Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'დიდი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 9 results

  1. დიდი საჯდომის მოყვარულებს გაუხარდებათ, რადგან აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დიდია საჯდომი მით გამჭრიახია მისი მფლობელის გონება. ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებს დიდსაჯდომიანი ქალები მხოლოდ ამ ''ღირსების'' გამო არ უყვართ. საქმე უფრო სერიოზულადაა. ქვეცნობიერად გრძნობენ, რომ კარგი დუნდულების მქონე ქალი ჭკვიან შვილებს გაუჩენს. პირველ რიგში შედეგის თანახმად - დიდი დუნდულების მქონე ქალები, როგორც წესი უფრო მაღალ ინტელექტუალურ დონეზე არიან, ვიდრე გამხდრები. ვლევაში ყველა ასაკის, 16 ათასმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ დიდსაჯდომიანი ქალის სხეულში მეტი რაოდენობით ცხიმმჟავა, ომეგა-3 შეინახება, რაც ტვინთან პირდაპირკავშირშია და დიდ გავლენას ახდენს მისი განვითარების პოტენციალზე. ასე ის გაცილებით ჭკვიანია, თანაც ფეხმძიმობისას ან ძუძუთი გამოკვებისას შვილებსაც ამ მჟავას გადასცემს. დიდ დუნდულიანი ქალების სისხლში ქოლესტერინის დონეც დაბალია, მეტაბოლიზმი დაჩქარებულია, სხეული მეტად მოქნილია და შაქარსაც კარგად გადაამუშავებს. შესაბამისად, ასეთ ქალებს დიაბეტით დაავადების ან გულის პრობლემების ნაკლები შანსი აქვთ. გარდა ამისა ამ ქალების სისხლში დიდი რაოდენობითაა ჰორმონი "ლეპტინი", რომელიც არეგულირებს სხეულის წონას. ამიტომ, მათ ზედმეტი წონის საშიშროებაც ნაკლებად ემუქრებათ. არსებობს მოსაზრებები, რომ იშვიათად ცივდებიან და საერთო ჯამში დიდხანს ცოცხლობენ. მოკლედ, გშურდეთ დიდსაჯდომიანი ქალების და არა დიდმკერდიანების. პენი ლეინი ხოოო ვაამმბოოობბდიიიი რამდენად ჭკვიანია ქალი თუ გაინტერესებს ტრაკზე უნდა დააკვირდე!
  2. იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის დაპირებული რეფორმა, რომელსაც გადატვირთული სასამართლოს პრობლემა უნდა მოეგვარებინა. რატომ ვერ მოახერხა იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული რეფორმის ბოლომდე მიყვანა? რა როლი მიუძღვის ქართულ სასამართლო სისტემაში გაბატონებულ ე.წ. ,,კლანს’’ აღნიშნული რეფორმის ჩავარდნაში? წლების განმავლობაში გაჭიანურებული სასამართლო დავები და მართლმსაჯულების მოლოდინში მყოფი ბიზნესმენები. The post დიდი ფულის პალატა appeared first on MONITORI.
  3. ინდოეთის კრიპტოვალუტის უდიდესმა ბირჟამ, Unocoin-მა Blockchain-ზე დაფუძნებული Unstoppable Domains-ი მიიღო. პროგრამა კრიპტო ოპერაციებს ამარტივებს. ეს კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ინდოეთის მთავრობა კრიპტო ვაჭრობის აკრძალვას აპირებს. პარტნიორობას, Unocoin–სა და Unstoppable Domains–ს შორის, ინვესტორი ტიმ დრეიპერი აფინანსებს. ამით ის სავარაუდოდ შეამცირებს ფულადი გზავნილების ხარჯებს და გაამარტივებს გარიგების პროცესს 1,2 მილიონი მომხმარებლისთვის. შეუჩერებელი დომენები კრიპტო მისამართებს აქცევს დეცენტრალიზებულ ვებსაიტებად, რომლებიც მხარაჭერილი იქნება Ethereum და Zilliqa Blockchain-ით. ნაცვლად იმისა, რომ 42 სიმბოლოიანი Blockchain მისამართზე გაგზავნოს მომხმარებელმა ინფორმაცია, შეუჩერებელი დომენები კლიენტებს საშუალებას აძლევს შექმნან მარტივი URL- ები, რომლებიც მთავრდება “.crypto” და “.zil” დომენით. მათი შეძენა მხოლოდ ერთხელ არის საჭირო, შემდეგ კი სამუდამოდ იარსებებს Blockchain-ზე, განახლების ან შენარჩუნების საფასურის მოთხოვნის გარეშე. შეუჩერებელი დომენების დეცენტრალიზებული ასპექტი განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ინდოელი კრიპტომომხმარებლებისთვის. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის გამოყენების აკრძალვის შესახებ. The post ინდოეთის უდიდესი კრიპტობირჟა დეცენტრალიზებულ დომენებს დიდი რაოდენობით იღებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. მესინჯერ Telegram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა იმ სახელმწიფოთა მეთაურების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც საკუთარი Telegram-არხები გასული კვირის განმავლობაში გახსნეს. მესინჯერის მომხმარებლები გახდნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი და ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ. რუსული “ნოვაია გაზეტას” ცნობით, მათ გარდა, Telegram -არხები გახსნეს უკრაინის, უზბეკეთის, მექსიკის, ტაივანის მეთაურებმა,ასევე ისრაელის, სინგაპურის და ეთიოპიის პრემიერ-მინისტრებმა. დუროვი ვარაუდობს, რომ ეს არის “უდიდესი ციფრული მიგრაცია კაცობრიობის ისტორიაში”. მან ასევე აღნიშნა, რომ Telegram-არხები გახდა ერთადერთი პირდაპირი გზა “აზრთა ლიდერებისთვის”, რათა თავიანთ აუდიტორიასთან საიმედო კავშირი დაამყარონ. Nexta – ტელეგრამ-არხი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბელარუსის პროტესტს. ვინ არიან ისინი? თურქეთის პრეზიდენტი Youtube-ის, Twitter-ისა და Netflix-ის წინააღმდეგ. რატომ და ვინ იმარჯვებს რუსეთის ხელისუფლება Telegram-ის დაბლოკვას უშედეგოდ ცდილობს ”უკვე შეუძლებელია ყურადღება არ მივაქციო ამ პლატფორმას ერთი მარტივი მიზეზის გამო – Telegram– ს დედამიწის მოსახლეობის 7% იყენებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებიც გამოიყენებენ მას ”, – ამბობს მიხეილ კლიმარევი, რუსეთში მოქმედი ინტერნეტის დაცვის საზოგადოების დირექტორი. პოლიტიკოსებს მათი მხარდამჭერებიც მოჰყვნენ. იანვრის დასაწყისიდან Telegram– ის მომხმარებელთა რაოდენობამ 500 მილიონს გადააჭარბა. App Store– სა და Google Play– ში ის აპლიკაციებს შორის პირველი და მეორე ადგილზეა. მომხმარებელთა ასეთი აქტიური შემოდინების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ყველაზე პოპულარული მესინჯერის WhatsApp- ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შეცვლაა. 8 თებერვლიდან მისი მომხმარებლები ვალდებილები იქნებიან ნება დართონ აპლიკაციას მათი პირადი მონაცემები მის მფლობელს, Facebook- ს გაუზიაროს. ახალ პირობებზე უარის შემთხვევაში მომხმარებლები გაითიშებიან. თანაც, ეს არ შეეხება მომხმარებლებს ევროკავშირიდან, სადაც მესამე პლატფორმებზე მონაცემთა გადაცემაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. Telegram– ის დამფუძნებელი პაველ დუროვი 2016 წელს სერვისის აუდიტორიის ზრდაზე საუბრობს. REUTERS/Albert Gea”ახალ მომხმარებელთა ნაკადი Telegram– ში ნამდვილად განპირობებულია იმით, რომ აქამდე გრძელდება დისკუსია სოციალური ქსელების პოლიტიკის გარშემო, კერძოდ, WhatsApp–თან და მის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იწვევს ინტერესს Telegram– ის მიმართ, რომელიც დუროვმა მედიაში უფრო პოზიტიურ და დაცულ პლატფორმად წარმოაჩინა. გარდა ამისა, ვფიქრობ, ეს არის Telegram-არხების საერთო წარმატება, რომელთაც, ეჭვგარეშეა, დღეს ახალი მედია შეიძლება ეწოდოს. მათ იყენებენ ინფორმაციის მისაღებად, რაც მნიშვნელოვნად გამოყოფს დუროვის მესინჯერს კონკურენტებს შორის ”, – ამბობს პროექტ “РосКомСвобода”-ს თანადამფუძნებელი სარქის დარბინიანი. IT სპეციალისტის მიხეილ კლიმარევის აზრით, Telegram–ის პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი იყო აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ყველაზე აგრესიული მომხრეების დაბლოკვა სოციალურ ქსელებში კაპიტოლუმში მომხდარი არეულობის შემდეგ: ”ტრამპი დაიბლოკა Twitter– ზე და ახლა მისი მიმდევრები ცდილობენ სხვა არხები იპოვონ. მას შტატებში ასობით მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა და ამ ადამიანების ნაწილი სხვა საიტებზე გადადის.” მას შემდეგ, რაც Amazon- ის ჰოსტინმა, ასევე Apple და Google-მა უარი თქვეს სოცოალურ ქსელ Parler- ის მომსახურებაზე, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა ძირითადად მემარჯვენე ამერიკელებში, დაიბლოკა ტრამპის ექაუნტები Twitter- ზე, Facebook- სა და Instagram- ზე, მოქმედი პრეზიდენტის მომხრეებმა ახალი პლატფორმის ძებნა დაიწყეს. 9 იანვარს გამოჩნდა Telegram-არხი Donald J. Trump, რომელიც რამდენიმე დღეში 500 ათასზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა. თუმცა, 14 იანვარს Telegram– მა არხი “თაღლითურად” შეაფასა და გამოაქვეყნა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ბევრი მომხმარებლის აზრით, ამ ანგარიშს არაკეთილსინდისიერად იყენებენ. თურქეთი: კატები და ცენზურა Telegram– ის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა არა მხოლოდ ამერიკული აუდიტორიის გამო. 10 იანვარს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსამსახურმა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ WhatsApp- ს ტოვებენ მესინჯერის ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამო. 13 იანვარს ერდოღანის ვერიფიცირებული Telegram-არხი ამოქმედდა, რომელშიც იგი კატების სურათებს აზიარებს და ყოველდღიურ განრიგს აქვეყნებს. არხს უკვე თითქმის 300 ათასი გამომწერი ჰყავს. ფოტო თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ოფიციალური Telegram არხიდანგასული წლის ბოლოს, თურქეთმა Twitter-ი, Facebook-ი, Instagram-ი, YouTube და TikTok-ი დააჯარიმა ახალი კანონის შეუსრულებლობის გამო, რომელიც სოციალურ ქსელებს თურქეთში ოფისის დარეგისტრირებისა და იქ ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლის დანიშვნას ავალდებულებს. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ ასევე დააჯარიმა Google 25,6 მილიონი აშშ დოლარით “საძიებო ბაზარზე დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენებისათვის”. თურქი აქტივისტები ახალ კანონს არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი წარმომადგენლობები ხელისუფლებას არასასურველი კონტენტის კონტროლს გაუადვილებს. ასევე, თურქეთის ხელისუფლება პერიოდულად ბლოკავდა Twitter-ს და YouTube-ს, Wikipedia კი სამი წლის განმავლობაში იყო დაბლოკილი. ამრიგად, ერდოღანის უარი WhatsApp– ზე შეიძლება ჩაითვალოს კამპანიის გაგრძელებად ძირითადი სოციალური ქსელების წინააღმდეგ. ” ვფიქრობ, რომ მომხმარებლების შემოდინება თურქეთიდან და აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნიდან აიხსნება ცენზურის საკმაოდ მაღალი დონით და იმით, რომ თურქეთის, და მაგალითად, ირანის ხელისუფლება მთელი პლატფორმების ბლოკირებას და გამორთვას ხშირად მიმართავენ. ამიტომ, Telegram– ის, როგორც უწყვეტი პლატფორმის წარმატება, რომლის დაბლოკვა არც ისე ადვილია, ვფიქრობ, სწორედ ამგვარი პოლიტიკით არის განპირობებული. და რა თქმა უნდა, სერვისის აუდიტორია კიდევ გაიზრდება, რაც უფრო მეტი იქნება სოციალური ქსელების და მესინჯერების რეგულირება სახელმწიფო ორგანოების მიერ ”, – განმარტავს სარქის დარბინიანი. წყარო: JAMnews
  5. /files/pictures/mirian-745.jpg /files/pictures/logo-usaid.jpg ლევან სეფისკვერაძე როგორც მეღვინეების უმეტესობამ, რაჭველმა მირიან ჭიღვარიამაც ღვინის დაყენება ოჯახში დაიწყო და თავიდან რთველისას სულ რაღაც 80 კილოგრამ ყურძენს წურავდა. დღეს მირიანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მდებარე „ჭრებალოს მარნის“ თანამფლობელია და იმის გარდა, რომ პარტნიორებთან ერთად ცნობილ ნახევრადტკბილ „ხვანჭკარას“ აყენებს, უკვე აქვს საკუთარი მიმართულებაც და სულ მალე ბაზარზე „ჭიღვარიას ღვინის მარნის“ სახელით გამოჩნდება „ბიო“ მეთოდებით მოვლილი ვენახიდან მოწეული ყურძნისგან დამზადებული ღვინოები: ხვანჭკარა, ალექსანდროული, თეთრა, უსახელაური, ტვიში, ბარაკონი, ქვევრის ალექსანდროული, ქვევრის ცოლიკაური-მწვანე და ასევე ჭაჭაც. მირიან ჭიღვარია დიდი ხანია ჩართულია ღვინის ტურიზმში და ტურისტების მიღება და გამასპინძლება მისი ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა. ჭრებალოში მარნის განვითარების პარალელურად მიმდინარეობს სამზარეულოს კეთილმოწყობაც, რაც მთლიანად ტურისტული კუთხით დაიტვირთება. მირიანი პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ერთ-ერთი ბენეფეციარია და აღნიშნული პროექტის ფარგლებში რაჭაში „ღვინის კლუბის“ მიერ გამართული ლექცია-სემინარები სწორედ მის „ღვინის სახლში“ იმართება. მირიან ჭიღვარია, „ჭრებალოს მარანი“: „თავიდან ბევრის მსგავსად მეც ოჯახში ღვინის დაყენებით დავიწყე მეღვინეობასთან ზიარება, მაგრამ როცა მივხვდი, რომ სახლში ღვინის დაყენებით არაფერი გამოვიდოდა, საქმეს უფრო სერიოზულად მოვკიდე ხელი. შემდეგ მეგობარი გახდა პარტნიორი. ხოლო 2019 წელს ჩემი ნათესავების თანადგომით შევქმენით ღვინის კომპანია „ჭრებალოს მარანი“, რომლის ბრენდქვეშ ვაყენებთ კლასიკურ, ნახევრად ტკბილ „ხვანჭკარას“. - რამდენადაც ვიცი, „ბიო“ მევენახეობა-მეღვინეიბითაც ხართ დაინტერესებული... - დიახ, პარალელურად მაქვს ჩემი მიმართულება და ვაყენებ ნატურალურ ღვინოებს ბიოვენახიდან მოწეული ყურძნებიდან. ეს ღვინოები ჯერ არ ჩამომისხია და 2021 წელი იქნება პირველი წელი, როდესაც შევძლებ სახელდობრ ჩემი ღვინის ბოთლში ჩამოსხმას და ბაზარზე გამოტანას. მაქვს ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული მწვანე და სხვა... ასევე გაშენებული მაქვს სადედე ვენახი, სადაც არის ძველი რაჭული ჯიში ბეროულა, რომელსაც ჯერ არ მოუცია ნიშანი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ გადაშენების პირას მყოფ ჯიშზე გავაკეთებ სწორებას და ბეროულა იქნება ჩემი მარნის ერთგვარი სავიზიტო ბარათი. - ღვინის ტურიზმით როდიდან დაინტერესდით? - ღვინის ტურიზმით 2012 წელს დავინტერესდი, როდესაც მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში. იქ ვიყავი მარკეტოლოგიც და ხელმძღვანელიც. მაშინ საკმაო განმოცდილება დამიგროვდა და ახლა უკვე სერიოზულად ვთანამშრომლობ ტუროპერატორებთან. ეს ჩემი ღვინის სახლი სოფელ ჭრებალოში არის ღვინის ტურიზმზე და გასტროტურიზმზე მორგებული. - მცირე მარნებში ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის თქვენი აზრით რა არის ყველაზე ნიშვნელოვანი? - ღვინის ტურიზმში დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, კონტაქტებს და ცნობადობას. მიხარია, რომ თანდათან უფრო მეტი ადამიანი იგებს ჩვენს შესახებ და ვცდილობ ყველანაირად შევუწყოთ ხელი ჩვენი მარნის ტურისტულად განვითარებას. სხვანაირად წინსვლა ვერ იქნება. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, გვაქვს ბიო-ვენახი, რომელსაც მომავალი წლიდან ჩავსვამ აგროტურიზმის მიმართულებაში. ტურისტებს შეეძლებათ მოვიდნენ ვენახში, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სავენახე ოპერაციში და იქვე დააგემოვნონ რაჭული ხილი. - რა გეგმები გაქვთ 2021 წელს? - 2021 წლის თებერვალი-მარტიდან ვგეგმავ განვავითარო გასტრონომიული ტურიზმის მიმართულება. დაწყებული გვაქვს სამზარეულოს მოწყობა და გვექნება ტურისტებზე მორგებული გასტრო-ობიექტი. გვინდა, რომ ჩვენს ახალ რესტორნაში და მარანში როგორც ღვინოზე, ასევე კერძებზე ფასებიც ნორმალური და მისაღები გვქონდეს. - პანდემიამ თქვენს საქმიანობას რა პრობლემები შეუქმნა? - ჩვენი მარანი ამბროლაურიდან 17 კილომეტრითაა დაშორებული და იმის გამო, რომ ტურისტს ხშირად ეზარებოდა მანძილის გავლა - ჭრებალომდე ვერ ჩამოდიოდა. ჩვენ ამან არ შეგვაშინა და პატარა სადეგუსტაციო სივრცე გავხსენით აბროლაურშიც, სადაც შესაძლებელი იყო ღვინის დაგემოვნება და მცირე დეგუსტაცია. სამწუხაროდ, პანდემიის გამო იმ ობიექტის დახურვა მოგვიწია. ჩვენი პრობლემაა ისიც, რომ არ გვაქვს საკუთარი საოჯახო სასტუმრო. ამიტომ ვფიქრობ ვითანამშრომლო რამდენიმე ადგილობრივ საოჯახო სასტუმროსთან, რომლებიც მიიღებენ ჩვენგან წასულ ტურისტებს და ამგვარად გამოვა ერთიანი პროდუქტი - ტურისტებს შევთავაზებთ ღვინოსაც, კერძებსაც და სასტუმროსაც“. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.
  6. ჟურნალ Entrepreneur-ის ქართული გამოცემისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა, ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ორი დღის წინ განაცხადა, თავის მიმდინარე და დაგეგმილ საქველმოქმედო საქმიანობებზე ისაუბრა. ინტერვიუს თან იმ აქტივების ნუსხა ახლავს, რომელიც ივანიშვილმა 30 და 31 დეკემბერს მის მიერ 1995 წელს დაფუძნებულ ფონდ „ქართუს“ გადასცა. თავდაპირველი ნუსხა თავდაპირველად, ფონდს გადაეცა: „ქართუ“ ბანკის 100%-იანი წილი, რომელიც მანამდე სს „ქართუ ჯგუფი“ საკუთრება იყო, ამ უკანასკნელს კი მთლიანად ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილი ფლობდა; სადაზღვევო კომპანია ,,ქართუ“, რომლის აქციების 88.45% „ქართუ ბანკს“ ეკუთვნოდა; მსხვილი სამშენებლო კომპანიები „ბურჯი“ და „ელიტა ბურჯი“, რომელთაც მანამდე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე მდებარე, ივანიშვილთან ასოცირებილი ოფშორული კომპანია Vanity Overseas Limited (LTD) და გაერთიანებულ სამეფოში მდებარე Ringold Finance LTD ფლობდა. „ქართუ“ ფონდს ასევე გადაეცა: აქტივები, რომლებიც მანამდე „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნოდა თბილისში; სოლოლაკის მთაზე მდებარე ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის ნაწილი; რეგიონებში მდებარე სს „დიდველის“ და სს „ბოლნისის ტუფის“ კუთვნილი აქტივები – ორივე მათგანს ივანიშვილთან დაახლოებული პირები მართავდნენ; ბათუმში მდებარე შპს Sea View Resort-ი ფონდ „ქართუს“ მისი წინა მფლობელისგან, პანამაში მდებარე ოფშორული კომპანიისგან Limestone Finance S.A; საცურაო აუზი „ლაგუნა ვერე“, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. ფონდს ასევე გადაეცა: შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელსაც მანამდე პანამაში მდებარე სს Frankston International S.A ფლობდა, ასევე მის საკუთრებაში არსებული აქტივები. „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ საკუთრებაში არსებული აქტივების გრძელი სია ასევე მოიცავს: შპს „თბილისი სითის“, შპს „სოლოლაკი ჰილზ“, შპს „სოლოლაკი რაიზ“, შპს „თაბორი რიზორთს“ და შპს „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტს“. ყველა მათგანი მრავალმილიონიანი სადავო პროექტის „პანორამა თბილისის“ პროექტის ნაწილია. სოლოლაკში მიმდინარე ამ მრავალფუნქციური კომპლექსის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, ეს მშენებლობა დედაქალაქს ძველ იერსახეს დაუკარგავს. „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ მფლობელობაში არსებული და შემდეგ ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემული სხვა კომპანიებია: შპს „ბიზნეს დეველოპმენტ“, შპს „სისაიდი“,შპს „ბლექ სი რიზორთსი“ და შპს „ბლექ სი რივიერა“ – ყველა მათგანი სტუმართმასპინძლობის ბიზნესშია ჩართული, ან საქართველოს საზღვაო კურორტებზე ფლობენ საკუთრებას, მათ შორისაა მწვანე კონცხი, სადაც ცნობილი ბოტანიკური ბაღი მდებარეობს და სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში. „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ ერთად, „ქართუ“ ფონდმა ასევე მიიღო აბასთუმანში მდებარე შპს „ცისარტყელას“ აქციების 51%. ქონების დაგეგმილი გადაცემა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკაში ყოფნის დროს, მისი ქონება არ გაზრდილა, ხოლო Bloomberg-ის და Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საწინააღმდეგოდ, მისი ქონება 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის ის აქტივებიც, რომლებიც უკვე ფონდ „ქართუს“ გადაეცა. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მისი აქტივების ფონდისთვის გადაცემის პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის განკარგულებაში 200 მილიონი დოლარი რჩება, რომელიც მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. „შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“, – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში. მისივე თქმით, მისი ხელოვნების ნიმუშევის კოლექცია ასევე ფონდ „ქართუს“ გადაეცემა, ან უშუალოდ ხელოვნების ნიმუშების, ან მათი გაყიდვიდან შემოსული თანხის სახით. ინტერვიუში ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ფონდმა უკვე დახარჯა 3 მილიარდი ქველმოქმედების მიზნით, ხოლო დამატებით მილიარდი მან პოლიტიკური ხარჯებისთვის, სოციალური მეწარმეობისთვის/ეკონომიკური პროექტებისთვის და ახლობლების მრავალრიცხოვანი წრის დასახმარებლად გაიღო. ივანიშვილის თქმით, მან უკვე განაცხადა ადრე, რომ მისი ქონების არანაკლებ 90%-ს საზოგადო და საქვეყნო საქმეს მოახმარდა. „ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან ეს გადაწყვეტილება, მაშინ, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, „პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი და მყარი საფუძველი ჩაგვეყარა ქვეყნის შეუქცევადი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის“.
  7. დავით თევზაძე - კლაუზევიცის დიდი ომის თეორია და „დიდი ომის ჩიხი“ 15:44, 22.02.2019 ყველა ცოდნას, რომელიც კაცობრიობის მეხსიერებაში მეცნიერებად ჩამოყალიბდა, ყავს როგორც თავისი ავტორი, რომლის სახელი, ხშირად დავიწყებულია, ასევე გამორჩეული , რომელთა გარეშე აღნიშნული ცოდნა ვერასოდეს დაივანებდა იმ მწვერვალზე, რასაც მეცნიერებას ვეძახით. იშვიათია შემთხვევა, როდესაც ავტორიცა და გამორჩეული მოამაგეც ერთი და იგივე პირი გახლავთ ხოლმე. ხოლო უფრო იშვიათი – შემთხვევა, როდესაც ასეთი სახელი კაცობრიობას ახსოვს. მაგალითისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ არისტოტელე და მისი ლოგიკა, ანდა ევკლიდე და მისი გეომეტრიის საწყისები. ასეთ სახელთა რიგს, როგორცა ჩანს, ეკუთვნის კლაუზევიციც, რომელმაც არა მარტო დასაბამი მისცა ომის, როგორც მოვლენის კვლევას, არამედ დღესაც ასეთი კვლევების ერთგვარ საზომადაა მიჩნეული. მისი ჩანაწერები ომის შესახებ, რომელიც მისი ნაადრევი სიკვდილის შემდეგ მეუღლემ გამოსცა, თითქმის ორი საუკუნეა, სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს ომით დაკავებული ადამიანების აზროვნებაზე და ასევე მათზე, ვისთვისაც ომი მხოლოდ თეორიული განსჯის საგანია. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოებისათვის კლაუზევიცი მხოლოდ ახლა ხვდება მეტ-ნაკლები თეორიული ინტერესის სფეროში, რამაც, როგორცა ჩანს, თავისი დაღი დაასვა როგორც სამხედრო მშენებლობის საქმეს საქართველოში, ასევე ჩვენ მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიების შინაარსსა და პოლიტიკას. ასევე სამწუხაროა ისიც, რომ კლაუზევიცი სულაც არ არის იოლი წასაკითხი და სამხედრო ცოდნასთან ერთად, გარკვეული დოზით, ფილოსოფიურ განსწავლულობასაც მოითხოვს. ეს კი, შესაძლოა, დაუძლეველ ბარიერად იქცეს ჩვენი თაობის ქართველი სამხედროებისთვის და ისინიც იმდაგვარმა ცდუნებებმა შეიპყრონ, როგორც, თავის დროზე, მისი განსწავლულობის მიუხედავად, გერმანიის გენერალური შტაბი, რომელიც კლაუზევიცის ცალმხრივმა ინტერპრეტაციამ ორ მარცხიან ომში გახვია. კლაუზევიცის კითხვისას გარკვეული ინტელექტუალური ბაზაა საჭირო. სასურველია ამდაგვარ ბაზას ფილოსოფიასთან, კერძოდ, გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიასთან ნაცნობობა ქმნიდეს. ყოველ შემთხვევაში, პრობლემატიკა, რომელიც კლაუზევიცის თვალსაწიერში ხვდება აქედან უფრო კარგად იკითხება, ვინაიდან მისი ამოცანა არა იმდენად ომის ბუნების გარკვევაა, რამდენადაც ომის შესახებ თეორიული ცოდნის აგების შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით, ომის, როგორც მოვლენის, შემეცნების პრინციპულ შესაძლებლობაზეა საუბარი და სწორედ ამის დანახვას სჭირდება გარკვეული ფილოსოფიური გამოცდილება. სხვათა შორის, სწორედ ეს ხედვა განასხვავებს კლაუზევიცს იმ უამრავ მწერალთაგან, რომლებიც ომის თემაზე წერდნენ და ბევრი მათგანი ომის კლასიკოსადაც (და არც თუ უსაფუძვლოდ) იქნა მიჩნეული. კლაუზევიცამდე ომს ორი განზომილებით უდგებოდნენ: ომი, როგორც რაღაც ხდომილება და ომი, როგორც ადამიანთა ურთიერთობის ასპარეზი. შესაბამისად, მწერლობაც ორ ნაკადად იყოფოდა: ომის პრაქტიკის აღწერა და ომის მორალური საყრდენის, იმ ღირებულებების დადგენა, რომელიც ომს ღირსეულ საქმიანობად წარმოაჩენს. პირველი ნაკადის მწერლები უმეტესად ომის პრაქტიკოსები ანდა ომის ისტორიკოსები გახლდნენ. მათი წყალობით ვიცით ჩვენ არა მარტო ის, თუ რა ხდებოდა ამა თუ იმ ომისას, არამედ ისიც, თუ როგორ იღებდნენ გამაგრებულ ადგილებს, როგორ არჩევდნენ და ახარისხებდნენ მეომრებს, რა ტაქტიკურ სქემებს მოიხმარდნენ, როგორ მიდიოდა უზრუნველყოფა და რა იყო საჭირო წარმატებული ლაშქრობისათვის. ასეთ ნაწერებს წმინდა ისტორიული ღირებულების გარდა გააჩნდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ასპექტი: იმ ეპოქაში, როდესაც ჯარის მომზადებისა და მართვის არანაირი სტანდარტი არ არსებობდა, ისინი გარკვეულად დოქტრინის მაგივრობას წევდნენ. შემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ ასეთ ნაწარმოებთა მეტი წილი ამა თუ იმ მმართველის ყურადღების მისაპყრობადაა შექმნილი. გავიხსენოთ მაკიაველი და მისი „სამხედრო ხელოვნების შესახებ“. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ომის მწერლობის ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება იმ მცირე სხვაობით, რომ დოქტრინაზე ზრუნვა სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციად იქცა და ომის თანამედროვე პრაქტიკის კვლევები სპეციალურ, მეტწილად გენერალურ შტაბებზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებში იყრის თავს. მეორე ნაკადის მწერლები მეტწილად ფილოსოფოსები გახლდნენ. ეს მწერლობაც საკმაოდ ხანდაზმულია და მის სათავეებთან ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორიცაა პლატონი და არისტოტელე. გაცილებით გვიან, ევროპულ აზროვნებაში ხდება ომის მორალურ ღირებულებათა მიბმა სამართლის კატეგორიებზე. ყოველ შემთხვევაში, ჰუგო გროციუსთან ომი უკვე არა მარტო მორალურად, არამედ სამართლებრივადაც გამართლებადი ქმედებაა. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ორივე ეს ტენდენცია დღესაც ისეთივე ინტენსიური კვლევის საგანია, როგორც მანამდე. აქაც, ისევე როგორც პირველი ნაკადის მწერლობის შემთხვევაში, ერთი თავისებურება გვხვდება: აღნიშნული კვლევები ფილოსოფოსთა კაბინეტებიდან, ნაწილობრივ, „გარეთ“ ინაცვლებს. ომის სამართალი საერთაშორისო სამართალზე ხდება მიბმული. შესაბამისად, საერთაშორისო ინსტიტუტების მონიტორინგის ქვეშ ექცევა და ამდენად, დღეს ის პრაქტიკული საქმიანობა უფროა. ერთი შეხედვით, კლაუზევიცის „ომის შესახებ“ ამ ნაკადებშია მოქცეული. მეტიც, ისე ჩანს, რომ თემატურად შესაძლებელია ის ორივე ნაკადს მივაკუთვნოთ. თავდაპირველად ის სწორედ ამდაგვარად იქნა აღქმული, და როგორც ასეთს, ერთგვარი ეკლექტიზმიც დაბრალდა. შედეგად, კლაუზევიცის წაკითხვის სხვადასხვა ტრადიციაც ჩნდება. ერთნი მასში მხოლოდ დოქტრინას ხედავენ, ხოლო მორალურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე საუბარს ერთგვარ გაუგებრობად მიიჩნევენ. მეორენი, პირიქით, თვლიან რომ სწორედ ეს ნაწილებია მნიშვნელოვანი და საყურადღებო. მესამენი, გრძნობენ, რომ აქ რაღაც სხვა უნდა იყოს, კლაუზევიცის ცნებებში კანტიანური ფილოსოფიის კატეგორიების ანარეკლს ეძებენ. არსებობს სხვა ინტერპრეტაციებიც. ყოველი წაკითხვისას ყურადღების გამახვილება ერთ რომელიმე დეტალზე, ომის ერთ რომელიმე ნიშანზე ხდება და, ბუნებრივია, ამდაგვარი ვითარება ხელს არ უწყობს იმ ერთიანი სურათის გააზრებას, რომელიც, თავად კლაუზევიცს, როგორცა ჩანს, ჰქონდა. მაინც რისი ინტერესი ჰქონდა კლაუზევიცს? რისი თქმა უნდოდა? ამ ნაწყვეტიდან ჩანს, რომ კლაუზევიცს გრანდიოზული ჩანაფიქრი ჰქონია: აეგო დიდი ომის თეორია. ხოლო რაც მას ამ ჩანაფიქრიდან შესრულებულად მიაჩნდა, ცალკეული ნაწილები გახლდათ თეორიისა, რასაც გამართვა და გაერთიანება სჭირდებოდა. ხაზი, რითაც ეს გაერთიანება შესაძლებელი გახდებოდა, პირველი ნაწილის პირველ თავშია მოცემული. სხვათა შორის, კლაუზევიცს წიგნის მხოლოდ ეს ნაწილი მიაჩნდა დასრულებულად. ამიტომ, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ თუ ამ ხაზს გავყვებით, შესაძლებელი უნდა იყოს კლაუზევიცის ჩანაფიქრის რეკონსტრუქცია. ალბათ ეს ასეცაა, თუმცა კლაუზევიცის იმ მრავალ ინტერპრეტატორთაგან, როგორცა ჩანს, ვერავინ მოახერხა ეს. ამის პრეტენზია არც ამ სტატიას გააჩნია. მეტიც, სტატიის მიზანი უაღრესად მოკრძალებულია: ქართულ სააზროვნო სივრცეში შემოიტანოს კლაუზევიცის თემა როგორც კამათისა და განსჯის ობიექტი. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს მსჯელობა, საბოლოო ანგარიშით, თავის კეთილ ნაყოფს აუცილებლად გამოიტანს. რას ეხება თეორია? ამ მარტივ კითხვაზე პასუხიც, ერთი შეხედვით, მარტივია: ომს. პრობლემა მერე ჩნდება, როდესაც ლოგიკურად მეორე კითხვას დავსვამთ: რა არის ომი? აქ კი კლაუზევიცს თავისებური პასუხი გააჩნია, რომელიც სრულებითაც არ არის მარტივი. თუმცა, ერთი შეხედვით, ეს გარემოება, შესაძლოა, უცნაურადაც ჟღერდეს: საქმე იმაშია, რომ ყველამ მშვენივრად ვიცით, თუ რა არის ომი, ვინაიდან ყოველთვის ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ, ვუწოდოთ რაიმეს ომი თუ არა. და ეს ბუნებრივიცაა. ადამიანის სოციალურად დატვირთულ საქმიანობებს შორის ომი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ალბათ, ბანალობა იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ რაც საზოგადოება არსებობს, ადამიანი ყოველთვის ომობს. გაცილებით საყურადღებო ის გარემოება ჩანს, რომ რაც კაცობრიობას მეხსიერება გააჩნია, ის ომობს ყველა იმ კომპონენტის გამოყენებით, რაც ამისათვის აუცილებელია. მეტიც, ეს არის არა რაიმე ცალკე აღებული ცივილიზაციის ნიშანი, არამედ საყოველთაო ხდომილება: დიდი ცივილიზაციური კერები, რომელთაც საუკუნეები დასჭირდათ ერთმანეთთან შეხებაში რომ მოსულიყვნენ, საოცარ ერთნაირობას ამჟღავნებენ ომის წარმოების კუთხით: არსებითად ერთი და იგივე იარაღი, სატრანსპორტო საშუალებები, საბრძოლო სივრცეზე გადაადგილებების და მოქმედებების ხასიათი, ბრძოლის შედეგების ექსპლუატაცია თუ სხვა რამ, რასაც კულტურული გარემოს უთუო კვალი უნდა აჩნდეს, ერთი და იგივეა ცივილიზაციიდან ცივილიზაციამდე. ამდენად, კითხვა, თუ რა არის ომი, თითქოს არც უნდა დასმულიყო. უფრო ლოგიკური იქნებოდა გვეკითხა, როგორ ვიომოთ, რომ გარანტირებულ წარმატებას მივაღწიოთ? სინამდვილეში, საუკუნეების მანძილზე ომის მწერლობა სწორედ ამ კუთხით ჩამოყალიბდა: სუნ ძი, უ ძი, ვეი ლიაო ძი – ჩინეთში, ართხაშასტრა – ინდოეთში, ქსენოფონტი, ენეას ტაქტიკოსი, პოლიბუსი, უილიუს კეისარი, სალუსტუს კრისპი, ტაციტი, არიანე, სექსტ იულიუს ფრონტინი, კასიუს დიო, ფლავიუს ვეგეციუსი – ანტიკურ საბერძნეთსა და რომში, მონტეკუკოლი, ვობანი, გუსტავ ადოლოფი და ფრიდრიხ დიდი – ახალი დროის ევროპაში – აი იმ ავტორთა არასრული ჩამონათვალი, რომელიც დროში კლაუზევიცს უსწრებდა და რომელთა გავლენა ომის წარმოებაზე საკმაოდ დიდი გახლდათ. საკითხის შენაცვლებამ საგნისადმი განსხვავებული მიდგომა გააჩინა: როგორ ვიომოთ, შეგვიძლია მხოლოდ მას შემდეგ ვიცოდეთ, როდესაც გააზრებული გვაქვს თუ რა არის ომი და ეს ცოდნა არა მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდილებას, არამედ ღრმა ანალიზსა და ომის ბუნების სერიოზულ კვლევას ეფუძნება. სწორედ ეს გახლავთ ომის თეორიის დანიშნულება: ომის რაობის ცოდნაზე დაყრდნობით მოგვცეს ომის წარმართვის გზამკვლევი, სადაც ყველაფერი ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან. ომზე მსჯელობისას, კლაუზევიცი რამოდენიმე გარემოებას მიაქცევს ყურადღებას: განსჯისთვის, ომი კატეგორიაა, რომლის შინაარსი სამ ვითარებას ეყრდნობა. ესენია დაპირისპირება, ძალადობა და მოწინააღმდეგის დამორჩილების ნება. აღქმისთვის ომი ძალადობა, შემთხვევითობა და გაურკვევლობაა, ხოლო ფიზიკურ პლანში, რეალურად, როგორც ის მიმდინარეობს და რაც ჩვენი აღქმის მასალას შეადგენს, ანუ ომი, როგორც მოვლენა, რომელიც ჩვენივე აღქმის შედეგად, ჩვენი განსჯის საგნადაა ქცეული – შეიარაღებულ ძალთა დაპირისპირებაა, რომელიც მეომარ მხარეთა მიერ პოლიტიკურ მიზანდასახულობათა მისაღწევად გამოიყენება. შესაბამისად, ზოგადად, ომი გვევლინება როგორც ძალადობა, დაპირისპირება, შემთხვევითობა და გაურკვევლობა. ეს, ასე ვთქვათ, მისი ობიექტური მხარეა, ის, რაც ყველა ომისთვის საერთოა, და სხვათაშორის, ის, რაც უცვლელად გადადის ეპოქიდან ეპოქაში და, როგორცა ჩანს, რაც მის რეალურ ბუნებას წარმოადგენს. ხოლო ის, რაც ნებისმიერ ომს უნიკალურს ხდის, ასე ვთქვათ, მისი სუბიექტური პლანი, ეს – სამხედრო ძალები, მათი დოქტრინები, შეიარაღება, სპეციფიკური გეოგრაფიული გარემო და ის შეზღუდვები გახლავთ, რომელიც თითოეული სამხედრო დაპირისპირებისთვის განსხვავებულია და დამახასიათებელი. ორივე პლანი იმდენად მჭიდროდაა გადახლართული, იმდენად ზემოქმედებს ერთმანეთზე, რომ შეუძლებელი ხდება მათი დაცილება. თუმცა, ამავე დროს, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისიც, რომ ამ ორი ფაქტორის ერთიანობას სჭირდება ერთგვარი მამოძრავებელი, რაც ყველაფერს, რასაც ჩვენ ომს ვუწოდებთ, მოძრაობაში მოიყვანს და პროცესის სახეს მიცემს. ასეთი მამოძრავებელიც სამია კლაუზევიცისთვის. სამივე, სხვათა შორის, თანაბარმნიშვნელოვანი, რასაც ის საკვირველ (განსაცვიფრებელ) სამებას უწოდებს: პოლიტიკის გავლენა, ალბათობა და ძირეული (ალბათ, უფრო, სიღრმისეული) მტრობის განცდა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს ომისკენ უბიძგებს. ობიექტურ სიბრტყეში, აღნიშნული სამება წარმოადგენს სამ დინამიურ ძალას, რომელიც ომის მსვლელობას განსაზღვრავს: • მიმართულების განმსაზღვრელი ზეგავლენა • ალბათობის თამაში (შემთხვევითობა) • სიღრმისეული შუღლი (მაგ. მეზობელ ეთნოსებს შორის). სუბიექტურ სიბრტყეში კი, სამება არის • ხელისუფლება – მიმართულების მიმცემი ზეგავლენა • სამხედრო ძალა – შემთხვევითობის შემომქმედი • ხალხი (გერმანულად Folk) – ომის წარმოების სერიოზული ემოციური რეზერვი. ამგვარად, კლაუზევიცის მიხედვით, ომს სამი აქტორი ჰყავს, სამივე თანაბარად მნიშვნელოვანი და ომზე მსჯელობისას რომელიმე მათგანის უგულვებელყოფას ნებისმიერი თეორია ჩიხში შეჰყავს. ამგვარად, ტრიადა მთავრობა-არმია-ხალხი წარმოადგენს იმ ღერძს, რაზედაც ომის თეორია უნდა დაფუძნდეს. ამათგან, მთავრობა პოლიტიკურად მართავს ომს, ხალხი წარმოადგენს შინაგანი სიძულვილის მატარებელ სუბსტრაქტს, ხოლო არმია, ამ ხალხის სახელით, პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისათვის იბრძვის. ომის ამდაგვარი გააზრება ბუნებრივად იკვეთება სახელმწიფოს იმ მოდელიდან, რომელიც ვესტფალის ზავის შემდეგ გაბატონებულ მოდელად იქცა ევროპაში. თუმცა, როგორც კი სახელმწიფოები ომის ერთადერთ მწარმოებელ სუბიექტებად გარდაიქმნენ, მთავრობას, არმიას და ხალხს შორის ჩნდება ნაპრალი, რომელიც იმდენად ღრმავდება, რომ უკვე XVII საუკუნისთვის ხალხი საერთოდ ჩამოცილებული იქნა ომიდან და ამის ინსტიტუციონალიზაცია საერთაშორისო სამართლის ძალითაც იქნა გამყარებული: პირებს, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებს არ წარმოადგენენ, მოტივაციის მიუხედავად, ეკრძალებათ ომი. დღესაც, ე.წ. ინსურგენტები არ ითვლებიან პირებად, რომელთაც ომის კანონი იცავს ისე როგორც იცავს სამხედრო მოსამსახურეებს. სხვა სიტყვებით, პარტიზანები, სხვადასხვა ფორმით თავისუფლებისათვის მებრძოლები, და ა.შ. კანონგარეშე დგებიან საერთაშორისო სამართლის ძალით და მათ მიმართ ამავე სამართლით ნაგულისხმევი ჰუმანური მოქცევის ვალდებულება, სამხედრო მოსამსახურეებთან შედარებით, ბევრად ნაკლებია. ერთი არასასურველი შედეგი ამ ვითარებიდან, სხვათა შორის, გახლავთ ისიც, რომ არც ეს ადამიანები გრძნობენ რაიმე ვალდებულებას საზოგადოების წინაშე ჰუმანურობის კუთხით. აქ ერთი საინტერესო პასაჟია: კლაუზევიცს მიაჩნდა, რომ ნაპოლეონის წარმატებათა საიდუმლო არა მხოლოდ მის გამჭრიახობაში, არამედ იმ ვითარებაშიცაა, რომ მან ხალხი, როგორც ომის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე, ბრძოლის ველს დაუბრუნა და ამდენად, ომის ინსტრუმენტი – არმია, ძლიერი მორალური და ემოციური მუხტით დატვირთა. ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს ზემოთ მოტანილ მსჯელობას წმინდა თეორიული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ. ეს ერთი შეხედვით. სინამდვილეში მას გაცილებით მნიშვნელოვანი პრაქტიკული კონოტაციები გააჩნია. პირველი – ის გარემოება, რომ განსჯისთვის ომი ძალადობრივ დაპირისპირებაზე აგებული საკუთარი ნების რეალიზაციის პროცესია, ლოგიკურად გვკარნახობს მისი ეფექტურად წარმართვის ალგორითმს: ეს რომ შესაძლებელი გახდეს, მოწინააღმდეგე იმდენად მძიმე ვითარებაში უნდა ჩავაყენოთ, რომ ჩვენ მიერ მისგან თავდაპირველად მოთხოვილი დათმობანი უფრო მსუბუქი აღმოჩნდეს. მას ეს ძლიერ მოტივაციას უჩენს დანებებისათვის და ჩვენი პოლიტიკური ნების რეალიზაციის ალბათობას აძლიერებს. ამგვარად, იკვეთება, რომ ჩვენი ნების განხორციელების პირობა გახლავთ თუ როგორ მოვახერხებთ მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობის სურვილი და უნარი წავართვათ. საკითხის ამდაგვარი დაყენება გვეხმარება სწორად განვსაზღვროთ საომარ მოქმედებათა მიზანი და მთავარი სამიზნეც: ვინაიდან სახელმწიფოსაგან წინააღმდეგობის უნარს სამი ურთიერთგადაჯაჭვული ფაქტორი განსაზღვრავს – შეიარაღებული ძალები, ტერიტორია, წინააღმდეგობის ნება, ამიტომ საომარ მოქმედებათა ფოკუსი ამ სამი ფაქტორის ნეიტრალიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული. ხოლო, ვინაიდან შეიარაღებული ძალები როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე წინააღმდეგობის ნების სიძლიერის ძირითადი საყრდენია, ამიტომ მთავარი დარტყმის ობიექტად სწორედ ისინი უნდა იქცნენ. აქედან გამომდინარეობს კლაუზევიცისათვის ერთი მეტად მნიშვნელოვანი დასკვნა: ბრძოლა ომის მოგების ერთადერთი ინსტრუმენტია, ხოლო მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების უთუო განადგურება – ერთადერთი სამხედრო ამოცანა. მეორე შედეგი პირველითაა განპირობებული – თუ კი შეიარაღებული ძალების განადგურება აუცილებლობაა, მაშინ ომის მოგების სტრატეგიის ამოცანად ასეთი შესაძლებლობის განხორციელებადობის პირობების შექმნა უნდა იყოს. ხოლო თუ ბრძოლა ერთადერთი ინსტრუმენტია, მაშინ აღნიშნული პირობები ბრძოლის ან ბრძოლების შედეგების ექსპლუატაციაში უნდა ვეძიოთ. შედეგად, სტრატეგია ბრძოლების ომის მიზნების რეალიზაციისთვის გამოყენების ხელოვნებაა. მესამე შედეგი ასევე ლოგიკურად აგრძელებს ზემოთქმულს: ომის გეგმა ისეთი ბრძოლის გამართვის ვარაუდს უნდა ეყრდნობოდეს, რომელიც მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის ერთბაშად განადგურების წინაპირობას შექმნიდა. სხვა სიტყვებით, ისეთი ვითარება უნდა შევქმნათ, რომ მოწინააღმდეგე გენერალურ ბრძოლაზე „წამოვიკიდოთ“ და ამ ბრძოლაში მარცხი განვაცდევინოთ. ხოლო შედეგი რომ გარანტირებული გვქონდეს, ამ ბრძოლაში მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩავდოთ: სხვანაირად, ყველაფერს ჩვენ თვითონ დავკარგავთ. მაქსიმალური ძალისხმევა, სხვათა შორის, ძალთა მაქსიმალური დაძაბვის გარდა, უკიდურეს მორალურ დაძაბულობასაც გულისხმობს. არც გულმოწყალება და არც კეთილშობილება ბრძოლებს არ იგებს. მეტიც, უსისხლოდ ბრძოლის მოგების პერსპექტივა კლაუზევიცს საშიშ ილუზიად მიაჩნია. მეოთხე, და ალბათ, ყველაზე არსებითი, აქ გახლავთ ის, რომ მთელი მსჯელობის პროცესში, გონება მხოლოდ თავის თავსა და ლოგიკას ეყრდნობა. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამდაგვარად გააზრებული ომისთვის თეორიის აგება შესაძლებელია. სხვა საკითხია ამ თეორიის გამოყენების საზღვრები. თუმცა, ამაზე ოდნავ ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ ომი თავის იდეალურ გამოვლენაში ერთიანი და ლოგიკურია, ის რაც ჩვენს აღქმაში შემოდის, სრულიად საპირისპირო ნიშნებს ავლენს. ამის თავდაპირველი მიზეზი, როგორცა ჩანს, იმ გარემოებაში უნდა ვეძიოთ, რომ ომს ორი დაპირისპირებული მხარე აწარმოებს. ეს არ არის ერთი მხარის ზემოქმედება უძრავ მასაზე და მეორე მხარესაც ისეთივე მიზნები ამოძრავებს, როგორიც ჩვენ. ეს გარკვეულ წინააღმდეგობას უქმნის ჩვენი თავდაპირველი გეგმების განხორციელებას და შედეგსაც იმთავითვე გაურკვეველს და სათუოს ხდის. თუმცა, ეს არ გახლავთ ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ რეალობაში ომი, როგორც ურთიერთობის ფორმა, რიგ შეზღუდვებს აწყდება, რაც მისი ბუნების სრულად გამოვლენას არათუ ხელს არ უწყობს, არამედ, კლაუზევიცის გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, ყოველ ომს „მეტ-ნაკლებად“ ომად გარდაქმნის. მეტიც, თუ კი ომების ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ის სურათი, რასაც ისტორია იძლევა, ანუ ომები, რომელიც ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, იმდენადაა დაცილებული ომის ბუნებისაგან, რომ შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს აბსოლუტური ომის განხილვის აზრიანობაში. ასე საკითხს კლაუზევიცი სვამს და იქვე დასძენს, რომ ეს ასეც იქნებოდა, რომ არა ნაპოლეონ ბონაპარტე და მის მიერ წარმოებული კამპანიები, როდესაც რელობა მაქსიმალურად დაუახლოვდა თავის იდეალს და ომმა მისი ნამდვილი ბუნება ხელშესახები გახადა. ხოლო ვინაიდან, ის რაც ერთხელ მოხდა, შესაძლოა ისევ განმეორდეს, ომის ბუნების შესახებ თეორიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება: ის ერთადერთი გზამკვლევი და ორიენტირი ხდება ნებისმიერი ომის ხასიათის გახსნისას. ეს ძალიან საყურადღებო პასაჟია. ომს სახელმწიფო აწარმოებს და მისი ეფექტური მართვა უამრავ პარამეტრზე თავად სახელმწიფოს შიგნით არის დამოკიდებული. იმ დაწესებულებათაგან, რომლებიც ომთან შეხებაში მოდიან, თითოეული ბევრნაირ მიმართებაშია ჩართული როგორც ერთმანეთთან, ასევე უშუალოდ ბრძოლების მიმდინარეობის დინამიკასთანაც. ეს კი უკვე ნოყიერ ნიადაგს ქმნის სხვადასხვა შემთხვევითობისა და ალბათობისათვის, იღბლისა და უიღბლობისათვის, რის გამოც „უკვალოდ ქრება მკაცრი ლოგიკური დასკვნების მიმდევრობა“. ძირითადი შედეგი, რომელიც ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, გახლავთ ის გარემოება, რომ ასეთ ვითარებაში, ერთბაშად ამდენი ცვლადი პარამეტრის ფონზე, ვერანაირი თეორია საყრდენს ვერ პოულობს. მეტიც, ყველა კონფლიქტი, ამ ფონზე იმდენად ინდივიდუალურია, რომ კონკრეტული ომისათვის თეორია ცალკე უნდა აიგოს. გასაგებია, რომ ამ თეორიათა სიმრავლისთვის იდეალური ომის თეორია სინამდვილეში ომის მეტათეორიაა. ამიტომაც ხდება ის ორიენტირი. მეორეს მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ რეალური ომისათვის ზოგადი თეორიის აგება შეუძლებელია. აქედან კიდევ ერთი, საინტერესო მოსაზრება გამომდინარეობს: რეალურ ომში, სწორედ დასახელებულ მიზეზთა გამო, წინა პლანზე პოლიტიკა გამოდის და თუ კი იდეალური ომი საყრდენს ომისავე ბუნებაში ნახულობს, რეალური ომის შემთხვევაში, ასეთი საყრდენი პოლიტიკაა. ამდენად, მოარული ხედვა ომისა, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტისა, მხოლოდ რეალურ ომზე ვრცელდება. ეს კი ნიშნავს, რომ რამდენადაც დაუახლოვდება ომი თავის იდეალს, იმდენად შემცირდება სხვაობა პოლიტიკასა და ომის იდეალს შორის. წინასიტყვაობაში, რომელსაც კლაუზევიცი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე წერდა, ნათქვამია შემდეგიც: დღეს ჩვენ იგივე შეგვიძლია ვთქვათ თავად კლაუზევიცზე. თუმცა, მისი ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსი, XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ომის თეორეტიკოსი და ირიბი მიდგომის სტრატეგიის ავტორი, ლიდელ ჰარტი გახლავთ. ლიდელ ჰარტს საკმაოდ მწვავე შეფასება ეკუთვნის კლაუზევიცის შრომისა: კერძოდ, მას მიაჩნია, რომ კლაუზევიცის წიგნი, თუმცა თემატურად გენერლებისთვის არის განკუთვნილი, სინამდვილეში, კაპრალებისათვის დაწერილი აღმოჩნდა. რამ გამოიწვია ასეთი მიდგომა? ლიდელ ჰარტს მიაჩნდა, რომ კლაუზევიცის ნააზრევში რამოდენიმე პრინციპული ხასითის დაშვება იყო, რომელთა მცდარ ინტერპრეტაციას ის გარემოებაც აადვილებდა, რომ კლაუზევიცის ხელნაწერი მეტად ბუნდოვანი ენითა და კანტიანური ტერმინოლოგიით იყო გაჯერებული. თვითონ კლაუზევიციც არ გახლდათ ფილოსოფოსი. ამის გამო მისი კანტიანელობაც ზედაპირულია, რაც არანაირად არ უწყობდა ხელს ბუნდოვანების მოხსნას. ამდაგვარი წიგნი, კონსერვატორული ბუნების სამხედროების ხელში მხოლოდ იმით თუ აღმოჩნდებოდა საინტერესო, თუკი მასში ნაცნობ და მიმართულების განმსაზღვრელ ფრაზებს ამოიკითხავდნენ. ამდაგვარი ფრაზეოლოგია კი უხვად აღმოჩნდა წიგნის იმ ნაწილში, რომელიც სტრატეგიის განსაზღვრას, თავდაცვისა და შეტევის ურთიერთმიმართებას, ომის მიზანსა და ომის გეგმას ეხებოდა. მნიშვნელოვანი გავლენა, ამ მხრივ, იდეალური ომის დახასიათებას და მის ორიენტირად ცნობას უნდა მოეხდინა. განსაკუთრებული სიბეჯითით კლაუზევიცის თანამემამულენი გამოირჩნენ. მეტიც, გენერალ მოლტკეს მიერ ბრწყინვალე სტილში მოპოვებულმა გამარჯვებებმა, რაც მოლტკეს მხედართმთავრული ნიჭის გარდა, კლაუზევიცის გავლენასაც მიეწერა, ასე ფრაზებად ამოკითხული თეორია, ევროპის მეტ წილ ქვეყნებში, ომის ოფიციალურ დოქტრინად აქცია. აღნიშნული დოქტრინა ასორმოცდაათ წელზე მეტია გაბატონებულ ხედვას წარმოადგენს, რამაც დიდ წილად განსაზღვრა ორივე მსოფლიო ომის სამხედრო მოქმედებათა სტრატეგია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ორ მსოფლიო ომში, რეალური ომი უფრო ახლოს მივიდა თავის იდეალთან, ვიდრე ნაპოლეონის დროს. შედეგი ბევრჯერ გაუმართლებელი და ბევრჯერ უაზრო ხოცვა-ჟლეტა გახლდათ. კლაუზევიცის უდიდეს დამსახურებად ლიდელ ჰარტს ომის ფსიქოლოგიურ და მორალურ ფაქტორთა მნიშვნელობის ხაზგასმა მიაჩნდა. მაგრამ, სწორედ ეს ასპექტი იქნა უგულებელყოფილი კლაუზევიცის „ნაკლებ ნიჭიერ“ მიმდევართა მიერ. თუმცა, მიაჩნია ლიდელ ჰარტს, ასეთი უგულებელყოფისა და „ცუდი“ ინტერპრეტაციის შესაძლებლობაში მთავარი მიზეზი მაინც თვითონ კლაუზევიცია: პირველი, ლიდელ ჰარტის აზრით, კლაუზევიცი გადაჭარბებით აფასებს სახმელეთო ძალების მნიშვნელობას და მან ბოლომდე ვერ ამოიცნო საზღვაო სტრატეგიის მნიშვნელობა კონტინენტალური დაპირისპირებისათვის. მეორე – ახლოვდებოდა მექანიზაციის ერა, და ამის ნიშნები ჩანდა კიდევაც. თუმცა კლაუზევიცს გამჭრიახობა არ ეყო, გამოეცნო მომავალი ომის კონტურები. სწორედ ამიტომ, სახმელეთო ძალების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ომის ძირითად პრინციპად მას მასის პრინციპი მიაჩნდა, რაც უფრო და უფრო მზარდი რიცხოვნობის არმიების შექმნისკენ უბიძგებდა ევროპელებს. ის, რომ სახელმწიფოთა უმეტესობისთვის გაწვევა სავალდებულო პროცედურად იქცა, სწორედ ამით იყო ნაკარნახევი: შეუძლებელია სხვაგვარად უფრო იაფად მოახდინო დიდი მასების მობილიზება. შედეგად, დაეცა არმიების პროფესიონალიზმი და მორალურ ფაქტორთა უგულებელყოფის ფონზე, არმიები, მათი რიცხოვნობის მიუხედავად, ნაკლებად მყარი (ბრძოლისუნარიანი) გახდა. კლაუზევიცისადმი ამდაგვარი მიდგომა, შესაძლოა, გადაჭარბებულად მიიჩნიოს ვინმემ. მაგრამ, ფაქტია, რომ „დიდი ომის“ ცდუნებამ ევროპას მხოლოდ 1945 წელს გადაუარა. თავად ლიდელ ჰარტიც, როგორს მასიური დაბომბვების სტრატეგიის ერთ-ერთი თანაავტორი, აღიარებს, რომ იმ დამანგრეველი მორალური ზემოქმედების მიუხედავად, რაც ასეთ დაბომბვებს ახლდა, მათ არც ომის დამთავრება დააჩქარეს, და არც წინააღმდეგობის ნება გატეხეს მაინცა და მაინც. სწორედ ამაზე რეფლექსიამ მიიყვანა ლიდელ ჰარტი აზრამდე, რომ „დიდი ომი“, რისი თეორიის შექმნა ასე ეწადა კლაუზევიცს, არის ჩიხი, ხოლო მისი მოძღვრება, როგორც იდეოლოგია ასეთი ომისათვის – უკან გადადგმული ნაბიჯი სამხედრო ხელოვნების განვითარებაში – „შებრუნებული რევოლუცია“. რა შეიძლება ითქვას ერთგვარი შეჯამების სახით? თავის მიერ დასმული შემეცნებითი პრობლემა კლაუზევიცმა მართლაც კანტიანურ სტილში გადაჭრა: ომის, როგორც მოვლენის შესახებ შეგვიძლია ვიცოდეთ მხოლოდ ის, რასაც ჩვენივე განსჯა გვთავაზობს. ამიტომაცაა შესაძლებელი მისი თეორიის აგება და მხოლოდ ასე აგებული თეორია ექვემდებარება ლოგიკის მკაცრ წესებს. რაც შეეხება დროსა და სივრცეში მიმდინარე ომებს, მათ შესახებ ცოდნა შეუძლებელია, ვინაიდან შეუძლებელია თეორია, რომელიც ასეთი ომების ზოგად ხასიათსა და დანიშნულებას გახსნიდა. თითოეული მათგანი ინდივიდუალურია, თითოეული მათგანი „მეტ-ნაკლებად ომია“ და თითოეულს გათითოებული თეორია სჭირდება, რომელიც, მკაცრად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი გაგებით, სულაც არ გახლავთ თეორია. ის რომ ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ან მისი ინსტრუმენტი, მხოლოდ გარკვეულ დროსა და სივრცეში მიმდინარე ომებს ეხება და ეს დრო და სივრცე ვესტფალის ზავმა გააჩინა ევროპაში. სწორედ ეს სივრცე და დრო ჰქონდა, როგორცა ჩანს, კლაუზევიცსაც მხედველობაში და მხედველობიდანაც, სწორედ ეს ვითარება რჩება მის მკითხველს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კლაუზევიცს, უბრალოდ, როგორც ეს ხშირად მოსდით ჯარისკაცებს, იღბალმა უმტყუნა: მისი წიგნის თავდაპირველი და ბეჯითი მკითხველები, ძირითადად, ასევე ჯარისკაცები იყვნენ. გამოყენებული ლიტერატურა : 1. Carl von Clausewitz. ON WAR. Prinston, NJ, Prinston University Press, , 1984 2. B.H.Liddel Hart. STRATEGY. Decisive Wars of Histiry. New York, Praeger, 1967 ავტორი – დავით თევზაძე დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას
  8. ლიდელ ჰარტი სამხედრო სტრატეგიისა და დიდი სტრატეგიის შესახებ 15:47, 01.04.2019 სტატიაში „კლაუზევიცის დიდი ომის თეორია და „დიდი ომის ჩიხი“, რომელიც ამ ორიოდე კვირის წინ ამავე სივრცეში გამოქვეყნდა, ჩვენ შევეხეთ ლიდელ ჰარტის მიერ კლაუზევიცის კრიტიკას და ვწერდით, რომ მისი აზრით, კლაუზევიცი გადაჭარბებით აფასებდა სახმელეთო ძალების მნიშვნელობას და მან ბოლომდე ვერ ამოიცნო საზღვაო სტრატეგიის მნიშვნელობა კონტინენტალური დაპირისპირებისათვის. უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლდათ ერთადერთი თემა, რაც ლიდელ ჰარტს საკამათოდ მიაჩნდა. ერთ-ერთი ძირითადი, ამ მხრივ, თავად სტრატეგიის გააზრება იყო. კლაუზევიცი თავის ნაშრომში „ომის შესახებ“ სტრატეგიას განსაზღვრავს, როგორც „ომის მიზნებისათვის ბრძოლების გამოყენებას“. აქედან ის ასკვნის, რომ სტრატეგიამ სამხედრო მოქმედებებს ისეთი ამოცანები უნდა განუსაზღვროს, რომელიც ომის საზრისს შეესაბამება. ლიდელ ჰარტი თვლის, რომ ასეთ მიდგომას ორი ნაკლი გააჩნია: – ომის საზრისთან შესაბამისობის მოთხოვნა უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სფეროა და არა სამხედრო ხელმძღვანელობისა და მეორე – აღნიშნული განსაზღვრება ძალიან ვიწროა: გამოდის, რომ ბრძოლა წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. სხვათა შორის, ასეთი დასკვნის შესაძლებლობამ გააჩინა მოსაზრება, რომ ომი შესაძლოა დავიყვანოთ ერთ გადამწყვეტ ბრძოლამდე. თუცა, საქმე სხვაგვარადაა. ლიდელ ჰარტის აზრით, სტრატეგიასა და პოლიტიკას შორის სხვაობის გამოვლენას არანაირი აზრი არ ექნებოდა, ორივე ძალაუფლება რომ ერთი და იმავე ადამიანის ხელში ყოფილიყო თავმოყრილი: მაგალითად, ფრიდრიხ დიდი, ნაპოლეონი. დღეს ასეთი ვითარება თითქმის არ გვხვდება (შესაძლოა ჩრდილო კორეა, ბირმა, აფრიკის ან სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა). ძირითადად, ასეთი ქვეყნები XIX საუკუნეშივე გაუჩინარდნენ. თუმცა, როგორც ლიდელ ჰარტი აღნიშნავს, ამ გაუჩინარების შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა, ვინაიდან სამხედროებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ პოლიტიკა უნდა ექვემდებარებოდეს ომის წარმოების სამხედრო გეგმებს, ხოლო სამოქალაქო ლიდერებმა (განსაკუთრებით დემოკრატიულ საზოგადოებაში) დაიწყეს სამხედრო მოქმედებათა მსვლელობაში ჩარევა და იმ რესურსების განკარგვა, რომელიც მათი კომპეტენციის მიღმა იყო. ამ თვალთახედვიდან, სტრატეგიის მოლტკესეული განსაზღვრება ლიდელ ჰარტს ბევრად უფრო ადეკვატურად მიაჩნია, ვიდრე კლაუზევიცის: „იმ საშუალებათა პრაქტიკული გამოყენება, რომელიც სარდალს ეძლევა დასახული მიზნის განსახორციელებლად“. ამ განსაზღვრებიდან, ჰარტისთვის, რამოდენიმე საყურადღებო გარემოება გამომდინარეობს: მეორეს მხრივ, მთავრობა, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს, უფლებამოსილია ჩაერიოს კამპანიის სტრატეგიულ მართვაში. ეს მართვა კი გულისხმობს მხოლოდ შემდეგს: 1. მთავარსარდლის, რომელმაც მთავრობის ნდობა დაკარგა – შეცვლა; 2. ომის დინამიკიდან გამომდინარე, დასმული პოლიტიკური ამოცანის დაზუსტება ან შეცვლა. ლიდელ ჰარტის აზრით, ასეთი ჩარევა მრავალი მიზეზითაა განპირობებული: შესაძლოა მიჩნეულ იქნას, რომ სამხედრო მოქმედებებმა თავისი თავი ამოწურა და პოლიტიკური მიზნების მიღწევა ამ ეტაპზე სხვა მეთოდებით უფროა შესაძლებელი: მაგ. ეკონომიური წნეხით, ახალი კავშირებით და ა.შ. მათ შორის დაზავების პირობებზე მოლაპარაკების დაწყებით. სხვა სიტყვებით, მოწინააღმდეგის განადგურება სამხედრო გზით აუცილებლობას უკვე არ წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ჩარევა არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს მთავარსარდლის კომპეტენციაში ჩარევას, რაც ჯარების უშუალო მართვაში გამოიხატება. ამდაგვარ პოლიტიკას ლიდელ ჰარტი შეზღუდული პოლიტიკური მიზნების სტრატეგიას უწოდებს და შენიშნავს, რომ, საუკუნეთა განმავლობაში ის წარმოადგენდა ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის რეალურ შინაარსს. ხშირად, ამდაგვარი პოლიტიკის მოტივაცია იყო ძალთა თანაფარდობაში ცვლილების მოლოდინი, რასაც მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვის ხარჯზე აღწევდნენ. გამოფიტვა გულისხმობდა შესაძლებლობების დასუსტებას მცირე დივერსიფიცირებული დარტყმების ხარჯზე, ისე რომ საკუთარი მთავარი ძალები დარტყმის ქვეშ არ დაეყენებინათ. მეთოდები მრავალგვარია: დარტყმა მოწინააღმდეგის მომარაგების ბაზაზე; ცალკეული მცირე ჯგუფების ადგილზე განადგურება, ანდა ისეთი ზიანის მიყენება, რომ ეს ჯგუფები უმოქმედონი გახდნენ. მოწინააღმდეგის ჩათრევა ისეთ შეტევით მოქმედებაში, რომელიც მისთვის მოუხერხებელი და არაფრის მომტანია (წარმატების შემთხვევაშიც კი). ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც მოწინააღმდეგეს ძალების დაქსაქსვას აიძულებს. მოწინააღმდეგის მორალური და ფიზიკური ენერგიის ცვეთა. ყველაფერი ეს კარგად საზღვრავს იმ ჩარჩოს, რომლის შიგნით მთავარსარდალს მოქმედების თავისუფლება გააჩნია იმ თეატრის ფარგლებში, სადაც ის ჯარების მოქმედებას ხელმძღვანელობს. მაგალითად, თუ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს იმოქმედოს ფაბიანური სტრატეგიის ფარგლებში, მაშინ ერთი თეატრის შიგნით მთავარსარდლის ინიციატივით განხორციელებული წარმატებული ოპერაცია, შესაძლოა, უფრო ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე რეალური წარმატება საბოლოო პოლიტიკური მიზნის განხორციელების თვალსაზრისით. ისევე, როგორც, საბოლოო ჯამში, ტაქტიკა წარმოადგენს სტრატეგიის გამოყენებას უფრო დაბალ საფეხურზე, ასევე თავად სტრატეგია წარმოადგენს სამხედრო პოლიტიკის (დიდი სტრატეგიის) გამოყენებას უფრო დაბალ საფეხურზე. პრაქტიკულად, დიდი სტრატეგია ემთხვევა სამხედრო პოლიტიკას, რითაც ომის მსვლელობას ხელმძღვანელობენ. ხოლო ეს უკანასკნელი განსხვავდება ფუნდამენტური (სახელმწიფო) პოლიტიკისაგან, რომელიც სამხედრო პოლიტიკის მიზანს განსაზღვრავს. რაში მდგომარეობს დიდი სტრატეგიის დანიშნულება? – სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა ჯგუფის) ყველა რესურსი მიმართოს ომის პოლიტიკური მიზნების განხორციელებისაკენ და კოორდინაცია გაუკეთოს ამ რესურსის გამოყენებას. თავად მიზანს კი ფუნდამენტური პოლიტიკა განსაზღვრავს. შესაბამისად, დიდი სტრატეგია გულისხმობს რესურსების: გამოვლენას; მობილიზებას; განაწილებას; გამოყენების კოორდინაციას. გარდა ამისა, დიდი სტრატეგიის მნიშვნელოვანი სფეროა ომის შემდგომი მშვიდობის მოწყობა და შენარჩუნება. სტრატეგიის წარმატება, ლიდელ ჰარტისთვის, ძირითადად, დამოკიდებულია მიზნის და საშუალებების სწორი თანაფარდობის განსაზღვრაზე: ჭარბი საშუალებები შესაძლოა ისევე მავნე აღმოჩნდეს, როგორც მათი ნაკლებობა; სწორედ ამ საკითხში თეორიული ცოდნა პრაქტიკული რეალიზაციის სირთულეებს აწყდება. პრაქტიკული რეალიზაცია გახლავთ ის, რასაც ჩვენ მხედართმთავრის ხელოვნებას ვეძახით. ერთადერთი, რაც ომში გათვლას არ ექვემდებარება, ეს არის ადამიანის ნება გაწიოს წინააღმდეგობა .თუმცა, მოწინააღმდეგის ნების დაძლევა სტრატეგიის საქმე არ გახლავთ. ლიდელ ჰარტისთვის სტრატეგიამ უნდა სცადოს თავად წინააღმდეგობა გახადოს მინიმალური და ამაში ის ორ ფაქტორს შეიძლება დაეყრდნოს: მოძრაობა და მოულოდნელობა. ამ ორიდან პირველი განეკუთვნება მატერიალურ სფეროს, ხოლო მეორე – ფსიქოლოგიურს. თუმცა,ისინი განაპირობებენ ერთმანეთს: სწრაფი გადაადგილება ქმნის მოულოდნელობის ეფექტს; მოულოდნელობა, თავის მხრივ, იძლევა შემდგომი გადაადგილების სტიმულს. ლიდელ ჰარტის აზრით, სტრატეგია მით უფრო სრულყოფილია, რაც უფრო ნაკლებ ბრძოლას მოითხოვს. მაშინაც კი, როდესაც ომის მიზანი გენერალური ბრძოლის გამართვაა (კლაუზევიცი), სტრატეგიის დანიშნულებაა იმდაგვარი პირობების შექმნა, რომ ეს ბრძოლა მაქსიმალურად მომგებიან პირობებში წარიმართოს. მაგრამ რაც უფრო მომგებიანია პირობები, მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა თავად ბრძოლა. მაგალითები, რომლებითაც ლიდელ ჰარტი აპელირებს, შემდეგია:კეისარი ილერდასთან; კრომველი პრესტონთან; ნაპოლეონი ულმთან;მოლტკე სედანთან ;ალენბი სამარიაში .ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითად კი 1940 წელს სედანთან გუდერიანის გარღვევა მიაჩნია. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს არ აინტერესებს მოწინააღმდეგის განადგურება, ანუ როდესაც ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მიზანი მიღწეული იქნება, თუ კი მოწინააღმდეგეს განზრახვაზე ავაღებინებთ ხელს. სხვა სიტყვებით, სტრატეგიის მიზანია შევქმნათ მომგებიანი სტრატეგიული გარემო. უფრო ზუსტად, საფრთხე შევუქმნათ მოწინააღმდეგის მდგრადობას, რამაც შესაძლოა მისი ძალების რღვევა გამოიწვიოს. როგორაა ეს შესაძლებელი? ანუ როგორ ხორციელდება მოწინააღმდეგის მდგრადობის სტრატეგიული რღვევა? ფიზიკურ სიბრტყეში ეს წარმოადგენს იმ მოქმედებათა შედეგს, რომლებსაც მივყავართ: 1. მოწინააღმდეგის დისპოზიციის რღვევამდე, რის შედეგადაც ის იძულებულია მისთვის მოულოდნელად შეცვალოს ფრონტი, რასაც მისი ორგანიზაციული სტრუქტურის რღვევა მოყვება; 2. მოწინააღმდეგის ძალების დაქსაქსვამდე; 3.მომარაგების სისტემისათვის საფრთხის შექმნა; 4. იმ საკომუნიკაციო ხაზებისათვის საფრთხის შექმნა, რომლითაც მოწინააღმდეგეს შუძლია უკან დახევა და ხელახალი ზღუდის გამაგრება. ერთ-ერთი ამ ფაქტორის რეალიზაცია საკმარისია, რომ მოწინააღმდეგის მდგრადობა დაირღვეს. თუმცა, რეალობაში ეს ფაქტორები ერთმანეთზეა მიბმული და ერთ-ერთის რეალიზაცია ჯაჭვური რეაქციით იწყებს სხვათა ამოქმედებას. ლიდელ ჰარტი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებასაც, რომ თუ არმია საკუთარი რესურსების შევსებას ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე აწარმოებს (ასე ვთქვათ, მტრის ხარჯზე აწარმოებს ომს), ანდა ის მცირე ზომისაა, მაშინ მისი დამოკიდებულება ბაზებსა და კომუნიკაციებზე ნაკლებია ხოლო თუ საქმე დიდ და რთულ ორგანიზაციათან გვაქვს, მაშინ მისი მიბმა ბაზებსა და კომუნიკაციებზე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს,ეს კი ნიშნავს, რომ პირველ შემთხვევაში სტრატეგიული უპირატესობის მიღწევა უფრო რთულია. თუმცა აქაც არის საშუალება რომ უკანდასახევ გზებზე შევქმნათ საფრთხე და მოწინააღმდეგე „ადგილიდან დავძრათ“. ფსიქოლოგიურ სიბრტყეში მოწინააღმდეგის მდგრადობის რღვევა ლიდელ ჰარტისათვის წარმოადგენს ზემოჩამოთვლილი ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებას მოწინააღმდეგის სარდლობაზე. ფსიქოლოგიურ ეფექტს იმის გააზრება ქმნის, რომ მოულოდნელად მახეში აღმოვჩნდით. შედეგად, მას მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგის ზურგზე მიმართული მოქმედებების ეფექტი ძირითადად ფსიქოლოგიურია: მოწინააღმდეგე ტყდება, მაშინ, როდესაც პირდაპირ განხორციელებული შეტევის ფსიქოლოგიური ეფექტია წინააღმდეგობის ნების გაძლიერება. ლიდელ ჰარტს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, რაშიც ბოლომდე კლაუზევიცის ვერცერთი მიმდევარი ვერ გაერკვა, გახლავთ ის, რომ ომში ყველა მოვლენასა და ყველა პრინციპს მედალივით ორი მხარე აქვს. აქედან კი გამომდინარეობს ის, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აწონილ, კომპრომისულ გადაწყვეტილებას ენიჭება: ომი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის წარმოებს, და თითოეული, ცდილობს რა, დარტყმა მიაყენოს მეორეს, ამავდროულად ასევე უნდა ფიქრობდეს თავდაცვაზეც. მაშასადამე, საკუთარი დარტყმა ეფექტური რომ იყოს, მოწინააღმდეგეს მოულოდნელად უნდა შევუტიოთ. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ძალები გაფანტულია, ხოლო საკუთარი – კონცენტრირებული. მაგრამ, მოწინააღმდეგე მხოლოდ მაშინ მიმართავს საკუთარი ძალების დაქსაქსვას, როდესაც ამის საფუძველი გააჩნია (მაგ. დივერსიფიცირებული დარტყმების მოლოდინი). მაშასადამე მას ეს მოლოდინი უნდა გავუჩინოთ, ანუ საკუთარი ძალები დავქსაქსოთ. ამდენად, თუმცა ეს პარადოქსად ჟღერს, ძალების ჭეშმარიტი თავმოყრა მათი დაქსაქსვის შედეგია.შედეგად, ომის ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ თუ გინდა დაიკავო რაიმე ადგილი, წარმატების უზრუნველსაყოფად ერთდროული საფრთხე რამდენიმეს უნდა შეუქმნა. დებულება, რომ ძალების ჭეშმარიტი თავმოყრა მათი დაქსაქსვის შედეგია შეგვიძლია იმ ერთადერთ პრინციპად მივიჩნიოთ, რომელიც ომის მსვლელობის ლოგიკას უდევს საფუძვლად. თუმცა, მისი პრაქტიკული ამოქმედება გარკვეული სირთულის შემცველია და ის შემდეგი ნაბიჯების განხორციელებას გულისხმობს:საკუთარი ძალების დაქსაქსვა; მოწინააღმდეგის ძალების დაქსაქსვა და საკუთარი ძალების თავმოყრა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სხვა დებულება, რომელიც პრინციპად შეგვიძლია განვიხილოთ, ამ ალგორითმიდან მომდინარეობს. ჰარტი თვლის, რომ ასეთი სულ რვა დებულებაა . აქედან ექვს შეგვიძლია დადებითი პრინციპები ვუწოდოთ, ხოლო ორს – უარყოფითი. პოზიტიური პრინციპები: მიზანი ყოველთვის საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე აირჩიე. როგორადაც არ უნდა იცვლებოდეს ვითარება და შესაბამისად, როგორადაც არ უნდა ხდებოდეს თავდაპირველი გეგმის დაზუსტება, არასოდეს შეცვალო თავდაპირველი მიზანი. საკუთარი მოქმედებებისთვის ისეთი გეზი შეარჩიე, საიდანაც შენს ამოქმედებას ყველაზე ნაკლებად ელიან. იმოქმედე უმცირესი წინააღმდეგობის ხაზებზე. მიმართულების არჩევისას იპოვე ისეთი, საიდანაც მოწინააღმდეგის რამოდენიმე ობიექტი ერთდროული დარტყმის ქვეშ ექცევა. უზრუნველყავი თავდაპირველი გეგმისა და ჯარების თავდაპირველი განლაგების მოქნილობა. ნეგატიური პრინციპები: არასოდეს შეუტიო მოწინააღმდეგეს სრული ძალებით, თუ მას თავდაცვის საშუალება გააჩნია (ანუ, სანამ მისი თავდაცვის უნარი პარალიზებული არ არის). არასოდეს განაახლო შეტევა მიმართულებაზე, თუ მანამდე ამ მიმართულებით შეტევამ მარცხი უკვე განიცადა. ამ ორი ჯგუფის პრინციპებთან ერთად აუცილებელია მხედველობაში გვქონდეს ის ორი ამოცანაც, რომელიც აუცილებლადაა გადასაჭრელი: 1.როგორ დავაკარგინოთ მოწინააღმდეგეს წონასწორობა? 2.როგორ განვავითაროთ წარმატება? პირველი ამოცანა დარტყმის მიყენებამდე უნდა გადავჭრათ, ხოლო მეორე – უშუალოდ დარტყმის შემდეგ. ამ ამოცანების გადაჭრასთან შედარებით საკუთრივ დარტყმის მიყენება არ წარმოადგენს სირთულეს. ლიდელ ჰარტის აზრით, როდესაც ომის მიზანზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ განსახვავება, რომელიც არსებობს პოლიტიკურ მიზანსა და სამხედრო მიზანს შორის. სამხედრო მიზანი პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალებაა მხოლოდ და ამიტომ, ის მთლიანად პოლიტიკური მიზნით უნდა განისაზღვროს. ერთადერთი, რაც სამხედრო ხელმძღვანელს მოეთხოვება არის ის, რომ შეუსრულებელი სამხედრო მიზანი არ დაისახოს. ზოგადად, ომის მიზანი – ეს არის ისეთი მშვიდობის მიღწევა, რომელიც უკეთესია (მომგებიანია, თუნდაც ჩვენი თვალსაზრისით) ომისწინა ვითარებასთან შედარებით. ამის გამო, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ როგორი მშვიდობა გვინდა. ისტორია გვაჩვენებს, რომ ბრძოლაში, ანდა თუნდაც ომში გამარჯვება თავისთავად არ გულისხმობს პოლიტიკური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სხვათა შორის, მიაჩნდათ, რომ ომის ნამდვილი მიზანი არის ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განადგურება (კლაუზევიცი). აღნიშნული დებულება მიჩნეული იყო სამხედრო დოქტრინის საფუძვლად. ლიდელ ჰარტი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უკვე პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა ბზარი შეიტანა კლაუზევიცის სისტემაში. პირველ რიგში, ეს ეხებოდა სახმელეთო ოპერაციების ხასიათს. ვერც ერთმა სახმელეთო ოპერაციამ ვერ უზრუნველყო საბოლოო წარმატება და რეალურად, ომი ჩიხში შეიყვანა. ის, რომ გერმანია დამარცხდა, ამის მიზეზი არა მისი სამხედრო პოტენციალის განადგურება იყო ხმელეთზე, არამედ ის უკმარობა მარაგებისა, რომელიც საზღვაო ბლოკადამ გამოიწვია. მეტიც, გამარჯვებულთა ძალებიც იმდენად იყო გამოფიტული, რომ მათ ვერ შეინარჩუნეს ომის შემდგომ თავიანთი წარმატება. ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო თეორიის ხელახალი გადააზრება. ამავე დასკვნისაკენ ლიდელ ჰარტს სხვა ფაქტორებიც უბიძგებდა: როლი, რომელიც საზღვაო ძალებმა შეასრულეს მოწინააღმდეგის განადგურების საქმეში, თანაც ისე, რომ არც ერთი დიდი საზღვაო ბრძოლა არ გაუმართავთ. საჰაერო ძალების განვითარებამ შესაძლებელი გახადა მოწინააღმდეგის პოლიტიკური და ეკონომიური ცენტრების განადგურება ისე, რომ აღარ იყო საჭირო მისი ძირითადი ძალების ბრძოლის ველზე განადგურება. ჯარების მექანიზაციამ გაზარდა მოწინააღმდეგის მთავარი ძალების განადგურების შანსი მსხვილი ბრძოლების გარეშე. თუ ავიაციას შეუძლია განახორციელოს პირდაპირი დარტყმა ირიბი ხასიათის მოქმედებით (გადააფრინდეს მოწინააღმდეგეს), იგივე შეუძლია განახორციელოს მექანიზირებულ არმიას ხმელეთზეც (შემოუაროს მოწინააღმდეგეს). თუმცა, ავიაციისგან განსხვავებით, მას ასევე შეუძლია გამაგრდეს დაკავებულ ტერიტორიაზე. ავიაციამ და ტანკმა ერთობლივად დრამატულად გაზარდეს სამოქალაქო ობიექტებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. ასევე დრამატულად გაიზარდა ზემოქმედების მანძილიც. ამან შესაძლებელი გახადა მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების პარალიზება მის მნიშვნელოვან ცენტრებზე ზემოქმედებით. განსაკუთრებულია ავიაციის ზემოქმედების ეფექტი: ის შოკში აგდებს სამოქალაქო მოსახლეობას. ამ უპირატესობათა ჯამურმა ეფექტმა შექმნა ყველა პირობა იმისათვის, რომ სტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ლიდელ ჰარტი ფიქრობს, რომ, საბოლოოდ, ბრძოლა სტრატეგიული მანევრის დამამთავრებელ ფაზად გარდაიქმნება და თავის თავდაპირველ მნიშვნელობას დაკარგავს. ჰარტისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის შედეგებიც: როდესაც ომი დაიწყო, ახალშექმნილმა მცირერიცხოვანმა მექანიზირებულმა ძალებმა აჩვენა, რომ მათ განსაკუთრებული ეფექტის მოხდენა შეუძლიათ, თუ კი მათი გამოყენება გამიზნულია სიღრმეში განლაგებული სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ. ამის მაგალითებია პოლონეთი, რომელიც რამოდენიმე კვირაში დაეცა ექვსი სატანკო დივიზიის შეტევის შედეგად; საფრანგეთისთვის საკმარისი აღმოჩნდა ათი სატანკო დივიზია; მთელი დასავლეთ ევროპის აღებას ერთი თვე დაჭირდა ისე, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლები თითქმის არ გამართულა. იგივე ხდება, სხვათა შორის, ბალკანეთში 1991 წელს, როდესაც წარმატება მიღწეულ იქნა არსებითად ბრძოლების გაუმართავად. მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთი (თუმცა, ნეგატიური) გაკვეთილი ლიდელ ჰარტისთვის ე.წ. სტრატეგიული დაბომბვის შედეგებია: რას ელოდნენ? – ეკონომიკის კოლაფსს და დემორალიზაციას. შედეგად კი მიიღეს უმნიშვნელო ეფექტი სამხედრო მოქმედებებზე, წინააღმდეგობის ნების განმტკიცება და ომის შემდგომ დანგრეულის რეაბილიტაციაზე რესურსის მნიშვნელოვანი ხარჯვა. ლიდელ ჰარტს მიაჩნდა, რომ ის იყო პირველი იმათ შორის, ვინც 1914-1918 წლების ომის შემდეგ, სცადა თავი დაეღწია კლაუზევიცის მემკვიდრეობისათვის. თავისი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით მან შეაჯამა 1925 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „პარიზი, ანუ ომის მომავალი“. წიგნი იწყება იმ სამხედრო მოქმედებათა კრიტიკით, რითაც დაპირისპირებული მხარეები ცდილობდნენ მიეღწიათ თავისი მიზნისათვის: ბრძოლის ველზე გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალები. წიგნში ნაჩვენებია, რომ ამ სწრაფვაში ორივე მხარემ ისე გამოფიტა ერთმანეთი, რომ რეალური შედეგისათვის არც მიუღწევია. ამის შემდეგ წიგნში ნაჩვენებია მორალური მიზნების უპირატესობა. კერძოდ: 1. როგორ შეუძლიათ სატანკო არმიებს დაარტყან მოწინააღმდეგის „აქილევსის ქუსლს“: მსხვილ შტაბებსა და კავშირგაბმულობის ცენტრებს, რომლებიც არმიის ნერვიულ სისტემას ქმნიან. 2. როგორ შეუძლია ავიაციას დამოუკიდებლად მიაყენოს დარტყმა სახელმწიფოს ნერვიულ სისტემას: მსხვილ სამოქალაქო-სამრეწველო ცენტრებსა და ინფრასტრუქტურას. ამ წიგნის გამოსვლიდან ორ წელიწადში, 1927 წელს, გენერალური შტაბის მითითებით წიგნი სახელმძღვანელოდ გამოიყენეს პირველი მექანიზირებული ნაწილების ოფიცრებისათვის. ასევე მოიქცა საჰაერო ძალების შტაბიც, რომლის ხედვა მაშინ წიგნში გამოთქმულ მოსაზრებებს ემთხვეოდა. თუმცა, ლიდელ ჰარტს მიაჩნია, რომ ავიაციასთან დაკავშირებით წიგნში გამოთქმული მოსაზრებები იყო მცდარი: 1925 წელს ის თვლიდა, რომ მსხვილი სამოქალაქო-სამრეწველო ცენტრებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას შეეძლო დაეჩქარებინა ომის დამთავრება. 1929 წლისთვის მას უკვე უყალიბდება აზრი, რომ ამგვარმა მოქმედებამ შესაძლოა ახალი ტიპის გაჭიანურებული ომი გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი შეხედულება საჯარო გახადა, მისი თავდაპირველი მიდგომა უფრო მისაღები აღმოჩნდა სამხედრო სარდლობისთვის. შედეგად მივიღეთ ის უაზრო მსხვერპლი, რომელიც სტრატეგიულ დაბომბვებს მოყვა მეორე მსოფლიო ომში. ომის შემდეგ ლიდელ ჰარტს უჩნდება აზრი, რომ ისევ მოვიდა დრო გადაიხედოს თეორია და კიდევ ერთხელ დაზუსტდეს ისეთი ცნებები, როგორიცაა ომის სამხედრო მიზანი. ის მიდის აზრამდე, რომ ბრძოლა, როგორც ასეთი, საერთოდ უნდა ამოვარდეს სტრატეგიის ლექსიკონიდან და ის სტრატეგიულმა ოპერაციამ უნდა შეცვალოს. თუმცა, მალევე, ცივმა ომმა ახალი რეალობა გააჩინა, რამაც მთლიანად შეცვალა XX საუკუნის მეორე ნახევრის სტრატეგიული გარემო: გლობალურმა დაპირისპირებამ გლობალური სტრატეგია მოითხოვა. შედეგად, ლიდელ ჰარტისეულ იერარქიაში სახელმწიფოს ფუნდამენტური პოლიტიკა – დიდი სტრატეგია – სამხედრო სტრატეგია ტერმინები შეიცვალა და მივიღეთ ალიანსის (ფუნდამენტური) პოლიტიკა – გლობალური სტრატეგია – ალიანსის სამხედრო სტრატეგია. მაგრამ ეს სულ სხვა თხრობის თემაა. ავტორი – დავით თევზაძე დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას
  9. კარლოს I დიდი — ფრანკთა მეფე 768–814 წლებში, ლომბარდთა მეფე 774-დან, და დასავლეთის იმპერიის განმაახლებელი. მისი ორმაგი როლი, როგორც იმპერატორისა და ფრანკთა მეფისა ისტორიულად აკავშირებს საღვთო რომის იმპერიულ კლანს, ფრანკთა სამეფოებსა და გვიანდელ გერმანიას.