Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მთავრობა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 6 results

  1. სალომე ზურაბიშვილი - კოალიციური მთავრობა აუცილებელია „პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ეს ეხლა თავის „იდეებ“ აჟღერებს დავიჯერო?
  2. საფრანგეთის მთავრობამ მილიონობით ევროს ღირებულების კრიპტოვალუტა აუქციონზე გაიტანა. კრიპტოვალუტები ჰაკერებს 2019 წელს ჩამოართვეს. ციფრული ვალუტები GateHub-ის სავაჭრო პლატფორმის გატეხვასთან დაკავშირებულ პირებს ჩამოერთვათ. კრიპტოვალუტები ორ ნაწილიად არის გაყოფილი: პირველი შედგება 437 ლოტისაგან, რომელშიც 0,11–დან 2 ბიტკოინამდეა მოთავსებული, ხოლო მეორე ნაწილი შედგება 41 ლოტისგან, სადაც 5-დან 20 ბიტკოინზეა საუბარი. მოსალოდნელია, რომ აუქციონით 28 მილიონი ევროს მიღება გახდება შესაძლებელი. ანალიტიკური ორგანიზაციის, 2B4CH Swiss-ის დამფუძნებელმა, ივ ბენაიმიმ Euronews-სთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის გაყიდვის შესახებ უკვე ცხადია. ”ტექნიკურად სამინისტროს უფლება აქვს გაყიდოს რამე, რაც ჩამორთმეული იქნა, თუ ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მისი ღირებულება შემცირდეს. საინტერესოა, რომ ისინი კრიპტოვალუტებს ახლა ჰყიდიან, დიდი ალბათობით იმ მიზეზით, რომ ფასი დაეცემა, რომ ეს მხოლოდ “ეკონომიკური ბუშტია” და სხვა, არაფერი”,- განაცხადა 2B4CH Swiss-ის დამფუძნებელმა. შეგახსენებთ, რომ შაბათს, ბიტკოინმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 60,000 დოლარის ნიშნულს. ანალიტიკოსები კი კრიპტოვალუტის სწრაფ წინსვლას ნაწილობრივ აშშ-ს სტიმულირების გეგმის მიღებას უკავშირებენ. The post საფრანგეთის მთავრობა ჩამორთმეულ კრიპტოვალუტებს აუქციონზე ჰყიდის appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. ავტორები: მანანა ღოღობერიძე, ნანუკა ბრეგაძე და ქეთი მოსიაშვილი ცხრა თვის წინ მსოფლიოში ახალი პანდემია გამოცხადდა. მას შემდეგ ყოველდღე, ექიმები და ექთნები უცნობ ვირუსს ებრძვიან. უცებ ყველა მათ გმირობაზე ალაპარაკდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წელი ექთნების წლად გამოაცხადა. “მადლიერების ტაში” ექთნებს არც საქართველოში აკლდათ. აივნიდან მოქალაქეების აპლოდისმენტების გარდა, მადლიერებას საჯაროდ გამოხატავდნენ პოლიტიკოსებიც. „მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. თქვენი დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ ,” – ამბობდა გიორგი გახარია მარტში. “მინდა, პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს,”- თქვა მაისში, სხდომის დაწყებისას არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტარებს სიმბოლური ტაშისკენ მოუწოდა. “როდესაც არის პანდემია, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს 205 ქვეყანა, წინა ხაზზე მედიცინის ყველა მუშაკია. მათ შორის განსაკუთრებულია როლი ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის,”- ამბობდა ამირან გამყრელიძე აპრილში. საბოლოოდ, ექთნებს ეს “განსაკუთრებული როლი” არ დაუფასდათ. როგორც ჩანს, სახელმწიფომ მათ მხოლოდ ტაში აკმარა, მათთვის შრომის სათანადო პირობების შექმნაზე კი სათანადოდ არ უზრუნია. ამ სტატიებში ჩვენ მოგიყვებით, როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ექთნები კოვიდინფიცირებულების პალატაში შესაბამისი ცოდნის, ანაზღაურებისა და ეკიპირების გარეშე. არადა, ექთნები არიან სამედიცინო რგოლის ის ნაწილი, რომელსაც ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვს პაციენტთან. რა ვერ მოახერხა ჯანდაცვის სისტემამ ხუთი თვის განმავლობაში, პირველ და მეორე ტალღებს შორის? ექთნების გადამზადება საგანგებო სიტუაციისთვის; ექთნების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; შრომის ადეკვატური პირობების შექმნა (ანაზღაურება, ტრანსპორტირება). ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელის, ია გელენიძის თქმით, ყველა პრობლემა იქედან დაიწყო, რომ ექთნები პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის შექმნაში ჩართული არ იყვნენ. სახელმწიფომ ამ დარგის წარმომადგენლებს აზრი არ ჰკითხა, რამაც ექთნები და მათი შრომის პირობები უყურადღებოდ დატოვა. შემდეგ კი ექთანთა შრომის პირობების გაუარესების მიზეზი სისტემის გაუმართაობა გახდა. გელენიძის თქმით, ისედაც მწირი რესურსი არასწორად გადანაწილდა, სახელმწიფომ ექთნების “სასტუმროებში გადინება” ვერ დაარეგულირა. “სასტუმროში არიან გასული, სამუშაო და დატვირთვა იქ ნაკლები აქვთ, თანხას კი იგივეს იღებენ და აღარ აქვთ სურვილი, რომ კლინიკაში წავიდნენ. აბსურდია, მობილიზებას ვერ ახერხებს სახელმწიფო, რომ დაუძახოს და უთხრას, დაახარისხოს, შენ აქ იყავი, შენ რეანიმაციის ექთანი ხარ… არავინ აკონტროლებს, სისტემა არ არსებობს. კოვიდ-კლინიკაში რომ კვალიფიციური ექთანი მუშაობს, არ უნდა გადიოდეს და სასტუმროში არ უნდა მუშაობდეს. აუცილებელია, რომ მისი რესურსი კლინიკაში ავითვისოთ,” – ამბობს ია გელენიძე. ტრანსპორტირება პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობამ გადაადგილების შეზღუდვა ორჯერ, მარტში და ნოემბერში გამოაცხადა. ამ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობს, რის გამოც ექთნებს სამსახურში წასვლა ზოგჯერ ტაქსით, უმეტესად კი ფეხით უწევთ. მათი ხელფასი ტაქსის ხარჯებს ვერ წვდება. სახელმწიფომ მათ ტრანსპორტირების პრობლემა ვერ მოუგვარა. ექთნების ნაწილი გვიყვება, რომ კლინიკის ავტობუსი ემსახურებათ, მაგრამ სახლში არ აკითხავს. ავტობუსების გაჩერება ხშირად ისე შორს არის, რომ იქამდე მაინც ტაქსის გამოძახება სჭირდებათ. ექთნებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. შიდა ქართლში კლინიკები ექთნებს ტრანსპორტით კი ემსახურებიან, მაგრამ მგზავრობის საფასურს ხელფასიდან აჭრიან. ამის შესახებ ექთანთა გაერთიანების შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელი, ნინო ცხოვრებოვა გვიყვება. “იმ ექთნებს, რომელსაც კლინიკამ გამოუყო ტრანსპორტი, ანაზღაურება დააკლო, იმ მიზერული ხელფასიდან კიდე ჩამოაჭრა. შემიძლია თამამად ვთქვა, ყველა კლინიკა ასე აკეთებს შიდა ქართლში. საშუალოდ, 40-50 ლარი ეჭრება დღის ‘სტაფს’, რომელიც დადის ყოველდღე. ამათ ხელფასი აქვთ საშუალოდ, 180-220 ლარი. ექთანს უწევს ფეხით გაიაროს მანძილი გაჩერებამდე. არის ერთი ცენტრალური ქუჩა, ყველამ იცის, რომ იქ უნდა მივიდეს და დადგეს კონკრეტულ სუპერმარკეტთან.” ცხოვრებოვას თქმით, “მარშუტკებში” დაცული არ არის დისტანცია და კოვიდ-განყოფილების ექთნები სხვებთან ერთად მგზავრობენ: “ტრანსპორტი არის 17-კაციანი, მაგრამ ჯდება 24 კაცი. ჩვეულებრივი ყვითელი “მარშუტკაა”. რა მნიშვნელობა აქვს, მე და თქვენ თუ ვმუშაობთ კოვიდში და არაკოვდში და ერთად ვმგზავრობთ სახლამდე? დაინფიცირების რისკი იგივეა, რაც ერთად მუშაობისას.” “მარშუტკები” და არაფერი რომ არ არის, კლინიკის დირექტორმა გვითხრა, თქვენი ხარჯებით გინდათ იარეთ, გინდათ არაო. რამდენს უთქვამს, რომ საღორიიდან მოდიოდა ფეხით, “ზაოდიდან” მოდიოდა ფეხით. აგვიანდებოდათ ძალიან, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა უფროსობა. სმენა უნდა მოვიდეს ათის ნახევარზე, მაგრამ მოდიოდნენ ხან თორმეტზე, ხან პირველზე. რაც არ უნდა გააპროტესტო, გეუბნება დირექტორი… გინდა მოხვალთ, გინდა – არა,” – ამბობს ქუთაისის კერძო კლინიკის, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ექთანი. “თავიდან ტაქსით დავდიოდი, მერე დაინიშნა უკვე “მარშუტკა”, მაგრამ მოედანზე უნდა გასულიყავი რომ წაყოლოდი. მე ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, იმ მოედანზეც ტაქსით უნდა წავსულიყავი და მერჩივნა პირდაპირ კლინიკაში მივსულიყავი ტაქსით,” – ანონიმურად გვიყვება ქუთაისში “ჩხობაძის კლინიკის” ექთანი. ეს მრავალპროფილური კლინიკა, იგივე “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” სახელმწიფოს საკუთრებაშია. წილების 100%-ს ჯანდაცვის სამინისტრო ფლობს. ექთნის დამხმარე ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამბობს, რომ მათ ორი ავტობუსი ემსახურებათ. ერთი გლდანის, მეორე კი ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობს. დიდი მანძილის გამო, გზაში საათნახევარი არიან და დილით მორიგეობას უკვე დაღლილები იწყებენ. “8-დან 10-ის ნახევრამდე გვიწევს გზაში ყოფნა. მე მივდივარ ვარკეთილის მეტროსთან და იქიდან მოვყვები. ვარკეთილშივე ვცხოვრობ, მაგრამ ტაქსი მჭირდება რომ მივიდე იქამდე. საფასურს მე ვიხდი, 5 ლარამდე მიჯდება მგზავრობა წინ და უკან. ნუ, მძღოლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომ მოგაკითხოს სახლამდე. ვაპროტესტებთ, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მოგვარება. ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ შეეცდება დაელაპარაკოს მძღოლებს და დაარწმუნოს, სახლამდე მოგვაკითხოს.” ექთნების იზოლირება მორიგეობის შემდეგ აპრილში ექთანთა საერთაშორისო საბჭოს (icn), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (who), ასევე ჩინეთის, იტალიის, კორეის, ტაივანის და შვეიცარიის ექთნებმა, ერთობლივად შეიმუშავეს 10 რეკომენდაცია. მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სხვა ქვეყნებს ურჩიეს, რომ ამის გათვალისწინება ექთანთა უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი. “სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს covid 19-ით ინფიცირებულთათვის განკუთვნილ კლინიკებში, არ უნდა გადაადგილდებოდეს საზოგადოებაში და უნდა მოხდეს მათი თვითიზოლაცია (პერსონალისათვის განკუთვნილ სასტუმროებში 14 დღე, რათა არ გაიპაროს რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევები),” – ვკითხულობთ რეკომენდაციაში. საქართველოში კი ინფიცირებულ პაციენტებთან რამდენიმედღიანი მორიგეობის შემდეგ, ექთნებს ღამის გათევა სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად უწევთ. სხვა ალტერნატივას ჯანდაცვის სისტემა არ სთავაზობთ. კლინიკები კი ზოგჯერ ადგილზე დარჩენას და სხვენში ღამის გათევას ურჩევენ. “კლინიკა მეუბნება, რომ იცი რა? ჩვენ გვაქვს ზევით სხვენი და თუ გინდათ მოიწყვეთ იქ. სად მოვიწყო, სად ვიბანაო, საპირფარეშოში სად შევიდე და სად დავიძინო? ამ სიცივეში სხვენში რატომ უნდა ვიყო? სამი დღე-ღამე ვიმორიგევე და კლინიკა ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ექთანი სადღაც იზოლირებული იყოს. ამას გეუბნებით პირველი პანდემიის დროს, როცა ქვეყანაში ასეთი კატასტროფა არ ხდებოდა, ახლა მესმის, რაღაცები შეიცვალა,”- გვითხრა “ინგოროყვას კლინიკის” ერთ-ერთმა ექთანმა. “ინგოროყვას კლინიკა” ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაშია. მის წილებს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფლობს. “ჩვეულებრივ, ოჯახის წევრებთან ვაგრძელებ ურთიერთობას. შემოთავაზება კლინიკის მხრიდან, რომ ვთქვათ, ვისაც არ გაქვთ საშუალება იყოთ იზოლირებული, ჩვენ შემოგთავაზებთ კონკრეტულ საცხოვრებელს… არ ყოფილა,” – გვეუბნება ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექთნის დამხმარე. “მე თვითონ მაქვს დიდი სახლი, აბაზანაც ცალკე მქონდა და ტუალეტიც. მე თვითონ გადავწყვიტე ცალკე ვყოფილიყავი, თორემ ეს კლინიკის რეკომენდაცია არ იყო და არც არაფერში დაგვხმარებია. ეპიდემიოლოგები კი გვეუბნებოდნენ, მოერიდეთ ოჯახის წევრებსო, მაგრამ ვისაც არ აქვს საშუალება, რას იზამდნენ? ზოგი კლინიკაში რჩებოდა რამდენიმე დღე, ვერ ვიტყვი რომ იქ კარგი პირობები იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩვეულებრივ მიდიოდნენ სახლში და მოდიოდნენ,”- ამბობს კერძო დაწესებულების, “ბოჭორიშვილის კლინიკის” ერთ-ერთი ექთანი. ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ია გელენიძე გვიყვება, როგორია ექთნების იზოლირების საერთაშორისო პრაქტიკა. მაგალითად, ჩინეთში, იაპონიასა და კანადაში ექთნები მორიგეობის შემდეგ, 14 დღე მიჰყავთ სასტუმროში, სადაც ყოველდღიურად აქვთ ინსტრუქტაჟი. ეს იმიტომ, რომ ჩვევა განუვითარდეთ და რაც შეიძლება სწრაფად ჩაიცვან ეკიპირება. “მოდუნების საშუალებას არ აძლევენ, გგონიათ პერსონალი იქ რომ მიდის ისვენებს? არა, მეორე დღესვე ეწყებათ ტრენინგი. ღია სივრცეში დგას მაგიდები, გაწყობილია პერსონალური დაცვის საშუალებები, ყველა ვალდებულია გამოვიდეს და ჩაიცვას. დგანან და აკვირდებიან, აბა, ერთ წუთში როგორ ჩაიცვა ეკიპირება და როგორ გაიხადა. რომ ჩაირთვება გონგი, თუ ვერ მოასწარი, შანსი არ გაქვს, უნდა მიუბრუნდე და თავიდან ჩაიცვა,” – ამბობს ია გელენიძე. ექთნების გადამზადება საგანგებო სიტუაციისთვის ქვეყანაში პანდემიის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფომ სამედიცინო პერსონალის გადამზადებისთვის 134,600 ლარი გამოყო. ექთნები ამ აუდიტორიაში არ მოხვდნენ. ამ თანხით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისა და ოჯახის ექიმებისთვის სამი ტრენინგი ჩაატარა. “NCDC-ის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარდა ტრენინგი პერსონალისთვის, მაგრამ ეს არ იყო გამიჯნული, ექთნისთვის, იმისთვის, ამისთვის, მაგრამ ექთანი არის მეტ შეხებაში პაციენტთან. ექიმები ხშირად მინებთან არიან, როცა არ არის საჭიროება რომ შევიდნენ პაციენტთან, ექთანი კი სულ საწოლთან არის. შესაბამისად, მისი ტრენინგი აბსოლუტურად სხვა რამეა,” – ამბობს ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი ია გელენიძე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოქტომბრის თვის ანგარიშის მიხედვით, კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკის და ინფექციის კონტროლის საკითხებში სულ 244 დაწესებულების 2,500-მდე ექიმი, ოჯახის ექიმების 90% და სოფლის ექიმების 75% მომზადდა. არაფერია ნათქვამი ექთნების გადამზადებაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექთნები პანდემიასთან ბრძოლაში, მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისა და პრაქტიკაში მიღებული ცოდნის ამარა დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ უცნობ ვირუსთან აქვთ შეხება, სახელმწიფოს მათი თეორიული და პრაქტიკული მომზადებისთვის არაფერი გაუკეთებია. ექთნებს არ ჰქონიათ არც ეკიპირების ჩაცმის ინსტრუქტაჟი. ამაზე, ერთეულ შემთხვევებში, კლინიკების მენეჯმენტმა თავად იზრუნა. ამ სტატიაზე მუშაობისას 30-მდე ექთანს დავუკავშირდით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მათ ჩვენთან საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდოდათ, თუ ვინაობას საჯაროდ არ დავასახელებდით. ჩვენ პირობას ვიცავთ და სტატიაში მათი სახელები გამოყენებული არაა. “ჰელსიკორის” ექთანი სალომე კვარაცხელია გვიყვება, რომ როცა კლინიკის ე.წ კოვიდ-მიმღებად გადაკეთებას აპირებდნენ, ჩაუტარეს მხოლოდ ერთი, ორსაათიანი ტრენინგი, სადაც ხელის დაბანის წესების გარდა არაფერი ასწავლეს. ეკიპირების ჩაცმა კი ვიდეოგაკვეთილით აუხსნეს. “ხეჩინაშვილშიც და ჰელსიკორშიც გავიარე იდენტური ტრენინგები. ტრენინგებს ეძახიან როგორ უნდა დაიბანო ხელი, რომელიც, ექთანი რომ ხარ, ისედაც გადასარევად იცი. ეს ჩვეულებრივი ჰიგიენაა და არ არის აუცილებელი, ვიღაცამ გასწავლოს. გვასწავლეს ჩაცმა, კომბინეზონების არა, ჩვეულებრივი ხალათების. კომბინეზონებზე საერთოდ არ გაგვივლია ტრენინგი. ნუ ვიდეოებს ვნახულობდით, მაგრამ მაგ ვიდეოებს სახლშიც ვნახავ, ხომ? რაც შეეხება კოვიდპაციენტებთან მუშაობას, სპეციფიკურად მაგას რაც ეხება, არ გაგვივლია.” ანალოგიური გამოცდილება აქვს ექთანს თერჯოლის კერძო კლინიკა “იმერმედიდან”. მისი თქმით, ორდღიანი ტრენინგი ადგილზე გაატარეს, ეკიპირების გამოყენება კი ვიდეორგოლით აჩვენეს. მსგავსი ამბავი მოვისმინეთ კერძო სამედიცინო დაწესებულებების, თბილისის ცენტრალური ჰოსპიტალისა (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს) და სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკების ექთნებისგანაც. როცა ხეჩინაშვილის კლინიკის კოვიდ-ცენტრად გადაკეთება გადაწყდა, რამდენიმე ექთანი სამსახურიდან წავიდა. ერთ-ერთი ანონიმურად გვიყვება, რომ ექთნებისთვის ტრენინგების ჩატარებას არავინ აპირებდა, ინფიცირებულებთან მოუმზადებლად მუშაობა კი არ უნდოდათ და ამიტომ წამოვიდნენ. “დამკვირვებელი უნდა ჰყავდეს ამ პროცესს, როცა იცვამ, როცა იხდი, გიყურებს, სწორად გააკეთე თუ არა, რომ თუ რამე, მიგითითოს. ამის კონტროლი არსად გამიგია. სტუდენტები რომ მიდიან, “ჩაცმა-გახდის” ერთსაათიან ან ნახევარსაათიან ტრენინგს აჩვენებენ და მერე ეგრევე შედიან. ყველა, ვისაც ვიცნობ, მუშაობის რაღაც ეტაპზე დაინფიცირდა. მსუბუქად იყვნენ, მაგრამ დაინფიცირდნენ მუშაობის დროს,”- ამბობს ექთანი სალომე კვარაცხელია, რომელიც ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობდა. “ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სამედიცინო დაწესებულებაში გამოყენებული უსაფრთხოების ელემენტია, რომლის ეფექტურობა დამოკიდებულია ცალკეული ინდივიდების მიერ პრინციპების სწორ და თანამიმდევრულ დაცვაზე,” – წერია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაში. ბუნებრივია, რეკომენდაცია ვერ შესრულდებოდა, რადგან ექთნებს ეს “სისწორე” და “თანმიმდევრობა” არავინ აუხსნა. უმრავლესობამ “ჩაცმა-გახდის” წესები თავისით, პრაქტიკაში ისწავლა. არ არსებობს არც მეთვალყურე, რომელიც დააკვირდება, როგორ არიან აღჭურვილები ინფიცირებულთა პალატაში შესვლამდე. ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, უკონტროლო გარემომ ისედაც მწირი რესურსის კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია. ია გელენიძის აზრით, უნდა არსებობდეს მონაცემთა ბაზა, სადაც ასახული იქნება როგორ შესრულდა რეკომენდაციები, რა იყო ხარვეზები, რისი გამოსწორება გვჭირდება. ამ ეტაპზე ამის ანალიზი არ ხდება: “ჩინეთში, იტალიაში, სადაც ყველაზე მეტი სირთულე იყო, კლინიკებში შედიოდნენ მობილური ჯგუფები. ვიღაც მაკვირდება როგორ ვიცვამ, როგორ ვმუშაობ და მეუბნება, რომ ასე არ გავაკეთო. თუ ვარღვევ, მაგალითად, დაცვის საშუალებების, აღჭურვილობის ჩაცმის წესს, თანმიმდევრობას, ან ზედმეტს ვიყენებ, ან ნაკლებად ვიცვლი. ყველა შემთხვევაში, ეს იწვევს კოლაფსს. სახარჯი მასალების არარაციონალურ გამოყენებას. ვინმე აკონტროლებს ამას? ვერ აკონტროლებს. დღეს ჩვენ გავდივართ ომის შესაბამის მდგომარეობას და მონაცემები არ გვაქვს, ხარვეზები არ გვაქვს, რასაც შეიძლება რომ გავუკეთოთ ანალიზი და შემდეგ ვიქნებით მზად ასეთი დიდი გამოწვევისთვის.” ნინო სვანიძე, ექთანთა გაერთიანების განათლება-აკრედიტაციის პროგრამის ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ ტრენინგები თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს უნდა მოიცავდეს. ჩვენმა ექთნება კი უმეტესად თეორიული ნაწილი გაიარეს. “ექთნებმა მოისმინეს მხოლოდ თეორიული ნაწილი. პრაქტიკული ნაწილი უშუალოდ ადგილზე უნდა მოხდეს, ან სიმულაციურ დარბაზში, რომელიც აღჭურვილი იქნება როგორც ერთჯერადი სატრენინგო მასალით, ასევე სიმულატორებით. რაც შეეხება შემდეგ, პრაქტიკაში სწორად აღქმას, უნდა გყავდეს ვინმე სუპერვაიზერი, რომელიც უშუალოდ საქმეში, პროცესში დაგაკვირდება თუ რამდენად სწორად აკეთებ ამას. ვფიქრობ, პრაქტიკული ნაწილი რომ სწორად განეხორციელებინათ, კარგი იქნებოდა,” – ამბობს სვანიძე. რეკომენდაციების სწორი შესრულების კონტროლი და საკარანტინო ზონებში მობილური საკოორდინაციო ჯგუფების მომზადება იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო სპეციალისტებმა ექთნების უსაფრთხოებისთვის შეიმუშავეს. ექთანთა გაერთიანებამ ეს დოკუმენტი სამინისტროს მეილით გაუგზავნა, მათ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე არაფერი უთქვამთ, მხოლოდ ის უპასუხეს, საჭიროების შემთხვევაში, დაგიკავშირდებითო. “გაგზავნილი გვაქვს შეტყობინება, რომ მოგესალმებით, ჩვენმა ორგანიზაციამ იმუშავა, მივიღეთ გამოცდილება საერთაშორისო მეგობრებისგან და შევიმუშავეთ 10 რეკომენდაცია, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ ომში და მივიღოთ დავალებები თქვენგან. პასუხი იყო – ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, დაგიკავშირდებით როგორც კი ამის საჭიროება დადგება,”- გვიყვება ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი ია გელენიძე. ჯანდაცვის სამინისტროს რამდენჯერმე ჩვენც მივმართეთ კითხვებით, პასუხები დღემდე ვერ მივიღეთ. ექთნების უსაფრთხოებაზე ზრუნვა კლინიკებში სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებისთვის, როგორც წესი, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოიყენება. ესენია, ხელთათმანი, ხალათი, ნიღაბი, რესპირატორი, თვალის დაცვის საშუალებები, ქუდი/ ჩაჩი და ფეხსაცმელი. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო განსაზღვრავს, ვინ, როდის და როგორ უნდა იყენებდეს მათ. რეკომენდაციების მიხედვით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე წვდომა უნდა ჰქონდეთ ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულების პერსონალს, ლაბორატორიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, სამრეცხაოს და სასტერილიზაციოს მუშაკებს. სინამდვილეში კი, ხშირად ეს სპეციალური ტანსაცმელი ექთნებსაც არ ჰქონდათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ივლისის ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსით სულ 110 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, მათგან 62 ექთანი იყო, 31 ექიმი, 16 უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ერთი ეპიდემიოლოგი. “თავს დაცულად არ ვგრძნობდით, მაგრამ არ იყო საშუალება. როცა გამოვთქვი პროტესტი, სანამ ეკიპირების ფორმას არ მომცემთ, პალატაში არ შევალ-მეთქი და დავდექი 10 წუთი. ამ დროს ისე ცუდად გახდა კაცი, ხელთათმანებიც აღარ გამიკეთებია მგონი, ისე შევვარდი რომ მომებრუნებინა. უკვე მაგაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, რომ არ შევალ და არ ვიზამ,” – ამბობს ექთანი ქუთაისის ჩხობაძის კლინიკიდან, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. ამ ექთანსაც ანონიმურობას დავპირდით, სხვაგვარად საუბარი არ უნდოდა. მან მოგვიყვა, როგორ დაინფიცირდა კოვიდით თავისი მოვალეობის შესრულების დროს: “გადაგვაყვანინეს პაციენტი, რომელზეც გვითხრეს, რომ ტესტი უარყოფითი იყო. არ ჩავიცვით C დონის ფორმა, იგივე სკაფანდრები. გადავიყვანეთ ჩვეულებრივი ფორმით – ხელთათმანით და ნიღბით და დავავადდით. მეც დავინფიცირდი, ექიმიც და მძღოლიც. 16 დღე ვიწექი კლინიკაში, 9 დღე-ღამე 39.5 მქონდა ტემპერატურა. ჩემზე მძიმედ ექიმი იყო, აპარატზე ჰყავდათ.” ექთანი ამბობს, რომ მათი დაინფიცირების შემდეგ, ყურადღება არავის გამოუჩენია. კლინიკის ხელმძღვანელობას მათთვის ბოდიშიც კი არ მოუხდია. შემდეგ იურისტს ესაუბრნენ და უნდოდათ ეჩივლათ, მაგრამ მისგან ასეთი რჩევა მიიღეს: “ახლა ბევრი შეცდომა ხდება სამედიცინო სფეროში, გამწვავებად არ ღირს, შეიძლება, აქეთ დაგადანაშაულონ კიდევო.” ჩხობაძის სახელმწიფო კლინიკაში სახარბიელო მდგომარეობა არც ამ შეცდომამდე იყო. ექთანი ამბობს, რომ აქ კოვიდ ცენტრის გახსნა საერთოდ არ შეიძლებოდა, რადგან პაციენტების იზოლირება შეუძლებელია, საპირფარეშოები ცალკე არ აქვთ, ამიტომ დერეფანში თავისუფლად დადიან და არავინ აკონტროლებს. კლინიკაში იყო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების პრობლემაც. “რაც გვაქვს, იმით ვმუშაობთ, ფაქტობრივად, საველე პირობებში. მაგალითად, 4 წყვილი ხელთათმანი უნდა გეყოს დილამდე, ერთი ერთჯერადი ხალათი უნდა გეყოს დილამდე, ერთი ნიღაბი უნდა გეყოს დილამდე. ზოგიერთებმა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზეც დარეკეს, მოგვეშველეთ, ასე ვართ, მოგვაწოდეთო და იქედან ეუბნებოდნენ, არ არის საშუალება მეტი, რაც გვაქვს დაკმაყოფილდით და იხმარეთ ისო.” პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი მე-8) დასაქმებული ექთნები ანონიმურად გვიყვებიან, რომ საკმარისი ეკიპირება არ აქვთ და რაც აქვთ, ისეთი უხარისხოა, ვირუსისგან დასაცავად მაინც ვერ გამოდგება. არადა, ერთ ექთანს დღე-ღამეში 30 პაციენტის მოვლა უწევს. “დატოვებული იყო 2 ან 3 კომბინეზონი 24 საათის განმავლობაში. კომბინეზონს რომ ჩაიცვამ და შეხვალ ერთ პაციენტთან, რომ გამოხვალ, უნდა გაიხადო, მაგრამ ამის რესურსი არ იყო ჩვენს კლინიკაში, საუბედუროდ. ნიღაბიც, გვქონდა სამშრიანი, ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი, რომელიც 2 საათი უნდა ეკეთოს ექთანს, მაგრამ 24 საათის განმავლობაში უწევდა. ასე, თვლით გვაძლევდნენ, რამდენი ადამიანიც ვიყავით, იმდენ ცალს. ხელთათმანს გვაძლევდნენ ერთ ყუთს და უნდა გვყოფნოდა 24 საათის განმავლობაში. ყუთში არის 50 წყვილი, ანუ 25-ჯერ რომ ჩაიცვა, თითო პაციენტთან კი თითო პროცედურაზე მჭირდება ერთი წყვილი. ერთ პაციენტთან ანალიზი უნდა ამეღო, 24 საათში 3-ჯერ ანტიბიოტიკი გამეკეთებინა, წნევა გამეზომა, კარდიოგრამა გადამეღო და ძალიან ბევრჯერ მიწევდა შესვლა. ხელთათმანი რომ არ იყო საკმარისი, ადმინისტრაცია გვეუბნებოდა, სანიტარული ხელთათმანები გამოიყენეთო. წითლები რომ არის, მაღალყელიანი, მაგარი რეზინის. სანიტრებს ვაცმევთ ამას, ნაგვის გატანისას და შავი სამუშაოს შესრულებისთვის გამოიყენება,” – ამბობს საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანი. არც მას უნდა მისი ვინაობის გასაჯაროება. საუნივერსიტეტო კლინიკის ორი ექთანი გვიყვება, რომ ხარისხიანი, საიმედო კობინეზონები კლინიკას მხოლოდ 4 დღით ჰქონდა, შემდეგ კი უხარისხო, პოლიეთილენის აღჭურვილობით შეუცვალეს. მასში სუნთქვა უძნელდებოდათ, ამიტომ “საჰაეროებისთვის” ჭრილებს უკეთებდნენ და ასე შედიოდნენ ინფიცირებულებთან. იციან, რომ ეს უსაფრთხო არ იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. “წარმოუდგენელია, მთლიანი სხეული რომ პოლიეთილენით შეიფუთოთ, რამდენ ხანს შეიძლება გაძლოთ? იძულებულები ვიყავით, პერიოდულად გაგვეხადა. 24 საათში რამდენიმეჯერ ფორმებს ფანჯრებთან ვაშრობდით, რადგან გაოფლიანებას იწვევდა. არსებობს უფრო კარგი ხარისხებიც, მაგრამ ჩვენთან იყო კატასტროფა. ზურგთან ამოვჭრიდით, რომ საჰაერო გვქონოდა, ამასაც 24 საათი ვერ ვინარჩუნებდით. მერე ვიხდიდით და ვიყავით ხალათებით. არის წყალგაუმტარი ხალათიც, რომელიც უფრო საიმედოა და არის ხალათი, რომ მარლაც მასზე სქელია, ის შხეფსაც ვერ შეაკავებს და არანაირად არ ხარ დაცული მასში. იძულებულები ვიყავით ეს ხალათები ჩაგვეცვა.” იმის გამო, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არ ჰყოფნიდათ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სამედიცინო პერსონალის 90 პროცენტი დაინფიცირდა. “ყველა დიანფიცირდა, მე რა სასწაულს გადავურჩი, არ ვიცი. ერთი ექთანი რეანიმაციაში მოხვდა, დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია. კლინიკაში დაინფიცირდა მშობიარესგან, რომელიც კოვიდიანი იყო. რომ გადაიტანეს ეს კოვიდი, დიდად აღარც ნერვიულობენ “ჩაცმა-დახურვზე.” ზოგიერთი უნიღბოდ დადის პაციენტებთან და ძალიან ქაოსური სიტუაციაა.” როგორც ჩანს, ეკიპირება საკმარისი არ არის არც ლაბორატორიებში. კერძო ლაბორატორია “მედი პრაიმის” ექთანი გვიყვება, რომ დღეში 150 პაციენტთან ჰქონდა შეხება, საკმარისი ხელთათმანის და ნიღბის მისაღებად კი ყოველდღიურად ჩხუბი უწევდა: “ჯერ ერთი, უნდა იყოს კომბინეზონები, რომლებიც სხვა კლინიკებში მქონდა და მანდ არა. ხელთათმანი არ იყო ის რაოდენობა, რომელიც მჭირდებოდა, ხელთათმანი ექთნებს უნდა ეცვათ 2 და არა 1, როცა კოვიდ ინფიცირებულთან შედიხარ. პაციენტს რომ მიიღებ, აუცილებლად უნდა გამოიცვალო და ხელახალი ჩაიცვა. მანდ ხელშეწყობა და მასალის საკმარისი რაოდენობა არასოდეს ყოფილა. თუ მოვიპოვებდი, ძალით, ჩხუბით, რა ვიცი. სხვებიც აპროტესტებდნენ და პასუხი იყო, აი მოდის, გზაშია, მოვა ახლა.“ თავს დაცულად არ გრძნობენ არც სანიტრები. მათ ინფიცირებულთა პალატაში მუშაობა სტერილური ხალათების გარეშე უწევთ. სანიტარი თელავის ცენტრალური (რაიონული) საავადმყოფოდან, რომელიც კერძო კლინიკაა, გვიყვება, რომ მათთან პრობლემა სპეციალური სამოსის ხარისხია და არა რაოდენობა. “ხალათის “ეკიპიროვკები” ბევრია, მაგრამ, აი, რომ გითხრა, მართლა არ ღირს იმ ხალათის ჩაცმა, ერთჯერადი და ძალიან სიფრიფანებია, სალფეთქის ქაღალდისგან არის შეკერილი. კი ვუთხარით კლინიკას, მაგრამ არ არის რესურსი საკმარისი და ვერ მოაქვთ. თვითონ ჯანდაცვის სამინისტრო რასაც გამოყოფს, ის არ არის საკმარისი.” სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის გაიდლაინის მიხედვით, არსებობს პერსონალური ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას ხელი შეუშალოს. ესენია, მაგალითად, გამოცდილების, ტრენინგების ნაკლებობა, სტრესი და დაღლილობა. ამაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტებიც. საექთნო დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხო გარემოს არარსებობა სისტემის გაუმართაობის ბრალია. კლინიკების მოუმზადებლობის, ქაოსის, მწირი რესურსის და გადატვირთული გრაფიკების გამო ექთნები გადაიღალნენ და შეცდომებსაც უშვებენ. “იმან რომ არ ვიყავით მომზადებული ასეთი მასშტაბური პანდემიის განვითარებისთვის, გამოიწვია რამდენიმე ასეული მედპერსონალის დაინფიცირება. გადაღლილობა, დაუდევრობა და კიდევ ბევრი ფაქტორი იწვევს დასნებოვნებას, იმიტომ რომ ადამიანები ვართ და მორიგეობას მორიგეობაზე რომ გადააბამ ხო? აქ არ არის უბრალოდ ღამისთევაზე საუბარი, აქ არის გადატვირთული გრაფიკით მუშაობაზე,” – ამბობს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ირაკლი ამირანაშვილი. “დაინფიცირების რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა, ამან შეამცირა ექთნების რაოდენობა. რაც უფრო მცირდება რესურსი, მით მეტია დარღვევების სიხშირე, მაქსიმალურ ხარისხს ვერ იცავ და ინფიცირების რისკიც იზრდება. იმ სამუშაოს, რაც სამმა ექთანმა უნდა შეასრულოს, ერთი ექთანი ასრულებს და ვერ ხდება წესების სრული დაცვა,”- გვითხრა ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემ. ექთნების ანაზღაურება ექთნების დამსახურებებზე მთავრობის წევრები ბევრს საუბრობდნენ, თუმცა ეს მადლიერება მათი შრომის ანაზღაურებაში არ გამოიხატა. პანდემიისას, ექთნების ხელფასები ყველა კლინიკაში არ გაზრდილა, ან თუ გაიზარდა, მცირედით. ისიც, მხოლოდ ექთნების პროტესტის და მუქარის შემდეგ, რომ სამსახურიდან წავიდოდნენ. პანდემიის გამო, ექთნები გადატვირთული გრაფიკით მუშაობენ უკვე მე-11 თვეა. სახელმწიფოს მათ ხელფასებზე ზრუნვა კი მხოლოდ პანდემიის მეორე ტალღისას, შემოდგომაზე გაახსენდა. 29 ოქტომბრის დადგენილებით, ექთნებს დამატებით, კუთვნილი ანაზღაურების 50 პროცენტს დაჰპირდნენ, თუმცა მხოლოდ ორი თვით. “ეს დანამატი აისახება ნოემბრის ხელფასებში უკვე, ანუ ნოემბერი და დეკემბერი უნდა აიღონ ამ რეჟიმით,”- თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის სამინისტრო დანამატებისთვის თანხას ჯერ კლინიკებს ურიცხავს და შემდეგ ისინი ანაწილებენ თანამშრომლებზე. კლინიკა თავად განსაზღვრავს ექთნებზე დანამატის გაცემის თარიღსაც. კლინიკების ადმინისტრაციის თქმით, როგორც წესი, ბონუსებს ხელფასების აღების დღეს რიცხავენ. ამიტომ, ზოგმა ექთანმა ხელფასის 50 პროცენტიანი დანამატი ახალ წლამდე უკვე მიიღო, ზოგი კი იანვარში ელის. “ყველა კლინიკა, რომელიც კოვიდ-პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებულია ამ კუთხით მთავრობიდან გადმორიცხული თანხები მიზნობრივად მიიტანოს ექიმებამდე და ექთნებამდე. ჩემთან ხელფასების გაცემის ვადა არის ყოველი თვის 5 რიცხვში და 5 რიცხვში ამ დანამატებს მიიღებენ,” – გვითხრა დასავლეთის რეგიონალური ცენტრის დირექტორმა, გია გრძელიძემ. “ახლა აიღებენ ნოემბრის ხელფასს, დაგვიანება არის დაახლოებით ერთთვიანი. როცა აიღებენ ნოემბრის ხელფასს, უკვე გაზრდილი იქნება და ამ მხრივ პრობლემა არ იქნება,” – გვითხრა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, გიორგი ლობჟანიძემ. ექთნებს 50 პროცენტიანი დანამატები ჯერ არ აუღიათ იმ კლინიკებში, რომლებიც კოვიდ-მიმღები ბოლო ორ თვეში გახდნენ. ასეთია, მაგალითად, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა. იმისთვის, რომ სამინისტრომ კლინიკებს ექთნების ბონუსებისთვის თანხა ჩაურიცხოს, ჯერ კლინიკისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. როგორც “ხეჩინაშვილის” ფინანსური დირექტორი ნინო შაუთიძე გვიხსნის, მათ სამინისტროს ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდეს, შესაბამისად, თანხის ჩარიცხვა ვეღარ მოესწრო. ისინი ვარაუდობენ, რომ ბონუსების გაცემას იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ: “ჩვენმა მენეჯერებმა ცოტა გვიან წაიღეს შესრულება, მერე ჯანდაცვა დაამუშავებს და ჩაგვირიცხავს. ის რაც იმუშავეს, მე გასტუმრებული მაქვს. 1,680 დაერიცხათ (ორკვირიანი მორიგეობის) და პლუს, როცა ჯანდაცვა ჩარიცხავს, ექნებათ დანამატი.” ჩვენ საჯარო და კერძო კლინიკების ექთნებს დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში ვესაუბრეთ. მათი უმრავლესობა პანდემიისას იგივე ხელფასს იღებდა, რასაც მანამდე. სახელმწიფოსგან 50 პროცენტიან დანამატებს ეტაპობრივად კი აიღებენ. თუმცა, ეს მხოლოდ ორთვიანი წახალისებაა. “ბოჭორიშვილის კლინიკაში”, რომელიც კერძო სამედიცინო დაწესებულებაა, ექთნებმა გვითხრეს, რომ დატვირთული სამუშაო დღის მიუხედავად, 10 თვის განმავლობაში იგივე თანხა ერიცხებოდათ, რაც მანამდე. აქ ექთნის ანაზღაურება თვეში, საშუალოდ, 500 ლარია და ასე იყო პანდემიამდეც. ამას კლინიკის რამდენიმე ექთანი გვიდასტურებს, თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვეს. “ანაზღაურება იგივე გვაქვს, რაც მანამდე გვქონდა, არაფერი მომატებულა. 3.20 არის საათში, 8 მორიგეობის შემთხვევაში, თვიურად 500 ლარი გამოდის. კი ვთქვით, მარა არაფერი არის და რა უნდა ვქნათ? გაპროტესტებით, ახლა ქუჩაში არ გამოვსულვართ, ისე ვიკითხეთ – მოგვემატება რამე? და არაფერი, რა ვიცი,”- ანონიმურად გვიყვება კერძო კლინიკის, ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის ექთანი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან უკვე 11 თვეა მუშაობს. “ყოველ მეოთხე დღეს მოვდივარ, თვეში გვიწევს 7-8-ჯერ მორიგეობა. ხელფასიც შესაფერისია, ამწუთას არ ვუჩივი, 500 ლარი გვაქვს. პანდემიამდეც ასე ვიღებდით.” “საათობრივად ვიღებდით 2.80-ს და როცა მოგვიწია კოვიდიანებთან, მაშინ ვიღებდით 3.20-ს, 40 თეთრით მოგვიმატეს. საშუალოდ გამოგვდიოდა 800-მდე. ერთ თვეში ავიღე 1,200, მაგრამ სრულიად არ ღირდა ასეთი მუშაობა, განადგურებული ვიყავი, ფაქტობრივად წამლებში დავხარჯე ის ფული, იმდენად გამომფიტა იქ მუშაობამ. მერე ფსიქოლოგიური პრობლემებიც შემექმნა და ფიზიკურიც. ადმინისტრაცია არ შეგვპირებია ხელფასს მოგიმატებთ უფრო მეტადო. ვიცოდით, რომ სახელმწიფოს პრემიების სახით უნდა დაერიგებინა ჩვენთვის თანხები, მაგრამ არაფერი აბსოლუტურად. ჩვენი სახელი და გვარებიც გადასცეს ყველას, თუკი ვინმესგან შანსი იყო, რომ პრემიები დაერიცხათ, მაგრამ არაფერი. ერთადერთი გალფს ჰქონდა 200-ლარიანი დახმარებები. არც კლინიკას, არც სახელმწიფოს, ზედმეტი არ მოუცია ჩვენთვის,”- ამბობს “ბოჭორიშვილის” კერძო კლინიკის ერთ-ერთი ექთანი, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებთან პანდემიის დასაწყისში მუშაობდა. საბოლოოდ, დაპირებული ბონუსი “ბოჭორიშვილში” 31 დეკემბერს ჩაერიცხათ. დანამატს ელოდებიან იანვარშიც, მაგრამ უცნობია, რა იქნება შემდეგ. “ცენტრალური საავადმყოფოს” (რკინიგზის) ექთნებმა 50 პროცენტიანი დანამატები 29 დეკემბერს აიღეს. კლინიკამ მათ ხელფასები დეკემბრამდეც გაუზარდა, თუმცა იძულებით. ექთნები ხელმძღვანელობას დაემუქრნენ, რომ თუ ანაზღაურებას არ გაუზრდიდნენ, სამსახურიდან წავიდოდნენ. ამის შესახებ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს (რკინიგზის) ერთ-ერთი ექთანი ანონიმურად გვიყვება: “110 ლარიდან 160 ლარამდე აგვიწიეს მორიგეობის ხელფასი. ეგ იმიტომ, რომ ვთქვით, ყველა ექთანი წავიდოდა. ექთნებს ვერ ნახულობენ, არ მუშაობს არავინ. ვისაც გამოცდილება აქვს, ყველა ხვდება, როგორი მუშაობა არის საჭირო და არავის უღირს.” ექთნებს ხელფასები მხოლოდ პროტესტის შემდეგ გაუზარდეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. “პირველ ეტაპზე ხელფასები იყო იგივე – საათში 2 ლარი და 70 თეთრი. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ექთნებში, მთელი ბუნტი იყო და მეორე ეტაპზე უკვე მოუმატეს, ყველას გაუხადეს რეანიმაციის ხელფასი, ანუ საათში 4 ლარი,”- გვითხრა კლინიკის ექთანმა ვინაობის საჯაროდ დასახელების გარეშე. ასე მოხდა აჭარაშიც. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია, ექთნებისთვის ხელფასების მომატებას არ აპირებდა. თუმცა, სექტემბერში, კერძო კლინიკა “მედალფამ” ექთნებს მაღალი ანაზღაურება შესთავაზა და “რესპუბლიკურს” კონკურენციის გაწევა გაუჭირდა. მათი ექთნები აღარ მუშაობდნენ იგივე ხელფასზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ. კლინიკას სხვა გზა არ დარჩა და ხელფასები იძულებით გაზარდა. ამის შესახებ “მედალფას” სტაციონარული დეპარტამენტის უფროსი ექთანი, ირმა ხოზრევანიძე გვიყვება. მისი თქმით, ექთნები ელოდნენ, რომ სახელმწიფო მათ შრომას დააფასებდა, თუმცა ასე არ მოხდა და პროტესტს მიმართეს. “განაცხადეს, გაორმაგებული შრომით ვიშრომეთ და გაორმაგებული ხელფასი გვინდაო. ჩვენმა ადმინისტრაციამ გამოიჩინა კეთილი ნება, 6 ლარს ითხოვდნენ და შვიდ-ნახევარზე მოაწერინეს ხელი, 6 ლარი ხელზე რომ აეღოთ. პარალელურად, ექთნების წინააღმდეგობა იყო სახელმწიფო კლინიკებშიც, როცა გაიგეს, რომ “მედალფას” აქვს დიდი ხელფასი, გაიზარდა ექთნების პროტესტიც იქამდე, სანამ არ დადეს შედეგი – 4 ლარი თერაპიას და 6 ლარი რეანიმაციას. ეს თავისით არავის გაუკეთებია, მიხვდნენ, რომ არ შევიდოდა არავინ და პროტესტის შემდეგ დაფიქსირდა მაღალი ხელფასი.” The post ტაშში ჩარჩენილი მთავრობა appeared first on www.ifact.ge.
  4. ავტორები: მანანა ღოღობერიძე, ნანუკა ბრეგაძე და ქეთი მოსიაშვილი ცხრა თვის წინ მსოფლიოში ახალი პანდემია გამოცხადდა. მას შემდეგ ყოველდღე, ექიმები და ექთნები უცნობ ვირუსს ებრძვიან. უცებ ყველა მათ გმირობაზე ალაპარაკდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წელი ექთნების წლად გამოაცხადა. “მადლიერების ტაში” ექთნებს არც საქართველოში აკლდათ. აივნიდან მოქალაქეების აპლოდისმენტების გარდა, მადლიერებას საჯაროდ გამოხატავდნენ პოლიტიკოსებიც. „მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. თქვენი დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ ,” – ამბობდა გიორგი გახარია მარტში. “მინდა, პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს,”- თქვა მაისში, სხდომის დაწყებისას არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტარებს სიმბოლური ტაშისკენ მოუწოდა. “როდესაც არის პანდემია, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს 205 ქვეყანა, წინა ხაზზე მედიცინის ყველა მუშაკია. მათ შორის განსაკუთრებულია როლი ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის,”- ამბობდა ამირან გამყრელიძე აპრილში. საბოლოოდ, ეს “განსაკუთრებული როლი” არ დაუფასდათ. როგორც ჩანს, სახელმწიფომ ექთნებს მხოლოდ ტაში აკმარა, მათთვის შრომის ადამიანური პირობების შექმნაზე კი სათანადოდ არ უზრუნია. ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით, როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ექთნები კოვიდ-ინფიცირებულების პალატაში შესაბამისი ცოდნის, ანაზღაურებისა და ეკიპირების გარეშე. არადა, ექთნები არიან სამედიცინო რგოლის ის ნაწილი, რომელსაც ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვს პაციენტთან. ექთნების უსაფრთხოებაზე ზრუნვა კლინიკებში სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებისთვის, როგორც წესი, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოიყენება. ესენია, ხელთათმანი, ხალათი, ნიღაბი, რესპირატორი, თვალის დაცვის საშუალებები, ქუდი/ ჩაჩი და ფეხსაცმელი. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო განსაზღვრავს, ვინ, როდის და როგორ უნდა იყენებდეს მათ. რეკომენდაციების მიხედვით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე წვდომა უნდა ჰქონდეთ ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულების პერსონალს, ლაბორატორიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, სამრეცხაოს და სასტერილიზაციოს მუშაკებს. სინამდვილეში კი, ხშირად ეს სპეციალური ტანსაცმელი ექთნებსაც არ ჰქონდათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ივლისის ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსით სულ 110 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, მათგან 62 ექთანი იყო, 31 ექიმი, 16 უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ერთი ეპიდემიოლოგი. “თავს დაცულად არ ვგრძნობდით, მაგრამ არ იყო საშუალება. როცა გამოვთქვი პროტესტი, სანამ ეკიპირების ფორმას არ მომცემთ, პალატაში არ შევალ-მეთქი და დავდექი 10 წუთი. ამ დროს ისე ცუდად გახდა კაცი, ხელთათმანებიც აღარ გამიკეთებია მგონი, ისე შევვარდი რომ მომებრუნებინა. უკვე მაგაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, რომ არ შევალ და არ ვიზამ,” – ამბობს ექთანი ქუთაისის ჩხობაძის კლინიკიდან, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. ამ ექთანსაც ანონიმურობას დავპირდით, სხვაგვარად საუბარი არ უნდოდა. მან მოგვიყვა, როგორ დაინფიცირდა კოვიდით თავისი მოვალეობის შესრულების დროს: “გადაგვაყვანინეს პაციენტი, რომელზეც გვითხრეს, რომ ტესტი უარყოფითი იყო. არ ჩავიცვით C დონის ფორმა, იგივე სკაფანდრები. გადავიყვანეთ ჩვეულებრივი ფორმით – ხელთათმანით და ნიღბით და დავავადდით. მეც დავინფიცირდი, ექიმიც და მძღოლიც. 16 დღე ვიწექი კლინიკაში, 9 დღე-ღამე 39.5 მქონდა ტემპერატურა. ჩემზე მძიმედ ექიმი იყო, აპარატზე ჰყავდათ.” ექთანი ამბობს, რომ მათი დაინფიცირების შემდეგ, ყურადღება არავის გამოუჩენია. კლინიკის ხელმძღვანელობას მათთვის ბოდიშიც კი არ მოუხდია. შემდეგ იურისტს ესაუბრნენ და უნდოდათ ეჩივლათ, მაგრამ მისგან ასეთი რჩევა მიიღეს: “ახლა ბევრი შეცდომა ხდება სამედიცინო სფეროში, გამწვავებად არ ღირს, შეიძლება, აქეთ დაგადანაშაულონ კიდევო.” ჩხობაძის სახელმწიფო კლინიკაში სახარბიელო მდგომარეობა არც ამ შეცდომამდე იყო. ექთანი ამბობს, რომ აქ კოვიდ ცენტრის გახსნა საერთოდ არ შეიძლებოდა, რადგან პაციენტების იზოლირება შეუძლებელია, საპირფარეშოები ცალკე არ აქვთ, ამიტომ დერეფანში თავისუფლად დადიან და არავინ აკონტროლებს. კლინიკაში იყო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების პრობლემაც. “რაც გვაქვს, იმით ვმუშაობთ, ფაქტობრივად, საველე პირობებში. მაგალითად, 4 წყვილი ხელთათმანი უნდა გეყოს დილამდე, ერთი ერთჯერადი ხალათი უნდა გეყოს დილამდე, ერთი ნიღაბი უნდა გეყოს დილამდე. ზოგიერთებმა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზეც დარეკეს, მოგვეშველეთ, ასე ვართ, მოგვაწოდეთო და იქედან ეუბნებოდნენ, არ არის საშუალება მეტი, რაც გვაქვს დაკმაყოფილდით და იხმარეთ ისო.” პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი მე-8) დასაქმებული ექთნები ანონიმურად გვიყვებიან, რომ საკმარისი ეკიპირება არ აქვთ და რაც აქვთ, ისეთი უხარისხოა, ვირუსისგან დასაცავად მაინც ვერ გამოდგება. არადა, ერთ ექთანს დღე-ღამეში 30 პაციენტის მოვლა უწევს. “დატოვებული იყო 2 ან 3 კომბინეზონი 24 საათის განმავლობაში. კომბინეზონს რომ ჩაიცვამ და შეხვალ ერთ პაციენტთან, რომ გამოხვალ, უნდა გაიხადო, მაგრამ ამის რესურსი არ იყო ჩვენს კლინიკაში, საუბედუროდ. ნიღაბიც, გვქონდა სამშრიანი, ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი, რომელიც 2 საათი უნდა ეკეთოს ექთანს, მაგრამ 24 საათის განმავლობაში უწევდა. ასე, თვლით გვაძლევდნენ, რამდენი ადამიანიც ვიყავით, იმდენ ცალს. ხელთათმანს გვაძლევდნენ ერთ ყუთს და უნდა გვყოფნოდა 24 საათის განმავლობაში. ყუთში არის 50 წყვილი, ანუ 25-ჯერ რომ ჩაიცვა, თითო პაციენტთან კი თითო პროცედურაზე მჭირდება ერთი წყვილი. ერთ პაციენტთან ანალიზი უნდა ამეღო, 24 საათში 3-ჯერ ანტიბიოტიკი გამეკეთებინა, წნევა გამეზომა, კარდიოგრამა გადამეღო და ძალიან ბევრჯერ მიწევდა შესვლა. ხელთათმანი რომ არ იყო საკმარისი, ადმინისტრაცია გვეუბნებოდა, სანიტარული ხელთათმანები გამოიყენეთო. წითლები რომ არის, მაღალყელიანი, მაგარი რეზინის. სანიტრებს ვაცმევთ ამას, ნაგვის გატანისას და შავი სამუშაოს შესრულებისთვის გამოიყენება,” – ამბობს საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანი. არც მას უნდა მისი ვინაობის გასაჯაროება. საუნივერსიტეტო კლინიკის ორი ექთანი გვიყვება, რომ ხარისხიანი, საიმედო კობინეზონები კლინიკას მხოლოდ 4 დღით ჰქონდა, შემდეგ კი უხარისხო, პოლიეთილენის აღჭურვილობით შეუცვალეს. მასში სუნთქვა უძნელდებოდათ, ამიტომ “საჰაეროებისთვის” ჭრილებს უკეთებდნენ და ასე შედიოდნენ ინფიცირებულებთან. იციან, რომ ეს უსაფრთხო არ იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. “წარმოუდგენელია, მთლიანი სხეული რომ პოლიეთილენით შეიფუთოთ, რამდენ ხანს შეიძლება გაძლოთ? იძულებულები ვიყავით, პერიოდულად გაგვეხადა. 24 საათში რამდენიმეჯერ ფორმებს ფანჯრებთან ვაშრობდით, რადგან გაოფლიანებას იწვევდა. არსებობს უფრო კარგი ხარისხებიც, მაგრამ ჩვენთან იყო კატასტროფა. ზურგთან ამოვჭრიდით, რომ საჰაერო გვქონოდა, ამასაც 24 საათი ვერ ვინარჩუნებდით. მერე ვიხდიდით და ვიყავით ხალათებით. არის წყალგაუმტარი ხალათიც, რომელიც უფრო საიმედოა და არის ხალათი, რომ მარლაც მასზე სქელია, ის შხეფსაც ვერ შეაკავებს და არანაირად არ ხარ დაცული მასში. იძულებულები ვიყავით ეს ხალათები ჩაგვეცვა.” იმის გამო, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არ ჰყოფნიდათ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სამედიცინო პერსონალის 90 პროცენტი დაინფიცირდა. “ყველა დიანფიცირდა, მე რა სასწაულს გადავურჩი, არ ვიცი. ერთი ექთანი რეანიმაციაში მოხვდა, დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია. კლინიკაში დაინფიცირდა მშობიარესგან, რომელიც კოვიდიანი იყო. რომ გადაიტანეს ეს კოვიდი, დიდად აღარც ნერვიულობენ “ჩაცმა-დახურვზე.” ზოგიერთი უნიღბოდ დადის პაციენტებთან და ძალიან ქაოსური სიტუაციაა.” როგორც ჩანს, ეკიპირება საკმარისი არ არის არც ლაბორატორიებში. კერძო ლაბორატორია “მედი პრაიმის” ექთანი გვიყვება, რომ დღეში 150 პაციენტთან ჰქონდა შეხება, საკმარისი ხელთათმანის და ნიღბის მისაღებად კი ყოველდღიურად ჩხუბი უწევდა: “ჯერ ერთი, უნდა იყოს კომბინეზონები, რომლებიც სხვა კლინიკებში მქონდა და მანდ არა. ხელთათმანი არ იყო ის რაოდენობა, რომელიც მჭირდებოდა, ხელთათმანი ექთნებს უნდა ეცვათ 2 და არა 1, როცა კოვიდ ინფიცირებულთან შედიხარ. პაციენტს რომ მიიღებ, აუცილებლად უნდა გამოიცვალო და ხელახალი ჩაიცვა. მანდ ხელშეწყობა და მასალის საკმარისი რაოდენობა არასოდეს ყოფილა. თუ მოვიპოვებდი, ძალით, ჩხუბით, რა ვიცი. სხვებიც აპროტესტებდნენ და პასუხი იყო, აი მოდის, გზაშია, მოვა ახლა.“ თავს დაცულად არ გრძნობენ არც სანიტრები. მათ ინფიცირებულთა პალატაში მუშაობა სტერილური ხალათების გარეშე უწევთ. სანიტარი თელავის ცენტრალური (რაიონული) საავადმყოფოდან, რომელიც კერძო კლინიკაა, გვიყვება, რომ მათთან პრობლემა სპეციალური სამოსის ხარისხია და არა რაოდენობა. “ხალათის “ეკიპიროვკები” ბევრია, მაგრამ, აი, რომ გითხრა, მართლა არ ღირს იმ ხალათის ჩაცმა, ერთჯერადი და ძალიან სიფრიფანებია, სალფეთქის ქაღალდისგან არის შეკერილი. კი ვუთხარით კლინიკას, მაგრამ არ არის რესურსი საკმარისი და ვერ მოაქვთ. თვითონ ჯანდაცვის სამინისტრო რასაც გამოყოფს, ის არ არის საკმარისი.” სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის გაიდლაინის მიხედვით, არსებობს პერსონალური ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას ხელი შეუშალოს. ესენია, მაგალითად, გამოცდილების, ტრენინგების ნაკლებობა, სტრესი და დაღლილობა. ამაზე საუბრობენ დარგის სპეციალისტებიც. საექთნო დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხო გარემოს არარსებობა სისტემის გაუმართაობის ბრალია. კლინიკების მოუმზადებლობის, ქაოსის, მწირი რესურსის და გადატვირთული გრაფიკების გამო ექთნები გადაიღალნენ და შეცდომებსაც უშვებენ. “იმან რომ არ ვიყავით მომზადებული ასეთი მასშტაბური პანდემიის განვითარებისთვის, გამოიწვია რამდენიმე ასეული მედპერსონალის დაინფიცირება. გადაღლილობა, დაუდევრობა და კიდევ ბევრი ფაქტორი იწვევს დასნებოვნებას, იმიტომ რომ ადამიანები ვართ და მორიგეობას მორიგეობაზე რომ გადააბამ ხო? აქ არ არის უბრალოდ ღამისთევაზე საუბარი, აქ არის გადატვირთული გრაფიკით მუშაობაზე,” – ამბობს მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ირაკლი ამირანაშვილი. “დაინფიცირების რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა, ამან შეამცირა ექთნების რაოდენობა. რაც უფრო მცირდება რესურსი, მით მეტია დარღვევების სიხშირე, მაქსიმალურ ხარისხს ვერ იცავ და ინფიცირების რისკიც იზრდება. იმ სამუშაოს, რაც სამმა ექთანმა უნდა შეასრულოს, ერთი ექთანი ასრულებს და ვერ ხდება წესების სრული დაცვა,”- გვითხრა ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ია გელენიძემ. ექთნების ანაზღაურება ექთნების დამსახურებებზე მთავრობის წევრები ბევრს საუბრობდნენ, თუმცა ეს მადლიერება მათი შრომის ანაზღაურებაში არ გამოიხატა. პანდემიისას, ექთნების ხელფასები ყველა კლინიკაში არ გაზრდილა, ან თუ გაიზარდა, მცირედით. ისიც, მხოლოდ ექთნების პროტესტის და მუქარის შემდეგ, რომ სამსახურიდან წავიდოდნენ. პანდემიის გამო, ექთნები გადატვირთული გრაფიკით მუშაობენ უკვე მე-11 თვეა. სახელმწიფოს მათ ხელფასებზე ზრუნვა კი მხოლოდ პანდემიის მეორე ტალღისას, შემოდგომაზე გაახსენდა. 29 ოქტომბრის დადგენილებით, ექთნებს დამატებით, კუთვნილი ანაზღაურების 50 პროცენტს დაჰპირდნენ, თუმცა მხოლოდ ორი თვით. “ეს დანამატი აისახება ნოემბრის ხელფასებში უკვე, ანუ ნოემბერი და დეკემბერი უნდა აიღონ ამ რეჟიმით,”- თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის სამინისტრო დანამატებისთვის თანხას ჯერ კლინიკებს ურიცხავს და შემდეგ ისინი ანაწილებენ თანამშრომლებზე. კლინიკა თავად განსაზღვრავს ექთნებზე დანამატის გაცემის თარიღსაც. კლინიკების ადმინისტრაციის თქმით, როგორც წესი, ბონუსებს ხელფასების აღების დღეს რიცხავენ. ამიტომ, ზოგმა ექთანმა ხელფასის 50 პროცენტიანი დანამატი ახალ წლამდე უკვე მიიღო, ზოგი კი იანვარში ელის. “ყველა კლინიკა, რომელიც კოვიდ-პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებულია ამ კუთხით მთავრობიდან გადმორიცხული თანხები მიზნობრივად მიიტანოს ექიმებამდე და ექთნებამდე. ჩემთან ხელფასების გაცემის ვადა არის ყოველი თვის 5 რიცხვში და 5 რიცხვში ამ დანამატებს მიიღებენ,” – გვითხრა დასავლეთის რეგიონალური ცენტრის დირექტორმა, გია გრძელიძემ. “ახლა აიღებენ ნოემბრის ხელფასს, დაგვიანება არის დაახლოებით ერთთვიანი. როცა აიღებენ ნოემბრის ხელფასს, უკვე გაზრდილი იქნება და ამ მხრივ პრობლემა არ იქნება,” – გვითხრა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, გიორგი ლობჟანიძემ. ექთნებს 50 პროცენტიანი დანამატები ჯერ არ აუღიათ იმ კლინიკებში, რომლებიც კოვიდ-მიმღები ბოლო ორ თვეში გახდნენ. ასეთია, მაგალითად, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა. იმისთვის, რომ სამინისტრომ კლინიკებს ექთნების ბონუსებისთვის თანხა ჩაურიცხოს, ჯერ კლინიკისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. როგორც “ხეჩინაშვილის” ფინანსური დირექტორი ნინო შაუთიძე გვიხსნის, მათ სამინისტროს ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდეს, შესაბამისად, თანხის ჩარიცხვა ვეღარ მოესწრო. ისინი ვარაუდობენ, რომ ბონუსების გაცემას იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყებენ: “ჩვენმა მენეჯერებმა ცოტა გვიან წაიღეს შესრულება, მერე ჯანდაცვა დაამუშავებს და ჩაგვირიცხავს. ის რაც იმუშავეს, მე გასტუმრებული მაქვს. 1,680 დაერიცხათ (ორკვირიანი მორიგეობის) და პლუს, როცა ჯანდაცვა ჩარიცხავს, ექნებათ დანამატი.” ჩვენ საჯარო და კერძო კლინიკების ექთნებს დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში ვესაუბრეთ. მათი უმრავლესობა პანდემიისას იგივე ხელფასს იღებდა, რასაც მანამდე. სახელმწიფოსგან 50 პროცენტიან დანამატებს ეტაპობრივად კი აიღებენ. თუმცა, ეს მხოლოდ ორთვიანი წახალისებაა. “ბოჭორიშვილის კლინიკაში”, რომელიც კერძო სამედიცინო დაწესებულებაა, ექთნებმა გვითხრეს, რომ დატვირთული სამუშაო დღის მიუხედავად, 10 თვის განმავლობაში იგივე თანხა ერიცხებოდათ, რაც მანამდე. აქ ექთნის ანაზღაურება თვეში, საშუალოდ, 500 ლარია და ასე იყო პანდემიამდეც. ამას კლინიკის რამდენიმე ექთანი გვიდასტურებს, თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვეს. “ანაზღაურება იგივე გვაქვს, რაც მანამდე გვქონდა, არაფერი მომატებულა. 3.20 არის საათში, 8 მორიგეობის შემთხვევაში, თვიურად 500 ლარი გამოდის. კი ვთქვით, მარა არაფერი არის და რა უნდა ვქნათ? გაპროტესტებით, ახლა ქუჩაში არ გამოვსულვართ, ისე ვიკითხეთ – მოგვემატება რამე? და არაფერი, რა ვიცი,”- ანონიმურად გვიყვება კერძო კლინიკის, ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის ექთანი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან უკვე 11 თვეა მუშაობს. “ყოველ მეოთხე დღეს მოვდივარ, თვეში გვიწევს 7-8-ჯერ მორიგეობა. ხელფასიც შესაფერისია, ამწუთას არ ვუჩივი, 500 ლარი გვაქვს. პანდემიამდეც ასე ვიღებდით.” “საათობრივად ვიღებდით 2.80-ს და როცა მოგვიწია კოვიდიანებთან, მაშინ ვიღებდით 3.20-ს, 40 თეთრით მოგვიმატეს. საშუალოდ გამოგვდიოდა 800-მდე. ერთ თვეში ავიღე 1,200, მაგრამ სრულიად არ ღირდა ასეთი მუშაობა, განადგურებული ვიყავი, ფაქტობრივად წამლებში დავხარჯე ის ფული, იმდენად გამომფიტა იქ მუშაობამ. მერე ფსიქოლოგიური პრობლემებიც შემექმნა და ფიზიკურიც. ადმინისტრაცია არ შეგვპირებია ხელფასს მოგიმატებთ უფრო მეტადო. ვიცოდით, რომ სახელმწიფოს პრემიების სახით უნდა დაერიგებინა ჩვენთვის თანხები, მაგრამ არაფერი აბსოლუტურად. ჩვენი სახელი და გვარებიც გადასცეს ყველას, თუკი ვინმესგან შანსი იყო, რომ პრემიები დაერიცხათ, მაგრამ არაფერი. ერთადერთი გალფს ჰქონდა 200-ლარიანი დახმარებები. არც კლინიკას, არც სახელმწიფოს, ზედმეტი არ მოუცია ჩვენთვის,”- ამბობს “ბოჭორიშვილის” კერძო კლინიკის ერთ-ერთი ექთანი, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებთან პანდემიის დასაწყისში მუშაობდა. საბოლოოდ, დაპირებული ბონუსი “ბოჭორიშვილში” 31 დეკემბერს ჩაერიცხათ. დანამატს ელოდებიან იანვარშიც, მაგრამ უცნობია, რა იქნება შემდეგ. “ცენტრალური საავადმყოფოს” (რკინიგზის) ექთნებმა 50 პროცენტიანი დანამატები 29 დეკემბერს აიღეს. კლინიკამ მათ ხელფასები დეკემბრამდეც გაუზარდა, თუმცა იძულებით. ექთნები ხელმძღვანელობას დაემუქრნენ, რომ თუ ანაზღაურებას არ გაუზრდიდნენ, სამსახურიდან წავიდოდნენ. ამის შესახებ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს (რკინიგზის) ერთ-ერთი ექთანი ანონიმურად გვიყვება: “110 ლარიდან 160 ლარამდე აგვიწიეს მორიგეობის ხელფასი. ეგ იმიტომ, რომ ვთქვით, ყველა ექთანი წავიდოდა. ექთნებს ვერ ნახულობენ, არ მუშაობს არავინ. ვისაც გამოცდილება აქვს, ყველა ხვდება, როგორი მუშაობა არის საჭირო და არავის უღირს.” ექთნებს ხელფასები მხოლოდ პროტესტის შემდეგ გაუზარდეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. “პირველ ეტაპზე ხელფასები იყო იგივე – საათში 2 ლარი და 70 თეთრი. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ექთნებში, მთელი ბუნტი იყო და მეორე ეტაპზე უკვე მოუმატეს, ყველას გაუხადეს რეანიმაციის ხელფასი, ანუ საათში 4 ლარი,”- გვითხრა კლინიკის ექთანმა ვინაობის საჯაროდ დასახელების გარეშე. ასე მოხდა აჭარაშიც. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია, ექთნებისთვის ხელფასების მომატებას არ აპირებდა. თუმცა, სექტემბერში, კერძო კლინიკა “მედალფამ” ექთნებს მაღალი ანაზღაურება შესთავაზა და “რესპუბლიკურს” კონკურენციის გაწევა გაუჭირდა. მათი ექთნები აღარ მუშაობდნენ იგივე ხელფასზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ. კლინიკას სხვა გზა არ დარჩა და ხელფასები იძულებით გაზარდა. ამის შესახებ “მედალფას” სტაციონარული დეპარტამენტის უფროსი ექთანი, ირმა ხოზრევანიძე გვიყვება. მისი თქმით, ექთნები ელოდნენ, რომ სახელმწიფო მათ შრომას დააფასებდა, თუმცა ასე არ მოხდა და პროტესტს მიმართეს. “განაცხადეს, გაორმაგებული შრომით ვიშრომეთ და გაორმაგებული ხელფასი გვინდაო. ჩვენმა ადმინისტრაციამ გამოიჩინა კეთილი ნება, 6 ლარს ითხოვდნენ და შვიდ-ნახევარზე მოაწერინეს ხელი, 6 ლარი ხელზე რომ აეღოთ. პარალელურად, ექთნების წინააღმდეგობა იყო სახელმწიფო კლინიკებშიც, როცა გაიგეს, რომ “მედალფას” აქვს დიდი ხელფასი, გაიზარდა ექთნების პროტესტიც იქამდე, სანამ არ დადეს შედეგი – 4 ლარი თერაპიას და 6 ლარი რეანიმაციას. ეს თავისით არავის გაუკეთებია, მიხვდნენ, რომ არ შევიდოდა არავინ და პროტესტის შემდეგ დაფიქსირდა მაღალი ხელფასი.” რა ვერ მოახერხა ჯანდაცვის სისტემამ ხუთი თვის განმავლობაში, პირველ და მეორე ტალღებს შორის? ექთნების გადამზადება საგანგებო სიტუაციისთვის; ექთნების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; შრომის ადეკვატური პირობების შექმნა (ანაზღაურება, ტრანსპორტირება). ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელის, ია გელენიძის თქმით, ყველა პრობლემა იქედან დაიწყო, რომ ექთნები პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის შექმნაში ჩართული არ იყვნენ. სახელმწიფომ ამ დარგის წარმომადგენლებს აზრი არ ჰკითხა, რამაც ექთნები და მათი შრომის პირობები უყურადღებოდ დატოვა. შემდეგ კი ექთანთა შრომის პირობების გაუარესების მიზეზი სისტემის გაუმართაობა გახდა. ჩვენი გამოძიების პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე. The post ტაშში ჩარჩენილი მთავრობა – ნაწილი II appeared first on www.ifact.ge.
  5. ავტორები: მანანა ღოღობერიძე, ნანუკა ბრეგაძე და ქეთი მოსიაშვილი ცხრა თვის წინ მსოფლიოში ახალი პანდემია გამოცხადდა. მას შემდეგ ყოველდღე, ექიმები და ექთნები უცნობ ვირუსს ებრძვიან. უცებ ყველა მათ გმირობაზე ალაპარაკდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წელი ექთნების წლად გამოაცხადა. “მადლიერების ტაში” ექთნებს არც საქართველოში აკლდათ. აივნიდან მოქალაქეების აპლოდისმენტების გარდა, მადლიერებას საჯაროდ გამოხატავდნენ პოლიტიკოსებიც. „მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. თქვენი დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ ,” – ამბობდა გიორგი გახარია მარტში. “მინდა, პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს,”- თქვა მაისში, სხდომის დაწყებისას არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტარებს სიმბოლური ტაშისკენ მოუწოდა. “როდესაც არის პანდემია, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს 205 ქვეყანა, წინა ხაზზე მედიცინის ყველა მუშაკია. მათ შორის განსაკუთრებულია როლი ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის,”- ამბობდა ამირან გამყრელიძე აპრილში. საბოლოოდ, ექთნებს ეს “განსაკუთრებული როლი” არ დაუფასდათ. როგორც ჩანს, სახელმწიფომ მათ მხოლოდ ტაში აკმარა, მათთვის შრომის სათანადო პირობების შექმნაზე კი სათანადოდ არ უზრუნია. ამ სტატიებში ჩვენ მოგიყვებით, როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ექთნები კოვიდინფიცირებულების პალატაში შესაბამისი ცოდნის, ანაზღაურებისა და ეკიპირების გარეშე. არადა, ექთნები არიან სამედიცინო რგოლის ის ნაწილი, რომელსაც ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვს პაციენტთან. რა ვერ მოახერხა ჯანდაცვის სისტემამ ხუთი თვის განმავლობაში, პირველ და მეორე ტალღებს შორის? ექთნების გადამზადება საგანგებო სიტუაციისთვის; ექთნების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; შრომის ადეკვატური პირობების შექმნა (ანაზღაურება, ტრანსპორტირება). ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელის, ია გელენიძის თქმით, ყველა პრობლემა იქედან დაიწყო, რომ ექთნები პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის შექმნაში ჩართული არ იყვნენ. სახელმწიფომ ამ დარგის წარმომადგენლებს აზრი არ ჰკითხა, რამაც ექთნები და მათი შრომის პირობები უყურადღებოდ დატოვა. შემდეგ კი ექთანთა შრომის პირობების გაუარესების მიზეზი სისტემის გაუმართაობა გახდა. გელენიძის თქმით, ისედაც მწირი რესურსი არასწორად გადანაწილდა, სახელმწიფომ ექთნების “სასტუმროებში გადინება” ვერ დაარეგულირა. “სასტუმროში არიან გასული, სამუშაო და დატვირთვა იქ ნაკლები აქვთ, თანხას კი იგივეს იღებენ და აღარ აქვთ სურვილი, რომ კლინიკაში წავიდნენ. აბსურდია, მობილიზებას ვერ ახერხებს სახელმწიფო, რომ დაუძახოს და უთხრას, დაახარისხოს, შენ აქ იყავი, შენ რეანიმაციის ექთანი ხარ… არავინ აკონტროლებს, სისტემა არ არსებობს. კოვიდ-კლინიკაში რომ კვალიფიციური ექთანი მუშაობს, არ უნდა გადიოდეს და სასტუმროში არ უნდა მუშაობდეს. აუცილებელია, რომ მისი რესურსი კლინიკაში ავითვისოთ,” – ამბობს ია გელენიძე. ტრანსპორტირება პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობამ გადაადგილების შეზღუდვა ორჯერ, მარტში და ნოემბერში გამოაცხადა. ამ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობს, რის გამოც ექთნებს სამსახურში წასვლა ზოგჯერ ტაქსით, უმეტესად კი ფეხით უწევთ. მათი ხელფასი ტაქსის ხარჯებს ვერ წვდება. სახელმწიფომ მათ ტრანსპორტირების პრობლემა ვერ მოუგვარა. ექთნების ნაწილი გვიყვება, რომ კლინიკის ავტობუსი ემსახურებათ, მაგრამ სახლში არ აკითხავს. ავტობუსების გაჩერება ხშირად ისე შორს არის, რომ იქამდე მაინც ტაქსის გამოძახება სჭირდებათ. ექთნებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. შიდა ქართლში კლინიკები ექთნებს ტრანსპორტით კი ემსახურებიან, მაგრამ მგზავრობის საფასურს ხელფასიდან აჭრიან. ამის შესახებ ექთანთა გაერთიანების შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელი, ნინო ცხოვრებოვა გვიყვება. “იმ ექთნებს, რომელსაც კლინიკამ გამოუყო ტრანსპორტი, ანაზღაურება დააკლო, იმ მიზერული ხელფასიდან კიდე ჩამოაჭრა. შემიძლია თამამად ვთქვა, ყველა კლინიკა ასე აკეთებს შიდა ქართლში. საშუალოდ, 40-50 ლარი ეჭრება დღის ‘სტაფს’, რომელიც დადის ყოველდღე. ამათ ხელფასი აქვთ საშუალოდ, 180-220 ლარი. ექთანს უწევს ფეხით გაიაროს მანძილი გაჩერებამდე. არის ერთი ცენტრალური ქუჩა, ყველამ იცის, რომ იქ უნდა მივიდეს და დადგეს კონკრეტულ სუპერმარკეტთან.” ცხოვრებოვას თქმით, “მარშუტკებში” დაცული არ არის დისტანცია და კოვიდ-განყოფილების ექთნები სხვებთან ერთად მგზავრობენ: “ტრანსპორტი არის 17-კაციანი, მაგრამ ჯდება 24 კაცი. ჩვეულებრივი ყვითელი “მარშუტკაა”. რა მნიშვნელობა აქვს, მე და თქვენ თუ ვმუშაობთ კოვიდში და არაკოვდში და ერთად ვმგზავრობთ სახლამდე? დაინფიცირების რისკი იგივეა, რაც ერთად მუშაობისას.” “მარშუტკები” და არაფერი რომ არ არის, კლინიკის დირექტორმა გვითხრა, თქვენი ხარჯებით გინდათ იარეთ, გინდათ არაო. რამდენს უთქვამს, რომ საღორიიდან მოდიოდა ფეხით, “ზაოდიდან” მოდიოდა ფეხით. აგვიანდებოდათ ძალიან, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა უფროსობა. სმენა უნდა მოვიდეს ათის ნახევარზე, მაგრამ მოდიოდნენ ხან თორმეტზე, ხან პირველზე. რაც არ უნდა გააპროტესტო, გეუბნება დირექტორი… გინდა მოხვალთ, გინდა – არა,” – ამბობს ქუთაისის კერძო კლინიკის, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ექთანი. “თავიდან ტაქსით დავდიოდი, მერე დაინიშნა უკვე “მარშუტკა”, მაგრამ მოედანზე უნდა გასულიყავი რომ წაყოლოდი. მე ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, იმ მოედანზეც ტაქსით უნდა წავსულიყავი და მერჩივნა პირდაპირ კლინიკაში მივსულიყავი ტაქსით,” – ანონიმურად გვიყვება ქუთაისში “ჩხობაძის კლინიკის” ექთანი. ეს მრავალპროფილური კლინიკა, იგივე “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” სახელმწიფოს საკუთრებაშია. წილების 100%-ს ჯანდაცვის სამინისტრო ფლობს. ექთნის დამხმარე ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამბობს, რომ მათ ორი ავტობუსი ემსახურებათ. ერთი გლდანის, მეორე კი ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობს. დიდი მანძილის გამო, გზაში საათნახევარი არიან და დილით მორიგეობას უკვე დაღლილები იწყებენ. “8-დან 10-ის ნახევრამდე გვიწევს გზაში ყოფნა. მე მივდივარ ვარკეთილის მეტროსთან და იქიდან მოვყვები. ვარკეთილშივე ვცხოვრობ, მაგრამ ტაქსი მჭირდება რომ მივიდე იქამდე. საფასურს მე ვიხდი, 5 ლარამდე მიჯდება მგზავრობა წინ და უკან. ნუ, მძღოლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომ მოგაკითხოს სახლამდე. ვაპროტესტებთ, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მოგვარება. ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ შეეცდება დაელაპარაკოს მძღოლებს და დაარწმუნოს, სახლამდე მოგვაკითხოს.” ექთნების იზოლირება მორიგეობის შემდეგ აპრილში ექთანთა საერთაშორისო საბჭოს (icn), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (who), ასევე ჩინეთის, იტალიის, კორეის, ტაივანის და შვეიცარიის ექთნებმა, ერთობლივად შეიმუშავეს 10 რეკომენდაცია. მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სხვა ქვეყნებს ურჩიეს, რომ ამის გათვალისწინება ექთანთა უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი. “სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს covid 19-ით ინფიცირებულთათვის განკუთვნილ კლინიკებში, არ უნდა გადაადგილდებოდეს საზოგადოებაში და უნდა მოხდეს მათი თვითიზოლაცია (პერსონალისათვის განკუთვნილ სასტუმროებში 14 დღე, რათა არ გაიპაროს რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევები),” – ვკითხულობთ რეკომენდაციაში. საქართველოში კი ინფიცირებულ პაციენტებთან რამდენიმედღიანი მორიგეობის შემდეგ, ექთნებს ღამის გათევა სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად უწევთ. სხვა ალტერნატივას ჯანდაცვის სისტემა არ სთავაზობთ. კლინიკები კი ზოგჯერ ადგილზე დარჩენას და სხვენში ღამის გათევას ურჩევენ. “კლინიკა მეუბნება, რომ იცი რა? ჩვენ გვაქვს ზევით სხვენი და თუ გინდათ მოიწყვეთ იქ. სად მოვიწყო, სად ვიბანაო, საპირფარეშოში სად შევიდე და სად დავიძინო? ამ სიცივეში სხვენში რატომ უნდა ვიყო? სამი დღე-ღამე ვიმორიგევე და კლინიკა ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ექთანი სადღაც იზოლირებული იყოს. ამას გეუბნებით პირველი პანდემიის დროს, როცა ქვეყანაში ასეთი კატასტროფა არ ხდებოდა, ახლა მესმის, რაღაცები შეიცვალა,”- გვითხრა “ინგოროყვას კლინიკის” ერთ-ერთმა ექთანმა. “ინგოროყვას კლინიკა” ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაშია. მის წილებს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფლობს. “ჩვეულებრივ, ოჯახის წევრებთან ვაგრძელებ ურთიერთობას. შემოთავაზება კლინიკის მხრიდან, რომ ვთქვათ, ვისაც არ გაქვთ საშუალება იყოთ იზოლირებული, ჩვენ შემოგთავაზებთ კონკრეტულ საცხოვრებელს… არ ყოფილა,” – გვეუბნება ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექთნის დამხმარე. “მე თვითონ მაქვს დიდი სახლი, აბაზანაც ცალკე მქონდა და ტუალეტიც. მე თვითონ გადავწყვიტე ცალკე ვყოფილიყავი, თორემ ეს კლინიკის რეკომენდაცია არ იყო და არც არაფერში დაგვხმარებია. ეპიდემიოლოგები კი გვეუბნებოდნენ, მოერიდეთ ოჯახის წევრებსო, მაგრამ ვისაც არ აქვს საშუალება, რას იზამდნენ? ზოგი კლინიკაში რჩებოდა რამდენიმე დღე, ვერ ვიტყვი რომ იქ კარგი პირობები იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩვეულებრივ მიდიოდნენ სახლში და მოდიოდნენ,”- ამბობს კერძო დაწესებულების, “ბოჭორიშვილის კლინიკის” ერთ-ერთი ექთანი. ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ია გელენიძე გვიყვება, როგორია ექთნების იზოლირების საერთაშორისო პრაქტიკა. მაგალითად, ჩინეთში, იაპონიასა და კანადაში ექთნები მორიგეობის შემდეგ, 14 დღე მიჰყავთ სასტუმროში, სადაც ყოველდღიურად აქვთ ინსტრუქტაჟი. ეს იმიტომ, რომ ჩვევა განუვითარდეთ და რაც შეიძლება სწრაფად ჩაიცვან ეკიპირება. “მოდუნების საშუალებას არ აძლევენ, გგონიათ პერსონალი იქ რომ მიდის ისვენებს? არა, მეორე დღესვე ეწყებათ ტრენინგი. ღია სივრცეში დგას მაგიდები, გაწყობილია პერსონალური დაცვის საშუალებები, ყველა ვალდებულია გამოვიდეს და ჩაიცვას. დგანან და აკვირდებიან, აბა, ერთ წუთში როგორ ჩაიცვა ეკიპირება და როგორ გაიხადა. რომ ჩაირთვება გონგი, თუ ვერ მოასწარი, შანსი არ გაქვს, უნდა მიუბრუნდე და თავიდან ჩაიცვა,” – ამბობს ია გელენიძე. ექთნების გადამზადება საგანგებო სიტუაციისთვის ქვეყანაში პანდემიის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფომ სამედიცინო პერსონალის გადამზადებისთვის 134,600 ლარი გამოყო. ექთნები ამ აუდიტორიაში არ მოხვდნენ. ამ თანხით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისა და ოჯახის ექიმებისთვის სამი ტრენინგი ჩაატარა. “NCDC-ის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარდა ტრენინგი პერსონალისთვის, მაგრამ ეს არ იყო გამიჯნული, ექთნისთვის, იმისთვის, ამისთვის, მაგრამ ექთანი არის მეტ შეხებაში პაციენტთან. ექიმები ხშირად მინებთან არიან, როცა არ არის საჭიროება რომ შევიდნენ პაციენტთან, ექთანი კი სულ საწოლთან არის. შესაბამისად, მისი ტრენინგი აბსოლუტურად სხვა რამეა,” – ამბობს ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი ია გელენიძე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოქტომბრის თვის ანგარიშის მიხედვით, კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკის და ინფექციის კონტროლის საკითხებში სულ 244 დაწესებულების 2,500-მდე ექიმი, ოჯახის ექიმების 90% და სოფლის ექიმების 75% მომზადდა. არაფერია ნათქვამი ექთნების გადამზადებაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექთნები პანდემიასთან ბრძოლაში, მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისა და პრაქტიკაში მიღებული ცოდნის ამარა დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ უცნობ ვირუსთან აქვთ შეხება, სახელმწიფოს მათი თეორიული და პრაქტიკული მომზადებისთვის არაფერი გაუკეთებია. ექთნებს არ ჰქონიათ არც ეკიპირების ჩაცმის ინსტრუქტაჟი. ამაზე, ერთეულ შემთხვევებში, კლინიკების მენეჯმენტმა თავად იზრუნა. ამ სტატიაზე მუშაობისას 30-მდე ექთანს დავუკავშირდით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მათ ჩვენთან საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდოდათ, თუ ვინაობას საჯაროდ არ დავასახელებდით. ჩვენ პირობას ვიცავთ და სტატიაში მათი სახელები გამოყენებული არაა. “ჰელსიკორის” ექთანი სალომე კვარაცხელია გვიყვება, რომ როცა კლინიკის ე.წ კოვიდ-მიმღებად გადაკეთებას აპირებდნენ, ჩაუტარეს მხოლოდ ერთი, ორსაათიანი ტრენინგი, სადაც ხელის დაბანის წესების გარდა არაფერი ასწავლეს. ეკიპირების ჩაცმა კი ვიდეოგაკვეთილით აუხსნეს. “ხეჩინაშვილშიც და ჰელსიკორშიც გავიარე იდენტური ტრენინგები. ტრენინგებს ეძახიან როგორ უნდა დაიბანო ხელი, რომელიც, ექთანი რომ ხარ, ისედაც გადასარევად იცი. ეს ჩვეულებრივი ჰიგიენაა და არ არის აუცილებელი, ვიღაცამ გასწავლოს. გვასწავლეს ჩაცმა, კომბინეზონების არა, ჩვეულებრივი ხალათების. კომბინეზონებზე საერთოდ არ გაგვივლია ტრენინგი. ნუ ვიდეოებს ვნახულობდით, მაგრამ მაგ ვიდეოებს სახლშიც ვნახავ, ხომ? რაც შეეხება კოვიდპაციენტებთან მუშაობას, სპეციფიკურად მაგას რაც ეხება, არ გაგვივლია.” ანალოგიური გამოცდილება აქვს ექთანს თერჯოლის კერძო კლინიკა “იმერმედიდან”. მისი თქმით, ორდღიანი ტრენინგი ადგილზე გაატარეს, ეკიპირების გამოყენება კი ვიდეორგოლით აჩვენეს. მსგავსი ამბავი მოვისმინეთ კერძო სამედიცინო დაწესებულებების, თბილისის ცენტრალური ჰოსპიტალისა (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს) და სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკების ექთნებისგანაც. როცა ხეჩინაშვილის კლინიკის კოვიდ-ცენტრად გადაკეთება გადაწყდა, რამდენიმე ექთანი სამსახურიდან წავიდა. ერთ-ერთი ანონიმურად გვიყვება, რომ ექთნებისთვის ტრენინგების ჩატარებას არავინ აპირებდა, ინფიცირებულებთან მოუმზადებლად მუშაობა კი არ უნდოდათ და ამიტომ წამოვიდნენ. “დამკვირვებელი უნდა ჰყავდეს ამ პროცესს, როცა იცვამ, როცა იხდი, გიყურებს, სწორად გააკეთე თუ არა, რომ თუ რამე, მიგითითოს. ამის კონტროლი არსად გამიგია. სტუდენტები რომ მიდიან, “ჩაცმა-გახდის” ერთსაათიან ან ნახევარსაათიან ტრენინგს აჩვენებენ და მერე ეგრევე შედიან. ყველა, ვისაც ვიცნობ, მუშაობის რაღაც ეტაპზე დაინფიცირდა. მსუბუქად იყვნენ, მაგრამ დაინფიცირდნენ მუშაობის დროს,”- ამბობს ექთანი სალომე კვარაცხელია, რომელიც ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობდა. “ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სამედიცინო დაწესებულებაში გამოყენებული უსაფრთხოების ელემენტია, რომლის ეფექტურობა დამოკიდებულია ცალკეული ინდივიდების მიერ პრინციპების სწორ და თანამიმდევრულ დაცვაზე,” – წერია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაში. ბუნებრივია, რეკომენდაცია ვერ შესრულდებოდა, რადგან ექთნებს ეს “სისწორე” და “თანმიმდევრობა” არავინ აუხსნა. უმრავლესობამ “ჩაცმა-გახდის” წესები თავისით, პრაქტიკაში ისწავლა. არ არსებობს არც მეთვალყურე, რომელიც დააკვირდება, როგორ არიან აღჭურვილები ინფიცირებულთა პალატაში შესვლამდე. ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, უკონტროლო გარემომ ისედაც მწირი რესურსის კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია. ია გელენიძის აზრით, უნდა არსებობდეს მონაცემთა ბაზა, სადაც ასახული იქნება როგორ შესრულდა რეკომენდაციები, რა იყო ხარვეზები, რისი გამოსწორება გვჭირდება. ამ ეტაპზე ამის ანალიზი არ ხდება: “ჩინეთში, იტალიაში, სადაც ყველაზე მეტი სირთულე იყო, კლინიკებში შედიოდნენ მობილური ჯგუფები. ვიღაც მაკვირდება როგორ ვიცვამ, როგორ ვმუშაობ და მეუბნება, რომ ასე არ გავაკეთო. თუ ვარღვევ, მაგალითად, დაცვის საშუალებების, აღჭურვილობის ჩაცმის წესს, თანმიმდევრობას, ან ზედმეტს ვიყენებ, ან ნაკლებად ვიცვლი. ყველა შემთხვევაში, ეს იწვევს კოლაფსს. სახარჯი მასალების არარაციონალურ გამოყენებას. ვინმე აკონტროლებს ამას? ვერ აკონტროლებს. დღეს ჩვენ გავდივართ ომის შესაბამის მდგომარეობას და მონაცემები არ გვაქვს, ხარვეზები არ გვაქვს, რასაც შეიძლება რომ გავუკეთოთ ანალიზი და შემდეგ ვიქნებით მზად ასეთი დიდი გამოწვევისთვის.” ნინო სვანიძე, ექთანთა გაერთიანების განათლება-აკრედიტაციის პროგრამის ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ ტრენინგები თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს უნდა მოიცავდეს. ჩვენმა ექთნება კი უმეტესად თეორიული ნაწილი გაიარეს. “ექთნებმა მოისმინეს მხოლოდ თეორიული ნაწილი. პრაქტიკული ნაწილი უშუალოდ ადგილზე უნდა მოხდეს, ან სიმულაციურ დარბაზში, რომელიც აღჭურვილი იქნება როგორც ერთჯერადი სატრენინგო მასალით, ასევე სიმულატორებით. რაც შეეხება შემდეგ, პრაქტიკაში სწორად აღქმას, უნდა გყავდეს ვინმე სუპერვაიზერი, რომელიც უშუალოდ საქმეში, პროცესში დაგაკვირდება თუ რამდენად სწორად აკეთებ ამას. ვფიქრობ, პრაქტიკული ნაწილი რომ სწორად განეხორციელებინათ, კარგი იქნებოდა,” – ამბობს სვანიძე. რეკომენდაციების სწორი შესრულების კონტროლი და საკარანტინო ზონებში მობილური საკოორდინაციო ჯგუფების მომზადება იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო სპეციალისტებმა ექთნების უსაფრთხოებისთვის შეიმუშავეს. ექთანთა გაერთიანებამ ეს დოკუმენტი სამინისტროს მეილით გაუგზავნა, მათ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე არაფერი უთქვამთ, მხოლოდ ის უპასუხეს, საჭიროების შემთხვევაში, დაგიკავშირდებითო. “გაგზავნილი გვაქვს შეტყობინება, რომ მოგესალმებით, ჩვენმა ორგანიზაციამ იმუშავა, მივიღეთ გამოცდილება საერთაშორისო მეგობრებისგან და შევიმუშავეთ 10 რეკომენდაცია, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ ომში და მივიღოთ დავალებები თქვენგან. პასუხი იყო – ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, დაგიკავშირდებით როგორც კი ამის საჭიროება დადგება,”- გვიყვება ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი ია გელენიძე. ჯანდაცვის სამინისტროს რამდენჯერმე ჩვენც მივმართეთ კითხვებით, პასუხები დღემდე ვერ მივიღეთ. ჩვენი ექთნების პრობლემები ამით არ სრულდება. მეორე ნაწილში მოგიყვებით შრომის ანაზღაურებისა და ეკიპირების შესახებ. The post ტაშში ჩარჩენილი მთავრობა – ნაწილი I appeared first on www.ifact.ge.
  6. “აი, ფაქტმა” შეისწავლა 1,208 სახელმწიფო შესყიდვა, რომელთა მიზანი ჩვენი ქვეყნის პანდემიისთვის ეფექტიანად მომზადება იყო. ყველაზე მეტი, 847 ტენდერი გამოცხადდა სასტუმრო მომსახურების შესასყიდად. როგორც იცით, სასტუმროში იზოლაციისა და კარანტინის სივრცეებია მოწყობილი. ძირითადად, ამ ტიპის სახელმწიფო შესყიდვას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აცხადებდნენ. მარტიდან 23 დეკემბრის ჩათვლით სულ 847 კონტრაქტი გაფორმდა 229 კომპანიასა და ინდ.მეწარმესთან. სასტუმროების მომსახურებაში ბიუჯეტიდან გადახდილია 119.6 მილიონი ლარი. სს “მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმმა” 16 მარტიდან ნოემბრის ჩათვლით მთავრობასთან 29 ხელშეკრულება გააფორმა და 15.9 მილიონი ლარიც მიიღო. კომპანიას არ აქვს შეწირულობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. მარტიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო პერსონალისთვის ეკიპირების შესაძენად 165 სახელმწიფო შესყიდვა შედგა. ეკიპირებას, ამ შემთხვევაში, მიეკუთვნებოდა ხალათები, ბახილები, ხელთათმანები, სამედიცინო ქუდები, კომბინიზონები და პირბადეები. შემსყიდველებს შორის იყვნენ ჯანდაცვის სამინისტრო (41 შესყიდვა – 10 მილიონი ლარი), ს.ს.ი.პ. “ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი” (1 შესყიდვა – 139,500 ლარი), სს ,,ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” (32 შესყიდვა – 726,863 ლარი). ვირუსისგან დამცავი ეკიპირების შეძენაში, საერთო ჯამში, 429 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ტენდერების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. მარტიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტრომ სამჯერ გამოაცხადა გამარტივებული შესყიდვა ჟანგბადისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების შესაძენად. აქედან ერთი მარტში გამოცხადდა. 971, 550 ლარად სამინისტრომ მაშინ ეს აღჭურვილობა შეიძინა: 23 ცალი დეფიბრილატორი; 27 ხელოვნური სუნთქვის აპარატი (mindray synovent e3); 3 ხელოვნური სუნთქვის აპარატი (mindray sv300); 30 ლინეომატი; 30 პაციენტის მონიტორი; 3 ელექტრო ამომქაჩი ორბალონიანი; 6 ელექტრო ამომქაჩი; 7 ელექტრო ამომქაჩი; 9 ინჟექტორალური ამომქაჩი. მთელი ზაფხული ისე გავიდა, რომ სამინისტროს ჟანგბადის ან ხელოვნური სუნთქვის აპარატები აღარ შეუძენია. ჩვენ ამ დროს კოვიდზე გამარჯვებას ვზეიმობდით. კოვიდინფიცირებულთა რიცხვის დრამატულად მატებასთან ერთად, სამინისტრომაც ჩათვალა, შეიძლება, კიდევ დაგვჭირდეს ჟანგბადის აპარატებიო და ორი ტენდერი გამოაცხადა. ერთი 11 ნოემბერს და მიმწოდებელთან ჯერ ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ამ ტენდერით, 3.4 მილიონ ლარად შეიძენენ შემდეგ აღჭურვილობას: ჟანგბადის კონცენტრატორი, ინჰალაციის ფუნქციით – 300 ცალი, მონიტორი ვიტალური მაჩვენებლებისთვის – 950 ცალი, თითის პორტატული პულსოქსიმეტრი – 800 ცალი, მშრალი ჰაერის სტერილიზატორი – 300 ცალი, თერმომეტრი სამედიცინო (დიგიტალური/ელექტრო) – 800 ცალი, შტატივი გადასხმისთვის – 800 ცალი და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა, მაგალითად გლუკომეტრი, პინცეტი, მაკრატელი, სკალპელი, ახალშობილის შესახვევი მაგიდა და ა.შ. მეორე ტენდერი კი 1 დეკემბერს გამოცხადდა და ჯერ დასრულებული არაა. უცნობია, რა თანხაა განსაზღვრული ამ შესყიდვისთვის. ამჯერად სამინისტრო შემდეგი აღჭურვილობის შეძენას აპირებს: 20 დეფიბრილატორი, 38 ელექტროკარდიოგრამა, 10 პორტატული ჟანგბადის მომწოდებელი სისტემა, 10 სასიცოცხლო ნიშნების მაჩვენებელი მონიტორი, 3 პორტატული ჟანგბადის კონცენტრატორი, 350 პულსოქსიმეტრი, 100 გულ-ფილტვის რეანიმაციული აპარატი, 500 ძვლის კათეტერი. სანაცვლოდ, აგვისტოსა და სექტემბერში სამინისტრომ მსოფლიო ბანკიდან მიღებული სესხით იყიდა 15 ერთეული ავტომობილი (9 სედანი, 5 მაღალი გამავლობის მანქანა, 1 პიკაპი); 33 მაღალი გამავლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და 5 მაღალი გამავლობის რეანიმობილი. შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა სახელმწიფო საკუთრებაა. მარტიდან 15 დეკემბრის ჩათვლით კლინიკამ, დამოუკიდებლად, 481,824 ლარი დახარჯა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც , შესაძლოა, კოვიდინფექციასთან საბრძოლველად დასჭირვებოდათ. კლინიკამ, მარტიდან ამ დრომდე, 216 საწოლი, 13 ლარინგალური ნიღაბი, 5 პულსოქსიმეტრი და წყლის საფილტრი სისტემა შეიძინა. მათი სხვა შესყიდვები იხილეთ ბმულზე. ქვეყნის მასშტაბით ჟანგბადთან დაკავშირებული აღჭურვილობა შეიძინეს შემდეგმა უწყებებმა: რუსთავის მერიამ მარტში იყიდა 1 ჟანგბადის კონცენტრატორი; აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მარტში 7 ჟანგბადის კონცენტრატორი; ახალციხის მერიამ მარტსა და ნოემბერში 6 ჟანგბადის კონცენტრატორი; გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა ოქტომბერში 1 ჟანგბადისმწარმოებელი ქარხანა; შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფომ” ნოემბერში 40 cpap ნიღაბი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მარტში იყიდა 7 ხელოვნური სასუნთქი აპარატი, დამატებითი ამოსუნთქვის სარქველის ნაკრებით. The post რას ყიდულობდა მთავრობა პანდემიისთვის მოსამზადებლად? appeared first on www.ifact.ge.