Jump to content
×
×
  • Create New...

მწვავე (ანტიქოცური) შეფასებების ქრონიკა ევროპიდან და ამერიკიდან


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მწვავე შეფასებების ქრონიკა - ამერიკიდან, ევროპიდან

27 იანვარი, 2020
 

დეკემბრის დასაწყისიდან სულ უფრო მზარდი და მასშტაბური გახდა ამერიკელებისა თუ ევროპელების კრიტიკა „ქართული ოცნების“ მისამართით. წერილები ძირითადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე იგზავნება.

10 მარტი

სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი

კმაყოფილება მიღწეული შეთანხმებით და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებულების გათავისუფლების მოლოდინი - აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თავმოყრილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი ჯეიმს რიშისა და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის ლიდერის, დემოკრატ ჯინ შაჰინის შეფასებები.

„შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის სრულად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე... შექებას იმსახურებს ყველა მხარე ძნელი კომპრომისებისთვის, რომლებიც საჭიროა საქართველოს დემოკრატიის წინ წასაწევად... გარდა ამისა, მივესალმები კვირის შეთანხმებულ ერთობლივ განცხადებაში ასახულ დაპირებას, გაუმკლავდნენ „ქმედებებს, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესებისთვის შეუსაბამო პოლიტიზება“ და მოველი, რომ აუცილებლად გათავისუფლდებიან პოლიტიკური მოტივაციით დაკავებულებს“, - განაცხადა ჯეიმს რიშმა.

„2012 წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, როგორ გულმოდგინედ მუშაობს საქართველო დემოკრატიული გარდაქმნაზე და ამ მიზნის ჭრილში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ბოლო რვა წლის განმავლობაში. ასევე ვაფასებ, რომ საქართველო ყურადღებას აქცევს ჩემი და სენატორ რიშის შეშფოთებას სამოქალაქო ჩართულობისა და ქართველი ხალხის ხმების პატივისცემასთან დაკავშირებით, რაც დემოკრატიული საზოგადოების ძირითად პრინციპს წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს ამ გზით სიარულს და შეინარჩუნებს ერთგულებას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ“, - აღნიშნავს სენატორი ჯინ შაჰინი.


ტექსტის აქცენტები:

მიღწეული შეთანხმება უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის განვითარებისთვის და კარგი მმართველობისთვის საქართველოში; შეთანხმება შეამცირებს პოლიტიკურ დაძაბულობას; საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის მანამდე გაგზავნილ წერილში სენატორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად; უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებული ცვლილებები მხარეებმა სწრაფად განახორციელონ; საქართველომ უნდა შეინარჩუნოს დემოკრატიის განვითარების ძალისხმევა და პროგრესი, რაც მან მან 2012 წლის შემდეგ აჩვენა; არის მოლოდინი, რომ შესრულდება მხარეთა ერთობლივ განცხადებაში ასახული დაპირება და გათავისუფლდებიან პოლიტიკური მოტივაციით დაკავებული პირები.

 

8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით გამართულ შეხვედრაზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმების გარდა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზების აღკვეთას ისახავს მიზნად. ტექსტში გვარები არ არის ნახსენები, მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ განცხადების ჭრილში ხელისუფლებამ ოთხი დაკავებულის გათავისუფლების პირობა დადო. ხელისუფლება ასეთ დაპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

11 თებერვალი

რესპუბლიკელი კონგრესმენი - რენდი ვებერი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რენდი ვებერმა ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება და 4 თებერვლით დათარიღებული ღია წერილი, რომლის ადრესატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. კონგრესმენი თავის განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რეფორმების შეფერხებისა და ამერიკული ინვესტიციებისთვის კლიმატის გაუარესების გამო.

 
 

ტექსტის აქცენტები:

კონგრესმენების მზარდი ორპარტიული შეშფოთება დემოკრატიული ფასეულობებიდან უკუსვლისა და ეკონომიკური კეთილდღეობის შესუსტების გამო; უარის თქმა დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე; შემაშფოთებელი ცნობები მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის შესახებ; პოლიტიკური ოპონენტების გაუმართლებელი დევნა და შევიწროება; მედიის წარმომადგენლების, საერთაშორისო და ამერიკული კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გაუმართლებელი შევიწროება; ევროპული და ამერიკული კომპანიების შევიწროება როგორც საფუძველი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირებისა; „ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“ სახიფათო სიტუაციის სწრაფად შეცვლის აუცილებლობა. წერილში ევროპული და ამერიკული ბიზნესის შევიწროების მაგალითად მოყვანილია კომპანია „ფრონტერა". ასევე, საუბარია ამერიკული კომპანიის, ფეისბუკის გადაწყვეტილებაზე, გაეუქმებინა საქართველოს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ათეულობით ყალბი გვერდი და ანგარიში. ხაზგასმულია, რომ გაუქმებული ანგარიშები აღვივებდნენ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განწყობებს. კონგრესმენი ვებერი პრემიერ გახარიას აფრთხილებს, რომ პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, აშშ-ში საქართველოს უარყოფითად და სიფრთხილით უყურებენ.

 

 

11 თებერვალი

რესპუბლიკელი სენატორი - ჯეიმს რიში

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯეიმს რიშმა იმედგაცრუება გამოხატა ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტთან დაკავშირებით. მწვავედ კრიტიკული განცხადება ტვიტერის საშუალებით გავრცელდა.

 
 

ტექსტის აქცენტები:

„საქართველომ არჩია - გაზარდოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროება“; „სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა". სენატორი ტექსტში აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან და ოპოზიციონერების დევნასთან დაკავშირებით ის მანამდე (უგულავას დაკავებამდე) ვაშინგტონში ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. 29 იანვარს, სენატორმა რიშმა, სენატორ შაჰინთან ერთად, კრიტიკული ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. სხვა საკითხებთან ერთად, ტექსტში ლაპარაკი იყო ოპოზიციონერი ლიდერების მიზანში ამოღებაზე.

 

 

10 თებერვალი

რესპუბლიკელი კონრესმენი - ადამ კინზინგერი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ადამ კინზინგერმა თავისი მორიგი განცხადება ტვიტერის საშუალებით გამოაქვეყნა. ის ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება.

 

ტექსტის აქცენტები:

38-თვიანი პატიმრობის მისჯა ძველი დანაშაულისთვის, როდესაც სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილია; ამ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვა არასაკმარისია; "სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის".

ადამ კინზინგერის ეს განცხადება სწრაფად მოჰყვა მის მიერ ასევე ტვიტერის საშუალებით გამოქვეყნებულ ტექსტს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის პროდუქტიულობას შეეხებოდა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა კინზინგერმა ამავე ტექსტში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მოქალაქეები უნდა ენდობოდნენ მართლმსაჯულების სისტემის სამართლიანობას და დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ეს სისტემა არის დამოუკიდებელი, სამართლიანი ყველას მიმართ და ის არ მოქმედებს პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით.

 

 

გამოხმაურება:

მამუკა მდინარაძე: გიგი უგულავას სასჯელზე პრეტენზიები სტრასბურგში უნდა იქნას განხილული.

29 იანვარი

სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავენ.
 

ტექსტის მთავარი აქცენტები:

შეშფოთება ბოლო მოვლენებით, რომლებიც ქართული დემოკრატიის და სახელმწიფო მმართველობის შესუსტებაზე მიუთითებს; შეშფოთების მიზეზი: პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დაპირების არშესრულება; შეშფოთების მიზეზი: მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა - დემოკრატიული უფლებებისა და მთავრობის მიერ თავისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევა; ოპოზიციის ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მეთოდებით - საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის დამატებითი მტკიცებულება; ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების ხელახლა გახსნა; კიდევ ერთი შემაშფოთებელი საკითხი: ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა; უზენაეს სასამართლოში პოლიტიკური მოკავშირეების დანიშვნა, მიუკერძოებელი და დიდი გამოცდილების მქონე მოსამართლეების ნაცვლად; რეგიონში რუსეთის გავლენების ზრდის საფრთხე რეფორმების შეფერხებისა და საქართველოს შიდა დაპირისპირების ფონზე; ვითარების სწრაფად გამოსწორებისა და ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირების შესრულების აუცილებლობა.



სენატორები არ გამორიცხავენ, რომ, თუკი საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე არ იზრუნებს, აშშ-ს შესაძლოა მოუწიოს საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვა.

 

გამოხმაურება:

გიორგი გახარია: ვიქნებით ობიექტურები იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ჟრიამულს ვტეხავთ

თეა წულუკიანი: ამერიკელი კანონმდებლების წერილებში "გასაკვირ ნაწილებია"

28 იანვარი

რესპუბლიკელი კონგრესმენი - პიტ ოლსონი

კონგრესმენი ოლსონი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ამჯერად კრიტიკის მთავარი ადრესატია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

 

ტექსტის აქცენტები:

ბიძინა ივანიშვილის შედარება ცნობილი საბავშვო შოუს, "სეზამის ქუჩის" ერთ-ერთ პერსონაჟ თოჯინასთან - ოსკართან ; ივანიშვილის დახასიათება: ის არის „მარიონეტი, რომელიც ანადგურებს საკუთარ სახლს“, ის არის „ვლადიმირ პუტინის თოჯინა“; ქართველი ხალხის სურვილი წერტილი დაუსვას კორუფციასა და რუსეთის გავლენას თავის ქვეყანაში; ივანიშვილის მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განადგურება და შეტევა ინვესტიციებზე საქართველოში; ამერიკული ენერგოკომპანია „ფრონტერას“ დავა საქართველოს მთავრობასთან; ვლადიმირ პუტინის კმაყოფილება საქართველოში ნავთობის გაკონტროლების გამო; საქართველოს თავისუფლებისთვის ხმის ამაღლების საჭიროება.

მანამდე, 23 იანვარს, პიტ ოლსონი შეუერთდა სხვა კონგრესმენებს საქართველოს ხელისუფლების გაკრიტიკების პროცესში.

 

 

გამოხმაურება:

გიორგი გახარია: სტრატეგიულ პარტნიორებს შორის წერილებით ურთიერთობა არ უნდა მიმდინარეობდეს

კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და ასეთი განცხადებები

23 იანვარი

რესპუბლიკელი კონგრესმენი - ბრაიან ბაბინი

წერილის ადრესატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. კონგრესმენმა ტექსტი ტვიტერის საშუალებით გამოაქვეყნა.

 

ტექსტის აქცენტები:

საქართველოში გადავადებული რეფორმები; ამერიკული ინვესტიციებისთვის გაუარესებული კლიმატი საქართველოში; მზარდი შეშფოთება დემოკრატიული ფასეულობებისგან უკუსვლის გამო; შემაშფოთებელი ცნობები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე; უარყოფითი ტენდენცია საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფალი ეკონომიკის ინდიკატორებში; აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის მიზნები; საქართველოში ვითარების შეცვლისთვის სწრაფად რეაგირების იმედი.

 

 

23 იანვარი

რესპუბლიკელი კონგრესმენი - პიტ ოლსონი

კონგრესმენმა ოლსონმა თავისი დამოკიდებულება 23 იანვარს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოხატა და ასე შეუერთდა კონგრესმენ კინზინგერის მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებული წერილის ტექსტს.

 

ტექსტის აქცენტები:

საქართველოს კორუმპირებული მთავრობის თავდასხმა დემოკრატიულ ფასეულობებზე; სისასტიკე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ; ანტაგონიზმი აშშ-ის ინვესტიციების მიმართ; „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“

21 იანვარი

კონგრესმენების ორპარტიული წერილი - ადამ კინზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი, მაიკლ მაკკოლი

წერილის ადრესატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. წერილი კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ტვიტერზე დააანონსა და შემდეგ, ტექსტი საქართველოს მთავრობამაც გამოაქვეყნა.

ტექსტის აქცენტები:

შეშფოთება დაპირებული დემოკრატიული რეფორმების არშესრულებაზე და ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ; განგაში - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო; ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროება საქართველოში; არაკეთილმოსურნე ბიზნესგარემო; უცხოური ინვესტიციების შემცირების კვალდაკვალ რეგიონში ვლადიმირ პუტინის გავლენის გაძლიერების საფრთხე; „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ანგარიშების ფართო ქსელი ფეისბუკში; შემაშფოთებელი ცნობები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძველი საქმეების აღძვრის გამო; ვითარების შეცვლის აუცილებლობა.



21 იანვარი

ევროპარლამენტარების შეფასებები

21 იანვარს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპელმა დეპუტატებმა მწვავედ გააკრიტიკეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება.

ევროპარლამენტარების ძირითადი აქცენტები:

აუცილებელია არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული დაპირების შესრულება; აღქმაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა კულუარებში მოქმედებით ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები; თუკი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დიალოგი შედეგს არ გამოიღებს, დაზარალდება საერთაშორისო ნდობა 2020 წლის არჩევნების მიმართ; ძველი საქმეებისთვის ოპოზიციურ პარტიათა ლიდერების გასამართლება პოლიტიკური დევნის ეჭვებს აღძრავს; ევროკავშირისკენ მიმავალ, დემოკრატიულ ქვეყნაში პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ; მიუღებელია თავდასხმა ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე.

გამომსვლელთა შორის იყვნენ ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები და მათ შორის იყო „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიც“ - სწორედ ის პოლიტიკური ოჯახი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიეკუთვნება.



13 იანვარი

რესპუბლიკელი კონგრესმენი - მარკვეინ მალინი

13 იანვრით დათარიღებული ღია წერილი კონგრესმენმა 16 იანვარს ტვიტერზე გამოაქვეყნა წერილის ადრესატია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია.

ტექსტის აქცენტები:

„განგრძობადი გადახვევა“ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან; გაუარესებული ბიზნესკლიმატი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის; განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში; ამერიკული და ევროპული ინტერესების შევიწროება; „ფეისბუკის“ მიერ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროსახელისუფლებო გვერდების დაბლოკვა.


სწორედ მარკვეინ მაილინის მიერ არის ინიცირებული კანონპროექტი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში. ის ითვალისწინებს არაერთი სახის სანქციას როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთავრობის ყოფილი ან მოქმედი წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მხილებული იქნებიან ამერიკელი ბიზნესმენების შევიწროებაში.

19 დეკემბერი (გამოქვეყნდა 25 იანვარს)

სენატორ როჯერ ვიკერის წერილი

2019 წლის 19 დეკემბერს სენატორმა როჯერ ვიკერმა (აშშ-ის სენატის კომერციის, მეცნიერების და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ) წერილი მისწერა პრემიერ გიორგი გახარიას.

მთავრობის ადმინისტრაციას ეს წერილი არ გამოუქვეყნებია.
წერილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25 იანვარს გაასაჯაროვა.

ტექსტის აქცენტები:

შეშფოთება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დაპირების არშესრულების გამო; ნდობის შელახვა მომავალი არჩევნების მიმართ; არჩევნების ლეგიტიმურობის გამოწვევები; პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის დევნის აღქმა; ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით გაღრმავებული შეშფოთება ოპოზიციის ლიდერების სასამართლო საქმეების კონტექსტში; 14 მოსამართლის უვადოდ გამწესების საეჭვო პროცესი; სიტუაციის დაუყოვნებლივ გამოსწორების აუცილებლობა.



13 დეკემბერი

კონგრესმენების ორპარტიული წერილი - ადამ კინზინგერი, ჯერალდ კონოლი

წერილის ადრესატია საქართველოს პრემიერი-მინისტრი, გიორგი გახარია. ტექსტი 16 დეკემბერს ტვიტერზე გამოაქვეყნა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა.

 

ტექსტის აქცენტები:

შოკისმომგვრელი ცნობა - პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებების ჩავარდნა; საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობის შესრულების აუცილებლობა; საქართველოს მოქალაქეების სურვილი - ჰყავდეთ მთავრობა „ხალხისგან, ხალხისთვის, და ხალხის“, რომელიც „უფრო მეტადაა დაახლოებული დასავლეთთან“; შემაძრწუნებელი ცნობები - ხელისუფლების ძალადობა მომიტინგეებზე; ვითარების გამოსწორების იმედი.

8-10 დეკემბერი

შეფასებები ევრონესტის ფარგლებში

8-10 დეკემბერს თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიურ სესიას მასპინძლობდა. "ქართული ოცნების" მიმართ მწვავე შეფასებები საზოგადოებამ თბილისში ჩამოსული ევროპარლამეტარებისგან სხვადასხვა ფორმატში მოისმინა.



ტექსტის აქცენტები:

პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული დაპირების არშესრულებით დაიკარგა ნდობა 2020 წლის არჩევნების მიმართ; აუცილებელია მოსამართლეების არჩევა სამართლიანი სისტემით; ხალხს აქვს უფლება დემოკრატია დაიცვას ქუჩის აქციებზე; საქართველოში არიან პოლიტიკური აქტივობის გამო დაკავებული და გასამართლებული პირები; პოლიტიკური დევნა შეუსაბამოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან.

 
Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

მწვავე შეფასებების ქრონიკა ამერიკიდან და ევროპიდან - მეორე ტალღა | განახლებადი

1 მარტი, 2021
 

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმს და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას მყისიერი მწვავე განცხადებები მოჰყვა ამერიკისა და ევროპის დედაქალაქებიდან. აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ მელიას დაკავებას “წარმოუდგენლად ჩლუნგი” სვლა უწოდა; მომხდარმა შეაძრწუნა საქართველოში აშშ-ის საელჩო, შოკი მოჰგვარა ბრიტანეთის ელჩს, საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური გზიდან უკუსვლაზე, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აალაპარაკა ევროპარლამენტარები. კრიტიკის მეორე ტალღა გაცილებით ძლიერი და მასშტაბურია, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც წერილებსა და განცხადებებს დასავლეთიდან საბოლოოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი, საარჩევნო სისტემაზე 8 მარტის შეთანხმება და პოლიტიკური ლიდერების ციხიდან გათავისუფლება მოჰყვა.

1 მარტს, საღამოს 8 საათზე, საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით, ოპოზიციასა და ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, ორბელიანების სასახლეში. რა მოჰყვება შედეგად მელიას დაჭერას, მასზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების რეაგირებას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივას?

აქ თავს ვუყრით ძირითად განცხადებებს, მთავარი მესიჯებს და “ოცნების” პასუხებს.

23 თებერვალი

აშშ-ის საელჩო საქართველოში

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ამერიკის საელჩო ნიკა მელიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე".

ტექსტის მთავარი აქცენტები:

ღრმა შეშფოთება მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დაეკავებინა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პარტიის სათავო ოფისში; წუხილი იმის გამო, რომ უგულებელყოფილ იქნა შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგის გაგრძელების შესახებ; შეძრწუნება საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.

„ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე - ადამ კინზინგერი

 

კონგრესმენმა ტვიტერზე დაწერა, რომ პირდაპირ ეთერში ნახა ენმ-ის ოფისზე მიტანილი შტურმი და ნიკა მელიას დაკავება. ადამ კინზინგერი კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთ-ერთი სპონსორია. „ჩვენ ახლახან წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი კანონი... ეს არ არის ავტომატური პროცესი… ეს არის საქართველოს ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯი. დაძაბული სიტუაციის გათვალისწინებით მოვუწოდებ ხელისუფლებას თავი შეიკავოს ამ დრამატული ქმედებისგან. ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით“ - დაწერა ადამ კინზინგერმა.

 

კინზინგერმა ასევე გააზიარა აშშ-ის საელჩოს განცხადება და დაწერა, რომ ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ “წარმოუდგენლად ჩლუნგი” სვლა გააკეთა. მან 23 თებერვალს საქართველოს დემოკრატიისთვის სევდიანი დღე უწოდა.

 

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ჟიგიმანტას პავილიონისი

„მოდით, გავიღვიძოთ! მოდით, დავრეკოთ ზარები და რეაგირება მოვახდინოთ“ –23 თებერვალს, დილით, ტვიტერზე დაწერა ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოს, ლიეტუვის პარლამენტის წარმომადგენელმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება ძვირად უნდა დაუჯდეთ.

 

ტექსტის მთავარი აქცენტები:

პროცესი მიანიშნებს ხელისუფლების დასასრულზე; დემოკრატია დარტყმის ქვეშაა; ოპონენტების წინააღმდეგ გაზის გამოყენება და ძალადობა პუტინის რუსეთისთვის არის დამახასიათებელი; ივანიშვილის რეჟიმმა საფასური უნდა გადაიხადოს; ბოლშევიკების საქართველოში შეჭრის 100 წლის თავზე, საქართველოს ხელისუფლება სასტიკად უპირისპირდება ოპოზიციის მშვიდობიან პროტესტს და აპატიმრებს ოპოზიციონერ ლიდერს, ნიკა მელიას. ჟიგიმანტას პავილიონისი წარსულში ლიეტუვის ელჩი იყო აშშ-ში. მელიას დაკავებამდე, კრიზისის განმუხტვის მიზნით, ის სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში (20-21 თებერვალს) და შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.



 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პავილიონისს „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი უწოდეს და მიკერძოებაში დასდეს ბრალი. ახალმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 თებერვალს საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ლიეტუველი პარლამენტარი მისთვის და „ქართული ოცნების“ გუნდისთვის უბრალოდ არაფერს ნიშნავს. ოცნების დეპუტატებმა პრემიერის განცხადებას ტაში დაუკრეს.

 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში - კარლ ჰარცელი
„ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება“ - წერია ევროკავშირის საელჩოს მიერ კარლ ჰარცელის სახელით ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ელჩი მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, იმოქმედოს „ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად“ და უარი არ ითქვას „საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე“.


 

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - მარკ კლეიტონი
“შოკირებული ვარ“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ელჩი ტვიტერზე ნიკა მელიას დაკავების ფაქტს და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. „საქართველოს ძალადობის და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებად სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს , იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში” - დაწერა ელჩმა 23 თებერვალს. მან განცხადება ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა.

შოკირებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. საქართველოს ძალადობისა და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებ სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს თავშეკავებულად იმოქმედონ ახლა და მომდევნო დღეებში.

https://t.co/8hlupMnfQf

 

— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) February 23, 2021

● აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში - იან კელი:
ნიკა მელიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით იან კელიმ ტვიტერის საშუალებით რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა. „ძალიან სევდიანი დღე“ - წერდა ის პირველ პოსტში, როცა შს სამინისტროს ძალები ჯერ კიდევ ემზადებოდნენ ენმ-ის ოფისზე შტურმისთვის.

 

სხვა განცხადებაში იან კელი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერის მობილიზაციისკენ, ხოლო ხელისუფლებას - მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს:


„საქართველოს დემოკრატიის ყველა მეგობარი უნდა დადგეს მათ გარშემო, ვინც ახლა მას (დემოკრატიას) იცავს. ხელისუფლებამ უნდა განმუხტოს ვითარება და გაათავისუფლოს მელია“.

 

 

● აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში - უილიამ კორტნი
უილამ კორტნი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ღარიბაშვილმა პოლიტიკურ ოპოზიციას “ტერორისტები” უწოდა. “ეს ნიშნავს, რომ მას საერთოდ არ აქვს თანაბარზომიერების შეგრძნება. ის თუ პრემიერის პოსტზე დარჩება და ოპოზიციის ლიდერი, მელია საკანში - დასავლეთის მხარდაჭერა შესაძლოა შემცირდეს, რის გამოც საქართველო გარე ზეწოლას უფრო დაექვემდებარება” დაწერა ტვიტერზე საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა.

 

● აშშ-ის ყოფილი ელჩის რუსეთში - მაიკლ მაკფოლი
მაიკ მაკფოლმა მელიას დაპატიმრება შეადარა მიანმარში მომხდარ სამხედრო გადატრიალებასა და რუსეთში ნავალნის დაჭერას და ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ტესტი უწოდა. “ბაიდენმა პირობა დადო რომ დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შეუწყობდა ხელს. ახლა დროა ეს სიტყვები საქმედ აქციოს. ბაიდენი იცნობს საქართველოს, მე მასთან ერთად ვიმოგზაურე საქართველოში 2009 წელს. მას შეუძლია იქ გავლენის მოხდენა” - დაწერა მაკფოლმა.

 

● ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი გენერალი ბენ ჰოჯესი:
ტვიტერზე საქართველოდან ამბების გაზიარებითა და რამდენიმე კომენტარით გამოეხმაურა ბენ ჰოჯესი 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს.
“უდიდესი ნაბიჯი უკან საქართველოსთვის. ამით მხოლოდ კრემლი, ბ-ნი ბიძინა და მისი წამქეზებლების ახლო წრე სარგებლობს. ამაში კარგი არაფერია ქართველებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს ბაიდენი მკაცრად უპასუხებს. კრემლი აკვირდება” - დაწერა ბენ ჰოჯესმა.

 

● ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - ჯეიმს აპატურაი:
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯეიმს აპატურაიმ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ნატო ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ალიანსი ელის „რომ საქართველო - ახლო პარტნიორი და ასპირანტი - შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლებზეც ძალიან ბევრი იმუშავა“.
● აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიკსი, კომიტეტის მაღალჩინოსანი წევრი, მაიკლ მაკკოლი და „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფის თანათავმჯდომარეები - ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი:

ერთობლივ განცხადებაში დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მოახდინოს ვითარების დეესკალაცია და ითანამშრომლოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან „რათა დააბრუნოს საქართველო ჯანსაღი დემოკრატიული მომავლის კალაპოტში“.

ტექსტის მთავარი აქცენტები: გადამეტებული ძალისა და არადემოკრატიული ქმედებების გამო, სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა ქართველი ხალხის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მძიმე სამუშაო უფრო ძლიერი და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად; ოპოზიციურ პარტიებთან მუშაობაში განცდილი მარცხი ხელს შეუშლის პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

 

● აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, სენატორი როჯერ ვიკერი:

სენატორმა ვიკერმა ნიკა მელიას დაკავებას არასწორი უწოდა და ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო მოწოდებები - შეამცირონ დამაზიანებელი რიტორიკა… დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გახდეს უპირატესი.

 
 

● აშშ-ის ჰელსინკის კომისია:

ერთობლივ განცხადებაში ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობამ , სენატორებმა როჯერ ვიკერმა და ბენ კარდინმა; კონგრესმენებმა ალსი ჰასტინგსმა და ჯო უილსონმა ხაზი გაუსვეს, რომ ”როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფო, საქართველო ვალდებულებას იღებს დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა”

განცხადების მთავარი აქცენტები:

“დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის შტაბის შტურმი და მისი ლიდერის თვითნებური დაკავება არ შეესაბამება დემოკრატიულ პროგრესს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და დაუბრუნდეს დიალოგს, უარი თქვას აგრესიაზე. ”

● ევროპის სახალხო პარტია- EPP

ევროპარლამენტის ერთ-ერთი უდიდესი ფრაქციის „სახალხო პარტიის“ (EPP) განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოსავლისა და კომპრომისის ძიების ნაცვლად, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებაზე წავიდა.

განცხადების მთავარი აქცენტები: ნიკა მელიას დაკავება და უდიდესი ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმაა; პოლიტიკური ოპონენტების დევნა უნდა შეჩერდეს. სიტუაციის სწრაფი განმუხტვაა საჭირო. ახალი, დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს სიტუაციიდან გამოსავალი.

 

 

● ევროპის პარლამენტის ფრაქცია „ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) თავმჯდომარე, ჰანს ვან ბაალენი

ALDE-ს თავმჯდომარის განცხადებაში წერია, რომ „პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივება და მოწინააღმდეგეთა ხმების ჩახშობა სრულიად არ არის ის გამოსავალი, რომელსაც იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები“.
განცხადების მთავარი აქცენტები:

მოვუწოდებთ "ქართული ოცნებას" შეუერთდეს ოპოზიციას და ითანამშრომლონ ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად და მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც, ამ კვირის ბოლოს შეიკრიბებიან, გაგზავნონ იგივე ძლიერი მესიჯი. 22 თებერვალს ღარიბაშვილისადმი გაგზავნილ ღია წერილშიც ჰანს ვან ბაალენი საქართველოში მას „თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდა და წერდა რომ, „როგორც არასდროს“, ისეა საჭირო არჩევნების შემდგომი კრიზისის პრაქტიკული მოგვარება დიალოგის გზით, და „არა შემდგომი სადამსჯელო ნაბიჯების განხორციელებით ოპოზიციის წარმომადგენელთა წინააღმდეგ“.

● ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა), ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტი), მარკეტა გრეგოროვა (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, ჩეხეთის რესპუბლიკა), ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი (კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი, პოლონეთი), ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, გერმანია) და მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია).

ექვსმა ევროპარლამენტარმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს საქართველოში გამომგზავრებამდე მიმართა. მიშელი საქართველოს 1 მარტს ეწვევა.

მიმართვის მთავარი აქცენტები:
 

ევროკავშირი ვერ უგულებელყოფს არსებულ სიტუაციას, როდესაც ძალადობა, რევანშიზმი და ომის ზღვარზე ბალანსირების პოლიტიკა დომინანტურ ტენდენციად იქცა… პოლიტიკური კრიზისი ქმნის რისკს, რომ საქართველომ გადაუხვიოს რეფორმების კურსს, როგორც ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს პარტიებს შორის დიალოგის დაუყონებლივ განახლება მოსთხოვოს, რასაც, მათი თქმით, ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შექმნის თაობაზე კონკრეტული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება უნდა მოჰყვეს. წერილი ერთ-ერთმა ხელმომწერმა ვიოლა ფონ კრამონმა გამოაქვეყნა:

 

● ჩეხი ევროპარლამენტარი - მარკეტკა გრეგოროვა:
მწვანეებისა და ევროპული თავისუფალი ალიანსის“ (Greens/EFA) წევრმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, რომელმაც ხელი მოაწერა მიშელისადმი მიმართვას, საკუთარ განცხადებაში ნიკა მელიას დაკავებას „აბსოლუტური იმედგაცრუება“ უწოდა. მან მიუთითა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზეც.

 

ჩეხი ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ.

ტექსტის მთავარი აქცენტები: ოპოზიციის ლიდერის დაკავება წარმოადგენს აისბერგის წვერს ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლის პროცესში; პოლიტპატიმრების რაოდენობის ზრდა არ არის ის გზა, რომელიც ევროპისკენ სვლას ეხმარება.

 

● აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯეიკ სალივანი

 

● აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი - ნედ პრაისი:
23 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ნედ პრაისმა გაახმოვანა ვაშინგტონის „ღრმა შეშფოთება“ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებისა და საქართველოში შექმნილი კრიზისის გამო. ტექსტის მთავარი აქცენტები: პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა, ძალადობა და აგრესია არ არის გამოსავალი საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების დასაძლევად; ყველა მხარემ უნდა შეიკავოს თავი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება პროცესების კიდევ უფრო მეტად გამწვავება გამოიწვიოს; მხარეები უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებებში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.



 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს არ უკვირს, რომ „საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა შესაძლოა დასავლურ სტანდარტებს დააშოროს“, 23 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მან ამ კონტექსტში განმარტა, რომ მელიას დაკავება სახელმწიფოს ღირსების დაცვით ნაკარნახები გარდაუვალი ნაბიჯი იყო და ეს საერთაშორისო პარტნიორებსაც უნდა ესმოდეთ:
„პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა, სწორედ რომ, სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის... პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში“.

 

 

 

 

24 თებერვალი

● აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი მაღალჩინოსანი წევრი - ჯიმ რიში, სენატის ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე - ჯინ შაჰინი, წარმომადგენელთა პალატაში „საქართველოს მეგობართა“ ჯგუფის რესპუბლიკელი თანათავმჯდომარე - ადამ კინზინგერი და ამავე ჯგუფის დემოკრატი თანათავმჯდომარე - ჯერი კონოლი:

 

ამერიკელმა კანონმდებლებმა ერთობლივ განცხადებაში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ენმ-ის ოფისზე განხორციელებული რეიდის გამო. ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის - ბატონი მელია და გიორგი რურუა“.

ტექტის ძირითადი აქცენტები:

„საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს კორუფციულად გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების განსახორციელებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც დარჩა საქართველოს დემოკრატიისგან და მის ევროატლანტიკური გზას". კონგრესმენები და სენატორები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ პროვოკაციები ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს.

 

● აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი - კრის სოჩა:

კრის სოჩა ამბობს რომ ვაშინგტონი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დაწყებულია მსჯელობა სანქციების დაწესების შესახებაც. „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ მიერ ორგანიზებული ონლაინ-დისკუსიის ფარგლებში, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა ილაპარაკა როგორც „პირობითი დახმარების“ (Сonditional assistance), ასევე ინდივიდუალური სანქციების შესაძლებლობების შესახებაც. მან ექსპრემიერი და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ახსენა.

 

„პოტენციური სანქციების შესახებ მსჯელობენ როგორც წამომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში... ეს არის მაგალითად აქტივების დაყადაღება, თუკი ვინმეს აქვს აშშ-ში. ხაზინის დეპარტამენტსა და სხვა სტრუქტურებს აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა. მეორე მხარეა - მოგზაურობა. თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მაგრამ მისი შვილები აკეთებენ ამას. შარშან იყო გარკვეული საუბრები იმის შესახებ, ხომ არ დაწესდეს სანქციები მისი შვილებისთვის აშშ-ში მოგზაურობისა და სწავლის შესაძლებლობის შეზღუდვის კუთხით. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი. .. საქართველოში ასევე არიან მასთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესში. ასევე შეიძლება დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ“.

 

„პოტენციური სანქციების შესახებ მსჯელობენ როგორც წამომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში... ეს არის მაგალითად აქტივების დაყადაღება, თუკი ვინმეს აქვს აშშ-ში. ხაზინის დეპარტამენტსა და სხვა სტრუქტურებს აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა. მეორე მხარეა - მოგზაურობა. თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მაგრამ მისი შვილები აკეთებენ ამას. შარშან იყო გარკვეული საუბრები იმის შესახებ, ხომ არ დაწესდეს სანქციები მისი შვილებისთვის აშშ-ში მოგზაურობისა და სწავლის შესაძლებლობის შეზღუდვის კუთხით. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი. .. საქართველოში ასევე არიან მასთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც არიან ჩართული პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესში. ასევე შეიძლება დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ“.

● ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ჟიგიმანტას პავილიონისი
ჟიგიმანტას პავილიონისი აუცილებლად მიიჩნევს სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგანაც სწორედ მას განიხილავს მთავარ ძალად საქართველოში მიმდინარე პრობლემურ პროცესებში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
„ჩვენ სანქციები უნდა დავუწესოთ მხოლოდ ერთ კაცს, რომელიც ყველაფერს მართავს... 8 მარტის შეთანხმებამდე ჩვენ ვფიქრობდით ამის შესახებ იმ ცოდნაზე დაყრდნობით, რომ მთელი მისი ფული დასავლეთშია... გავაკეთოთ ეს. ვუთხრათ მას პირდაპირ - შენ ვერ შეძლებ გაანადგურო ეს მშვენიერი ქვეყანა, დემოკრატიის შუქურა და შენ ამას აკეთებ“ - განაცხადა ლიეტუველმა პარლამენტარმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა, რომელიც 24 თებერვალს ასევე მონაწილეობდა „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-დისკუსიაში.
პავილიონისი ამბობს ასევე, რომ: ნიკა მელიას დაკავება ერთი პარტიის მიერ მეორე პარტიის ლიდერის დაჭერაა და ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. ის „დრამატულს“ უწოდებს მის ბოლო ვიზიტს (20-21 თებერვალი) საქართველოში, როცა მან იგრძნო არაკონსტრუქციული განწყობა მთელი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან.
ის გაოგნებულია ლექსიკით, რომელიც მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან ოპოზიციასთან მიმართებით პირისპირ საუბრებში მოისმინა. ლიეტუველი პარლამენტარი ამბობს, რომ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ოჯახის წევრი პარტიისთვის - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „მაფიის“ წოდება შეურაცხმყოფელია, რადგან ამ ლოგიკით, მაფიოზი გამოდის, მაგალითად, ამავე პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

სანქციებზე საუბარს არასერიოზული უწოდეს ქართულ ოცნებაში:


 

„სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან პარტნიორების მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა“ - განაცხადა 25 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. საერთაშორისო პარტნიორების მწვავე გზავნილებს ის ოპოზიციის რადიკალურ ფრთას აბრალებს.
„მესმის, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა დღეს მაქსიმალურად ცდილობს დააზიანოს საკუთარი ქვეყნის იმიჯი, მაქსიმალურად ცდილობს ხელისუფლებას მიაყენოს ჩრდილი, მათ შორის, პარტნიორებთან, თუმცა მერწმუნეთ, რომ დასავლური საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ არ არის ის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ რომელიმე ოპოზიციონერის წერილებს ეყრდნობა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია. მათ ჰქონდათ კითხვები და ჩვენ, მომდევნო დღეებშიც ინფორმაციას მივაწვდით“ - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
სანქციებს არც „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები მოელიან.

 

● საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტში უკვე დევს პირობა, რომ ამ თანხის გამოსაყოფად, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ. დახმარება უპირობოა, მაგალითად, უკრაინისთვის.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი კრის სოჩა 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის, ჯიმ რიშის დავალებით. ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ საკითხს მაშინაც წარმოადგენდა საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტებასთან დაკავშირებით. სოჩამ ხელისუფლებას გადასცა სენატორ რიშის მტკიცე გზავნილი, რომ „შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ ხელისუფლების ინსტიტუტებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ კონტროლისა და ბალანსის მექანიზმის გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას“.

 

● ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE):

„მართალია, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე პოლიციის რეიდმა და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ დაძაბულობის გაუმართლებელი ესკალაცია გამოიწვია ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში“ - აღნიშნავენ PACE -ს თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში - ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი).

ტექსტის მთავარი აქცენტები: საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ესკალაციისა და კონფრონტაციის ნაცვლად, საჭიროებს თავშეკავებას, დიალოგსა და კომპრომისს; პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ ვითარების დაძაბვისგან და განაახლონ დიალოგი კრიზისის დასაძლევად.

● პარტნიორების განცხადებებს მოზომილი და რბილი უწოდა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ:




 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები არასაკმარისად მკაცრია და რომ საქართველოში მომხდარი ამბავი მხოლოდ „ერთი შეხედვით“ არის შემაშფოთებელი. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 24 თებერვალს მიანიშნა, რომ მიკერძოების გამო მათთვის წონადი არ არის, მაგალითად, სენატორების - რიშისა და შაჰინის, ასევე კონგრესმენ კინზინგერის შეფასებები. „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დაკავებას კანონის უზენაესობითა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით ხსნის.

„ეს იყო კანონის და სამართლის აღსრულება, რასთან დაკავშირებითაც პრინციპული პოზიცია გვაქვს, გვექნება და გვქონდა - კანონის აღსრულება, რაც არ უნდა რეაქციები მოჰყვეს ამას, უალტერნატივოა. წარმოუდგენელია, რომ ვინმემ გვითხრას, რომ კანონი არ აღსრულდეს“ - განაცხადა მდინარაძემ.

 

25 თებერვალი

პრესსპიკერი ევროკავშირის სახელით აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავებით გაღრმავებული პოლიტიკური პოლარიზაცია „საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის“.

 

ტექსტის აქცენტები:

 

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გამონახონ საერთო ენა და გააძლიერონ სიტუაციის განმუხტვისკენ მიმართული ძალისხმევა; მმართველმა პარტიამ და მთავრობამ უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ინკლუზიური მართვა; ხელისუფლებამ პირველ ადგილზე უნდა დააყენოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები; სასამართლო სისტემა უნდა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული; ევროკავშირი მომავალშიც დიდი ყურადღებით დააკვირდება განვითარებულ მოვლენებს; გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.

 

ევროკავშირი აცხადებს, რომ მასთან პარტნიორობის გასაღრმავებლად საქართველოს ესაჭიროება პოლიტიკური სტაბილურობა, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა. ევროკავშირი მზად არის განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში.

 

26 თებერვალი

● ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე -პაველ ფიშერი, პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე -მარეკ კუხჩინსკი, ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესი, ესტონეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს- რიიგი კოგუს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე- მარკო მიხკელსონი, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ რიოტგენი და დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდატი.

 

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებულ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მიერ მხარდაჭერილ შეთანხმებას, რომელიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა 2020 წლის 8 მარტს.”



განცხადების მთავარი აქცენტები:
 

საქართველოს პოლიტიკურ ძალებისადმი მოწოდება „გაერთიანდნენ, რათა პოლიტიკური მოგვარების გზა გამონახონ პრობლემებისა, რომლებიც ბოლო წლებში გაჩნდა და არ მისდიონ ტაქტიკას, რომელსაც სხვები იყენებენ ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ… დესტაბილიზაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და გრძელდება დღემდე, ხაზს უსვამს მათ პირად პასუხისმგებლობას მთელი ქვეყნისთვის დამდგარი შედეგებისთვის, ვინც ხელისუფლებაშია და თავშეკავებას არ გამოიჩენს… საქართველოს, როგორც თავისუფალი წევრის ადგილი ევროპულ ოჯახში ეჭვგარეშეა, მაგრამ მას "საფრთხე შეექმნა ძალადობისა და თავისუფლებაზე თავდასხმის გამო“.


 
1 მარტი

ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტად ყოფნისას განაცხადა, რომ გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად საქართველოს პარტნიორები დროა, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდნენ.
მან ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ახლა და აქ მე მაწუხებს ძალიან ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოშია. არსებული პოლარიზაცია და კრიზისი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ მოიპოვა წლების განმავლობაში ეს დემოკრატია და მიღწევები და ეს ყველაფერი თქვენი პრემიერმინისტრობის პერიოდში და თქვენი კოლეგების ძალისხმევითაც და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და ასევე გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებისთვის და ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს... მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე. მე ვიმეორებ, რომ პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა“.

განცხადების ძირითადი აქცენტები: მოწოდება დეესკალაციისკენ, ძალების გაერთიანება იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. პროცესმა რამდენიმე საკითხი უნდა მოაგვაროს: სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო; საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობის გამოხატვა. კონკრეტული საქმეები უნდა იქნეს მოგვარებული. რეფორმებს დასჭირდება პრემიერ-მინისტრის ლიდერობა, ყოველმხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც საქართველოს მოუტანს კეთილდღეობას, დემოკრატიას და კიდევ უფრო ძლიერი პარტნიორობა შედგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის.



პრემიერი ღარიბაშვილი მიესალმა მიშელის წინადადებას: 
 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

იყოს ეს  რადიო თავისუფლების მასა ცალკე თემად. ზოგი ლინკი ცუდად მოაქვს და ადმინიდან ჭირდება მგონი გასწორება, მერე ვნახავ

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   266 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 264 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(4)
    • t-90
    • Googlebot(4)