Jump to content
×
×
  • Create New...

ჩვენს ლოგოს, ნეონის ნათურას აჭარული ხაჭაპურის ფორმით, მთელ ამერიკაში მალე ავანთებთ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ნიუ-იორკში ბევრი ქართული რესტორანია, ზოგი წარმატებული, ზოგიც – ნაკლებად, მაგრამ ჩიზბოუთი სულ სხვა შემთხვევაა. ჩიზბოუთი უკვე ბრენდია, რომელზეც The New Yorker და Insider წერენ. ის ამერიკაში აჭარული ხაჭაპურის სინონიმად იქცა, უფრო სწორად, ძალიან ცოტამ იცის Adjarian Khachapuri, მაგრამ ყველამ იცის Cheeseboat.

ჩიზბოუთი

იდეა ხუთი წლის წინ გაჩნდა. „თუ შეგიძლია, პიცა შენი გემოვნებით ააწყო, რატომ არ უნდა შეგეძლოს აჭარული ხაჭაპურისთვის ინგრედიენტების საკუთარი სურვილით დამატება?!” – თქვეს ჩიზბოუთის შემქმნელებმა და ნიუ-იორკის ყველაზე არტისტულ უბანში, უილიამსბურგში, გახსნეს ქართული რესტორანი ინტერნაციონალური შემადგენლობით. რესტორნის დამაარსებელმა ოჯახმა ქართული სამზარეულო გაათანამედროვა და დღეისთვის სტუმრებს 30-ზე მეტი სახეობის ჩიზბოუთის გასინჯვა შეუძლიათ. ჩიზბოუთის მენიუში ნახავთ აჭარულ ხაჭაპურს სტეიკითა და ბეკონით, შეზავებულს სხვადასხვა საწებლით, თაფლითა და ბრიეთი შექმნილ გასაოცარ სინთეზს და, რა თქმა უნდა, კლასიკურ აჭარულს, რომელიც მენიუს პირველ გვერდზე საპატიო ადგილს იკავებს. 

სწორი მარკეტინგითა და სოციალური მედიის წყალობით რესტორანმა ყველაზე მაღალი კონკურენციის პირობებში საკუთარი ადგილი მყარად დაიმკვიდრა. ამერიკელებს საქართველო საუკეთესო კუთხით გააცნო და ბევრისთვის საყვარელ ადგილად იქცა. იდეაც ეს იყო – ჩიზბოუთში ყველამ უნდა იპოვოს მისთვის საყვარელი აჭარული ხაჭაპური და თავი განსაკუთრებულ სტუმრად იგრძნოს. ამაზე კი რესტორნის მეპატრონეები ყოველდღიურად ზრუნავენ.

ჩიზბოუთის წარმატების ისტორია

cheeseboat

ჩიზბოუთის გახსნა სამმა და-ძმამ ხუთი წლის წინ ჩაიფიქრა. საქართველოდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასულ დედას იდეა გაანდეს. სჯეროდათ, რომ ხაჭაპური ამერიკულ ბაზარს დაიპყრობდა და ასეც მოხდა. ინვესტიცია საკუთარი დანაზოგი იყო. დედამ კი საქართველოში არსებული ყველა უძრავი ქონება გაყიდა. დღეისთვის ბრენდად ქცეული ჩიზბოუთი უკვე სწრაფი კვების ობიექტებს ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბნებში ხსნის. იდეა კიდევ უფრო მასშტაბურია, ჩიზბოუთი იქნება პირველი ქართული ბრენდი, რომელიც სწრაფი კვების ქსელს მთელ ამერიკაში გახსნის. 

კიდევ უფრო შორეული გეგმა ამერიკაში ქართული ყველის ჯერ იმპორტი და შემდგომ უკვე წარმოებაა. ჩიზბოუთში სჯერათ, რომ ხაჭაპური საუკეთესო სწორედ ქართული ყველით გამოდის და დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ყველი ისევე მოიპოვებს პოპულარობას, როგორც თავის დროზე პიცამ აქცია მოცარელა მოთხოვნად და ცნობად პროდუქტად. 

ჩიზბოუთი  პროფესიით ყბა-სახის ქირურგს – ქეთი გოჩაშვილსა და მის სამ შვილს ეკუთვნით. მთელ დროს რესტორანს უთმობენ და სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ, ქუჩაშიც ხშირად ცნობენ. ქეთის კი ზედმეტი სახელით Mama Cheeseboat-ით მოიხსენიებენ. 

რამდენიმე კვირის წინ ჩიზბოუთმა მანჰეტენზე სწრაფი კვების პირველი ობიექტი გახსნა და Business Feed-მაც ქეთი გოჩაშვილთან ინტერვიუ სწორედ გახსნის დღეს ჩაწერა.

 

– საიდან გაჩნდა ჩიზბოუთის იდეა?

– ჩემი შვილები დიდი ხანია შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. მეც ვაპირებდი საცხოვრებლად აქ ჩამოსვლას.  ჩემი უფროსი შვილის (ნეტის) იდეა იყო, გაგვეხსნა ადგილი, რომელიც ამერიკელებს საუკეთესოდ გააცნობდა ხაჭაპურის მრავალსახეობას. ფიქრობდა, რომ ხაჭაპური არაასათანადოდაა დაფასებული და ის იმსახურებს, იყოს ისევე აღიარებული, როგორც პიცაა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მულტიკულტურული ადგილი, სადაც სასურველ ხაჭაპურს ყველა გემოვნების ადამიანი იპოვიდა. თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი ამ იდეას,  თუმცა, ცოტა ხანში მეც დავინახე ამ პროექტის მასშტაბურობა და პერსპექტივა. ჩემმა შვილმა გაწერა მარკეტინგული გეგმა, აითვისა სოციალური ქსელები და ჩიზბოუთმაც მალევე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ნიუ-იორკში. ახლა ყველამ იცის აჭარული ხაჭაპური და მისი ამერიკული სახელი ჩიზბოუთი.

– სანამ სარესტორნო ბიზნესში მოხვდებოდით, საქართველოში პრაქტიკოსი ყბა-სახის ქირურგი იყავით. რამდენად რთული იყო სამედიცინო სფეროდან თქვენთვის სრულიად უცნობ სამყაროსთან ადაპტირება?

– პროფესიით ორთოპედ-ქირურგი ვარ. ვერასდროს წარმომედგინა, რაზე უნდა გამეცვალა ჩემი პროფესია, მაგრამ ცხოვრებაში დგება გარდამტეხი მომენტები. რთული იყო ექიმობიდან ხაჭაპურის მცხობლად გადავქცეულიყავი. ამერიკაში წამოსვლამდე, ჯერ კიდევ საქართველოში მომიწია პროფესიისთვის თავის დანებება. ჩემი ბიზნესი მქონდა. უკვე აქ რომ ჩამოვედი, სრულიად ახალი და გასაოცარი სფერო აღმოვაჩნე – კულინარია, რომელიც ამოუწურავი, უკიდეგანო ფანტაზიის სამყაროა. ცალკე მოტივაციაა, შენი ეთნიკური სამზარეულო გახადო პოპულარული ისეთ ქალაქში, რომელიც რესტორნების მექად ითვლება. 

135584980_3347770565352297_2921160878787

139437808_3360324097430277_7189812840446

145859023_3410148489114504_4887400659996

146937698_3425257417603611_1919048986994

– ყოველი სტუმრობისას მომხმარებელს მენიუში ახალი ჩიზბოუთი ხვდება.  ხაჭაპურზე „ექსპერიმენტების“ ჩატარება, ალბათ, გარკვეული რისკიც იყო…

– სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთან მოსულ სტუმარს წარმოდგენა შევუქმნათ კლასიკურ აჭარულ ხაჭაპურზე, მენიუში პირველ ნომრად სწორედ ტრადიციული აჭარული გვიწერია. მენიუს სეზონურად ვცვლით. ვგეგმავთ, რომელ ინგრედიენტს რომელი ყველი უხდება. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მენიუში ფავორიტი ჩიზბოუთი ნებისმიერმა სტუმარმა აღმოაჩინოს.  

– ჩიზბოუთი უილიამსბურგში მდებარეობს, ბრუკლინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ უბანში, სადაც უამრავი კვების ობიექტია. როგორ მოახერხეთ ამ კონკურენციაში ადგილის პოვნა?

– უილიამსბურგი არტისტების თავშეყრის ადგილია. აქ ჩამოდის ყველა, ვისაც საკუთარი ნიუ-იორკული ოცნების ასრულება სურს. უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვდებით.  ძალიან რთული იყო თავის დამკვიდრება. შემეშინდა კიდეც ბიზნესის აქ გახსნა, თუმცა, ჩვენი სამზარეულოთი და სტუმართმოყვარეობით მალე შევძელით უამრავისთვის საყვარელ ადგილად ვქცეულიყავით. დღეს ჩიზბოუთი ერთ-ერთი ის ადგილია, რომელსაც უილიამსბურგში აუცილებლად უნდა ესტუმროთ – ასე გვაფასებენ ჩვენი სტუმრები. ხანდახან ჩიზბოუთის მაისურით მიწევს საქმეებზე გასვლა და მთელ ქალაქში მცნობენ, მაჩერებენ და ბევრ კარგ სიტყვას მეუბნებიან. 

109980159_2869319619864063_2455457405171

– როდესაც ოჯახური ბიზნესი გაქვს, ალბათ, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, შეინარჩუნო უმაღლესი ხარისხი…

– ნამდვილად ასეა. უნდა ვთქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ჩემი შვილები აკეთებენ. სწორედ მათი ინოვაციური იდეების, სწორი მარკეტინგული გათვლებისა და ხედვების წყალობით გახდა ჩიზბოუთი ასეთი მოთხოვნადი. მე, უბრალოდ, სულ იქ მიწევს ყოფნა და შემერქვა მეტსახელი Mama Cheeseboat. ჩემი თანამშრომლებიც სწორედ ასე მომმართავენ. 

– ჩიზბოუთს  ბევრი ცნობილი ადამიანიც სტუმრობს ხოლმე…

– ჩემი მომხმარებლები არიან  ცნობილი ვარსკვლავები, მაგრამ ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყველა მაგიდა და ყველა კლიენტი ერთნაირად მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ზის მაგიდასთან, ყველა უნდა იყოს კმაყოფილი.

matt-dillon-cheeeseboat.jpg

– მანჰეტენი და სწრაფი კვების პირველი ობიექტი – რას ნიშნავს ეს თქვენთვის და ქართული სამზარეულოს ცნობადობისთვის?

– გვინდა პიცერიის მსგავსი სახაჭაპურეები შევქმნათ, ეს იდეა ჩემს შვილს, შაკოს, ეკუთვნის. შევძელით ჩიზბოუთის სწრაფი კვების პირველი ობიექტი მანჰეტენის გულში, ბრაიანტ პარკში გაგვეხსნა, სადაც უამრავი კვების ობიექტია. პანდემიის პირობებში ამ ყველაფრის ორგანიზება რთული იყო, მაგრამ შევძელით. უამრავი ადამიანი მოდის, ვინც გვიცნობს, უხარიათ, რომ მათ საყვარელ აჭარულ ხაჭაპურს უკვე მანჰეტენზეც დააგემოვნებენ.

– ყველის წარმოების  დაწყებას აპირებთ ამერიკაში. რატომ გადაწყვიტეთ?

– ყველაზე კარგი აჭარული ხაჭაპური ქართული ყველით კეთდება. სამწუხაროდ, ქართული ყველით ხაჭაპურს მეც ვერ ვაკეთებ, რადგანაც ამერიკაში ხარისხიანი ქართული ყველი არ იშოვება. ამიტომ  მოლაპარაკება  საქართველში ერთ-ერთ საწარმოსთან დავიწყე, რომელსაც შევთავაზე, გააკეთოს სხვადასხვა სახეობის ყველი, მათ შორის ნაზავი სპეციალურად ხაჭაპურისთვის. სახელი ჩიზბოუთი უკვე ასოცირდება ხაჭაპურთან. მინდა ყველის მსგავსი ბრენდი შევქმნა. ბრენდის ცნობადობიდან გამომდინარე მისი რეალიზება მარტივი იქნება. პირველ ეტაპზე ყველს საქართველოდან შემოვიტანთ, უკვე შემდგომ კი, აქაურ წარმოებას დავიწყებთ. ხუთი სახეობის ქართულ ყველს შევქმნით. გვჯერა, რომ ბაზარზე ადგილს იოლად დავიმკვიდრებთ. დიდ მარკეტებთან საუბარი უფრო მარტივია, როდესაც შენს ბრენდს ბევრი იცნობს. სწორედ ამისთვის ვიღწვოდით მთელი ეს წლები. 

– ქართულ სამზარეულოსთან ერთად ამერიკელებს ქართული ღვინოც გააცანით და შეაყვარეთ…

– ეს ერთგვარი რისკი იყო, შეგვეძლო, სტუმრებისთვის ფრანგული ან იტალიური ღვინოები შეგვეთავაზებინა. ეს „უსაფრთხო თამაში“ იქნებოდა. ვარჩიეთ, ჩვენი სტუმრებისთვის თავიდანვე ქართული ღვინო გაგვეცნო. ახლა უკვე ისე არიან შეყვარებულები ჩვენს სამზარეულოსა და ღვინოზე, რომ ექსპერტებადაც კი გვევლინებიან. ერთმანეთს ურჩევენ ხოლმე, რასთან რა ღვინო აჯობებს. ჩვენი თანამშრომლებიც უყვებიან ღვინის თითოეულ სახეობაზე, აცნობენ ისტორიას.

ჩიზბოუთმა მიაღწია ჩანაფიქრს, ის იქცა მულტიკულტურულ ადგილად. ჩვენი შემადგენლობაც მულტინაციონალურია, რაც კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებს აქაურობას.

The post ჩვენს ლოგოს, ნეონის ნათურას აჭარული ხაჭაპურის ფორმით, მთელ ამერიკაში მალე ავანთებთ appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share