Jump to content
×
×
  • Create New...

აზერბაიჯანის საერთო თემა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
  • ფორუმელი

89255438_2794932037211010_84308572840531

დაბლოკილი ვებგვერდები აზერბაიჯანში – პრობლემა, რომელიც 2017 წელს წარმოიქმნა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა. ამავდროულად, სახელმწიფოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი არის ქვეყანა, სადაც ინტერნეტის ცენზურა არ არსებობს. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაბლოკილი იყო სოციალური ქსელები.



როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

2017 წლის მაისში, აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრომ  სასამართლოს მიმართა ხუთი ვებგვერდის დაბლოკვის მოთხოვნით, რომლებიც ხელისუფლებისთვის არასასურველ მასალას ავრცელებდნენ.

ამ ვებგვერდებს შორის აღმოჩნდა გაზეთ „აზადლიღის“ (ოპოზიციური პარტიის, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ოფიციალური ორგანო), რადიო „აზადლიღის“ (რადიო თავისუფლება), „მეიდან ტვ“-ის, „თურან ტვ“-ისა და პროგრამა „აზერბაიჯანის საათის“ პორტალები.

რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანულ რედაქციასთან ერთად დაბლოკილია წვდომა ამ მედიის საერთაშორისო ვერსიასთანაც.

ქალაქ ბაქოს იასამალის რაიონულმა სასამართლომ სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა და ვებგვერდები აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე დაიბლოკა.

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მაგრამ 2019 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა.

საბოლოო გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯერ ისევ არ არის გამოტანილი.

სასამართლო დასასრულის გარეშე

ერთ-ერთი დაბლოკილი ვებგვერდის, „მეიდან ტვ“-ის რედაქტორის, აინურ ელგიუნეშის აზრით, ასეთი ნელი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი მიზეზი არის ხელისუფლების სურვილი, არ მისცეს ვებგვერდებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა.

„უკვე რამდენიმე წელია, სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ვებგვერდთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზეც და ჩვენ კვლავინდებურად ზეწოლის ქვეშ ვართ“, – განაცხადა ელგიუნეშმა JAMnews-თან ინტერვიუში.

ცოტა ხნის წინ, ამ ვებგვერდის თანამშრომლებს ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა მოეხსნათ.

დაბლოკილი ვებგვერდები აზერბაიჯანში: როგორია შედეგები?

აინურ ელგიუნეშმა აღნიშნა, რომ დაბლოკვის შემდეგ, პირველ თვეებში, ვებგვერდის მნახველთა რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა. მაგრამ დროთა განმავლობაში, ადამიანებმა ისწავლეს VPN პროგრამების გამოყენება, რომელიც საშუალებას იძლევა, გვერდი აუარო ბლოკს.

„ახლა ვითარება გაცილებით გაუმჯობესდა. ასევე, უნდა აღინიშნოს ჩვენი აქტიური მუშაობა სოციალურ ქსელებში. მათი დახმარებით, ჩვენი მასალები მკითხველამდე მიგვაქვს. მაგრამ ის, რომ ადამიანებს არ აქვთ თავისუფლად კითხვის საშუალება, კვლავინდებურად დიდი პრობლემაა ჩვენთვის“, – ხაზი გაუსვა მან. 

წაიკითხეთ ტვიტერში, რომელიც დაბლოკილია

2020 წლის 27 სექტემბერს, ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე, აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე, ინტერნეტთან წვდომაზე შეზღუდვები დაწესდა. ზოგიერთმა სოციალურმა ქსელმა აზერბაიჯანელებისთვის არსებობა შეწყვიტა. ადამიანები სწრაფად მიხვდნენ, რომ უნდა გამოიყენონ VPN-ი.

საინტერესოა, რომ ყარაბაღის მეორე ომის დროს, ბრძოლის ველიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტვიტერში ვრცელდებოდა. მათ ავრცელებდნენ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი თანაშემწე, ჰიქმეთ გაჯიევი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტვიტერი დაბლოკილი იყო.

ქვეყანა ინტერნეტის ცენზურის გარეშე

2020 წლის 9 ნოემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინტერნეტზე ცენზურა არ არსებობს.

„აზერბაიჯანში, ინტერნეტის მოხმარებელთა რიცხვი 80 პროცენტს აჭარბებს. შეგიძლიათ თქვენ წარმოიდგინოთ მედიის შეზღუდვა ქვეყანაში, სადაც თავისუფალი ინტერნეტი არსებობს, არ არის ცენზურა და მოსახლეობის 80 პროცენტი ინტერნეტის მომხმარებელია? ჩვენთან მილიონობით ადამიანი მოიხმარს Facebook-ს. როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენ თავისუფალი მედია არ გვაქვს? ეს კიდევ ერთხელ მიკერძოებული მიდგომაა“, – განაცხადა ალიევმა.

89255438_2794932037211010_84308572840531დაბლოკილი ვებგვერდები აზერბაიჯანში

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

stepa.jpg

ხანქენდიში (სომხური სახელწოდება – სტეპანაკერტი) განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა – „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ დაარსების იუბილეს აღნიშვნამ და იქ რუსი სამშვიდობოების ყოფნამ – ბაქოში გაღიზიანება გამოიწვია. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი შაჰინ ჯაფარლი კომენტარს აკეთებს კითხვაზე, რომელიც ბევრს აინტერესებს: რის მიღწევას ცდილობს რუსეთი ყარაბაღში?



რა მოხდა?

ამ დღეებში, ხანქენდიში მსვლელობა მოეწყო – ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის დედაქალაქის მცხოვრებლებმა თვითგამოცხადებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ დაარსების იუბილე აღნიშნეს – არაღიარებული წარმონაქმნი აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბაქოში განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მსვლელობის დროს, მოზეიმეთა შორის იყვნენ რუსული სამშვიდობო ძალების ფორმებში გამოწყობილი ადამიანებიც.

რუსული სამშვიდობო ძალები შესული არიან ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელსაც 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაზე ხელმოწერის მომენტში, სომხური მხარე აკონტროლებდა. ამ დოკუმენტმა, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად მოაწერეს, წერტილი დაუსვა ყარაბაღის მეორე ომს, რომელიც 44 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რის მიღწევას ცდილობს რუსეთი ყარაბაღში?

„რუსეთი ყარაბაღის სეპარატისტული მოძრაობის საიუბილეო თარიღის აღნიშვნის პირობებს ქმნის. რატომ? – თავის კომენტარში, ამ კითხვას სვამს პოლიტოლოგი შაჰინ ჯაფარლი.

svyashennik.jpgრუსი სამშვიდობოების ფორმაში გამოწყობილი მღვდელი რიაზანიდან მსვლელობაში მონაწილეთა რიგებში

მისი აზრით, რუსეთმა „უნდა აჩვენოს, რომ პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ამიტომ იმყოფებიან იქ სამშვიდობოები“.

„თუკი ყველა საკითხი გადაიჭრება, რომელიც აზერბაიჯანის აზრით პრობლემატურია, ქვეყნის სუვერენიტეტი მთელ ყარაბაღზე გავრცელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სამშვიდობო ოპერაციის საჭიროების ყველა მიზეზი აღმოიფხვრება და მისია უნდა დასრულდეს.

მეორე მხრივ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი (ისევე, როგორც ბევრი დასავლური წრე) სომხურ სეპარატიზმს ლეგიტიმურად მიიჩნევს. ყარაბაღის თემაზე თავის ბოლო გამოსვლებში, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მოვლენები დაიწყო სუმგაითში სომხების დარბევებით და ყარაბაღის არმია შეიარაღდა, რათა საკუთარი თავი (საკუთარი ღირსება) დაეცვა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს საკითხი ასე სწრაფად არ გადაიჭრება. რუსეთი ხანდახან საკუთარ თავს ჩვენს მხარდამჭერად წარმოაჩენს და ყურადღებით მოეკიდება ჩვენს მოთხოვნებს (როგორც, მაგალითად, შეიძლება მოგვეჩვენოს სომხების დასავლელი მეგობრების ყარაბაღში არ შეშვება), ხანდახან კი სომხური მხარის მხარდამჭერად გამოჩნდება და მათ მოთხოვნებს მოეკიდება ყურადღებით.

კომუნიკაციის გახსნა რეგიონში, რომელიც რუსეთის კონტროლისა და მოდერატორობის ქვეშ ხორციელდება, ასევე მოსკოვის გეოპოლიტიკურ ინტერესებს პასუხობს და მის გრძელვადიან გეგმებზე მეტყველებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ილუზიებს არ უნდა მივეცეთ. რატომ უნდა შექმნას რუსეთმა (ასევე ირანმა) თურქეთის აზერბაიჯანთან და თურქულ სამყაროსთან გეოგრაფიული გაერთიანების პირობები?

ასეთი რამ შესაძლებელია იმ პირობებში, თუკი აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევა, თურქეთი კი თავის მხრივ, ჩამოშორდება ევროატლანტიკურ სივრცეს და საკუთარ მომავალს ირანსა და რუსეთთან ერთად ევრაზიულ პროექტში წარმოაჩენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 9-ბალიანი გეოპოლიტიკური მიწისძვრა…

პროცესები აჩვენებს, რომ პუტინის რუსეთს ეს პერსპექტივა არარეალურად არ მიაჩნია და ატარებს პოლიტიკას, რომელიც ასეთ ტექტონიკურ ბიძგებს იწვევს. (არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იმედისმომცემი სიგნალები მიიღეს თურქეთიდან).

საერთო ჯამში, რუსეთის სახელმწიფო აზროვნებამ ამ პერიოდში აჩვენა ოპერატიულად რეაგირების მოხდენისა და თამაშის სტრატეგიის აგების უნარი.

გაიხსენეთ ომის წინა სიტუაცია – რუსეთი კავკასიას კარგავდა:

— რუსეთმა დიდი ხანია დაკარგა საქართველო და დროდადრო სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ღობის ცოტათი წინ გადაწევა არაფერს ცვლის; 

— რუსეთმა, რომლის ავტორიტეტსაც, განსაკუთრებით სომეხ ახალგაზრდებს შორის ეროზია გაუჩნდა, 2018 წლის მაისის რევოლუციის შემდეგ, ერევანში ბატონობა დაკარგა;

— აზერბაიჯანის საზოგადოებრივ აზროვნებაში, მოსკოვი ჯერ კიდევ 1990 წლის 20 იანვარს „მოკვდა“ და როგორი გავლენაც არ უნდა ჰქონოდა მას აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე, ეს გავლენა ორგანიზებულ ფორმას ვერ იღებდა;

ომის შედეგად, რომელიც ჩვენი გამარჯვებითა და სომხეთის კაპიტულაციით დასრულდა, რუსეთმა აქ თავისი ჯარები შემოიყვანა და ინსტიტუციური გავლენის ინსტრუმენტი შექმნა – აზერბაიჯანზე ზეწოლა. სომხეთი კი კიდევ უფრო ძლიერად დაიკავშირა. (საზოგადოებრივი აზრი მოსკოვს დიდად არ ანაღვლებს).

აშშ-ში აგრესიულად განწყობილი ბაიდენის მთავრობის ფორმირების წინ, რუსეთის სახელმწიფო აზროვნებამ ძალიან სწრაფად შეძლო თავის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან დასავლური ექსპანსიის წინააღმდეგ დამცავი ხაზის შექმნა – კავკასიაში, რომელიც რუსეთს თავის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ზონად მიაჩნია.

ჩვენ ამ ხაზს შიგნით ვართ. და ცოტა ხნის წინ, მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას, პუტინმა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას, თავისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა უწოდა.

ახლა მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს ახალი რეალობა“, – დაწერა შაჰინ ჯაფარლიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

stepa.jpgრის მიღწევას ცდილობს რუსეთი ყარაბაღში

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
26.02.2021

„ომის შედეგები უცვლელი დარჩება“ - ილჰამ ალიევმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

გაზიარება facebook twitter messenger vk-black email copy print
 

რა ხდება სომხეთში? როგორ სრულდება 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების პირობები? რატომ იყენებენ აზერბაიჯანში ჩინურ ვაქცინას? რა ბედი ელის სომხეთის 60 მოქალაქეს, რომლებიც ყარაბაღში დაატყვევეს? ამ ყველა კითხვას ილჰამ ალიევმა უპასუხა.



26 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრესკონფერენცია გამართა ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის, რომელიც ოთხ საათს გაგრძელდა.

სომხეთში არსებული ვითარების შესახებ

„მოვლენები, რომელიც სომხეთში ვითარდება – ეს სომხეთის შიდა საქმეა.

16143400055143117801_1000x669.jpg

დღეს, სომხეთი ისეთ მძიმე ვითარებაშია, რომ იქ მიმდინარე პროცესები, დიდწილად, ძირს უთხრის ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს. ამაში დამნაშავეები არიან სომხეთის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები, რადგან ოცი წლის განმავლობაში, კოჩარიანი-სარგსიანის ხუნტას ფაქტობრივად უფსკრულისკენ მიჰყავდა სომხეთი და ამ კრიზისულ სიტუაციამდე მიიყვანა“, – განაცხადა ალიევმა.

„ჩვენ თანმიმდევრულად მოვახდინეთ სომხეთის იზოლირება ყველა საერთაშორისო და რეგიონული პროექტიდან. ჩვენი პოლიტიკა იმაში მდგომარეობდა, რომ სომხეთისთვის ეკონომიკურად ძირი გამოგვეთხარა, გაგვენადგურებინა და იზოლაციაში მოგვექცია. მე ეს არასოდეს დამიმალავს და არაერთხელ მითქვამს, რომ მანამდე, სანამ ჩვენი მიწები ოკუპირებულია, ჩვენ გავყვებით ამ პოლიტიკას“, – დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სამმხრივი განცხადების პირობების შესრულებაზე

„ომის შედეგები რჩება და უცვლელი დარჩება. 10 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადება სრულდება და სრულად უნდა შესრულდეს. ამ დებულების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია. მაგრამ არის კითხვები, რომლებიც დღეს განხილვის საგანია.

2020 წლის 10 ნოემბრის განცხადებამ, რომელსაც ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად მოაწერეს, წერტილი დაუსვა ყარაბაღის მეორე ომს, რომელიც 44 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

იმედი მაქვს, რომ სომხეთში შექმნილი ვითარების მიუხედავად, 10 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადება შესრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ანუ, სომხეთის წინაშე ახლა უკვე არც ისე დიდი არჩევანი დგას“, – განაცხადა ალიევმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ

აზერბაიჯანში, მოსახლეობის ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ალიევმა განაცხადა: „ვაქცინაცია 18 იანვარს დავიწყეთ, სულ რაღაც ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ევროპაში დაიწყეს ვაქცინაცია. ჩვენ ჩინური წარმოების ვაქცინა CoronaVac-ით ვიცრებით.

უკვე დიდი ხანია AstraZeneca-ს ვაქცინა უნდა მიგვეღო – ვერ მივიღეთ. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვერ მივიღეთ. „სპუტინიკი“ ვერ მივიღეთ. COVAX-ით უნდა მიგვეღო Pfizer-ი და Moderna – ვერ მივიღეთ. და არ გვეუბნებიან, როდის მივიღებთ. კარგია, რომ ჩვენი ჩინელი პარტნიორები ასრულებენ საკუთარ ვალდებულებას. ჩვენ ვაქცინის შეძენის საშუალება გვაქვს. და რა გააკეთონ მათ, ვისაც არ აქვს? ეს ადამიანები რა – მოკვდნენ? ე.ი. მდიდრები თვითონ აიცრებიან, წაიღებენ წარმოებას თავისთვის, როგორც ამბობენ, ადამიანური ქცევის ელემენტარული ნორმების სრული იგნორირებით, ღარიბი ქვეყნები კი უნდა იტანჯონ. რომელ თანასწორობაზე ვლაპარაკობთ?

რაც შეეხება CoronaVac-ის ვაქცინებს, 4 მილიონ დოზაზე კონტრაქტი უკვე დადებულია. უკვე ყოველდღიურად მაწვდიან ცნობებს, რომ ხანდახან დღეში, დაახლოებით, 15-20 ათასი ადამიანი იცრება. ასე რომ, ამ მიმართულებით ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. შესაბამისი ფინანსური საშუალებები ამისთვის გამოყოფილია. უბრალოდ, მწარმოებლისგან დაველოდებით ვაქცინის მოწოდებას“.

ყარაბაღში დაპატიმრებული სომხეთის 60 მოქალაქის შესახებ

„საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ჩვენი მონაცემებით, 20 ნოემბრისთვის, სომხეთიდან – შირაქის რაიონში, ქალაქი გიუმრიდან და მიმდებარე რაიონებიდან გაგზავნეს 60-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ქვედანაყოფი, რომელიც, გაუგებარია როგორ, ლაჩინის დერეფნის გავლით აზერბაიჯანის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

გაირკვა, რომ ეს არის დივერსიული ჯგუფი, რომელმაც თავდასხმები განახორციელა როგორც ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებზე, ისე მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამ დივერსიების და ტერაქტების შედეგად, ოთხი სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო პირი დაგვეღუპა – ეს არის ერთ-ერთი მობილური კომპანიის ოპერატორის თანამშრომელი, რომელიც ქალაქ შუშაში მიდიოდა და ჩასაფრებაში მოყვა – და რამდენიმე დაიჭრა.

ბუნებრივია, კონტრტერორისტული ოპერაცია განვახორციელეთ, რომლის შედეგადაც რამდენიმე ტერორისტი სრულად გავანეიტრალეთ, 60-ზე მეტი კი – დავატყვევეთ. დღეს, როდესაც ცდილობენ მათ სამხედრო ტყვეები უწოდონ, ვფიქრობ, რომ შეგნებულად ამახინჯებენ საკითხის არსს. სამხედრო ტყვე არ შეიძლება იყოს ომის დასრულებიდან 20 დღის შემდეგ. სამხედრო ტყვეები, რომლებიც გვყავდა, ყველა დავაბრუნეთ. თანაც, უფრო ადრე გადავეცით, ვიდრე ჩვენებს დაგვიბრუნებდნენ. ეს ადამიანები ამ კატეგორიაში ვერ ხვდებიან. ისინი არიან ტერორისტები და დივერსანტები. და ნებისმიერი სპეკულაცია სომხეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხრიდან, უადგილოა“, – აღნიშნა ალიევმა, რომელმაც ყარაბაღში ომისშემდგომი ვითარების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. 

16143356683146641299_1000x669.jpg ილჰამ ალიევმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share