Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ცული' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და შვედეთის სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობები შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაცული დოკუმენტების მიხედვით სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია6 ივნისი 2020 საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა ევროპის ქვეყნების აღიარების და მხარდაჭერის მოპოვება, რაც არ წარმოადგენდა მარტივ ამოცანას იმ პერიოდში პოლიტიკური რეალობის და ევროპაში განვითარებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით. ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ხვდებოდა, რომ ევროპული მხარდაჭერის გარეშე მომძლავრებულ რუსეთთან გამკლავება შეუძლებელი გახდებოდა. საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა ამ მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომა და ხშირ შემთხვევაში, დასახული ამოცანები შეასრულა. პირველი რესპუბლიკის პერიოდში, 1918-1921 წლებში, ორი სრულფასოვანი საელჩო, რომელიც საქართველოს დიპლომატებმა მოახერხეს, რომ გაეხსნათ, მოქმედებდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში და შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. სხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედმა წარმომადგენლობებმა სრულფასოვანი ფორმა - აღიარება მასპინძელი სახელმწიფოსგან, სამწუხაროდ ვერ მიიღეს. მოგვიანებით, 1921 წელს, საელჩო დაარსდა პარიზშიც, თუმცა ახლადდანიშნულმა ელჩმა, აკაკი ჩხენკელმა საფრანგეთის პრეზიდენტ მილიერანს რწმუნებათა სიგელი გადასცა 1921 წლის 25 თებერვალს, სწორედ იმ დღეს როდესაც თბილისს ბოლშევიკები იპყრობდნენ. შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიის ისტორიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიზოდია საქართველოს და შვედეთის სამეფოს ურთიერთობები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წარმოგიდგენთ რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება და ძირითადად ასახავს ოფიციალურ მიმოწერას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა-გათავისუფლების და გადაადგილების თაობაზე. ამ დოკუმენტებშიც ნათლად ჩანს ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც სკანდინავიურ ქვეყნებს და განსაკუთრებით შვედეთს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ ჰქონდათ. შვედეთში საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რადგან ჯერ კიდევ 1900-იანი წლების დასაწყისში, შვედეთის დედაქალაქი და განსაკუთრებით იქ მდებარე გერმანიის საელჩო წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს ევროპაში. 1916 წლის დეკემბერში შედგენილი აგენტურული ცნობის თანახმად, ივანე ჯავახიშვილი ფარულად იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანიის ელჩთან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე.[1] იყო აქტიური კავშირი „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტთან“, რომელიც ამ პერიოდში ევროპაში მოქმედებდა. კავკასიის სამოქალაქო საკითხებში საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისნაცვლისადმი წარდგენილი აგენტურული ცნობა, ივანე ჯავახიშვილის შესახებ, სადაც ნახსენებია მისი შვედეთში ფარული ვიზიტი: “ჯავახოვი, ვითომ და ინკოგნიტოდ იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ საქართველოს საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოა გერმანიის ელჩთან. ამ მოლაპარაკების შინაარსი დიდ საიდუმლოდ არის შენახული. ჯავახოვი-ისტორიკოსი, ავტონომიის და ფედერალიზმის მხურვალე მხარდამჭერი, თავის დასკვნებს ამყარებს ისტორიულ დოკუმენტებზე.” 