Jump to content
×
×
  • Create New...

ანაკლიის პორტი (პერსპექტივა, მნიშნელობა, სიახლეები)


Recommended Posts

  • ფორუმელი

იმჰო, გააქტიურდება ისევ ეს თემა და აქ განვიხილოთ ხოლმე

 

ახალი რა გვაქვს:

მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებს

 04.03.2021 23:03

მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულება. მათ შორის ძირითადი ვალდებულება გადავადდა სამჯერ. ასევე მთავრობამ გამოისყიდა და ინვესტორს გადასცა 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ღირებულება. ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც.

გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა, დამატებით „საპარტნიორო ფონდი“ მზად იყო, ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ დოლარის ოდენობით, იმ პირობით, თუ ინვესტორი აღებული ვალდებულების შესრულებას შეძლებდა. თუმცა, მოგეხსენებათ, ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მლნ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება.

ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს დაიწყებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათალისწინებით, ანაკლიის პორტის პროექტის დაჩქარებული ტემპებში განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტები.

Europetime-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა არ ჰქონია არასდროს და მხოლოდ პოლიტიკური ნების პრობლემა იყო.

"როგორც გამოჩნდა, რუსეთის ფაქტორი იყო გათვალისწინებული, რაც ძალიან არასწორია. ჩვენ თუ რუსეთის ნებაზე ვიარეთ, ამ ქვეყნისგან აღარაფერი დაგვრჩება. ყველა ქვეყანას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს. ამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს და გრძელვადიანად უნდა თვლიდეს, რა არის მისთვის სასარგებლო და რა არა. ანაკლიის პორტი სასწრაფოდ არის ასაშენებელი", - აღნიშნავს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

მისი თქმით, მაშინ როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა უკვე დაიწყო. რაც დრო გავა, ამ ტვირთის მოცულობა მოიმატებს და დროულად უნდა განხორციელდეს ანაკლიის პორტის პროექტი, რადგან ბათუმის და ფოთის პორტები შავ ზღვაში შემოუსლი გემების 75 პროცენტს გარკვეული მიზეზების გამო ვერ იღებენ.

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ეს არის ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა. 21-ე საუკუნეში კი, ეს ორი დიდი ეკონომიკა, დასავლეთით ევროპა და აღმოსავლეთით ჩინეთი ვითარდება და ბუნებრივია რომ მათ შორის ტვირთბრუნვა იზრდება.ამ ტვირთბრუნვას საქართველო რეალურად ვერ წაუვა. ყველა დათვლით, იმხელა ბრუნვა იქნება, რომ იგივე ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სასწრაფოდ გვაქვს ასაგები. სასწრაფოდ გვჭირდება ანაკლიის პორტის ასაშენებლად მუშაობის დაწყება. სამწუხაროდ ძალიან გაიწელა დროში, ანაკლიის პროექტის განხორციელება.

Europetime-სთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტის და ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე აღნიშნავს, რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთის ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით, ისე რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია.

"ვგულისხმობ დერეფანს, რომლითაც რუსეთი აზერბაიჯანის გავლით შეძლებს დაუკავშირდეს თურქეთს, რკინიგზით. და პირიქით. პირველი იდეა ის იყო, რომ სომხეთ აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სატრანსპორტო კავშირები, რომლებიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას, კავშირებს ნახიჩევანთან და ამგვარად. თურქეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას. თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირის პრობლემა აქამდეც არც ჰქონიათ. ახლახან დასრულდა ბაქო-თბილის-ყარსის მშენებლობა. ეს ახალი მარშრუტი რუსეთისთვის უფრო არის საინტერესო.

არ მინდა უფრო მეტი დეტალი გავაჟღერო. რეალურად რუსეთის ინტერესია აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს, იმისთვის, რომ ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს, სხვა ქვეყნების თვალში" - განმარტავს გიორგი ბადრიძე.

როგორც Europetime-ს „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა, თუ ვამბობთ რომ გეოპოლიტიკურად, ევროპული ტიპის ქვეყნის იდენტიფიკაცია გვინდა, ეს მარტო განაცხადი არ უნდა იყოს. ამას, თან უნდა ახლდეს კონკრეტული ქმედებები და შესაბამისი პროექტები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ანაკლიის პორტი.

"კონკრეტულ პროექტებს თუ გადავხედავთ, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ისაა, რომ გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სამხრეთ დერეფნისა, არსებობს ლოგისტიკური დერეფნის საკითხიც. აი სწორედ ამ ლოგისტიკურმა დერეფანმა ეფექტურობა რომ შეიძინოს, ქვეყნას „გრანდ სტრატეგია“ სჭირდება, რომელშიც უნდა შედიოდეს ანაკლიაც. ანაკლია არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი. „სტრატეგიქ ქონექტივიტი“, აი ეს „სტრატეგი ქონექტივიტი“ უნდა იყოს მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შევიძენთ", - აღნიშნავს ბათუ ქუთელია.

Europetime-თან საუბრისას ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ახალი ინვესტორების მოძიება ხელისუფების პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პორტის ირგვლივ დიდი რესურსის მქონე ინვესტორები თავისთავად ჩნდებიან, პროექტის გლობალურობიდან გამომდინარე.

=

ექსპერტი: მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ შეცდომებს ასწორებს

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ავტორის, სპარტაკ ერაგიას კონსულტანტის, დემურ გიორხელიძის თქმით, პროექტის გასაგრძელებლად ამ ეტაპზე ყველა ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს, მთვარია, ხელისუფლებამ ინვესტორის შერჩევისას გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდიანრე მიიღოს.

როგორც Europetime-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ შეცდომებმა შეაფერხა ეს პროექტი; თუ ახალი მთავრობა გაასწორებს ამ შეცდომებს და როგროც სჩანს ასწორებს, პროექტი გაგრძელდება.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი ეს არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში - ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველო.

„ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა. სარკინიგზოს ჩათვლით. მათ შორის აქტაუსა და ბაქოს პორტების ჩათვლით. გარდა ამისა, შავი ზღვის მეშვეობით დუნაის აუზის უზარმაზარი ევროპული ტერიტორია ექცევა ამ ტრასის ინტერესებში და ჩვენ კლასიკური ოკეანისა და სუეცის არხის მეშვეობით, აზიის და ევროპის დამაკავშირებელ გაცილებით მოკლე გზას ვიღებთა. რა თქმა უნდა, არის მეორე გზა - რუსეთზე გამავალი.

როდესაც საუბარია საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, ეს არ არის რთული საქმე. ამას დიდი კონსორციუმი თვითონ დააბალანსებს (გლობალურ ორგანიზაციების კონსორციუმი). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს როგორც აშშ-დან ისევე ევროკავშირიდან. ამ პროექტში თავს იყრის რამდენიმე სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პნევმატური მილის გაყვანილობა, რაც ტრანსპორტის ახალი სახეობაა და ყველაფერს ცვლის. ანაკლია უნიკალური ადგილია, რომელსაც თან მოჰყვება იქვე, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით“, - განუცხადა Europetime-ს დემურ გიორხელიძემ.

=

 

"თუ არ გავაძლიერებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, დაუცველები და მოწყვლადები ვიქნებით ამ სიტუაციაში"

 11.11.2020 12:11

მთიან ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებები, შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. შეთანხმების თანახმად, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი სამშვიდობოების ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს, არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის ხსენება, საზოგადეობაში, ერთგვარ ირონიას იწვევს. რა როლი ითამაშა აქამდე და როგორი იქნება ის მომავალში, ქმნის თუ არა კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი რეალობა საფრთხეებს საქართველოსთვის, როგორი უნდა იყო ჩვენი პოზიცია, ამ და სხვა საკითხებზე, „ევროპათაიმი“ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ( 2014-2018), ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს, ომის დასრულებას, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, და როგორია რუსეთის როლი?

- უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ მშვიდობა დამყარდა, უფროს სწორად შეწყდა ცეცხლი, მაგრამ ეს არ არის ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტა. დღევანდელი სტატუს-ქვო არის შემდეგი - აზერბაიჯანმა მოახერხა და დაიბრუნა ტერიტორიების ძალიან მნიშნელოვანი და სერიოზული ნაწილი, თუმცა ამავდროულად, რუსეთმაც დაიბრუნა თავისი სამხედროების ყოფნის უფლება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ობიექტი, რომელიც მათ კონტროლქვეშ იყო, კაბალის რადიოლოკაციური სადგურია, რომელიც ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევის დროს დაიხურა და რუსეთის ძალებმა აზრბაიჯანის ტერიტორია დატოვეს. დღეს კი რუსეთმა მიიღო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება მშვიდობისმყოფელის მანტიით, იმ კონფლიქტში, რომელიც იმთავითვე მის მიერ იყო ინსპირირებული და შემდგომ პერიოდშიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მშვიდობა არ დამყარებულიყო. თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც იარაღით ამარაგებდა, როგორც ერთ, ისე მეროე მხარეს. ასე რომ რეალობა გვაქვს ასეთი: გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც მნიშნელოვანია იმით, რომ შეწყდა სისხლისღვრა (ყველაზე დიდი ტრაგედიაა, როცა ადამიანები იღუპებიან), მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ რუსეთმა მიიღო დამატებითი ბერკეტები რეგიონში, და ეს არის ბერკეტია- როგორც აზერბაიჯანზე, ასევე სომხეთზე ზემოქმედებისათვის.

- ის რეალობა, რაც ახლა იქმნება კავკასიაში, რამდენად და როგორ აისახება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე?

- სატრანზიტო პოტენციალზე, თუ იმას ვგულისხმობთ, რომ ნახიჩევანისკენ იხსნება ვიწრო კორიდორი, ეს აბსოლუტურად სხვა რამეა. სხვათაშორის გასათვალისწინებელია, რომ ამ კორიდორს, ამ შეთანხმებით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ჯგუფები გააკონტროლებს. ამიტომ ვერანაირად ვერ განვიხილავთ ამ ვიწრო დერეფანს, როგორც საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისათვის გამოსაყენებელს. თუმცა საქართველოსთვის გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომელიც გუშინ დამყარდა, რუსეთის გაძლიერება რეგიონში. საქართველოსთვის ძალიან ყურადსაღები უნდა იყოს ეს ფაქტორი. თუ არ გავაძლიერეთ აქტივობები და თუ ვერ მოვახერხეთ ჩვენი პარტნიორების მეტად დაინტერესება საქართველოთი და საქართველოს უსაფრთხოებაში ვართ საკმაოდ დაუცველები და მოწყვლადი ამ სიტუაციაში. ამ ინტერესის გაძლიერება კი შეიძლება სწორედ, ისეთი პროექტებით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს, ერთის მხრივ, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას (ამ მხრივ, ძალიან მნიშნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ისეთი პროექტი, როგორიც იყო ანაკლიის პორტი), და მეორეს მხრივ, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს დიპლომატიურ აქტივობაზე ნატოს ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ორმხრივ ფორმატში ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, ისევე როგორც თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობებს. ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, რაშიც კიდევ უფრო უნდა გავვაქტიურდეთ და თავად ნატო, რომელში ინტეგრაციაც, საქართველოსთვის დღეს უაღრესად მნიშნელოვანია, მით უფრო როცა რუსეთი ძლიერდება ამ რეგიონში.

- ახსენეთ ანაკლია, თქვენი აზრით რა ბედი ეწევა ამ პროექტს? განხორციელდება თუ არა მისი მშენებლობა, მითუფრო, რომ ახლა კიდევ უფრო დადასტურებულად წარმოჩინდა როგორი საჭიროა მსგავსი პროექტები ქვეყნის, არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ უსაფრთხოების კუთხითაც?

- ანაკლიის პორტი დღეს სამწუხაროდ შეჩერებულია, მაგრამ თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს პროექტი ხელახლა დაიძრას და განხორციელდეს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ეს იქნება მისი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დამატებითი გარანტია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რითაც უნდა ვიყოთ დაკავებული, სწორედ მსგავსი პროექტების განვითარებაა. რაც უფრო მეტი საერთაშორისო აქტორის ინტერესი იქნება საქართველოში წარმოდგენილი, რაც უფრო მსხვილი კომპანიები იქნებიან ჩართულები, მით უფრო მეტი იქნება ჩვენი ქვეყნის დაცულობა. მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე, სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა და ბაქო-თბილისი-ერზუმმა განაპირობა ის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოდან გავიდა. რომ არა ეს პროექტები, არც ეს არ მოხდებოდა. ასეთ პროექტებს არ აქვს მხოლოდ კომერციული მნიშვნელობა, ისინი თავიანთი პოლიტიკური დატვირთვით არიან მნიშვნელოვანნი. ჩვენს ინტერესებშია მსგავსი პროექტები განვითარდეს და საქართველო მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს უცხოური ბიზნესისათვის, დღეს ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია. დღეს ამას კიდევ უფრო მეტი მნიშნელობა აქვს, ვიდრე აქამდე.

- რუსეთმა გაიმყარა პოზიციები იქ, სადაც სურდა, რამდენადაა აზრბაიჯანისთვის ეს გამარჯვება...

- დღევანდელი გადასახედიდან, აზერბაჯანი ტერიტორიულად უკეთეს ვითარებაშია, ვიდრე იყო ორი და სამი თვის წინ, რადგან მან დაიბრუნა ეს ტერიტორიები, თუმცა ვიმეორებ რომ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია იმაზე, რამდენად მართებულად და ჯეროვნად შესრულდება მიღწეული შეთანხმება. სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშნელოვანი თემაა, აქ რუსეთი ყველანაირად შეეცდება თავისი პოზიციები გაიუმჯობესოს. თუმცა აზერბაიჯანი რამდენად იქნება მოწყვლადი ყოველივე ამის მიმართ, დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ძლიერი და დაცული იქნება საქართველო. ამიტომ საქართველოს მნიშნელობა, რეგიონულ კონტექსტში კიდევ უფრო იზრდება და რუსეთის ინტერესი ჩვენს მიმართ, არ კლებულობს, ამიტომ ჩვენს დაცულობას დიდი მნიშნელობა აქვს.

- როგორია თურქეთის როლი და მნიშვნელობა ამ კონფლიქტში?

- თურქეთი თავისთავად ცხადია დაინტერესებული მხარეა და მას ეს არც დაუმალავს, თურქეთმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ დახმარებოდა აზერბაიჯანს. მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები იყო, რომ თურქეთი მიიღებს სამშვიდობო პროცესში მონაწილებას, უშუალოდ მშვიდობისმყოფელებთან დაკავშირებით, ჩანაწერი შეთანხმებაში არ არის. თუ ამის მიღმა არის კიდევ სხვა შეთანხმება, არ ვიცი, მაგრამ ამაში, საუბარია რუს სამშვიდობოებზე და არა თურქებზე. ვნახოთ რა ფორმით იქნება თურქეთი ჩართული. თურქეთისთვის მნიშნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ, სტაბილური და განვითარებული საქართველოც. ამ კონტექსტში, თურქეთი, ჩვენი შეურყევადი პარტნიორია. ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთთან ორმხრივი თანამშრომლობა.

- მაშინ როცა ითქვა რომ რუსი სამშვიდობოები შევლენ ყარაბაღში, ჩნდება ერთგვარი ,,დეჟავიუს’’ შეგრძნება საქართველოსთან მიმართებაში, მითუმეტეს, როცა ვკითხულობთ, რომ საუბარია 5 წელიწადზე, შემდგომი განგრძობის პერსპექტივით, პირველი, რაც გვახსენდება, დღეს რუსი სამშვიდობოების დანატოვარი კვალი, უდიდესი სამხედრო ბაზებია აფხაზეთში...

- გეთანხმებით, შეუძლებელია ასეთი გრძნობა არ გაჩნდეს, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი კიდევ უფრო მომგებიან პოზიციაში, რადგან თუ შევხედავთ იმ მანდატს, რომელიც მას საქართველოში ჰქონდა, ეს მანდატი აფხაზეთის მხარეს იყო გაეროს მანდატი, ცხინვალის შმეთხვევაში, კი ეუთოსი. რუსეთმა ახლა რაც მოახერხა, არის ის, რომ მან საერთაშორისო ორგანიზაციების მიღმა, მხოლოდ და მხოლოდ მხარეების ხელმოწერით მიიღო ეს სტატუსი, რაც თავისთავად მოქმედების მეტ თავისუფლებას და ნაკლებ ანგარიშვალებულებას აძლევს. მეორე - თუ შევხედავთ, იმას, რამდენად სწრაფად მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის პერედისლოკაცია, ვნახავთ, რომ ამისთვის ისინი მზად იყვნენ მანამ, სანამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერებოდა. ამისთვის რუსეთი, ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა, კარგად აკვირდებოდა სიტუაციებს, აკეთებდა შესაბამის გათვლებს, სცენარები მუშავდებოდა და ერთ-ერთი განხორციელებული ფაზა, ვნახეთ, ამ მოცემულობაში, შეუძლებელია დეჟავიუს შეგრძნება არ გაჩნდეს, ისედაც ცხადია, რომ ეს კონფლიქტები იმთავითვე რუსეთის მხრიდან იყო ინსპირირებული და მხარდაჭერილიც.

- სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. რა იქნება ამ ვიზიტის მთავარი მესიჯი, მითუფრო იმ ფონზე რა პროცესებიც რეგიონში მიმდინარეობს?

- ვიზიტი უდავოდ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული რეალობების გათვალისწინებით. დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ დარწმუნებული ვარ სახელმწიფო მდივანი ძლიერ გზავნილებს ჩამოიტანს როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიის განმტკიცებისა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოვიყენოთ და ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივებიც შევთავაზოთ სტრატეგიულ პარტნიორს.

სპეციალურად "ევროპათაიმისთვის

=

ანაკლიის პროექტი გვჭირდება არამხოლოდ როგორც საპორტო პროექტი, არამედ - გეოპოლიტიკური დერეფანი - ბათუ ქუთელია

ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირველმა ნაბიჯებმა და განცხადებებმა რუსეთის მიმართ მოლოდინები გაზარდა, რომ ამერიკა უფრო მკაცრი და შეურიგებელი იქნება დემოკრატიული პრინციპების და ავტოკრატიული რეჟიმების მიმართ. საქართველოსთვისაც ეს შესაძლოა სწორედაც რომ ახალი შესაძლებლობა იყოს გაამყაროს ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე თავის მისწრაფებები, თუმცა შიდაპოლიტიკურ კრიზისში ჩაძირული ქვეყნის მისამართით მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან სულ უფრო და უფრო მეტი კრიტიკა ისმის...

გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ახლანდელ პოზიციებზე, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობასა და ახალ ეგრეთ წოდებულ რეგიონული გაერთიანებების ინიციატივების მიმართ საქართველოს ინტერესებზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საუბრობს.

_ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ მუშაობს იმაზე, რომ რუსეთმა ყირიმში განხორციელებული აგრესიისთვის პასუხი აგოს. ბოლო წლების განმავლობაში, ამერიკელი ლიდერების მხრიდან, თუ ყოფილა მსგავსი მესიჯი, რომ არამხოლოდ გმობს ანექსიას და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ამერიკა მუშაობს იმაზე, რომ რუსეთმა პასუხი აგო. საქართველოსთან მიმართებაშიც ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, თუმცა არა ასეთი კონკრეტული. თქვენი შეფასებით, რაზე მიანიშნებს ამერიკის პრეზიდენტის ეს გზავნილები?

პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს გზავნილები. ხშირად საუბრობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი ტესტი, რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებით მისი პოლიტიკა იქნება. რუსეთთან მიმართებით, ბაიდენის პოლიტიკის ტესტი მდგომარეობს იმაში, რა პოზიცია ექნება აშშ-ს იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთმა ბოლო 12 წლის განმავლობაში მოიმოქმედა. კრემლის მხრიდან ობამას გადატვირთვის პოლიტიკით ბოროტად სარგებლობის შედეგად, დამდგარი რეალობაც ამ პერიოდის ნაწილია. მათ შორის ის, რაც საქართველოსა და უკრაინაში მოიმოქმედა.

ბაიდენის პოლიტიკა მთლიანად რუსული აგრესიული რევიზიონიზმის პასუხია, რომელიც პუტინმა 2008 წელს ღიად და თვალნათლად დაიწყო საქართველოში სამხედრო აგრესიით. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა გულისხმობს არამარტო რუსეთის შეკავებას, არამედ უკუქცევას, რაც ჯო ბაიდენმა, ენტონი ბლინკენმა და მათი გუნდის სხვა წევრებმა, სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ დააფიქსირეს.

უკრაინის თემა პრინციპულად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ ყირიმის ანექსია საერთაშორისო ნორმების პრინციპებს არღვევს, გეოსტრატეგიულადაც ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტერიტორია. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიზანი იყო, რომ აღნიშნული ზონა იყოს რუსეთის ექსკლუზიური უფლებების და გავლენის ზონა.

ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სწორედ აქ არის გამოწვევა. ის გაჰყვება, ამ გავლენის ზონებად გადანაწილებას, თუ ფასეულობებზე აგებული საგარეო პოლიტიკა ექნება, სადაც მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ნორმების დაცვა და ქვეყნების თავისუფალი არჩევანი.

ამიტომაც, ამ საგარეო პოლიტიკურ განტოლებაში, აშშ-ს სჭირდება საქართველოც, როგორც სტრატეგიული პარტნიორი. ჯერჯერობით, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყველა კონკრეტული გადადგმული ნაბიჯი იყო სწორი. შემდგომ, როგორ გარდაიქმნება ეს კონკრეტულ პოლიტიკაში, საგარეო კუთხით, საინტერესო სანახავი იქნება და აი, როდესაც უკვე ბოლომდე დამტკიცდება საგარეო პოლიტიკური გუნდი, მერე უფრო მეტ კონკრეტიკას ვიხილავთ, ამ კუთხით.

_რაც შეეხება საქართველოს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულებას, ამერიკის მხარდაჭერის ხარისხის გაზრდა რა კონკრეტულ შედეგებში აისახება. რა მოქმედებებსა და ნაბიჯებში. ასევე, რა სარგებელს მიიღებს საქართველო, კონკრეტული პროექტების მაგალითზე?

აქ უკვე ორი კონკრეტული საკითხი არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსადმი მხარდაჭერაზე, აქ საუბარია იმაზე, საქართველო რა ფორმაში იქნება. იქნება თუ არა საქართველო ისეთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის მხარდაჭერას დაიმსახურებს, რადგან ბაიდენის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, დემოკრატიული დღის წესრიგი და დემოკრატიების მხარდაჭერაა. დემოკრატიის სამიტის იდეაც სწორედ ამას ემსახურება. თუ საქართველო დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად და ბოლომდე არ ჩავარდება არაფორმალურ მმართველობასა და ავტორიტარიზმში, მაშინ რასაკვირველია, აშშ-ისგან სხვა ხარისხის მხარდაჭერა ექნება.

_სწორედ ამ კონტექსტში, რაზეც თქვენ საუბრობთ, საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები, აისახება თუ თუ არა ამერიკის მხრიდან მხარდაჭერის ხარისხზე? თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკამ საუდის არაბეთის რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა, მის ყველაზე დიდ მოკავშირეს მუსულმანურ სამყაროში, არის თუ არა ეს მკაფიო გზავნილი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს ერთნაირი ყურადღებით მოეკიდება, განსხვავებით ტრამპის ადმინისტრაციისგან და კიდევ, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს თუ არა, რომ საქართველოზე თვალს არავინ დახუჭავს, დემოკრატიის დასუსტების შემთხვევაში?

დღევანდელი მოცემულობა სტატიკური არ არის. ძალიან მოკლე პერიოდში გაირკვევა, ჩვენ დავრჩებით ამერიკის პოზიტიურ დღის წერიგში, თუ გავხდებით ბელარუსის მაგვარი ავტორიტარული სახელმწიფო. ამიტომაც, თეორიულად, თუ იმ ტრაექტორიას გავაგრძელებთ, რაც ქართველი ხალხის ღიად გამოხატული ნებაა - რომ იყოს დასავლური ევროპული დემოკრატია, მაშინ ბუნებრივია, ახლა არის საქართველოსთვის საუკეთესო მომენტი, რადგან დემოკრატიების მხარდაჭერა არის ბაიდენის ადმინისტრაციის ღიად დეკლარირებული ამოცანა.

ამერიკის საგარეო პოლიტიკაში რამდენიმე საკითხზე მუდმივი დებატი მიმდინარეობს, ერთ-ერთი არის ეს საკითხი - პრაგმატული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, თუ ფასეულობითი კომპონენტები და ამ ორს შორის სწორი ბალანსის პოვნა. ბაიდენის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ დემოკრატიული ფასეულობები არის მთავარი და ამაში სჭირდება პარტნიორები.

ბაიდენმა მიუნხენში თქვა, რომ ახლა ისტორიული მომენტია. ამ ახალ ისტორიულ მომენტში, საქართველო როგორ ჩაეწერება - როგორც ამერიკის სტრატეგიული დემოკრატიული პარტნიორი რეგიონში? ირგვლივ ასეთი ქვეყნები ცოტაა. სწორედ ეს განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა ექნება ამერიკას საქართველოსთან მიმართებით. მთელი მისი პოლიტიკური რესურსი და დღის წესრიგი დაიხარჯება ბიძინა ივანიშვილის და რუსული ტიპის კლეპტოკრატიის შეჩერებაზე, თუ პირიქით, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე. აი ამ ზღვარზე ვდგავართ ახლა.

რა მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება პროცესები ჩვენთან, ქვეყნის შიგნით. მეორე მხრივ, რამდენად ვერ მოახერხებს დღევანდელი საქართველოს მთავრობა რუსული ტიპის ავტოტორიტარიზმის რეალურად გაფორმებას და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ისე გაფუჭებას, როგორც დღეს უკვე ჩანს იმ განცხადებებში და ღია კრიტიკაში, რასაც ვისმენთ საერთაშორისო პარტნიორებისგან.

_თქვენი აზრით, სახელისუფლებო გუნდში არის ისეთი საკადრო რესურსი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის მყარად შენარჩუნებას და განვითარებას შეძლებს? ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც დღეს შექმნილი მოცემულობის პოზიტიურისკენ შემობრუნების რაიმე ბერკეტები შეიძლება ჰქონდეთ, როგორც გუნდის შიგნით გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის დასაბრუნებლად?

ბოლო პერიოდში, ჩემი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები ინტენსიურად მეკითხებიან იგივეს. სასურველი იქნებოდა, ამაზე პოზიტიური პასუხი მქონოდა. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების ფორმალური მმართველობის ანატომია და მიტაცებული სახელმწიფოს ბერკეტები, რომლებიც სახეზეა, თითქმის გამორიცხავს ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორების ყოფნას. ვხედავთ კიდეც, წინა პრემიერ-მინისტრების ისტორიის მაგალითზე. ნებისმიერი მათგანი, როგორც კი შეეცდება, ცოტა უფრო დამოუკიდებელი და პროდასავლური პროფილი შეიძინოს, ავტომატურად ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან დაკავშირებული ხედვიდან გამომდინარე, მყისიერად გაურკვეველ ვითარებაში ასრულებს კარიერას.

თუმცა, აქ არის უკუღმა ლოგიკაც. მე ვფიქრობ, რომ ასეთი აქტორები შეიძლება, გამოჩდნენ „ქართული ოცნების გუნდში“. არა იმიტომ, რომ იდეურად სჯერათ, არამედ სუფთა პრაგმატული მოსაზრებებით, თუკი ამერიკას და ევროკავშირს პროაქტიური პოლიტიკა ექნება საქართველოში.

თუ გავიხსენებთ, ასე ხდებოდა შევარდნაძის პერიოდშიც. როდესაც ამერიკას ჰქონდა უკვე დეკლარირებული პოლიტიკა საქართველოსა და რეგიონში, უსაფრთხოების, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების კუთხით (ბაქო-ჯეიჰანის პროექტი, იგივე პანკისის ხეობაში არსებული სიტუაციის მოგვარებაში დახმარება). მას შემდეგ, რაც გაჩნდა ღიად გამოხატული ამერიკული ინტერესი, ავტომატურად შევარდნაძის სახელისუფლებო გუნდშიც მოიმატა პროდასავლურმა განწყობებმა. მაშინ, ძალიან ცოტა იყო პროდასავლური, იდეალისტი პოლიტიკოსი და აქტორი. აი, ამ ღიად გამოხატულმა და დაფიქსირებულმა ინტერესებმა უბიძგა ბევრ აქტორს, რომ პრაგმატულად ემოქმედათ, მოტივაციის მიხედვით.

აქედან გამომდინარე, თუ იქნება აქტიური ამერიკული პოლიტიკა, მაშინ გაჩნდებიან ასეთი პოლიტიკოსებიც. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დღის წესრიგში დატოვება იქნება ძალიან ძლიერი ბერკეტი იმისთვის, რომ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისკენ მიდრეკილი კლეპტოკრატიული სისტემა შეაჩეროს. პლუს, გააძლიეროს დემოკრატიული ინტერესები პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაშიც.

_აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განცხადა, რომ თუ საქართველოს სურს, შეუძლია შეუერთდეს მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას. მანამდე თურქეთის პრეზიდენტის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან რეგიონში ექვსთა პლატფორმის შექმნაზეც იყო საუბარი. ყარაბაღში დაგეგმილი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა კი, სწორედ ამ ხუთ ქვეყანას აკავშირებს. საქართველოს ინტერესებში, რამდენად შედის მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმაში ჩართვა?დასავლეთის პოზიცია როგორია ამ პლატფორმის მიმართ?

ნებისმიერ მოლაპარაკებაში უნდა ჩაერთო მაშინ, როდესაც ხელსაყრელი პოზიციები გაქვს. თუ არა, სჯობს საერთოდ არ ჩაერთო. თუ საქართველოში იქნება ავტორიტარული მმართველობა, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ქვეშ, დანარჩენი მსოფლიო კი გაგვაკრიტიკებს და იტყვის, რომ აღარ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და არც ევროპული მომავალი აღარ გვაქვს, ასეთ პირობებში რაიმე ტიპის ექვსთა ფორმატში შესვლა ნიშნავს, რომ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს ვერ დავიცავთ. საქართველოს ერთადერთი ძლიერი მხარე არის ის, რომ რეგიონში უნდა ვიყოთ დემოკრატიის შუქურა და ამის გამო გვქონდეს დასავლეთის და აშშ-ის მხარდაჭერა. აი ასეთ ტანდემში, ნებისმიერ ფორმატში შეგვიძლია მონაწილეობის მიღება, მაგრამ მაშინ, როდესაც დემოკრატიული უკანდახევის გამო გვაკრიტიკებენ, ჩვენი პოზიციონირება იქნება სუსტი, ბუნებრივია, ეს ფორმატი აბსოლუტურად წამგებიანია საქართველოსთვის და არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს.

ყველა საერთაშორისო ფორუმზე ვამბობ ხოლმე - საქართველო არ უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც სამხრეთ კავკასიური ქვეყანა. რაღაც რეგიონული ძალთა ბალანსის გადანაწილების ნაწილი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის რეგიონის ევროპული ტიპის ქვეყანა.

სამხრეთ კავკასია ერთიანი გეოპოლიტიკური რეგიონი არ არის ბევრი მიზეზის გამო. შავი ზღვა კი უფრო გეოპოლიტიკური ერთეულია. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საქართველო თვითიდენტიფიცირდეს შავი ზღვის რეგიონის ევროპულ ქვეყნად.

ეს სამხრეთ კავკასიური ინდენტიფიკაცია ხელს აძლევს რუსულ ლოგიკას, რომ ეს არის რუსეთის და ძლიერი სახელმწიფოების გავლენის სფერო და ისინი თავისი ინტერესების მიხედვით დაალაგებენ ბალანსს. სწორედ შავი ზღვის ევროპულ ქვეყნად ყოფნა არის ის სტრატეგიული ხედვა, რომელიც უნდა გვქონდეს. მაგრამ დღეს, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არც მსგავსი ხედვა ჩანს და უფრო მეტიც ამის საწინააღმდეგოდ მიჰყავთ ქვეყანაც და ქვეყნის ინტერესებიც.

_რაც შეეხება ყარაბაღის პლატფორმას, რამდენად უნდა ჩაერთოს საქართველო ან არ ჩაერთოს და რატომ?

ბევრი კონკრეტული ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენ ორივე მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ - ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური. მნიშვნელოვანია, რომ ყარაბაღის თემაში, საქართველომ არა პასიური, არამედ აქტიური ნეიტრალიტეტის პოზიციონირება მოახდინოს. აქტიური ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რეგიონში დასავლური ინტერესების მთავარი დასაყრდენი უნდა ვიყოთ. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, საქართველო უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ საქართველო. თავისი დემოკრატიული ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციით. მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით თავის სასარგებლოდ უნდა გადახაროს ბალანსი.

ჩვენ ვერც მხოლოდ ფულით, ეკონომიკით ან შეიარაღებული ძალებით ვერ ვიპოზიციონირებთ ეროვნული ამოცანების მისაღწევად, თუ ეს ერთიანი სტრატეგიული ხედვის ნაწილი არ იყო, რაზეც ზემოთ ვისუბრე. ეს აქტიური ნეიტრალიტეტი სწორედ ამას ნიშნავს, რომ ჩვენი მორალური უპირატესობა რეგიონში დემოკრატიის და დასავლეთთან სწორი ურთიერთობებით იმდენად იყოს გაზრდილი, რომ იგივე ექვსთა ფორმატში, ჩვენი ინტერესების ხარჯზე არ მოხდეს რაღაცების გადანაწილება რეგიონში.

_ექვსვთა პლატფორმის შექმნა, ნიშნავს თუ არა რუსეთის გავლენების პირდაპირ გაძლიერებას ჩვენს რეგიონში?

ექვსთა არა, უკვე ხუთთა. კიდევ კარგი ჩვენმა საგარეო სამინისტრომაც განაცხადა, რომ არ ჩაერთვებიან, თუმცა ინსტიტუციურად მოშლილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პირობებში ეს განცხადება არ წარმოადგენს გარანიტიას, რომ საწინააღმდეგო არ მოხდება.

_თუმცა 2020 წლის დეკემბერში პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ამ ფორმატზე და პოზიტიურ კონტექსტში ისაუბრა აღნიშნულ ინიციატივაზე?

სალომე ზურაბიშვილმა დეკემბერში რაც განაცხადა, ეს იყო წამგებიანი. მე ვფიქრობ, მას ეს თავისი ინიციატივით არ უთქვამს. ეს იყო ხელისუფლების მცდელობა, რეაგირება გაეტესტათ უბრალოდ, საერთაშორისო და შიდა რეაგირება იმდენად მწვავე იყო. სხვათა შორის, ესეც მომენტუმით სარგებლობის შემთხვევა იყო. ვიდრე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ახალ საგარეო პოლიტიკას დაალაგებდა, იყო მცდელობა, რომ ეს იდეა „გაეძვრინათ“. ეს არ არის ახალი იდეა - 2008 წელს,( აჰმედ დავით ოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) ომი ახალი დამთავრებული იყო, ეს იდეა რომ გააჟღერა თურქეთმა. რუსეთი სულ ცდილობს, საგარეო პოლიტიკის მიკრორეგიონალიზაცია მოახდინოს. საქართველოსთვის ასეთი ტიპის რეგიონალიზაცია წამგებიანია, ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის ევროპული დემოკრატიული იდენტიფიკაცია და არა სამხრეთ კავკასიური ავტორიტარული სახელმწიფო ან რაიმე ან სხვა ჰიბრიდული რეჟიმის სტატუსი.

როცა ვსაუბრობთ, რომ გეოპოლიტიკურად ევროპული ტიპის ქვეყნის იდენტიფიკაცია გვინდა, ეს მარტო განაცხადი არ არის. ამას, თან უნდა ახლდეს კონკრეტული ქმედებები და შესაბამისი პროექტები. მაგალითად, კონკრეტულ პროექტებს თუ გადავხედავთ, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია, გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სამხრეთ დერეფნისა, არსებობს ლოგისტიკური დერეფნის საკითხიც.

სწორედ ამ ლოგისტიკურმა დერეფანმა რომ ეფექტურობა შეიძინოს, „გრანდ სტრატეგია“ სჭირდება, რომელშიც უნდა შედიოდეს ანაკლიაც. ანაკლია არა როგორც საპორტო პროექტი, არამედ, როგორც გეოპოლიტიკური დერეფანი. „სტრატეგიქ ქონექტივიტი“, აი ეს „სტრატეგი ქონექტივიტი“ უნდა იყოს მთავარი იდეა, რომლითაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას შევიძენთ.

=

ეცნიერება

იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება - ნათია თურნავა

 20.02.2021 15:02

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება.

პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება.

„ჩვენს სტრატეგიულ ამოცანად რჩება ანაკლიის პროექტი, რაზეც საშუალება გვექნება, რომ ერთად ვიმსჯელოთ და ვფიქრობთ, რომ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებასთან ერთად მსოფლიოში ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. იმედი მაქვს, რომ ეს წელს მოხერხდება, მანამდე კი ვმუშაობთ სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც Europetime-თან საუბრისას ეკონომიკის საკითხების სპეციალისტმა დემურ გიორხელიძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ახალი ინვესტორების მოძიება ხელისუფების პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პორტის ირგვლივ დიდი რესურსის მქონე ინვესტორები თავისთავად ჩნდებიან, პროექტის გლობალურობიდან გამომდინარე.

„ინვესტორების მოძებნა არ არის ხელისუფლების ფუნქცია. ამ დროისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო. ვნახოთ, თუ მთავრობა სწორად მოიქცევა და ეროვნული ინტერესებიდან გამოვა, რა თქმა უნდა, ეს პროექტი გაკეთდება. ანაკლიის პროექტს არ აქვს თანხების მოძიების პრობლემა. ანაკლიის პროექტს აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის და პროფესიულ დონეზე ამ გადაწყვეტილების მიღების პრობლემა.

ეს არ არის უბრალოდ ქართული პროექტი, ეს არის საქართველოს რესურსის გამოყენება უდიდესი, ფაქტობრივად 21-ე საუკუნის ეკონომიკისათვის“, - აღნიშნავს ანაკლიის პორტის პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას კონსულტანტი დემურ გიორხელიძე.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე არც ერთი თეთრი არ შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ბიუჯეტიდან, რადგან ეს პროექტი არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს.

დემურ გიორხელიძე ანაკლიის პორტის ყოფილი ინვესტორის „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის“ მთავრობასთან დაპირისპირებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მან პირველივე დღიდან იცოდა, არც მამუკა ხაზარაძეს და არც კონსორციუმის ამერიკელ ინვესტორს, ანაკლიის პორტის ასაშენებელი ფული არ ჰქონდათ.

„ერთადერთი რაც ამ პროექტის განვითარებას აფერხებდა იყო ის, რომ პირველი ტენდერის გამოცხადების დროს, მთავრობის მხრიდან სერიოზული მიდგომა არ არსებობდა. მთავარი შეცდომა რამდენიმე წლის წინ დაუშვა საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ, როცა ტენდერში გაამარჯვებინა კომპანიას, რომელსაც არც ფული ჰქონდა და არც პროექტი. პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას მიწვევით, პირველივე დღიდან ვიყავი ჩართული ანაკლიის პორტის პროექტში. ყველა დეტალს ვიცნობდი. ტენდერის შედეგების გაგებისთანავე ვთქვი, რომ არც მამუკა ხაზარაძეს და არც ამერიკულ ჯგუფს პორტის ასაშენებლად ფული არ ჰქონდათ. შედეგიც მივიღეთ ძალიან ცუდი. როდესაც ასეთ გლობალურ პროექტზე სახელმწიფო ტენდერს აცხადებს და ინვესტორს არჩევს, მთავრობა უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა აინტერესებდეს პროექტის რაობა, რესურსის მაქსიმალური ათვისება, სარგებებლობა და არა ნეპოტიზმი, არა ძმაკაცობა და კულუარული გარიგებები, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ანაკლიის პორტის მსგავს გლობალურ პროექტებზე, ასეთი მიდგომა ყოველთვის კრახით სრულდება და ამიტომაც არაფერი გამოვიდა. შანსიც არ იყო“, - აღნიშნავს ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი დემურ გიორხელიძე.

საქართველოს მთავრობის გადწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, კონსორციუმმა საარბიტრაჟო სასამრთლოში სარჩელის შეტანით უპასუხა.

როგორც Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (TBC Holdings and Conti Group) განუცხადეს, ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან ყველაზე ჭკვიანი ნაბიჯი იქნება, კონსორციუმთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაა.

„გარდა იმისა, რომ მთავრობა სერიოზულ ფინანსურ რისკზე დგება, საარბიტრაჟო განხილვის დროს კარგად არის გააზრებული, რომ არც ერთი ლეგიტიმური დეველოპერი, ინვესტორი ან გამსესხებელი არ დაინტერესდება ანაკლიის ახალი და ცალკე პორტის პროექტით”, - განაცხადეს კონსორციუმში, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევად, ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილების შეფასებისას.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ორი საარბიტრაჟო სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ, საწყის ეტაპზეა და მისი განხილვა შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.

„საბოლოო პოზიტიური შედეგისადმი ჩვენი ნდობა კვლავ ძლიერია. ჩვენ გვსურს ვნახოთ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ამავდროულად, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინვესტორების ინტერესები, რის გამოც დავიწყეთ საარბიტრაჟო განხილვა. ამასთან, ჩვენი პირველი პრიორიტეტი რჩება ამ პროექტის განსახორციელება. შეჩერებული და დაგვიანებული ანაკლიის პორტის პროექტზე პრობლემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მთავრობას. თუმცა, ოცნება ანაკლიის მსოფლიო დონის პორტის აშენების შესახებ და ეკონომიკური სარგებელზე, რაც მას მოჰყვება, შესაძლოა, კვლავ გახდეს რეალობა. საჭიროა მხოლოდ მთავრობის მზაობა, შეაჩეროს ამ პროექტთან დაპირისპირება და მიიღოს აქტიური, პოზიტიური როლი უკვე მიღწეული პროგრესის ჩამოყალიბებაში. “,- განუცხადეს Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას კონსულტანტის დემურ გიორხელიძის თქმით, პროექტის გასაგრძელებლად ამ ეტაპზე ყველა ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს, მთვარია, ხელისუფლებამ ინვესტორის შერჩევისას გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდიანრე მიიღოს.

„ანაკლიის პორტი ეს არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში. ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველო. ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა. სარკინიგზოს ჩათვლით. მათ შორის აქტაუსა და ბაქოს პორტების ჩათვლით. გარდა ამისა, შავი ზღვის მეშვეობით დუნაის აუზის უზარმაზარი ევროპული ტერიტორია ექცევა ამ ტრასის ინტერესებში და ჩვენ ვიღებთ კლასიკური ოკეანისა და სუეცის არხის მეშვეობით, აზიის და ევროპის დამაკავშირებელ გაცილებით მოკლე გზას. რა თქმა უნდა, არის მეორე გზა, რუსეთზე გამავალი.

საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე როცაა საუბარი, ეს არ არის რთული საქმე. ამას დიდი კონსორციუმი თვითონ დააბალანსებს (გლობალურ ორგანიზაციების კონსორციუმი). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, დიდი საერთაშორისო მხარადჭერა აქვს, როგორც აშშ-დან ისე ევროკავშირიდან. კლასიკური ტარნსპორტის გარდა, ამ პროექტში თავს იყრის რამდენიმე სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პნევმატური მილის გაყვანილობა, რაც ტრანსპორტის ახალი სახეობა და ყველაფერს ცვლის. ანაკლია უნიკალური ადგილია, რომელსაც თან მოჰყვება იქვე, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით.

მხოლოდ და მხოლოდ შეცდომებმა შეაფერხა ეს პროექტი. ამ მთავრობას არ ეხება ეს შეცდომები, წინა მთავრობას ვგულისხმობ. (ანაკლის პორტის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა). თუ მთავრობა გაასწორებს ამ შეცდომებს და როგროც სჩანს ასწორებს, პროექტი გაგრძელდება“, - განუცხადა Europetime-ს დემურ გიორხელიძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 2016 წლის 8 თებერვალს სამთავრობო კომისიის მიერ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ქართულ-ამერიკული კომპანია შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group). გამარჯვებულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს. 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

=

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

“დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მიიღებენ თუ - არა ინვესტორები ანაკლიის ტენდერში მონაწილეობას”, - ამის შესახებ BM.GE-ის “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა. ის მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ანაკლიის პორტთან მიმართებით მორიგ ტენდერს გამოაცხადებს, პრობლემები იქნება, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებულ პირობებში ინვესტორმა ანაკლიის პორტში ფული ჩადოს.

“ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, რამდენად მიიღებს უცხოელი - ევროპელი თუ ამერიკელი ინვესტორი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში მონაწილეობას; არადა ამ პორტის განვითარებაში ზუსტად მათი დახმარება გვჭირდება. ასეთ ვითარებაში ძალიან ბევრი დივიდენდი, ძალიან ბევრი ბენეფიტი ექნება ამ ნავსადგურს. დაწყებული იქიდან, რომ ჩვენთან ინგლისური სამართალი შემოვა, სანაოსნოს განვითარების საშუალება გვექნება. ასევე დამატებით ისეთი პერსონალი შეგვიძლია გავზარდოთ, რომელსაც შემდეგ ევროპაში ძალიან მაღალ პოზიციებზე დავასაქმებთ. პარალელურად რამდენიმე ისეთი საკითხი არსებობს, რომელიც ნავსადგურის მშენებლობასთან ერთად განვითარდებოდა. ეს კი აუცილებელია ევროპის გზაზე მიმავალი სახელმწიფოსათვის“, - ამბობს “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი.

შეგახსენებთ: ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის პროექტის განსახორციელებლად ახალი ტენდერის გამოცხადებას სახელმწიფო უახლოეს თვეებში გეგმავს. პარალელურად, მთავრობასა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის დავა საერთაშორისო არბიტრაჟშია. 
 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

წლის პირველ ნახევარში უნდა შევძლოთ და ანაკლიის ახალი კონკურსი გამოვაცხადოთ - მინისტრი

 

ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი

საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ხელახალი კონკურსის გამოცხადებას 2021 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. ამის შესახებ განცხადება დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩემს სამინისტროს პრემიერ-მინისტრმა დაავალა ანაკლიის პორტის ახალი ტენდერის გამოცხადება მომზადდეს. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რამ მოხდა რეგიონშიც და გლობალურადაც პანდემიის გათვალისწინებით. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ, რათა განვაახლოთ სატენდერო დოკუმენტაცია, რომ წლის პირველ ნახევარში შევძლოთ გამოვაცხადოთ კონკურენტული შერჩევის პროცესი ინვესტორებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ: 2020 წლის 9 იანვარს საქართველოს მთავრობამ გაწყვიტა საინვესტიციო შეთანხმება კომპანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", რის მიზეზადაც კონსორციუმის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. უფრო კონკრეტულად კი, მთავრობამ განაცხადა, რომ კონსორციუმმა ვერ შეძლო გაეფორმებინა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან $400 მილიონი დოლარის საკრედიტო დაფინანსების ხელშეკრულებები. 

თავის მხრივ, კონსორციუმის განცხადებით, ამ შეთანხმებების გაფორმება ვერ მოხდა, რადგან საქართველოს მთავრობა მათი კომპანიის საბოტაჟირებით იყო დაკავებული, რაც მათ შორის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს უკავშირდებოდა. 

 

საქმეზე კონსორციუმმა სარჩელი საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში შეიტანა. 2021 წლის ბიუჯეტის პროგრამულ დოკუმენტში საქართველოს მთავრობამ შავით თეთრზე აღნიშნა, რომ მიმდინარე დავის გათვალისწინებით დაბალია შანსი იმისა, რომ ხელახალ ტენდერში მაღალი რეპუტაციით გამორჩეულმა ინვესტორებმა მიიღონ მონაწილეობა. 

"არსებული მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია, ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი", -  ნათქვამია პროგრამული ბიუჯეტის დოკუმენტში.

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა

  •  07.06.2021 22:06
180803-bezos-cash-at-space-program-00_yP

Europetime-მა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ექსკლუზიურად ჩაწერა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.

„ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის. ეს არის ის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ს.

რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europe Time დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება.

ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა.

მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, Europetime-მა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოში რამდენიმე დღის წინ ვიზიტით მყოფი „რესპუბლიკელი“ სენატორი რობ პორტმანიც ექსკლუზიურად ჩაწერა. სენატორი საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში კონგრესის დელეგაციის წევრმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით ის თავადაც აპირებს მუშაობას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა.

საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მშენებლებმა სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო მოედანი. მათ წასვლასთან ერთად საქართველოს ამ ეტაპზე ხელიდან გამოეცალა რეგიონში სტრატეგიული გეოპოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის შანსი.

პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ცოტა თუ ენდობა პროექტის ჩაგდების მთავრობისეულ ოფიციალურ მიზეზს — „ვალდებულებების შეუსრულებლობას“. არაერთი აქტორისთვის არის ცხადი, რომ „ქართულ ოცნებას“ — ბიძინა ივანიშვილს — არ სურდა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტი აეშენებინა.

კონსორციუმთან კონტრაქტის გაუქმების პარალელურად, ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი — მათ შორის ისინი, ვინც  საქართველოს საკითხებზე აქტიურად მუშაობენ — საქართველოს ხელისუფლებისთვის ბოლო პერიოდში გაგზავნილ წერილებში, დემოკრატიის უკუსვლასთან ერთად, ანაკლიის პორტის საკითხზეც გამოთქვამენ კრიტიკას.

იმის მიუხედავად, რომ მმართველ გუნდში ამას ჯიუტად უარყოფენ, პროექტის ჩაგდება და გუნდის ცალკეული წევრების განცხადებები კითხვის ნიშნებს აჩენს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შესახებ.

„ნეტგაზეთი“ ამ სტატიით ცდილობს პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ერთიან ანალიზსა და გარკვევას, თუ რატომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უფრო მეტი, ვიდრე რიგითი ინფრასტრუქტურული პროექტი, ვინ რა სარგებელსა თუ ზიანს იღებს ნავსადგურის აშენება-არაშენებით და ვინ და რატომ რჩება დამდგარი შედეგით მოგებული.

„საუკუნის პროექტი“, რომელიც არ შედგა

ანაკლია, შავი ზღვის სანაპირო, 2017 წლის 24 დეკემბერი — პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საზეიმო ღონისძიებაზე სიმბოლურად პირველ ნიჩბებს ასობენ ანაკლიის პორტის ასაშენებლად; კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

Anakliis-Porti.jpg

გიორგი კვირიკაშვილი და მამუკა ხაზარაძე საფუძველს უყრიან ანაკლიის პორტს. 24.12.2017 წელი. ფოტო: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

გადის ორი წელიწადი და გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობიდან გადამდგარია, პროექტის თანადამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული, რის შემდეგაც მათ პოლიტიკური პარტია აქვთ შექმნილი, პორტის მშენებლობა კი შეწყვეტილია.

დროის ამ ორ მონაკვეთს შორის გადაჭიმულია ჯაჭვი მოვლენებისა, რომლებიც საშინაო პოლიტიკაში, საგარეო ურთიერთობებსა და გეოპოლიტიკაშია გადახლართული და სადაც, ადგილობრივი გავლენიანი ფიგურების გარდა, ჩინეთის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესები იკვეთება.

პირველი ნაბიჯები

საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეა არაერთ წელს ითვლის — ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროიდან იღებს სათავეს, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში „ლაზიკის“ პროექტის სახეს იღებს და „ქართული ოცნების“ პერიოდში (თითქოს) კრისტალიზდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC-ის) მიერ მშენებლობის დაწყებით.

კონსორციუმი 2014 წელს დაარსდა. შპს-ის ფორმით არსებული კონსორციუმის მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში დღემდე რჩებიან სააქციო საზოგადოება „ანაკლია ჰოლდინგი“ 99.99%-იანი წილით და სახელმწიფო — სიმბოლური, 0.01%-იანი წილით.

პროექტს სათავეში ედგნენ დიდი ხნის ბიზნესპარტნიორები, TBC ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. კონსორციუმში, „თიბისი ჰოლდინგთან“ და სხვებთან ერთად, შედიოდნენ ამერიკული კომპანიები, SSA Marine და „კონტი ჯგუფი“, რომლის პროექტში მონაწილეობაზეც დამფუძნებლები და პროექტის მხარდამჭერები დიდ იმედებს ამყარებდნენ.

პორტის ასაშენებლად სახელმწიფოს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს — გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას — საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც კონსორციუმს პორტის მშენებლობისა და მისი ოპერირების უფლება მიენიჭა.

პორტის მშენებლობის პირველი ფაზის სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. რამდენიმე თვის განმავლობაში ნავსადგურის მშენებლობა შეუფერხებლად გრძელდებოდა.

ცვლილებების ქარი

საზოგადოებისთვის მოულოდნელად, 2018 წლის 13 ივნისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის მეგობარი იყო, თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის ოფიციალურ მიზეზად გაეროს ბავშვთა ფონდის, „იუნისეფის“ კვლევა დასახელდა, რომელმაც მწვავე სოციალური მდგომარეობა აჩვენა — რომ „ქვეყანაში ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს“.

ოფიციალური ვერსიით, სწორედ ამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება იყო კვირიკაშვილის წასვლის საფუძველი, თუმცა ამ ვერსიას ცოტამ თუ დაუჯერა.

მაშინვე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომლის თანახმადაც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მკაცრად ესაუბრა კვირიკაშვილს ხაზარაძესთან დაკავშირებით და მათი დაპირისპირების მთავარი მიზეზი ანაკლიის პორტის მშენებლობა გახდა.

13239967_275466392798392_322831713432072

გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი თბილისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაციაზე, 23.05.2016. ფოტო: პრემიერის პრესსამსახური

ამას, მართალია, „ქართული ოცნების“ წევრები დღემდე არ ადასტურებენ, თუმცა მმართველი გუნდიდან წამოსულმა ეკა ბესელიამ 2019 წლის ივლისში დაადასტურა, რომ იმ შეხვედრაზე, რაც კვირიკაშვილის გადადგომას უძღოდა წინ, „კრიტიკული და უარყოფითი განწყობა გამოჩნდა ამ პროექტისა და მათ შორის, ამ პროექტის სათავეში მყოფი მამუკა ხაზარაძის მიმართ“.

თანდათან ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ ივანიშვილის სკეპტიციზმი გამოიკვეთა. ასე, მაგალითად: 2019 წლის 10 აპრილს „იმედზე“ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტი არ არის „ხიბლიანი ბიზნესპროექტი“;

2019 წლის ოქტომბერში მამუკა ხაზარაძის მონათხრობს თუ დავუჯერებთ „მთავარ არხზე“, მან ივანიშვილისგან 2017 წელს შემდეგი სიტყვები მოისმინა:

„იცი რა, მოდი, შევეშვათ ანაკლიას. შენ, ეტყობა, გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი… რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!… ვფიქრობდი, რომ ჩინური სახელმწიფო კომპანია უნდა ყოფილიყო ინვესტორი და ახლა ამის პერსპექტივას ვეღარ ვხედავ“…

ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ „კვირიკაშვილი გადაჰყვა პოპულარობას დასავლეთში“ და აშშ-ში კვირიკაშვილის ვიზიტი გაიხსენა. 2017 წლის მაისში შტატებში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში დაუგეგმავად მიიღო, რაც იშვიათი დიპლომატიური ჟესტია.

Honored to welcome Georgia Prime Minister, Giorgi Kvirikashvili to the @WhiteHouse today with @VP Mike Pence. https://t.co/EAPvsrbrUO pic.twitter.com/FnKkuWLFDp

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 8, 2017

 

ამ შეხვედრას ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსიც ესწრებოდა, რომელიც კვირიკაშვილის უშუალო მასპინძლად სახელდებოდა.

18402601_453200718358291_491436412927850

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპი და მაიკ პენსი თეთრი სახლის ოვალურ ოფისში. 8 მაისი, 2017.

მოგვიანებით, 24 მაისს, მაიკ პენსმა კვირიკაშვილი ვაშინგტონში, საკუთარ რეზიდენციაში მიიღო.

pence-and-kvirikashvili.jpg

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პენსის რეზიდენციაში. 24.05.2017

კვირიკაშვილის გადადგომიდან სულ რამდენიმე კვირაში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ TBC-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ პროკურატურა გამოძიების დაწყებას გეგმავდა ფულის გათეთრების საქმეზე, თუმცა ეს ამბავი ოფიციალურად არ დადასტურებულა, თიბისი ბანკმა კი უარყო.

მოგვიანებით დადასტურდა, რომ გავრცელებული ცნობა ნამდვილი იყო, — გამოძიება 10 წლის წინანდელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით 2018 წლის 2 აგვისტოს მართლაც დაწყებულა, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მხოლოდ 2019 წლის იანვარში აწვდიან პროკურატურის საგანგებო ბრიფინგზე.

სწორედ აქედან იწყება ღია დაპირისპირებების ტალღა ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის. საპარლამენტო შეხვედრების, სატელევიზიო ინტერვიუების, განცხადებებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე, თანდათან მყარდება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს აღარ სურს ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა, მინიმუმ ანაკლიის კონსორციუმთან ერთად.

ამ შთაბეჭდილებას შემდეგი გარემოებაც ამყარებს: 2019 წლის 29 მაისს ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფოს, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს, 2 მაისს დაუმტკიცებია ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“. ამას ანაკლიის კონსორციუმი ანაკლიის პორტისთვის საფრთხის შემცველად აფასებს და განგაშს ტეხს.

უკან დახევა?

ეს საკითხი მეორე დღესვე იწურება იმით, რომ ეკონომიკის სამინისტრო აუქმებს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირობების დოკუმენტს; მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საკითხი მასთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა; ერთ პირს — ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელ გრიგოლ კაკაურიძეს თანამდებობიდან ათავისუფლებენ.

ფოთის ნავსადგურის ეპიზოდიდან ორი კვირაც არაა გასული, რომ კვირიკაშვილის შემცვლელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, რომელიც საერთო ბრიფინგზე ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად ცალსახა განცხადებას აკეთებს:

 

„გამოვთქვი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და დაიცავს საქართველოს რუსული თუ ჩინური მტაცებლური ეკონომიკური გავლენებისგან. ამ ვითომ-მეგობრებს გულში არ უდევთ საქართველოს საუკეთესო ინტერესები“…

პროექტი მაინც ჩაიშალა

ამის შემდეგ მთავრობას, ერთი შეხედვით, ანაკლიის პორტის აშენების ენთუზიაზმი დაუბრუნდა: 12 ივნისს, პომპეოს განცხადებიდან მეორე დღესვე, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პროექტის ფინანსური დახურვის ვადა 6 თვით გადაუწია.

თუმცა ამ ნაბიჯის პარალელურად განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ პორტის მომავალი და მოჩვენებითი ენთუზიაზმი გააქრო:

ზუსტად 12 დღეში, 24 ივნისს, ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს 16 754 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრების, ბრალდებით, წინა წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98.jpg

მარცხნიდან მარჯვნივ: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში. 22.08.2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

ბიზნესპარტნიორები კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს ტოვებენ. თუმცა  საქმეს ვერც ამან უშველა: ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ 8 აგვისტოს გამოაცხადა, რომ პროექტიდან გადიოდა. არადა, „კონტი ჯგუფის“ მფლობელი კურტ კონტი, რომელიც მამუკა ხაზარაძის ჯგუფელი იყო უნივერსიტეტში, ხაზარაძის თქმით, საქართველოში ინვესტირების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

ვადა, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სასესხო ვალდებულებების შესახებ პირველადი საბუთები უნდა წარედგინა, არაერთგზის გადადების შემდეგ, 30 დეკემბერს ამოიწურა. საბოლოოდ, 2020 წლის 9 იანვარს, მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი ოფიციალურად შეწყვიტა.

%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90-%E1

მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს. ახლა საუბარია კონკურსის ხელახლა გამოცხადებაზე, სადაც ახალი პრეტენდენტები უნდა გამოჩნდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მიიღებს ინტერესთან გამოხატვაში მონაწილეობას.

 

გაჩერების ოფიციალური მიზეზი

 

პროექტის ჩავარდნისა და მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მხრიდან ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.

კერძოდ, „ნეტგაზეთთან“ საუბარში დავით ჯავახაძე, ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტოს [ეს უწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია] დირექტორი ამბობს, რომ კონსორციუმმა:

  • ვერ შეძლო საკუთარი კაპიტალის $120 მილიონის წარმოდგენა;
  • ვერ შეძლო $400-მილიონიანი სესხის მოძიება;
  • ვერ მოახერხა პორტის კომერციულ ოპერატორთან და მშენებლ ორგანიზაციასთან მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმება;
  • ვერ წარმოადგინა წინასამშენებლო გარანტია $20 მილიონის ოდენობით;
  • ვერ წარმოადგინა სამშენებლო გარანტია $40 მილიონის ოდენობით;
სხვა მიზეზი?

კონსორციუმში ამ მიზეზს შეცდომაში შემყვანად აღიქვამენ იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ პროექტისთვის კრიტიკულ მომენტში დამფუძნებლების წინააღმდეგ მოულოდნელად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, რამაც, მათი მტკიცებით, არსებული და პოტენციური ინვესტორები დააფრთხო. ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს.

კითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია მთავრობის პოზიცია ამ საკითხზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი (და ბოლო) თავმჯდომარე დავით რაქვიაშვილი, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას მუშაობდა, „ნეტგაზეთს“ ეუბნება:

„მეორე ბოლოდან უნდა შევხედოთ მთელ ამ ამბავს — ის, რა შედეგიც დადგა, ცალსახად არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის არახელსაყრელი შედეგი“.

%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%

დავით რაქვიაშვილი

„ცხადია, როდესაც ასეთი მაღალია მარჟა, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი, ყველაფერი უნდა ეღონა, პირველ რიგში, სახელმწიფოს, რომელიც ამ პროექტის მთავარი ლოკომოტივია, რათა ამ პერსპექტივას ხორცი შესხმოდა“, – ამბობს იგი.

თუმცა სანამ პასუხი გაეცემა კითხვას, სხვა რა მიზეზი შეიძლება პროექტის გაჩერებას ჰქონოდა (და ვინ რჩება ამ შედეგით მოგებული), მიმოვიხილოთ, რატომ ანიჭებდნენ ანაკლიის ნავსადგურს ასეთ მნიშვნელობას — ვისთვის რას ცვლიდა?

პირველი ღრმაწყლოვანი პორტი

საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

შავი ზღვის აკვატორიაში ღრმაწყლოვანი პორტები შემდეგია: რუმინეთის „კონსტანცა“, ბულგარეთის „ბურგასი“, უკრაინის „ოდესა“, „ილიჩევსკი“ და „იუჟნი“, თურქეთის „ერდერიმი“ და „რიზე“ და რუსეთის „ტუაფე“ და ნოვორასიისკი“ და ჯერ კიდევ ბოლომდე დაუსრულებელი „ტამანი“.

ღრმაწყლოვან ნავსადგურს სხვა, სტანდარტული პორტებისგან წყლის სიღრმე განასხვავებს, რაც ასევე დიდი ზომისა და მძიმედ დატვირთული გემების მიღების შესაძლებლობას გულისხმობს.

%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%

ანაკლიის პორტის პროექტი. წყარო: ანაკლიის განვითარების კონსორიცუმი

პროექტის გათვლების თანახმად, 2021 წლისთვის, როცა მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებული უნდა ყოფილიყო, პორტის სიღრმე იქნებოდა 16 მეტრი — გაცილებით მეტი, ვიდრე ფოთისა და ბათუმის პორტები — და შეეძლებოდა, პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის (ანუ დიდი საკონტეინერო) გემები მიეღო.

სპეციალისტები სხვადასხვა არგუმენტით განმარტავენ პორტის სტრატეგიულობას — იმას, თუ რატომ იქნებოდა პორტი მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის.

რატომ სტრატეგიული?

სტრატეგიულობა, როგორც საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია განმარტავს, ხანგრძლივი ინტერესების მსახურებას ნიშნავს: „სტრატეგიული პროექტი პოლიტიკური თუ გეოგრაფიული ცვლილებების მიუხედავად თავის მნიშვნელობას ინარჩუნებს არაერთი განზომილებით — ეს არის საერთაშორისო და შიდა ეკონომიკა, ქვეყნის პოლიტიკური ფუნქცია და სამხედრო და უსაფრთხოების კომპონენტი“. ანაკლიის პორტი კი, მისი თქმითვე, ზუსტად ჯდება ამ განსაზღვრებაში.

ეკონომიკურ ნაწილში, სხვა ასპექტებთან (სამუშაო ადგილები) ერთად, სპეციალისტები გულისხმობენ დამატებითი ტვირთებით მიღებულ პოტენციურ შემოსავალს. თუკი, მაგალითად, ფოთის პორტმა, „ეი-პი-ემ ტერმინალსის“ თანახმად, 2017 წელს 6,6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, ანაკლიის კონსორციუმი წერდა, რომ მათი პორტის გამტარუნარიანობა განვითარების 9-ვე ფაზის დასრულების შემდეგ 100 მლნ ტონა იქნებოდა. ტვირთების გაზრდილი ოდენობა კი თავისთავად გულისხმობს მეტ გადასახადსა და შემოსავალს.

პორტი, როგორც უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი თეონა აქუბარდია გვეუბნება, არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო შემდეგი აზრითაც: „საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც ქვეყანამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით შეიძინა, ღრმაწყლოვანი პორტი გაცილებით უფრო მეტად გააძლიერებდა და დამატებით სტრატეგიულ მნიშვნელობას შესძენდა“.

baku-tbs-ce.jpg

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (რუკაზე მწვანე ხაზით). წყარო: wikimedia commons

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის მშენებლობაც ედუარდ შევარდნაძის პერიოდში დაიწყო და სააკაშვილის პრეზიდენტობისას, 2005 წელს დასრულდა, მსოფლიოში სიგრძით მეორე ნავთობსადენია; მას აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთის ქალაქ ჯეიჰანში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე გადააქვს ნავთობი.

როგორც აქუბარდია ამბობს, ნებისმიერი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება მრავალმხრივ არის მნიშნველოვანი: „ეკონომიკა და უსაფრთხოების საკითხები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ამ შემთხვევაშიც, პორტის მშენებლობას მოჰქონდა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიები. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ აქ იდებოდა ინვესტიციები სტრატეგიული პარტნიორის [აშშ-ის] მხრიდან, მეორე მხრივ, ამ პორტს მრავალი ქვეყანა გამოიყენებდა, რაც განაპირობებდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების ამაღლებას“, – ამბობს აქუბარდია, რომელიც უშიშროების საბჭოს გაუქმებამდე საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა.

„ლოჯისტიკური ხაზის შემკვრელი“

უშიშროების საბჭოს მდივნის კიდევ ერთი ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია, რომელიც პოსტს 2011-2013 წლებში იკავებდა, მანამდე კი, 2008 წლიდან, საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში, „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ ანაკლიის პორტი გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მყარად დაუმკვიდრებდა ადგილს მსოფლიო ლოჯისტიკურ რუკაზე, როგორც მთავარ სატრანზიტო ხაზს სამხედრო თუ არასამხედრო მიზნებისთვის. მაგალითისთვის მას ასეთი ისტორია მოჰყავს:

„როდესაც ავღანეთში ოპერაცია [ISAF, ნატოს „საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების“ მისია] პიკში გადავიდა, ამერიკა-ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა და რუსეთმა ნელ-ნელა დაიწყო ავღანეთში ჯარების მომარაგების სატრანზიტო გზაზე გადაადგილების შეზღუდვა, რამაც ალტერნატიული გზის საჭიროება გააჩინა.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე ტვირთი ავღანეთში ავიაციით ჩადის ხოლმე, მაგრამ დანარჩენი, ანუ ტვირთის დაახლოებით 80%-ის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ხდება სახმელეთო-სარკინიგზო და საზღვაო გზების კომბინაციით.

საწყის ეტაპზე, როდესაც რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ ისე არ იყო არეული, როგორც ბოლო პერიოდში, ტრანზიტი ძირითადად ხდებოდა ორი გზით: ჩრდილოეთ განაწილების ქსელის (NDN – Northern Distribution Network-ის) და ავპაკის (AfPak), ანუ ავღანეთ-პაკისტანის მონაკვეთის, გამოყენებით“.

NDN-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A

NDN-ის ორივე მარშრუტი. წყარო: https://www.globalsecurity.org/

NDN-ის თავდაპირველი ხაზი რიგის პორტში იწყებოდა ბალტიის ზღვაზე, სარკინიგზო გზით რუსეთის ტერიტორიაზე გადიოდა, შემდეგ ყაზახეთსა და უზბეკეთს კვეთდა და ასე აღწევდა ავღანეთის ჩრდილოეთ საზღვარს, საიდანაც დანიშნულების საბოლოო წერტილამდე სატვირთო მანქანებით მიდიოდა ჰინდუ კუშის მთების გავლით; მეორე ხაზით — „ავპაკით“ — ინდოეთის ოკეანიდან ხდებოდა ტვირთების მიწოდება.

ბათუ ქუთელია იხსენებს: „ავღანეთ-პაკისტანის კორიდორს პრობლემები ექმნებოდა [თავდასხმები თალიბანის მხრიდან და ა,შ]; NDN თავდაპირველად კარგად მუშაობდა, მაგრამ როდესაც აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ლოჯისტიკური პრობლემები შეექმნათ დასავლეთისთვის ავღანეთში, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა პარალელური გზის ძიება.

ეს უკვე 2009-2010 წელია, როდესაც შევიმუშავეთ ახალი გზა — NDN-South, ანუ ჩრდილო განაწილების ქსელის სამხრეთის შტო. სწორედ მაშინ შემოვიდა ფოთში დანიური ბიზნესკონგლომერატი „მაერსკი“, რომელიც გემების ერთ-ერთი უდიდესი ოპერატორია მსოფლიოში.

ამ ხაზით ჩვენ სამხედრო ლოჯისტიკურ რუკაზე გავჩნდით, როგორც სტაბილური ალტერნატივა. მთელი ამ ლოჯისტიკური ტრანზიტის 90%-მა, მათ შორის ავიასაწვავმა, გადმოინაცვლა საქართველოზე, საიდანაც აზერბაიჯანისა [კასპიის ზღვიდან] და ცენტრალური აზიის [თურქმენეთისა და უზბეკეთის] გავლით მიჰქონდათ ეს ტვირთი. ამან ძალიან დიდი სტაბილურობა შესძინა ოპერაციას, რადგან ეს იყო გზა, რომელზეც რუსეთს არ ჰქონდა გავლენა — ის ვერ ბლოკავდა ამ ლოჯისტიკურ ხაზს.

გარდა ამისა, ამან მაშინ ეკონომიკურადაც საკმაოდ დიდი სარგებელი მოიტანა სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, რადგან პროცესში ქართული კომპანიები იყვნენ ჩართულნი.

IMG_7887-525x350.jpg

ბათუ ქუთელია. ფოტო: ნეტგაზეთი

მოგვიანებით, როდესაც საუბარი დაიწყო ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე და ამის პარალელურად დაიწყო უკანა ტრანზიტზე საუბარი, აქაც შეიქმნა პრობლემები. ჯარის გამოყვანას კიდევ უფრო მეტად მგრძნობიარობა აქვს, რადგან უსაფრთხოების რისკები მაღალია. ნაწილი მოდის ავიაციით, მაგრამ ტვირთი უნდა წამოვიდეს უახლოეს მეგობრულ ქვეყანაში — ასეთი ერთი თურქეთი იყო, მეორე კი- საქართველო.

ამ საკითხზე 2011 წლიდან დავიწყეთ მუშაობა და 2012 წელს უკვე კარგად აკინძული პაკეტი გვქონდა, თუ როგორ უნდა ემუშავა უკუტრანზიტს. თუმცა 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში, უკუტრანზიტის მთელი ეს ფუნქცია გადავიდა თურქეთში.

ერთი სიტყვით, ეს იყო ჩვენი კარგი შანსი, რომელიც არ გამოვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს შანსი ჯერ კიდევ არ არსებობს და არ სჭირდება გამოყენება“.

ქუთელია განმარტავს, რომ ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზასთან და კარგად გამართულ აეროპორტებთან ერთად ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა „შექმნიდა მულტიმოდალური ლოჯისტიკური ხაზის კონცეფციას — არა ცალკეულ ლოჯისტიკურ გზას, არამედ ლოჯისტიკურ ქსელს“.

„რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი“

კიდევ ერთი ფუნქცია, რომელსაც ანაკლიის პორტისთვის მოიაზრებდნენ, შავ ზღვაში რუსეთის ექსპანსიას უკავშირდება — რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიას, რამაც შავ ზღვაზე სამხედრო ბალანსი შეცვალა.

„შარშან, მაგალითად, რუსეთმა ჩაატარა შავ ზღვაზე დიდი სამხედრო წვრთნები და ამ წვრთნების წინ გამოაცხადა დახურული კვადრატები შავ ზღვაზე. რეალურად რამდენიმე დღით მთელი შავი ზღვა კომერციული საქმიანობისთვის ჩაკეტა“, – გვეუბნება ბათუ ქუთელია. მისი თქმით, ამან ბევრ კითხვის ნიშანთან ერთად გააჩინა საჭიროება, რაიმე შემაკავებელი ძალა ყოფილიყო, რომ მომავალში რუსეთმა ბოროტად არ გამოიყენოს თავისი შავ ზღვაზე მდებარეობა.

„ძალთა ბალანსი დაირღვა უკვე რუსეთის მიერ და ამიტომაც გაზარდა ნატომ თავისი სამხედრო წვრთნები შავ ზღვაზე, რათა შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს პუტინის სხვა აგრესიული ქმედებების მიმართ“, – ამბობს ქუთელია და ამავე კონტექსტში ახსენებს ამერიკისა და ნატოს უპრეცედენტოდ დიდ სამხედრო სწავლებას „ევროპის მცველს“ (Defender Europe 20).

წვრთნებში საქართველოც მონაწილეობს. ქუთელიას განმარტებით, სწავლების ერთ-ერთი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შესაძლო კონფლიქტურ საომარ თეატრში ამერიკული და მოკავშირეების ევროპული სამხედრო ბაზებიდან ტექნიკის გადასროლა.

IMG_20150827_131608-467x350.jpg

ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი თბილისში © ნეტგაზეთი

„იმის მიუხედავად, რომ წვრთნებისთვის ფოთის პორტს იყენებენ, მას კომერციული დატვირთვა აქვს“, – ამბობს ქუთელია.

2019 წლის სექტემბერში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი USNS Yuma T-EPF-8 ფოთის პორტში ვერ შევიდა, ვინაიდან აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ნავმისადგომი კომერციულ გემს ჰქონდა დაკავებული.

ამის გათვალისწინებით ამბობს ქუთელია, რომ ახალ პორტს, თეორიულად, დამატებით ამ სამხედრო ოპერაციისთვისაც ექნებოდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. „ერთი სიტყვით, საქართველოსთვის ეს იყო შანსი, რომ გაეზარდა ჩვენი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ნატოსთვის“, – ამბობს იგი.

[ნახეთ ასევე: „აშშ-ის გემის შემთხვევა ადასტურებს ანაკლიის პორტის საჭიროებას“]

რატომ არ უნდა რუსეთს?

ექსპერტების თქმით, სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც ანაკლიის პორტის აშენება, აშშ-ნატოსთან საქართველოს დაახლოების ფონზე, რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამის გარდა, სახელდება რისკი, რომ ანაკლიის პორტი ტვირთებს წაართმევს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტს.

„ატლანტიკური საბჭოს“ ცნობით, შავ ზღვაზე რუსეთის ნოვოროსიისკის პორტი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო ჰაბია. რუსეთის ტვირთების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ პორტზე მოდის (მთელი რუსეთის საიმპორტო და საექსპორტო ტვირთის 20%); ამასთან, ტვირთების გადაზიდვის კუთხით ეს პორტი ევროპაში მე-5 ადგილს იკავებს.

„ლოგიკურად, კარგად გამართული პორტი „ანაკლია“ ნოვოროსიისკის პორტს მართლაც წაართმევდა ტვირთებს“, – ამბობს ქუთელია და განმარტავს: „ყველა მაჩვენებლით, ანაკლიის პორტი მოახერხებდა უკეთესი სერვისის შეთავაზებას და გააიაფებდა გადაზიდვას. თანაც, რუსეთი ნოვოროსიისკის პორტისა და, ზოგადად, პორტების კონტროლს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. არადა, არაერთი ქვეყნის, მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნების, ინტერესია, ჩამოეხსნან რუსულ ლოჯისტიკურ დამოკიდებულებას. ამიტომაც, ძალიან დიდი უზბეკური, ყაზახური და სხვა ცენტრალური აზიის ტვირთები საქართველოდან უფრო კომფორტულად ივლიდა, ვიდრე, ვთქვათ, ნოვოროსიისკი-რუსეთის მიმართულებით“.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა, კერძოდ კი რუსულმა კონსორციუმმა RusMorPort-მა, 2013 წელს დაიწყო ტამანის პორტის მშენებლობა ქერჩის სრუტესთან [ქერჩის სრუტე შავ და აზოვის ზღვებს აკავშირებს] და 2019 წელს გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთი აჩქარებს მისი მშენებლობის საბოლოოდ დასრულების პროცესს.

„ის, რაც აშშ-სთვის საჰაერო პროგრამა იყო“

ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე მხოლოდ ადგილობრივი სპეციალისტები არ საუბრობენ. მაგალითად, გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი იყო 2014-17 წლებში, „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენებით გაიზრდება საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO-ში) გაერთიანების შანსი.

„რუმინეთი მაშინვე მიიღებს სარგებელს, კონსტანცას პორტი [უდიდესი პორტი შავ ზღვაზე] გახდება მნიშვნელოვანი პორტი, მდინარე დუნაი გახდება მნიშვნელოვანი არტერია, რადგან დაიწყება კონტეინერების გადაზიდვა დუნაის მეშვეობით, ევროპის შუაგულისაკენ… მე წარმომიდგენია, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები რეგულარულად ეწვევიან ხოლმე ანაკლიის პორტს მონტრეს კონვენციის შეზღუდვების ფარგლებში, რაც ასევე გააძლიერებს კოლექტიურ უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში“, — გვითხრა 2019 წლის სექტემბერში ჰოჯესმა, რომელიც ამჟამად ევროპული პოლიტიკის ანალიტიკურ ცენტრში (CEPA) მუშაობს.

[მონტრეს კონვენცია 1936 წელს დადებული ხელშეკრულებაა, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე სრულ კონტროლს თურქეთს ანიჭებს და საზღვაო ხომალდების ტრანზიტს არეგულირებს].

282D004B-1358-49DD-B9C8-96807AB1B60B_w15

გენერალი ბენ ჰოჯესი. ფოტო: AP

ჰოჯესის შეფასებით, „ანაკლიის პორტი საქართველოსთვის იქნება ის, რაც აშშ-სთვის იყო საჰაერო პროგრამა [გრანდიოზული პროექტი, რისი ნაწილიც არის NASA – აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო]“.

ჩინეთის ინტერესი?

კიდევ ერთი საერთაშორისო აქტორი, რომელიც ანაკლიის პორტით არის დაინტერესებული, ჩინეთია. ანაკლიის პორტი კარგად ჯდება ჩინეთის ამბიციურ პროექტში — „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ (ამჟამად ეწოდება „სარტყელისა და გზის ინიციატივა (BRI)). ამ მულტიმილიარდიან პროექტს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩაუყარა საფუძველი.

BRI ემსახურება ჩინურ ეკონომიკურ სტრატეგიას, რათა ჩინეთში დამზადებულ პროდუქციას უკეთესი წვდომა ჰქონდეს ევროპულ ბაზრებზე. ამ პროექტის ფარგლებში ჩინეთის სახელმწიფო სხვადასხვა ქვეყნის პორტსა თუ სატრანსპორტო დაწესებულებებში წილების შესყიდვას ცდილობს და ახორციელებს, ავითარებს ინფრასტრუქტურას და დებს ინვესტიციებს თითქმის ყველგან — ევროპაში, აზიაში (ახლო აღმოსავლეთი), ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.

Cinetis-mxaradcherili-portebi.png

პორტები მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ჩინური ინტერესი/კაპიტალია, მათ შორის ფოთის პორტი. რუკა: New York Times

ჩინეთთან დაკავშირებული კომპანიები საქართველოშიც ფუნქციონირებენ: ფოთში, ანაკლიის სამხრეთით ახლომდებარე საპორტო ქალაქში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-ს ჩინური კონგლომერატი — CEFC China Energy ფლობს; ამასთან, საქართველოში არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში [სარკინიგზო თუ საგზაო მშენებლობების] ჩინური კომპანიები იმარჯვებენ, მათ შორის „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“, რომელსაც მსოფლიო ბანკმა გასულ წელს 9 თვით აუკრძალა ტენდერებში მონაწილეობა.

%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ იი თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ფოტო: საგარეო სამინისტრო

ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას შემდეგი გარემოება აჩვენებს: 2016 წელს გამოცხადებულ ტენდერში ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესი რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ გამოხატა; მეორე ეტაპზე გადავიდა ქართულ-ჩინური კონსორციუმი, თუმცა, ქართულ-ამერიკულ „ანაკლიასთან“ დამარცხდა [დამარცხებულ კონსორციუმში შედიოდნენ ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (ჩინეთი); BRITISH ECO POWER LTD (დიდი ბრიტანეთი); სპარტაკ ერაგია – ფიზიკური პირი].

ამასთან, სახელმწიფო ლიდერებს შორის BRI-ს საკითხზე არაერთი შეხვედრა გამართულა ბოლო წლების განმავლობაში როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში. მაგალითად, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ იი 2019 წლის მაისში ეწვია საქართველოს. ვიზიტისას, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, „ყურადღება გამახვილდა „სარტყლისა და გზის“ გლობალურ ინიციატივაზე და ამ პროექტში საქართველოს უფრო მეტ ჩართულობაზე; ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ის სრულად იზიარებს საქართველოს მისწრაფებას გახდეს სატრანსპორტო-სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი ევროპასა და აზიას შორის“.

2015 და 2017 წლებში თბილისში ჩატარდა მაღალი დონის ფორუმები, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ და „სარტყლისა და გზის ფორუმი“. 2017 წელსვე ჩინეთი საქართველოს ზომით მე-3 სავაჭრო პარტნიორი გახდა თურქეთისა და რუსეთის შემდეგ და აზერბაიჯანს გადაასწრო.

თუმცა იმის ფონზე, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს, აშშ-ის ინტერესებში არ შედის ჩინეთის რაიმე სახით მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში. აშშ-ის ეს პოზიცია სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნათლად დააფიქსირა ბახტაძესთან ბრიფინგზე, როდესაც ჩინეთს, რუსეთთან ერთად, საქართველოს „მოჩვენებითი მეგობარი“, მათ ეკონომიკას კი „მტაცებლური“ უწოდა.

ამის გათვალისწინებით, ბათუ ქუთელია ამბობს: „სამწუხაროა, მაგრამ ჩინეთის სტრატეგიული ინტერესები ჩვენთან რეგიონსა და ანაკლიასთან მიმართებაში ემთხვევა არა აშშ-ის, არამედ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს. ხოლო საქართველოს სტრატეგიული ინტერესები კი 100%-ით ემთხვევა აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს“.

„რუსეთის საფრთხის გამო“ – რეალური მიზეზი

რუსეთის ოფიციალურ პირებს, მართალია, დამოუკიდებლად არ გაუკეთებიათ ანაკლიის პორტის საწინააღმდეგო განცხადებები, თუმცა ისტორიას შემორჩა 2019 წლის 13 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის კომენტარი მაიკ პომპეოს ზემოხსენებულ ნათქვამზე: „საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს“.

cms-image-000019410.jpg

გრიგორი კარასინი

საქართველომ კი, საბოლოო ჯამში, ასე გადაწყვიტა: ანაკლიის პორტი ამ ეტაპზე არ აშენდება. სწორედ ზემოთ განხილული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევდნენ სპეციალისტები, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებებში რუსეთის ფაქტორი გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო.

2020 წლის 9 იანვარს, მას შემდეგ, რაც ანაკლიის კონსორციუმთან ოფიციალურად გაუქმდა კონტრაქტი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია, ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინების გამო შეაფერხა.

%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%

რომან კაკულია

კაკულია დაეთანხმა ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, რომელიც ასე იყო ფორმულირებული, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებაში ბიძინა ივანიშვილმა „დაინახა საფრთხე რუსეთთან ურთიერთობაში, ამიტომ მეორე ხელით დაიწყო მთავარი მოთამაშეების, ხაზარაძისა და ჯაფარიძის დისკრედიტაცია, პროექტისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა, რადგან ურჩევნია, ამას ხაზარაძის დევნა დაერქვას, ვიდრე თქვას, რომ ეს არის საფრთხეების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება“.

[ვრცლად კაკულიას ნათქვამის შესახებ წაიკითხეთ აქ]

მოგვიანებით კაკულიამ უკან დაიხია და თქვა, რომ „ცალსახად“ არ უთქვამს, რომ რუსულ საფრთხეებთან დაკავშირებული მოსაზრებები იყო კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. თუმცა კომენტატორებისთვის ცალსახაა, რომ კაკულიას ეს განცხადება რეალურ სურათს ასახავს.

თეონა აქუბარდიამ, მაგალითად, „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში კაკულიას ამ ნათქვამს „აღიარებითი ჩვენება“ უწოდა, ხოლო ამ გადაწყვეტილების მიღმა მდგარ პოლიტიკას — „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ — მცდარი, ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამო პოლიტიკა.

„ვინ იანგარიშა ამ პროექტის ინტერესების წინააღმდეგობა რუსეთის საფრთხესთან? ამას როდესაც ასე ღიად ამბობენ, სერიოზული პრობლემაა. მით უმეტეს, იმ სხვა მიმდინარე თემებთან ერთად, როდესაც ქართულ ოცნებას ბრალს დებენ რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში“, – ამბობს აქუბარდია.

%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9C%E1%

თეონა აქუბარდია. ფოტო: ნეტგაზეთი

მისი შეფასებით, აშკარაა, რომ „საქართველოს ხელისუფლებას აქვს კურსი, რომ რუსეთთან წავიდეს ისეთ დათმობებზე, რომლებიც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ეს კურსი სხვადასხვა დონეზე ვლინდება, მათ შორის მცოცავი ოკუპაციის საკითხსა და მთლიანად საქართველოს საგარეო პოლიტიკაში“. ანაკლიის პორტზე გადაწყვეტილებაც ამ კონტექსტში ეწერება: „ჩანს, ყველაფერი შეეწირა საქართველოს მთავრობის უაზროდ გაუთვლელ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში“.

ამ გარემოებას უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი ასე აკრიტიკებს: „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო გადადგამს და იქნება მისთვის ეროვნული სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი, სამწუხაროდ, რუსეთისთვის გამაღიზიანებელი იქნება და ასე თუ შევხედავთ, არაფერი არ უნდა გავაკეთოთ და ავირჩიოთ ჭაობი, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს“…


სახელმწიფო აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება; მთავრობის (ინფრასტრუქტურის მინისტრის) განცხადებით, ისინი ხელახლა ემზადებიან ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისთვის.


გარეკანის ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ანაკლია - შავი ზღვის მარგალიტი, რომელიც პოლიტიკის მძევალი გახდა

 
 
 

დასავლეთ საქართველოში, ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან, მდებარე პატარა სოფელს, ანაკლიას, აქვს ყველაფერი განვითარებისა და კარგი ცხოვრებისთვის – ზღვა, კლიმატი, თევზი, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა. მიუხედავად ამისა, ხალხი აქ ტოტალური უმუშევრობასა და სიღარიბეში ცხოვრობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ცენტრის პოლიტიკის მსხვერპლნი არიან და უკვე წლებია გრანდიოზული დაპირებების და მერე ამ დაპირებების არშესრულების რეჟიმში ცხოვრობენ.

ანაკლიის ახალი სიცოცხლე 2010 წელს დაიწყო, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ კურორტის სწრაფი ტემპებით განვითარების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივებმა აიღეს კრედიტები, დაიწყეს ტურისტებისთვის სახლების, ინფრასტრუქტურის მომზადება.

თუმცა, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილის მიერ ინიცირებული ანაკლიის პროექტი დაივიწყა.

ადგილობრივებისთვის იმედი გაჩნდა 2016 წელს, როდესაც ანაკლიაში უმსხვილესი პროექტის განხორციელება, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო. თუმცა, პროექტი, რომელსაც მრავალმილიონიანი ინვესტიციები უნდა მოეზიდა, ათასობით სამუშაო ადგილი შეექმნა და გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც ქვეყნისთვის დიდი სარგებელი მოეტანა, 2020 წელს ინვესტორებსა და ხელისუფლებას შორის დავის გამო შეჩერდა.

ამ შეჩერებულ პროექტთან ერთად, კვლავ გაჩერდა ცხოვრება ანაკლიაში.

 

❖ ❖ ❖

 

კონტრასტების სოფელი

 

ანაკლიის ცენტრალური ქუჩა რამდენიმე კილომეტრზე გაჭიმული სწორი ზოლია, მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებული პალმებით.

გაჩერებაზე ლურჯთმიანი გოგო დგას, დიდი ზურგჩანთით და თავისი უჩვეულო გარეგნობით ყურადღებას იქცევს. ფოტოს გადაღებაზე გვთანხმდება.

 
777777777-1024x576.jpg თამუნა ანაკლიის სანაპიროზე ტოტებს აგროვებს და შემდეგ დეკორაციებს ქმნის. 2021 წელი, ივნისი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews
 

თამუნა ჰქვია, ზუგდიდში ცხოვრობს. ანაკლიაში ზღვის სანაპიროზე ტოტების მოსაგროვებლად ჩამოვიდა. ამ ტოტებისგან სხვადასხვა დეკორაციებს აწყობს.

პანდემიამდე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. ახლა უმუშევარია. პროფესიით ტურიზმის სპეციალისტია, თუმცა მშობლიურ რეგიონში სამუშაოს შოვნაზე არც ფიქრობს. ეს ამბავი გვიკვირს, მაგრამ ძალიან მალე ყველაფერი ფაზლივით ლაგდება.

 
 

_____________________________________________________________________________

● ზაფხული ახლოვდება. ჩამოვლენ თუ არა ტურისტები საქართველოში?

● საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის. დეტალური გიდი უცხოელი ვიზიტორებისთვის

● გაყინული სეზონი. რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს ზამთრის კურორტებზე

● ტურიზმი პანდემიის დროს – კაცი, რომელიც შეზლონგებს აქირავებს. ვიდეო

_____________________________________________________________________________

 

როგორც კი ცენტრს შორდები და ზღვა თვალს ეფარება, ევროპული ანაკლია ქრება და წინ ქართული, ღარიბი სოფლის ხედები იშლება. დანგრეული და წვიმისგან ატალახებული ქუჩები, ძველი სახლები,  მორღვეული ღობეები, აქა-იქ რომ შერჩენია ჟანგმოდებული აბრა ქართულ-რუსული წარწერით “ვაქირავებ ბინას”.

აქაურებს ჟურნალისტებთან ლაპარაკი არ უყვართ. ეს სიფრთხილეა. სასწორის მეორე მხარეს ზაფხულის სეზონის ბედი დევს. ამიტომ, საუბარი შეფარული და გაუბედავია.

 
18181818181-1024x576.jpg ანაკლია, 2021 წლის ივნისი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews
 

ცარიელი ბულვარი და ტურისტული
სეზონის დასაწყისი

 

ანაკლიაში ზაფხულის პირველი კვირას ვართ. შუადღეა. არ გაგვიმართლა, ამინდი „მოქუფრულია“, პერიოდულად წვიმს, მაგრამ არ ცივა. არ ვკარგავთ იმედს, რომ სანაპიროზე ხალხი დაგვხვდება.

თუმცა, ანაკლიის სანაპიროზე, რომელიც იმდენად მოუვლელია, რომ ძნელია ეს ადგილი საზღვაო კურორტად აღიქვა, თითქმის არავინ ჩანს.

ცარიელია ბულვარიც. არც ის ტოვებს მოვლილის შთაბეჭდილებას. მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებულ პალმებს ხმობა დაუწყიათ.

„ბალახიც გუშინ გათიბეს. მუხლამდე იყო“, – გვეუბნება ახალგაზრდა ქალი ნანა (სახელი შეცვლილია), რომელიც ველოსიპედებსა და საბავშვო მანქანებს აქირავებს.

უკაცრიელ ბულვარში მისი ფერადი ველოსიპედები ყურადღებას შორიდანვე იპყრობს. გვთხოვს, მისი ნამდვილი სახელი არ დავწეროთ, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემები არ უნდა.

რამდენიმე დღის წინ ნანამ გაიგო, რომ ამიერიდან ბულვარში საქმიანობისთვის ტერიტორიის იჯარით აღება სჭირდება.

ქალი ამბობს, რომ ბოლო ორი წელია ანაკლია აღარ ცხოვრობს ტურიზმით, რომელიც მანამდე ადგილობრივებისთვის გადარჩენის მთავარი წყარო იყო.

ნანა არ არის დარწმუნებული, რომ წელს რამე გამოსწორდება და იგი იმდენს იშოვის, რომ ქირაც იხადოს და ოჯახიც არჩინოს.

ნანა ერთადერთია, ვისაც ოჯახში შემოსავალი შეაქვს. ოთხი წელია ამ საქმით არის დაკავებული. ველოსიპედის დაქირავება ერთი საათით 10 ლარია, საბავშვო მანქანით სეირნობის ფასი კი – 10 წუთისთვის ხუთი ლარი.

ნანა ამბობს, რომ ამ საქმით სეზონზე საშუალოდ ოთხ-ხუთ ათას ლარს აგროვებს. ეს დანაზოგი ოჯახს მთელი ზამთარი უნდა ეყოს.

ნანას მსგავსად, ველოსიპედებს, საბავშვო მანქანებს და სხვა გასართობ საშუალებებს, სეზონზე ბულვარში შვიდი-რვა სხვა ადგილობრივიც აქირავებს.

ამ მომსახურებაზე დადგენილი ფასები არ არსებობს.  ნანა გვეუბნება, რომ რაღაცნაირი, უსიტყვო თანხმობა არსებობს მათ შორის –  ფასებს ისე აბალანსებენ, რომ ერთმანეთთან უკმაყოფილება არ მოუვიდეთ. ამ დრომდე იჯარას არ იხდიდნენ. ახლა შემოუთვალეს, რომ მალე საკრებულო მოსაკრებელს დაადგენს და ამიერიდან, ბულვარში ადგილის დაკავებისთვის ყოველთვიურ ქირას გადაიხდიან, რამდენს, ჯერ არ იციან.

 

◤ ანაკლია ზღვისპირა, კლიმატური კურორტია დასავლეთ საქართველოში, ქვიშისა და სილის სანაპიროებით, აფხაზეთის საზღვართან, ზუგდიდიდან 30 კილომეტრში. დასახლება ცნობილია საქართველოში ყველაზე გრძელი, 552-მეტრიანი საფეხმავლო ხიდით, რომელიც ანაკლიას განმუხურთან აკავშირებს.

წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს ანაკლიისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებაც იგეგმებოდა.  2012 წელს დაანონსდა, რომ ანაკლიის ტერიტორიაზე, ყულევამდე, ახალი საპორტო ქალაქი „ლაზიკა“ გაშენდებოდა. ლაზიკა უნდა გამხდარიყო სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში, 2024 წლისთვის ნახევარი მილიონი მცხოვრებით. დაიწყო რამდენიმე შენობის მშენებლობაც, მაგრამ პროექტი შეწყდა.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2014 წლის მონაცემებით, ანაკლიაში 510 ოჯახი, 1400-მდე ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივების მთავარი შემოსავლის წყარო ტურიზმი და მეთევზეობაა. 

 
55555555-1024x576.jpg
 

ზღვისპირა ქალაქში ცხოვრების ხიბლი და სევდა

 

„ზღვის პირას ცხოვრება ფუფუნება უნდა იყოს. მაგრამ, ახლა პენსიონერი თუ არ ხარ და არსად მუშაობ, შიმშილით უნდა მოკვდე“, – გვეუბნება საოჯახო სასტუმრო „ნუგოს“ დიასახლისი თამარ შელია.

თამარი წუხს, რომ ამ ზღვისპირა სოფლიდან ხალხი სამუშაოდ უცხოეთში მიდის:

„ძირითადად ქალები მიდიან, იტალიაში მუშაობენ მომვლელებად. იმდენია წასული. ისე მწყდება გული. მარტო ამ ბოლოს, მე რაც ვიცი, ათი ქალი წავიდა“.    

ოთხი წელია თამარის ოჯახი ანაკლიაში საოჯახო სასტუმროს ამუშავებს.

სამსართულიან ხის შენობაში 9 სასტუმრო ოთახია, ჯამში, 30-მდე ადამიანის ღამის გასათევი. ყველა ოთახის კედელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხედების სურათებითაა გაფორმებული.

„სტუმრებმა რომ კმაყოფილება იგრძნონ“, – გვეუბნება მასპინძელი.

უკვე ორი წელია, პანდემიის გამო, აქ დამსვენებელი არ ჰყოლიათ:

„არც ყოფილან ტურისტები. ჩვენც გვეშინოდა და არავის ვუშვებდით სახლში. ახლაც ჯერ არავის ჰყავს ანაკლიაში სტუმარი, იქით, ცენტრში თუ შეხვდებით თითო – ოროლას“.

ანაკლიაში სამი დიდი და არაერთი საოჯახო სასტუმროა. ღამის თევის ფასები 30 ლარიდან იწყება და სერვისისა და პირობების შესაბამისად, 200 ლარამდე ადის.

 
444444444-1024x565.jpg
 

პანდემიის გამო, გასულ წელს ანაკლიაში საერთაშორისო ტურისტები თითქმის არ ჰყოლიათ. დიდი სასტუმროები კოვიდ-სასტუმროდ ან საკარანტინე სივრცეებად იყო გადაკეთებული. ადგილობრივი ტურიზმის წყალობით შარშან გადარჩნენ, მაგრამ, ამ რეჟიმში დიდხანს ვეღარ გაძლებენ.

 „პანდემიამ მაგრად შეცვალა ჩვენი ყოფა, გაანახევრა ჩვენი შემოსავალი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წელს მაინც ვაპირებთ, უნდა გავიხსნათ“, – გვეუბნება ეკა გვილია, რომელიც ცხრა წელია სეზონურად ბულვარში კვების ღია ობიექტს ამუშავებს.

 
10101010101-1024x576.jpg მეწარმე ეკა გვილია. ანაკლია, ივნისი 2012. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews
 

ამბობს, რომ წესით ერთ კვირაში მისი ღია კაფე უნდა ამუშავდეს, მაგრამ, ჯერ ვერ ხსნის:

„ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უარს გვეუბნება, რაღაც ახალი წესები დაწესდა, იჯარის გადასახადს ითხოვენ, მაგრამ, ვერ დაადგინეს ფასი რამდენი იქნება და სანამ არ გვეცოდინება, ვერ გავხსნით“.

ეკასთვისაც მომავალი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განისაზღვრება და რამდენი იქნება ბულვარში მოსაკრებლის ოდენობა:

„აქ რომ ბათუმის ფასები იყოს, ეს ხომ სისულელეა?! აქ ვერ იშოვი დღეში იმდენს, რამდენსაც ბათუმში. არის ისეთი დღე, რომ შეიძლება ერთი ლარი ვერ იშოვო“.

მოსაკრებლის გარდა, კაფეს გასახსნელად, რომელსაც წელიწადში სულ სამ თვეს ამუშავებს, ეკას არქიტექტურული ნახაზი, ადგილზე დენის და წყლის მიყვანაც სჭირდება (ბულვარში, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა, ამ დრომდე არ მიუყვანიათ არც დენი და არც წყალი). ესეც დამატებითი ხარჯია.

გარდა ამისა, ამ დრომდე ვერ გაარკვია, რა ტიპის ნახაზს ითხოვენ მისგან, მაშინ როდესაც, მისი ღია კაფე ბულვარში ჩადგმული მაგიდები და ქოლგებია: „არქიტექტორმა უარი გვითხრა, აქ არანაირი შენობა არ იდგმება და ქოლგებისთვის რა ნახაზი უნდა შევადგინოო“.

დრო კი მიდის, სეზონი უკვე დაიწყო.

 
33333333-1024x576.jpg
 

ჩვენ ზუგდიდის მერიას დავუკავშირდით, რომ გაგვეგო, როგორ და რატომ იცლება ანაკლიის ბულვარში მუშაობის წესები.

აღმოჩნდა, რომ ჯერ მერიაშიც არ იციან, როგორ განისაზღვრება და რამდენი იქნება ბულვარში მოსაკრებლის ოდენობა. წერილობითი ინფორმაციიდან, რომელიც ჯემნიუსმა ზუგდიდის მერიიდან მიიღო, ირკვევა, რომ ამ დრომდე ანაკლიის ბულვარი სახელმწიფოს საკუთრებაში იყო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ახლა გადაეცა.

მუნიციპალიტეტმა ეს ქონება მის მიერვე დაფუძნებულ შპს-ს  „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS-ს“, უზურფრუქტის ფორმით (უვადოდ) სარგებლობაში გადასცა.

„უზუფრუქტუარს უფლება აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობის მიღების შემდგომ დაინტერესებულ პირებზე სარგებლობის წესით გასცეს კურორტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება (ან მისი ნაწილი). ხოლო რაც შეეხება სარგებლობის თანხის ოდენობას – აღნიშნული დამოკიდებულია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებულ აუდიტორულ საშემფასებლო დასკვნაზე“, – ვკითხულობთ მერიიდან მიღებულ წერილში.

 

პორტი – ანაკლიის ახალი სიცოცხლე და
ქვეყნის ახალი ადგილი გეოპოლიტიკურ რუკაზე

 

ტურიზმი არ არის მთავარი, რითაც შეიძლება ანაკლიაში ცხოვრება იმაზე გაცილებით მიმზიდველი გახდეს, ვიდრე ახლაა.

მეტიც, ანაკლიას აქვს პოტენციალი, რომ აქ განხორციელებული ინვესტიციით, არამხოლოდ ამ პატარა სოფლისა და რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის ცხოვრება შეიცვალოს. საუბარია ანაკლიის პორტის, საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე.

ანაკლიის ადგილმდებარეობის მნიშვნელობა მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო ცნობილი და აღიარებული, ამიტომ, პერიოდულად, სულ ჩნდებოდა სამეგრელოს ამ პატარა სოფელში პორტის აშენების იდეა. მათ შორის, საბჭოთა საქართველოშიც. თუმცა, ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა.

 
1414141414-1024x576.jpg
 

ბოლოს, ყველაზე კონკრეტულად პორტის მშენებლობაზე ლაპარაკი წინა ხელისუფლებამ დაიწყო. 2010 წელს გაჩნდა „ლაზიკის“ პროექტი, რომელიც ანაკლიის გაგრძელებაზე პორტისა და სრულიად ახალი ქალაქის გაშენებას ითვალისწინებდა. თუმცა, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, “ქართული ოცნება” და პირადად ბიძინა ივანიშვილიც სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროექტს.

მოგვიანებით, ანაკლია ისევ დიდი ინვესტიციების სამიზნედ იქცა – 2014 წელს სახელმწიფომ ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად  საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაიმარჯვა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული კომპანია TBC Holding, ამერიკული SSA Marine, British Wondernet Expres, რომელიც მუშაობს შუა აზიაში და ასევე ბულგარული შპს G-Star. პროექტში 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.

საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და 2017 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაც დაიწყო.

თუმცა, სულ რაღაც ერთ წელიწადში, როგორც კი საზღვაო სამუშაოები დასრულდა, სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის უთანხმოება დაიწყო და მშენებლობა შეწყდა.

◤ საქართველოს შავ ზღვაზე ორი პორტი აქვს – ფოთსა და ბათუმში. თუმცა, არასაკმარისი სიღრმის გამო, ამ პორტებში ყველა სახის გემი ვერ შედის. ამიტომ, ამ პორტებს არ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ არც თურქეთის, არც რუსეთის შავი ზღვის პორტებს.

თუ ანაკლიაში პორტი აშენდა, სურათი მკვეთრად შეიცვლება. პროექტში ნათქვამია, რომ პორტს შეეძლება 10 ათასი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება – შედარებისთვის, ქვეყნის მთავარ პორტს, ფოთს, შეუძლია მხოლოდ 1500 კონტეინერის ტევადობის გემების მიღება. პორტი “ანაკლია” მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, რადგან ის გზა გაუხსნის საქონლის ტრანზიტს შუა აზიასა და ევროპას შორის. ◢

დაპირისპირების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მთავრობამ უარი უთხრა ინვესტორებს სახელმწიფო ფინანსური გარანტიების მიწოდებაზე, თუკი პორტი ვერ მიაღწევდა გრაფიკით გათვალისწინებულ სრულ შესაძლებლობებს. მთავრობა ადანაშაულებდა კონსორციუმს საჭირო თანხების ვერ პოვნაში.

გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კონსორციუმის ლიდერების – გავლენიანი ბანკირების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ – მათ 12 წლის წინანდელ გარიგებაში ფულის გათეთრება ბრალდებათ.

ქართულმა ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება განზრახ საბოტაჟს უწევს ანაკლიის პორტის მშენებლობას, რადგან რუსეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშაა. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ არის კმაყოფილი საქართველოში ახალი პორტის მშენებლობით.

 
1313131313-1024x557.jpg
 

პროექტის წინაშე მდგარი დაბრკოლებების გამო არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.

2021 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა კონსორციუმთან გარიგების საბოლოო შეწყვეტისა და პროექტის შეჩერების შესახებ. ხოლო მარტში პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა ახალი ტენდერის მომზადება და ახალი ინვესტორების მოძებნა.

დღეს ვერავინ ასახელებს სავარაუდო თარიღსაც კი, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა.

„პორტი რომ შენდებოდა, უამრავი ხალხი დასაქმდა, შემოსავალი გაჩნდა. ზოგი სახლს აქირავებდა მუშებზე, ზოგი ამ მუშებს საჭმელს უმზადებდა, დამლაგებლად მუშაობდა სხვასთან. ყველას გვიხაროდა“, – გვეუბნება ადგილობრივი თამარ შელია.

ანაკლიაში, მომავალზე ვისაც არ უნდა დაელაპარაკო, ყველა აუცილებლად გეტყვის, რომ მომავალი და კეთილდღეობა მათთვის ანაკლიის პორტის აშენება-არაშენებას უკავშირდება.

ზოგი მუშად იმუშავებს, ზოგი ამ მუშას მოემსახურება, ბინა დასჭირდებათ, ღამის გასათევი, კვება, მეტი წასვლა-მოსვლა იქნება, მეტი ხალხი გაიგებს – სხაპასხუპით გპასუხობენ, როდესაც ანაკლიელებს ეკითხები, რას მოუტანთ მათ ანაკლიის პორტი.

ანაკლიაში სჯერათ, რომ პორტი პოლიტიკურ დაპირისპირებებს და რუსეთის გავლენას შეეწირა.

ანაკლიის, როგორც სპეციალური ეკონომიკური ზონის პოტენციალის შესასწავლად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პროექტის განხორციელება 20 წლის განმავლობაში 16 ათას სამუშაო ადგილს შექმნის და ერთ მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიზიდავს.

 

ქვიშის ქარი ანაკლიაში – რას ჰპირდებოდნენ და რა მიიღეს ანაკლიელებმა პორტისგან 

 

თუმცა, ჯერჯერობით ანაკლიის პორტი ეს არის 110 ჰექტარ ტერიტორიაზე დაყრილი ხუთი მლნ კუბური მეტრი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ქვიშა „მიიზიდა“. 

პორტის ის ტერიტორია, სადაც ახლა სამუშაოები შეჩერებულია, მჭიდროდ ესაზღვრება  დასახლებას.

 
%D0%BF%D0%B0%D0%B5%D1%81%D0%BE%D0%BA-102
 

როდესაც ქარი ამოვარდება, ანაკლიაში ყველაფერი ნაცრისფერი ხდება და ადგილობრივების სახლები და ეზოები ქვიშით ივსება.

„ეს არ არის ჩვეულებრივი ქვიშა. ეს არის ქვიშის მტვერი. ყველა ღრიჭოდან შემოდის. ვერ სუნთქავ. იწამლები“, – გვეუბნება თამარ შელია, რომლის სახლს პორტის ტერიტორიიდან ერთი ღობე ჰყოფს.

შელიებმა საკუთარი, სამსართულიანი ხის სახლი უკვე რამდენჯერმე გარეცხეს „კერხერით“. ქვიშა კი ჩამორეცხეს, მაგრამ, ხის კედლებმა წყალი შეიწოვა და სახლში ყველაფერი გაფუჭდა. სიშავის დასაფარად კედლები ოქროსფერი ლაქითაც შეღებეს, მაგრამ, ყოველთვის, როცა ქარი ამოვარდება, შელიების ლამაზი, ხის სამსართულიანი სახლი, ისევ შავდება და თამარ შელიას ჯოჯოხეთი იწყება:

„სამი სართული, აივნები, ფანჯრები… 9 ოთახი გვაქვს, თითო ოთახში მინიმუმ, ორი ფარდა, ამის დალაგება წარმოიდგინეთ. წელში ვწყდები. დამხმარეც არ მოდის. რაც არ უნდა გადაუხადო, არავინ მოვა იმ ქვიშის გამოსახვეტად, პირბადით უნდა ალაგო, იგუდები“, – გვეუბნება თამარი და ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ სახლის და ვარდებით სავსე ეზოს მიტოვებაზე იფიქრებდა.

%D0%A8%D0%B5%D0%BB%D0%B8%D1%8F-1024x576. თამარ შელია, ანაკლიის მაცხოვრებელი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

„წინაპრების ნასახლარზე ავაშენეთ, სპეციალურად არ წავედით არსად. რას წარმოვიდგენდით, ეს დღე რომ გველოდა. სულ ვნატრობ, რომ გადაგვასახლონ“, – გვეუბნება თამარი.

ეს აუტანელი და საშიში ქვიშის ქარი, რომელსაც ანაკლიაში ეკოლოგიურ კატასტროფად მიიჩნევენ, მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არ არის საშიში. ამ ქარის გამო, ანაკლია კარგავს ტურისტებსაც.

„ახლა ჩვენთან ტურისტი რომ მოვიდეს და მეორე დრეს ეს ქარი ამოვარდეს, ყველა გაიქცევა. აქ ჩემთან ახლოს, ჩემი მაზლი ცხოვრობს. რუსები ჩამოუვიდა, ბავშვებით, დილით მოვიდნენ, ორი საათის მოსულები არ იყვნენ, ქარი ამოვარდა, გაგიჟდნენ, სად ცხოვრობთ აქ, როგორ სუნთქავთო. ტაქსი გამოიძახეს და წავიდნენ“, – გვეუბნება თამარ შელია.

 

ანაკლიაში თევზის ჭერა შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება

 

„რაც უფალმა ადამიანი გააჩინა, ყოველთვის ცდილობდა წყლის პირას ეცხოვრა, რომ რამე სარგებელი ენახა. 21-ე საუკუნეში ეს სარგებელი კი არა, პრობლემა გახდა“, – გვეუბნება ნუგზარ გაბელია.

ნუგზარი მეთევზეა, წლებია ეს საქმე მისთვის ერთდროულად ჰობიც არის და შემოსავლის წყაროც:

„რაც თავი მახსოვს, ანაკლიაში თევზის ჭერა არასდროს იყო შეზღუდული. გარკვეული პერიოდია, როცა არ თევზაობ, ქვირითობას, დანარჩენ პერიოდში ყოველთვის შეიძლებოდა შემოსავლის მიღება. ახლა შეიძლება ისე დაგაჯარიმონ, სახლის გაყიდვა მოგიწიოს“.

ანაკლიაში მცხოვრებთა დაახლოებით 10 პროცენტისთვის მეთევზეობა ერთადერთი საარსებო წყაროა.

151515-1024x576.jpg ნუგზარ გაბელია, ანაკლიელი მეთევზე. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

ანაკლიელ მეთევზეებს ახლა ძალიან უჭირთ. თავისუფლად თევზაობისთვის მათ ლიცენზია სჭირდებათ, ლიცენზიის მიღებას კი სარეწაო, თევზსაჭერი გემის, რამდენიმე ათასი ლარის გადახდა და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების დაკმაყოფილება სჭირდება.

„პატარა კაცი ამას ვერ შეწვდება“, – გვეუბნებიან ანაკლიელი მეთევზეები. ისინი მცირე ზომის ძრავიანი ნავებითა და თევზსაჭერი ბადეებით თევზაობენ, მცირე, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე:

 „ანაკლიის ტერიტორიაზე კილომეტრნახევარი ადგილი გამოგვიყვეს. რამდენი კაცი უნდა დაეტიოს იქ?! მერე, სეზონი რომ მოვა, თურქეთიდან მოსული, 30-40 გემი დადგება და ვერც ბადეს ჩაყრი, ვერ ითევზავებ. იქეთ ნაკრძალია, აქეთ აკრძალული ტერიტორია, როგორ უნდა ითევზაო“.

გემებს, საუბარია თურქულ, თევზმჭერ, სარეწაო გემებზე, ლიცენზია აქვთ. ანაკლიელი მეთევზეებისთვის მათთვის კონკურენციის გაწევა, წარმოუდგენელია.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ წლებია სწავლობს საქართველოში თევზჭერის პოლიტიკას. ჯერ კიდევ 2015-2016 წლების პუბლიკაციებში, რომლებიც ანაკლიელი მეთევზეების გასაჭირს ეხება, ნათქვამია, რომ ანაკლიელი მეთევზეებისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი ძვირი, პირობები კი რთულია, მათთვის, ფაქტობრივად შეუძლებელია ლიცენზიანტი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა.

2016 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ სახელმწიფოს მოუწოდა, თევზჭერის ლიცენზიაზე მორიგი აუქციონის გამოცხადებისას პირობები იმგვარად განესაზღვრა, რომ ლიცენზია   არა მხოლოდ მსხვილი კომპანიების, მწირი ფინანსური შესაძლებლობის მქონე მეთევზეებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. თუმცა, როგორც ვხედავთ, უშედეგოდ.

ანაკლიელები ამბობენ, რომ პრობლემებია ამკრძალავი ტივტივების დამონტაჟებასთან დაკავშირებით:

„დაფარავს წყალი ამ ტივტივას და მოდიან და იმხელა ჯარიმებს გადებენ. როგორ წარმოგიდგენიათ ზღვაში ათ-ათი მეტრობით აკონტროლო ადგილი, რომ საზღვარს არ გადასცდე“, – ჩივიან ანაკლიელი მეთევზეები.

ისინი ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემებზეც  ჰყვებიან.

„წელიწადში რამდენჯერმე უნდა ჩახვიდე ბათუმში, კაბინეტიდან კაბინეტში იარო. გამოყოფილი რომ იყოს ერთი წარმომადგენელი, მოვიდოდა, შეისწავლიდა ყველაფერს, ერთ ადგილზე მოგვარდებოდა ყველაფერი“, – გვეუბნება ნუგზარ გაბელია.

და მაინც, არის ოპტიმიზმის მიზეზი?

შავიზღვისპირა სოფლის ამდენი პრობლემის ფონზეც კი, ადგილობრივები ოპტიმიზმს არ კარგავენ.

„ანაკლიას იმხელა პოტენციალი აქვს, პატრონი რომ ჰყავდეს, ყველა კარგად უნდა იყოს აქ“, – გვეუბნება დათა შელია, ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც ერთადერთი ოპოზიციონერი მაჟორიტარია ზუგდიდის საკრებულოში.

12121212121212-1024x576.jpg დათა შელია, ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

ანაკლიაში ყოფილი ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობა ბევრს ეტყობა, შესაძლოა იმიტომაც, რომ აქ დიდი აღმშენებლობა მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, მას მერე კი, თითქოს ნიშნის მოგების და პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნად, აქ არაფერი აღარ გაკეთებულა.

„არაჩვეულებრივი სანაპირო, აქეთ სილა, იქით ქვიშა, სიწყნარე, პარკი. მაგრამ, სადმე გინახავთ რეკლამა ანაკლიაზე?!“ – გვეკითხება დათა.

ვიხსენებთ, რომ მართლაც თბილისიდან ანაკლიამდე ისე ჩამოვედით, რომ რაიმე სარეკლამო აბრა თვალში არსად არ მოგვხვედრია.

„თუ შესაძლებელია თბილისში, მეტროში, მატარებელში, კაზინოების რეკლამა იყოს, რატომ არ შეიძლება მაგალითად, თბილისი – ზუგდიდის მატარებელში ანაკლიაზე რეკლამა და საინფორმაციო ბუკლეტები იყოს?!“ – ამბობს სოფლის დეპუტატი.

დათა შელია ფიქრობს, რომ სამეგრელოში, იმ ტურისტულ ცენტრებში, სადაც სეზონზე ტურისტების ბუმია, დიდი საინფორმაციო ბანერები უნდა არსებობდეს, სადაც ანაკლიის შესახებაც იქნებოდა ინფორმაცია – რა ელოდება აქ ტურისტს.

 
9999999999-1024x576.jpg ანაკლიის სანაპირო. ივნისი, 2021 წელი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews
 

კიდევ ერთი შესაძლებლობა, რაც ამდენი პრობლემის ფონზეც კი ანაკლიელების ცხოვრებას და სეზონს უკეთესს გახდიდა, ფესტივალებია.

ანაკლიას უკვე აქვს გამოცდილება, რამდენი ტურისტი მოიზიდა გასულ წლებში გრძელვადიანმა ფესტივალმა „კაზანტიპმა“. დათა შელია ფიქრობს, რომ ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ ანაკლიას ასეთი ფესტივალი ძალიან გამოაცოცხლებდა.

ასე ფიქრობენ სხვებიც.

„ხალხის ტევა არ იყო. უამრავი ხალხი იყო. ანაკლიიდან 30 კილომეტრის რადიუსზე ყველაფერი დაჯავშნული იყო“, – იხსენებს თამარ შელია.

„კაზანტიპი“ ანაკლიაში 2015 წელს გაიმართა. მას შემდეგ ეს ფესტივალი ჯერ “Gem Fest”-მა, შემდეგ კი „Echo Waves”-მა ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს წელსაც დიდი იმედით ელოდებიან.

„ამბობენ, რომ აგვისტოს ბოლო კვირაში უნდა გაიმართოს. ასეთმა ფესტივალმა უნდა მოიყვანოს აქ ხალხი, თორემ, ისე, აქ ინფრასტრუქტურა არაა, გასართობი არაა, არ მოვა აქ დამსვენებელი, ბათუმში წავა“, – გვეუბნება ეკა გვილია.

 

რას აპირებს სახელმწიფო

 

რას აპირებს სახელმწიფო ანაკლიის პოპულარიზებისთვის, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ „სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში“ გადაგვამისამართა. სამეგრელო DMO  – ასე ქვია ამ ორგანიზაციას. 

ეს არის ტურიზმის მართვის ახალი მოდელი, რომელიც საერთაშორისო რეკომენდაციით, USAID-ის  ფინანსური მხარდაჭერით არის არის შექმნილი და მისი მიზანი რეგიონების პოპულარიზაცია და ტურიზმის ხელშეწყობაა.

 
6666666-1024x576.jpg საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე, რომელიც ორ სოფელს – ანაკლიასა და განმუხურს აკავშირებს. ივნისი, 2021 წელი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews
 

სამეგრელო DMO-ს დირექტორმა ლევან წულაიამ გვითხრა, რომ სამეგრელოს და მათ შორის, ანაკლიის პოპულარიზებისთვის, წელს რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი:

„უახლოეს დღეებში გაიხსნება ანაკლიასთან მდებარე კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის მონაკვეთი, სადაც USAID-ის დახმარებით გაკეთდა თოკების პარკი და შევიძინეთ ბორანი, რომელიც მაგალითად, ტურისტებს გასეირნებას შესთავაზებს. დაგეგმილია მეთევზის სახლის გაკეთებაც. ეს  ინფრასტრუქტურის ნაწილში. გარდა ამისა, ყოველწლიურად ინფოტურები გვაქვს, რაც არის კარგი საშუალება სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზებისთვის“.

მისივე თქმით, ბოლოს ასეთი ინფოტური სამეგრელოში გასულ, მაისის თვეში მოეწყო და კიდევ იგეგმება.

გარდა ამისა, უკვე დასრულდა საიმიჯო ვიდეორგოლები სამეგრელოს შესახებ, რომელიც ორ ენაზეა (ქართულად და ინგლისურად) და როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება, მაგალითად, ისეთებზე, როგორიცაა Tripadvisor-ი.

ზუსტად როდის და სად, ეს ჯერ მოლაპარაკების საგანია და იმაზე იქნება დამოკიდებული, რა თანხა დაჯდება ასეთ პლატფორმებზე მათი განთავსება. (ორი ვიდეორგოლიდან ერთი ზოგადად სამეგრელოს ტურისტულ პოტენციალს ეხება, მეორე კი ანაკლიას, როგორც ახალგაზრდული ფესტივალებისთვის შესაფერის ლოკაციას).

„ჯემნიუსი“ ეცადა სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციიდანაც მოესმინა, სახელმწიფო რას აკეთებს ანაკლიის პოპულარიზებისთვის და საერთოდ, როგორ ხედავს ამ უნიკალური, ტურისტული ადგილის პოტენციალს, მაგრამ გუბერნიიდან კომენტარზე უარი გვითხრეს. 

ექნება თუ არა ანაკლიას უკეთესი ზაფხული?

ლევან წულაია ამბობს, რომ ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ანაკლია ტურისტულ რუკაზე კოვიდ-უსაფრთხო ადგილად წარმოჩნდეს.

22222222222-1024x576.jpg ანაკლიის სანაპირო. ივნისი, 2021 წელი. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

შესაძლებლობების ფარგლებში, სეზონისთვის ემზადებიან ადგილობრივებიც.

ზუგდიდის მერიამ, ჩვენი კითხვების პასუხად, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად რა კეთდება ანაკლიაში, მოგვწერა, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ წელს ანაკლიაში, ერთ (სალიების) უბანში სპორტული მოედნის მოწყობას, მეორე (თიქორის) უბანში კი ჭაბურღილის სკვერის მოწყობა- მოწესრიგებას გეგმავენ.

წელსვე დაგეგმილი აქვთ ცენტრალური, რუსთაველის ქუჩიდან ერთ-ერთ, დგებუაძის ქუჩამდე გზა შეაკეთონ და გარე-განათება მოაწყონ.

„ოთხი წლის წინ რუსი ოჯახი მყავდა. გავუშალე სუფრა, ვუთხარი “За счёт хазаина” (რუსული: დაპატიჟებული ხართ). ღვინო მქონდა, ყველი მქონდა, ხაჭაპურის გამოცხობას რა უნდოდა. გავიდა ქალი გარეთ, გადარეკა თავისებთან, რომ გვაშინებდით, საქართველოში ნუ მიდიხართ, დაგხოცავენ მანდ, სამოთხეში მოვხვდით, სამოთხეშიო. ერთ ტურისტს მოჰყავს სხვა ათი. შენ შენი წილი საქმე უნდა გააკეთო“, – გვეუბნება ნუგზარ გაბელია და ყველაფრის მიუხედავად, არ კარგავს ოპტიმიზმს, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ანაკლიაში უკეთესი ცხოვრება დაიწყება.

 
 
 

ანაკლიის პორტის თქვენეული ხედვა არის საუკუნის ძარცვის პროექტი – ღარიბაშვილი ხაზარაძეს

ანაკლიის პორტის თქვენეული ხედვა არის საუკუნის ძარცვის პროექტი – ღარიბაშვილი ხაზარაძეს

 
 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საერთაშორისო სასამართლო დავა მამუკა ხაზარაძის მხრიდან ქვეყნისთვის “საუკუნის ძარცვაა”, რადგან ის სასამართლოში კომპენსაციის სახით 1.5 მილიარდ ლარს ითხოვს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

მან გამოსვლისას მამუკა ხაზარაძე და “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შეადარა ერთმანეთს და განაცხადა, რომ ივანიშვილმა “საკუთარი ჯიბიდან” ქვეყნისთვის 3 მილიარდი დოლარი დახარჯა, ხაზარაძემ კი ანაკლიის პორტისთვის- 3 მილიონი დოლარი.

“ბატონმა ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარი დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, საკუთარი ჯიბიდან. ბატონმა ხაზარაძემ, შედარებისთვის, ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც იგი თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი.

დღეს ბატონი ხაზარაძე და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის. რამდენს?! 1.5 მილიარდ დოლარს. რომ ქვეყანას, ჩვენ ხალხს, წაგლიჯოს 1.5 მილიარდი დოლარი. ეს არის პასუხი თქვენს დემაგოგიაზე. თქვენეული ხედვა,ბატონო მამუკა, არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი, მეგობრებო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობისგან, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისგან და თავად ღარიბაშვილისგანაც, პრემიერობის დროს, ანაკლიის პორტს სრული მხარდაჭერა ჰქონდა. ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ ჯერ 60 მილიონი ლარი დახარჯა, შემდეგ 300 მილიონის ვალდებულება აიღო, გამოისყიდა მიწები, შემდეგ კი 100 მილიონი დოლარი აიღო ვალდებულების სახით და ოთხჯერ გადაავადა პროექტის შესრულება.

“დღეს რომ ჩახვალთ ანაკლიაში, ნახავთ, რომ იქ არის ქვიშის გორები და ხალხი ვერ სუნთქავს ადგილზე იმიტომ, რომ დაიწყეს რაღაც სამუშაოები, რაც გითხარით, 3 მილიონი დოლარი, ჩემი ინფორმაციით დაიხარჯა ბატონი ხაზარაძის და მისი ჯგუფის მიერ და რეალურად არაფერია შესრულებული. ამბობენ, რომ დახარჯეს 80 მილიონი. დავუშვათ, დახარჯეს ამდენი, მაინც 1.5 მილიარდს უჩივიან ჩვენს გაღარიბებულ ქვეყანას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მანამდე მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ასევე, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა ღარიბაშვილს. ხაზარაძის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ღარიბაშვილი გულწრფელად იტყოდა, თუ რა მოხდა რეალურად ანაკლიის პორტის გარშემო. მისი განცხადებით, მთავრობამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გავლით, სპეცოპერაცია ჩაატარა, რადგან დააყადაღა მათი ანგარიშები:

“დააყადაღეთ იმ ადამიანების ანგარიშები, რომლებსაც მოზიდული აქვთ ათობით მილიონი დოლარი და უნდა დაეფინანსებინა მიმდინარე ოპერაციები ანაკლიაში. დაგვიყადაღეთ და დღესაც დაყადაღებულია ანგარიშები. ამას დავამატოთ ის ამბავი, რომ უპრეცედენტოდ მოიქეცით და გამოგვაცხადეთ დამნაშავეებად. სასამართლოშიც შევიტანეთ სარჩელი, მაგრამ პროცესი არ ჩაინიშნა”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მიმართვისას ხაზარაძემ ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თურნავა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც “მაშინ სულ ცდილობდა, რომ რაღაც გამოსულიყო ამ პროექტიდან”, თუმცა ამჟამად აღარ ცდილობს, რადგან არ არსებობს პოლიტიკური ნება.

“მგონი, მან [თურნავამ] უნდა გითხრათ თქვენ, რომ თუ ინვესტორს 80 მილიონს წაართმევ, იქ ახალი ტენდერი ვერ ჩატარდება. იქ ახალი ინვესტორი არ შემოვა. არა მარტო იმ პროექტში, არამედ საერთოდ არავინ შემოვა. მე ორი წელია, რაც არ ვარ ამ პროექტში და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მამუკა ხაზარაძეს რომ მომართეთ ანაკლიაზე, აბსოლუტურად გაუგებარი იყო”, – მიმართა ხაზარაძემ პრემიერ-მინისტრს.

“ლელოს” ლიდერის თქმით, ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, “როგორც კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში”. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, მთავრობა “სასწრაფოდ” უნდა შეხვდეს ინვესტორებს, შეაჩეროს ვაშინგტონსა და ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო დავა, გააფორმოს შერიგების კონტრაქტი და ამ ყველაფრის შემდეგ ინვესტორები გამოჩნდებიან.


2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC  Hodling (საქართველო)

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - ივანიშვილის დამალული ქონება „პანდორას ფურცლებში” აღმოჩნდა, მათ შორის არის გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - ივანიშვილის დამალული ქონება „პანდორას ფურცლებში” აღმოჩნდა, მათ შორის არის გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
fbshare.png
print.png

ბიძინა ივანიშვილი დამალული ქონება „პანდორას ფურცლებში” აღმოჩნდა, მათ შორის არის გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, - ამის შესახებ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

მათივე შეფასებით, გასაიდუმლოებული წილი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ადასტურებს ბიძინა ივანიშვილი პირად ინტერესს, რომ არ შემდგარიყო ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც ბოლოს მოუღებდა ფოთის მონოპოლიას შავი ზღვით ტვირთების გადაზიდვებში.

„2021 წლის 4 ოქტომბერი The Washington Post‐მა, the Guardian‐მა, BBC ‐მ და სხვა წამყვანმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებმა დაიწყეს ოფშორული იურისდიქციებიდან ჟურნალისტ‐გამომძიებელთა საერთაშორისო კონსორციუმის (International Consortium of Investigative Journalists (ICIJ)) მიერ მოპოვებული საიდუმლო ფინასური ინფორმაციის გავრცელება. ჩანაწერები ამხელენ მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიციებისა და ანგარიშების არსებობას ოფშორულ იურისდიქციებში ‐ საგადასახადო ორგანოებისგან, კრედიტორებისგან, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და მარეგულირებლებისგან თავის ასარიდებლად. გავრცელებულ ინფორმაციაში გამოკვეთილად ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ICIJ‐ის ვებ‐ გვერდზე ცალკე გვერდი ეთმობა. გამჟღავნებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილმა 1998‐2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე (BVI) საიდუმლოდ დააფუძნა 12 კომპანია. აღნიშნულ პერიოდში, როდესაც ივანიშვილმა იქ კომპანიები დააარსა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიჩნეული იყო, როგორც „განსაკუთრებით საყურადღებო ქვეყანა/იურისდიქცია ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულთან მიმართებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებით, „პანდორას ფურცლები“ ადასტურებს იმას, რა ვარაუდსაც ცოტა ხნის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამოთქვამდა, რომ ივანიშვილი ფლობს Brightstone Finance Limited‐ს ‐ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც ფლობს საკონტროლო პაკეტს მენეჯმენტ კომპანიაში, რომელიც, თავის მხრივ, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას აკონტროლებს.

„ცოტა ხნის წინ Transparency International‐ის საქართველოს ოფისმაც გაამახვილა ყურადღება აღნიშნულზე. ქვემოთ მოცემულია „პანდორას ფურცლების“ მიერ გავრცელებული სქემა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ, ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს აჩვენებს, და მათ შორის არის Brightstone Finance Limited: როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ თავისი 2020 წლის 27 ოქტომბრის პრეს‐რელიზში განაცხადა, Brightstone Finance Limited ფლობს 51% წილს ქართულ კომპანიაში ‐ Eurasian Invest, LLC. Eurasian Invest კი თავის მხრივ სრულად აკონტროლებს მეორე ქართულ კომპანიას ‐ Euro‐Asian Management LLC. Euro‐Asian Management LLC კი, მენეჯმენტ კონტრაქტის საფუძველზე, სრულად აკონტროლებს კომპანიას, რომელიც ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ფლობს. თანდართული სქემა აღნიშნული გართულებული, მაგრამ სრული კონტროლის სქემის დეტალურ სურათს იძლევა. მას შემდეგ, რაც 2014 წელს მისივე მთავრობამ წამოიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, უკვე 2017 წელს ბიძინა ივანიშვილმა პროექტის ოპონირება დაიწყო. ანაკლიის წინააღმდეგ ივანიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ქვე‐ტექსტი ყოველთვის მოიცავდა მითითებებს თითქოსდა უფრო მარტივად და იაფად განხორციელებად პროექტზე ‐ ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებითვე, „პანდორას ფურცლები“ ადასტურებს იმას, რაც ისედაც ცხადი იყო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის წინააღმდეგ ივანიშვილის მოტივებიდან ერთ‐ერთი იყო მისი პირადი ეკონომიკური ინტერესი ‐ ფოთის პორტის განვითარება.

„ცნობილია ივანიშვილის ტოტალური გავლენის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობაზე. „პანდორას ფურცლებმა“ დაადასტურა, რომ ივანიშვილს თავისი ქონება ოფშორულ იურისდიქციებში აქვს გადამალული და იყენებს მას საქართველოს მთავრობის მანიპულირებისთვის, რომ ემსახურონ მის პირად ეკონომიკურ ინტერესებს. სწორედ ეს არის გლობალური პოლიტიკური კორუფცია, რომელიც ანადგურებს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ‐ როგორც ამას „პანდორას ფურცლები“ აჩვენებს. როგორც არაერთმა კვლევამ დაადასტურა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს ინტერესებშია. თუმცა საქართველოს მთავრობის ქცევა ანაკლიასთან მიმართებაში კითხვებს აჩენს მის რეალურ გეგმებთან დაკავშირებით. მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს ჩაატაროს ტენდერი ანაკლიასთან დაკავშირებით, თუმცა იქვე ოფიციალური აღიარებაც გააკეთა, რომ არსებობს ტენდერის ჩავარდნის მაღალი რისკი. ანაკლიასთან მიმართებით, საქართველოს მთავრობის მოქმედება საყურადღებო ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, ვინც ფიქრობს საქართველოში ინვესტირებას. დროა, საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ინტერესს მოემსახუროს და ანაკლიის პორტის განხორციელებისთვის საჭირო საუკეთესო და უმოკლესი გზა აირჩიოს ‐ ემუშაოს კონსორციუმს, რათა უზრუნველყოს ანაკლიის პორტის პროექტის დასრულება. ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს მილიარდერის ინტერესებს, რომელსაც ქონება ოფშორში აქვს გადამალული და არ გააჩნია ანგარიშვალდებულება ქვეყნის იურიდიული და პოლიტიკური ინსტიტუტების წინაშე“, - ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   29 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 29 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(2)