ძებნა
'მე-19' ძებნის შედეგები.
-
შერმადინი ესპანეთში მე-19 ტურის საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
კორონავირუსის პანდემიის გამო ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატშიც ხშირად იცვლება მატჩების თარიღი. მსგავსი: ჩემპიონთა ლიგა | 23 წუთში 25 ქულა - შერმადინი ლატვიელებმა ვერ შეაჩერეს [ვიდეო] #1TVSPORT გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მე-19 ტურში ბასკეთში ითამაშა და „გიპუსკოასთან“ 87:89 დამარცხდა. ამ ტურის გადადებული მატჩები ორიოდე დღის წინ გაიმართა და გაირკვა, რომ საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა. „შერმადინმა მატჩი 28 ქულით დაასრულა, 15 მცდელობიდან 13 ორქულიანი(!) და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან მის ანგარიშზე 6 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემაა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (+33) 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი ტურში ყველა კალათბურთელზე მაღლა იდგა,“ – ვკითხულობთ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე. El premio que tenía pendiente @gioshermadini… 3⃣3⃣ valoración Jugador de la Jornada 19#LigaEndesa | @CB1939Canarias | #ÚneteAlMejorEquipoEnMovistar pic.twitter.com/2N31hHZuLN — Liga Endesa (@ACBCOM) March 17, 2021 The post შერმადინი ესპანეთში მე-19 ტურის საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. -
საქართველოს ეკლესია მე-19 ს-იდან დღემდე – ნუგზარ პაპუაშვილი მე-19 ს-ის დასაწყისში ერთიანი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე ორივე ავტოკეფალური ეკლესია – ქართლის ანუ საქართველოს საპატრიარქო და აფხაზეთის ანუ იმერეთის საკათალიკოსო – არსებობას განაგრძობდა. იმის მიუხედავად, რომ სამეფოებისა და სამთავროების პოლიტიკური დამოუკიდებლობა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, იმხანად აღნიშნული ეკლესიების ეპარქიათა მეტ ნაწილში კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის გამოცოცხლება შეინიშნებოდა, მაგრამ ეს პროცესი იმ რეორგანიზაციის გამო შეფერხდა, რაც ორივე ეკლესიაში რუსეთის ხელისუფლებამ მოახდინა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან ინკორპორაციამ (1801) დღის წესრიგში საქართველოს ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიერთების საკითხიც დააყენა. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დაავალა უწმინდესი სინოდის ობერპროკურორსა და საქართველოს მთავარმართებელ ალ. ტორმასოვს, დაეწყოთ მუშაობა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის სასწრაფოდ, მაგრამ უმტკივნეულოდ შეცვლისათვის. ფორმალური საფუძველი 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი აღმოჩნდა. ამ დოკუმენტის მე-8 მუხლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს უწმინდესი სინოდის მუდმივ წევრად აცხადებს და დასძენს, `საქართველოს ეკლესიების~ უწმინდეს სინოდთან სამომავლო ურთიერთობას საგანგებო `პროტოკოლი” განსაზღვრავს. ტრაქტატის ტექსტის შემუშავებაში საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი ანტონ I-ც მონაწილეობდა. ამის გამო მკვლევართა ნაწილი (მაგ. თ. ჟორდანია) მიიჩნევს, რომ რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე გააუქმა (თუმცა ტრაქტატში არც სამეფოსა და არც ეკლესიის რუსეთთან ინკორპორაციაზე ლაპარაკი არაა). როდესაც რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო შეიერთა, ადგილობრივ ეკლესიას კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II (ბაგრატიონი) განაგებდა (1788 წლიდან). ახალმა ადმინისტრაციამ მისი შევიწროება პოსტის დაკავების პირველივე დღიდან დაიწყო. ერეოდნენ მის სამღვდელმთავრო საქმეებში და მიანიშნებდნენ, თუკი პეტერბურგში გამგზავრების თაობაზე ხელმწიფე იმპერატორის ნებას არ დაჰყვები, საეკლესიო-სახელმწიფო ქონების განიავებისა და იმპერიის მტრებთან საიდუმლო კავშირის ბრალდებით შენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებაო. ანტონ II-მ გაითვალისწინა საფრთხე, რაც უარის თქმის შემთხვევაში მის სამწყსოს ელოდებოდა, და 1810 წლის 3 ნოემბერს სამშობლო დატოვა. პეტერბურგში იგი 1811 წლის 20 მარტს ჩავიდა. იმპერატორმა ის ბრწყინვალედ მიიღო და უმაღლესი ჯილდო უბოძა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცა, რაც საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებას ნიშნავდა. იმპერიულ მთავრობას ერთსა და იმავე სახელმწიფოში ერთი და იმავე მრწამსის ორი დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობა ქვეყნის მთლიანობისა და, კერძოდ, საქართველოს რუსეთთან ინტეგრაციისათვის დამაბრკოლებელ ფაქტორად წარმოედგინა. გასათვალისწინებელია, რომ თვითმმართველობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასაც წართმეული ჰქონდა. პატრიარქის ინსტიტუტი იქ პეტრე I-ის რეფორმების შედეგად (1722) გაუქმდა და უწმინდესი სინოდი ერთ-ერთ სამთავრობო კოლეგიად გამოცხადდა, რომელსაც უმაღლესი საერო მოხელე – ობერპროკურორი მართავდა. კათალიკოს-პატრიარქის ტიტული ერთობ მონარქიული სახელმწიფოსათვის აუტანელი აღმოჩნდა, რადგან ეს ტიტული სახელმწიფოსთან მიმართების თვალსაზრისით კაცს ეკლესიის ავტონომიურობის მიზანშეწონილობას აგრძნობინებდა. ეკლესიის ავტონომიურობა კი იდეალში ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფას ნიშნავს, რასაც საეკლესიო ნაციონალიზმი არ უშვებს. იგი ერს, ეკლესიასა და სახელმწიფოს განუყოფელ მთლიანობად მოიაზრებს. ასე რომ, საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია და მისი ტრადიციული იერარქია (საჭეთმპყრობლითურთ) რუსეთის როგორც კოლონიურ პოლიტიკასთან, ისე სოციალურ სტრუქტურასთან შეუსაბამო ჩანდა. საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი მთავარმართებელმა ალ. ტორმასოვმა, ობერპროკურორმა ალ. გოლიცინმა და არქიეპისკოპოსმა ვარლამმა (ერისთავმა) შეიმუშავეს. გაუქმდა საქართველოს საკათალიკოსო და დაარსდა საეგზარქოსო, აგრეთვე სასულიერო დიკასტურია (სასამართლო), რომელიც 1815 წელს საქართველო-იმერეთის `სინოდალურ კანტორად” გადაკეთდა. ეპარქიების რიცხვი ორამდე შემცირდა: მცხეთა-ქართლისა და ალავერდ-კახეთისა; მონასტრებსა და საკათედრო ტაძრებს ჩამოერთვა ყმა-მამულები და ხაზინას გადაეცა; ქალაქის ეკლესიებში ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა თანდათან შეიზღუდა; დამყარდა საეკლესიო მმართველობის ზუსტად ის წესი, რაც რუსეთში არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოს ეგზარქოსად ვარლამ ერისთავი დაინიშნა. ეს რეფორმა `ტორმასოვის რეფორმის” სახელითაა ცნობილი. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა იგი 1811 წლის 30 ივნისს დაადასტურა, რის გამოც აღნიშნული თარიღი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ოფიციალურ თარიღად უნდა ჩაითვალოს. აფხაზეთის საკათალიკოსოს გაუქმების პროცესი უფრო დრამატულად და ტრაგიკულად წარიმართა. მე-19 ს-ის დასაწყისში აფხაზეთის საკათალიკოსო ტახტი (მე-16 ს-ის შუა წლებიდან გალათში გადმოტანილი) დაქვრივებული იყო. მას მიტროვოლიტი დოსითეოზ ქუთათელი (წერეთელი) და ეპისკოპოსი ექვთიმე გაენათელი (შარვაშიძე) განაგებდნენ. 1810 წლის 20 თებერვალს რუსეთის სამხედრო დესანტმა მეფე სოლომონ II დააპატიმრა და სამეფო გააუქმა. 1814 წლის 17 ოქტომბერის ბრძანებით კი აფხაზეთის საკათალიკოსოც გაუქმდა და მისი ეპარქიები აღმოსავლეთ საქართველოს საეგზარქოსოსთან გაერთიანდა. ამის გამო ამიერ და იმიერ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას `საქართველოსა და იმერეთის საეგზარქოსო” ეწოდა, მის მღვდელმთავარს – `საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი” (აღსანიშნავია, რომ საქართველოს საეგზარქოსოს საზღვრები მთელ კავკასიას მოიცავდა). დაიწყო გლეხთა საეკლესიო გადასახადის გაზრდა, რამაც 1819-1820 წლებში იმერეთის დიდი აჯანყება გამოიწვია. მღვდელმთავრები დოსითეოზი და ექვთიმე დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მხარეზე დადგნენ, რის გამოც ისინი 1820 წლის 4 მარტს დაატყვევეს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს და რუსეთში გაგზავნეს. ასეთ სისასტიკეს მოხუცმა დოსითეოზმა ვერ გაუძლო და გზაში სული ამოხდა. მისი გვამი სოფელ ანანურში დაკრძალეს `ყოვლად მარტივად და უცერემონიოდ~. ექვთიმე პეტერბურგში ჩაიყვანეს, სადაც მან ალექსანდრე I-ს `ახალი დროის ნერონი” უწოდა. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს როგორც საეკლესიო, ისე სამოქალაქო გაერთიანება ფრიად დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს. მართალია, საქართველოს ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიქვემდებარა, მაგრამ თავის განუყოფელ ნაწილად იგი მაინც ვერ აქცია. ამაზე სახელწოდება `ეგზარქატი” მეტყველებს. ეს ბერძნული სიტყვაა და ისეთ ადგილს აღნიშნავს, რომლელიც განსაზღვრული ტერიტორიის მიღმა იმყოფება. `ეგზარქოსი” (`ექსარხოსი”) ასეთი ადგილის (ჩვენს შემთხვევაში – ეკლესიის) განმგებელია. აკად. კორნელი კეკელიძის დაკვირვებით, ტერმინი `საქართველოს საექსარხოსო” გვეუბნება, რომ საქართველოს ეკლესიის ინკორპორაცია ჯერ არ მომხდარა, მას, როგორც `დაქვრივებულს” დღეს რუსეთის `ეგზარქოსი” განაგებს. საქართველოს საეგზარქოსომ 106 წელს იარსება და 18 ეგზარქოსი გამოიცვალა. ისინი საერო ხელისუფლისაგან, იმპერატორისაგან, ინიშნებოდნენ და, ცხადია, იმპერიის სამსახურში იდგნენ. საქართველოს ეგზარქოსები, პირველის გამოკლებით, რუსები იყვნენ. მათ შორის ქართული ენის შესწავლის სურვილი მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა და კიდეც შეისწავლა. უმრავლესობა ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციულ გარემოს ზევიდან დაჰყურებდა, რის საფუძველზეც არა ერთი და ორი კონფლიქტი წარმოიქმნა. მათგან რამდენიმე ტრაგედიით დამთავრდა. ამ ტრაგედიებიდან ორს გამოვყოფთ. 1886 წლის 24 მაისს იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი დეკ. პავლე ჩუდეცკი. გავრცელდა ხმა, რომ რექტორის დაკრძალვის დღეს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა თქვა: `წყეულიმც იყოს საზოგადოება, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედს წარმოშობს”. სიტყვა `საზოგადოება” ქართველ ერთან იქნა გაიგივებული, რის გამოც ეგზარქოსის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა აზვირთდა. პროტესტი ყველაზე აქტიურად დიმიტრი ყიფიანმა გამოხატა, რაც სტავეოპოლში მისი გადასახლების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. იქ იგი 1887 წლის 24 ოქტომბერს მოკლეს. მისი ნეშთის საქართველოში გადმოსვენება და მთაწმინდაზე დაკრძალვა გრანდიოზულ ანტიიმპერიულ აქციაში გადაიზარდა. უფრო დიდი და მძაფრი რეზონანსი მოჰყვა 1908 წლის 28 მაისს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობას. მკვლელი ვერ დააკავეს, ეჭვი კი რამდენიმე ქართველ მღვდელსა და მღვდელმთავარზე მიიტანეს. მათ შორის ეპ. კირიონ საძაგლიშვილზე, არქიმანდ. ამბროსი ხელაიაზე და მღვდ. ნიკოლოზ ნამორაძეზე. უკანასკნელი გამოძიებას გაექცა, თავი კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეს შეაფარა და სამშობლოში მხოლოდ 1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. დანარჩენებს ბრალი ვერ დაუმტკიცეს. მათ დასაცავად ხმა საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც აიმაღლა. ვითარება დაიძაბა; დაიწყო რეპრესიები; ქართველები და რუსები თბილისში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მაგრამ შეტაკება არ მოხდა. ეგზარქოსებისა და მათი თანამოსაგრეების ქართულ კულტურასთან დამოკიდებულება ერთნაირი არ ყოფილა. ცნობილი არიან ისეთი რუსი სასულიერო პირები, რომლებსაც შეეძლოთ, ქართული გალობისათვის `ძაღლების ყეფა” ეწოდებინათ და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძველი ქართული ჰიმნოგრაფიული ტრადიციის აღორძინებისათვის იღვწოდნენ. ზოგჯერ ერთი და იგივე პიროვნება ერთ შემთხვევაში უკიდურესად ანტიქართულ განწყობილებას ამჟღავნებდა, მეორე შემთხვევაში კი – პირიქით. ქართველოფობიით გამორჩეული დეკ. ივანე ვოსტორგოვი, მაგალითად, ქართველი წმინდანების სიის შედგენაზეც მუშაობდა და, როდესაც საკითხი ოფიციალურად დაისვა, თამარ მეფის წმინდანად აღიარებაზეც დათანხმდა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების საფუძველს ძველი (XVIII ს-მდელი) საეკლესიო-ლიტურგიკული ტრადიცია ნაკლებად იძლეოდა. რუსიფიკაციის მცდელობამ მცირე ერებში წინააღმდეგობის ჟინი და თვითმყოფადობის შენარჩუნების ინსტიქტი გააღვივა; დაიწყეს ზრუნვა თავ-თავიანთი ისტორიული ფესვებისა და წარსულის მემკვიდრეობის შესაცნობად. თითქოს შეუსაბამოა, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარ მუშაობას სტიმული იმპერიული მთავრობისა და იდეოლოგიის იმ მსახურებმაც მისცეს, რომლებიც სწავლა-განათლებით გამოირჩეოდნენ. ასე მოხდა საქართველოშიც. აღსანიშნავია მეფისნაცვალ ვორონცოვის დაინტერესება ქართული კულტურით და მისი ღვაწლი ამ უბანზე, რის გამოც პლატონ იოსელიანს და სხვა ქართველ თუ არაქართველ სწავლულს ქართველოლოგიის განხრით სერიოზული კვლევა-ძიების წარმოების საშუალება მიეცა. XIX ს-ის შუა წლებში ძველი ქართული მწერლობისა და, ზოგადად, კულტურის ბევრი პირველხარისხოვანი ძეგლი გამოვლინდა, რამაც ქართველთა შორის ეროვნული თვითშეგნების აღმავლობას შეუწყო ხელი. რუსეთის სასულიერო აკადემიებში, სადაც მეცნიერული მუშაობა ერთობ მაღალ საფეხურზე იდგა, ეკლესიის ისტორიის ქართველი მკვლევარები აღიზარდნენ. მათ ხელმისაწვდომი გახადეს ის დოკუმენტები, რომლებიც ავტოკეფალიის იურიდიულ საფუძვლებს ადასტურებდა და ამ სტატუსის განახლებისათვის ბრძოლას კანონიერების ფარგლებში ათავსებდა. პირველი სტატია, რომელიც წარსულში საქართველოს ეკლესიის ფაქტობრივი და იურიდიული ავტოკეფალიის დადასტურებას ისახავდა მიზნად, 1894 წელს ჟურნ. `პასტირ”-ში გამოქვეყნდა. ასევე მღვდ. (შემდ. კ-პ) კ. ცინცაძის მონოგრაფია `საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია”, რომელმაც აღნიშნული სტატუსის განახლებისათვის ბრძოლას სტიმული მისცა. 1905 წლიდან აქტიური კამპანია დაიწყო: გამოქვეყნდა უამრავი მასალა, მოეწყო დისკუსიები, კრებები და მანიფესტაციები. აღსანიშნავია ქართველ სამღვდელოთა არასანქცირებული ყრილობა, რომელმაც მუშაობა 1905 წლის 29 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიაში დაიწყო. ეგზარქოსმა ალექსიმ კაზაკები გამოიძახა და მათი დახმარებით დელეგატები დარბაზიდან კინწისკვრით გაყარა. ამ ფაქტმა საპროტესტო მოძრაობა უფრო გაააქტიურა. მთავრობა იძულებული გახდა, დაეწყო მზადება სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებისათვის, რომელსაც მოცემულ საკითხზე დაბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა. 1906-1907 წლებში უწმინდესი სინოდის საკონფერენციო დარბაზში კრების წინმსწრები თათბირ-სემინარები მიმდინარეობდა. მოისმინეს ეპ. კირიონის, ეპ. ლეონიდის, ეპ. ევთიმეს, პროფ. ალექსანდრე ცაგარელის, პროფ. ალექსანდრე ხახანაშვილის და პროფ. ნიკო მარის მოხსენებები. ავტოკეფალიის განახლების მთავარ საფუძვლად დასახელებულ იქნა ის ფაქტი, რომ რუსული საეკლესიო მმართველობის პირობებში კავკასიაში მართლმადიდებლური სარწმუნოების დანერგვისა და განმტკიცების მისია მიზანს ვერ აღწევს, ხალხი წარმართობის და ურწმუნოების ჭაობში ეფლობა; საქართველოს ტერიტორიიდან გააქვთ ისტორიული ნივთები; არაპროფესიულად და ეროვნული კულტურის ტრადიციათა უგულებელყოფის ფონზე მიმდინარეობს სიძველეთა კონსერვაციისა და რესტავრაციის საქმე. რუსების მხრიდან ავტოკეფალიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ პროფ. გლუბოკოვსკი და პროფ. ოსტროუმოვი, დეკანოზები ვოსტორგოვი და ბუტკევიჩი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, მაგალითად, პროფესორები სოკოლოვი და ზაოზერსკი, განსაკუთრებით დურნოვო, რომლებიც ქართველების ინტერესებს იცავდნენ. დებატები მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულ კალაპოტში მიმდინარეობდა, მაგრამ სინოდმა მათი გაგრძელება საჭიროდ აღარ მიიჩნია და სხდომები შეწყვიტა. ავტოკეფალიის მომხრეებს აღუთქვეს, საეკლესიო კრებას მალე მოვიწვევთო, მაგრამ დაპირება არ შესრულდა. არსებობდა საერო და სასულიერო პირების ჯგუფი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რომის ეკლესიასთან უნიის ფორმით შეერთებისა და ამ გზით ავტოკეფალიის მოპოვებისათვის იღვწოდა. აქტიურობდნენ გელათის მონასტრის ბერები, ქუთაისელი თავადაზნაურები, აკაკი წერეთელი და სხვა თვალსაჩინო მოღვაწეები, მაგრამ მათ იდეას ბევრი არ მიემხრო. ოპონენტები ამბობდნენ, თუკი საქართველოს ეკლესია გაკათოლიკდება, რუსეთი მას ჩამორთმეულ ქონებას არ დაუბრუნებსო (ელდარ ბუბულაშვილი). ქართველ კათოლიკეთა ჯურნალის `ჯვარი ვაზისა~-ს კარი ღია იყო ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირებისათვის, რომლებიც იქ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ პირველხარისხოვან დოკუმენტებს აქვეყნებდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, რასაც