Jump to content

გაცნობებთ რომ გიფები ედიტორიდან ისევ მუუშააოობს :fofo:

Season 9 Yes GIF by Friends

×
×
  • Create New...

პროკურატურამ ვუდროფის საქმე გააცოცხლა


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

Posted (შესწორებული)

ელდარ გოგოლაძე - “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტი და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც ასევე სათავეში ედგა ედუარდ შევარდნაძის დაცვის სამსახურს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოწმედ დაიბარა 1993 წელს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ჯაშუშის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე.

 
გოგოლაძე პროკურატურაში დღის 12.00 საათზე მივიდა და ამ დრომდე მისი გამოკითხვა არ დასრულებულა.

ერთი დღით ადრე, ტელეკომპანია „მთავართან“ინტერვიუში გოგოლაძემ განაცხადა, რომ ეს პროცესი ან მისი დაშინებისა და დისკრედიტაციის მიზნით არის წამოწყებული ან უფრო მკაცრი - მისი დაპატიმრების გეგმა არსებობს.

„ბიძინას ჩემზე კარგად საქართველოში არავინ იცნობს, ეს მისი სტილია. არ გამოვიცხავ, რომ ორი ძირითადი მოწმიდან (სულ სამნი ვიყავით მკვლელობის ადგილზე მანქანაში) რომელიმე მოისყიდოს. ესეც მისი სტილია - მიეცით მილიონი, ორი მიეცით, ხუთი მიეცით და შეაცვლევინეთ ჩვენება. დააწერინეთ, რომ აიძულეს, ზემოქმედება მოახდინეს. თუ ეს მოხდა, აუცილებლად გამიშვებენ ციხეში“, - უთხრა გოგოლაძემ „მთავარს“.

ვუდროფის მკვლელობის გახმაურებული საქმის გაცოცხლებას და ამ პროცესში მის ხელახლა ჩართვას ელდარ გოგოლაძე ბიძინა ივანიშვილთან ღიად დაპირისპირებით ხსნის, რადგან მისივე სიტყვებით, ამ მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ წლების წინ მისი ბრალეულობა ვერ დაადგინა. მაშინ ამ საქმეს პარალელურად აშშ-ს ფედერალური ბიუროც იძიებდა.

ივანიშვილთან ღიად დაპირისპირებაში კი იგულისხმება 2020 წლის 25 ოქტომბერს, რამდენიმე დღით ადრე საპარლამენტო არჩევნებამდე, “მთავარის“ ეთერში გასული ინტერვიუ, რომელშიც გოგოლაძე არხის ხელმძღვანელთან, ნიკა გვარამიასთან საუბარში ყვება ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მისი მოსვლის გზებსა და გამდიდრების ამბებზე. იმაზე, თუ რა კავშირი ჰქონდა ივანიშვილს პუტინის ადმინისტრაციასთან, პუტინის ყოფილ თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან, თუ როგორ გადაწყდა 2000-იანი წლების დასაწყისში ანაკლიის პროექტის ბედი და ა.შ.

ამ ინტერვიუს მაშინ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ სერიოზულ კომენტარს ის ამ საკითხზე ვერ გააკეთებდა, რადგან „ეს იყო ორი ადამიანის ჭორაობა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ცნობილი “კაგებეშნიკი”, თან, KGB-ს მაღალჩინოსანი“.

"ქართული ოცნების" კონსულტანტმა კი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ამ ინტერვიუს გამო „გოგოლაძეს - გუანტანამოს, გვარამიას კი გლდანის ციხე არ ასცდებოდა“.

ამ ინტერვიუს ეთერში გასვლიდან მალე ელდარ გოგოლაძე პროკურატურაში დაიბარეს.

საგამოძიებო უწყებაში დღეს აცხადებენ, რომ ვუდროფის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, რომ ამ საქმეზე ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანი გამოიკითხა და ელდარ გოგოლაძეც საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით არის დაბარებული.

გოგოლაძის ინტერესებს იცავს „მთავარი არხის“ იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი, რომელმაც 5 თებერვალს მედიას უთხრა:

„ის ფაქტი რომ გამოძიებას ელდარ გოგოლაძის მიმართ კითხვები არ გასჩენია ბოლო რვა წლის განმავლობაში, მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში და დაიბარეს მხოლოდ მას მერე, რაც „მთავარს“ კრიტიკული ინტერვიუ მისცა, გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ პროკურატურიაში მისი დაბარება სწორედ „მთავარ არხში“ სტუმრობას უკავშირდება. მეც, როგორც ამ არხის იუტისტი, ამიტომ ვარ აქ“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

27 წლის წინ მომხდარი მკვლელობა - ისევ პასუხგაუცემელი კითხვებით

 
მკვლელობა, რომელზეც ახლა ელდარ გოგოლაძე ჩვენებას იძლევა, 1993 წლის 8 აგვისტოს მოხდა - მცხეთასთან ახლოს. მაშინ, თავში ესროლეს და მოკლეს აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ს, წარმომადგენელი, ფრედ რასელ ვუდროფი.

ავტომანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელის, ედუარდ შევარდნაძის, დაცვის უფროსი ელდარ გოგოლაძე და ორი ქალი, რომელთაგან ერთი, მოგვიანებით, რუსეთის სამხედრო ჯაშუში აღმოჩნდა.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ვუდროფი იმსხვერპლა ბრმა ტყვიამ, რომელიც მის მანქანას სამხედროფორმიანმა პირმა ესროლა.

ვუდროფის მკვლელობის შემდეგ გვამის ამოსაცნობად საქართველოში ჩავიდა CIA-ს მაშინდელი ხელმძღვანელი, ჯეიმს ვულსი. სასამართლო 1994 წელს გაიმართა და მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს ახალგაზრდა კაცი, ანზორ შარმაიძე, რომელსაც თოთხმეტწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მკვლელობის ეს ვერსია, არ დაიჯერა ტეხასელმა ადვოკატმა და ვუდროფების ოჯახის მეგობარმა, მაიკლ პულარამ და სიმართლის დადგენა დაისახა მიზნად. შარმაიძის სასამართლოს საქმეების გაცნობისა და გამოძიების ფედერალური ბიუროდან თუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან დოკუმენტების გამოთხოვის შემდეგ პულარა დარწმუნდა, რომ შარმაიძე უდანაშაულო იყო, ხოლო ვუდროფის მკვლელობის უკან, სინამდვილეში, რუსეთი იდგა.

მაიკლ პულარა რამდენჯერმე ჩავიდა თბილისში, მათ შორის 2005 წლის ნოემბერში, და მაშინდელ ხელისუფლებას ჩაუტანა მოკლულის ოჯახის წერილი, რომელიც შარმაიძის გათავისუფლების თხოვნას შეიცავდა. ვუდრაფის ოჯახი ამბობდა, უდანაშაულო ადამიანის პატიმრობა გარდაცვლილის სულს ამძიმებსო.

მოგვიანებით პულარამ ამ ამბავზე წიგნიც დაწერა სათაურით „ჯაშუში, რომელიც მიატოვეს“, რომელშიც ის წერდა, რომ ვუდროფის მკვლელობა უკავშირდება CIA-ს ვეტერან აგენტს, ოლდრიჩ ეიმსს, რომელიც ვუდრაფის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში საბჭოთა კავშირისთვის ჯაშუშობაში ცნეს დამნაშავედ.

პულარამ, ახალი წიგნის გაყიდვის მეწილედ ანზორ შარმაიძე დაასახელა - „მსურდა მას დამსახურებული ანაზღაურება მიეღო საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვისო“.

შარმაიძემ 14-წლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო 2008 წელს დატოვა. თუმცა, გათავისუფლების შემდეგ შარმაიძემ რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას საქმის ხელახლა გადახედვის და მისი უდანაშაულოდ ცნობის მოთხოვნით.

„იმედისთვის“ 2020 წლის ოქტომბერში მიცემულ ინტერვიუში შარმაიძე ამბობს, რომ მას ვუდროფი არ მოუკლავს.

ელდარ გოგოლაძის გამოკითხვა პროკურატურაში ამ წუთებშიც გრძელდება. მან ჟურნალისტებს პროკურატურაში შესვლის წინ განუცხადა, რომ კომენტარს გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

**********

პროკურატურაში დასრულდა „ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის

 
გოგოლაძე გამოკითხეს 1993 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ჯაშუშის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე.

„რაც მახსოვდა ამ ფაქტის შესახებ [ვუამბე], რომელიც 26 წლის წინ მოხდა. ბევრი ალბათ აღარ გამახსენდებოდა, ამდენი დრო გავიდა“, - თქვა გოგოლაძემ, რომელიც გამოკითხვაზე დაბარებას უკავშირებს „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.

„მე ვთვლი, რომ ამ ინტერვიუს მოჰყვა ამ საქმის გააქტიურება. შურისძიებას დავარქმევთ თუ რაიმე სხვას, თქვენ თვითონ შეაფასეთ ჟურნალისტებმა“, - აღნიშნა გოგოლაძემ. ის იხსენებს, რომ მკვლელობის შემდეგ მაშინვე დაწერა პატაკი და გამოძების პერიოდით მოითხოვა გადაყენება: „საკმაოდ მაღალი თანამდებობა მეკავა მაშინ“.

2020 წლის 25 ოქტომბერს, რამდენიმე დღით ადრე საპარლამენტო არჩევნებამდე, “მთავარის“ ეთერში გავიდა ინტერვიუ, რომელშიც გოგოლაძე არხის ხელმძღვანელთან, ნიკა გვარამიასთან საუბარში ჰყვება ბიძინა ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მისი მოსვლის გზებსა და გამდიდრების ამბებზე. იმაზე, თუ რა კავშირი ჰქონდა ივანიშვილს პუტინის ადმინისტრაციასთან, პუტინის ყოფილ თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან, თუ როგორ გადაწყდა 2000-იანი წლების დასაწყისში ანაკლიის პროექტის ბედი და ა.შ.

ამ ინტერვიუს მაშინ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ სერიოზულ კომენტარს ის ამ საკითხზე ვერ გააკეთებდა, რადგან „ეს იყო ორი ადამიანის ჭორაობა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ცნობილი “კაგებეშნიკი”, თან, KGB-ს მაღალჩინოსანი“.

"ქართული ოცნების" კონსულტანტმა კი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ამ ინტერვიუს გამო „გოგოლაძეს - გუანტანამოს, გვარამიას კი გლდანის ციხე არ ასცდებოდა“.

მკვლელობა, რომელზეც ახლა ელდარ გოგოლაძე ჩვენებას იძლევა, 1993 წლის 8 აგვისტოს მოხდა - მცხეთასთან ახლოს. მაშინ, თავში ესროლეს და მოკლეს აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, CIA-ს, წარმომადგენელი, ფრედ რასელ ვუდროფი.

 

 

Edited by Georgia
Share on other sites

  • ფორუმელი

გოგოლაძეს რას უპირებენ არ ვიცი. არც პირად შურისძიებას გამოვრიცხავ (ახასითებს ბიძოს, მასეთებიო) და არც იმას რომ ბრმა ტყვიის მსხვეპლი გახდა. ესროლო მანქანას, სადაც 4 ადამიანი ზის და ერთი გასროლით მოკლა ზუსტად ის, რომელიც შეგიკვეთეს, ამას მართლა "ჰიტმანი" სჭირდება, ეგ კაცი ხომ კალაშნიკოვის ტყვიითაა ხომ მოკლული? 

უბრალოდ, რაში დასჭირდათ მისი მოცილება ვერ ვხვდები, დავუშვათ ერთი ამერიკელი სპეცი მოაშორეს ედიკას გარემოცვას/ომეგას, რა, ახალს არ/ვერ  გამოაგზავნიდნენ?

 

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

1 საათის წინ, Laki said:

უბრალოდ, რაში დასჭირდათ მისი მოცილება ვერ ვხვდები, დავუშვათ ერთი ამერიკელი სპეცი მოაშორეს ედიკას გარემოცვას/ომეგას, რა, ახალს არ/ვერ  გამოაგზავნიდნენ?

 

შეიძლება ისეა, როგორც პულარას წიგნში წერია? რამე გაიგო კაგებეს აგენტურაზე და მოიშორეს. ან დემონსტრირება იყო, რომ ეს მათი ტერიტორიაა

Share on other sites

  • ფორუმელი

@Georgia დემონსტრირების ვერსიას  უფრო დავეთანხმებოდი.

 

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

ამერიკელი ჯაშუშის ცხოვრებისა და სიკვდილის ისტორია თბილისში – ფრედი ვუდროფის საქმე

1993 წლის 8 აგვისტოს თბილისის შემოსასვლელთან, ავტომობილით მგზავრობისას, აშშ-ს საელჩოს რეგიონული გამოწვევების დეპარტამენტის ოფიცერი, ფრედი ვუდროფი მოკლეს. მალე გაირკვა, რომ სინამდვილეში ვუდროფი საქართველოში აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორატის ხელმძღვანელი და გამოცდილი ჯაშუში იყო. მკვლელობის საქმეზე იმავე დღეს დააკავეს აფხაზეთის ომის ვეტერანი, ანზორ შარმაიძე, რომელიც მკვლელობის ადგილთან ახლოს ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

 

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, პირველი ამერიკელი ჯაშუში, საქართველოში, 20 წლის ანზორ შარმაიძის მიერ გასროლილი ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა. ამ ვერსიით კმაყოფილი დარჩა საქართველოსა და აშშ-ს იმდროინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. მიუხედავად იმისა, რომ ვუდროფის მკვლელობაზე და გამოძიებაში არსებულ შეუსაბამობებზე აქტიურად იწერებოდა უცხოურ პრესაშიც, შარმაიძეს მალევე მიუსაჯეს 15-წლიანი პატიმრობა და საქმეც დიდი ხნით დავიწყებას მიეცა. 

ფრედი ვუდროფის საქმე 2008 წელს, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გამოცემა Wall Street Journal-ში ენდრიუ ჰიგინსის ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა. მასალაში ჰიგინსი მოწმეების ჩვენებებსა და საქმეში მონაწილეთა მონათხრობს ეყრდნობოდა მათ შორის ანზორ შარმაიძისაც. როგორც მასალიდან გაირკვა, შარმაიძემ აღიარებითი ჩვენება ერთკვირიანი წამების შემდეგ დაწერა. ასევე, ცნობილი გახდა სხვადასხვა დარღვისა და გამოძიებაში არსებული შეუსაბამობის შესახებ. მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში შარმაიძე საპატიმროდან გაათავისუფლეს, თუმცა მას  დამნაშავის სტატუსი არ მოუხსნეს. 

ფრედი ვუდროფის მკვლელობა საერთაშორისო მედიის განხილვის საგანი, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გახდა, რაც ვუდროფის ოჯახის ადვოკატმა, მაიკლ პულარამ საქმეზე გაწეული მრავალწლიანი შრომის შემდეგ თავისი წიგნი "ჯაშუში, რომელიც მიატოვეს" გამოსცა. ფულარა აღნიშნულ საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა 15 წლის განმავლობაში, შედეგად მან ვუდროფის მკვლელობის საქმის თავისი ვერსია წარმოადგინა. ფრედი ვუდროფის საქმე საქართველოში აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა, ელდარ გოგოლაძემ წინასაარჩევნოდ ინტერვიუ მთავარ არხს მისცა. გოგოლაძე, რომელიც 1997-2004 წლებში ქართუს დაცვას ხელმძღვანელობდა, ჰყვებოდა ივანიშვილის კავშირებზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. 

რაც მთავარია, ელდარ გოგოლაძე ფრედი ვუდროფის მკვლელობის უშუალო მოწმეა, სწორედ ის მართავდა ნივას, რომელშიც ვუდროფი მოკლეს. ინტერვიუს გამოსვლიდან ცოტა ხანში გენერალურმა პროკურატურამ ვუდროფის მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გოგოლაძე რამდენიმეჯერ გამოჰკითხეს. 27 წლის წინ მომხდარი მკვლელობა ამ დრომდე აქტუალურია და კვლავ არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა - ვინ მოკლა ფრედი ვუდროფი, რატომ არ ჩატარდა საქმეზე კვალიფიციური გამოძიება, სად გაქრნენ საქმის ფიგურანტები და ა.შ.

"სრულყოფილი ამერიკელი ჯაშუში" საქართველოში

predi.jpg აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერი, ფრედი ვუდროფი

ფრედი ვუდროფი 1947 წლის 14 სექტემბერს არკანზასის შტატში მდებარე ქალაქ სერსიში დაიბადა. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად ოკლაჰომაში გადავიდა, სწორედ ოკლაჰომაში მიიღო უმაღლესი განათლება ვუდროფმა, მან წარჩინებით დაამთავრა ჰარდინგის უნივერსიტეტი თეოლოგის დიპლომით, მოგვიანებით  სამეცნიერო ხარისხი მიიღო უეინის უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის დარგში. ცნობილია, რომ ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს 1978 წელს შეურთდა. 

ვუდროფი ორჯერ იყო დაოჯახებული, პირველი ქორწინებიდან  უფროსი ქალიშვილი ჯორჯია, ხოლო მეორედან კი  ორი ვაჟი ეყოლა. ვუდროფის მეორე ცოლი, მისი კოლეგა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი იყო.

საქართველოში ვუდროფი 1993 წლის ივნისში სპეციალური პროგრამით ჩამოვიდა. ამ დროისთვის მას ჯაშუშობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა, სხვადასხვა წლებში იგი მსახურობდა ლენინგრადში, სტამბულში, ეთიოპიაში, სუდანსა და ყაზახეთში. ვუდროფი სრულყოფილად ფლობდა გერმანულ, რუსულ და თურქულ ენებს. სავარაუდოა, რომ ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი იყო, ამასვე ადასტურებს სააგენტოს ყოფილი უფროსი ჯონ ბრენანიც, მისი თქმით, ვუდროფი "დაზვერვის სრულყოფილი ოფიცერი იყო". ამერიკულ დაზვერვას რომ საქართველოში გამოსაგზავნად ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი უნდა შეერჩია, ამაზე მაშინ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობაც მეტყველებს.

საბჭოთა კავშირის დაშლამ და ცივი ომის დასრულებამ აშშ-სთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა - ამერიკულ დაზვერვას შეეძლო, ემუშავა სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებში, თუმცა, ეს საქართველოში მაინც მაღალი რისკის შემცველი იყო. ვუდროფის ჩამოსვლის მომენტში საქართველოში  სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, შეიარაღებული დაპირისპირება არ იყო დასრულებული აფხაზეთშიც, ქვეყანას 4 კაცისგან შემდგარი არაკონსტიტუციური ორგანო, სახელმწიფო საბჭო მართავდა, რომელთაც სამხედრო გადატრიალებით დაამხეს კანონიერად არჩეული ხელისუფლება. რაც მთავარია, ქვეყანაში კვლავ აქტიურად მუშაობდნენ რუსული სპეცსამსახურები, ისინი აკონტროლებდნენ არამხოლოდ იატაკქვეშეთში მოქმედ ქსელს, არამედ უმაღლეს თანამდებობის პირებსა და მოთამაშეებს, რომლებიც ადგილზე ფლობდნენ ძალაუფლებას. განსაკუთრებით დიდი იყო რუსული გავლენა ძალოვან უწყებებზე. 

ამ ვითარებაში ფრედი ვუდროფი საქართველოში დროებითი მისიით გამოგზავნეს. ვუდროფი პირადად ხელმძღვანელობდა პირველი ქართული სპეციალური ქვედანაყოფის - "ომეგას" წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას. გარდა ამისა, ვუდროფი ხელმძღვანელობდა ედუარდ შევარდნაძის პირადი დაცვის წვრთნას. როგორც ჯაშუშების უმრავლესობა, ვუდროფი საქართველოში დიპლომატიური საფარის ქვეშ მუშაობდა. დიპლომატიური პასპორტი ამერიკელი ჯაშუშებისთვის ამცირებს სასიკვდილო რისკებს, იმ შემთხვევაშიც, თუ მათი ნამდვილი საქმიანობის შესახებ ცნობილი ხდება, ისინი დაცული არიან დიპლომატიური ხელშეუხებლობის წესებით, რაც, როგორც წესი, მათი ქვეყნიდან გაძევებით და პერსონა ნონ გრატად გამოცხადებით სრულდება. 

ome.png ომეგას დანაყოფის ამოსაცნობი ნიშანი

ვუდროფის იმდროინდელი ნაცნობების თქმით, მას საქართველოში ყოფნა მოსწონდა. კავკასიის ექსპერტისა და ვუდროფის ნაცნობის, თომას გოლცის თქმით "ვუდროფს უყვარდა უცნაური და ხალხმრავალი წვეულებები". 1993 წლის აგვისტოში ვუდროფის მისია საქართველოში დასასრულს უახლოვდებოდა, მას უკვე მიღებული ჰქონდა ახალი თანამდებობა ჩეხეთში. ჩეხეთში სამუშაოდ გადასვლამდე ცოტა ხანი ოჯახთან ერთად უნდა გაეტარებინა, თუმცა, ამის ნაცვლად ვუდროფი სამშობლოში აშშ-ს დროშაში გახვეულ კუბოში დაბრუნდა. ის 1993 წლის 8 აგვისტოს თბილისის შემოსასვლელთან მოკლეს. 

მკვლელობის დღე და საეჭვო გამოძიება

prea.jpg ფრედი ვუდროფის საფლავი არლინტონის სასაფლაოზე

საქართველოში მისიის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ფრედი ვუდროფმა მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა გადაწყვიტა. ის თავის ნაცნობ ელდარ გოგოლაძესთან ერთად ყაზბეგისკენ გაემართა. მაშინ გოგოლაძე შევარდნაძის პირადი დაცვის უფროსი და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ვუდროფსა და გოგოლაძეს თან ახლდა ორი ქალი, ერთ-ერთი მათგანი, მარინა კაპანაძე, თბილისში მდებარე შერატონ მეტეხი პალასის ბარში მუშაობდა, სავარაუდოა, რომ ვუდროფმა კაპანაძე სწორედ სასტუმროში გაიცნო, ამერიკის საელჩოს თანამშრომლები მაშინ სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ. ბარის ხშირი სტუმრები კაპანაძეს შავი მარინას სახელით იცნობდნენ, მეორე ქალი კი ვინმე ელენე დარჩიაშვილი იყო. 

ყაზბეგში მოწყობილი პიკნიკისა და ფოტოების გადაღების შემდეგ, საღამოს,  ნაცნობები თბილისში ორკარიანი ნივით ბრუნდებოდნენ, ავტომობილს ელდარ გოგოლაძე მართავდა. ფრედი ვუდროფი მძღოლის უკან მდებარე სავარძელზე იჯდა. იმ დროს, როდესაც ავტომობილი ნატახტარში შევიდა, გასროლის ხმა გაისმა, მგზავრები შეცბნენ. როგორც მარინა კაპანაძე პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, "ფრედის არაფერი უთქვამს, როცა მისკენ გავიხედე, ვნახე, რომ სულ სისხლში იყო და ვიყვირე, რომ მანქანა გაეჩერებინათ. "

eldar.png ელდარ გოგოლაძე მთავარი არხის ეთერში

როგორც გოგოლაძე ამბობს, მას მანქანა არ გაუჩერებია და უახლოესი საავადმყოფოსკენ გაემართა, მისი თქმით, პირველი საავადმყოფო დახურული იყო, მეორე საავადმყოფოში კი დენი არ იყო. ამის შემდეგ გოგოლაძე თბილისის ნომერ მეორე საავადმყოფოში მივიდა, თუმცა ვუდროფი, ამ დროისთვის, უკვე მკვდარი იყო. 

მომხდარის შესახებ მალევე აცნობეს ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც გოგოლაძე რამდენიმე წუთში გადააყენა თანამდებობიდან. Wall Street Journal-თან 2008 წლის ინტერვიუში შევარდნაძე ამბობს, რომ მან გოგოლაძე არასათანადო ქცევის გამო დაითხოვა, რადგან ეს უკანასკნელი აშშ-ს საელჩოსა და სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელთან ერთად შესაბამისი დაცვის გარეშე მოძრაობდა. შევარდნაძის თქმით, მას არ უფიქრია, რომ საქმე განზრახ მკვლელობასთან ჰქონდათ. პრეზიდენტ კლინტონისთვის გაგზავნილ წერილში შევარდნაძემ ვუდროფს "თავისუფლების არმიის ღირსეული ჯარისკაცი" უწოდა.

პოლიციის მიერ ჩატარებული დაკითხვების შედეგად, მალევე, რამდენიმე ფუნდამენტური წინააღმდეგობა და შეუსაბამობა გამოვლინდა. იმ დროს, როდესაც გოგოლაძის თქმით, მას ავტომობილი არ გაუჩერებია, რამდენიმე მოწმე ჩვენებაში ჰყვება, რომ გოგოლაძის ნივა სავარაუდო მკვლელობის ადგილთან ახლოს გაჩერებული ნახეს.  ერთ-ერთი მოწმე ამბობს, როგორ შეესწრო კამათს ორ კაცს შორის მკვლელობის ადგილთან ახლოს, რომელთაგან ერთ-ერთი გოგოლაძეს ჰგავდა.

სხვა მოწმეები იხსენებენ ავტომობილს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მკვლელობის ადგილთან იყო გაჩერებული. ავტომობილის და მასში მსხდომი კაცების ვინაობის იდენტიფიცირება გამოძიებამ ვერ მოახერხა. გოგოლაძის ჩვენების მიხედვით, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, იგი მალევე დაბრუნდა მკვლელობის ადგილზე და გზად პოლიციის ერთ-ერთ პოსტზე შეჩერდა, სადაც 3 ახალგაზრდა კაცი შეამჩნია. მისი თქმით, სამივე მათგანი მანამდე ავტომობილიდან, გზის პირას, იარაღით ხელში დაინახა. სამივე კაცი იმ დღესვე საქართველოს უშიშროების სამსახურმა დააკავა. 

დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი, 20 წლის ანზორ შარმაიძე იყო. შარმაიძე ახალდაბრუნებული იყო აფხაზეთიდან, სადაც მოხალისედ იბრძოდა. შარმაიძე და მისი მეგობრები ვუდროფის მკვლელობის დღეს თავის ახლობლებთან, თბილისის მახლობლად სუფრაზე იმყოფებოდნენ. მკვლელობის მომენტში შარმაიძე და მისი მეგობრები სუფრიდან ნასვამ მდგომარეობაში ბრუნდებოდნენ, შარმაიძეს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მან აფხაზეთიდან ჩამოიტანა. მისი თქმით,  ეგონა, რომ სწორედ ამ იარაღის უკანონო ტარების გამო დააკავეს. 

bedo.jpg ფრედი ვუდროფის საქმეზე დაკავებული ანზორ შარმაიძე, გელა ბედოიძე და გენადი ბერბიჭაშვილი

რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციის დაკითხვები, აღიარებითი ჩვენების მოთხოვნით, ცემასა და წამებაში გადაიზარდა. ცემისა და წამების ფაქტს Wall Street Journal-თან ადასტურებს თბილისის პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელი, დავით ზეიკიძეც. ერთკვირიანი უწყვეტი დაკითხვების შემდეგ ანზორ შარმაიძემ სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა. ჩვენებაში იგი წერდა, რომ ავტომობილი მას ლამის დაეჯახა, რის შემდეგაც მისი მიმართულებით გაისროლა. "წამებისა და ცემის ფონზე, ყველა დანაშაულზე მოვაწერდი ხელს”. - ამბობს ანზორ შარმაიძე. 

მალევე, აშშ-დან საქართველოში საქმის გამოსაძიებლად გამოძიების ფედერალური ბიუროს გუნდი ჩამოვიდა. მას შემდეგ, რაც  FBI-ის თანამშრომლები გამოძიების შედეგებს გაეცნენ, მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ მკვლელობის სცენა მთლიანად დადგმული იყო. ბიუროს აგენტი თავის ანგარიშში წერს, რომ "ავტომობილზე აგენტებმა ვერანაირი ნატყვიარი ვერ აღმოაჩინეს." რაპორტში გამოთქმულია ეჭვი, რომ რეალურად მკვლელობა არა ავტომობილში, არამედ სხვა ადგილას მოხდა, ხოლო ბრმა ტყვიის ისტორია ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიგონეს. 

ამის შემდეგ, თბილისში ბიურომ საქმის მასალების შესასწავლად დამატებით ჯგუფი მოავლინა. FBI-ის თანამშრომლებმა ავტომობილის განმეორებითი დათვალიერებისას აღმოაჩინეს ნატყვიარი, თუმცა ავტომობილში ვერ იპოვეს ტყვიის გულა. მტკიცებულებების ძებნის პროცესი გაართულა იმანაც, რომ აშშ-ში დაბრუნებისას ვუდროფის ცხედრიდან თითქმის მთლიანად ამოცლილი იყო ტვინი, რამაც შეუძლებელი გახადა სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარება. ვუდროფის ცხედრის სამშობლოში დასაბრუნებლად საქართველოში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს იმდროინდელი უფროსი, ჯეიმს ვულსი ჩამოვიდა. ვულსის აეროპორტში დახვდა ედუარდ შევარდნაძეც, მისი თქმით, ვულსს ვუდროფის საქმესთან დაკავშირებით არაფერი უკითხავს და მან ეს  მინიშნებად გაიგო, რომ "ამერიკელებს საქმის გახმაურება არ სურდათ".

მოგვიანებით ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელი კოლეგები მკვლელობის სავარაუდო ადგილთან წაიყვანეს, სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ გაისროლეს შარმაიძის კუთვნილი კალაშნიკოვიდან და გასროლის კვალს გაჰყვნენ, რომლის ბოლოშიც მათ გასროლილი ტყვიის გულის გვერდით იმავე ტიპის ტყვიის კიდევ ერთი გულა აღმოაჩინეს. ქართული მხარის მტკიცებით, ეს სწორედ იმ ტყვიის გულა იყო, რომლითაც ვუდროფი მოკლეს, მოგვიანებით ნაპოვნი ტყვიის გულა შარმაძის წინააღმდეგ კიდევ ერთ ნითვმტკიცებად სასამართლოში გამოიყენეს. ამის მიუხედავად, ამერიკელები საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. 

vul.jpg ჯეიმს ვულსის უკანასკნელნი დღე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თანამდებობაზე, 1995 წლის 1995 წლის 10 იანვარი, აშშ-ს სენატი

პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა აშშ-შიც. 1993 წლის სექტემბერში FBI-მ ვუდროფის კოლეგა და მეგობარი, გილბერტო ვილაჰერმოსა გამოჰკითხა. ვილაჰერმოსა, ვუდროფის მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, თბილისში მასთან იმყოფებოდა. FBI-ის დაკითხვის ოქმის მიხედვით, ვილაჰერმოსა ამბობდა, რომ "ბრმა შემთხვევის" ვერსია ნონსენსია და ვუდროფი რეალურად რუსულმა სპეცსამსახურებმა, კერძოდ კი ГРУ-მ მოკლა. ვილაჰერმოსას თქმით, საქართველოში მუშაობის პერიოდში ვუდროფმა ГРУ-ს რამდენიმე ჯაშუში გაშიფრა, ხოლო მისი მკვლელობა კი გზავნილი იყო აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის - რომ ისინი ვერ გააგრძელებდნენ სადაზვერვო ოპერაციებს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთი თავის გავლენის სფეროდ მიიჩნევდა. 

მკვლელობის ოფიციალური ვერსია კიდევ უფრო დაასუსტა აშშ-ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომლის ჩვენებამ, რომლის მიხედვით, ვუდროფის მკვლელობის შემდეგ იგი ავტომობილში მყოფ ერთ-ერთ ქალს, მარინა კაპანაძეს შეხვდა. აშშ--ს საელჩოს თანამშრომლის თქმით, კაპანაძემ პირად საუბარში მას განუცხადა, რომ ის ჯაშუშია. 

1994 წელს საქართველოში დაიწყო ანზორ შარმაიძის სასამართლო პროცესი. სასამართლოს არ გამოუკითხავს მოწმეები, რომელთა ჩვენებაც გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგებოდა, სასამართლო არც  გამოძიებაში გამოკვეთილი შეუსაბამობებით დაინტერესდა. ყველაზე მოულოდნელი იყო შარმაიძესთან ერთად დაკავებული მისი მეგობრების, გელა ბედოიძისა და გენადი ბერბიჭაშვილის ჩვენებები. ბედოიძე და ბერბიჭაშვილი სასამართლოზე ჰყვებოდნენ, რომ მათ ნატახტარის მახლობლად ბენზინი გაუთავდათ და ნივის გაჩერებას შეეცადნენ ბენზინის სათხოვნელად.  მათი თქმით, ნივა არ გაჩერდა, რის შემდეგ შარმაიძემ თავისი ავტომატიდან გაისროლა. შარმაიძემ სასამართლოზე კიდევ ერთხელ აღიარა დანაშაული. ორთვიანი პროცესის შემდეგ შარმაიძის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოგვიანებით მას მსჯავრი გაქცევის მცდელობის გამო 3 წლით გაუხანგრძლივეს.

მოგვიანებით შარმაიძემ და მისმა მეგობრებმა თავის ჩვენებები უკან წაიღეს და განაცხადეს, რომ ჩვენებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფონზე დაწერეს. სასამართლოსა და გამოძიების დროს გამოვლენილი წინააღმდეგობები შეამჩნია აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა, რომელიც ესწრებოდა სასამართლო სხდომებს. პარალელურად გამოვლინდა წინააღმდეგობა საქართველოსა და აშშ-ს ჩატარებულ ექსპერტიზებს შორის, ქართულ მხარე ამტკიცებდა, რომ ტყვია ვუდროფს შუბლში მოხვდა, თუმცა ამერიკული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ტყვიამ ვუდროფის თავში კეფიდან შეაღწია. ამერიკელებმა მათი ექსპერტიზის განსხვავებული დასკვნის შესახებ ქართულ მხარეს ინფორმაცია არ მიაწოდეს. ამ წინააღმდეგობების მიუხედავად, აშშ-ს საელჩო სასამართლოს შედეგებით კმაყოფილი დარჩა და არავითარი პროტესტი არ გამოუთქვამს. 

სასამართლოს დასრულების მიუხედავად, FBI-მ საქართველოში საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებდა. 1994 წელს თბილისს გამოძიების ბიუროს კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი ეწვია, მათ კიდევ ერთხელ დაკითხეს საკვანძო მოწმეები: ელდარ გოგოლაძე და მარინა კაპანაძე. თავიდან ქართველმა სამართალდამცველებმა ვერ მოახერხეს საქმის კიდევ ერთი მონაწილის, ელენე დარჩიაშვილის პოვნა, მის ადგილსამყოფელს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მიაკვლიეს. საბოლოოდ FBI-მ მაინც მოახერხა დარჩიაშვილის დაკითხვა, თუმცა, როგორც ბიუროს თანამშრომელი, დელ შპრიი იხსენებს, "დარჩიაშვილი დაკითხვაზე ძალიან შეშინებული იყო და ძალიან ნერვიულობდა, გასაგები იყო, რომ მას ვიღაცამ უბრძანა, ვუდროფის მკვლელობის შესახებ დაევიწყებინა ყველაფერი, რაც იცოდა."

თბილისში ყოფნის პერიოდში FBI-მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, ყოფილი საბჭოთა ჯარისკაცის შესახებ, რომელიც ვუდროფის მკვლელობიდან მალევე, ცეცხლსასროლი იარაღით და მაყუჩით ქართულმა პოლიციამ დააკავა. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ჯარისკაცი ვუდროფის მკვლელობის მომენტში დაქირავებულ მებრძოლად სხვადასხვა ცხელ წერტილში მუშაობდა და მას, შესაძლოა, ჰქონოდა ინფორმაცია ვუდროფის მკვლელობის შესახებ. ცოტა ხანში, ქართველმა სამართალდამცველებმა FBI-ს თანამშრომლები ამ საეჭვო პირს შეახვედრეს, აღმოჩნდა, რომ საეჭვო პირი ვინმე ვლადიმირ რახმანი იყო. მან უთხრა ბიუროს თანამშრომლებს, რომ იმ დროს დაქირავებულ მკვლელებში იყო საუბარი СIA-ის აგენტის მკვლელობის შეკვეთაზე. მისი თქმით, აღნიშნული "კონტრაქტი", შესაძლოა, შეესრულებინა მის ნაცნობს როსტოვიდან. 

რახმანის მონაყოლს დამაჯერებლობა შესძინა ერთმა მნიშვნელოვანმა დეტალმა - როგორც რახმანი ამბობდა, CIA-ის აგენტი კეფაში ცეცხლსასროლი ჭრილობისგან გარდაიცვალა და არა შუბლში ნასროლი ტყვიისგან, როგორც ამას ფიქრობდა ყველა, ამერიკელების ვიწრო წრის გარდა. სათავო ოფისთან გამართული კონსულტაციების შემდეგ FBI მივიდა დასკვნამდე,  რომ "ვუდროფი ბრმა ტყვიას შეეწირა." აღნიშნული დასკვნა 1996 წელს გამოქვეყნდა და თითქოს ამ საქმის განხილვაც შეწყდა, თუმცა, მომდევნო წლებში ეს საქმე კიდევ არაერთხელ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. 

"ჯაშუში, რომელიც მიატოვეს"

ik.jpg მაიკლ პულარას წიგნის ყდა

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების შედეგით კმაყოფილი იყო ქართული და ამერიკული მხარე, პასუხგაუცემელი კითხვები საქმესთან დაკავშირებით კვლავაც არსებობდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გამოძიების შედეგებს ეჭვით უყურებდა, ვუდროფის ოჯახის მეგობარი და ადვოკატი, მაიკლ პულარა იყო. პულარას თქმით, იგი საქმეში პრაქტიკულად მკვლელობის მომენტიდან, მას შემდეგ ჩაერთო, რაც ფრედის მკვლელობის შესახებ New York Times-ში წაიკითხა. 

პულარას თქმით, მან თავიდანვე საეჭვოდ მიიჩნია"ბრმა შემთხვევის" ვერსია და საქმეზე მუშაობა მოკლული ფრედი ვუდროფის დის თხოვნით დაიწყო. თავიდან პულარა საქმეში გარკვევას  აშშ-ში შეეცადა და გამოძიების ბიუროებს, საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით, რამდენიმეჯერ მიმართა. საქმესთან დაკავშირებით ის საქართველოში პირველად 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოვიდა. პულარა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის დროს, როდესაც პრეზიდენტს ვუდროფის საქმის ხელახალი გამოძიება სთხოვა. როგორც პულარა ამბობს, პრეზიდენტთან თხოვნამ არ გაჭრა, რის შემდეგაც მან საქმის უშუალო მონაწილის ძებნა და მასალების გაცნობა დაიწყო. 

პულარას თქმით, იგი საგამოძიებო სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებდა,  ჩაატარა რამდენიმე დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტიც, იგი შეხვდა ელდარ გოგოლაძესა და საქმის სხვა მოწმეებს. ხანგრძლივი დამოუკიდებელი გამოძიების შემდეგ პულარა მივიდა დასკვნამდე, რომ ანზორ შარმაიძე ფრედი ვუდროფის მკვლელობაში უდანაშაულო იყო. საქართველოში მორიგი ვიზიტის დროს, 2005 წელს, პულარამ ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცა მოკლულის ოჯახის წერილი "უდანაშაულო ადამიანის ციხიდან გათავისუფლების თხოვნის შესახებ", თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. 

მან პარალელურად მიმართა სასამართლოსა და საგამოძიებო უწყებებს საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით, თუმცა, მისი თქმით, ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, გამოძიება "პოლიტიკური ნების" არარსებობის გამო შეწყდა. ამის შემდეგ ქართულ სასამართლოებზე გადაერთო, რომელთაც შარმაიძის გათავისუფლებას სთხოვდა, თუმცა ეს მცდელობებიც ფუჭი აღმოჩნდა.

mail.jpg ვუდროფების ოჯახის ადვოკატი, მაიკლ პულარა თავის წიგნთან ერთად, 2018 წლის ნოემბერი

როგორც პულარა იხსენებს, შემდგომ მან გადაწყვიტა, ამერიკული მედიის ყურადღება მიეპყრო ამ საკითხისკენ და ამის მეშვეობით მიეღწია საწადელი მიზნისთვის. მართლაც, 2008 წლის 18 ოქტომბერს Wall Street Journal-ში ენდრიუ ჰიგინსის ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა. უნდა ითქვას, რომ ენდრიუ ჰიგინსი ვუდროფის მკვლელობის მომენტში გამოცემა Independent-ის კორესპონდენტად მუშაობდა და იგი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ვუდროფის მკვლელობის შესახებ 1993 წლის 23 აგვისტოს მასალა მოამზადა

საბოლოოდ, ანზორ შარმაიძე ციხიდან 2008 წლის 27 ოქტომბერს, Wall Street Journal-ში მასალის გამოქვეყნებიდან 9 დღეში გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიუხედავად, სასამართლოს შარმაიძისთვის ბრალი არ მოუხსნია, იგი ამ დრომდე ვუდროფის მკვლელობაში დადანაშაულებული ერთადერთი პირია. შარმაიძის გათავისუფლების პარალელურად, დასასრულს უახლოვდებოდა მაიკლ პულარას დამოუკიდებელი გამოძიებაც. პულარას თქმით, საქმეზე ყველაზე აქტიურად 2004-2009 წლებში მუშაობდა.

მრავალწლიანი გამოძიების შედეგად პულარა მივიდა დასკვნამდე, რომ ფრედი ვუდროფის მკვლელობის უკან არა ანზორ შარმაიძე, არამედ რუსული სპეცსამსახურები იდგა და ამის დამადასტურებული არგუმენტებიც წარმოადგინა. პულარას თქმით, ვუდროფი აშშ-ს დაზვერვის საბედისწერო ჩავარდნისა და შეცდომის მსხვერპლი გახდა. 

ვუდროფის სამშობლოში გადასვენების შემდეგ დაკრძალვაზე შეიკრიბნენ მისი კოლეგები სადაზვერვო სამმართველოდან, დაკრძალვაზე მისულ სტუმრებს შორის იყო CIA-ის ოფიცერი და მისი ნაცნობი, ოლდრიჩ ეიმსი. 1993 წლის მარტიდან მოყოლებული, ოლდრიჩ ეიმსი FBI-ს 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ბიუროს თანამშრომლებს უკვე გაჩხრეკილი ჰქონდათ ეიმსის სამუშაო კაბინეტი და სახლი. ბიურო ფიქრობდა, რომ სწორედ ეიმსი იყო "თხუნელა", რომელიც მრავალი წლის განმავლობაში КГБ-სთვის მუშაობდა.

ames.jpg ოლდრიჩ ეიმსი ახალგაზრდობაში

საქმე ის არის, რომ 1985-86 წლებში სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, დროის მოკლე მონაკვეთში, გაიშიფრა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამერიკელი აგენტი. საბჭოთა დაზვერვამ აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნებში ერთმანეთის მიყოლებით დაიჭირა ან გაანეიტრალა ათამდე ამერიკელი ჯაშუში. 

ამგვარი ელვისებური სვლის შემდეგ CIA-ში გაჩნდა ეჭვები, რომ ჩავარდნა საბჭოთა კავშირის მიერ გადაბირებული ჯაშუშის, ჰოვარდ ლის მიერ გათქმული ინფორმაციის შედეგი იყო, თუმცა, მალევე აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ 3 ამერიკელი ჯაშუში მოკლეს, რომელთა შესახებაც ლიმ არაფერი იცოდა. ამის შემდეგ გასაგები გახდა, რომ სამმართველოში ლის გარდა, შესაძლოა, სხვა "თხუნელაც" ყოფილიყო. ერთ-ერთი პირი, რომელზეც თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, ოლდრიჩ ეიმსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეიმსი გამოცდილი ჯაშუში იყო, მის საქმიანობას სასამართლოში, როგორც წესი, არც თუ ისე კარგად აფასებდნენ. გარდა ამისა, ეიმსი შემჩნეული იყო რამდენიმე სკანდალში, რომელიც ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას უკავშირდებოდა. 

მრავალთვიანი შიდა გამოძიებისა შემდეგ ეიმსი შესაძლო დამნაშავეთა შორის დასახელდა, თუმცა მან წარმატებით გაიარა დაკითხვა სიცრუის დეტექტორზე და გამოძიებამ დამნაშავე ვერ გამოავლინა. მოგვიანებით СIA-ის აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ  დაკითხვა მისმა ძველმა მეგობრებმა ჩაატარეს, რომლებმაც პროცესი მიკერძოებულად წარმართეს. დროებითი წარმატების მიუხედავად, ეიმსის მიმართ ეჭვები სამმართველოში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც რამდენიმე თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ ეიმსი მისი ხელფასისთვის შეუსაბამოდ ძვირიან ცხოვრების წესს ეწეოდა. უკვე 1993 წლის მარტში, მრავალთვიანი მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად, FBI-იმ დადასტურებულად იცოდა, რომ თხუნელა სწორედ ის იყო. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა დაზვერვისთვის მუშაობის წლებში ეიმსმა ჯამურად 4.6 მილიონი დოლარი მიიღო.

nik.jpg ცენტრალური სადაზვერვოს თანამშრომელთა ჯგუფი, რომელმაც სამმართველოში მოკალათებული მოღალატე გამოაშკარავა

მიუხედავად ამისა, FBI-მ ეიმსის დაპატიმრება არ იჩქარა, ამის მიზეზი ის იყო, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დანაკარგები მხოლოდ ეიმსის ღალატით ვერ აიხსნებოდა. გარდა ამისა, გამოძიების ბიუროს სურდ,  მისი მეშვეობით გასულიყო სხვა გადაბირებულ აგენტებზეც, ასეთების არსებობის შემთხვევაში. სწორედ ამ დროს, როდესაც FBI-ს გაშიფრული ჰყავდა მოღალატე თავის რიგებში, ეიმსი სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა, სადაც თავის ძველ ნაცნობ ფრედი ვუდროფს შეხვდა. 

ვუდროფის ოჯახის ადვოკატის, მაიკ პულარას თქმით, ეიმსი და ვუდროფი ერთ-ერთ ბარში სვამდნენ, როდესაც მათ შორის ხმამაღალი კამათი დაიწყო. პულარას ვერსიით, ეიმსს სიმთვრალეში მისი საქმიანობის შესახებ რაღაც წამოცდა და კამათიც ამის შემდეგ დაიწყო. ამ ვერსიის მიხედვით, ვუდროფი მიხვდა, რომ სწორედ ეიმსი იყო "თხუნელა", რის შემდეგაც ეიმსის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. თუ ამ ვერსიას გავყვებით, თბილისში ვუდროფთან გატარებული საღამოს შემდეგ თავს საფრთხეში გრძნობდა ეიმსიც, მაგრამ მან, ასევე, იცოდა, რომ შინაგანაწესის მიხედვით, ვუდროფი სამმართველოს მომხდარის შესახებ მხოლოდ ორი კვირის შემდეგ აცნობებდა. აქედან გამომდინარე ეიმსს თავის გადასარჩენად საკმარისი დრო ჰქონდა. 

მაიკლ პულარას ვერსიით, ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას, ოლდრიჩ ეიმსი დაუკავშირდა თავის კონტაქტს მოსკოვში და მომხდარის შესახებ აცნობა. აქ უკვე ეიმსს და რუსებს ორი არჩევანი ჰქონდათ, თბილისიდანვე მოეხდინათ ეიმსის ევაკუაცია რუსეთში ან განეიტრალებინათ პირი, რომელიც პრობლემას ქმნიდა, ფრედი ვუდროფი. პულარას თქმით, საბოლოოდ არჩევანი სწორედ ფრედი ვუდროფის მოკვლის სასარგებლოდ გაკეთდა. ადვოკატის ვერსიით, რუსებმა ვუდროფის მოსაკლავად ადგილზე ინფილტრირებული ჯაშუშები გამოიყენეს, მათ შორის, პულარა პირდაპირ მიუთითებს ელდარ გოგოლაძეზე, როგორც სავარაუდო მკვლელზე. პულარას ვერსიის მიუხედავად, ამაზე დანამდვილებით საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან საქმის უმნიშვნელოვანესი გარემოებები დღემდე გასაიდუმლოებულია. 

უკვე დაკითხვაზე მყოფმა ეიმსმა არაერთხელ უარყო ვუდროფის გაცემა რუსებისთვის, იგი ამტკიცებდა, რომ ვუდროფის მკვლელობაში უდანაშაულოა. ამის მიუხედავად, საგულისხმოა, რომ ეიმსი რუსებს გადასცემდა პრაქტიკულად ყველა ინფორმაციას, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე ხვდებოდა, მათ შორის ფრედი ვუდროფის საქმიანობის დეტალებს თბილისში. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ვუდროფის მკვლელობას წინ სწორედ ეიმსის მიერ რუსებისთვის გადაცემული ინფორმაცია უძღოდა. ამასვე ადასტურებს FBI-ს თანამშრომელი, დელ შპრიი, რომელიც თბილისში ვუდროფის საქმეს იძიებდა. მისი თქმით, "ნებსით თუ უნებლიედ, ეიმსის მოღალატეობრივმა საქმიანობამ გამოიწვია ფრედი ვუდროფის სიკვდილი." 

oldri_0.jpg ოლდრიჩ ეიმსის დაპატიმრების ფოტო

თავის მიზეზი აქვს ამერიკული მხარის პასიურობასა და სიჩუმეს ვუდროფის მკვლელობასთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ მის მკვლელობაში ეიმსის მხილება არა სამუდამო პატიმრობით, არამედ, სასიკვდილო განაჩენით დასრულდებოდა, ეს კი შეუძლებელს გახდიდა ეიმსის ხანგრძლივ დაკითხვას. აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს სურდა, ეიმსისგან მისი საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია მიეღო ეს კი შეუძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ კი ეიმსის ამერიკის მოქალაქის მკვლელობაში ამხელდნენ, რადგანაც ამგვარი დანაშაული აშშ-ს კანონმდებლობით სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებს. ოლდრიჩ ეიმსი ამ დრომდე ცოცხალია და სამუდამო პატიმრობას ინდიანას შტატის ერთ-ერთ ციხეში იხდის. 

2018 წელს მაიკლ პულარამ თავის წიგნი გამოსცა და საავტორო უფლებები ანზორ შარმაიძესთან გაიყო, იმ მიზნით, რომ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი შარმაიძესაც მიეღო. პულარას თქმით, ეს იყო მცირედი ზარალის ანაზღაურების მცდელობა ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრება დაუნგრიეს. 

ბოლო ათწლეულში ვუდროფის საქმე აქტუალური 2013 წელსაც გახდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქმის ხელახალი გამოძიება დააანონსა იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა. მისი თქმით, საქმე თავის დროზე არ იყო გამოძიებული და საჭირო იყო ხელახალი კვალიფიციური გამოძიების ჩატარება. 

წულუკიანის დადებული პირობის მიუხედავად, 7 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. გენერალური პროკურატურა საქმით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საქმის ერთ-ერთმა მონაწილემ, ელდარ გოგოლაძემ ოპოზიციურ არხს მოცულობითი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს გამოსვლის შემდეგ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, მისი ყოფილი ბოსისა და კრემლის კავშირებზე ჰყვებოდა, გაცოცხლა ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეც, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს საქმის პოლიტიკურ მოტივთან დაკავშირებით. 

@Laki კიდევ თუ გაინტერესებთ, საინტერესო ტექსტია :yeah:

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share