ფორუმელი Moor Posted 22 ნოემბერი, 2021 Posted 22 ნოემბერი, 2021 მშობლიურ კონტინენტზე 240 000-წლიანი ხეტიალის შემდეგ ანატომიურად თანამედროვე ადამიანმა აფრიკა დატოვა და მსოფლიო დაიპყრო – თუ რატომ, არავინ იცის დარწმუნებით. ეს შეკითხვა ჩემს გონებას იპყრობს, რადგან უკვე 9 წელი სრულდება, რაც აფრიკიდან დაძრულ ჩვენს წინაპართა ქვის ხანის ნაკვალევს მივუყვები და გზად ამბებს მოგითხრობთ რეპორტაჟული პროექტის ფარგლებში. მე უკვე მივაღწიე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას. საბოლოოდ, ჩემი მიზანია, დამქანცველი გზის შემდეგ, როგორღაც მოვხვდე სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ წვერზე, სადაც Homo Sapiens-ს მატერიკული ჰორიზონტი შეეზღუდა. ჩემი მიზანი მარტივი იყო: ცხოვრების დამუხრუჭება, ჩემი ფიქრების, ჩემი სამუშაოს, ჩემი საათების შენელება. თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიო სხვაგვარად ფიქრობდა. შავბნელი კლიმატური კრიზისი. სახეობათა მასშტაბური გადაშენება. ადამიანთა იძულებითი მიგრაცია. სახალხო ამბოხებები. სასიკვდილო კორონავირუსი. უკვე 3000-ზე მეტი დილაა, რაც თასმებს ვიკრავ და ნაბიჯებით ვზომავ იმ პლანეტას, რომელიც, თითქოს, ჩქარდება, ფეხქვეშ ზანზარებს და ძირეული ქარტეხილებისკენ მიგვაქანებს. მაგრამ მიანმაში ჩასვლამდე მე არასოდეს შევჩეხებივარ სახელმწიფო გადატრიალებას. ერთ დილას ქალაქ იანგონის (მიანმა) საკარანტინო სასტუმროში ტელევიზიით მოვისმინე უნიფორმიანი მკვლელის განცხადება, რომ აუნ სან სუ ჩის მთავრობა დაამხეს. თებერვლის პირველი რიცხვი იდგა. ჯარისკაცები და პოლიცია ქუჩაში დაძრწოდა. მცირე ხანში ისინი ცეცხლს გაუხსნიან დემონსტრანტებს და თავში დამიზნებით ესვრიან კაცებს, ქალებს, ბავშვებს. მოგვიანებით, პოეტებს გამოაცხადებენ დივერსანტებად, მათ დაიჭერენ და მოკლავენ. ჰიპოთეზები უხვადაა, თუ რატომ გავიფანტეთ აფრიკიდან. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ჩვენ ამოვწურეთ მშობლიური სავანის რესურსები და შიმშილობამ გვიბიძგა ფართო სამყაროში გაჭრისკენ. სხვა ექსპერტთა განცხადებით, ჩვენი წინაპრები მიიზიდა „მწვანე არაბეთმა“, რომელიც მათ ახალ სანადირო ტერიტორიებს სთავაზობდა. კიდევ სხვა მეცნიერთა რწმუნებით, ჩვენ ქექვა-ჩხრეკით გავუყევით სანაპირო ხაზს, ახლად რომ გაეშიშვლებინა ზღვის დონის დაწევას (სანაპირო მიგრაციის თეორია). ჩრდილოეთ ეთიოპიის აფარ მეჯოგეთა შვილები ჰერტო-ბურიში იკრიბებიან. აქედან ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს მთელ პლანეტაზე განსახლება და 2013 წლის იანვარში პოლ სალოპეკიც შეუდგა ამ 38 500-კილომეტრიან ოდისეას გზადაგზა ამბების თხრობით. ადამიანის დაუდგრომელი ბუნების საწყისთა ასახსნელად ჩემი ფავორიტი ჰიპოთეზაა მეხსიერების ხმა. მისი ფორმულირება ამგვარია: უდიდესი დროის განმავლობაში არქაული ადამიანები გადაშენების ზღვარზე იყვნენ. ამ უძველეს მიწებზე ჩვენი არსებობა ეპიზოდური იყო, ადრეული homo-ს ნამოსახლარები აფრიკის გარეთ ძალიან ცოტა გვხვდება და მათგან ვერც ერთი ვერ გადარჩა. ვიღაც შეიძლება იგონებს, ვთქვათ, ახალ სამუშაო იარაღს, თუმცა ეს ინოვაცია იკარგება, როდესაც მისი ტომი ქრება. მსგავსი წინსვლა ვერ ვრცელდება და ვერც მომდევნო თაობას გადაეცემა. და, ასე ინავლებოდა პირქუში ათასწლეულები: აღმოჩენა, დაკარგვა, ხელახლა გამოგონება. პლანეტის კარიბჭე მხოლოდ მაშინ შევაღეთ, როდესაც ადამიანთა პოპულაცია საკმარისად გაიზარდა თუ დასტაბილურდა ამ ახალი გარღვევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ჩვენ უკვე გვახსოვდა ერთმანეთის მეხსიერება. ჩვენ გავიმარჯვეთ დავიწყებასთან ბრძოლაში. ჩვენ წინ გავიჭერით. მე ვუახლოვდები ჩემი აბსურდული 38500-კილომეტრიანი მარშრუტის შუა მონაკვეთს და აღმოსავლეთისკენ მივიწევ მზის ამოსვლის შესაგებებლად. ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია მახსენდებოდეს ამ განვლილ გზაზე შემხვედრი ათასობით სახე. ვინ ჩანდა მათ შორის საუკეთესოდ აღჭურვილი, რომ გამკლავებოდა ჩვენი ბუნდოვანი საუკუნის გამოწვევებს? ვინ შეინარჩუნებდა მენტალურ თუ ფიზიკურ სიჯანსაღეს ამ ეპოქაში? სადამსჯელო ღონისძიებებმა რომ სულ უფრო სისხლიანი ფორმა მიიღო, რაღაც უცნაური ამნეზია ჩამოწვა იანგონში. ეს იყო გამქრალი შეტყობინებები. ბირმელი მეგობრები – პროდემოკრატიული აქტივისტები, ხელოვანები თუ ბარიკადების მომწყობი ახალგაზრდები – გადაერთნენ დაშიფრულ აპლიკაციებზე, რადგან საკონტროლო პუნქტებთან ჯარისკაცები გულდასმით ამოწმებდნენ მოქალაქეთა მობილურ ტელეფონებს. ტექსტურ შეტყობინებებზე ისინი აყენებდნენ უსაფრთხოების წამმზომს და მითითებული დროის გასვლისას ციფრული საუბრებიც უჩინარდებოდა. დედამ მითხრა, რომ არ უნდა თავისი ორივე ქალიშვილი ციხეში ნახოს… ტამვეში ხალხს ტყვიებს ესვრიან… უსაფრთხოდ იყავი… მე ვცდილობ, განაცხადი შევიტანო და პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი მივიღო მესამე ქვეყანაში… ბოდიში, რომ გვიან გიპასუხე. მე, ცოტა, ემოციური აშლილობა მქონდა… ჟურნალისტ პოლ სალოპეკის მიანმაში ყოფნის დროს პროდემოკრატიული დემონსტრაციები იმართებოდა. მას შემდეგ, რაც სამხედროებმა თებერვალში ქვეყნის ხელისუფლება დაამხეს, ასობით ადამიანი მოკლეს. სალოპეკს ჩინეთში გაფრენა მოუხდა. შიშის, ბრაზისა და გამხნევების ეს მღელვარე ჩანაწერები ყოველ ჯერზე ქრებოდა, როდესაც კი თვალს გავახელდი მორიგ ყვითელ აისთან შესახვედრად. მე აფაზიური მდგომარეობით დავიარებოდი რევოლუციის შუაგულში. ჩემი წარმოდგენით, ამაზე უფრო ახლოს არასოდეს მივსულვარ ადამიანური ევოლუციის საწყისებთან. დაიმახსოვრე კადერ იარის ფეხები. დაკოჟრილი და სტეიკივით ბრტყელი ფეხები ისე ირწეოდნენ იარის ბარძაყებიდან, როგორც ქანქარის ბურთები. ეთიოპიის დიდ რიფტულ ხეობაში ჩვენ ერთად დავფარეთ გასაგიჟებლად ლამაზი უდაბნოს 250 კილომეტრი. იარი და მე ორი საპალნე აქლემით მივიწევდით ადენის ყურისკენ. იარის რეზინის სანდლები ციგურებივით მისრიალებდა. ის ავლენდა სიარულის ზეადამიანურ მანერას: ტრანსკონტინენტურს, უძველესს, მორგებულს წვიმას ადევნებულ ადამიანზე, რომელმაც უსასრულო კილომეტრები უნდა შთანთქოს. იარი აფარი მეჯოგე გახლდათ. თავიდან მისი სიჩუმის მიზეზი არასწორად მივაწერე იარის ქედმაღლურ ბუნებას. მწყემსები ქვემდგომ არსებებად მიიჩნევენ ყველა ბინადარ ადამიანს, რომელთაც არ აბადიათ შინაური საქონელი, მაგრამ, აქ სხვა ამბავი იყო – კონცენტრირებულობა და გარემოზე დაკვირვება. „რას შეჭამენ აქლემები?“ – მკითხა მან ერთ დღეს, როდესაც აფიქრებდა ჩვენი არც ისე კარგად შერჩეული საბანაკე ადგილი. მე მხრები ავიჩეჩე. შემდეგ ქვა ავიღე და გავუწოდე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მთელი თვის განმავლობაში, როდესაც იარი გაცინებული ვნახე. იარი ფრთხილი ადამიანი გახლდათ. ჰორიზონტს დოპლერის რადიოლოკატორივით გაჰყურებდა. მითხრა, ღრუბლებს ვეძებო. ღრუბელი ნიშნავდა ტენიანობას, ხოლო ტენიანობა ნიშნავდა ბალახს. უკანასკნელ ხანს აქაურმა კლიმატმა აურია. წვიმები გაუჩინარდა. სარწყულებლები შრებოდა. ბალახიც ვეღარ იღვიძებდა. რესურსებისთვის ბრძოლა უკვე დუღილის წერტილს აღწევდა იარის ხალხსა და ისას შორის – ეთნიკური სომალელები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ თავიანთი ასევე გადახრუკული ველებიდან. 2014 წელს პოლ სალოპეკმა გაიარა იორდანია. იქ შეხვდა 11 წლის მოჰამადის ოჯახს, სირიელ ლტოლვილებს, რომლებიც ხილსა თუ ბოსტნეულს კრეფდნენ. უადი-რუმის ბორცვებთან პოლს საკვები გაუზიარა სირიელთა ერთმა ოჯახმა. „აქ არ არის ხორცი“, – ამოიგმინა მასპინძელმა. ჩვენი თვითგადარჩენის უძველესი სტრატეგია მოძრაობაა. მეჯოგეები უკეთეს ადგილზე გადანაცვლებით პასუხობენ კატაკლიზმებს, რისთვისაც საკუთარ ფეხებს იყენებენ. სავარაუდოდ, ქვის ხანის ადამიანებიც, ახლა რომ კვალში ამოვდგომივარ, მსგავსადვე იქცეოდნენ. ისინი გვახსენებენ: თან ატარეთ სახლი, როგორც სკვნილია ცერსა და საჩვენებელ თითებს შორის მოქცეული. არ გადადგათ ფუჭი ნაბიჯი. მზად იყავით გეზის შესაცვლელად. XXI საუკუნის მოგზაურები ორ კლასად იყოფიან. გამარჯვებულები მოძრაობენ თავიანთი საჯდომებით – სხედან მანქანებში. დანარჩენები მოგზაურობენ საკუთარ ძვლებზე შემომსხდრები – ისინი ფეხით დადიან. ამ გლობალურ ბილიკზე თქვენ უამრავ ადამიანს ხვდებით მეორე კატეგორიიდან: უჩინრები. ლტოლვილები. გარიყულები. დევნილები. უსამსახურო, უსახლკარო, მოქალაქეობის არმქონე ადამიანები. იძულებითი მიგრანტები – გაეროს აღრიცხვით, ისინი შეადგენენ 80 მილიონამდე ადამიანს. გახსოვდეთ მათი ულუფა. მთიან ყარაბაღში ერთი დანგრევის პირას მისული სახლის კარზე დავაკაკუნე, სადაც ბინა დაედოთ სირიიდან მიგრირებულ სომეხ ლტოლვილებს. „სპასეკ!“ – წამოიძახა ქალმა ზღურბლს მიღმა, – „დამელოდეთ!“ შემდეგ მესმოდა, თუ როგორი ფაციფუცით მიმზადებდნენ კიტრის, მარილის, ყველისა და ხმელი, უსაფუარო პურის საუზმეს. ისინი კვლავ და კვლავ მივსებდნენ თეფშს, რომელიც გაზეთის ფურცელს წარმოადგენდა. მათ დასხდომაც კი იუარეს. მთელი თავიანთი მიწიერი ავლადიდება ორადორ ჩემოდანში ეტეოდა. სამხრეთ იორდანიაში, პეტრას უძველეს ნანგრევებთან გამავალ რთულ რელიეფზე, სალოპეკს მეგზურობას უწევს საპალნე ჯორი. ტვირთის ზიდვაში მას დახმარებიან აქლემები და ცხენებიც, რათა კაცობრიობის სამიგრაციო ნაკვალევს გაჰყოლოდა.ჯიბუტიში, ლოთების სუნით გაჟღენთილ სატვირთო მანქანების გაჩერებაზე, სომალელი მიგრანტები განუწყვეტლივ მთავაზობდნენ წითელ ჩაის. ისინი წარმოადგენდნენ კონტრაბანდისტების პირად საკუთრებას და არაბეთისკენ მიემგზავრებოდნენ. თეთრკანიანი მამაკაცი, მოქმედი პასპორტით – აქ მე ნამდვილად ყველაზე პრივილეგირებულ ფეხით მოსიარულედ ჩავითვლებოდი. თუმცა, ეს მამაკაცები, რომლებმაც წყურვილით დაღუპული მეგობრები დატოვეს უდაბნოში, კოვზით მაწვდიდნენ შაქარს, თითქოს ჩემზე გამოფიტული ირგვლივ სხვა არავინ ყოფილიყო. ქალაქ ჰომსიდან იძულებით გადაადგილებული სირიელები გადარჩნენ იორდანიაში პომიდვრის კრეფითა და ჭამით. „აქ ხორცი არ არის“, – მომიბოდიშა ერთ-ერთმა. „ჩვენთან მხოლოდ თუ იოცნებებთ ქათამზე“. ჰომსი ნაფლეთებად აქცია სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის არტილერიამ. ახლა, რაც ებადათ, ყველაფერს იზიარებდნენ: მოთუშული პომიდორი, პომიდორი ცოცხლად, დამწნილებული პომიდორი. ღამით თავიანთ საბნებში მახვევდნენ. იმ ეტაპზე მეგზურობას მიწევდა ჰამუდი ალვეიჯა ალ-ბედული, მოუხეშავი ბედუინი, რომელმაც მთელი ჩვენი საკვები ამ ხალხს დაურიგა. მათ რომ დავშორდით, რამდენიმე კილომეტრი ისე გავიარეთ, ხმა ვერცერთმა ამოვიღეთ სირიელთა დიდსულოვნებით შეძრულებმა. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მიგრძვნია თავი უფრო მდიდრად, უფრო დანაყრებულად, ვიდრე იმ ლტოლვილთა ქვიშიან კარვებში. დაიმახსოვრე ხივა. ყარაყალპაკეთის სტეპს გავუყევი ერთ ქალაქამდე, რომელიც უდაბნოსავით ბზინავდა მზის ქვეშ. ოთხ საუკუნეზე უფრო მეტი ხნით ადრე, სანამ ევროპა განმანათლებლობის იდეებს ეზიარებოდა, ხივას ოაზისი – ისევე როგორც სამარყანდი და ბუხარა – გლობალური კულტურის ცენტრში იდგა, იქ სადაც დღეს უზბეკეთია: თავისუფალი იდეების, მეცნიერების, ხელოვნების, ტექნოლოგიისა და ენების „ცხელი წერტილი“. თავის მხრივ, ბერძნული ფილოსოფიის ხმელთაშუა ზღვიდან მონაქროლმა ნაპერწკალმაც გააღვივა ისლამის ინტელექტუალური მიღწევები. აზიური ინოვაციები, როგორებიცაა ცელულოზა-ქაღალდი, გამოჭედილი ფოლადი თუ ადრეული უმაღლესი მათემატიკა, აქლემის ქარავნებით გაიჭრა დასავლეთით, ევროპისკენ. აბრეშუმის გზამ გადახსნა ძველი მსოფლიოს გონება. (მარცხნივ) 2014 წელს თურქეთს მიაწყდნენ სირიელები, ძირითადად ქურთები, რომლებიც ISIS-ს გაურბოდნენ. დღეს თურქეთში 4 მილიონამდე სირიელია – მსოფლიოში უდიდესი ლტოლვილთა პოპულაცია. ასეთი მასშტაბური მიგრაცია რეგიონში არ აღნიშნულა მას შემდეგ, რაც სომხები გაექცნენ თურქების დევნასა და გენოციდს ერთი საუკუნის წინ, ოსმალეთის იმპერიის დაცემის პერიოდში. (მარჯვნივ) 2016 წელს ხალხი ავტობუსით მიდის კუმპეტას ბაზარში (მარგილანი, უზბეკეთი). საუკუნეთა განმავლობაში ეს პუნქტი გადიოდა აბრეშუმის გზაზე, რომელიც, პოლის თქმით, აკავშირებდა აზიის, ევროპისა და აფრიკის ბაზრებსა თუ იდეებს. დღეს აქ იყიდით ყველაფერს – ძრავის ზეთს, ხახვს… „ამ უდაბნოში გადასარჩენად თქვენ გჭირდებათ მიწათმოქმედება“, – მიხსნიდა ხიველი არქიტექტორი გავხარ დურდიევა. „ხვნა-თესვისთვის კი თქვენ უნდა გაგეგებოდეთ ირიგაციის, ეს კი ინჟინერიას მოითხოვს. ჩვენ მათემატიკას ვიყენებდით საკუთარი თავის გამოსაკვებად“. დურდიევამ სიამაყით ჩამომითვალა აბრეშუმის გზის გენიოსები, რომლებმაც გამოიგონეს ალგორითმი თუ გამოთვალეს დედამიწის რადიუსი ჯერ კიდევ ათასწლეულის წინ. თუმცა, დღეის ხივა წარმოადგენდა ერთ დასამარებულ ქალაქს. მოზღვავებული გერმანელი ტურისტები კაპუჩინოს წრუპავდნენ შთამბეჭდავ ბასტიონებთან, რომლებიც არაფერს იცავდნენ არაფრისგან. უძველესი გალავნები ხშირი სანახაობაა აბრეშუმის გზაზე. ამ მიდამოებში 2-წლიანი ფეხით სიარულისას ჩამივლია ძველ სათოფურიან გალავნებთან, პარაპეტებსა თუ ციტადელებთან. მართალია, შუა საუკუნეების ამგვარი დაცვითი ნაგებობები წარმატებით მუშაობდა შეიარაღებული მომთაბარეებისა და მოთარეშეების წინააღმდეგ, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ჭეშმარიტებაა ის, რომ ცენტრალური აზიის მდიდარი, ვაჭრობაზე დაფუძნებული მრავალეთნიკური სამეფოები შიგნიდან იხრწნებოდა. ისინი ემსხვერპლნენ პოლიტიკურ და რელიგიურ პოლარიზაციას, დინასტიური ბრძოლების ქაოსს, რელიგიურ ფანატიზმს (განხეთქილება შიიტებსა და სუნიტებს შორის), შეუწყნარებლობას, არარაციონალურ წმენდებს და, საბოლოოდ, სტაგნაციას. 1200-იანი წლებისთვის კი ისინი ჩინგიზ-ყაენის არმიამ გადათელა. ეს კედლები განასახიერებდნენ პოლიტიკის წარუმატებლობას. ფრთხილად უნდა იყო, როდესაც კედლებში რაღაცას ამწყვდევ. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა კუიბიშევოში ქალი სადილს ამზადებს, მისი შვილი კი – ისვენებს. მეუღლე ჩართულია თანამედროვე მიკრომიგრაციებში – წინ და უკან მგზავრობა ნავთობით მდიდარ მანგისთაუს ოლქში. ინდოეთის ჰარიანას შტატში ეს ბიჭი ფულს გამოიმუშავებს ქორწილის სტუმართა ქოლგის ქვეშ შეფარებით. ინდოეთში ყველაზე ხელსაყრელი და დატვირთული საქორწინო პერიოდი ოქტომბერ-დეკემბერია. ღამით მამაკაცს შესვენება აქვს პენჯაბის ბრინჯის გადამამუშავებელ ქარხანაში. ამ მხარეში პესტიციდების ჭარბმა მოხმარებამ დააბინძურა წყალშემცველი ჰორიზონტი – შედეგად, კიბოს შემთხვევები იზრდება. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა კუიბიშევოში ქალი სადილს ამზადებს, მისი შვილი კი – ისვენებს. მეუღლე ჩართულია თანამედროვე მიკრომიგრაციებში – წინ და უკან მგზავრობა ნავთობით მდიდარ მანგისთაუს ოლქში. ინდოეთის ჰარიანას შტატში ეს ბიჭი ფულს გამოიმუშავებს ქორწილის სტუმართა ქოლგის ქვეშ შეფარებით. ინდოეთში ყველაზე ხელსაყრელი და დატვირთული საქორწინო პერიოდი ოქტომბერ-დეკემბერია. ღამით მამაკაცს შესვენება აქვს პენჯაბის ბრინჯის გადამამუშავებელ ქარხანაში. ამ მხარეში პესტიციდების ჭარბმა მოხმარებამ დააბინძურა წყალშემცველი ჰორიზონტი – შედეგად, კიბოს შემთხვევები იზრდება. დაიმახსოვრე საროჯ დევი იადავი. იგი ატარებდა ვარდისფერ შარფს, ეკლით დაჩხვლეტილ მარჯვენა ფეხზე კი – სახვევს. ეს ქალი ცხოვრობდა რაჯასტანში (ინდოეთი). მისი ხორბლის ყანები მზის ქვეშ ბზინავდა. „აქ ჩვენ ვუძღვებით საქმეს. სხვა გზა არ გვაქვს“, – მითხრა იადავმა თავის პატარა მეურნეობაზე. „კაცები, ყველანი ქალაქში სამუშაოდ წავიდნენ“. იადავს შევეკითხე მოსავლიანობაზე. კარგი არ არისო, მომიგო ქალმა. შემდეგ ამინდის ცვალებად ხასიათზე დავუსვი კითხვა. ახლა წვიმების სეზონი ძალიან შემოკლდაო, მპასუხობდა იგი. იადავი მიეკუთვნებოდა იმ 600 მილიონ ადამიანს (ინდოეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი), რომლებიც უპირისპირდებოდნენ წყლის კრიზისის ყველაზე მძიმე შემთხვევას მსოფლიოში. სოფლის მცხოვრებლები ათასობით მომცრო წყლის შემაკავებელი დამბით ცდილობდნენ წვიმის თითოეული წვეთის მოხელთებას. ზოგიერთი მათგანი გადაერთო უფრო ძველ და ნაკლებად მომგებიან, თუმცა გვალვასთან შეგუებულ მარცვლოვან კულტურაზე, როგორიცაა ფეტვი. მაგრამ მთელი ეს ძალისხმევა მხოლოდ მცირედით პასუხობდა კომპლექსურ გამოწვევებს. თუ უკაცრიელ ადგილას დაიკარგეთ, გვეუბნება ძველი სიბრძნე, მდინარეს გაჰყევით. წყალი ცივილიზაციასთან მიგიყვანთ. ამ რჩევას მუდამ ვითვალისწინებდი, ხოლო ჩვენ შემთხვევაში ცივილიზაცია ამგვარად გამოიყურებოდა: 13 წლის ასაკში იძულებით გათხოვილი იადავი ველებს ხნავდა თავის შვილიშვილ გოგონებთან ერთად. ინდოეთის უმეტეს ნაწილში სწორედ ასეთი ქალები შეადგენენ სამეურნეო მუშახელის ძირითად ბირთვს. მაგრამ, სხვა ქალების მსგავსად, ამ მიწის რეალური მესაკუთრე გახლდათ არა იადავი, არამედ მისი მეუღლე. ინდოეთი ჯერ კიდევ მკაცრად კაცების ხელშია. მანგისთაუს ოლქში (ყაზახეთი) ქალები ლოცულობენ უძველეს სასაფლაოზე. სალოპეკმა ილაშქრა ცენტრალური აზიის ამ უკაცრიელ უდაბნოებსა და კირქვის მთებში, რომელთაც ერთ დროს ოკეანე ფარავდა. იანგონში მე შევწყვიტეფეხით სიარული. სამხედროები ხოცავდნენ ასობით მოქალაქეს, იკვეთებოდა ხანგრძლივი სამოქალაქო ომის ნიშნები. ჩემი მოგზაურობის ფეხით გაგრძელება უკიდურესად საშიში იყო. ამგვარად, მე დავარღვიე საკუთარი პროტოკოლი და მიანმიდან ჩინეთში გავფრინდი. დამიჯერეთ, ამ ცხოვრებასა ან საიქიოში მე მომეზღვება ჩემი ბირმელი მეგობრების ასე მიტოვებისთვის. მე წავედი ხეებით დაჩრდილულ ერთ რაიონში ზოგიერთ მათგანთან დასამშვიდობებლად. ისინი მიმარლვაში პროდემოკრატიული აქტივისტები იყვნენ. მათი სახლის ინტერიერი სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს წააგავდა. ფოიეს ავსებდა ველოსიპედები, კუთხეში კი – გიტარა. ყავის მაგიდასთან მდგარი ჩემი მეგობრები სრული მონდომებით სწავლობდნენ ბამბუკის მშვილდისა და ისრის გამოყენებას სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ. რამდენად ძველია მსგავსი სცენები? ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ისრის წვერი 61 000 წლის წინა პერიოდით თარიღდება. ის აღმოაჩინეს სიბუდუს გამოქვაბულში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). და, ეჭვგარეშეა, რომ მისი გამომგონებელი არქაული Homo sapiens-ია. „ამ ამბავში ყველას მოგვიწევს რისკის გაწევა, – ამბობდა ტატუირებული ვიდეოპროდიუსერი კონსპირაციულ ბინაში, – აქედან ვერავინ გამოძვრება უვნებლად“. ამ სიტყვებით, თითქოს, იმ გზას ლოცავდა, რომელიც კაცობრიობის წინ გადებულა და კოლექტიურად გასავლელია. რა რჩევის მიცემა შემეძლო მათთვის? ყოველთვის იარონ წვიმისკენ? გაუზიარონ სხვებს სულ მცირედი, რაც აბადიათ? არასოდეს მიენდონ კედელს? ჩვენ იღბალი ვუსურვეთ ერთმანეთს. მაგიდაზე ისრების კონა ეწყო, გვერდით კი – „აიპედი“. ჩემ თავს ვუთხარი: დაიმახსოვრე ეს. ეს გახლავთ პულიტცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტის, პოლ სალოპეკის მე-10 სტატია პროექტის („ედემიდან სვლა“) ფარგლებში. ჯონ სტენმაიერს 18 სტატიის ფოტოამბავი აქვს შექმნილი ჩვენი ჟურნალისთვის. The post მოგზაურობის გაკვეთილები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა