ფორუმელი Moor Posted 1 აპრილი, 2021 Posted 1 აპრილი, 2021 საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, სხვადასხვა მიმართულებით ვითარება საკმაოდ მძიმეა - ქვეყნის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროს დიდი ზიანი მიაყენა კოვიდპანდემიამ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს დასაქმება, ამ ყველაფერს ემატება გადაუწყვეტელი პოლიტიკური კრიზისი და მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეუთანხმებლობა. ამ უკანასკნელი მიმართულებით, მაშინ, როდესაც 2020 წლის 8 მარტს მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდა, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან ერთად, ფასილიტაციის პროცესში გერმანიის ელჩი, ჰუბერ ქნირშიც ჩართული იყო... ელჩი „ინტერპრესნიუსს“ განვითარებული მოვლენების, სხვადასხვა პრობლემისა და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა. - ბატონო ჰუბერტ, პირველ რიგში, დავიწყოთ პოლიტიკური მოვლენებით. შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უკვე მეორედ ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა მთავრობასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. როგორი იქნებოდა თქვენი შეფასება განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თანაც იმის ფონზე, რომ ფასილიტაციის საწყის ეტაპზე თქვენ პროცესში აქტიურად იყავით ჩართული? - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ძალიან აქტიურად ჩაერთო, რათა პარტიებს შორის შეთანხმება მიღწეულიყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება თავის მიზნამდე ბოლომდე ჯერ არ მისულა და ის უნდა გაგრძელდეს. ამისათვის უნდა გაუმჯობესდეს კანონები, მაგალითად, საარჩევნო კოდექსი და რიგი პროცედურები სასამართლო დარგში. ბატონმა დანიელსონმა ამ კუთხით კარგი და ძალიან კონკრეტული შეთავაზებები წარმოადგინა და კარგი იქნებოდა მათი მიღება პარტიების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ერთი ან მეორე მხარის დადანაშაულებას აზრი არ აქვს. ჩვენ ახლა უფრო მეტად უნდა ვიმედოვნოთ, რომ მოცემულ სიტუაციაშიც რაც შეიძლება, მეტი გაუმჯობესება განხორციელდება. რურუასა და მელიას საკითხებიც ადრე თუ გვიან, გადაიჭრება. ამასთან, კარგი იქნებოდა, თუ 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენები ქვეყანას მეტად აღარ დაამძიმებდა. მე არ ვკარგავ იმედს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ბოლოს მაინც დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც შემდეგ არჩევნებში ახალი და პატარა პარტიების შანსებს გააუმჯობესებს. - პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან და უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებული კანონპროექტების შესახებ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ: 1) პარტიების დაფინანსების შეწყვეტა, როცა ცალკეული დეპუტატები პარლამენტის სხდომების დიდ ნაწილს არ ესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება; და 2) პარტიული სიის რეგისტრაციის მოხსნა, რადგან მისი ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არაპროპორციულ ზომად აღიქმება. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვენეციის კომისია თვლის, რომ ეს კანონპროექტები სამართლიანია. გვესმის "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენელთა განცხადებებიც, რომ მათ აუცილებლად მიიღებენ კანონების სახით. თქვენ როგორ აღიქვით ვენეციის კომისიის პოზიცია - არის თუ არა ამ შეფასებების გათვალისწინების ერთადერთი გზა ის, რომ კანონპროექტების კანონებად ქცევაზე სრულიად ითქვას უარი? - საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს სთხოვა პოზიციის დაფიქსირება ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით. ორივე ინსტიტუციამ ძალიან მკაფიოდ, დეტალურად და კარგი დასაბუთებით გამოთქვეს მათი პოზიცია თითოეულ პუნქტთან მიმართებაში. დასკვნა ის არის, რომ პარლამენტი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ისეთი ინსტრუმენტების შექმნისას, რომლითაც უმცირესობა, ოპოზიცია, გარკვეული პოლიტიკური ქმედების გამო შეიძლება დაისაჯოს. ეს ორივე ინსტიტუცია არ გასცემს მითითებებს, პასუხისმგებლობა არჩეულ პოლიტიკოსებზეა. ისინი გადაწყვეტენ, თუ რა შეიძლება, მოცემულ სიტუაციაში იყოს სასარგებლო და რამ შეიძლება, შექმნას პრობლემები. - საქართველოს, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, კორონავირუსის პანდემიამ უდიდესი ზიანი მიაყენა. ქართველი მოსახლეობის და საერთაშორისო საზოგადოების მიერ პანდემიის პირველ პერიოდში დადებითი შეფასებები, რომელიც მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის შესახებ კეთდებოდა, ბოლო თვეებია, გადაფარა ქართველი საზოგადოებისა და ბიზნესის უკმაყოფილებამ, რომ შეზღუდვები მეტისმეტია და ვითარებას აუარესებს. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს რეაგირებას კორონავირუსზე გრძელვადიან პერიოდში და რას ურჩევდით ამ ეტაპზე თუ სამომავლოდ ქვეყანას, რომ ეკონომიკა მთლიანად არ ჩამოიშალოს? - ყველა ქვეყანაში ვხედავთ, რომ მუდმივად ახალი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება მთავრობებისთვის მართლაც არ არის იოლი. საქართველომ დიდი ხნის განმავლობაში ეს კარგად მოახერხა. ზაფხულში კი შიდა ტურიზმმა სამწუხაროდ, პანდემიის გავრცელებას შეუწყო ხელი და ასევე, არჩევნების წინ არ სურდათ დამატებითი შეზღუდვების შემოღება. მე ვესაუბრე საქართველოს მთავრობის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს და მათთან ერთად მეც იმედი მაქვს, რომ ჭკვიანური შეზღუდვებისა და აცრების კამპანიაში წინსვლის შედეგად შესაძლებელი იქნება მდგომარეობის იმგვარად გამოსწორება, რომ ამ ზაფხულს ეკონომიკამ გარკვეულწილად, ნორმალურად შეძლოს ფუნქციონირება და ასევე, უცხოელმა ტურისტებაც - კვლავ ჩამოსვლა. - გერმანია საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად ეხმარებოდა, იქნებოდა ეს პრაიმერების მოწოდება, სწრაფი ტესტების თუ სხვა. შეგიძლიათ, გვესაუბროთ გერმანიის ამჟამინდელ დახმარებაზე საქართველოსადმი კორონავირუსთან, როგორც ჯანდაცვისა და ეკონომიკურ გამოწვევასთან, გამკლავების კუთხით? რა როლი ენიჭება ამ მხრივ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და იგეგმება თუ არა რაიმე დამატებითი დახმარება თუ ინიციატივა, რაც პანდემიის დამაზიანებელ ეფექტს საქართველოში შეასუსტებს? - ჩვენ შევძელით გარკვეული დახმარება, ხელი შევუწყეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, წითელი ჯვრის, საავადმყოფოების მუშაობას. გერმანიის დახმარება საერთაშორისო დონეზე უმთავრესად მიმართულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და Covax-ის ინიციატივის ხელშეწყობისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც „ევროპის გუნდის“ წევრს, გვსურს გავაგრძელოთ დახმარება ევროკავშირთან ერთად, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა. თუ ნებას მომცემთ, მინდა ღიად ვთქვა, რომ სწორედ ახლა და შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში თავად ქართველებს შეუძლიათ თავისი ქვეყნის დახმარება, კერძოდ იმით, რომ აიცრან და ამით ვირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ. ბუნებრივია, იგივე ეხება იმ დიპლომატებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ - მე და ჩემი მეუღლე სიამოვნებით ავიცრებით, როდესაც რიგი მოგვიწევს. - საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. ვიცით, რომ ამ პროგრამაზე, ასე ვთქვათ, მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებას - ბევრად მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, ვიდრე ის რაოდენობა, რომელიც გერმანიაში სამუშაოდ წავა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია დაუსაქმებელი და მსგავსი პროგრამების იმედზე არიან. მიუხედავად პროგრამის კეთილი მიზნისა და წარმატებისა, თქვენი აზრით, რამდენადაა ეს საქართველოსთვის პრობლემა? და ისევ მეტი ხელშეწყობისთვის, მომავალში ხომ არ იგეგმება, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიეცეს თქვენს ქვეყანაში ლეგალურად დასაქმების საშუალება? - მთლიანობაში, თანდათანობით, მომდევნო წლებში ქართველებს გერმანიაში მუშაობის მეტი შესაძლებლობა მიეცემათ. სოფლის მეურნეობაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, მაგრამ ამან ახალი ხომ არაფერი გვითხრა საქართველოს შესახებ. სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია, განსაკუთრებით სოფლებში. პანდემიის შედეგად კიდევ უფრო მეტი შემოსავლის წყარო დაიკარგა. ცუდი არ არის, რომ ადამიანებს აღნიშნული სამუშაოთი მათი მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ. მოხარული ვარ, რომ შევქმენით ეს შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის ეს მხოლოდ მცირე შუალედური ნაბიჯია. - ჩვენს ქვეყანაში ოკუპაცია, ბორდერიზაცია, შედეგად, ადამიანების დაკავება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ კვლავ აქტიურად გრძელდება. თქვენ მიერ გაკეთებული ძველი განცხადებით, „საზღვრები, რომლებიც არაადამიანურობას ეფუძნება, დიდხანს ვერ იარსებებს“. ზოგიერთ პოლიტიკოსთან, ექსპერტთან თუ დიპლომატთან საუბრისას ხშირად გვსმენია, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს კიდევ უფრო მეტად უნდა ამოუდგნენ გვერდში და რომ ისინი წლების განმავლობაში რუსეთის მიმართ მეტისმეტად „რბილი“ პოზიციებით გამოირჩევიან. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და როგორ ფიქრობთ, საქართველოს თუ მისი მეგობრების მიერ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდეს? - ასეთი საზღვრები სამწუხაროდ, უკვე ზედმეტად დიდი ხანია არსებობს. მაგრამ მე მგონია, რომ ისინი არ წარმოადგენს ისტორიის საბოლოო სიტყვას. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუდმივად განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება ამ თემის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე გატანა, მაგალითად, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ცოტა ხნის წინ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. აქ საუბარი კი არ არის რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ გამონათქვამებზე, არამედ ადამიანის ძირითად უფლებებსა და იმ პრინციპებზე, რომლის გარეშეც სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება უბრალოდ, შეუძლებელია. პარტნიორი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასთან ერთად ხელს უწყობენ მავთულხლართის ორივე მხარეს ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და კონტაქტების გაიოლებას. გამოსავალი საბოლოოდ იქნება მაშინ, როდესაც ადამიანებს ორივე მხარეს ამის მკაფიო სურვილი ექნებათ. - ვაშლიჯვრის მეწყრის ჩამოწოლასთან დაკავშირებით საქართველოში გერმანელი ექსპერტები მუშაობენ, რომლებიც გერმანული კომპანია „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ წარმომადგენლები არიან. საინტერესოა, რაიმე კუთხით საელჩოს ხომ არ ჰქონია შეხება მათ ჩამოყვანასთან და ამ პროცესშიც ხომ არ იგეგმება თქვენი მხრიდან მეტი დახმარება? - ჩვენი დახმარება აქ არ იყო საჭირო. მიუნხენის ამ კომპანიის ექსპერტები საქართველოში სხვადასხვა ადგილას ადრეც საქმიანობდნენ. ე.წ. სამშენებლო გეოლოგია ხომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მთიან ლანდშაფტზე ძალიან ბევრს აშენებენ, და ის ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს. - რას იტყვით საქართველო-გერმანიის თანამშრომლობაზე ენერგოპოლიტიკის მიმართულებით, რა არის ამ კუთხით მთავარი მიმართულებები და თუ არსებობს ახალი გეგმები? - ამ სფეროში ჩვენ უკვე ათწლეულების მანძილზე ვთანამშრომლობთ და საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა. ახლა საფრანგეთთან და ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ პირველ რიგში ელექტროენერგიის ბაზრის, ასე ვთქვათ, ბირჟის შექმნაზე. ერთი გერმანული კომპანია ქუთაისში მზის პანელებს აწარმოებს, სხვებს ქარის ენერგიაში სურთ ინვესტირება. სამართლიანი კონკურენციის პირობებით მათთვის, ვინც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, და სამართლიანი ფასებით მათთვის, ვინც მოიხმარს მას, საქართველოს ბრწყინვალე შესაძლებლობები აქვს, დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის საკუთარი მოთხოვნა და ასევე იმავე რაოდენობის ელექტორენერგია გაიტანოს ექსპორტზე, რამდენიც შემოაქვს. ამჟამად მთავრობა ენერგეტიკის დარგში გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს. ენერგიის წყაროების სწორად შერწყმა და ენერგიის გაფლანგვის დასრულება მომავლისთვის მნიშნელოვანი საკითხებია. ეკა აბაშიძე "ინტერპრესნიუსი" Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა