Jump to content
×
×
  • Create New...

იყიდება ავაზები


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

WILDLIFE WATCH

გინახავთ ეს ცხოველები?

სვამს კითხვას პროკურორი და მიუთითებს ავაზას (იგივე გეპარდი) ხუთ ბოკვერზე, რომლებიც კონტეინერით შემოიყვანეს სასამართლო დარბაზში.

გისოსიან საკანში ორი მამაკაცია. ერთ-ერთი გახლავთ აბდირაჰმან იუსუფ მაჰდი, რომელსაც უფრო კარგად იცნობენ აბდი ჰაიავანის სახელით. მან ახედ-ჩახედა ბოკვრებს და განაცხადა: „არასდროს მინახავს“.

ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ მეორე მამაკაცი, მაჰამედ ალი გულიდი ამბობს თავის სიტყვას: ცოტა მომცროები მეჩვენებიან, მაგრამ ეს ბოკვრები ჩემი სახლიდან უნდა იყვნენო.

სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ჰარგეისაში, რომელიც სომალის ნახევარკუნძულზე მდებარე თვითგამოცხადებული ავტონომიური რესპუბლიკის, სომალილენდის დედაქალაქია.

აღნიშნულ პირთა სასამართლო საქმე 2020 წლის დასაწყისში აღიძრა, როდესაც გარე წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციამ გულიდის სახლი გაჩხრიკა და იქ 10 ბოკვერი იპოვა. ყველაფერი კი გულიდისა და აბდი ჰაიავანის დაკავებით დასრულდა.

გულიდი უახლოვდება საკნის გისოსებს და მიმართავს მოსამართლეს. იგი აცხადებს, რომ ბოკვრებს უვლიდა თავისი ახალი მეგობრის, სულ ერთი-ორი თვის წინ გაცნობილი აბდი ჰაიავანის თხოვნით.

ის დაჟინებით ამტკიცებს, რომ არ იცოდა, თუ ბოკვრების სახლში დატოვება არალეგალური იყო.

„ამ საქმეში აბდი ჰაიავანმა ჩამითრია. მე 18 შვილი და 4 ცოლი მყავს“. გულიდი უკვე მუდარით ითხოვს, რომ მეორე შანსი მისცენ ცხოვრებაში.

მის უკან, მერხზე ზის აბდი ჰაიავანიც, რომელიც სრულიად არ რეაგირებს გულიდის სიტყვებზე. აქამდე აბდი ჰაიავანი უკვე სამჯერ გაუსამართლებიათ ავაზებით ვაჭრობის ბრალდებით. ის სომალილენდის მთავარი კონტრაბანდისტია და მეტსახელიც შესაბამისი აქვს – „ჰაიავანი“ ცხოველს ნიშნავს.

MM9296_201118_08316_1.jpgსომალილენდის დედაქალაქ ჰარგეისას პოპულარულ რესტორანთან ავაზა ზის, როგორც საჩვენებელი სანახაობა. სომალილენდი, რომლის დამოუკიდებლობასაც ქვეყანათა უმეტესობა არ აღიარებს, ენერგიულად ებრძვის ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობას, თუმცა, უამრავი მოქალაქისთვის, რომელიც ძლივს ირჩენს თავს, ცხოველების დაცვა პრიორიტეტული არ არის.

ახლა აბდი ჰაიავანი დგება ფეხზე თავისი ამბის მოსაყოლად. ლაპარაკს იწყებს მშვიდად და ინდიფერენტული განწყობით.

დიახ, წარსულში მე მართლაც მოვიხადე სასჯელი ავაზის კონტრაბანდისთვის, ამბობს იგი, მაგრამ დღეს აღარ ვარ ჩართული მსგავს უკანონო ვაჭრობაში. ეს ბოკვრები გულიდს ეკუთვნოდა. „აქ არ ჩანს ცხადი მტკიცებულებები, რომ მე ვმონაწილეობდი ამ საქმეში“.

თუმცა, მოსამართლის დარწმუნებას, მგონი, ვერ ახერხებს.

ბოლოდროინდელი ანგარიშების თანახმად, ველურ ბუნებაში 7000-ზე ნაკლები ავაზაა შემორჩენილი. ავაზებით საერთაშორისო ვაჭრობა იკრძალება 1975 წლიდან. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2010-2019 წლებში შავ ბაზარზე იყიდებოდა 3600-ზე მეტი ავაზა, რომელთა მხოლოდ 10%-ს თუ მიაკვლიეს სამართალდამცავებმა, აცხადებს კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარი და ავაზებით ვაჭრობის შემსწავლელი პატრისია ტრიკორაში. სომალილენდში ავაზების დაჭერა იკრძალება 1969 წლიდან.

მათ სიცოცხლეს ისედაც უდიდეს საფრთხეს უქმნის ჰაბიტატის დაკარგვა და მწყემსების შურისძიება, რომლებიც მათ შინაურ საქონელზე თავდასხმის საზღაურად ხოცავენ. ამ ყველაფერს ემატება ბოკვრებით ვაჭრობა. ფეხით, აქლემით, ავტომობილითა თუ გემით მოძრავ კონტრაბანდისტებს ეს ცხოველები გაჰყავთ სომალის ნახევარკუნძულიდან და ვიწრო ადენის ყურის გავლით ჩადიან იემენში – დაახლოებით 350-კილომეტრიანი მოგზაურობა, რომელსაც კვირები სჭირდება. ამ ვოიაჟს გადარჩენილ ბოკვრებს „შინაურ“ ცხოველებად ყიდიან საუდის არაბეთში, საამიროებში, ქუვეითსა თუ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში.

მიიჩნევა, რომ სომალილენდი რამდენიმე მიზეზით გადაიქცა ავაზებით ვაჭრობის ეპიცენტრად: მარტივი ხელმისაწვდომობა ეთიოპიასა და კენიაში მობინადრე ცხოველებზე, 750-კილომეტრიანი სანაპირო ზოლი და მისი სიახლოვე იემენთან. ადენის ყურე ათასწლეულების განმავლობაში განთქმული სავაჭრო არტერიაა.

პროკურორი აბდირაჰმან მაჰამედ მაჰმუდი იღებს აბდი ჰაიავანის მობილურ ტელეფონს, რომელიც მას  დაკავებისას ჩამოართვეს, შემდეგ კი მოსამართლეს უჩვენებს მასში შენახულ ავაზის ფოტოებსა და ვიდეოებს, ასევე იარაღის ფოტოებსაც, რომლებსაც აბდი ითხოვდა იემენიდან.

ჩემი ძველი ნაცნობები დღემდე მიგზავნიან ფოტოებს, მთხოვენ, ავაზის მყიდველები მოვუძებნო, ამბობს ჰაიავანი და იწყებს ჩახლართულ ახსნა-განმარტებას. აბდი ადასტურებს, რომ პერიოდულად მართლაც აგზავნის ხოლმე ფოტოებს იემენში – მაგრამ დაჟინებით ამტკიცებს, – არა იმიტომ, რომ შუამავლის როლს ვასრულებო.

MM9296_200817_06718_1-1024x576.jpgსაძილე ნიღაბი და ყურში გაჩრილი ქსოვილი ასტურს ეხმარება, რომ მშვიდად იყოს ჯანმრთელობის შემოწმებისას. ამ პროცედურას მას უტარებენ ავაზების საკონსერვაციო ფონდის (ССF) სამაშველო ცენტრში (ჰარგეისა). გატაცებულ ბოკვრებს უწევთ გრძელი, მტანჯველი მოგზაურობა, რომლის დროსაც ისინი საკვების უკმარისობას განიცდიან.

პროკურორი მას „გამოუსწორებელ დამნაშავეს“ უწოდებს და მიმართავს მოსამართლეს: „იგი არის კრიმინალი, რომელმაც თავისი კარიერის ნაწილად აქცია ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობა“.

ნოემბერში გულიდი და აბდი ჰაიავანი დამნაშავედ ცნეს. გულიდს მიესაჯა ერთი წელი, რადგან აქამდე არასოდეს შემჩნეულა კრიმინალურ დანაშაულში, ხოლო აბდი ჰაიავანს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით – სასჯელის მაქსიმალური ვადა, რომელიც განსაზღვრულია ეკოლოგიურ კანონდარღვევაზე სომალილენდში.

ახლა ეს 10 ბოკვერი ცხოვრობს ჰარგეისას სამაშველო ცენტრში, რომელსაც უძღვება ნამიბიური არაკომერციული ორგანიზაცია, სახელად „ავაზების საკონსერვაციო ფონდი“ (CCF). რადგან ეს ბოკვრები ძალიან პატარები იყვნენ, როდესაც ისინი ბუნებრივ გარემოს მოსწყვიტეს, ახლა არც ერთ მათგანს არ გააჩნია უნარები, რომ ველურ ბუნებაში გადარჩეს; მთელი თავიანთი დარჩენილი ცხოვრება მათ ტყვეობაში უნდა გაატარონ.

ავაზებს ისტორიულად სტატუსის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ძველეგვიპტელი ვეზირის, რეხმირის სამარხში დაცულია ნახატი, რომელზეც ამგვარი სცენაა გამოსახული: ფარაონ თუტმოს III-ს უცხოელები მიართმევენ ძღვენს, მათ შორის, ღვედით დაბმულ ავაზას. რენესანსის ეპოქის ფრესკაზე კი ფლორენციის ერთ-ერთ სასახლეში გამოსახულია ცხენზე ამხედრებული ჯულიანო მედიჩი ზურგს უკან შემოსმული ავაზით.

დღეს ინსტაგრამია ის პლატფორმა, რომელზეც შეიძლება ავაზას წავაწყდეთ. „მოშინაურებული“ ავაზების ფოტოების უმეტესობას ავრცელებენ სპარსეთის ყურის ქვეყნებში მცხოვრები მდიდარი ადამიანები, რომლებიც ავაზებს იყენებენ პრესტიჟის რეკვიზიტად.

ინსტაგრამია ასევე ის პლატფორმა, რომელზეც უამრავი დილერი აქვეყნებს გასაყიდ ბოკვერთა ფოტოებს, ამბობს პატრისია ტრიკორაში.

ინსტაგრამმა უპასუხოდ დატოვა National Geographic-ის მოთხოვნა, რომ კომენტარი გაეკეთებინა აღნიშნულ ფაქტებზე.

სომალილენდმა მოსაზღვრე სომალისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. სომალისგან განსხვავებით, აქაური დემოკრატია მოქმედი და შედარებით უფრო სტაბილურია, თუმცა ისინი დღემდე დგანან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. სომალილენდი მხოლოდ არაფორმალურად ურთიერთობს რამდენიმე ქვეყანასთან და მის სახელმწიფოებრიობას საერთაშორისო საზოგადოება ოფიციალურად არ აღიარებს. მას არ აქვს განვითარებული ინფრასტრუქტურა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე ბევრად ჩამორჩება 1000 დოლარს წელიწადში, ხოლო ეკონომიკა უცხოეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სულ უფრო და უფრო გახშირებული გვალვების გამო იხოცება სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის მთელი ჯოგები.

თუმცა ამ დაბრკოლებათა მიუხედავად სომალილენდის მთავრობამ მაინც დიდი შემართებით დაიწყო ავაზებით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლა.

„ჩვენ ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, განვითარებადი ქვეყანა; და მაინც, ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც არ სურს, იხილოს ველურ ცხოველთა ტანჯვა და ველური ცხოველებით ვაჭრობა“, – ამბობს შუქრი ჰაჯი ისმაილ მოჰამუდი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მინისტრი.

MM9296_200818_09080_1.jpgტყვეობიდან გამოხსნილი 5 ბოკვერი სამაშველო კარავში შეუყვანიათ. ამ 6 თვის ბოკვრებს ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ სჭირდებათ კვება. CCF-ი ზრუნავს სომალილენდში ჩამორთმეულ ყველა ავაზაზე – დაახლოებით 60 ინდივიდი 2021 წლის შუა პერიოდისთვის.

მისი სამინისტრო მკაცრი ზომების შემოღებით ებრძვის ავაზების კონტრაბანდას. მიზნის მისაღწევად ისინი თანამშრომლობენ არაერთ სხვა უწყებასთან: სანაპირო დაცვა, ჯარი, პარლამენტი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. ეს არის ბრძოლა სომალილენდის ბუნებრივი მემკვიდრეობის გადასარჩენად, მშვიდობისა და სტაბილურობის გასამყარებლად – და საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად.

სომალილენდის პროგრესი სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარების გზაზე მიმდინარეობს კლანური სისტემის ფონზე, რომელიც უძველესი დროიდან გახლავთ აქაური სოციალური მოწყობის საფუძველი, უსაფრთხოების დამცველი თუ დავების მომრიგებელი, ხოლო კლანის უხუცესები, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ გავლენასა და პატივისცემას, არცთუ იშვიათად კონფლიქტში შედიან სამოქალაქო ხელისუფლებასთან, რომელიც ცდილობს სასამართლო სისტემისა და საკონსერვაციო პოლიტიკის მოდერნიზებას.

ზოგჯერ, ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც ველურ ცხოველთა კონტრაბანდას ეხება, კლანების ჩარევითა და კორუფციის მოშველიებით, ვერც აღწევს სამართალდამცავ სისტემამდე, ამბობს სომალის ნახევარკუნძულის მკვლევარი ერიკა მარში. თუმცა, ამ მხრივ, პროგრესის ნიშნები ჩნდება 2015 წლის შემდეგ, როდესაც სომალილენდმა მიიღო „ტყისა და ველურ ცხოველთა საკონსერვაციო კანონი“.

მაგრამ დიპლომატიური აღიარების გარეშე სომალილენდს პირდაპირი წვდომა არ ექნება საერთაშორისო დახმარებასა და განვითარების ფონდებზე. შედეგად, სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰყავთ საკმარისი მანქანები, რომ მისდიონ ეჭვმიტანილებს, არც ნავები ზღვის სანაპიროზე პატრულირებისთვის; აკლიათ ასევე რაციები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ. ამგვარ პირობებში მუშაობა ურთულდება გარემოს დაცვის სამინისტროსაც, რათა დედაქალაქ ჰარგეისას მიღმაც დაიცვას და აღასრულოს კანონი: შორეულ, სასოფლო ზონებში, სადაც კონტრაბანდა „იბადება“, ცოტა ადამიანს თუ სმენია ველურ ცხოველთა დამცავ კანონზე.

მაჰდი ფარაჰ დუგსიე 38 წლისაა. მას ჰყავს მეუღლე, 7 შვილი, 40 თხა და ცხვარი, ერთიც აქლემი. იგი ცხოვრობს ქალაქ ბოუნთან, სადაც მაჰდის იცნობენ, როგორც „ავაზების დამცველს“, თუმცა რამდენიმე თვის წინ მან თავად მოკლა ავაზა.

ერთ გვიან ნაშუადღევს მაჰდიმ მოძრაობა შენიშნა, უმალ თავისი ჯოგისკენ გაიქცა და დაინახა, თუ როგორ ჭამდა ავაზა თხას. თანაც მაჰდი, სწორედ ამ თხის რძით კვებავდა უმცროს შვილს. „ისე გავმწარდი, ცოტაც და ცრემლები წამსკდებოდა. მე შური უნდა მეძია“, – ამბობს იგი. მაჰდი იარაღს სწვდა, მამის დანატოვარ შაშხანას. ჯოგთან დაბრუნებულს ავაზა კვლავ ადგილზე დახვდა. მან ერთი ტყვია ისროლა და ცხოველი ფერდში დაჭრა. ავაზა გაიქცა, თუმცა მაჰდიმ იცოდა, რომ ის მალე მოკვდებოდა.

  • MM9296_201108_02952_1-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9296_201107_01155_1-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9296_201119_10154_1-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9296_201119_10088_1-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ფრეია. სანამ გამოიხსნიდნენ, ფრეია გამხდარი და გაუწყლოებული იყო. ახლა ის უკვე გამოჯანმრთელდა და ხან მორებზე დაძვრება, ხანაც სათამაშოებით რთობა.

გადარჩენილთა ამბები

იდრისი. როდესაც იდრისი ССF-ის სამაშველო ცენტრში თავის დასთან, ელბასთან ერთად მოიყვანეს, ის ადამიანებს უფრთხოდა, ახლა კი უკვე მეტი თავდაჯერებულობით იქცევა.

გადარჩენილთა ამბები

ლინკი და ზელდა. ეს და-ძმა იმ 10 ბოკვერს შორის იყო, რომლებიც შარშან ოქტომბერში გამოიხსნეს აბდი ჰაიავანის დაკავების სპეცოპერაციისას. იგი დაიჭირეს ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით. დღეს ეს ორი ბოკვერი უკვე განუყრელია.

გადარჩენილთა ამბები

სანი. ეს კიდევ ერთი ბოკვერია, რომელიც აბდი ჰაიავანის ხელიდან გამოიხსნეს ზემოაღნიშნული ოპერაციისას. სანს ცხვირის მძიმე დაზიანება ჰქონდა, მისი სახელი სომალურ ენაზე „ცხვირს” ნიშნავს.

გადარჩენილთა ამბები

გააზიარეთ ფოტო
  • MM9296_201108_02952_1-1024x576.jpg
  • MM9296_201107_01155_1-1024x576.jpg
  • MM9296_201119_10154_1-1024x576.jpg
  • MM9296_201119_10088_1-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ფრეია. სანამ გამოიხსნიდნენ, ფრეია გამხდარი და გაუწყლოებული იყო. ახლა ის უკვე გამოჯანმრთელდა და ხან მორებზე დაძვრება, ხანაც სათამაშოებით რთობა.

გადარჩენილთა ამბები

იდრისი. როდესაც იდრისი ССF-ის სამაშველო ცენტრში თავის დასთან, ელბასთან ერთად მოიყვანეს, ის ადამიანებს უფრთხოდა, ახლა კი უკვე მეტი თავდაჯერებულობით იქცევა.

გადარჩენილთა ამბები

ლინკი და ზელდა. ეს და-ძმა იმ 10 ბოკვერს შორის იყო, რომლებიც შარშან ოქტომბერში გამოიხსნეს აბდი ჰაიავანის დაკავების სპეცოპერაციისას. იგი დაიჭირეს ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით. დღეს ეს ორი ბოკვერი უკვე განუყრელია.

გადარჩენილთა ამბები

სანი. ეს კიდევ ერთი ბოკვერია, რომელიც აბდი ჰაიავანის ხელიდან გამოიხსნეს ზემოაღნიშნული ოპერაციისას. სანს ცხვირის მძიმე დაზიანება ჰქონდა, მისი სახელი სომალურ ენაზე „ცხვირს” ნიშნავს.

გადარჩენილთა ამბები

„იარაღს ვაკოცე, არ მიმტყუნა“, – მეუბნება დუგსიე იმ დღის მოვლენათა გახსენებისას. სომალელი მეჯოგეები სიმდიდრეს თავიანთი საქონლის რაოდენობით აფასებენ, ხოლო თხის დაკარგვა ფულის დაკარგვას ნიშნავს. დუგსიეს ბავშვობაში მის მამას ჰყავდა 500 სული მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, თხები და ცხვრები, აქლემის ჯოგი და ფერმა. თუ მამაჩემს ავაზა ერთ სულ საქონელს მოუკლავდა, იგი ამას არაფრად ჩააგდებდა, ამბობს დუგსიე. მის გარდა ხომ კიდევ ასობით ჰყავდა. ასეთია ბუნების კანონიო, იტყოდა თურმე მამამისი.

დღეს კი დუგსიეს ჯოგი ერთი ბეწოა, ხოლო ფერმა – საერთოდ გამქრალი. გვალვა ხშირია, ნალექები არაპროგნოზირებადი. თუ იწვიმა, იმდენი ნალექი მოდის, ყველაფერს ტბორავს; ფატალურ ხასიათს იძენს შტორმებიც – მაგალითად, 2018 წელს „საგარმა“ (ტროპიკული ციკლონი) 25-მდე ადამიანი იმსხვერპლა სომალილენდში.

ეს მიწა უკვე ვერც შინაურ საქონელს კვებავს და ვეღარც ველურ ცხოველებს. როდესაც გვალვამ საძოვრები და მცენარეულობა შეამცირა, ანტილოპისა თუ მეჭეჭებიანი ღორის მსგავს ცხოველთა პოპულაციებმაც დაიკლო; მათი სიმწირე კი ავაზას აიძულებს, საკვების ახალი წყარო ეძებოს, მათ შორის, თხები და ცხვრები.

ოფიციალურად სომალილენდში ავაზა ათწლეულების განმავლობაში ითვლება გამქრალად, თუმცა მეჯოგეები ამბობენ, რომ აქა-იქ მას მაინც ხედავენ ხოლმე.

დუგსიეს გასროლიდან მეორე დღეს ბოუნში მგზავრობდა აბდინასირ ჰუსეინი, რომელიც ველურ ცხოველთა დაცვას ხელმძღვანელობს გარემოს დაცვის სამინისტროში. გზად იგი მკვდარ ავაზას წააწყდა, შემდეგ გამოაშკარავდა მსროლელის ვინაობაც და დუგსიე დაიჭირეს, მან კი სწორედ დაკავებისას შეიტყო, რომ თურმე ველურ ცხოველთა დაცვის სამსახურიც არსებობს.

სომალილენდში ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ველურ ცხოველთა კანონის შესახებ, განსაკუთრებით სასოფლო ზონებში. წერა-კითხვის დაბალი დონე და მომთაბარე ცხოვრების წესი ართულებს მწყემსთა ცნობიერების ამაღლებას – არადა, ყველაზე ხშირად სწორედ ეს ადამიანები ეჩეხებიან ველურ ცხოველებს, ამბობს ჰარირადის მერი აბდილაჰი ჰასან ვარსამე. მას სჯერა, რომ განათლების გზით, თუ თემები გააცნობიერებენ ავაზების მნიშვნელობას, „თავად ეს ხალხი გადაიქცევა მათ დამცველად და არა – თავდამსხმელად“. ამ მხრივ წარმატების შანსი მკვეთრად გაიზრდებოდა, თუ კლანთა უხუცესებს დავარწმუნებდით, თავად გაძღოლოდნენ აღნიშნულ პროცესებს.

დუგსიე გაათავისუფლეს იმის შემდეგ, რაც ლექცია ჩაუტარეს კანონის მნიშვნელობასა და ავაზის დაცვის აუცილებლობაზე. „მე დავიფიცე, რომ აღარასოდეს ვესროდი ავაზას“, – ამბობს იგი.

MM9296_200818_09513_1.jpgსტორმი, გუჰადი და ლეო (მარცხნიდან მარჯვნივ) CCF-ის სამაშველო ცენტრის თავშესაფარში ისვენებენ. ავაზებს, როგორც წესი, პატარაობისას იტაცებენ ველური ბუნებიდან და რადგან ისინი ვერ ასწრებენ სანადირო უნარების გამომუშავებას, უკვე აღარ არის შესაძლებელი მათი ისევ უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება.

მისი ახალშეძენილი ენთუზიაზმი მალევე დადგა გამოცდის წინაშე. დუგსიეს გათავისუფლებიდან ცოტა ხანში მან კიდევ ორი თხა დაკარგა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, სანამ ახერხებს შვილების გამოკვებას, ყოველთვის იდგება ავაზების დაცვის სადარაჯოზე.

ზოგიერთ ადამიანს სიღარიბე უბიძგებს, რომ მოკლას ან უკანონოდ ინადიროს ავაზებზე, მაგრამ ზემო რგოლის უკანონო მოვაჭრეებს მხოლოდ სიხარბე ამოძრავებს. „თუ ველური ცხოველებით ვაჭრობის სფეროში ლმობიერების სულ ერთი წვეთი მაინც გაქვთ, ეს საქმე თქვენთვის არ არის“, – ამბობს ავაზის ერთი ბროკერი ჩასისხლიანებული თვალებით. იგი აღწერს აბდი ჰაიავანს და ამატებს: „აბდი ის კაცია, რომელსაც არ გააჩნია გულმოწყალება“.

მანგოს ხის ჩრდილში მჯდომი ზემოხსენებული ბროკერი მიხსნის, თუ როგორ მოქმედებდა იგი მწყემსების შუამავლად, რომლებიც ბოკვრებზე ბრაკონიერობდნენ ეთიოპიის, მეტწილად, უკაცრიელ საზღვართან, შემდეგ კი ეს კონტრაბანდული საქონელი აბდი ჰაიავანს გაჰქონდა სომალილენდის სანაპიროსკენ და ბოლოს – მთლიანი რეგიონიდან. ამ ჯაჭვში მე მხოლოდ შუა რგოლი ვარ – არც მომპოვებელი და არც გამყიდველი.

აბდი ჰაიავანს იცნობს ყველა – მინისტრები, უფროსი სამხედრო ოფიცრები, ქალაქის მერები თუ მეთევზეები და ფერმერები.

ჰაიავანი ხშირად მოქმედებდა საჰილის იმ ქალაქებში, სადაც ბავშვობა გაატარაო, ამბობენ აღნიშნულ რეგიონში მცხოვრები ადამიანები. მან კარგად იცის, თუ რომელ მარშრუტებს უნდა გაჰყვეს პატრულის თავიდან ასარიდებლად; ამ დასახლებებში მას თავისი გუშაგებიც ჰყავს, რომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ აბდის შესაძლო საფრთხის შესახებ ატყობინებენ. კანონაღსრულების ოფიცრებმა მისი სახელი დაუკავშირეს ავაზის კონტრაბანდის 20-ზე მეტ შემთხვევას, რომლებიც საჰილში გამოვლინდა 2012 წლიდან. თუმცა, ამ რაოდენობის ბრალდებიდან აბდი ჰაიავანს მხოლოდ სამჯერ დასდეს ბრალი – თუ არ ჩავთვლით მის დაკავებას შარშან შემოდგომაზე.

„ის ერთგვარი პოლიტიკოსია თავისი ფართო კავშირებით“, – ამბობს საჰილში მომუშავე მძღოლი და ამატებს, რომ აბდის, სულ მცირე, თვეში ორჯერ მაინც აწყდება გზაზე. მის ავტომობილში ავაზის ნაშიერებთან ერთად, ზოგჯერ, ლომის ბოკვრებიც შემინიშნავსო. ამავე მძღოლის თქმით, აბდი ხშირად გადაადგილდება ახალგაზრდა მამაკაცების თანხლებით, რომელთა შორისაც ზოგი შეიარაღებულია, ზოგიც კი ნასვამი – ტაბუირებული საქციელი ისლამურ სომალილენდში, სადაც ალკოჰოლი იკრძალება.

ტყვე ავაზები ისტორიაში

დღეს „შინაურ“ ავაზებს, მეტწილად, მდიდარ არაბებთან ნახავთ, მაგრამ ძველ დროში ამ ცხოველით „ერთობოდნენ“ მთელი მსოფლიოს მაღალი წრეები – ფარაონები, ჩინგიზ-ყაენი თუ მედიჩები.

„მისთვის არაფერია ჰარამი“, – აცხადებს პოლკოვნიკი დირიე და იყენებს არაბულ სიტყვას, რომელიც „აკრძალულს“ ნიშნავს.

აბდი ჰაიავანმა კონტრაბანდული საქმიანობა 10 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო; თავიდან იგი ერთ სხვა უკანონოდ მოვაჭრეზე მუშაობდა, გვიცხადებს ტიმოთი სპალა, National Geographic Society-ს მიერ დაფინანსებული გამომძიებელი, რომელიც იკვლევდა ავაზებით ვაჭრობას სომალის ნახევარკუნძულსა თუ ახლო და შუა აღმოსავლეთში. აბდის მალევე დაუმყარებია კავშირები არაბ მყიდველებთან და ცოტა ხანში თავისი ყოფილი დამქირავებელი კონტრაბანდისტიც უკან ჩამოუტოვებია.

სამხედრო ოფიცერი, რომელმაც ადრე აბდი დაიჭირა, მას საზრიან პიროვნებად ახასიათებს, ხოლო სპალას თქმით, აბდი სხვადასხვა სიმბარათს დებდა მობილურში, ამასთან, იყენებდა სატელიტურ ტელეფონსაც და ხშირად იცვლიდა მანქანებს. მან იცის, თუ როგორ მოიპოვოს ლოიალურობა და შექმნას თავისი ქსელი – ქარიზმისა და წამახალისებელი რაღაცების, პირველ რიგში, ფულის მეშვეობით.

ეს ფართო ქსელია. როდესაც სამართალდამცავებმა იერიში მიიტანეს დასავლეთ სომალილენდზე, აბდიმ სხარტად შეცვალა სავაჭრო მარშრუტი და აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა. იგი, ძირითადად, ავაზის ბოკვრებით ვაჭრობდა, თუმცა, შიგადაშიგ, კონტრაბანდულად გადაჰყავდა ლომის ან ლეოპარდის ნაშიერებიც; ამასთან, სომალილენდში მას შემოჰქონდა კატი [მცენარე, რომელსაც ნარკოტიკულ საშუალებად იყენებენ] და იარაღი, როგორც აცხადებენ თვითმხილველები.

სანაპირო დაცვის სადგური მდებარეობს ელ-შეიხში, პატარა ქალაქში, რომელიც მიტოვებული გეგონებათ. იქ განწესებულ ოფიცრებს საკმარისი მანქანებიც კი არ ჰყავთ, რომ სანაპირო მარშრუტებს მისდიონ, რომლებსაც კონტრაბანდისტები იყენებენ. მათ არც რაციები აქვთ, არც სატელიტური ტელეფონი, მობილური ტელეფონის სიგნალი კი ხშირად სუსტია, განსაკუთრებით, ნაპირიდან დაშორებულ წყლებში, ხოლო დაცვის ოფიცერთა რამდენიმე მომცრო საპატრულო გემი არაფრით აღემატება ჩვეულებრივ სათევზაო ნავებს.

ელ-შეიხის სანაპირო დაცვის ოფიცრები და ადგილობრივი ლიდერები აცხადებენ, რომ უკვე წლების განმავლობაში იციან, თუ როგორ გადაჰყავს აბდი ჰაიავანს კონტრაბანდული ბოკვრები მათი ქალაქის სანაპირო გზებით. მას კარგი ინფორმატორები ჰყავს, აღნიშნავს რაიონის კომისარი მაჰამედ ჯამა ოლადი, თუმცა იქვე ამატებს: და, ისე, არც ჩვენ გვაქვს ნაკლები კავშირები, რომ კონტრაბანდას ვებრძოლოთ.

„მომთაბარე თემი რადიოსა და ანტენას ჰგავს, – ამბობს იგი, – ჩვენ მათთან ვმუშაობთ ხოლმე სიტუაციაში გასარკვევად“. ერთ დღეს, ოთხი წლის წინ, ასეთი ამბავი დატრიალდა: ავაზის ბოკვრებით დატვირთული „ტოიოტას“ მარკის წითელი ავტომობილით აბდი ჰაიავანი ელ-შეიხისკენ მიემართებოდა, რომ ღამით ეს კონტრაბანდული საქონელი გემზე დაეტვირთა სანაპირო წყლებში.

ამ დროს კი სანაპირო დაცვის უმანქანო ოფიცრებმა წამოიწყეს ოპერაცია. თავიანთი ინფორმატორებისგან მათ იცოდნენ, თუ რომელ მარშრუტს აირჩევდა აბდი და, ამგვარად, გზის ორივე მხარეს ჩაუსაფრდნენ ბუჩქებში.

და აი, გამოჩნდა აბდი ჰაიავანის მანქანა, რომელიც ჯაყჯაყით მიდიოდა ტალახსა და ბუჩქნარში. ოფიცრები საფარიდან გადმოხტნენ, იარაღი შემართეს და გზა გადაუჭრეს, მანქანის ჩხრეკისას კი ექვსი ბოკვერი იპოვეს. აბდი ირწმუნებოდა, უდანაშაულო ვარო, მაგრამ ის მაინც დაიჭირეს, თუმცა, მოგვიანებით, საქმის გამოძიება და აბდის სამართლებრივი დევნა შეწყდა. რატომ – უცნობია.

თუმცა, სომალილენდში ყველა ქალაქი ასე, ელ-შეიხივით ღარიბული არ გახლავთ. ქალაქი ბერბერა სავაჭრო პორტია, რომელშიც ძლიერი სანაპირო დაცვა მუშაობს და, შედეგად, ავაზების კონტრაბანდაც მნიშვნელოვნად შემცირდა, ამბობს პოლკოვნიკი ჰარუნ საიდ ალი, ბერბერას საგუშაგოს მეთაური. „ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ არაფერი გვეპარება, მაგრამ ეს მხოლოდ იშვიათად ხდება“. მისი ეკიპაჟები 20-მეტრიანი სამხედრო გემით პატრულირებენ.

„ჩვენი სანაპირო ხაზი გრძელი, ნაპრალებიანი და რთულად გასაკონტროლებელია, – ამბობს საჰილის გუბერნატორი აჰმად მაჰამად ჰაჯი დუ’ალე, – და, არც სახმელეთო გზებზეა საკმარისი საგუშაგო პუნქტები, რომ სანაპიროზე გასვლამდე შევაჩეროთ უკანონოდ მოვაჭრეები. თუმცა ბერბერაში, სანაპირო დაცვისა და პოლიციის ინფორმატორთა ქსელის დახმარებით, უსაფრთხოების ხარისხი მაინც გაიზარდა უკანასკნელ წლებში, რამაც კონტრაბანდისტები აიძულა, სხვა, ალტერნატიული გზები ეძებნათ. ეს პორტი საკვანძოა სომალილენდის ეკონომიკისა თუ სამომავლო უცხოური ინვესტიციებისთვის და, ამგვარად, „ჩვენ ძალიან, ძალიან სერიოზულად ვუყურებთ უსაფრთხოების საკითხს“, – აცხადებს დუ’ალე. „ჩვენ ყველანი საერთო მიზანს ვესწრაფვით: იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სომალილენდის სახელმწიფოებრიობა ცნოს“.

უკანონო ვაჭრობასთან საბრძოლველად სომალილენდის მთავრობამ დააკომპლექტა, ასევე, ჯარის ნაწილი – მე-18 ბატალიონი, რომელიც სანაპირო ქალაქ ლუგაიეშია დაბანაკებული – კიდევ ერთი წერტილი აბდი ჰაიავანის კონტრაბანდისტულ „რუკაზე“. ამ ქვედანაყოფის ამოცანაა, არ დაუშვას ადამიანებით, ველური ცხოველებითა და, უპირველეს ყოვლისა, იარაღით ვაჭრობა.

ერთი მეთევზის მონათხრობით, ლუგაიეს სანაპიროზე მას ყველა ტიპის კონტრაბანდა უნახავს – ადამიანები, საწვავი, ძვირფასი ქვები, ავაზები, ლეოპარდები, ლომები თუ ქურციკები.

იმავე მეთევზის სიტყვებით, ავაზის კონტრაბანდა პირველად შეუნიშნავს, დაახლოებით, 2005 წელს, შემდეგ კი ლუგაიეს სანაპირო ზოლი, თანდათან, „ცხელ წერტილად“ ქცეულა და 2013 წლისთვის უკანონო ვაჭრობა უკვე პიკზეც ასულა. 2014 წელს იემენში ომი დაიწყო და მისი სანაპირო ზოლი ბლოკადაში მოაქცია საუდის არაბეთის ძალებმა; აღნიშნულ მოვლენათა პარალელურად, სომალილენდის მთავრობამ აგრესიული ბრძოლა გამოუცხადა ავაზებით ვაჭრობას და, შედეგად, ბოკვრების კონტრაბანდა დროებით შემცირდაო, გვეუბნება მეთევზე.

იგი იხსენებს 2014 წლის ერთ დღეს, როდესაც აბდი ჰაიავანს გადაეყარა. მას ავტომობილი გაფუჭებია და რაღაც დროით ლუგაიეში ჩარჩენილა. მეთევზესა და კონტრაბანდისტს შორის საუბარი შემდგარა ერთმანეთის სამუშაოზე. „შენ ზღვა გაძლევს საკვებს, მე კი – ბოკვრები“, – უთქვამს მისთვის აბდი ჰაიავანს. „ასე რომ, ნუ ჩაერევი ჩემს საქმეში“. შემდეგ კი მეთევზისთვის ფულიც უჩუქებია.

ჰარგეისას ბეტონისკედლებიანი სასამართლოს გრილ დარბაზში პროკურორი კიდევ ერთხელ იმეორებს თავის მტკიცებულებით არგუმენტს აბდი ჰაიავანის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით – ყურადღებას ამახვილებს იმ მიმოწერაზე, რომელიც აბდისა და იემენელებს შორის გაიმართა. პროკურორმა წარადგინა, ასევე, ერთი კონკრეტული დღის საბანკო ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ჰაიავანს 4000 დოლარი ჩაერიცხა იემენელთა მხრიდან. მცირე ხნის შემდეგ კი მან მობილურზე მიიღო ავაზის ბოკვერთა ფოტოები და ვიდეოები. პროკურორი რთავს ვიდეოსაც და სასამართლო დარბაზში ნაშიერთა ჭყივილი გაისმის.

დღეს არავინ იცის აღნიშნულ ბოკვერთა გზა-კვალი – იმ 10 ნაშიერს შორის არიან, გულიდის სახლში რომ მიაგნეს და გადაარჩინეს, თუ მათ რიცხვში, რომლებიც უკვე დატვირთეს იემენელთა გემზე და ახლა კერძო სამხეცეებში ცხოვრობენ ვილაში? ან, იქნებ, დაიხოცნენ კიდეც? მგზავრობის პერიოდში ნაშიერთა უმეტესობას მხოლოდ თხის რძითა და ხორცით კვებავენ, რაც დედის საკვების მაგიერად ითვლება და სავარაუდოა, რომ არაერთი მათგანი იღუპება კვების უკმარისობითა თუ სხვა დაავადებით, სანამ დანიშნულების ადგილას ჩააღწევენ.

ბუნდოვანია, თუ რა მარშრუტებით გადაჰყავთ ბოკვრები იემენიდან მთელ სპარსეთის ყურეში, მაგრამ, წესით, ნაშიერთა დიდი ნაწილი იემენის გავლით უნდა ხვდებოდეს საუდის არაბეთში, როგორც ფიქრობს ტრიკორაში, იქიდან კი მათ უკვე გასაყიდად ანაწილებენ ზემოხსენებული ქვეყნის სიღრმეში, ან გზავნიან ქუვეითსა თუ საამიროებში.

ამ ქვეყნებში მოქმედი კანონები, რომლებიც ველურ ცხოველთა სახლში ყოლის უფლებებს არეგულირებენ, ზედმეტად ჩახლართულია. მაგალითად, საამიროებმა 2016 წელს აკრძალა ავაზის მსგავსი „სახიფათო“ ცხოველების კერძო მფლობელობა, მაგრამ გავიდა ხუთი წელი და ინსტაგრამის თანახმად, დღეს ეს ველური ცხოველები საამიროების უამრავ მკვიდრს კვლავ სახლში ჰყავს. ზოგიერთი მფლობელი იყენებს ერთგვარ ნაპრალს კანონში, რომელიც ზემოაღნიშნული აკრძალვისგან ათავისუფლებს კვლევით ცენტრებს, ველურ ცხოველთა პარკებსა და ზოოპარკებს, მათ შორის, კერძო ზოოპარკებსაც თავიანთი უაღრესად მდიდარი მფლობელებით.

ქუვეითში ავაზის რამდენიმე მფლობელმა National Geographic-თან საუბარზე უარი განაცხადა; მათ ეშინიათ და არ სურთ კანონთან კონფლიქტი, მიუხედავად თავიანთი ბოკვრების ასე ღიად გაზიარებული ფოტოებისა, რომლებიც ინსტაგრამზე ცირკულირებს.

ახლა აბდი ჰაიავანი ციხეშია, თუმცა უცნობია, რამდენს ხანს დარჩება საკანში. გასულ გაზაფხულზე, განაჩენის გაპროტესტების ვადის გასვლიდან თვეების შემდეგ, ჰაიავანის საქმე კვლავ გაიხსნა რაღაც გაურკვეველი მიზეზით. იმავე გაზაფხულზე გულიდი, რომელმაც ჯარიმა გადაიხადა და თავისი ერთწლიანი სასჯელის მხოლოდ ნაწილი გაატარა ციხეში, გარემოს დაცვის სამინისტროს თანახმად, გათავისუფლებიდან მალევე გარდაიცვალა საკუთარ სახლში.

თუ აბდი ჰაიავანი კვლავ დღის სინათლეზე გამოვა, მაშინვე გაქრება სომალილენდის ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება, რომელიც მან მოიპოვა ავაზის ბოკვრებით უკანონო ვაჭრობასთან; დასრულდება, ისევე როგორც ველურ ცხოველთა მიმართ ჩადენილი სხვა უამრავი შემთხვევა მთელ მსოფლიოში – ჩუმად და უმნიშვნელო შედეგით. 2021 წლის გვიანი ივნისისთვის, სულ მცირე, 150 ავაზა იყიდებოდა ბაზარზე.

რეიჩელ ბეილი National Geographic-ის ერთ-ერთი რედაქტორია და ველურ ცხოველთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე წერს. National Geographic Explorer-ის სტატუსის მქონე ფოტოგრაფი ნიკოლ სობეკი ფოკუსირდება კაცობრიობის კავშირებზე ბუნებრივ სამყაროსთან.

The post იყიდება ავაზები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ეჰ

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share