15 დეკემბერი 1916 წელი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი. შესაბამისად, რუსეთთან დაპირისპირებულ ძლიერ ევროპულ ქვეყანაში სრულფასოვანი საელჩოს ქონა, რომელიც ასევე დაფარავდა სხვა სკანდინავიურ ქვეყნებსაც, გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის, როგორც ახლად შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. შვედეთი პირველ მსოფლიო ომში ნაკლებად დაზარალდა. შვედურ პოლიტიკაში პრო-გერმანული განწყობების მიუხედავად, ქვეყანამ თავიდანვე გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და ომის მსვლელობის პირველ წლებში განაგრძობდა ვაჭრობას როგორც მოკავშირეთა ქვეყნებთან, ასევე გერმანიასთანაც. ეს მდგომარეობა 1917 წლამდე გაგრძელდა, სანამ შვედეთის რკინის ექსპორტი შემცირდებოდა, რის შემდეგაც ქვეყანაში წარმოიშვა სასურსათო კრიზისი და დაიწყო არეულობები. შედეგად, კონსერვატორთა მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო და მათ მაგივრად სათავეში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ.[2] ბუნებრივია,თავად შვედეთის ინტერესს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ წარმოადგენდა ის ბუნებრივი რესურსები და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ქვეყანას გააჩნდა. მანგანუმის საბადოები იმ პერიოდის სამხედრო ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მთელს მსოფლიოში, ზემო იმერეთის რეგიონები კი მდიდარი იყო ამ წიაღისეულით. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ბაქოს ნავთობის საბადოები, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე იყო, ხოლო ტრანსპორტირების ერთადერთი გზა საქართველოს გავლით, ბათუმის პორტზე გადიოდა.[3] იდეოლოგიური თანხვედრა სოციალ-დემოკრატიულ მთავრობებს შორის დამატებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა, ამ ყველაფერმა კი ხელი შეუწყო შვედეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებას. 1918 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოებში დაეფუძნებინა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და ამისათვის საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა წერილობით მიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იოჰანეს ჰელნორეს (Johannes Hellnor). ჩხენკელმა საქართველოს მთავრობის სახელით შვედეთის მთავრობას წარუდგინა შვედეთში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მიხეილ (მიხაკო) წერეთლის კანდიდატურა და გამოხატა იმედი მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მიხეილ (მიხაკო) წერეთელი მიხაკო წერეთლის ელჩად დანიშვნის თაობაზე, 1918 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბერლინიდან წერდა: „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას სურს, შვედეთის სამეფო უდიდებულესობის მთავრობასთან ურთიერთობებში შევიდეს და ამ მიზნით დანიშნოს წარმომადგენელი შვედეთის სამეფო მთავრობასთან, რესპუბლიკის მოქალაქე, ბატონი მიხეილ წერეთელი. რესპუბლიკის მთავრობა იმედოვნებს, რომ ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქე, ბატონი მიხეილ წერეთელი, სამეფო ხელისუფლებასთან მოიპოვებს ნდობას, რაც ხელს შეუწყობს მას მისიის შესრულებაში. გთხოვთ, თქვენი უდიდებულესობის მთავრობას მიხეილ წერეთელმა წარუდგინოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით რწმუნებათა სიგელი.“ აკაკი ჩხენკელის წერილი ბერლინიდან მიხაკო წერეთლის ელჩად წარგზავნის თაობაზე. 1918 წლის 14 ოქტომბერი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. შვედეთის მთავრობის მხრიდან აგრემანის მიღების შედეგად 1918 წლის 19 ოქტომბრისათვის მიხაკო წერეთელი ოფიციალურად ჩავიდა სტოკჰოლმში რწმუნებათა სიგელების გადასაცემად შვედეთის მეფე გუსტავ V (Gustaf V) და შეუდგა დიპლომატიურ საქმიანობას. საელჩო დროებით ფუნქციონირებდა სასტუმრო „რეგინა“-ში (Hotel Regina), ხოლო მოგვიანებით კი (1919 წლის 16 იანვარისათვის) საქართველოს საელჩო განთავსდა ქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში, ტეგნერლუნდენის ქუჩის №3-ში მდებარე შენობაში. შვედეთში საელჩოს გახსნის მთავარი მიზანი ორი იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და განვითარება. მიხაკო წერეთლის წერილი, რომლითაც ის ატყობინებდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ იმყოფება სტოკჰოლმში და მზად არის შესახვედრად, 19 ოქტომბერი, 1918 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. შენობა სტოკჰოლმში, ტეგნერლუნდენის ქ. №3, სადაც მდებარეობდა საქართველოს საელჩო. თანამედროვე ფოტო. წყარო: google maps. 1918 წლის 26 ნოემბერს, მიხაკო წერეთლის სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (ის საქართველოში დაბრუნდა და თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა), შვედეთში ელჩად დაინიშნა არისტოტელე (არისტო) ჭუმბაძე. აღსანიშნავია ისიც, რომ საელჩოს გადაბარების საკითხი და ჭუმბაძის როტაცია გაჭიანურდა, ხოლო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელნერმა, მიხაკო წერეთელს შვედეთში დარჩენის უფლება მისცა და მას პასპორტი შესაბამისი ვადით გაუგრძელა. არისტო ჭუმბაძე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰელნერის წერილი მიხაკო წერეთლისადმი სტოკჰოლმში დარჩენის შესაძლებლობის თაობაზე. 21 იანვარი, 1919 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ოფიციალურ სტოკჰოლმთანდა ოსლოსთან აქტიური მუშაობა ვერსალის საზავო კონფერენციაზე ამ ქვეყნების წარმომადგენლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოიხატა იმაში, რომ 1920 წელს ერთა ლიგაში შეიქმნა საქართველოს გაწევრიანების საკითხზე სამდივნო, რომლის აქტიური წევრიც იყო შვედი დეპუტატი თეოდორ ადელსვორდი (Theodor Adelsward, ყოფილი ფინანსთა მინისტრი 1911-1917 წლებში) და ცნობილი ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი და მთავარი მხარდამჭერი ფრიტიოფ ნანსენი (Fritiof Nansen, 1922 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრიზი). სწორედ მათი და აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციების აქტიური მუშაობით მოხდა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დე იურედ აღიარება. თეოდორ ადელსვორდი ფრიტიოფ ნანსენი საქართველოს საელჩომ, ფინანსური სიდუხჭირის გამო,შვედეთის სამეფოში დიდხანს ვერ იფუნქციონირა და 1920 წლის ივნისში ელჩი, არისტო ჭუმბაძე,იძულებული გახდა დაეხურა საელჩო. მისი მოვალეობების შესრულება კი ბერლინში საქართველოს წარმომადგენელს, ვლადიმერ ახმეტელს დაეკისრა.[4] გამოსამშვიდობებელ წერილში, 1920 წლის 14 ივნისს,არისტო ჭუმბაძე საგარეო საქმეთა მინისტრს წერდა: „თქვენი მძლავრი მხარდაჭერით, ქართველი ხალხის ინტერესების წარმომადგენელი ვიყავი. ქართველმა ხალხმა არასოდეს უნდა დაივიწყოს ის მორალური მხარდაჭერა, რომელიც შვედეთმა აჩვენა რთულ პერიოდში, რაც გამოიხატა ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის ფაქტობრივი აღიარებით. ორივე ხალხის ინტერესი კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო აქტიურ მიდგომას მოითხოვს, ამიტომ მე მივდივარ იმ იმედით, რომ თქვენი აღმატებულება მომავალში კვლავ აღმოგვიჩენს თავის გავლენიან მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელების გზაზე.“ არისტო ჭუმბაძის გამოსამშვიდობებელი წერილი, 14 ივნისი, 1920 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. სამწუხაროდ, საქართველოს საელჩოს მუშაობა შვედეთში ძალზედ ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საელჩოს დაფუძნების დროს დასახული მიზნების ნაწილი, მაინც მიღწეული იქნა. იმას, თუ რატომ ვეღარ გაგრძელდა და განვითარდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, კარგად ასახავს მოკლე ამონარიდი 1920 წლის გაზეთიდან - „საქართველოსრესპუბლიკა“, რომელიც იტყობინებოდა: „სკანდინავიაში მყოფი საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი არისტო ჭუმბაძე საქართველოში დაბრუნდა. მანაღნიშნა, რომშვეცია, ნორვეგია, დანია ის ქვეყნები არიან, ვინც პირველად აღიარას აქართველოს დამოუკიდებლობაო. მისივეთქმით, ადგილობრივმა პრესამ დიდი ინტერესი გამოიჩინა საქართველოს მიმართ. სავაჭრო წრეები ძლიერ დაინტერესებულან, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ერიდებიანო“.[5] კერძო და თუნდაც სამთავრობო კომპანიებისთვის ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო იმ რეგიონში შესვლა, რომელსაც გამუდმებით ემუქრებოდა ბოლშევიკური რუსეთისგან მომდინარე საფრთხე. რუსეთის სათავეში მოსვლისთვის მებრძოლი ანტიბოლშევიკურ რევოლუციურ ძალებს, ე.წ. „თეთრ მოძრაობას“ რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოები უჭერდნენ მხარს. „თეთრებმა“ პოზიციები ნელ-ნელა დათმეს და 1920 წლისთვის უკვე ჩრდილო კავკასია საბოლოოდ დაკარგეს, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ევროპის ქვეყნების პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაშიც. ბოლშევიკები გაბატონდნენ ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში, მალევე „გააწითლეს“ სომხეთიც და უკვე რთული მისახვედრი არ იყო, რომ რიგში იდგა საქართველოს ოკუპაციის საკითხი. მცირე ხანში, დიდი რესურსების ფლობის გამო და გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, ბოლშევიკებთან საერთო ენის გამონახვა დაიწყეს ჯერ ბრიტანეთმა და შემდეგ ევროპის ზოგიერთმა სხვა ქვეყანამაც, რამაც შვედეთის დარ, მეგობარ ევროპულ სახელმწიფოებს საქართველოს დახმარების შანსები აღარ დაუტოვა... [1] https://idfi.ge/ge/ivane_javakhishvili_and_georgias_independence [2] Siney, Marion C. (1975). "Swedish neutrality and economic warfare in World War I". Conspectus of History. [3] იხ.: Ghambashidze, David (1918), The Caucasian petroleum industry and its importance for Eastern Europe and Asia, Londra, The Anglo-Georgian Society. [4] http://sweden.mfa.gov.ge/ [5] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი, 2018 გვ.529.
  2. „ელცინ ცენტრის“ არქივში დაცული დოკუმენტები საქართველოს შესახებ სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია21 ივლისი 2020 რუსეთში, ბორის ელცინის მშობლიურ ურალის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში 2015 წლიდან ფუნქციონირებს მისი სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი („ელცინ ცენტრი“). ცენტრში მთავარი ადგილი უჭირავს ბორის ელცინის სახელობის მუზეუმს, აქვე მოქმედებს განყოფილებები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ბორის ელცინის არქივი. აღნიშნული არქივის 11 ფონდი ონლაინ არის ხელმისაწვდომი - შესაძლებელია ისევე როგორც დოკუმენტების დათვალიერება, ასევე მათი ასლების გადმოწერა. ფონდებში დაცულია ბორის ელცინის პირადი დოკუმენტები, ასევე რუსეთის პრეზიდენტის აპარატის მიერ გამოცემული ოფიციალური დოკუმენტების ასლები და ფოტოები. ფონდებში საქართველოს შესახებ რამდენიმე ათეული დოკუმენტია დაცული, რომელთა ეტაპობრივ ანალიზს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) შემოგთავაზებთ. ელცინ ცენტრის საქმიანობა რუსეთში ერთგვარად არ არის აღქმული: ცენტრის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს გამოდიოდა გავლენიანი საზოგადო მოღვაწე ნიკიტა მიხალკოვი, ცენტრის შენობასთან აქციებს მართავდნენ პარტია ЛДПР-ის წარმომადგენლები, 2016 წელს, 6000-ზე მეტმა აქტივისტმა პორტალზე change.org მოაწერა ხელი პეტიციას ელცინ ცენტრის დახურვის მოთხოვნით, რადგან მათი აზრით ის ამახინჯებდა ისტორიას. ცენტრის საქმიანობას არაერთხელ შეუშალეს ხელი იმ მოტივით, რომ იქ ხშირად უთმობდნენ სივრცეს ლიბერალებს. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველოსთან დაკავშირებული დოკუმენტების ჩამოტვირთვა და სხვა, უფრო დაცულ ადგილას შენახვა, რადგან არავინ იცის თუ როდის შეექმნება ცენტრს და მის ელექტრონულ ვებ-გვერდს ფუნქციონირების პრობლემა. მით უმეტეს არსებობს არაერთი ფაქტი, როდესაც რუსეთის არქივებმა უკვე გამოქვეყნებული დოკუმენტებს ხელახლა მიანიჭეს გრიფი - საიდუმლო. გთავაზობთ „ელცინ ცენტრში“ დაცული დოკუმენტების პირველ ნაწილს ჩვენი ანალიზით, რომელიც ეხება ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის (1991 წელი) პერიოდს. IDFI-ს მიერ გაანალიზებული ხუთი დოკუმენტი შეეხება ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდს, როდესაც ის ჯერ კიდევ თბილისში იმყოფებოდა, იქამდე სანამ სამოქალაქო ომის გამო არჩეული პრეზიდენტი იძულებული გახდა დედაქალაქი დაეტოვებინა. პარალელურად, 1991 წელს მოსკოვში ადგილი ჰქონდა საკმაოდ საინტერესო მმართველობის ფორმას, რომელსაც შეგვიძლია ერთგვარი ორხელისუფლებიანობაც კი ვუწოდოთ. საბჭოთა კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკები იყენებდნენ კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებას და ერთი მეორის მიყოლებით გადიოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, ამ პროცესს ისტორიოგრაფიაში „სუვერენიტეტების აღლუმი“ ეწოდა. მათ შორის 1990 წლის 12 ივნისს, სუვერენიტეტი გამოაცხადა რუსეთის ფედერაციამაც, რომლის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ რამდენიმე დღით ადრე ბორის ელცინი აირჩიეს (1990 წლის 29 მაისს). საბოლოოდ, საბჭოთა იმპერიის ოფიციალური დაშლა 1991 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა, ხოლო დაახლოებით წლინახევრის მანძილზე არსებობდა ისევე როგორც საბჭოთა კავშირი, ასევე რუსეთის ახლადდაარსებული ფედერაცია. საქართველოს ხელისუფლებამ და ზვიად გამსახურდიამ კავშირი გაწყვიტა საბჭოთა კავშირთან (ოფიციალურად 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმით და 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებით) და ცდილობდა საერთო ენა გამოენახა ბორის ელცინის ადმინისტრაციასთან. 1991 წელს, ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები პრობლემურ, სამხრეთ ოსეთის საკითხზე, სადაც 1989-1990 წლებში ადგილი ჰქონდა პერმანენტულ არეულობებს, სეპარატიზმის გამოვლინებას და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ გამოსვლების აღკვეთას. 23 მარტს პოლიტიკოსები ერთმანეთს ყაზბეგში შეხვდნენ და შეიმუშავეს პროტოკოლი, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონში ერთობლივი ძალებით კონტროლის და სტაბილურობის დამყარებას. აღნიშნულ საკითხს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ცხინვალში, სადაც 26 მარტს გაიმართა აქცია ლოზუნგით - „Позор Ельцину за сговор с грузинскими фашистами!“ („სირცხვილი ელცინს ქართველ ფაშისტებთან შეკვრის გამო!“). ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინს შორის ყაზბეგში მიმდინარე შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა (23 მარტი, 1991 წელი) 1991 წლის აპრილის დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში საბჭოთა კავშირის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები შევიდნენ. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ტარდებოდა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი და ქვეყანა გამოეყო საბჭოთა კავშირს. ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა (ზნაური) და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11,376 იყო. გაიცა 10,182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10,180 ამომრჩეველმა (99,68%). პარალელურად, სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს კონტროლქვეშ არ იყო, ადგილობრივმა სეპარატისტებმა მოახერხეს და ჩაატარეს 17 მარტის საერთო-საბჭოთა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების შესახებ. სამხრეთ ოსეთის ოლქის ამომრჩევლების 99%-მა თანხმობა განაცხადა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებაზე და მასში დარჩენაზე. საქართველომ უარი თქვა რეფერენდუმში მონაწილეობაზე, საბოლოო ჯამში კი სწორედ აღნიშნული კაზუსი გახდა საფუძველი იმისა, რომ საბჭოთა კავშირის არმიის ქვედანაყოფი ცხინვალში შესულიყო (ერთ-ერთ ტელეგრამაში ზვიად გამსახურდია ბორის ელცინთან სწორედ ამ ფაქტზე აპელირებს). დოკუმენტებს შორის არის 1991 წლის 23 მარტის ყაზბეგის პროტოკოლის სამუშაო ვარიანტი, როდესაც გამსახურდია საქართველოს მხრიდან და ელცინი რუსეთის მხრიდან შეთანხმდნენ სამხრეთ ოსეთის საკითხის საერთო გაკონტროლებაზე. პროტოკოლის ხელმოწერიდან 4 დღეში, 1991 წლის 27 მარტს ზვიად გამსახურდიას მიუვიდა ელცინის მიერ საკმაოდ მკაცრი ტონით შედგენილი ტელეგრამა იმის შესახებ, რომ ერთი მხრივ ქართული სახელმწიფო ტელევიზია ამახინჯებდა პროტოკოლის შინაარს და ისე გადასცემდა ეთერში, მეორე მხრივ კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები კვლავ მიმდინარეობდა და ქართველები ეროვნული ნიშნით ძალადობენ ადგილობრივებზე. როგორც უკვე ვახსენეთ, 1991 წლის აპრილის დასაწყისში, საბჭოთა კავშირმა ჩრდილოეთ ოსეთიდან როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში ჯარები შეიყვანა. ზვიად გამსახურდია, თავის 7 აპრილის ტელეგრამაში ელცინთან გამოხატავდა უკმაყოფილებას ცხინვალში საბჭოთა რეგულარული ჯარების შეყვანის გამო და საქართველოს „ახალ ავღანეთად“ მოიხსენიებდა. ელცინის ცენტრის არქივში ინახება 1991 წლის კიდევ ორი დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების გარეშე ოფიციალური პირების რუსეთთან კულტურული კავშირების აღდგენის მცდელობას. ერთი მათგანია საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ტელეგრამა (11 ივლისი, 1991 წელი), რომლითაც ის ელცინს ულოცავს არჩევას და მეორე კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის ანალოგიური მილოცვა და შეთავაზება, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის თაობაზე (24 ივლისი, 1991 წელი). საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ტელეგრამა (11 ივლისი, 1991 წელი) წარმოგიდგენთ ამ დოკუმენტების ქართულ თარგმანს, გარდა ამისა, დანართის სახით შეგიძლიათ იხილოთ ყველა დოკუმენტი ორიგინალურ, რუსულ ენაზე. 1. ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 57, ფურცელი 176-177 - რსფსრ და საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები (ელცინი ბ., გამსახურდია ზ.). რსფსრ და საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების შეხვედრის და მოლაპარაკების პროტოკოლი (23 მარტი, 1991 წელი). Ф. 6. Оп. 1. Д. 57. Л. 176-177 - Председатель Верховного Совета РСФСР и Республики Грузия (Ельцин Б., Гамсахурдия 3.). Протокол о встрече и переговорах Председателя Верховного Совета РСФСР и Председателя Верховного Совета Грузии (23.03.1991г.). პროტოკოლი რსფსრ და საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების შეხვედრის და მოლაპარაკების შესახებ 1991 წლის აპრილის განმავლობაში მომზადდეს ხელმოსაწერად შეთანხმების პროექტი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე რსფსრ-სა და საქართველოს რესპუბლიკას შორის, რისთვისაც შეიქმნას მუშა ჯგუფები. რეგიონში, ყოფილ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ერთობლივი მოქმედებების შესახებ ხელშეკრულებით, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე: 1) რსფსრ-სა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროები 10 დღის განმავლობაში ქმნიან ერთობლივ კომისიას აღნიშნულ რეგიონში სიტუაციის შესწავლის მიზნით და 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტური შეფასებისთვის. 2) რსფსრ-სა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროები 10 აპრილამდე ქმნიან მილიციის საერთო შენაერთს, ყოფილ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში მოქმედი ყველა არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირების განიარაღების მიზნით. შენაერთს ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაციის განმუხტვამდე. 3) საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროსთვის მიმართვა, ყოფილ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში სამხედრო ნაწილების დისლოცირების თაობაზე. 4) რსფსრ, საქართველოს რესპუბლიკის, ჩრდილო-ოსეთის სსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მუშაობა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილების დასაბრუნებლად. უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების სამართლებრივი ორგანოების აღდგენა. 5) საქართველოს რესპუბლიკის, რსფსრ და ჩრდილოეთ-ოსეთის მთავრობებმა შექმნან ლტოლვილთათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და გამოყონ დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება აღნიშნული ზარალის კომპენსირებისთვის. 6) შექმნილი კომისიის და შენაერთის საბოლოო მიზნად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობის და სიწყნარის დამყარება. 7) შეიქმნას მუდმივმოქმედი ჯგუფი პროტოკოლის შესრულების გასაკონტროლებლად და მიმდინარე საკითხების გაფართოების მიზნით. ხელმოწერები: რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბ.ელცინი საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ზ.გამსახურდია ყაზბეგი, 23 მარტი, 1991 წელი. 2. ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 59, ფურცელი 27 - რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ბ.ელცინის მიმართვა საქართველოს უმაღლეს საბჭოს და ზ.კ.გამსახურდიას მიმართ რათა მიიღოს ზომები რესპუბლიკის ტერიტორიაზე სისხლისღვრის შესაჩერებლად (ტელეგრამის ასლი) (27 მარტი, 1991 წელი) Ф. 6. Оп. 1. Д. 59. Л. 27 - Председатель Верховного Совета РСФСР Ельцин Б.Н. Обращение Председателя Верховного Совета РСФСР Б.Н. Ельцина в Верховный Совет Грузии к З.К.Гамсахурдиа принять меры для прекращения кровопролития на территории республики (копия телеграммы) (27.03.1991г.) ტელეგრამა სამთავრობო ქ.თბილისი, საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ზ.კ. გამსახურდია პატივცემულო ზვიად კონსტანტინეს ძევ! ვთვლი საჭიროდ კიდევ ერთხელ დავადასტურო რუსეთის ფედერაციის განზრახვა, საქართველოს რესპუბლიკასთან სახელმწიფოთაშორისი კეთილსინდისიერი კონტაქტების განვითარების თაობაზე, ჩვენი ქვეყნების საერთო ჰუმანისტური ტრადიციების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შორის მიღწეული შეთანხმებები, რომლების მიმართულია სამხრეთ ოსეთში მშვიდობის და წესრიგის დასამყარებლად, განუხრელად იქნება დაცული. ამასთან ერთად ჩვენ შეწუხებული ვართ ჩვენი შეხვედრის პროტოკოლის არაადეკვატური განმარტებით საქართველოს რესპუბლიკის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. უფრო მეტად ჩვენ გვაღელვებს საქართველოდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან მიღებული ინფორმაციები, კვლავ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების და არაკანონიერი ფორმირებების შესახებ, ეროვნული ნიშნით ძალადობის შესახებ ზნაურის რაიონში და სხვა ადგილებში. დაჟინებით გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი რაც საქართველოს რესპუბლიკაზეა დამოკიდებული რათა შეწყდეს სისხლისღვრა რესპუბლიკის ტერიტორიაზე და უზრუნველყოთ სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მიმართული, ჩვენი საერთო გადაწყვეტილებების აღსრულება. ჩვენი მხრიდან შევუდგებით განსაზღვრული ზომების მიღებას. რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბ.ელცინი 27 მარტი, 1991 წელი 3. ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 57, ფურცელი 178-179 - საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ზ.გამსახურდია. ცხინვალში საბჭოთა რეგულარული ჯარების შეყვანის თაობაზე (07.04.1991) (ასლი) Ф. 6. Оп. 1. Д. 57. Л. 178-179 - Председатель Верховного Совета республики Грузия З.Гамсахурдия. О вводе в г.Цхинвали советских регулярных частей (07.04.1991г.) (копия) ა.ნ! ბ.ნ.-ს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ზ.გ.-სთან ამის შესახებ შაბათს 07.04.1991. ვ.ი. საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განცხადება საბჭოთა რეგულარული ნაწილების შეზღუდული კონტიგენტი, რომელიც ფეხქვეშ თელავს საქართველოს სუვერენიტეტს, ქალაქ ცხინვალში შევიდა. აქციის დაწყების წინა დღეს ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ სსრკ-ის ხელისუფლება თავს შეიკავებდა აღნიშნულ რეგიონში შემდგომი დესტაბილიზაციისგან. საბჭოთა და მსოფლიო საზოგადოება კარგად იცნობს იმ ტრაგიკულ შედეგებს, რაც „შეზღუდული კონტიგენტის“ ავღანეთში შეყვანას მოჰყვა, ჩვენ სამხედრო მოსამსახურეების ხალხის წინააღმდეგ გამოყენების ჩვენი გამოცდილებაც გვაქვს. ათწლეულების განმავლობაში, დიქტატორულ-ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა მატერიალურ და სულიერ გაღატაკებამდე მიიყვანა, საბჭოთა საზოგადოების ყველა უბედურებას „გარეშე მტერს“ აბრალებდა. ბოლო დროს, ეკონომიკური განადგურების პირობებში, ხდება „შიდა მტრის“ სახის კულტივირება დემოკრატიული მოძრაობის, ერების სახით, რომლებიც თვითგამორკვევის უფლების რეალიზების გზაზე დგანან. საქართველოს ახალბედა, დემოკრატიულ მთავრობას არ განუცხადებია საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან დაუყონებლივ გამოსვლის თაობაზე მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ის კონსტიტუციის მიხედვით, მას ამის უფლება ჰქონდა, საკუთარ თავზე აიღო აუცილებლობა, რომ არ დაეზიანებინა ეკონომიკური და შიდა კავშირები სხვა რესპუბლიკებთან ჩვენთვის აუცილებელ გარდამავალ პერიოდში. მეტიც, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად განვაცხადეთ, რომ მომავალშიც, როდესაც მოვიპოვეთ სრულ სამთავრობო დამოუკიდებლობას, ჩვენ ვაპირებთ, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირები რუსეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან - ჩვენს პირდაპირ მეზობლებთან, ასევე - სხვა რესპუბლიკებთან. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ საბჭოთა ხელისუფლება გაგებით მოეკიდებოდა ჩვენს კონსტრუქციულ პოზიციას, თუმცა იგი ბოლო დროს სულ უფრო იხრება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ნაციონალური პრობლემების ძალადობრივი გზით გადაჭრისკენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულმა წრეებმა მიზნად დაისახეს საქართველოს მიწაზე ახალი ავღანეთის მოწყობით საბჭოთა ხელისუფლების ყურადღების გადატანა მაღაზიების ცარიელი თაროებიდან, მასობრივი დემონსტრაციებიდან და გაფიცვებიდან, რომლებმაც ქვეყანა მოიცვეს. ვიმედოვნებთ, რომ სსრკ-ის ხელისუფლება ამ კრიტიკულ მომენტში გამოავლენს ჯანსაღ აზრს და არ გამოვა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ინტერვენციის ინიციატივით, როგორც სამოქალაქო ომის ინიციატორი საკუთარ ქვეყანაშივე. თბილისი, 7.04.91 საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ზ.გამსახურდია 4. Ф. 6. Оп. 1. Д. 237. Л. 176 - Каталикос всея Грузии Илия II. Поздравление по случаю избрания на пост Президента России (11 июля 1991 г.). ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 57, ფურცელი 178-179 - სრულიად საქართველოს კათალიკოსი ილია მეორე. რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის მილოცვა (11 ივლისი, 1991 წელი). მოსკოვი, კრემლი, მის აღმატებულება ბორის ნიკოლოზის-ძე ელცინს, რსფსრ პრეზიდენტს. თქვენო აღმატებულებავ, ღრმადპატივცემულო პრეზიდენტო. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას და მოვალეობის შესრულების დაწყებას. საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები სიხარულით და იმედით შეხვდნენ ამ ისტორიულ მოვლენას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძმური ურთიერთობა ჩვენ ერთმორწმუნე ერებსა და სუვერენულ სახელმწიფოებს შორის სამომავლოდ უფრო გაღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და კეთილდღეობას თქვენს უმაღლეს და საპასუხისმგებლო საქმეში. ღმერთი, სიყვარული და მშვიდობა იყოს თქვენთან და ჩვენ შორის. ღრმა პატივისცემით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. 5. ფონდი 6, აღწერა 1, საქმე 57, ფურცელი 176-177 - საქართველოს რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნ. ახალკაცის შემოთავაზება, რუსეთსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის თაობაზე და მატჩზე მიწვევა (24 ივლისი, 1991 წელი). Ф. 6. Оп. 1. Д. 235. Л. 1-2 - Президент Федерации футбола Республики Грузия Ахалкаци Н. Предложение о проведении товарищеского матча между сборными командами по футболу России и Грузии и приглашение на матч (24 июня 1991 г.). ვ.ნ. მაჩუგას გადაწყვიტეთ ეს საკითხი თქვენი არხებით, ურთიერთობათა განვითარების საერთო კონცეფციიდან გამომდინარე. ვ. იულიშინი 26 ივლისი 1991 წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 24 ივნისი, 1991 წელი ღრმად პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ! ნება გვიბოძეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს 110 საფეხბურთო კლუბს, მხურვალედ და გულითადად მოგილოცოთ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს თანამდებობაზე არჩევა. 1991 წლის 12 ივნისი ისტორიაში შევა, როგორც უდიდესი ზეიმის დღე არა მხოლოდ რუსეთის დემოკრატიული ძალებისთვის, არამედ მთელი პროგრესული საზოგადოებისთვის. თქვენი პოლიტიკური სიბრძნით თქვენ აწარმოებდით საპრეზიდენტო კამპანიას მოზომილად, თავდაჯერებით და თქვენი პროგრესულობის, კეთილისმსურველობის, თავშეკავებულობის, თავმდაბლობის და წესრიგის სიყვარულის გამო თქვენ დაიმსახურეთ გულითადი სიყვარული და ღრმა პატივისცემა. ამ დიდი მოვლენის და სამომავლო თანამშრომლობის გამტკიცებისა და გაღრმავების ღირსსახსოვრად, ნება გვიბოძეთ განსახილველად წარმოგიდგინოთ წინადადება, რუსეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის თაობაზე. ღრმა პატივისცემით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნ.ახალკაცი „ელცინ ცენტრის“ არქივში დაცული დოკუმენტები საქართველოს შესახებ