Jump to content
×
×
  • Create New...

რა არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

2008 წელს საქართველოში პირველი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაფუძნდა. შესაბამისი კანონი 2007 წელს მაშინდელი მთავრობის ინიციატივით მიიღეს. ინიციატორების განცხადებით, თიზ-ები ხელს შეუწყობდნენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. არსებობდა მოლოდინი, რომ ამ ტიპის ზონები იქნებოდა ერთგვარი „საგადასახადო სამოთხე“. მათ ეკონომიკური სასწაული უნდა მოეხდინათ და ზრდის ტემპი დაეჩქარებინათ.

რა მიზნით იქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა?

თავისუფალი ზონა იქმნება კონკრეტული რეგიონის ან ქალაქის გარკვეულ ნაწილში. ასეთ ზონებში საქონლისა და მომსახურების წარმოება თავისუფლდება გადასახადებისაგან და მოქმედებს სხვა დამატებითი შეღავათები. ინდუსტრიული ზონა განსაზღვრული ვადით გამოიყოფა ეკონომიკური საქმიანობისთვის. მსოფლიოში გვხვდება ამ ტიპის სივრცეების ოთხი ნაირსახეობა:

  • თავისუფალი ვაჭრობის ზონა
  • ექსპორტის დამუშავების ზონა
  • სპეციალური ეკონომიკური ზონა
  • ინდუსტრიული ზონა

შეიძლება ითქვას რომ რომ ქართული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის კონცეფცია რამდენიმე ოთხივე სივრცის ელემენტებს მოიცავს. საქართველოში თიზ-ების საქმიანობის პრინციპები განსაზღვრულია „ინდუსტრიული ზონების შესახებ“ 2007 წლის საქართველოს კანონით. ძირითადი მიზნები, რის გამოც მთავრობები ამ ტიპის ზონებს აფუძნებენ არის:

  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა
  • კონკრეტულ რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის წახალისება
  • უმუშევრობის შემცირება
  • Ტექნოლოგიური უნარების გაუმჯობესება 

რას საქმიანობენ და რა რეჟიმი ვრცელდება თიზ-ებში?

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები იქმნება ტერიტორიაზე, რომლის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეწყობა საბაჟო გამშვები პუნქტი. თიზის ტერიტორიაზე ინვესტორი იჯარით იღებს ობიექტს. აქ რეგისტრირებული საწარმოები თავისუფლდებიან: დღგ-ის, მოგების, ქონების, იმპორტისა და ექსპორტის გადასახადებისგან. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა, თუმცა, ინიციატორი შესაძლოა იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონებიFreepik

თიზ-ები საქართველოში

საქართველოში ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოქმედებს, ოთხივე მათგანს სხვადასხვა კომპანია მართავს: China Energy Company Limited (CFFC) – ფოთის თიზ-ს; Georgian International Holding – ქუთაისის თიზ-ს; GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP – ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ს და  BitFury-ის შვილობილი Georgian Technology Park – თბილისის თიზ-ს.

თიზ-ების ფუნქციონირების ვადა სხვადასხვაა (ზოგიერთ მათგანს ინდუსტრიული ზონის სტატუსი 30, 49 ან 99 წლით აქვს მინიჭებული). ზონების ფუნქციონირებას ზედამხედველობას უწევს საქართველოს მთავრობა.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორი გიორგი ტაბიძე ამბობს, რომ თიზ-ში 100-ზე მეტი საწარმო ფუნქციონირებს და ზონაში არსებული საწარმოო სივრცეების 80% ათვისებულია.

„პანდემიის შემდეგ ვხედავთ მზარდ ინტერესს, ამიტომ ვაპირებთ კიდევ უფრო გააქტიურებას შეთავაზებების კუთხით. ჩვენ გამზადებულ ინფრასტრუქტურას ვახვედრებთ კომპანიებს და შესაბამისად, მათთვის ძალიან მარტივია ოპერირების დაწყება. ამასთან, თბილისის ფაქტორი შედარებით კარგად მოქმედებს აქ უფრო ადვილია კომპანიების მოზიდვა“ , – აცხადებს გიორგი ტაბიძე Busniness Feed-თან საუბრისას.

100-მდე საწარმო ფუნქციონირებს ფოთის თავისუფალ ინდუსტიულ ზონაშიც. საინვესტიციო დეპარტამენტის თავმჯდომარე თამარ სახეიშვილი ამბობს, რომ ფოთის თიზ-ში მომუშავე საწარმოების ძირითადი საქმიანობაა ვაჭრობა, სხვადასხვა პროდუქტის იმპორტი, დასაწყობება და ექსპორტ/რეექსპორტი. ინვესტიციების ძირითადი გეოგრაფიული არეალი დსთ-ის ქვეყნებით შემოიფარგლება.

„მიუხედავად პანდემიისა და ახალი გამოწვევებისა, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები რამდენიმე მწარმოებელ კომპანიასთან, რომელთაგან გამოვყოფ თხილის გადამამუშავებელ საწარმოს, სადაც დასაქმებულია 20-მდე ადგილობრივი პირი. ასევე 2020 წელს დაასრულა საწარმოო შენობის მოწყობისა და მანქანა-დანადგარების დამონტაჟების პროცესი მიკროსქემების მწარმოებელმა კომპანია G&T Engeneering Solutions-მა, რაც კარგი მესიჯია სხვა კომპანიებისთვის,დაიწყონ და განავითარონ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება საქართველოში. 2021 წლის მაისში კი სპორტული ნიღბების  მწარმოებელი ქარხანა ფარგინი ოფიციალურად გაიხსნა ფოთის თიზ-ში“, – ამბობს თამარ სახეიშვილი Busniness Feed-თან.

გამოწვევები და შესაძლებლობები

დღესდღეობით თიზ-ები სრულყოფილად ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ამ ტიპის სივრცეების შექმნა 2007-2008 წლებში დაიწყო –  განსხვავებული ბიზნესგარემოს პირობებში. მას შემდეგ ქვეყანაში საგადასახადო კანონმდებლობა უფრო ლიბერალური გახდა, გაფორმდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, ძალაში შევიდა დაბეგვრის ესტონური მოდელი. თიზ-ების წარმოადგენლები ამბობენ, რომ ამ ტიპის ზონების განვითარება ისეთ ქვეყნებში, სადაც ისედაც ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობაა, რთულია. ასეთ შემთხვევაში თავად ქვეყანა ხდება ამ ზონების „კონკურენტი“ დაბალი გადასახადებით. უცხოური კაპიტალის მოსაზიდად კი ზემოთ ჩამოთვლილი საგადასახადო პრეფერენციები საკმარისი აღარ არის.

„თიზ-ის გარეთაც საგადასახადო კუთხით შეღავათიანი გარემოა. შესაბამისად, ისეთი დიდი უპირატესობა, როგორიც ეს წლების წინ იყო, აღარ გვაქვს. ჩვენი ოპერირების პერიოდში, მცირე დოზებით გარკვეული ცვლილებები იყო, რაც ადმინისტრირებას ამარტივებდა, ტექნიკურ საკითხებს გვიგვარებდა რაღაც დოზით, მაგრამ უმთავრესი თემები, რამაც უნდა მოგვცეს კლიენტების ახალ სეგმენტზე გასვლა,  ჯერ კიდევ დღის წესრიგშია“, – აცხადებს გიორგი ტაბიძე.

მისი განმარტებით, გადასახედია ბევრი საკითხი, მათ შორის ის მუხლი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ბაზრიდან თიზ-ში საქონლის შეტანაზე 4%-იანი გადასახადია დაწესებული. იქ მოქმედ კომპანიებს გარკვეული საქონლის ყიდვა საქართველოს ბაზარზეც უწევთ და შესაბამისად, საქმიანობა უძვირდებათ. ამ მიზეზის გამო, თიზ-ის საწარმოები საჭირო საქონელს უცხოეთში ყიდულობენ და იმპორტით შემოაქვთ, რაც უკვე აღარ იბეგრება, თუმცა, ოპერირებას ართულებს.

 „კანონმდებლობის მოდიფიკაციასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა თიზებთან ერთად, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო ორგანოებთან. შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჭიროებს დეტალურ დასაბუთებას და განხილვას, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს“, – ამბობს თამარ სახეიშვილი.

როგორც ვხედავთ, თიზ-ებში საგადასახადო სამოთხე არ შედგა – ქვეყანაში უფრო ლიბერალური ბიზნესგარემო ჩამოყალიბდა, ვიდრე ეს 2007 წელს იყო ნავარაუდევი. შედეგად, ინდუსტრიულმა ზონებმა ძირითადი დანიშნულება დაკარგეს. ამის მიუხედავად, თიზ-ებს გარკვეული მიმზიდველობა კვლავაც შენარჩუნებული აქვთ. ეს მიმზიდველობა ძირითადად ექსპორტსა და რეექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებს შეეხებათ – მათთვის თიზებში ოპერირება, ადმინისტრირება, საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება უფრო მარტივია.

„ეს კონკურენტული უპირატესობა გვაქვს. მთავარია, ასეთი კომპანიები, ოღონდ ახლები, რაც შეიძლება მეტი გაჩნდეს ქვეყანაში“ – გვითხრა გიორგი ტაბიძემ.

The post რა არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share