Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ უნდა იქცეოდეს ლარი კარგ შემთხვევაში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ლარის კურსი, გამყარება იქნება ეს თუ გაუფასურება, თითქმის ყოველთვის პანიკურ განწყობას იწვევს. ეს იმიტომ ხდება, რომ არავინ იცის, როგორ მოიქცევა ეროვნული ვალუტა ან რა ნიშნულამდე გააგრძელებს გაუფასურებას. კურსის დინამიკა აჩვენებს, რომ ლარი არასტაბილური ვალუტაა. ეროვნული ვალუტის მუდმივი მერყეობა კი ქვეყნის ეკონომიკურ არასტაბილურობას იწვევს.

2021 წლის დასაწყისიდან ლარი თანდათან უფასურდებოდა და მაისის დასაწყისში დოლართან მიმართებაში 3.45-მდე დაეცა. მოულოდნელად კი გამყარება დაიწყო და 3.08-ის ნიშნულს მიუახლოვდა. თითქმის 10-დღიანი გამყარების შემდეგ ის ისევ დაღმავალ ტრენდს დაუბრუნდა. რამდენიმე დღეა ლარმა ისევ გამყარება დაიწყო. ამ სიტუაციაში ლარის კურსის პროგნოზირება საკმაოდ რთულია. ამიტომაც ხდება, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ექსპერტების გამოთქმული ბევრი ვარაუდი ხშირად არ მართლდება.

როგორც ნებისმიერი პროდუქტის ფასი, ლარის კურსიც მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობით ყალიბდება. თუმცა, შეიძლება იმოქმედოს სხვა როგორც საგარეო, ისე შიდა ფაქტორებმაც, მათ შორის ფულადი გზავნილების ოდენობამ, საგარეო ვაჭრობამ და ა.შ.

კურსის გაუფასურების შეჩერებას ნახევარ მილიარდზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვი დასჭირდა. თუმცა, კვლავ ძნელია იმის, თქმა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში თავს დააღწევს გაცვლითი კურსის რყევებს. გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსის სტაბილურობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაიზრდება ეკონომიკა. სხვა შემთხვევაში ლარის სტაბილურობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნება.

რა არის ცუდი გაუფასურებაში?

ლარის გაუფასურება დოლარის მიმართ ნიშნავს, რომ გაძვირდება იმპორტირებული პროდუქტი. რადგან ქვეყნის შიგნით ვალდებულებების დიდი ნაწილი დოლარშია დაფიქსირებული, კურსის გაუფასურების შედეგად ბევრი ზარალდება. სესხი უძვირდება ბიზნესსაც. გაზრდილი ხარჯების დასაფარავად მათ ან ფასები უნდა გაზარდონ, ან მოგების მარჟა შეამცირონ. ამიტომ ბიზნესი ყოველთვის სტაბილურ გაცვლით კურსს ამჯობინებს. ლარის გაუფასურების გამო იზრდება ქვეყნის საგარეო ვალიც.

ლარის კურსის გაუფასურებას დადებითი მხარეც აქვს. ამ დროს იაფდება ექსპორტი. ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი უცხოეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ხდება და რეალიზაცია იზრდება. თუმცა, ექსპორტის ზრდას შეიძლება დროებითი ხასიათი ჰქონდეს. საბოლოოდ კი გამოიწვიოს ტარიფების ზრდა და გლობალური ვაჭრობის მოცულობის შემცირება.

რატომ არის ცუდი გამყარება?

გაცვლითი კურსის გამყარება ზრდის იმპორტზე მოთხოვნას, ხოლო ადგილობრივ წარმოებას უცხოურ პროდუქტთან კონკურენცია უჭირს. მცირდება ექსპორტი. ექსპორტის გაზრდისა და უცხოეთის ბაზრებზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად ქვეყნები საკუთარი ვალუტის ხელოვნურად გაუფასურებას მიმართავენ. ვალუტის გაცვლის კურსის შესასუსტებლად ან გასაძლიერებლად ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს იყენებენ.  

1930-იანი წლების დიდი დეპრესიის დროს ქვეყნები სწორედ ვალუტის გაუფასურებით ცდილობდნენ საკუთარი დასუსტებული ეკონომიკის გაძლიერებას. 2019 წელს, როცა ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა იუანი შეასუსტა დოლარის მიმართ, დონალდ ტრამპმა მას „ვალუტის მანიპულატორი“ უწოდა. აშშ მიიჩნევდა, რომ ჩინეთი განზრახ ასუსტებდა იუანს, რათა აშშ-ში ექსპორტი გაეზარდა. ტრამპის ადმინისტრაცია ჩინური იმპორტის შეჩერებას მაღალი ტარიფების დაწესებით შეეცადა.

Plaza Accordreuters

Plaza Accord

1985 წლის 22 სექტემბერს ნიუ-იორკის სასტუმრო Plaza-ში, საფრანგეთის, დასავლეთ გერმანიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებულ შტატების ცენტრალური ბანკები სავალუტო ბაზრებზე ჩარევის თაობაზე პირველად შეთანხმდნენ. ეს შეთანხმება Plaza Accord-ის სახელით შევიდა ისტორიაში. შეერთებული შტატები დოლარის გაუფასურებას დათანხმდა; გერმანია გადასახადებს შეამცირებდა, ბრიტანეთი – სახელმწიფო ხარჯებს; ხოლო იაპონია გახსნიდა თავის ბაზარს ვაჭრობისთვის. შეთანხმება იაპონიის სწრაფი ეკონომიკური ზრდის შეჩერებასაც ისახავდა მიზნად, რაც მოხდა კიდევაც.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ცენტრალური ბანკირები შეთანხმდნენ სავალუტო ბაზრებზე ჩარევის თაობაზე და პირველად დადგინდა ვალუტის კურსის სამიზნე მაჩვენებლები. შედეგად, დოლარი 50%-ით გაუფასურდა, ხოლო იენი და ევროპული ვალუტები გამყარდა.

ამჟამად, ვალუტით მანიპულირება ძირითადად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეგულირდება. ვალუტით მანიპულირება აკრძალულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებისთვის. მოქმედი წესებით, დარღვევაში შემჩნეული ქვეყანა სავაჭრო შეთანხმების სარგებელს კარგავს.

The post როგორ უნდა იქცეოდეს ლარი კარგ შემთხვევაში appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share