Jump to content
×
×
  • Create New...

ევროკავშირის მედიაცია: ქართული ოცნება და ოპოზიცია კვლავ ვერ შეთანხმდნენ


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

31 მარტს, გვიან ღამით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის რვასაათიანი მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.

დანიელსონმა მხარეებისათვის მის მიერ წარდგენილი დოკუმენტიც გაასაჯაროვა. მიუხედავად, იმისა, რომ შეთანხმების ჩაშლაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთმანეთი დაადანაშაულეს, ჩანს, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმის, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხებზე მათ პოზიციების შეჯერება მოახერხეს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო მხარეებმა „პოლიტიკური“ პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

ახალი არჩევნების დანიშვნაზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მმართველი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, შეთანხმების საბოლოო ტექსტში არ ჩაიწერა. 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციის დროს „ყველა დარღვევასა და დაკავებაზე“ ამნისტიციის გამოცხადების გზით, დოკუმენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ დევნის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერსაც შეიცავს. ამ ეპიზოდში ვერ მოხვდა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელსაც ოპოზიცია „პოლიტპატიმრად“ მიიჩნევს.

ახლა დანიელსონი განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიაწვდის. ჯერჯერობით გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის ძალისხმევა.

„ეს არის გამოსავალი, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობასა და პასუხისმგებლობას“, – თქვა ევროკავშირის დიპლომატმა.

 

ქვემოთ მხარეებისთვის ქრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი წინადადების ძირითადი პუნქტებია მოცემული:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

დოკუმენტის მიხედვით, „ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე“. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებაზეა საუბარი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დროს, ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. „პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა

დანიელსონის მიერ წარმოდგენილი ტექსტის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე. ამავე ტექსტის მიხედვით, პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით: ადგილობრივი არჩევნები – პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.

დოკუმენტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს. აქედან პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ასევე ხმების 2/3-ით, ხოლო მისი მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

ამასთან, უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.

  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა

დოკუმენტის მიხედვით, მოქმედმა პარლამენტმა ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად უნდა დაამტკიცოს „ამბიციური“ სასამართლო რეფორმა.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ: ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით; ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.

ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა. აგრეთვე, გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება

პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შემდეგ სიიდან შეირჩევა: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი; საგარეო საქმეთა კომიტეტი.

  • მომავალი არჩევნები

დოკუმენტის მიხედვით, პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.

„პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

წინაისტორია

ევროკავშირის წარმომადგენელი თბილისში 27-28 მარტის ღამეს მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც თვის დასაწყისში მხარეებს შორის მედიაციის მისი პირველი მისია წარუმატებლად დასრულდა.

პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იტვირთა. ღარიბაშვილმა პოსტზე გიორგი გახარია შეცვალა, რომელმაც გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოება დაასახელა. რამდენიმე დღის წინ მან მედიასთან პოლიტკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზციის დიდმა ნაწილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო მისი შედეგები არ ცნო და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა. ოპოციასა და მმართველ გუნდს შორის საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ფასილიტაციით დაწყებული მოლაპარაკებები დაკემბრის დასაწყისში შეწყდა. მხარეებს შორის დიალოგი პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს განახლდა.

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ევროკავშირის მედიაციით გამართული რვასაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე მხარეებს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

ურთიერთბრალდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. 31 მარტს, გვიან ღამით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, დანიელსონმა თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ შეთანხმებაზე უარმა დაადასტურა მათი ეჭვი, რომ „ამ პოლიტიკური ძალის რეალური ლიდერისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის შეთანხმების ჩაშლა იმთავითვე თვითმიზანი იყო“. კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ ქართული ოცნება პასუხისმგბელობას იღებდა საარჩევნო და სასამართლო სისტემის „ფუნდამენტურ“ რეფორმაზე, ასევე პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაზე. ამასთან, მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ქართული ოცნება 20 ივნისის ამნისტიის კანონის მიღების გზით, მის გათავისუფლებასაც უზრუნველყოფდა.

„ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ოპოზიციას უნდა შეესრულებინა ერთადერთი პირობა – მას უარი უნდა ეთქვა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟზე და უნდა შესულიყო პარლამენტში“, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდი რეფორმებს „საკუთარი პასუხისმგებლობით“, შეთანხმების გარეშეც განახორციელებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო და სასამართლო სისიტემის რეფორმის, ასევე პარლამენტში ძალთა განაწილების შესახებ მედიაოტირის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დათანხმდა, თუმცა ახალი არჩევნების ჩატარებისა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხზე კონსენსუსი ვერ შედგა. მისივე თქმით, ოპოზიცია ასევე მზად იყო დათანხმებოდა ამნისტიის შესახებ პუნქტსაც, თუკი ის ნიკა მელიასთან ერთად, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუასაც შეეხებოდა.

„ჯერჯერობით, ივანიშვილს და მის გარემოცვას არ შეუცვლიათ თავისი ქვეყნისთვის დამღუპველი პოზიცია“, – თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ და დაამატა, რომ ოპოზიციის უახლოესი სამომავლო გეგმა ივანიშვილისთვის ქვეყნის შიგნით „მწვავე პრობლემების შექმნა“ და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მისთვის წნეხის გაზრდაზე მუშაობა იქნება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ „მძევლად დაიტოვოს“ გიორგი რურუა და თავის გაცემულ პირობაზე შარლ მიშელთან ეთქვა უარი და არანაირი ჩანაწერი ყოფილიყო შეთანხმების დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზზე. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დანარჩენ სამ საკითხზე, რომლებიც საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმას ასევე პარლამენტში ძალაურლების განაწილებას ეხება, იგი მზად არის, რომ ხელი „დღესვე“ მოაწეროს.

„ისევ და ისევ, როგორც წინა ჯერზე, მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც ქართული ოცნება იტყოდა, რომ ჩვენ ამ ტექსტს ვაწერთ ხელს“, – განაცხადა გირჩი-მეტი თავისუფლების დამფუძნებელმა, ზურაბ ჯაფარიძემ. მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპოზიციამ შეინარჩუნა მტკიცე პოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნისა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების შესახებ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას არ სჯერა, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმის, ასევე ძალაუბელბის გადანაწილების შესახებ ტექსტებით „შეიძლება რამე შეიცვალოს“, იგი მზად იყო, რომ შეთანხმების ამ ნაწილისთვის ხელი მაინც მოეწერა.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

„როდესაც მე ბრიუსელში დავბრუნდები, იქ ჩემს მტკიცე რწმენას ჩავიტან, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელიც გადაშალოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ“, – განაცხადა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა 31 მარტს მას შემდეგ, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის რვასაათიანი მედიაცია უშედეგოდ დასრულდა.

მიესალმა რა მედიაციის პროცესში განხორციელებულ ძალისხმევას, დანიელსონმა ხაზი გაუსვა, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები წარმოადგინეს, ხოლო მედიამ პროცესის გაშუქების მაღალი დონე უზრუნველყო, რითაც  პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა“.

არასამთავრობოების შესახებ განცხადების გაკეთებამდე, დანიელსონმა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებს კომპრომისის მიუღწევლობის გამო უსაყვედურა. „ევროპული მისწრაფებების განხორციელებას კომპრომისი ესაჭიროება, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მხრიდან იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს“, – განაცხადა მან.

„საქართველოს დასავლელი პარტნიორები აქ იმიტომ არ არიან, რომ მხარეებს გამოსავალი გამოუძებნონ“, – აღნიშა მან და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის როლი პოლიტიკურ კრიზისში მედიაციით შემოიფარგლება.

დანიელსონის თქმით, მან მხარეებს გამოსავალი შესთავაზა, რომელიც გულისხმობდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, ასევე პასუხისმგებლობების გადანაწილებას პარლამენტში და „პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებსა და ვადამდელ არჩევნებზე გაჭიანურებული დებატების დასრულებას“. თუმცა, მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მხარეებმა ამგვარი კომპრომისის მიღწევის სურვილი არ გამოხატეს.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share