Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული პოპი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 წყარო: სანდრო ცქიტიშვილი  და popmusic.ge

 

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქართული მუსიკა დაახლოებით იმ სცენარით განვითარდა, როგორც დანარჩენი მსოფლიოს დიდ ნაწილში - ეროვნული კოლორიტი იმ დროისთვის მოდურ საერთაშორისო სტილებსა და მიდგომებს შეერწყა და შედეგად მოგვცა ნამუშევრები, რომლებიც, ერთი მხრივ, ქართული ფოლკლორული ელემენტების წყალობით, თვითმყოფადი იყო და, მეორე მხრივ, ახალ მიმდინარეობებსაც, ასე თუ ისე, მხარს უბამდა.
 

ტოტალიტარული საბჭოთა ცენზურა, რომლის ქვეშაც ქართულ მუსიკას მე-20 საუკუნის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მოუწია არსებობა, ამ ახალი, ძირითადად დასავლური მუსიკალური ტენდენციების ინტეგრაციას ოდნავ აფერხებდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ამ გავლენებმა ადგილობრივი არტისტების შემოქმედებაში ფეხი მაინც მოიკიდა.

საუკუნის დასაწყისის საქართველოში ფოლკლორი და ოპერა პოპულარული მუსიკის როლსაც ითავსებდა. ორმოცდაათიან წლებამდე ლილვაკებზე და ადრეულ ფონოგრაფებზე გაკეთებული მუსიკალური ჩანაწერების უმეტესი ნაწილი სწორედ ფოლკლორული ნაწარმოებები, ან კლასიკური არიები და რომანსებია. მაგალითად, დიდი ქართველი ტენორის, ვანო სარაჯიშვილის ეს სიმღერა 1914 წლით თარიღდება.

 

ვანო სარაჯიშვილი - შენ ერთს (1914) 

დასავლურმა პოპულარულმა მუსიკამ, კერძოდ კი ჯაზმა, საბჭოთა კავშირში შემოღწევა ჯერ კიდევ ოციანი წლების შუაგულიდან დაიწყო. თუმცა, ეს გავლენები ძირითადად რუსეთის დიდ ქალაქებში კონცენტრირდებოდა. მართალია, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტმა, ვლადიმერ კანდელაკმა, მოსკოვში გადაბარგების შემდეგ, 1933 წელს ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ჯაზ-ორკესტრი Джаз-Гол დააფუძნა და მას წლების განმავლობაშიც ხელმძღვანელობდა, მაგრამ საქართველოში მსგავსი ფორმაცია ნომინალურად მხოლოდ ოცდაათიანების ბოლოს გაჩნდა. ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ჯაზ-ორკესტრი რევაზ გაბიჩვაძის ხელმძღვანელობით. თუმცა, მასზე ფართოდ არც ინფორმაცია მოიპოვება და არც, სამწუხაროდ, ჩანაწერებია ხელმისაწვდომი.

Джаз-гол - Пой мне! (1935)

 

 

ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოში ჯაზი იშვიათად, მაგრამ მაინც იკვრებოდა - ძირითადად არაოფიციალურად, ზღვისპირა კურორტებზე. ასევე იხსენებენ, რომ 1945-ში, ომის დასრულების დღეს, თბილისში, ჯაზ-ტრიომ ერთსაათიანი კონცერტი გამართა.

თუმცა, ქართული ჯაზისთვის მთავარ ათვლის წერტილად უფროსი ჯანო ბაგრატიონის მიერ 1945-46 წლებში ჯაზ-ორკესტრის ჩამოყალიბება ითვლება, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელი რამდენიმე წლის შემდეგ იოსებ (სოსო) ტუღუში გახდა. ეს ორკესტრი ძირითადად მომღერლებს უწევდა აკომპანირებას და დამოუკიდებლად ჩანაწერები არასოდეს გამოუცია, მაგრამ შეგიძლიათ, მოისმინოთ საარქივო მასალა, სადაც უფროსი ჯანო ბაგრატიონი ჯაზ-ორკესტრისთვის დაწერილ "ყვავილების მეუფეს" ასრულებს.

ამ სიმღერას სახეცვლილი ტექსტით ვიცნობთ, როგორც "ყვავილების ქვეყანას". ჩანაწერის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ორმოცდაათიან ან სამოციან წლებშია გაკეთებული, როდესაც "ყვავილების მეუფე" ჯერ კიდევ არ იყო "ყვავილების ქვეყანა".

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჯანო ბაგრატიონი - ყვავილების მეუფე (50-იანი / 60-იანი წლები)

მაშინდელი ცენტრალიზებული და ბიუროკრატიით დატვირთული ხმის ჩამწერი ინდუსტრია ვერ ახერხებდა ქართულ პოპულარულ მუსიკაში მიმდინარე ცვლილებების დროულად აღბეჭდვას. ამის მიუხედავად, დებმა იშხნელებმა ორმოციან წლებში 78-ბრუნიან ფირფიტებზე მინიმუმ 10 კომპოზიცია გამოსცეს. ქართული სიმღერის ამ პირველ პოპულარულ ინტერპრეტატორთა კვარტეტი 1941-1967 წლებში მოღვაწეობდა. შემდეგ ათწლეულებში მათი შემოქმედება ქართული პოპულარული მუსიკის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი გახდა.

დები იშხნელები - მორბის არაგვი (1955)

საბჭოთა პერიოდში, აუდიოჩანაწერებთან ერთად, ქართული მუსიკის პოპულარიზების უმნიშვნელოვანესი საშუალება კინემატოგრაფი იყო. ფილმებს ერთდროულად მილიონები უყურებდნენ, ისინი ტელევიზით გადაიცემოდა, მათი შეძენა და ტირაჟირება საჭირო არ იყო და ხშირად ქართული კინო აუდიტორიას რესპუბლიკის გარეთაც პოულობდა. ასე რომ, ფილმში გაჟღერებული მუსიკის შემსრულებლები ხშირად ერთ დღეში ხდებოდნენ ცნობილი. 

მაგალითად, ორმოციანი წლების ბოლოს და ორმოცდაათიანების მეორე ნახევარში გადაღებულმა ფილმებმა "ბედნიერი შეხვედრა" და "საბუდარელი ჭაბუკი", საქართველოს ფართოდ გააცნო ვალერიან ძაგნიძის და შალვა ჩხიკვაძის 1938 წელს ჩამოყალიბებული დუეტი.

ამ დუეტის ორხმიანმა ვოკალურმა ჰარმონიამ და ორ გიტარაზე შესრულების სხარტმა, ჯანგო რეინჰარდტისეულმა მანერამ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მაშინდელ ქართულ მუსიკაში. იმ დროს პოპულარული კომპოზიციების მათეული ინტერპრეტაციები და ცნობილ მელოდიებზე შეთხზული ფელეტონები ქართული სიმღერის კლასიკად იქცა და დღესაც კი არ ჟღერს მოძველებულად.

 

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ვალერიან ძაგნიძე & შალვა ჩხიკვაძე - ყაყაჩო (195?)

სწორედ ძაგნიძისა და ჩხიკვაძის წყვილმა მისცა მაგალითი მომდევნო ათწლეულებში ჩამოყალიბებულ ბევრ მსგავს აკუსტიკური ფორმატის დუეტსა და ტრიოს. სამწუხაროდ, ორმოცდაათიანებში 78-ბრუნიან ფირფიტებზე ამ მუსიკოსების მხოლოდ რამდენიმე სიმღერა გამოვიდა. ეს ჩანაწერები შემდგომში გაიწმინდა და ოთხმოციანების ბოლოს 4-სიმღერიანი ფირფიტა-მინიონის სახით ხელმეორედ გამოიცა. 

მათი და დები იშხნელების პოპულარულობის შედეგად, ორმოცდაათიან წლებში ბევრი აკუსტიკური დუეტი, ტრიო და კვარტეტი წარმოიქმნა. გამოჩნდნენ ახალი მუსიკოსები (ინოლა გურგულია, მარეხ გოძიაშვილი, ედუარდ სეფაშვილი და სხვ.), რომლებიც ამ სასიმღერო ფორმატს გაყვნენ და ის თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთ მთავარ განშტოებად აქციეს.

ორმოცდაათიანების დასაწყისში ჩამოყალიბება დაიწყო ქართულმა საესტრადო ჟღერადობამ. ფოლკლორისა და რომანსის ფესვებიდან აღმოცენებულ პოპ მუსიკაში ნელ-ნელა სვინგის მსუბუქი გავლენები შემოიპარა და ეს შერწყმა იმ პერიოდის მუსიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი გახდა. ამის კარგი მაგალითია ციცინო ციცქიშვილის და ეთერ გვაზავას დუეტის მიერ შესრულებული სანდრო მირიანაშვილის სიმღერები. მათი ორმოცდაათიანი წლების შუა პერიოდის ჩანაწერები "მელოდიამ" (ძაგნიძის და ჩხიკვაძის კომპოზიციების მსგავსად), ოთხმოციანების ბოლოს, 4-სიმღერიან ფირფიტა-მინიონზე გამოსცა.

ციცინო ციცქიშვილი & ეთერ გვაზავა - თმახუჭუჭა ბიჭო (1955)

სტალინის სიკვდილის შემდეგ განხორციელებულმა დესტალინიზაციის პოლიტიკამ შედარებითი კულტურული ლიბერალიზაცია მოიტანა. ამან კიდევ უფრო დააჩქარა ჯაზის ინტეგრირება ქართულ მუსიკაში. უკვე 1954 წელს, გურამ ბზვანელმა შექმნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (გპი) კვარტეტი, რომელიც, ძირითადად, იოსებ ტუღუშის ჯაზ-ორკესტრთან თანამშრომლობდა და თბილისში ძალიან პოპულარული გახდა.

გპი-ს კვარტეტის არსებობის განმავლობაში, სამოციანი წლების პირველ ნახევრამდე, ვინილზე მათი მხოლოდ რამდენიმე სიმღერა გამოიცა, მაგრამ, საბედნიეროდ, 2006 წელს გამოვიდა ამ კვარტეტის საარქივო CD-კრებული, რომელიც მათ მიერ გაკეთებული ჩანაწერების დიდ ნაწილს მოიცავს. მოსმენისას მარტივად ხვდები მათი პოპულარულობის მიზეზს - ეს იყო ვოკალურად ძალიან შეკრული კოლექტივი, რომელიც არ იყო დამოკიდებული გარეშე კომპოზიტორებზე (სიმღერებს, ძირითადად, გურამ ბზვანელი წერდა) და რომელმაც პირდაპირ, დიდი დოზით შეურწყა ჯაზს ეროვნული მოტივები.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

გპი-ს კვარტეტი - აი, მთაზედა (1958)

1956 წელს შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი, რომელსაც სათავეში კონსტანტინ პევზნერი ჩაუდგა. რამდენიმე წლის შემდეგ ანსამბლს "რერო" ეწოდა. მას საესტრადო მომღერლების აკომპანირების ფუნქცია დაეკისრა. ასეთი რეგულარულად მოქმედი მუსიკალური სტრუქტურის ჩამოყალიბებამ ბევრი ახალი მომღერლის აღმოჩენა და პოპულარიზაცია გახადა შესაძლებელი.

ორმოცდაათიანების ბოლოს საშემსრულებლო კარიერა დაიწყეს გიული ჩოხელმა, სულიკო კოროშინაძემ და ლილი გეგელიამ. ისინი ძირითადად პროფესიონალი კომპოზიტორების (რევაზ ლაღიძე, სულხან ცინცაძე, გოგი ცაბაძე და სხვ.) სიმღერებს ასრულებდნენ. მათ უმაღლესი მუსიკალური განათლება კონსერვატორიაში ჰქონდათ მიღებული და კლასიკური ნაწარმოებების შექმნას საესტრადო სიმღერების წერასაც უთავსებდნენ ხოლმე.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

სულიკო კოროშინაძე - მე თბილისელი ბიჭი ვარ (50-იანი / 60-იანი წლები)

რომ შევაჯამოთ, 40-იან წლებში გაჩნდა ქართული პოპულარული მუსიკის ჩანასახი, 50-იანებში კი ჩამოყალიბდა მისი ჟღერადობის ძირითადი შტრიხები, რომელიც, ძირითადად, ორ მიმართულებას მოიცავდა:

♦ პირველი იყო საორკესტრო პოპულარული მუსიკა, ჯაზის სულ უფრო და უფრო მზარდი გავლენით, რის საფუძველზეც შემდეგ ქართული საესტრადო პოპის ჟღერადობა ჩამოყალიბდა.

♦ მეორე კი აკუსტიკური, გიტარებზე შესრულებული მუსიკა, რომელიც უფრო რომანსიდან მოდიოდა (ზოგჯერ ფოლკლორის ოდნავი გავლენით) და დუეტის ან ტრიოს ფორმატში სრულდებოდა.

ეს პირველადი აკუსტიკური ფორმა, ერთის მხრივ, უცვლელი დარჩა ათწლეულების განმავლობაში. ხოლო მეორეს მხრივ, ე.წ. ქალაქური მუსიკის შემსრულებელი აკუსტიკური ტრიოებისა და კვარტეტების წინამორბედი გახდა. მან ასევე შეამზადა იდეები სამოციანებსა და სამოცდაათიანებში გამოჩენილი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლებისთვის, რაც იმდროინდელ ქართულ "ოფიციალურ" როკ-მუსიკას დაედო საფუძვლად.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

60-იან წლებში 50-იანების მუსიკალურმა რეალობამ ნელ-ნელა შეცვლა დაიწყო. თბილისში ამუშავებულმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ და რესპუბლიკის მასშტაბით გახსნილმა ფირფიტების მცირე საწარმოებმა (თბილისში ასეთი იყო მინიმუმ ოთხი, ბათუმში - ორი, ქუთაისსა და სოხუმშიც თითო-თითო) ქართული მუსიკის უფრო ხშირად ჩაწერის საშუალება გააჩინა.

ათწლეულის დასაწყისში უკვე უმეტესობას სახლში ედგა ტელევიზორი, რომელიც პირველი არხის ტრანსლაციებს იჭერდა. 1961-67 წლებში კი 78-ბრუნიანი შელაკის გრამფირფიტები 33-ბრუნიანმა ვინილებმა ჩაანაცვლა, რომლებიც თითო გვერდზე არა 3-4, არამედ საშუალოდ 15-20 წუთს იტევდნენ. ამან ნელ-ნელა შეცვალა ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ფორმატი, რომელიც სინგლებიდან მინიონებისა და სრულმეტრაჟიანი ალბომების ტირაჟირებაზე გადაერთო.

60-იან წლებში, კონსტანტინ პევზნერის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ "რეროს" შემოქმედებითი მოღვაწეობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ამან ორკესტრთან ასოცირებულ ახალგაზრდა მომღერლებს მეტი პოპულარობის მოპოვების საშუალება მისცა. სულიკო კოროშინაძემ, ლილი გეგელიამ და ვენერა მაისურაძემ, რომლებმაც კარიერა 50-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყეს, 78-ბრუნიანი ჩანაწერების კეთება ახალ ათწლეულშიც განაგრძეს. მართალია, მაშინ ყველაფერი 2-3 პატარა ფირფიტით შემოიფარგლა, მაგრამ უკვე შემდეგ ათწლეულებში ეს სიმღერები არქივიდან შეკრიბეს და კრებულის სახით ერთ დისკ-გიგანტზე (ასე უწოდებდნენ საბჭოთა კავშირში LP-ს) გამოსცეს.

 

ვენერა მაისურაძე - Manhã De Carnaval (1967)

"რერომ" 1966 წელს ერთი მინიონი დამოუკიდებლადაც გამოსცა. ის ბიგ ბენდ სტილში დამუშავებულ 4 სიმღერას შეიცავდა, სადაც გადმომღერებული ჯაზ სტანდარტების გვერდით ქართული მოტივებიც იყო წარმოჩენილი.

რერო - საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი "რერო" (1966) EP

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share