Guest Merlin Posted 19 თებერვალი, 2021 Posted 19 თებერვალი, 2021 3. სოროსიდან შეილოკამდე 1720 წლის აპრილში კანტილიონი უკვე ლონდონში იყო, სადაც მას სამხრეთის ზღვების კომპანიის ბუმი დახვდა. რა თქმა უნდა, ეს მისთვის იყო სხვა არაფერი, თუ არა ფულის გაკეთების კიდევ ერთი შესაძლებლობა, მითუფრო, რომ მისი მეგობრობა ჯეიმს ბრიჯესთან – აწ კი უკვე ჩენდოსის ჰერცოგთან – ხელს აძლევდა ლონდონის ფინანსურ ცხოვრებასთან დაკავშირებული თითქმის ნებისმიერი ინფორმაციის მოძიებაში. ჩენდოსს ყველა ქვაბში ჰქონდა ხელი ჩაყოფილი – ის იყო სამხრეთის ზღვების, აღმოსავლეთ ინდოეთის, სამეფო აფრიკული კომპანიის და ინგლისის ბანკის აქციონერი, არაერთი კომპანიის მმართველი საბჭოს წევრი და მისი პრინციპები (უფრო სწორად, მათი არარსებობა) არ უშლიდა ხელს ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებაში როგორც საკუთარი თავის, ისე მისი მეგობრების საკეთილდღეოდ[1]. როგორც ანტუან მერფი წერს, სამხრეთის ზღვების კომპანია კანტილიონისთვის დეჟა ვიუ უნდა ყოფილიყო, იმდენად ჰგავდა სიტუაცია, რომელიც მას ლონდონში დახვდა, იმას, რომელიც მან პარიზში დატოვა. ინგლისელები გარკვეული შურით უყურებდნენ ჯონ ლოს და მისი კომპანიის წარმატებას და 1719 წლის ბოლოს კომპანიის დირექტორებმა გადაწყვიტეს მიებაძათ ლოსთვის და მთავრობასთან შეთანხმებით გარდაექმნათ მთლიანი სახელმწიფო ვალი სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციებად[2]. ბრიტანეთისთვის საბედნიეროდ, ეს გეგმა სრული სახით ვერ განხორციელდა – სახელმწიფო ვალის საკმაოდ დიდი წილი ეკუთვნოდა ინგლისის ბანკს და აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას, რომლებმაც უარი განაცხადეს თავისი აქტივების დათმობაზე. შედეგად, სამხრეთის ზღვების კომპანიამ ვერც ფულის მიწოდების კონტროლი ჩაიგდო ხელში – რითაც ბრიტანეთს გირვანქის გაუფასურება და ინფლაცია აარიდა თავიდან. გეგმის საბოლოო ვარიანტი გულისხმობდა ბრიტანეთის სამთავრობო ვალის დაახლოებით 5/6-ის (31.5 მილიონი გირვანქა) გარდაქმნას სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციებად, რაც ნახევარ მილიონამდე გირვანქას დაუზოგავდა მთავრობას, გადასახდელი სარგებლის შემცირების სახით. მნიშვნელოვანი ასპექტი აქციების გამოშვებაში იყო მათი გაყიდვის ფასი – ასი გირვანქის ღირებულების აქციები იცვლებოდა ასი გირვანქის ოდენობის სახელმწიფო ვალში, მაგრამ, თუ აქციები ამ დროს ბაზარზე ეღირებოდა 200 გირვანქა – კომპანიას შეეძლო ნომინალური 16 მილიონი გირვანქის ღირებულების აქციები გადაეცვალა 32 მილიონი გირვანქის ღირებულების სახელმწიფო ვალში და კიდე ამდენივე აქცია გამოეშვა და გაეყიდა ბაზარზე. ამდენად, რაც მეტი ეღირებოდა კომპანიის აქციები – მით უფრო მეტი იქნებოდა მისი კაპიტალი[3] – და უფრო დიდი მისი საინვესტიციო შესაძლებლობები. ინვესტორები ოპტიმიზმით შეხვდნენ კომპანიის გეგმებს და როდესაც, გარკვეული ბარიერების გადალახვის შემდეგ[4], ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა[5] სამხრეთის ზღვების კომპანიის გეგმა, მისი აქციების ფასმა სწრაფადვე დაიწყო ზრდა. მისისიპის კომპანიის მსგავსად, სამხრეთის ზღვების კომპანიამაც გამოუშვა აქციების რამდენიმე ტრანში[6] და ამ აქციების ღირებულების გადახდაც ასევე ეტაპობრივი უნდა ყოფილიყო. პირველი ტრანში 1720 წლის 14 აპრილს გამოვიდა, აქციების ნომინალური ღირებულებით 300 გირვანქა, თუმცა ინვესტორისთვის საკმარისი იყო ამ თანხის 20%-ის გადახდა და დანარჩენი ნაწილი კი რვა ეტაპად, ორ თვეში ერთხელ უნდა დაეფარა. 29 აპრილს კომპანიამ მეორე ტრანში გამოუშვა, აქციების ღირებულებით 400 გირვანქა და მხოლოდ 40 გირვანქიანი პირველადი შესატანით. ამავე დროს, კომპანიის დირექტორები ცდილობდნენ შეემცირებინათ ხელმისაწვდომი აქციების რაოდენობა, გადაავადეს რა სახელმწიფო ვალის მფლობელებისთვის აქციების ვალში გადაცვლის პროცესი. უკვე ამ დროს გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი „უპირატესობა“, რაც ლოს კომპანიას ჰქონდა – მას შეეძლო აქციების ყიდვისთვის საჭირო ლიკვიდობის ბაზრისთვის პრაქტიკულად შეუზღუდავად მიწოდება – სამეფო ბანკი და მისისიპის კომპანია ხომ ერთი იყო. ინგლისის ბანკი კი, საბედნიეროდ, წინააღმდეგი იყო ფული ესესხებინა სამხრეთის ზღვების კომპანიისთვის. ამიტომ, ამ უკანასკნელის მესვეურებმა ორიგინალური გზა ნახეს – ისინი თავად ასესხებდნენ ფულს ინვესტორებს. სიტყვაზე, ინვესტორი, რომელმაც იყიდა პირველი ტრანშის აქციები და სურდა მეორე ტრანშის აქციებიც შეეძინა, მიმართავდა კომპანიას სესხისთვის. სესხად ის იღებდა პრაქტიკულად იმავე ფულს, რომელიც თავად გადაიხადა პირველი ტრანშის აქციაში, გირაოში დებდა ისევ და ისევ იმ პირველი ტრანშის აქციას (რითაც აქციების მიწოდება ბაზარზე კიდევ უფრო იზღუდებოდა) და ყიდულობდა მეორე ტრანშის აქციას. ეს ყველაფერი ზრდიდა მოთხოვნას აქციებზე და, მიწოდების შემცირებასთან ერთად, შესაბამისად, მათ ფასსაც ბაზარზე. ამას, მისისიპის კომპანიის მსგავსად, ემატებოდა ჭარბი ოპტიმიზმი კომპანიის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ოსტატურად აღვივებდა კომპანიის მიერ გავრცელებული „ინსაიდერული ჭორები“. ეკონომისტების ენაზე რომ ვთქვათ, სამხრეთის ზღვების კომპანიამ ვერ გაზარდა ფულის მიწოდება, სამაგიეროდ გაზარდა მისი მიმოქცევის სიჩქარე[7], რასაც იგივე ეფექტი აქვს. ბუშტი იბერებოდა. მისისიპისა და სამხრეთის ზღვების კომპანიებს შორის კიდევ ერთი მსგავსება იყო – რიჩარდ კანტილიონი ორივეს მიმართ სკეპტიციზმით იყო განწყობილი და ორივეზე დიდი მოგება ნახა. ის საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული აქციების ყიდვა-გაყიდვაში, მაგრამ, როდესაც ლედი მერი ჰერბერტმა რჩევა სთხოვა, მან ინგლისის ბანკის აქციების ყიდვა ურჩია, როგორც უფრო უსაფრთხო, საიმედო და გრძელვადიანი აქტივისა[8]. ლედი მერიმ, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა და 19 მაისს კანტილიონმა, მისი დავალებით, 2500 გირვანქის ნომინალური ღირებულების აქციები იყიდა 9300 გირვანქად (372 გირვანქა აქციაში). პიკზე, 24 ივნისს თითო აქცია უკვე 1050 გირვანქა ღირდა. პარიზისგან განსხვავებით, აქციების ფასების ასეთმა ზრდამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია – ლონდონის სააქციო ბაზარზე უამრავი ახალი კომპანია გამოჩნდა, რომელთა აქციები ისეთივე სისწრაფით იზრდებოდა ფასში, როგორც სამხრეთის ზღვების კომპანიისა[9]. ამან დამატებითი წნეხი შექმნა ლიკვიდურ თანხებზე[10] და სამხრეთის ზღვების კომპანიამ აქციების კიდევ ორი ტრანში გამოუშვა, 17 ივნისს და 24 აგვისტოს, ღირებულებით 1000 გირვანქა. ეს ტრანშები იმავე პრინციპებს ეფუძნებოდა, რაც წინები – პირველადი გადასახადი მცირე, დანარჩენი გადანაწილებული 4-5 წელზე და ფულს ინვესტორები ისევ კომპანიისგან სესხულობდნენ. იმავე სტრატეგიას მიყვებოდნენ ახალი, უფრო პატარა კომპანიებიც და აგვისტოს მეორე ნახევარში უკვე ცხადი იყო, რომ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდებოდა. კრახი გარდაუვალი იყო. ედვარდ მეთიუ უორდი (1847): სამხრეთის ზღვების ბუშტი, სცენა „გაცვლების ალეაში“ 1720 წელს ამ ეიფორიული განწყობის ჟამს კანტილიონი დროს არ კარგავდა. ივნისში ის რამდენიმე დღით პარიზშიც კი ჩავიდა, საიდანაც, ბიზნეს წრეებისთვის სრულიად გასაკვირად, ლოს დავალებით გაემგზავრა ამსტერდამში, სადაც უილიამ ლოსთან[11] ერთად სპილენძის აქტიური შესყიდვა დაიწყო[12]. ამსტერდამში კანტილიონს სხვა ინტერესიც ჰქონდა – იქ, პარიზისა და ლონდონის მსგავსად, ახალი ბუშტი მწიფდებოდა[13] და მან საკმაოდ დიდი ფული გააკეთა ჰოლანდიური კომპანიების აქციებით ვაჭრობით. სწორედ აქ ყოფნისას მან მიიღო ლოსგან, რომლის სისტემა ჩამოშლის პირას იყო, მოწვევა, დაბრუნებულიყო პარიზში და მასთან ერთად ემართა საფრანგეთის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა. როგორც კანტილიონის წერილებიდან ჩანს, ის საკმაოდ სერიოზულად განიხილავდა ამ შესაძლებლობას და მხოლოდ ჩენდოსის დაჟინებულმა გაფრთხილებებმა საბოლოოდ ათქმევინა უარი ამ იდეის განხორციელებაზე. ლო პრაქტიკულად ბოლო დღემდე სწერდა კანტილიონს დაბრუნების თხოვნით და მისი გაქცევის მერეც კი, 1721 წლის იანვარში, ლედი მერი ჰერბერტმა გამოთქვა იდეა, კანტილიონი მისისიპის კომპანიის დირექტორად დანიშნულიყო – რაზეც ირლანდიელმა ასევე უარი თქვა[14]. კანტილიონის ლონდონში არყოფნისას მოხდა ის, რასაც ის ელოდა და რისთვისაც ემზადებოდა – სამხრეთის ზღვების კომპანიის ბუშტი გასკდა და მთელი სააქციო ბაზარი თან წაიყოლა. კომპანიის აქციებს ფასმა თავის პიკს – 1050 გირვანქას – როგორც გახსოვთ, 24 ივნისს მიაღწია. მას მერე, ასე, ორი თვის მანძილზე, ფასი 900 გირვანქის მიდამოებში მერყეობდა, თუმცა აგვისტოს ბოლო ორი კვირა საბედისწერო აღმოჩნდა კომპანიისთვის. და კოლაფსი თავად კომპანიამ დააჩქარა. როგორც აღვნიშნე, სამხრეთის ზღვების კომპანიის წარმატებას ახალი კომპანიების სოკოებივით გამრავლება მოყვა და ყველა ეს კომპანია იმ დროისთვის პატარ-პატარა ბუშტს წარმოადგენდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ კომპანიების კაპიტალის ზრდა სამხრეთის ზღვების კომპანიისთვის ხელმისაწვდომი კაპიტალის ოდენობას ამცირებდა და კომპანიის მესვეურებმა გადაწყვიტეს ამის იურიდიული გზით აღმოფხვრა. მათ უჩივლეს რამდენიმე კომპანიას, რომელთა აქციების ფასი 20-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა ნომინალს, იმ მოტივით, რომ ეს კომპანიები თავისი წესდებით განკუთვნილ საქმიანობას არ აწარმოებდნენ[15]. ჰოი, საოცრებავ, საჩივრის შედეგი არა მხოლოდ ამ კონკრეტული კომპანიების აქციების ჩამოვარდნა იყო, არამედ მთლიანად ბაზრის: ჯერ დაეცა მოპასუხე კომპანიების აქციები; მათ მიყვა უკანონოდ, წესდების გარეშე მოქმედი კომპანიების აქციები; და, იმის გამო, რომ ამ პატარ-პატარა ბუშტების აქციონერებს სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციებიც გააჩნდათ – მათ, ზარალის გაბათილების მიზნით, ამ აქციების მოშორებაც დაიწყეს, შედეგად კი, სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციების ფასმაც მკვეთრი ვარდნა დაიწყო და, რეანიმაციის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 28 სექტემბერს აქცია, რომელიც სამი თვით ადრე 1000 გირვანქაზე ძვირად ივაჭრებოდა, მხოლოდ 200 გირვანქაღა ღირდა[16]. როგორც აღვნიშნე, კანტილიონი ელოდა მოვლენების ამგვარ განვითარებას. განსხვავებით მისისიპის კომპანიისგან, რომლის შემთხვევაშიც მან ფსონი მოსალოდნელ გაუფასურებაზე დადო, აქ მან სხვა ფინანსური ინსტრუმენტი, კერძოდ კი ე.წ. ფუთ ოფციონი[17] გამოიყენა. ოფციონი არის ერთ-ერთი უძველესი[18] ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მის მყიდველს აძლევს უფლებას[19], იყიდოს ან გაყიდოს[20] აქტივი/ფასიანი ქაღალდი/აქცია კონკრეტულ ფასად კონკრეტულ დროს ან ამ დროის დადგომამდე. ფუთ ოფციონს აზრი აქვს, თუკი მისი მყიდველი დარწმუნებულია იმაში, რომ აქციის ფასი დაეცემა ოფციონით განსაზღვრულ ფასს ქვემოთ. ამ შემთხვევაში, ის მიჰყიდის მის მფლობელობაში არსებულ აქტივს ოფციონის გამომშვებს ზემოხსენებულ მაღალ ფასად[21]. სწორედ ასეთი ოფციონი შეიძინა კანტილიონმა, უფლებით გაყიდოს სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციები 600 გირვანქად, რაც განახორციელა კიდეც 1 ოქტომბრისთვის, როდესაც აქციების საბაზრო ფასი 200 გირვანქაზე ნაკლები იყო. კანტილიონი, შესაძლოა, არ ყოფილა ისეთი ყოვლისმცოდნე და იდეალური წინდახედულობის მქონე ფინანსისტი, როგორსაც მოგვიანებით ხატავდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან, მან პიკამდე კარგა ხნით ადრე გაყიდა როგორც მისისიპის, ისე სამხრეთის ზღვების კომპანიების აქციები, რაც მის ზედმეტ სიფრთხილეზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, 1721 წლისთვის რიჩარდ კანტილიონი იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ინგლისში. მან დიდძალი მოგება ნახა პარიზის, ლონდონისა და ამსტერდამის სააქციო ბაზრებზე და, ამასთან ერთად, მთელი რიგი გავლენიანი და მდიდარი მოვალეები ჰყავდა, მათ შორის ჩენდოსის ჰერცოგი, ჯონ და უილიამ ლოები, ლედი მერი ჰერბერტი, ჯოზეფ გეიჯი და სხვები. ახლა საქმე ამ ვალების დაბრუნება იყო. [1] უნდა ითქვას, რომ კანტილიონმა გაცილებით უკეთ გამოიყენა ეს ინფორმაცია, ვიდრე თავად ჩენდოსმა, რომელმაც დააგვიანა სამხრეთის ზღვების კომპანიის აქციების გაყიდვა და ხახამშრალი დარჩა. [2] აქ უნდა იყოს ბმული ვრცელ პოსტზე სამხრეთის ზღვების კომპანიის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ არ დამიწერია. [3] აქციების მაღალი ფასი მარტო იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუკი სააქციო კაპიტალი იქნებოდა გამოყენებული ისეთი აქტივების შესაძენად, რომლებიც შესაბამის მომგებიანობას უზრუნველყოფდა. [4] ინგლისის ბანკმა სცადა კონკურენცია გაეწია სამხრეთის ზღვების კომპანიისთვის სახელმწიფო ვალის მართვის საკითხში, მაგრამ დამარცხდა პარლამენტის მიერ ჩატარებულ „ტენდერში“. [5] ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დამტკიცების უზრუნველსაყოფად ვეებერთელა თანხა – 1.3 მილიონი გირვანქა სტერლინგი – დაიხარჯა ქრთამებში. [6] ლოსგან განსხვავებით, ამ აქციებს არ ეძახდნენ დედებს, ქალიშვილებს და შვილიშვილებს. საქმიანი ხალხი იყვნენ ინგლისელები, სადაც ეცალათ ალეგორიებისთვის. [7] წარმოიდგინეთ, რომ 1 იანვარს ქაღალდის ლარიანით რაიმე იყიდეთ, ოღონდ სანამ გამყიდველს მიაწვდიდით, ამ ლარიანზე თქვენი ავტოგრაფი დატოვეთ, ხოლო გამყიდველს სთხოვეთ, რომ ამ ლარიანს რომ გამოიყენებს, რაიმეს ყიდვისთვის – იგივე ქნას. 31 დეკემბერს რომ იპოვოთ ეს ლარიანი და ავტოგრაფების რაოდენობა დათვალოთ – ეს იქნება ამ კონკრეტული ლარიანის მიმოქცევის სიჩქარე. ყველა ლარისთვის საშუალოდ რომ დავთვალოთ ეს მაჩვენებელი – მივიღებთ ფულის მიმოქცევის სიჩქარეს ეკონომიკაში. [8] მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინგლისის ბანკი აღარაა სააქციო საზოგადოება (პირი ქვისკენ მიქნია და მისი ნაციონალიზაცია, ბევრ სხვა კერძო კომპანიასთან ერთად, კლემენტ ეტლის მთავრობამ 1946 წელს მოახდინა), ის ნამდვილად უსაფრთხო და საიმედოა. არც აქ შემცდარა კანტილიონი. [9] მხოლოდ 1720 წლის აპრილ-მაისში 117 ახალი კომპანია შეიქმნა, მთლიანობაში კი 1719 წლის სექტემბერსა და 1720 წლის სექტემბერს შორის 200-მდე კომპანიის აქციები გავიდა გაყიდვაში. [10] მარტივად რომ ვთქვათ – ფულზე, რომელიც საჭირო იყო ახალი აქციების მაღალ ფასებში ყიდვისთვის და რომელიც, როგორც გვახსოვს, შეზღუდული იყო, რადგან ინგლისის ბანკი „კარგად იქცეოდა“. [11] ჯონ ლოს ძმასთან [12] უცნობია, თუ რაში სჭირდებოდათ ძმებ ლოებს ამდენი სპილენძი. ერთი ვერსიით, ეს დიდი რაოდენობით მცირე დენომინაციის მონეტების მოსაჭრელად შეიძლება ყოფილიყო საჭირო. [13] მომიტევეთ მეტაფორების ესოდენ უხეში აღრევა. [14] მისი შემდეგი ჩასვლა საფრანგეთში მხოლოდ 1727 წლით თარიღდება. [15] ასეთ კომპანიებს ეძლეოდა ე.წ. სამეფო წესდება (Royal Charter), რომელიც მკაცრად განსაზღვრავდა ამ კომპანიების ნებადართული საქმიანობის სფეროს; წესდების დარღვევის შემთხვევაში, ის შეიძლება გაუქმებულიყო, კომპანიასთან ერთად. საინტერესოა, რომ საჩივარი, პრაქტიკულად, „ყვავმა ყვავს უთხრა“ გამოდიოდა, რადგან საკუთრივ სამხრეთის ზღვების კომპანიის ბანკი წესდებით აწარმოებდა ხმლის ღრუ პირებს… [16] ჩენდოსმა, რომელმაც არ დაუჯერა კანტილიონს და ბოლომდე არ უშვებდა აქციებს ხელიდან, დაახლოებით ნახევარი მილიონი გირვანქა დაკარგა და ფულის სესხება – ჯამურად თითქმის 80000 გირვანქის – თავად კანტილიონისგან მოუწია. ამ დავალიანებამ მნიშვნელოვანი დაძაბულობა შეიტანა მათ ურთიერთობაში. [17] Put option. [18] ითვლება, რომ ამ ტიპის პირველი გარიგება ჯერ კიდევ თალეს მილეთელმა განახორციელა, რომელმაც, ზეთისხილის კარგი მოსავლის მოლოდინში, წინასწარ იყიდა ზეთის პრესების გამოყენების უფლება. როდესაც მოსავალი მართლაც კარგი აღმოჩნდა, მან გააქირავა ეს პრესები გაცილებით იმაზე ძვირად, ვიდრე თავად გადაიხადა. [19] მაგრამ არ ავალდებულებს; ვალდებულებას მხოლოდ ოფციონის გამყიდველი იღებს – ეს მნიშვნელოვანია! [20] სწორედ ესაა ფუთ ოფციონი [21] მეტიც, მან შეიძლება იაფად იყიდოს ეს აქტივები ბაზარზე და ძვირად მიჰყიდოს ოფციონის გამომშვებს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა