Jump to content
×
×
  • Create New...

ამოუცნობი ვეშაპები


Recommended Posts

  • ფორუმელი

ჯონ ფორდს სურდა, რომ ვეშაპის თვალით დაენახა სამყარო. 1978 წლის ერთ მზიან დღეს ცელნამგალა ვეშაპის გუნდი ვანკუვერის კუნძულის (ბრიტანეთის კოლუმბია) ხრეშიანი სანაპიროსკენ მიქროდა. ახალგაზრდა ბიოლოგი ჰიდროკოსტიუმითა და შნორკელით ელოდებოდა. შავ-თეთრი არსებები II მსოფლიო ომისდროინდელი გერმანული წყალქვეშა ნავებივით მიიწევდნენ წინ – ფსკერთან ახლოს და სწრაფად. ფორდმა სასუნთქი ნიღაბი მოირგო და ზღვაში შეცურა. წყლის სიღრმე რომ სულ რაღაც 3 მეტრამდე დაეცა, ვეშაპებმა სიჩქარეს უკლეს, ფარფლები გააქნიეს და ბრუნვა დაიწყეს ზღვის ზედაპირიდან ნახევრად ამოზიდული სხეულით. გვერდსა და მუცელს ისე უხახუნებდნენ ქვებს, როგორც გრიზლი იფხანს ხოლმე ზურგს ფიჭვის ხეებზე გასმა-გამოსმით.

ახლა უკვე 66 წლის ფორდი 40 წელიწადზე მეტია, რაც ცელნამგალა ვეშაპს შეისწავლის – უდიდეს დელფინისებრსა და ვეშაპისნაირთა რიგის განშტოებას, რომელსაც კბილიან ვეშაპებს ვუწოდებთ. მას უთვალავჯერ უნახავს ეს უჩვეულო ქცევა – „სანაპიროზე ხახუნი”. დარწმუნებით ვერ იტყვის, თუმცა ფორდი ეჭვობს, რომ აღნიშნული ჩვეულების არსი სოციალური კავშირების გამოვლინებაა. ახლა კი უფრო დიდი შეკითხვა: რატომ ასრულებენ მსგავს რიტუალს ეს ჩრდილოელი ცელნამგალა ვეშაპები, მაგრამ მსგავსად არ იქცევიან მათი თითქმის იდენტური „მეზობლები“ აქედან ზუსტად სამხრეთით?!

NGSF000003_190803__104405.jpgვეშაპის კულტურა ყოველ ზაფხულს 2000-მდე თეთრი ვეშაპი ნავარდობს არქტიკის კუნძულ სომერსეტთან (კანადა). ისინი ზრდიან ნაშიერებს, „ბაასობენ“ წრიპინითა თუ სტვენით და ცურავენ ოჯახის წრეში. მეცნიერთა ვარაუდით, ვეშაპის არაერთი სახეობა ავლენს კულტურულ ტრადიციებს.

სამაგიეროდ, სამხრეთელი ცელნამგალა ვეშაპები ავლენენ თავიანთ ჩვეულებებს. ისინი მართავენ „მისალმების ცერემონიებს“– ერთმანეთის პირისპირ ეწყობიან მჭიდრო მწკრივებად, შემდეგ კი ხახუნისა თუ ძახილის წყალქვეშა წვეულებაც იწყება. თავის მხრივ, მსგავსი ქცევა უკიდურესად იშვიათია ჩრდილოელ ინდივიდებში. პერიოდულობით სამხრეთის ბინადრები თავით „კენწლავენ“მკვდარ ორაგულებს და ასე დაათრევენ აქეთ-იქით. მათგან განსხვავებით, ჩრდილოელები თავად ერთმანეთს ასკდებიან ხოლმე თავებით, გეგონებათ, რქასქელი ცხვრების შეჯახებააო.

ვეშაპის ეს ორი პოპულაცია ერთსა და იმავე „ლექსიკასაც“კი არ იყენებს. ჩრდილოელები გამოსცემენ მწივანა, გამყივან და გაბმულ ხმებს – ისეთს, გასაბერ ბუშტს რომ ჰაერი ეპარება. სამხრეთელები უმატებენ მაიმუნების ყიჟინისა და ბატების ყიყინის მსგავს ხმებს. ფორდის გამოცდილი ყურისთვის მათი ტონალობა და ინტონაციები ისე განსხვავებულად ჟღერს, როგორც მანდარინი და სუაჰილი.

თუმცა, სხვა მხრივ, ჩრდილოელ და სამხრეთელ ბინადრებს, არსებითად, ვერაფრით გაარჩევთ. პერიოდულობით ეს ორი პოპულაცია მომიჯნავე ზღვებში დაცურავს და მათი არეალები, ნაწილობრივ, ერთმანეთსაც გადაფარავს. მათ თითქმის იდენტური გენეტიკა აქვთ და, განსხვავებული რაციონის მიუხედავად, ორივე მათგანი თევზისმჭამელია.

როგორ შეიძლება ორი ჯგუფი, ფაქტობრივად ერთი საბინადრო არეალიდან, ავლენდეს გენეტიკურ მსგავსებას, თუმცა „ლაპარაკობდეს“და იქცეოდეს ასე განსხვავებულად? წლების განმავლობაში ფორდი და მისი კოლეგები მხოლოდ ჩურჩულებდნენ აღნიშნული პარადოქსის შესაძლო არსზე. დასაშვებია, რომ ეს კომპლექსური, სოციალური არსება ჩამოეყალიბებინა არა მხოლოდ გენეტიკურ ინსტინქტებს? იქნებ, გარემოსა და დნმ-ის გარდა, კიდევ რაღაც სხვა ელემენტიც მონაწილეობდა ცელნამგალა ვეშაპის უნიკალურ მახასიათებელთა „გამოძერწვაში”, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემათ? შესაძლებელია, რომ ვეშაპები თავიანთ კულტურას ქმნიდნენ?

NGSF000003_181118__54414.jpgჩინებული ნადიმი ცელნამგალა ვეშაპი ქაშაყს მისდევს ნორვეგიის ფიორდში. ამ სახეობის კვების რაციონი არაერთგვაროვანია. ზოგიერთი ჯგუფის სამიზნე თევზის გუნდია, სხვები ნადირობენ ზვიგენებსა თუ სელაპებზე, ზოგი კი მხოლოდ ორაგულით იკვებება. ეს ჩვეულებები კულტურის ნაწილია – დასწავლითი ქცევები, რომლებიც თაობებს გადაეცემა.

მსგავსი მოსაზრება მკრეხელობად აღიქმებოდა. ანთროპოლოგთა ფესვგადგმული დეფინიციით, კულტურა – უნარი, რომ სოციალური ურთიერთობით დაიგროვო და გადასცე ცოდნა – მხოლოდ და მხოლოდ ადამიანურ მახასიათებლადაა მიჩნეული. მაგრამ მკვლევრებს აღუწერიათ, თუ როგორ სწავლობენ მგალობელი ბეღურები „დიალექტებს“ და გადასცემენ მომავალ თაობებს – ამგვარად, ფორდმაც ანალოგიურად გამოთქვა თავისი მოსაზრება, რომ შესაძლოა ცელნამგალა ვეშაპიც მსგავსადვე იქცევა. შემდეგ მას სულ უფრო ხშირად ესმოდა სხვა ბიოლოგთა მიგნებებზე, რომლებიც შეისწავლიდნენ სამყაროს მეორე ბოლოში მობინადრე არსებას – კაშალოტს. მეცნიერთა აღნიშნული ჯგუფი თანდათანობით ამყარებდა თეორიას, რომ ვეშაპის ზოგიერთი სახეობა იქცევა და ურთიერთობს განსხვავებულად, იმის საფუძველზე, თუ როგორია მათი აღზრდის მეთოდები.

დღეს არაერთ მეცნიერს სჯერა, რომ ვეშაპისებრთა გარკვეულ ჯგუფებში გვხვდება სპეციფიკურ კულტურათა ნაირგვარი ფორმები – მსგავსად ადამიანებისა. ამგვარი დაშვება ბადებს ახალ თვალსაზრისს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა ვეშაპისებრთა ზოგიერთი სახეობა. კულტურულ ტრადიციებს შეუძლია იმპულსი მისცეს გენეტიკურ დრეიფს და არსობრივად შეცვალოს ვეშაპის ფუნდამენტური ბუნება. მაგრამ აღნიშნული წარმოდგენა გარდაქმნის ჩვენს ხედვასაც იმის შესახებ, თუ რა განგვასხვავებს ჩვენ ამ წყლის ბინადარი მხეცისგან. ვეშაპების კულტურა, როგორც ჩანს, არყევს ჩვენს მოძველებულ შეხედულებებს.

ადამიანები ნარცისიზმით შეპყრობილი სახეობა ვართ. კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ცხოველებს მხოლოდ ჩვენი ქცევითი პრიზმიდან ვუყურებდით და ყოველმხრივ გამოვრიცხავდით რამე ტიპის მსგავსებას. ეს მიდგომა განსაკუთრებით ცხადად ვლინდება ვეშაპთან მიმართებით. ხშირ შემთხვევაში მას აღვიქვამთ „თითქმის ადამიანად“ ან სრულიად სხვა არსებად. ბოლომდე სწორი, რა თქმა უნდა, არც ერთი შეხედულება არაა.

ვეშაპები ცხოვრობენ ისეთ უცხო გარემოში, რომლის შეცნობასაც სულ ახლა ვიწყებთ. ჩვენ უფრო კარგად ვიცნობთ მთვარის ზედაპირს, ვიდრე ღრმა ოკეანეს. იქაური სიცოცხლე ვერტიკალური განფენილობისაა. ისე ბნელა, რომ მხედველბასაც დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთელი ურთიერთობები ხმების საშუალებით ყალიბდება.

NGSF000003_190920__120696.jpgკუზა ვეშაპის ესკორტი მდედრსა და მის ნაშიერს ორი მამრი შეუერთდა კუკის კუნძულებთან. მამრები შეწყვილების იმედად აცილებენ ხოლმე მდედრებს. პატარები „ჩურჩულით“ გამოსცემენ წრიპინა ხმებს – ალბათ, მტაცებლებმა რომ არ შენიშნონ, ზრდასრულ მამრებს კი ხორხისმიერი, დაბალი ტონალობები ან მაღალი, გამკივანი ხმები ახასიათებთ.

ჩვენ მილიარდებს ვხარჯავთ კოსმოსის კვლევასა და იქაური სიცოცხლის ფორმების ძიებაში, არადა, ტალღებქვეშ, მშობლიურ დედამიწაზევე გვევლინებიან „უცხოპლანეტელები”, რომლებიც ბევრად უფრო გვგვანან, ვიდრე წარმოგვედგინა. ვეშაპები, თავიანთი ალიანსებით, საკომუნიკაციო ენის კომპლექსურობითა და პატარებზე ზრუნვის მეთოდებით, საოცრად ადამიანურ სახეს გვიჩვენებენ.

ზოგიერთი ვეშაპი გლოვასაც კი ღიად გამოხატავს. 2018 წელს სამხრეთის ბინადარი ცელნამგალა ვეშაპი (ტალეკვას სახელით ცნობილი) თავის ახალშობილ დაღუპულ ნაშიერს დინგით დაატარებდა მთელი 17 დღის განმავლობაში. „მეცნიერები ჯიუტად გაურბოდნენ ხოლმე ემოციური ტერმინების – ბედნიერი, სევდიანი, მხიარული თუ ბრაზიანი – გამოყენებას, როდესაც აღწერდნენ ცხოველთა ქცევას”, – წერს ჯო გეიდოსი, რომელიც უძღვება ზღვის ცხოველთა დაცვის პროგრამას, მაგრამ გეიდოსსა და ვეშაპის შემსწავლელ კიდევ არაერთ ბიოლოგს სწამს, რომ ტალეკვას ქცევა სწორედ მწუხარებას გამოხატავდა.

წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით, პიუჯეტის სრუტესთან, სამხრეთის ბინადარი ცელნამგალა ვეშაპის სამი ჯოგი დაჰყოფს ხოლმე წლის გარკვეულ პერიოდს, რომლის დროსაც ისინი მჭიდრო ფორმაციებად შეკრულნი დაქრიან იქაურ წყლებში. რა საიდუმლოებები შეიძლება ჰქონდეთ მათ?

მეცნიერებმა უკვე საკმაო ხანია შეიცნეს, რომ ვეშაპები თანატოლ თუ ხანდაზმულ ინდივიდებთან ურთიერთობით ითვისებენ უამრავ ქცევას. ეს დასწავლითი ქცევებია და სულაც არ არის გასაკვირი. თვით არისტოტელემაც იცოდა, რომ ცხოველები ერთმანეთისგან სწავლობენ. მგალობელი ბეღურები, რომლებიც თავიანთი ოჯახისგან შორს იზრდებიან, „მშობლებთან შედარებით განსხვავებულ ხმებს გამოსცემენ”, – წერდა იგი. ჩარლზ დარვინიც აღნიშნავდა, რომ ცხოველთათვის დაგებული მახეები პერიოდულად უნდა გადაადგილდეს, რადგან ველური არსებები „ერთიმეორის ფრთხილ ქცევებს ბაძავენ”.

თუ სხეულის ფორმასა და ფუნქციებს განსაზღვრავს გენეტიკა, მაშინ არსებითი მახასიათებლებისა და ქცევათა ეს დაშიფრული ინსტრუქციები შეძენილი სიბრძნეა – ნერვული კავშირების განვითარების შედეგი, როდესაც ცხოველს უკვე შეუძლია დასწავლა ირგვლივ მყოფთა ცოდნაზე დაკვირვებით. ზოგადად, მეცნიერები თანხმდებიან, რომ კულტურა მოითხოვს სოციალური გზებით დასწავლილ, ფართოდ გაზიარებულ და დროის მიმართ გამძლე ქცევათა არსებობას. როდესაც ცხოველთა გარკვეული ჯგუფები ერთმანეთს უამრავ დასწავლილ ქცევას გადასცემენ, ერთი კონკრეტული სახეობის ინდივიდებშიც კი შეიძლება ჩამოყალიბდეს ჩვევათა სრულიად სხვადასხვა ნაკრები. მაგალითისთვის, ბურთის სროლის უნარი გენეტიკურია, მაგრამ სროლის ტრაექტორიის განსაზღვრა მოითხოვს სოციალურ დასწავლას, ხოლო კრიკეტის ნაცვლად რომ ბეისბოლს თამაშობ, ეს უკვე კულტურის გამოვლინებაა.

თუმცა, არსებობს იმის საფრთხე, რომ კულტურა გავაიგივოთ ინტელექტთან. მეცნიერები ერთხმად ვერ თანხმდებიან, ინტელექტი კულტურის არსებითი შემადგენელი ნაწილია თუ არა. სოციალური დასწავლის ფორმები მრავლად გვხვდება ცხოველთა სამყაროში – და, არა მხოლოდ იმ არსებებში, „გონიერებად“რომ მივიჩნევთ – ვეშაპები, პრიმატები, ყვავები თუ სპილოები.

მაგრამ საზრიანობა ცალსახად დიდ როლს თამაშობს და ვეშაპისებრთა დასწავლის უნარი უკვე დიდი ხანია იპყრობს ჩვენს გონებას. საზღვაო თემატურ პარკებში ოვაციებით ვეგებებით ხოლმე ვეშაპებს, რომლებიც მღერიან ან რგოლებში ხტებიან, თუმცა ეს ჩვენი უბადრუკი მცდელობებია მათი უნარების გამოსავლენად და ვეშაპთა რეალური ტალანტის მხოლოდ ზედაპირული გამოვლინებაა.

ვეშაპის ზოგიერთ ჯგუფში ინტელექტის გამოვლინება შესაძლოა ევოლუციური რეაქციაც კი იყოს კულტურულ იმპულსებზე, როდესაც სოციალური ცხოველები ფართოდ ავრცელებენ სწავლით მიღებულ სიბრძნეს. კულტურის საარსებოდ ინდივიდებმა უნდა დაიწყონ თავიანთ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ინოვაციური მეთოდებით, შემდგომ კი ის სხვებსაც გაუზიარონ, ხოლო ვეშაპები შეიძლება მოწინავე ინოვატორებად მივიჩნიოთ. 1990-იან წლებში რამდენიმე კაშალოტმა ახალ ხერხს მიაგნო წასახემსებლად: ალასკის სანაპიროებთან მათ ანოპლოპომები გაიტაცეს თევზსაჭერი იარუსიდან. წყალქვეშა კამერების გამოყენებით მეცნიერებმა დოკუმენტურად აღბეჭდეს, თუ როგორ აკურატულად ჩაეჭიდა ვეშაპი თავისი მასიური ყბით იარუსს, შექმნა დაჭიმულობა და ვიბრაციის ძალით დაცურებულ თევზებს პირი დაუხვედრა ქვემოთ. ეს მეთოდი სწრაფად გავრცელდა ვეშაპებში. 1980 წელს კი ინოვაციურად მონადირე კუზა ვეშაპი დააფიქსირეს მენის ყურეში. სანამ ბუშტულებს გააფრქვევდა თევზის გუნდის ირგვლივ, რომ მათი დეზორიენტირება გამოეწვია, ვეშაპმა კუდის ფარფლი ადგაფუნა წყლის ზედაპირზე. ისინი ხშირად მიმართავენ ბუშტულების ტექნიკას, თუმცა ფარფლების ტყლაშუნი სიახლე იყო. ჯერჯერობით ბუნდოვანია, თუ რით ეხმარება ეს ქცევა მონადირე ვეშაპს, მაგრამ 2013 წლისთვის მეცნიერებმა აღრიცხეს, სულ ცოტა, 278 ინდივიდი, რომლებიც აღნიშნულ მეთოდს იყენებდნენ.

  • MM8632_180513__24190-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • NGSF000003_190127__64061-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM8632_180523__29853-F4-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

კლანური ენა კაშალოტის ეს ოჯახი დომინიკას წყლებში ცურავს. ამ სახეობის თითოეული კლანი საკუთარ დიალექტზე ურთიერთობს – წკაპუნა ხმებით, მსგავსად მორზეს ანბანისა.

პატარა ვეშაპი სარგასუმთან კაშალოტის ნაშიერი ისვენებს. მას ძუძუთი კვებავდა მდედრი, სახელად „ქენოუფენერი“, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უსათუოდ მისი დედაა. კაშალოტებში ზოგჯერ დეიდები და ბებიები აწოვებენ ძუძუს, ან ერთი მდედრი შეიძლება ორ ნაშიერს კვებავდეს და არც ერთი მისი ნაშობი არ იყოს.

კვლავ უსაფრთხოდ ამ მდედრს (მარჯვნივ) „დიჯიტი“ შეარქვა მკვლევარმა შეინ გერომ. მას კუდი სათევზაო ბადეში გაეხვა და კინაღამ ფარფლების ამპუტაცია დასჭირდა. ნელ-ნელა მან აღიდგინა ფორმა და ახლა კვლავ თავისუფლად ყვინთავს კალმარებზე სანადიროდ.

გააზიარეთ ფოტო
  • MM8632_180513__24190-1024x576.jpg
  • NGSF000003_190127__64061-1024x576.jpg
  • MM8632_180523__29853-F4-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

კლანური ენა კაშალოტის ეს ოჯახი დომინიკას წყლებში ცურავს. ამ სახეობის თითოეული კლანი საკუთარ დიალექტზე ურთიერთობს – წკაპუნა ხმებით, მსგავსად მორზეს ანბანისა.

პატარა ვეშაპი სარგასუმთან კაშალოტის ნაშიერი ისვენებს. მას ძუძუთი კვებავდა მდედრი, სახელად „ქენოუფენერი“, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უსათუოდ მისი დედაა. კაშალოტებში ზოგჯერ დეიდები და ბებიები აწოვებენ ძუძუს, ან ერთი მდედრი შეიძლება ორ ნაშიერს კვებავდეს და არც ერთი მისი ნაშობი არ იყოს.

კვლავ უსაფრთხოდ ამ მდედრს (მარჯვნივ) „დიჯიტი“ შეარქვა მკვლევარმა შეინ გერომ. მას კუდი სათევზაო ბადეში გაეხვა და კინაღამ ფარფლების ამპუტაცია დასჭირდა. ნელ-ნელა მან აღიდგინა ფორმა და ახლა კვლავ თავისუფლად ყვინთავს კალმარებზე სანადიროდ.

წლების განმავლობაში დამკვიდრებული სამეცნიერო მოსაზრებით, ცხოველებს არ შესწევდათ უნარი, რომ ფართოდ გაეზიარებინათ ცოდნა და შემდეგ ის გადაეცათ თაობებისთვის. ამგვარ შეხედულებას ბზარი გაუჩნდა 1953 წელს, როდესაც ახალგაზრდა მაკაკა (სახელად იმო) ბატატის რეცხვისას შენიშნეს ნაკადულში. მანამდე კუნძულ კოშიმას მაკაკები საკვებს მხოლოდ თუ ჩამობერტყავდნენ ხოლმე მტვერს. აქედან მცირე ხანში მეცნიერებმა დააფიქსირეს უკვე ათობით მაკაკა, რომლებიც წყალში რეცხავდნენ პროდუქტს. როდესაც იმო მოკვდა, სხვა მაკაკები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მისდევდნენ აღნიშნულ პრაქტიკას.

შემდეგ, 1999 წელს, კოგნიტივისტმა ენდრიუ უაიტენმა, პრიმატების შემსწავლელ მეცნიერებთან თანამშრომლობით (მათ შორის, ჯეინ გუდოლი), გამოაქვეყნა ერთი ფუნდამენტური ნაშრომი. იქ აღინიშნებოდა, რომ შიმპანზეების ათობით ტრადიცია – ერთმანეთის ბეწვის მოვლა, „წვიმის ცეკვა“თუ ტერმიტების ბორცვების ჩიჩქნა ჯოხებით – ვლინდებოდა ამ სახეობის მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებში. „თუ საკმარის დროს დაუთმობთ შიმპანზეებს და აღნიშნულ ქცევებს დააკვირდებით, თქვენ თითქმის შეუცდომლად შეძლებთ თქმას, თუ რა წარმომავლობის არიან კონკრეტული ინდივიდები”, – მეუბნება უაიტენი. და ადამიანთა ქცევაზე დაკვირვებაც ხომ ხშირად მიგვითითებს მათ კულტურაზე.

