსები ერთმანეთს ყაზბეგში შეხვდნენ და შეიმუშავეს პროტოკოლი, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონში ერთობლივი ძალებით კონტროლის და სტაბილურობის დამყარებას. აღნიშნულ საკითხს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ცხინვალში, სადაც 26 მარტს გაიმართა აქცია ლოზუნგით - „Позор Ельцину за сговор с грузинскими фашистами!“ („სირცხვილი ელცინს ქართველ ფაშისტებთან შეკვრის გამო!“). ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინს შორის ყაზბეგში მიმდინარე შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა (23 მარტი, 1991 წელი) 1991 წლის აპრილის დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში საბჭოთა კავშირის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები შევიდნენ. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ტარდებოდა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი და ქვეყანა გამოეყო საბჭოთა კავშირს. ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა (ზნაური) და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11,376 იყო. გაიცა 10,182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10,180 ამომრჩეველმა (99,68%). პარალელურად, სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს კონტროლქვეშ არ იყო, ადგილობრივმა სეპარატისტებმა მოახერხეს და ჩაატარეს 17 მარტის საერთო-საბჭოთა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების შესახებ. სამხრეთ ოსეთის ოლქის ამომრჩევლების 99%-მა თანხმობა განაცხადა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებაზე და მასში დარჩენაზე. საქართველომ უარი თქვა რეფერენდუმში მონაწილეობაზე, საბოლოო ჯამში კი სწორედ აღნიშნული კაზუსი გახდა საფუძველი იმისა, რომ საბჭოთა კავშირის არმიის ქვედანაყოფი ცხინვალში შესულიყო (ერთ-ერთ ტელეგრამაში ზვიად გამსახურდია ბორის ელცინთან სწორედ ამ ფაქტზე აპელირებს). დოკუმენტებს შორის არის 1991 წლის 23 მარტის ყაზბეგის პროტოკოლის სამუშაო ვარიანტი, როდესაც გამსახურდია საქართველოს მხრიდან და ელცინი რუსეთის მხრიდან შეთანხმდნენ სამხრეთ ოსეთის საკითხის საერთო გაკონტროლებაზე. პროტოკოლის ხელმოწერიდან 4 დღეში, 1991 წლის 27 მარტს ზვიად გამსახურდიას მიუვიდა ელცინის მიერ საკმაოდ მკაცრი ტონით შედგენილი ტელეგრამა იმის შესახებ, რომ ერთი მხრივ ქართული სახელმწიფო ტელევიზია ამახინჯებდა პროტოკოლის შინაარს და ისე გადასცემდა ეთერში, მეორე მხრივ კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები კვლავ მიმდინარეობდა და ქართველები ეროვნული ნიშნით ძალადობენ ადგილობრივებზე. როგორც უკვე ვახსენეთ, 1991 წლის აპრილის დასაწყისში, საბჭოთა კავშირმა ჩრდილოეთ ოსეთიდან როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში ჯარები შეიყვანა. ზვიად გამსახურდია, თავის 7 აპრილის ტელეგრამაში ელცინთან გამოხატავდა უკმაყოფილებას ცხინვალში საბჭოთა რეგულარული ჯარების შეყვანის გამო და საქართველოს „ახალ ავღანეთად“ მოიხსენიებდა. ელცინის ცენტრის არქივში ინახება 1991 წლის კიდევ ორი დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების გარეშე ოფიციალური პირების რუსეთთან კულტურული კავშირების აღდგენის მცდელობას. ერთი მათგანია საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ტელეგრამა (11 ივლისი, 1991 წელი), რომლითაც ის ელცინს ულოცავს არჩევას და მეორე კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის ანალოგიური მილოცვა და შეთავაზება, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის თაობაზე (24 ივლისი, 1991 წელი). საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ტელეგრამა (11 ივლისი, 1991 წელი) წარმოგიდგენთ ამ დოკუმენტების ქართულ თარგმანს, გარდა ამისა, დანართის სახით შეგიძლიათ იხილოთ ყველა დოკუმენტი ორიგინალურ, რუსულ ენაზე. 1. ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 57, ფურცელი 176-177 - რსფსრ და საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები (ელცინი ბ., გამსახურდია ზ.). რსფსრ და საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების შეხვედრის და მოლაპარაკების პროტოკოლი (23 მარტი, 1991 წელი). Ф. 6. Оп. 1. Д. 57. Л. 176-177 - Председатель Верховного Совета РСФСР и Республики Грузия (Ельцин Б., Гамсахурдия 3.). Протокол о встрече и переговорах Председателя Верховного Совета РСФСР и Председателя Верховного Совета Грузии (23.03.1991г.). პროტოკოლი რსფსრ და საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების შეხვედრის და მოლაპარაკების შესახებ 1991 წლის აპრილის განმავლობაში მომზადდეს ხელმოსაწერად შეთანხმების პროექტი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე რსფსრ-სა და საქართველოს რესპუბლიკას შორის, რისთვისაც შეიქმნას მუშა ჯგუფები. რეგიონში, ყოფილ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ერთობლივი მოქმედებების შესახებ ხელშეკრულებით, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: 1) რსფსრ-სა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროები 10 დღის განმავლობაში ქმნიან ერთობლივ კომისიას აღნიშნულ რეგიონში სიტუაციის შესწავლის მიზნით და 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტური შეფასებისთვის. 2) რსფსრ-სა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროები 10 აპრილამდე ქმნიან მილიციის საერთო შენაერთს, ყოფილ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში მოქმედი ყველა არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირების განიარაღების მიზნით. შენაერთს ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაციის განმუხტვამდე. 3) საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროსთვის მიმართვა, ყოფილ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში სამხედრო ნაწილების დისლოცირების თაობაზე. 4) რსფსრ, საქართველოს რესპუბლიკის, ჩრდილო-ოსეთის სსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მუშაობა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილების დასაბრუნებლად. უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების სამართლებრივი ორგანოების აღდგენა. 5) საქართველოს რესპუბლიკის, რსფსრ და ჩრდილოეთ-ოსეთის მთავრობებმა შექმნან ლტოლვილთათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და გამოყონ დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება აღნიშნული ზარალის კომპენსირებისთვის. 6) შექმნილი კომისიის და შენაერთის საბოლოო მიზნად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობის და სიწყნარის დამყარება. 7) შეიქმნას მუდმივმოქმედი ჯგუფი პროტოკოლის შესრულების გასაკონტროლებლად და მიმდინარე საკითხების გაფართოების მიზნით. ხელმოწერები: რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბ.ელცინი საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ზ.გამსახურდია ყაზბეგი, 23 მარტი, 1991 წელი. 2. ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 59, ფურცელი 27 - რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ბ.ელცინის მიმართვა საქართველოს უმაღლეს საბჭოს და ზ.კ.გამსახურდიას მიმართ რათა მიიღოს ზომები რესპუბლიკის ტერიტორიაზე სისხლისღვრის შესაჩერებლად (ტელეგრამის ასლი) (27 მარტი, 1991 წელი) Ф. 6. Оп. 1. Д. 59. Л. 27 - Председатель Верховного Совета РСФСР Ельцин Б.Н. Обращение Председателя Верховного Совета РСФСР Б.Н. Ельцина в Верховный Совет Грузии к З.К.Гамсахурдиа принять меры для прекращения кровопролития на территории республики (копия телеграммы) (27.03.1991г.) ტელეგრამა სამთავრობო ქ.თბილისი, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ზ.კ. გამსახურდია პატივცემულო ზვიად კონსტანტინეს ძევ! ვთვლი საჭიროდ კიდევ ერთხელ დავადასტურო რუსეთის ფედერაციის განზრახვა, საქართველოს რესპუბლიკასთან სახელმწიფოთაშორისი კეთილსინდისიერი კონტაქტების განვითარების თაობაზე, ჩვენი ქვეყნების საერთო ჰუმანისტური ტრადიციების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შორის მიღწეული შეთანხმებები, რომლების მიმართულია სამხრეთ ოსეთში მშვიდობის და წესრიგის დასამყარებლად, განუხრელად იქნება დაცული. ამასთან ერთად ჩვენ შეწუხებული ვართ ჩვენი შეხვედრის პროტოკოლის არაადეკვატური განმარტებით საქართველოს რესპუბლიკის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. უფრო მეტად ჩვენ გვაღელვებს საქართველოდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან მიღებული ინფორმაციები, კვლავ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების და არაკანონიერი ფორმირებების შესახებ, ეროვნული ნიშნით ძალადობის შესახებ ზნაურის რაიონში და სხვა ადგილებში. დაჟინებით გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი რაც საქართველოს რესპუბლიკაზეა დამოკიდებული რათა შეწყდეს სისხლისღვრა რესპუბლიკის ტერიტორიაზე და უზრუნველყოთ სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მიმართული, ჩვენი საერთო გადაწყვეტილებების აღსრულება. ჩვენი მხრიდან შევუდგებით განსაზღვრული ზომების მიღებას. რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბ.ელცინი 27 მარტი, 1991 წელი 3. ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 57, ფურცელი 178-179 - საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ზ.გამსახურდია. ცხინვალში საბჭოთა რეგულარული ჯარების შეყვანის თაობაზე (07.04.1991) (ასლი) Ф. 6. Оп. 1. Д. 57. Л. 178-179 - Председатель Верховного Совета республики Грузия З.Гамсахурдия. О вводе в г.Цхинвали советских регулярных частей (07.04.1991г.) (копия) ა.ნ! ბ.ნ.-ს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ზ.გ.-სთან ამის შესახებ შაბათს 07.04.1991. ვ.ი. საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განცხადება საბჭოთა რეგულარული ნაწილების შეზღუდული კონტიგენტი, რომელიც ფეხქვეშ თელავს საქართველოს სუვერენიტეტს, ქალაქ ცხინვალში შევიდა. აქციის დაწყების წინა დღეს ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ სსრკ-ის ხელისუფლება თავს შეიკავებდა აღნიშნულ რეგიონში შემდგომი დესტაბილიზაციისგან. საბჭოთა და მსოფლიო საზოგადოება კარგად იცნობს იმ ტრაგიკულ შედეგებს, რაც „შეზღუდული კონტიგენტის“ ავღანეთში შეყვანას მოჰყვა, ჩვენ სამხედრო მოსამსახურეების ხალხის წინააღმდეგ გამოყენების ჩვენი გამოცდილებაც გვაქვს. ათწლეულების განმავლობაში, დიქტატორულ-ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა მატერიალურ და სულიერ გაღატაკებამდე მიიყვანა, საბჭოთა საზოგადოების ყველა უბედურებას „გარეშე მტერს“ აბრალებდა. ბოლო დროს, ეკონომიკური განადგურების პირობებში, ხდება „შიდა მტრის“ სახის კულტივირება დემოკრატიული მოძრაობის, ერების სახით, რომლებიც თვითგამორკვევის უფლების რეალიზების გზაზე დგანან. საქართველოს ახალბედა, დემოკრატიულ მთავრობას არ განუცხადებია საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან დაუყონებლივ გამოსვლის თაობაზე მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ის კონსტიტუციის მიხედვით, მას ამის უფლება ჰქონდა, საკუთარ თავზე აიღო აუცილებლობა, რომ არ დაეზიანებინა ეკონომიკური და შიდა კავშირები სხვა რესპუბლიკებთან ჩვენთვის აუცილებელ გარდამავალ პერიოდში. მეტიც, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად განვაცხადეთ, რომ მომავალშიც, როდესაც მოვიპოვეთ სრულ სამთავრობო დამოუკიდებლობას, ჩვენ ვაპირებთ, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირები რუსეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან - ჩვენს პირდაპირ მეზობლებთან, ასევე - სხვა რესპუბლიკებთან. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ საბჭოთა ხელისუფლება გაგებით მოეკიდებოდა ჩვენს კონსტრუქციულ პოზიციას, თუმცა იგი ბოლო დროს სულ უფრო იხრება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ნაციონალური პრობლემების ძალადობრივი გზით გადაჭრისკენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულმა წრეებმა მიზნად დაისახეს საქართველოს მიწაზე ახალი ავღანეთის მოწყობით საბჭოთა ხელისუფლების ყურადღების გადატანა მაღაზიების ცარიელი თაროებიდან, მასობრივი დემონსტრაციებიდან და გაფიცვებიდან, რომლებმაც ქვეყანა მოიცვეს. ვიმედოვნებთ, რომ სსრკ-ის ხელისუფლება ამ კრიტიკულ მომენტში გამოავლენს ჯანსაღ აზრს და არ გამოვა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ინტერვენციის ინიციატივით, როგორც სამოქალაქო ომის ინიციატორი საკუთარ ქვეყანაშივე. თბილისი, 7.04.91 საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ზ.გამსახურდია 4. Ф. 6. Оп. 1. Д. 237. Л. 176 - Каталикос всея Грузии Илия II. Поздравление по случаю избрания на пост Президента России (11 июля 1991 г.). ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 57, ფურცელი 178-179 - სრულიად საქართველოს კათალიკოსი ილია მეორე. რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის მილოცვა (11 ივლისი, 1991 წელი). მოსკოვი, კრემლი, მის აღმატებულება ბორის ნიკოლოზის-ძე ელცინს, რსფსრ პრეზიდენტს. თქვენო აღმატებულებავ, ღრმადპატივცემულო პრეზიდენტო. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას და მოვალეობის შესრულების დაწყებას. საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები სიხარულით და იმედით შეხვდნენ ამ ისტორიულ მოვლენას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძმური ურთიერთობა ჩვენ ერთმორწმუნე ერებსა და სუვერენულ სახელმწიფოებს შორის სამომავლოდ უფრო გაღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და კეთილდღეობას თქვენს უმაღლეს და საპასუხისმგებლო საქმეში. ღმერთი, სიყვარული და მშვიდობა იყოს თქვენთან და ჩვენ შორის. ღრმა პატივისცემით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. 5. ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 57, ფურცელი 176-177 - საქართველოს რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნ. ახალკაცის შემოთავაზება, რუსეთსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის თაობაზე და მატჩზე მიწვევა (24 ივლისი, 1991 წელი). Ф. 6. Оп. 1. Д. 235. Л. 1-2 - Президент Федерации футбола Республики Грузия Ахалкаци Н. Предложение о проведении товарищеского матча между сборными командами по футболу России и Грузии и приглашение на матч (24 июня 1991 г.). ვ.ნ. მაჩუგას გადაწყვიტეთ ეს საკითხი თქვენი არხებით, ურთიერთობათა განვითარების საერთო კონცეფციიდან გამომდინარე. ვ. იულიშინი 26 ივლისი 1991 წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 24 ივნისი, 1991 წელი ღრმად პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ! ნება გვიბოძეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს 110 საფეხბურთო კლუბს, მხურვალედ და გულითადად მოგილოცოთ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს თანამდებობაზე არჩევა. 1991 წლის 12 ივნისი ისტორიაში შევა, როგორც უდიდესი ზეიმის დღე არა მხოლოდ რუსეთის დემოკრატიული ძალებისთვის, არამედ მთელი პროგრესული საზოგადოებისთვის. თქვენი პოლიტიკური სიბრძნით თქვენ აწარმოებდით საპრეზიდენტო კამპანიას მოზომილად, თავდაჯერებით და თქვენი პროგრესულობის, კეთილისმსურველობის, თავშეკავებულობის, თავმდაბლობის და წესრიგის სიყვარულის გამო თქვენ დაიმსახურეთ გულითადი სიყვარული და ღრმა პატივისცემა. ამ დიდი მოვლენის და სამომავლო თანამშრომლობის გამტკიცებისა და გაღრმავების ღირსსახსოვრად, ნება გვიბოძეთ განსახილველად წარმოგიდგინოთ წინადადება, რუსეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის თაობაზე. ღრმა პატივისცემით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნ.ახალკაცი „ელცინ ცენტრის“ არქივში დაცული დოკუმენტები საქართველოს შესახებ
-
გამოქვეყნდა გაზეთში „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ 8.04.2020 ესაუბრა მარკუს შვერინგი გერმანულიდან თარგმნა თამარ ცოფურაშვილმა ფილოსოფოსი იურგენ ჰაბერმასი – იმის შესახებ, როგორ ვართ იძულებულნი ვიმოქმედოთ და ვიცხოვროთ დაუცველობის პირობებში, და როგორ გაიკეთა ადრეულ ასაკში ნიცშეს პროზის ხიბლის საწინააღმდეგო აცრა. ინტერვიუში იურგენ ჰაბერმასი გამოთქვამს მოსაზრებას კორონას კრიზისთან დაკავშირებით. ის ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს ფილოსოფოსად. მისი თვალსაზრისით, კორონას პანდემიის საზოგადოებრივი შედეგები ჯერ კიდევ განუჭვრეტელია. იურგენ ჰაბერმასი დაიბადა 1929 წლის 18 ივნისს დიუსელდორფში, გაიზარდა გუმერსბახში, ასწავლიდა ფანკფურტის უნივერსიტეტში, დღეს კი ცხოვრობს შტარნბერგში. მარქსისტული კრიტიკული თეორიის მისმა დისკურსთეორიულმა განვრცობამ, რომელიც დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს ამბიციური დაფუძნების შენაკადია, მთელი ეპოქა შექმნა. მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რაც ამ დღეებში თავში მიტრიალებს. ჩვენი კომპლექსური საზოგადოება ხომ მუდმივად დგება დიდი დაუცველობის წინაშე. თუმცა ეს უკანასკნელნი ლოკალურად და არაერთდროულად წარმოჩნდებიან ხოლმე და ამიტომ ისინი მეტ-ნაკლებად შეუმჩნევლად მუშავდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ საზოგადოების ამა თუ იმ ქვესისტემაში. ამის საპირისპიროდ ამჟამინდელი ექსისტენციალური დაუცველობა გლობალურია და სინქრონული, კერძოდ კი თავად მედიალურად დაკავშირებული ინდივიდების თავებშია. იურგენ ჰაბერმასი კორონავირუსზე: მისი საზოგადოებრივი შედეგები განუჭვრეტელია. თითოეულ ინდივიდს მიეწოდება ინფორმაცია რისკის შესახებ, რადგან პანდემიის დამარცხებისთვის ცალკეული პერსონის თვითიზოლირება უმნიშვნელოვანესია სამედიცინო სისტემის გადატვირთვის პირობებში. ამასთან დაუცველობა ეხება არა მხოლოდ ეპიდემიური საფრთხეების გადალახვას, არამედ სრულიად განუჭვრეტელ ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს. ამ ნაწილში არ არსებობს ექსპერტი, რომელიც ამ შედეგებს, განსხვავებით ვირუსისგან, დანამდვილებით შეაფასებდა. ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ექსპერტებმა გაბედული პროგნოზებისაგან თავი უნდა შეიკავონ. მხოლოდ ერთი რამის თქმაა შესაძლებელი: ამდენი ცოდნა ჩვენი არცოდნისა და იმ იძულების შესახებ, ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ დაუცველობაში, აქამდე არასდროს გვქონია. როცა ასეთ წიგნს წერ, ამაზე არ ფიქრობ. მხოლოდ იმის შიში გაქვს, რომ შეცდომა არ დაუშვა – ყოველი თავის დაწერისას ფიქრობ შესაძლო წინააღმდეგობაზე იმ ექსპერტებთან, რომლებმაც საკითხის დეტალები უკეთ იციან. აქამდე ჩემი წიგნების მკითხველები ძირითადად აკადემიური წრეებიდან იყვნენ, კოლეგები და სხვადასხვა დისციპლინის სტუდენტები, ასევე უპირველეს ყოვლისა, სწავლულები, რომელთაგან ზოგი ეთიკას და სოციალურ მეცნიერებებს ასწავლის. მაგრამ ამჯერად წიგნის გამოცემიდან პირველივე თვეების მანძილზე მიღებული წერილების ექომ სრულიად სხვანაირ მკითხველთა პუბლიკას შემახვედრა – რა თქმა უნდა, ისეთებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რწმენისა და ცოდნის საკითხებით, მაგრამ ასევე ზოგადად მოფიქრალი და რჩევის მაძიებელი ადამიანები არიან, მათ შორის ექიმები, მენეჯერები, ადვოკატები და ა.შ. როგორც ჩანს, ისინი ფილოსოფიისგან საკუთარი თავის გაგებინებაზე მიმართულ უფრო მეტ სამუშაოს ელიან. ეს მე მომწონს, რადგან გარკვეული ზესპეციალიზება (როგორც სპეციალიზების გადალახვა – თ.ც.), რომელიც ფილოსოფოსის ხედვას და დარგს როგორც ასეთს, განსაკუთრებულად აზარალებს, ჩემი ერთ-ერთი მოტივი იყო ამ წამოწყებისას. იურგენ ჰაბერმასი: რა შეგვიძლია ვისწავლოთ რწმენისა და ცოდნის შესახებ დისკურსიდან სათაურში „ასევე“ მკითხველის ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ეს მხოლოდ ერთი, თუნდაც ახალი ინტერპრეტაციაა ფილოსოფიის ისტორიისა, სხვა შესაძლო ინტერპრეტაციათა შორის. ეს მოკრძალებულობის გამომხატველი ჟესტი აფრთხილებს მკითხველს, არ იფიქროს, რომ ხელთ აქვს ფილოსოფიის ამომწურავი ან სრულიად განსაზღვრული ისტორია. თავად მე მივსდევ ინტერპრეტაციის იმ ხაზს, რომლის მიხედვითაც ფილოსოფიის ისტორია პოსტმეტაფიზიკური აზროვნების განსაზღვრული გაგების პერსპექტივიდან უნდა გავიგოთ, როგორც სწავლის პროცესი. ვერცერთი ავტორი ვერ აუვლის გვერდს განსაზღვრულ პერსპექტივას. და ამაში, ბუნებრივია, ისევ და ისევ აირეკლება მისი თეორიული შეხედულებები. მაგრამ ეს არის მხოლოდ ფალიბილისტური[1] ცნობიერების გამოხატულება და არანაირად არ უნდა მოახდინოს ჩემი გამონათქვამების ჭეშმარიტებაზე პრეტენზიის რელატივირება. მე როგორც ფილოსოფოსს ამ საკითხში ის მაინტერესებს, რაც ჩვენ რწმენისა და ცოდნის შესახებ დისკურსიდან შეგვიძლია ვისწავლოთ. ამიტომ კანტსა და ჰეგელს შორის წამოჭრილი პრობლემა მორალურობისა და ზნეობრიობის მიმართების შესახებ, აქ სწორედ რომ ფართო სივრცეს იჭერს; რადგან ამ პრობლემამ ქრისტიანული მოყვასის სიყვარულის ეთიკის უნივერსალური არსის სეკულარიზებული და რადიკალიზებული ათვისება მოგვცა. ჩემი თემაა რელიგიური გადმოცემის მთავარი შინაარსის ცნებობრივი გადათარგმნის პროცესი. ამრიგად ამ შემთხვევაში პოსტმეტაფიზიკური ათვისება იდეისა, რომ ყველა მორწმუნე უნივერსალურ და და-ძმურ ერთობას ქმნის, ხოლო თითოეული წევრი კი მისი შეუნაცვლებელი და განუმეორებელი ინდივიდუალობის გათვალისწინებით, შესაბამის დამოკიდებულებას იმსახურებს, თითოეული ადამიანის ეს თანასწორუფლებიანობა არ არის ტრივიალური თემა, როგორც ჩვენ ამას დღეს კორონას კრიზისის დროსაც ვხედავთ. იურგენ ჰაბერმასი კორონას კრიზისზე: სახელმწიფოებს აქვთ განსხვავებული მიდგომები აქამდე განვითარებული კრიზისისას შეგვეძლო და შეგვიძლია რიგ ქვეყნებში დავაკვირდეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ყოყმანობენ, თავისი სტრატეგია იმ საფუძველდებულებაზე მიმართონ, რომ სახელმწიფოს ძალისხმევას, გადაარჩინოს ყოველი ცალკეული ადამიანის სიცოცხლე, აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდეს არასასურველი ეკონომიკური ხარჯების უტილიტარისტულ გაანგარიშებასთან მიმართებით, რაც შეიძლება ამ მიზანმა შედეგად მოიტანოს. როდესაც სახელმწიფო ეპიდემიას თავისუფალ დინებაზე უშვებს, რათა მთელმა მოსახლეობამ საჭირო იმუნიტეტი სწრაფად გამოიმუშაოს, ის შედეგად იღებს გარდაუვალ რისკს – ჯანდაცვის სისტემის პროგნოზირებადი გადატვირთვისა და ამით გარდაცვლილთა შედარებით მაღალ მაჩვენებელს. ჩემი „ისტორია“ ნათელს ჰფენს ასეთ კრიზისებთან გამკლავების აქტუალური სტრატეგიების მორალფილოსოფიურ საფუძვლებს. ფილოსოფიის კონვენციური ისტორია დამაბნეველი „ასევე“-ს გარეშე სრულყოფილებას ესწრაფვის, რომელიც, როგორც ვთქვით, ცალკეულ ავტორს საერთოდ არ ხელეწიფება. თუმცაღა პრეტენზია, გამოიძიო „სწავლის პროცესი“ ისე, თითქოს საქმე ეხებოდეს მეცნიერებების ისტორიას, სრულიად უჩვეულო პერსპექტივაა. ეს, ერთი მხრივ, ეჯახება პლატონისტურ რწმენას, რომ ყველა დიდი ფილოსოფოსი განსხვავებულად ისევ და ისევ ერთსა და იმავეს ფიქრობს, მეორე მხრივ კი, დღეისათვის გაბატონებულ, ისტორიულად გამომუშავებულ სკეპსისს პროგრესის ყველანაირი ცნებისადმი. ჩემთვისაც უცხოა ისტორიის ფილოსოფიური პროგრესის იდეა. როდესაც მსჯელობის წარმმართველად არჩეულია „სწავლა“, ანუ უწყვეტობის მომცემი პრობლემის გადაჭრები, ეს არ ნიშნავს, რომ ფილოსოფიის ისტორიას ტელეოლოგიას მივაწერთ. არ არსებობს ტელოსი, რომელიც შეიძლებოდა „არსაიდან მზერით“ შეგვეცნო; არსებობს მხოლოდ ისეთი, რომელიც „ჩვენს“ მზერას მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი მიზეზების ჯაჭვისკენ მიმართავს, საიდანაც წინმსწრები, შემდეგ კი ისტორიულად კვლავ და კვლავ გამოწვეული გარკვეული სახის პრობლემების გადაწყვეტა მომდინარეობს. იურგენ ჰაბერმასი: ძველ ფილოსოფოსებს კვლავაც აქვთ ჩვენთვის სათქმელი რა თქმა უნდა, არა – ისევე მცირედ, როგორც აინშტაინი იყო ნიუტონზე „უკეთესი“. მე არ მსურს ფილოსოფიურ და მეცნიერულ აზროვნებას შორის თვალშისაცემი განსხვავებების წაშლა და არ მსურს ამავე მნიშვნელობით „პროგრესების“ შესახებ საუბარი. ორივე შემთხვევაში თეორიული დებულებები და პარადიგმები განსხვავებული სახით „ძველდება“. მაგრამ ხსენებული ავტორები, რომლებმაც მათი ეპოქის აქტუალური საკითხები იმ დროისთვის არსებული ინფორმაციისა და არგუმენტების საფუძველზე გადაჭრეს, პიონერებად იქცნენ.” მათ ისეთი მოსაზრებები წამოაყენეს, რომლებიც დღემდე მნიშვნელობს და იქცნენ კლასიკოს მოაზროვნეებად. ამ შემთხვევაში „კლასიკოსი“ ნიშნავს, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ჩვენთვის სათქმელი. თანამედროვე მეცნიერების თეორია ჯერ კიდევ არის დაკავშირებული არისტოტელეს მეორე ანალიტიკაში გამოთქმულ მოსაზრებებთან, ხოლო თანამედროვე ეთიკა – კანტის ავტონომიისა და სამართლიანობის ცნებებთან, თუნდაც შეცვლილი თეორიული ენის ფარგლებში. ვიდრე ემერიტუსი გავხდებოდი, რაც დიდი ხნის წინ მოხდა, ჩემი ბოლო ლექციების კურსი თომა აქვინელზე იყო. მაშინ მე უკვე აღფრთოვანებული ვიყავი ამ შესანიშნავი სისტემის კონსტრუქტიული ძალითა და შინაგანი მდგრადობით. ახლა დუნს სკოტისა და უილიამ ოკამის კითხვა ჩემთვის ასეთივე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. დიახ, ეს არის შემდგომი სწავლის პროცესი, რომლითაც მე, თუკი სწორად ვაკვირდები, მხოლოდ ვუერთდები შუა საუკუნეების მოდერნთან ახლო დაკავშირებისა და ხელახალი შეფასების უკვე დიდი ხნის წინ არსებულ კვლევით ტენდენციას. ეს ჩემთვის მოულოდნელია. მაგრამ ინტერპეტატორს შეუძლია ავტორი უფრო უკეთ გაიგოს, ვიდრე თავად ავტორმა. სპინოზას კითხვისას მე ახლაღა მივხვდი ერთ რამეს. მარანოსის – დევნილი, ესპანელი მეფის იძულებით გარეგნულად კათოლიკურ რწმენაზე მოქცეული ესპანელი ებრაელის – ისტორიით მივხვდი, 20-ე საუკუნის ამდენი გერმანელი ებრაელი ინტელექტუალის ბიურგერულ ოჯახებში სპინოზა რატომ იყო უფრო მეტად დაფასებული, ვიდრე კანტი. ლეო შტრაუსი თავისი სპინოზაზე დაწერილი წიგნის ინგლისური თარგმანის შესავალში ამაზე მოგვითხრობს: სპინოზა არ ყოფილა განმდგარი და ხისტი ათეისტი, როცა მას თავის ეპოქაში დევნიდნენ, არამედ ის იყო გულწრფელი განმანათლებელი, რომელიც თავისი რელიგიური წარმომავლობის არსს, ვიდრე ამის მიზეზი აქვს, კი არ უარყოფს, არამედ ჰეგელისეული საზრისით „მოხსნის“. ამის გამო მისადმი მართლაც მაქვს სიმპათიები. თუკი გავლენის ისტორიის თვალსაზრისით განვიხილავთ, სპინოზას ნააზრევში, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდა შელინგის ნატურფილოსოფიის გზით გერმანული იდეალიზმის დიდი სპეკულატიური მოძრაობის საწყისებშიცაა შერწყმული. იურგენ ჰაბერმასი: დასავლურ სამყაროში ეკლესიები კარგავენ კავშირს ლიტერატურისკენ მიდრეკილ ყველა ზრდასრულ ადამიანს მისეული ნიცშეს ხმამაღლა დეკლარირება უკვე ერთხელ მაინც მოუხდენია, მათ შორის ვარ მეც. მაგრამ ნიცშე, რომელიც ნაციონალ-სოციალიზმის დროს მისი სოციალ-დარვინისტულად ინტერპრეტირებული „ძალაუფლების ნებით“ სახელმწიფო ფილოსოფოსად იყო ხოტბაშესხმული, ომის შემდეგ ჯერ კიდევ ზედმეტად ახლობელი იყო. ამ პოლიტიკური მიზეზით მე ამ პროზის მუდმივი ხიბლის საწინააღმდეგო აცრა გავიკეთე. მას შემდეგაც კი, რაც მე მის დახვეწილ მხარეს ფრანგული პერსპექტივიდან უკეთ გავეცანი, ამ ავტორისადმი დისტანციას ვინარჩუნებდი – მისი შემეცნების ანთროპოლოგიური მოსაზრებების ჩათვლით. საგნობრივი არგუმენტებითაც კი არაა ჩემთვის დამაჯერებელი „ქრისტიანობის გენეალოგია“, თუნდაც როგორც აზრობრივი იმპულსი – მასში ნიცშე ააშკარავებს მისი განსახილველი საგნისადმი ზედმეტად არათავისუფალ დამოკიდებულებას. მე სახელდობრ მაინტერესებს მხოლოდ გარკვეული ასპექტი ნიცშეს გავლენისა, რომელიც ჩემი პროექტის დროით ჩარჩოებში ვერ ჩაჯდა – კერძოდ კი, ზოგიერთი ფილოსოფოსის ფატალური მიდრეკილება, დათრგუნული რელიგიური გამოცდილებების სუბლიმირება გარკვეულწილად მოახდინონ ესთეტიკურში. არასწორად გამიგეთ. სოციოლოგიური ცნებით „მასების ათეიზმი“ მე მსურს მხოლოდ პირველ თავში განხილულ ეკლესიების შესუსტებული დამაკავშირებელი ძალის რაოდენობრივ ასპექტზე მივუთითო, რასაც ჩვენ დღეს, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის საზოგადოებებში ვაკვირდებით. თქვენ კი წამოსწევთ თვალსაზრისს, რომელსაც თავად მე სიტყვა „სეკულარულის“ კრიტიკული გამოყენებით აღვნიშნავდი. [1] ფალიბილისტური, ფალიბილიზმი – შემეცნების თეორიული პოზიცია, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია არსებობდეს აბსოლუტური უეჭველობა და შეცდომას ვერასდროს გამოვრიცხავთ (მთარგმნ. შენიშვნა).
-
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ქვეყანაში 66 ინფიცირებულია. პირველი 34 ინფიცირებულის შესახებ საჯარო ინფორმაციას შეგიძლიათ ამავე პოსტში გაეცნოთ: ფოტო: ნეტგაზეთი #1 – 26 თებერვალი, ირანიდან ჩამოსული 50 წლის მამაკაცი, შიდა კონტაქტი არ ქონია. 14 მარტს პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერეს. #2 – 28 თებერვალი, იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალი, ქონდა შიდა კონტაქტები, გავიდა სამსახურში (საქ. ბანკის ნაძალადევის ფილიალი). კონტაქტები გამოავლინეს და იზოლაციაში მოათავსეს. #3 – 29 თებერვალი, ირანიდან ჩამოსულ N1 ინფიცირებულთან ქონდა კონტაქტი ირანში, ასევე საზღვარზე გამოვლინდა და შიდა კონტაქტი არ ქონია. #4 , #5, #6, #7, #8 , #9 – კლასტერი (ერთი ჯგუფი), 5 მარტი, მოგზაურობდნენ იტალიაში და ვენის გავლით თბილისში ჩამოფრინდნენ 2 მარტს გამთენიისას. დეტალურად: #4 – 44 წლის მამაკაცი, პროფესიით ექიმი, ჩამოსვლიდან მეორე დღეს თავი ცუდად იგრძნო, თვითიზოლაციას მიმართა 2 დღე. ხოლო მას შემდეგ რაც უარესად გახდა, მიაკითხა ინფექციურს. ის დღემდე ყველაზე მძიმე პაციენტია. #5 – ფარმაცევტული კომპანია სს გეფა-ს საოპერაციო დირექტორი მიხეილ აბრამიძე. არ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, დადიოდა სამსახურში, ჩაატარა შეხვედრები, იყო პანაშვიდზე და აშ. ჯერ-ჯერობით მის ანგარიშზე ვირუსის 5 დადასტურებული შიდა გადაცემაა. #6, #7, #8 , #9 – კლასტერის სხვა წევრები, რომლებსაც ასევე 5 მარტამდე ქონდათ შიდა კონტაქტები. #10 – 7 მარტი, პირველი შიდა, მეორეული ინფიცირება, ევექსის გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე, ქონდა კონტაქტი #5-თან, ვისგადან გადედო და ვირუსის დადასტურებამდე ასევე ჰონდა შიდა კონტაქტები; #11 – 7 მარტი, შიდა ინფიცირება. მამაკაცი სს გეფა-ს თანამშრომელია, დაინფიცირდა #5 -ის მიერ სამუშაო შეხვედრაზე. გამოვლენამდე ქონდა შიდა კონტაქტები. #12 – 7 მარტი, დაფიქსირდა საჩხერეში. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის შვილი. კონტაქტი ქონდა ინფიცირებულ იტალიელთან, რომელმაც მალევე დატოვა ქვეყანა. #13 – 7 მარტი, ასევე შიდა ინფიცირება. ქალი სს გეფა-ს თანამშრომელია და ინსაიდერული ინფორმაციით, დაინფიცირდა თანამშრომლის, მიხეილ აბრამიძის (#5) ნაჩუქარი კანფეტით. ქალბატონს გამოვლენამდე ქონდა მრავალი შიდა კონტაქტი. #14 – 9 მარტი, შიდა ინფიცირება, დაინფიცირდა #5 -ის მიერ. გამოვლენამდე ქონდა შიდა კონტაქტები. მისმა მეუღლემ სოც, ქსელში დაწერა, რომ ოჯახი არის თვითიზოლაციაში. #15 – 9 მარტი, პაციენტი ჩამოფრინდა ესპანეთიდან, თუმცა ქონდა კონტაქტი იტალიელებთანაც. გამოვლენამდე არც ეს ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. N16 – 10 მარტი, შიდა გადედება ისევ #5 ინფიცირებულისგან. როგორც პაციენტი აცხადებს, გასამრჯელო აიღო ბანკნოტებით, რის შედეგადაც დაინფიცირდა. როდესაც #5-ის კონტაქტებს იკვლევდნენ, სავარაუდოდ ეს პიროვნება გამორჩათ, რადგან ცნობილია, რომ ის ცუდად გახდომამდე არ იმყოფებოდა იზოლაციაში. #17, #18, #19, #20 – 10 მარტი, ოთხივე პიროვნება #2 ინფიცირებულთან ერთად მოგზაურობდა იტალიაში, ისინი 28 თებერვლის შემდეგ იზოლაციაში იყვნენ. ამ ადამიანებს 10 მარტამდეც ჩაუტარდათ ტესტი ვირუსზე, თუმცა უარყოფითი იყო; #21 – 10 მარტი, შიდა ინფიცირება, #20 ინფიცირებულის 12 წლის შვილია, რომელსაც მშობელმა იზოლაციამდე გადასდო; #22 – 10 მარტი, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელიც #12 პაციენტის მამაა და 6 მარტიდან იყო თვითიზოლაციაში; #23 – 10 მარტი, მასზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იმოგზაურა იტალიაში, გამოვლენამდე არ ყოფილა თვითიზოლაციაში და ახლა მკურნალობს დასავლეთ საქართველოში. #24 – 11 მარტს ვირუსი მხოლოდ #20 ინფიცირებულის 19 წლის შვილს დაუდასტურდა. ის გარკვეული პერიოდი იზოლაციაში იმყოფებოდა. #25 – 12 მარტი, ინფიცირებული #4 , #5, #6, #7, #8 , #9 – კლასტერს უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. #26, #27, #28, #29 და #30 – პირდაპირ უკავშირდება იტალიას, კერძოს, #5 პაციენტს. ამ 5 პაციენტში ფიქსირდება მესამეული გადაცემაც, რადგან არიან ერთი ოჯახის წევრები. #31, #32, #33 – რისკ ჯგუფში შემავალ ქვეყანასთან დაკავშირებული ახალი კლასტერი. ერთ-ერთი იმყოფებოდა ბათუმში თვით-იზოლაციაში. მათთან არის კავშირში ასევე #34 შემთხვევაც. (ინფორმაცია განახლებადია, ბოლო განახლება 17 მარტი 17:04)
-
- ოფიციალური
- ინფორმაცია
-
(and 2 more)
Tagged with: