Jump to content
×
×
  • Create New...

ნიკოლა ორემი – პირველი ეკონომისტი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

1. ცხოვრება და მოღვაწეობა[1]

როდესაც ეკონომიკის ან ეკონომიკური აზრის ისტორიის შესახებ დაწერილ წიგნებს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ არც ეკონომისტებში და არც ისტორიკოსებში არსებობს შეთანხმება იმის თაობაზე, თუ ვინ იყო „პირველი ეკონომისტი“. ტრადიციულად (და, უნდა ითქვას, არასწორად), ეს პატივი ადამ სმითს ხვდება ხოლმე წილად, თუმცა არაერთი ალტერნატიული ვარიანტიც არსებობს. ხშირად ეს არის რიშარ/რიჩარდ კანტილიონი, ზოგჯერ – უილიამ პეტი, გვხვდებიან ფრანგებიც – კენე ან ტიურგო. თუმცა, თავი რომ დავანებოთ ისეთ ეგზოტიკურ არჩევანს, როგორიც არისტოტელეა (რომელიც წერდა პრაქტიკულად ყველაფერზე), ქრონოლოგიურად ყველაზე ადრინდელი „პირველი ეკონომისტი“ არის ნიკოლა ორემი. არისტოტელეს მსგავსად, ისიც პოლიმათი[2] იყო და თავის ტრაქტატებში მოიცვა იმ პერიოდისთვის არსებული მეცნიერებული ცოდნის ძირითადი ნაწილი, თუმცა, არისტოტელესგან განსხვავებით, მას ეკუთვნის ეკონომიკური საკითხისადმი ცალკე მიძღვნილი ნაშრომი და მეტიც, ამ ნაშრომში გაჟღერებული აზრები მნიშვნელოვნად უსწრებს მის დროს. ამიტომ, მგონი, რომ „პირველი ეკონომისტის“ წოდებას სწორად ნიკოლა ორემი იმსახურებს[3].

image-4.png?w=332

ნიკოლა ორემი. მინიატურა წიგნიდან Traité de l’espère, Bibliothèque Nationale, Paris, France, fonds français 565, fol. 1r. (წყარო – Wikimedia Commons)

უნდა აღინიშნოს, რომ ორემი არამხოლოდ „პირველი ეკონომისტია“. გამომდინარე იქიდან, თუ რომელი მეცნიერების ისტორიას[4] ვეცნობით, მას მიეწერება ანალიტიკური გეომეტრიის შექმნა დეკარტამდე, თავისუფალი ვარდნის რაოდენობრივი თეორიის შექმნა გალილეიმდე, ჰელიოცენტრული სისტემის იდეის ჩამოყალიბება კოპერნიკამდე[5] და ქიმიურ ნაერთებსა და ელემენტებს შორის განსხვავების გააზრება თანამედროვე ქიმიის შექმნამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეგვიძლია ამოვიკითხოთ ეს ყველაფერი მის ტრაქტატებში, ცხადია, რომ ნიკოლა ორემი უაღრესად საინტერესო მოაზროვნე იყო.

ბიოგრაფიული ცნობები ორემის შესახებ მწირია. ითვლება, რომ ის დაიბადა 1320-25 წლებს შორის „ნორმანდიის ათენში“[6] – კანში (Caen) ან მის მახლობლად. მისი სახელი პირველად გვხვდება 1348 წელს, პარიზის უნივერსიტეტის ნავარის კოლეჯის თეოლოგიის სტუდენტთა სიაში, კერძოდ კი იმ წელს მიღებულ ექვს სტიპენდიანტთა[7] შორის. არ არის გამორიცხული, რომ მანამდე ორემს შვიდი წელი ესწავლა ამავე უნივერსიტეტში, თეოლოგიის შესასწავლად საჭირო წინაპირობების შესასრულებლად[8]. ყოველ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ მის მასწავლებელთა რიცხვში იყო ცნობილი ნომინალისტი, პარიზის უნივერსიტეტის რექტორი ჟან ბურიდანი[9], რომელიც ახსენებს კიდეც ორემს ერთ-ერთი თავის წიგნში. 1356 წელს ორემი ნავარის კოლეჯის დიდი მაგისტრი ხდება, ხოლო 1362 წელს ის კოლეჯს ტოვებს. იქ გატარებული 14[10] წლის მანძილზე ის გახდა პარიზის იმდროინდელი ინტელექტუალური ელიტის ნაწილი. მიუხედავად მნიშვნელოვანი ნაშრომებისა თეოლოგიაში, ის, პირველ რიგში, გამოირჩევა წვლილით საბუნებისმეტყველო ფილოსოფიაში. ის აქტიურად ურთიერთობს მეფე ჟან მეორის კარის „სელებრითი“ ინტელექტუალებთან, რომელთა შორის აღსანიშნავი ფილიპ დე ვიტრი, მუსიკალური მიმდინარეობის Ars Nova-ს ფუძემდებელი და გიიომ დე მაშო – პირველი კომპოზიტორი, რომელმაც მარტომ დაწერა პოლიფონიური მესა[11].  ამ პერიოდში მისი სახელი უკვე აქტიურად უკავშირდება დოფინის, საფრანგეთის ტახტის მემკვიდრის და მომავალი შარლ მეხუთის სახელს და ის ხშირად მასზე 15 წლით უმცროსი დოფინის ტუტორად მოიხსენიება[12]. 1356 წელს მეფე ჟანმა დაავალა ორემს[13] სწორედ შარლისთვის დაეწერა ის ნაშრომი, რომლის წყალობითაც ნორმანდიელი შეიძლება ჩაითვალოს პირველ ეკონომისტად – „ტრაქტატი ფულის საწყისების, ბუნების, კანონებისა და ცვლილებების შესახებ“[14]. ორემის სიახლოვე სამეფო კართან იმაშიც ჩანს, რომ 1360 წელს, ჯერ კიდევ ნავარის კოლეჯის დიდ მაგისტრად ყოფნის პერიოდში, დოფინმა გააგზავნა ის რუანის მუნიციპალიტეტისგან ფულის სასესხებლად[15]. პრინციპში, ის მწირი ინფორმაცია, რაც ორემის შესახებ გვაქვს, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ის შარლისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა და დოფინი, შემდგომში კი, მეფე, მას ბევრ რაღაცაში ეყრდნობოდა.

ერთის გარდა: შარლი ახალგაზრდობიდან იყო და დარჩა ასტროლოგიის მოყვარული, ჰყავდა საკუთარი ასტროლოგი, რომელთანაც, ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, კონსულტაციებს მართავდა, დაუკვეთა არაერთი ასტროლოგიური ტრაქტატის თარგმანი[16] და თავისი ჯანმრთელობაც ასტროლოგ-ექიმს ანდო[17]. თავის მხრივ, ორემი ეწინააღმდეგებოდა ასტროლოგიას[18] – როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული კუთხით. პრაქტიკულობის მხრივ, მისთვის შეუსრულებელი ასტროლოგიური პროგნოზების ძალიან ბევრი მაგალითი არსებობდა. თეორიულად კი, ის შეუძლებლად მიიჩნევდა ციური სხეულების ფარდობითი მდგომარეობების ზუსტად გამოთვლას, რასაც ეყრდნობოდა ასტროლოგიური პროგნოზები. მიუხედავად ორემის მიერ ამ საკითხზე დაწერილი არაერთი წიგნისა, შარლი მაინც ასტროლოგიის ერთგული დარჩა[19].

კარზე კარიერასთან ერთად, წინ მიიწევდა ორემის საეკლესიო კარიერაც. 1362 წელს მან დატოვა ნავარის კოლეჯი და გახდა რუანის ღვთისმშობლის საკათედრო ეკლესიის კანონიკი და ამის პარალელურად, რამდენიმე თვის მერე, 1363 წლის თებერვალში პარიზის სენ-შაპელის კანონიკის პოსტიც დაიკავა. ეკლესიაში მის მაღალ სტატუსს მისი ავინიონში მგზავრობაც ადასტურებს, სადაც მან პაპ ურბან მეხუთის კარს[20] საშობაო ქადაგება წაუკითხა[21].

1364 წელს, სამი კვირით ადრე, სანამ რეგენტი შარლი მეფე შარლი გახდებოდა, მან ორემი რუანის ღვთისმშობლის საკათედრო ეკლესიის დიაკვნად დანიშნა, რა პოსტზეც ნორმანდიელი 1377 წლამდე დარჩებოდა. ამ პერიოდის მანძილზე მან არაერთი წიგნი დაწერა და მეფის დავალებით თარგმნა არისტოტელეს ნაშრომები – „ეთიკა“, „პოლიტიკა“, „ზეცის შესახებ“ და „ფსევდო-ეკონომიკა“[22]. ამისთვის მას უწევდა პარიზში, მეფის ბიბლიოთეკაში ხანგრძლივი დროის გატარება, რითაც ტაძრის კანონიკები გაანაწყენა და მეფეს მათთვის ოფიციალური წერილის მოწერაც კი მოუწია, პროტესტის ჩასახშობად. მიუხედავად ამ არაეკლესიური საქმიანობისა, მისი ეკლესიური აქტივობაც დადებითად შეფასდა და 1377 წელს ის ხდება ლიზიოს[23] ოცდამეცამეტე ეპისკოპოსი და მეცხრამეტე გრაფი. ამ თავის ამპლუაში ის, ძირითადად, ადმინისტრაციული და თეოლოგიური საკითხებით იყო დაკავებული, რისი დასტურიცაა მრავალი საარქივო დოკუმენტი და 115 მოკლე ქადაგება ლიზიოს მრევლისთვის. 1380 წელს მისი დიდი ხნის მეგობარი და მფარველი მეფე შარლ მეხუთე გარდაიცვალა და ორემი პრაქტიკულად გაუსვლელად ბინავდება ლიზიოში. თუმცა, არც ისე დიდი ხნით – 1382 წლის 11 ივლისს „მეფის ეპისკოპოსი“ და დიდი მოაზროვნე შეუერთდა[24] თავის მეფეს. მისი საფლავი, სავარაუდოდ, საფრანგეთის რევოლუციას შეეწირა ისევე, როგორც მისი მოხსენიების დღე – 5 აგვისტო, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნებოდა 500-ზე მეტი წლის მანძილზე.


[1] ბიოგრაფიული ცნობები, ძირითადად, ეყრდნობა ალბერტ დაგლას მენუტის შესავალს ორემის მიერ არისტოტელეს პოლიტიკის თარგმანისთვის, თუმცა სხვა წყაროებიც გამოვიყენე.

[2] დღევანდელი ტერმინით – ყველაფერჩიკი

[3] შემდეგი პოსტის გმირი, აბუ ზაიდ აბდ-არ-რაჰმან იბნ მუჰამად იბნ ხალდუნ ალ-ჰადრამი, შესაძლოა, ორემზე სამი წლით უფროსი ყოფილიყო, თუმცა მისი თხზულება „მუქადდიმა“ ორემის ტრაქტატზე დაახლოებით 20 წლით გვიან დაიწერა.

[4] და ვის დაწერილ

[5] საინტერესოა, რომ თავად კოპერნიკსაც, ორემის მსგავსად, აქვს ნაშრომი ფულზე

[6] სხვათა შორის, ვეცადე მეპოვა მიზეზი ამ დასახელებისა და მხოლოდ ის ვნახე, რომ მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ცენტრი ყოფილა და ამიტომ შეურქმევიათ.

[7] ე.წ. bursarii; ამ ფაქტის საფუძველზე მკვლევრები ფიქრობენ, რომ ორემი ღარიბი გლეხების ოჯახიდან იყო, რადგან ნავარის კოლეჯში მხოლოდ ის სტუდენტების სწავლობდნენ, ვისაც საკუთარი ხარჯების დაფარვა არ შეეძლოთ.

[8] შუა საუკუნეების უნივერსიტეტის სტუდენტებს საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი საბოლოო მიზნამდე – დოქტორის ხარისხამდე. ეს გზა დიდად არ განსხვავდებოდა დღევანდელისგან – 6 წელი მაგისტრის წოდებამდე (აქედან – 3-4 ბაკალავრის წოდების მისაღებად) და კიდევ 7 წელი ან მეტი – დოქტორის ხარისხის მისაღებად. ამასთან, წარუმატებელი სტუდენტების წილი გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს – ბაკალავრიატსაც კი, ათი სტუდენტიდან 3-4 ამთავრებდა.

[9] რომელიც დღეს, უმეტესწილად, ასოცირდება ბურიდანის ვირის სახელით ცნობილ პარადოქსთან.

[10] ან 21

[11] ქრონოლოგიურად უფრო ადრეული მესები კომპილაციებს წარმოადგენს, დე მაშო პირველი იყო, ვინც საკუთარი მესები „დაბადა“.

[12] გავლენიანი და მდიდარი ადამიანის ტუტორობა/მასწავლებლობა 4 საუკუნის მერე ადამ სმითსაც გამოადგება.

[13] სხვა ვერსიებიც არსებობს: 1) ორემმა თავად დაწერა ეს ტრაქტატი, ფილიპე მეექვსისა და ჟან მეორის მიერ ფულის გაუფასურების კრიტიკის მიზნით; 2) მეფე ჟანმა სთხოვა ორემს ეპოვა გამოსავალი ფინანსური კრიზისიდან. საქმე იმაშია, რომ ტრაქტატის პირველი ვარიანტის დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია, ხოლო ჟანი 1356 წლის 19 სექტემბერს ტყვედ ჩავარდა, ახალგაზრდა შარლი კი რეგენტი გახდა.

[14] Tractatus de origine, natura, iure, et mutacionibus monetarum; ყველა ციტატა ტრაქტატიდან ნათარგმნია ჩემ მიერ ტრაქტატის ინგლისური თარგმანიდან. არსებობს ტრაქტატის დასახელების კიდევ ორი ფორმულირება, რომელთაგან ერთ-ერთი პირდაპირ მიუთითებს მეფის როლზე ფულის მოჭრაში. ჩემ მიერ არჩეული ფორმულირება ყველაზე უფრო გავრცელებულია.

[15] სავარაუდოდ, ეს უკავშირდებოდა იმ დროს ინგლისელთა ტყვედ მყოფი მეფე ჟანის გამოსასყიდის შეგროვებას; ორემის მნიშვნელობის ხაზგამსმელი კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელშიც ის ხელს აწერს, როგორც „მეფის მდივანი“ ამჟამად დაკარგულია, თუმცა მოხსენიებულია მეთვრამეტე საუკუნის წყაროებში.

[16] მათ შორის, ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ორემს ძმას, გიიომს

[17] ისიც უნდა ითქვას, რომ მეთოთხმეტე საუკუნეში, შეიძლება სჯობდა კიდეც, ასტროლოგს ემკურნალე, ვიდრე ექიმს.

[18] ჭკვიანი კაცი იყო, ვერაფერს ვიტყვით. სამწუხაროა, რომ დღესაც ბევრს სჯერა ამ ფსევდომეცნიერების.

[19] და, მიუხედავად ამ ერთგულებისა, მაინც შემორჩა ისტორიას, როგორც შარლ ბრძენი. რა გასაკვირია, მერწყული იყო.

[20] მოგეხსენებათ, 1309-1376 წლებში, პაპების კარი იმყოფებოდა ე.წ. ბაბილონურ ტყვეობაში, ქალაქ ავინიონში.

[21] საინტერესოა, რომ ამ ქადაგებით მას ნამდვილად არ მოუგია პაპის და მისი ამალის გული – მან დაიწყო ქადაგება ციტატით ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან „მოეახლა მაცხოვარება ჩემი მოსლვად და წყალობაჲ ჩემი გამოჩინებად“ და მწვავედ გააკრიტიკა მომხვეჭელობა და კორუფცია ზოგადად და ეკლესიის წიაღში, მოუწოდა ეკლესიის იერარქებს განედევნათ მეკერმენი ტაძრიდან. დიდი სიწმინდით იმდროინდელი კათოლიკური ეკლესია არ გამოირჩეოდა და, ამდენად, ეს ორემის ბოლო ქადაგება იყო ავინიონში. სამაგიეროდ, ორი-საუკუნის მერე ინგლისელი და გერმანელი პროტესტანტები აქტიურად იყენებდნენ ამ ქადაგების ციტატებს (ცხადია, ავტორის მიუთითებლად) პაპებთან და კათოლიციზმთან ბრძოლაში. ჭეშმარიტად, შეუცნობელ არს გზანი უფლისანი.

[22] ფსევდო იმიტომ, რომ დღეს ითვლება, რომ არისტოტელე ამ ნაშრომის ავტორი არაა.

[23] ე.წ. ოჟის მიწის (Pays d’Auge) ცენტრი.

[24] თვითონ ნამდვილად ასე სწამდა.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   40 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 40 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(3)