Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'(ნაწილი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. 4. ჯიმი ჰოფა თუ დ.ბ. კუპერი? როგორც ვთქვი, 1721 წლისთვის რიჩარდ კანტილიონის სიმდიდრის დიდი ნაწილი მის მიმართ სხვების ვალდებულებებში აღირიცხებოდა[1]. ლედი მერი ჰერბერტის[2] და მისი ოჯახის ვალი, კანტილიონის გათვლებით, 64,603 გირვანქა სტერლინგი იყო[3]; პიერ უგეტანს, რომელიც კანტილიონის ფუთ ოფციონების „მსხვერპლი“ იყო, კანტილიონის 80,000 გირვანქა მართებდა; ჩენდოსის ჰერცოგს კი, 79,000[4]. სწორედ ამ ვალმა შეიწირა მათი მრავალწლიანი მეგობრობა – 1721 წლის აგვისტოში კანტილიონმა მოსთხოვა ჰერცოგს ვალის დაბრუნება, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია. ჩენდოსმა, ვალის დასაფარად, შესთავაზა კანტილიონს არჩევანი სხვადასხვა არაფულად აქტივს შორის, სამეფო აფრიკული კომპანიის აქციებისა, ბარბადოსის ფასიანი ქაღალდებისა და რამდენიმე იპოთეკური სესხის, მათ შორის ბოლინგბროკის კარმიდამოს[5] ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვარიანტი ირლანდიელ კანტილიონს ყველაზე ნაკლებად აწყობდა, რაკი კათოლიკეებს არ შეეძლოთ იმდროინდელ ბრიტანეთში მიწის ფლობა[6]. ამასთან ერთად, ჩენდოსი თავად კანტილიონს აბრალებდა საკუთარ წარუმატებლობას მისისიპის კომპანიის საქმეში. ეს ბრალდება სრულიად დაუმსახურებელი იყო – ჩენდოსმა, კანტილიონის გაფრთხილების მიუხედავად, 35,000 გირვანქა ჩადო მისისიპის აქციებში და, როგორც სხვა შემთხვევებშიც, დააგვიანდა აქციების გაყიდვა. მაგრამ ადამიანებს სჩვევიათ საკუთარი წარუმატებლობის სხვებისთვის გადაბრალება და ჩენდოსმა მტკიცედ დაიჯერა, რომ მისი ზარალი კანტილიონის ბრალი იყო. ამით დასრულდა ურთიერთობა, რომელიც დაიწყო ესპანეთის მემკვიდრეობის ომის დროს. კანტილიონმა, რომელის 1711 წელს ჯეიმს ბრიჯესის ერთ-ერთი კლერკი იყო, დიდი გზა განვლო და გზად ვეებერთელა ქონებაც დააგროვა. ეს ბოლო ფაქტი არც საფრანგეთში მძვინვარე ვიზას გამოეპარა. თუ გახსოვთ, ვიზა იყო ვალების რესტრუქტურიზაციის პროგრამა, რომელსაც მიმართავდა საფრანგეთის მთავრობა, ფისკალური პრობლემები რომ ექმნებოდა. 1721 წლის ვიზა ზედიზედ მეორედ ძმები პაღიების[7] ხელში ჩავარდა და მათ უპრეცედენტო შედეგებს მიაღწიეს. ფასიანი ქაღალდების ოდენობისა და ჯამური ღირებულების მკვეთრ შემცირებასთან ერთად, 1772 წლის სექტემბერში მათ „ახალი ფრანგები“[8] სიმდიდრის გადასახადი დაბეგრეს. ახლადგამოჩეკილი მილიონერები ოთხ კლასად დაყვეს და კანტილიონი პირველ კლასში – ორმოცდაექვს ყველაზე მდიდარ მისისიპელში მოხვდა, რომლებშიც მხოლოდ 22 ადამიანს გაუკეთებია მეტი ფული, ვიდრე კანტილიონს[9]. მისი კაპიტალური მოგება 20 მილიონ ლივრად[10] შეფასდა, დაკისრებული გადასახადი კი 2.4 მილიონი ლივრი აღმოჩნდა. ის აქტიურად ეცადა თავიდან აერიდებინა ეს გადასახადი, მაგრამ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ ის, პარიზში ცნობილი ბანკის მფლობელი, ბანკის, რომელიც აქტიურად მუშაობდა და „სამეფო ალმანახის“ გვერდებზეც ირიცხებოდა, გამოაცხადეს „უცნობ ინვესტორად“. ამან არ უშველა – 1723 წლის იანვარში მისი ქონების გაყიდვის ბრძანება გამოიცა. თუმცა მანამდე ის ნელ-ნელა განერიდა პარიზის საბანკო ბიზნესს და საფრანგეთში დაბრუნებაზე უარი თქვა. 1722 წლის თებერვალში მან ლონდონში ცოლი მოიყვანა – მერი ენ ო’მაჰონი[11]. მოიყვანა, როგორც ანტუან მერფი ასკვნის, სიყვარულით[12], რადგან მისი სიმდიდრის ადამიანს არ გაუჭირდებოდა პრაქტიკულად ნებისმიერი ევროპელი დიდგვაროვნის ოჯახში ჩასიძება. მადამ კანტილიონი – ნიკოლა ლარგილიერის პორტრეტი (წყარო)მიუხედავად თავისი სიმდიდრისა, უფრო სწორედ კი, ამ სიმდიდრის გამოისობით, რიჩარდ კანტილიონმა სიცოცხლის ბოლო 13 წელი – 1721-დან 1734-მდე – გაატარა სასამართლო დავებში, რომელთა უმეტესობა მის საბანკო საქმიანობას და მისისიპის ბუშტს უკავშირდებოდა[13]. ჩვენთვის, შესაძლოა, ეს კარგიც იყო – არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ დავებმა და ამ დავების წარმოებისთვის საჭირო არგუმენტაციამ ჩაუყარა საფუძველი კანტილიონის ესეის და ის მხოლოდ უნებლიედ გახდა ეკონომისტი, ჩვენებური გაგებით. საინტერესოა, რომ ვერდიქტების უმეტესობა მის სასარგებლოდ იყო გამოტანილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას შერჩა არაკეთილსინდისიერი ბანკირის სახელი, რომელმაც გააცურა უმანკო ინვესტორები ლედი მერი ჰერბერტი, მისი საყვარელი ჯოზეფ გეიჯი და სხვები. დავების სკრუპულოზური განხილვა ამ პოსტის მიზნებს ცდება და მე მხოლოდ მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები, თუმცა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ანტუან მერფის წიგნში წაიკითხოს დეტალები. ყველა შემთხვევაში, ამ დავებმა უდიდესი გავლენა იქონია კანტილიონის ცხოვრებაზე. და, შესაძლოა, მის სიკვდილზეც. კანტილიონის ძირითადი მომჩივნები იყვნენ ლედი მერი ჰერბერტი და ჯოზეფ გეიჯი, თუმცა მათ ზურგს ლედი მერის ნათესავების მთელი არმადა უმაგრებდა – რადგან მათ წერილობითი გარანტიებით უზრუნველყვეს ლედი მერის მიერ აღებული ვალები და ამ ვალების მთლიანი ოდენობიდან[14] გამომდინარე, მათი ფინანსური უსაფრთხოებაც სერიოზული რისკის ქვეშ დადგა. კანტილიონის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები საშუალებას აძლევდა მათ ყველას გადაევადებინათ საჩივრები მათი სხვა კრედიტორებისგან, რომლებიც საკუთარი ვალების დაბრუნებას ითხოვდნენ. ბრალდება, რომელიც ლედი მერიმ და კომპანიამ კანტილიონს წაუყენეს, მდგომარეობდა შემდეგში: მათ ისესხეს ფული კანტილიონისგან მისისიპის აქციების გირაოთი და ეს აქციები მან გაყიდა, როდესაც მათი ფასი მაღალი იყო; მეორე მხრივ, როდესაც აქციების ფასი ეცემოდა, ის სულ უფრო და უფრო მეტ აქციას ითხოვდა დამატებით გირაოდ. დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, კანტილიონის დანაშაული მდგომარეობდა აქციების ბაზრის შორტინგში[15] ლედი მერის და გეიჯის აქციების გამოყენებით. კანტილიონის მოწინააღმდეგეებმა სამოქალაქო დავებს მოგვიანებით სისხლის სამართლის დავებიც დაამატეს, დააბრალა რა ჯოზეფ გეიჯმა კანტილიონის მისისიპის კომპანიის 320 აქციის მოპარვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე 1727 წელს აღიძრა, თავად კანტილიონმა ამის შესახებ მხოლოდ ათი თვის შემდეგ გაიგო და 1728 წლის სექტემბერში პარიზში დაბრუნდა, რათა პასუხი გაეცა ბრალმდებლისთვის. პარიზში მას დახვდა პატიმრობის ორდერი, რომლის გაპროტესტება მისმა ადვოკატებმა კი მოასწრეს, მაგრამ ამაოდ – მას მოუწია ციხეში რამდენიმე საათის გატარება. ამ დროს ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა – ადამიანი, რომელიც კანტილიონის პატიმრობის ორდერისა და ფაქტობრივ დაპატიმრებას უკან იდგა, იყო ვინმე კრისტოფერ ბალფი[16], დუბლინელი აფთიაქარი, რომელიც ჯოზეფ გეიჯისა და ლედი მერის დაქირავებული იყო. არ დაკმაყოფილდა რა მომხდარით, ბალფმა გადაწყვიტა სხვა საქმეებიც აღეძრა კანტილიონის წინააღმდეგ და დაიხმარა ირლანდიელი ბანკირები, ძმები ჯონ და რემი ქეროლები, რომლებიც ბრალს სდებდნენ კანტილიონს მევახშურ განაკვეთებში, ზემოხსენებულ შორტინგში, თავისი პარიზული ბანკის ანგარიშების დამალვაში და სხვა. 1728 წლის 11 ნოემბერს კანტილიონი კიდევ რამდენიმე საათით დააპატიმრეს და დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს. ქეროლებმა მისი ხელახალი დაპატიმრების ორდერი მოიპოვეს, მაგრამ, რაკი ეს ორდერი თარიღდებოდა იმავე დღით, რაც მისი გაშვების ბრძანება, გენერალურმა პროკურორმა უარი თქვა კანტილიონის დღეში ორჯერ დაპატიმრებაზე[17]. 1730 წლის იანვრის ბოლოს კანტილიონი წარდგა ტურნელის სისხლის სამართლის სასამართლოს[18] წინაშე, სადაც მას იცავდა საფრანგეთის იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ადვოკატი, ანრი კოშენი[19]. სასამართლო წარმოების დეტალებისთვის ისევ მერფისთან გადაგამისამართებთ, მე კი უბრალოდ კოშენის ერთ არგუმენტს მოვიყვან, რომელიც ქეროლების აქციების გირაოში მიღებისთანავე გაყიდვას ეხებოდა: ქეროლები (ლედი მერის მსგავსად) ბრალს სდებდნენ კანტილიონს მათი აქციების გაყიდვაში. ქოშენის პასუხი იყო, რომ, რაკი აქციები არ იყო დანომრილი, ქეროლების აქციების სხვა აქციებისგან კანტილიონი ვერ განასხვავებდა და თუმცა მან ნამდვილად გაყიდა აქციების გარკვეული რაოდენობა იმ პერიოდში, რომელზეც ქეროლები მიუთითებდნენ, იმის თქმა, რომ ეს ქეროლების აქციები იყო, არასწორია, რაკი მისისიპის ბუშტის ბოლო დღეებისთვისაც კი კანტილიონის ბანკში აქციების საკმარისზე მეტი რაოდენობა იყო. ეს იგივეა, განაცხადა კოშენმა, რომ ადამიანს, რომელსაც ზარდახშაში 20,000 ლუიდორი აქვს, საიდანაც მხოლოდ 5,000 მისი არაა, დავაბრალოთ ქურდობა, თუ ის ზარდახშიდან 10 ან 15 ათას ლუიდორს აიღებს. 1730 წლის 1 თებერვალს ტურნელის სასამართლომ კანტილიონი უდანაშაულოდ გამოაცხადა. მაგრამ ამით მისი პრობლემები არ დასრულებულა. ზემოხსენებულმა კრისტოფერ ბალფმა კანტილიონს მას თავისი მკვლელობის დაკვეთა დააბრალა. კრისტოფერ ბალფი მეტად უცნაური ფიგურა გახლდათ, დუბლინში დაბადებული აფთიაქარი, ის დიდი ზომის, მსუქანი ადამიანი იყო, ფეხის გამოკვეთილი დეფექტით, რის გამოც ის პროტეზის მსგავს მოწყობილობას ატარებდა. ის გეიჯის და ლედი მერის დაუღალავი მსახური იყო და ყველანაირად ეცადა კანტილიონის დამარცხებას. ამ ბრალდებაში მან კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი – ჯორჯ მაკკენზი გარია. მისი მონაწილეობა ჩვენ ისტორიაში ასევე უკავშირდება მისისიპის კომპანიას. წარმოშობით შოტლანდიელი, მაკკენზი ირლანდიაში, მონაგანის საგრაფოში დაიბადა. 1705 წელს ის საფრანგეთში მოგზაურობისას დააპატიმრეს ჯაშუშობის ბრალდებით, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1710-იანი წლების ბოლოს ის საკმაოდ მაღალ წრეებში ტრიალებდა და 1719 წელს რეგენტ ფილიპის თხოვნით ის იტალიაში გაემგზავრა. გამგზავრებამდე მან მისისიპის კომპანიის 429 აქცია დაუტოვა მის მეზობელს, ვინმე აბატ დიუვალს, რომელმაც ბოროტად გამოიყენა მაკკენზის ნდობა და ამ უკანასკნელის აქციებით საკმაოდ დიდ ფული გააკეთა[20]. მაკკენზიმ უჩივლა აბატს სასამართლოში, მოიგო საქმე და როდესაც აბატმა უარი თქვა აქციების დაბრუნებაზე, ის ციხეში ჩასვეს[21]. დიუვალი არ იყო ერთადერთი, ვისაც მაკკენზიმ აქციები ანდო – 30 აქცია მან ლედი მერის და მის ნათესავებს დაუტოვა. ვერც მათ დაუბრუნეს აქციები და, მიუხედავად ასევე წაგებული სასამართლო საქმისა, ყურადაც არ იღეს მაკკენზის მოთხოვნები და საფრანგეთი დატოვეს. ამ ყველაფრის შედეგად, ჩამოყალიბდა ორი გუნდი: მაკკენზი და კანტილიონი, ლედი მერის, გეიჯის, ბალფის და მათ მიკედლებულ აბატ დიუვალის წინააღმდეგ. ურთიერთბრალდებების კორიანტელი სრულიად შთამბეჭდავია[22]: მაკკენზიმ დააბრალა ბალფს და გეიჯს, რომ მათ იქირავეს ვინმე კაპიტანი ჯეიმს ბირნი მის მოსაკლავად; ბალფმა და გეიჯმა უპასუხეს კონტრბრალდებით, რომ კანტილიონმა ფული გადაუხადა ბირნს, რომ დაედასტურებინა ეს „აბსურდული“ ბრალდება.მაკკენზის თქმით, ბალფი და გეიჯი შეთანხმდნენ აბატ დიუვალთან, რათა მან მამათმავლობაში დასდოს ბრალი მაკკენზის; ბალფმა და გეიჯმა ესეც კანტილიონს დააბრალეს.კანტილიონის მეორე დაპატიმრების (და გაშვების შემდეგ) ბალფის თქმით, კანტილიონმა სცადა მისი ქვეყნიდან გაძევება, შესთავაზა მას 3000 გირვანქა ქრთამის სახით და შემდეგ კი მისი მკვლელობის მომზადება სცადა.მაკკენზიმ შეიტანა სასამართლოში საქმე ბალფის წინააღმდეგ, ორცოლიანობის ბრალდებით. ბალფი ციხეში ჩასვეს.სამი წლის შემდეგ (1733 წელს) ბალფი გაათავისუფლეს და მას მიესაჯა ზარალის კომპენსაცია მაკკენზისგან 20,000 ლივრის ოდენობით. ბალფმა მსწრაფლ განაახლა საჩივრები კანტილიონის წინააღმდეგ.1734 წელს კანტილიონი დაბრუნდა ლონდონში. როგორც ის ერთ-ერთ წერილში ამბობს, მან ყოველგვარი იმედი დაკარგა, რომ ეს სასამართლოები ოდესმე მორჩება – მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ჯერ კიდევ ძალაში იყო. მიუხედავად ამისა, მან შეიძინა ფეშენებელური სახლი ალბემალ სტრითზე[23], მისი ძველი მეგობრის, ლორდ ბოლინგბროკის სახლის გვერდზე და, თითქოს, მზად იყო საბოლოოდ დაემარცხებინა საკუთარი მტრები და ფუფუნებაში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. 1734 წლის 14 მაისს, საღამოს ათ საათზე მან ივახშმა და დასაძინებლად დაწვა. იმავე ღამეს სახლში გაჩნდა წარმოუდგენლად ძლიერი ხანძარი რომელმაც იმსხვერპლა ბანკირი და ეკონომისტი, მილიონერი და ბრალდებული, ირლანდიელი და ფრანგი რიჩარდ კანტილიონი[24]. თავდაპირველი ვერსია იყო, რომ ის საწოლში, სანთლის შუქზე კითხულობდა, ჩაეძინა და ანთებულმა სანთელი ხანძრის მიზეზი გახდა. მისი გადარჩენა ერთ-ერთმა მსახურმა, აიზეკ ბერიჯმა სცადა, თუმცა, მისი საწოლიდან ფეხებით გამოთრევის მცდელობისას, მან თავად დაკარგა გრძნობა და გადასარჩენი აღმოჩნდა. ეს ვერსია დადასტურდა სხვა მსახურების მიერაც. თუმცა ორი დღის მერე ბოლინგბროკმა სცადა ნანგრევებში და ფერფლში მისი მეგობრის ცხედრის მოძებნა და იპოვა ის თავის გარეშე. მას ეჭვები გაუჩნდა, თუ როგორ შეიძლებოდა ცეცხლს ეს ექნა და ეს ეჭვები გაუძლიერდა, მას შემდეგ რაც სხეულზე ჭრილობები აღმოაჩინა. დაიწყო გამოძიება და შედეგად დადგინდა[25] ძირითადი ეჭვმიტანილის ვინაობა. ეს იყო კანტილიონის მზარეული, ჯოზეფ დენიე, რომელიც 11 წელი იყო კანტილიონის მსახურებაში, მაგრამ მკვლელობამდე 10 დღით ადრე გათავისუფლებულ იქნა. გამოძიების ვერსიით, დენიე ხანძრის დროს ყიდულობდა ალკოჰოლს მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ დროს მას ჯიბე გაეხა, საიდანაც გინეების დიდი რაოდენობა ამოუცვივდა. სავარაუდოდ, ის განაწყენებული იყო კანტილიონზე, კიბის დახმარებით შეძვრა ფანჯარაში, მოკლა ყოფილი პატრონი, დაცალა კარადა და გაიქცა. მიუხედავად ხმებისა, რომ დენიე ნიდერლანდებში დაიჭირეს, ის, სინამდვილეში, აღარავის უნახავს. მაგრამ ეს ყველაფერი როდია. 1734 წლის 11 დეკემბერს სურინამში, პარამარიბოში, ჩადის ვინმე შევალიე დე ლუვინი[26]. მისი ბარგი მოიცავდა 16 თოფს, ტყვიაწამლის კასრს, რკინის ინსტრუმენტებს და დიდი ოდენობით ოქროს გინეებს. მიუხედავად სურინამის გუბერნატორის მოთხოვნისა, მიეგვარათ შევალიე მასთან, პასპორტის შესამოწმებლად, მან გაქცევა მოახერხა. 1735 წლის 14 იანვარს სურინამის გუბერნატორმა აღმოაჩინა შევალიე დე ლუვინის სამალავი, ტყეში, მდინარის პირას, მაგრამ თავად შევალიე გაუჩინარებულა. სამალავის ადგილას შევალიეს დასაპატიმრებლად გაგზავნილმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს სამი შავკანიანი მონა, საქონელი და დოკუმენტები – ყველა დოკუმენტი ატარებდა რიჩარდ კანტილიონის სახელს. როგორც სურინამის გუბერნატორმა, ისე მისი წერილების ადრესატებმა, ჩათვალეს, რომ გაუჩინარებული შევალიე იყო კანტილიონის მკვლელი. თუმცა ანტუან მერფი (და მე ვეთანხმები) თვლის, რომ ეს თავად კანტილიონი გახლდათ და ამას რამდენიმე არგუმენტზე აფუძნებს: ხანძრის წინა დღეს მან ბანკიდან 10,000-მდე გინეა გამოიტანა; მისი სხეულის იდენტიფიცირება საბოლოო ჯამში მხოლოდ იმით მოხდა, რომ ის იპოვეს საკუთარ ოთახში, მაგრამ მხოლოდ ორმა მოწმემ განაცხადა, რომ მსხვერპლის სახე ნახა და არც ერთი ეს მოწმე პირადად კანტილიონს არ იცნობდა. მოგვიანებით, კი მისი თავი, მოგეხსენებათ, დაიკარგა; კანტილიონის ნათესავებმა არ გამოთქვეს დიდი სურვილი საქმე აღეძრათ მსახურების წინააღმდეგ – ნუთუ ისინი მათ უდანაშაულობაში იყვნენ დარწმუნებულნი? და ბოლოს, თუკი შევალიე დე ლუვინი ნამდვილად კანტილიონის მკვლელი იყო, რატომ დასჭირდა მას კანტილიონის მთელი დოკუმენტაციის ზიდვა ატლანტის ოკეანის იქით? ეს ხომ მის წინააღმდეგ საუკეთესო სამხილი იქნებოდა? იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანტუან მერფი ცდება, მე მირჩევნია ვიფიქრო, რომ შევალიე დე ლუვინი რიჩარდ კანტილიონი იყო. არ ეგების კანტილიონისნაირ ფიგურას ასეთი უგვანი სიკვდილი. სჯობს არ ვიცოდეთ, სად და როგორ მოკვდა პირველი ნამდვილი ეკონომისტი. [1] ეს არ ნიშნავს, რომ ეს მისი ძირითადი აქტივები იყო – მირაბო წერდა, რომ კანტილიონი ფლობდა სახლებს ევროპის შვიდ დედაქალაქში. [2] კანტილიონი არ იყო ლედი მერის ერთადერთი კრედიტორი – მის სინდისზე ერთი გაკოტრებული ბანკიც კი იყო. [3] 13,651,055 გირვანქა დღეს [4] ჩენდოსმა, როგორც გახსოვთ, დიდძალი თანხები დაკარგა სამხრეთის ზღვების ბუშტში. ის, რა თქმა უნდა, ბუშტის ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილა – ბევრი ლონდონელი ბანკირი გაკოტრდა, ჯონ ლოს ბანკირის, ჯორჯ მიდლტონის ჩათვლით. ინგლისის ბანკსაც კი შეექმნა სერიოზული პრობლემები, როდესაც 1720 წლის საშობაოდ დეპოზიტარები მიაწყდნენ ფულის გამოსატანად. [5] Estate, farm არ გეგონოთ. [6] თავისი მორატორიუმი ჰქონდათ უცხოელებზე; კანტილიონმა, საბოლოოდ, ბარბადოსის ფასიანი ქაღალდები არჩია. [7] Frères Pâris, რომლებსაც შევხვდით ჯონ ლოს ამბებში, მაგალითად აქ [8] მისისიპის ბუშტის შედეგად გამდიდრებულებს „ახალ ადამიანებს“ – les hommes nouveaux – ეძახდნენ. [9] და შეგახსენებთ, რომ მან ზედმეტად ადრე გაყიდა აქციები. [10] მაშინ – 630,000 გირვანქა, დღეს – 142 მილიონ გირვანქაზე მეტი. [11] Mary Anne O’Mahony [12] ქორწინების პირველი წლები მართლაც ბედნიერი გამოდგა. 1726 წელს წყვილს გაუჩნდა ქალიშვილი, ჰენრიეტა, რომელსაც კანტილიონმა თავისი ქონების ძირითადი ნაწილი უანდერძა. თუმცა კანტილიონის სიცოცხლის ბოლო წლებში მათ ქორწინებას პრობლემები შეექმნა და კანტილიონის სიკვდილიდან 6 თვის თავზე მერი ენი უკვე ვინმე ფრანსუა ბალკლისთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც გაყვა კიდეც ორ წელიწადში. მერფი ვარაუდობს, რომ მათ შორის კავშირი ჯერ კიდევ კანტილიონის სიცოცხლეში დაიწყო. [13] ერთ-ერთი დავა 1760-იან წლებამდეც კი გაიწელა. [14] 95,000 გირვანქა [15] Shorting, short selling – დამოკლება; ყველაზე მარტივი მაგალითია აქტივის (მაგ. აქციების) სესხება და აქტიურად გაყიდვა; თუ სესხის დაბრუნების დროისთვის აქციები ფასში დაეცა, ინვესტორი იაფ აქციებს იყიდის ბაზარზე და ვალს დააბრუნებს. რა თქმა უნდა, დამოკლების მცდელობისას აქციების ფასის ზრდა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ინვესტორს თავზე (დიახ, სპეციალურად ვქენი). [16] Christopher Balfe [17] ოჰ, ეს იურიდიული ფორმალობები… [18] Tournelle Criminelle [19] Henri Cochin [20] იმდენად დიდი, რომ ვიზის ფარგლებში სიმდიდრის მასზე დაკისრებული გადასახდის ოდენობა 2.6 მილიონი ლივრი იყო – კანტილიონისაზე მეტი! [21] აბატი. ბევრი ფული. ციხე. ჰმ. [22] რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღებულია ანტუან მერფის წიგნიდან. დეტალებიდან ორს აღვნიშნავ: 1) მეტი დამაჯერებლობისთვის, მაკკენზის მამათმავლობა თავის ზანგ მსახურთან დააბრალეს; 2) ერთ-ერთ განხილვაზე თავის მართლებისას ბალფმა გამოაცხადა, რომ ა) ის არ შეხვედრია აბატ დიუვალს, ბ) შეხვდა, მაგრამ თავისი პროთეზი ფეხზე არ კეთებია, გ) ის, ვინც პროთეზით შეხვდა აბატს იყო მისი ნათესავი კრისტოფერ ბალფი, რომელიც ასევე ინვალიდი იყო და დ) მაკკენზიმ და კანტილიონმა დაიქირავეს ადამიანი, რომელმაც ის (ბალფი) განასახიერა. [23] Albemarle Street [24] ხანძარს მისი ორივე მეზობლის სახლიც შეეწირა. [25] კლასიკური ბრიტანული დეტექტივის სტილში [26] Chevalier de Louvigny
  2. 3. სოროსიდან შეილოკამდე 1720 წლის აპრილში კანტილიონი უკვე ლონდონში იყო, სადაც მას სამხრეთის ზღვების კომპანიის ბუმი დახვდა. რა თქმა უნდა, ეს მისთვის იყო სხვა არაფერი, თუ არა ფულის გაკეთების კიდევ ერთი შესაძლებლობა, მითუფრო, რომ მისი მეგობრობა ჯეიმს ბრიჯესთან – აწ კი უკვე ჩენდოსის ჰერცოგთან – ხელს აძლევდა ლონდონის ფინანსურ ცხოვრებასთან დაკავშირებული თითქმის ნებისმიერი ინფორმაციის მოძიებაში. ჩენდოსს ყველა ქვაბში ჰქონდა ხელი ჩაყოფილი – ის იყო სამხრეთის ზღვების, აღმოსავლეთ ინდოეთის, სამეფო აფრიკული კომპანიის და ინგლისის ბანკის აქციონერი, არაერთი კომპანიის მმართველი საბჭოს წევრი და მისი პრინციპები (უფრო სწორად, მათი არარსებობა) არ უშლიდა ხელს ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებაში როგორც საკუთარი თავის, ისე მისი მეგობრების საკეთილდღეოდ[1]. როგორც ანტუან მერფი წერს, სამხრეთის ზღვების კომპანია კანტილიონისთვის დეჟა ვიუ უნდა ყოფილიყო, იმდენად ჰგავდა სიტუაცია, რომელიც მას ლონდონში დახვდა, იმას, რომელიც მან პარიზში დატოვა. ინგლისელები გარკვეული შურით უყურებდნენ ჯონ ლოს და მისი კომპანიის წარმატებას და 1719 წლის ბოლოს კომპანიის დირექტორებმა გადაწყვიტეს მიებაძათ ლოსთვის და მთავრობასთან შეთანხმებით გარდაექმნათ მთლიანი სახელმწიფო ვალი სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციებად[2]. ბრიტანეთისთვის საბედნიეროდ, ეს გეგმა სრული სახით ვერ განხორციელდა – სახელმწიფო ვალის საკმაოდ დიდი წილი ეკუთვნოდა ინგლისის ბანკს და აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას, რომლებმაც უარი განაცხადეს თავისი აქტივების დათმობაზე. შედეგად, სამხრეთის ზღვების კომპანიამ ვერც ფულის მიწოდების კონტროლი ჩაიგდო ხელში – რითაც ბრიტანეთს გირვანქის გაუფასურება და ინფლაცია აარიდა თავიდან. გეგმის საბოლოო ვარიანტი გულისხმობდა ბრიტანეთის სამთავრობო ვალის დაახლოებით 5/6-ის (31.5 მილიონი გირვანქა) გარდაქმნას სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციებად, რაც ნახევარ მილიონამდე გირვანქას დაუზოგავდა მთავრობას, გადასახდელი სარგებლის შემცირების სახით. მნიშვნელოვანი ასპექტი აქციების გამოშვებაში იყო მათი გაყიდვის ფასი – ასი გირვანქის ღირებულების აქციები იცვლებოდა ასი გირვანქის ოდენობის სახელმწიფო ვალში, მაგრამ, თუ აქციები ამ დროს ბაზარზე ეღირებოდა 200 გირვანქა – კომპანიას შეეძლო ნომინალური 16 მილიონი გირვანქის ღირებულების აქციები გადაეცვალა 32 მილიონი გირვანქის ღირებულების სახელმწიფო ვალში და კიდე ამდენივე აქცია გამოეშვა და გაეყიდა ბაზარზე. ამდენად, რაც მეტი ეღირებოდა კომპანიის აქციები – მით უფრო მეტი იქნებოდა მისი კაპიტალი[3] – და უფრო დიდი მისი საინვესტიციო შესაძლებლობები. ინვესტორები ოპტიმიზმით შეხვდნენ კომპანიის გეგმებს და როდესაც, გარკვეული ბარიერების გადალახვის შემდეგ[4], ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა[5] სამხრეთის ზღვების კომპანიის გეგმა, მისი აქციების ფასმა სწრაფადვე დაიწყო ზრდა. მისისიპის კომპანიის მსგავსად, სამხრეთის ზღვების კომპანიამაც გამოუშვა აქციების რამდენიმე ტრანში[6] და ამ აქციების ღირებულების გადახდაც ასევე ეტაპობრივი უნდა ყოფილიყო. პირველი ტრანში 1720 წლის 14 აპრილს გამოვიდა, აქციების ნომინალური ღირებულებით 300 გირვანქა, თუმცა ინვესტორისთვის საკმარისი იყო ამ თანხის 20%-ის გადახდა და დანარჩენი ნაწილი კი რვა ეტაპად, ორ თვეში ერთხელ უნდა დაეფარა. 29 აპრილს კომპანიამ მეორე ტრანში გამოუშვა, აქციების ღირებულებით 400 გირვანქა და მხოლოდ 40 გირვანქიანი პირველადი შესატანით. ამავე დროს, კომპანიის დირექტორები ცდილობდნენ შეემცირებინათ ხელმისაწვდომი აქციების რაოდენობა, გადაავადეს რა სახელმწიფო ვალის მფლობელებისთვის აქციების ვალში გადაცვლის პროცესი. უკვე ამ დროს გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი „უპირატესობა“, რაც ლოს კომპანიას ჰქონდა – მას შეეძლო აქციების ყიდვისთვის საჭირო ლიკვიდობის ბაზრისთვის პრაქტიკულად შეუზღუდავად მიწოდება – სამეფო ბანკი და მისისიპის კომპანია ხომ ერთი იყო. ინგლისის ბანკი კი, საბედნიეროდ, წინააღმდეგი იყო ფული ესესხებინა სამხრეთის ზღვების კომპანიისთვის. ამიტომ, ამ უკანასკნელის მესვეურებმა ორიგინალური გზა ნახეს – ისინი თავად ასესხებდნენ ფულს ინვესტორებს. სიტყვაზე, ინვესტორი, რომელმაც იყიდა პირველი ტრანშის აქციები და სურდა მეორე ტრანშის აქციებიც შეეძინა, მიმართავდა კომპანიას სესხისთვის. სესხად ის იღებდა პრაქტიკულად იმავე ფულს, რომელიც თავად გადაიხადა პირველი ტრანშის აქციაში, გირაოში დებდა ისევ და ისევ იმ პირველი ტრანშის აქციას (რითაც აქციების მიწოდება ბაზარზე კიდევ უფრო იზღუდებოდა) და ყიდულობდა მეორე ტრანშის აქციას. ეს ყველაფერი ზრდიდა მოთხოვნას აქციებზე და, მიწოდების შემცირებასთან ერთად, შესაბამისად, მათ ფასსაც ბაზარზე. ამას, მისისიპის კომპანიის მსგავსად, ემატებოდა ჭარბი ოპტიმიზმი კომპანიის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ოსტატურად აღვივებდა კომპანიის მიერ გავრცელებული „ინსაიდერული ჭორები“. ეკონომისტების ენაზე რომ ვთქვათ, სამხრეთის ზღვების კომპანიამ ვერ გაზარდა ფულის მიწოდება, სამაგიეროდ გაზარდა მისი მიმოქცევის სიჩქარე[7], რასაც იგივე ეფექტი აქვს. ბუშტი იბერებოდა. მისისიპისა და სამხრეთის ზღვების კომპანიებს შორის კიდევ ერთი მსგავსება იყო – რიჩარდ კანტილიონი ორივეს მიმართ სკეპტიციზმით იყო განწყობილი და ორივეზე დიდი მოგება ნახა. ის საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული აქციების ყიდვა-გაყიდვაში, მაგრამ, როდესაც ლედი მერი ჰერბერტმა რჩევა სთხოვა, მან ინგლისის ბანკის აქციების ყიდვა ურჩია, როგორც უფრო უსაფრთხო, საიმედო და გრძელვადიანი აქტივისა[8]. ლედი მერიმ, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა და 19 მაისს კანტილიონმა, მისი დავალებით, 2500 გირვანქის ნომინალური ღირებულების აქციები იყიდა 9300 გირვანქად (372 გირვანქა აქციაში). პიკზე, 24 ივნისს თითო აქცია უკვე 1050 გირვანქა ღირდა. პარიზისგან განსხვავებით, აქციების ფასების ასეთმა ზრდამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია – ლონდონის სააქციო ბაზარზე უამრავი ახალი კომპანია გამოჩნდა, რომელთა აქციები ისეთივე სისწრაფით იზრდებოდა ფასში, როგორც სამხრეთის ზღვების კომპანიისა[9]. ამან დამატებითი წნეხი შექმნა ლიკვიდურ თანხებზე[10] და სამხრეთის ზღვების კომპანიამ აქციების კიდევ ორი ტრანში გამოუშვა, 17 ივნისს და 24 აგვისტოს, ღირებულებით 1000 გირვანქა. ეს ტრანშები იმავე პრინციპებს ეფუძნებოდა, რაც წინები – პირველადი გადასახადი მცირე, დანარჩენი გადანაწილებული 4-5 წელზე და ფულს ინვესტორები ისევ კომპანიისგან სესხულობდნენ. იმავე სტრატეგიას მიყვებოდნენ ახალი, უფრო პატარა კომპანიებიც და აგვისტოს მეორე ნახევარში უკვე ცხადი იყო, რომ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდებოდა. კრახი გარდაუვალი იყო. ედვარდ მეთიუ უორდი (1847): სამხრეთის ზღვების ბუშტი, სცენა „გაცვლების ალეაში“ 1720 წელს ამ ეიფორიული განწყობის ჟამს კანტილიონი დროს არ კარგავდა. ივნისში ის რამდენიმე დღით პარიზშიც კი ჩავიდა, საიდანაც, ბიზნეს წრეებისთვის სრულიად გასაკვირად, ლოს დავალებით გაემგზავრა ამსტერდამში, სადაც უილიამ ლოსთან[11] ერთად სპილენძის აქტიური შესყიდვა დაიწყო[12]. ამსტერდამში კანტილიონს სხვა ინტერესიც ჰქონდა – იქ, პარიზისა და ლონდონის მსგავსად, ახალი ბუშტი მწიფდებოდა[13] და მან საკმაოდ დიდი ფული გააკეთა ჰოლანდიური კომპანიების აქციებით ვაჭრობით. სწორედ აქ ყოფნისას მან მიიღო ლოსგან, რომლის სისტემა ჩამოშლის პირას იყო, მოწვევა, დაბრუნებულიყო პარიზში და მასთან ერთად ემართა საფრანგეთის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა. როგორც კანტილიონის წერილებიდან ჩანს, ის საკმაოდ სერიოზულად განიხილავდა ამ შესაძლებლობას და მხოლოდ ჩენდოსის დაჟინებულმა გაფრთხილებებმა საბოლოოდ ათქმევინა უარი ამ იდეის განხორციელებაზე. ლო პრაქტიკულად ბოლო დღემდე სწერდა კანტილიონს დაბრუნების თხოვნით და მისი გაქცევის მერეც კი, 1721 წლის იანვარში, ლედი მერი ჰერბერტმა გამოთქვა იდეა, კანტილიონი მისისიპის კომპანიის დირექტორად დანიშნულიყო – რაზეც ირლანდიელმა ასევე უარი თქვა[14]. კანტილიონის ლონდონში არყოფნისას მოხდა ის, რასაც ის ელოდა და რისთვისაც ემზადებოდა – სამხრეთის ზღვების კომპანიის ბუშტი გასკდა და მთელი სააქციო ბაზარი თან წაიყოლა. კომპანიის აქციებს ფასმა თავის პიკს – 1050 გირვანქას – როგორც გახსოვთ, 24 ივნისს მიაღწია. მას მერე, ასე, ორი თვის მანძილზე, ფასი 900 გირვანქის მიდამოებში მერყეობდა, თუმცა აგვისტოს ბოლო ორი კვირა საბედისწერო აღმოჩნდა კომპანიისთვის. და კოლაფსი თავად კომპანიამ დააჩქარა. როგორც აღვნიშნე, სამხრეთის ზღვების კომპანიის წარმატებას ახალი კომპანიების სოკოებივით გამრავლება მოყვა და ყველა ეს კომპანია იმ დროისთვის პატარ-პატარა ბუშტს წარმოადგენდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ კომპანიების კაპიტალის ზრდა სამხრეთის ზღვების კომპანიისთვის ხელმისაწვდომი კაპიტალის ოდენობას ამცირებდა და კომპანიის მესვეურებმა გადაწყვიტეს ამის იურიდიული გზით აღმოფხვრა. მათ უჩივლეს რამდენიმე კომპანიას, რომელთა აქციების ფასი 20-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა ნომინალს, იმ მოტივით, რომ ეს კომპანიები თავისი წესდებით განკუთვნილ საქმიანობას არ აწარმოებდნენ[15]. ჰოი, საოცრებავ, საჩივრის შედეგი არა მხოლოდ ამ კონკრეტული კომპანიების აქციების ჩამოვარდნა იყო, არამედ მთლიანად ბაზრის: ჯერ დაეცა მოპასუხე კომპანიების აქციები; მათ მიყვა უკანონოდ, წესდების გარეშე მოქმედი კომპანიების აქციები; და, იმის გამო, რომ ამ პატარ-პატარა ბუშტების აქციონერებს სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციებიც გააჩნდათ – მათ, ზარალის გაბათილების მიზნით, ამ აქციების მოშორებაც დაიწყეს, შედეგად კი, სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციების ფასმაც მკვეთრი ვარდნა დაიწყო და, რეანიმაციის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 28 სექტემბერს აქცია, რომელიც სამი თვით ადრე 1000 გირვანქაზე ძვირად ივაჭრებოდა, მხოლოდ 200 გირვანქაღა ღირდა[16]. როგორც აღვნიშნე, კანტილიონი ელოდა მოვლენების ამგვარ განვითარებას. განსხვავებით მისისიპის კომპანიისგან, რომლის შემთხვევაშიც მან ფსონი მოსალოდნელ გაუფასურებაზე დადო, აქ მან სხვა ფინანსური ინსტრუმენტი, კერძოდ კი ე.წ. ფუთ ოფციონი[17] გამოიყენა. ოფციონი არის ერთ-ერთი უძველესი[18] ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მის მყიდველს აძლევს უფლებას[19], იყიდოს ან გაყიდოს[20] აქტივი/ფასიანი ქაღალდი/აქცია კონკრეტულ ფასად კონკრეტულ დროს ან ამ დროის დადგომამდე. ფუთ ოფციონს აზრი აქვს, თუკი მისი მყიდველი დარწმუნებულია იმაში, რომ აქციის ფასი დაეცემა ოფციონით განსაზღვრულ ფასს ქვემოთ. ამ შემთხვევაში, ის მიჰყიდის მის მფლობელობაში არსებულ აქტივს ოფციონის გამომშვებს ზემოხსენებულ მაღალ ფასად[21]. სწორედ ასეთი ოფციონი შეიძინა კანტილიონმა, უფლებით გაყიდოს სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციები 600 გირვანქად, რაც განახორციელა კიდეც 1 ოქტომბრისთვის, როდესაც აქციების საბაზრო ფასი 200 გირვანქაზე ნაკლები იყო. კანტილიონი, შესაძლოა, არ ყოფილა ისეთი ყოვლისმცოდნე და იდეალური წინდახედულობის მქონე ფინანსისტი, როგორსაც მოგვიანებით ხატავდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან, მან პიკამდე კარგა ხნით ადრე გაყიდა როგორც მისისიპის, ისე სამხრეთის ზღვების კომპანიების აქციები, რაც მის ზედმეტ სიფრთხილეზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, 1721 წლისთვის რიჩარდ კანტილიონი იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ინგლისში. მან დიდძალი მოგება ნახა პარიზის, ლონდონისა და ამსტერდამის სააქციო ბაზრებზე და, ამასთან ერთად, მთელი რიგი გავლენიანი და მდიდარი მოვალეები ჰყავდა, მათ შორის ჩენდოსის ჰერცოგი, ჯონ და უილიამ ლოები, ლედი მერი ჰერბერტი, ჯოზეფ გეიჯი და სხვები. ახლა საქმე ამ ვალების დაბრუნება იყო. [1] უნდა ითქვას, რომ კანტილიონმა გაცილებით უკეთ გამოიყენა ეს ინფორმაცია, ვიდრე თავად ჩენდოსმა, რომელმაც დააგვიანა სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციების გაყიდვა და ხახამშრალი დარჩა. [2] აქ უნდა იყოს ბმული ვრცელ პოსტზე სამხრეთის ზღვების კომპანიის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ არ დამიწერია. [3] აქციების მაღალი ფასი მარტო იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუკი სააქციო კაპიტალი იქნებოდა გამოყენებული ისეთი აქტივების შესაძენად, რომლებიც შესაბამის მომგებიანობას უზრუნველყოფდა. [4] ინგლისის ბანკმა სცადა კონკურენცია გაეწია სამხრეთის ზღვების კომპანიისთვის სახელმწიფო ვალის მართვის საკითხში, მაგრამ დამარცხდა პარლამენტის მიერ ჩატარებულ „ტენდერში“. [5] ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დამტკიცების უზრუნველსაყოფად ვეებერთელა თანხა – 1.3 მილიონი გირვანქა სტერლინგი – დაიხარჯა ქრთამებში. [6] ლოსგან განსხვავებით, ამ აქციებს არ ეძახდნენ დედებს, ქალიშვილებს და შვილიშვილებს. საქმიანი ხალხი იყვნენ ინგლისელები, სადაც ეცალათ ალეგორიებისთვის. [7] წარმოიდგინეთ, რომ 1 იანვარს ქაღალდის ლარიანით რაიმე იყიდეთ, ოღონდ სანამ გამყიდველს მიაწვდიდით, ამ ლარიანზე თქვენი ავტოგრაფი დატოვეთ, ხოლო გამყიდველს სთხოვეთ, რომ ამ ლარიანს რომ გამოიყენებს, რაიმეს ყიდვისთვის – იგივე ქნას. 31 დეკემბერს რომ იპოვოთ ეს ლარიანი და ავტოგრაფების რაოდენობა დათვალოთ – ეს იქნება ამ კონკრეტული ლარიანის მიმოქცევის სიჩქარე. ყველა ლარისთვის საშუალოდ რომ დავთვალოთ ეს მაჩვენებელი – მივიღებთ ფულის მიმოქცევის სიჩქარეს ეკონომიკაში. [8] მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინგლისის ბანკი აღარაა სააქციო საზოგადოება (პირი ქვისკენ მიქნია და მისი ნაციონალიზაცია, ბევრ სხვა კერძო კომპანიასთან ერთად, კლემენტ ეტლის მთავრობამ 1946 წელს მოახდინა), ის ნამდვილად უსაფრთხო და საიმედოა. არც აქ შემცდარა კანტილიონი. [9] მხოლოდ 1720 წლის აპრილ-მაისში 117 ახალი კომპანია შეიქმნა, მთლიანობაში კი 1719 წლის სექტემბერსა და 1720 წლის სექტემბერს შორის 200-მდე კომპანიის აქციები გავიდა გაყიდვაში. [10] მარტივად რომ ვთქვათ – ფულზე, რომელიც საჭირო იყო ახალი აქციების მაღალ ფასებში ყიდვისთვის და რომელიც, როგორც გვახსოვს, შეზღუდული იყო, რადგან ინგლისის ბანკი „კარგად იქცეოდა“. [11] ჯონ ლოს ძმასთან [12] უცნობია, თუ რაში სჭირდებოდათ ძმებ ლოებს ამდენი სპილენძი. ერთი ვერსიით, ეს დიდი რაოდენობით მცირე დენომინაციის მონეტების მოსაჭრელად შეიძლება ყოფილიყო საჭირო. [13] მომიტევეთ მეტაფორების ესოდენ უხეში აღრევა. [14] მისი შემდეგი ჩასვლა საფრანგეთში მხოლოდ 1727 წლით თარიღდება. [15] ასეთ კომპანიებს ეძლეოდა ე.წ. სამეფო წესდება (Royal Charter), რომელიც მკაცრად განსაზღვრავდა ამ კომპანიების ნებადართული საქმიანობის სფეროს; წესდების დარღვევის შემთხვევაში, ის შეიძლება გაუქმებულიყო, კომპანიასთან ერთად. საინტერესოა, რომ საჩივარი, პრაქტიკულად, „ყვავმა ყვავს უთხრა“ გამოდიოდა, რადგან საკუთრივ სამხრეთის ზღვების კომპანიის ბანკი წესდებით აწარმოებდა ხმლის ღრუ პირებს… [16] ჩენდოსმა, რომელმაც არ დაუჯერა კანტილიონს და ბოლომდე არ უშვებდა აქციებს ხელიდან, დაახლოებით ნახევარი მილიონი გირვანქა დაკარგა და ფულის სესხება – ჯამურად თითქმის 80000 გირვანქის – თავად კანტილიონისგან მოუწია. ამ დავალიანებამ მნიშვნელოვანი დაძაბულობა შეიტანა მათ ურთიერთობაში. [17] Put option. [18] ითვლება, რომ ამ ტიპის პირველი გარიგება ჯერ კიდევ თალეს მილეთელმა განახორციელა, რომელმაც, ზეთისხილის კარგი მოსავლის მოლოდინში, წინასწარ იყიდა ზეთის პრესების გამოყენების უფლება. როდესაც მოსავალი მართლაც კარგი აღმოჩნდა, მან გააქირავა ეს პრესები გაცილებით იმაზე ძვირად, ვიდრე თავად გადაიხადა. [19] მაგრამ არ ავალდებულებს; ვალდებულებას მხოლოდ ოფციონის გამყიდველი იღებს – ეს მნიშვნელოვანია! [20] სწორედ ესაა ფუთ ოფციონი [21] მეტიც, მან შეიძლება იაფად იყიდოს ეს აქტივები ბაზარზე და ძვირად მიჰყიდოს ოფციონის გამომშვებს.
  3. 2. ირლანდიელი სოროსი კარნარვონმა კანტილიონის თხოვნა მალევე შეასრულა, მითუმეტეს, რომ მისთვისაც სასარგებლო იქნებოდა ლოსა და კანტილიონის კავშირი – ამით ის პირველწყაროდან გაიგებდა საფრანგეთის ფინანსების მდგომარეობას და ქულებსაც დაიწერდა ვიგების მთავრობასთან. ამასთან, ის ლოს საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდა და ურჩია კიდეც კანტილიონს, არ ნდობოდა ლოს სქემებს. მაგრამ ირლანდიელმა არ დაუჯერა – მეტიც, ის იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვისაც ჰქონდა საკმარისი ცოდნა და ალღო ფინანსებში, რომ გაეგო, თუ რაში მდგომარეობდა ლოს გეგმები და ოპერაციები. და არა მხოლოდ გაეგო – ფულიც გაეკეთებინა. ორჯერ. ლომაც დაინახა კანტილიონის უდავო ნიჭი და სულ მალე ირლანდიელი შოტლანდიელის ვიწრო წრის წევრი გახდა. იმდენად ვიწროსი, რომ 1718 ნოემბერში, ინგლისელ ჯოზეფ გეიჯთან ერთად ლომ და კანტილიონმა ლუიზიანაში დასახლების დასაფუძნებლად კომპანია დააარსეს[1], ხოლო ამ კომპანიის ლუიზიანაში პირველი ექსპედიციის ხელმძღვანელი რიჩარდის ძმა, ბერნარდი იყო. 1719 წლის ზაფხულში კანტილიონმა პირველი, საკმაოდ მსხვილი „კუში მოხსნა“. როგორც შეიძლება გახსოვდეთ, ეს ის პერიოდია, როდესაც მისისიპის კომპანიის პირველად გამოშვებული აქციები (mères – დედები) ნომინალურად 500 ლივრი ღირდა, თუმცა ბაზარზე ნომინალზე იაფად იყიდებოდა. ამის გამოსასწორებლად ლომ გააერთიანა მისისიპის კომპანია რამდენიმე სხვა კომპანიასთან, მიიღო ინდოეთების კომპანია[2] და ივნისსა და ივლისში აქციების ორი დამატებითი ტრანში გამოუშვა (filles – ქალიშვილები და petites filles – შვილიშვილები). ამასთან, ივნისის დასაწყისში მისმა სამეფო ბანკმა დამატებით გამოუშვა 270 მილიონი ლივრის ბანკნოტები. ამ ყველაფრის შედეგად, კომპანიის აქციების ფასმა ზრდა დაიწყო, მითუმეტეს, რომ „ქალიშვილების“ შესაძენად ინვესტორებს ოთხი „დედა“ უნდა ჰქონოდათ. ივლისის შუაში აქციების ფასმა 1000 ლივრს გადააჭარბა. ამას დაემატა ბანკნოტების ახალი ემისია სამეფო ბანკის მიერ და „შვილიშვილების“ გამოშვება და 14 აგვისტოს აქციების ფასი უკვე 2940 ლივრი იყო. მაგრამ ჯერ კიდევ 1 აგვისტოს, როდესაც აქციების ფასი 2250 ლივრი გახლდათ, კანტილიონმა გაყიდა თავის პორტფელი და იტალიაში გაემგზავრა. პრაქტიკულად ყველა მკვლევარის აზრია, რომ კანტილიონმა იმ მომენტში უკვე დაინახა ლოს სისტემის დეფექტები. კერძოდ, ლოს მიერ ზარაფხანის ყიდვა და ბანკნოტების ემისიის დაჩქარება, კანტილიონის აზრით შეცდომა იყო, რომელიც ადრე თუ გვიან სისტემის კრახს გამოიწვევდა და საჭირო იყო აქციების დროული მოშორება. თუმცა, ის შეცდა. თუ გახსოვთ, 1720 წლის დასაწყისში მისისიპის კომპანიის აქციების ფასმა 10,000 ლივრს მიაღწია, ანუ მისი მოგება თითქმის ხუთჯერ მეტი შეიძლება ყოფილიყო[3]. კანტილიონი უფრო ფრთხილი გამოდგა, ვიდრე ამ სიტუაციაში საჭირო იყო. მისი თანდაყოლილი კონსერვატიზმი (თუნდაც, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, გამართლებული), შემდგომშიც შეუშლის ხელს სამხრეთის ზღვების კომპანიისა და ნიდერლანდების სააქციო ბაზრის ბუმის სწორად შეფასებაში[4]. იტალიაში ყოფნისას ის მუდმივად აწყდებოდა ყოველკვირეულ გაზეთებში „ახალ ამბებს პარიზიდან“, სადაც დიდი ადგილი ლოს სისტემის წარმატებას ეთმობოდა. არავის გაუხარდება ფიქრი „რამდენით მეტს მოვიგებდი, რომ“, არავის გაუხარდება თავისი შეცდომის მუდმივად გაზეთში ფრიალი. საკუთარ თავზე, სავარაუდოდ, განაწყენებული კანტილიონი 1720 წლის თებერვალში პარიზში დაბრუნდა. ამ დროს მისისიპის ბუმი ეიფორიის ფაზაში იყო შესული და კანტილიონმაც არ დაკარგა დრო – მისმა ბანკმა დაიწყო საკმაოდ მსხვილი სესხების გაცემა ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურდათ ესარგებლათ აქციების ფასების ზრდის პერიოდით. მსესხებლებს შორის იყვნენ ზემოთ უკვე ნახსენები ჯოზეფ გეიჯი და მისი საყვარელი, ლედი მერი ჰერბერტი (სწორედ ის, რომელმაც ამრეზით მოიხსენია პარიზში ფეხსაცმლის გარეშე ჩასული კანტილიონი). მარტიდან მაისამდე ამ წყვილმა, ლედი მერის ძმასთან, ლორდ მონტგომერისთან და ორ ირლანდიელ ბანკირთან ერთად კანტილიონის ბანკისგან დაახლოებით 53,000 გირვანქა ისესხა, გირაოში კი მისისიპის აქციები ჩადო[5]. გეიჯი და ლედი მერი არ ყოფილან კანტილიონის ერთადერთი კლიენტები და არც კანტილიონი იყო ერთადერთი ბანკირი, რომლისგანაც მათ ფული ისესხეს. მიუხედავად ამისა, მისისიპის ბუშტის გასკდომისა და მათი გაკოტრების შემდეგ, ისინი მხოლოდ კანტილიონს აბრალებდნენ თავიანთ წარუმატებლობას, ბრალს სდებდნენ თაღლითობაში და, პრაქტიკულად, სიცოცხლის ბოლომდე მისი დაუძინებელი მტრები იყვნენ[6]. ერთი უპირატესობა, რაც კანტილიონმა მოიპოვა თავისი „შვებულებისას“ იყო ის, რომ მან შეძლო გარედან დაენახა სიტუაცია მისისიპის კომპანიის გარშემო და ამით მიუკერძოებელი შეფასების ფუფუნება გაუჩნდა. ამით ის განსხვავდებოდა ახლად გამოჩეკილი მილიონერებისგან, რომლებიც, წარმატებით თავბრუდახვეულები, ვერ ხედავდნენ და ვერც დაინახავდნენ უფსკრულს, რომლისკენაც მიექანებოდნენ. კი, მისი პესიმიზმი ლოს სისტემასთან დაკავშირებით, რომლის გამოც მან იჩქარა აქციების მოშორება, არ გამართლდა. პირიქით, კანტილიონის დაბრუნებისთვის, ლომ ერთ კომპანიაში გააერთიანა სამეფო ბანკი და მისისიპის კომპანია, თავად კი, პრაქტიკულად, საფრანგეთის პრემიერ მინისტრი გახდა. მაგრამ კანტილიონმა დაინახა ის შეცდომები, რაც ლომ უკვე გაზაფხულზე დაუშვა. ეს შეცდომები, რომლებიც უფრო დეტალურად ლოს შესახებ პოსტებშია აღწერილი, ძირითადად მონეტარულ პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული – მონეტების/ძვირფასი ლითონების ფლობის აკრძალვები, ადგილობრივი გაცვლითი კურსის[7] ცვლილებები (ვალუტის დეგრადაცია/რეგრადაცია[8]) და ღია ბაზრის ოპერაციები, კომპანიის აქციების ფასების ხელოვნურად მაღალ დონეზე მხარდასაჭერად. ამ პოსტის მიზნებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა 11 მარტის დეკრეტი, რომლის მიხედვით 1 მაისამდე მოხდებოდა ოქროს დემონეტიზაცია, პარალელურად კი, მარტიდან დეკემბრამდე – ვერცხლის რეგრადაცია – ლივრის ღირებულების ზრდა ვერცხლში. შედეგად, ბანკნოტებში დენომინირებული ლივრი გამყარდებოდა ოქროსა და ვერცხლში დენომინირებული უცხოური ვალუტების მიმართ[9]. ყველაზე დიდი პრობლემა ამ დროს ის იყო, რომ ლო, ვალუტის გამყარებასთან ერთად, საპროცენტო განაკვეთებს დაბალ დონეზე იჭერდა. ანტუან მერფის აზრით, სწორედ ეს დაინახა კანტილიონმა და სწორედ ამაზე დაყრდნობით ერთდროულად მივიდა დასკვნამდე, რომ ლოს სისტემას დიდი დრო არ უწერია და სანამ ეს უდღეურობა სხვებისთვისაც ნათელი გახდებოდა, ჭკვიანი კაცი ამაზე ფულის გაკეთებასაც მოასწრებდა. მოგვიანებით, თავის ესეიში ის ოსტატურად აჩვენებს[10], რომ ფულის მიწოდების ზედმეტად ზრდა (ლოს პოლიტიკის შედეგად 1719 წლის აგვისტოში 330 მილიონი ლივრიდან ფულის მიწოდება გაიზარდა 2.1 მილიარდ ლივრამდე 1720 წლის მაისში) იწვევს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტს[11], ხოლო ეს უკანასკნელი კი ვალუტის გაუფასურებას (რაც საპირისპიროა ლოს პოლიტიკის მეორე ნაწილისა). ბუშტის გასკდომა გარდაუვალი იყო და კანტილიონმა გადაწყვიტა[12], გაეკეთებინა ის, რასაც თითქმის სამი საუკუნის მერე ინგლისის ბანკს გაუკეთებს ჯორჯ სოროსი – მან დაიწყო თამაში ლივრის გაუფასურებაზე. ის იშვიათი გამონაკლისი იყო – პრაქტიკულად ყველას იმ პერიოდში, ვინც კი მისისიპის აქციებს ფლობდა, ჯონ ლო ეგონა თანამედროვე მიდასი, რომელიც არათუ არ – ვერ დაუშვებდა შეცდომას. კანტილიონსაც სწორედ ასეთი ინვესტორები სჭირდებოდა. სამეფო ბანკში რიგი დადგა – ხალხი ყიდდა თავის ოქროსა და ვერცხლს და ცვლიდა მათ ბანკნოტებში. კანტილიონის სტრატეგია მარტივი იყო – ის დეკემბრამდე ასესხებდა მსურველებს უცხოურ ვალუტას (სტერლინგებს და გულდენებს/ფლორინებს) გირაოდ კი მისისიპის აქციებს იღებდა. მსურველები ამ უცხოურ ვალუტას ახურდავებდნენ ლივრებში და ელოდნენ დეკემბერს[13]. კანტილიონის წარმოუდგენლად მაღალი საპროცენტო განაკვეთებისთვისაც კი (66% წლიური) ინვესტორები მაინც მოგებაში დარჩებოდნენ, ლო თუ მართალი აღმოჩნდებოდა. მაგრამ ის შეცდა და კანტილიონი კი მართალი იყო. ის პარალელურად ყიდდა კომპანიის აქციებს და მოგებას (გაცვლის ანგარიშების მეშვეობით) აგზავნიდა ლონდონსა და ამსტერდამში[14]. მისი ეს, არც ისე ფარული ოპერაციები, ლოს ყურამდეც მივიდა და სწორედ ამის შემდეგ მათ შორის შედგა ის ცნობილი შეხვედრა, რომელზეც ლომ მკვახედ უთხრა „ინგლისში რომ ვიყოთ, მოლაპარაკებას შევძლებდით და შეთანხმებასაც მივაღწევდით, მაგრამ საფრანგეთში ვართ, და თუ სიტყვას არ მომცემთ, რომ 48 საათში ქვეყანას დატოვებთ, შემიძლია დაგპირდეთ, რომ ამავე საღამოს ბასტილიაში აღმოჩნდებით“. კანტილიონმა ამ დროის მანძილზეც მოასწრო აქციების რაღაც ნაწილის გაყიდვა, მაგრამ ორ დღეში ის უკვე ლონდონში იყო, საიდანაც წყნარად აკვირდებოდა ლოს სისტემის ჩამოშლას. მისი ყველა გათვლა გამართლდა – მისისიპის კომპანიის აქციების ფასი ჩამოვარდა ნოემბრისკენ 3300 ლივრამდე, ლივრი კი, გირვანქა სტერლინგის მიმართ გაუფასურდა 30-დან, 92.3-მდე[15]. მონეტარისტმა აჯობა კეინსიანელს. მისისიპის კომპანიის აქციების ფასი გირვანქებში, 1720 წლის იანვრიდან სექტემბრამდე (აღებულია ანტუან მერფის წიგნიდან).[1] ანეკდოტივით ჟღერს – ინგლისელი, შოტლანდიელი და ირლანდიელი აარსებენ კომპანიას… [2] რომელსაც კვლავაც მისისიპის კომპანიას ან, სულაც უბრალოდ კომპანიას დავუძახებ. [3] მისი 1719 წლის ანგარიშები ცხადყოფს, რომ იმ წელს მისი მოგება 6.5 მილიონი ლივრი იყო. თავად განსაჯეთ, რამდენი დაკარგა. [4] თუმცა ორივე შემთხვევაში ის საკმარის მოგებას მაინც ნახავს [5] გეიჯიც და ლედი მერიც, რბილად რომ ვთქვათ, კოლორიტული ფიგურები იყვნენ. მისისიპის ბუშტის გასკდომამდე ორივემ საკმაოდ დიდი მოგება ნახა (ქაღალდზე) და გეიჯმა, თავისი საყვარლის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, პოლონეთის დიდგვაროვნებს სამი მილიონი გირვანქა შეთავაზა, რათა მეფედ აერჩიათ. უარის მერე, მან კუნძულ სარდინიის ყიდვაც სცადა, ასევე უშედეგოდ. კაცმა არ იცის, მოახერხებდა თუ არა გეიჯი რამის ყიდვას, რადგან ამ წარუმატებლობის მერე ბუშტიც მალე გასკდა და მისი ქონება თან გაიყოლა. [6] მიუხედავად იმისა, იყო თუ არა კანტილიონი თაღლითი (არ ყოფილა) და მოექცა თუ არა ცუდად თავის მსესხებლებს (მოექცა), უნდა ითქვას, რომ ლედი მერიმ, რომელიც იმ პერიოდის ერთ-ერთ უმსხვილესი სპეკულატორი იყო, ჯამურად ისესხა დაახლოებით 173,000 გირვანქა სტერლინგი, საიდანაც მხოლოდ 44,000 იყო ნასესხები კანტილიონისგან. [7] აღრიცხვის ფულის ერთეულსა და ძვირფას ლითონებს შორის [8] საფრანგეთის მონეტარული სისტემა მეთვრამეტე საუკუნეში დიდად არ განსხვავდებოდა მეთოთხმეტე საუკუნის სისტემისგან, რომელიც აქ არის აღწერილი. შეგახსენებთ, რომ ვალუტის დეგრადაცია გულისხმობს ოქროს/ვერცხლის ღირებულების ზრდას ლივრებში (ინფლაციური პოლიტიკა), ხოლო რეგრადაცია – პირიქით, ოქროს/ვერცხლის ღირებულების შემცირებას ლივრებში (დეფლაციური პოლიტიკა). ფასების დონის ნელი რეაგირების გამო ამ ცვლილებებს რეალურ ეკონომიკაზეც ჰქონდა გავლენა. დეგრადაცია ადგებოდა მსესხებლებს და ვნებდა რანტიეებსა და კრედიტორებს. [9] კანტილიონის პროგნოზით ეკიუს კურსი გაიზრდებოდა 13 პენსიდან 50 პენსამდე. [10] და ამას დეტალებშიც ვნახავთ, შესაბამის პოსტში [11] ქვეყნიდან უფრო მეტი ფული გადის, ვიდრე შედის [12] რაც მისი შემდგომი ქმედებებიდან ჩანს [13] ინვესტორებისთვის, რომელთაც სჯეროდათ ლივრის გამყარების, სქემა წარმოუდგენლად მომგებიანი იყო: დავუშვათ, ლივრი სამჯერ გაძვირდება მარტიდან დეკემბრამდე ვერცხლის მიმართ (როგორც იყო გათვალისწინებული). მაშინ, ადამიანი, რომელიც სამი ათასი ლივრის ვერცხლს შემოიტანს, სიტყვაზე, ინგლისიდან საფრანგეთში მარტში, გადაცვლის მას სამი ათასი ლივრის ბანკნოტებში, დაიცდის 9 თვე და დეკემბერში იყიდის იმავე ოდენობის ვერცხლს, მაგრამ უკვე მხოლოდ ათასი ლივრის ბანკნოტებით, რითაც ორი ათასი ლივრის მოგებას ნახავს. ამასთან, არც გეიჯის და ლედი მერის წყვილს და არც რომელიმე სხვა ინვესტორს სურდა კომპანიის აქციების გაყიდვა – ბაზარი ჯერ კიდევ ეიფორიული იყო – ამიტომაც ისინი იყენებდნენ ამ აქციებს გირაოდ. [14] 1720 წლის აპრილ-ივნისში მან ჯამურად გააგზავნა პარიზიდან ლონდონსა და ამსტერდამში 250,000 გირვანქა სტერლინგი. ეს ძალიან დიდი თანხა გახლდათ. [15] სექტემბერში; 1720 წლის ბოლო სამი თვის მანძილზე ლივრი უბრალოდ აღარ ივაჭრებოდა უცხოური ვალუტის ბაზარზე.