ფორუმელი Moor Posted 10 მაისი, 2018 Posted 10 მაისი, 2018 წელს ჩვენი ქვეყანა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, თუმცა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უძღოდა მრავალწლიანი და მრავალმხრივი თავდაუზოგავი ბრძოლა. სწორედ ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია I მსოფლიო ომის დროს ევროპაში დაფუძნებული „საქართველოს განთავისუფლების ეროვნული კომიტეტის“ მიერ 1915 წელს შემოღებული თამარ მეფის ორდენი. ქართული კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანიის კაიზერის ხელისუფლებასთან და გერმანია ფინანსურადაც უჭერდა მას მხარს. ვილჰელმ II-ის ინტერესებში მისი მოწინააღმდეგე ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის დასუსტებაც იყო და ამიტომაც ეხმარებოდა იგი რომანოვთა იმპერიაში შემავალ ხალხთა განმათავისუფლებელ მოძრაობას. გერმანიის დახმარებით შეძლო განთავისუფლების კომიტეტმა გერმანიიდან ჩამოსული წყალქვეშა ნავებით საქართველოში საბრძოლო აღჭურვილობის გარკვეული მარაგის შემოტანა და ოსმალეთის ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთის – „ქართული ლეგიონის“ ჩამოყალიბება. ლეგიონერთა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებისა და მორალური წახალისების მიზნით, 1915 წელს, თამარ მეფის ვარსკვლავის ფორმის ორდენი შემოიღეს. ამ სამახსოვრო ნიშნით „განთავისუფლების კომიტეტი“ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებდა სამხედრო და სამოქალაქო პირებს. თავდაპირველად ორდენი ორი სახისა იყო – I და II ხარისხის, მოგვიანებით დაუმზადებიათ III ხარისხის ჯილდოც. სამივე ხარისხის ორდენზე რვაქიმიანი ვერცხლის ვარსკვლავის ცენტრში მოთავსებულია ერთნაირი მედალიონი თამარ მეფის მოოქრული ვერცხლის პორტრეტით და ოქროთი მოვარაყებული წარწერით „ქართული ლეგიონი, 1915“. ორდენით დაჯილდოების პირვანდელი დებულების თანახმად, გადაწყვეტილებას მისი მინიჭების შესახებ იღებდა „განთავისუფლების კომიტეტი“ წევრთა 2/3-ის თანხმობით, თუმცა, როდესაც 1918 წლის 21 ივლისს ბერლინში ეროვნული კომიტეტის უკანასკნელი სხდომა გაიმართა და კომიტეტმა მუშაობა დაასრულა, დაადგინეს, თამარის ორდენით დაჯილდოების უფლება პრეზიდიუმს გადასცემოდა. დაჯილდოებულს ორდენთან ერთად მისი ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობაც ეძლეოდა, ორდენის კავალერთა სია კი კომიტეტის განსაკუთრებულ წიგნში შეჰქონდათ. სამწუხაროდ, განთავისუფლების კომიტეტის იმ „წიგნს“ დღემდე ვერ მიაკვლიეს. ამიტომ, ორდენოსანთა ზუსტი რაოდენობა და ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ამ საპატიო ჯილდოს ქართველ მფლობელთაგან უკანასკნელ ხანებამდე მხოლოდ შვიდი პირი იყო ცნობილი, მათ შორის საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და თავისუფლებისთვის თავდადებული მებრძოლი შალვა ქარუმიძე, რომლის ორდენი დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკის ფონდშია დაცული. რამდენიმე წლის წინ კი ისტორიკოსმა, ბატონმა ოთარ ჯანელიძემ, რომლის ნაშრომსაც ეფუძნება წინამდებარე სტატია, მიაკვლია საარქივო მასალას, რომლითაც დოკუმენტურად დასტურდება, რომ 1918 წლის 9 ივნისს ბერლინში თამარის ორდენით დაუჯილდოებიათ ასევე უკანასკნელი თერგდალეული, დიდი ეროვნული მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე. შესაბამის საბუთზე, ტექსტის ქვემოთ, დასმულია მრგვალი ბეჭედი წარწერით: „საქართველოს დამოუკიდებლობის პარტია. უცხოეთში მომქმედი კომიტეტი“. უნდა ითქვას, რომ თერგდალეულთა თითქმის მთელი თაობა ისე აღესრულა, რომ საკუთარი ნაღვაწის უმთავრესი შედეგი – თავისუფალი და დამოუკიდებელი სამშობლო არ უხილავს. საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენას ამ დიდი თაობიდან მხოლოდ კირილე ლორთქიფანიძე და ნიკო ნიკოლაძე მოესწრნენ. ამდენად, ნიკო ნიკოლაძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოება მხოლოდ ერთი, კონკრეტული პიროვნების დაფასებას კი არ ნიშნავდა – ეს აქტი სიმბოლურად ქართველ მამულიშვილთა იმ თაობის ღვაწლის აღიარებაც იყო, რომლებმაც მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრება მამულის სამსახურს შეალიეს, მაგრამ მის თავისუფლებას ვერ მოესწრნენ. The post თამარ მეფის ორდენი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა