Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველომ ითამაშა, შვედეთმა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებას ყველა ინტერესით ელოდა. 

 

მოულოდნელობა

ფრანგმა მწვრთნელმა შემადგენლობაში ისეთი მოთამაშეები დააყენა, ყველაზე რისკიანი „პროგნოზისტიც“ ვერ წამოიდგენდა – ვილი სანიოლმა დაცვის ფლანგებზე ორი დებიუტანტი დააყენა, მარჯვნივ – ბათუმის „დინამოს“ მოთამაშე გოგა ჩაბრაძე, ხოლო მარცხნივ – ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მოთამაშე გური გიორბელიძე. მცირე მოულოდნელობა შემტევ ცენტრალურ ნახევარმცველად გიორგი აბურჯანიას ხილვაც იყო.

რაც ყველაზე საყურადღებოა, სანიოლის შემადგენლობაში ორი ფეხბურთელი იყო ეროვნული ლიგიდან. შვედების შემადგენლობა კი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორც წინასწარ ინფორმაციებში ეწერა.

 

იბრას საგოლე

შვედები დაცვაში სივრცეებს ტოვებდნენ და ამის გამოყენება შეიძლებოდა. მაგრამ საწყის წუთებში ჩვენებმა ეს ვერ შეძლეს. შვედების მიერ აქტიურად დაწყებული სასტარტო წუთების შემდეგ პირველი სახიფათო მომენტი საქართველის ნაკრებმა შექმნა. ჩვენები კონტრშეტევებზე კარგად თამაშობდნენ. მე-11 წუთზე, ჯაბა კანკავამ კარის წინ გიორგი ქვილითაია მოძებნა, რომელმაც ახლოდან მეკარეს დაუმიზნა. მე-14 წუთზე კი უსწრაფესი კონტრშეტევის შემდეგ მეკარესთან პირისპირ კვლავ ქვილითაია დარჩა, მაგრამ კრისტოფერ ნორდფელდტმა შვედები აშკარა გოლისგან იხსნა.

შვედებმა მაშინვე სწარფი კონტრშეტევა წამოიწყეს და დეიან კულუშევსკის დარტყმის შემდეგ საქმეში გიორგი ლორია ჩაერთო – საიმედოდ ითამაშა. გავიდა კიდევ სამი წუთი და გიორგი აბუჯრანიას გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენა საბა ლონჟანიძეს შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

25-ე წუთზე უკვე ჩვენ გადავრჩით – ვიქტორ კლასონის გადაცემის შემდეგ კარში ახლოდან ალექსანდრ ისააკმა დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. ეს შვედების პირველი რეალური საგოლე მომენტი იყო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქმეში პირველად 29-ე წუთზე ჩაერთო – ლაშა დვალს საჰაერო ორთაბრძოლაში აჯობა და კარში დაარტყა, მაგრამ ძალიან არაზუსტად. თუმცა, შვედმა ვარსკვლავმა თავისი მაინც გააკეთა. 35-ე წუთზე საჯარიმოში ვიქტორ კლასონი მოძებნა, რომელმაც მცველს დაასწრო და ახლოდან ზუსტად დაარტყა – 1:0.

პირველ ტაიმში შვედებმა მოახერხეს, საქართველოს ნაკრები ტემპში აიყოლიეს და შეცდომა დააშვებინეს. მასპინძელთა მეტი სისწრაფე და შეთამაშება იგრძნობოდა, საქართველოს ნაკრებს კი სპორტული სითავხედე და თავდაჯერებულობა ძალიან დააკლდა. არადა, მინიმუმ, შვედებზე ნაკლები მომენტები არ შეგვიქმნია.

 

მეორე ნახევარი

ვილი სანიომა მეორე ტაიმი უცნაური შეცვლით დაიწყო. ფლანგის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ცენტრალური ნახევარმცველით, ოთარ კიტეიშვილით ჩაანაცვლა. მერე გამოჩნდა, რომ ამის მიზანი მოედნის ცენტრის გაძლიერება იყო, სადაც პირველ ტაიმში პრობლემები შეგვექმნა.

ტაიმი კარგი შეტევით დავიწყეთ. ფლანგიდან ჩაბრაძემ საჯარიმოში ჩაკიდა ბურთი, მაგრამ აბურჯანიამ თავური დარტყმით მიზანს ვერ მიაღწია. შეტევები რომ ვერ გაძლიერდა, სანიომა საყრდენები შეცვალა – ჯაბა კანკავა შემტევით, ლევან შენგელიათი ჩაანაცვლა, ხოლო ნიაკ კვეკვესკირი – ვაკო გვილიათი.

საგოლე მომენტი კიდევ შევქმენით – 66-ე წუთზე, შეტევაში გური გიორბელიძე ჩაერთო და საჯარიმოში ქვილიტაიას ცააწოდა, მაგრამ ჩვენმა თავდამსხმელმა მშვენიერი შანსი ამჯერადაც ვერ გამოიყენა. შვედებმა კი მომენტი ჩვენების შეცდომის შემდეგ მე-80 წუთზე შექმნეს, როდესაც საჯარიმოსთან გადაცემა ისააკმა ჩაჭრა, მაგრამ ლორიამ საიმედოდ ითამაშა.

 

გადამწყვეტი ფაქტორი – შვედების თავდაჯერება და კლასი

სანიოლს რისკი სურდა, შეტევების გასაძლიერებლად ყველაფერი გააკეთა და ჩვენებს მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ – გიორგი აბურჯანიას გადაცემის შემდეგ ლევან შენგელიამ ახლოდან უძლიერესად დაარტყა და შვედები მეკარე კრისტოფერ ნორდფელდტმა აშკარა გოლისგან იხსნა.

გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 84-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას ნაცვლად გამოჩნდა. მას მაინც ნაკლებად ამარაგებდნენ გადაცემებით – მატჩის მიწურულს ერთხელ სცადა კარში დარტყმა.

საბოლოოდ, გამარჯვება შვედებს დარჩათ, ჩვენი კი ტრადიციულად, კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ. იყო საინტერესო და დამაიმედებელი ფრაგმენტები, საქართველოს ნაკრებს შეხვედრა ცუდად არ ჩაუტარებია, მაგრამ გუნდს საკუთარი თავის რწმენა და აგრესია აკლია, რაც წარმატების მისაღწევად აუცილებელია.

გადამწყვეტი ფაქტორი კი შვედებს აღმოაჩნდათ – თავდაჯერება და კლასი, რომელიც არა მხოლოდ იბრაჰიმოვიჩს, არამედ, ზოგადად შვედეთს ჰქონდა და ჩვენ დაგვაკლდა. ამის გარეშე მომენტების მომენტების რეალიზაცია და მოგება შეუძლებელია.

 

შვედეთი – საქართველო 1:0

გოლები: 1:0 კლასონი (35. იბრაგიმოვიჩის პასით)

25.03.2021. „სოლნა ფრედს არენა“. უმაყურებლოდ.

შვედეთი: კრისტოფერფერ ნორდფელდტი – მიქაელ ლუსტიგი (84. ემილ კრაფტი), ვიქტორ ლინდელოფი, ფილიპ ჰელანდერი, ლუდვიგ აუგუსტინსონი – დეიან კულუსევსკი, სებასტიან ლარსონი, კრისტოფერფერ ოლსონი (68. ალბინ ეკლდალი (72. (მატიას სვანბერგი)), ვიკტორ კლასონი (72. ემილ ფორსბერგი) – ალექსანდრ ისაკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: იანე ანდერსონი

საქართველო: გიორგი ლორია – გოგა ჩაბრაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – ჯაბა კანკავა (60. ლევან შენგელია), ნიკა კვეკვესკირი (60. ვაკო გვილია) – საბა ლობჟანიძე (78. გიორგი ბერიძე), გიორგი აბურჯანია, ხვიჩა კვარაცხელია (46. ოთარ კიტეიშვილი) – გიორგი ქვილითაია (84. გიორგი მიქაუტაძე)

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

მთავარი არბიტრი ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

გაფრთხილებები: ლარსონი (54), ოლსონი (57), აუგუსტინსონი (64), დვალი (90+5)

The post საქართველომ ითამაშა, შვედეთმა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share