Guest Merlin Posted 26 თებერვალი, 2021 Posted 26 თებერვალი, 2021 4. ჯიმი ჰოფა თუ დ.ბ. კუპერი? როგორც ვთქვი, 1721 წლისთვის რიჩარდ კანტილიონის სიმდიდრის დიდი ნაწილი მის მიმართ სხვების ვალდებულებებში აღირიცხებოდა[1]. ლედი მერი ჰერბერტის[2] და მისი ოჯახის ვალი, კანტილიონის გათვლებით, 64,603 გირვანქა სტერლინგი იყო[3]; პიერ უგეტანს, რომელიც კანტილიონის ფუთ ოფციონების „მსხვერპლი“ იყო, კანტილიონის 80,000 გირვანქა მართებდა; ჩენდოსის ჰერცოგს კი, 79,000[4]. სწორედ ამ ვალმა შეიწირა მათი მრავალწლიანი მეგობრობა – 1721 წლის აგვისტოში კანტილიონმა მოსთხოვა ჰერცოგს ვალის დაბრუნება, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია. ჩენდოსმა, ვალის დასაფარად, შესთავაზა კანტილიონს არჩევანი სხვადასხვა არაფულად აქტივს შორის, სამეფო აფრიკული კომპანიის აქციებისა, ბარბადოსის ფასიანი ქაღალდებისა და რამდენიმე იპოთეკური სესხის, მათ შორის ბოლინგბროკის კარმიდამოს[5] ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვარიანტი ირლანდიელ კანტილიონს ყველაზე ნაკლებად აწყობდა, რაკი კათოლიკეებს არ შეეძლოთ იმდროინდელ ბრიტანეთში მიწის ფლობა[6]. ამასთან ერთად, ჩენდოსი თავად კანტილიონს აბრალებდა საკუთარ წარუმატებლობას მისისიპის კომპანიის საქმეში. ეს ბრალდება სრულიად დაუმსახურებელი იყო – ჩენდოსმა, კანტილიონის გაფრთხილების მიუხედავად, 35,000 გირვანქა ჩადო მისისიპის აქციებში და, როგორც სხვა შემთხვევებშიც, დააგვიანდა აქციების გაყიდვა. მაგრამ ადამიანებს სჩვევიათ საკუთარი წარუმატებლობის სხვებისთვის გადაბრალება და ჩენდოსმა მტკიცედ დაიჯერა, რომ მისი ზარალი კანტილიონის ბრალი იყო. ამით დასრულდა ურთიერთობა, რომელიც დაიწყო ესპანეთის მემკვიდრეობის ომის დროს. კანტილიონმა, რომელის 1711 წელს ჯეიმს ბრიჯესის ერთ-ერთი კლერკი იყო, დიდი გზა განვლო და გზად ვეებერთელა ქონებაც დააგროვა. ეს ბოლო ფაქტი არც საფრანგეთში მძვინვარე ვიზას გამოეპარა. თუ გახსოვთ, ვიზა იყო ვალების რესტრუქტურიზაციის პროგრამა, რომელსაც მიმართავდა საფრანგეთის მთავრობა, ფისკალური პრობლემები რომ ექმნებოდა. 1721 წლის ვიზა ზედიზედ მეორედ ძმები პაღიების[7] ხელში ჩავარდა და მათ უპრეცედენტო შედეგებს მიაღწიეს. ფასიანი ქაღალდების ოდენობისა და ჯამური ღირებულების მკვეთრ შემცირებასთან ერთად, 1772 წლის სექტემბერში მათ „ახალი ფრანგები“[8] სიმდიდრის გადასახადი დაბეგრეს. ახლადგამოჩეკილი მილიონერები ოთხ კლასად დაყვეს და კანტილიონი პირველ კლასში – ორმოცდაექვს ყველაზე მდიდარ მისისიპელში მოხვდა, რომლებშიც მხოლოდ 22 ადამიანს გაუკეთებია მეტი ფული, ვიდრე კანტილიონს[9]. მისი კაპიტალური მოგება 20 მილიონ ლივრად[10] შეფასდა, დაკისრებული გადასახადი კი 2.4 მილიონი ლივრი აღმოჩნდა. ის აქტიურად ეცადა თავიდან აერიდებინა ეს გადასახადი, მაგრამ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ ის, პარიზში ცნობილი ბანკის მფლობელი, ბანკის, რომელიც აქტიურად მუშაობდა და „სამეფო ალმანახის“ გვერდებზეც ირიცხებოდა, გამოაცხადეს „უცნობ ინვესტორად“. ამან არ უშველა – 1723 წლის იანვარში მისი ქონების გაყიდვის ბრძანება გამოიცა. თუმცა მანამდე ის ნელ-ნელა განერიდა პარიზის საბანკო ბიზნესს და საფრანგეთში დაბრუნებაზე უარი თქვა. 1722 წლის თებერვალში მან ლონდონში ცოლი მოიყვანა – მერი ენ ო’მაჰონი[11]. მოიყვანა, როგორც ანტუან მერფი ასკვნის, სიყვარულით[12], რადგან მისი სიმდიდრის ადამიანს არ გაუჭირდებოდა პრაქტიკულად ნებისმიერი ევროპელი დიდგვაროვნის ოჯახში ჩასიძება. მადამ კანტილიონი – ნიკოლა ლარგილიერის პორტრეტი (წყარო)მიუხედავად თავისი სიმდიდრისა, უფრო სწორედ კი, ამ სიმდიდრის გამოისობით, რიჩარდ კანტილიონმა სიცოცხლის ბოლო 13 წელი – 1721-დან 1734-მდე – გაატარა სასამართლო დავებში, რომელთა უმეტესობა მის საბანკო საქმიანობას და მისისიპის ბუშტს უკავშირდებოდა[13]. ჩვენთვის, შესაძლოა, ეს კარგიც იყო – არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ დავებმა და ამ დავების წარმოებისთვის საჭირო არგუმენტაციამ ჩაუყარა საფუძველი კანტილიონის ესეის და ის მხოლოდ უნებლიედ გახდა ეკონომისტი, ჩვენებური გაგებით. საინტერესოა, რომ ვერდიქტების უმეტესობა მის სასარგებლოდ იყო გამოტანილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას შერჩა არაკეთილსინდისიერი ბანკირის სახელი, რომელმაც გააცურა უმანკო ინვესტორები ლედი მერი ჰერბერტი, მისი საყვარელი ჯოზეფ გეიჯი და სხვები. დავების სკრუპულოზური განხილვა ამ პოსტის მიზნებს ცდება და მე მხოლოდ მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები, თუმცა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ანტუან მერფის წიგნში წაიკითხოს დეტალები. ყველა შემთხვევაში, ამ დავებმა უდიდესი გავლენა იქონია კანტილიონის ცხოვრებაზე. და, შესაძლოა, მის სიკვდილზეც. კანტილიონის ძირითადი მომჩივნები იყვნენ ლედი მერი ჰერბერტი და ჯოზეფ გეიჯი, თუმცა მათ ზურგს ლედი მერის ნათესავების მთელი არმადა უმაგრებდა – რადგან მათ წერილობითი გარანტიებით უზრუნველყვეს ლედი მერის მიერ აღებული ვალები და ამ ვალების მთლიანი ოდენობიდან[14] გამომდინარე, მათი ფინანსური უსაფრთხოებაც სერიოზული რისკის ქვეშ დადგა. კანტილიონის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები საშუალებას აძლევდა მათ ყველას გადაევადებინათ საჩივრები მათი სხვა კრედიტორებისგან, რომლებიც საკუთარი ვალების დაბრუნებას ითხოვდნენ. ბრალდება, რომელიც ლედი მერიმ და კომპანიამ კანტილიონს წაუყენეს, მდგომარეობდა შემდეგში: მათ ისესხეს ფული კანტილიონისგან მისისიპის აქციების გირაოთი და ეს აქციები მან გაყიდა, როდესაც მათი ფასი მაღალი იყო; მეორე მხრივ, როდესაც აქციების ფასი ეცემოდა, ის სულ უფრო და უფრო მეტ აქციას ითხოვდა დამატებით გირაოდ. დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, კანტილიონის დანაშაული მდგომარეობდა აქციების ბაზრის შორტინგში[15] ლედი მერის და გეიჯის აქციების გამოყენებით. კანტილიონის მოწინააღმდეგეებმა სამოქალაქო დავებს მოგვიანებით სისხლის სამართლის დავებიც დაამატეს, დააბრალა რა ჯოზეფ გეიჯმა კანტილიონის მისისიპის კომპანიის 320 აქციის მოპარვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე 1727 წელს აღიძრა, თავად კანტილიონმა ამის შესახებ მხოლოდ ათი თვის შემდეგ გაიგო და 1728 წლის სექტემბერში პარიზში დაბრუნდა, რათა პასუხი გაეცა ბრალმდებლისთვის. პარიზში მას დახვდა პატიმრობის ორდერი, რომლის გაპროტესტება მისმა ადვოკატებმა კი მოასწრეს, მაგრამ ამაოდ – მას მოუწია ციხეში რამდენიმე საათის გატარება. ამ დროს ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა – ადამიანი, რომელიც კანტილიონის პატიმრობის ორდერისა და ფაქტობრივ დაპატიმრებას უკან იდგა, იყო ვინმე კრისტოფერ ბალფი[16], დუბლინელი აფთიაქარი, რომელიც ჯოზეფ გეიჯისა და ლედი მერის დაქირავებული იყო. არ დაკმაყოფილდა რა მომხდარით, ბალფმა გადაწყვიტა სხვა საქმეებიც აღეძრა კანტილიონის წინააღმდეგ და დაიხმარა ირლანდიელი ბანკირები, ძმები ჯონ და რემი ქეროლები, რომლებიც ბრალს სდებდნენ კანტილიონს მევახშურ განაკვეთებში, ზემოხსენებულ შორტინგში, თავისი პარიზული ბანკის ანგარიშების დამალვაში და სხვა. 1728 წლის 11 ნოემბერს კანტილიონი კიდევ რამდენიმე საათით დააპატიმრეს და დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს. ქეროლებმა მისი ხელახალი დაპატიმრების ორდერი მოიპოვეს, მაგრამ, რაკი ეს ორდერი თარიღდებოდა იმავე დღით, რაც მისი გაშვების ბრძანება, გენერალურმა პროკურორმა უარი თქვა კანტილიონის დღეში ორჯერ დაპატიმრებაზე[17]. 1730 წლის იანვრის ბოლოს კანტილიონი წარდგა ტურნელის სისხლის სამართლის სასამართლოს[18] წინაშე, სადაც მას იცავდა საფრანგეთის იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ადვოკატი, ანრი კოშენი[19]. სასამართლო წარმოების დეტალებისთვის ისევ მერფისთან გადაგამისამართებთ, მე კი უბრალოდ კოშენის ერთ არგუმენტს მოვიყვან, რომელიც ქეროლების აქციების გირაოში მიღებისთანავე გაყიდვას ეხებოდა: ქეროლები (ლედი მერის მსგავსად) ბრალს სდებდნენ კანტილიონს მათი აქციების გაყიდვაში. ქოშენის პასუხი იყო, რომ, რაკი აქციები არ იყო დანომრილი, ქეროლების აქციების სხვა აქციებისგან კანტილიონი ვერ განასხვავებდა და თუმცა მან ნამდვილად გაყიდა აქციების გარკვეული რაოდენობა იმ პერიოდში, რომელზეც ქეროლები მიუთითებდნენ, იმის თქმა, რომ ეს ქეროლების აქციები იყო, არასწორია, რაკი მისისიპის ბუშტის ბოლო დღეებისთვისაც კი კანტილიონის ბანკში აქციების საკმარისზე მეტი რაოდენობა იყო. ეს იგივეა, განაცხადა კოშენმა, რომ ადამიანს, რომელსაც ზარდახშაში 20,000 ლუიდორი აქვს, საიდანაც მხოლოდ 5,000 მისი არაა, დავაბრალოთ ქურდობა, თუ ის ზარდახშიდან 10 ან 15 ათას ლუიდორს აიღებს. 1730 წლის 1 თებერვალს ტურნელის სასამართლომ კანტილიონი უდანაშაულოდ გამოაცხადა. მაგრამ ამით მისი პრობლემები არ დასრულებულა. ზემოხსენებულმა კრისტოფერ ბალფმა კანტილიონს მას თავისი მკვლელობის დაკვეთა დააბრალა. კრისტოფერ ბალფი მეტად უცნაური ფიგურა გახლდათ, დუბლინში დაბადებული აფთიაქარი, ის დიდი ზომის, მსუქანი ადამიანი იყო, ფეხის გამოკვეთილი დეფექტით, რის გამოც ის პროტეზის მსგავს მოწყობილობას ატარებდა. ის გეიჯის და ლედი მერის დაუღალავი მსახური იყო და ყველანაირად ეცადა კანტილიონის დამარცხებას. ამ ბრალდებაში მან კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი – ჯორჯ მაკკენზი გარია. მისი მონაწილეობა ჩვენ ისტორიაში ასევე უკავშირდება მისისიპის კომპანიას. წარმოშობით შოტლანდიელი, მაკკენზი ირლანდიაში, მონაგანის საგრაფოში დაიბადა. 1705 წელს ის საფრანგეთში მოგზაურობისას დააპატიმრეს ჯაშუშობის ბრალდებით, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1710-იანი წლების ბოლოს ის საკმაოდ მაღალ წრეებში ტრიალებდა და 1719 წელს რეგენტ ფილიპის თხოვნით ის იტალიაში გაემგზავრა. გამგზავრებამდე მან მისისიპის კომპანიის 429 აქცია დაუტოვა მის მეზობელს, ვინმე აბატ დიუვალს, რომელმაც ბოროტად გამოიყენა მაკკენზის ნდობა და ამ უკანასკნელის აქციებით საკმაოდ დიდ ფული გააკეთა[20]. მაკკენზიმ უჩივლა აბატს სასამართლოში, მოიგო საქმე და როდესაც აბატმა უარი თქვა აქციების დაბრუნებაზე, ის ციხეში ჩასვეს[21]. დიუვალი არ იყო ერთადერთი, ვისაც მაკკენზიმ აქციები ანდო – 30 აქცია მან ლედი მერის და მის ნათესავებს დაუტოვა. ვერც მათ დაუბრუნეს აქციები და, მიუხედავად ასევე წაგებული სასამართლო საქმისა, ყურადაც არ იღეს მაკკენზის მოთხოვნები და საფრანგეთი დატოვეს. ამ ყველაფრის შედეგად, ჩამოყალიბდა ორი გუნდი: მაკკენზი და კანტილიონი, ლედი მერის, გეიჯის, ბალფის და მათ მიკედლებულ აბატ დიუვალის წინააღმდეგ. ურთიერთბრალდებების კორიანტელი სრულიად შთამბეჭდავია[22]: მაკკენზიმ დააბრალა ბალფს და გეიჯს, რომ მათ იქირავეს ვინმე კაპიტანი ჯეიმს ბირნი მის მოსაკლავად; ბალფმა და გეიჯმა უპასუხეს კონტრბრალდებით, რომ კანტილიონმა ფული გადაუხადა ბირნს, რომ დაედასტურებინა ეს „აბსურდული“ ბრალდება.მაკკენზის თქმით, ბალფი და გეიჯი შეთანხმდნენ აბატ დიუვალთან, რათა მან მამათმავლობაში დასდოს ბრალი მაკკენზის; ბალფმა და გეიჯმა ესეც კანტილიონს დააბრალეს.კანტილიონის მეორე დაპატიმრების (და გაშვების შემდეგ) ბალფის თქმით, კანტილიონმა სცადა მისი ქვეყნიდან გაძევება, შესთავაზა მას 3000 გირვანქა ქრთამის სახით და შემდეგ კი მისი მკვლელობის მომზადება სცადა.მაკკენზიმ შეიტანა სასამართლოში საქმე ბალფის წინააღმდეგ, ორცოლიანობის ბრალდებით. ბალფი ციხეში ჩასვეს.სამი წლის შემდეგ (1733 წელს) ბალფი გაათავისუფლეს და მას მიესაჯა ზარალის კომპენსაცია მაკკენზისგან 20,000 ლივრის ოდენობით. ბალფმა მსწრაფლ განაახლა საჩივრები კანტილიონის წინააღმდეგ.1734 წელს კანტილიონი დაბრუნდა ლონდონში. როგორც ის ერთ-ერთ წერილში ამბობს, მან ყოველგვარი იმედი დაკარგა, რომ ეს სასამართლოები ოდესმე მორჩება – მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ჯერ კიდევ ძალაში იყო. მიუხედავად ამისა, მან შეიძინა ფეშენებელური სახლი ალბემალ სტრითზე[23], მისი ძველი მეგობრის, ლორდ ბოლინგბროკის სახლის გვერდზე და, თითქოს, მზად იყო საბოლოოდ დაემარცხებინა საკუთარი მტრები და ფუფუნებაში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. 1734 წლის 14 მაისს, საღამოს ათ საათზე მან ივახშმა და დასაძინებლად დაწვა. იმავე ღამეს სახლში გაჩნდა წარმოუდგენლად ძლიერი ხანძარი რომელმაც იმსხვერპლა ბანკირი და ეკონომისტი, მილიონერი და ბრალდებული, ირლანდიელი და ფრანგი რიჩარდ კანტილიონი[24]. თავდაპირველი ვერსია იყო, რომ ის საწოლში, სანთლის შუქზე კითხულობდა, ჩაეძინა და ანთებულმა სანთელი ხანძრის მიზეზი გახდა. მისი გადარჩენა ერთ-ერთმა მსახურმა, აიზეკ ბერიჯმა სცადა, თუმცა, მისი საწოლიდან ფეხებით გამოთრევის მცდელობისას, მან თავად დაკარგა გრძნობა და გადასარჩენი აღმოჩნდა. ეს ვერსია დადასტურდა სხვა მსახურების მიერაც. თუმცა ორი დღის მერე ბოლინგბროკმა სცადა ნანგრევებში და ფერფლში მისი მეგობრის ცხედრის მოძებნა და იპოვა ის თავის გარეშე. მას ეჭვები გაუჩნდა, თუ როგორ შეიძლებოდა ცეცხლს ეს ექნა და ეს ეჭვები გაუძლიერდა, მას შემდეგ რაც სხეულზე ჭრილობები აღმოაჩინა. დაიწყო გამოძიება და შედეგად დადგინდა[25] ძირითადი ეჭვმიტანილის ვინაობა. ეს იყო კანტილიონის მზარეული, ჯოზეფ დენიე, რომელიც 11 წელი იყო კანტილიონის მსახურებაში, მაგრამ მკვლელობამდე 10 დღით ადრე გათავისუფლებულ იქნა. გამოძიების ვერსიით, დენიე ხანძრის დროს ყიდულობდა ალკოჰოლს მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ დროს მას ჯიბე გაეხა, საიდანაც გინეების დიდი რაოდენობა ამოუცვივდა. სავარაუდოდ, ის განაწყენებული იყო კანტილიონზე, კიბის დახმარებით შეძვრა ფანჯარაში, მოკლა ყოფილი პატრონი, დაცალა კარადა და გაიქცა. მიუხედავად ხმებისა, რომ დენიე ნიდერლანდებში დაიჭირეს, ის, სინამდვილეში, აღარავის უნახავს. მაგრამ ეს ყველაფერი როდია. 1734 წლის 11 დეკემბერს სურინამში, პარამარიბოში, ჩადის ვინმე შევალიე დე ლუვინი[26]. მისი ბარგი მოიცავდა 16 თოფს, ტყვიაწამლის კასრს, რკინის ინსტრუმენტებს და დიდი ოდენობით ოქროს გინეებს. მიუხედავად სურინამის გუბერნატორის მოთხოვნისა, მიეგვარათ შევალიე მასთან, პასპორტის შესამოწმებლად, მან გაქცევა მოახერხა. 1735 წლის 14 იანვარს სურინამის გუბერნატორმა აღმოაჩინა შევალიე დე ლუვინის სამალავი, ტყეში, მდინარის პირას, მაგრამ თავად შევალიე გაუჩინარებულა. სამალავის ადგილას შევალიეს დასაპატიმრებლად გაგზავნილმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს სამი შავკანიანი მონა, საქონელი და დოკუმენტები – ყველა დოკუმენტი ატარებდა რიჩარდ კანტილიონის სახელს. როგორც სურინამის გუბერნატორმა, ისე მისი წერილების ადრესატებმა, ჩათვალეს, რომ გაუჩინარებული შევალიე იყო კანტილიონის მკვლელი. თუმცა ანტუან მერფი (და მე ვეთანხმები) თვლის, რომ ეს თავად კანტილიონი გახლდათ და ამას რამდენიმე არგუმენტზე აფუძნებს: ხანძრის წინა დღეს მან ბანკიდან 10,000-მდე გინეა გამოიტანა; მისი სხეულის იდენტიფიცირება საბოლოო ჯამში მხოლოდ იმით მოხდა, რომ ის იპოვეს საკუთარ ოთახში, მაგრამ მხოლოდ ორმა მოწმემ განაცხადა, რომ მსხვერპლის სახე ნახა და არც ერთი ეს მოწმე პირადად კანტილიონს არ იცნობდა. მოგვიანებით, კი მისი თავი, მოგეხსენებათ, დაიკარგა; კანტილიონის ნათესავებმა არ გამოთქვეს დიდი სურვილი საქმე აღეძრათ მსახურების წინააღმდეგ – ნუთუ ისინი მათ უდანაშაულობაში იყვნენ დარწმუნებულნი? და ბოლოს, თუკი შევალიე დე ლუვინი ნამდვილად კანტილიონის მკვლელი იყო, რატომ დასჭირდა მას კანტილიონის მთელი დოკუმენტაციის ზიდვა ატლანტის ოკეანის იქით? ეს ხომ მის წინააღმდეგ საუკეთესო სამხილი იქნებოდა? იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანტუან მერფი ცდება, მე მირჩევნია ვიფიქრო, რომ შევალიე დე ლუვინი რიჩარდ კანტილიონი იყო. არ ეგების კანტილიონისნაირ ფიგურას ასეთი უგვანი სიკვდილი. სჯობს არ ვიცოდეთ, სად და როგორ მოკვდა პირველი ნამდვილი ეკონომისტი. [1] ეს არ ნიშნავს, რომ ეს მისი ძირითადი აქტივები იყო – მირაბო წერდა, რომ კანტილიონი ფლობდა სახლებს ევროპის შვიდ დედაქალაქში. [2] კანტილიონი არ იყო ლედი მერის ერთადერთი კრედიტორი – მის სინდისზე ერთი გაკოტრებული ბანკიც კი იყო. [3] 13,651,055 გირვანქა დღეს [4] ჩენდოსმა, როგორც გახსოვთ, დიდძალი თანხები დაკარგა სამხრეთის ზღვების ბუშტში. ის, რა თქმა უნდა, ბუშტის ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილა – ბევრი ლონდონელი ბანკირი გაკოტრდა, ჯონ ლოს ბანკირის, ჯორჯ მიდლტონის ჩათვლით. ინგლისის ბანკსაც კი შეექმნა სერიოზული პრობლემები, როდესაც 1720 წლის საშობაოდ დეპოზიტარები მიაწყდნენ ფულის გამოსატანად. [5] Estate, farm არ გეგონოთ. [6] თავისი მორატორიუმი ჰქონდათ უცხოელებზე; კანტილიონმა, საბოლოოდ, ბარბადოსის ფასიანი ქაღალდები არჩია. [7] Frères Pâris, რომლებსაც შევხვდით ჯონ ლოს ამბებში, მაგალითად აქ [8] მისისიპის ბუშტის შედეგად გამდიდრებულებს „ახალ ადამიანებს“ – les hommes nouveaux – ეძახდნენ. [9] და შეგახსენებთ, რომ მან ზედმეტად ადრე გაყიდა აქციები. [10] მაშინ – 630,000 გირვანქა, დღეს – 142 მილიონ გირვანქაზე მეტი. [11] Mary Anne O’Mahony [12] ქორწინების პირველი წლები მართლაც ბედნიერი გამოდგა. 1726 წელს წყვილს გაუჩნდა ქალიშვილი, ჰენრიეტა, რომელსაც კანტილიონმა თავისი ქონების ძირითადი ნაწილი უანდერძა. თუმცა კანტილიონის სიცოცხლის ბოლო წლებში მათ ქორწინებას პრობლემები შეექმნა და კანტილიონის სიკვდილიდან 6 თვის თავზე მერი ენი უკვე ვინმე ფრანსუა ბალკლისთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც გაყვა კიდეც ორ წელიწადში. მერფი ვარაუდობს, რომ მათ შორის კავშირი ჯერ კიდევ კანტილიონის სიცოცხლეში დაიწყო. [13] ერთ-ერთი დავა 1760-იან წლებამდეც კი გაიწელა. [14] 95,000 გირვანქა [15] Shorting, short selling – დამოკლება; ყველაზე მარტივი მაგალითია აქტივის (მაგ. აქციების) სესხება და აქტიურად გაყიდვა; თუ სესხის დაბრუნების დროისთვის აქციები ფასში დაეცა, ინვესტორი იაფ აქციებს იყიდის ბაზარზე და ვალს დააბრუნებს. რა თქმა უნდა, დამოკლების მცდელობისას აქციების ფასის ზრდა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ინვესტორს თავზე (დიახ, სპეციალურად ვქენი). [16] Christopher Balfe [17] ოჰ, ეს იურიდიული ფორმალობები… [18] Tournelle Criminelle [19] Henri Cochin [20] იმდენად დიდი, რომ ვიზის ფარგლებში სიმდიდრის მასზე დაკისრებული გადასახდის ოდენობა 2.6 მილიონი ლივრი იყო – კანტილიონისაზე მეტი! [21] აბატი. ბევრი ფული. ციხე. ჰმ. [22] რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღებულია ანტუან მერფის წიგნიდან. დეტალებიდან ორს აღვნიშნავ: 1) მეტი დამაჯერებლობისთვის, მაკკენზის მამათმავლობა თავის ზანგ მსახურთან დააბრალეს; 2) ერთ-ერთ განხილვაზე თავის მართლებისას ბალფმა გამოაცხადა, რომ ა) ის არ შეხვედრია აბატ დიუვალს, ბ) შეხვდა, მაგრამ თავისი პროთეზი ფეხზე არ კეთებია, გ) ის, ვინც პროთეზით შეხვდა აბატს იყო მისი ნათესავი კრისტოფერ ბალფი, რომელიც ასევე ინვალიდი იყო და დ) მაკკენზიმ და კანტილიონმა დაიქირავეს ადამიანი, რომელმაც ის (ბალფი) განასახიერა. [23] Albemarle Street [24] ხანძარს მისი ორივე მეზობლის სახლიც შეეწირა. [25] კლასიკური ბრიტანული დეტექტივის სტილში [26] Chevalier de Louvigny Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა