Guest Merlin Posted 14 ივნისი, 2021 Posted 14 ივნისი, 2021 სტარტაპერი ვანო ჩალაძე მალე Silicon Valley-ზე – მსოფლიოს სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრში გაემგზავრება, სადაც ყველაზე რევოლუციური იდეები რეალობად იქცევა და სამყაროს ცვლის. ეს უნიკალური შესაძლებლობა მას და კომპანია Cargon-ის გუნდს 500 Startups-მა მისცა. ვანო Cargon-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ნიკო ტურაბელიძესთან და შალვა ჯალაბაძესთან ერთად დააფუძნა. ეს არის ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც ტვირთის მფლობელსა და გადამზიდს ერთმანეთთან აკავშირებს. Cargon-ის აპლიკაციის მეშვეობით ძებნა-დაკავშირების დამღლელი პროცესი, რომელსაც ჩვეულებრივ 3-4 დღე სჭირდება, რამდენიმე წუთში შეიძლება განხორციელდეს. როგორ და რისთვის შეიქმნა Cargon? კომპანიის მიზანია, საერთაშორისო გადაზიდვების მოძველებული ინდუსტრია უფრო ეფექტიანი გახადოს. Cargon-ის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დამფუძნებლებმა გააანალიზეს, რომ ტვირთის გადაზიდვა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესი იყო და შეეძლოთ, უფრო სწრაფი და მოხერხებული გაეხადათ. მაგალითად, მათ აღმოაჩინეს, რომ სატვირთო მანქანების დაახლოებით 30%, რომელსაც გზებზე ვხედავთ, ცარიელია. Cargon-ის მიზანიც მსგავსი ლოგისტიკური პრობლემების აღმოფხვრა იყო. სატვირთოების შევსებით კომპანია მძღოლებს მეტი თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს, ტვირთის მფლობელები კი თანხის 15%-სა და დროის 90%-ს დაზოგავენ. ამასთანავე, ეს ყველაფერი სარგებლის მომტანია გარემოსთვისაც, რადგანაც მნიშვნელოვნად მცირდება გამონაბოლქვი. სად ოპერირებს Cargon? Cargon-მა საქართველოს ბაზარზე საქმიანობა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. 5 თვეა, რაც პლატფორმა რუსეთშიც ოპერირებს. საქართველოს ბაზარზე კომპანიას ყოველთვიურად 40%-იანი, ხოლო რუსეთში 110%-იანი ზრდა აქვს. ჯამში აპლიკაციით 280 ტვირთის მფლობელი კომპანია და დაახლოებით 1500 მძღოლი სარგებლობს. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი ქვეყნის – ყაზახეთის დამატება. როგორ მოხვდა ქართული სტარტაპი Silicon Valley-ზე? Silicon Valley-ზე გამგზავრების შესაძლებლობა ვანოს, ნიკოსა და შალვას მსოფლიოში წამყვანმა სტარტაპაქსელერატორმა, 500 Startups-მა მისცა. პროექტი საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება. აქსელერაციის პროცესი გულისხმობს სტარტაპის მხარდაჭერას იმ დონემდე, რომ ახალგაზრდა კომპანიამ ინვესტიციების მიღება შეძლოს. იგი წინასწარ გაწერილი პროგრამით, მენტორების მეთვალყურეობით მიმდინარეობს. შედეგად, სტარტაპები სამ თვეში განვითარების იმ საფეხურს აღწევენ, რასაც, პროექტში მონაწილეობის გარეშე, ბევრად დიდი დრო დასჭირდებოდა. Cargon-ის გუნდი კალიფორნიაში, Silicon Valley-ზე აგვისტოში გაემგზავრება, სადაც ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. Apple, Google, Adobe, Facebook, Visa, eBay, Wells Fargo, Chevro… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომელთა შტაბ-ბინებიც Silicon Valley-ზე მდებარეობს. სწორედ აქ გაემგზავრება ქართული სტარტაპი გამოცდილების მისაღებად და, რაც მთავარია, ინვესტორების მოსაზიდად. როგორ დაეხმარა Cargon-ის გუნდს 500 Startups? ვანო გვიყვება, რომ 500 Startups-ის მთავარი მიზანი და მამოძრავებელი ძალა ზრდაზე ორიენტირებაა, რაც მათ აქტიური მუშაობისა და განვითარებისკენ უბიძგებს. მისი თქმით, Cargon-ის გუნდისთვის აქსელერაციაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან მენტორების დახმარებით თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანისა და ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ. მთავარი ღირებულება, რაც სტარტაპერებს 500 Startups-მა შესძინა, არის ის, რომ უფრო მეტად აკვირდებიან კომპანიის განვითარების ანალიტიკურ ნაწილს და მეტად არიან ორიენტირებული ყოველთვიური მაჩვენებლების ანალიზზე. მენტორების დახმარებით აქსელერაციის პროცესში სრულად შეცვალეს პლატფორმის დიზაინი, კონკრეტულად UI (User Interface) და UX (User Experience). ასევე, დაასრულეს ანალიტიკური ინსტრუმენტების ინტეგრირება, რაც გუნდს ზრდის მაჩვენებლის შეფასებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. გარდა ამისა, გაამარტივეს და გააუმჯობესეს CX (Customer Experience), მომხმარებლის გამოცდილება პლატფორმაზე, რაც დადებითად აისახა შემოსავლების ზრდაზე. Silicon Valley-სთვის სამზადისი მსოფლიოს მთავარ ტექნოპარკში გასამგზავრებლად Cargon-ის გუნდი აქტიურად ემზადება. მათი მთავარი ამოცანაა, ინდუსტრიის წამყვან ინვესტორებს ნათლად დაანახონ კომპანიის სწრაფი ზრდის მაჩვენებლები და სტარტაპის პოტენციალში დაარწმუნონ. სჯერათ, რომ Sillicon Valley-ზე მიღებული გამოცდილებით Cargon-ის გუნდი არაერთი ქვეყნის, მათ შორის ამერიკული ბაზრის დაპყრობას შეძლებს. The post Cargon Silicon Valley-ზე მიემგზავრება: ქართული სტარტაპის გზა კალიფორნიის ტექნოლოგიურ ჰაბამდე appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა