Jump to content
×
×
  • Create New...

რელიგიის სწავლება ევროპისა და აშშ-ს საჯარო სკოლებში


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

 

 

საერთაშორისო ორგანიზაციების გაეროს, იუნესკოს, ევროკომისიის, ევროსაბჭოს და ეუთოს რეკომენდაციებით სასურველია რელიგიური განათლება საჯარო განათლების ნაწილი იყოს. ამგვარი რეკომენდაციები, უმთავრესად, საჯარო სფეროში ადამიანის უფლებების, კერძოდ რელიგიის თავისუფლების დაცვასა და ტოლერანტობის პატივისცემას ემყარება.

ევროპის უმეტეს ქვეყნებში სასკოლო კურიკულუმის განუყოფელი ნაწილია რელიგიის სწავლება. ქვემოთ მიმოვიხილავთ ამ ქვეყნებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრაქტიკას. თუმცა მანამდე აუცილებელია შევთანხმდეთ ტერმინოლოგიაზე. რელიგიის სწავლების სფეროში შესაძლებელია ორი ზოგადი მიდგომის გამოყოფა:

„რელიგიის სწავლება“ - სწავლების კონფესიური მოდელია, რომლის მიზანია ერთი რელიგიის ან კონფესიის უპირატესობის წარმოჩენა სხვათა წინაშე. ასეთ გაკვეთილებზე ხშირად ისწავლება რელიგიური ცხოვრების წესიც (ლოცვა, მარხვა და სხვა).

„რელიგიის შესახებ სწავლება“ - ნეიტრალური მოდელია, რომელიც აგებულია დესკრიპციულ და ისტორიულ მეთოდებზე. ამგვარი კურსის მიზანია ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის გადაცემა მოსწავლეებისთვის.

გამოთქმას „რელიგიური განათლება“ კი გამოვიყენებთ იმ შემთხვევებში, როდესაც ზოგადად რელიგიასთან დაკავშირებული განათლების შესახებ ვისაუბრებთ და ზემოთ წარმოდგენილი რომელიმე კონკრეტული მეთოდით სწავლების ხსენების საჭიროება არ გვექნება.

 

ცალკეული ქვეყნები

 

რელიგიური განათლების მოდელი დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის რელიგიური ლანდშაფტზე, მის საზოგადოებაში რელიგიის როლსა და ღირებულებაზე, ასევე ქვეყნის ისტორიაზე, პოლიტიკასა თუ საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურაზე. დასავლეთის ქვეყნებში რელიგიის თავისუფლება კანონმდებლობის დონეზე დაცულია, მაგრამ რეალობაში ზოგჯერ ჯერ კიდევ შესამჩნევია სხვადასხვა სახისა და ხარისხის დისკრიმანციული მდგომარეობა. მაგ., თუ ქვეყანაში რომელიმე კონფესიას დომინანტური პოზიცია უჭირავს საზოგადოებრივი ცხოვრება, ზოგადად კულტურა და მათ შორის რელიგიური განათლებაც ამ ერთი გაბატონებული კონფესიის გავლენისგან შეიძლება არ იყოს თავისუფალი. მაგ., იტალიაში მცირერიცხოვანი პროტესტანტული ეკლესიები არც ცდილობენ გამოიყენონ ამ ქვეყანაში არსებული ლეგალური შესაძლებლობა და სკოლებში პროტესტანტი მოსწავლეებისთვის საკუთარი რწმენის შესახებ გაკვეთილებს გაუკეთონ ორგანიზება, როგორც ეს სხვა ევროპულ ქვეყნებში ხდება. დომინანტური კათოლიციზმი ირიბად, ყოფით დონეზე სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს ამ იურიდიული შესაძლებლობის პრაქტიკაში რეალიზების თვალსაზრისით.

 

ქვემოთ შევეცდებით მიმოვიხილოთ სხვადასხვა სახელმწიფოების ვითარება რელიგიური განათლების კუთხით.

 

საფრანგეთში  სახელმწიფო და ეკლესია მკაცრადაა გამიჯნული. ქვეყნის კონსტიტუცია პირველივე მუხლში აცხადებს: „საფრანგეთი არის ერთიანი, სეკულარული, დემოკრატიული და სოციალური რესპუბლიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა თანასწორობას კანონის წინაშე მიუხედავად წარმოშობისა, რასისა და რელიგიისა. საფრანგეთი პატივს სცემს ყველა აღმსარებლობას (croyances)”. ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა კი ეფუძნება 1905 წლის კანონს და ამ დროიდან ეს პრინციპი მტკიცედ არის დაცული ამ ქვეყანაში.

 

საფრანგეთის საჯარო სკოლებში რელიგია, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს კურიკულუმის ნაწილს. 1882 წელს საფრანგეთში კანონით გაუქმდა რელიგიური განათლების მიღება საჯარო სკოლებში. მის ნაცვლად შემოღებულ იქნა საგანი სამოქალაქო განათლების შესახებ, რომელიც ეთიკის სწავლასაც გულისხმობს. სამაგიეროდ, ქვეყანაში კარგად არის განვითარებული კერძო (უფრო ზუსტად კი, კათოლიკური) სკოლების სისტემა. ასეთ სკოლებში კი მოსწავლეების 20% სწავლობს. ამ გარემოების გათვალისწინებით ზოგი ავტორი ფიქრობს, რომ საფრანგეთის საჯარო სკოლებში არ არსებობს რელიგიური განათლების მიღების საჭიროება, რადგან ყველა აღმსარებლობის მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება აქვს საკუთარ რელიგიას გაეცნოს ამგვარ კერძო სკოლებში. მაგრამ ბოლო ხანს საფრანგეთში მიმდინარე სერიოზული დისკუსიების შედეგად საჯარო სკოლის მასწავლებლებმა აღიარეს, რომ მოსწავლეებს არ შეუძლიათ ადეკვატურად გაიგონ ისტორია ან ხელოვნება, თუნდაც ფრანგული ლიტერატურა, რელიგიის შესახებ ბაზისური ცოდნის გარეშე. ამიტომ გაჩნდა ინიციატივა რელიგიის შესახებ ცოდნის ინტეგრირებისა საფრანგეთის საჯარო სკოლების სხვადასხვა მომიჯნავე საგნებში, რაც მოგვიანებით თავად განათლების სამინისტროს რეკომენდაციებშიც აისახა და პრაქტიკულადაც განხორციელდა.

 

გარდა ამისა, საჯარო სკოლებში ასევე კვირაში ერთი დღეა გამოყოფილი რელიგიური გაკვეთილისთვის სასწავლო საათების მიღმა. რელიგიური ხასიათის სამოსლის ტარება სკოლებში მკაცრად აკრძალულია. ბოლო ხანს სწორედ ამ აკრძალვას დაექვემდებარა მუსლიმი მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ სკოლებში ბურქით სიარულის ჩვეულებაც.

 

ასე და ამრიგად, 1989 წელს ისტორიისა და გეოგრაფიის კურიკულუმი მოდიფიცირდა და მასში მეტი აქცენტი სწორედ რელიგიურ განათლებაზე გაკეთდა. 1996 წელს კი ფრანგული ენისა და ისტორიის პროგრამებში ისლამის პირველადი გაცნობისთვის საჭირო ზოგადი ინფორმაციაც იქნა ინტეგრირებული.

 

2001 წელს განათლების სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლის თანახმად, რელიგიური განათლება უნდა შემოღებულიყო არა როგორც ცალკე საგანი საჯარო სკოლებში, არამედ სხვა საგნებში (ისტორია, ფილოსოფია, კულტურა) ინტეგრირებულად. რეკომენდაციებში ასევე საუბარი იყო „რელიგიის მეცნიერების“ ინსტიტუტის შექმნაზეც, რომელიც მომავალ მასწავლებლებს მოამზადებდა. 2002 წელს ეს ინსტიტუტი მართლაც შეიქმნა.

 

როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, სახელმწიფო არსობრივად კვლავ სეკულარული (ლაიცისტური) რჩება, მაგრამ ის არ არის ანტი-რელიგიური, არამედ ინდივიდის სინდისის თავისუფლების დაცვის გარანტორად გვევლინება.

 

საფრანგეთის მსგავსად, ნიდერლანდების სკოლების ორი მესამედი ე.წ. ქრისტიანული ანუ კონფესიური სკოლებია, ხოლო ერთ მესამედს ნეიტრალური სკოლების სტატუსი აქვთ, სადაც რელიგია ცალკე საგნად არ ისწავლება. თუმცა ბოლო ხანებში საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლები უფრო ხშირად ითხოვენ რელიგიის ან ეთიკის გაკვეთილებს ცალკე საგნად, რომელსაც რეფორმისტული ეკლესია ან ჰუმანისტური კავშირი უზრუნველყოფს.

 

გერმანიაში რელიგიური განათლება რეგულირდება ფედერაციული მხარეების კანონმდებლობით. თუმცა რელიგიური განათლება ნახსენებია გერმანიის კონსტიტუციაშიც და ის განსაზღვრულია როგორც რეგულარული სასკოლო დისციპლინა. მე-7 მუხლის, მე-3 პარაგრაფში ვკითხულობთ: „განსხვავებით სეკულარული სკოლებისგან, სახელმწიფო (state) და მუნიციპალური (municipal) სკოლების ორდინარული კურიკულუმების ნაწილი მოიცავს რელიგიურ სწავლებასაც. სახელმწიფოს ზედამხედველობით, რელიგიური სწავლება ხორციელდება რელიგიური გაერთიანებების დოქტრინათა შესაბამისად. არცერთ მასწავლებელს არ შეიძლება აეკრძალოს რელიგიის სწავლება“.

 

საინტერესოა, რომ გერმანიაში ყველა სკოლას აქვს ვალდებულება მოსწავლეები უზრუნველყოს რელიგიური განათლებით და ამ საგნის სწავლებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მკაფიოდაა განაწილებული სახელომწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის. სახელმწიფოს აქვს კონტროლის უფლება. რელიგიური გაერთიანებები კი რელიგიის სწავლების შინაარსზე არიან პასუხისმგებელნი. გერმანიაში „რელიგიური გაერთიანებებში“, ძირითადად, კათოლიკურ ან პროტესტანტულ ეკლესიები მოიაზრება. კონსტიტუციის ძალით ხსენებულ ეკლესიებს საკმაოდ მყარი პოზიციები აქვთ.

 

მაგ., ბრანდენბურგის ფედერალურმა მხარემ ეკლესიების მონაწილეობის გარეშე შექმნა საგანი რელიგიის სწავლების შესახებ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში უფრო სეკულარული მოსახლეობაა, ვიდრე დასავლეთ გერმანიაში. ამ მხარეში ეკლესიებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს ამგვარად შემუშავებული რელიგიური განათლების კონცეპციის შესაბამისობა კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-3 პარაგრაფით გათვალისწინებულ რელიგიის სწავლების პრინციპთან. ისინი ითხოვდნენ მეტ მხარდაჭერას საკუთარი კონფესიური სწავლებისთვის. თუმცა ამ თემაზე სამართლებრივი ხასიათის დისკუსია იმდენად კომპლექსური გამოდგა, რომ უზენაესმა სასამართლომაც კი კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნულ საკითხზე.

 

გერმანიაში რელიგიური განათლების კუთხით არაერთგვაროვან მდგომარეობას ბერლინის მაგალითი განსაკუთრებით ასახავს. ამ ქალაქში რელიგიური განათლება წარსულში თითქმის არ არსებობდა. თანდათან ზოგიერთ რელიგიურ გაერთიანებას მიეცა სკოლაში შემოსვლის შესაძლებლობა, რომლებიც მცირე დაფინანსებასაც კი ღებულობენ მთავრობისგან. მაგრამ ეს გაკვეთილები სასკოლო საგნებისთვის გათვალისწინებული საათების შემდეგ იქნა მოთავსებული. ბერლინის მულტიკულტურული გარემოს გავლენით ამ ქალაქის სკოლებში არსებობს ასევე გაკვეთილები ისლამისა და ბუდიზმის შესახებ. ათეისტთა კავშირმაც გაუკეთა ორგანიზება მკაცრად სეკულარული ეთიკის შესახებ გაკვეთილებს სკოლებში. ამრიგად, ბერლინის ვითარება საკმაოდ განსხვავებულია გერმანიის სხვა მხარეების მდგომარებისგან და ის ნაკლებად მოდის კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში, მაგრამ ბერლინი საკუთარ თავში პლურალიზმის დინამიკას ასახავს.

 

შვეიცარიაში არავითარი საკონსტიტუციო რეგულაცია არ არსებობს რელიგიურ განათლების შესახებ. განათლების სისტემაზე პასუხისმგებელნი არიან ლოკალური მთავრობები - ფედერალური ერთეულები ანუ კანტონები (შვეიცარიაში სულ 26 კანტონია).

 

ქვეყნის სხვადასხვა მხარეში განსხვავებული რელიგიური ტრადიცია და ისტორია არსებობს. შესაბამისად, თითოეულ კანტონში გვაქვს ან კონფესიური ან არაკონფესიური რელიგიური განათლების მოდელი. მიუხედავად კანტონების განსხვავებული ტრადიციებისა, ბოლო ათი წლის მანძილზე რელიგიური განათლება შვეიცარიის საჯარო სკოლებში საერთო მიმართულებით ვითარდება: სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო რელიგიური განათლების ორგანიზებაში. სახელმწიფო ქმნის კონცეფციას, აწყობს ტრენინგებს მასწავლებლებისთვის, ქმნის სახელმძღვანელოებს. ზოგიერთ კანტონში შეინიშნება სკოლებში რელიგიის უფრო ნეიტრალურად სწავლების ტენდენციის გაძლიერება. მაგ., ციურიხის კანტონის სკოლების მაღალ კლასებში მანამდე არსებული კონფესიური რელიგიური განათლების მოდელი დღეს შეცვლილია „რელიგიისა და კულტურის“ სწავლებით. ამ ცვლილებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში კანტონის განათლებაზე პასუხისმგებელი საბჭო შემდეგს აცხადებდა: „დღეს ჩვენ პლურალისტულ, მულტიკულტურულ და მულტირელიგიურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც შესაძლებელი უნდა იყოს განსხვავებულ მსოფლმხედველობათა თანაარსებობა. ამგვარი ინტეგრაციისთვის დენომინაციური რელიგიური განათლების მოდელი ძალზედ ვიწროა. ამ საგანმა საშუალება უნდა მისცეს მოსწავლეებს სხვადასხვა რელიგიისა და კულტურული ფესვების გაცნობისა“.

 

ბრიტანეთს , როგორც ცნობილია, კონსტიტუცია არ გააჩნია. 1870 წელს დოკუმენტში British Elementary Education Act ლიბერალური პოლიტიკური პარტიის წევრის,  ბარონ ქოუფერ თემპლის ძალისხმევით ჩაიწერა შემდეგი ფრაზა: „სკოლები თავისუფალი უნდა იყოს ამა თუ იმ დენომინაციის მიერ განხორციელებული რელიგიური კატეხიზაციისგან“. მისი სურვილი იყო საგანმანათლებლო პოლიტიკა თავისუფალი ყოფილიყო ყოველგვარი კონფესიური გავლენისგან და თუკი სკოლებში მაინც არსებობდა ლოცვის წარმოთქმის წესი, ამას ფორმალური ხასიათი უნდა ჰქონოდა, ყოველგვარი კონფესიური კონოტაციისა და კონტექსტის გარეშე.

 

1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის მკაცრად კონსერვატული მთავრობის პირობებში ანგლიკანური ეკლესიის პოზიცია გაძლიერდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შემუშავდა რელიგიური განათლების ინტერრელიგიური კონცეპცია, რომლითაც გათვალისწინებული იქნა როგორც ანგლიკანური ეკლესიის პოზიცია, ისე რელიგიური პლურალიზმის მოთხოვნები. ამრიგად, ქვეყანაში ლოკალურ საგანმანათლებლო ადმინისტრაციულ ერთეულებში შედიან ანგლიკანური ეკლესიის, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფისა და მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლები. სწორედ ამ ლოკალურ დონეზე იწერება რელიგიური განათლების კურიკულუმები.

 

რელიგიურ განათლებასთან დაკავშირებით შესაბამის საკანონმდებლო აქტში აღნიშნულია: „დიდ ბრიტანეთში რელიგიური ტრადიციები უმთავრესად ქრისტიანულია. ეს კი ასახული უნდა იყოს სილაბუსშიც. თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრიტანეთში არსებული სხვა რელიგიების სწავლება და პრაქტიკაც. სილაბუსის მიზანი არ უნდა იყოს მოსწავლეებისთვის ამა თუ იმ რელიგიაზე მოქცევა და ინდოქტრინაცია“ (Education Reform Act, 1988).

 

ავსტრიასა და ბელგიაში კონფესიური რელიგიური განათლება არ დაიყვანება მხოლოდ კათოლიციზმის ან პროტესტანტიზმის სწავლებაზე, რადგან ისწავლება ასევე მართლმადიდებლობა, იუდაიზმი, ისლამი, ბუდიზმი და სხვა აღმსარებლობები. მოსწავლეებს შეუძლიათ არ დაესწრონ რელიგიის გაკვეთილს და მათ ნაცვლად აირჩიონ ალტერნატიული საგნები, მაგ, ეთიკა ან ფილოსოფია.

 

ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში, სადაც მოსწავლეებს არ აქვთ რელიგიის გაკვეთილებზე (რომელსაც არაკონფესიური ხასიათი აქვს) არდასწრების უფლება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს უფლება ეძლევა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეს. ამგვარი მიდგომით ნარჩუნდება სახელმწიფოს ნეიტრალობა და დაცულია რელიგიის თავისუფლების უფლება.

 

საინტერესოა ასევე რუსეთში განვითარებული მოვლენები რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით. 1997 წელს რუსეთის ეკლესია ცდილობდა საჯარო სკოლებში შემოეღო საგანი „რუსეთის მართლმადიდებლური კულტურის ისტორია“. მაგრამ ოპონენტებს მიაჩნდათ, რომ ეს დაარღვევდა სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯნულობის პრინციპს და ამიტომ აღნიშნულმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. 2002-3 წლებში ამ საკითხზე დებატებმა მეტი სიმწვავე შეიძინა, როცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვ. ფილიპოვის მხარდაჭერით ა.ვ. ბოროდინამ სახელმძღვანელო „მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლები“ წარმოადგინა. ოპონენტებმა მინისტრი ფილიპოვი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და მართლმადიდებელი ეკლესიის ცალმხრივ მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. საეკლესიო ხელისუფლებამ და სახელმძღვანელოს სხვა მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საბჭოთა პერიოდის მსგავს ანტი-რელიგიურ კამპანიას. საბოლოოდ, მიტროპოლიტმა კირილე გუნდიაევმა (ამჟამინდელი პატრიარქი) შეარბილა ბოროდინას სახელმძღვანელოს კატეგორიული მხარდაჭერა და მასში სხვა რელიგიების შესახებ ინფორმაციის შეტანას დათანხმდა. ამჯერად მუსლიმებისა და იუდეველების მხარდაჭერით აღნიშნულმა სახელმძღვანელომ პოზიციები გაიმყარა.

 

2007 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა ღია წერილი მისწერეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით. წერილის ავტორთა აზრით, მართლმადიდებელი ეკლესიის ქმედებები ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის „კლერიკალიზაციის“ მაგალითი იყო, რაც წარმოადგენდა კონსტიტუციის დარღვევას.

 

პროტესტი გამოხატეს რუსეთში მცხოვრები იმ რელიგიის წარმომადგენლებმაც, რომელთა სარწმუნოების შესახებაც არაფერი არ იყო ნათქვამი სახელმძღვანელოში. პროტესტანტული ეკლესიები აცხადებდნენ, რომ ეს სასკოლო საგანი დისკრიმინაციულია და „მართლმადიდებლობის პოზიციებს ამყარებს უმცირესობების ხარჯზე“. მათგან განსხვავებით კათოლიკები და იუდეველები  ამ ახალ პროგრამას მხარს უჭერდნენ.

 

2010 წელს განათლების სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც გულისხმობდა ახალი საგნის „რელიგიური კულტურებისა და სეკულარული ეთიკის“ შემოღებას სკოლებში. პროგრამის პილოტირება მე-4 და მე-5 კლასელი მოსწავლეებისთვის რუსეთის ფედერაციის 19 რეგიონში დაიწყო. მოსწავლეებსა და მშობლებს საშუალება აქვთ აირჩიონ ექვსი განსხვავებული კურსიდან, რომელიც გულისხმობს რუსეთის ოთხი მთავარი რელიგიის: მართლმადიდებლური ქრისტიანობის, ისლამის, ბუდიზმისა და იუდაიზმის სწავლებას. ასევე კურსებს მსოფლიო რელიგიებსა და სეკულარულ ეთიკაში. მომავალში დაგეგმილია ამ სამწლიანი ექსპერიმენტული პროგრამის გავრცელება მთელს რუსეთის ფედერაციაში.

 

აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების (1791 წ.) თანახმად, „კონგრესს არ შეუძლია მიიღოს, ერთის მხრივ, კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო რელიგიის დადგენას და, მეორეს მხრივ, ასევე კანონი, რომელიც შეზღუდავს აღმსარებლობის თავისუფლებას“. ამ ჩასწორებით ფაქტიურად ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს.

 

ცნობილია, რომ 1962 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საჯარო სკოლებში ლოცვა და ქადაგება აკრძალა (იხ. საქმე Engel v. Vitale), რადგან ის კონსტიტუციის პირველი შესწორების საწინააღმდეგოდ მიიჩნია. ასევე აიკრძალა გაკვეთილის დაწყების წინ ბიბლიიდან ნაწყვეტების კითხვა. თუმცა უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია საჯარო სკოლებში ბიბლიის შესწავლა როგორც ლიტერატურული ძეგლისა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა სკოლამ სასწავლო საგანთა შორის ბიბლიის შემსწავლელი კურსი მაინც შემოიღო, რომელიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლეთა დასკვნით, ეს არის შენიღბული მცდელობა ბიბლიის ერთი კონკრეტული აღქმის/გაგების სწავლებისა.

 

თუმცა აშშ-ში საჯარო სკოლის მოსწავლეებს აქვთ უფლება რელიგიური (ასევე სხვა სახის) კლუბების შექმნისა და სასწავლო საათების შემდეგ მსგავსი კურსების მოწყობისა, რომელზეც შეუძლიათ თუნდაც სასულიერო პირის მოწვევა გაკვეთილის ჩასატარებლად ან ლოცვისთვის ან რელიგიური შინაარსის ფილმების ჩვენებისთვის. მოსწავლეებს ამისათვის შეუძლიათ გამოიყენონ სკოლის შენობის და სკოლის ტექნიკური აღჭურვილობა. სხვა სიტყვებით, იმისათვის, რომ აშშ-ს კონსტიტუცია არ დაირღვეს, საჯარო სკოლების სასწავლო საათებში რელიგია (მათ შორის ბიბლიაც) უნდა ისწავლებოდეს აკადემიურად, უნდა ხდებოდეს ნებისმიერი რელიგიური იდეის შინაარსისა თუ წეს-ჩვეულების წარმოშობის კრიტიკული კვლევა და განხილვა.

 

 

სახელმწიფოს ნეიტრალობა

 

დასავლეთის ქვეყნები ნეიტრალობის შენარჩუნებას ცდილობენ საგანმანათლებლო სისტემაში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით. ისინი მხოლოდ გარკვეულ რეგულაციებს მიმართავენ ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების სკოლასთან ურთიერთობის დროს.

 

ზოგიერთი ავტორის განსაზღვრებით, რელიგიური განათლებასთან დაკავშირებით არსებობს ორი სახის ნეიტრალობა: პირველი შეიძლება დახასიათდეს, როგორც პასიური სახელმწიფო მოდელი - სახელმწიფო საერთოდ არ ერევა რელიგიურ სფეროში. მეორე კი როგორც რეგულაციური მოდელი - სახელმწიფო თავს შორს იჭერს რელიგიური შინაარსის აქტივობისგან, თუმცა რელიგიური აქტორების ქმედებების რეგულაციას ახდენს. ნეიტრალობის შენარჩუნება, ერთი მხრივ, ამცირებს სახელმწიფოს გავლენას რელიგიაზე და, მეორე მხრივ, რელიგიის გავლენას სახელმწიფოზე.

 

მსგავსი რეგულაცია გვაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამის კარგი ილუსტრაციაა, მაგ., ზემოთნახსენები ინგლისელი ქოუფერ თემპლის მიერ ჯერ კიდევ 1870 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, „სკოლები თავისუფალი უნდა იყოს ამა თუ იმ დენომინაციის მიერ განხორციელებული რელიგიური კატეხიზაციისგან“. ამგვარი ფორმულირება ნაყოფიერი აღმოჩნდა ინგლისის რელიგიური განათლების ისტორიაში. ასევე სიტყვათშეთანხმებამ „არაკონფესიური რელიგიური განათლება“ (ანუ რელიგიის შესახებ სწავლება) მნიშვნელოვნად განაპირობა შვეიცარიის საგანმანათლებლო სისტემის ნეიტრალობა რელიგიის სწავლების საკითხის მიმართ. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიც კი თანხმდებიან იმაზე, რომ არაკონფესიური რელიგიური განათლება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

 

სახელმწიფო საზღვრავს საგანმანათლებლო პოლიტიკას, მაგრამ დავას იწვევს საკითხი იმის შესახებ თუ როგორ და რა დოზით არის სახელმწიფოს პრეროგატივა კურიკულუმში რელიგიური საკითხების შეტანა და მათი ფორმულირება. დღესდღეობით დასავლეთის ქვეყნებში რელიგიური განათლება მოკრძალებული საგნის სახითაა წარმოდგენილი სკოლებში. სახელწმიფოს შეუძლია დააბრკოლოს ან წაახალისოს რელიგიური გაერთიანებების აქტივობა სკოლებში. რელიგიური განათლებასთან დაკავშირებული საკითხები ქვეყნის რელიგიური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ სეკულარული სახელმწიფოები ამჯობინებენ მხოლოდ რეგულაციური ფუნქციებით შემოიფარგლონ და შეინარჩუნონ მშვიდობა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ ამ უკანასკნელთ აძლევენ უფლებას ორგანიზება გაუკეთონ რელიგიურ-შემეცნებით გაკვეთილებს საჯარო სკოლებში (როგორც წესი, სასკოლო კურიკულუმით გათვალისწინებული საგნების დასრულების შემდეგ ანუ დღის მეორე ნახევარში).

 

ამრიგად, სეკულარული სახელმწიფოს სასკოლო განათლების სისტემა ვერ იქნება მიჩნეული ანტირელიგიურად, რადგან გარდა საჯარო სკოლებში დაშვებული არაკონფესიური ხასიათის რელიგიის გაკვეთილებისა (და კონფესიური გაკვეთილებისა საღამოობით), სახელმწიფო ასევე უშვებს კერძო სკოლების არსებობასაც, რომლებიც ამა თუ იმ კონფესიის მიერაა დაფუძნებული (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთ სკოლების რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მაგ., საფრანგეთსა და ნიდერლანდებში). ასეთ კერძო სკოლებს დაფინანსების მიღებაც კი შეუძლიათ სახელმწიფოსგან.

 

რელიგიის სწავლების სტანდარტიზაცია

 

დენომინაციურად ორიენტირებული რელიგიური განათლება უფრო მოსწავლეთა იდენტობის ფორმირებისკენაა მიმართული (რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში, სწორედ რელიგიური იდენტობა იგულისხმება). არაკონფესიური სწავლება კი სხვადასხვა რელიგიის შესახებ ბაზისური და დაბალანსებული ცოდნის, ინფორმაციის მიღებაზეა ორიენტირებული. როგორც იკვეთება, თითოეულ ქვეყანაში სასკოლო რელიგიური განათლება საკუთარ თავში ასახავს ქვეყნის მდგომარეობას რელიგიური მრავალფეროვნებისა და საზოგადოებაში გაბატონებული ტენდენციების მიხედვით.

 

არის თუ არა განათლების მიზანი ბავშვის სულიერ-ზნეობრივი აღზრდა? თუ პასუხი დადებითია, მაშინ ჩნდება მომდევნო შეკითხვა: როგორ უნდა განხორციელდეს ეს სასკოლო განათლების ფარგლებში? ამასთან განათლების უპირველესი მიზანია განსხვავებული რელიგიური მრწამსისა და მსოფლმხედველობის ადამიანების პატივისცემის სწავლება. რელიგია არ გამქრალა ევროპაში, ის სახეცვლილი ფორმით განაგრძობს არსებობას. თანამედროვე ადამიანი შეიძლება არ მიაკუთვნებდეს თავს რომელიმე ინსტიტუციონიზირებულ რელიგიას, მაგრამ ის შინაგანად ხშირად სწორედ რელიგიური რჩება. ამრიგად, რელიგიურობა კვლავ ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელია. დასავლურ საზოგადოებებში არცერთი რელიგია აღარ არის ექსკლუზიურ ვითარებაში საჯარო არენაზე (საჯარო სკოლების სივრცის ჩათვლით). საკლასო ოთახებში პლურალური გარემო მთელი სისრულით მკვიდრდება და სულ უფრო მეტი მასწავლებელი ხდება მგრძნობიარე იმ მოსწავლეებისადმი, რომლებსაც განსხვავებული რწმენა აქვთ.

 

რელიგიის განათლებაზე მომუშავე სპეციალისტთა შორის არსებობს დავა იმის შესახებ თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხიანი რელიგიური განათლება ყველა ქვეყანაში, მიუხედავად ამ ქვეყნების სპეციფიკური მდგომარეობისა. ფრიდრიხ შვეიცერმა ასეთი საერთაშორისო სტანდარტის განმაპირობებელი 5 მთავარი პრინციპი შემოგვთავაზა:

 

რელიგიის სწავლება უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი განათლების კრიტერიუმებს (საგანმანათლებლო ხარისხი);

რელიგიის სწავლება უნდა შეესაბამებოდეს საჯარო სივრცის ნორმებს (დამხმარე ფუნქცია ზოგადი განათლებისთვის);

რელიგიური განათლება უნდა მოიცავდეს ინტერდენომინაციულ და ინტერრელიგიურ სწავლებას, რომელიც შეესაბამება მრავალ ქვეყანაში მზარდად პლურალისტულ მდგომარეობას (დიალოგურობაზე ორიენტირება; მშვიდობისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა);

რელიგიის სწავლება უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის უფლებას მიიღოს რელიგიური განათლება (ბავშვზე ორიენტირება);

რელიგიის მასწავლებლები უნდა იყვნენ პროფესიონალები და ჰქონდეთ შესაბამისი და მაღალი აკადემიური გამოცდილება (პროფესიონალური სწავლება).

 

შესაძლოა, ეს არ იყოს ამგვარი პრინციპებისა სრული სია, თუმცა ის ძალზედ საჭირო ფუნდამენტია ზოგადი სტანდარტის შესაქმნელად, რომელიც ყველა ქვეყანაში წარმატებით იმუშავებს.

 

ამრიგად, დისკუსია მიმდინარეობს და ის მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს თუ როგორ გაუმჯობესდეს რელიგიის სწავლება სკოლებში, მაგრამ სპეციალისტები ნაკლებად დავობენ უკვე იმის შესახებ, საჭიროა თუ არა საერთოდ რელიგიური განათლება სკოლებში. კვლევები (იხ. REDCo research project, 2008) ადასტურებს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გარკვეული (ობიექტური) ცოდნა აქვთ მიღებული სხვადასხვა რელიგიაზე, უფრო ტოლერანტულები არიან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც არავითარი ინფორმაცია არ აქვთ მათ შესახებ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რელიგიური განათლება ხელს უწყობს განსხვავებული კულტურებისადმი ინკლუზიური დამოკიდებულების განვითარებას ბავშვებში.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

სკოლა და რელიგია აშშ-ს გამოცდილების საფუძველზე

ზაალ ჯუღელი

 

სახელმწიფომ  რომ რელიგიური ტოლერანტობის გარანტირება შეძლოს და  კონსტიტუციური პრინციპების ერთგული დარჩეს,  იგი აუცილობლად ნეიტრალური უნდა იყოს სხვადასხვა რელიგიებისადმი, სხვადასხვა აღმსარებლობებისადმი.  

 

სახელმწიფოს  არ შეუძლია გამოარჩიოს და მხარი დაუჭიროს მორწმეუნეებს ისევე როგორც არ შეუძლია, მხარი დაუჭიროს სარწმუნოებისგან, რელიგიისგან შორს მდგარ ადამინებს.

 

ამავე დროს სახელმწიფო ზოგადად რელიგიისადმი, როგორც ასეთისადმი, მტრულად არ უნდა იყოს განწყობილი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომლებსაც რელიგიის დევნისა და შეზღუდვის  სამოცდაათწლიანი მძიმე გამოცდილების ტვირთი აწვეთ.  

 

ამ უმთავრეს პრინციპებზე უნდა იყოს აგებული რელიგიასთან დამოკიდებულება საჯარო სკოლებშიც.

 

საჯარო სკოლებმა რელიგიის მნიშვნელობის იგნორირება არ უნდა მოახდინონ. სხვაგვარი დამოკიდებულების გამოვლენა, ნიშნავს უარის თქმას შესაძლებლობაზე, შეიმეცნო და დაიცვა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა.

 

დღესდღეობით არსებობს, როგორც მინიმუმ, ხუთი უმნიშვნელოვანესი  საკითხი, რომლებიც სკოლისა და რელიგიის ურთიერთმიმართებასთანაა დაკავშირებული.

 

1)      როგორ უნდა იყოს  წარმოდგენილი სკოლაში რელიგია, როგორც სასწავლო საგანი;

2)      რა ტიპისა და ხასიათის რელიგიური საქმიანობა შეიძლება იყოს წარმოდგენილი და დაშვებული სკოლაში;

3)      რა ზომითა და ხარისხით შეუძლიათ სახელმწიფო სკოლებს, დაუშვან საქმინობა, რომელიც საკუთარი მოსწავლეებისა და მათი მშობლების რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებთანაა დაკავშირებული;

4)      როგორ უნდა ისწავლებოდას სკოლაში ღირებულებები;

5)      როგორ უნდა უზრუნველყონ სკოლებმა რელიგიური ტოლერანტობა.

 

პირველი. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ სკოლის პედაგოგები და ადმინისტრატორები  სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან და არც  ვინმეს უნდა აუკრძალონ რწმენის გამოხატვა და არც მხარი დაუჭირონ მოსწავლეთა რელიგიური ხასიათის საქმიანობას. ისინი ზუსტად ასევე არ უნდა ემხრობოდნენ და არც  დაბრკოლებებს უქმნიდნენ  ანტირელიგიური ხასიათის საქმინობასაც.

 

რელიგიების შესახებ ცოდნის მიწოდება აუცილებელია სრული, ყოველმხრივი განათლებისათვის. თუკი ადამინი კარგად ერკვევა და გათვითცნობიერებულია ლიტერატურის, ხელოვნების, ისტორიის, მუსიკის დარგებში, მაგრამ ამავდროულად წარმოდგენასა და შინაარსობრივ გაგებასაა მოკლებული იმის თაობაზე, თუ მთელი ისტორიის განმავლობაში, რა გავლენას ახდენდა  რელიგია მათ განვითარებაზე, მაშინ ასეთი ადამიანი თამამად შეგვიძლია უწიგნურად, გაუნათლებელად მივიჩნიოთ. მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად, აუცილებლად  უნდა ვაღიაროთ, პრინციპი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ნეიტრალური უნდა იყოს ამა თუ იმ რელიგიისადმი და სკოლისა და რელიგიის გამიჯვნა მოითხოვს, რომ პედაგოგებმა საკუთარი რელიგიური შეხედულებები  თავს არ მოახვიონ  მოსწავლეებს.

 

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სახელმწიფო პროგრამა არ უნდა იყოს იმგვარად შედგენილი, რომ ხელი შეუწყოს რელიგიური წარმოადგენებისა და შეხედულებების დამკვიდრებას ანდა, პირიქით, მათი აკრძალვისკენ იყოს მიმართული. მასწავლებელებს მკაფიოდ უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული და შეგნებული ის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომელიც თან სდევს რელიგიის შესახებ სხვადასხვა ცნობების მიწოდებასა და რელიგიური (კონფესიური) სწავლების გამიჯვნას

 

ამ პრობლემის საილუსტრაციოდ გამოდგება 1988 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 17 რელიგიური გაერთიანებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომელშიც ახსნილია  განსხვავება ზოგადად, რელიგიის შესახებ  ცოდნის გადაცემასა  და კონკრეტულად რელიგიური მოძღვრების სწავლებას შორის. მასში ნათქვამია, რომ:

 

1)      სკოლის დამოკიდებულება რელიგიისადმი უნდა იყოს შემეცნებითი და არა რელიგიური;

2)      სკოლა უნდა მიისწრაფვოდეს იქითკენ, რომ მოსწავლეები იღებდნენ ცოდნას რელიგიის შესახებ, მაგრამ არავის უნდა აიძულებდეს მიღოს რომელიმე რელიგია, აღიაროს რომელიმე რელიგიური მოძღვრების ჭეშმარიტება;

3)      სკოლა შესაძლებელია, მხარს უჭერდეს რელიგიის შესწავლას, მაგრამ არ უნდა უჭერდეს მხარს ამა თუ იმ რელიგიის პრაქტიცირებას;

4)      სკოლამ შესაძლოა რელიგიური იდეებისა და შეხედულებების მთელი მრავალფეროვნება წარმოუჩინოს მოსწავლეებს, მაგრამ მას არ შეუძლია მოსწავლეს თავს მოახვიოს არცერთი მათგანი;

5)      სკოლამ შეიძლება მიაწოდოს მოსწავლეს ცოდნა რელიგიის შესახებ, მაგრამ არ უნდა ეწეოდეს არც ერთი რელიგიის პროპაგანდას, ისევე როგორც არ შეუძლია, უარყოს რომელიმე მათგანი;

6)      სკოლა შეიძლება ახორციელებდეს მოსწავლეების ინფორმირებას რელიგიების შესახებ, მაგრამ არ უნდა მიისწრაფვოდეს იქითკეთ, რომ დაარწმუნოს ისინი რომელიმე  სარწმუნოების ჭეშმარიტებასა თუ მცდარობაში.

 

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკაში საერო და რელიგიური ჯგუფების გაერთიანებამ მიიღო განცხადება: „რელიგიის თავისუფლება, სახელმწიფო განათლება და ამერიკული დემოკრატიის მომავალი“.

 

ამ განცხადების ხელმომწერთა შორის წარმოდგენილია ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ქრისტეს ეკლესიათა ნაციონალური კავშირი აშშ-ში, ამერიკელ ებრაელთა ასოციაცია, ქრისტიანული განათლების საერთაშორისო ასოციაცია; ნაციონალური სკოლების საბჭოების ასოციაცია.

 

დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად ფორმულირებული იყო შემდეგი პრინციპი, რომელიც სახელმწიფო სკოლებში რელიგიის თავისუფლების საკითს შეეხებოდა. „სახელმწიფო სკოლებს არ შეუძლიათ არც დაამკვიდრონ, არც აკრძალონ ნებისმიერი რელიგია. ისინი უნდა წარმოადგენდნენ ისეთ სივრცეს, სადაც რელიგიასა და რელიგიურ შეხედულებებს სამართლიანად და პატივისცემით მოეკიდებიან.  სახელმწიფო სკოლები  უნდა იცავდნენ  კონსტიტუციის პირველ შესწორებას და ნებისმიერი რელიგიის, აღმსარებლობის ან ურწმუნო მოსწავლეების რელიგიის თავისუფლებას. სკოლები სამართლიანობის დემონსტრირებას ახდენენ, როცა ისინი უზრუნველყოფენ სწავლებასა და ცოდნის მიღებას  რელიგიის შესახებ, რაც წარმოადგენს სრული განთლების მნიშვნელოვან და აუცილებელ ნაწილს.“

 

რელიგიების შესწავლა შესაძლებელია ჩართული იყოს სხვადასხვა შემცნებით საგნის შესწავლეის კონტექსტში. დაწყებითი განათლების სივრცეში  რელიგიის შესახებ სწავლება შეიძლება მიმდინარეობდეს ოჯახის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, სხვადასხვა კულტურებისა და დღესასწაულების შესახებ საუბრის კონტექსტში. უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებისათის ამ თემას შეიძლება შევეხოთ სოციალური მეცნიერებების, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, მუსიკისა და შედარებით რელიგიათმცოდნეობის გაკვეთილებზე.

 

მაგრამ ნებისმერ შემთხვევაში, რელიგიის შესახებ საუბარი, აუცილებლად უნდა გაიმართოს კლასში მოსწავლეეების სარწმუნოებრივი კუთვნილებისა და მრავალფროვნების გათვალისწინებით. სწავლებისას, მაშინ, როცა განიხილება რელიგიასთან დაკავშირებული საკითებხები,  არც ერთი მოსწავლე არ უნდა განიცდიდეს ამის გამო დისკომფორტს.

 

მასწავლებლებმა იმგვარად უნდა დაგეგმონ სამუშაო, რომ ყურადღება დაეთმოს როგორც უმრავლესობის,  ასევე უმცირესობათა რელიგიებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ მიწოდებულ იქნას ზუსტი და მხოლოდ და მხოლოდ შემცნებითი ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიის შესახებ. ამისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს,  მასწავლებლების სპეციალური პროფესიული მომზადება.

 

მეორე.  თავისთვად ცხადია, რომ სკოლებში აუცილებელია, ისწავლებოდეს სამოქალაქო ფასეულობები. მაგრამ,  ამ კონტექსტში რელიგიის შესახებ ცოდნის მიწოდება სრულებით განსხვავდება, იმისგან რასაც  რელიგიური ფასეულობების შესახებ სწავლება შეიძლება ვუწოდოთ.

 

არსებობს ძირითადი ფასეულობები, რომლებიც უნივერსალურადაა გაზიარებული, დამოუკიდებლად იმისგან, თუ რომელი რელიგიის აღმსარებელია ესა თუ ის ადამიანი.  ამგვარი სამოქალაქო ფასეულობები სავსებით თავისუფლად შეიძლება ისწავლებოდეს გაკვეთილზე. ამის მიუხედავად მასწავლებლები, რომლებიც  მიმართავენ რელიგიის ავტორიტეტს, როგორც ფასეულობების სწავლების საშუალებას, მაინც შესაძლოა რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, დაარღვიონ რელიგიისადმი ნეიტრალური დამოკიდებულების პრინციპი. ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ფასეულობების სწავლება მიმდინარეობდეს  ამა თუ იმ რელიგიის დამკვიდრების მცდელობის, მხარდაჭერის ან მისი კრიტიკის გარეშე. აუცილებელია, რომ თავიდან იქნას არიდებული ერთი რელიგიის მეორე რელიგიასთან შეპირისპირებაც, რათა მკაცრად იყოს დაცული ერთ-ერთი უმთავრესი ფასეულობა, რელიგიური ტოლერანტობა.

 

სასკოლო ადმინისტრაციას შეიძლება მომხიბვლელად მოეჩვენოს იდეა, მოიწვიოს რომელიმე კონფესიის წარმომადგენელი კლასში პედაგოგიური საქმიანობის განსახორციელებლად, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ამ უკანასკნელმა  ეს შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ  საკუთარი რელიგიური შეხედულებები მოახვიოს თავს მოსწავლეებს, რაც ცხადია, მათი მშობლების ნება-სურვილის საწინააღმდეგო იქნება.

 

გამორიცხული არ არის, რომ სკოლაში ამგვარი პროზელიტიზმი, სრულიად შემთხვევით, სასწავლო პროგრამის ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს და  სახელმწიფოს მიერ მოცემული რელიგიის დაშვებისა და მისი სწავლების გამართლების ნიშნად იყოს აღქმული. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს რელიგია სახელმწიფოს სახელით და მისი მხარდაჭერით გამოდის სასკოლო ასპარეზზე. გამოცდილება გვიჩნებს, რომ  სწორედ ამგვარად წარმოიქმნება ხოლმე არანორმალური კავშირები სახელმწიფოსა და რომელიმე რელიგიურ გაერთიანებას შორის.

 

მესამე.  რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციასა და მასწავლებლის პირად თვითშეგნებას და რწმენას შორის შესაძლებელია, არსებობდეს ძირეული სხვაობა. მაგრამ ყოველეთვის მეტიმეტად ცხადი და მკაფიო უნდა იყოს, რომ პედაგოგის  თვითშეგნება და რწმენა არის მისი პირადი, კერძო  სამყაროს ნაწილი და მას სახელმწიფოს პოზიციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.  რაც შეეხება მოსწავლეებს, ამ შეთხვევაში მათ სახელმწიფო არანაირად არ უზღუდავს სასკოლო სივრცეში  ღიად განაცხადონ საკუთარი რელიგიური რწმენა წარმოდგენების შესახებ.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც  საკმარისად მკაცრადაა გამიჯნული ეკლესია და სახელმწიფო, ნაციონალური კანონმდებლის მიერ დადგენილი იყო ბალანსი მოსწავლეთა რელიგიური უფლებებსა და სახელმწიფო სკოლების პასუხისმგებლობას შორის რელიგიის სფეროში ნეიტრალიტეტის დაცვის თაობაზე.  ამერიკულ კაონონს იმის გათვალისწინებით იღებდნენ, რომ მოსწავლეებისთვის ნებადართული უნდა ყოფილიყო საკუთარი რელიგიური შეხედულებების გამოხატვა სკოლის ტერიოტორიაზე.

 

აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული კანონი, რომელიც მოსწავლეების მიერ რელიგიის თავისუფლად აღსარებასა და გამოხატვას  ეხება, თავის თავში მოიცავს დეტალურად დამუშავებულ მიმართებებს ერთი მხრივ, მოსწავლეებისთვის რელიგიური საქმიანობის დაშვებასა  და მეორე მხრივ,  სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების რელიგიური სახის  მოღვაწეობის ურთიერთგანსხვავების თაობაზე.

 

კანონის თანახმად, მოსწავლეებისთვის  სკოლის  ტერიტორიაზე რელიგიური საკითხების გარშემო დისკუსიებისთვის შეკრების გამართვა ნებადართულია, მაგრამ

 

1)  შეკრებები და შეხვედრები უნდა ატარებდნენ თავისუფალ, ნებაყოფლობით, მოხალისეობრივ ხასიათს და ისინი უშუალოდ  მოსწავლეების მიერ უნდ იყოს ორგანიზებული;

 

2)  სკოლამ მხარი არ უნდა დაუჭიროს ამგვარ ღონისძიებებს და არც უნდა დაასპონსოროს ისინი;

 

3) სკოლის თანამშრომლებს უფლება აქვთ დაესწრონ ასეთ შეკრებებს, მაგრამ არ უნდა მიიღონ მათში რაიმენაირი მონაწილეობა;

 

4) შეკრებებმა და დისკუსიებმა არ უნდა იქონიონ გავლენა სკოლის ცხოვრებასა და სასწავლო პროცესზე, სასწავლო აკადემიურ საქმინობაზე.

 

საერთო პრინციპი კი ისაა, რომ სკოლამ არ უნდა მოიწონოს და არ უნდა შეუწყოს ხელი ნებისმიერი სახის რელიგიურ შეხედულებების დამკვიდრებას. სახელმწიფო სკოლაში არც ერთი მოსწავლე ძალდატანებით მონაწილეობას არ უნდა იღებდეს არანაირ პროცესში, რომელშიც ამა თუ იმ სახით რელიგიის შესახებ სწავლებაა ჩართული.

 

მეოთხე.  ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო სკოლების დღის განრიგით გათვალისწინებულია ე.წ. „გამოთავისუფლებული დრო“, როდესაც მოსწავლეებს შეუძლიათ დატოვონ სასწავლებლის ტერიტორია და  ერთმორწმუნე მოძღვრებისგან სამოძღვრო დარიგება მიიღონ. ამავდროულად, რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ პროგრამას, მთლიანად აგებენ პასუხს მისი ფინანსური უზრუნველყოფის მხარეზე.

 

ამ პროგრამისთვის  „გამოთავისუფლებული დროის“ გამოყოფა დღის განრიგში იმგვარად უნდა იყოს გაიწეროს, რომ შეუძლებელი  იყოს რომელიმე რელიგიის ან რელიგიური მოძრვრებისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერაზე ნებიმიერი სახის მინიშნებაც კი.

 

ამ მეცადინეობებზე დასწრების ან დაუსწრებლობის გამო „გამოთავისუფლებული დროის“ პროგრამებმა არ უნდა დაუშვან ზეწოლა მოსწავლეებზე. ამას გარდა, ნებისმიერი ასეთი პროგრამა ხელს არ უნდა უშლიდეს  კლასში სამუშაო პროცესს და არც დროს უნდა ამცირებდეს, აუცილებელს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ძირითადი სასწავლო საგნები აითვისონ.

 

აშშ-ში მსგავსი პრობლემების თავიდან არიდების მიზნით,  რეკომენდირებულია, რომ „გამოთავისუფლებული დროის“ პროგრამები სასწავლო დღის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ გაიმართოს.

 

მეხუთე.  დაბოლოს, სკოლების მთავარი მიზანი რელიგიური ტოლერანტობის მიღება და დამკვიდრება უნდა იყოს. შეუწყნარებლობის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების დეკლარაციის მეხუთე მუხლი აცხადებს:

 

„ბავშვი დაცული იქნება რელიგიის ან აღმსარებლობის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან. იგი აღზრდილი იქნება ურთიერთგაგების, ტოლერანტობის, ხალხთა შორის მეგობრობის, მშვიდობისა და საყოველთა ძმობის, რელიგიის და რწმენის თავისუფლებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით და იმის სრული გაცნობიერებით, რომ მისი ენერგია  და ნიჭი მან სრულფასოვნად უნდა განავითაროს და  გამოიყენოს.“

 

რელიგიური ტოლერანტობა არ არის მხოლოდ უნივერსალური ღირებულება თვითოეული ჩვენგანისთვის. იგი  ამავდროულად გულისხმობს პასუხისმგებლობასაც:  ჩვენ ეს ფასეულეობა სხვა ადამიანებისთვის  უნდა გვემეტებოდეს. მოექეცი სხვას ისე, როგორც გსურს,  რომ გექცეოდნენ შენ.

 

სახლმწიფო სკოლებში რელიგიის შესახებ სწავლებისას უფლებები, მოვალეობები, სხვისი დაფასება და პატივისცემა წარმოადგენენ ძირითად სამოქალაქო ნორმებს. რელიგიის შესახებ  სწავლება სკოლებში ყურადღების ცენტრში უნდა აქცევდეს პატივისცემასა და ტოლერანტობას ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლისადმი.

 

რელიგიის შესახებ ცოდნის გადაცემა და სამოქალაქო ღირებებულებების სწავლება სახელმწიფო სკოლებში არ უნდა თესავდეს ურთიერთგაუცხოებას მოსწავლეთა შორის.

 

სკოლამ არ უნდა დაუთმოს მეტი ყურადღება რომელიმე რელიგიას სხვა რელიგიასთან შედარებით. რელიგია უნდა ისწავლებოდეს იმგვარი სახით, რომ არც ერთი მოსწავლე მისი ან მისი მშობლების რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, არ გრძნობდეს თავს დამცირებულად, უფლებაშელახულად.

 

ნებიმიერი მოსწავლე სკოლაში უნდა იზრდებოდეს  იმ გარემოში და იმგვარი სულისკვეთებით, რომ მას ჰქონდეს მისი თანაკლასელების რელიგიური შეხედულებებისადმი მეტი პატივისცემა, იმის მიუხედავად, ეს შეხედულებები უმცირეობათა რელიგიებს მიეკუთვნება  თუ უმრავლესობისას.

 

თუკი ეს პრინციპები სრულფასოვნად იქნება დაცული, მაშინ ამის შედეგი უფრო მყარი სამოქალაქო ნაციონალური ერთობა იქნება. სახელმწიფო, რომლის მოქალაქეები პატივს სცემენ ნებისმიერს, მათი რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რომელიმე სხვა საფუძველზე სერიოზული განხეთქილების წინაშე აღმოჩნდეს.

 

სახელმწიფო სკოლების მართებულმა დამოკიდებულებამ რელიგიისადმი, შესაძლებელია  ფასდაუდებელი დახმარება გაუწიოს ერთი მხრივ, ადამინის პიროვნების და მეორე მხრივ, ნაციონალური ერთიანობის განვითარებას.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share