Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული ულტრამემარჯვენე რადიკალიზმი გამოხატვის თავისუფლების პრიზმაში


Recommended Posts

ნინო კვირიკაშვილი[1]

[პუბლიკაცია გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არ არიან პასუხისმგებელნი მასალის შინაარსზე]. 

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია და ის საქართველოში კონსტიტუციით არის დაცული. საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქტიურად იყენებენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას თავიანთი შეხედულებებისა და პოზიციების საჯაროდ გამოსახატავად. თუმცა, მეორე მხრივ, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი ქმედებები ზღუდავს სხვა ჯგუფების, განსაკუთრებით კი სხვადასხვა უმცირესობების ჯგუფების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, ცალკეულ შემთხვევებში კი ძალადობრივ ხასიათსაც იღებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, რიგ შემთხვევებში, ვერ უზრუნველყოფენ თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების თანაბრად გამოყენებას და მისი შეზღუდვის შემთხვევაში, დამაჯერებლად არ ხდება შეზღუდვის საფუძვლის დასაბუთება. შედეგად, მოქალაქეების ნაწილი ზოგიერთ შემთხვევაში ვერ სარგებლობს, ან მხოლოდ შეზღუდულად სარგებლობს ამ ფუნდამენტური უფლებით, რაც მნიშვნელოვანი ხარვეზია დემოკრატიული განვითარებისთვის.

ერთი მხრივ, ულტრამემარჯვენე ძალების მცდელობა, შეზღუდონ მათთვის მიუღებელი ჯგუფების გამოხატვის თავისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, ამის საპასუხოდ სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა ნაწილისთვის იმავე უფლების შეზღუდვა მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით,  შეზღუდვის საფუძვლის უტყუარად დასაბუთების გარეშე, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეებს და ხელს უშლის გამოხატვის თავისუფლებაზე მათ შეუფერხებელ წვდომას.

გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ბევრი სხვა უფლების სრულყოფილად რეალიზება. გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია კონსტიტუციითა და კანონით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, „დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“, ხოლო საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მაღალ სტანდარტს აწესებს და იცავს „აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას“. გარდა ეროვნული კანონმდებლობისა, გამოხატვის თავისუფლება ასევე დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლით. გამოხატვის თავისუფლებასთან ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული და მისი უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს „საჯაროდ და უიარაღოდ“ შეკრების უფლება, რომელიც კონსტიტუციის 21-ე მუხლით არის დაცული.

თუმცა, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სხვების უფლებების დასაცავად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს „უტყუარ მტკიცებულებებს“ და თუ ეს ვერ დასტურდება, გადაწყვეტილება მიიღება გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ. ასევე შესაძლებელია შეკრების თავისუფლების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ „მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო“. გამოხატვისა და შეკრების უფლების ხელყოფა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება.

 ულტრამემარჯვენე ჯგუფები და გამოხატვის თავისუფლება

მიუხედავად კანონმდებლობის მიერ დაწესებული მაღალი სტანდარტისა, გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, რიგ შემთხვევებში, ეზღუდებათ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და უმცირესობების წარმომადგენლებს, რაც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ჯგუფების  მიერ გამოხატვის თავისუფლების იმგვარად გამოყენებასთან, რომელიც სცდება კანონის ჩარჩოებს. ამგვარი პრაქტიკა, განსაკუთრებით თუ მას არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან, სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, რომლის მაღალ ხარისხში დაცვაც დემოკრატიისა და პლურალიზმის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში განსაკუთრებით სენსიტიურები არიან სექსუალური უმცირესობების (ლგბტქი) საკითხების მიმართ და შესაბამისად, მათი ქმედებები ხშირად სწორედ ამ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული ქმედებები ხშირად შეიცავს მუქარას, კონტრაქციებს, ძალადობისკენ მოწოდებასა თუ ძალადობას. მაგალითისთვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით, თბილისი პრაიდის კვირეულის საპასუხოდ, „ქართულმა მარშმა“ ღონისძიების ჩასაშლელად თბილისის ცენტრალური ქუჩების დაკავების მოთხოვნით ქალაქის მერიას მიმართა, ხოლო მოგვიანებით, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, რომელიც მუქარისა და ძალადობის ელემენტებს შეიცავდა. ასევე, „ქართული მარში“ ღიად დაემუქრა ფეხბურთელ გურამ კაშიას ლგბტქი თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო და მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია ლგბტქი დროშების დაწვისა და სტადიონის ალყაში მოქცევის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ დინამოს სტადიონზე ლგბტქი სიმბოლიკა იქნებოდა. მოქალაქეთა ნაწილმა ასევე ვერ შეძლო ან შეფერხებით შეძლო ლგბტქი თემატიკაზე შექმნილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე დასწრება კინოთეატრ „ამირანის“ წინ ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მობილიზებისა  და მათი მხრიდან ძალადობის გამო.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები არანაკლებ სენსიტიურები არიან რელიგიური საკითხების მიმართ. კერძოდ, ერთ-ერთი ჟურნალისტის რელიგიური ხასიათის კომენტარის გამო, „ქართული მარშის“ წევრები მას ავტომობილიდან გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რის შედეგადაც  დაშავდა სხვა ჟურნალისტიც. მათი წინააღმდეგობა ასევე შეეხო მშვიდობიან პროტესტანტებსაც, რომლებიც პარლამენტის წინ თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ. რამდენიმე ულტრამემარჯვენე ჯგუფის მიერ გამართული კონტრაქციის გამო, რომელიც მუქარის, ფიზიკური ძალადობისა და ძალადობრივი მოწოდებების ფაქტებს შეიცავდა, აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებს სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ტერიტორიის დატოვება მოუწიათ.

ულტრამემარჯვენე ძალები მუდმივად ცდილობენ მათთვის მიუღებელი ჯგუფებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოწოდებებისა თუ კონტრ-აქციების გზით და ხშირად აღნიშავენ, რომ ისინი მოქმედებენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.  თუმცა, რიგ შემთხვევებში, მათი ქმედებები შეიცავს მუქარას და ძალადობრივ ხასიათს იღებს, რაც ამ უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს და აშკარად სცდება გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობით დადგენილ საზღვრებს. შესაბამისად, მსგავსი ქმედებების გამოხატვის თავისუფლების ჭრილში განხილვა არამართებულია.

სახელმწიფოს რეაგირება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე

ერთი მხრივ, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო არასაკმარისად რეაგირებს ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და უმცირესობების ჯგუფების მიმართ გამოვლენილ მუქარისა და ძალადობის ფაქტებზე. ხოლო მეორე მხრივ, ცალკეულ შემთხვევებში, მოქალაქეთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის დამაჯერებლად დასაბუთებული სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მასზე მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფების არათანაბარი წვდომა საგულისხმო პრობლემაა და სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ და ეფექტურ რეაგირებას საჭიროებს. 

არასაკმარისი რეაგირების ჭრილში შესაძლოა განვიხილოთ ის ფაქტი, რომ მიუხედავად სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხრიდან გამოხატული პოზიციისა, რომ ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე თავდასხმისას ასევე იკვეთებოდა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულის ნიშნები, გამოძიებას დანაშაულისთვის ეს კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და მისი შეზღუდვის მცდელობებზე სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მყისიერი, ეფექტური და ადეკვატური რეაგირება. ასევე, მიუხედავად სამართალდამცავების რეაგირებისა, მოქალაქეთა ნაწილს მაინც შეეზღუდა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნახვის შესაძლებლობა. მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მიუხედავად გაჟღერებული მუქარებისა, სახელმწიფო ორგანოებმა არ მიიღეს პრევენციული ზომები, ვერ მოახერხეს აუცილებელი დისტანციის შენარჩუნება სხვადასხვა ჯგუფებს შორის და ვერ უზრუნველყვეს კინოთეატრში მოქალაქეთა შეუფერხებლად შესვლა და მათი უსაფრთხოების დაცვა.

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სახელმწიფოს მხრიდან, კანონის თანახმად, ამგვარი შეზღუდვა უტყუარად უნდა იყოს დასაბუთებული. აღნიშნული პრინციპი, რიგ შემთხვევებში, არ არის ხოლმე დაცული, რაც ასევე უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტზე ქვეყანაში. მაგალითისთვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება შეეზღუდათ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს, როდესაც შსს-მ „ღირსების მარშის“ ორაგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომლებსაც მშვიდობიანი მსვლელობის ჩატარება სურდათ, უსაფრთხოების გარანტიები ვერ მისცა ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხის გამო. ამ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ იყო საკმარისად დასაბუთებული სახელმწიფოს მხრიდან. იმავე უსაფრთხოების დაცვის მოტივით, მოქალაქეების ნაწილს შეეზღუდა ლგბტქი ატრიბუტიკის შეტანა დინამოს სტადიონზე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეფასდა, რომელიც ასევე არასაკმარისად იყო დასაბუთებული. ამავე ჭრილში შეიძლება განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, სამართალდამცველებმა მოქალაქეებს თავიანთი ფანჯრებიდან გადმოფენილი ცისარტყელას ფერის დროშა ჩამოახსნევინეს.

გამოხატვის თავისუფლებაზე ყველა მოქალაქის შეუფერხებელი და თანაბარი წვდომა ქმნის კონკურენტულ გარემოს განსხვავებული იდეების არსებობისთვის და უზრუნველყოფს პლურალიზმს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მართალია, ულტრამემარჯვენე რადიკალური ძალები საქართველოში საპარლამენტო დონეზე ჯერჯერობით ვერ აღწევენ წარმატებას, თუმცა დემონსტრაციებითა და კონტრ-დემონსტრაციებით თვალსაჩინო გავლენას ახდენენ როგორც მედია-დისკურსზე, ასევე სხვადასხვა ჯგუფების მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სრულად რეალიზებაზე. შესაბამისად, აღნიშნული უფლების უკეთ დასაცავად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირება, იქნება ეს პრევენციული სახის ღონისძიებები, დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველყოფა თუ კანონდამრღვევთა შესაბამისად დასჯა.

 


[1] ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის კვლევების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის  (IMCEERES) სტუდენტი

The post ქართული ულტრამემარჯვენე რადიკალიზმი გამოხატვის თავისუფლების პრიზმაში appeared first on GIP.

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share