Guest Merlin Posted 6 მაისი, 2021 Posted 6 მაისი, 2021 ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საზოგადოების მოთხოვნა გაითვალისწინა და ნამახვანჰესის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. რეალურად კი კომპანია Enka Renewables უწყვეტად აგრძელებს სამშენებლო სამუშაოებს რიონის ხეობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება, არაერთი დარღვევის მიუხედავად, ჰესის მშენებლობაზე უარის თქმას არ აპირებს. საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, მოხდა თუ არა ჰესის ფისკალური და სამართლებრივი რისკების შეფასება. შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შეფასების დოკუმენტები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ. სპეციალისტები არაერთ სხვა დარღვევაზე საუბრობენ. მათი შეფასებით, ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება წამყვან ქვეყნებში არსებული მიდგომებისგან ძალიან დაშორებულია. როგორ იქცევიან განვითარებული ქვეყნების მთავრობები, როცა საქმე დიდი ჰესების მშენებლობას ეხება? რა ვალდებულებებს ითვალისწინებს ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება? როგორია გარემოს დაცვისა და ფისკალური რისკების გათვალისწინების ევროპული პრაქტიკა? შევეცდებით, აღნიშნულ კითხვებს პასუხი ამ სტატიაში გავცეთ. დარღვევები ნამახვანჰესის მშენებლობაზე როგორც აღმოჩნდა, დარღვევები გადაწყვეტილების მიღების ეტაპიდანვე იწყება. არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი, რომელიც ნამახვანჰესის პროექტის მონიტორინგს უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს, Business Feed-თან საუბრისას ამბობს, რომ ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნების წესების მიხედვით, მკაცრად არის გამიჯნული ხელისუფლებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის როლი. გადაწყვეტილებას – სად რომელი ჰესი აშენდეს – იღებს მარეგულირებელი კომისია და არა ენერგეტიკის სექტორის ზედამხედველი სამინისტრო. საქართველოში კი ჰესების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს. ასე მოხდა ნამახვანჰესთან დაკავშირებითაც. „გაუგებარი და სრულიად ბუნდოვანი იყო ე.წ. ტენდერის ჩატარების პროცესი. რეალურად არავინ იცის, იყო თუ არა საერთოდ ტენდერი. გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ნახვა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გახდა შესაძლებელი. ეს ეწინააღმდეგება ენერგოთანამეგობრობის ძირეულ პრინციპს, რასაც გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჰქვია“, – აღნიშნავს დათო ჭიპაშვილი. Enka-სთან ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა მომხდარიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ). გზშ არის კვლევების კომპლექსი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, შესაძლებელია თუ არა პროექტის განხორციელება ტექნიკური, ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და კულტურული თვალსაზრისით. ასევე, უნდა გამოავლინოს საუკეთესო ალტერნატივა გამჭვირვალედ, საზოგადოების მონაწილეობით. ამის შემდეგ ხდება ჰესის მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღება. როგორც დათო ჭიპაშვილი აღნიშნავს, ყველა ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის, შვეიცარიაშიც (რაც ხშირად მაგალითად მოჰყავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს), გადაწყვეტილების მიღების პროცესი იწყება გზშ-დან და არა ხელშეკრულების გაფორმებიდან. ხოლო საქართველოში სრულიად საპირისპირო პროცესი ხდება. მთავრობამ მიწების გადაცემასთან დაკავშირებით განკარგულება ისე გამოსცა, რომ შესაბამისი კვლევები ჯერ არ იყო ჩატარებული. კვლევების ჩატარების გარეშე მიიღო დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც. ამის შემდეგ ინვესტორს მისცეს მშენებლობის ნებართვა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, იყო წინამოსამზადებელ და არა ძირითადი რიგის სამუშაოებზე. „მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც საჭირო კვლევებს არ ეყრდნობოდა. ხოლო ცოტა ხნის წინ თქვა, რომ პროექტი გამოსაკვლევად იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა. არადა, იუსტიციის სამინისტროს პროექტისთვის თანხმობა უკვე აქვს მიცემული. აბა ახლა რაღას იკვლევს?! ეს სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, რომელიც სხვაგვარად არის მოწყობილი. ეს ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ევროკავშირის მიმართ აღებულ ვალდებულებებს“, – ამბობს დათო ჭიპაშვილი. პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ/ავტორი: დავით სიმონიაროგორ მოხდა ინვესტორისთვის მიწის გადაცემა Enka-ს ჰესის ასაშენებლად 1 705 ლარად უკვე გადაეცა 600 ჰექტარი მიწა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას შეუძლია მოითხოვოს სხვა მიწის ნაკვეთების 1 ლარად გადაცემაც რაჭა-ლეჩხუმისა და რიონის ხეობის ფარგლებში. ეს ნაკვეთები პროექტისთვის უნდა იყოს საჭირო, თუმცა, კომპანიას ამ საჭიროების დასაბუთების ვალდებულება არ აქვს. გარდა ამისა, კომპანიას უფლება აქვს გადაცემულ მიწაზე სასარგებლო წიაღისეული ლიცენზიის გარეშე მოიპოვოს. ევროკავშირის ქვეყნებში ჰესის მშენებელი კომპანიისთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილებას მას შემდეგ იღებენ, რაც გარემოზე ზემოქმედების ხასიათი და მასშტაბი შესაბამისი კვლევებით შეფასდება. ამის საფუძველზე ადგენენ, პროექტი საჭიროა თუ არა. შესაბამისი კვლევები საქართველოში არ ჩატარებულა. „თუ კვლევა დაადასტურებდა, რომ ჰესს იმხელა სარგებელი მოაქვს, რომ ქვეყანას უღირს ამაზე წასვლა, მაშინ შეიძლება გვესაუბრა, რომ მიწის ამ ფორმით გადაცემა არის გამართლებული. მაგრამ ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რატომ გადაეცა 99 წლით და არა სხვა ვადით. არ ვიცით, შეფასდა თუ არა ტყის, როგორც ქონების ღირებულება, რომელიც ჰესის აშენების შედეგად განადგურდება“, – აღნიშნავს დათო ჭიპაშვილი. ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვა და ექსპორტი საქართველოში ინვესტორთა წახალისებისათვის მიღებული პრაქტიკაა სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის მემორანდუმების გაფორმება. მემორანდუმების მიხედვით, ჰესის მშენებელ კომპანიას უდგენენ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის (PPA) ვადებსა და ტარიფს, თუმცა, ტარიფის დადგენის პრინციპები არ არის მკაფიოდ განმარტებული. ასეთი პროცედურა, ხშირ შემთხვევაში, არაკონკურენტული და გაუმჭვირვალეა. გარანტირებული შესყიდვის ვალდებულება ევროპული ქვეყნებისთვის უცხო პრაქტიკაა. გარანტირებული შესყიდვის ვალდებულებას უკავშირდებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტიკული დასკვნაც. მან 2017 წელს დაწერა, რომ ნამახვანჰესის პროექტისთვის მიცემული ასეთი გარანტია სახელმწიფო ბიუჯეტს ფინანსურ პრობლემას შეუქმნიდა. საქართველოს მთავრობამ ისე აიღო ფინანსური ვალდებულებები, რომ პროექტის ფისკალური რისკების შეფასება არ მომხდარა. „დიდი ალბათობით, არც ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დასკვნა არსებობს, რაც კანონმდებლობის კიდევ ერთი ფუნდამენტური დარღვევაა, – აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებაში, – გადასახადების ზრდის ან ახალი გადასახადების შემოღების შემთხვევაში, მთავრობა ვალდებული იქნება კომპანიისთვის, კონტრაქტორებისა და დამფინანსებლებისთვის გაზრდილი ხარჯები დაფაროს. გარდა ხარჯებისა, მთავრობა ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს მიუღებელი შემოსავალიც. ხელშეკრულება კომპანიის ბრალითაც რომ შეწყდეს, მთავრობამ მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა, მათ შორის, აღებული სესხიც უნდა გადაუხადოს.“ „მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში განახლებადი ენერგიების ტარიფი არის კლებადი. ფასი განისაზღვრება იმის მიხედვით, როგორია მოთხოვნა, მაგალითად, სეზონის მიხედვით, და არ ხდება ელექტროენერგიის წინასწარ, 15 ან 30 წლით გარანტირებულ ფასად შესყიდვა. გარდა ამისა, ნამახვანჰესის მფლობელს 1 კილოვატ ელექტროენერგიაში გარანტირებულ 6.2 ცენტზე ზემოთ, ე.წ. პირველადი, მეორეული და მესამეული რეზერვის გადასახადსაც გადაუხდიან. ევროპულ ქვეყანაში ხელშეკრულებაში მსგავსი ჩანაწერი არსად მოიძებნება. ხელშეკრულების თანახმად, 6.2 ცენტის ტარიფი ყოველ წელს 3%-ით გაიზრდება, როცა სხვა ჰესებისთვის საშუალო ტარიფი არის 4.9 ცენტი“, – ამბობს დათო ჭიპაშვილი. „რიონის ხეობის მცველები”/ავტორი: დავით სიმონიაარასაჯაროობა – კიდევ ერთი დარღვევა დარღვევების ვრცელი ჩამონათვალიდან ერთ-ერთი პროექტის განხილვაში მოსახლეობის ჩართულობასაც ეხება. პროექტის დამტკიცებამდე უნდა მომხდარიყო მისი საჯარო განხილვა. ხელისუფლებამ კი მოსახლეობასთან შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. პროექტის განხილვას ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რადგან ინვესტორთან ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილი იყო. როგორც საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, დიალოგის ნაცვლად, ხელისუფლება პროტესტის დასუსტებისთვის რეპრესიულ მეთოდებს იყენებს და ახორციელებს საპროტესტო მოძრაობის ლიდერების დისკრედიტაციას. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ნამახვანჰესის მშენებლობა უნდა შეაჩეროს. გამოვლენილი დარღვევების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ხოლო შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაიწყონ მოკვლევა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციულ გარიგებას მთავრობის წევრებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის. კორუფციული გარიგების ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ხელშეკრულების შეწყვეტა. ეკონომიკის სამინისტრო ირწმუნება, რომ ნამახვანჰესის დეველოპერი კომპანია ტენდერის საფუძველზე შეარჩია, რომელმაც 2016 წელს ყველაზე დაბალი ტარიფის შემოთავაზებით გაიმარჯვა. რაც შეეხება ელექტროენერგიის გარანტირებულად შესყიდვას (PPA), სამინისტრო აცხადებს, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) მიერ Enka-სთან დადებული PPA სხვა ინვესტორებთან გაფორმებული კონტრაქტებისგან არ განსხვავდება. Enka-სთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შესასყიდი ელექტროენერგიის პერიოდი არის 8 თვე, რაც ემთხვევა ენერგოსისტემაში ჰიდრორესურსების სიმცირის პერიოდს, როცა ქვეყანაში ხდება ელექტროენერგიის იმპორტი. ხოლო იმ დროს, როცა ქვეყანას აქვს ენერგიის სიჭარბე, ინვესტორისთვის მის შესყიდვაზე ან გადახდაზე არანაირი გარანტიები არ მიუციათ. სამინისტრო ირწმუნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ენერგოსისტემას დამატებით ელექტროენერგია დასჭირდება, მისი შესყიდვა საბაზრო ფასით მოხდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნამახვანჰესის საშუალო შეწონილი ტარიფი ოპერირების დაწყების წლისთვის 4.91 ცენტია. 3%-იანი მატების გათვალისწინებით, პირველი 10 წლის განმავლობაში ტარიფი 5.3 ცენტი გახდება, ხოლო გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების სრული 15-წლიანი პერიოდის საშუალო ტარიფი 5.74 ცენტია. მთავრობის პოზიცია საზოგადოების პროტესტის გამწვავების შემდეგ, მთავრობამ განაცხადა, რომ Enka-სთან გაფორმებული ხელშეკრულების რევიზიას დაიწყებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ყველა დოკუმენტის, მათ შორის, გზშ-ის შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულების პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის შესასწავლად იუსტიციის სამინისტრო საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას დაიქირავებს. ეკონომიკის მინისტრის – ნათია თურნავას თქმით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი დირკ ბუშლე. საერთაშორისო ექსპერტმა ნამახვანჰესის გარემოზე ზემოქმედების შესწავლის მიმართულებით უნდა იმუშაოს. მთავრობამ გამოაცხადა, რომ მანამდე, ვიდრე გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია არ მოხდება, კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდება მორატორიუმი 9-12 თვით. მთავრობის დაპირებების მიუხედავად, პროტესტანტები ამბობენ, რომ ადგილზე სამშენებლო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს, ამიტომ მასშტაბური აქცია 23 მაისს უკვე საქართველოს დედაქალაქში გაიმართება. The post როგორი უნდა იყოს ჰესის ხელშეკრულება: ევროპის გამოცდილება appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა