Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული პოპი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

დიელო - ტელეკონცერტი (1972)

"მელოდიაზე" გამოსული რეგულარული ალბომების გარდა, 1973 წელს "დიელომ" ერთი ვინილი იუგოსლავიაშიც ჩაწერა. ადგილობრივ მომღერალთან, დობი ჩაბრიჩთან ერთად გამოცემული ნამუშევარი ბით მუსიკით ოდნავ უფრო მეტადაა დატვირთული.

აღსანიშნავია ასევე "დიელოს" 1975 წლის ალბომი, სადაც უმეტესად კარგად არანჟირებული მსუბუქი მუსიკაა წარმოდგენილი. კომპოზიციებს შორის 6-წუთიანი "მუხამბაზი" გამოირჩევა, სადაც ქალაქური სიმღერა ულტრაფსიქოდელიურ ესთეტიკაშია გადაწყვეტილი, ბოლოს კი ყველაფერი სტილის საუკეთესო ტრადიციებში დაკრული ფაზ გიტარის სოლოთი გვირგვინდება.

დიელო - მუხამბაზი (1975)

ქართული სცენის იმ დროს უკვე ვეტერანის, ედუარდ სეფაშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ჯგუფი "ლალე", რომელშიც მისი ცოლი, ქარზმატული ჯულიეტა მურადელი მღეროდა. ბენდს გამოკვეთილად ჭუჭყიანი, გარაჟული ჟღერადობა ჰქონდა. მასში ორღანი დომინირებდა, გიტარას ეპიზოდური როლი ჰქონდა და რიტმული მონახაზებიც უფრო მეტად იყო გამოკვეთილი. საუნდის ამ სინედლეს ჯულიეტას საოცრად ლამაზი ხმა და სიმღერების გამოკვეთილი მელოდიზმი აბალანსებდა.

სამწუხაროდ, ამ უდავოდ ნიჭიერმა ბენდმა მხოლოდ ორი მინიონის (რასაც დღეს EP-ს ვუწოდებთ) გამოშვება მოახერხა, ისიც 1973 წლისთვის უკვე მოძველებულ მონო აუდიოფორმატში და იმ დროისთვის საბჭოთა კავშირში ყველაზე უხარისხო, დრეკად ფირფიტებზე. ამ დიდი ხარვეზების მიუხედავად, ჯგუფის ეს ორი ნამუშევარი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩანაწერია იმ წლების ქართულ სცენაზე.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ლალე -  სევდა (1973)

ადრეული ბენდებიდან, "დიელოს" გარდა, ფანკის გავლენა შესამჩნევი კიდევ "ოროველას" და "ციცინათელას" მუსიკაში იყო.

"ოროველას" ხელმძღვანელი გივი გაჩეჩილაძე იყო, რომელსაც უკვე ჰქონდა ჯაზ ბენდების ლიდერობის გამოცდილება. ჯგუფმა თავისი ერთადერთი მინიონი 1970 წელს გამოსცა. ამ ჩანაწერში ფანკი უფრო რბილია და პოპ კონტექსტში მოიაზრება, ისევე, როგორც ფირფიტაზე მოთავსებული კიდევ ორი ნელი, ქალაქური სტილის ბალადა. 

ოროველა - მანანა (1970)

"ციცინათელა" "დიელოდან" დროებით წამოსულმა სოსო ებრალიძემ შექმნა. შედეგად, აქაც იგრძნობა ქალაქური მუსიკისა და ფანკის გავლენა, თუმცა, 1972 წელს გამოსულ მინიონში შესული კომპოზიციები უფრო ენერგიულია. 70-იანების მეორე ნახევარში ორივე ეს ბენდი დაიშალა, მათი კიდევ რამდენიმე სიმღერის მოსმენა კი იმ პერიოდში გამოსულ საავტორო კრებულებზეა შესაძლებელი. 

ციცინათელა - ჟუჟუნა წვიმა (1972)

თუ ზემოთ ნახსენებ ანსამბლებს ერთი ან რამდენიმე მინიონის ჩაწერა მაინც დასცალდათ, ზოგიერთ ფილარმონიულ ბენდს ამისი საშუალებაც არ მიეცა. ამის მაგალითია ჯგუფი "ფაზისი", რომელიც ქუთაისში, ბორის შხიანის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა.

კოლექტივმა ოფიციალურად ერთადერთი სიმღერა გამოსცა, ჟურნალ "კრუგოზორის" ერთ-ერთ ნომერში ჩაკერებულ დრეკად ფირფიტაზე. არადა დასანანია, რადგან ჩანაწერი, თავისი გამართული ფანკ რიტმიკითა და ენერგიული ჩასაბერებით, იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქართული როკ ნამუშევარია. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ფაზისი - მადინა (1973)

1975 წელს, "ივერიამ", შვიდწლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, რამდენიმე მინიონის ჩაწერის შემდეგ, სრულმეტრაჟიანი სტუდიური ალბომი გამოუშვა.

უცნაური და ირონიულია, მაგრამ ანსამბლი, რომელსაც ბევრი ქალაქური მუსიკის სტერილური, შემდგომში "სარესტორნო ფანოღად" დეგრადირებული ვარიანტის პოპულარიზაციას აბრალებს, 70-იანების დასაწყისში ფილარმონიულ ბენდებს შორის ენერგიულობითა და უკომპრომისობით გამოირჩეოდა. ეს ხშირად ცენზურასთან პრობლემებს იწვევდა და როგორც ამბობენ, კარიერის დასაწყისში ამის გამო ჯგუფი რამდენჯერმე დაშლასაც კი გადაურჩა. 

"ივერიის" სადებიუტო ნამუშევარში დასავლური გავლენების მთელ თაიგულს შეხვდებით. დაწყებული Uriah Heep-ით შთაგონებული ჰარდ როკით (ალბომში ბრიტანული ჯგუფის 2 სიმღერას შეხვდებით) და დამთავრებული ფსიქოდელიური, გარაჟული ჟღერადობის პოპით. ეს ყველაფერი ეროვნულ მოტივებთან და რაც მთავარია, ალექსანდრე ბასილაიას ბრწყინვალე საკომპოზიციო ნიჭთანაა შერწყმული. 

ალბომის გამხსნელი კომპოზიცია "სიმღერა საქართველოზე" იწყება რიფით, რომელიც იმდროინდელ ქართულ როკ მუსიკაში სიმბოლურ შესავლად გამოდგება. მას 12 ნამუშევარი მოსდევს, რომელთა შორის მარტივად შეიძლება 5-6 ისეთი შედევრის პოვნა, რომლებიც იმდროინდელი ქართული სასიმღერო ჟანრის მწვერვალია.

"ივერიამ" კიდევ ხუთი ძალზედ წარმატებული ფირფიტა გამოსცა, მაგრამ იქ ბენდის მუსიკა უკვე შერბილებულია. ალაგ-ალაგ კიდევ იყო შედევრები, მაგრამ დროთა განმავლობაში ჯგუფის შემოქმედებამ საბოლოოდ იცვალა გეზი და იუმორისტული ხასიათის როკ ოპერებსა და მიუზიკლებზე ("ჩხიკვთა ქორწილი", "არგონავტები", "ფიროსმანი", "თოვლის ბებოს ზღაპარი") გადაერთო. 

ივერია - ივერია ’75 (სრული ალბომი)

1975 წელსვე მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - "ორერაში" 17-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ რობერტ ბარძიმაშვილმა ჯგუფი დატოვა. მან ახალგაზრდა მუსიკოსებთან დაიწყო თანამშრომლობა და შექმნა ბენდი სახელად "75" (ან "ვია-75"). 

20-25 წლის შემსრულებლებისგან შემდგარმა კოლექტივმა 1976 წელს გამოსულ სადებიუტო ალბომში ისტორიაში პირველად მოახერხა ქართული ხალხური მუსიკისა და პროგრესული როკის სრულფასოვანი შერწყმა. მართალია, სტილისტური თვალსაზრისით ნამუშევარი შეკრული არ არის და ნამდვილად არგებდა რამდენიმე მეორეხარისხოვანი პოპ სიმღერის ამოღება და სრულიად ზედმეტი ქავერის უფრო გამომწვევი მასალით ჩანაცვლება, მაგრამ ჩანაწერის საუკეთესო ნაწილები, როგორც ქართული როკ კომპოზიციის, ასევე ფოლკლორული მოტივების ჯაზ-როკ არანჟირების საუკეთესო მაგალითია, საიდანაც იდეები და ესთეტიკა ბევრმა უფრო გვიანმა კოლექტივმა ისესხა. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

75 - ოროველა (1976) (სრული ალბომი)

იმავე წელს ბენდმა ქართული მუსიკის ისტორიაში პირველი როკ ოპერა "ალტერნატივა" დადგა. ნაწარმოები, რომლის მუსიკა იოსებ ბარდანაშვილს, ტექსტი კი ნუგზარ ერგემლიძეს ეკუთვნის, ოფიციალურად არ გამოსულა. თუმცა, 40 წლის შემდეგ, ინტერნეტში კარგი ხარისხის საკონცერტო ჩანაწერმა გამოჟონა.

"ალტერნატივა" მუსიკის მხრივ ოდნავ არათანაბარია და ტექსტიც მომენტებში ზედმეტად პათეტიკურია, მაგრამ ინსტრუმენტული პასაჟები, რაც ამ ოპერაში მრავლადაა და საშემსრულებლო დონე, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

75 - ალტერნატივა (1976) (როკ ოპერა)

სხვა იმდროინდელი ანსამბლებიდან აღსანიშნავია "კოლხიდა" და "აისი".

"კოლხიდა" "დიელოდან" წამოსულმა მარსელ კაპანაძემ შექმნა. ჯგუფის შემოქმედება ძირითადად  სტანდარტული, "ორერასა" და "დიელოს" ნიმუშზე აგებული ჟღერადობის მუსიკას მოიცავდა, ფსიქოდელიური პოპისა და ჯაზის ოდნავი გავლენით. სასიმღერო თემები კი ხშირად ფოლკლორიდან იყო აღებული.

კოლხიდა - კოლხიდა (1975) (სრული ალბომი)

არანაკლებ საინტერესოა "აისის" მიერ გამოცემული ფირფიტა. ანსამბლს გაიოზ ქართველიშვილი ხელმძღვანელობდა და მასში თბილისის საესტრადო-საცირკო სასწავლებლის კურსდამთავრებულები ირიცხებოდნენ. კოლექტივი ასრულებდა თითქმის ყველაფერს, ბიგ-ბენდ ჯაზიდან ორკესტრულ პოპამდე. "აისის" შემოქმედებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ორიგინალურად, ხშირად ფსიქოდელიურ სტილში არანჟირებული ფოლკლორი. 

აისი - აისი (1975) (სრული ალბომი)

ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების გავლენა ნელ-ნელა საესტრადო ორკესტრებზეც გავრცელდა. "რერომ" და საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის საესტრადო ორკესტრმა 70-იანებში ალბომების გამოცემა უკვე დამოუკიდებლადაც დაიწყეს და საკუთარი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ბიგ-ბენდ ჟღერადობა თანამედროვე მუსიკის ელემენტებითაც გაამდიდრეს.

ასე მაგალითად, "რეროს" 1977 და 1980 წლების ფირფიტებზე რამდენიმე უმაღლესი კლასის ფანკ-ნამუშევარს ვხვდებით.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

რერო - ჩაგუნა (1977)  

საქართველოს ტ/რ საესტრადო ორკესტრმა კი გია ყანჩელის მოტივებზე 22-წუთიანი, ეპიკური ჯაზ-სიუიტა ჩაწერა. 

საქართველოს ტ/რ საესტრადო ორკესტრი - სიუიტა "ხანუმას" მუსიკაზე (1975)

ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების მიერ მოდაში შემოტანილი ფანკის საკმაო გავლენა ეტყობა გიული ჩოხელისა და ეთერ კაკულიას იმდროინდელ შემოქმედებასაც.

ეთერ კაკულია - ცირა (1977)

მოდაში შემოსულმა ელექტროგიტარებმა და ორღანმა აკუსტიკური ჟღერადობა ჩრდილში, ყურადღების გარეშე დატოვა, ასე რომ, 70-იანებიდან ასეთი მუსიკა ბევრი არ შემოგვრჩენია. ინოლა გურგულიამ და მისმა ტრიომ "სამაია" ათწლეულის დასაწყისში რამდენიმე პატარა ფირფიტა გამოსცეს, მაგრამ ისინი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძნელად საშოვნელი ჩანაწერებია "მელოდიას" მთელი კატალოგიდან. 

ინოლა გურგულია ადრეულ ასაკში, 1977 წელს გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მან სახლის პირობებში 25-ზე მეტი სიმღერა ჩაწერა. 1998 წელს ეს კომპოზიციები კომპაქტ დისკებზე გამოიცა ინოლას პირველი ოფიციალური სრულმეტრაჟიანი ალბომის სახით.

ამ ნამუშევარში მხოლოდ გიტარა და ინოლას ხმა ჟღერს (ზოგჯერ დუეტში ქმართან, კომპოზიტორ ირაკლი შუღლიაშვილთან ერთად). ის სავსეა ულამაზესი სიმღერებით, რომლებიც საბჭოთა ფონოგრაფიას არასოდეს გამოუცია, მაგრამ ამის მიუხედავად, უამრავ ადამიანს მაინც უყვარდა და მღეროდა. დიდი ალბათობით, ეს არის საქართველოში დამოუკიდებლად ჩაწერილი პირველი ალბომი.

ინოლა გურგულია - ...პირველად იყო სიმღერა (1977) (სრული ალბომი)

იმ პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მეტწილად აკუსტიკური რელიზია მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტის 1976 წლის ფირფიტა, სადაც ერთ დიდ კრებულად შეკოწიწდა მათ მიერ 70-იანების დასაწყისში გაკეთებული ჩანაწერები.

ამის გამო, ალბომი სტილისტურად ერთგვაროვანი არ არის. მასში გვხვდება ორკესტრული სიმღერები მათი "რეროში" მოღვაწეობის დროიდან. არის კიდევ ერთი სიმღერა ქალაქური აკომპანემენტით. მაგრამ, როდესაც ჩანაწერში მხოლოდ ორი გიტარა და ამდენივე ხმა რჩება, იქ მუსიკა წარმოუდგენლად ლამაზი ხდება. თუ ამ ათწლეულში ოფიციალურად გამოსული ქართული მუსიკიდან რამეა პირველ რიგში მოსასმენი, სწორედ ეს ათიოდე საოცარი აკუსტიკური სიმღერა.

 

მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები - მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები (1976) (სრული ალბომი)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

იმ პერიოდში სახელი გაითქვა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ვოკალურმა ტრიომ, რომელმაც 4-სიმღერიანი ფირფიტა გამოსცა. კოლექტივი, რომელსაც მოგვიანებით "ცისფერი ტრიო" დაერქვა, 80-იანებში აკუსტიკური სასიმღერო ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად მოგვევლინა. 

ცისფერი ტრიო - ვენაცვალე მაგ შენს თვალებს (1978)

ძველი ყაიდის ქალაქური მუსიკა 70-იან წლებში გამოცემულ ვინილებზე იშვიათად გვხვდება. ამ დროს სულ რამდენიმე ასეთი ჩანაწერი გამოვიდა. მათგან აღსანიშნავია მიხეილ ბებერაშვილის ორი ფირფიტა-მინიონი. ეს ტრადიციულ ესთეტიკაში გადაწყვეტილი ნამუშევრები მსმენელს 100 წლის წინანდელ თბილისში აბრუნებს.

მიხეილ ბებერაშვილი - ჩემი ბაღი გადაშენდა (1977)

ცინუკი დადიანის პატარა ფირფიტაზე კი ოთხი საოცრად დახვეწილი, არისტოკრატული მანერით შესრულებული სიმღერაა წარმოდგენილი. მათი მოსმენისას უნებლიე პროტესტის გრძნობაც კი გიჩნდება, რატომ არ არის ხელმისაწვდომი ამ შემსრულებლის გაცილებით მეტი ჩანაწერი.

ცინუკი დადიანი - ქართული ქალაქური სიმღერები (1978) (EP)

ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებს ქმნიდნენ ბავშვებიც. 1971 წელს თბილისის პიონერთა სასახლეში "მზიური" დაარსდა, რომელიც მცირე ხანში საკავშირო მასშტაბის სენსაცია გახდა და პოპულარიზება გაუწია მუსიკის ამ ფორმატს. შემდეგი ათწლეულისთვის საქართველოში უკვე 20-მდე საბავშვო ანსამბლი არსებობდა. 

მხ/ფ "მზიური" (1973)

ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების საპირწონედ, 70-იანების სცენაზე თავისი ადგილი ეკავათ საესტრადო სოლო შემსრულებლებსაც. მათგან ბევრი შეთავსებით ვია-ს სოლისტიც იყო. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ასე მაგალითად, ამ ათწლეულში უკვე როგორც სოლო შემსრულებლებმა დიდი პოპულარულობა მოიპოვეს "ორერას" წევრებმა, ნანი ბრეგვაძემ და ვახტანგ კიკაბიძემ

ვახტანგ კიკაბიძე - ასი ქალი მიყვარს ერთად (1979)

იმის მიუხედავად, რომ 70-იანებში ქართულ სცენაზე ჯაზი გარკვეული დოზით სულ არსებობდა, სპეფიციკურად ჯაზ-კოლექტივების რიცხვი საქართველოში მცირე იყო. მათგან გამოირჩეოდა ალექსანდრე კილაძის ჯაზ-ნონეტი. ამ საინტერესო ბენდმა 1976 წელს 4-სიმღერიანი ფირფიტა-მინიონი გამოუშვა, სადაც ფოლკლორი და ვოკალური ჯაზი ძალიან ლამაზადაა შერწყმული.

Edited by Moor

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share