Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ მზადაა პარლამენტში შევიდეს კონკრეტულ საკითხებზე აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეთანხმების შემთხვევაში. 27 მარტს გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ:

 
  • გირჩი - მეტი თავისუფლება
  • ლელო
  • ელენე ხოშტარია - დროა
  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • პროგრესი და თავისუფლება
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის.
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ეს პარტიები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის კრიზისის დასაძლევად შემოთავაზებული გზამკვლევის ყველა პუნქტთან დაკავშირებით.

ახალი არჩევნების საკითხი

გიორგი რურუას ციხეში დატოვებამ, გარეჯის საქმის პოლიტიკური დაკვეთით დაწყებამ, რომლის ამოცანაც პოლიტიკური ოპოზიციის დემონიზება იყო, ოპონენტების პოლიტიკურმა დევნამ, საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის მიმართ დაუსჯელმა ძალადობამ, წინასაარჩევნოდ მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის არნახულმა მასშტაბმა, არჩევნების დღეს ამომრჩევლის კონტროლის კარუსელებმა, ბიულეტენების ჩაყრამ, ოქმების მანიპულაციებმა და სასამართლოების მიერ საარჩევნო დავების განხილვაზე ორგანიზებულმა უარმა, გამორიცხა 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა.

არჩევნების შემდგომ პერიოდში, ისედაც რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, ხელისუფლებამ შტურმით აიღო ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ოფისი და დააპატიმრა მისი ახლად არჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია, რასაც წინ უძღოდა ივანიშვილის ფორმალურად გადადგომა პარტიის თავმჯდომარეობიდან და საჯარო პოლიტიკიდან მისი გაწევა. ასევე, მელიას ამგვარი ფორმით დაპატიმრების პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა პრემიერმა გიორგი გახარიამ. ივანიშვილი და გახარია რეალურადაც და ფორმალურადაც ის ცენტრალური ფიგურები იყვნენ, რომლებსაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ლოგიკური აუცილებლობა და ევროპული დემოკრატიული ტრადიციის შესაფერისი ნაბიჯია.

ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ ამ საკითხის განხილვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, არასაჯაროდ კი, გამოსავლად საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე მიბმას გვთავაზობენ. ამ ორი პრინციპულად და შინაარსობრივად განსხვავებული არჩევნების ერთმანეთთან დაკავშირება იწვევს თვითმმართველობის და საპარლამენტო მმართველობის შესახებ მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესების აღრევას. ასეთი მოდელი მხოლოდ დამაბნეველი იქნება საზოგადოებისათვის მაშინ, როდესაც ამომრჩევლებს მარტივი და მკაფიო არჩევანი უნდა ჰქონდეთ, და შესაბამისად, არ გამოდგება ტესტად ვადამდელი არჩევნების საკითხზე. სწორედ ამიტომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავუჭერთ ამ მოდელს მხარს.

ოპოზიციას მოქნილი პოზიცია აქვს როგორც ვადამდელი არჩევნების თარიღთან (ბუნებრივია, გონივრულ ფარგლებში), ისე ამ შედეგამდე მისასვლელ გზასთან დაკავშირებით. ზოგი ჩვენგანი თვლის, რომ ერთადერთი გზა ახლა პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, ზოგმა კი, კრიზისის განმუხტვის მიზნით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ უმრავლესობის აზრის გაგებას, პლებისციტს დაუჭირა მხარი.

პოლიტიზებული მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები

ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა და არ არის ხელისუფლების მხრიდან საჯაროდ აღიარება, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს - ამ ეტაპზე ავტომატურად გადაწყვეტს საკითხს ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ფორმით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე, პოლიტიკური მოტივით დაწყებული საქმეების შეწყვეტა.

საარჩევნო სისტემის/ადმინისტრაციის რეფორმა

არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივბარიერიანი ან მასთან მიახლოებული სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული/ერთპარტიული მმართველობის დასასრულებლად.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, მისი ფორმირების და ფუნქციონირების წესი შეუძლებელს უნდა ხდიდეს მმართველი პარტიის სრულ დომინაციას, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ. ოპოზიცია თანახმაა ნებისმიერ ქმედით მექანიზმზე, რომელიც შეცვლის არსებულ საარჩევნო ადმინისტრაციას და გამორიცხავს დღევანდელი ან მომავალი პოლიტიკური ოპოზიციის იგნორირებას საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების პროცესში, ხოლო საარჩევნო წესები უნდა გამორიცხავდეს ან მაქსიმალურად ამცირებდეს ამომრჩევლების მოსყიდვის ან მათზე ზეწოლის შესაძლებლობას.

ამისთვის ოპოზიციას შეთავაზებული აქვს როგორც ელექტრონული კენჭისყრის რეალისტური მექანიზმების შემოტანა, ასევე ამომრჩევლების იდენტიფიცირების და კენჭისყრის ფარულობის ეფექტიანი უზრუნველყოფა. ეს აუცილებელი ცვლილებები ამ ეტაპზე არაა ასახული პარლამენტში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტში.

სასამართლოს რეფორმა

ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს შემუშავებული და საჯაროდ გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა რეფორმირდეს მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში, მაგრამ ყველა შემთხვევაში, საწყისი ნაბიჯი აუცილებლად უნდა იყოს არსებული იუსტიციის საბჭოს, როგორც სრულად ნდობადაკარგული ორგანოს შეცვლა. იქამდე უნდა შეწყდეს ამ საბჭოს მიერ სასამართლოების დაკომპლექტება. აქაც, საარჩევნო ადმინისტრაციის მსგავსად, ნებისმიერი რეფორმა უნდა მოიცავდეს დღევანდელი თუ მომავალი ოპოზიციის იგნორირების შეუძლებლობას მართლმსაჯულების სისტემის ფორმირებისას.

ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში

ოპოზიციის ინტერესშია არა დღევანდელ პარლამენტში კონკრეტული თანამდებობების დაკავება, არამედ ზოგადად ტრადიციის შექმნა საპარლამენტო კონტროლში ნებისმიერი ოპოზიციის ეფექტიანი მონაწილეობისთვის.

----------

სწორედ ამ პუნქტებში ჩამოყალიბებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და დღევანდელ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ვართ მზად, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში, - აცხადებს ოპოზიცია

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

განცხადებას ხელს არ აწერენ „რესპუბლიკელები“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“. 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
23 minutes წინ, Moor said:

განცხადებას ხელს არ აწერენ „რესპუბლიკელები“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი“. 

:roll:

აი როდესაც ხარ ჟოპოზიცია რაც ზემოთ წერია იმასთან რა შეიძლება გქონდეს საწინააღმდეგო? :დ

სირცხვილი ამხანაგო ჟოპოებო, სირცხვილი :დ

 

Share on other sites

  • ფორუმელი
  • ფორუმელი

ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს 27 მარტის გადაწყვეტილებით, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთბის მდივნად დეპუტატი შალვა პაპუაშვილი დაინიშნა.

შალვა პაპუაშვილი პარლამენტში 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნების პროპორციული საარჩევნო სიით მოხვდა. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორიცაა. გერმანიის საარლენდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ პაპუაშვილს, კერძო და საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის, იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ პაპუაშვილი პარლამენტში ცოტა ხნის წინ შექმნილი საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარეა, რომელიც ქართულ ოცნებასა და პარტია მოქალაქეებს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა. მოქალაქეები 29 იანვარს მმართველ გუნდთან შეთანხნების შემდეგ, პარლამენტისთვის ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ საერთო ბოიკოტს გამოეთიშნენ და საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტეს.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის თბილისში დაბრუნდებისა და მედიაციის პროცესის განახლებამდე, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციაში მოლაპარაკების პერსპექტივებზე საუბრობენ. მხარეების მხრიდან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმების შემთხვევაში, ოპოზიციაში პარლამენტის შესვლის მზაობაზე მიანიშნეს.

ქართული ოცნების პოზიცია

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველ გუნდის „მზაობა მოლაპარაკება შედგეს, ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, ისევ დღის წესრიგში რჩება“. მისივე თქმით, ყველა საკითხზე, რაც ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკების მაგიდაზე განსახილველად დევს, ქართული ოცნების მხრიდან უკვე არსებობს ან გადადგმული ნაბიჯები ან კომპრომისული წინადადებები ან საკითხის გადაწყვეტის გზები. ამ კონტექსტში მან საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმას გაუსვა ხაზი.

„თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ უკვე შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას“, – განაცხადა მდინარაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ამ რთული გამოწვევების ფონზე, შეთანხმების მიღწევა ქვეყნის ინტერესშია.

მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავებაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პასუხი იყო, რომ „მან დაარღვია კანონი“ და, შესაბამისად აქ „ვერ ვისაუბრებთ პოლიტპატიმრობაზე“. მისივე განცხადებით, ეუთო/ოდირისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების შემდეგ, სენატშიც გაიმეორეს, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო „თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი“.

ოპოზიციის განცხადება

დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამაც და მმართველ გუნდთან მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმების შემთხვევაში, „დღევანდელ“ პარლმენტში შესვლის მზაობა გამოხატა.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ მათ „მოქნილი პოზიცია“ აქვთ როგორც ვადამდელი არჩევნების თარიღზე, ისე ამ შედეგამდე მისასვლელ გზებზე. მათივე განცხადებით, ოპოზიციაში ზოგი პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ემხრობა, ზოგიც კი – საკითხზე პლებისციტის ჩატარებას უჭერს მხარს. განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელია ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხის ადგილობრივი თვითმმართველობის „არჩევნების შედეგზე მიბმა“, როგორც ამას მათივე თქმით, მმართველი გუნდი სთავაზობს.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მათი „თვითმიზანი“ არა მმართველი გუნდის მიერ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ საჯარო აღიარება, არამედ „ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი ფორმით გადადგმული ნაბიჯების შედეგად“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თვმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

ოპოზიციის განცხადებით, მომდევნო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერთი ან მასთან მიახლოებული სისტემით. „ეს არის ერთადერთი გამოსავალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული/ერთპარტიული მმართველობის დასასრულებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიები საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი რეფორმირების მნიშვნელობაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც მმართველი პარტიის დომინანტურობას შეუძლებელს გახდის. მათივე შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საწყისინი ნაბიჯი „აცილებლად“ უნდა იყოს „არსებული იუსტიციის საბჭოს, როგორც სრულად ნდობადაკარგული ორგანოს შეცვლა“.

ერთობლივ განცხდებას ხელს აწერენ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ევროპული საქართველო; ლელო საქართველოსთვის; გირჩი – მეტი თავისუფლება; მოძრაობა დროა; პროგრესი და თავისუფლება; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი ძალის ნიშანია, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა, რომლის თვითმფრინავიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

როგორც დანიელსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამჯერად ის საქართველოში სამი დღით არის ჩამოსული.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მოუთმენლად ველოდები, ჩავერთო პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პროცესში, ოპოზიციურ და სამთავრობო პარტიებთან, დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.

ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი ძალის ნიშანია. კომპრომისი არის იმის ჩვენება, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა. მე აქ სამი დღის განმავლობაში დავრჩები და მოუთმენლად ველოდები, ისევ მოგმართოთ თქვენ ჩემი მისიის დასასრულს, რაც სამშაბათს მოხდება“, – განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს.

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share