Jump to content

გაცნობებთ რომ გიფები ედიტორიდან ისევ მუუშააოობს :fofo:

Season 9 Yes GIF by Friends

×
×
  • Create New...

ძებნა

'დემოკრატიული' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. 03.08.2021 საქართველოს პრეზიდენტი - ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ საქართველო დგას გზაჯვარედინზე, გზგასაყარზე, როგორც არა ერთხელ თავის ისტორიის განმავლობაში. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა: - ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ე.ი. მის მომავალს... ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახი, არც ძალადობა და არც კუნთების თამაშშია. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივ თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე. - მეორე გამოწვევა ჩვენს ევროპულ გზას ეხება, რომელსაც ჩემი ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დღიდან ვაიგივებდი და ვაიგივებ საქართველოს ერთადერთ ჭეშმარიტ გზასთან! ამ გაიგივებაში ჩემი წინაპრები იყვნენ ილია და ნიკო ნიკოლაძე, სულხან-საბა და ექვთიმე, არა იმიტომ, რომ უცხოეთის დაკრულზე ცეკვავდნენ, არა იმიტომ, რომ საკუთარ მეობას არ იცავდნენ ან იდენტობის დაცვა ჩვენზე ნაკლებად ენაღვლებოდათ... არამედ მათ კარგად ესმოდათ, რომ ევროპას, როგორც ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების მოდელს და როგორც მოკავშირეს, ალტერნატივა არ გააჩნია. მცდელობები, რომ დაგვაჯერონ, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, არამედ გარყვნილობის გზაა, სწორედ ერთადერთი პერსპექტივისაგან ჩვენს დაშორებას ემსახურება... და კარგად გვესმის, ეს ვის ინტერესებშია. აქაც, როგორც პანდემიასთან ბრძოლაში, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა. პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახეს და სახელს, რამეთუ ვერავინ დაგვამციროს და პატივისცემა დაგვაკლოს. ეს ყველას ეხება! ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისაგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები. იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავისი განვლილი გზით საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს. ე.ი. ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების წინაპირობა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას გარეთ ძირს არ უნდა ვუთხრიდეთ და ვიწრო პარტიული მიზნების მისაღწევად არ უნდა ვეწეოდეთ აქტიურ სადისკრედიტაციო კამპანიას. სამარცხვინოა, როცა შენივე მოქალაქეები აქტიურობენ იმისათვის, რომ ქვეყნის სახე შელახონ ან თუნდაც მოითხოვონ ქვეყნის სხვადასხვა ფორმით დასჯა. დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს, რამეთუ, როგორც კი მარტო რჩები, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნებრივად ხდები იმისი სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისაკენ... ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი რეალობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენს პატარა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას. ეს ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ და სწორედ ასე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღემდე – რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით. დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველია და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისაკენ. ამიტომ მიმაჩნია, და ვუთხარი კიდეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, კავკასიასა და ზოგადად ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ! მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის „ანულირებაზე“. თუმცა დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელ ხაზებს ხელმოწერამდე ავლებენ! მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს! გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა: პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში, მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი (დიდი იმედი მაქვს, რომ ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა). ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია! ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია. პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა. წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიქნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას. ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელის ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა. მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები.
  2. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, სხვადასხვა მიმართულებით ვითარება საკმაოდ მძიმეა - ქვეყნის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროს დიდი ზიანი მიაყენა კოვიდპანდემიამ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს დასაქმება, ამ ყველაფერს ემატება გადაუწყვეტელი პოლიტიკური კრიზისი და მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეუთანხმებლობა. ამ უკანასკნელი მიმართულებით, მაშინ, როდესაც 2020 წლის 8 მარტს მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდა, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან ერთად, ფასილიტაციის პროცესში გერმანიის ელჩი, ჰუბერ ქნირშიც ჩართული იყო... ელჩი „ინტერპრესნიუსს“ განვითარებული მოვლენების, სხვადასხვა პრობლემისა და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა. - ბატონო ჰუბერტ, პირველ რიგში, დავიწყოთ პოლიტიკური მოვლენებით. შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უკვე მეორედ ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა მთავრობასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. როგორი იქნებოდა თქვენი შეფასება განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თანაც იმის ფონზე, რომ ფასილიტაციის საწყის ეტაპზე თქვენ პროცესში აქტიურად იყავით ჩართული? - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ძალიან აქტიურად ჩაერთო, რათა პარტიებს შორის შეთანხმება მიღწეულიყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება თავის მიზნამდე ბოლომდე ჯერ არ მისულა და ის უნდა გაგრძელდეს. ამისათვის უნდა გაუმჯობესდეს კანონები, მაგალითად, საარჩევნო კოდექსი და რიგი პროცედურები სასამართლო დარგში. ბატონმა დანიელსონმა ამ კუთხით კარგი და ძალიან კონკრეტული შეთავაზებები წარმოადგინა და კარგი იქნებოდა მათი მიღება პარტიების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ერთი ან მეორე მხარის დადანაშაულებას აზრი არ აქვს. ჩვენ ახლა უფრო მეტად უნდა ვიმედოვნოთ, რომ მოცემულ სიტუაციაშიც რაც შეიძლება, მეტი გაუმჯობესება განხორციელდება. რურუასა და მელიას საკითხებიც ადრე თუ გვიან, გადაიჭრება. ამასთან, კარგი იქნებოდა, თუ 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენები ქვეყანას მეტად აღარ დაამძიმებდა. მე არ ვკარგავ იმედს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ბოლოს მაინც დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც შემდეგ არჩევნებში ახალი და პატარა პარტიების შანსებს გააუმჯობესებს. - პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან და უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებული კანონპროექტების შესახებ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ: 1) პარტიების დაფინანსების შეწყვეტა, როცა ცალკეული დეპუტატები პარლამენტის სხდომების დიდ ნაწილს არ ესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება; და 2) პარტიული სიის რეგისტრაციის მოხსნა, რადგან მისი ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არაპროპორციულ ზომად აღიქმება. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვენეციის კომისია თვლის, რომ ეს კანონპროექტები სამართლიანია. გვესმის "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენელთა განცხადებებიც, რომ მათ აუცილებლად მიიღებენ კანონების სახით. თქვენ როგორ აღიქვით ვენეციის კომისიის პოზიცია - არის თუ არა ამ შეფასებების გათვალისწინების ერთადერთი გზა ის, რომ კანონპროექტების კანონებად ქცევაზე სრულიად ითქვას უარი? - საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს სთხოვა პოზიციის დაფიქსირება ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით. ორივე ინსტიტუციამ ძალიან მკაფიოდ, დეტალურად და კარგი დასაბუთებით გამოთქვეს მათი პოზიცია თითოეულ პუნქტთან მიმართებაში. დასკვნა ის არის, რომ პარლამენტი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ისეთი ინსტრუმენტების შექმნისას, რომლითაც უმცირესობა, ოპოზიცია, გარკვეული პოლიტიკური ქმედების გამო შეიძლება დაისაჯოს. ეს ორივე ინსტიტუცია არ გასცემს მითითებებს, პასუხისმგებლობა არჩეულ პოლიტიკოსებზეა. ისინი გადაწყვეტენ, თუ რა შეიძლება, მოცემულ სიტუაციაში იყოს სასარგებლო და რამ შეიძლება, შექმნას პრობლემები. - საქართველოს, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, კორონავირუსის პანდემიამ უდიდესი ზიანი მიაყენა. ქართველი მოსახლეობის და საერთაშორისო საზოგადოების მიერ პანდემიის პირველ პერიოდში დადებითი შეფასებები, რომელიც მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის შესახებ კეთდებოდა, ბოლო თვეებია, გადაფარა ქართველი საზოგადოებისა და ბიზნესის უკმაყოფილებამ, რომ შეზღუდვები მეტისმეტია და ვითარებას აუარესებს. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს რეაგირებას კორონავირუსზე გრძელვადიან პერიოდში და რას ურჩევდით ამ ეტაპზე თუ სამომავლოდ ქვეყანას, რომ ეკონომიკა მთლიანად არ ჩამოიშალოს? - ყველა ქვეყანაში ვხედავთ, რომ მუდმივად ახალი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება მთავრობებისთვის მართლაც არ არის იოლი. საქართველომ დიდი ხნის განმავლობაში ეს კარგად მოახერხა. ზაფხულში კი შიდა ტურიზმმა სამწუხაროდ, პანდემიის გავრცელებას შეუწყო ხელი და ასევე, არჩევნების წინ არ სურდათ დამატებითი შეზღუდვების შემოღება. მე ვესაუბრე საქართველოს მთავრობის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს და მათთან ერთად მეც იმედი მაქვს, რომ ჭკვიანური შეზღუდვებისა და აცრების კამპანიაში წინსვლის შედეგად შესაძლებელი იქნება მდგომარეობის იმგვარად გამოსწორება, რომ ამ ზაფხულს ეკონომიკამ გარკვეულწილად, ნორმალურად შეძლოს ფუნქციონირება და ასევე, უცხოელმა ტურისტებაც - კვლავ ჩამოსვლა. - გერმანია საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად ეხმარებოდა, იქნებოდა ეს პრაიმერების მოწოდება, სწრაფი ტესტების თუ სხვა. შეგიძლიათ, გვესაუბროთ გერმანიის ამჟამინდელ დახმარებაზე საქართველოსადმი კორონავირუსთან, როგორც ჯანდაცვისა და ეკონომიკურ გამოწვევასთან, გამკლავების კუთხით? რა როლი ენიჭება ამ მხრივ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და იგეგმება თუ არა რაიმე დამატებითი დახმარება თუ ინიციატივა, რაც პანდემიის დამაზიანებელ ეფექტს საქართველოში შეასუსტებს? - ჩვენ შევძელით გარკვეული დახმარება, ხელი შევუწყეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, წითელი ჯვრის, საავადმყოფოების მუშაობას. გერმანიის დახმარება საერთაშორისო დონეზე უმთავრესად მიმართულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და Covax-ის ინიციატივის ხელშეწყობისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც „ევროპის გუნდის“ წევრს, გვსურს გავაგრძელოთ დახმარება ევროკავშირთან ერთად, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა. თუ ნებას მომცემთ, მინდა ღიად ვთქვა, რომ სწორედ ახლა და შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში თავად ქართველებს შეუძლიათ თავისი ქვეყნის დახმარება, კერძოდ იმით, რომ აიცრან და ამით ვირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ. ბუნებრივია, იგივე ეხება იმ დიპლომატებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ - მე და ჩემი მეუღლე სიამოვნებით ავიცრებით, როდესაც რიგი მოგვიწევს. - საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. ვიცით, რომ ამ პროგრამაზე, ასე ვთქვათ, მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებას - ბევრად მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, ვიდრე ის რაოდენობა, რომელიც გერმანიაში სამუშაოდ წავა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია დაუსაქმებელი და მსგავსი პროგრამების იმედზე არიან. მიუხედავად პროგრამის კეთილი მიზნისა და წარმატებისა, თქვენი აზრით, რამდენადაა ეს საქართველოსთვის პრობლემა? და ისევ მეტი ხელშეწყობისთვის, მომავალში ხომ არ იგეგმება, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიეცეს თქვენს ქვეყანაში ლეგალურად დასაქმების საშუალება? - მთლიანობაში, თანდათანობით, მომდევნო წლებში ქართველებს გერმანიაში მუშაობის მეტი შესაძლებლობა მიეცემათ. სოფლის მეურნეობაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, მაგრამ ამან ახალი ხომ არაფერი გვითხრა საქართველოს შესახებ. სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია, განსაკუთრებით სოფლებში. პანდემიის შედეგად კიდევ უფრო მეტი შემოსავლის წყარო დაიკარგა. ცუდი არ არის, რომ ადამიანებს აღნიშნული სამუშაოთი მათი მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ. მოხარული ვარ, რომ შევქმენით ეს შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის ეს მხოლოდ მცირე შუალედური ნაბიჯია. - ჩვენს ქვეყანაში ოკუპაცია, ბორდერიზაცია, შედეგად, ადამიანების დაკავება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ კვლავ აქტიურად გრძელდება. თქვენ მიერ გაკეთებული ძველი განცხადებით, „საზღვრები, რომლებიც არაადამიანურობას ეფუძნება, დიდხანს ვერ იარსებებს“. ზოგიერთ პოლიტიკოსთან, ექსპერტთან თუ დიპლომატთან საუბრისას ხშირად გვსმენია, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს კიდევ უფრო მეტად უნდა ამოუდგნენ გვერდში და რომ ისინი წლების განმავლობაში რუსეთის მიმართ მეტისმეტად „რბილი“ პოზიციებით გამოირჩევიან. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და როგორ ფიქრობთ, საქართველოს თუ მისი მეგობრების მიერ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდეს? - ასეთი საზღვრები სამწუხაროდ, უკვე ზედმეტად დიდი ხანია არსებობს. მაგრამ მე მგონია, რომ ისინი არ წარმოადგენს ისტორიის საბოლოო სიტყვას. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუდმივად განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება ამ თემის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე გატანა, მაგალითად, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ცოტა ხნის წინ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. აქ საუბარი კი არ არის რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ გამონათქვამებზე, არამედ ადამიანის ძირითად უფლებებსა და იმ პრინციპებზე, რომლის გარეშეც სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება უბრალოდ, შეუძლებელია. პარტნიორი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასთან ერთად ხელს უწყობენ მავთულხლართის ორივე მხარეს ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და კონტაქტების გაიოლებას. გამოსავალი საბოლოოდ იქნება მაშინ, როდესაც ადამიანებს ორივე მხარეს ამის მკაფიო სურვილი ექნებათ. - ვაშლიჯვრის მეწყრის ჩამოწოლასთან დაკავშირებით საქართველოში გერმანელი ექსპერტები მუშაობენ, რომლებიც გერმანული კომპანია „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ წარმომადგენლები არიან. საინტერესოა, რაიმე კუთხით საელჩოს ხომ არ ჰქონია შეხება მათ ჩამოყვანასთან და ამ პროცესშიც ხომ არ იგეგმება თქვენი მხრიდან მეტი დახმარება? - ჩვენი დახმარება აქ არ იყო საჭირო. მიუნხენის ამ კომპანიის ექსპერტები საქართველოში სხვადასხვა ადგილას ადრეც საქმიანობდნენ. ე.წ. სამშენებლო გეოლოგია ხომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მთიან ლანდშაფტზე ძალიან ბევრს აშენებენ, და ის ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს. - რას იტყვით საქართველო-გერმანიის თანამშრომლობაზე ენერგოპოლიტიკის მიმართულებით, რა არის ამ კუთხით მთავარი მიმართულებები და თუ არსებობს ახალი გეგმები? - ამ სფეროში ჩვენ უკვე ათწლეულების მანძილზე ვთანამშრომლობთ და საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა. ახლა საფრანგეთთან და ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ პირველ რიგში ელექტროენერგიის ბაზრის, ასე ვთქვათ, ბირჟის შექმნაზე. ერთი გერმანული კომპანია ქუთაისში მზის პანელებს აწარმოებს, სხვებს ქარის ენერგიაში სურთ ინვესტირება. სამართლიანი კონკურენციის პირობებით მათთვის, ვინც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, და სამართლიანი ფასებით მათთვის, ვინც მოიხმარს მას, საქართველოს ბრწყინვალე შესაძლებლობები აქვს, დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის საკუთარი მოთხოვნა და ასევე იმავე რაოდენობის ელექტორენერგია გაიტანოს ექსპორტზე, რამდენიც შემოაქვს. ამჟამად მთავრობა ენერგეტიკის დარგში გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს. ენერგიის წყაროების სწორად შერწყმა და ენერგიის გაფლანგვის დასრულება მომავლისთვის მნიშნელოვანი საკითხებია. ეკა აბაშიძე "ინტერპრესნიუსი"