მთავრობის ისტერიული კონტრრეაქცია მოჰყვა. ობერპროკურორმა შეიმუშავა პროექტი, რომელიც `საქართველოს საეგზარქოსოს” გაუქმებას, მის ნაცვლად `კავკასიის სამიტროპოლიტოს” შექმნას და, მაშასადამე, საქართველოს ეკლესიის სრულ ინკორპორაციას ისახავდა მიზნად. ინფორმაციამ ამ ჩანაფიქრის შესახებ საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პროტესტი გამოთქვა მაშინდელმა ეგზარქოსმა პლატონმა, რის გამოც ამ პროექტის რეალიზაცია შეჩერდა. სამაგიეროდ საქართველოსათვის არანაკლებ სახიფათო, ფილეტური ერესის შემცველი პროექტი შეიმუშავეს – აფხაზეთში არაქართული სამრევლოების სოხუმის ეპარქიისგან ჩამოშორება და მათი რუსეთის ერთ-ერთ ეპარქიაში გაერთიანება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმპერიის მთავრობა მაშინ მეგრელებს, სვანებსა და სამურზაყანოელებსაც არაქართველებად მოიაზრებდა. ეს აშკარა ანტიქართული პოლიტიკის ნიშანი იყო, რომლის წინააღმდეგ სიტყვა ყველაზე ხმამაღლა დეკ. კ. კეკელიძემ თქვა. 1917 წლის 25 თებერვალს რუსეთში გაიმარჯვა რევოლუციამ; დაიწყო იმპერიის დეცენტრალიზაცია და რღვევა; გამოიცა დეკრეტები სინოდის თავისუფლებისა და ერთა თვითგამორკვევის შესახებ. ამ გარემოებით ისარგებლა საქართველოს ეკლესიამ და იმა წლის 12 (ახ. სტ. 25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა 10 ათასმა სამღვდელო და საერო პირმა ამ ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს აქტი იურიდიულად პირველმა საეკლესიო კრებამ დაადასტურა (თბილისი, 1917 წლის 8-17 სექტემბერი). გაუქმდა ეგზარქოსის თანამდებობა და განახლდა კათალიკოს-პატრიარქის ტახტი. ამ პოსტზე კირიონი აირჩიეს. რუსეთის პოსტრევოლუციურმა მთავრობამ აღიარა საქართველოს ეკლესიის თვითმმართველობა, მაგრამ ეს ეკლესია მიიჩნია არა ტერიტორიულ, არამედ ეროვნულ, ე.ი. მხოლოდ ქართველების ეკლესიად. უწმინდესმა სინოდმა და, შემდეგ, პატრიარქმა ტიქონმა (აირჩიეს 1917 წლის 5 ნოემბერს) გაავრცელეს ეპისტოლეები, რომელთა თანახმად მათ საქართველოს ეკლესიის იერარქია მადლმოკლებულად გამოაცხადეს; საქართველოში მცხოვრებ მართლმადიდებლებს მოუწოდეს, არ მიიწვიონ `ავტოკეფალისტი მღვდლები” არავითარ მღვდელმსახურებაში, არ მიიღონ მათგან ლოცვა-კურთხევა, არ შევიდნენ `ქართველების ეკლესიაში”, თორემ `უსათუოდ მოხვდებიან ჯოჯოხეთში”. ნაეგზარქოსალმა პლატონმა, რომელსაც საქართველოს მოყვარულ მღვდელმთავრად იცნობდნენ, რუსეთის საეკლესიო კრებაზე განაცხადა, ქართველები მართლმადიდებლობას გადაუდგნენო. ამ კრებას (1817-1918 წლების მიჯნა) აღმოსავლეთის სხვა მართლმადიდებელი პატრიარქებიც ესწრებოდნენ. ისინი რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცნენ და ფიქრობდნენ, რომ ქართველებმა ისარგებლეს რუსეთის იმპერიის ავადმყოფობით, ე.ი. გაკომუნისტებით, და `უმადური შვილების მსგავსად ხელი აღმართეს მასზე”. საქართველოს ეკლესია XX ს-ის 20-30-იან წლებში ყოველი მხრიდან რეპრესირებული აღმოჩნდა. მის უფლებებს ზღუდავდნენ მენშევიკები, მაგრამ ბოლშევიკების ანტირელიგიურ კამპანიას პრეცენდენტი ძნელად მოეძებნება. ხურავდნენ და ანგრევდნენ ეკლესიებს, აბუჩად იგდებდნენ და სცემდნენ მორწმუნეებს, არა ერთმა და ორმა საეკლესიო თუ საერო პირმა სიცოცხლე მოწამებრივად აღასრულა. ეკლესიას ხელიდან ყოველგვარი სარჩო-საბადებელი გამოეცალა. კ-პ ამბროსი იძულებული გახდა, რომ მემორანდუმით გენუის კონფერენციისათვის მიემართა, საქართველოს ძალდატანებით გასაბჭოება საერთაშორისო მასშტაბით დაეგმო და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვა. 1923 წლის იანვარში კათალიკოს-პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს ყველა წევრი დააპატიმრეს, გაასამართლეს (1924 წლის 10-19 მარტს) და მსჯავრი დასდეს, მაგრამ 1925 წლის დასაწყისში ამნისტიის წესით ყველა გაათავისუფლეს. ამ დროს ქართველი მართლმადიდებლების ნაწილმა პროკომუნისტური პლატფორმა აირჩია. მათ 1926 წლის 26-27 დეკემბერს ქუთაისში საეკლესიო ყრილობა მოიწვიეს; ეკლესიის თავს დამტყდარი უბედურების მთავარ მიზეზად კ-პ ამბროსისა და საკათალიკოსო საბჭოს `ანტისამთავრობო კურსი~ გამოაცხადეს; შეიმუშავეს დეკლარაცია, რომელშიც სახელმწიფოსადმი ერთგულება გამოხატეს. ყველაზე კრიზისული მდგომარეობა საქართველოს ეკლესიას 30-იან წლებში ჰქონდა. ამ დროს საკათალიკოსო ტახტს მაღალი ავტორიტეტის სასულიერო პირი, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე კალისტრატე ცინცაძე განაგებდა (1932-1952), მაგრამ იმ პრობლემების მოგვარება, რაც ეკლესიას კატასტროფას უქადდა, მისთვისაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ადმინისტრაცია ეკლესიებს ისეთ ბეგარას აკისრებდა, რაც შენაწირი თანხის რაოდენობას ბევრად აღემატებოდა. 1934 წელს მართლმადიდებელ სამრევლოთა რიცხვი 15-მდე შემცირდა. დაიკეტა სვეტიცხოველი. ეს საფრთხე სიონსაც ემუქრებოდა. კათალიკოს-პატრიარქმა საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადა, ტელეგრამა გაუგზავნა სტალინს და სთხოვა შუამდგომლობა. მისი თქმით, “საქართველოს ეკლესიას კარს მოსდგომია ისეთი განსაცდელი, რომელსაც შეუძლია სავსებით მოუღოს მას ბოლო სულ მოკლე დროში”. ადრესატის პასუხი ცნობილი არაა. ამასობაში ომი დაიწყო. საბჭოთა ხელისუფლება ეკლესიის მიმართ შედარებით ლოიალური გახდა. საქართველოს ეკლესიის მეთაური საბჭოთა კავშირის რელიგიურ ორგანიზაციათა ლიდერებს შორის პირველი შეუერთდა ანტიფაშისტურ კოალიციას. მის სამწყსოს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დევნილობის პირობებშიც კი განახლებისა და რეფორმაციის სურვილი გამოავლინა. გამოიკვეთა მინი ინტერკონფესიური ანუ ეკუმენური მისწრაფებები. კირიონ II-მ, როდესაც იგი კათალიკოს-პატრიარქად აღასაყდრეს, ეპისტოლეები გაუგზავნა არა მარტო მართლმადიდებელ პატრიარქებს, არამედ რომის პაპსა და სომეხთა პატრიარქ-კათალიკოსს და მათ ეკლესიათა დაახლოების სურვილი გაუზიარა; მისმა მომდევნო პატრიარქმა ლეონიდემ მხარი დაუჭირა თბილისის კათოლიკეთა საეპისკოპოსო კათედრის აღდგენას და პაპის წარმომადგენელთ ყოველმხრივი თანადგომა აღუთქვა; გელათის კრების (1921) გადაწყვეტილებით ევროპაში სასულიერო განათლებისათვის გაიგზავნა ახალგაზრდა სწავლული გრიგოლ ფერაძე, რომელსაც კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ ეკუმენური შინაარსით გამსჭვალული სარეკომენდაციო ბარათი გაატანა; გრიგოლ ფერაძემ, რომელიც 1942 წელს მოწამებრივად აღესრულა, ვენისა და ლოზანის დიდ ეკუმენურ კრებებში მიიღო მონაწილეობა და, ამდენად, იგი თანამედროვე ეკუმენური მოძრაობის ინიციატორთა რიგებში ჩადგა. მან კავშირი დაამყარა ბრიტანეთის ბიბლიურ საზოგადოებასთან, საღვთო წერილის რამდენიმე მონაკვეთი თარგმნა, რითაც საფუძველი ჩაუყარა იმ იდეის განხორციელებასაც, რაზეც ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი ოცნებობდნენ; საკათალიკოსო საბჭოს წევრი რაფიელ ივანიცკი-ინგილო, წმ. კათალიკოს ამბროსის დავალებით ეახლა რომის პაპს და რამდენიმე წლის განმავლობაში დარჩა მის კარზე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დესპანი; 1923 წელს საკათალიკოსო საბჭომ, პატიმრობაში მყოფ კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით გამოაცხადა ახალი სტილის კალენდარზე გადასვლა, რაც 1927 წელს საეკლესიო კრებამაც დასტურყო; შემცირდა ჟამისწირვისა და სხვა კერძო ღვთისმსახურების წესები, გამარტივდა სამღვდელო პირთა ყოფა-ცხოვრების რეგლამენტი და სხვა. მართალია, განჩინებები კალენდარულ რეფორმასა და საეკლესიო პრაქტიკაში სხვა ცვლილებების შესახებ მრევლმა არაადეკვატურად აღიქვა, რის გამოც ისინი ცხოვრებაში ვერ დაინერგა, მაგრამ სასულიერო და საერო საზოგადოებათა ელიტარული ნაწილი მათგან ზოგიერთი ბოლო დროს წმინდანთა თანა შეირაცხა. მაშინ რეფორმაციისა და ეკუმენური მოძრაობის მხარეზე იდგა. 1941-1945 წლებში საქართველოს ეკლესიას, სსრკ-ს სხვა რელიგიური ორგანიზაციების მსგავსად, აქტიურობის მეტი საშუალება მიეცა. ეკლესიების რიცხვი 1945 წელს 29-მდე გაიზარდა, გამოიცა რამდენიმე წიგნი, მათ შორის საეკლესიო კალენდარი, ჩაისახა სასულიერო სასწავლებლის გახსნისა და პერიოდული ჟურნალის დაარსების იდეა, მაგრამ ხელისუფლებამ შედარებით ლოიალური კურსი დიდხანს არ გააგრძელა. 1943 წლის 31 ოქტომბერს აღდგა ძმური ურთიერთობა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, რის თაობაზეც რუსეთის პატრიარქმა სერგიმ აღმოსავლეთის პატრიარქებს აუწყა. 1962 წლიდან დამყარდა კავშირები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან – ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან, ქრისტიანთა სამშვიდობო კონფერენციასთან, ევროპის ეკლესიათა კონფერენციასთან, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტთან და ბიბლიურ საზოგადოებებთან. განხორციელდა ვიზიტები საზღვარგარეთ, მაგალითად – 1963 წელს კ-პ ეფრემ II-ისა საფრანგეთში, სადაც მან იქაური ქართული დიასპორა მოინახულა და პარიზის წმ. ნინოს ეკლესიასაც ეწვია. 1979 წლის 13 იანვარს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს თანაპრეზიდენტად კ-პ ილია II აირჩიეს, რამაც მას სახელი მოუხვეჭა და მსოფლიო მასშტაბით ავტორიტეტი შეუქმნა. და ბოლოს: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1990 წლის 3 მარტს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმაც დაამოწმა. პერესტროიკის ხანიდან საქართველოში საერო და სასულიერო საზოგადოების გარკვეულ კატეგორიას ეკლესიურ-ნაციონალური, ულტრაკლერიკალური და ობსკურანტული განწყობილებები მოეძალდა და ერთგვარი ანტიეკუმენური ფრონტი შეიქმნა. კათალიკოს-პატრიარქმა და სინოდმა დააკმაყოფილა რადიკალურად განწყობილი პირების მოთხოვნა და 1997 წლის 20 მაისს, დადგენილების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეკუმენური მოძრაობის რიგები დატოვა. განხეთილებას, რომლის წინაშეც მაშინ საქართველოს ეკლესია იდგა, საფუძველი გამოაცალა, მაგრამ პრობლემაბი მაინც დარჩა. რადიკალებს ეკუმენისტობად არა მარტო ეკუმენურ ორგანიზაციებში გაწევრიანება მიაჩნიათ, არამედ იმ ეკლესიებთან ევქარისტიული კავშირიც, რომლებიც ეკუმენურ მოძრაობაში არიან ჩაბმულნი და სხვადმადიდებლებთან მხარდამხარ ლოცვაზე უარს არ ამბობენ.
-
- საქართველოს
- ეკლესია
-
(and 3 more)
Tagged with: