Guest Merlin Posted 14 იანვარი, 2021 Posted 14 იანვარი, 2021 ტანსაცმლის წარმოებას საქართველოში უძველესი ისტორია აქვს. ქართული მოდა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ორიგინალური სტილით. მან ბევრი ეტაპი გამოიარა. ძველად, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ხარისხიანი ნაჭრების შოვნა. მიუხედავად ამისა, ქართველი ქალები, განსაკუთრებით კი ბომონდის წარმომადგენლები მაინც ახერხებდნენ გემოვნებით ჩაცმას. მე-19 საუკუნის მიწურულს, თბილისი მრავალეროვანი ქალაქი იყო. აღმოსავლური და დასავლური კულტურის მოტივები ერთმანეთს ერწყმოდა, რამაც გავლენა ქართულ სამოსზეც მოახდინა. თუ მანამდე საქართველოში ძირითადად ადგილობრივად დამზადებული ქსოვილი გამოიყენებოდა, XIX საუკუნიდან მზა მასალის აქტიური იმპორტი დაიწყო, რამაც ადგილობრივ წარმოებას ხელი შეუშალა. უცხოური მზა ნაწარმის პირველი მომხმარებლები, ქალაქის მაღალი წოდების, ბომონდის წარმომადგენლები იყვნენ. ევროპული და რუსული ტანსაცმელი უფრო კომფორტული და ადვილად სახმარი იყო, ვიდრე ქართული, რომლის შეკერვაც, თავისი რთული შემადგენლობით, საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ამიტომ, საქართველოში მოდის ახალი ტენდენცია დამკვიდრდა. ამ ყველაფერმა ჩვენს ქვეყანაში მოდური ტენდენციების განვითარებას შეუწყო ხელი. ხმარებიდან გაქრა შეიდიში, ახალუხი, ქოშები. ქართული თავსაბურავები შედარებით დიდხანს შემორჩა, შემდეგ ჩიხტიკოპი შლაპამ ჩაანაცვლა. ქართული ნაციონალური კაბები – ახალი მოდის კაბებმა, რომელიც დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც იმ დროის გერმანიასა და საფრანგეთში ეცვათ.. მოდური ტანსაცმლის მკერავებს ,,მოდისტკებს’’ ეძახდნენ. მე–19 საუკუნის თბილისი ევროპულ ქვეყნებს დაემსგავსა, მაგრამ ქართული ჩაცმულობის ცალკეული ელემენტები თავის აქტუალობას არ კარგავდა და ტანსაცმელის მოსართავად გამოიყენებოდა. ქართული ხალხური ქსოვილებისათვის დამახასიათებელი იყო ფერადოვნება, ფერების კეთილშობილი შეხამება და თავისებური ორნამენტული მოტივები. ნაქარგი ფიგურები ძალიან მრავალფეროვანი იყო და მაღალ პროფესიონალურ დონეზე სრულდებოდა. უცხოელი მოგზაურები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართული ტანისამოსის ნახვისას. მათი შთაბეჭდილებების შესახებ, რამდენიმე ცნობა არსებობს… ესენი იყვნენ: იოსაფატ ბარბარო (ვენეციელი ვაჭარი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე), არქანჯელო ლამბერტი (იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის ბერი), ჟან შარდენი (ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური) და სხვები. საერთო ეროვნული ჩაცმულობის პარალელურად, ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი, კოლორიტული სამოსი ჰქონდა. საქართველოს მთიანი რეგიონის სხვადასხვა კუთხის ტანსაცმელი რადიკალურად განსხვავდებოდა ბარის ტანსაცმლისაგან, რაც განსაკუთრებით ქალის ტანსაცმელში აისახებოდა, რადგან მამაკაცის ძირითად სამოსს ყველგან ტრადიციული ჩოხა-ახალუხი წარმოადგენდა. XX საუკუნის შუა წლებიდან, ქართული სამოსი ევროპული სტილის სამოსმა შეცვალა. ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით ქალის ორნაწილიანი ჩასაცმელი, ზედატანი და ქვედატანი სარგებლობდა. ტრადიციული ტანსაცმლის ხმარებიდან ამოღების მიუხედავად, მისი გარკვეული ელემენტები თავს ახალი სტილის სამოსელში ინარჩუნებდა, რაც ძირითადად აქსესუარსა და თავის დაბურვის წესში გამოიხატებოდა. 60 – იან წლებში, მოდაში ხაბარდა შემოვიდა. 80 – იან წლებში კი ახალი სტილის, ე.წ. „კუდიანი კაბა“ გაჩნდა. კაბების გულის პირისა და სარტყელის დეკორი მცენარეული მოტივების მიხედვით ირთვებოდა. ქართული მოდის პირველი ცნობილი მხატვარი ალექსანდრე ახვლედიანი გახლდათ, რომელიც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში გამოჩნდა. თბილისში მას უბრალოდ – საშა პარტნოის ეძახდნენ. საშა 1937 წლიდან, ქალაქის ყველაზე ცნობილი კუტურიე იყო და დედაქალაქში ჩამოსვლიდან, მალე გახდა რუსთაველის გამზირზე მდებარე „ვოლკოვების ატელიეს“ მთავარი ოსტატი. ის არამარტო ყოველდღიურ სამოსს, არამედ სასცენო კოსტიუმებსაც ქმნიდა. ერთხელ, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი ლენინგრადში გაემგზავრა. ყველა საცეკვაო კოსტიუმი საშა პარტნოის მიერ იყო შექმნილი. კონცერტს ცნობილი ბალერინა, გალინა ულანოვა დაესწრო, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა ქართული სამოსის ნახვისას. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, საშა პარტნოიმ ტანსაცმლის კერვა და მოდელირება პარიზში შეისწავლა. მასთან ქართული ელიტის წარმომადგენელი ქალბატონები იცვამდნენ. ამბობენ, რომ საშა ესკიზების შექმნის გარეშე ქმნიდა სამოსს. ქსოვილს მაგიდაზე გაშლიდა და ზედ საპნით ხატავდა თარგს, შემდეგ ჭრიდა, კერავდა და საოცარი სიზუსტით არგებდა ტანზე კლიენტებს. მას დამხმარეები ჰყავდა დაქირავებული, რომლებიც კაბებს ბისერებით რთავდნენ, ან ლამაზად ქარგავდნენ. მასთან ცნობილი ქართველი მსახიობებიც იცვამდნენ. მათ შორის ულამაზესი ნატო ვაჩნაძე. საშა პარტნოი პარალელურად ოპერაშიც მუშაობდა. ქართული მოდა დღესაც არ კარგავს აქტუალობას. თბილისის მოდის კვირეული გააშუქა Vogue.com, Vogue Italia, Marie Claire Italia, Grazia და სხვებმა. საამაყოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ძალიან ცნობილი ორი ფრანგული მოდის სახლს ქართველი დიზაინერები უდგანან სათავეში – დავიდ კომა Mugler-ში და დემნა გვასალია Balenciaga-ში. ჩვენი ქვეყნის ურთულესი ისტორიული პირობებისა და სხვადასხვა ქვეყნების ტენდენციების გავლენის მიუხედავად, ქართულმა მოდამ თავისი განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, საკუთარი ტრადიციების, მხატვრული ინდივიდუალობისა და ქართული ხასიათის შენარჩუნება მაინც შეძლო. თეა ინასარიძე ჟურნალი “ბომონდი” Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა