ფორუმელი Moor Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 ავტორები: მანანა ღოღობერიძე, ნანუკა ბრეგაძე და ქეთი მოსიაშვილი ცხრა თვის წინ მსოფლიოში ახალი პანდემია გამოცხადდა. მას შემდეგ ყოველდღე, ექიმები და ექთნები უცნობ ვირუსს ებრძვიან. უცებ ყველა მათ გმირობაზე ალაპარაკდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წელი ექთნების წლად გამოაცხადა. “მადლიერების ტაში” ექთნებს არც საქართველოში აკლდათ. აივნიდან მოქალაქეების აპლოდისმენტების გარდა, მადლიერებას საჯაროდ გამოხატავდნენ პოლიტიკოსებიც. „მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. თქვენი დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ ,” – ამბობდა გიორგი გახარია მარტში. “მინდა, პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის პროფესიონალებს, ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს,”- თქვა მაისში, სხდომის დაწყებისას არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტარებს სიმბოლური ტაშისკენ მოუწოდა. “როდესაც არის პანდემია, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს 205 ქვეყანა, წინა ხაზზე მედიცინის ყველა მუშაკია. მათ შორის განსაკუთრებულია როლი ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის,”- ამბობდა ამირან გამყრელიძე აპრილში. საბოლოოდ, ექთნებს ეს “განსაკუთრებული როლი” არ დაუფასდათ. როგორც ჩანს, სახელმწიფომ მათ მხოლოდ ტაში აკმარა, მათთვის შრომის სათანადო პირობების შექმნაზე კი სათანადოდ არ უზრუნია. ამ სტატიებში ჩვენ მოგიყვებით, როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ექთნები კოვიდინფიცირებულების პალატაში შესაბამისი ცოდნის, ანაზღაურებისა და ეკიპირების გარეშე. არადა, ექთნები არიან სამედიცინო რგოლის ის ნაწილი, რომელსაც ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვს პაციენტთან. რა ვერ მოახერხა ჯანდაცვის სისტემამ ხუთი თვის განმავლობაში, პირველ და მეორე ტალღებს შორის? ექთნების გადამზადება საგანგებო სიტუაციისთვის; ექთნების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; შრომის ადეკვატური პირობების შექმნა (ანაზღაურება, ტრანსპორტირება). ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელის, ია გელენიძის თქმით, ყველა პრობლემა იქედან დაიწყო, რომ ექთნები პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის შექმნაში ჩართული არ იყვნენ. სახელმწიფომ ამ დარგის წარმომადგენლებს აზრი არ ჰკითხა, რამაც ექთნები და მათი შრომის პირობები უყურადღებოდ დატოვა. შემდეგ კი ექთანთა შრომის პირობების გაუარესების მიზეზი სისტემის გაუმართაობა გახდა. გელენიძის თქმით, ისედაც მწირი რესურსი არასწორად გადანაწილდა, სახელმწიფომ ექთნების “სასტუმროებში გადინება” ვერ დაარეგულირა. “სასტუმროში არიან გასული, სამუშაო და დატვირთვა იქ ნაკლები აქვთ, თანხას კი იგივეს იღებენ და აღარ აქვთ სურვილი, რომ კლინიკაში წავიდნენ. აბსურდია, მობილიზებას ვერ ახერხებს სახელმწიფო, რომ დაუძახოს და უთხრას, დაახარისხოს, შენ აქ იყავი, შენ რეანიმაციის ექთანი ხარ… არავინ აკონტროლებს, სისტემა არ არსებობს. კოვიდ-კლინიკაში რომ კვალიფიციური ექთანი მუშაობს, არ უნდა გადიოდეს და სასტუმროში არ უნდა მუშაობდეს. აუცილებელია, რომ მისი რესურსი კლინიკაში ავითვისოთ,” – ამბობს ია გელენიძე. ტრანსპორტირება პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობამ გადაადგილების შეზღუდვა ორჯერ, მარტში და ნოემბერში გამოაცხადა. ამ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობს, რის გამოც ექთნებს სამსახურში წასვლა ზოგჯერ ტაქსით, უმეტესად კი ფეხით უწევთ. მათი ხელფასი ტაქსის ხარჯებს ვერ წვდება. სახელმწიფომ მათ ტრანსპორტირების პრობლემა ვერ მოუგვარა. ექთნების ნაწილი გვიყვება, რომ კლინიკის ავტობუსი ემსახურებათ, მაგრამ სახლში არ აკითხავს. ავტობუსების გაჩერება ხშირად ისე შორს არის, რომ იქამდე მაინც ტაქსის გამოძახება სჭირდებათ. ექთნებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. შიდა ქართლში კლინიკები ექთნებს ტრანსპორტით კი ემსახურებიან, მაგრამ მგზავრობის საფასურს ხელფასიდან აჭრიან. ამის შესახებ ექთანთა გაერთიანების შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელი, ნინო ცხოვრებოვა გვიყვება. “იმ ექთნებს, რომელსაც კლინიკამ გამოუყო ტრანსპორტი, ანაზღაურება დააკლო, იმ მიზერული ხელფასიდან კიდე ჩამოაჭრა. შემიძლია თამამად ვთქვა, ყველა კლინიკა ასე აკეთებს შიდა ქართლში. საშუალოდ, 40-50 ლარი ეჭრება დღის ‘სტაფს’, რომელიც დადის ყოველდღე. ამათ ხელფასი აქვთ საშუალოდ, 180-220 ლარი. ექთანს უწევს ფეხით გაიაროს მანძილი გაჩერებამდე. არის ერთი ცენტრალური ქუჩა, ყველამ იცის, რომ იქ უნდა მივიდეს და დადგეს კონკრეტულ სუპერმარკეტთან.” ცხოვრებოვას თქმით, “მარშუტკებში” დაცული არ არის დისტანცია და კოვიდ-განყოფილების ექთნები სხვებთან ერთად მგზავრობენ: “ტრანსპორტი არის 17-კაციანი, მაგრამ ჯდება 24 კაცი. ჩვეულებრივი ყვითელი “მარშუტკაა”. რა მნიშვნელობა აქვს, მე და თქვენ თუ ვმუშაობთ კოვიდში და არაკოვდში და ერთად ვმგზავრობთ სახლამდე? დაინფიცირების რისკი იგივეა, რაც ერთად მუშაობისას.” “მარშუტკები” და არაფერი რომ არ არის, კლინიკის დირექტორმა გვითხრა, თქვენი ხარჯებით გინდათ იარეთ, გინდათ არაო. რამდენს უთქვამს, რომ საღორიიდან მოდიოდა ფეხით, “ზაოდიდან” მოდიოდა ფეხით. აგვიანდებოდათ ძალიან, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა უფროსობა. სმენა უნდა მოვიდეს ათის ნახევარზე, მაგრამ მოდიოდნენ ხან თორმეტზე, ხან პირველზე. რაც არ უნდა გააპროტესტო, გეუბნება დირექტორი… გინდა მოხვალთ, გინდა – არა,” – ამბობს ქუთაისის კერძო კლინიკის, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ექთანი. “თავიდან ტაქსით დავდიოდი, მერე დაინიშნა უკვე “მარშუტკა”, მაგრამ მოედანზე უნდა გასულიყავი რომ წაყოლოდი. მე ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, იმ მოედანზეც ტაქსით უნდა წავსულიყავი და მერჩივნა პირდაპირ კლინიკაში მივსულიყავი ტაქსით,” – ანონიმურად გვიყვება ქუთაისში “ჩხობაძის კლინიკის” ექთანი. ეს მრავალპროფილური კლინიკა, იგივე “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” სახელმწიფოს საკუთრებაშია. წილების 100%-ს ჯანდაცვის სამინისტრო ფლობს. ექთნის დამხმარე ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამბობს, რომ მათ ორი ავტობუსი ემსახურებათ. ერთი გლდანის, მეორე კი ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობს. დიდი მანძილის გამო, გზაში საათნახევარი არიან და დილით მორიგეობას უკვე დაღლილები იწყებენ. “8-დან 10-ის ნახევრამდე გვიწევს გზაში ყოფნა. მე მივდივარ ვარკეთილის მეტროსთან და იქიდან მოვყვები. ვარკეთილშივე ვცხოვრობ, მაგრამ ტაქსი მჭირდება რომ მივიდე იქამდე. საფასურს მე ვიხდი, 5 ლარამდე მიჯდება მგზავრობა წინ და უკან. ნუ, მძღოლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომ მოგაკითხოს სახლამდე. ვაპროტესტებთ, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მოგვარება. ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ შეეცდება დაელაპარაკოს მძღოლებს და დაარწმუნოს, სახლამდე მოგვაკითხოს.” ექთნების იზოლირება მორიგეობის შემდეგ აპრილში ექთანთა საერთაშორისო საბჭოს (icn), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (who), ასევე ჩინეთის, იტალიის, კორეის, ტაივანის და შვეიცარიის ექთნებმა, ერთობლივად შეიმუშავეს 10 რეკომენდაცია. მათ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სხვა ქვეყნებს ურჩიეს, რომ ამის გათვალისწინება ექთანთა უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი. “სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს covid 19-ით ინფიცირებულთათვის განკუთვნილ კლინიკებში, არ უნდა გადაადგილდებოდეს საზოგადოებაში და უნდა მოხდეს მათი თვითიზოლაცია (პერსონალისათვის განკუთვნილ სასტუმროებში 14 დღე, რათა არ გაიპაროს რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევები),” – ვკითხულობთ რეკომენდაციაში. საქართველოში კი ინფიცირებულ პაციენტებთან რამდენიმედღიანი მორიგეობის შემდეგ, ექთნებს ღამის გათევა სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად უწევთ. სხვა ალტერნატივას ჯანდაცვის სისტემა არ სთავაზობთ. კლინიკები კი ზოგჯერ ადგილზე დარჩენას და სხვენში ღამის გათევას ურჩევენ. “კლინიკა მეუბნება, რომ იცი რა? ჩვენ გვაქვს ზევით სხვენი და თუ გინდათ მოიწყვეთ იქ. სად მოვიწყო, სად ვიბანაო, საპირფარეშოში სად შევიდე და სად დავიძინო? ამ სიცივეში სხვენში რატომ უნდა ვიყო? სამი დღე-ღამე ვიმორიგევე და კლინიკა ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ექთანი სადღაც იზოლირებული იყოს. ამას გეუბნებით პირველი პანდემიის დროს, როცა ქვეყანაში ასეთი კატასტროფა არ ხდებოდა, ახლა მესმის, რაღაცები შეიცვალა,”- გვითხრა “ინგოროყვას კლინიკის” ერთ-ერთმა ექთანმა. “ინგოროყვას კლინიკა” ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაშია. მის წილებს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფლობს. “ჩვეულებრივ, ოჯახის წევრებთან ვაგრძელებ ურთიერთობას. შემოთავაზება კლინიკის მხრიდან, რომ ვთქვათ, ვისაც არ გაქვთ საშუალება იყოთ იზოლირებული, ჩვენ შემოგთავაზებთ კონკრეტულ საცხოვრებელს… არ ყოფილა,” – გვეუბნება ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექთნის დამხმარე. “მე თვითონ მაქვს დიდი სახლი, აბაზანაც ცალკე მქონდა და ტუალეტიც. მე თვითონ გადავწყვიტე ცალკე ვყოფილიყავი, თორემ ეს კლინიკის რეკომენდაცია არ იყო და არც არაფერში დაგვხმარებია. ეპიდემიოლოგები კი გვეუბნებოდნენ, მოერიდეთ ოჯახის წევრებსო, მაგრამ ვისაც არ აქვს საშუალება, რას იზამდნენ? ზოგი კლინიკაში რჩებოდა რამდენიმე დღე, ვერ ვიტყვი რომ იქ კარგი პირობები იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩვეულებრივ მიდიოდნენ სახლში და მოდიოდნენ,”- ამბობს კერძო დაწესებულების, “ბოჭორიშვილის კლინიკის” ერთ-ერთი ექთანი. ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ია გელენიძე გვიყვება, როგორია ექთნების იზოლირების საერთაშორისო პრაქტიკა. მაგალითად, ჩინეთში, იაპონიასა და კანადაში ექთნები მორიგეობის შემდეგ, 14 დღე მიჰყავთ სასტუმროში, სადაც ყოველდღიურად აქვთ ინსტრუქტაჟი. ეს იმიტომ, რომ ჩვევა განუვითარდეთ და რაც შეიძლება სწრაფად ჩაიცვან ეკიპირება. “მოდუნების საშუალებას არ აძლევენ, გგონიათ პერსონალი იქ რომ მიდის ისვენებს? არა, მეორე დღესვე ეწყებათ ტრენინგი. ღია სივრცეში დგას მაგიდები, გაწყობილია პერსონალური დაცვის საშუალებები, ყველა ვალდებულია გამოვიდეს და ჩაიცვას. დგანან და აკვირდებიან, აბა, ერთ წუთში როგორ ჩაიცვა ეკიპირება და როგორ გაიხადა. რომ ჩაირთვება გონგი, თუ ვერ მოასწარი, შანსი არ გაქვს, უნდა მიუბრუნდე და თავიდან ჩაიცვა,” – ამბობს ია გელენიძე. ექთნების გადამზადება საგანგებო სიტუაციისთვის ქვეყანაში პანდემიის გავრცელების შემდეგ, სახელმწიფომ სამედიცინო პერსონალის გადამზადებისთვის 134,600 ლარი გამოყო. ექთნები ამ აუდიტორიაში არ მოხვდნენ. ამ თანხით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისა და ოჯახის ექიმებისთვის სამი ტრენინგი ჩაატარა. “NCDC-ის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარდა ტრენინგი პერსონალისთვის, მაგრამ ეს არ იყო გამიჯნული, ექთნისთვის, იმისთვის, ამისთვის, მაგრამ ექთანი არის მეტ შეხებაში პაციენტთან. ექიმები ხშირად მინებთან არიან, როცა არ არის საჭიროება რომ შევიდნენ პაციენტთან, ექთანი კი სულ საწოლთან არის. შესაბამისად, მისი ტრენინგი აბსოლუტურად სხვა რამეა,” – ამბობს ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი ია გელენიძე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოქტომბრის თვის ანგარიშის მიხედვით, კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკის და ინფექციის კონტროლის საკითხებში სულ 244 დაწესებულების 2,500-მდე ექიმი, ოჯახის ექიმების 90% და სოფლის ექიმების 75% მომზადდა. არაფერია ნათქვამი ექთნების გადამზადებაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექთნები პანდემიასთან ბრძოლაში, მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისა და პრაქტიკაში მიღებული ცოდნის ამარა დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ უცნობ ვირუსთან აქვთ შეხება, სახელმწიფოს მათი თეორიული და პრაქტიკული მომზადებისთვის არაფერი გაუკეთებია. ექთნებს არ ჰქონიათ არც ეკიპირების ჩაცმის ინსტრუქტაჟი. ამაზე, ერთეულ შემთხვევებში, კლინიკების მენეჯმენტმა თავად იზრუნა. ამ სტატიაზე მუშაობისას 30-მდე ექთანს დავუკავშირდით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მათ ჩვენთან საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდოდათ, თუ ვინაობას საჯაროდ არ დავასახელებდით. ჩვენ პირობას ვიცავთ და სტატიაში მათი სახელები გამოყენებული არაა. “ჰელსიკორის” ექთანი სალომე კვარაცხელია გვიყვება, რომ როცა კლინიკის ე.წ კოვიდ-მიმღებად გადაკეთებას აპირებდნენ, ჩაუტარეს მხოლოდ ერთი, ორსაათიანი ტრენინგი, სადაც ხელის დაბანის წესების გარდა არაფერი ასწავლეს. ეკიპირების ჩაცმა კი ვიდეოგაკვეთილით აუხსნეს. “ხეჩინაშვილშიც და ჰელსიკორშიც გავიარე იდენტური ტრენინგები. ტრენინგებს ეძახიან როგორ უნდა დაიბანო ხელი, რომელიც, ექთანი რომ ხარ, ისედაც გადასარევად იცი. ეს ჩვეულებრივი ჰიგიენაა და არ არის აუცილებელი, ვიღაცამ გასწავლოს. გვასწავლეს ჩაცმა, კომბინეზონების არა, ჩვეულებრივი ხალათების. კომბინეზონებზე საერთოდ არ გაგვივლია ტრენინგი. ნუ ვიდეოებს ვნახულობდით, მაგრამ მაგ ვიდეოებს სახლშიც ვნახავ, ხომ? რაც შეეხება კოვიდპაციენტებთან მუშაობას, სპეციფიკურად მაგას რაც ეხება, არ გაგვივლია.” ანალოგიური გამოცდილება აქვს ექთანს თერჯოლის კერძო კლინიკა “იმერმედიდან”. მისი თქმით, ორდღიანი ტრენინგი ადგილზე გაატარეს, ეკიპირების გამოყენება კი ვიდეორგოლით აჩვენეს. მსგავსი ამბავი მოვისმინეთ კერძო სამედიცინო დაწესებულებების, თბილისის ცენტრალური ჰოსპიტალისა (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს) და სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკების ექთნებისგანაც. როცა ხეჩინაშვილის კლინიკის კოვიდ-ცენტრად გადაკეთება გადაწყდა, რამდენიმე ექთანი სამსახურიდან წავიდა. ერთ-ერთი ანონიმურად გვიყვება, რომ ექთნებისთვის ტრენინგების ჩატარებას არავინ აპირებდა, ინფიცირებულებთან მოუმზადებლად მუშაობა კი არ უნდოდათ და ამიტომ წამოვიდნენ. “დამკვირვებელი უნდა ჰყავდეს ამ პროცესს, როცა იცვამ, როცა იხდი, გიყურებს, სწორად გააკეთე თუ არა, რომ თუ რამე, მიგითითოს. ამის კონტროლი არსად გამიგია. სტუდენტები რომ მიდიან, “ჩაცმა-გახდის” ერთსაათიან ან ნახევარსაათიან ტრენინგს აჩვენებენ და მერე ეგრევე შედიან. ყველა, ვისაც ვიცნობ, მუშაობის რაღაც ეტაპზე დაინფიცირდა. მსუბუქად იყვნენ, მაგრამ დაინფიცირდნენ მუშაობის დროს,”- ამბობს ექთანი სალომე კვარაცხელია, რომელიც ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობდა. “ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სამედიცინო დაწესებულებაში გამოყენებული უსაფრთხოების ელემენტია, რომლის ეფექტურობა დამოკიდებულია ცალკეული ინდივიდების მიერ პრინციპების სწორ და თანამიმდევრულ დაცვაზე,” – წერია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაში. ბუნებრივია, რეკომენდაცია ვერ შესრულდებოდა, რადგან ექთნებს ეს “სისწორე” და “თანმიმდევრობა” არავინ აუხსნა. უმრავლესობამ “ჩაცმა-გახდის” წესები თავისით, პრაქტიკაში ისწავლა. არ არსებობს არც მეთვალყურე, რომელიც დააკვირდება, როგორ არიან აღჭურვილები ინფიცირებულთა პალატაში შესვლამდე. ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, უკონტროლო გარემომ ისედაც მწირი რესურსის კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია. ია გელენიძის აზრით, უნდა არსებობდეს მონაცემთა ბაზა, სადაც ასახული იქნება როგორ შესრულდა რეკომენდაციები, რა იყო ხარვეზები, რისი გამოსწორება გვჭირდება. ამ ეტაპზე ამის ანალიზი არ ხდება: “ჩინეთში, იტალიაში, სადაც ყველაზე მეტი სირთულე იყო, კლინიკებში შედიოდნენ მობილური ჯგუფები. ვიღაც მაკვირდება როგორ ვიცვამ, როგორ ვმუშაობ და მეუბნება, რომ ასე არ გავაკეთო. თუ ვარღვევ, მაგალითად, დაცვის საშუალებების, აღჭურვილობის ჩაცმის წესს, თანმიმდევრობას, ან ზედმეტს ვიყენებ, ან ნაკლებად ვიცვლი. ყველა შემთხვევაში, ეს იწვევს კოლაფსს. სახარჯი მასალების არარაციონალურ გამოყენებას. ვინმე აკონტროლებს ამას? ვერ აკონტროლებს. დღეს ჩვენ გავდივართ ომის შესაბამის მდგომარეობას და მონაცემები არ გვაქვს, ხარვეზები არ გვაქვს, რასაც შეიძლება რომ გავუკეთოთ ანალიზი და შემდეგ ვიქნებით მზად ასეთი დიდი გამოწვევისთვის.” ნინო სვანიძე, ექთანთა გაერთიანების განათლება-აკრედიტაციის პროგრამის ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ ტრენინგები თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს უნდა მოიცავდეს. ჩვენმა ექთნება კი უმეტესად თეორიული ნაწილი გაიარეს. “ექთნებმა მოისმინეს მხოლოდ თეორიული ნაწილი. პრაქტიკული ნაწილი უშუალოდ ადგილზე უნდა მოხდეს, ან სიმულაციურ დარბაზში, რომელიც აღჭურვილი იქნება როგორც ერთჯერადი სატრენინგო მასალით, ასევე სიმულატორებით. რაც შეეხება შემდეგ, პრაქტიკაში სწორად აღქმას, უნდა გყავდეს ვინმე სუპერვაიზერი, რომელიც უშუალოდ საქმეში, პროცესში დაგაკვირდება თუ რამდენად სწორად აკეთებ ამას. ვფიქრობ, პრაქტიკული ნაწილი რომ სწორად განეხორციელებინათ, კარგი იქნებოდა,” – ამბობს სვანიძე. რეკომენდაციების სწორი შესრულების კონტროლი და საკარანტინო ზონებში მობილური საკოორდინაციო ჯგუფების მომზადება იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო სპეციალისტებმა ექთნების უსაფრთხოებისთვის შეიმუშავეს. ექთანთა გაერთიანებამ ეს დოკუმენტი სამინისტროს მეილით გაუგზავნა, მათ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე არაფერი უთქვამთ, მხოლოდ ის უპასუხეს, საჭიროების შემთხვევაში, დაგიკავშირდებითო. “გაგზავნილი გვაქვს შეტყობინება, რომ მოგესალმებით, ჩვენმა ორგანიზაციამ იმუშავა, მივიღეთ გამოცდილება საერთაშორისო მეგობრებისგან და შევიმუშავეთ 10 რეკომენდაცია, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ამ ომში და მივიღოთ დავალებები თქვენგან. პასუხი იყო – ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, დაგიკავშირდებით როგორც კი ამის საჭიროება დადგება,”- გვიყვება ექთანთა გაერთიანების ხელმძღვანელი ია გელენიძე. ჯანდაცვის სამინისტროს რამდენჯერმე ჩვენც მივმართეთ კითხვებით, პასუხები დღემდე ვერ მივიღეთ. ჩვენი ექთნების პრობლემები ამით არ სრულდება. მეორე ნაწილში მოგიყვებით შრომის ანაზღაურებისა და ეკიპირების შესახებ. The post ტაშში ჩარჩენილი მთავრობა – ნაწილი I appeared first on www.ifact.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა