Jump to content
×
×
  • Create New...

რიჩარდ კანტილიონი – მეწარმე, ბანკირი, ლიდერი (ნაწილი 2)


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

2. ირლანდიელი სოროსი

კარნარვონმა კანტილიონის თხოვნა მალევე შეასრულა, მითუმეტეს, რომ მისთვისაც სასარგებლო იქნებოდა ლოსა და კანტილიონის კავშირი – ამით ის პირველწყაროდან გაიგებდა საფრანგეთის ფინანსების მდგომარეობას და ქულებსაც დაიწერდა ვიგების მთავრობასთან. ამასთან, ის ლოს საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდა და ურჩია კიდეც კანტილიონს, არ ნდობოდა ლოს სქემებს. მაგრამ ირლანდიელმა არ დაუჯერა – მეტიც, ის იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვისაც ჰქონდა საკმარისი ცოდნა და ალღო ფინანსებში, რომ გაეგო, თუ რაში მდგომარეობდა ლოს გეგმები და ოპერაციები. და არა მხოლოდ გაეგო – ფულიც გაეკეთებინა. ორჯერ.

ლომაც დაინახა კანტილიონის უდავო ნიჭი და სულ მალე ირლანდიელი შოტლანდიელის ვიწრო წრის წევრი გახდა. იმდენად ვიწროსი, რომ 1718 ნოემბერში, ინგლისელ ჯოზეფ გეიჯთან ერთად ლომ და კანტილიონმა ლუიზიანაში დასახლების დასაფუძნებლად კომპანია დააარსეს[1], ხოლო ამ კომპანიის ლუიზიანაში პირველი ექსპედიციის ხელმძღვანელი რიჩარდის ძმა, ბერნარდი იყო.

1719 წლის ზაფხულში კანტილიონმა პირველი, საკმაოდ მსხვილი „კუში მოხსნა“. როგორც შეიძლება გახსოვდეთ, ეს ის პერიოდია, როდესაც მისისიპის კომპანიის პირველად გამოშვებული აქციები (mères – დედები) ნომინალურად 500 ლივრი ღირდა, თუმცა ბაზარზე ნომინალზე იაფად იყიდებოდა. ამის გამოსასწორებლად ლომ გააერთიანა მისისიპის კომპანია რამდენიმე სხვა კომპანიასთან, მიიღო ინდოეთების კომპანია[2] და ივნისსა და ივლისში აქციების ორი დამატებითი ტრანში გამოუშვა (filles – ქალიშვილები და petites filles – შვილიშვილები). ამასთან, ივნისის დასაწყისში მისმა სამეფო ბანკმა დამატებით გამოუშვა 270 მილიონი ლივრის ბანკნოტები. ამ ყველაფრის შედეგად, კომპანიის აქციების ფასმა ზრდა დაიწყო, მითუმეტეს, რომ „ქალიშვილების“ შესაძენად ინვესტორებს ოთხი „დედა“ უნდა ჰქონოდათ. ივლისის შუაში აქციების ფასმა 1000 ლივრს გადააჭარბა. ამას დაემატა ბანკნოტების ახალი ემისია სამეფო ბანკის მიერ და „შვილიშვილების“ გამოშვება და 14 აგვისტოს აქციების ფასი უკვე 2940 ლივრი იყო. მაგრამ ჯერ კიდევ 1 აგვისტოს, როდესაც აქციების ფასი 2250 ლივრი გახლდათ, კანტილიონმა გაყიდა თავის პორტფელი და იტალიაში გაემგზავრა. პრაქტიკულად ყველა მკვლევარის აზრია, რომ კანტილიონმა იმ მომენტში უკვე დაინახა ლოს სისტემის დეფექტები. კერძოდ, ლოს მიერ ზარაფხანის ყიდვა და ბანკნოტების ემისიის დაჩქარება, კანტილიონის აზრით შეცდომა იყო, რომელიც ადრე თუ გვიან სისტემის კრახს გამოიწვევდა და საჭირო იყო აქციების დროული მოშორება.

თუმცა, ის შეცდა. თუ გახსოვთ, 1720 წლის დასაწყისში მისისიპის კომპანიის აქციების ფასმა 10,000 ლივრს მიაღწია, ანუ მისი მოგება თითქმის ხუთჯერ მეტი შეიძლება ყოფილიყო[3]. კანტილიონი უფრო ფრთხილი გამოდგა, ვიდრე ამ სიტუაციაში საჭირო იყო. მისი თანდაყოლილი კონსერვატიზმი  (თუნდაც, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, გამართლებული), შემდგომშიც შეუშლის ხელს სამხრეთის ზღვების კომპანიისა და ნიდერლანდების სააქციო ბაზრის ბუმის სწორად შეფასებაში[4].

იტალიაში ყოფნისას ის მუდმივად აწყდებოდა ყოველკვირეულ გაზეთებში „ახალ ამბებს პარიზიდან“, სადაც დიდი ადგილი ლოს სისტემის წარმატებას ეთმობოდა. არავის გაუხარდება ფიქრი „რამდენით მეტს მოვიგებდი, რომ“, არავის გაუხარდება თავისი შეცდომის მუდმივად გაზეთში ფრიალი. საკუთარ თავზე, სავარაუდოდ, განაწყენებული კანტილიონი 1720 წლის თებერვალში პარიზში დაბრუნდა. ამ დროს მისისიპის ბუმი ეიფორიის ფაზაში იყო შესული და კანტილიონმაც არ დაკარგა დრო – მისმა ბანკმა დაიწყო საკმაოდ მსხვილი სესხების გაცემა ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურდათ ესარგებლათ აქციების ფასების ზრდის პერიოდით. მსესხებლებს შორის იყვნენ ზემოთ უკვე ნახსენები ჯოზეფ გეიჯი და მისი საყვარელი, ლედი მერი ჰერბერტი (სწორედ ის, რომელმაც ამრეზით მოიხსენია პარიზში ფეხსაცმლის გარეშე ჩასული კანტილიონი). მარტიდან მაისამდე ამ წყვილმა, ლედი მერის ძმასთან, ლორდ მონტგომერისთან და ორ ირლანდიელ ბანკირთან ერთად კანტილიონის ბანკისგან დაახლოებით 53,000 გირვანქა ისესხა, გირაოში კი მისისიპის აქციები ჩადო[5]. გეიჯი და ლედი მერი არ ყოფილან კანტილიონის ერთადერთი კლიენტები და არც კანტილიონი იყო ერთადერთი ბანკირი, რომლისგანაც მათ ფული ისესხეს. მიუხედავად ამისა, მისისიპის ბუშტის გასკდომისა და მათი გაკოტრების შემდეგ, ისინი მხოლოდ კანტილიონს აბრალებდნენ თავიანთ წარუმატებლობას, ბრალს სდებდნენ თაღლითობაში და, პრაქტიკულად, სიცოცხლის ბოლომდე მისი დაუძინებელი მტრები იყვნენ[6].

ერთი უპირატესობა, რაც კანტილიონმა მოიპოვა თავისი „შვებულებისას“ იყო ის, რომ მან შეძლო გარედან დაენახა სიტუაცია მისისიპის კომპანიის გარშემო და ამით მიუკერძოებელი შეფასების ფუფუნება გაუჩნდა. ამით ის განსხვავდებოდა ახლად გამოჩეკილი მილიონერებისგან, რომლებიც, წარმატებით თავბრუდახვეულები, ვერ ხედავდნენ და ვერც დაინახავდნენ უფსკრულს, რომლისკენაც მიექანებოდნენ. კი, მისი პესიმიზმი ლოს სისტემასთან დაკავშირებით, რომლის გამოც მან იჩქარა აქციების მოშორება, არ გამართლდა. პირიქით, კანტილიონის დაბრუნებისთვის, ლომ ერთ კომპანიაში გააერთიანა სამეფო ბანკი და მისისიპის კომპანია, თავად კი, პრაქტიკულად, საფრანგეთის პრემიერ მინისტრი გახდა. მაგრამ კანტილიონმა დაინახა ის შეცდომები, რაც ლომ უკვე გაზაფხულზე დაუშვა. ეს შეცდომები, რომლებიც უფრო დეტალურად ლოს შესახებ პოსტებშია აღწერილი, ძირითადად მონეტარულ პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული – მონეტების/ძვირფასი ლითონების ფლობის აკრძალვები, ადგილობრივი გაცვლითი კურსის[7] ცვლილებები (ვალუტის დეგრადაცია/რეგრადაცია[8]) და ღია ბაზრის ოპერაციები, კომპანიის აქციების ფასების ხელოვნურად მაღალ დონეზე მხარდასაჭერად. ამ პოსტის მიზნებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა 11 მარტის დეკრეტი, რომლის მიხედვით 1 მაისამდე მოხდებოდა ოქროს დემონეტიზაცია, პარალელურად კი, მარტიდან დეკემბრამდე – ვერცხლის რეგრადაცია – ლივრის ღირებულების ზრდა ვერცხლში. შედეგად, ბანკნოტებში დენომინირებული ლივრი გამყარდებოდა ოქროსა და ვერცხლში დენომინირებული უცხოური ვალუტების მიმართ[9]. ყველაზე დიდი პრობლემა ამ დროს ის იყო, რომ ლო, ვალუტის გამყარებასთან ერთად, საპროცენტო განაკვეთებს დაბალ დონეზე იჭერდა. ანტუან მერფის აზრით, სწორედ ეს დაინახა კანტილიონმა და სწორედ ამაზე დაყრდნობით ერთდროულად მივიდა დასკვნამდე, რომ ლოს სისტემას დიდი დრო არ უწერია და სანამ ეს უდღეურობა სხვებისთვისაც ნათელი გახდებოდა, ჭკვიანი კაცი ამაზე ფულის გაკეთებასაც მოასწრებდა. მოგვიანებით, თავის ესეიში ის ოსტატურად აჩვენებს[10], რომ ფულის მიწოდების ზედმეტად ზრდა (ლოს პოლიტიკის შედეგად 1719 წლის აგვისტოში 330 მილიონი ლივრიდან ფულის მიწოდება გაიზარდა 2.1 მილიარდ ლივრამდე 1720 წლის მაისში) იწვევს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტს[11], ხოლო ეს უკანასკნელი კი ვალუტის გაუფასურებას (რაც საპირისპიროა ლოს პოლიტიკის მეორე ნაწილისა). ბუშტის გასკდომა გარდაუვალი იყო და კანტილიონმა გადაწყვიტა[12], გაეკეთებინა ის, რასაც თითქმის სამი საუკუნის მერე ინგლისის ბანკს გაუკეთებს ჯორჯ სოროსი – მან დაიწყო თამაში ლივრის გაუფასურებაზე. ის იშვიათი გამონაკლისი იყო – პრაქტიკულად ყველას იმ პერიოდში, ვინც კი მისისიპის აქციებს ფლობდა, ჯონ ლო ეგონა თანამედროვე მიდასი, რომელიც არათუ არ – ვერ დაუშვებდა შეცდომას. კანტილიონსაც სწორედ ასეთი ინვესტორები სჭირდებოდა. სამეფო ბანკში რიგი დადგა – ხალხი ყიდდა თავის ოქროსა და ვერცხლს და ცვლიდა მათ ბანკნოტებში. კანტილიონის სტრატეგია მარტივი იყო – ის დეკემბრამდე ასესხებდა მსურველებს უცხოურ ვალუტას (სტერლინგებს და გულდენებს/ფლორინებს) გირაოდ კი მისისიპის აქციებს იღებდა. მსურველები ამ უცხოურ ვალუტას ახურდავებდნენ ლივრებში და ელოდნენ დეკემბერს[13]. კანტილიონის წარმოუდგენლად მაღალი საპროცენტო განაკვეთებისთვისაც კი (66% წლიური) ინვესტორები მაინც მოგებაში დარჩებოდნენ, ლო თუ მართალი აღმოჩნდებოდა. მაგრამ ის შეცდა და კანტილიონი კი მართალი იყო. ის პარალელურად ყიდდა კომპანიის აქციებს და მოგებას (გაცვლის ანგარიშების მეშვეობით) აგზავნიდა ლონდონსა და ამსტერდამში[14]. მისი ეს, არც ისე ფარული ოპერაციები, ლოს ყურამდეც მივიდა და სწორედ ამის შემდეგ მათ შორის შედგა ის ცნობილი შეხვედრა, რომელზეც ლომ მკვახედ უთხრა „ინგლისში რომ ვიყოთ, მოლაპარაკებას შევძლებდით და შეთანხმებასაც მივაღწევდით, მაგრამ საფრანგეთში ვართ, და თუ სიტყვას არ მომცემთ, რომ 48 საათში ქვეყანას დატოვებთ, შემიძლია დაგპირდეთ, რომ ამავე საღამოს ბასტილიაში აღმოჩნდებით“. კანტილიონმა ამ დროის მანძილზეც მოასწრო აქციების რაღაც ნაწილის გაყიდვა, მაგრამ ორ დღეში ის უკვე ლონდონში იყო, საიდანაც წყნარად აკვირდებოდა ლოს სისტემის ჩამოშლას. მისი ყველა გათვლა გამართლდა – მისისიპის კომპანიის აქციების ფასი ჩამოვარდა ნოემბრისკენ 3300 ლივრამდე, ლივრი კი, გირვანქა სტერლინგის მიმართ გაუფასურდა 30-დან, 92.3-მდე[15]. მონეტარისტმა აჯობა კეინსიანელს.

image-1.png?w=499მისისიპის კომპანიის აქციების ფასი გირვანქებში, 1720 წლის იანვრიდან სექტემბრამდე (აღებულია ანტუან მერფის წიგნიდან).

[1] ანეკდოტივით ჟღერს – ინგლისელი, შოტლანდიელი და ირლანდიელი აარსებენ კომპანიას…

[2] რომელსაც კვლავაც მისისიპის კომპანიას ან, სულაც უბრალოდ კომპანიას დავუძახებ.

[3] მისი 1719 წლის ანგარიშები ცხადყოფს, რომ იმ წელს მისი მოგება 6.5 მილიონი ლივრი იყო. თავად განსაჯეთ, რამდენი დაკარგა.

[4] თუმცა ორივე შემთხვევაში ის საკმარის მოგებას მაინც ნახავს

[5] გეიჯიც და ლედი მერიც, რბილად რომ ვთქვათ, კოლორიტული ფიგურები იყვნენ. მისისიპის ბუშტის გასკდომამდე ორივემ საკმაოდ დიდი მოგება ნახა (ქაღალდზე) და გეიჯმა, თავისი საყვარლის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, პოლონეთის დიდგვაროვნებს სამი მილიონი გირვანქა შეთავაზა, რათა მეფედ აერჩიათ. უარის მერე, მან კუნძულ სარდინიის ყიდვაც სცადა, ასევე უშედეგოდ. კაცმა არ იცის, მოახერხებდა თუ არა გეიჯი რამის ყიდვას, რადგან ამ წარუმატებლობის მერე ბუშტიც მალე გასკდა და მისი ქონება თან გაიყოლა.

[6] მიუხედავად იმისა, იყო თუ არა კანტილიონი თაღლითი (არ ყოფილა) და მოექცა თუ არა ცუდად თავის მსესხებლებს (მოექცა), უნდა ითქვას, რომ ლედი მერიმ, რომელიც იმ პერიოდის ერთ-ერთ უმსხვილესი სპეკულატორი იყო, ჯამურად ისესხა დაახლოებით 173,000 გირვანქა სტერლინგი, საიდანაც მხოლოდ 44,000 იყო ნასესხები კანტილიონისგან.

[7] აღრიცხვის ფულის ერთეულსა და ძვირფას ლითონებს შორის

[8] საფრანგეთის მონეტარული სისტემა მეთვრამეტე საუკუნეში დიდად არ განსხვავდებოდა მეთოთხმეტე საუკუნის სისტემისგან, რომელიც აქ არის აღწერილი. შეგახსენებთ, რომ ვალუტის დეგრადაცია გულისხმობს ოქროს/ვერცხლის ღირებულების ზრდას ლივრებში (ინფლაციური პოლიტიკა), ხოლო რეგრადაცია – პირიქით, ოქროს/ვერცხლის ღირებულების შემცირებას ლივრებში (დეფლაციური პოლიტიკა). ფასების დონის ნელი რეაგირების გამო ამ ცვლილებებს რეალურ ეკონომიკაზეც ჰქონდა გავლენა. დეგრადაცია ადგებოდა მსესხებლებს და ვნებდა რანტიეებსა და კრედიტორებს.

[9] კანტილიონის პროგნოზით ეკიუს კურსი გაიზრდებოდა 13 პენსიდან 50 პენსამდე.

[10] და ამას დეტალებშიც ვნახავთ, შესაბამის პოსტში

[11] ქვეყნიდან უფრო მეტი ფული გადის, ვიდრე შედის

[12] რაც მისი შემდგომი ქმედებებიდან ჩანს

[13] ინვესტორებისთვის, რომელთაც სჯეროდათ ლივრის გამყარების, სქემა წარმოუდგენლად მომგებიანი იყო: დავუშვათ, ლივრი სამჯერ გაძვირდება მარტიდან დეკემბრამდე ვერცხლის მიმართ (როგორც იყო გათვალისწინებული). მაშინ, ადამიანი, რომელიც სამი ათასი ლივრის ვერცხლს შემოიტანს, სიტყვაზე, ინგლისიდან საფრანგეთში მარტში, გადაცვლის მას სამი ათასი ლივრის ბანკნოტებში, დაიცდის 9 თვე და დეკემბერში იყიდის იმავე ოდენობის ვერცხლს, მაგრამ უკვე მხოლოდ ათასი ლივრის ბანკნოტებით, რითაც ორი ათასი ლივრის მოგებას ნახავს. ამასთან, არც გეიჯის და ლედი მერის წყვილს და არც რომელიმე სხვა ინვესტორს სურდა კომპანიის აქციების გაყიდვა – ბაზარი ჯერ კიდევ ეიფორიული იყო – ამიტომაც ისინი იყენებდნენ ამ აქციებს გირაოდ.

[14] 1720 წლის აპრილ-ივნისში მან ჯამურად გააგზავნა პარიზიდან ლონდონსა და ამსტერდამში 250,000 გირვანქა სტერლინგი. ეს ძალიან დიდი თანხა გახლდათ.

[15] სექტემბერში; 1720 წლის ბოლო სამი თვის მანძილზე ლივრი უბრალოდ აღარ ივაჭრებოდა უცხოური ვალუტის ბაზარზე.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share