თუმცა, ყველა მეცნიერი არ ეთანხმება ზემოხსენებულ მოსაზრებას. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ არაერთი მსგავსი ქცევის სტიმულაცია შეიძლება გამოეწვია გენეტიკურ ან გარემო პირობების ცვლადებს.

მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, საფუძველი ეყრებოდა ახალი ტიპის ხედვას ველურ ცხოველთა ქცევებსა თუ მათ კოლექტიურ კულტურაზე – და ის უკვე ნაკლებად კონცენტრირდებოდა ადამიანური ქცევითი სპექტრიდან გაკეთებულ შეფასებებზე.

„გაჩერდი, გაჩერდი! აქ არიან!“, – ყვირის შეინ გერო და იწყებს თვლას. წყლიდან ნახევრად ამოზიდული რვა რუხი კაშალოტი მანევრებს ასრულებს კობალტისფერ კარიბის ზღვაში. მათ სულ ახლახან ამოყვინთეს, რომ ჟანგბადი ჩაისუნთქონ უზარმაზარი თავით.

ჩვენ 12-მეტრიან იახტაში ვსხედვართ და ვცურავთ დომინიკას წყლებში. ამ პაწაწინა ქვეყნის ნალექით გაჟღენთილი მთები ეღობება ჰაერის ძლიერ ნაკადებს და ამშვიდებს მღელვარე წყლებს, რაც იდეალური პირობებია კაშალოტის შესასწავლად, ხოლო გეროს უფრო მეტი კაშალოტის ოჯახი შეუსწავლია ახლო დაკვირვებით, ვიდრე, ალბათ, სხვა ნებისმიერ ადამიანს მთელი კაცობრიობის ისტორიაში.

NGSF000003_190123__60835.jpgდედის რძე მეცნიერები დიდხანს ფიქრობდნენ, თუ როგორ აწვდიდნენ დედები რძეს თავიანთ გრძელყბიან ნაშიერებს. მდედრებს აქვთ ჭრილი, რომლებშიც ძუძუს დვრილებია დამალული. ამ ჭრილში პატარები ყბას ყოფენ და რძეს ეწაფებიან.

ორჰუსის უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი გერო ამ ლევიათანს შეისწავლის 2005 წლიდან და აღიქვამს როგორც მშვიდ, მხიარულ არსებას. მას შეუძლია კაშალოტის ათეულობით ინდივიდი ამოიცნოს. აი, იქ არის „ქენოუფენერი”, რომელიც მკვლევრებს ეთამაშება – მიუახლოვდება ხომალდს და მათ თვალწინ ბრუნავს წყლის ზედაპირზე. იქით კი „დიჯიტია”, ერთხელ რომ კუდი გაეხლართა სათევზაო ბადეში და გასათავისუფლებლად კინაღამ მისი ამპუტაცია დასჭირდა.

თავის ნაცნობ ვეშაპებს გერო ადგილობრივი „კუნძულის სპეციალისტებს“უწოდებს. იგი დაჰყვება მათ და აკვირდება, თუ როგორ მოძრაობენ წყალქვეშა კანიონებში, სძინავთ, აჩენენ ნაშიერებს, ზრუნავენ პატარებზე, პირველად ყვინთავენ, თამაშობენ ბიძაშვილებთან და… ასრულებენ სიცოცხლეს.

მაგრამ დღეს ზღვაში გატარებული კვირაზე მეტი ხნის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ადგილობრივი კაშალოტები სადღაც გაუჩინარებულიყვნენ, ხოლო მათ ნაცვლად რვა უცხო ინდივიდი გვარტყამდა წრეებს. აღფრთოვანებულმა გერომ ყვირილი ატეხა და სტუდენტებს გასძახა, რომ ჰიდროფონები ჩაეშვათ წყალში. თან აფრთხილებდა, ფოტოაპარატებიც მოიმზადეთ კუდის ფარფლების გადასაღებადო – ერთგვარი თითის ანაბეჭდები ინდივიდთა ამოსაცნობად.

ამ ახალწვეულებს, მოხეტიალე მიგრანტებს, რომლებიც კაშალოტის მეორე პოპულაციას განეკუთვნებიან, გერო მხოლოდ შორიდან იცნობს. დროდადრო ისინი არეალს იყოფენ ხოლმე ადგილობრივ ინდივიდებთან, თუმცა არასოდეს შედიან ახლო კონტაქტში. მათი გამოჩენა გეროსთვის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ დომინიკაში გვხვდება ვეშაპის პარალელური ტრადიციები – ისეთი განსხვავებული ორი კულტურა, როგორიც მიწათმოქმედება და მონადირე-შემგროვებლობაა.

მთელი ამ ცოდნის წყაროა დალჰაუზის უნივერსიტეტის პროფესორი ჰალ უაიტჰედი, ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელი და გეროს მენტორი. კაშალოტები ათიოდე ინდივიდისგან შეკრულ სოციალურ ჯგუფებად მოგზაურობენ, რომლებსაც უძღვებიან მდედრები – მამრები ადრეული მოზარდობის ასაკში ირიყებიან. უაიტჰედმა ერთი-ორ ასეთ ჯგუფს მიაკვლია გალაპაგოსის წყლებში და მკვლევარ ლუკ რენდელთან ერთად (სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტი) დაიწყო კაშალოტების ხმოვან სიგნალთა ნიშან-თვისებების დოკუმენტირება, რომ მათი კულტურული საიდუმლოებები გაეშიფრა.

კაშალოტები იყენებენ დედამიწის უდიდეს თავის ტვინს, რომ მართონ ბუნების უდიდესი ჰიდროლოკაციის სისტემა. თავიანთ დინგში უშვებენ მაღალი წნევის ჰაერს და წკაპუნის მსგავს ხმებს გამოსცემენ, ამ „წკაპუნებს“კი ალაგებენ რიტმულ კოდებად, მსგავსად მორზეს ანბანისა. თითოეული კოდის ხანგრძლივობა მაქსიმუმ რამდენიმე წამია. ზოგიერთი შედგება სამი წკაპუნისგან, ერთი-ორი შესაძლოა მოიცავდეს ათ ან კიდევ ცოტა უფრო მეტ დარტყმასაც. ათეულობით წლის განმავლობაში უაიტჰედმა ათასობით დაწკაპუნება ჩაიწერა.

მათ შინაარსს უაიტჰედი ვერ ხვდებოდა, მაგრამ ერთ დღესაც ახალ შოტლანდიაში მდებარე თავის ლაბორატორიაში პროფესორმა დიაგრამაზე დაიტანა ვეშაპის ამ ყველა ჯგუფიდან აღებული მონაცემები და ერთი ასეთი ტენდენცია შენიშნა: მათი დაახლოებით ნახევარი გამოსცემდა მსგავსი რეპერტუარის ხმოვან სიგნალებსა და კოდებს, სხვა ჯგუფები კი განსხვავებულ წყობას იყენებდნენ. „კინაღამ გავგიჟდი”, – იხსენებს უაიტჰედი, – ეს მომცრო ჯგუფები წარმოადგენდნენ მხოლოდ ნაწილს რაღაც უფრო მასშტაბურისა – ვეშაპის ასობით თუ ათასობით კლანს, რომელთა თითოეული გუნდიც საკუთარ დიალექტზე „ლაპარაკობდა”.

რატომ უნდა გაეზიარებინათ საერთო ხმოვანი სიგნალები ამ ცხოველებს, რომელთა დიდი ნაწილი არც არასოდეს შეხვედრია ერთმანეთს? ეს ჯგუფის კოდური სახელებია, ვარაუდობენ უაიტჰედი და რენდელი, ერთგვარი გამოხატულება, რომ „მე შენიანი ვარ”. ამ მეცნიერებმა იცოდნენ, რომ მომცრო ჯგუფები გარკვეულ დროს ატარებდნენ ხოლმე თავიანთი კლანის სხვა გუნდებთან, მაგრამ უცხოებთან – არასოდეს, ხოლო ზღვის წყვდიადში სწორედ ხმებით ამოიცნობა ირგვლივ მყოფთა ვინაობა.

  • MM8632_180726__37232-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • NGSF000003_190902__116897-F1-1024x576.jp
    გალერეის გახსნა
  • NGSF000003_191127__123419-F2MU1cv-1024x5
    გალერეის გახსნა
  • NGSF000003_181127__58514-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ვარჯიში უნარებში ტონგას უბეში დედა კუზა ვეშაპი და მისი ნაშიერი ლივლივებს. ისინი შეუერთდნენ ერთ-ორ ათასამდე ზრდასრულ ინდივიდს, რათა კრილით მოსუქდნენ ანტარქტიკაში ზაფხულის გატარებისას. აქ არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც ზრდასრულთა სანადირო მეთოდებსა და სხვა ქცევებს ბაძავენ.

ჭირვეული მჭამელები ახალ ზელანდიასთან ცელნამგალა ვეშაპი ნადირობს სკაროსზე. ცელნამგალები ძალიან მიჯაჭვულნი არიან თავიანთ რაციონზე. 1970 წელს ძუძუმწოვრებით მკვებავი რამდენიმე ცელნამგალა დაიჭირეს ბრიტანეთის კოლუმბიაში; მათ 80 დღემდე იშიმშილეს ტყვეობაში, რადგან უარს აცხადებდნენ ორაგულზე.

ნადირობის გაკვეთილი ფოლკლენდის კუნძულებთან მდედრმა ცელნამგალა ვეშაპებმა ისწავლეს, თუ როგორ „დაატყვევონ“ ზღვის სპილოს ნაშიერი და მის შეჭმამდე ის თავიანთი შვილების ნადირობაში გასაწაფავ სავარჯიშოდ გამოიყენონ.

ნადავლის გაყოფა არქტიკაში ცელნამგალა ვეშაპები ქაშაყის გუნდს აედევნენ. ცელნამგალები, თავიანთი მუცლის ელვარებით, ბუშტულების გაფრქვევითა თუ წყალზე კუდის ტყლაშუნით, თევზებს აბრუებენ და ერთ „გორგლად“ ახვავებენ. მეცნიერთა დაკვირვებით, ამ ქცევას უფრო იშვიათად ავლენენ, როდესაც მათ სიახლოვეს თევზსაჭერი გემია.

გააზიარეთ ფოტო
  • MM8632_180726__37232-1024x576.jpg
  • NGSF000003_190902__116897-F1-1024x576.jp
  • NGSF000003_191127__123419-F2MU1cv-1024x5
  • NGSF000003_181127__58514-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ვარჯიში უნარებში ტონგას უბეში დედა კუზა ვეშაპი და მისი ნაშიერი ლივლივებს. ისინი შეუერთდნენ ერთ-ორ ათასამდე ზრდასრულ ინდივიდს, რათა კრილით მოსუქდნენ ანტარქტიკაში ზაფხულის გატარებისას. აქ არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც ზრდასრულთა სანადირო მეთოდებსა და სხვა ქცევებს ბაძავენ.

ჭირვეული მჭამელები ახალ ზელანდიასთან ცელნამგალა ვეშაპი ნადირობს სკაროსზე. ცელნამგალები ძალიან მიჯაჭვულნი არიან თავიანთ რაციონზე. 1970 წელს ძუძუმწოვრებით მკვებავი რამდენიმე ცელნამგალა დაიჭირეს ბრიტანეთის კოლუმბიაში; მათ 80 დღემდე იშიმშილეს ტყვეობაში, რადგან უარს აცხადებდნენ ორაგულზე.

ნადირობის გაკვეთილი ფოლკლენდის კუნძულებთან მდედრმა ცელნამგალა ვეშაპებმა ისწავლეს, თუ როგორ „დაატყვევონ“ ზღვის სპილოს ნაშიერი და მის შეჭმამდე ის თავიანთი შვილების ნადირობაში გასაწაფავ სავარჯიშოდ გამოიყენონ.

ნადავლის გაყოფა არქტიკაში ცელნამგალა ვეშაპები ქაშაყის გუნდს აედევნენ. ცელნამგალები, თავიანთი მუცლის ელვარებით, ბუშტულების გაფრქვევითა თუ წყალზე კუდის ტყლაშუნით, თევზებს აბრუებენ და ერთ „გორგლად“ ახვავებენ. მეცნიერთა დაკვირვებით, ამ ქცევას უფრო იშვიათად ავლენენ, როდესაც მათ სიახლოვეს თევზსაჭერი გემია.

უაიტჰედმა ივარაუდა, რომ ეს წკაპუნა კოდები კულტურული იდენტობის ადამიანურ მარკერებს წააგავდა. ვთქვათ, ამბობს იგი, როგორი აქსესუარები გამოარჩევთ ფეხბურთის ფანებს ინგლისის პრემიერლიგაში. „მანჩესტერ-იუნაიტედის მხარდამჭერები მარშირებენ წითელი შარფებით, ხოლო მანჩესტერ-სიტის გულშემატკივრები – ცისფერი ყელსახვევებით”, – მეუბნება უაიტჰედი. ამ განმასხვავებელი აქსესუარებით თავისიანებს ცნობენ, „ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ვეშაპებშიც არსებობს რაღაც ასეთი, მაღალი ხარისხის სოციალური ორგანიზების ტიპი, რომელსაც მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”, – ამბობს იგი.

დროთა განმავლობაში მან, რენდელმა და კიდევ სხვა მკვლევრებმა გამოავლინეს ასევე საოცრად განსხვავებული ჩვევები გალაპაგოსის ვეშაპთა ორ ცალკეულ კლანში. ერთი ჯგუფის ინდივიდები დაცურავდნენ მეანდრულ ფორმაციებად, ხოლო მეორე არჩევდა სწორ ხაზად ჩამწკრივებას; ერთი კლანი რჩებოდა ხმელეთის სიახლოვეს, მეორე კი შორს სცილდებოდა სანაპიროს. ელ-ნინიოს პერიოდში, როდესაც წყალი გათბა, ვეშაპის ამ ორივე ჯგუფს გაუჭირდა საკვების მოძიება, მაგრამ ერთ-ერთს მაინც უფრო განსაკუთრებით მძიმე დრო დაუდგა.

როგორც ჩანს, ვეშაპებში „არის ასეთი საზღვარი: ერთ მხარეს დგას „ჩვენ“– წევრები, რომლებიც ერთმანეთისგან სწავლობენ და მსგავსადვე იქცევიან, ხოლო მეორე მხარეს – „სხვები”, არც ჩვენგან რომ სწავლობენ და განსხვავებულადაც იქცევიან”, – ხსნის გერო.

მოსაზრება, რომ ვეშაპებში ვლინდება კულტურა, უაიტჰედმა და რენდელმა 2001 წელს გამოთქვეს, თუმცა მას სამეცნიერო წრეებში ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა. „რა სამწუხაროა, რომ ასეთი მდიდარი ემპირიული მასალა ასეთ მშვენიერ არსებებზე, გამოყენებულია ასეთი სუსტი თეორიის გასამყარებლად”, – აღნიშნავს ცინიკურად ერთი ბრიტანელი ანთროპოლოგი.

მას შემდეგ 20 წელი გავიდა და სკეპტიციზმი დღესაც შეინიშნება. „მე ნამდვილად არ ვიტყოდი, რომ კაშალოტს ან ცელნამგალა ვეშაპს არ გააჩნია კულტურა, მაგრამ კულტურის უფრო ძლიერ ნიშნებს ვხედავ ცხოველის არაერთ სხვა სახეობაში”, როგორიცაა, მაგალითად, კუზა ვეშაპი თუ მგალობელი ბეღურა, ამბობს მეცნიერი პიტერ ტიაკი, რომელიც ვეშაპისნაირთა ურთიერთობის ფორმებს შეისწავლის. გენეტიკა, ცხოველის განვითარება და გარემო ურთიერთქმედებს კომპლექსური გზებით, რაც ართულებს პირდაპირი კავშირის დადგენას ქცევასა და კულტურას შორის: „მეცნიერთათვის არსებითია იმის აღიარება, თუ რა ცოტა ვიცით ნებისმიერი სახეობის კულტურაზე”.

NGSF000003_190803__100138MU1.jpgკულტურული მიგრაცია ორაგულები თანდაყოლილი ინსტინქტით იბადებიან, თუ რომელ სამიგრაციო მარშრუტს უნდა გაჰყვნენ, თეთრი ვეშაპები კი აღნიშნულ გზებს სწავლობენ თავიანთი „თემის“ სპეციფიკურ კულტურაზე დაკვირვებით – როგორც ეს ვეშაპი კანადის უბეში.

და მაინც, ვეშაპის შემსწავლელი მეცნიერები სულ უფრო მეტად იზიარებენ უაიტჰედის ხედვას, ამბობს სარა მესნიკი ოკეანისა და ატმოსფერული კვლევების ეროვნული ადმინისტრაციიდან. „ის მზარდ წონას იძენს, რადგან მეტი და მეტი მკვლევარი ამჩნევს ამას”, – ამბობს იგი.

მაგალითად, გერომ მიაგნო კაშალოტის სხვადასხვა კლანად დაყოფის ფაქტებს კარიბის აუზიდან სრულიად დაშორებულ ზღვაშიც.

ერთ შუადღეს ჩვენ შევნიშნეთ მდედრი კაშალოტი, სახელად „რაუნდერი”. ის ტივტივებდა ორ ნაშიერთან ერთად, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო თავისი ნაშობი. პატარა ვეშაპები ღრმად არ ყვინთავენ კალმარების მოსახელთებლად, განმარტავს გერო, ამგვარად, მათი ზრდასრული მცველი ზედაპირთან ჩერდება, სანამ ისინი ნადირობენ.

ამ მხრივ კაშალოტის თითოეული ჯგუფი განსხვავებულია. ზოგიერთ გუნდში ნაშიერებს ზედამხედველობენ არამონათესავე ინდივიდები, თუმცა ძუძუს მხოლოდ დედები აწოვებენ. „რაუნდერის“ჯგუფში დედები და ბებიები ინაწილებენ ძიძობასა და ძუძუს წოვებას, მაგრამ მხოლოდ თავიანთი საგვარეულოს ნაშიერებზე; სხვა ჯგუფში კი ერთი მდედრი კვებავს ორ ნაშიერს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ არის საკუთარი შვილი.

გერომ ასევე მიაკვლია, რომ ვეშაპის კლანთა ეს მომცრო ჯგუფები გამოსცემენ კონკრეტული ოჯახებისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ კოდებს – გვარების თითქმის ზუსტად ანალოგიურს, ხოლო როდესაც ინდივიდები ურთიერთობენ ფაქიზი, სახასიათო ცვალებადობის „წკაპუნებით”, ეს უფრო სახელებს ჰგავს. მხოლოდ წკაპუნზე დაკვირვებით გეროს 80-პროცენტიანი სიზუსტით შეუძლია ამოიცნოს, თუ რომელი ინდივიდი „ლაპარაკობს“ჯგუფში.

გერომ ისიც კი ჩაიწერა, თუ როგორ არეულ-დარეულ წკაპუნა ხმებს გამოსცემდნენ პატარა კაშალოტები თავიანთი ბგერათა სისტემის ჩამოყალიბებამდე. ისინი ყურადღებას აჩერებდნენ თავიანთი კლანის დიალექტზე, როგორც ჩვილები ლუღლუღებენ ხოლმე, სანამ იტყვიან სიტყვა „დედას”. ეს ნაშიერები კულტურულ ნორმებს ეზიარებოდნენ გეროს თვალწინ.

ერთ შუადღეს კომპიუტერს მივუჯექი და აუდიოფაილი გავხსენი. რაც მე მოვისმინე, ეს გახლდათ ღრმა და ხორხისმიერი ბგერები, თითქოს წყალში ჩაძირული ბას-საქსოფონი გუგუნებდაო. შემდეგ ტონალობა ამაღლდა და, რაღაც მომენტში, გადაიქცა ჰაეროვან, გამყივან ხმად – ბავშვი რომ ნიჟარას ჩაბერავს. მცირე ხანში ის სრულიად შეიცვალა, ჯერ გადავიდა უფრო მძიმე და მელოდიურ „ჰანგებში”, შემდეგ კი ჩაენაცვლა მსუბუქი ტონები. მე ჩამესმოდა მინის გაპრიალების მსგავსი ხმები. მაღალი ნოტი დასრულდა წრიპინით.

NGSF000003_190716__69918.jpgხოხვა ამ წყალმარჩხ უბეში მარტივდება თეთრ ვეშაპზე დაკვირვება. ზოგიერთი სწავლობს, თუ როგორ იცუროს წყლიდან თავამოწეულმა ან აქნიოს ფარფლები, ზოგი კი ფსკერს ეხახუნება, რომ ტყავი გამოიცვალოს.

ეს გახლავთ მამრი კუზა ვეშაპის სიმღერა, რომელიც გამომიგზავნა ელენ გარლენდმა (სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტი). რამდენიმე წლის წინ სამხრეთ წყნარ ოკეანეში მსგავსი მელოდია გავრცელდა ტალღისებურად, რამაც ნამდვილი კულტურული რევოლუცია გამოიწვია.

მამრი კუზა ვეშაპები ერთმანეთისგან ითვისებენ სიმღერებს. პოპკულტურის ფანატიკოსთა მსგავსად, ისინიც სულ ახალ-ახალ მოდურ მელოდიებს დასდევენ. თუ რა სისწრაფით ითვისებენ ამ სხვადასხვა ახალ აკუსტიკურ წყობას, „ეს მართლაც გასაოცარია”, – მეუბნება გარლენდი. საოცარია, ასევე, სიმღერის გეოგრაფიული წვდომის მასშტაბი. ერთი სიმღერა შეიძლება ოკეანის მთელ აუზში გავრცელდეს.

1960-იანი წლებიდან მეცნიერები დიდი ენთუზიაზმით შეისწავლიან კუზა ვეშაპის სიმღერებს. იმ ძველ პერიოდში ბიოლოგმა როჯერ პეინმა ჰიდროფონი გამოაბა იახტას და ღამის წყვდიადში დაიჭირა შემაძრწუნებელი, დატირების მსგავსი ხმები, რომლებიც ექოსავით მეორდებოდა ბერმუდას სანაპიროებთან. კუზა ვეშაპები კივიან, ყეფენ, ქშენენ და გამოსცემენ კნავილის მსგავს ხმებს, მაგრამ ძირითადი სტრუქტურით მათი კომპლექსური სიმფონიები შემაცბუნებლად მსგავსი შეიძლება იყოს ჩვენი მელოდიებისა.

კუზა ვეშაპის სიმღერებში გვხვდება რითმა და რიტმი, ფრაზირება და მელოდია; ერთ კონკრეტულ თემას მოსდევს ვარიაციები, შემდეგ – კვლავ მიბრუნება საწყის მელოდიურ ხაზთან. დედამიწაზე ვეშაპები 50 მილიონი წელია ცხოვრობენ, თუმცა ბოლო დრომდე ძალიან მცირე ალბათობა არსებობდა, რომ ადამიანსა და კუზა ვეშაპს ერთიმეორის მელოდია გაეგონა. „და მაინც, თავიანთ სიმღერათა სტრუქტურის ასაგებად ვეშაპები იმავე წესების უმრავლესობას იყენებენ, რასაც ჩვენ”, – წერდა პეინი თავის წიგნში სათაურით „ვეშაპებს შორის”. ერთი სიმღერა შეიძლება ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდეს და ერთ ვეშაპს შეუძლია გაუჩერებლად იმღეროს მთელი შუადღე.

კუზა ვეშაპის სიმღერები შეწყვილების რიტუალებშიც მონაწილეობს და მკვლევრები უკვე დიდი ხანია ვარაუდობდნენ, რომ ყოველ წელს ერთი ზონის ყველა ინდივიდი საერთო სიმღერას მღეროდა. „მაგრამ ჩვენ კიდევ სულ სხვა რამ აღმოვაჩინეთ”, – ამბობს გარლენდი. სპექტროგრამების გამოყენებით, რომლებიც ვიზუალურ გამოსახულებებად გარდაქმნის ხმის სიხშირეებს და სიმღერის ამპლიტუდას თუ სახასიათო ნიშნებს ავლენს, მან გააანალიზა სამხრეთ წყნარ ოკეანეში მობინადრე ვეშაპთა მელოდიები. მათი სიმღერები ჯერ შეისწავლა საფრანგეთის პოლინეზიაში, ხოლო შემდეგ გადაერთო ავსტრალიის წყლებზე – 6000 კილომეტრის დაშორებით.

NGSF000003_190728__97362.jpg„თქვი ჩემი სახელი“ მდედრი თეთრი ვეშაპები ნაშიერებთან ერთად მიცურავენ მდინარე კანინგემის შესართავთან. რამდენჯერმე, როდესაც ისინი მდინარის აუზში მოქცევითმა ტალღებმა დაატყვევა, მეცნიერმა ვალერია ვერგარამ უამრავი თეთრი ვეშაპის ერთდროული ხმოვანი სიგნალები ჩაიწერა. იგი ეჭვობს, რომ მსგავსი ინდივიდუალური ძახილი სახელებს აღნიშნავს.

მათი შედარებისას გარლენდმა რაღაც უცნაური შენიშნა. ისე ჩანდა, რომ სიმღერები წარმოიშვა ავსტრალიაში, მოგვიანებით კი ვეშაპებმა ახალი შტრიხები შეიტანეს მელოდიის გასავითარებლად. როგორც კომპოზიტორები, ისინი უმატებდნენ სლოკინს, სტვენასა თუ ახალ სტროფებს, ხოლო შემდეგ, პოპსიმღერის მსგავსად, ის უეცრად ცეცხლივით მოედებოდა, ერთი ინდივიდიდან მეორეზე გადადიოდა და ათასობით კილომეტრზე ვრცელდებოდა.

როდესაც მელოდია საფრანგეთის პოლინეზიამდე ჩავიდა, ის ავსტრალიაში დაბადებულ ორიგინალს ჰგავდა და, მიუხედავად მცირე „ხელის შევლებისა”, რომელიც გზაში განიცადა, საბოლოო ვერსია არც ისე დიდად განსხვავდებოდა ჰიტის საწყისი ფორმისგან; თუმცა, მას ვერაფრით მიამსგავსებდით ძველ სიმღერას. ახალი და წინამორბედი „პროდუქტი“ისე იდგა ერთმანეთის გვერდით, როგორც „როლინგ სტოუნზისა“და ჯასტინ ბიბერის რეპერტუარი”, – მეუბნებოდა გარლენდი.

ამ მიგნებით აღტაცებული გარლენდის ვარაუდით, ვეშაპები რეაგირებენ სიმღერაში შეტანილ სიახლეებზე. მამრი ინდივიდები სულ ახალ და ახალ მელოდიებს სწავლობენ, რომ მასებს გამოეყონ და „პოპულარობა“მოიპოვონ. თუმცა, საბოლოოდ, აბსოლუტურად ყველა მამრი ივიწყებს თავის ძველ სიმღერას და ახალ, უცხო მელოდიას ითვისებს.

ერთ დროს წარმოუდგენელი ჩანდა მსგავსი ტიპის განვითარება. ცხოველთა სამეფოში იშვიათი ქცევაა, როდესაც ასე სწრაფად მიმდინარეობს ტრანსფორმაციული ცვლილება – ნამდვილი კულტურული რევოლუცია. როდესაც ფრინველები უცხო გუნდს უერთდებიან, ისინი ხშირად ითვისებენ ხოლმე მასპინძელთა ძახილებს, ამბობს გარლენდი. მაგრამ ვეშაპი რომ ახალი საესტრადო ნომრით ჩნდება „სცენაზე”, დამხვედრი არტისტები ივიწყებენ თავიანთ ძველ ბალადას და გადადიან ახალ მელოდიაზე. გარლენდი გვთავაზობს ასეთ ანალოგს: წარმოიდგინეთ, რომ ჩახვედით მეზობელ ქვეყანაში, სადაც ყველა, ვისაც კი შეხვდით, თქვენს ეროვნულ ჰიმნზე ამღერდა.

„ეს დაუჯერებლად, დაუჯერებლად უცნაურია”, – ამბობს იგი.

ახლა ერთი რთული შეკითხვა: იარსებებს კი ვეშაპთა ამ საზოგადოებებიდან ზოგიერთი იმდენი ხანი, რომ ჩვენ შევძლოთ მათი კულტურის შეცნობა? აღნიშნულ საკითხზე, ალბათ, ვერავინ დაგველაპარაკება უფრო უკეთ, ვიდრე ცელნამგალა ვეშაპის შემსწავლელი ბიოლოგი ჯონ ფორდი.

როდესაც მას ვეკითხები ადაპტირებადობასა და გამძლეობაზე, ფორდი ერთ ამბავს მიზიარებს. ცელნამგალა ვეშაპები სიცოცხლის ბოლომდე მოგზაურობენ დედის ხაზით განსაზღვრულ ოჯახურ ჯოგებად და ერთმანეთზე დაკვირვებით სწავლობენ, თუ როგორ ან რით იკვებონ. 1970 წელს, როდესაც ცელნამგალა ვეშაპებს ჯერ კიდევ იჭერდნენ საზღვაო პარკებში მოსათავსებლად, ხუთი ცელნამგალა ვეშაპი შერეკეს ბრიტანეთის კოლუმბიის ერთ ვიწრო უბეში. მათგან ორი ინდივიდი წაიყვანეს საზღვაო პარკში, დანარჩენი სამი ვეშაპი კი უარზე იყო, ეჭამა ორაგული, რომელსაც სთავაზობდნენ ცხოველის მომვლელები. საბოლოოდ, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, ხოლო ცოცხლად დარჩენილებმა მხოლოდ 79 დღის შემდეგ დაიწყეს თევზით კვება.

მომვლელებმა არ იცოდნენ, რომ ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიების ცელნამგალა ვეშაპებს კვების სამი განსხვავებული რაციონი აქვთ: სამხრეთისა და ჩრდილოეთის ბინადრები მიეკუთვნებიან ორაგულისმჭამელებს; სანაპიროს სიახლოვეს მცურავი ინდივიდები იკვებებიან ზვიგენით; ბიგსის ცელნამგალები კი მხოლოდ ზღვის ძუძუმწოვრებზე ნადირობენ. განსხვავებით სხვა ვეშაპისნაირთაგან, რომელთა კულტურაც უფრო მეტ მოქნილობას ავლენს, ეს ცელნამგალა ვეშაპები არ ან ვერ იცვლიან რაციონს, თუნდაც შიმშილით დაიხოცნენ – ისევე როგორც რუალ ამუნდსენმა დაამარცხა რობერტ სკოტი სამხრეთ პოლუსზე მისაღწევ რბოლაში, რადგან მან შეჭამა მარხილის ძაღლები, სკოტმა კი – უარი განაცხადა. „ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, თუ რა ღრმად ფესვგადგმული კულტურებია ვეშაპებში”, – ამბობს ფორდი.

NGSF000003_190803__100592.jpgცეკვა-თამაში კუნძულ სომერსეტთან თეთრი ვეშაპები, ზოგჯერ, ქვებს იღებენ და ერთმანეთს აწვდიან, ხანაც ლამინარიებს იფარებენ თავზე და „დიადემებით“ ნარნარებენ. არის ეს კულტურის მახასიათებლები? ამის გასარკვევად ჯერ კიდევ ბევრია შესასწავლი.

ნაწილობრივ, სწორედ ეს მიზეზია, რომ 2019 წელს 25-მა მეცნიერმა – მათ შორის, ფორდი, გარლენდი, უაიტენი, უაიტჰედი – მოითხოვა ზღვის მართვის პოლიტიკის ცვლილება და მისი გლობალური კონსერვაცია. ჟურნალ Science-ში ისინი დაჟინებით აცხადებდნენ – ველურ ცხოველთა დასაცავად მიღებულ გადაწყვეტილებებში აუცილებლად გასათვალისწინებელია სპეციფიკური კულტურების ფაქტორი. მიგრატორი სახეობების კონვენცია უკვე ავითარებს გეგმას სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისთვის, რომ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში კაშალოტი დაიცვან ინდივიდუალური კლანების საჭიროებებზე ფოკუსირებით.

ჩანს მცდელობა, თუმცა მათ გზად ეღობება ერთი სხვა კულტურა: ჩვენი.

აშშ და კანადაც უკვე მიჰყვება აღნიშნულ მიდგომას; იქ სხვადასხვა პოპულაციად აღიქვამენ სამხრეთულ და ჩრდილოურ თევზისმჭამელ ვეშაპებს, მიუხედავად გენეტიკური მსგავსება-სიახლოვისა.

თუმცა, ისინი მკვეთრად განსხვავებული მომავლის წინაშე დგანან. ჩრდილოეთის შედარებით უფრო სასოფლო რეგიონში ცელნამგალა ვეშაპების რიცხვი ძალიან სწრაფად გაიზარდა 1970-იანი წლებიდან, ხოლო სამხრეთელებს გადაშენება ემუქრებათ.

1960-70-იან წლებში მათ იჭერდნენ საზღვაო პარკებისთვის, რამაც უკიდურესად შეამცირა პოპულაცია, დღეს კი ისინი სანაოსნო მოძრაობით გამოწვეულ ხმაურს, განაშენიანებით შევიწროებულ სანაპიროებსა თუ დაბინძურებას უპირისპირდებიან. ტოქსიკური ქიმიკატები, როგორიც პოლიქლორირებული ბიფენილებია, მათ გლემურძში ილექება. სიტუაცია კიდევ უფრო მეტად მძიმდება საკვების მწვავე დეფიციტით, რადგან ჩავიჩას (ორაგულისებრი) პოპულაცია მკვეთრად ეცემა ჭარბი თევზაობის, კაშხლების აგებისა და კლიმატის ცვლილების მიზეზით.

ეს კომპლექსურად მოაზროვნე „უცხოპლანეტელები“– სამხრეთის ბინადარი ცელნამგალა ვეშაპები, პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენ თვალწინ ქრებიან – მსგავსად ინკების წინამორბედი ტივანაკუს იმპერიისა, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე ერთი წერილობითი ჩანაწერიც კი ვერ დატოვა. ჩვენ არ ვიცით, თუ რა გაქრება მათთან ერთად, ვერც იმას ვხსნით, რა განსაზღვრავს ამ სახეობის ქცევებს, ან ასე რატომ გამოირჩევიან სხვა ვეშაპებისგან. მაგრამ უკვე კარგია, რომ გადავდგით ნაბიჯი, დავიწყეთ გაცნობიერება, რომ სასწორზეა რაღაც მდიდარი და მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შეიძლება სრულად ვერ ვწვდებით მის არსს.

DISNEY_STAND_ALONE_LOGO_DARK_BG_FULL_COL

ვეშაპთა საიდუმლოებანი
გაჰყევით ბრაიან სკერის მოგზაურობებს ვეშაპის კულტურის შესაცნობად. ოთხივე სერიის ნახვა შეგიძლიათ არხზე Disney+.

კრეგ უელჩმა ელექტრომობილით მოგზაურობაზე მოგვითხრო 2020 წლის აპრილის ნომერში. ბრაიან სკერის ფოტოები ზვიგენ მაკოს აშუქებდა 2017 წლის აგვისტოში.

როგორ შეგიძლიათ დახმარება

პლანეტის გადასარჩენად
გაეცანით National Geographic-ის ახალ ინიციატივებს სირთულეთა გადასაჭრელად, მისამართზე: natgeo.com/planet. ეს არაკომერციული ორგანიზაციები მუშაობენ ვეშაპების ირგვლივ არსებულ საკითხებზე, რომელთაც წლების განმავლობაში ვუჭერთ მხარს:

კაშალოტის პროექტი დომინიკას წყლებში
კაშალოტის უნიკალური კულტურების უკეთ შესაცნობად ამ პროექტის მეცნიერები ათასობით საათს ატარებენ კარიბის აუზში, რათა მათ ოჯახებს დააკვირდნენ.
thespermwhaleproject.org

ვეშაპზე მეურვეობა მაუის წყლებში
დაცვის მეთოდების გასაუმჯობესებლად, აქ მეცნიერები შეისწავლიან რეპროდუქციასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ ქცევით მახასიათებლებს, მათ შორის, კუზა ვეშაპის სიმღერას.
whaletrust.org

ალასკის ვეშაპის ფონდი
ეს ორგანიზაცია დაარსდა 1996 წელს კუზა ვეშაპის შესასწავლად ალასკაში. დღეს ის კვლევებს უკვე ატარებს აღნიშნული რეგიონის სხვა არაერთ ზღვის ცხოველსა და სანაპირო ეკოსისტემაზე.
alaskawhalefoundation.org

The post ამოუცნობი ვეშაპები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   25 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 25 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(3)