ფორუმელი Moor Posted 16 მარტი, 2021 Posted 16 მარტი, 2021 აგვისტოს შაბათი საღამოა, 8:30 საათი. ნეონის ბრდღვიალა აბრა სავსე მთვარეზე მეტად იტაცებს თვალს. აბრაზე წერია: “მწევრების რბოლა“ და “დერბი-ლეინი“. აქ, ფლორიდის შტატის ქალაქ სენტ-პიტერსბერგში, დერბი-ლეინის ტრიბუნებზე, ერთ დროს ათასობით მაყურებელს რომ მასპინძლობდა, ახლა სამასამდე ადამიანი შეკრებილა და ხმის გამაძლიერებლებში მოგუგუნე როკაბილის ფონზე ბაასობს. უცებ ყველა ჩუმდება, მოედანზე ფრედერიკ დევისი შემოდის და ძაღლების აღლუმს მიუძღვის წინ. “თი-ენ-თი შერლოკი“, – კომენტატორი რვა მწევრიდან პირველის სახელს აცხადებს. დევისს ცხოველები უკვე ტრიბუნების პირდაპირ გაუმწკრივებია, თითოეულ ძაღლს მჭიდროდ მომდგარი დანომრილი მაისური აცვია. სახელების გამოცხადების შემდეგ 41 წლის დევისს და მის რვა თანაშემწეს ძაღლები სასტარტო სადგომში შეჰყავთ. მექანიკური კურდღელი სახელად ჰერ-სონ ჰერი ადგილიდან წყდება, წინ წრიპინით მიიწევს და გზად ლურჯ ნაპერწკლებს ყრის. სადგომის კარები იღება, მწევრები ელვის სისწრაფით გამორბიან და თათებით ქვიშის კორიანტელს აყენებენ. ძაღლების სიჩქარე საათში 72 კილომეტრს აღწევს და რბოლა სულ 30 წამს გრძელდება. 1925 წელს გახსნილ დერბი-ლეინის სარბიელს ერთ დროს მწევრების რბოლის ჩერჩილ დაუნსს (უმაღლესი რანგის ცხენების რბოლა) უწოდებდნენ. შარშანდელ რბოლაზე ჯერ ისევ შეგეძლოთ გეხილათ დერბი-ლეინის წარსული დიდების კვალი – აქაური ხალისი და მღელვარება. ძველად ტრიბუნები სულ ჭრელაჭრულა ხალხით იყო სავსე. ერთხელ ჯო დიმაჯოს მერილინ მონრო მიუტოვებია მანქანაში, აქ შემოსარბენად და ფსონის დასადებად. დერბი-ლეინი, მწევრების უძველესი მუდმივმოქმედი სარბიელი ამერიკაში, 2020 წლის დეკემბერში ფინიშის სწორზე გავიდა. ორი წლის წინ აშშ-ში მწევრების 17 სარბენი ბილიკიდან 11 ფლორიდაში მდებარეობდა. 2020 წლის ბოლოს სარბიელების რიცხვი სამამდე, მწევრების რაოდენობა კი 2000-მდე შემცირდა. დღეს ეს სარბიელებიც დახურულია. 2018 წელს ფლორიდის შტატში მოეწყო რეფერენდუმი, რომელსაც კონსტიტუციის მე-13 შესწორების მიღება-არმიღების საკითხი უნდა გადაეწყვიტა. შესწორება 2020 წლის 31 დეკემბრიდან მწევრების რბოლაზე ფსონების მიღებას კრძალავდა. ინდუსტრიის მესვეურები ამომრჩევლის იმედად იყვნენ, მაგრამ ცხოველთა ჩაგვრით შეწუხებულმა ხალხმა შესწორებას მხარი დაუჭირა. დერბი-ლეინის უკანასკნელი რბოლა 27 დეკემბერს უნდა გამართულიყო. დევისი, ტანწვრილი კაცი დრედებით და ცქვიტი ღიმილით, ერთ-ერთია, ვინც გაურკვეველი მომავლის წინაშე აღმოჩნდა. დევისი 14 წლის განმავლობაში მუშაობდა დერბი-ლეინზე და აქაურობა თავისთვის ზედგამოჭრილ სამსახურად მიაჩნდა. “მიყვარს ძაღლები და ჰაერზე ყოფნა“, – გვითხრა დევისმა. დევისი გამონაკლისი არ არის, არც მისმა თანამშრომლებმა იციან, რა იღონონ. სიუზან ბუჩკო ახალნაშვილებ ძაღლთან, მწევარ რემისთან ერთად. ბუჩკოს 1999 წლიდან აჰყავს მწევრები. 1980-იან წლებამდე რბოლას ჩამოშორებულ მწევრებს აძინებდნენ ან ლაბორატორიებს მიჰყიდდნენ ხოლმე. “დასანანია, რომ 95-წლიანი ისტორია ასე სრულდება“, – გვითხრა გენერალურმა დირექტორმა, 64 წლის რიჩარდ უინინგმა, რომლის ოჯახსაც დერბი-ლეინი დაარსებიდან, 1925 წლიდან, ეკუთვნის. უინინგი წუხს, რომ ფლორიდაში მწევრების სარბიელის დახურვას სხვა შტატებშიც იგივე მოჰყვება: “ვიღას ემახსოვრება 20 წლის შემდეგ მწევრების რბოლა?“ მხოლოდ ამ საკითხში არიან უინინგი და კერი თილი ერთ აზრზე. სწორედ თილის სააგიტაციო ჯგუფი, Grey2K USA, მეთაურობდა მე-13 შესწორების მხარდამჭერ მოძრაობას: დაასრულეთ მწევრების რბოლა ფლორიდაში და ინდუსტრიაც წელში გატყდებაო, ამტკიცებდნენ ისინი. “ფლორიდა ინდუსტრიის საყრდენი წერტილი იყო“, – გვითხრა თილმა. ჭაღარაწვერიანი უინინგი ამბების მოყოლის ნამდვილი ოსტატია. დერბი-ლეინზე მუშაობა მან 45 წლის წინ ტურნიკეტთან ნახევარდოლარიანი ბილეთების გაყიდვით დაიწყო. უინინგის მტკიცებით, მწევარია ძაღლის ის ერთადერთი ჯიში, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული. ეს სიმართლესთან ახლოსაა. “რომელი კეთილად ვალს“ წერია იგავთა წიგნში 30:29-31 (მკვლევრების თანახმად, ებრაულ დედანში ავღანური მონადირე ძაღლები, სალუკებია აღწერილი). ბიბლიის ინგლისური ვერსიის ავტორები, მეფე ჯეიმზის კარის მთარგმნელები, მწევრებს კარგად იცნობდნენ, რადგან იმ დროისთვის პოპულარული იყო თამაშობა, რომელშიც ორი მწევარი ერთმანეთს კურდღლის დაჭერას ეცილებოდა. ამბობენ, რომ დედოფალ ელისაბედ I-ს უყვარდა ეს სანახაობა და სწორედ აქედან მოდის მწევრების რბოლის მეტსახელი – “სადედოფლო სპორტი“. მწევრების რბოლის თანამედროვე წესი ამერიკელ გამომგონებელს, ოუენ პ. სმითს უკავშირდება. რბოლისას დაღუპული კურდღლების ბედით შეწუხებულ სმითს ცოცხალი ცხოველის მექანიკური სატყუარათი ჩანაცვლება მოსვლია აზრად. 1910 წელს სმითმა პატენტი მიიღო მოწყობილობაზე, რომელსაც “მექანიკური კურდღლის კონვეიერი“ უწოდა. “არც ერთ გამომგონებელს არც ერთი სპორტი არ შეუცვლია ისე, როგორც ამ მოწყობილობის შემქმნელს და მაინც არც ერთი გამომგონებელი არ არის ისე დაუფასებელი სპორტული საზოგადოებისგან, როგორც ის“, – წერდა ჟურნალი Sports Illustrated 1973 წელს. 1919 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში სმითმა და მისმა ორმა პარტნიორმა ძაღლების პირველი თანამედროვე სარბიელი – Blue Star Amusement Company – გახსნეს. ეს სარბიელი, სხვების მსგავსად, მალე გაკოტრდა, რადგან რბოლაზე ფსონები არ მიიღებოდა. ფულზე თამაში მაშინ პოპულარული, მაგრამ უკანონო საქმიანობა იყო. პირველი წარმატებული სარბიელი – მაიამი კენელ კლაბი – სმითმა და მისმა პარტნიორებმა 1922 წელს ფლორიდის ერთ დაჭაობებულ ადგილას, ჰუმბუგუსში, გახსნეს. გვინეთ ენ თეიერი, რომლის წიგნი Going to the Dogs მწევრების რბოლას და მის ისტორიას ეხება, წერს, რომ სარბიელის წარმატების მიზეზი ელექტროგანათება იყო. განათება რბოლის ღამით გამართვის საშუალებას იძლეოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რბოლაზე დასწრება მუშათა კლასსაც შეეძლო. 1920-იან წლებში, ფლორიდაში გაჩაღებული მიწების ბუმისას, საღამოს გასართობზე ათასობით ახალმოსახლე დადიოდა. მოგვიანებით სარბიელი იპოდრომად გადააკეთეს და დღეს ის ჰაიალია პარკის სახელითაა ცნობილი. რბოლებს შორის მწევრები სპეციალურ ვოლიერებში ხურდებიან. ეს ძაღლსაშენი ტიტულოვან მწვრთნელს – ჯონ ფარმერს – ეკუთვნის. ის დღეში ხუთჯერ ორ-ორი საათით უშვებს ძაღლებს სასეირნო ვოლიერებში. თამაშისას ერთმანეთი შემთხვევით რომ არ დაკბინონ, ალიკაპს უკეთებს. ამასობაში ძაღლების გალიებს ასუფთავებენ და საჭმელს ამზადებენ. ფლორიდის სარბიელების დახურვის შემდეგ ფარმერი დასავლეთ ვირჯინიაში აპირებს გადასვლას, ერთ-ერთ შტატში იმ სამიდან, რომლებშიც ჯერ კიდევ იმართება მწევრების რბოლა. დანარჩენი ორი აიოვა და არკანზასია. 1925 წელს შტატის მეორე ბოლოში დერბი-ლეინი გაიხსნა. სარბიელის თავდაპირველი მფლობელები მშენებლობის დასრულებამდე გაკოტრდნენ და დერბი-ლეინი ხე-ტყის მაგნატმა, უინინგის დიდმა პაპამ, ტ. ლ. უივერმა ჩაიგდო ხელში. დერბი-ლეინის რბოლებს შორის ძაღლებზე ამხედრებული მაიმუნების შოუ ეწყობოდა. უნაგირი მწევრების მაისურზე ისე იყო მიკერებული, რომ ვერც მაიმუნები გაქცეულიყვნენ და ვერც ძაღლებს გადმოეგდოთ “მხედრები“. ფულზე თამაში აკრძალული იყო, მაგრამ სარბიელის მფლობელები “ეშმაკობდნენ, – გვითხრა უინინგმა, – ისინი ძაღლის აქციებით ვაჭრობდნენ“. გამარჯვებული ძაღლის აქციონერებს დივიდენდი ერგებოდათ, დამარცხებულისას – არა. სხვაგან მალულად იღებდნენ ფსონებს. 1931 წელს, როდესაც ქვეყანა დიდმა დეპრესიამ არია, ფლორიდის საკანონმდებლო ორგანომ მწევრების რბოლაზე ფსონების მიღება კანონიერად სცნო, გადასახადი დააწესა და ფლორიდა ამერიკის პირველი შტატი გახდა, რომელშიც მწევრების რბოლაზე ფსონების დადება კანონით არ იკრძალებოდა. ამის შემდეგ მწევრების სარბიელი ტამპაში (1932), ორლანდოსა და ჯექსონვილში (1935), პენსაკოლაში (1946) და კი-უესტში (1953) გაიხსნა. მწევრების რბოლა ფლორიდის სავიზიტო ბარათად იქცა. ფლორიდის მზიანი შტატი შავბნელი ხალხით გაივსო. რა იზიდავდა ამ ხალხს და – მწევრების რბოლაში დატრიალებული ფული. უინინგი იხსენებს, როგორ დებდნენ ფსონებს დერბი-ლეინზე ტამპელი განგსტერის, სანტო ტრაფიკანტე უმცროსის ხელქვეითები. ზოგიერთი განგსტერი ყომარბაზობას არ სჯერდებოდა. ჩარლზ “ლაკი“ ლუჩანო და მაიერ ლანსკი სამხრეთ ფლორიდის სარბიელებს ედგნენ წილში, ამბობს სკოტ დაიჩი, მაფიის შესახებ დაწერილი შვიდი წიგნის ავტორი. მაფიის ჩარევამ ხალხს ეჭვები გაუჩინა. ხმა დაირხა, რომ რბოლაზე მაძღარი ძაღლები გამოჰყავდათ, მწევრებს რეზინის ღვედებით უკოჭავდნენ თათებს და წამლებით აბრუებდნენ, სხვებს კი სიმხნევისთვის დოპინგს აძლევდნენ. (მარცხნივ) ფარმერმა 60 ძაღლს უნდა აჭამოს. უმი ხორცით და ბრინჯით სავსე ტაშტის თავზე ძაღლების საყელურები კიდია. რბოლის დღეებში მწევრების ყოველდღიური მენიუ ძაღლების ქარხნულ საკვებში არეული 40 კილოგრამი ხორცის, წყლის, ელექტროლიტების, ბრინჯის ან მაკარონის, მულტივიტამინების და ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატისგან შედგება. (მარჯვნივ) Flamenco Dancer-ი ფარმერის ერთ-ერთი ჩემპიონი ძაღლი იყო. 2017-დან 2020 წლამდე Flamenco Dancer-მა, იმავე ბანიმ, 63 409 დოლარი მოიგო. ეს თანხა ფარმერმა და ძაღლის პატრონებმა გაინაწილეს. 4 წლის ასაკში ძაღლების უმეტესობა სისწრაფეს კარგავს და რბოლისთვის აღარ გამოდგება. დოპინგის პრობლემა მწევრების რბოლაში დარჩა და დარჩა. 2017 წელს დერბი-ლეინის ერთ-ერთ მწვრთნელს ლიცენზია ჩამოართვეს, რადგან მის ხუთ მწევარს კოკაინი აღმოაჩნდა სისხლში. რამდენიმე თვის შემდეგ დოპინგ-ტესტი ფლორიდის კიდევ ერთი სარბიელის თორმეტმა ძაღლმა ვერ გაიარა, მათი მწვრთნელი დროებით ჩამოაშორეს საქმიანობას. უკანასკნელ ორ წელიწადში დოპინგ-სკანდალში კიდევ 11 მწვრთნელი გაეხვა. დოპინგი რბოლის მოწინაამღდეგეების ერთადერთი საფუძველი არ ყოფილა. Grey2K 20 წლის განმავლობაში აღრიცხავდა მწევრების მიმართ ულმობელი მოპყრობის ფაქტებს. მათი მოხსენებების თანახმად, ძაღლების ინდუსტრიაში მიღებული სტანდარტული მოქცევაც კი შეიცავს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას. მწევრებს რბოლისას ფეხის და ხერხემლის მოტეხილობის, თავის ქალის და ხერხემლის დაზიანების თუ მექანიკური კურდღლის გამო დენის დარტყმით სიკვდილის საფრთხე ემუქრებათ. ასევე საკითხავია, რა მოსდით ძაღლებს, რომლებიც დიდ სარბიელებზე ვერ გამოდიან. 1952 წლის აღრიცხვით, რბოლისთვის მოშენებული მწევრების მხოლოდ 30% გამოდგება საასპარეზოდ, დანარჩენ 70 პროცენტზე აღრიცხვაში არაფერი წერია. ის ძაღლებიც კი, რომლებიც სარბიელზე გამოდიან, 4 წლის ასაკში რბოლისთვის უკვე აღარ გამოდგებიან. Grey2K-მ მწევრების დაძინების ან ლაბორატორიისთვის მიყიდვის არაერთი შემთხვევა გამოააშკარავა. ამ ბრალდებების საპასუხოდ, ინდუსტრიის მესვეურებმა 1987 წელს აშშ-ის მწევრების რბოლის საბჭო ჩამოაყალიბეს, რომელსაც ცხოველთა გაშვილების სააგენტოებთან უნდა ეთანამშრომლა და მწევრების უფლებები დაეცვა. ამის მიუხედავად, ინდუსტრიის 2 ყველაზე მსხვილი სკანდალი 2000-იან წლებში მოხდა. 2002 წელს სამართალდამცავებმა პენსაკოლას სარბიელის ყოფილი დარაჯის კერძო ტერიტორიაზე 1000-დან 3000-მდე მოკლულ და დამარხულ ძაღლს მიაგნეს. დარაჯმა აღიარა, რომ თითოეული ძაღლის მკვლელობაში 10 დოლარს უხდიდნენ. New York Times-ის სტატიის მიხედვით, პროკურორმა დარაჯის მიწას “ძაღლების დახაუ“ უწოდა. დარაჯი სასჯელის გამოტანამდე გარდაიცვალა. 2010 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ ებროს სარბიელის მწვრთნელმა სეზონის დასრულების შემდეგ რამდენიმე ათეული ძაღლი გალიაში მიატოვა და სასიკვდილოდ გაწირა. სასამართლომ მწვრთნელს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხალხი ცხოველთა ჩაგვრის მიმართ უფრო განმკითხავი გახდა და ძაღლების რბოლის პოპულარობაც დაეცა. ამასობაში, ფულზე თამაშის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა – სემინოლის და მიკოსუკის ტომების კაზინოები და ფლორიდის ლატარია – რამაც რბოლას წინანდელი ინტერესი მოაკლო. რბოლის სახასიათო გულშემატკივრად 77 წლის ჯიმ უიკერტიც გამოდგება, გოლფის მოედნის პენსიონერი მეპატრონე, რომელიც 2003 წლიდან კვირაში ორჯერ სტუმრობდა დერბი-ლეინს. ვეტერინარი დონალდ ბეკი და მწვრთნელი კელსი გაბელსი BD Wells-ს უვლიან, რომელიც სასტარტო სადგომიდან ზედმეტად სწრაფად გამოიჭრა და ფეხი დაიზიანა. ბეკი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა დერბი-ლეინზე და მწევარს არასოდეს უკბენია მისთვის. “მიყვარს ვარაუდების კეთება, – გვითხრა მან, – დიდ ფსონებზე არ ვთამაშობ, მაგრამ მაინც სულ სხვა ეშხი აქვს, როდესაც რბოლა ისე ჩაივლის, როგორც შენ ვარაუდობდი“. სარბიელების დახურვასთან ერთად უიკერტი გასართობის გარეშე დარჩა. აღარაფერს აქვს ეს “სულ სხვა ეშხი“. ისეთებიც არიან, რომლებიც რბოლასთან მწევრების სიყვარულმა მიიყვანა. ჯონ ფარმერს, ორეგონის შტატის კლამათის ტომიდან, ბავშვობიდან თავდავიწყებით უყვარდა მწევრები. ცხადად ახსოვს ის დღე, როდესაც 11 წლისა, დედამ პირველად გაუშვა მალტნომას მწევრების პარკში რბოლის სანახავად. ახლა 55 წლის ფარმერი ძაღლების მწვრთნელი და ძაღლსაშენის მფლობელია. მწევრები ალერსიანი და უწყინარი ცხოველები არიან, გვითხრა გამოცდილმა ვეტერინარმა დონალდ ბეკმა. დერბი-ლეინზე მუშაობისას ბეკისთვის ერთხელაც არ უკბენიათ, თუმცა რამდენჯერმე მისი დანახვით გახარებული მწევარი ზედ შეხტომია და დაუფხაჭნია. უკანასკნელ ათწლეულში ინდუსტრიის შემოსავალი 117 მილიონიდან 40 მილიონ დოლარამდე შემცირდა, დერბი-ლეინის – 12 მილიონიდან 4,3 მილიონამდე. ინდუსტრიამ მომავლისთვის ფეხის აწყობა სცადა და 1996 წელს პოკერ-რუმების მართვის და პარალელური ტრანსლირების უფლება მიიღო, ფსონის დადება სხვა ადგილიდან გახდა შესაძლებელი. პოკერ-რუმები გადავსებული იყო. ძაღლების რბოლის დასრულების შემდეგ ტრანსლაციებმა გარკვეული რაოდენობის გულშემატკივარიც მოიზიდა, თუმცა ამან მწევრების სარბიელები ვერ გადაარჩინა. Grey2K ათი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ფლორიდელი კანონმდებლების დარწმუნებას, რომ მწევრების რბოლა შეზღუდვებს საჭიროებდა. ბოლოს კომპანიამ შტატის საკონსტიტუციო ცვლილების კომისიას მიმართა, რომელიც ოც წელიწადში ერთხელ იკრიბება და კომისიის წევრებს რეფერენდუმის აუცილებლობა დაუმტკიცა. შერონ დიპელის სახლში ვეტერანი მწევარი როქსანა, რომელსაც წინათ “ბილეთი ბარსელონაში“ ერქვა, საცურაო აუზიდან ამოდის. დიპელი მწევრების გაშვილების სააგენტოს მართავს; მას და მის ქმარს 8 ძაღლი ჰყავთ ნაშვილები. მწევრები ნაზი და ალერსიანი არსებები არიან, ამბობს დიპელი, როდესაც არ დარბიან, სახლში მეტწილად სძინავთ. “Grey2K-მ და მისმა მხარდამჭერებმა მე-13 შესწორების ადვოკატირებაში 3 მილიონი დოლარი დახარჯეს, – ამბობს თილი, – ფული ძირითადად სარეკლამო რგოლებში დაიხარჯა, რომლებიც აჩვენებდა, რა სასტიკად ექცევიან მწევრებს“. შესწორების მოწინაამღდეგე ორმა ჯგუფმა საპასუხოდ მხოლოდ 534 000 დოლარი გაიღო. ერთ-ერთი ჯგუფი Grey2K-ს სარეკლამო რგოლით საფრთხის გაზვიადებაში სდებდა ბრალს. “ძაღლების უმეტესობა კარგადაა გაწვრთნილი და მოსიყვარულე ხელში იზრდება“, – გვითხრა ფლორიდის მწევრების ასოციაციის წარმომადგენელმა ჯეკ კორიმ. მან Grey2K-ს “პათოლოგიური მატყუარები“ უწოდა. ასეა თუ ისე, ინდუსტრიამ ხალხის ნდობა ვერ მოიპოვა. ამომრჩევლების დაახლოებით 70%-მა მე-13 შესწორებას მხარი დაუჭირა. სარბიელის თანამშრომლები, მწვრთნელები და ძაღლსაშენის მფლობელები უმუშევრად დარჩნენ. ფარმერმა გვითხრა, რომ გადაბარგებას დასავლეთ ვირჯინიაში აპირებს, ერთ-ერთ შტატში იმ სამიდან (აიოვასა და არკანზასთან ერთად), რომლებშიც ჯერ კიდევ იმართება მწევრების რბოლა. Grey2K რბოლების ასაკრძალად ამ შტატებშიც იბრძვის, ისევე როგორც: ავსტრალიაში, ირლანდიაში, მექსიკაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და ვიეტნამში. ძაღლების გაშვილების სააგენტოები რბოლის მონაწილე მწევრებისთვის ახალ პატრონებს ეძებენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანია GST’s Sun State Greyhound Adoption-ია, რომელსაც შერონ დიპელი ხელმძღვანელობს. მას და მის მეუღლეს, ბრაიანს, 8 ძაღლი ჰყავთ ნაშვილები და 10 დღეში ერთხელ ძაღლების საჭმლის ორ-ორი 20-კილოგრამიანი შეკვრის ყიდვა უწევთ. დიპელის თქმით, პატრონობის უამრავი მსურველი გამოჩნდა. კარგი ის არის, რომ ფლორიდის სარბიელები ერთდროულად არ დაკეტილა. ზოგი 2018 წლის რეფერენდუმის შემდეგ დაიხურა, ზოგი 2020 წლის დასაწყისში – COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად. გარეთ ყოფნისას მწევრებს მექანიკური კურდღლის გარეშეც ძალიან უყვართ სირბილი, – ამბობს დიპელი, – მაგრამ საკმარისია სახლში დაბრუნდნენ, რომ… „72 კმ/სთ სიჩქარის მუთაქები ხდებიან“. მწევრების გაშვილებააშშ-ში მწევრების გაშვილების დაახლოებით 300 სააგენტო არსებობს. მწევრების პროექტზე (adopt-a-greyhound.org/directory/list.cfm) ამ სააგენტოების საძიებელი შეგიძლიათ იხილოთ. თუ მოასპარეზე მწევარს იშვილებთ, გახსოვდეთ, რომ ის სირბილისთვისაა გაწვრთნილი და შესაძლოა ზოგიერთი ბაზისური ბრძანება არ ესმოდეს. მწევრებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ სხვა ჯიშის ძაღლებს და სხვა შინაურ ცხოველებს, მაგალითად, კატებს, შეეჩვივნონ. კრეგ პიტმენს მის მშობლიურ შტატზე, ფლორიდაზე, ხუთი წიგნი აქვს დაწერილი და პოდკასტის „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფლორიდაში“ ერთ-ერთი წამყვანია. ერიკა ლარსენი ფოტოებზე ასახავს ბუნებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ კულტურებს. The post ფინიშის სწორზე appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა