ფორუმელი Moor Posted 14 მარტი, 2021 Posted 14 მარტი, 2021 http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/03/lela-83249-700x436.jpg ნანა კობაიძე ისე მოხდა, უმეტესად ქალ ავტორებს თარგმნის, ამიტომ მათ მიმართ გამორჩეული კეთილგანწყობა არ გამკვირვებია. ლაპარაკსაც ქალით ვიწყებთ, თუმცა ჩვენი სპონტანური დიალოგის „მიზეზი“ უცხოელი კი არა, ქართველი მწერალია: მაგიდაზე ზაირა არსენიშვილის წიგნი უდევს, ხელახალი გამოცემა, მკითხველთან მისვლა ლამის ორი ათეული წლით რომ დააგვიანა. სამაგიეროდ, შარშან მწერლობასთან დაახლოებულ თითქმის ყველა ოჯახში შეაბიჯა. წიგნებისა და მათი ბედის ამბავია (სადღაც, ობლის კვერისაც), რომელიც ზოგჯერ თარგმანებზეც ვრცელდება – ჰქონდა პროფესიულ ბიოგრაფიაში მსგავსი „გამოცდილება“. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ ლელა დუმბაძის მყუდრო ბინაში – თარგმანებსა და ლიტერატურაზე. თარგმანის ლაბორატორია სტუდენტობიდან მოყოლებული თარგმნიდა. შელის ლექსებით დაიწყო და ნელ-ნელა პროზაც გაურია. იმ პერიოდში ჟურნალ „საუნჯეში“ მისი საყვარელი ლექტორების, ინოლა გურგულიასა და ლულუ ფაღავას მიერ გადმოქართულებული ჰემინგუეის „ვის უხმობს ზარი“ იბეჭდებოდა. ამან ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა. მოგვიანებით მთარგმნელობით კოლეგიაში მივიდა, სადაც მისი მომავალი საბოლოოდ გადაწყდა. მთარგმნელობითი კოლეგია სახელოვანი ორგანიზაცია იყო – ერთგვარი თარგმანის ლაბორატორია, რომელმაც არაერთი ოსტატი გამოზარდა. იქაური ტრადიციით, ახალბედასთან აუცილებლად გამოცდილ მთარგმნელს უნდა ემუშავა. გაუმართლა და თამარ ერისთავთან აღმოჩნდა, რომელსაც, მისივე თხოვნით, მიქელანჯელოზე ირვინგ სტოუნის რომანიდან ნაწყვეტები მიუტანა. ქალბატონი თამარი მხოლოდ საკუთარ შეფასებას არ ენდო და აზრისხვებსაც ჰკითხა. შეთანხმდნენ, რომ საინტერესოდ თარგმნიდა. პირველსავე ჯერზე დევიდ ჰერბერტ ლორენსის „პრუსიელი ოფიცერი“ ანდეს, ურთულესი ტექსტი. გაუჭირდა, მაგრამ დიდი შრომის შემდეგ, გამოუვიდა. მოეწონათ და „საუნჯეში“ დაბეჭდეს. ამას მოჰყვა „ნუ მოკლავ ჯაფარას“. ეს სერიოზული ამბავი იყო დამწყები მთარგმნელისთვის, მით უფრო, საბჭოთა რეალობაში, თუმცა ნაწარმოების მნიშვნელობა მხოლოდ წლების შემდეგ გააცნობიერა ქართულმა საზოგადოებამ. ლორენსით და მისი რომანებით მოგვიანებით ისევ დაინტერესდა – თარგმნა კიდეც ნაწყვეტები „ვაჟები და საყვარლებიდან“. ამასობაში მძიმე 90-იანებიც დაიწყო – სიჩუმის პერიოდი ლიტერატურაში. ნუ მოკლავ ჯაფარას მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ტექსტის დებიუტმა ქართულ სინამდვილეში უღიმღამოდ ჩაიარა. რომანი 1960 წელს დაიწერა, 61-ში პულიცერის პრემიით აღინიშნა. ერთი წლის შემდეგ ამერიკელმა რეჟისორმა რობერტ მალიგანმა წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღო, რომელშიც ატიკუს ფინჩის როლი გრეგორი პეკმა ითამაშა. სურათმა წიგნს – პოპულარობა, მსახიობს კი „ოსკარი“ მოუტანა. სწორედ მისი დახმარებით გაიცნო ნაწარმოები მაშინდელმა მსოფლიომ, მათ შორის, საბჭოთა მაყურებელმაც. ტექსტი რუსულადაც ითარგმნა, თუმცა იმ პერიოდში ამერიკულ ლიტერატურაზე ხელი ყველას არ მიუწვდებოდა. წიგნი ცოტას ჰქონდა წაკითხული, ამიტომაც ფილმის სათაური ბევრისთვის გაუგებარი დარჩა. To Kill a Mockingbird-ს თარგმნიდნენ, როგორც „მოკვდეს ჯაფარა“, „მოკლა ჯაფარა“ – რაც, ფაქტობრივად, მკვდარი ფრაზა იყო. ეს ბუნებრივიცაა, რადგან თუ რომანი არ წაგიკითხავს და ის კონკრეტული ადგილი არ გიპოვია, სადაც ავტორი ამ ყველაფერზე საუბრობს, ძნელია მისი აღქმა. სინამდვილეში ჰარპერ ლის ჯაფარა არ არის ჩვეულებრივი ჩიტი. ერთგვარი მეტაფორაა, რასობრივი დისკრიმინაციისა და სოციალური უთანასწორობის სიმბოლო, რომლის წინააღმდეგაც მწერალმა გაილაშქრა. „ერთადერთი, რასაც ჯაფარა შვრება, ისაა, რომ მღერის და გვართობს. ის არც ბაღ-ბოსტნებს გვიჩანაგებს, არც კალოსთან იბუდებს, ცუდს არაფერს სჩადის და ადამიანს არაფერს უშავებს, მხოლოდ გალობს და გალობს და გალობით გვატკბობს. აი, რატომაა ცოდვა ჯაფარას მოკვლა“ – ამბობს ერთ ეპიზოდში ატიკუს ფინჩი. სწორედ ესაა გასაღები რომანისა და მისი სახელწოდების გასაგებად. წიგნის ქართული სათაურიც ამ მონაკვეთმა განაპირობა. „ჯაფარას“ დიდხანს თარგმნიდა, თითქმის ორ წელიწადს – 1983-დან 85-წლამდე. იმ პერიოდში ჯერ ისევ ხელით წერდნენ, ან საბეჭდ მანქანაზე, უამრავჯერ ათეთრებდნენ ერთსა და იმავე თავს. პირველი გამოცემა მაინცდამაინც წარმატებული არ გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ ბეჭდვა „საბჭოთა აჭარას“ მიანდეს. ტექსტი ორად გაიყო და უხარისხო ქაღალდზე და უსახური ყდით გამოიცა. ნაწილებს შორისაც დიდი პაუზა იყო: პირველი 1985 წელს გამოვიდა,მეორე – 86-ში. გამოხმაურებაც არ მოჰყოლია – იმდროინდელ გამოცემებში ჩაიკარგა. ერთადერთი, მთარგმნელმა „იხეირა“: იმის გამო, რომ აჭარას ავტონომიის სტატუსი ჰქონდა, ორი ჰონორარი გამოუწერეს – მთარგმნელობითი კომისიისა და აჭარისგან. მაშინდელი საბჭოეთი ასეთი უცნაური წარმონაქმნი გახლდათ. მესამე სიცოცხლე თავის დროზე ახალგამოსული „ჯაფარა“ ვერ წავიკითხე, თუმცა წლების შემდეგ ხელში სწორედ ეს გაცრეცილი გამოცემა ჩამივარდა. იმ პერიოდში ქართულ სინამდვილეში ჰარპერ ლის მეორე სიცოცხლე იწყებოდა: 2011-12 წლებში გამომცემელმა გია დარსალიამ მისი ხელახლა დაბეჭდვა განიზრახა. ტექსტი თავიდან დაარედაქტირეს. ამასობაში ჰარპერ ლი ავად გახდა. შეიცვალა მისი მეურვეც, რომელთანაც ახალი კონტრაქტი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გააფორმა. წიგნი კიდევ ერთხელ, ამჯერად მესამედ გამოიცა. ასე დაიწყო მისი ახალი სიცოცხლე ქართულ რეალობაში, რომელიც, იმედია, დიდხანს გასტანს. ლელა დუმბაძე: „ვიღაცამ შეიძლება კითხვა დაიწყოს და თქვას, რა არის ამაში ასეთი გადასარევიო?! ას გვერდს ვინც გადალახავს, მიხვდება, რაცაა. მხოლოდ შინაარსობრივად კი არა, საოცარი წიგნია მხატვრულადაც. სტრუქტურული თვალსაზრისითაც კარგადაა აგებული და საკითხავადაც საინტერესოა: ბავშვების თავგადასავალიცაა, გასართობი ამბებიც, იუმორიც. მწერალი ისეთ რაღაცეებზე დაგაფიქრებს შეპარვით, ძალდაუტანებლად, რაზეც შესაძლოა, მანამდე არ გიფიქრია: მაგალითად, სამართლიანობისთვის ბრძოლას მაშინაც აქვს აზრი, როცა წინასწარ იცი, რომ მარცხისთვის ხარგანწირული. ამის მაგალითია მთავარი პერსონაჟი – ატიკუს ფინჩი; რომ ადამიანს არასოდეს უნდა მოექცე ისე, როგორც თავად არ გინდა მოგექცნენ და სხვა. ამიტომაა, ბევრმა ქვეყანამ ეს რომანი სასკოლო პროგრამაში შეიტანა. გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მარტო აშშ-ს კი არა, გაერთიანებული სამეფოს სკოლებსაც სავალდებულო ლიტერატურის სიაში აქვთ. თუმცა, სასკოლო პროგრამებში მისი აკრძალვის არაერთი შემთხვევაც ყოფილა“. საქართველოში ჰარპერ ლი სასკოლო პროგრამაში არ შედის, მაგრამ ბოლო წლებში ბევრმა წაიკითხა. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ 11-12 წლის მოზარდებისთვის შედგენილი წიგნების თითქმის ყველა ჩამონათვალში შეხვდებით. თანამედროვე ეპოქაში, რომელიც ნებისმიერი თვალსაზრისით ღია და გახსნილია, ამაში არაფერია გასაკვირი. საინტერესოა, როგორ მიაგნო მას გასული საუკუნის 80-იანებში თამარ ერისთავმა, იმ დროს, როცა შერბილებული ცენზურის მიუხედავად, სისტემა მაინც ჩაკეტილი დარჩა? ლელა დუმბაძე: „თამარ ერისთავი, მისი თაობის სხვა მთარგმნელების მსგავსად, დიდად ერუდირებული ადამიანი გახლდათ. თავადაც შესანიშნავი მთარგმნელი და პოეტი, მაშინდელ ლიტერატურულ პროცესებში კარგად ერკვეოდა. ვერ გეტყვით, როდის წაიკითხა ეს წიგნი. ცხადია, რუსულად უკვე თარგმნილი იყო, სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მისი გამოცემა (მოგეხსენებათ იმდროინდელი ცენზურის ამბავი). ფაქტია, ქალბატონმა თამარმა იცოდა „ჯაფარას“ ფასი და მის აზრსაც ჰქონდა წონა და ძალა“. იმ დროს „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ჰარპერ ლის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანი იყო, რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა და თავიდანვე ბესტსელერი გახდა. მის ქართველ მთარგმნელს სულ აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა დაწერილი კიდევ რამე ამ უცნაურ მარტოხელა ქალს, რომელიც დიდი მწერლის, ტრუმენ კეპოტის უახლოესი მეგობარი იყო და ლამის მისი პირადი მდივანიც გახდა (სხვათა შორის, ტრუმენ კეპოტი ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟის, ბილის – ჭყიტას მეგობრის პროტოტიპია). თარგმნის პროცესში ბევრი ეძება, მაგრამ სხვას ვერაფერს მიაკვლია. ან რას იპოვიდა, რაც არ არსებობდა?! თუმცა, სულ რამდენიმე წლის წინ გაირკვა, რომ მწერალს კიდევ ჰქონია ტექსტი, რომელსაც მკითხველისგან საგულდაგულოდ მალავდა. საქმე ისაა, რომ ჰარპერ ლის მეურვე და იურიდიული წარმომადგენელი მისი უფროსი და, ელისი გახლდათ, უმცროსის მსგავსად, ისიც უშვილო და გაუთხოვარი. ერთად ცხოვრობდნენ და იმის გამო, რომ ჰარპერი ცუდად ხედავდა და სავარძელს იყო მიჯაჭვული, მის საგამომცემლო საქმიანობასაც თავად მართავდა. 102 წლის გარდაიცვალა და ბოლომდე პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ამის შემდეგ მწერალს ახლობელები შეესივნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს ხელნაწერი, რომელიც რომანში აღწერილი პერსონაჟების შემდგომ ცხოვრებას ასახავს. მთავარი გმირი – ჭყიტა იქ 21 წლისაა და ნიუ-იორკში ჩამოდის, სადაც მამამისი, ატიკუს ფინჩი ელოდება. ლელა დუმბაძე: „ისეთი წიგნია, „ჯაფარას“ გაგრძელება გეგონება. სინამდვილეში მანამდე დაიწერა. როგორც ჩანს, გამომცემელი ნიჭიერი და შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო და ჰარპერს შესთავაზა, რომანის პერსონაჟების, მთავარი გმირი გოგონასა და ბიჭის ბავშვობაზე დაეწერა. მწერალმა დაუჯერა და არაჩვეულებრივი ნაწარმოებიც შეიქმნა, წინა რომანი კი სეიფში შეინახა და მხოლოდ დის გარდაცვალების შემდეგ, ახლობლების დაჟინებული თხოვნით გამოაქვეყნა. ძნელი სათქმელია, ახალგაზრდა და ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, მიიღებდა თუ არა ამ გადაწყვეტილებას. ფაქტია, ამით თაყვანისმცემლების არმია ძალიან გაახარა. „მიდი, დააყენე დარაჯი“ საინტერესოდ იკითხება და მიუხედავად იმისა, მხატვრული ღირებულებით ჩამოუვარდება, პრობლემატიკით ისეთივე აქტუალურია, როგორც თავის დროზე მისი შვილობილი „ჯაფარა“. 1957 წელს დაწერილი და 2015 წელს გამოცემული „მიდი, დააყენე დარაჯი“ ამერიკაში დღეს გამწვავებული რასობრივი პრობლემების ფონზე მოულოდნელად თანამედროვედ გამოიყურება“. უცნობი ხელნაწერის შესახებ ხუთი წლის წინ გაცხადდა. სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლებმა არნახული რაოდენობით შეისყიდეს საავტორო უფლებები. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც“. ამ ტექსტის თარგმნა ამერიკული გამოცემიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო და მალევე დაამთავრა. მწერლის სამშობლოში წიგნი 2015 წელს გამოვიდა, ჩვენთან – 2016-ში. ბევრმა წაიკითხა, მაგრამ ისეთი შთამბეჭდავი ვერ აღმოჩნდა, როგორც „ჯაფარა“. თუმცა, როგორც მთარგმნელი ამბობს, დისკრიმინაციის თემა, რომელიც ამ რომანშიც წამყვანია, სიღრმისეულად ეხმიანება ამერიკის საზოგადოებისთვის დღესაც მტკივნეულ პრობლემატიკას. თავის დროზე, წიგნზე მუშაობისას, ძალიან უნდოდა ჰარპერ ლის გაცნობა, მაგრამ იმ პერიოდში ეს შეუძლებელი იყო. როცა საზღვრები გაიხსნა, ჰარპერ ლი უკვე ხანდაზმული და სავარძელს მიჯაჭვული გახლდათ. დღესდღეობით რომელიმე საინტერესო თანამედროვე მწერლის თარგმნას ისურვებდა, ვისაც, საჭიროების შემთხვევაში, რჩევას ჰკითხავდა ან აზრებს გაუზიარებდა. სანთლის შუქზე ნათარგმნები გასული საუკუნის 90-იანებში მისთვის მხატვრული ლიტერატურა ჩაიკეტა, მაგრამ ყველაზედიდი გაჭირვების დროს ისევ ინგლისურმა ენამ გადაარჩინა: ასწავლიდა ინგლისურს და პარალელურად, თარგმნიდა. თარგმნიდა სამეცნიერო ლიტერატურას, პროექტებს, საკონფერენციო მასალებს. თარგმნიდა სანთლის შუქზე, რადგან იმ წლებში სინათლის სხვა წყარო (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) არ გააჩნდა. იმ დროს დაიწყო პედაგოგიური საქმიანობაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის ფაკულტეტზე დღესაც ასწავლის ტექსტის ანალიზს და სტილისტურ ინტერპრეტაციას. თარგმანი კი ამ პროცესის აუცილებელი ნაწილია. ტექნიკური თვალსაზრისით, „ჩვეულებრივი“ თარგმანი მხატვრულისგან დიდად არ განსხვავდება – ეს არის ჩვევები, რომლებიც უნდა გამოიმუშაოს უცხო ენის სპეციალისტმა. ადამიანები ენას, პირველ რიგში, ურთიერთობისთვის იყენებენ. თარგმანიც ამისთვის გვჭირდება. ლელა დუმბაძე: „ენის სრულყოფილად შესწავლა გულისხმობს მის მშობლიურ ენასთან შედარება-შეფარდებას, რაც ტექსტის ანალიზის საუკეთესო საშუალებაა. მით უფრო, როცა ლაპარაკია სრულიად განსხვავებული სტრუქტურის ორ ენაზე: ინგლისურ, ანუ ანალიზურზე, და ქართულზე, ანუ სინთეზურ ენაზე. ენებს შორის ლინგვისტური განსხვავების გაუაზრებლად უცხო ენის სწავლა, განსაკუთრებით ზრდასრულ ასაკში, ძნელი იქნება, ამიტომ თარგმანი უცხო ენის შესწავლის პროცესის აუცილებელი შემადგენელია. ასეა მხატვრული ტექსტის ანალიზის თუ ინტერპრეტაციის სწავლების დროსაც. ეს უკვე შედარებით მაღალი საფეხურია, როცა ენათმეცნიერების საფუძვლების ცოდნა უადვილებს სტუდენტს სწორი მიდგომა მონახოს მხატვრული ტექსტის გასაანალიზებლად და გადმოსაქართულებლად. ზოგადად, ლიტერატურული ტექსტი ვერბალური და ზევერბალური შრეების ერთობლიობაა, რაც ნიშნავს, რომ ნაწერი ავტორის ინდივიდუალურ, რთულ და უნიკალურ ესთეტიკურ ქსოვილს წარმოადგენს და მასთან გასამკლავებლად მხოლოდ ორივე ენის კარგი ცოდნა არ კმარა. მთარგმნელი „შეიარაღებული“ უნდა იყოს ისეთი უნარებით, რომელიც შეაძლებინებს, ორიგინალის სტილისტური, ესთეტური, პოეტური თუ სხვა თავისებურებები ადეკვატურად აღიქვას და მშობლიური ენის შესაბამის ქსოვილში მოაქციოს. ამისათვის, პირველ რიგში, საქმის სიყვარული და სპეციფიკური ნიჭი, უნარები და მოთმინება სჭირდება. გუმანიც მნიშვნელოვანია. მთარგმნელს ისიც ძალიან ეხმარება“. იმ პერიოდში ტექსტებს ქართულიდან ინგლისურადაც თარგმნიდა. ამ თარგმანებიდან განსაკუთრებით უყვარს წიგნი-ალბომი – „დიმიტრი ყიფიანი: ცხოვრება და მოღვაწეობა“, რომელმაც მე-19 საუკუნის საქართველო სხვა თვალით დაანახა; ასევე, ქართველი მწერლების მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საგანგებო დაკვეთით დაწერილი ზღაპრების და მოთხრობების კრებულის – „იყო ერთი გოგო“, ინგლისურენოვანი თარგმანი. 90-იანი წლებით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ, ქართულმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა მაჰათმა განდის „ჩემი თავგადასავალი, ანუ, როგორ ვეძიებდი ჭეშმარიტებას“ თარგმნა შესთავაზა, რომელიც წაკითხული ჰქონდა და სიამოვნებით დათანხმდა. ამის შემდეგ იყო სელინჯერის „სიმორი: შესავალი“ – „დიოგენესთვის“. მოთხრობა გლასების საკულტო ოჯახის ერთ-ერთი წევრის – უფროსი ძმის, სიმორის შესახებ, რომელმაც ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ტექსტიდან ვიგებთ, რას ფიქრობს ავტორი პოეზიაზე, ხელოვნებაზე, ხელოვანის გარემოსთან დამოკიდებულებაზე და ზოგადად, ხელოვანის ბედზე. იმ პერიოდში მწერალი ახალი გარდაცვლილი იყო და „დიოგენემ“ ქართულ ენაზე სელინჯერის ნაწარმოებების სრული კრებული გამოსცა. სელინჯერს მოჰყვა კიდევ ერთი დიდი ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, სოლ ბელოუს რომანი „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“, რომელიც „დიოგენეს“ სერია „ამერიკელების“ ფარგლებში ითარგმნა. ამ რომანმაც შედარებით უხმაუროდ ჩაიარა. იმ წელს, როდესაც პირველი „საბა“ აიღო, პრემიაზე მისი ორი თარგმანი იყო წარდგენილი: სოლ ბელოუ და ვირჯინია ვულფი. ვირჯინიამ გაიმარჯვა. ჰენდერსონი, წვიმის მეფე ამერიკელი ნობელიანტის, სოლ ბელოუს შესახებ იცოდა, მაგრამ არ წაეკითხა. ბევრი დღესაც არ იცნობს. მის შესახებ მოსაზრებები იყოფა: ზოგი ფიქრობს, რომ ნობელი დაუმსახურებლად მიანიჭეს; ზოგსაც, ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელად მიაჩნია. „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ ერთ-ერთი გამორჩეული ტექსტია. ამბობენ, რომ თავად ავტორს საკუთარი რომანებიდან ყველაზე მეტად უყვარდა. საგულისხმოა, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ჰენრი მილერს უთქვამს – მე მხოლოდ ვიოცნებებდი, ასე მეწერაო. კურტ ვონეგუტი და ჯოზეფ ჰელერიც აღფრთოვანებულან. წიგნი შუახნის ამერიკელი მილიონერის თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომელიც, ცივილიზაციის სიკეთეებით თავგაბეზრებული, ახალი თავგადასავლების საძიებლად აფრიკაში მიემგზავრება. სინამდვილეში, თავგადასავლებს კი არა – საკუთარ თავს ეძებს. ადგილობრივი ტომის ბელადებთან ურთიერთობა ბევრ რამეზე დააფიქრებს. უპირველესად, არსებობის საზრისზე, მყოფობისა და ჩამოყალიბების მდგომარეობაზე და მიახვედრებს, რომ ადამიანად ყოფნის საიდუმლო ამ ორს შორის არჩევანში იმალება. ბელოუ არაჩვეულებრივად წერს აფრიკაზე, სადაც არასოდეს უმოგზაურია. ეს წიგნი ლიტერატურული წარმოსახვის ძალას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ლელა დუმბაძე: „ძალიან რთული და საინტერესო იყო სოლ ბელოუს რომანზე მუშაობა. თუმცა, როგორც ყველა სერიოზულ ლიტერატურულ ნაწარმოებთან ურთიერთობა, ჩემთვის ესეც ერთი დიდი თავგადასავალი აღმოჩნდა, რომელიც ჰენდერსონთან, საკუთარი თავისა და ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულების მაძიებელ ამერიკელ მილიონერთან ერთად გავიარე. თარგმანის თვალსაზრისით ბევრ სირთულეს წავაწყდი და ბევრიც ვისწავლე. მიყვარს ეს რომანი. სოლ ბელოუ შესანიშნავი მთხრობელია. მთავარი გმირიც არაორდინარული პიროვნებაა და არაორდინარულ თავგადასავლებში ეხვევა. თავგადასავლებისკენ კი შინაგანი ხმა უხმობს, არ ასვენებს. ეს ხმა საკუთარი თავის აღმოჩენისკენ უბიძგებს და შეგნებულად მიდის აფრიკის პირველყოფილი წესით მცხოვრები აბორიგენების სამყაროში. მრავალ საფრთხეს გადაურჩება და ისეთი დიდი შინაგანი ძალა აქვს, მისთვის სრულიად უცხო სამყაროს ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ „წვიმის მეფედ“ აღიარებს, რაც უდიდესი პატივია. ეს რომანი საკუთარი თავის ძიების და აღმოჩენის დაუოკებელი წყურვილით აღტკინებული ადამიანის ეპოპეაა. აქაც, ვულფის „გზა შუქურისკენ“ მსგავსად, რომელსაც შეგვიძლია პოეზია პროზაში ვუწოდოთ, არაერთი პოეტური ეპიზოდია. ეს ის მონაკვეთებია, სადაც ავტორის ხმა თუ არ იგრძენი, ტექსტის არსს ვერ ჩაწვდები და მისი თარგმნა გაგიჭირდება. მაგალითად, ერთგან ამბობს, დავინახე ვარდისფერი… და აღწერს აფრიკის ზღაპრული განთიადის პეიზაჟს. როგორც პრუსტთან – ჩაიში ჩალბობილი ორცხობილა „მადლენის“ გემო უხილავი ძაფივით დააბრუნებს პერსონაჟს წარსულში, ჰენდერსონსაც დილის ცა მოგონებებში და ადრეულ ბავშვობაში გადაიყვანს. ისეთი საოცარი გადასვლებია დროში… მიყვარს ასეთი ტექსტები – რთული, საჩხრეკი და საძიებო. მით უფრო, თუ პოეტური ელემენტიც ახლავს“. თარგმნის ინსტრუმენტები თანამედროვე ტექნოლოგიებმა თარგმნის დაჩქარებული ტემპი მოიტანა. ის, რასაც წლების წინ ხანგრძლივი კვლევა-ძიება სჭირდებოდა, „გუგლის“ ეპოქაში საგრძნობლად გამარტივდა. როცა თარგმნა დაიწყო, სულ სხვა რეალობა იყო – საჯარო ბიბლიოთეკაში „ჩასახლება“ მთარგმნელის შრომის აუცილებელ ნაწილად ითვლებოდა. დღეს ინტერნეტით ხელი თითქმის ყველანაირ ინფორმაციაზე მიგვიწვდება. არადა, ადამიანები ურთულეს ტექსტებს ყოვლისმცოდნე მსოფლიო ქსელის გარეშე თარგმნიდნენ და ეს ყველაფერი ლამის ჯოჯოხეთურ შრომად უჯდებოდათ. სამაგიეროდ, მეტი იყო ინტერესი, კვლევის სურვილი, აღმოჩენით მოგვრილი სიამოვნება… საბეჭდ მანქანაზე დიდხანს ოცნებობდა. ამასობაში კომპიუტერიც წამოეშველა. მანამდე, სხვების მსგავსად, ხელნაწერი მბეჭდავებთან მიჰქონდა, მერე მათ შეცდომებს ასწორებდა და ვიდრე ტექსტს ბოლომდე მიიყვანდა, გვარიანად წვალობდა. დღეს ეს საკითხიც ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა, თუმცა არსებობს თარგმნის „ინსტრუმენტები“, რომელიც არცერთი ტექნოლოგიის პირობებში არ შეიცვლება. ლელა დუმბაძე: „ლექსიკონები ყოველთვის საჭიროა. ბევრი ლექსიკონი გჭირდება. განსაკუთრებით, ქართული ენის, რომლის ლექსიკური არეალი ამოუწურავია. უამრავი სინონიმია და თარგმნისას ყველა არ გახსენდება. ინგლისურიც ხომ გამორჩეულად პოლისემანტიკურია – ბევრი ჩხრეკა გიწევს, ბევრი ძიება. ხშირად უნდა გადაიკითხო ქართულილი ტერატურაც,რომ „მოიღონივრო“ ლექსიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი, როგორც მთარგმნელის ენა გაღარიბდება“. სიტყვებს დიდხანს ეძებს და ფაქიზად ეპყრობა. საჭირო სიტყვა გონებაში ზოგჯერ თავისით ამოხტება ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ასე არხდება. საუკეთესოს ძიებაში ერთსა და იმავე მონაკვეთს რამდენჯერმე უბრუნდება. ესმის თუ არა ამ დროს სიტყვის ჟღერადობა, ტექსტის მუსიკა? – რასაკვირველია. ამაში მუსიკალური სმენაც ეხმარება. განსაკუთრებით, პოეტური ჩანართების თარგმნისას. საერთოდაც, მიიჩნევს, რომ ლიტერატურაში მუსიკალური ყური მნიშვნელოვანია. მით უფრო, ისეთ ავტორებთან, როგორც ვირჯინია ვულფია. სხვათა შორის, კარგ თარგმანში ეს იგრძნობა. კარგი თარგმანი კარგ მუსიკალურ ნაწარმოებს ჰგავს, რომლის კითხვა სიამოვნებაა. ვისი თარგმნაც სურდა ვირჯინია ვულფი იყო მწერალი, ვისი თარგმნაც სურდა. მის ახალგაზრდობაში ინგლისურენოვანი წიგნების შოვნა ჭირდა და ვულფსაც კარგა ხანს ვერ მიაკვლია. წაკითხვისთანავე გაიფიქრა, რომ უნდა ეთარგმნა და ეს დროც დადგა. ლელა დუმბაძე: „საბჭოთა კავშირში უცხოენოვანი გამოცემები ძალიან იზღუდებოდა, მით უფრო, ამ ტიპის ავტორების, ვისაც არაორდინარული აზროვნება და სისტემისთვის მიუღებელი ცხოვრების წესი ჰქონდა. მსგავსი წიგნები განსაკუთრებით რთულად საშოვნელი იყო, თუმცა დედაჩემის წყალობით რაღაცებზე ხელი მიმიწვდებოდა. დედა ინგლისური ენის სპეციალისტი გახლდათ -ერეკლე ტატიშვილის სტუდენტი, დასავლეთ ევროპის ფაკულტეტის ერთ–ერთი პირველი გამოშვება. სხვათა შორის, ჩემი პროფესიული არჩევანი ამანაც განაპირობა. მით უფრო, რომ დედას ბიბლიოთეკაში არაერთი ინგლისურენოვანი წიგნი ინახებოდა და ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მქონდა საშუალება რამდენიმე მათგანი ორიგინალში წამეკითხა, რაც იმ დროს იშვიათობა იყო…“ მერე დადგა დრო, როცა საფუძვლიანად წაიკითხა ვულფი: ჯერ „საკუთარი ოთახი“, შემდეგ – „გზა შუქურისკენ“, „ორლანდო“, „მისის დელოუეი“, ბრწყინვალე მოკლე მოთხრობები და ესსეები… ის, რაც თავიდან ინტერესს ფემინისტური პოზიციისა და ცხოვრების განსხვავებული წესის გამო აღძრავდა, ნელ-ნელა უკანა პლანზე გადავიდა. მის წინაშე წარსდგა მწერალი, რომელსაც იარლიყები არ სჭირდება. ლელა დუმბაძე: „ჩემთვის ვირჯინია ვულფი დიდი მწერალია, ამასთან, ქალი, ამიტომ ფემინისტის იარლიყი, ცოტა არ იყოს, მეზედმეტება. ვრცელი ესე – „საკუთარი ოთახი,“ რომელიც მის ფემინისტურ მანიფესტად მოინათლა, კვლევაა, რომელიც იმის ასახსნელად დაწერა, თუ რატომ იყვნენ ისტორიულად დიდი ხელოვანები, განსაკუთრებით მწერლები თუ პოეტები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მამაკაცები. საკითხი მეცნიერულად იკვლია. ამისთვის საჭირო იყო საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში მუშაობა. ნიშანდობლივია, რომ პირველივე ჯერზე წინააღმდეგობას წააწყდა: კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შესასვლელად გამზადებულს გზა გადაუღობეს და თავაზიანად აცნობეს, რომ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი მამაკაცის, ან მისი სარეკომენდაციო წერილის გარეშე ქალი ბიბლიოთეკაში არ დაიშვებოდა. რა თქმა უნდა, არსებობდა ქალთა კოლეჯები, მაგრამ მამაკაცების ბიბლიოთეკა გაცილებით მდიდარი იყო. საბოლოოდ, შეისწავლა წყაროები და დაასკვნა, რომ ქალს ყველა ეპოქასა და გარემოში ისეთ ვითარებაში უწევდა ცხოვრება, შემოქმედებაზე ოცნება წარმოუდგენელი გახლდათ. ის კი არა, ინგლისში, 1880 წლამდე გათხოვილ ქალს საკუთარი მზითვის განკარგვის უფლებაც არ ჰქონდა (სხვათა შორის, მათ ქართველ ქალებზე გვიან მიიღეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც), შესაბამისად, გასაქანი არც სხვა სფეროში ექნებოდა. კვლევაზე დაყრდნობით, ვირჯინიამ ლექციების კურსი წაიკითხა და შემდეგ გამოაქვეყნა ვრცელი ესე სახელწოდებით – „საკუთარი ოთახი“. მოკლედ რომ მოვჭრათ, დაასკვნა: თუ ქალს არა აქვს არჩევანის თავისუფლება, რისთვისაც საჭიროა 500-იოდე ფუნტი წლიური შემოსავალი და საკუთარი ოთახი, სადაც მარტო დარჩება საკუთარ ფიქრებთან, ვერასოდეს შექმნის ფასეულ ლიტერატურას“. რასაკვირველია, ვირჯინია იცავდა ქალის უფლებებს და ცდილობდა, მათი სახელოვნებო (და არა მხოლოდ) პროცესებში ჩართულობა გაეძლიერებინა, თუმცა მისი მიზანი მხოლოდ ეს არ ყოფილა. თავად მწერალს რაღაც ეტაპზე საკუთარი ოთახიც ჰქონდა და შემოსავალიც, მაგრამ სხვა პრობლემები აწუხებდა – ბავშვობაში განცდილმა ძალადობამ მის ფსიქიკაზე მძიმედ იმოქმედა. უცნაური სენი სჭირდა: აღტაცებისა და ენერგიის მოზღვავების პერიოდს დეპრესია ცვლიდა. წლებთან ერთად ამ მდგომარეობასთან გამკლავება სულ უფრო უჭირდა. ერთ-ერთი ბოლო შეტევის დროს დაწერა ცნობილი წერილი, სადაც მიყენებული ტანჯვისთვის მეუღლეს პატიებას სთხოვდა … მდინარეში თვითმკვლელობას წინ არანაკლები სტრესი უძღოდა: 1941 წელს ლონდონის დაბომბვისას დაინგრა სტამბა, რომელიც ვირჯინიას და მის მეუღლეს ეკუთვნოდათ. ბევრი რამ დაიკარგა, ბევრი ნაშრომი განადგურდა. მწერლის ფსიქიკამ ვეღარ გაუძლოამდენ უბედურებას. გზა შუქურისკენ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ რედაქტორმა, მისმა მეგობარმა ანა ჭაბაშვილმა იცოდა, რომ ვირჯინია ვულფის თარგმნა უნდოდა და როგორც კი „სულაკაურებმა“ „გზა შუქურისკენ“ თარგმნა გადაწყვიტეს, მთარგმნელთან დააკავშირა. 1927 წელს გამოცემული ეს წიგნი ვულფის ყველაზე საყვარელი ნაწარმოებია და მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ტექსტად ითვლება. „ცნობიერების ნაკადის“ ტექნიკით დაწერილმა რომანმა, რომელიც არ არის იოლი აღსაქმელი, მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებს თავის დროზეც არაერთი კითხვა გაუჩინა. ბევრი მასში ავტობიოგრაფიულ დეტალებს ეძებდა, თუმცა მათი მიგნება რთული არასოდეს ყოფილა: ვირჯინია, რემზების მსგავსად, რვაშვილიან ოჯახში გაიზარდა. მამამისი, ცნობილი პუბლიცისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ლესლი სტივენი უილიამ თეკერეისთან მეგობრობდა (პირველ ცოლად მისი და ჰყავდა) და მათ ოჯახშიც მუდამ ინგლისის კეთილშობილი საზოგადოება ტრიალებდა; სახლი, სადაც წიგნში მოქმედება ხდება, ყურე, გარემო – ყველაფერი მის ბავშვობაზე მეტყველებს, ავტორის ბიოგრაფია ბევრ დეტალში იკვეთება. წიგნის მეორე ნაწილში მშვენიერი მისიზ რემზი ცოცხალი აღარაა. დედა ვირჯინიასაც 13 წლისას გარდაეცვალა. ეს იყო მისი პირველი მძიმე ტრავმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები და ბიპოლარული აშლილობა მოჰყვა; მწერალი ამ ყველაფერს დაუღალავი შრომით ებრძოდა და გარკვეულწილად, კიდეც გაუმკლავდა. ჩანაწერებში ამბობს, რომ ეს პროცესი მისთვის ერთგვარი ფსიქოთერაპია იყო: საკუთარი სულის ლაბირინთებს ჩაუღრმავდა და იქ დალექილი განცდები ტექსტში გადაიტანა. სიუჟეტურად ნაწარმოებში თითქოს ბევრი არაფერი ხდება. მთავარი ამ შემთხვევაში, მწერლის თხრობის სტილი და „ცნობიერების ნაკადად“ წოდებული წერის ტექნიკაა, რომელიც რომანში განსაკუთრებული სიღრმით გამოვლინდა. ამას დაემატა პოეტური ჩანართები, რომელთა სიმრავლის გამო „გზა შუქურისკენ“ მონათლეს, როგორც პროზად დაწერილი პოეზია. პირველ ნაწილში ეს ყველაფერი შედარებით მცირე დოზითაა, მაგრამ თარგმნისას, როდესაც რაღაც მომენტში საბედისწეროდ „გაიჭედა“, მიხვდა, რომ პოეზიისა და პროზის ზღვარს მიადგა, სადაც თარგმნის „ჩვეულებრივი“ ტექნიკა აღარ ჭრიდა. ლელა დუმბაძე: „ვერ გეტყვით, როგორ ვთარგმნე ეს მონაკვეთები. მეტაფორებით, ალიტერაციებით გაჯერებული პოეტური ტექსტი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვდა. პირველ რიგში, უნდა შემეგრძნო ეს ყველაფერი, რომ მისი გადმოქართულება შემძლებოდა. მივყევი თხრობას, გამიტაცა ტექსტის მუსიკამ, რიტმმა, ხატოვანებამ და ნელ-ნელა თარგმანის კონტურებიც გამოიკვეთა. ალბათ ეს იყო ამ რომანში ჩემთვის ყველაზე საინტერესო, ფასეული და შთამბეჭდავი. მსგავსი ეპიზოდები სხვა ავტორებთანაც შემხვედრია, მაგრამ ასეთი ინტენსივობით – არასოდეს“. ტექსტზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო და ცხრა თვის თავაუღებელი შრომის შემდეგ დაასრულა. 2015 წელს „გზა შუქურისკენ“ „საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში“ პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა. ორლანდო ესეში – „საკუთარი ოთახი“, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, მწერალი ყურადღებას ერთ საინტერესო საკითხზე ამახვილებს: უნდა ჩანდეს თუ არა ქალის ნაწერში მისი ხედვა და ცხოვრებისეული გამოცდილება? ვულფის თქმით, საუკეთესო ტექსტი ის არის, სადაც ავტორის სქესი თვალში არ გხვდება, არ გაწუხებს. ამას ანდროგინულ გონებას უწოდებს, რაც გულისხმობს ქალისა და კაცის ერთობას და არა მათი სქესის უგულებელყოფას. ანდროგინია ვულფის სხვა ესეებშიც ფიგურირებს. „ორლანდოშიც“ ეს საკითხი გამოიკვეთა. სქესთა ფსიქოლოგია რომანის ერთ-ერთი თემაა. მწერალი მთავარ გმირს, ორლანდოს, რომელიც ვიქტორიანულ ეპოქაში მამაკაცად იბადება, რომელიღაც საუკუნეში ქალად გადააქცევს, თუმცა მეხსიერებას შეუნარჩუნებს. უაღესად საინტერესოა ის მიდგომა და დამოკიდებულება, რომლითაც ვირჯინია ამ საოცარი პერსონაჟის განცდებს და სამყაროს გვიხატავს. ეს არ არის ანდროგინიის პლატონისეული ხედვა – ოდესღაც ერთსქესიან და შემდეგ ორად გაყოფილ არსებებზე, მთელი ცხოვრება საკუთარ ნაწილს რომ დაეძებენ და მხოლოდ ერთმანეთთან შეხვედრა ანიჭებთ ბედნიერებას; უფრო ფსიქოლოგიური კვლევის მცდელობაა, როდესაც პერსონაჟი სამყაროს ორივე სქესის თვალით ხედავს, ამ ორ აღქმას ერთმანეთს ადარებს და თავისთვის აკეთებს ბევრ მნიშვნელოვან აღმოჩენას. „ორლანდო“ ვირჯინიას მეორე წიგნი იყო, რომლის თარგმნა ძალიან უნდოდა. ეს უცნაური, სხვებისგან განსხვავებული რომანი „შუქურის“ შემდეგ დაიწერა. როგორც ჩანს, რთულ ფსიქოლოგიურ დრამაზე მუშაობამ მწერალი იმდენად გამოფიტა, გადაწყვიტა, შედარებით „მსუბუქი“ ტექსტი შეექმნა. მეგობარი ქალის, ვიტა სეკვილ-უესტის (ვისაც ეს წიგნი ეძღვნება) საგვარეულო სასახლეში გაემგზავრა და ერთ წელიწადში (1928 წ) რომანი-ფანტასმაგორია დაწერა, რომლის მთავარი გმირი, ახალშეღერებული ყმაწვილი – ორლანდო, ეპოქიდან ეპოქაში, მამაკაციდან – ქალის სხეულში ამოგზაურა. წიგნში მოქმედება თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობს და მთავარი გმირის ფსიქო-ფიზიოლოგიურ გარდასახვასთან ერთად, ინგლისის ისტორიის ქრონიკებსაც გვიყვება. ამ ყველაფერს, წინა რომანისგან განსხვავებით, იუმორის და პაროდიის მსუბუქი ელფერი დაჰკრავს. მიიჩნევენ, რომ „ორლანდო“ ვირჯინიას რომანებს შორის ყველაზე იოლად იკითხება, თუმცა, როცა საქმე ვულფის რანგის მწერალთან გვაქვს, სიტყვა „იოლის“ მნიშვნელობა პირობითია. ლელა დუმბაძე: „ორლანდო“ საოცარი წიგნია. აქ უამრავი განსხვავებული შრე იკვეთება. ერთი მხრივ,შეგვიძლიათვალი მივადევნოთ იუმორისტულად, ზოგჯერ სატირულ-ირონიულად აღწერილ ინგლისის წარსულს. მეორე მხრივ, ვირჯინია ჭეშმარიტი პოეტის პორტრეტსაც გვიხატავს. ორლანდო ნამდვილი პოეტია, რომელიც სათუთად ეპყრობა საკუთარ შემოქმედებას და უჭირს მისი სხვებისთვის გაზიარება. წიგნში უამრავი თემაა: ავტორი მსჯელობს საზოგადოების, რელიგიის, პოლიტიკის, ფსიქოლოგიის რაობასა და არსზე, ქალისა დაკაცისბედზე ამა თუ იმ სოციალურ გარემოში, მათ მსგავსებასა და განსხვავებაზე. ისე საინტერესოდაგებს სიუჟეტს – ერთდროულად გასართობიცაა,სასაცილოც,და შემეცნების თვალსაზრისით, საინტერესოც. საოცრად აღწერს ორლანდოს ქალად გარდასახვას – რას განიცდის, რა შეგრძნებები აქვს: საუკუნეებში გარდასული ორლანდო ხომ ჯერ მამაკაცია და შემდეგ, საღათას ძილიდან გამოღვიძებული, მშვენიერ ქალად მოგვევლინება. საინტერესოა, რომ მას ახსოვს, რას ნიშნავს იყო მამაკაცი და იუმორით აკვირდება სოციალური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით მამაკაცისა და ქალის აზროვნებას შორის განსხვავებას. ულევ ფანტაზიას ავლენს – ისეთ სივრცეებში იჭრება და ისეთი პასაჟებია, დღესაც მიკვირს, როგორ გავუმკლავდი თარგმნას“. ვირჯინია ვულფის თარგმნა დიდი პასუხისმგებლობაა. მთარგმნელს ნიჭთან ერთად მხარს უნდა უმაგრებდეს გამოცდილებაც. მას ნიჭიც ჰქონდა და გამოცდილებაც, თუმცა ბევრი რამ ტექსტში მაინც რთულად დასაძლევი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, სტილისტური მომენტები: სხვადასხვა ეპოქას თავისი ჟღერადობა ჰქონდა, რომელთა პოვნაში მთარგმნელის „კამერტონი“ – შინაგანი ხმა ეხმარებოდა: მუდმივად უმოწმებდა ტექსტის რიტმს, მის მაჯისცემას. ზოგიერთი მონაკვეთი იმდენად ხატოვანი იყო, კინოკამერასაც გაუჭირდებოდა ადეკვატურად ასახვა. ფინალისკენ ერთ სცენაში მოქმედება მე-20 საუკუნეში ვითარდება. ქალად გარდასახული ორლანდო მანქანით მოდის ლონდონიდან. ავტორი აღწერს, რა ხდება მის გონებაში, რამდენნაირი ადამიანია და მის ყოველწამიერ გარდაქმნაზე გვიყვება. ძალიან რთული იყო ამ ეპიზოდის თარგმნა, თუმცა სირთულეებს თან ახლდა სიამოვნებაც. ლელა დუმბაძე: „ერთი სიამოვნებაა მწერლის თვალით დანახული ინგლისის ეპოქების გაცნობა – როგორ იცვლება ყველაფერი დროსთან ერთად და როგორ უწყობს ენა ფეხს ეპოქას. კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი უნდა აღინიშნოს: ვირჯინია სიტყვას უფაქიზესად ეპყრობა. მისი ენა უხამსობისგან თავისუფალია, მიუხედავად იმისა, როგორ სცენებს აღწერს და რა თემებზე გვესაუბრება. სიტყვა მისთვის ყველაზე ძვირფასია, რაც კი შეიძლება არსებობდეს ამქვეყნად. საინტერესოა, რომ ვირჯინია ვულფის ერთადერთი ხმოვანი ჩანაწერი მშვენიერი ესეა სიტყვის მნიშვნელობაზე მისი შეხედულების გასაცნობად“. სწორედ მსგავსი დამოკიდებულებების აღქმა-შეგრძნებისა და „ორლანდოს“ ბრწყინვალედ თარგმნისთვის მიიღო პრემია „საბა“ მეორედაც. ვინ უნდა შეაფასოს თარგმანი? როცა შრომას გიფასებენ, სასიამოვნოა, თუმცა პრემიებს მისთვის სხვა დატვირთვა აქვს – მნიშვნელოვანი მექანიზმია ლიტერატურული პროცესების ასამოძრავებლად. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართულ სინამდვილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა კერძო გამომცემლობების გახსნა იყო, რამაც ბიძგი მისცა სალიტერატურო სფეროს ამოქმედებას, მათ შორის, მთარგმნელობითი საქმიანობის გამოცოცხლებასაც. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა: არაერთი მნიშვნელოვანი ტექსტი ითარგმნა და ბევრი კარგი მთარგმნელიც გამოჩნდა, თუმცა, კარგებთან ერთად ცუდებიც არსებობენ და აუცილებელია მათი გამიჯვნა. ლელა დუმბაძე:„მთარგმნელზე ბევრი რამაა დამოკიდებული – მას ნაწარმოების გადარჩენაც შეუძლიადა განადგურებაც. ცუდი თარგმანი საუკეთესო ტექსტსაც კი არარაობად აქცევს, მაშინ, როცა არაფერი შეედრება კარგი თარგმანის კითხვით მიღებულ სიამოვნებას“. ვინ უნდა შეაფასოს თარგმანი? ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს. თარგმანის შეფასება რთული საქმეა. რიგითი მკითხველი მთლად სანდო ბარომეტრად ვერ გამოდგება. მთარგმნელის ნამუშევრის საუკეთესო შემფასებლად ისევ მთარგმნელს მიიჩნევს. წლების წინ საქართველოში არაერთი ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი გამოდიოდა, სადაც, რასაკვირველია, ამ თემაზეც იწერებოდა. რამდენჯერმე ზვიად გამსახურდიას წერილები წაიკითხა თანამედროვე თარგმანებზე და გაუკვირდა მისი ღრმად დაკვირვებული და კეთილმოსურნე დამოკიდებულება. კარგი იქნებოდა, მათ შრომას დღესაც მსგავსი საზომებით აფასებდნენ. ორჯერ იყო ლიტერატურულ კონკურს „საბას“ ჟიურის წევრი და იმ პერიოდში უამრავი რამ წაიკითხა. რასაკვირველია, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელთაც ჟიურის წევრები ითვალისწინებენ გადაწყვეტილების მიღებისას. ეს არ არის ვინმეს მიერ წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალი, უფრო შემფასებლის პირად გამოცდილებას ეყრდნობა. ლელა დუმბაძე: „კითხვის პროცესში ჩანს, რამდენად შეუძლია მთარგმნელს გააცოცხლოს ტექსტი, იგრძნოს ავტორის ხმა, დაიცვას ორიგინალის დინამიკა. დედანზე „უკეთესად“ თუ შეეცდება წერას, თაღლითობა გამოუვა. თუმცა, ეს ხუმრობით… კონკურსში განსახილველი თარგმანების შეფასებისას თანაბარი ხარისხის თარგმანის შემთხვევაში უპირატესობა, რა თქმა, უფრო მნიშვნელოვან ლიტერატურულ ტექსტს ენიჭება. რამდენადაც გულდასაწყვეტი უნდა იყოს, კონკურსის თავისებურებაა, რომ ხშირად ღირსეული თარგმანი იჩაგრება“. ნებისმიერი კონკურსი, გარკვეულწილად, სუბიექტურია. უამრავი ფაქტორია, უამრავი ქვედინება, რაც ხშირად რადიკალურად ცვლის გამარჯვების არსს. მრავალწლიანი მთარგმნელობითი გამოცდილების მიუხედავად, ხუთი წლის წინ მიიღო პირველი ლიტერატურული პრემია. დაფასება გაუხარდა, თუმცა ტექსტისა და ავტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილა. ფიქრობს, კონკურსის მისია უფრო პროცესების წახალისება და ახალი სახელების აღმოჩენაა; ისიც, რომ უფრო მეტად დაფასდა მთარგმნელის პროფესია. ლიტერატურული პროცესის კიდევ ერთი რგოლი მკითხველია, ვისთვისაც ეს ყველაფერი იქმნება. მომცრო, იოლად საკითხავ წიგნებთან საქმე შედარებით უკეთაა, მასშტაბურ ტექსტებს კი სხვა ტიპის, კარგად მომზადებული მკითხველი სჭირდება. ლელა დუმბაძე: „ჩვენს დროში ძნელია, ადამიანს წიგნების კითხვა მოსთხოვო, მით უფრო, სქელტანიანის. თანამედროვე მკითხველი უფრთხის სქელტანიან წიგნს, აშინებს გვერდების რაოდენობა. თუ ამ შიშს გადალახავ და საკითხავს მიჰყვები, უკეთესს ვერაფერს იზამ. სამწუხაროდ, ბევრს საამისო დროც არა აქვს. გასული საუკუნის 50-იან წლებში სელინჯერმა თავის ერთ მოთხრობას დაახლოებით ასეთი ფრაზა წაუმძღვარა: იმ ფორიაქსა და გადარბენ–გადმორბენაში, რასაც ჩვენი ყოფა წარმოადგენს, თუ ადამიანი მოახერხებს და დრო და დრო თუნდაც ნაწყვეტებს გადაიკითხავს ჩემი ნაწარმოებებიდან, უზომოდ მადლიერი ვიქნებიო. ასეთ ეპოქაში ვცხოვრობთ – ფუფუნება გახდა კითხვა, მათ შორის, მთარგმნელისთვისაც. საბედნიეროდ, ისეთებიც ბევრნი არიან, ვინც, ყველაფრის მიუხედავად, კითხულობს. სწორედ ისინი გადაარჩენენ ლიტერატურას“. © არილი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა