ფორუმელი Moor Posted 22 მაისი, 2021 Posted 22 მაისი, 2021 http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/05/italo-calvino-700x433.png ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ მოდით, დავიწყოთ კლასიკის რამდენიმე არსებული დეფინიციით: კლასიკა არის წიგნები, რომელთა შესახებ, ჩვეულებრივ, ამბობენ: „მეორედ ვკითხულობ…“ და არასოდეს ამბობენ: „ვკითხულობ…“. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ისინი, ვინც თავიანთ თავს „ძალზე ნაკითხ“ ადამიანებად მიიჩნევს. ამ სიტყვებს არ ამბობენ ახალგაზრდები, იმ ასაკში, როდესაც პირველად ეცნობიან სამყაროს და კლასიკას, როგორც ამ სამყაროს ნაწილს. სიტყვა „მეორედ“ ზმნა „კითხვის“ წინ ზოგჯერ იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკე ცრუობს, რადგან რცხვენია იმის აღიარება, რომ არ წაუკითხავს სახელგანთქმული ნაწარმოები. ასეთი ადამიანების სანუგეშოდ უნდა შევნიშნო, რომ როგორი ვრცელიც უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენგანის მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა, მაინც არსებობს უამრავი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებიც არ წაგვიკითხავს. ხელები ასწიონ იმათ, ვინც წაიკითხა მთელი ჰეროდოტე და მთელი თუკიდიდე! როგორაა საქმე სენ-სიმონის ან კარდინალი დე რეცის შემთხვევაში? თვით მე-19 საუკუნის რომანთა დიადი ციკლების შესახებ ხშირად საუბრობენ, მაგრამ იშვიათად კითხულობენ მათ. ბალზაკის კითხვას საფრანგეთში სკოლაში იწყებენ და თუ გავითვალისწინებთ ტირაჟების რაოდენობას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას სკოლის დამთავრების შემდეგაც კითხულობენ, მაგრამ თუ გელაპის ინსტიტუტი გამოკითხვას იტალიაში ჩაატარებს, ვშიშობ, რომ ბალზაკი პრაქტიკულად უკანასკნელ ადგილს დაიკავებს. დიკენსის თაყვანისმცემლები იტალიაში მცირერიცხოვან ელიტას შეადგენენ; როდესაც მისი წევრები ერთმანეთს ხვდებიან, იწყებენ ლაყბობას პერსონაჟებისა და ეპიზოდების შესახებ, ისე, თითქოს ნაცნობი ადამიანებისა და საგნების თაობაზე მსჯელობენ. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მიშელ ბიუტორი ამერიკაში ასწავლიდა, მას თავს აბეზრებდნენ შეკითხვებით ემილ ზოლას შესახებ, რომელიც ბიუტორს წაკითხული არ ჰქონდა. მან გადაწყვიტა, „რუგონ-მაკარების“ მთელი სერია წაეკითხა და აღმოაჩინა, რომ მისი წარმოდგენა ზოლას რომანების შესახებ სრულიად განსხვავდებოდა თვით ამ რომანებისგან: თავის ბრწყინვალე ესეში ბიუტორმა აღწერა მითოლოგიური და კოსმოგონიური გენეალოგიური ხე, რომელიც „რუგონ-მაკარების“ ფაბულის საფუძველია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიადი რომანის წაკითხვა მოწიფულობის ასაკში – უჩვეულო სიამოვნებაა, რომელიც განსხვავებულია (ვერ გეტყვით, მეტია თუ ნაკლები) სიამოვნებისგან, რომელსაც ეს ნაწარმოები მოგვანიჭებს ახალგაზრდობისას. ახალგაზრდები კითხვისას, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საქმიანობისას, უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ წიგნის სპეციფიკურ თავისებურებებს და სპეციფიკურ მნიშვნელობას, მაშინ, როდესაც სიმწიფის ასაკში ადამიანი გაცილებით მეტად აფასებს (და უნდა დააფასოს კიდეც) დეტალებს, მასშტაბსა და საზრისს. ამიტომ შეიძლება შემოგთავაზოთ ამგვარი დეფინიცია: სიტყვით „კლასიკა“ ჩვენ აღვნიშნავთ იმ წიგნებს, რომელთაც აფასებენ ისინი, ვინც ისინი წაიკითხა და შეიყვარა; მაგრამ ამ წიგნებს არანაკლებ აფასებენ ისინი, ვისაც ბედნიერება ჰქონდა, პირველად წაეკითხა ისინი საუკეთესო პირობებში და დამტკბარიყო მათით. სინამდვილეში ახალგაზრდობის ასაკში კითხვა შეიძლება საკმაოდ უსარგებლო იყოს ჩვენი სულწასულობის, გონების გაფანტულობის, „პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციაში“ გაუთვითცნობიერებლობისა და თვით ცხოვრების არცოდნის გამო. მაგრამ წაკითხული წიგნები, სავარაუდოდ (შესაძლოა, ერთსა და იმავე დროს), ხელს უწყობს ჩვენს ჩამოყალიბებას, იმ გაგებით, რომ ისინი ფორმას ანიჭებენ მომავალ გამოცდილებას და გვაწვდიან ცხოვრებისეული მოვლენების მოდელებს, მათი შედარების პირობებს, კლასიფიკაციის სქემებს, ფასეულობათა შკალებს, მშვენიერების ნიმუშებს – ყველაფერს, რაც განაგრძობს ქმედითობას ინარჩუნებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წიგნი ახალგაზრდობისას წავიკითხეთ და ხეირიანად არც კი გვახსოვს. თუ წიგნს მოწიფულობის ასაკში გადავიკითხავთ, ალბათ, ხელახლა აღმოვაჩენთ ამ კონსტანტებს, რომლებიც ახლა უკვე ჩვენი შინაგანი მექანიზმების ნაწილია და რომელთა წარმომავლობა აღარც კი გვახსოვს. ლიტერატურული ნაწარმოები შეიძლება დაგვავიწყდეს, მაგრამ ის ჩვენს სულში ტოვებს თავის თესლს. ამიტომ შეიძლება შევიმუშავოთ ამგვარი დეფინიცია: კლასიკა – ის წიგნებია, რომლებიც საგანგებო ზეგავლენას ახდენს ჩვენზე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ისინი გონებიდან არ წარიხოცებიან და მაშინაც, როდესაც ისინი მეხსიერების ნაკეცებში იმალებიან და კოლექტიური ან ინდივიდუალური არაცნობიერის ნიღბით გვევლინებიან. ამიტომ მოწიფულობის ასაკში დრო უნდა დავუთმოთ ჩვენი ახალგაზრდობის დროინდელი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნების გადაკითხვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი წიგნები არ შეიცვალა (თუმცა ისინი იცვლებიან შეცვლილი ისტორიული პერსპექტივის ზეგავლენით), ჩვენ, უეჭველია, შეცვლილნი ვიქნებით და ამ წიგნებთან ჩვენი შეხვედრა სრულიად ახლებური იქნება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არა აქვს, ვიყენებთ თუ არა სიტყვებს „კითხვა“ და „გადაკითხვა“. ეჭვგარეშეა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ: კლასიკის ყოველი გადაკითხვა ისეთივე მოგზაურობაა უცნობ სფეროში, როგორც – პირველი წაკითხვა. კლასიკის ყოველი წაკითხვა სინამდვილეში მისი გადაკითხვაა. მეოთხე დეფინიცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც მომდევნო დეფინიციის შედეგი: კლასიკა არის წიგნი, რომლის სათქმელი ამოუწურავია. მაშინ, როდესაც მე-5 დეფინიცია დამოკიდებულია უფრო კონკრეტულ დებულებაზე, რომელიც ქვემოთაა მოყვანილი: კლასიკა – ის წიგნებია, რომლებზეც აღბეჭდილია წინამორბედი წაკითხვების კვალი, ისევე, როგორც – კვალი, რომელიც მათ თვითონ დატოვეს გარემომცველ კულტურასა ან კულტურებზე (ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ენასა და ტრადიციებზე). ყოველივე ეს სამართლიანია როგორც ძველი, ისე – თანამედროვე კლასიკის მიმართ. როდესაც ვკითხულობ „ოდისეას“, მე ვკითხულობ ჰომეროსის ტექსტს, მაგრამ ისიც ვიცი, როგორ აღიქვამდნენ ულისეს თავგადასავლებს ასწლეულების განმავლობაში და აუცილებლად დავფიქრდები იმაზე, ეს წაკითხვები ფარულად იგულისხმება ტექსტში, თუ ინკრუსტირების, შერყვნის ან გაფართოების შედეგია. როდესაც ვკითხულობ კაფკას, უნდა ვაღიარო ან უგულებელვყო ისეთი ზედსართავის კანონიერება, როგორიცაა „კაფკასებური“, რომელიც ესოდენ ხშირად იყენებენ (განურჩევლად ყველაფრის მიმართ). თუ ვკითხულობ ისეთ რომანებს, როგორებიცაა ტურგენევის „მამები და შვილები“ და დოსტოევსკის „ეშმაკნი“, არ შემიძლია არ ვიფიქრო იმაზე, რა სახით მოგვევლინებოდნენ მათი პერსონაჟები ჩვენს ეპოქაში. კლასიკური ნაწარმოების კითხვამ უნდა გაამდიდროს ჩვენი წარმოდგენა მის შესახებ. ამ მიზეზით, არ შემიძლია დაბეჯითებით გავუწიო რეკომენდაცია რომელიმე წიგნის კითხვას და გვერდი ავუარო მისი ავტორის კრიტიკულ ბიოგრაფიას, ნაწარმოების კომენტარებს და მრავალრიცხოვან ინტერპრეტაციებს. არც ერთი ტექსტი, რომელშიც ლაპარაკია წიგნის შესახებ, არ გვაუწყებს მეტს, ვიდრე – თვით ეს წიგნი. ამასთან, სკოლები და უნივერსიტეტები ყოველნაირად გვინერგავენ საპირისპირო შეხედულებას. ძალზე გავრცელებული არასწორი პრაქტიკის მიხედვით, შესავალი, კრიტიკული აპარატი და ბიბლიოგრაფია ხშირად ხელს უშლის იმის გაგებას, რის თქმაც ძალუძს წიგნს და იტყვის კიდეც შუამავლების გარეშე. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ: კლასიკა ყოველთვის როდი გვაწვდის ახალ ცოდნას. კლასიკაში ზოგჯერ აღმოვაჩენთ ხოლმე იმას, რაც ყოველთვის ვიცოდით (ან გვეგონა, რომ ვიცოდით), მაგრამ არ ვიცოდით, რომ ეს თვალსაზრისი პირველად სწორედ ამ კონკრეტულმა ავტორმა გამოთქვა, ან, ყოველ შემთხვევაში, მის სახელთან ასოცირდება. და ესეც გარკვეულ სიამოვნებას გვანიჭებს, მაგალითად, ისეთს, როგორსაც განვიცდით წარმომავლობის, მიმართების, ანალოგიის აღმოჩენისას. ყოველივე ამის საფუძველზე ამგვარი ვასკვნით: კლასიკა – ის წიგნებია, რომლებიც სულ უფრო ახალი, ორიგინალური და მოულოდნელია, უფრო მეტად, ვიდრე გვეგონა მათ წაკითხვამდე და მათ შესახებ საუბრების მოსმენის საფუძველზე. ბუნებრივია, ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კლასიკა ამყარებს უშუალო კავშირს მკითხველთან. სამწუხაროა, თუ მათ შორის ნაპერწკალი არ გაირბენს; მაგრამ ჩვენ არ ვკითხულობთ კლასიკას მოვალეობის ან პატივისცემის კარნახით, არამედ – მხოლოდ სიყვარულის გამო. გამონაკლისია სკოლა, და სკოლამ საშუალება უნდა მოგცეთ, მეტ-ნაკლებად კარგად შეისწავლოთ გარკვეული რაოდენობის კლასიკური ნაწარმოებები, რომელთა შორის – ან რომელთა საფუძველზეც – შეძლებთ თქვენი კლასიკის შერჩევას. სკოლა მოვალეა, უზრუნველგყოთ სათანადო ინსტრუმენტებით საიმისოდ, რომ შეძლოთ არჩევა, მაგრამ ჭეშმარიტად ღირებული არჩევანი ხორციელდება სკოლისგან დამოუკიდებლად ან სკოლის დამთავრების შემდეგ. მხოლოდ მიუკერძოებელი კითხვის დროს შეიძლება წააწყდეთ წიგნს, რომელიც თქვენს წიგნად იქცევა. ვიცნობ ხელოვნების შესანიშნავ ისტორიკოსს, უაღრესად ნაკითხ პიროვნებას, რომელსაც ყველა წაკითხულ წიგნს შორის განსაკუთრებით უყვარს „პიკვიკის კლუბის ჩანაწერები“; ის ყოველთვის იხსენებს ამა თუ იმ კომიკურ ფრაზას დიკენსის წიგნიდან და ყოველ ცხოვრებისეულ მოვლენას „პიკვიკის“ ამა თუ იმ ეპიზოდთან აკავშირებს. თანდათან მან, მისმა ფილოსოფიამ და სამყარომ „პიკვიკის კლუბის“ ფორმა მიიღო სრული იდენტიფიკაციის პროცესის წყალობით, ამგვარად, ჩვენ მივდივართ ძალზე მაღალ და მომთხოვნ წარმოდგენამდე კლასიკის შესახებ: ჩვენ ვიყენებთ სიტყვას „კლასიკა“ იმ წიგნების მიმართ, რომლებიც სამყაროს ეკვივალენტის სახეს იღებენ და წიგნებს უძველეს თილისმებს ამსგავსებენ. ეს დეფინიცია გვაახლოებს „აბსოლუტური წიგნის“ იდეასთან, როგორიც ის მალარმეს წარმოედგინა. მაგრამ კლასიკისადმი შეიძლება დაპირისპირებისა და და წინააღმდეგობის გრძნობა გაგიჩნდეთ. ჟან-ჟაკ რუსოს აზრებიცა და ქცევაც ძალზე ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ მაინც მიჩნდება დაუძლეველი სურვილი, შევეკამათო მას, გავაკრიტიკო, წავეკინკლავო. ეს პირადი ანტიპათიაა (ტემპერამენტის დონეზე), რის გამოც სხვა არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ არ ვიკითხო რუსო; და მაინც, არ შემიძლია, არ დავასახელო ის ჩემს ავტორებს შორის. ამიტომ ვიტყვი: თქვენი ავტორი-კლასიკოსი არის ის, ვინც გულგრილს არ გტოვებთ, ვინც მოითხოვს, განსაზღვროთ თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ, თუნდაც ეს დამოკიდებულება მასთან პოლემიკაში გამოიხატებოდეს. ვფიქრობ, არ მჭირდება თავის მართლება იმის გამო, რომ სიტყვა „კლასიკის“ გამოყენებისას არ გამოვყოფ ეპოქას, სტილს ან ავტორიტეტს. კლასიკას შეიძლება ახასიათებდეს მხოლოდ ექოს ეფექტი, რაც შეესაბამება როგორც ძველ, ასევე – თანამედროვე კლასიკას, რომელმაც უკვე დაიკავა თავისი ადგილი კულტურულ კონტინუუმში. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ: კლასიკა არის წიგნი, რომელიც სხვა კლასიკური წიგნების წინამორბედია; მაგრამ ნებისმიერი, ვინც თავდაპირველად წაიკითხავს სხვა წიგნებს, შემდეგ კი – ამ კონკრეტულ ნაწარმოებს, მყისიერად ამოიცნობს მას გენეალოგიურ ხეზე. მოცემულ მომენტში ვეღარ შევძლებთ გადავავადოთ არსებითი პრობლემის განხილვა: როგორ მიემართება კლასიკის კითხვა სხვა დანარჩენი წიგნების კითხვას, რომლებიც კლასიკა არ არის? ეს პრობლემა უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: რატომ უნდა ვიკითხოთ კლასიკა, იმ წიგნების ნაცვლად, რომელთა მეშვეობითაც უკეთ შევძლებთ ჩვენი ეპოქის გააზრებას? როგორ უნდა ვიპოვოთ დრო და სულიერი მდგომარეობა, რათა ვიკითხოთ კლასიკა, როდესაც ჩართულნი ვართ ყოველდღიური მოვლენების ორომტრიალში? რა თქმა უნდა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ნეტარი სული, რიმელიც კითხვისთვის განკუთვნილ მთელ დროს უთმობს მხოლოდ და მხოლოდ ლუკრეციუსს, ლუკიანეს, მონტენს, ერაზმუსს, კევედოს, მარლოს, „მსჯელობას მეთოდის შესახებ…“, ვილჰელმ მაისტერს, კოლრიჯს, რასკინს, პრუსტს და ვალერის, ზოგჯერ კი – მურასაკის ან ისლანდიურ საგებს. და ყოველივე ეს მაშინ, როდესაც უნდა წერო უკანასკნელი პუბლიკაციების მიმოხილვები, ან მეცნიერული ნაშრომები, რათა დაიკავო გარკვეული თანამდებობა უნივერსიტეტში, ან სასწრაფოდ უნდა დაწერო სტატიების სერია ჟურნალებისთვის? იმისთვის, რომ ასეთ დიეტას დაუზარალებლად გაუძლოს, ამ ნეტარმა სულმა თავი უნდა შეიკავოს გაზეთების კითხვისგან და არასოდეს აჰყვეს ახალი რომანის ან სოციოლოგიური გამოკვლევის წაკითხვის ცდუნებას. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რამდენად გამართლებული ან მომგებიანი იქნება ამგვარი რიგორიზმი. „ახალი ამბების“ გადაცემა შეიძლება ბანალური ან დამთრგუნველი იყოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისის ყურება საჭიროა. იმისთვის, რომ კლასიკის კითხვის შესაძლებლობა გქონდეთ, უნდა იცოდეთ, „საიდან“, რომელი გვერდიდან კითხულობთ მას; წინააღმდეგ შემთხვევაში წიგნიც და მკითხველიც უდროობის ღრუბელში ჩაიკარგებიან. ამიტომ ყველაზე მეტ „მოგებას“ კლასიკის კითხვისგან იღებს ის, ვინც იცის, როგორ შეანაცვლოს ხოლმე კლასიკის კითხვა ყოფითი საქმეებით (მართებული დოზით). და ეს წყვეტილი საქმიანობა აუცილებლად როდი გულისხმობს შინაგან აუღელვებლობას, სიმშვიდეს, არამედ შეიძლება ახლდეს ნერვული მოუთმენლობა, გაღიზიანება და უკმაყოფილება. შესაძლოა, იდეალური იქნებოდა „ახალი ამბების“ მოსმენა ისე, როგორც ვუსმენთ ხმაურს ფანჯრის მიღმა, რომელიც მეტყველებს „საცობებისა“ და ამინდის მოულოდნელი ცვლილების შესახებ, მაშინ, როდესაც კლასიკის ხმა მკაფიოდ და გარკვევით გაისმის ოთახში. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობისთვის საკმარისია, თუკი კლასიკა აღიქმება, როგორც შორეული გრგვინვა, რომელსაც ახშობს ყოფითი ხმაური, მაგალითად, ტელევიზორის ძლიერი ხმა. მოდით, დავამატოთ: კლასიკა არის რაღაც, რაც მიისწრაფვის დაიყვანოს მიმდინარე პრობლემები ფონური ხმაურის დონემდე, მაგრამ, ამავდროულად, ფონური ხმაური ისაა, რის გარეშეც არსებობა შეუძლებელია. 14 . კლასიკა არის ის, რაც ინარჩუნებს ფონური ხმაურის სტატუსს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კონკრეტულ სიტუაციაში მასთან შეუთავსებელი ყოფითი პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ კლასიკის კითხვა ეწინააღმდეგება ცხოვრების ჩვენეულ რიტმს, რომელიც აღარ გვიტოვებს დროის ვრცელ პერიოდებს ან ჰუმანური თავისუფალი დროის სივრცეს? გასათვალისწინებელია თანამედროვე კულტურის ეკლექტიზმიც – ის ვერასოდეს შეძლებს შეადგინოს კლასიკური საგნების კატალოგი, რომელიც დააკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნილებებს. ეს უკანასკნელი პირობა სრულად იქნა რეალიზებული ლეოპარდის შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ პოეტის განმარტოებულ ცხოვრებას მამამისის სახლში (მის “paterno ostello“-ში), უძველესი ბერძნული და ლათინური კულტურის მისეულ კულტს და უზარმაზარ ბიბლიოთეკას, რომელიც ლეოპარდის გადასცა მამამ, მონალდომ. ამას შეიძლება დავამატოთ იტალიური და ფრანგული ლიტერატურა, გარდა რომანებისა და ზოგადად, უახლესი ნაწარმოებებისა, რომლებსაც კითხულობდა ჯაკომოს და, პაოლინა („შენი სტენდალი“ – მისწერა ერთხელ ლეოპარდიმ თავის დას). მეცნიერებისა და ისტორიისადმი დიდი ინტერესის მიუხედავად, ის ხშირად კითხულობდა არც ისე თანამედროვე ტექსტებს და სიამოვნებით ეცნობოდა ფრინველების ჩვევებს – ბიუფონის, ფრედერიკ რუიშის მიერ შემუშავებულ ბალზამირების ხერხებს – ფონტანელის, კოლუმბის მოგზაურობას კი – რობერტსონის ნაშრომებიდან. ამჟამად კლასიკური განათლება – ისეთი, როგორიც ჰქონდა ახალგაზრდა ლეოპარდის – წარმოუდგენელია. ჯერ ერთი, გრაფ მონალდოს ბიბლიოთეკა არაჩვეულებრივად სწრაფად იზრდებოდა. ჩვენთვის კი გამოსავალი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ შევქმნათ კლასიკის საკუთარი იდეალური ბიბლიოთეკები. ჩემი აზრით, ყოველი ამგვარი ბიბლიოთეკის ნახევარს უნდა შეადგენდეს უკვე წაკითხული წიგნები, რომელთა რაოდენობა ჩვენთვის ცნობილია, ხოლო მეორე ნახევარს ის წიგნები, რომელთა წაკითხვასაც ვაპირებთ და ვვარაუდობთ, რომ მათ რაოდენობას დავითვლით. ასევე, უნდა დავტოვოთ ცარიელი თაროები სასიამოვნო და შემთხვევითი აღმოჩენებისათვის. მესმის, რომ ლეოპარდის შემთხვევა – ერთადერთი, რომელიც დავიმოწმე იტალიური ლიტერატურიდან – მისი ბიბლიოთეკის სწრაფი ზრდის შედეგია. ახლა უნდა გადავწერო მთელი სტატია, რათა ნათელვყო, რომ კლასიკა გვეხმარება გავიაზროთ, ვინ ვართ და რანი ვართ – მიზანი, რომლისთვისაც აუცილებელია შევადაროთ იტალიელები უცხოელებს და უცხოელები – იტალიელებს. შემდეგ სტატია კიდევ ერთხელ უნდა გადავწერო, რათა არავინ ირწმუნოს, რომ კლასიკა უნდა ვიკითხოთ ნებისმიერი მიზნით. ერთადერთი მიზეზი, რომელიც შეიძლება დავასახელოთ, ისაა, რომ ჯობს ვიკითხოთ კლასიკა, ვიდრე არ ვიკითხოთ ის. და თუ ვინმე შემეკამათება, რომ არ ღირს ამდენი წვალება, მოვიყვან ჩორანის (რომელიც ჯერ არაა კლასიკოსი, მაგრამ აუცილებლად იქნება) ციტატას: „სანამ ციკუტას ხარშავდნენ, სოკრატე ფლეიტაზე დაკვრას სწავლობდა. „რა სარგებლობას მოგიტანს ეს?“ – ჰკითხეს სოკრატეს. – „ფლეიტაზე დაკვრას ვისწავლი, სანამ მოვკვდებოდე“. © არილი 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 22 მაისი, 2021 Posted 22 მაისი, 2021 ფჰჰჰ იკითხეთ და იმედგაცრუება მერე ნახეთ, დაგალეწავთ ყველაფერს თავზე! პირველ შთაბეჭდილებას მეორედ ვერ მოახდენს ის ვაუვ ტექსტი, მერე უკვე უჩხიკინებ როგორც მკვდარს უკეთებ ხელოვნურ სუნთქვას ისე. მოკლედ თუ ტექსტის ჩხიკინი შენი პროფესია არაა აზრს ვერ ვხედავ ადამიანი რომელიც ცხოვრობს მსუყე ცხოვრებით და იმეცნებს სამყაროს მხატვრულ ლიტერატურას რატომ უნდა აფლანგოს დრო და სასიცოცხლო რესურსი? წესით როცა პაწუა ხარ, უცოდინარი და ფრთხილი, დაუსვრელად იღებ ინფოს გარემომცველ სამყაროზე, მერე უკვე მხატვრული ლიტერატურის ფუნქციას ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაში უბრალოდ ვერ ვხედავ, ვერც იმას რომ კლასიკა ღეჭო! ადმინს დისლაიქი დაამატე რაა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Dude Posted 11 ივლისი, 2021 Posted 11 ივლისი, 2021 On 5/22/2021 at 9:51 PM, Mulan said: ადმინს დისლაიქი დაამატე რაა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა