Jump to content
×
×
  • Create New...

2021 ოსკარების მთავარი ნომინაციები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

2021 წლის ოსკარის ნომინანტები 15 მარტს პირდაპირ ეთერში ვარსკვლავურმა წყვილმა ნიკ ჯონასმა და პრიანკა ჩოპრამ გამოაცხადა. ყველაზე მეტი – 10 ნომინაციის მოპოვება დევიდ ფინჩერის ბიოგრაფიულმა დრამამ Mank-მა მოახერხა. ოქროს გლობუსის ცერემონიის შემდეგ ინდუსტრიაში დუღილის ტემპერატურამ იმატა. ოსკარების რიგით 93-ე ცერემონია 26 აპრილს გაიმართება. მანამდე კი წინ 4 აპრილს SAG-ის, ხოლო 11 აპრილს BAFTA-ს პრესტიჟული დაჯილდოებები გველოდება. სტატიაში განვიხილავთ ოსკარების 4 მთავარ კატეგორიას და წარდგენილი ნომინანტების შანსებს.

 

ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალი:

ვაიოლა დეივისი – Ma Rainey’s Black Bottom

ანდრა დეი – The United States vs. Billie Holiday

ვანესა კირბი – Pieces of Woman

ფრენსის მაკდორმანდი – Nomadland

ქერი მალიგანი – Promising Young Woman

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ წელს ეს კატეგორია ყველაზე დიდი კონკურენციით გამოირჩევა. ერთი თვის წინ მთავარ ფავორიტად ქერი მალიგანს მიიჩნევდნენ, რომელმაც ფემინისტურ მანიფესტში შურისმაძიებელი ქალის როლი საოცრად შეასრულა. მსახიობმა CCA-ზე მთავარი ჯილდოც მიიღო, თუმცა, ვითარება მკვეთრად შეიცვალა, როცა ოქროს გლობუსი ანდრა დეის გადასცეს. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო, რადგან დეი, კოლეგებისგან განსხვავებით, BAFTA-სა და SAG-ზე წარდგენილიც კი არაა. ვაიოლა დეივისმა, მომღერალ მა რეინის გაცოცხლებით, 4 ნომინაცია მოიპოვა. ამით მან, როგორც ყველაზე ხშირად ნომინირებულმა შავკანიანმა ქალმა მსახიობმა, რეკორდიც დაამყარა. რაც შეეხება ფრენსის მაკდორმანდს, იგი პირველი ქალია, რომელიც ოსკარის მისაღებად არა მარტო მსახიობის, არამედ პროდიუსერის ამპლუაშიც იბრძოლებს. კრიტიკოსთა აზრით, ტრიუმფატორის პოზიციიდან არც ვანესა კირბია ჩამოსაწერი. ინგლისელმა საოცარი შესრულებით მოახერხა იმ ტრაგედიის გადმოცემა, რაც შვილის დაკარგვას ახლავს თან.

 

ნომინაცია საუკეთესო მსახიობი კაცი:

რიზ აჰმედი – Sound of Metal

ენტონი ჰოპკინსი – The Father

ჩედვიკ ბოუზმენი – Ma Rainey’s Black Bottom

გერი ოლდმენი – Mank

სტივენ იუნი – Minari

წელს კაც ნომინანტთა სია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იუნი პირველი აზიური წარმოშობის, ხოლო აჰმედი პირველი მუსლიმი მსახიობია, რომლებიც ამ კატეგორიაში წარადგინეს. ენტონი ჰოპკინსი კი 83 წლის ასაკში დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ხნიერ კანდიდატად ითვლება. ნომინაციის მთავარ ფავორიტი კვლავ ჩედვიკ ბოუზმენია. მსახიობის უკანასკნელი როლი დიდი ტრაგიზმითა და მძაფრი ემოციებითაა დატვირთული. ჩედვიკი ხატავს შავკანიანი კაცის სახეს, რომლის ცხოვრებაცა და კარიერაც კანის ფერის გამო სირთულეებსა და უსამართლობას ეწირება. გერი ოლდმენმა უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებით 2017 წელს ოსკარი უკვე მოიპოვა. თუმცა, გენიალური შესრულებებით საუკეთესოთა შორის ადგილს მუდმივად ინარჩუნებს. კატეგორიაში მისი და დებიუტანტ იუნის გამარჯვებას ნაკლებად ვარაუდობენ. ბოუზმენის შემდეგ, ფავორიტებად რიზ აჰმედსა და ენტონი ჰოპკინსსაც მიიჩნევენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩედვიკს ზურგს უკვე CCA-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებები უმაგრებს.

 

ნომინაცია საუკეთესო ფილმი:

Sound of Metal

Nomadland

The Father

Judas and the Black Messiah

Mank

Minari

Promising Young Woman

The Trial of the Chicago 7 

კატეგორიაში მთავარი ფავორიტი ქლოი ჟაოს Nomadland-ია. ფილმს დიდი გამოხმაურება ჯერ კიდევ შემოდგომის ფესტივალების დროს მოჰყვა. CCA-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებების შემდეგ პოზიცია უფრო გაიმყარა. ის ამ ჯილდოს მფლობელი პირველი ქალი რეჟისორის ნამუშევარია. ექსპერტები მის მთავარ კონკურენტებად Minari-სა და Promising Young Woman-ს ასახელებენ. თუმცა, ამ კატეგორიაში ფილმთა სიმრავლის გამო, მათ სხვა დაჯილდოებებზე უცვლელ ნომინანტებად ვერ ვიხილავთ, რაც თავისთავად, Nomadland-ის დიდ უპირატესობას უსვამს ხაზს.

 

ნომინაცია საუკეთესო რეჟისორი:

Chloé Zhao – Nomadland

Emerald Fennell – Promising Young Woman

Lee Isaac Chung – Minari

David Fincher – Mank 

Thomas Vinterberg – Another Round

მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, დევიდ ფინჩერის შავ-თეთრ ინდუსტრიულ ამბავს ნომინაციები არ დაუმსახურებია ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა საუკეთესო სცენარი და მონტაჟი. ამიტომაც კრიტიკოსები მთავარ ნომინაციებში Mank-ის წარმატებას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებიან. ქლოი ჟაო კი უფრო და უფრო იხვეჭს პოპულარობას. CCA-ისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებების შემდეგ, ის უფრო დიდ კომერციულ წარმატებასაც ელოდება. ჟაო Marvel-ის ახალი ფილმის – Eternals-ის რეჟისორია, რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. ამ ყველაფრის ფონზე მიიჩნევენ, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს და ის პირველი ფერადკანიანი ქალი რეჟისორი იქნება, ვინც ამას მოახერხებს. მისი მთავარი კონკურენტი ასევე ქალი – ემერალდ ფენელია, რაც ამ კატეგორიაში ძალზე იშვიათია. ფენელი Promising Young Woman-ის არა მარტო რეჟისორი, არამედ სცენარისტი და პროდიუსერიცაა. აღსანიშნავია, რომ ეს შავი იუმორით დატვირთული ტრილერი ცნობილი მსახიობის სარეჟისორო დებიუტს წარმოადგენს. 

 

The post 2021 ოსკარების მთავარი ნომინაციები appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share