Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველო ადამიანის უფლებების შესახებ Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში


Recommended Posts

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch 13 იანვარს ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში რამდენიმე წუხილია ჩამოთვლილი, მათ შორის, სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა, მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები, გაუმართლებლად მკაცრი ნარკოპოლიტიკა და ლგბტ ადამიანების დისკრიმინაცია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოში პოლიტიკურმა დაძაბულობამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმატა, ხოლო გაყალბების ბრალდებების ფონზე მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა, რასაც ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირებით უპასუხა“. დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაგრამ მისდამი ნდობას „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები“ ამცირებდა.

ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ პარლამენტმა „შრომის კანონმდებლობაში უაღრესად საჭირო ცვლილებები მიიღო, რითაც აღადგინა რიგი შრომითი უფლებები“.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეკონომიკაზე კოვიდ-19-ის „დამანგრეველი ზეგავლენის“ შესამსუბუქებლად, საქართველოს ხელისუფლებამ აპრილში 1.5 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა; ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხელისუფლებამ 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების შესახებ განაცხადა, თუმცა ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯები „ამომრჩეველთა მოსაზიდ მანიპულაციად“ შეაფასეს.

ორგანიზაცია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს. „ადგილობრივი უფლებადამცველების თქმით, ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილების ასეთი ფორმით, საპარლამენტო კონტროლის გარეშე მინიჭება, ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნა რა, რომ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ოქტომბრის არჩევნებს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს, ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე, მათ შორის, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებზე, კენჭისყრის ფარულობის მრავლობით დარღვევასა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევებზე.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების გასაპროტესტებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან 8 ნოემბერს შეკრებილი ათეულობით დემონსტრანტის წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა და აღნიშნავს, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენების გამოძიება უმეტესად მიკერძოებულად მიმდინარეობდა.

საქართველოში მედიის თავისუფლების შეფასებისას, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „აჭარის ტელეკომპანიის“ ახალმა ხელმძღვანელობამ სამსახურიდან ის ჟურნალისტები დაითხოვა, რომლებიც ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მმართველობის „სავარაუდო ჩარევას“ აპროტესტებდნენ. მათ შორის იყვნენ საინფორმაციო გადაცემის წამყვანი თეონა ბაკურიძე და ტოქ-შოუს წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი.

დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სავარაუდო საბოტაჟის ფაქტზე დაწყებული გამოძიება „გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად“ შეაფასეს.

ორგანიზაცია ყურადღებას ასევე ამახვილებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რითაც „კომუნიკაციების კომისიას“, უფლებამოსილება მიენიჭა, დანიშნოს „სპეციალური მმართველი“ ელექტრონული კომუნიკაციების ნებისმიერ იმ კომპანიაში, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შრომის კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების მიუხედავად, პრობლემად რჩება სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და მუშაობის სათანადო პირობების უზრუნველყოფა იმ ფონზე, როდესაც 2020 წლის „წლის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 22 ადამიანი დაიღუპა და 110 დაშავდა“.

დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლება „კვლავ უარს ამბობს ტრანსგენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციის გარეშე“, ხოლო კოვიდ-19-ით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გააუარესა ტრანსგენდერი ადამიანების ისედაც მძიმე ყოფა. „ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სოციალური დახმარების არარსებობისთვის ყურადღების მისაქცევად, 19 წლის ტრანსგენდერმა ქალმა ამ აქციაზე [აპრილში] თავის დაწყვა სცადა“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ანგარიში აღნიშნავს, რომ მართალია, ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადამიანის პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების ისეთი მცირე ოდენობით ფლობისთვის, რომელიც ინტოქსიკაციას არ იწვევს, საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და ძირეულად შეიცვლებოდა არსებული სადამსჯელო პრაქტიკა, კვლავ განუხილველი დარჩა.

ასევე წაიკითხეთ:

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share