  3. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და შვედეთის სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობები შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაცული დოკუმენტების მიხედვით სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია6 ივნისი 2020 საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა ევროპის ქვეყნების აღიარების და მხარდაჭერის მოპოვება, რაც არ წარმოადგენდა მარტივ ამოცანას იმ პერიოდში პოლიტიკური რეალობის და ევროპაში განვითარებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით. ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ხვდებოდა, რომ ევროპული მხარდაჭერის გარეშე მომძლავრებულ რუსეთთან გამკლავება შეუძლებელი გახდებოდა. საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა ამ მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომა და ხშირ შემთხვევაში, დასახული ამოცანები შეასრულა. პირველი რესპუბლიკის პერიოდში, 1918-1921 წლებში, ორი სრულფასოვანი საელჩო, რომელიც საქართველოს დიპლომატებმა მოახერხეს, რომ გაეხსნათ, მოქმედებდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში და შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. სხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედმა წარმომადგენლობებმა სრულფასოვანი ფორმა - აღიარება მასპინძელი სახელმწიფოსგან, სამწუხაროდ ვერ მიიღეს. მოგვიანებით, 1921 წელს, საელჩო დაარსდა პარიზშიც, თუმცა ახლადდანიშნულმა ელჩმა, აკაკი ჩხენკელმა საფრანგეთის პრეზიდენტ მილიერანს რწმუნებათა სიგელი გადასცა 1921 წლის 25 თებერვალს, სწორედ იმ დღეს როდესაც თბილისს ბოლშევიკები იპყრობდნენ. შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიის ისტორიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიზოდია საქართველოს და შვედეთის სამეფოს ურთიერთობები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წარმოგიდგენთ რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება და ძირითადად ასახავს ოფიციალურ მიმოწერას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა-გათავისუფლების და გადაადგილების თაობაზე. ამ დოკუმენტებშიც ნათლად ჩანს ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც სკანდინავიურ ქვეყნებს და განსაკუთრებით შვედეთს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ ჰქონდათ. შვედეთში საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რადგან ჯერ კიდევ 1900-იანი წლების დასაწყისში, შვედეთის დედაქალაქი და განსაკუთრებით იქ მდებარე გერმანიის საელჩო წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს ევროპაში. 1916 წლის დეკემბერში შედგენილი აგენტურული ცნობის თანახმად, ივანე ჯავახიშვილი ფარულად იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანიის ელჩთან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე.[1] იყო აქტიური კავშირი „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტთან“, რომელიც ამ პერიოდში ევროპაში მოქმედებდა. კავკასიის სამოქალაქო საკითხებში საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისნაცვლისადმი წარდგენილი აგენტურული ცნობა, ივანე ჯავახიშვილის შესახებ, სადაც ნახსენებია მისი შვედეთში ფარული ვიზიტი: “ჯავახოვი, ვითომ და ინკოგნიტოდ იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ საქართველოს საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოა გერმანიის ელჩთან. ამ მოლაპარაკების შინაარსი დიდ საიდუმლოდ არის შენახული. ჯავახოვი-ისტორიკოსი, ავტონომიის და ფედერალიზმის მხურვალე მხარდამჭერი, თავის დასკვნებს ამყარებს ისტორიულ დოკუმენტებზე.” 15 დეკემბერი 1916 წელი. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი. შესაბამისად, რუსეთთან დაპირისპირებულ ძლიერ ევროპულ ქვეყანაში სრულფასოვანი საელჩოს ქონა, რომელიც ასევე დაფარავდა სხვა სკანდინავიურ ქვეყნებსაც, გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის, როგორც ახლად შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. შვედეთი პირველ მსოფლიო ომში ნაკლებად დაზარალდა. შვედურ პოლიტიკაში პრო-გერმანული განწყობების მიუხედავად, ქვეყანამ თავიდანვე გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და ომის მსვლელობის პირველ წლებში განაგრძობდა ვაჭრობას როგორც მოკავშირეთა ქვეყნებთან, ასევე გერმანიასთანაც. ეს მდგომარეობა 1917 წლამდე გაგრძელდა, სანამ შვედეთის რკინის ექსპორტი შემცირდებოდა, რის შემდეგაც ქვეყანაში წარმოიშვა სასურსათო კრიზისი და დაიწყო არეულობები. შედეგად, კონსერვატორთა მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო და მათ მაგივრად სათავეში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ.[2] ბუნებრივია,თავად შვედეთის ინტერესს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ წარმოადგენდა ის ბუნებრივი რესურსები და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ქვეყანას გააჩნდა. მანგანუმის საბადოები იმ პერიოდის სამხედრო ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მთელს მსოფლიოში, ზემო იმერეთის რეგიონები კი მდიდარი იყო ამ წიაღისეულით. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ბაქოს ნავთობის საბადოები, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე იყო, ხოლო ტრანსპორტირების ერთადერთი გზა საქართველოს გავლით, ბათუმის პორტზე გადიოდა.[3] იდეოლოგიური თანხვედრა სოციალ-დემოკრატიულ მთავრობებს შორის დამატებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა, ამ ყველაფერმა კი ხელი შეუწყო შვედეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებას. 1918 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოებში დაეფუძნებინა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და ამისათვის საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა წერილობით მიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იოჰანეს ჰელნორეს (Johannes Hellnor). ჩხენკელმა საქართველოს მთავრობის სახელით შვედეთის მთავრობას წარუდგინა შვედეთში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მიხეილ (მიხაკო) წერეთლის კანდიდატურა და გამოხატა იმედი მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მიხეილ (მიხაკო) წერეთელი მიხაკო წერეთლის ელჩად დანიშვნის თაობაზე, 1918 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბერლინიდან წერდა: „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას სურს, შვედეთის სამეფო უდიდებულესობის მთავრობასთან ურთიერთობებში შევიდეს და ამ მიზნით დანიშნოს წარმომადგენელი შვედეთის სამეფო მთავრობასთან, რესპუბლიკის მოქალაქე, ბატონი მიხეილ წერეთელი. რესპუბლიკის მთავრობა იმედოვნებს, რომ ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქე, ბატონი მიხეილ წერეთელი, სამეფო ხელისუფლებასთან მოიპოვებს ნდობას, რაც ხელს შეუწყობს მას მისიის შესრულებაში. გთხოვთ, თქვენი უდიდებულესობის მთავრობას მიხეილ წერეთელმა წარუდგინოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით რწმუნებათა სიგელი.“ აკაკი ჩხენკელის წერილი ბერლინიდან მიხაკო წერეთლის ელჩად წარგზავნის თაობაზე. 1918 წლის 14 ოქტომბერი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. შვედეთის მთავრობის მხრიდან აგრემანის მიღების შედეგად 1918 წლის 19 ოქტომბრისათვის მიხაკო წერეთელი ოფიციალურად ჩავიდა სტოკჰოლმში რწმუნებათა სიგელების გადასაცემად შვედეთის მეფე გუსტავ V (Gustaf V) და შეუდგა დიპლომატიურ საქმიანობას. საელჩო დროებით ფუნქციონირებდა სასტუმრო „რეგინა“-ში (Hotel Regina), ხოლო მოგვიანებით კი (1919 წლის 16 იანვარისათვის) საქართველოს საელჩო განთავსდა ქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში, ტეგნერლუნდენის ქუჩის №3-ში მდებარე შენობაში. შვედეთში საელჩოს გახსნის მთავარი მიზანი ორი იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და განვითარება. მიხაკო წერეთლის წერილი, რომლითაც ის ატყობინებდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ იმყოფება სტოკჰოლმში და მზად არის შესახვედრად, 19 ოქტომბერი, 1918 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. შენობა სტოკჰოლმში, ტეგნერლუნდენის ქ. №3, სადაც მდებარეობდა საქართველოს საელჩო. თანამედროვე ფოტო. წყარო: google maps. 1918 წლის 26 ნოემბერს, მიხაკო წერეთლის სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით (ის საქართველოში დაბრუნდა და თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა), შვედეთში ელჩად დაინიშნა არისტოტელე (არისტო) ჭუმბაძე. აღსანიშნავია ისიც, რომ საელჩოს გადაბარების საკითხი და ჭუმბაძის როტაცია გაჭიანურდა, ხოლო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელნერმა, მიხაკო წერეთელს შვედეთში დარჩენის უფლება მისცა და მას პასპორტი შესაბამისი ვადით გაუგრძელა. არისტო ჭუმბაძე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰელნერის წერილი მიხაკო წერეთლისადმი სტოკჰოლმში დარჩენის შესაძლებლობის თაობაზე. 21 იანვარი, 1919 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ოფიციალურ სტოკჰოლმთანდა ოსლოსთან აქტიური მუშაობა ვერსალის საზავო კონფერენციაზე ამ ქვეყნების წარმომადგენლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოიხატა იმაში, რომ 1920 წელს ერთა ლიგაში შეიქმნა საქართველოს გაწევრიანების საკითხზე სამდივნო, რომლის აქტიური წევრიც იყო შვედი დეპუტატი თეოდორ ადელსვორდი (Theodor Adelsward, ყოფილი ფინანსთა მინისტრი 1911-1917 წლებში) და ცნობილი ნორვეგიელი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი და მთავარი მხარდამჭერი ფრიტიოფ ნანსენი (Fritiof Nansen, 1922 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრიზი). სწორედ მათი და აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციების აქტიური მუშაობით მოხდა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დე იურედ აღიარება. თეოდორ ადელსვორდი ფრიტიოფ ნანსენი საქართველოს საელჩომ, ფინანსური სიდუხჭირის გამო,შვედეთის სამეფოში დიდხანს ვერ იფუნქციონირა და 1920 წლის ივნისში ელჩი, არისტო ჭუმბაძე,იძულებული გახდა დაეხურა საელჩო. მისი მოვალეობების შესრულება კი ბერლინში საქართველოს წარმომადგენელს, ვლადიმერ ახმეტელს დაეკისრა.[4] გამოსამშვიდობებელ წერილში, 1920 წლის 14 ივნისს,არისტო ჭუმბაძე საგარეო საქმეთა მინისტრს წერდა: „თქვენი მძლავრი მხარდაჭერით, ქართველი ხალხის ინტერესების წარმომადგენელი ვიყავი. ქართველმა ხალხმა არასოდეს უნდა დაივიწყოს ის მორალური მხარდაჭერა, რომელიც შვედეთმა აჩვენა რთულ პერიოდში, რაც გამოიხატა ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის ფაქტობრივი აღიარებით. ორივე ხალხის ინტერესი კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო აქტიურ მიდგომას მოითხოვს, ამიტომ მე მივდივარ იმ იმედით, რომ თქვენი აღმატებულება მომავალში კვლავ აღმოგვიჩენს თავის გავლენიან მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელების გზაზე.“ არისტო ჭუმბაძის გამოსამშვიდობებელი წერილი, 14 ივნისი, 1920 წელი. წყარო: შვედეთის საგარეო სამინისტროს არქივი. სამწუხაროდ, საქართველოს საელჩოს მუშაობა შვედეთში ძალზედ ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საელჩოს დაფუძნების დროს დასახული მიზნების ნაწილი, მაინც მიღწეული იქნა. იმას, თუ რატომ ვეღარ გაგრძელდა და განვითარდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, კარგად ასახავს მოკლე ამონარიდი 1920 წლის გაზეთიდან - „საქართველოსრესპუბლიკა“, რომელიც იტყობინებოდა: „სკანდინავიაში მყოფი საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი არისტო ჭუმბაძე საქართველოში დაბრუნდა. მანაღნიშნა, რომშვეცია, ნორვეგია, დანია ის ქვეყნები არიან, ვინც პირველად აღიარას აქართველოს დამოუკიდებლობაო. მისივეთქმით, ადგილობრივმა პრესამ დიდი ინტერესი გამოიჩინა საქართველოს მიმართ. სავაჭრო წრეები ძლიერ დაინტერესებულან, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას ერიდებიანო“.[5] კერძო და თუნდაც სამთავრობო კომპანიებისთვის ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო იმ რეგიონში შესვლა, რომელსაც გამუდმებით ემუქრებოდა ბოლშევიკური რუსეთისგან მომდინარე საფრთხე. რუსეთის სათავეში მოსვლისთვის მებრძოლი ანტიბოლშევიკურ რევოლუციურ ძალებს, ე.წ. „თეთრ მოძრაობას“ რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოები უჭერდნენ მხარს. „თეთრებმა“ პოზიციები ნელ-ნელა დათმეს და 1920 წლისთვის უკვე ჩრდილო კავკასია საბოლოოდ დაკარგეს, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ევროპის ქვეყნების პოლიტიკაზე სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაშიც. ბოლშევიკები გაბატონდნენ ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში, მალევე „გააწითლეს“ სომხეთიც და უკვე რთული მისახვედრი არ იყო, რომ რიგში იდგა საქართველოს ოკუპაციის საკითხი. მცირე ხანში, დიდი რესურსების ფლობის გამო და გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, ბოლშევიკებთან საერთო ენის გამონახვა დაიწყეს ჯერ ბრიტანეთმა და შემდეგ ევროპის ზოგიერთმა სხვა ქვეყანამაც, რამაც შვედეთის დარ, მეგობარ ევროპულ სახელმწიფოებს საქართველოს დახმარების შანსები აღარ დაუტოვა... [1] https://idfi.ge/ge/ivane_javakhishvili_and_georgias_independence [2] Siney, Marion C. (1975). "Swedish neutrality and economic warfare in World War I". Conspectus of History. [3] იხ.: Ghambashidze, David (1918), The Caucasian petroleum industry and its importance for Eastern Europe and Asia, Londra, The Anglo-Georgian Society. [4] http://sweden.mfa.gov.ge/ [5] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი, 2018 გვ.529.