Jump to content
×
×
  • Create New...

სიცოცხლის რთული ქსელი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პოპულარული წარმოდგენის მიხედვით, სერენგეტის ეკოსისტემა უძველესი აფრიკული ლანდშაფტია, რომლის უზარმაზარი ოქროსფერი დაბლობები ათასწლეულების მანძილზე არ შეცვლილა. აწოწილი ჟირაფები გრაციოზულად დააბიჯებენ. სპილოების ჯოგი მღელვარე ბალახის ტალღებს მიაპობს. ლომები ხრახნილრქებიან ანტილოპებზე სასტიკად ნადირობენ. ზოლებიანი გნუს და ზებრების დაკლაკნილი კვალი შეუჩერებლად მოძრაობს. სერენგეტიში მცხოვრებ ადამიანებს, მასაის ეთნიკურ ჯგუფსა თუ სხვებს, თუკი  მათ შესახებ საერთოდ ვინმესთვისაა ცნობილი, ძირითადად ეგზოტიკურ ფიგურებად წარმოსახავენ, რომლებიც არქაულ პასტორალურ ტრადიციებს ჯიუტად ებღაუჭებიან. 

ასეთი წარმოდგენები ვერ ასახავენ იმ უზარმაზარი ეკოსისტემის სირთულეს, რომელიც ჩრდილოეთ ტანზანიიდან სამხრეთ-დასავლეთ კენიამდეა გადაჭიმული და ათასობით სახეობის მცენარისა და ცხოველის საბინადრო გარემოს წარმოადგენს. თვით სახელწოდებაც კი – „სერენგეტი“ (ვარაუდობენ, რომ ის წარმოიშვა მასაის ხალხის სიტყვიდან და „უსასრულო ველს“ ნიშნავს) – შეცდომაში შემყვანია. სერენგეტი არის მრავალფეროვანი ლანდშაფტები, მათ შორის სავანა, ტყის მასივები და მდინარისპირა ტყეები.   

ეს ადგილი არ ჰგავს პლანეტის არც ერთ სხვა ადგილს. აქ ზოგიერთი სახეობის ცხოველის უკანასკნელი და წარმატებული პოპულაცია ბინადრობს და ეს ის ადგილია, სადაც ადამიანი, ჩვენი სახეობის წარმოშობის მომენტიდან, ცხოველებთან ჰარმონიაში ცხოვრობდა. დღეს ზოგიერთი ცხოველი გაქრობის საფრთხის წინაშეა, რადგან ჩვენ, ადამიანები, სულ უფრო ხშირად ვაცხადებთ პრეტენზიას მათ საარსებო გარემოზე და ვათბობთ კლიმატს.

MM8752_2009318_077856135435-1.jpg
გნუები მდინარე მარას გასწვრივ ციცაბო ნაპირზე ეშვებიან წყლისა და ახალი საძოვრების ძიებაში. ყოველწლიურად დაახლოებით 1,3 მილიონი ზოლებიანი გნუ მიჰყვება სეზონურ წვიმებს საათის ისრის მიმართულებით ტანზანიიდან კენიაში და უკან. ეს ყველაზე დიდი სახმელეთო მიგრაციაა პლანეტაზე.

სერენგეტი არის უხსოვარი დროის კაფსულაც და ჩვენი მომავლის მაუწყებელიც. ის არის სიცოცხლის რთული ქსელი, რომელიც დამოკიდებულია პარკების, რეზერვატებისა და ნაკრძალების საზღვრებს მიღმა არსებულ ლანდშაფტებზე.

ისევე როგორც აღმოსავლეთ აფრიკის მოსახლეობის უმრავლესობა, ბავშვობაში მეც არასოდეს ვყოფილვარ სერენგეტიში. ის ტურისტების ადგილი იყო, რომელიც ჩვენთვის მიუწვდომლად გვეჩვენებოდა. მაგრამ, ბევრისგან განსხვავებით, მე მერგო ბედნიერება, რომ ბავშვობის ასაკშიც კი, როდესაც  გასული საუკუნის 70-იან წლებში ნაირობიში ვიზრდებოდი, ბუნებრივ გარემოში მენახა კენიის ველური ცხოველების ნაწილი. მე და ჩემი ძმა დავეხეტებოდით ტყეში, ხეებზე დავძვრებოდით, მდინარეებში დავცურავდით და ჭაობებში გზას მივიკვლევდით. ერთ დღესაც, ფიკუსის ხეზე, ზევით, საყვარელი ცხოველი შევნიშნეთ, რომელიც გიგანტურ ზღვის გოჭს ჰგავდა. მეზობელმა გვითხრა, რომ ეს იყო ჰირაქსი, სპილოს შორეული ნათესავი და დაგვპირდა, რომ გვიამბობდა ნებისმიერი ცხოველის შესახებ, რომლის ცოცხლად დაჭერასაც მოვახერხებდით. ჩვენ მივუყვანეთ გველები, ხვლიკები, ჩიტები, ბაყაყები, თაგვები და ერთხელ გიგანტური ზაზუნასებრი ვირთაგვაც კი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალი აღმოჩენა გავაკეთე. ეს უსაზღვრო მოთმინების მქონე ადამიანი რიჩარდ ლიკი – პალეოანთროპოლოგი, კენიის ეროვნული მუზეუმის მაშინდელი დირექტორი გახლდათ.

გავიდა წლები და უკვე 15 წლისამ, როგორღაც დავარწმუნე ჩემი მშობლები, ნება დაერთოთ, სხვა სტუდენტებთან ერთად მეც შევერთებოდი სამეცნიერო ექსპედიციას ჩრდილოეთ კენიის შორეულ დასახლებულ ტერიტორიაზე, სადაც შეიძლება წყურვილის, ბანდიტების ან ლომების მსხვერპლი გავმხდარიყავი. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც დედამ სამდივნო სკოლაში გამგზავნა, გავიქეცი და ლიკის სანახავად წავედი. მან სტაჟიორის ადგილი მიპოვა, რამაც ბიძგი მისცა ჩემს ოცნებას, რეინჯერი გავმხდარიყავი.

ბოლოს, სერენგეტისაც ვესტუმრე, უკვე 20 წელს გადაცილებული, როდესაც კენიის ველური ბუნების სამსახურში ვმუშაობდი. ახალგაზრდამ და გულუბრყვილომ, ერთხელ მასაი-მარას ეროვნულ ნაკრძალში ამერიკელ მეცნიერებს ვკითხე, ჰყავდათ თუ არა ჯგუფში კენიელები. 

„რა თქმა უნდა, გვყავს, – მიპასუხეს მათ, – მძღოლი და ჩვენი მზარეული“.

MM8752_200728_077856083514.jpg
ათასობით წლის განმავლობაში გნუები აღმოსავლეთ აფრიკის დაბლობებს კვეთდნენ. ჯოგებს წინამძღოლი არ ჰყავთ, მაგრამ გზის გაგნებაში მათ ნაკვალევი ეხმარება – ისევე როგორც წინა ლაშქრობების ჯგუფური მეხსიერება. ყოველწლიური მოგზაურობისას ისინი ქმნიან ერთ მეგაჯოგს.

არავინ ელოდა, რომ აფრიკელები კვლევებს განახორციელებდნენ. ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, მე ვმუშაობდი დოქტორის ხარისხის მისაღებად ეკოლოგიასა და ევოლუციურ ბიოლოგიაში. რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ ყველაფერს, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო, სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ, კონსერვაციულ საქმიანობაზე გადავერთე.

აქ ზრუნვა ყველას სჭირდება, რადგან ფსონები მაღალია. ზოლებიანი გნუს მიგრაცია – რომელიც სერენგეტის ეკოსისტემაში წრიულ ტრაექტორიაზე მოძრაობს – წნეხის ქვეშაა. მდინარე მარას ნაპირებზე მილიონზე მეტი ანტილოპის ყოველწლიური ჩამოსვლა მიგრაციის მდგრადობას ადასტურებს, მაგრამ გრძელვადიანი ტენდენციები სხვა სურათს გვიხატავს. ქვეყნის მასშტაბით, მსხვილი ძუძუმწოვრების პოპულაციები მკვეთრადაა შემცირებული.

ჯექსონ ლოსეიამ, მასაის ტუროპერატორმა და სატელევიზიო შოუს „დიდ კატისებრთა ამბების“ თანაწამყვანმა მითხრა, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში მან და მისმა კოლეგებმა შენიშნეს 10 სახეობა, რომლებიც უკვე გაქრნენ ან თითქმის გაქრობის პირას არიან: დიდი კუდუ, ანტილოპა დუკერი, ბუშბოკი, ბუშის ღორი, ტყის დიდი ღორი, ორიბი, მაიმუნი კოლობუსი, შავი ანტილოპა, ცხენისებრი ანტილოპა და, რა თქმა უნდა, შავი მარტორქა. ამ ცხოველების უმეტესობა ეკოსისტემის სიჯანსაღის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია.

1990-იან წლებში, ნაირობის სამხრეთით, ატი-კაპუტიეის ეკოსისტემაში, ანტილოპა გნუს მიგრაციის კრახის მოწმენი გავხდით. სანამ ძალიან არ დაგვიანდა, ვერც კი მივხვდით, თუ რა ხდებოდა. დღეს, როგორც ჩანს, სერენგეტიში იგივე ხდება უფრო ფართო მასშტაბით. საფრთხეს კლიმატის ცვლილებაც ზრდის. ლიკი შიშობს, რომ თუ ამ პრობლემას დაუყოვნებლივ არ გადავჭრით გლობალურ დონეზე, ჩვენს სიცოცხლეშივე დავკარგავთ ველური ბუნების უმეტეს ნაწილს. თუკი სადმე ისეთი გარემო არსებობს, რომელიც დათბობით გამოწვეულ ზეწოლას გაუძლებდა, მაშინ ეს სერენგეტის ეკოსისტემა იქნება – საოცარი გამძლეობის მქონე ადგილი. მჯერა, რომ შევძლებთ ამ ველური გარემოს დაცვას და მომავალი თაობებისთვის მის შენარჩუნებას, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება, თუ ამას რიგითი კენიელები და ტანზანიელები არ მოითხოვენ.

image.png

The National  Geographic Society იცავს და აშუქებს ჩვენი პლანეტის საოცრებებს. ეს საზოგადოება 2011 წლიდან აფინანსებს პაულა კაჰუმბუს პროექტს, რომელიც იცავს აღმოსავლეთ აფრიკის სახეობებს. 2021 წელს მას Rolex National Geographic Explorer-ის წლის ჯილდო მიენიჭა. „ვისის კამპანიის“ ფარგლებში ჩვენ დავაფინანსეთ მკვლევარი ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი, რომელმაც ორ წელზე მეტი მოანდომა ადამიანებისა და ცხოველების ფოტოგრაფირებას სერენგეტის დიდ ეკოსისტემაში.
ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი

The post სიცოცხლის რთული ქსელი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share