Guest Merlin Posted 28 მაისი, 2021 Posted 28 მაისი, 2021 გადაწყვეტილებებს ყოველდღე ვიღებთ – დიდსა და პატარას, მნიშვნელოვანსა და მეორეხარისხოვანს, ცხოვრებისეულსა და სამსახურეობრივს… შესაბამისად, ლიდერიც მუდმივად დგას არჩევანის წინაშე – რომელი ნაბიჯი გადადგას? როგორ ჯობია მოიქცეს? რა მოიმოქმედოს? განახორციელოს თუ არა კონკრეტული ქმედება? „რა დროს ემოციებია!“ – რამდენს გაგვიგია სხვისი აღშფოთება ან თვითონ გვიფიქრია, სწორედ მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ… არადა, ეს მოძველებული დისკუსია უკვე არააქტუალურია, მაგრამ ინერციით მაინც მოგვყვება ყველას, განსაკუთრებით კი, ტრადიციული მეთოდებით აღზრდილი თაობის წარმომადგენლებს. და ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს იქნება გამჯდარი ეს შეხედულება შემზღუდავი რწმუნებულების სახით ჩვენს ცნობიერებაში… მოძველებული იმიტომ, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს ნეიროფსიქოლოგებმა უკვე ექსპერიმენტულად დაადასტურეს – ემოციები ყოველთვის თამაშობს როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაშინაც კი, თუ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ. მეტიც, ემოციური ინტელექტის აზრი სწორად იმაში მდგომარეობს, რომ დავაბალანსოთ ემოციები და ფიქრები და ორივე თანაბრად გამოვიყენოთ საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად. „ემოციური ინტელექტი არის გრძნობებისა და ფიქრების ეფექტიანი ერთიანობა ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად“, – ამბობს ემოციური ინტელექტის გლობალური ქსელის – SIX Seconds-ის პრეზიდენტი ჯოშუა ფრიდმანი. როგორ დავაბალანსოთ ემოციები და ფიქრები და როგორ გამოვიყენოთ ისინი გადაწყვეტილებისთვის? ამაში გვეხმარება ემოციური ინტელექტის ისეთი კომპეტენციები, როგორებიცაა – ემოციების ცოდნა, შედეგობრივი აზროვნება, ოპტიმიზმის მართვა, შინაგანი მოტივაცია და ემპათია. განვიხილოთ პირველი, საბაზისო კომპეტენცია – ემოციების ცოდნა, რაც გულისხმობს ემოციების აღიარებას, სახელის დარქმევასა და გაანალიზებას. ემოციების ასეთი გაცნობიერება გვეხმარება არა მარტო ემოციების მართვაში, არამედ მათ ჩვენს საკეთილდღეოდ გამოყენებაში. ემოციების ფუნქცია ხომ სწორედ ეს არის – გადაგვიყვანოს საჭირო ქმედების რეჟიმში, რომ უკეთესად მოვახდინოთ გარემოსთან ადაპტირება. მაგალითად, ბრაზი გვაძლევს ბარიერების გადალახვის ენერგიას, ზიზღი გვაძლევს ძალას, ავირიდოთ მოსალოდნელი შედეგები, ინტერესი გვაძლევს მოტივაციას რაიმეს გასარკვევად და შესასწავლად, ნდობა გვაძლევს გამბედაობას, დავამყაროთ კავშირები და შევქმნათ პარტნიორული ურთიერთობები და ა.შ. იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ემოციები, საჭიროა, თავდაპირველად გავაცნობიეროთ, რას ვგრძნობთ და გავაანალიზოთ, რისი თქმა უნდა ემოციას ჩვენთვის. ეს ყველაფერი გვეხმარება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გავითვალისწინოთ ემოციები და სათანადო ქმედებები განვახორციელოთ. რამდენად კარგად აცნობიერებენ და უგდებენ ყურს ლიდერები ემოციებს? რა თქმა უნდა, არც ისე კარგად. არადა, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მხოლოდ ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, ვერ იქნება ოპტიმალური, რადგან მასში გათვალისწინებული არ იქნება ის შეუფასებელი ინფორმაცია, რომელიც ლიდერისთვის მისსავე ემოციებს მოაქვს. „როდესაც ლიდერები აცნობიერებენ საკუთარ ემოციებს და შეუძლიათ მათი მართვა, ისინი უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ. ლიდერები იყენებენ ემოციებს, როგორც სიგნალებს, იმისთვის, რომ იმ უამრავ სხვა მოთხოვნებს შორის, რომლის წინაშეც დგანან, ყურადღება მიმართონ აუცილებელი და პრიორიტეტული საჭიროებებისკენ“, – ამბობს პროფესორი და ფსიქოლოგიის დოქტორი ჯენიფერ მ. ჯორჯი (2000). რას ვგრძნობ ახლა? რატომ იწვევს ეს საკითხი ჩემში ასეთ გრძნობებს? რას მეუბნება ასეთი ემოციური რეაქცია ჩემს თავსა და სიტუაციაზე? რა საჭიროებას უკავშირდება ჩემი რეაქცია? რატომ არის ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი? როგორ უნდა გავითვალისწინო ეს ყოველივე ჩემს ქმედებაში? – ეს ის ძირითადი კითხვებია, რომლებზე პასუხებიც სხვა ტიპის ანალიტიკურ მსჯელობებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხებიც ლიდერის გადაწყვეტილებას ხდის ბევრად უფრო გაცნობიერებულს, ინფორმირებულსა და შესაბამისად, ოპტიმალურს. ასე რომ, ემოციურად ინტელექტუალური შეიძლება დაერქვას ემოციებსა და ფიქრებს შორის დაბალანსებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ორივეს – როგორც ემოციებისგან მიღებულ ინფორმაციას, ასევე შესაძლო შედეგებს, იმ სარგებელსა თუ დანაკარგს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ქმედებას. The post ემოციური ინტელექტი ლიდერის გადაწყვეტილებებში – ემოციების გაცნობიერება appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა