Jump to content
×
×
  • Create New...

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ერთიანი თემა)


Recommended Posts

  • ფორუმელი

კარვები სოფელ ნამოხვანში ვეღარ გაიშლება, რადგან ხეობაში სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს, - ასეთი ინფორმაცია მიაწოდა „რიონის ხეობის მცველებს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა.

თამაზაშვილი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებს 11 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, სოფელ გუმათში შეხვდა - მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამოხვანში აქციის ორგანიზატორების 5 კარავი დაშალა. კარვები ადგილობრივი მკვიდრის კერძო მიწაზე იყო გაშლილი.

„ნამოხვანიდან ეს კარვები ავიღეთ. ამ კარვებს თავის ინვენტართან და ყველაფერთან ერთად, რაც არის, გადმოგცემთ ორგანიზატორებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას და იმ ადგილას მოგიტანთ, სადაც პროტესტს გააგრძელებთ. გუმათში ხართ ახლა და გნებავთ, აქ მოგიტანთ...“ - უთხრა სულხან თამაზაშვილმა „ნამახვანჰესის“ აშენების მოწინააღმდეგეთა უწყვეტი აქციის ორგანიზატორებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში სოფელ ნამოხვანში ჩასვლა ეკრძალებათ.

„სრულიად ლეგიტიმურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები, რაც დროებით ზღუდავს მოქალაქეებს აქციის ფარგლებში გადაადგილების კუთხით. შეზღუდული არ არის ადგილობრივ მცხოვრებთა მოძრაობა. მათ ვატარებთ და შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

სოფელი გუმათი
სოფელი გუმათი

„რიონის ხეობის მცველთა“ განმარტებით, პოლიციამ ისინი მიზანმიმართულად გამოდევნა სოფელ ნამოხვანიდან და სამართალდამცველების გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ისინი პოლიციის მაღალჩინოსნისგან მოითხოვდნენ კანონის იმ მუხლების დასახელებას, რომლებიც პოლიციას ამგვარი მოქმედებების საშუალებას აძლევს. თამაზაშვილმა მათ უპასუხა, რომ დებატებში შესვლასა და საკითხში ჩაღრმავებას არ აპირებს.

„არ გვაძლევენ უფლებას, რომ ხეობაში მშვიდობიანი ფორმით გავაგრძელოთ პროტესტი და გამივხატოთ ჩვენი დამოკიდებულება იმ უკანონო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფომ გააფორმა კომპანია „ენკასთან“. ჩვენ გვითხრეს, რომ არ გვაქვს სირცხვილის კორიდორის მოწყობის უფლება, ჩვენ გვითხრეს, რომ უნდა შევარჩიოთ ლექსიკონიდან სიტყვები, ვის როგორ მივმართოთ... მათი დღევანდელი ქმედება ემსახურება ჩვენს გამოდევნას ნამოხვანიდან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ.

 

 

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.

მანამდე „რიონის ხეობის მცველები“ აცხადებდნენ, რომ მათ იმერეთის სამხარეო პოლიციიდან მიიღეს შეტყობინება, რომ კარვები რიონში გაუჩინარებული კაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს უშლიდა ხელს. აქციის მონაწილეებისთვის არცერთი მიზეზი არ არის დამაჯერებელი. მათი განცხადებით, ხელისუფლება ხელოვნურ მიზეზებს იშველიებს აქციის ხელშეშლის მიზნით.

11 აპრილს, როცა სოფელ ნამოხვანში პოლიციამ კარვების აშლა დაიწყო, ამ დროს სოფელ გუმათში იმყოფებოდნენ აქციის მთავარი ორგანიზატორები და მათ შორის - ვარლამ გოლეთიანი.

„ცდილობენ, რომ ბოლომდე გადაუარონ ჩვენს ღირსებას. ამას გვეუბნებიან ამ მოქმედებებით, რომ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი და არ გვითვალისწინებენ. ვერაფერს ისინი ვერ ასაბუთებენ. უბრალოდ აქვთ ძალაუფლების ბერკეტი ხელში და ბოლომდე იყენებენ ამ თავის ძალაუფლებას. ამას ყველაფერს ადეკვატურ პასუხს გასცემს ხალხი“, - უთხრა გოლეთიანმა ჟურნალისტებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ადიდებულ მდინარე რიონში 30 წლამდე მამაკაცი 10 აპრილს გადახტა. ოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და 11 აპრილსაც გაგრძელდა.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

„რიონის ხეობის მცველები“ აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან და კვლავაც გააგრძელებენ საპროტესტო აქციას.

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ENKA: ტერიტორია ნამოხვანში, სადაც კარვები იდგა, ჩვენი საკუთრებაა 2019 წლიდან

26 წუთის წინ

7643585d-a8d2-4546-9322-71a3d288c757_cx0

 

"ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან" 

- წერია განცხადებაში, რომელსაც კომპანია ენკა ავრცელებს. ტერიტორია, სადაც "რიონის ხეობის მცველებს" კარვები ჰქონდათ გაშლილი რამდენიმე თვის განმავლობაში, სადაო ადგილია - ადგილობრივი ლალი ეფრემიძე ამბობს, რომ ეს ადგილი მას ეკუთვნის და კომპანია ენკას არ მიყიდის, თუმცა ვერც ირეგისტრირებს საჯარო რეესტრში. კომპანიამ კი გაასაჯაროვა დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ლალი ეფრემაძის ოჯახის წევრს კომპენსაცია აქვს მიღებული ამ მიწის სანაცვლოდ, როგორც ფაქტობრივ მოსარგებლეს.

"კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე (დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ჩვენებით), რომელიც ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მიუხედავად საკუთრებისა, „ენკამ“ საჭიროდ ჩათვალა მაინც გადაეხადა მისთვის კომპენსაცია.

2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია - კერძოდ, 70,171 ლარი" - ვკითხულობთ განცხადებაში.

8cdc4ae4-17f1-4623-8575-d80e57c7fb89_w65
5fc86d8e-8496-4a2e-815c-fa421d439f56_w65

სადაო ტერიტორიაზე, რომელსაც ადგილობრივები ლალი ეფრემიძის საკუთრებად მიიჩნევენ, პროტესტის მონაწილეთა კარვები სწორედ იმიტომ იდგა, რომ ის გაუსხვისებელ ტერიტორიად აღიქმებოდა. მას შემდეგ, რაც 11 აპრილს საპოლიციო ძალის გამოყენებით კარვები დაშალეს, "რიონის ხეობის მცველთა" ნაწილმა სოფელ გუმათში მდებარე კარავში გადაინაცვლა, კომპანია ენკას ტრაქტორებმა კი ტერიტორიის დამუშავება დაიწყეს, რასაც ადგილობრივების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

„რომ ნახოთ, გული დაგეწვებათ. გორებია, მიზანმიმართულად გადაბრუნებულია მიწა, რომ ადამიანმა ფეხი ვერ დადგას და ვერ გაჩერდეს”, – ყვებოდა ფეისბუქზე პირდაპირ ჩართვაში ადგილობრივი აქტივისტი, ნუგზარ გოდოლაძე.

"კარვების დარბევა ვანდალურად მოხდა, დაგვიჭრეს, გააფუჭეს ჩვენი ინვენტარი და, როგორც ვიცით, პოლიციის შენობასთან ყრია. წაღებულია, დაბრუნებული არ არის და, რაც მთავარია, ის ადგილი, სადაც კარვები იდგა, ტრაქტორით გადახნეს. ამ მიწის მეპატრონე, ლალი ეფრემიძე, ვინც არის, ზის და ტირის - ამ მიწას ოჯახი ამუშავებდა და სარჩო-საბადებელს იღებდა აქედან, მთლიანად გადააბრუნა ტრაქტორმა. გულწრფელად მიკვირს, როგორ ფიქრობენ, რომ ამ პროტესტს ასე რეპრესიულად ჩაახშობენ", - უთხრა რადიო თავისუფლებას "რიონის ხეობის მცველმა", ვარლამ გოლეთიანმა.

 

"ამ ხნის განმავლობაში, კომპანია თავს იკავებდა აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და ასევე ამ თემაზე სპეკულაციის დასრულების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მოსახლეებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა" - წერს კომპანია ენკა განცხადებაში.

სამართალდამცველები კარვების აღების შემდეგად დგანან სადაო ტერიტორიასთან
სამართალდამცველები კარვების აღების შემდეგად დგანან სადაო ტერიტორიასთან

სოფელ გუმათში დღის 4 საათისთვის საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ხეობაში პოლიცია ამ დრომდე ზღუდავს გადაადგილებას. ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ვითარებას აკვირდება. პარალელურად, მაშველები ორი დღის წინ მდინარეში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ, კომპანია ენკა კი სამუშაოებს აგრძელებს. "რიონის ხეობის მცველები" ამბობენ, რომ მათ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეთ ნამოხვანში. მათი სურვილის გათვალისწინებით გაუქმდა სოლიდარობის აქცია თბილისში, რომელიც ასევე დღეს, დღის 4 საათზე იყო დაგეგმილი.

სოფელ გუმათთან პოლიცია აკონტროლებს და ზღუდავს მოქალაქეების გადაადგილებას
სოფელ გუმათთან პოლიცია აკონტროლებს და ზღუდავს მოქალაქეების გადაადგილებას

სოფელ ნამოხვანში პოლიციამ კვირას საღამოს რიონის ხეობის დამცველების კარვები დაშალა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

რიონის ხეობაში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციამ დაშალა კარვები, სადაც აქტივისტები 160 დღეზე მეტხანს ხეობაში ნამახვანჰესის დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვინაიდან ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც, შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს, „აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით“ კარვების აღება გახდა საჭირო.

კარვების აღებამდე პოლიციამ აქტივისტები, რომლებიც თბილისიდან ჩავიდნენ, სოფელ ნამახვანში პროტესტის ადგილას არ შეუშვა. პოლიციას მთელი ხეობა, მათ შორის, ჰესის მშენებლობის ადგილი, ბლოკირებული აქვს, ხოლო 3 აპრილს ქუთაისის მახლობლად მდებარე სოფელ გუმათში საგუშაგოც კი მოაწყო.

აქტივისტები შსს-ს ვერსიას შესაძლო დატბორვის შესახებ არ ეთანხმებიან და პოლიციას მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების შელახვაში, ასევე მათი პროტესტის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებენ. წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ადგილობრივები სოფელ ნამახვანში ალტერნატიულ ადგილას აპირებდნენ კარვების გადატანას, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. სახალხო დამცველის აპარატმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აქციის მონაწილეებს „აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“.

პროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ ის ადგილი, სადაც კარვები იყო განთავსებული, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ლალი ეფრემიძის საკუთრებაა. მათი თქმით, პოლიცია კერძო საკუთრებაში შევიდა. თუმცა, კომპანიამ Enka Renewables, რომელიც  ჰესის მშენებლობას კურირებს, განაცხადა, რომ ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან. მისივე თქმით, კომპანია დაახლოებით 70 000 ლარი გადაუხადა კომპენსაციის სახით ეფრემიძის დისშვილს, რომელიც აღნიშნული მიწის „ფაქტობრივი მოსარგებლე“ იყო. 12 აპრილს აქტივისტებმა ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, სადაც ნაჩვენებია, რომ ღამით ეფრემიძის მიწა გადათხარეს, რათა აქტივისტებს კარვები აღარ გაეშალათ.

ინფორმაცია თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ და განცხადებები ალკოჰოლის ჩადებაზე

აქტივისტებმა შეშფოთება გამოხატეს იმ ინფორმაციის თაობაზე, რომ თითქოს კარვების აღებისას იქ  ალკოჰოლური სასმელების ბოთლები იპოვეს. მათი თქმით, ეს ბოთლები ხელისუფლებამ მათ განზრახ ჩაუდო მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით. აქტივისტების განცხადებით, ისინი კარვებში მკაცრ წესებს იცავდნენ და სადილადაც კი არ სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ კარვების აღება და ბოთლების ამოღება საეჭვოდ მოჰყვა ერთი დღით ადრე მომხდარ ინციდენტს, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კარავში მორიგეობისთვის რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა რიონის ხეობაში, მდინარე რიონში გადახტა და გაუჩინარდა. აქტივისტების თქმით, სახელისუფლებო მედია იტყობინებოდა, რომ ეს მამაკაცი მდინარეში გადახტომისას, შესაძლოა, ნასვამი იყო და თვითმკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

მამაკაცის სამძებრო ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს.

გადაადგილების თავისუფლების და მედიის საქმიანობის შეზღუდვა

ხეობაში შემოღებული შეზღუდვები ჟურნალისტების საქმიანობასაც შეეხო. მას შემდეგ, რაც პოლიციამ გადამღები ჯგუფები გუმათის საგუშაგოზე არ გაატარა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განაცხადა, რომ დაუშვებელია მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, განაცხადა, რომ ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვის მიზეზები უცნობი რჩება. კოალიციამ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ „იმოქმედოს ნამახვანში მიმდინარე პროცესების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით“.

შეზღუდვების საპასუხოდ, აქტივისტებმა, რომელთაც გუმათისკენ მოუწიათ წასვლა მას შემდეგ, რაც პოლიციამ კარვები დაშალა, 11-12 აპრილის ღამეს გზა გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ, თავდაპირველად, გააფრთხილა ისინი, რომ პროპორციულ ძალას გამოიყენებდა, თუ აქციის მონაწილეები გზას არ გახსნიდნენ, თუმცა შემდეგ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავა.

ამჟამად, ადგილობრივი აქტივისტები, ჰესის სხვა მოწინააღმდეგეებთან ერთად თბილისიდან, საპროტესტო აქციას სოფელ გუმათში მართავენ. ისინი ახლო მომავალში თბილისში გეგმავენ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია – თავისუფალი გადაადგილების აღდგენა, შეზღუდვების მოხსნა და სოფელ ნამახვანში, თუნდაც ალტერნატიულ ადგილას, კარვების გაშლაზე ნებართვა. მისი თქმით, გზის ჩაკეტვა რიონის ხეობის მცხოვრებთა უკმაყოფილებასაც იწვევს, ვინაიდან საგუშაგოს გავლა ზოგჯერ იმ ადგილობრივებსაც ეკრძალებათ, რომლებიც პირადი მიზნით გადაადგილდებიან.

ამბის წინაისტორია

პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები პროტესტს ინვესტორთან საზიანო ხელშეკრულებით და გარემოზე ზემოქმედებით ხსნიან.

ისინი ასევე ითხოვენ ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას, რომლის ძალისხმევაც აქტივისტებთან მოლაპარაკებაში უშედეგოდ დასრულდა.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველომ“ 12 აპრილს განაცხადა, რომ რიონის ხეობაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები უხეშად არღვევს იქ შეკრებილი ადამიანების, როგორც მიმოსვლის, ასევე გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს.

ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფომ გასულ კვირას სოფელ ნამახვნისკენ მიმავალი გზები პოლიციის მეშვეობით „დაუსაბუთებლად და ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე“ ჩაკეტა, ამასთან 11 აპრილს ხეობაში აქტივისტების მიერ განთავსებული კარვები „არადამაჯერებელი მიზეზით“ აიღო.

ორგანიზაციამ სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მოწინააღმდეგეების მიმართ განხორციელებულ „დისკრედიტაციის კამპანიაზეც“ გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ „სახელმწიფოს მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი აჩვენებს, რომ მათი მიზანი საპოლიციო ძალის გამოყენებით პროტესტის ჩახშობაა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მოუწოდა ხელისუფლებას შეწყვიტოს იქ მყოფი ადამიანების „როგორც გამოხატვის, ასევე მიმოსვლის თავისუფლების დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვა“ და, „რიონის ხეობის მცველებს“ მისცეს მშვიდობიანი გზებით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, ხოლო პრობლემის მოგვარებისთვის მოსახლეობასთან შინაარსობრივი დიალოგის გზა აირჩიოს“.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 12 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში სოლიდარობა გამოუცხადა სოფელ გუმათთან ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომელთა „კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მიერ“.

ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ხმის გაგონების ნაცვლად, ხელისუფლება მათ წინააღმდეგ „რეპრესიული მექანიზმებით“ მოქმედებს. მათი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და „მიუხედავად იმისა, სხვადასხვა იდეოლოგიის სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფები ემხრობიან თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობას, ყველას საერთო მტერი არის ავტორიტარიზმი“.

„168 დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება ყოველდღიურად ზრდის რეპრესიას რიონის ხეობაში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოები თავად სცდებიან სამართლის ფარგლებს და მიზანმიმართულად, უკანონო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პროტესტის ჩახშობას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის არიან: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „მედიის განვითარების ფონდი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, „უფლებები საქართველო“ და „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“.

ღია საზოგადოების ფონდის განცხადება

12 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ღია საზოგადოების ფონდმა აღნიშნა, რომ „გაუგებარი და დაუსაბუთებელია, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, „ბლოკპოსტების“ მოწყობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა“.

ორგანიზაციის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 11 აპრილს სოფელ ნამახვანში კარვების დაშლის შემდეგ წარმოდგენილი დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების სტანდარტებით დადგენილ საბაზისო მოთხოვნებს.

ორგანიზაციამ ხელისუფლება „პროტესტის ძალადობრივად შეჩერების მცდელობასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისას, არ ყოფილა გათვალისწინებული ეკოლოგიასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, პროექტის სოციალურ სარგებლიანობასთან დაკავშირებული წუხილები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები. „არ გაბათილებულა პროექტის უსაფრთხოებასა და ხარვეზიან კვლევებთან დაკავშირებული სამეცნიერო არგუმენტები, რამაც, ლოგიკურად წარმოშვა ადგილობრივების სამართლიანი პროტესტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამბის წინაისტორია

რიონის ხეობაში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციამ 11 აპრილს საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა. შსს-მ ამის მიზეზად მდინარის შესაძლო ადიდება დაასახელა. აქტივისტები შესაძლო დატბორვის შესახებ შსს-ს ვერსიას არ ეთანხმებიან და პოლიციას მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების შელახვაში, ასევე მათი პროტესტის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

მას შემდეგ, რაც სოფელ ნამახვანში საპროტესტო აქციის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცათ, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ ერთი კვირის წინ ბლოკპოსტი მოაწყო და მას შემდეგ ხეობაში შესვლა შეზღუდულია.

პოლიციის შესახებ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებზე დაყრდნობით, რომელიც სამართალდამცველ სტრუქტურებს გადაადგილების შეზღუდვის უფლებას ანიჭებს, შსს-მ გუშინ განაცხადა, რომ რიონის ხეობაში პროტესტის ძალადობრივ სცენარს არ დაუშვებდა. აქტივისტებმა არაერთხელ გაიმეორეს მშვიდობიანი აქციის გამართვის პირობა.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი მდინარე რიონზე ორ – 333 და 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესს მოიცავს. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, მთავრობას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვს.

პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები პროტესტს ინვესტორთან საზიანო ხელშეკრულებით და გარემოზე ზემოქმედებით ხსნიან.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 აპრილს განაცხადა, რომ სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ექვსი პირი მას შემდეგ დააკავა, რაც კომპანია „ენკას“ ოფისის წინ 13 აპრილს ღამით პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ექვსი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 250-დან 2 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი და ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დააბრკოლეს.

ინციდენტის ადგილიდან პირდაპირი ჩართვის კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ცდილობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას შემდეგ დააკავოს, რაც მან ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომლის გადადგომაც ნამახვანჰესის ოპონენტების ერთ-ერთი მოთხოვნაა.

ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა პოლიცია ძალის გამოყენებასა და აქციის მონაწილეებისთვის დაზიანებების მიყენებაში დაადანაშაულა. კიდევ ერთმა ადგილობრივმა აქტივისტმა, მარიტა მუსელიანმა ასევე დაადანაშაულა პოლიცია „არაპროპორციული ძალის“ გამოყენებაში და აღნიშნა, რომ „ძალის გადამეტება ნამდვილად არ იყო საჭირო იმისათვის, რომ პოლიციას აქ წესრიგი დაემყარებინა“.

რიონის ხეობაში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციამ 11 აპრილს საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა. შსს-მ ამის მიზეზად მდინარის შესაძლო ადიდება დაასახელა. აქტივისტები შესაძლო დატბორვის შესახებ შსს-ს ვერსიას არ ეთანხმებიან და პოლიციას მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების შელახვაში, ასევე მათი პროტესტის ჩახშობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

მას შემდეგ, რაც აქტივისტებს სოფელ ნამახვანში საპროტესტო აქციის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცათ, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ დაახლოებით ერთი კვირის წინ ბლოკპოსტი მოაწყო და მას შემდეგ ხეობაში შესვლა შეზღუდულია.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ყველას ფასილიტატორობა უნდა

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებული მხარეები, პასუხისმგებელი პირები და სპეციალისტები ერთმანეთის პოზიციებს მოისმენენ.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას.

„შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.

დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას. პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

და რა მაინტერესებს, ვინმემ ხელშეკრულებაში ჩაიხედა, გეოლოგიური დასკვნა წაიკითხა, ეკონომიკური პროგნოზს გაეცნო, ელექტრო ენერგია არ გვჭირდება, თუ ინდიელებივით ბუნების შვილები ვართ (იმ ფონზე რომ ტყეში ნაქეიფარის ალაგება ვერ ვისწავლეთ)?

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share