Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სამხრეთ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 7 results

  1. 03.07.2021 08:07 ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფიის წარსადგენად ემზადება, მიზანი რეგიონში ევროკავშირის როლის გააქტიურება და მეტი ჩართულობაა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მისივე ბლოგში წერს. „რატომ გვჭირდება ევროკავშირის მეტი ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, ბორელი ამ საკითხს განიხილავს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავსტრიიდან, ლიეტუვიდან და რუმინეთიდან, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ძალიან საჭირო ვიზიტი დაასრულეს. ისინი ჩემი სახელით ჩავიდნენ იქ ევროკავშირის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ნიშნად. მრავალი კრიზისის გამო, რომელიც ჩვენს ყურადღებას მოითხოვს, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი წარმოდგენილი იყოს ყველა რეგიონში, სადაც ევროკავშირის ინტერესები რისკის ქვეშაა. Europetime წერილის სრულ თარგმანს გთავაზობთ: საგარეო საქმეთა საბჭოში (Gymnich) ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში გადაუჭრელი კონფლიქტები. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომ დავავალე ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამ მინისტრს, ჩასულიყვნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩემი სახელით. მათ თან ახლდა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი მაიკლ ზიბერტი. ევროკავშირის ერთი ან რამდენიმე მინისტრის ჩემი სახელით გამგზავრების პრაქტიკა სულ უფრო ხშირი ხდება. მაგალითად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო რამდენჯერმე იმყოფებოდა სუდანში და ანგარიშს აბარებს ყველა წევრ ქვეყანას. ეს კარგი გზაა მიდგომის - „Team Europe" შესაქმნელად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობის გაძლიერების მიზნით, რაც საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ ადგილზე უფრო მეტ ქვეყანასა და რეგიონში, ვიდრე ეს შეიძლება იყოს ცალკეული ადამიანი. მოხარული ვიყავი, რომ ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ჩემი მოწვევა და მოკლე დროში გაემგზავრნენ რეგიონში. აშკარა იყო, რომ სამხრეთ კავკასიამ ასეთი ვიზიტი და ევროკავშირის დღის წესრიგის მხარდაჭერა დაიმსახურა, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და პოზიტიურ ნაბიჯებზე დაყრდნობით. მართლაც, მე მივესალმე იმ ქმედებებს, რომლებსაც ხელი შეუწყო საქართველომ, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა 12 ივნისს გაათავისუფლა 15 სომეხი დაკავებული, ხოლო სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. მინისტრებმა ამ ქვეყნების ლიდერებს სამი მთავარი გზავნილი გადასცეს: ევროკავშირი მოწოდებულია, იყოს აქტიური მოთამაშე რეგიონში კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად; ევროკავშირი მზადაა, განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები რეგიონული თანამშრომლობისა და კავშირების გამყარების პარალელურად; ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მოქნილობასა და ინკლუზიურობას. სამხრეთ კავკასია არის რეგიონი ევროპისა და შუა აზიას გზაჯვარედინზე, რომელიც ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს. ჩვენ ვხედავთ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ რეგიონში, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, დაწყებული რუსეთიდან, ასევე თურქეთიდან, ჩინეთიდან, ირანიდან და სხვა. სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, სატრანსპორტო დერეფნების და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ, რეგიონის, როგორც დამაკავშირებელი ჰაბის როლი უნდა განვავითაროთ. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაშია გადაუჭრელი კონფლიქტები. 44-დღიანმა ომმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში და მის მახლობლად, დაარტყა რეგიონს და შეცვალა რეგიონული ბალანსი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების და პარტნიორების მხრიდან მზარდი მოლოდინებია, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი იტვირთოს აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში. ჩვენი ჩართულობა საქართველოში არის კარგი მაგალითი იმისა, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს მშვიდობის, დემოკრატიისა და რეფორმებისათვის. ევროკავშირმა შუამავლობით მიიღო შეთანხმება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ 2008 წელს და ხელმძღვანელობს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია საქართველოს უსაფრთხოებაში და ერთადერთი საერთაშორისო მონიტორია ადგილზე 2009 წლის შემდეგ. საერთო ჯამში, ევროკავშირი საქართველოში თავისი საქმიანობით, ნდობის შენებისა და განმტკიცების უდიდესი კონტრიბუტორია. ევროკავშირი პირდაპირ არასოდეს იყო ჩართული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების (საფრანგეთი, აშშ, რუსეთი) ხელმძღვანელობით განიხილებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი პასიურია: ჩვენ მხარს ვუჭერთ თანათავმჯდომარეებს ნდობის აღდგენის ზომების გამოყენებაში, როგორიცაა პროექტები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, საზოგადოებრივ დონეზე განხორციელდა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვიყავით ჩართული გასული წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების დროს: მე ბევრჯერ ვესაუბრე ორივე ქვეყანაში კოლეგებს და სხვა საერთაშორისო აქტორებს, რათა კონფლიქტის დასრულებისთვის შემეწყო ხელი. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევა რჩება საუკეთესო გზა ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების მისაღწევად. ამასთან, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ამ ძალისხმევას და მზად ვართ, უფრო მეტად ჩავერთოთ. ჩვენი ერთ-ერთი ინსტრუმენტი რეგიონთან ურთიერთობისთვის არის აღმოსავლეთის პარტნიორობა. ეს ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სამ პარტნიორს და ევროკავშირს. ეს არის ჩარჩო, რომელიც ეხმარება პარტნიორებს, ითანამშრომლონ ისეთ სფეროებში, რომლებიც არ არის კონფრონტაციული და შეუძლია, გააუმჯობესოს მოქალაქეების ცხოვრება კონკრეტული გზებით, გააუმჯობესოს მმართველობა და შექმნას მეტი კავშირები პარტნიორ ქვეყნებში. ახლა ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკემბრის სამიტისთვის. ამ კონტექსტში, სამმა მინისტრმა გაგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის და დარჩება თანამშრომლობის ინკლუზიური ფორმატი, ხოლო საქართველოსთვის ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენ ვაფასებთ მის, როგორც ასოცირებული ქვეყნის სწრაფვას. ევროკავშირს აქვს ხედვა რეგიონისთვის შესათავაზებლად და ის არის სანდო რეფორმატორი პარტნიორი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ნდობის აღდგენასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, მრავალმხრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არიან ეუთო და გაერო. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ შიშის და სიძულვილისგან თავისუფალი გარემოს შექმნას. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ არამხოლოდ გზებისა და ხიდების აღდგენას, არამედ შერიგებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. სამი ქვეყნის ლიდერებმა შეაფასეს ვიზიტი და აღნიშნეს, რომ მათ სურთ, უფრო მეტი ჩართულობა რეგიონში. მათ ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის მზადყოფნას, რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და კავშირის საკითხებში და რომ ისინი აფასებენ ევროკავშირის როლს ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში. ამ ძალიან კარგი და დასაფასებელი ვიზიტის შემდეგ, მზად ვართ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, ამ ვიზიტზე აზრთა გაცვლის დაწყებით, რომელიც მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, 12 ივლისს იგეგმება. ps. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა 02.07.2021 16:07 6-9 ივლისს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ევროკომისარმა Twitter-ზე დაწერა. „მოუთმენლად ველი მომდევნო კვირას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა და მისი მთავარი ინიციატივები წარვადგინო. ასევე განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. როგორც ცნობილია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. = ჯოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება 02.07.2021 16:07 საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელი შეეწყობა დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. „აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება. ჩვენ გვსურს, ჩამოვაყალიბოთ დღის წესრიგი, რომელიც პასუხობს უპრეცედენტო გამოწვევებს, დღეს არსებულ შესაძლებლობებს და რომელიც მომავალზე მორგებულია. ჩვენი მუშაობისას ხელს შევუწყობთ დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი ჩვენს თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ეს მოიცავს ბელარუსსაც, სადაც ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ხალხის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, დღეს ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს. = ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა 02.07.2021 16:07 ევროკომისიის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს. როგორც სტანომ ბრიფინგზე განაცხადა, ყოვლისმოცმველი გეგმის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა, კავშირის სფეროში ინვესტირება, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციების მხარდაჭერა, სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა. „დღეს ევროკომისიამ და უმაღლესმა წარმომადგენელმა წარადგინეს ინიციატივა, უახლოეს წლებში როგორ წავწიოთ წინ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის პრიორიტეტულ საკითხებზე თანამშრომლობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. დღევანდელი ინიციატივა ეფუძნება ხუთ გრძელვადიან მიზანს და ფოკუსირებულია ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, რომელთა მიზანია ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მოტანა. ეს ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, სამართლიანი, გენდერული თანასწორობით, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას. მიღებული ინიციატივა მოიცავს რეგიონულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომლის ღირებულებაა 2,3 მილიარდი ევრო და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კორონავირუსის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და გრძელვადიანი მდგრადობისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
  2. სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის მარეგულირებელი სივრცე კრიტო ბიზნესისათვის კიდევ უფრო მკაცრად არეგულირებს ქვეყანაში არსებულ გარემოს. Korea JoongAng Daily- ს თანახმად, სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისიამ ფინანსური ანგარიშგების წესები კრიპტოვალუტის სექტორისთვისაც შეცვალა. ეს შესწორება ავალდებულებს ყველა კრიპტო ბიზნესს, ბირჟებს, აქტივების მენეჯერებს, საფულეების პროვაიდერებსა და სხვა მსგავს პლატფორმებს – შეიტანონ თავიანთი გარიგების ჩანაწერები ფინანსური დაზვერვის განყოფილებაში. FIU არის მარეგულირებლის იარაღი, რომელიც პასუხისმგებელია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მოქმედებების ზედამხედველობაზე სამხრეთ კორეის ფინანსური ეკოსისტემის მასშტაბით. სამხრეთ კორეის კრიპტოანგარიშების რეგულაცია ამოქმედდება 25 მარტიდან. ქვეყანაში არსებული ციფრული ვალუტის მომწოდებლებს ექნებათ ექვსი თვე ახალი მარეგულირებელი წესების შესასრულებლად. სერვისის პროვაიდერები, რომლებიც არ იცავენ კრიპტოანგარიშების რეგულაციის დებულებას, 24 სექტემბრის შემდეგ თუ მათი საქმიანობა არ იქნება კანონის შესაბამისი, ისინი დაჯარიმდებიან 50 მილიონი იუანით, რაც 44 ათასი დოლარია ან ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდებათ. The post სამხრეთ კორეა მარეგულირებელ სისტემას ამკაცრებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. 1950-იან წლებში სამხრეთ კორეა უღარიბესი ქვეყანა იყო. მოსახლეობის დაახლოებით 60% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე $64-ს შეადგენდა. დღეს სამხრეთ კორეა ერთ-ერთია ოთხი „აზიური ვეფხვიდან“. მისი ეკონომიკა $1.6 ტრილიონია და მშპ ერთ სულ მოსახლეზე $31 846-ზე მეტია. ქვეყანამ განვითარების სწრაფი, მაგრამ რთული გზა განვლო. სამხრეთ კორეის ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა სახელმწიფოს ჩარევას. ქვეყანა პირველ ადგილზე აყენებდა ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ერიდებოდა. მსხვილი კომპანიები სესხებს სახელმწიფოსგან იღებდნენ. შემოსავლები მეტწილად თანაბრად ნაწილდებოდა. შედეგად, განვითარების მაჩვენებელიც თანაბარი იყო. აღსანიშნავია, რომ ბიზნესში სახელმწიფოს მნიშვნელოვან ჩარევას დასავლეთის ქვეყნები არ მიიჩნევენ სწორ მიდგომად. სამხრეთ კორეის უსწრაფეს განვითარებას საფუძველი ჩაუყარა პრეზიდენტმა პაკ ჩუ ჰიმ 1962-1977 წლებში. იგი ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა და თავისი მმართველობის სტილს „ადმინისტრაციულ დემოკრატიას“ უწოდებდა. ჩუ ჰიმ აქტიურად დაიწყო მუშაობა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაზე. სამხრეთ კორეის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა ექსპორტის გასაზრდელად. ფუძნდებოდა სახელმწიფო კომპანიები, ხოლო მსხვილ კერძო ბიზნესს მთავრობა სხვადასხვა სახის სუბსიდიასა და საგადასახადო შეღავათებს სთავაზობდა. აქცენტი კეთდებოდა არა მრავალი მცირე ბიზნესის წარმოშობაზე, არამედ მსხვილი ბიზნესის განვითარებაზე. ამ მსხვილ კომპანიებს „ჩებოლები“ ერქვათ. ისინი იაფად, მაგრამ ძალიან ხარისხიანად აწარმოებდნენ ინდუსტრიულ პროდუქციას, ნერგავდნენ ინოვაციებს და ზრდიდნენ ექსპორტს, რის გამოც კიდევ უფრო დიდ დახმარებებს იღებდნენ სახელმწიფოსგან. სწორედ „ჩებოლების“ შთამომავლები არიან Samsung, Hyundai, LG. განათლება ქვეყანაში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოცხადდა და აქტიურად დაიწყო ამ სფეროში რეფორმების გატარება. ძალიან დაფასებული გახდა მასწავლებლის პროფესია. მათი ანაზღაურება გაუტოლდა არმიის კაპიტნების ხელფასს. თუ 1945 წლის მონაცემებით, წერა-კითხვა საზოგადოების მხოლოდ 22%-მა იცოდა, 1970 წელს ეს მაჩვენებელი 87.6%-მდე გაიზარდა. დღემდე სამხრეთ კორეელების დიდი ნაწილი ინჟინერიისა და მრეწველობის სფეროებში იღებს განათლებას. ყოველი 1000 დასაქმებული ადამიანიდან 13 მეცნიერია, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ქვეყნის განვითარების მთავარ ფაქტორებზე და გვიჩვენებს მის დიდ სამომავლო პოტენციალს. სამხრეთ კორეელებს სჯერათ, რომ ადამიანურ რესურსში ინვესტირება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესში. ამიტომ ყოველწლიურად ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ განათლებაზე. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის წარმატებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. 1946-1978 წლებში აშშ-მა მას დაახლოებით $60 მილიარდის ოდენობის დახმარება გაუწია, ისევე, როგორც დღემდე ეხმარება ჩვენს ქვეყანასაც. აღსანიშნავია, რომ აშშ და ევროკავშირი, სხვადასხვა მიმართულებით, დიდ დახმარებას უწევენ საქართველოს. მაგალითად, 1992 წლიდან 2020 წლის ჩათვლით საქართველომ ამერიკისგან $4 348 400 000 მიიღო დახმარების სახით. რაც შეეხება ევროკავშირს, იგი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს საქართველოს დასახმარებლად. Time Out2000-იანი წლების დასაწყისიდან სამხრეთ კორეამ დიდი ყურადღება მიაქცია ტურიზმის განვითარებასაც და ის ნელ-ნელა ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა. დიდი ხნის განმავლობაში სამხრეთ კორეა მხოლოდ სხვა აზიელი ტურისტებისთვის იყო საინტერესო ქვეყანა, ისევე, როგორც საქართველოს ძირითადი სტუმრები მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან. თუმცა, სახელმწიფოს დიდი ჩართულობითა და ძალისხმევით, კორეამ ტურიზმიც განავითარა და საკუთარი კულტურა მსოფლიოს გააცნო. 2019 წელს ქვეყანას 17.5 მილიონი ტურისტი ეწვია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის „ჰალიუს“, ანუ „კორეულ ტალღას“, რაც სამხრეთ კორეული პოპმუსიკისა და ტელესერიალების პოპულარობის ზრდას გულისხმობს. დღეს სამხრეთ კორეა, ხელისუფლების დამსახურებით, ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურული ექსპორტის მქონე ქვეყანაა. 2019 წლის მონაცემებით, ტურისტების მიერ ყოველწლიურად დახარჯული თანხიდან $1.1 დოლარი პირდაპირ კავშირშია „ჰალიუსთან“, ხოლო „ჰალიუ“ ტურიზმი მთლიანი ტურიზმის 55.3%-ს შეადგენს. სამხრეთ კორეის განვითარების გზა, რა თქმა უნდა, სავსე იყო გამოწვევებით. რთული ვითარება ინდუსტრიალიზაციის პერიოდშიც გრძელდებოდა. უზარმაზარი ეკონომიკური მიღწევების პარალელურად ქვეყანა ებრძოდა ავტორიტარულ რეჟიმებს, აყვავებულ კორუფციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. იყო არაერთი პოლიტიკური დაპირისპირება, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყანა უმკლავდებოდა ტერიტორიულ დავებს და, ომის საფრთხის მიუხედავად, აგრძელებდა განვითარებას. ის პრობლემები, რაც სამხრეთ კორეას ჰქონდა, დიდი ხანია საქართველოშიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, მიზნებისკენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეამ 20 წელში შეძლო ის, რისთვისაც ბევრ ქვეყანას საუკუნეები დასჭირდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ერთი კონკრეტული ქვეყნის განვითარების მოდელი ზუსტად მოარგო მეორეს, თუმცა, წარმატების ისტორიებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. The post სამხრეთ კორეის ეკონომიკური სასწაული: გაკვეთილები საქართველოსთვის appeared first on BusinessFeed.
  4. როგორ ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიის საზღვრები თურქეთთან 2021 წლის 16 მარტს სრულდება 100 წელი საქართველოსა და თურქეთის დღემდე არსებული საზღვრის ჩამოყალიბებიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სხვა საზღვრებთან შედარებით ყველაზე უპრობლემოა, ორმხრივადაა აღიარებული და ემსახურება ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობას. ასი წლის წინ ასევე მოხდა სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების საზღვრების ფორმირება თურქეთთან და, ნაწილობრივ, ერთმანეთთან. ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც აყალიბებდა საზღვრებს სამხრეთ კავკასიაში, იყვნენ საბჭოთა რუსეთი და ქემალისტური თურქეთი. რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკის (რსფსრ) მთავრობის (სახალხო კომისართა საბჭოს) თავმჯდომარე იყო ვლადიმირ ლენინი. მაგრამ უმთავრეს პოლიტიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობდა არა მთავრობა, არამედ რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო, რომელშიც სულ რამდენიმე წევრი იყო და მასაც სათავეში ედგა იგივე ლენინი. რსფსრ-ის მთავრობა და პოლიტბიურო იჯდა მოსკოვის კრემლში და, ამიტომაც, მის სინონიმად ხშირად გამოიყენება „კრემლი“. თურქეთს წარმოადგენდა ქ. ანკარაში განლაგებული დიდი ეროვნული კრების მთავრობა, რომელიც შეიქმნა 1920 წლის 23 აპრილს. თურქეთის დიდი ეროვნული კრების მოწვევის სულისჩამდგმელი და მთავრობის თავმჯდომარე იყო გენერალი (ფაშა) მუსტაფა ქემალი, რომელიც მომავალში ქემალ ათათურქს დაირქმევს (მისი სახელიდან შეიქმნა ტერმინი „ქემალისტები“). 1921 წლის 16 მარტს რსფსრ-მ და თურქეთმა მოსკოვში გააფორმეს „ხელშეკრულება მეგობრობისა და ძმობის შესახებ“. ხელშეკრულების დამდებ მხარეებს იმ დროს ფორმალური საერთო საზღვარი არ ჰქონდათ, მაგრამ, ფაქტობრივად, 1921 წლის თებერვლის ბოლოდან, რსფსრ მთლიანად აკონტროლებდა ყოფილი რუსეთის იმპერიის კავკასიურ ტერიტორიებს. „მოსკოვის ხელშეკრულებამ“ ჩამოაყალიბა დღემდე არსებული საქართველო-თურქეთის და სომხეთ-თურქეთის საზღვრები. რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხდებოდა „მოსკოვის ხელშეკრულების“ დადება? 1920 წლამდე რუსეთის ბოლშევიკ ლიდერებს ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ მოხდება „მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია“. ეს ილუზია საბოლოოდ ჩაქრა 1920 წელს, როდესაც პოლონეთში შეჭრილ ბოლშევიკების წითელ არმიას პოლონელი მუშათა კლასის („პროლეტარიატის“) მხარდაჭერა კი არ შეხვდათ, რასაც ირწმუნებოდნენ კრემლის მარქსისტი დოგმატიკოსები, არამედ ეროვნული იდეის ირგვლივ მუშტად შეკრული პოლონელი ერი. წითელმა არმიამ 1920 წლის აგვისტო-ოქტომბერში მძიმე მარცხი განიცადა პოლონეთთან ომში. „იმპერიალიზმის სუსტ რგოლად“ მათ მიაჩნდათ „გაღვიძებული აღმოსავლეთი“, რომლის „ჩაგრულ ხალხებს ესაჭიროებოდათ დახმარება დასავლეთის კოლონიური ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლაში“. დახმარების გაწევა თურქეთის ქემალისტებისათვის კარგად ესადაგებოდა ამ იდეოლოგიურ დოგმას; ნაკლებ იდეოლოგიზებული და უფრო პრაგმატული იყო კრემლის მიერ გეოპოლიტიკურ საფრთხედ მიჩნეული ანატოლიის გადაქცევა „ბრიტანული გავლენის ზონად“, რაც თითქოს შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთი გაიმარჯვებდა თურქეთთან ომში, სტამბოლს ისევ კონსტანტინოპოლად აქცევდა და კონტროლს დაუწესებდა შავი ზღვის სრუტეებს. ბოლშევიკებმა ამჯობინეს დახმარება თურქებისათვის აღმოეჩინათ; 1920 წლის ბოლოსათვის ბოლშევიკებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს რუსეთის სამოქალაქო ომში და ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე გაბატონდნენ; სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელი, მაგრამ სუსტი რესპუბლიკები რსფსრ-მ დაიპყრო: 1920 წლის 28 აპრილს წითელი არმია უბრძოლველადშევიდა ბაქოში, იმავე წლის 2 დეკემბერს - ერევანში, 1921 წლის 25 თებერვალს თითქმის ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ აიღო თბილისი. კრემლმა ყველა დედაქალაქში დასვა მთავრობები, დაკომპლექტებული ადგილობრივი ეროვნების კომუნისტებით; ერთდროულად, ბოლშევიკების დიპლომატია ცდილობდა ურთიერთობის ნორმალიზაციას „იმპერიალისტებთანაც“: 1920 წლის ბოლოდან ლონდონში მიმდინარეობდა მუშაობა ანგლო-რუსულ სავაჭრო ხელშეკრულებაზე, რომელიც პოლიტიკურ პუნქტებსაც მოიცავდა. ეს იყო პირველი ხელშეკრულება, რომელიც კრემლმა „ანტანტის“ ქვეყანასთან დადო. ის 1921 წლის 16 მარტს გაფორმდა. რაც შეეხება I მსოფლიო ომში დამარცხებულ ოსმალეთის იმპერიას, იქ 1919 წლიდან წარმოიქმნა ორხელისუფლებიანობა. I მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებს, „ანტანტას“ (დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს), იტალიას და სხვებს, ურთი­ერთობა ჰქონდათ სტამბოლში მყოფ ოსმალეთის სულტნის სრულებით უუნარო მთავრობასთან. ისინი არ ცნობდნენ შუა ანატოლიის პატარა ქალაქ ანკარაში დაბანაკებულ თურქეთის დიდი ეროვნული კრების „მეამბოხე ნაციონალისტთა“ (ქემალისტების) მთავრობას, რომელიც საკუთარ ქვეყანას მოიხსენიებდა არა „ოსმალეთად“, არამედ „თურქეთად“; სტამბოლში შეკრებილმა ოსმალეთის პარლამენტმა 1920 წ. 28 იანვარს მიიღო კანონიMisaki-i Milli(„ეროვნული პაქტი“; ხანდახან ითარგმნება, როგორც „ეროვნული აღთქმა/ფიცი“), რომლის თანახმად თურქეთის განუყოფელ ტერიტორიად ცხადდებოდა თურქებით დასახლებული ტერიტორიები, ხოლო 1878 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესული ყარსის, არტაანისა და ბათუმის ოლქების ტერიტორიული კუთვნილების საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვეტილიყო (ოსმალეთის პარლამენტის წევრებში ასეთი რეფერენდუმის შედეგი ეჭვს არ იწვევდა, რადგან მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ხსენებულ ოლქებში მუსლიმი იყო). ამ კანონის მიღების შემდეგ მოკავშირეთა (ბრიტანეთ-საფრანგეთ-იტალიის) სამხედრო ნაწილებმა სტამბოლის ოკუპაცია მოახდინეს და ოსმალეთის პარლამენტი დაშალეს, რომლის წევრების დიდი ნაწილი შეუერთდა ანკარაში მყოფ თურქეთის დიდ ეროვნულ კრებას; ოსმალეთის პარლამენტის დაშლამ კარგი დასაბუთება მიანიჭა მუსტაფა ქემალის აზრს, მოეწვია ქ. ანკარაში ალტერნატიული საკანონმდებლო ორგანო, თურქეთის დიდი ეროვნული კრება, რომელსაც შეუერთდა ოსმალეთის პარლამენტში არჩეული დეპუტატების საგრძნობი ნაწილი. მაგრამ მოქმედება მხოლოდ იურიდიული კანონების მეშვეობით ქვეყანას ვერ გადაარჩენდა. მთავარი იყო სახელმწიფოს ხერხემლის, ბრძოლისუნარიანი არმიის, შექმნა, რაც ქემალისტებმა მოახერხეს. არმიას სათავეში ჩაუდგნენ მსოფლიო ომში გამობრძმედილი თურქი გენერლები და ოფიცრები. ეს არმია ეწეოდა მძიმე ომს დასავლეთ ანატოლიაში შეჭრილ საბერძნეთის კარგად შეიარაღებულ არმიასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში - ფრანგულ გარნიზონებთან, აღმოსავლეთით - სომხეთთან. ამასთან, ქემალისტებს აკლდათ სამხედრო საჭურველი და, აგრეთვე, ფინანსები, თუნდაც იმისათვის, რომ ხელფასი გადაეხადათ სახელმწიფო მოხელეებისა და ოფიცრებისათვის; დასავლეთიდან დახმარების მიღების იმედი ქემალისტებს იმ დროს არ ჰქონდათ. ოსმალეთის ძველი მოკავშირე, მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანია, დიდ პოლიტიკას გამოეთიშა; დიდი ბრიტანეთი, იმ დროს მსოფლიო ჰეგემონი, ნომინალურად ბერძნებს უჭერდა მხარს, თუმცა პროგერმანულად განწყობილმა საბერძნეთის მეფემ ლონდონს მალე აუცრუა გული; 1921 წლის პირველ ნახევარში საფრანგეთი, რომელმაც სირიისა და ლიბანის ოკუპაცია მოახდინა, ქემალისტებს ევრძოდა, მართალია, წარუმატებლად. საბოლოოდ კი საფრანგეთი „ანტანტის“ პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც de facto აღიარა ანკარის მთავრობა, როდესაც 1921 წლის 20 ოქტომბერს „ანკარის ხელშეკრულებით“ გაურიგდა მას თურქეთ-სირიის საზღვრის საკითხზე. შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქემალისტებმა ერთადერთ „მეგობრად“ დაიგულეს რუსეთის ბოლშევიკური მთავრობა, რომელიც თავის მტრად „დასავლეთის იმპერიალიზმს“ სახავდა, ხოლო კომუნისტური პროპაგანდა დახმარებას ჰპირდებოდა „აღმოსავლეთის ჩაგრული ხალხების ეროვნულ-გამანთავისუფლებელ ბრძოლას იმპერიალისტების წინააღმდეგ“. გამჭრიახმა პოლიტიკოსმა მუსტაფა ქემალმა კარგად გამოიყენა ბოლშევიკების მოსაწონი იდეოლოგიური კლიშეები (“იმპერიალისტებთან ბრძოლა“, „ჩაგრული მასები“ და ა.შ.), როდესაც თავისი ახალშექმნილი მთავრობის სახელით 1920 წლის 26 აპრილს ოფიციალურად მიმართა რსფსრ-ის მთავრობას წინადადებით - დაემყარებინათ დიპლომატიური ურთიერთობა, და თხოვნით - აღმოეჩინათ მისი ქვეყნისათვის დახმარება შეიარაღებით, ფინანსებით, სურსათით და ა.შ. 1920-1921 წლებში რსფსრ-მ აღმოუჩინა ფინანსური დახმარება ქემალისტებს 8,4 მილიონი ოქროს რუბლით. უსასყიდლო სამხედრო დახმარება დიდი არ ყოფილა, მაგრამ მაინც საგრძნობი: 37,8 ათასი შაშხანა, 324 ტყვიამფრქვევი, ვაზნების 45 ათასი ყუთი, 54 ქვემეხი 130 ათასი ყუმბარით და სხვ. მუსტაფა ქემალის წერილში ასევე ეწერა: „ვიღებთ პასუხისმგებლობას გავაერთიანოთ რუსეთის ბოლშევიკებთან მთელი ჩვენი მუშაობა და ყველა ჩვენი სამხედრო ოპერაცია, რომელთა მიზანია იმპერიალისტურ მთავრობებთან ბრძოლა და ყველა ჩაგრულის განთავისუფლება... თუ საბჭოთა ძალები გეგმავენ წამოიწყონ სამხედრო ოპერაციები საქართველოს წინააღმდეგ ან დიპლომატიური გზით, თავისი გავლენის მეშვეობით, აიძულონ საქართველო შევიდეს [მათთან] კავშირში ინგლი­სელების კავკასიიდან გასაძევებლად, თურქეთის მთავრობა თავის თავზე იღებს სამხედრო ოპერაციებს იმპერიალისტური სომხეთის წინააღმდეგ და ვალდებულებას კისრულობს აიძულოს აზერბაიჯანის რესპუბლიკა შევიდეს საბჭოთა სახელმწიფოების წრეში“. მართლაც, როდესაც სულ ორი დღის შემდეგ, 1920 წლის 28 აპრილს, რუსეთის წითელი არმიის ჯავშნოსანი მატარებლები ბაქოში შევიდნენ და იქ კომუნისტური მთავრობა დასვეს, იქვე მყოფმა თურქულმა სამხედრო ნაწილებმა დახმარება აღმოუჩინეს წითელარმიელებს. ქემალისტები თანამშრომლობდნენ დამოუკიდებელ აზერბაიჯანთანაც და გააგრძელეს თანამშრომლობა საბჭოთა აზერბაიჯანთანაც, რომელსაც ტერიტორიული დავა ჰქონდა სომხეთთან, თუნდაც გასაბჭოებულთან. მუსტაფა ქემალის წერილი მოსკოვში მხოლოდ 1 ივნისს ჩაიტანეს (კომუნიკაცია მაშინ რთული იყო). რსფსრ-ის საგარეო უწყებამ მას დაუყოვნებელი პასუხი გასცა 1920 წლის 3 ივნისს, სადაც ეწერა: „საბჭოთა მთავრობა ცხოველი ინტერესით ადევნებს თვალს გმირულ ბრძოლას, რომელსაც თურქი ხალხი ეწევა თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის და ამ, თურქე­თისათვის მძიმე დღეებში, ბედნიერია საფუძველი ჩაუყაროს მეგობრობის საფუძ­ველს, რომელმაც უნდა გააერთიანოს თურქი და რუსი ხალხები“. 1920 წლის ივლისიდან რუსეთისა და თურქეთის სამთავრობო დელეგაციებმა დაიწყეს მუშაობა ხელშეკრულებაზე და იმავე წლის 24 აგვისტოსათვის მისი პროექტი მომზადდა. ხელშეკრულების პროექტის მე-4 მუხლით რსფსრ მზად იყო აეღო შუამავლობა თურქეთსა და იმ მესამე სახელმწიფოებს შორის, რომელთა ძალაუფლება ვრცელდებოდა 1920 წლის 28 იანვარს მიღებული „ეროვნული პაქტით“ განსაზღვრულ ტერიტორიებზე. რა ტერიტორიაზე იყო ლაპარაკი და ვინ ცხოვრობდა იქ? „შუამავლობა თურქეთსა და მესამე სახელმწიფოებს შორის“ რსფსრ-ს მხრიდან გულისხმობდა იმ დროს დამოუკიდებელი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების დაყოლიებას ან იძულებას, რათა თურქეთისათვის დაეთმოთ ყარსის (არტაანთან ერთად) და ბათუმის ოლქები, რომლებსაც ისინი აკონტროლებდნენ. 1878 წლიდან რუსეთის იმპერიაში შედიოდა ბათუმისა და ყარსის ოლქები (ამ უკანასკნელში შედიოდა არტაანის ოკრუგი). 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან დადებული ხელშეკრულებით („ბრესტის ზავით“) საბჭოთა რუსეთმა, იმ დროისათვის ფაქტობრივად გამოყოფილი ამიერკავკასიის მონაწილეობის გარეშე, გერმანიის მოკავშირე ოსმალეთის იმპერიას გადასცა ეს ოლქები. 1918 წლის მაისის ბოლოდან დამოუკიდებელი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკები სამხედრო ინტერვენციის მუქარით იძულებული გახდნენ 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში დადებული ხელშეკრულებებით „დაეთმოთ“ ეს ტერიტორიები ოსმალეთის იმპერიისათვის, რომელიც მათ მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში განაგებდა. „ბათუმის ხელშეკრულებით“ ოსმალეთმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დამატებით ჩამოაჭრა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების დიდი ნაწილები. მაგრამ მსოფლიო ომში ოსმალეთი დამარცხდა „ანტანტის“ ძალებთან და 1918 წლის 30 ოქტომბრის „მუდროსის დაზავებით“, რომელიც კაპიტულაციის ტოლფასი იყო, ოსმალური არმია იძულებული გახდა დაეცალა ეს ტერიტორია. ზემოხსენებული ბრესტ-ლიტოვსკისა და ბათუმის ხელშეკრულებები ბათილად გამოცხადდა. 1878 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ბათუმის ოლქი (ფართობი 6 951 კვ. კმ) შედგებოდა ორი ოკრუგისგან: ბათუმის ოკრუგში (ფართობი 3044 კვ.კმ) 1897 წლის მოსახლეობის აღწერამ აღრიცხა 56,5 ათასი ქართველი (მთელი მოსახლეობის 64 პროცენტი); ართვინის ოკრუგში (ფართობი 3907 კვ.კმ), მოსახლეობის 74 პროცენტი თურქად აღირიცხა, მათ მოსდევდნენ სომხები (14 პროცენტი) და ქართველები (10 პროცენტი). 1918 წლის 16 დეკემბრიდან ბათუმის ოლქი შედიოდა ბრიტანეთის შავი ზღვის არმიის საოკუპაციო ზონაში, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული. 1920 წლის 8 აპრილიდან 14 ივლისამდე ბათუმის ოლქი იყო „ერთა ლიგის“ დაცვის ქვეშ მყოფი ტერიტორია და ბრიტანული სამხედრო ნაწილები იქ იდგნენ „მოკავშირეთა ძალების“ სახელით. 1920 წლის ივლისში ბრიტანელები ბათუმიდან გავიდნენ და მთელი ოლქი საქართველოს გადასცეს: 20 ივლისს ის ქართულმა არმიამ ჩაიბარა. ყარსის ოლქში (ფართობი 18 926 კვ. კმ), 1920-იან წლებამდე განვლილი ასიოდე წლის მანძილზე ხშირად იცვლებოდა ეთნიკური სტრუქტურა: ნებაყოფლობით თუ იძულებით მიგრაციაში ჩართული იყვნენ სომხები, თურქები, ქურთები, ბერძნები, რუსები, თუმცა უმრავლესობას მუსლიმი მოსახლეობა შეადგენდა. ყარსის ოლქში შემავალ არტაანის ოკრუგში (ფართობი 5,6 ათასი კვ. კმ) 1897 წელს მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი მუსლიმი იყო (თურქები, ყარაფაფახები, თურქმენები, ქურთები), დანარჩენი კი - სომხები, ბერძნები, რუსები. არტაანის ქართულენოვანი მუსლიმი მოსახლეობა მცირერიცხოვანი იყო და დემო­გრაფიულ სტატისტიკაში არც კი ჩანდა. 1918-1919 წლებში ყარსის ოლქის ტერიტორია პოლიტიკურად არამდგრადი იყო. 1918 წლის ბოლოს მიმავალმა ოსმალურმა ადმინისტრაციამ იქ დატოვა მარიონეტული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკა“ (ე. წ. „ყარსის რესპუბლიკა’), რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ბათუმის ოლქზე, მესხეთ-ჯავახეთზე, ერევნის გუბერნიის ნაწილებზე. 1919 წლის დასაწყისში ყარსის ოლქის ოკუპაცია მოახდინეს ბრიტანელებმა, რომლებმაც ზემოხსენებული „რესპუბლიკა“ იმავე წლის აპრილში გააუქმეს. ამის შემდეგ ყარსის ოლქის ტერიტორიაზე გავრცელდა იმ დროს დამოუკიდებელი სომხეთის და, ნაწილობრივ, საქართველოს ნომინალური იურისდიქცია, თუმცა ამ უკანასკნელთა შორის საზღვრის დელიმიტაცია არ განხორციელებულა და ზოგი ტერიტორია სადავო რჩებოდა. ყარსის ოლქის ოლთისის ოკრუგში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მუსლიმები, ძირითადად ქურთები, შეადგენდნენ. ნახ. 1-ზე წარმოდგენილია 1920 წელს თბილისში გამოქვეყნებული საქართველოს რუკის ფრაგმენტი, რომლის თანახმადაც ბათუმის, ართვინის, არტაანის ოლქები საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ოლთისის ოლქი - საქართველოს გარეთ იყო. ნახ. 1 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი (1920 წ.) ნახ. 2-ზე კი მოყვანილია სომხეთის რესპუბლიკის რუკა 1920 წლის ზაფხულის მდგომარეობით ამერიკელი პროფესორის რიჩარდ ჰოვანისიანის წიგნიდან „The Armenian Republic (vol. III)”, რომლის თანახმადაც არტაანის ოლქი სომხეთს ეკუთვნოდა, მაგრამ ოლთისი - საქართველოს! მართალია, იმავე წლის აგვისტოში სომხეთის არმიის ნაწილებმა დაიკავეს ოლთისის ოლქი, მაგრამ მალე მოუხდათ დაპირისპირება თურქეთის რეგულარულ არმიასთან და ადგილობრივ მოხალისეებთან. ნახ. 2 სომხეთის რესპუბლიკის საზღვრები (1920 წლის ზაფხულში) რსფსრ-თურქეთის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა 1920 წელს ვერ მოხერხდა. იმ დროისათვის შეიქმნა საკუთრივ თურქეთის დანაწევრების საფრთხე: 1920 წლის 10 აგვისტოს, ერთი მხრივ, მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყნებსა და სომხეთის რესპუბლიკას და, მეორე მხრივ, ოსმალეთის სულტნის მთავრობას შორის დადებული „სევრის ხელშეკრულება“ ანაწევრებდა ოსმალეთის ტერიტორიას, მათ შორის პირდებოდა სომხეთს ფართობის გასამმაგებას თურქეთის აზიური ნაწილის ხარჯზე (იხ. ინტერპრესს­ნიუსი: თვალსაზრისი - „სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი“, 10 აგვისტო 2020). ანკარაში მყოფმა ქემალისტებმა „სევრის ხელშეკრულება“ არ ცნეს. რეალურ ცხოვრებაში კი ამ ხელშეკრულების სომხეთთან დაკავშირებულ მუხლებს წინასწარგანზრახულის ზუსტად საწინააღმდეგო შედეგები მოჰყვა. ერთი მხრივ, „სევრის ხელშეკრულებამ“ საბაბი მისცა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას მოეთხოვა მისთვის დაპირებული ტერიტორია, რომლის პრაქტიკული დაუფლება შეუძლებელი იყო „ანტანტის“ ქვეყნების და/ან აშშ-ის ქმედითი, მათ შორის სამხედრო, მხარდაჭერის გარეშე. ერევანმა კი მათგან მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა მიიღო. აშშ პრეზიდენტს ვუდრო უილსონს კი უნდოდა კავკასიის პრობლემებში სომხეთის მხარეს ჩართვა, მაგრამ აშშ სენატი ამას კატეგორიულად წინაღუდგა. რაც შეეხება საბჭოთა რუსეთს, მის გეოპოლიტიკურ გათვლებში თეორიულად შესაძლებელი „დიდი სომხეთი“ პროდასავლურ სახელმწიფოდ აღიქმებოდა და თავისი სახელმწიფოს ტერიტორიული გაფართოების საკითხში სომხეთის მთავრობას არ უნდა ჰქონოდა არც რუსეთის დახმარების იმედი. მეორე მხრივ, იმავე „სევრის ხელშეკრულებამ“ მისცა საბაბი თურქეთს 1920 წლის 24 სექტემბერს გამოეცხადებინა ომი სომხეთისათვის, რომელიც დამთავრდა სომხური არმიის განადგურებით. 1920 წლის 2 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკა იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი „ალექსანდროპოლის ხელშეკრუ­ლებისათვის“, რომლის მე-10 მუხლით სომხეთი აბათილებდა „სევრის ხელშეკრულებას“ და უარს აცხადებდა მისთვის დაპირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ის თურქეთს გადასცემდა ყარსის ოლქს და ყოფილი ერევნის გუბერნიის ნაწი­ლებსაც კი, მათ შორის სურმალუს მაზრას. თურქული არმია დაუდგენელი დროით რჩებოდა ქ. ალექსანდროპოლში (საბჭოთა პერიოდში - ლენინაკანი, ამჟამად გიუმრი) და კონტროლს უწევდა იქიდან სამხრეთისაკენ მიმავალ რკინიგზის ხაზს. თურქებმა მოახდინეს ადრე ერევნის გუბერნიის შემადგენლობაში შემავალი ნახჭევნისა და შარურ-დარალაგიოზის მაზრების ნაწილობრივი ოკუპაციაც, თუმცა იძულებული იყვნენ ანგარიში გაეწიათ 1920 წლის 28 ივლისს იქ შესული რუსეთის წითელი არმიის ნაწილებისათვის, რომლებმაც მაშინვე დასვეს იქ კომუნისტური რევკომი (რევოლუციური კომიტეტი) და გამოაცხადეს „ნახჭევნის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ შექმნა. სომხეთთან ომის შედეგმა ძალიან გაამყარა თურქეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში და მის სამეზობლოში. კრემლში დაინახეს, რომ მათ „სიტუაციურ მეგობარს“, თურქეთს, სავსებით შეეძლო რეგიონის დომინანტი ძალა გამხდარიყო. ამიტომაც, 1920 წლის ნოემბრის ბოლოს რუსეთის მე-11 წითელი არმია უბრძოლველად შევიდა სომხეთის რესპუბლიკის დარჩენილ ნაწილში, 29 ნოემბერს ქ. იჯევანში დასვა რევკომი, რომელმაც „სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ შექმნა გამოაცხადა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სომხეთის მთავრობა 2 დეკემბერს გადადგა და ძალაუფლება გადააბარა დროებით სამხედრო-რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც სომეხ კომუნისტებთან ერთად შევიდა ორი წევრი იქამდე მმართველი პარტია „დაშნაკცუთიუნიდან“. 1921 წლის თებერვალში თითქმის ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ კრემლმა მოახდინა კავკასიის უკანასკნელი დამოუკიდებელი სახელმწიფოს, საქართველოს, ოკუპაცია და მისი ძალადობრივი გასაბჭოება, რის გასამართლებლად ჩვეული ხრიკი გამოიყენა -- „მშრომელი მასების აჯანყებისათვის მხარის დაჭერა“. 25 თებერვალს თბილისში უკვე იჯდა კომუნისტური რევკომი. ამის შემდეგ კრემლს შეეძლო პირდაპირ ეწარმოებინა მოლაპარაკება თურქეთთან სამხრეთ კავკასიის საზღვრების შესახებ, არავითარი „შუამავლობა თურქეთსა და მესამე სახელმწიფოებს შორის“ მას აღარ ესაჭიროებოდა. 26 თებერვალს მოსკოვში დაიწყო კიდეც მოლაპარაკებები რსფსრ-სა და თურქეთს შორის. მოლაპარაკებები ეხებოდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საზღვრებს, მაგრამ მათში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა არც ერთი ახალგასაბჭოებული რესპუბლიკის წარმომადგენელს, თუმცა ისინი მოსკოვში ჩავიდნენ. უნდა ითქვას, რომ რუსულ მხარეს ხელს აძლევდა მოლაპარაკებებში მათი ჩართვა, რადგან საბჭოთა სომხეთის (და, იქნებ, საბჭოთა საქართველოს?) წარმომადგენლების ტერიტო­რიული პრეტენზიები გააძლიერებდა რსფსრ-ს პოზიციას. მაგრამ თურქული მხარე კატეგორიულად წინააღმდეგი იყო: ის ხაზს უსვამდა, რომ საქმე აქვს უშუალოდ და მხოლოდ რსფსრ-ის დელეგაციასთან. 1921 წლის 28 თებერვალს რსფრ-ის მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა (მინისტრმა) გეორგი ჩიჩერინმა მისწერა რუსეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურის წევრს და ეროვნებათა საკითხების სახალხო კომისარს იოსებ სტალინს, რომელიც ლენინის მითითებებს ასრულებდა და, ერთდროულად, კავკასიის საკითხების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა პოლიტბიუროში: „[თურქული დელეგაციის ხელმძღვანელის] იუსუფ ქემალ-ბეის აზრით „ეროვნული პაქტი“ და „ალექსანდროპოლის ხელშეკრულება“ ხელშეუხებლად და უპირობოდ უნდა იქნეს აღიარებული. არსებითად ამის არგუმენტაციად მათ მოაქვთ, რომ თითქოს სომეხი კომუნისტები მხოლოდ და მხოლოდ ფერშეცვლილი დაშნაკები არიან. ფორმალურად თურქებმა განაცხადეს, რომ ბათუმის საკითხი ეხება საქართველოს, ხოლო „ალექსანდროპოლის ხელშეკრულების“ საკითხი ეხება სომხეთს, ასე რომ ეს საკითხები უნდა განხილული იქნეს ამ სახელმწიფოებთან და არა ჩვენთან. მათ დელეგაციას არა აქვს არავითარი რწმუნებულება საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების თაობაზე. მისი რწმუნებულებაა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან პოლიტიკური და სამხედრო კავშირის შესახებ ხელშეკრულების დადება. მათ შეუძლიათ წავიდნენ და მათივე მთავრობას შეუძლია გამოაგზავნოს სხვა დელეგაცია საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. მათ კი ეს არ შეუძლიათ. ეს არგუმენტი მხოლოდ დღეს გამოჩნდა. დამთავრდა იმით, რომ მათ მოითხოვეს სამდღიან ვადაში ჩვენი მთავრობის კატეგორიული პასუხი“. სასაზღვრო საკითხებზე მსჯელობისას თურქების დიდ უპირატესობას ქმნიდა fait accompli: დიპლომატიურ ენაზე ეს ფრანგული სიტყვები აღნიშნავს „დასრულებულ საქმეს, რომელიც გადასინჯვას არ ექვემდებარება“. ამ შემთხვევაში fait accompli იყო სომხეთის რესპუბლიკის მიერ „ალექსანდროპოლის ხელშეკრულებით“ თურქეთისათვის დათმობილი ტერიტორია. თურქული მხარე ულტიმატუმის ფორმით მოითხოვდა ამ ხელშეკრულების აღიარებას რსფსრ-ის მიერ. ბათუმის ოლქის გარდა დანარჩენ ტერიტორიაზე უკვე ისედაც იდგა ან თანდათან შედიოდა თურქეთის არმია. მოსკოვში მოლაპარაკებების მსვლელობისას კი, 1921 წლის მარტის დასაწყისში, თურქეთის არმია შევიდა საქართველოს (იმ დროისათვის უკვე გასაბჭოებულის) კუთვნილ ბათუმის ოლქში, ხოლო 11 მარტს - ქალაქ ბათუმშიც. თურქეთის არმიის შენაერთები შევიდნენ ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების ნაწილებშიც კი, სადაც ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა მათ დაუფარავი სიხარულით შეხვდა. ამ მაზრებიდან თურქები ორიოდე კვირაში გავიდნენ: მათ შესახებ მოსკოვის მოლაპარაკებისას მსჯელობაც კი არ ყოფილა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 17 მარტამდე ბათუმში იმყოფებოდა, იქამდე, სანამ ემიგრაციაში წავიდოდა, მაგრამ ქმედითუნარიანობა მას დაკარგული ჰქონდა. საბჭოთა საქართველოს მთავრობას კი დამოუკიდებლად მოქმედება არ შეეძლო: ის კრემლის დირექტივების შემსრულებელი იყო. მოსკოვის მოლაპარაკება ჩიხში შედიოდა, როდესაც ჩიჩერინის თხოვნით 1921 წლის 6 მარტს თავისი მოსაზრება წერილობით ჩამოაყალიბა იოსებ სტალინმა: „ბათუმის ოლქის დიდი ნაწილი რსფსრ-ს რჩება,ართვინი და არტანუჯი თურქეთს გადაეცემა,ახალი საზღვარი რსფსრ-სა და თურქეთს შორის გადის დაახლოებით ლიმან-ბორჩხა -მდ. ჭოროხი -მდ. იმერხევის ხაზზე და, უფრო აღმოსავლეთით, ყარსის ოლქის საზღვრამდე. თავისთავად იგულისხმება, რომ მე ვლაპარაკობ დაახლოებით ხაზზე, რადგან ზუსტი საზღვარი ამ დაახლოებითი ხაზის საფუძველზე უნდა განსაზღვროს შესაბამისმა კომისიამ. სამხედროები არ თანხმდებიან დაუთმონ არტაანი თურქეთს, რადგან მიაჩნიათ, რომ იგი ტფილისის გასაღებია. მიუხედავად ამისა, მე იმედი მაქვს დავითანხმო სამხედროები და მივაღწიო დათმობას ისე, რომ საზღვარი რსფსრ-სა და თურქეთს შორის გადიოდეს დაახლოებით ყარსის ოლქისა და ტფილისის გუბერნიის ძველი საზღვრის ხაზზე. ამასთან მე აქაც ვაკეთებ შენიშვნას ზუსტი საზღვრის შესახებ იმ დაახლოებითი ხაზის მიხედვით, რომელიც ვახსენე პირველ პუნქტში. თურქეთი გადის ალექსანდროპოლიდან, ამასთან ალექსანდროპოლ-კამარლუს მთელი სარკინიგზო ხაზის გასწვრივ (ამ ხაზის დასავლეთით) რსფსრ-ის სასარგებლოდ უზრუნველყოფილი იქნება დაახლოებით 20 ვერსის სიღრმის ზოლი. ნახჭევნის საკითხზე ბოლო სიტყვა აზერბაიჯანის წარმომადგენელს მიეცემა“. ნათელი იყო, რომ საბჭოთა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტად აინტესესებდა ბაქო თავისი ნავთობსარეწებით და ბათუმი, როგორც ნავთობის ტერმინალი, დაკავშირებული ბაქოსთან რკინიგზითა და ნავთობპროდუქტების (კეროსინის/ნავთის) მილსადენით. სტალინი ახსენებდა საზღვარს „რსფსრ-სა და თურქეთს შორის“. ის რუსეთის ინტერესებს იცავდა, მისთვის ისტორიული ქართული ან სომხური პროვინციები არაფერს ნიშნავდა. ართვინის, არტაანის, ყარსის და სხვა ტერიტორიებისათვის ომი თურქეთთან რუსეთს არ უნდოდა და არც შეეძლო. თურქული დელეგაციის თხოვნით სტალინი 9 მარტს პირისპირ შეხვდა მას. თურქებმა, რომლებიც ისედაც იხრებოდნენ ერთგვარი კომპრომისის მიმართ ბათუმის შემთხვევაში, მიიღეს მისი შეთავაზებული საზღვრები, მაგრამ მოითხოვეს უფრო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მათი გადა­წევა. საბოლოოდ, თურქეთს დარჩა ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, მათ შორის ბორჩხა, შუაზე გაიყო სოფელი სარფი, მაჭახელას ხეობა, მდ. ჭოროხის მხოლოდ შესართავი აღმოჩნდა საქართველოში. „მოსკოვის ხელშეკრულების“ II მუხლით ქ. ბათუმისა და აჭარის სტატუსი ასე განისაზღვრა: „თურქეთი თანახმაა საქართველოს დაუთმოს სიუზერენიტეტი ბათუმის ნავსადგურზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მითითებული საზღვრის ჩრდილოეთით და შეადგენს ბათუმის ოკრუგის ნაწილს, იმ პირობით, რომ ამ მუხლში მითითებული ადგილების მოსახლეობა ისარგებლებს ფართო ავტონომიით ადმინისტრაციულ საკითხებში...“ მართალია, კრემლმა სამხრეთ კავკასია თითქმის მთლიანად შეიერთა, მაგრამ მოსკოვში დადებული ხელშეკრულება თურქული დიპლომატიის წარმატება უფრო იყო. „მოსკოვის ხელშეკრულებით“ თურქეთმა მიიღო უშიშროების გარანტია საბჭოთა რუსეთისაგან თავის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე, დაასრულა სამხედრო მოქმედება აღმოსავლეთის ფრონტზე და გადაისროლა ძალები დასავლეთის ფრონტზე, საბერძნეთის არმიასთან საბრძოლველად. თურქებმა მოახერხეს ძირითადად აღედგინათ ყოფილ რუსეთის იმპერიასთან 1877 წლამდე არსებული საზღვარი, დაიბრუნეს 1877-1878 წწ. ომში დამარცხების შემდეგ რუსეთისათვის დათმობილი მიწები - ყარსი, არტაანი მიმდებარე ტერიტორიითურთ, ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი. თურქი დიპლომატები მთელ ბათუმის ოლქს მოითხოვდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, უარი თქვეს მის ჩრდილოეთ ნაწილზე (3 ათასი კვ. კმ). ამასთან, თურქეთმა თავის შემადგენლობაში დაიტოვა 1920 წლის შემოდგომაზე სომხეთის რესპუბლიკისაგან დაპყრობილი სურმალუს მაზრა (3 688 კვ. კმ), სადაც მდებარეობს არარა­ტის მთის მასივი. ამ მაზრის ტერიტორია 1828 წლიდან შედიოდა რუსეთის იმპერიის, ხოლო 1918 წლიდან სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1828 წლამდე კი სურმალუ ეკუთვნოდა სპარსეთს და არა ოსმალეთს. ქ. ალექსანდროპოლი და მისი მაზრა თურქეთმა დაცალა, რკინიგზა სომხეთის სსრ-ს დაუბრუნა, მაგრამ „20 ვერსით“ დასავლეთით არ გადაწეულა: საზღვარი გაჰყვა მდინარეების მდ. არფა-ჩაის (ახურიანის) და მდ. არაქსის ტალვეგს (შუა ხაზს), ისე, როგორც „ალექსანდროპოლის ხელშეკრულებაში“ იყო ჩაწერილი, რკინიგზის ხაზიდან დასავლეთით სულ რამდენიმე კილომეტრში. თურქეთის მხრიდან ერთგვარი დათმობა იმაში გამოიხატა, რომ ყარსის ოლქის მცირე ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი საბჭოთა სომხეთს გადაეცა. თურქული მხარის მოთხოვნით, „მოსკოვის ხელშეკრულების“ III მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოფილი ერევნის გუბერნიის ნახჭევნის მაზრის ტერიტორიაზე შექმნილიყო ავტონომია „აზერბაიჯანის პროტექტორატის ქვეშ იმ პირობით, რომ აზერბაიჯანი არ გადასცემს ამ პროტექტორატს მესამე სახელმწიფოს“. „მესამე სახელმწიფოში სომხეთი იგულისხმებოდა, თუმცა ამ ტერიტორიას (5 482 კვ. კმ) სპარსეთიც ესაზღვრებოდა და 1828 წლამდე ნახჭევანი სპარსეთის ერთ-ერთი სახანო იყო. „ნახჭევნის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, აზერბაიჯანის სსრ-ის პროტექტორატის“ (ასე ეწოდებოდა მას 1931 წლამდე, როდესაც „პროტექტორატის“ ნაცვლად ის გახდა „ავტონომიური სსრ“) შემადგენლობაში თურქული მხარის მოთხოვნით შევიდა შარურ-დარალგიოზის მაზრის ტერიტორიის ნაწილიც (შარური). სურმალუს მაზრის ანექსია თურქეთს აძლევდა საშუალებას მიახლოებოდა ნახჭევანს. თუმცა, შარურის ტერიტორიამაც იმ დროს ვერ უზრუნველჰყო თურქეთის უშუალო დამეზობლება ნახჭევანთან: ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1932 წელს, როდესაც თურქეთმა და სპარსეთმა ტერიტორიების გაცვლის გზით შეცვალეს თავიანთი საზღვრის მცირე მონაკვეთების კონფიგურაცია და თურქეთს გაუჩნდა 9 კილომეტრის სიგრძის საზღვარი მდ. არაქსზე, რომლის გადაღმა ნახჭევნის ავტონომიის ტერიტორია მდებარეობს. თურქეთის საზღვრები სამხრეთ კავკასიასთან კიდევ ერთხელ დამტკიცდა 1921 წლის 13 ოქტომბრის „ყარსის ხელშეკრულებით“, რომელზეც სამხრეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლები აწერდნენ ხელს. ხანდახან გამოითქმის ხოლმე აზრი, თითქოს „ყარსის ხელშეკრულებას“ რაღაც ვადა აქვს. სინამდვილეში ის უვადოდაა დადებული, საზღვრებთან დაკავში­რებით კი მთლიანად იმეორებს იმავე წლის 16 მარტის „მოსკოვის ხელშეკრულების“ პირობებს. 1921 წლის სასაზღვრო ცვლილებები ასახულია ნახ. 3-ზე, სადაც მოცემულია 1921 წლიდან არსებული თურქეთის საზღვარი საქართველოსთან და სომხეთთან. დანარჩენი საზღვრები ძირითადად თანამედროვე მდგომარეობითაა ასახული (გარდა 1932 წელს ჩატარებული თურქეთ-სპარსეთის საზღვრის ზემოაღნიშნული ცვლილებისა). 1921 წლიდან სომხეთ-საქართველოს საზღვარი „ლორეს ნეიტრალური ზონის“ ჩრდილოეთის ხაზზე გადის. ნახ. 3 სამხრეთ კავკასიის საზღვრები „მოსკოვის ხელშეკრულების“ თანახმად 1920-იანი წლების დამდეგს კრემლში მიხვდნენ, რომ თურქების საბოლოო მიზანი იყო საერთო საზღვრის შექმნა ენობრივად მოძმე აზერბაიჯანთან. ამიტომაც რსფსრ-ის მთავრობამ მიიღო ზომები, რათა ექსკლავად ექცია ნახჭევანი და დაეშორებინა ის აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიისათვის. კრემლმა ახალშექმნილი სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილად ცნო ზანგეზური, იგივე სიუნიქი (პირობითი ცენტრით ქ. გორისში), რომელიც ერთმანეთისაგან აშორებს ზემოხსენებულ ტერიტორიებს. კრემლმა არ გაიზიარა ბაქოს კომუნისტური მთავრობის არგუმენტები, რომ რუსეთის იმპერიის დროს ზანგეზურის მაზრა შედიოდა ელისავეტპოლის (განჯის) გუბერნიაში და იქ იყო შერეული, აზერბაიჯანულ-სომხური, მოსახლეობა. 1921 წლის 20 მარტს ქართულმა სამხედრო ნაწილებმა ბათუმიდან განდევნეს ცხრა დღით ადრე იქ შესული თურქული ჯარის ნაწილები, რომლებსაც „მოსკოვის ხელშეკრულების“ თანახმად უნდა დაეცალათ ქალაქი და მიმდებარე ტერიტორია. მას შემდეგ, რაც ქართულმა ჯარმა წარმატებით ჩაატარა ეს სამხედრო აქცია, ქალაქი წითელმა არმიამ ჩაიბარა. როგორც ჩანს, ოთხი დღით ადრე „მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულების“ ხელმომწერმა ერთი-ერთმა მხარემ „უხერხულად“ მიიჩნია სამხედრო ოპერაციის ჩატარება მეორე ხელმომწერი მხარის წინააღმდეგ! 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მოკავშირე რესპუბლიკები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად გადაიქცნენ. თურქეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 16 დეკემბერს აღიარა. 1992 წლის 21 მაისს ხელი მოეწერა პროტოკოლს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ, ხოლო იმავე წლის 30 ივნისს ორმა სახელმწიფომ დადო ხელშეკრულება „მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ“. ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია „ყარსის ხელშეკრულება“ იმ თვალსაზრისით, რომ მან საბოლოოდ დაადგინა საზღვარი ორ ქვეყანას შორის. 1921 წლის მარტში ჩამოყალიბდა დღემდე მოქმედი საქართველო-თურქეთის, სომხეთ-თურქეთის საზღვრები და საზღვრის ნაწილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ერთობლივ საზღვარს აღიარებენ თურქეთი და აზერბაიჯანი. მაგრამ სომხეთსა და თურქეთს ჯერჯერობით არა აქვთ დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობებიც კი. რევაზ გაჩეჩილაძე ipn
  5. სამხრეთ კორეაში დაფუძნებული Shinhan Bank-ი ციფრულ სავალუტო პლატფორმას LG CNS–თან თანამშრომლობს. სამხრეთ კორეის მთავარი კომერციული ბანკი, Shinhan Bank-ი ცდილობს ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან ერთად ეროვნული ციფრული ვალუტის შემუშავების საკითხში თავისი წვლილი შეიტანოს. ბანკმა შეიმუშავა Blockchain-ზე დაფუძნებული საპილოტე პლატფორმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტისთვის. ბანკი LG Corporation-ის IT სერვისთან და LG CNS-თან პარტნიორობს. Shinhan Bank-მა და LG CNS-მა შექმნეს ციფრული სტაბილკოინის მოდელი, რომლის თანახმადაც, კორეის ბანკი გამოსცემს სტაბილკოინს, ხოლო სხვა საბანკო ინსტიტუტები, როგორიცაა Shinhan Bank-ი, ფინანსური შუამავლების როლს ასრულებენ. ანგარიშის თანახმად, სტაბილკოინის სისტემა ბანკის კლიენტებს საშუალებას მისცემს ციფრული ვალუტა ფულადი გზავნილებისა და სავალუტო ოპერაციებისთვის გამოიყენონ. პლატფორმა სტაბილკოინს ასევე ჰყოფს ორ ნაწილად: ზოგად სახსრებად, რომელსაც ფლობენ ფიზიკური პირები და მთავრობის სახსრებად, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტული მიზნებისთვის, მაგალითად, საგანგებო სიტუაციების დაფინანსებისათვის. The post სამხრეთ კორეული ბანკი სტაბილკოინის გამოშვებაში მონაწილეობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  6. სამხრეთ აფრიკის კრიპტო კომპანიები აცხადებენ, რომ გაუმჭვირვალე რეგულაციები ინდუსტრიას აზიანებს. სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ინვესტორები და ბიზნესმენები საზღვარგარეთ კაპიტალის გადატანას არ გამორიცხავენ, თუკი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები არ დაადასტურებენ მარეგულირებელი კომისიების მიერ მიღებული კანონების “სიწმინდეს“. “ბლუმბერგთან” საუბრისას, ადგილობრივი კრიპტო საინვესტიციო პლატფორმის Revix–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შონ სანდერსმა, რომელიც აპირებს კომპანიის სათაო ოფისის დიდი ბრიტანეთში გადატანას, განაცხადა: ”ისინი იწვევენ ბიზნესს საერთაშორისო დონეზე, დაურეგულირებელ გარემოში, სადაც მომხმარებელი ეჭვის თვალით უყურებს ჩვენს ნებისმიერ ინიციატივას და მათი პოზიცია სრულიად გასაგებიცაა.” უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ აფრიკის მარეგულირებელი ორგანოები ცდილობენ მეტად გააკონტროლონ კრიპტოვალუტით ვაჭრობა. 2021 წლის იანვარში ბიტკოინის სავაჭრო კომპანია, Mirror Trading International-ი, მოათავსეს დროებითი ლიკვიდაციის პირობებში, რადგან ინვესტორებს ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ. ამასთანავე, ფინანსური სექტორის ქცევის ორგანოს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანია ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებს არ ინახავდა. გარდა ამისა, ბირჟას არ ჰქონდა რაიმე სახის მომხმარებლთა მონაცემთა ბაზა შექმნილი. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიებას თაღლითური სქემის არსებობის დასკვნა არ გამოუტანია. სამართალდამცავმა უწყებამ ბირჟის მუშაობის შეწყვეტის ბრძანება გამოსცა, რადგან ბირჟა ლიცენზიის გარეშე ოპერირებდა. The post სამხრეთ აფრიკის კრიპტო სექტორი გამჭვირვალე მარეგულირებელ სისტემას მოითხოვს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  7. ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობა ერთი თვის წინ შეიცვალა. რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის შემდეგ, ქვეყნის მართვა დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გადაიბარა. ყოველი ასეთი ცვლილების დროს ჩნდება კითხვა, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა ექნება ახალ ადმინისტრაციას. ეს შეკითხვა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და საქართველოს მიმართაც ისმის. პრეზიდენტი ბაიდენი, კარგად იცნობს საქართველოს. ის ორჯერაა ქვეყანაში ნამყოფი და საქართველოსთვის მხარდაჭერა პირადად აქვს გამოცხადებული. 2008 წელს, როცა რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბაიდენი თბილისში ჩავიდა, ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარე იყო. მაშინ ნათქვამი სიტყვები „მე თქვენ არასდროს მიგატოვებთ“ საქართველოში დღემდე ახსოვთ. 2009 წელს ჯო ბაიდენი უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჩავიდა საქართველოში და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ქვეყნის პარლამენტს პირადად გადასცა. გარდა, ამისა, ბოლო 40 წელზე მეტი, ბაიდენი ამერიკის პოლიტიკაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა და თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, კარგად იცნობს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, არის თუ არა საკმარისი ახალი პრეზიდენტის მიერ რეგიონის ცოდნა იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიამ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტული როლი დაიკავოს? ექნება თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი, მკაფიო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიისადმი და განიხილება თუ არა ის ცალკე რეგიონად და არა რუსეთის, ან ევროპის რეგიონის პოლიტიკის ნაწილად? სვანტე კორნელი, "კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის" დირექტორი ამბობს, რომ ამერიკის წინა რამდენიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ. „ტრამპის ადმინისტრაციამ სპეციფიკური სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა ცენტრალური აზიის რეგიონისთვის... თუმცა, ასეთი დოკუმენტი არ გვინახავს სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში. რამდენადაც მე ვიცი, ყველაზე ახლოს, რაც კი სტრატეგიის მსგავსად შეიძლება აღვიქვათ, იყო პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც ძალიან იშვიათად ფოკუსირდებოდნენ სამხრეთ კავკასიაზე, როგორც რეგიონზე“, - ამბობს კორნელი. მისი აზრით, სამხრეთ კავკასია ცალკე რეგიონად უნდა განიხილიბოდეს და საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ, ამერიკას ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგია უნდა ჰქონდეს. კორნელი ამბობს, რომ აქამდე ეს ქვეყნები სხვა რეგიონების ჭრილში ცალ-ცალკე განიხილებოდა და ისინი დიდი ქვეყნების მიმართ ამერიკის პოლიტიკის ერთგვარ დამატებად მოიაზრებოდა. „საქართველოს შემთხვევაში ეს იყო რუსეთი, თურქეთთან ერთად განიხილებოდა სომხეთის საკითხი, აზერბაიჯანი კი, ხანდახან ავღანეთის მიმართ პოლიტიკის ნაწილი იყო“, - ამბობს კორნელი. ბაიდენის ადმინისტრაციაში ყველა საკვანძო თანამდებობის პირი დამტკიცებული ჯერ არ არის. შესაბამისად, არც ბოლომდე ჩამოყალიბებული პოლიტიკა და მიდგომებია ცნობილი. ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა შეცვლის თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ძველ მიდგომას. „პიროვნებებს მნიშვნელობა აქვთ“ ამერიკის მთავრობაში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი არ მუშაობს. ამ მხრივ გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მოდიოდეს თეთრი სახლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ეროვნული უსაფრთხოების საკონსულოდან და ა.შ. ამიტომ, როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ მაღალ თანამდებობებზე ამ მიმართულებით, ისეთი ადამიანები იყვნენ, ვისაც წარმოდგენა აქვთ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და იცნობენ იქ არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე მოვლენებს. საგარეო ურთიერთობების მხრივ, ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი სახელმწიფო დეპარტამენტია. ამ უწყების ხელმძღვანელად, სახელმწიფო მდივნად ბაიდენმა ენტონი ბლინკელი დაასახელა. ბლინკენი ცნობილია თავისი განცხადებებით საქართველოზე როგორც წარსულში, ისე სულ ცოტა ხნის წინ, თანამდებობაზე წარდგენის შემდეგაც. ამერიკის პირველი დიპლომატი საქართველოს ნატოში გაერთიანების მომხრეა და ამაზე მან ბოლოს სენატში, მის დანიშვნასთან დაკავშირებულ მოსმენებზე ისაუბრა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ნატოში წევრობას ემხრობა, თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“. კლერ კაისერი, "მაკლარტის ასოშიეტსის" სტრატეგიული ინიციატივების დირექტორი ამბობს, რომ რეგიონის მცოდნე ადამიანების წამყვან პოზიციებზე დასახელება უკვე კარგის ნიშანია. „ბაიდენის საგარეო საქმეთა ურთიერთობების გუნდი, ისევე როგორც თავად პრეზიდენტი ბაიდენი, ნამდვილად არ არიან უცხოები სამხრეთ კავკასიისთვის და ვფიქრობ, ეს კარგი ახალი ამბავი უნდა იყოს. მათი [გამოცდილება] სცდება მხოლოდ ობამას ადმინისტრაციის დროს მუშაობას. პრეზიდენტის შემთხვევაში კი, ეს რა თქმა უნდა, მოიცავს სენატში მუშაობის წლებს და საქართველოში ორჯერ ვიზიტს, ისევე როგორც, აქტიურ ჩართულობას რეგიონში არსებულ გამოწვევებში“, - ამბობს კაისერი. „პიროვნებებს მნიშვნელობა აქვთ“, ამბობს მარკ სიმაკოვსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი. ის ეთანხმება კაისერს იმაში, რომ მნიშნელოვანია იმ პიროვნებებს, ვინც საგარეო პოლიტიკის მხრივ გადაწყვეტილებებს იღებენ, სამხრეთ კავკასიის შესახებ წარმოდგენა ჰქონდეთ. სიმაკოვსკი თვლის, რომ ის ადამიანები, ვინც ამ დროისთვის თანამდებობებს იკავებენ არიან საკმაოდ გამოცდილები იმისთვის, რომ ამერიკა-სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე იმუშაონ. თუმცა, ამავდროულად, ეს ადამიანები ამერიკის ადმინისტრაციაში „აბრუნებენ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს“. სიმაკოვსკი თვლის, რომ სწორედ ამ პრინციპიების უზენაესობის გათვალისწინებით ჩამოყალიბდება ამერიკის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისამდი. „მგონია, რომ ე.წ. მკაცრი სიყვარულის გამოხატულებას ვნახავთ. თუ ამერიკა გადაწყვეტს უფრო მეტ ჩართულობას [სამხრეთ კავკასიაში], მაშინ მას ენდომება იმის დანახვა, რომ ამ ძალიან სტრატეგიულ რეგიონში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მხრივ სიტუაცია უმჯობესდება“, - ამბობს სიმაკოვსკი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები თანხმდებიან ბაიდენის ადმინისტრაციაში, ბევრია საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე ადამიანი, ვინც საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონს იცნობს, მათ მაინც ეჭვი ეპარებათ, რომ ეს რეგიონი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. პრიორიტეტი თუ სხვა რეგიონების პოლიტიკის ნაწილი „მთავარი გამოწვევა სამხრეთ კავკასიისთვის ის არის, თუ სად მოხვდებიან ისინი ამერიკის პრიორიტეტებს შორის. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, [რასთან გამკლავებაც ახალ ადმინისტრაციას მოუწევს], ეკონომიკა, კლიმატი, კოვიდი, ჩინეთი, რუსეთი, ვშიშობ, რომ სამხრეთ კავკასია სიის თავში არ მოხვდება“, - ამბობს სკოტ კალინანი, „ამერიკა-ევროპის ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი. კალინანის მსგავსად, სამხრეთ კავკასიის პრიორიტეტად ყოფნაში ეჭვი ეპარება კლერ კაისერსაც. ის ამბობს, რომ გაუკვირდება, თუ რეგიონი ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტებში მოხვდება იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც თავად ამერიკაში და ევროპის რეგიონის დიდ მოთამაშეებთან ხდება. მარკ სიმაკოვსკიც თვლის, რომ უკრაინის და რუსეთის საკითხები გაცილებით უფრო დიდი და ყურადსაღები იქნება ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთის, ვიდრე სამხრეთ კავკასია. გარდა ამისა, სიმაკოვსკი ამბობს, რომ ყურადღების ის ნაწილი, რომელსაც ამერიკა ამ რეგიონის მიმართ გამოიჩენს, შესაძლოა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს, სულაც არ მოეწონოთ. მკვლევარი თვლის, რომ ამერიკა ყოველთვის გაამახავილებს ყურადღებას იმ დემოკრატიული ინსტიტუტების არასათანადო მუშაობასა, თუ ადამიანის უფლებების დაღრვევებზე, რომლებიც ამ ქვეყნებში სხვადასხვა სახითაა გამოკვეთილი. მიუხედავად პოლიტიკისა და ყურადღების რაოდენობისა, სიმაკოვსკის აზრით, ამერიკა, ამ ქვეყნებს ყოველთვის მოთხოვს ამ თემებზე მუშაობას. ჯერ უცნობია, როგორი იქნება, ან იქნება თუ არა, საერთოდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ცალკე, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა. მანამდე კი, საქართველო და ამერიკა სტრატეგიულ პარტნიორებად და მოკავშირეებად რჩებიან. ცოტა ხნის წინ, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს. 12 თებერვალს, აქტის წარდგენის შემდეგ, კინზინგერმა თავის "ტვიტერ" გვერდზე დაწერა, რომ „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის, წინა ხაზზე იბრძვის“. ის ფაქტი, რომ მხარდამჭერი აქტი, კონგრესში დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ერთად წარადგინეს, ამერიკის საქართველოსადმი ორპარტიულ მხარდაჭერას უსვამს ხაზს. https://www.amerikiskhma.com/