Guest Merlin Posted 16 მარტი, 2021 Posted 16 მარტი, 2021 1950-იან წლებში სამხრეთ კორეა უღარიბესი ქვეყანა იყო. მოსახლეობის დაახლოებით 60% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე $64-ს შეადგენდა. დღეს სამხრეთ კორეა ერთ-ერთია ოთხი „აზიური ვეფხვიდან“. მისი ეკონომიკა $1.6 ტრილიონია და მშპ ერთ სულ მოსახლეზე $31 846-ზე მეტია. ქვეყანამ განვითარების სწრაფი, მაგრამ რთული გზა განვლო. სამხრეთ კორეის ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა სახელმწიფოს ჩარევას. ქვეყანა პირველ ადგილზე აყენებდა ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ერიდებოდა. მსხვილი კომპანიები სესხებს სახელმწიფოსგან იღებდნენ. შემოსავლები მეტწილად თანაბრად ნაწილდებოდა. შედეგად, განვითარების მაჩვენებელიც თანაბარი იყო. აღსანიშნავია, რომ ბიზნესში სახელმწიფოს მნიშვნელოვან ჩარევას დასავლეთის ქვეყნები არ მიიჩნევენ სწორ მიდგომად. სამხრეთ კორეის უსწრაფეს განვითარებას საფუძველი ჩაუყარა პრეზიდენტმა პაკ ჩუ ჰიმ 1962-1977 წლებში. იგი ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა და თავისი მმართველობის სტილს „ადმინისტრაციულ დემოკრატიას“ უწოდებდა. ჩუ ჰიმ აქტიურად დაიწყო მუშაობა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაზე. სამხრეთ კორეის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა ექსპორტის გასაზრდელად. ფუძნდებოდა სახელმწიფო კომპანიები, ხოლო მსხვილ კერძო ბიზნესს მთავრობა სხვადასხვა სახის სუბსიდიასა და საგადასახადო შეღავათებს სთავაზობდა. აქცენტი კეთდებოდა არა მრავალი მცირე ბიზნესის წარმოშობაზე, არამედ მსხვილი ბიზნესის განვითარებაზე. ამ მსხვილ კომპანიებს „ჩებოლები“ ერქვათ. ისინი იაფად, მაგრამ ძალიან ხარისხიანად აწარმოებდნენ ინდუსტრიულ პროდუქციას, ნერგავდნენ ინოვაციებს და ზრდიდნენ ექსპორტს, რის გამოც კიდევ უფრო დიდ დახმარებებს იღებდნენ სახელმწიფოსგან. სწორედ „ჩებოლების“ შთამომავლები არიან Samsung, Hyundai, LG. განათლება ქვეყანაში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოცხადდა და აქტიურად დაიწყო ამ სფეროში რეფორმების გატარება. ძალიან დაფასებული გახდა მასწავლებლის პროფესია. მათი ანაზღაურება გაუტოლდა არმიის კაპიტნების ხელფასს. თუ 1945 წლის მონაცემებით, წერა-კითხვა საზოგადოების მხოლოდ 22%-მა იცოდა, 1970 წელს ეს მაჩვენებელი 87.6%-მდე გაიზარდა. დღემდე სამხრეთ კორეელების დიდი ნაწილი ინჟინერიისა და მრეწველობის სფეროებში იღებს განათლებას. ყოველი 1000 დასაქმებული ადამიანიდან 13 მეცნიერია, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ქვეყნის განვითარების მთავარ ფაქტორებზე და გვიჩვენებს მის დიდ სამომავლო პოტენციალს. სამხრეთ კორეელებს სჯერათ, რომ ადამიანურ რესურსში ინვესტირება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესში. ამიტომ ყოველწლიურად ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ განათლებაზე. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის წარმატებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. 1946-1978 წლებში აშშ-მა მას დაახლოებით $60 მილიარდის ოდენობის დახმარება გაუწია, ისევე, როგორც დღემდე ეხმარება ჩვენს ქვეყანასაც. აღსანიშნავია, რომ აშშ და ევროკავშირი, სხვადასხვა მიმართულებით, დიდ დახმარებას უწევენ საქართველოს. მაგალითად, 1992 წლიდან 2020 წლის ჩათვლით საქართველომ ამერიკისგან $4 348 400 000 მიიღო დახმარების სახით. რაც შეეხება ევროკავშირს, იგი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს საქართველოს დასახმარებლად. Time Out2000-იანი წლების დასაწყისიდან სამხრეთ კორეამ დიდი ყურადღება მიაქცია ტურიზმის განვითარებასაც და ის ნელ-ნელა ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა. დიდი ხნის განმავლობაში სამხრეთ კორეა მხოლოდ სხვა აზიელი ტურისტებისთვის იყო საინტერესო ქვეყანა, ისევე, როგორც საქართველოს ძირითადი სტუმრები მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან. თუმცა, სახელმწიფოს დიდი ჩართულობითა და ძალისხმევით, კორეამ ტურიზმიც განავითარა და საკუთარი კულტურა მსოფლიოს გააცნო. 2019 წელს ქვეყანას 17.5 მილიონი ტურისტი ეწვია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის „ჰალიუს“, ანუ „კორეულ ტალღას“, რაც სამხრეთ კორეული პოპმუსიკისა და ტელესერიალების პოპულარობის ზრდას გულისხმობს. დღეს სამხრეთ კორეა, ხელისუფლების დამსახურებით, ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურული ექსპორტის მქონე ქვეყანაა. 2019 წლის მონაცემებით, ტურისტების მიერ ყოველწლიურად დახარჯული თანხიდან $1.1 დოლარი პირდაპირ კავშირშია „ჰალიუსთან“, ხოლო „ჰალიუ“ ტურიზმი მთლიანი ტურიზმის 55.3%-ს შეადგენს. სამხრეთ კორეის განვითარების გზა, რა თქმა უნდა, სავსე იყო გამოწვევებით. რთული ვითარება ინდუსტრიალიზაციის პერიოდშიც გრძელდებოდა. უზარმაზარი ეკონომიკური მიღწევების პარალელურად ქვეყანა ებრძოდა ავტორიტარულ რეჟიმებს, აყვავებულ კორუფციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. იყო არაერთი პოლიტიკური დაპირისპირება, რასაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყანა უმკლავდებოდა ტერიტორიულ დავებს და, ომის საფრთხის მიუხედავად, აგრძელებდა განვითარებას. ის პრობლემები, რაც სამხრეთ კორეას ჰქონდა, დიდი ხანია საქართველოშიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, მიზნებისკენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეამ 20 წელში შეძლო ის, რისთვისაც ბევრ ქვეყანას საუკუნეები დასჭირდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ერთი კონკრეტული ქვეყნის განვითარების მოდელი ზუსტად მოარგო მეორეს, თუმცა, წარმატების ისტორიებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. The post სამხრეთ კორეის ეკონომიკური სასწაული: გაკვეთილები საქართველოსთვის appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა