Jump to content
×
×
  • Create New...

უძველესი ენქერი


Recommended Posts

  • ფორუმელი

მეცამეტე საუკუნე ქართული სახელმწიფოსთვის ურთულესი პერიოდის დასაწყისია. ჯერ ხორეზმის შაჰის, ჯალალედინის სისხლიანი ლაშქრობა, შემდეგ კი მონღოლთა შემოსევა და მათი რამდენიმესაუკუნოვანი სასტიკი ბატონობა.

მიუხედავად დამპყრობლების ულმობლობისა და მათი დაუნდობელი ბრძოლისა ქრისტიანობასთან, საქართველოში მაინც იქმნებოდა ხელოვნების შეუდარებელი ნიმუშები. ამის ნათელი მაგალითია XIII საუკუნით დათარიღებული ენქერი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის „შუა საუკუნეების საგანძურის“ გამოფენაზეა წარმოდგენილი.

ენქერი სრული სამღვდელმთავრო შესამოსელის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. XII საუკუნემდე მას მხოლოდ „ზეციური მღვდელმთავარნი“ – ეპისკოპოსები ატარებდნენ, მოგვიანებით კი მისი ტარების უფლება სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებსაც მიეცათ და დღეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენქერით მღვდლებსაც აჯილდოებენ და მათ „ენქეროსან მღვდლებად“ მოიხსენიებენ.

ამ სამღვდელმთავრო სამოსს წელზე სარტყლის შემორტყმის შემდეგ მარჯვენა მხარეს იკიდებენ ერთი მახვილი კუთხით. ენქერით შემოსვისას იოანე ოქროპირის სწავლების თანახმად იკითხება ლოცვა 44-ე ფსალმუნიდან, რომელიც საქტიტორო წარწერასთან ერთად ხშირად (როგორც კანონიკური წარწერა) ენქერს გარშემო მოსდევს. წარწერისა და მისი წელზე დაკიდების წესიდან გამომდინარე, ის ღვთის სიტყვაში გაცხადებული სულიერი მახვილის სიმბოლოა, რომლითაც დედამიწაზე მისი მატარებელი სასულიერო პირია აღჭურვილი.

ენქერის ოთხი კუთხე სიმბოლოა ოთხი მახარებლისა და ამიტომაც, ხშირად, მის ოთხ კუთხეში მახარებლები ან მათი სიმბოლური გამოსახულებებია წარმოდგენილი; ენქერი ამასთანავე სიმბოლოა იმ ტილოსი, რომლითაც მაცხოვარმა თავის მოსწავლეებს (12 მოციქულს) „ფერხთა ბანის“ შემდეგ ფეხი შეუმშრალა. თავად ეს ფაქტი უდიდესი სიმდაბლის მაგალითი იყო მოციქულთათვის. აქედან გამომდინარე, ენქერის მატარებელი სასულიერო პირი სულიერი მახვილის გარდა უდიდესი თავმდაბლობით უნდა იყოს აღჭურვილი.

ენქერის სამი კუთხე სამი ფუნჯითაა დამშვენებული, რომელთაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვთ – ლოცვისა და ლიტურგიის დროს სამჯერ დარეკილი ზარის სიმბოლოს განასახიერებენ და შეფარვით მიანიშნებენ მეორედ მოსვლის შესახებ, როდესაც სამყაროს აღსასრულის დროს ზარის ხმა მორწმუნეთ უფლის სადიდებლად შეკრებისაკენ მოუხმობს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ქსოვილების ფონდში დაცული ენქერების კოლექცია მდიდარი და საინტერესოა მათზე გამოსახული მრავალფეროვანი იკონოგრაფიული თემატიკით. ქრონოლოგიური დიაპაზონი კი XII-XIX საუკუნეებს მოიცავს. აქ წარმოდგენილ ნიმუშზე „ათორმეტ დღესასწაულთაგან“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, „ჯოჯოხეთის წარტყვევნაა“ გამოსახული. ენქერის ცენტრში რომბში ჩაწერილ ცისფერ მანდორლაში გამოსახულია მაცხოვარი ჯოჯოხეთის კარიბჭის დამთრგუნველი ჯვრით ხელში; მას „ამოჰყავს მართალნი“ – ადამი და ევა. სიმბოლურად ამ კომპოზიციაში ბიბლიურ, ქრისტიანობამდელ მართალთა დახსნასთან ერთად მაცხოვრის „აღდგომა“ და „ამაღლება“ მოიაზრება.

ენქერი აბრეშუმის მიწარზეა ნაქარგი ოქროსა და ვერცხლის ძაფით და ნამაგრი სითვის ტექნიკით. მაცხოვრის ფიგურის კონტური, სამოსის დრაპირება, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლის და მეფეთა შარავანდედების კონტურები სხმული მარგალიტითაა შემკული. კომპოზიციის თავისუფალი არე შევსებულია სტილიზებული მცენარეული ორნამენტით. ოთხივე კიდეს გასდევს გეომეტრიული ორნამენტი და ასომთავრული წარწერა:

დ(ა)დ(ია) ნსა: შ(ერგილ)ს: და: ნ(ა)თ(ელ)ს: მ(ოსავ)სა: მ(არ)ტვ(ი)ლსა:

დ(ი)დსა: დ(ა)დ(ია) ნს: შ(ეუნდე)ნ: ღ(მერთმა)ნ:

ამ წარწერის თანახმად, ენქერი შერგილ და ნათელ დადიანებს შეუწირავთ მარტვილის მონასტრისთვის; ისინი როგორც ქტიტორები მოხსენიებულნი არიან ხობის ბაზილიკის წარწერაშიც, სადაც მათი გამოსახულებებია შვილებთან – ცოტნესა და თამართან ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ შერგილი და ნათელი მოხსენიებულნი არიან მეფე თამარის გულსაკიდი ჯვრის ვერცხლის ბუდის მოჭედილობის წარწერაშიც.

წარწერისა და ენქერზე წარმოდგენილი კომპოზიციის სტილურ-იკონოგრაფიული ანალიზის თანახმად, ნაქარგობის ეს ნუმუში XIII საუკუნით დათარიღდა და ნაქარგობის ყველაზე ადრეული ნიმუშია XII საუკუნის კაცხის საბუხარების შემდეგ. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ის კაცხის წმ. სამების მონასტრის სიწმინდეებთან ერთად მოხვდა XX საუკუნის 30-იან წლებში. დღეს ხელოვნების მუზეუმში დაცულ შედევრებს გულმოდგინედ უვლიან ქსოვილების ფონდის კურატორები: გულნაზი ბარათაშვილი და იზოლდა მელიქიშვილი, რომელთაც ნაქარგობის ეს უნიკალური ნიმუში საგამოფენოდ მოამზადეს.

სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.

The post უძველესი ენქერი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share