ფორუმელი Moor Posted 8 იანვარი, 2021 Posted 8 იანვარი, 2021 ფედერალისტი # 1: ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი # 1: ჰამილტონი 1787 წ. 27 ოქტომბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს რაკიღა ცხადლივ გამოსცადეთ არსებული ფედერალური მმართველობის უვარგისობა, სხვა გზა არ არის, თუ არა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი კონსტიტუცია განიხილოთ. ეს თემა თვით მეტყველებს თავისსავე მნიშვნელობაზე; თუკი ჩავუკვირდებით, მაშინ ერთობ საინტერესო ყოფილა სწორედ ჩვენი კავშირის არსებობა, მისი შემადგენელი ნაწილების უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ჩვენი იმპერიის ბედი, მრავალმხრივ რომაა ყველაზე საინტერესო მთელი მსოფლიოსათვის. მრავალგზის მიუნიშნებიათ, თითქოსდა ჩვენს ქვეყანას წილად რგებოდეს თავისი ქცევითა და მაგალითით გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხი: ნამდვილად შესწევთ თუ არა ძალა ადამიანთა საზოგადოებებს, განსჯასა და არჩევანზე დაფუძნებული ვარგებული მმართველობა დაამყარონ, თუ ერთხელ და სამუდამოდ არიან განწირულნი თავიანთი პოლიტიკური აგებულება შემთხვევითობასა და ძალმომრეობას დაუმონონ. თუკი ამ მინიშნებაში არის სიმართლის რაღაც მარცვალი, მაშინ კრიზისი, რომელიც დაგვდგომია, ვინძლო მართლაც ის დრო იყოს, როცა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს; და თუ მცდელობა გაგვიცუდდა, მაშინ ალბათ, დავიმსახურებთ, კაცობრიობას უსაშველო ჭირად ვერაცხებოდეთ. ეს მოსაზრება პატრიოტულ ზრახვებს ფილანთროპიულსაც ზედ ურთავს, ამძაფრებს წუხილს, რასაც ყოველი დარბაისელი და კეთილი ადამიანი უნდა განიცდიდეს ამ ამბის გამო. რაღა აჯობებს, თუკი ჩვენი არჩევანი ჩვენივე ჭეშმარიტ ინტერესთა გონივრულ შეფასებას დაემყარება, თუკი მას არ აამღვრევს და არ გაამრუდებს ისეთი მოსაზრებები, ხელი რომ არ აქვთ საზოგადო სიკეთესთან. ეს, ალბათ, უფრო მხურვალე სურვილია, ვიდრე ასახდენი მოლოდინი. თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი პროექტი აუარება კერძო ინტერესს ეხება, უამრავ ადგილობრივ დაწესებულებას უცვლის სახეს, მაგრამ იგი არ განიხილავს მისი ღირსებისთვის შეუფერებელ სხვადასხვა თემას, არც იმ შეხედულებებს, გრძნობებსა და წინასწარ რწმენებს, ნაკლებ რომ უწყობენ ხელს ჭეშმარიტების გამჟღავნებას. საზარელ დაბრკოლებათა შორის, რომელებსაც ახალი კონსტიტუცია გადაეყრება, თითოეულ შტატში იოლად შეიცნობა იმ ხალხის აშკარა ინტერესი, წინააღმდეგი რომაა ყოველგვარი ცვალებადობისა, რაკი უფრთხის ძალაუფლების, ჯამაგირის და სარგებლის შეკვეცას, რასაც მას შტატის დაწესებულებაში სამსახური აძლევს. ასეთივე დაბრკოლებაა უკუღმართი ამბიცია ადამიანთა იმ ჯგუფისა, რომელსაც ქვეყნის არეულობით ხელის მოთბობა ეოცნებება, ანდა უფრო წარმტაც პერსპექტივას ელოლიავება; ხომ უფრო ადვილია ხელი გამოჰკრა კარგ თანამდებობას მრავალ შემადგენელ კონფედერაციად დანაწევრებული იმპერიის ადგილობრივ მთავრობებში, ვიდრე ერთს – ცენტრალურ ხელისუფლებაში. ამგვარი შენიშვნებით თავს არ შეგაწყენთ. კარგად ვიცი, უსინდისობა იქნებოდა, განურჩევლად ყველა ადამიანი (მარტოოდენ იმიტომ, რომ მათი თანამდებობრივი მდგომარეობა ბადებს ეჭვს) მიკერძოებულ, ანდა პატივმოყვარე ოპოზიციად მიგვეჩნია. პატიოსნება გვავალდებულებს ვივარაუდოთ, რომ მათაც წრფელი ზრახვები ამოძრავებთ. შეუძლებელია ეჭვს იწვევდეს ის, რომ დაპირისპირება, რომელიც უკვე გამომჟღავნდა. ანდა რამაც აწი უნდა იჩინოს თავი, წესიერებით თუ არა, კეთილმოსურნეობით მაინც საზრდოობს. ესაა გონების წრფელი ცდომილება. გონებისა, რომლისთვისაც გზა აურევია წინასწარაკვიატებულ შურსა და შიშს. სინამდვილეში ეგზომ აუარება და ძლევამოსილია მიკერძოებული მსჯელობის მიზეზები, რომ ბრძენი და კეთილი ადამიანებიც კი საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდნენ მართებულადაც და უმართებულოდაც. ჯეროვნად თუ ჩავუკვირდებით, ეს გარემოება ზომიერების ნიმუშად უნდა დაისახონ იმათ, ვისაც ყოველი დავისას სიმართლე თავისკენ დაუგულებია. ამ მხრივ სიფრთხილის კიდევ ერთი საფუძველია შემდეგი დაკვირვება: შეუძლებელია, ყოველთვის დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რომ ჭეშმარიტების დამცველს უფრო წმინდა ზრახვა ამოძრავებს, ვიდრე მის მოწინააღმდეგეს. ამბიცია, სიხარბე, პირადი მტრობა, პარტიული დაპირისპირება და ბევრიც სხვა, უფრო სათაკილო მოტივი იმათზეც მოქმედებს, ვინც საკითხს მართებულად წყვეტს და იმათზეც, ვინაც ამგვარ გადაწყვეტილებას უპირისპირდება. თავშეკავების ამგვარი მოტივები რომც არ არსებულიყო, მაინც არაფერი იქნებოდა უფრო არაგონივრული, ვიდრე ურთიერთუნდობლობის ის სულისკვეთება, რომელიც ოდითგანვე ახასიათებდათ პოლიტიკურ პარტიებს. ადამიანების მოქცევა ცეცხლითა და მახვილით პოლიტიკაშიც სისულელეა და რელიგიაშიც; დევნა და შევიწროება ძნელად თუ გამოდგება ერესისგან განკურნების საშუალებად. მიუხედავად იმისა, სამრთლიანია თუ არა, ვითვალისწინებდეთ ამგვარ აზრებს, მაინც საკმაო ნიშანი გვაქვს იმისა, რომ ასეთი რამ ყოველი ნაციონალური პაექრობისას ხდებოდა და ახლაც ასე მოხდება. გადმოინთხევა ბოღმისა და გესლის წამლეკავი ნაკადი. ურთიერთდაპირისპირებული პარტიების ქცევიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ თითოეულ მათგანს ეიმედება, ქვეყანას მოსდონ თავიანთი შეხედულებების სამართლიანობა; მოიმრავლონ მომხრეები გამაყრუებელი განცხადებებითა და საშინელი ლანძღვა-გინებით; ყბად აიღონ განსწავლული თავგამოდება ენერგიული და ეფექტური მმართველობისადმი; აქაოდა, ეს თავგამოდება იმ ზნემ შობა, დესპოტურსა და თავისუფლების პრინციპებისადმი მტრულ ხელისუფლებას რომ ეტრფისო. გადამეტებული დაეჭვება იმაში, ვაითუ საფრთხეში იყოს ადამიანის უფლებებიო, გონების ცდომილება უფროა, ვიდრე გულისა; იგი წარმოგვიდგება, როგორც უბრალო თვალთმაქცობა და ოინი, როგორც სატყუარა, რათა საზოგადო სიკეთის სანაცვლოდ პოპულარობა მოიხვეჭო. ერთი მხრივ, დაივიწყებენ, რომ ეჭვი ყოველთვის მხოლოდ სიმართლეს ახლავს თან და რომ თავისუფლებისადმი ამაღლებულ სწრაფვას ადვილად დარევს ხოლმე ხელს უნდობლობისა და გაუტანლობის სული. მეორე მხრივ, ისიც დავიწყებას მიეცემა, რომ ძლევამოსილი მმართველობა აუცილებელია სწორედ თავისუფლების უსაფრთხოებისათვის; რომ ჯანსაღმა და განსწავლულმა მსჯელობამ შეუძლებელია დააშორიშოროს მათი ინტერესები და რომ სახიფათო ამბიციები ხალხის უფლებებისადმი თავგამოდების მიმზიდველი ნიღბის უკან არის მიმალული და არა მათდამი თავანკარა გულმოდგინეობაში, რასაც მხოლოდ იმის გამო ვერ ჰგუობენ, რომ მკაცრსა და ენერგიულ მმართველობას ესწრაფვის. ისტორია გვასწავლის, რომ პირველი უფრო უტყუარი გზაა დესპოტიზმისაკენ, ვიდრე მეორე რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც ფეხქვეშ თელავდნენ რესპუბლიკათა თავისუფლებებს, თავიანთ კარიერას ხალხთან პირმოთნე კურკურით იწყებდნენ. თავიდან დემაგოგობდნენ, ბოლოს კი ტირანებად იქცეოდნენ. თანამოქალაქენო! წინასწარი შენიშვნებისას გულისყური ერთთავად იქითკენ მქონდა, რომ თქვენი კეთილდღეობისათვის ეგზომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენა არ მოეხდინა სხვა რამ შთაბეჭდილებას, თუ არა იმას, რაც ჭეშმარიტების სიცხადიდან მომდინარეობს. უეჭველია, მათი ზოგადი თვალსაწიერიდან დაასკვნიდით, რომ ისინი ახალი კონსტიტუციისადმი კეთილგანწყობით გამსჭვალულან. დიახაც, ჩემო თანამემამულენო! უნდა ვაღიარო, პროექტის საგულდაგულო აწონ-დაწონვის მერე ნათლად ვხედავ, რომ თქვენთვის სასარგებლოა მისი მიღება. დარწმუნებული ვარ, იგი ყველაზე საიმედო საშუალებაა თქვენი თავისუფლების, ღირსებისა და ბედნიერების უზრუნველსაყოფად. თავის მოკატუნება ვერაფერი საკადრისია. ფიქრად არა მაქვს, თქვენს გასართობად წარმოვადგინო ჩემი მსჯელობები, რომელთა საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება. გულწრფელად გიზიარებთ ჩემს შეხედულებებს და უშურველად გადმოგიშლით იმ საფუძვლებს, რომელთაც ისინი ემყარება. შეგნებული და კეთილი ზრახვები ვერ ჰგუობენ ორაზროვნებას. ამ საკითხზე ჩემს გრძნობათა გამხელას არ ვაპირებ. დაე! ისინი დარჩნენ ჩემი გულის საცავში. არგუმენტაცია კი საჯაროდ გამომაქვს. ჯერარს, იგი ყველამ განსაჯოს. ერთი რამ კია, ჩემს მსჯელობათა სულისკვეთება აგდებით არ უყურებს ჭეშმარიტებას. განზრახული მაქვს, სტატიათა სერიაში, ცალ-ცალკე გავარჩიო შემდეგი საინტერესო საკითხები: კავშირის სარგებლიანობა თქვენი კეთილდღეობისათვის; ახლანდელი კონფედერაციის არასაკმარისობა საიმისოდ, რომ შენარჩუნებული იქნას ეს კავშირი; აუცილებლობა ისეთი ენერგიული მმართველობისა, რაც ამ მიზანს მიგვაღწევინებს; შემოთავაზებული კონსტიტუციის შესაბამისობა რესპუბლიკური მმართველობის ჭეშმარიტ პრინციპებთან; მისი მსგავსება თქვენი მშობლიური შტატების კონსტიტუციებთან და ბოლოს, დამატებითი დარწმუნებულობა იმაში, რომ შენარჩუნებული იქნება მმართველობის ამ ფორმის თავისებურება თავისუფლებისა და საკუთრების უზრუნველსაყოფად. პროექტის განხილვისას შევეცდები, დამაკმაყოფილებელი პასუხი გავცე ყველა შეპასუხებას, რომელიც კი წამოიჭრება და რამდენადმე მაინც იპყრობს თქვენს ყურადღებას. იქნებ ზედმეტიც კი იყოს დასაბუთება იმისა, რომ სასარგებლოა ამ კავშირის შენარჩუნება, რაკი ეს აზრი ღრმად გასჯდომია გულში ადამიანთა უმრავლესობას თითოეულ შტატში; ერთი შეხედვით, მას არც კი უნდა ჰყავდეს მოწინააღმდეგე. მაგრამ ფაქტია, რომ ახალი კონსტიტუციის ავისმოსურნეთა წრეებში გაუთავებლად ჩურჩულებენ იმის თაობაზე, ცამეტი შტატი ძალიან დიდი სივრცე ხომ არაა საიმისოდ, რათა ისინი რომელსამე საერთო სისტემაში ჩავატიოთო, და რომ აუცილებელია, ერთი მთელის განსხვავებული ნაწილებისგან შეიქმნას ცალ-ცალკე კონფედერაციებიო; როგორც ჩანს, ეს დოქტრინა ნაბიჯ-ნაბიჯ გავრცელდება, ვიდრე საკმარის მომხრეებსა და მერე, საყოველთაო მხარდაჭერას მოიპოვებდეს. იმათთვის, ვისი ხედვის ჰორიზონტიც ფართოა, არ არსებობს ახალი კონსტიტუციის უფრო აშკარა ალტერნატივა, ვიდრე ეს ჩვენი კავშირის დანაწევრებაა. ამიტომაც უპრიანია, თავდაპირველად გამოვიკვლიოთ კავშირის უპირატესობანი; გავისიგრძეგანოთ ის უბედურებანი და მოსალოდნელი საფრთხეები, რომლებიც თითოეულ შტატს დაემუქრება, თუკი კავშირი დაიშლება. ჩემი მომდევნო სიტყვის საგანი სწორედ ეს არის. თუკი გულდაგულ გავადევნებთ თვალს, იგივე იდეა გამოთქმულია ახალი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ბოლოდროინდელ პუბლიკაციებში. პუბლიუსი ფედერალისტი #2: ჯეი Spoiler ფედერალისტი #2: ჯეი 1787 წ. 31 ოქტომბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს ამერიკის ხალხი თუკი ჩაუკვირდება იმ საკითხს, რისი გადაწყვეტაც ჯერარს, – საკითხს, რომელიც იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს იმათ შორის, რომელთაც მისი ყურადღება ოდესმე დაუპყრია, – მაშინ ნათელი გახდება თუ რაოდენ მართებულია, რომ იგი ამომწურავად და ფრიადი სერიოზულობით გადაწყდეს. არაფერია იმაზე უფრო უტყუარი, ვიდრე ის, რომ ადამიანებს აუცილებლად ესაჭიროებათ მმართველობა; ასევე, უდავოა ისიც, რომ სადაც და როგორც უნდა იყოს იგი დაფუძნებული, ხალხმა მას უნდა ჩააბაროს თავისი ბუნებრივი უფლებების ნაწილი, რათა მთავრობა აუცილებელი ძალაუფლებით აღიჭურვოს. ამიტომაც, უთუოდ ღირს დაფიქრებად ის, თუ რა უფრო ხელსაყრელია ამერიკის ხალხისათვის; თუ რა არის მისი ინტერესი; იყოს ფედერალურ მმართველობას დაქვემდებარებული ერთი ნაცია თუ დაცალკევებული კონფედერაციები, რომელთაგან თითოეული იმავე უფლებით იქნება აღჭურვილი, რომლის მინიჭებაც პროექტით მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მთავრობისთვისაა ნავარაუდევი. დღევანდლამდე ეჭვს არ იწვევდა და ყველა იზიარებდა იმ მოსაზრებას, რომ ამერიკის ხალხის კეთილდღეობა დამოკიდებული იყო კავშირის ურყევ სიმტკიცეზე, ამას შენატროდნენ, ამაზე ლოცულობდნენ და საამისოდ იღვწოდნენ ჩვენი რჩეული და უჭკვიანესი თანამემამულენი. სადღეისოდ კი ქვეყნიერებას მოევლინებიან პოლიტიკოსები, რომლებიც დაბეჯითებით ირწმუნებიან, ასეთი მოსაზრება მცდარიაო. უსაფრთხოებასა და ბედნიერებას შეკავშირებაში კი არ უნდა ვეძიებდეთ, არამედ ისინი უნდა გვეგულებოდეს ერთიანი სახელმწიფოს დაქუცმაცებაში კონფედერაციებად თუ სუვერენულ წარმონაქმნებადო. როგორ ექსცენტრულადაც უნდა გვეჩვენოს ეს დოქტრინა, მას ჰყავს თავისი ადვოკატები. ზოგიერთი პატივცემული გვამი ადრე არ იზიარებდა, მაგრამ ახლა ემხრობა ამ აზრს. როგორიც უნდა იყოს ის არგუმენტები და მოტივები, რომლებმაც ამ ჯენტლმენებს აზრი და განაცხადი შეაცვლევინა, მაინც არ იქნებოდა გონივრული, მთელ ხალხს გაეზიარებინა ეს ახალი პოლიტიკური პრინციპი. თუკი სრულად არ იქნებოდა დარწმუნებული იმაში, რომ ის ჭეშმარიტებასა და ჯანსაღ პოლიტიკას ემყარება. ყოველთვის სიამოვნების ჟრუანტელი მივლის ხოლმე, როცა ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი ამერიკა როდი იყო დაცალკევებული და დაშორიშორებული ტერიტორიების უბრალო ჯამი, არამედ, ეს ერთიანი, ნაყოფიერი და ფართოდგაშლილი ქვეყანა წილად ხვდა თავისუფლებისმოყვარულ ჩვენს ვაჟკაცებს, რომლებიც თავის დროზე დასავლეთიდან გამოვიდნენ. განგებამ განსაკუთრებული წყალობა მოიღო ამ ქვეყნისადმი. დააფერთხა მას მრავალფეროვანი ნიადაგი და წიაღისეული. მის მკვიდრთ სალხენად და სახეიროდ უწყალობა აურაცხელი მოჩუხჩუხე წყარო და ნაკადული. სანავიგაციო წყლების წყება ერთგვარი ყელსაბამივით შებმია მის ნაპირებს, თითქოსდა ერთმანეთთან ჰკრავსო მათ, ხოლო ქვეყნის შიგნით ერთმანეთისაგან ხელდასამხარ დაშორებაზე მიიზლა-ზნება მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი მდინარეები – უმოკლესი გზები, რომლებიც აიოლებენ იმას, რომ ხალხმა ერთმანეთს ძმური დახმარების ხელი გაუწოდოს, ურთიერთშორის ტვირთბრუნვა და საქონელგაცვლა აწარმოოს. იმავე სიამოვნების ჟრუანტელს დაუვლია ხოლმე, როცა შემინიშნავს, რომ განგებამ ეს განუყოფელი ქვეყანა ერთადერთ ხალხს უწყალობა – ხალხს, რომელიც ერთი და იმავე წინაპრის შთამომავალია; ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობს; ერთსა და იმავე სარწმუნოებას აღიარებს; ერთგულია მმართველობის ერთი და იმავე პრინციპებისა. ხალხს, რომელიც ძალზე ჰგავს ერთმანეთს ზნითა და ჩვეულებით. ხალხს, რომელსაც გაერთიანებული რჩევით, ჯარებითა და ძალისხმევით მრავალი ხნის მანძილზე ერთმანეთის მხარდამხარ უომია სისხლისმღვრელ ომებში, რის შედეგადაც მოუპოვებია საყოველთაო თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს ქვეყანა და ეს ხალხი, თითქოსდა, ერთმანეთისთვის გაუჩენია ღმერთს, თითქოსდა განგებას ენებებინოს, რომ ჭეშმარიტი ძმობით აღბეჭდილი ეს მემკვიდრეობა არასოდეს გაიხლიჩოს დაქსაქსულ, ერთმანეთის მოშურნე და ერთმანეთისადმი მტრულ სუვერენულ წარმონაქმნებად. ყოველი საზოგადოებრივი მდგომარეობისა და მრწამსის ადამიანს დღევანდლამდე უფრო ამგვარი აზრები ჰქონდა. საერთოსა და მთავარში ჩვენ ერთ ხალხად ჩამოვყალიბდით; თითოეული ჩვენი მოქალაქე, სადაც უნდა ყოფილიყო იგი, ერთი და იმავე ეროვნული უფლებით, პრივილეგიითა და მფარველობით სარგებლობდა. ჩვენი, როგორც ერის, ერთიანობა ყველაფერში ვლინდებოდა. მაშინ, როცა მოწინააღმდეგეს ვუზავდებოდით თუ მასთან ომში ვებმებოდით; საერთო მტერზე ვიმარჯვებდით თუ სხვადასხვა ალიანსში შევდიოდით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით თუ ხელშეკრულებებს ვდებდით. რაკი ხალხს მტკიცედ სწამდა, რომ კავშირი ძალზე ფასეულია და სასიკეთო, ამიტომ მის შესანარჩუნებლად და უკვდავსაყოფად ადრევე ჩამოაყალიბა ერთიანი ფედერალური მთავრობა. იგი თითქმის ჩვენი ხალხის მიერ პოლიტიკური არსებობის მოპოვებისთანავე დაფუძნდა. უფრო მეტიც, იგი იმ დროს დაწესდა, როს ცეცხლის ენები ტკაცანით ნთქავდა მათს საცხოვრისებს, როს ურიცხვი მათი თანამოძმე სისხლისაგან იცლებოდა, როს ომი და სასოწარკვეთა სპობდა მშვიდი მოფიქრებისა და აღუშფოთველი აწონდაწონის ყოველგვარ საშუალებას, რაც ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს ხოლმე თავისუფალი ხალხის მიერ ბრძენი და გაწონასწორებული ხელისუფლების ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, რომ იმ ჟამთა სიავეში შექმნილი მმართველობა ვერაფერი შვილი იქნებოდა და ვერ უპასუხებდა მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს. ჩვენმა გონიერმა ხალხმა შეიგნო და შეინანა ეს ნაკლოვანებანი. ურთიერთკავშირი ამ ხალხს მათსავე თავისუფლებაზე ნაკლებ როდი უყვარს. ამიტომაც ჩასწვდა კარსმომდგარ საფრთხეს, რომელიც ჯერ კავშირს ემუქრება და მერეღა – თავისუფლებას. რაკი დარწმუნდა, რომ კავშირისა და თავისუფლების ყოვლისმომცველი უსაფრთხოების საწინდარი სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა ბრძნულად გამართული ნაციონალური მმართველობა, ხალხმა ერთსულოვნად გადაწყვიტა, ფილადელფიაში მოეწვია ამასწინანდელი კონვენტი, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხს განიხილავდა. კონვენტის წევრებად აირჩიეს ისეთი ადამიანები, რომლებიც ხალხის ნდობით სარგებლობდნენ. მათი უმრავლესობის გონება და გული ომიანობის უმძიმესმა განსაცდელმა გამოსცადა. მათ ბრძოლის ველზე დაამტკიცეს თავიანთი ზნემაღალი პატრიოტობა, სიქველე და სიბრძნე. მშვიდობიანობის აღუშფოთველ ჟამს სხვა რამ საფიქრალთაგან განრიდებულმა ამ ღირსეულმა კაცებმა მრავალი თვე განლიეს გულდამშვიდებულსა და აუმღვრეველ ბჭობაში. მათ არც ხელისუფლების შიში ჰქონიათ და არც სხვა რამ გრძნობას წარუტაცნია მათი გონება თვინიერ სამშობლოს სიყვარულისა. და აი, შეადგინეს და ხალხის სამსჯავროზე გამოიტანეს პროექტი, როგორც ნაყოფი მათი შეერთებული და ფრიადი ერთსულოვნებით აღბეჭდილი მიზანდასახულობისა. საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ პროექტს თავს კი არავინ გახვევთ, არამედ მხოლოდ გთავაზობენ. მაგრამ გთავაზობენ არა იმიტომ, რომ ბრმად მოიწონოთ ანდა ბრმადვე დაიწუნოთ, არამედ იმიტომ, რომ იმგვარი მიუკერძოებლობითა და სიწრფელით განიხილოთ იგი, რასაც ჭეშმარიტად იმსახურებს ეს საგანი თავისი სიზვიადითა და მნიშვნელობით. მაგრამ (როგორც წინა წერილში აღინიშნა) საკითხის ამგვარი განხილვა და გამოკვლევა ალბათ ოცნებაში უფროა შესაძლებელი, ვიდრე სინამდვილეში. ძველი გამოცდილება გვასწავლის, რომ ზედმეტი გულუბრყვილობით არ ვეკიდებოდეთ ამგვარ იმედებს. ჯერ კიდევ არ მისცემია დავიწყებას ის ამბავი, რომ კარს მომდგარი საფრთხის საფუძვლიანმა გააზრებამ აიძულა ამერიკის ხალხი, 1774 წელს მოეწვია ღირსსახსოვარი კონგრესი. ამ ორგანიზაციამ რამდენიმე ღონისძიება შესთავაზა თავის ამომრჩეველს. მოვლენებმა აჩვენეს, რომ მიღებული ზომები ბრძნული იყო. დღემდე ისიც ცოცხლად შემოუნახავს მეხსიერებას, რომ ყოველკვირეულ გაზეთებში მაშინვე დატრიალდა სწორედ ამ ღონისძიებათა წინააღმდეგ მიმართული პამფლეტებისა და კრიტიკის კორიანტელი; კერძო ინტერესებს გადაგებული სახელმწიფო მოხელეები, ის თანამდებობის პირები, რომლებიც მართებულად ვერ აფასებდნენ შედეგებს, ანდა ადრინდელი გულმოდგინების ხათრით მოქმედებდნენ; ხელმძღვანელი მუშაკები, რომლებიც ისეთ მიზნებს ისახავდნენ, რითაც საზოგადო სიკეთეს არად დაგიდევდნენ, დაუცხრომლად ამუნათებდნენ ხალხს, ყურად არ ეღოთ პატრიოტი კონგრესის რჩევა, ბევრი გააბრიყვეს. მაგრამ, უმრავლესობამ ისე სამართლიანად განსაჯა და გადაწყვიტა, რომ ამის გამო ახლა სიამოვნებისაგან ნეტარებენ. ხალხი დარწმუნდა, რომ კონგრესმენთა უმრავლესობა ბრძენი და გამოცდილი ადამიანი იყო; რომ ქვეყნის სხვადასხვა მხარიდან მოწვეულებმა თავი ერთად მოიყარეს და ერთმანეთს ბევრი სასარგებლო ცნობა გაუზიარეს; რომ თავყრილობის განმავლობაში მათ გამოიძიეს და განიხილეს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები და მის თაობაზე საფუძვლიანი ცოდნა შეიძინეს; რომ ისინი პიროვნულად იყვნენ დაინტერესებულნი საზოგადოების თავისუფლებითა და, აქედან გამომდინარე, მათი მოვალეობა და რაც მთავარია, არანაკლები შინაგანი მისწრაფება იყო, საფუძვლიანი ბჭობის შემდგომ ნამდვილად გონივრული და მიზანშეწონილი ღონისძიებების განხორციელებისათვის დაეჭირათ მხარი. ამგვარმა და ამის მსგავსმა მოსაზრებებმა დაარწმუნა ხალხი, რომ ნდობა გამოეცხადებინა კონგრესის გონიერებისა და პატიოსნებისათვის. რა ეშმაკობასა და რა ღონეს არ მიმართეს, რათა ხალხს არა და არ მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მან ყურად იღო კონგრესის რჩევა. და თუკი მთელი ხალხი ენდო იმ კონგრესს, რომლის წევრთაგან ცოტა თუ იყო დიდად გამოცდილი ანდა საყოველთაოდ ცნობილი, მაშინ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი საფუძველი აქვს მას, ანგარიშს უწევდეს ახლანდელი კონვენტის გონიერებასა და თათბირს. ხომ კარგადაა ცნობილი, რომ ღირსსახსოვარი კონგრესის უგამორჩეულესი წევრები ამჟამინდელ კონვენტშიც შედიან. ისინი პოლიტიკის ბრძმედში ნაწრთობი და დიდად გამოცდილი ხალხია, თავი რომ გამოიჩინეს სამშობლოს სიყვარულითა და სხვა პოლიტიკური სიქველით; მათ უშურველად გაუზიარეს კონვენტს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ღირსია აღნიშვნისა, რომ პირველიდან მოყოლებული ყველა კონგრესი, ისევე, როგორც ამასწინანდელი კონვენტი, ურყევად გამოხატავდა ერთსულოვნებას ხალხის მრწამსთან, რომ ამერიკის კეთილდღეობა დამოკიდებულია მასში შემავალი შტატების კავშირზე. კონვენტის მიერ შემოთავაზებულ პროექტსაც იგივე მიზანი აქვს. რომელი წესიერება და კეთილი ზრახვა ამოძრავებს იმ ადამიანებს, ახლა რომ კავშირის მნიშვნელობას აკნინებენ? რად ირწმუნებიან, სამი თუ ოთხი კონფედერაცია ერთზე უმჯობესიაო? შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ყოველთვის მართებულად განსჯიდა ამ საკითხს. ის საყოველთაო და უცვლელი ერთგულება, რითაც იგი გამსჭვალული იყო კავშირისადმი, დიადი და ღირსშესანიშნავი მიზეზებითაა განპირობებული. მათს გადმოცემასა და განმარტებას მომდევნო წერილებში შევეცდები; მას, ვინც შემოთავაზებული პროექტის ნაცვლად მხარს უჭერს ცალკეული კონფედერაციების წარმოქმნას, ვინძლო, განეჭვრიტა უსაშველო საფრთხე, რასაც კავშირის არსებობას უქადის პროექტის უარყოფა. ასეთი საფრთხის ალბათობა ძალზე დიდია, ამიტომაც, გულწრფელად მსურს, ყოველი კარგი მოქალაქე წინასწარ ჭვრეტდეს იმას, რომ თუკი კავშირი დაიშლება, მაშინ ამერიკას ისღა დარჩება, პოეტის სიტყვებით შესძახოს: “დიდებავ, ჩემო, საუკუნოდ გემშვიდობები!” პუბლიუსი ფედერალისტი #3 : ჯეი Spoiler ფედერალისტი #3 : ჯეი 1787 წ. 3 ნოემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს ყველამ იცის, იშვიათად მომხდარა, რომ რომელიმე ქვეყნის ხალხს (მით უმეტეს, თუკი იგი ამერიკელებივით გონიერი და გათვითცნობიერებულია) ჯიუტად და ძალზე დიდი ხნით გამოეჩინოს წინდაუხედაობა საკუთარი კეთილდღეობის საკითხში. ბუნებრივია, ამგვარი მოსაზრება გვკარნახობს, რომ ფრიადი პატივისცემით ვიმსჭვალებოდეთ იმ ერთსულოვანი ფიქრისადმი, რითაც ამერიკელი ხალხი რა ხანია თავს ევლება ერთ ფედე-რალურ მთავრობას დაქვემდებარებული ურყევი ერთობის მნიშვნელობას. მთავრობისა, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა საკმარისი ძალაუფლებით როგორც საგარეო, ისე საშინაო მიზნების აღსრულებისათვის. რაც უფრო გულდასმით ვარკვევ და ვიკვლევ იმ მიზეზებს, რომლებმაც, ეტყობა, ამგვარი მზრუნველი ფიქრი შვეს, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ისინი უტყუარია და დამაჯერებელი. მრავალი რამ არსებობს ისეთი, რაც ბრძენი და თავისუფალი ხალხის აუცილებელი მზრუნველობის საგანია, მაგრამ, მათ შორის პირველი, როგორც ჩანს, მაინც უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. უეჭველია, რომ ხალხის უსაფრთხოება ურიცხვ გარემოებასა და მოსაზრებაზეა დამოკიდებული, ამიტომაც ფართო გასაქანი ეძლევა მათ, ვინც მოწადინებულია ზუსტად და ამომწურავად განმარტოს იგი. ამჯერად მინდა განვიხილო უშიშროების ის ნაირსახეობა, რომელიც აუცილებელია მშვიდობისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად; ქვეყნის გარედან სამხედრო აგრესიისა და ზემოქმედების აღსაკვეთად; აგრეთვე, საშინაო მიზეზებით გამოწვეული იმავე მუქარის ასარიდებლად; უპრიანია, ჯერ ის საფრთხე გავარჩიოთ, რომელიც პირველად მოვიხსენიე, ამრიგად, ნება მიბოძეთ განვაგრძო იმის გამორკვევა, სწორია თუ არა ხალხი, როცა იგი ფიქრობს, რომ ერთ, ქმედით ნაციონალურ მთავრობას დაქვემდებარებული გულითადი კავშირი ყველაზე საუკეთესოა იმ უსაფრთხოებათა შორის, რომლის მოფიქრება ადამიანის გონებას შეუძლია ქვეყნის გარედან შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად. ვფიქრობ, მსოფლიოში უკვე მომხდარი ანდა ამიერიდან მოსახდენი ომების რიცხვი პირდაპირპროპორციული უნდა იყოს იმ რეალური თუ მოჩვენებითი მიზეზების რაოდენობისა და მნიშვნელობისა, რომელთაც ომის ანკესზე წამოუგია, ანდა ერთმანეთისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაუკიდებია ხალხები. თუკი ეს ვარაუდი სწორია, მაშინ საქმეს დიდად წაადგება იმის გამორკვევა, თუ რომელი უფრო მისცემს სხვა ქვეყნებს გამართლებული ომების საბაბს, გაერთიანებული თუ შტატებად დაშლილი ამერიკა. თუკი აღმოჩნდა, რომ გაერთიანებული ამერიკა ბევრად უფრო უპრიანია, მაშინ აქედან უნდა დავასკვნათ, რომ ამ მხრივ კავშირი ყველაზე უკეთესი თავმდებია სხვა სახელმწიფოებთან მშვიდობის შენარჩუნებისა. გამართლებული ომის მიზეზი, უპირატესად, ხელშეკრულებათა დარღვევა, ანდა პირდაპირი ძალმომრეობაა. ამერიკამ უკვე დადო ხელშეკრულებები არანაკლებ ექვს უცხო სახელმწიფოსთან. საქმე ისაა, რომ ყველა მათგანი, გარდა პრუსიისა, საზღვაო ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მათგანს შეუძლია ჩვენი მოთმინებიდან გამოყვანა და შეურაცხყოფა. გარდა ამისა, ამერიკას გაცხოველებული ვაჭრობა აქვს პორტუგალიასთან, ესპანეთსა და ბრიტანეთთან. რაც შეეხება ბოლო ორ სახელმწიფოს, მათთან მიმართებაში ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისინი თავიანთი კოლონიებით ჩვენს ქვეყანას ესაზღვრებიან. ამერიკის ხალხი რომ უშფოთველად ცხოვრობდეს, საამისოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იგი იცავდეს საერთაშორისო ნორმებს ამ სახელმწიფოებთან დამოკიდებულებაში. ვფიქრობ, ცხადი უნდა იყოს, რომ ამას ბევრად უფრო სრულად და განუხრელად განახორციელებს ერთი ნაციონალური ხელისუფლება, ვიდრე ცამეტი დაცალკევებული შტატი, ან, თუნდაც, სამი თუ ოთხი ცალკე კონფედერაცია. თუკი ერთხელაც შეიქმნა ძლევამოსილი ნაციონალური მმართველობა, მაშინ ქვეყნის რჩეული კაცები არა თუ ოდენ მასში სამსახურის უფლებას შეიძენენ, არამედ მათ სწორედაც რომ მთავრობის თავკაცებად გაამწესებენ. ქალაქს, სოფელსა თუ გავლენიან ამქარს შეეძლება თავიანთი წარმომადგენლები შეიყვანოს სახელმწიფო საკანონმდებლო საკრებულოებსა თუ საბჭოებში, სასამართლოებსა თუ აღმასრულებელ უწყებებში; მაგრამ, საქმე ისაა, რომ კაცი, რომელსაც ნაციონალური მთავრობის სამსახურში დანიშნავენ, მრავალი ტალანტით უნდა იყოს შემკული. მით უფრო, რომ ფედერალურ მთავრობას სათანადო კადრების შერჩევისას ბევრად მეტი გასაქანი ექნება და არასოდეს იგრძნობს მათს უკმარისობას, რასაც ჩვეულებრივ განიცდის ხოლმე ესა თუ ის შტატი. ამრიგად, ნაციონალური მთავრობის ადმინისტრაციული და პოლიტიკური გადაწყვეტილებები თუ სასამართლო განაჩენები ბევრად უფრო ბრძნული, უფრო ზედმიწევნითი და გონივრული იქნება, ვიდრე ის განჩინებანი, რომლებიც ცალკეულ შტატს გამოაქვს. ბუნებრივია, ამით სხვა ქვეყნებსაც ვაამებთ და არც ჩვენს უსაფრთხოებას ვავნებთ. ისიც ბუნებრივია, რომ ერთიანი ნაციონალური ხელისუფლება ხელშეკრულებებს, მათს ცალკეულ მუხლებსა და საერთაშორისო ნორმებს ყოველთვის ერთსა და იმავე განმარტებას მისცემს და ერთსა და იმავე ნაირადვე შეასრულებს; ხოლო ცამეტი შტატი, ანდა სამი თუ ოთხი კონფედერაცია იმავე საკითხების განმარტებისას ვერ გამოიჩენს სათანადო თანამიმდევრულობასა და ურყეობას. ეს იმით აიხსნება, რომ არსებობს ბევრნაირი დამოუკიდებელი სასამართლო და მოსამართლე, რომლებიც ურთიერთგანსხვავებულსა და თვითმყოფად მთავრობებს დაუნიშნავთ; გარდა ამისა, მათზე, შესაძლოა, ზეგავლენასა და ზემოქმედებას ახდენდეს ნაირგვარი ადგილობრივი წეს-ჩვეულება და ინტერესთა მრავალფეროვნება. შეუძლებელია, დიდი მოწიწებით არ განიმსჭვალო კონვენტის გადაწყვეტილებებისადმი, რომ ამგვარი საკითხები გადააბაროს მის მიერ დანიშნულ სასამართლოთა იურისდიქციას, რომლებიც პასუხისმგებელნი მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მთავრობის წინაშე იქნებიან. თითოოროლა შტატში მმართველი პარტია შეიძლება აჰყვეს სარგებლის მოხვეჭის ცდუნებას. ასევე, შესაძლოა, იგი სარგებლის დაკარგვამ აიძულოს, ხელყოს კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპები; მაგრამ, ამგვარი ცდუნებები ვერ გავრცელდება სხვა შტატებში, მცირე რამ ზეგავლენას თუ იქონიებს, ანდა საერთოდ ვერ შეეხება ნაციონალურ მთავრობას. ამრიგად, ცდუნება ნაყოფს ვერ გამოიღებს, ხოლო პატიოსნება და სამართლიანობა გადარჩება. ამ მოსაზრების მნიშვნელობას უფრო ზრდის ბრიტანეთთან დადებული ხელშეკრულება. დავუშვათ, შტატის მმართველმა პარტიამ თადარიგი დაიჭირა და შეეწინააღმდეგა ამგვარ ცდუნებებს, მაგრამ, რაკი ისინი იმავე შტატის ადგილობრივი თავისებურებებიდან იბადება, რაკი ცდუნება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დარევს ხოლმე ხელს, მმართველ პარტიას, შესაძლოა, სურვილი კი ჰქონდეს, მაგრამ ღონე არ შესწევდეს იმისა, რომ აღკვეთოს წინასწარგანზრახული უსამართლობა, ანდა დასაჯოს აგრესორი. ხოლო ნაციონალური მთავრობა, რომელთანაც ხელი არა აქვს ადგილობრივ სპეციფიკურ გარემოებებს, თვითონ არასოდეს გადაცდება და ყოველთვის ექნება იმის ძალა და უნარი, რომ აღკვეთოს დანაშაული, ანდა დასაჯოს ის, ვინც მას სჩადის. რაკი ისეა, რომ ომის გამართლებულ მიზეზად ხელშეკრულებათა, ანდა სხვა ერების კანონთა შეგნებული ანდა შეუგნებელი, დარღვევა იქცევა ხოლმე, ასეთი რამ ნაკლებადაა მოსალოდნელი ერთი საერთო ხელისუფლების პირობებში, ვიდრე მრავალი წვრილ-წვრილი მთავრობების დროს. ამ მხრივ, ერთიანი ეროვნული მთავრობა ყველაზე უფრო მარჯვეა ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იგივე უნდა ითქვას იმ ომის მიზეზებზე, რომელთა გამართლებაც პირდაპირი და აკრძალული ძალმომრეობაა. ჩემთვის, ასევე, ნათელია, რომ ერთ ვარგებულ ნაციონალურ მმართველობას ამგვარ საფრთხეთაგან თავდაცვის ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ცალკეული შტატის მთავრობებს. ძალმომრეობათა მიზეზი უფრო ხშირად ერთი მთელის შემადგენელ ნაწილთა ნება და ინტერესია, ვიდრე თვითონ ეს მთელი. ომის გამართლებულ მიზეზს უფრო თითო-ოროლა შტატი წარმოადგენს და არა ამ შტატების კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ფედერალური მთავრობა ჯერ კიდევ ეგზომ სუსტია, მისი მიზეზით ინდიელებთან არც ერთი ომი ჯერ არ წამოწყებულა. მაშინ, როდესაც მათი რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა გამოიწვია ცალკეული შტატების მესვეურთა უნიათო ქცევამ. ათასობით მათი თანამოქალაქის ხვედრად აქცია ომის სისხლიანი სასაკლაო მხოლოდ იმის გამო, რომ ამ შტატების თავკაცებმა ან თავდასხმის აღკვეთის და მომხდურის დასჯის სურვილი არ გამოამჟღავნეს, ანდა ამ საქმეში სრული უნიათობა გამოავლინეს. ესპანეთისა და ბრიტანეთის სამფლობელოთა სიახლოვე, რომელთაც ზოგიერთი შტატი ესაზღვრება კიდეც, შეიძლება ჩვენი მესაზღვრე შტატების მათთან წაჩხუბების მიზეზად იქცეს. ასეთი შტატები მართალია ცოტაა, მაგრამ ძალზე დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ უეცარმა სიბრაზემ წამოუაროთ, დაუფარავმა სიხარბემ დარიოთ ხელი, ანდა შეურაცხყოფილად იგრძნონ თავი; ამის გამო კი აშკარა ძალმომრეობაზე გადავიდნენ და ამ სახელმწიფოებს ომი აუტეხონ. ამგვარ საშიშროებას უფრო ეფექტურად ვერავინ აგვაშორებს თავიდან, თუ არა ნაციონალური მთავრობა, რომლის სიბრძნესა და კეთილგონიერებასთან ხელი არა აქვს იმ ვნებებს, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულ მხარეებს საომარად აღაგზნებს. ნაციონალური ხელისუფლება ომის არა თუ ბევრად უფრო ცოტა საბაბს იძლევა, არამედ უფრო მეტად შესწევს ღონე დავა ჩააცხროს და მოჩხუბრებს შორის ძმობა ჩამოაგდოს. ასეთი ხელისუფლება ამ მხრივაც უფრო აღუშფოთველი და თავშეკავებული იქნება და, საერთოდ, ყოველმხრივ უფრო მეტ კეთილგონიერებას გამოიჩენს, ვიდრე გულმოსული შტატი. ცალკეულ შტატს, ისე როგორც თითოეულ ადამიანს, სიამაყის თავისებური გრძნობა აქვს. ბუნებრივია, ამ გრძნობით ამართლებს იგი თავის საქციელს, მაგრამ, იგივე სიამაყე უშლის ხელს აღიაროს, გამოასწოროს და გამოისყიდოს თავისი შეცდომა და დანაშაული. ნაციონალურ მთავრობას კი გონებას ვერ დაუბრმავებს სიამაყის ამგვარი გრძნობა. იგი მოთმინებითა და მიუკერძოებლად განსჯის და გადაწყვეტს იმას, თუ რა გზით უნდა დააღწიოს თავი წარმოქმნილ სახიფათო სიძნელეებს. ეგეც რომ არ იყოს, ხომ კარგადაა ცნობილი, რომ ბრალის აღიარება, ახსნა-განმარტება და კომპენსაცია დამაკმაყოფილებლად მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ხოლმე, როცა ამას ერთიანი ძლიერი ნაცია სჩადის. ხოლო თუკი მათ უმნიშვნელო ძალაუფლების მქონე შტატი ან კონფედერაცია იძლევა, უმალ უკანვე მოგიგდებენ, აქაოდა, არაა დამაკმაყოფილებელიო. 1685 წელს გენუამ ლუი XIV გაანაწყენა, მერე კი სცადა, მისი გული მოეგო, მაგრამ ლუდოვიკომ მოსთხოვა მას, დოჟი ან ქალაქის თავი წარმოავლინე ოთხი სენატორის თანხლებით, რათა პატიება ითხოვოს და ჩემს პირობებსაც დაჰყაბულდესო. გენუა, ომის შიშით, მის ნებას დაჰყვა, მაგრამ განა ესპანეთი, ბრიტანეთი, ანდა რომელიმე სხვა ძლევამოსილი სახელმწიფო მიიღებდა ასეთ პრეტენზიებსა და აიტანდა ამგვარ დამცირებას? პუბლიუსი ფედერალისტი # 4: ჯეი Spoiler ფედერალისტი # 4: ჯეი 1787 წ. 7 ნოემბერი ნიუიორკის შტატის ხალხს წინა წერილში რამდენიმე საბუთი წარმოვადგინე იმისა, თუ რატომაა, რომ ხალხი, რომელიც განსაცდელის წინაშეა, კავშირის მეოხებით უკეთ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. განსაცდელისა, რომელიც, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებმა ომის გამამართლებელ საბაბად გამოიყენონ. წარმოდგენილი საბუთები მოწმობენ, რომ ერთი ნაციონალური მმართველობის პირობებში უფრო იშვიათად გაჩნდება ამგვარი მიზეზები, ვიდრე ცალკეული შტატების მთავრობათა თუ რამდენიმე კონფედერაციის არსებობის დროს. მაგრამ ქვეყნის გარედან შეიარაღებული თავდასხმის საფრთხეთაგან ამერიკის ხალხის უსაფრთხოება რომ დაცული იყოს, ეს არ არის დამოკიდებული მარტო იმაზე, რომ იგი სხვა სახელმწიფოებს გამართლებული ომის მიზეზებს არ მისცემს, არამედ იმაზეც, რომ ამ ქვეყნებმაც არ უმტრონ ამერიკას და არ შეურაცხყონ იგი. ზედმეტიც კია იმის თქმა, რომ ომი მოგონილი მიზეზითაც ხშირად აუტეხავთ. იქნებ ადამიანის მოდგმისთვის სათაკილოა, მაგრამ მაინც ვერსად წავუვალთ იმ სიმართლეს: ერები ომებს იმიტომ აჩაღებენ ხოლმე, რომ სული მისდით სხვის სიმდიდრეზე. უფრო მეტი, აბსოლუტურ მონარქებს ხშირად გაუჩაღებიათ ისეთი ომები, რომლებშიც მათ ქვეშევრდომებს ვერაფერი ხეირი უნახავთ. ასეთი ომების საბაბი სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა ხელმწიფეთა პირადი მიზნები და ზრახვანი. სამხედრო დიდების წყურვილი იქნება ეს, პიროვნული შეურაცხყოფის გამო შურისგება თუ საიდუმლო გარიგებანი, რომელთაც მიზნად ჰქონიათ გამორჩეული დიდგვაროვანი ოჯახებისა თუ სახელმწიფოს პირადი დამქაშების აღზევება და შეწევნა. ესა და სხვა ამგვარი მოტივები მხოლოდ სუვერენის ჭკუაგონებაზე მოქმედებს და უბიძგებს მას ისეთ ომში ჩაებას, რომელსაც არც სამართლიანობის ლოცვა კურთხევა მიუღია და არც ხალხისა. მართალია, ომის ამგვარი მიზეზები უფრო აბსოლუტურ მონარქიებს ახასიათებთ, მაგრამ მათ მაინც დიდი გულისყურით უნდა ვეკიდებოდეთ. ამათ გარდა, ომს სხვა საბაბიც ბლომად აქვს, ქვეყნის მესვეურსა და მის ქვეშევრდომთ რომ ერთნაირად დარევს ხოლმე ხელს. შემდგომი გამოკვლევა ცხადყოფს, რომ ზოგიერთი მათგანი ისეთ გარემოებებსა და ვითარებაში იბადება, ჩვენსას რომ ძლიერ წააგავს. საფრანგეთი და ბრიტანეთი დღესდღეობით თევზჭერაში გვეცილება. მართალია, მათ თავიანთ საქონელზე შეღავათები აქვთ დაწესებული, ჩვენსაზე კი - ისეთი ბაჟი, რომ კაცს ვაჭრობის ხალისი წაგერთმევა, მაგრამ, ჩვენ მაინც შეგვწევს იმის უნარი, რომ მათსავე ბაზარზე უფრო იაფად გავიტანოთ თევზი, ვიდრე თვითონ ჰყიდიან. ამ ქვეყნებთან ერთად, ნაოსნობასა და საზღვაო ვაჭრობაში სხვა ევროპული სახელმწიფოებიც გვიწევენ მეტოქეობას. თავს მოვიტყუებდით, თუკი ვიფიქრებდით, რომ მათ გულზე ეხატებოდეთ ჩვენი წარმატება, რაკი შეუძლებელია, ჩვენი საზღვაო ვაჭრობა ისე გაფართოვდეს, რომ რამდენადმე ფრთები არ შეეკვეცოს მათსას. ამიტომ, ამ სახელმწიფოების ინტერესი და პოლიტიკა მიმართული იქნება იქითკენ, რომ მხარი კი არ დაუჭირონ ჩვენს საქმეს, არამედ ყველანაირად დააბრკოლონ იგი. ბევრ სახელმწიფოს ჩინეთსა და ინდოეთთან ჩვენი ვაჭრობაც არ მოსდის თვალში. ვინაიდან ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენც ვნახოთ ხეირი იმ საქმიდან, რასაც აქამდე ეს ქვეყნები არავის ანებებდნენ, ასევე იმისაც, რომ ჩვენ თვითონ ვიყიდოთ ჩინეთსა და ინდოეთიდან ის საქონელი, რასაც ადრე ჩვენი მეტოქე სახელმწიფოებიდან ვიძენდით. ჩვენს ხომალდებს რომ გაცხოველებული აღებმიცემობა აქვთ გაჩაღებული, შეუძლებელია ეს სიამოვნებდეთ რომელიმე იმ სახელმწიფოთაგანს, ამ კონტინენტზე ან მის მეზობლად სამფლობელოებს რომ ფლობენ. ჩვენი საქონელი იაფიცაა და ჩინებულიც.Pდა რაკი ეს ქვეყნებიც ჩვენგან დასამხარ სიშორეზეა, ხოლო ჩვენი ვაჭრები სხვებზე ფხიანები და შნოიანები არიან, მეზღვაურები კი სიმამაცით სხვებსა სჯობიან, ამიტომაც, ჩვენ ბევრად უფრო მეტად ვხეირობთ იმ სიმდიდრით, ეს ქვეყნები რომ ფლობენ, ვიდრე ამას ჩვენი მოცილე სახელმწიფოების პატივცემულ ხელისუფალთა სურვილი და პოლიტიკა გვარგუნებს. ესპანეთი ფიქრობს, რომ კარგია, თუ მისისიპთან მისასვლელს გადაგვიკეტავს, ხოლო ბრიტანეთს ერთი სული აქვს, წმინდა ლავრენტის მიდამოებდან გამოგვაძევოს, არც ერთი მათგანი არ დაუშვებს იმას, რომ ურთიერთმიმოსვლისა და აღებმიცემობისათვის გამოვიყენოთ სხვა მდინარეები, მათსა და ჩვენ შორის რომ მოედინება. თუკი ამას კეთილგონიერება მოითხოვდა, შეგვეძლო კვლავაც მრავლად მოგვეხმო და გამოწვლილვით განგვეხილა ამგვარი მოსაზრებები, მაგრამ, რაც ითქვა, იქიდანაც ცხადად ჩანს, რომ სხვა სახელმწიფოების მესვეურთა გრძნობაგონებას ნელნელა დარევს ხელს შური და გაუტანლობა ამიტომაც, არ უნდა ველოდეთ, რომ ისინი გულგრილად და მიამიტად დაუწყებენ ყურებას ჩვენი კავშირის განმტკიცებასა და მისი ძლევამოსილების ზრდას, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვად. ამერიკის ხალხს კარგად აქვს შეგნებული, რომ ესა და ბევრი სხვა, ჯერაც ფარული გარემოება, შესაძლოა, ომის საბაბად იქცეს, მერე კი ყოველთვის მოიძებნებიან ხელსაყრელი მომენტის მომლოდინე ადამიანები. ისინიც როდი არიან ცოტანი, ვინც ყველაფერს სხვაგვარად წარმოიდგენს და ომს გაამართლებს, ამიტომ, ბრძენია ამერიკის ხალხი, როცა აუცილებლობად რაცხს კავშირის შექმნას და ვარგებული ნაციონალური ხელისუფლების ჩამოყალიბებას, რომელიც საომრად კი არ წააქეზებს მას, არამედ ყოველთვის შეეცდება წინასაომარი ვნებათაღელვის ჩაცხრომასა და ხალხის დაშოშმინებას. საამისოდ საჭიროა, სახელმწიფოს რაც შეიძლება კარგად ჰქონდეს გამართული თავდაცვის სისტემა, ეს კი დამოკიდებულია ამ ქვეყნის მთავრობაზე, შეიარაღებულ ძალებსა და რესურსებზე. მთელის უსაფრთხოება ამავე მთელის სასიცოცხლო ინტერესია და რაკი შეუძლებელია მისი უზრუნველყოფა ისე, რომ არ არსებობდეს ერთი, ერთზე მეტი ანდა მრავალი მთავრობა, ნება მიბოძეთ გამოვიკითხო, ამ საქმეს უფრო უნარიანად ერთი, ვარგებული ხელისუფლება გაართმევდა თავს თუ ერთზე მეტი ან თუნდაც მრავალი მათგანია საამისოდ აუცილებელი? ერთიან მთავრობას შესწევს უნარი, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოიყვანოს ყველაზე ნიჭიერი ადამიანები და სახელმწიფოს მოახმაროს მათი ტალანტი და გამოცდილება; თავის პოლიტიკას საფუძვლად დაუდოს ყველასათვის მისაღები პრინციპები. მას შეუძლია, ქვეყნის ყველა მხარე და მისი ურთიერთგანხვავებული წევრები ჰარმონიაში იყოლიოს, თანასწორი უფლება მიანიჭოს და ერთნაირი მფარველობა გაუწიოს მათ; ყველას თანაბრად გაუნაწილოს თავისი სიფრთხილისა და წინდახედულობის ნაყოფი. ერთიან მთავრობას ძალუძს, ხელშეკრულების დადებისას გაითვალისწინოს მთლიანად ქვეყნისა და მისი ცალკეული კუთხეების ინტერესიც, რამდენადაც ეს უკანასკნელნი მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთიანი სახელმწიფოს ინტერესებთან; უფრო იოლად და სწრაფად მოუყაროს თავი რესურსებსა და ძალებს, რათა დაიცვას ქვეყნის ცალკეული მხარე, ვიდრე ამას შეძლებდა გათითოებული შტატების მთავრობები, ანდა რამდენიმე ცალკე კონფედერაცია, რომელთა შორის არ იქნებოდა თანხმობა და არც მოქმედების ერთიანი სისტემა ექნებოდათ. ერთიან მთავრობას შეუძლია, იყოლიოს დისციპლინირებული ლაშქარი, რომლის ოფიცრებიც პირდაპირ დაემორჩილებიან უმაღლეს ხელისუფლებას. ეს იქნება ერთიანი ჯარი, რომელსაც ექნება უფრო მეტი ძალა, ვიდრე აქვს ცამეტი გათითოებული შტატისა თუ სამი, ანდა ოთხი კონფედერაციის მხედრობას. რა იქნებოდა ბრიტანეთის მხედრობა, თუკი ინგლისის ლაშქარი ინგლისის მთავრობას დაემორჩილებოდა, შოტლანდიისა – შოტლანდიის ხელისუფლებას, ხოლო უელსის ლაშქარი – უელსის მთავრობას? თუკი მათ მტერი დაესხმოდა თავს, განა შეძლებდა ეს სამი მთავრობა (საერთო ენა რომც გამოენახათ) თავთავიანთი სპებით უფრო ეფექტურად გამკლავებოდნენ მომხდურს, ვიდრე ამას ბრიტანეთის ერთიანი ხელისუფლება შესძლებდა? სახელგანთქმულია ბრიტანეთის ფლოტი, მაგრამ თუკი ბრძენნი ვიქნებით, მალე მოვა დრო და ამერიკის ფლოტსაც გაუვარდება სახელი. ბრიტანეთის გაერთიანებულ ნაციონალურ ხელისუფლებას რომ ეგზომ კარგად არ აეწყო ნაოსნობა და არ ექცია იგი მეზღვაურთა დავაჟკაცების კერად, მას რომ ფლოტის ასაშენებლად არ მოეზიდა მთელი სახელმწიფო სახსრები, მაშინ ინგლისელი ზღვაოსნები არ იქნებოდნენ ეგზომ ქველნი, ხოლო მისი ფლოტი თავზარს არ დასცემდა ბრიტანეთის ავის მოსურნეს. ინგლისს, შოტლანდიას, უელსსა და ირლანდიას რომ ცალცალკე ნაოსნობა ჰქონდეთ და ფლოტებიც გათითოებული ჰყავდეთ, ბრიტანეთის იმპერიის ეს ოთხი შემადგენელი ნაწილი რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ოთხ მთავრობას ემორჩილებოდეს, ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ მათი ძლევამოსილება დიდად დაზარალდებოდა. მოდით, ჩვენ შესახებაც იმავე ფაქტებით ვიმსჯელოთ. თუკი ამერიკა ცამეტ ნაწილად, ანდა, გნებავთ, სამ თუ ოთხ დამოუკიდებელ ხელისუფლებად იქნება დაყოფილი, განა მას შეეძლება, შექმნას და შეინახოს არმია? განა ოდესმე შეძლებს იგი ფლოტის ყოლას? ამერიკის ერთ განცალკევებულ ნაწილს რომ მტერი დაესხას, განა ამ ძნელბედობის ჟამს მას სხვა გათითოებული ნაწილები წამოეშველებიან? განა მოისურვებენ ისინი თავიანთი სისხლი ჩააქციონ და ფული შეალიონ მის დაცვას? განა მეზობლის გულისათვის საფრთხეში ჩააგდებენ თავიანთს სიმშვიდესა და უსაფრთხოებას? განა სხვის ომში ჩაურევლობა უფრო არ ელამუნება მათს გრძნობაგონებას და განა მშვიდობის ეგზომი სიყვარული არ აცდუნებს მათ, რომ იგი ომზე არ გაცვალონ? განა ამერიკის გათითოებული ნაწილები ერთმანეთის მიმართ შურით არ იქნებიან აღძრულები და განა კმაყოფილებას არ მოჰგვრის რომელიმე მათგანს, სხვა თუ დამცრობილი და დაკნინებული იხილა? ასეთი საქციელი გონივრული როდია, მაგრამ ბუნებრივი კი ნამდვილად არის. ისტორია ამის აუარება მაგალითს გვთავაზობს და არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ ის, რაც ეგზომ ხშირად მომხდარა, მსგავს პირობებში, კვლავაც და კვლავაც მოხდეს. დავუშვათ, ამერიკის დანარჩენმა ნაწილებმა მოისურვეს იმ შტატისა თუ კონფედერაციის დახმარება, რომელზედაც მტერმა ხელი შემართა, მაგრამ ვინ უნდა გადაწყვიტოს ის, თუ როგორ და როდის გაიგზავნოს დახმარება. რამდენი ცოცხალი ძალა და ფულია საჭირო? ვინ უნდა უხელმძღვანელოს გაერთიანებულ სამხედრო ძალებს? ვის ბრძანებას უნდა ემორჩილებოდეს იგი? ვინ დადოს საზავო ხელშეკრულება? უთანხმოების შემთხვევაში, ვინ უნდა მოარიგოს მხარეები და ვინ უნდა მოითხოვოს უტყვი მორჩილება? ათასნაირი სიძნელე შეიძლება წარმოიშვას და უსაშველო დავიდარაბა ატყდეს, მაგრამ, ერთიანი ნაციონალური ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარია ქვეყნის საერთო ინტერესები, რომელიც აერთიანებს და ხელმძღვანელობს შეიარაღებულ ძალებს და საომარ სახსრებს, თავს დააღწევს ყველანაირ სიძნელეს და მეტადრე განამტკიცებს ხალხის უსაფრთხოებას. ჩვენ შეიძლება არად მიგვაჩნდეს, ერთიანი და მძლავრი ნაციონალური მთავრობა გვყავს თუ რამდენიმე კონფედერაციად დახლეჩილი, მაგრამ ერთი რამ უტყუარია: უცხო სახელმწიფოები ყველაფერს ზუსტად ისე ხედავენ, როგორც არის; ისინი ზუსტად ისე მოგვექცევიან, როგორც ვიმსახურებთ; თუკი დაინახავენ, რომ ჩვენი ნაციონალური მთავრობა მძლავრია და მას ვარგებული თავკაცები ხელმძღვანელობენ, ჩვენი ვაჭრობის საქმე გონივრულადაა აწყობილი, ლაშქარი კი სათანადოდ ორგანიზებული და გაწვრთნილია, ჩვენს სახსრებსა და ფინანსებს კი დიდი რუდუნებით მართავენ; თუ ისინი დარწმუნდებიან, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებს შორის ნდობა აღდგენილია, ხოლო ჩვენი ხალხი თავისუფალი, კმაყოფილი და ერთიანია, მაშინ ჩვენი ავისმოსურნე ჩვენთან მეგობრობას ამჯობინებს და არა მტრობას. მაგრამ თუ ისინი დაინახავენ, რომ ჩვენ არა გვყავს მძლავრი და ერთიანი ხელისუფლება და ყოველი შტატის მესვეური ავად თუ კარგად იმას აკეთებს, რაც მოეგუნებება; თუკი გახლეჩილები ვიქნებით სამ ან ოთხ დამოუკიდებელ და ერთმანეთის მოშურნე რესპუბლიკად თუ კონფედერაციად, რომელთაგანაც ერთი ბრიტანეთისკენ მიილტვის, მეორეს საფრანგეთისკენ მიუწევს გული, ხოლო მესამეს ესპანეთისკენ უჭირავს თვალი; და ამასთანავე, მათ შორის უთანხმოებასა და შურს დაუსადგურებია, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა უბადრუკი სანახავი იქნება ამერიკა მათს თვალში. მტერი მას არათუ აითვალწუნებს, არამედ შეურაცხყოფს კიდეც; და უმალვე საკუთარ თავზე ვიწვნევთ მთელს გაუსაძლის სიმძიმეს იმ გამოცდილებისას, რომ ხალხის ან ოჯახის დაქუცმაცება სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის მტრობა. პუბლიუსი ფედერალისტი #5 : ჯეი Spoiler ფედერალისტი #5 : ჯეი 1787 წ. 10 ნოემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს წერილში, რომელიც დედოფალმა ანამ 1706 წლის 1 ივლისს შოტლანდიის პარლამენტს მისწერა, იგი ჩვენთვის საყურადღებო რამდენიმე მოსაზრებას გამოთქვამს იმ კავშირის თაობაზე, რომელიც ინგლისსა და შოტლანდიას შორის იმ დროს ის-ის იყო ყალიბდებოდა. მინდა, საზოგადოებას ამ წერილიდან ერთი-ორი ამონარიდი შევთავაზო: “ერთიანი და დასრულებული კავშირი მტკიცე მშვიდობის ურყევი საფუძველი იქნებოდა; იგი ჩვენი რელიგიის, თავისუფლებისა და საკუთრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფდა, ბოლოს მოუღებდა თქვენ შორის მტრობას; ჩვენს სამეფოებს შორის შუღლსა და უთანხმოებას აღმოფხვრიდა. იგი გააასკეცებდა თქვენს ძლევამოსილებას და სიმდიდრეს, გააფართოებდა ვაჭრობას. ასეთი კავშირის პირობებში მთელს ჩვენს კუნძულს სიყვარული შეკრავდა და თავს დააღწევდა შიშს, რომელსაც ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები წარმოშობენ; იგი შეძლებდა, ყველა მტერს გამკლავებოდა.” “ჩვენ ყოველთვის უსაზღვრო სერიოზულობით გირჩევდით მოთმინება და ერთსულოვნება გამოგვეჩინა ამ დიადსა და ძალზე მნიშვნელოვან საქმეში; რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, კეთილად დაგვეგვირგვინებინა იგი; რამეთუ კავშირი ერთადერთი ქმედითი საშუალებაა ჩვენი აწმყო და მომავალი ბედნიერების უზრუნველყოფისა, თქვენი და ჩვენი მტრების გეგმების ჩაფუშვისა, რომლებიც, უეჭველია, ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა იგი დააბრკოლონ ან ჩაშალონ”. წინა წერილში აღვნიშნავდით, რომ თუკი შინ დავსუსტდებით და დავნაწევრდებით, თავს დაგვატყდება საგარეო საფრთხეები და ვერაფერი მათგან უფრო ვერ დაგვიფარავს, როგორც ურთიერთშორის კავშირი, შინა სიმტკიცე და ვარგებული მმართველობა. ეს საკითხი ძალზე ფართოა და იოლად მას ვერ ამოვწურავთ. რაკი, საზოგადოდ, კარგად ვიცნობთ დიდი ბრიტანეთის ისტორიას, შეგვიძლია, მისგან ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლოთ. შეგვიძლია, ვიხეიროთ ბრიტანელთა გამოცდილებით იმ საზღაურის გაუღებლად, რადაც მათ ეს გამოცდილება დაუჯდათ. მიუხედავად საღი აზრისა, რომლისთვისაც ცხადია, რომ ასეთი კუნძულის ხალხი განუყოფელი ერი უნდა იყოს, ეს სამი ხალხი თითქმის გაუთავებელ შეხლა-შემოხლასა და ერთმანეთის წინააღმდეგ ომში არიან გახვეულნი. თუმც კი ბრიტანელი ხალხები ერთი საერთო ინტერესით იყვნენ განმსჭვალულნი კონტინენტურ სახელმწიფოთა მიმართ, ისინი თავიანთი მხრივ ათასგვარ ინტრიგებს ხლართავდნენ და ათასნაირ ხელოვნებას იშველიებდნენ, რომ ბრიტანეთის ხალხებს შორის აგზნებული ყოფილიყო გაუთავებელი ურთიერთშუღლი, რომ ეს ხალხები ერთმანეთს მხარში არ ამოსდგომოდნენ და ურთიერთსარგებლობაზე არ ეზრუნათ, არამედ ურთიერთვნება და ურთიერთტანჯვა დაეთესათ. თუკი ამერიკა სამ ან ოთხ ერად დანაწევრდება განა, მათაც იგივე არ მოუვათ? განა იგივე ურთიერღვარძლი არ იჩენს თავს და განა ამ ღვარძლსაც იმავენაირად არ დაუწყებენ ლოლიავს? ნაცვლად იმისა, რომ “სიყვარულით შეერთდნენ” და “თავი დააღწიონ ურთიერთდაპირისპირებული ინტერესების შიშს”, უმალვე შური და ღვარძლი აღმოფხვრის მათ შორის ნდობასა და სიყვარულს, თითოეული კონფედერაციის კერძო ინტერესი შთანთქავს მთლიანი ამერიკის საერთო ინტერესს. კერძო ინტერესი იქნება მათი პოლიტიკისა და მისწრაფების ერთადერთი საგანი და მსგავსად მოსაზღვრე სახელმწიფოთა უმრავლესობისა, ამერიკული კონფედერაციებიც გაუთავებელ შეხლა-შემოხლასა და ომში, ანდა განუწყვეტელ შიშში იქნებიან გახვეულნი. სამი თუ ოთხი ამერიკული კონფედერაციის ჩამოყალიბების ყველაზე მგზნებარე ქომაგებიც შეუძლებელია სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ კონფედერაციები დიდხანს შეინარჩუნებენ თანაბარ ძალას, თუნდაც თავდაპირველად ეს მოხერხდეს. რომც დავუშვათ ასეთი ტოლძალიანობის შესაძლებლობა, რომელი ადამიანური მექანიზმი შეძლებს მის გამრავალჟამიერებას, გარდა იმ ადგილობრივი გარემოებებისა, რომლებიც ხელს უწყობს ძალის წარმოშობასა და გაასკეცებას ქვეყნის ერთ მხარეში, ხოლო მეორეში ხელს უშლის მის განვითარებას? აუცილებელია, მოვიხსენიოთ იმ დახვეწილი პოლიტიკისა და ვარგებული მართვის შედეგები, რომლებიც ერთ მთავრობას მეორისგან გამოარჩევს და არღვევს ძალისა და წინდახედულების მხრივ მათ შედარებით თანაბრობას. ამიტომაც ვერავინ მისცემს თავს იმის მტკიცების უფლებას, რომ კონფედერაციები მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებენ ერთგვაროვნებას და ერთსა და იმავე დონეს ჯანსაღი, კეთილგონიერი და წინდახედული პოლიტიკის წარმოებაში. არავინ იცის, როდის და რა მიზეზით, მაგრამ შეიძლება მოხდეს და მოხდება კიდეც ის, რომ ამ სახელმწიფოთა თუ კონფედერაციათაგან ერთ-ერთი სწრაფად გასცდება საერთო დონეს და პოლიტიკური მნიშვნელოვნების მხრივ უკან ჩამოიტოვებს თავის მეზობლებს. ესენი შურითა და შიშით დაუწყებენ მას ყურებას. შურისა და შიშის გამო მეზობლები თუკი ხელს არ შეუწყობენ, თანაგრძნობით მაინც მოეკიდებიან ყველაფერს, რაც დაწინაურებული თანამოძმის მნიშვნელოვნებას დამცრობას უქადის. ამავე გრძნობათა გამო ისინი თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც იმავე ქვეყნის დაწინაურებასა თუ მისი აყვავების უზრუნველყოფაზე იყო გათვლილი. ბევრი დრო არ დასჭირდება იმ ქვეყანას საიმისოდ, რომ გამოიცნოს მეზობლების ვერაგული ჩანაფიქრები. იგი მყისვე არათუ ნდობას დაკარგავს მეზობლებისადმი, არამედ იმავე არაკეთილმოსურნეობით განეწყობა მათდამი. უნდობლობა უნდობლობასვე ბადებს. ხოლო კეთილ ნებასა და კარგ საქციელს ვერაფერი ცვლის ისე სწრაფად, როგორც აშკარად გამოხატული თუ შეფარული ღვარძლით სავსე შური და უღირსი შეურაცხყოფა. ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი ძლიერი რეგიონია და მრავალი ადგილობრივი გარემოებაც შეუწყობს ხელს იმას, რომ ნავარაუდევ კონფედერაციათაგან ყველაზე ჩრდილოური არც თუ შორეულ მომავალში სხვებზე უფრო ძლევამოსილი შეიქმნას. მაგრამ არც თუ ისე სწრაფად გახდება საცნაური ის, რომ ჩრდილოურ სკას ამერიკის ყველაზე სამხრეთული მხარეები იმავე აზრებსა და გრძნობებს აუშლიან, რაც თავის დროზე ევროპის სამხრეთმა აუშალა კონტინენტურ ჩრდილოეთს. როგორც ჩანს, სწრაფად ვერც იმას მივხვდებით, რომ ჩრდილოური ამერიკული ფუტკრის ნორჩ ნაყარს ხშირად დარევს ხელს ცდუნება იმისა, რომ თაფლის მოსაგროვებლად თავიანთი მდიდარი და ტურფა მეზობლების აყვავებულ ველებს შეესიონ და მათი ლბილი ჰაერი ისუნთქონ. ვინც კარგად იცის მსგავსი დანაწევრებებისა და კონფედერაციების ისტორია, ისიც კარგად აქვს გასიგრძეგანებული, რომ ქვეყნებს, რომლებზეც ვმსჯელობთ, მხოლოდ და მხოლოდ იმდენად შეიძლება ეწოდოთ მეზობლები, რამდენადაც ერთმანეთთან საერთო საზღვარი ექნებათ. მათ არც ეყვარებათ ერთმანეთი და არც ნდობით იქნებიან ერთმანეთის მიმართ, არამედ პირიქით, მათ უთანხმოება, შუღლი და ურთიერთცილისწამება მოუღებს ბოლოს. ერთი სიტყვით, ეს ქვეყნები ზუსტად იმ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როგორშიც ზოგიერთ სახელმწიფოს ჩვენი ხილვა ეოცნებება. კერძოდ, ეს არის მდგომარეობა, როცა საშიშროებას მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთს შევუქმნით. ამგვარი გააზრებანი ნათლად გვიჩვენებს, რომ დიდად ცდებიან ის ბატონები, რომლებიც ფიქრობენ, თითქოსდა ნავარაუდევი კონფედერაციებისაგან შესაძლებელი იყოს შეტევითი თუ თავდაცვითი ალიანსების შეკვრა; თითქოსდა მათ თან ახლდეს შესაძლებლობა იმისა, რომ მოვახდინოთ ნებათა, სამხედრო ძალებისა და რესურსების კომბინირება და შეერთება, რაც აუცილებელი იქნებოდა იმისათვის, რომ ისინი მრისხანე მომხდურის წინააღმდეგ ძალად ქცეულიყვნენ. როდის ყოფილა, რომ ისეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომლებადაც თავის დროზე დაიყო ბრიტანეთი და ესპანეთი, ალიანსი შეეკრათ, ანდა საერთო გარეშე მტრის წინააღმდეგ ძალები გაეეერთიანებინათ? ნავარაუდევი კონფედერაციებიც სხვადასხვა სახელმწიფოები იქნება, თითოეულ მათგანს უცხო ქვეყნებთან ვაჭრობის მოსაწესრიგებლად აუცილებლად დასჭირდება უცხო ქვეყნებთან განსხვავებული ხელშეკრულებების დადება და რაკი ისინი სხვადასხვა პროდუქტებსა და საქონელს აწარმოებენ, სხვადასხვა ბაზარზე რომ არის მორგებული, ამგვარი ხელშეკრულებანიც არსებითად სხვადასხვა ხასიათის იქნება. აღებმიცემობაზე განსხვავებული საზრუნავი განსხვავებულ ინტერესებს წარმოშობს. ბუნებრივია, ეს ხელშეკრულებები ერთმანეთისგან პოლიტიკური ერთგულების ხარისხითაც განსხვავდებიან და უცხო ქვეყნებთან ერთმანეთისაგან განსხვავებული დამოკიდებულებითაც. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ის უცხო ქვეყანა, რომელსაც, შესაძლოა, სამხრეთული კონფედერაცია ეომებოდეს, იგივე სახელმწიფო აღმოჩნდეს, რომელთან მშვიდობისა და მეგობრობის შენარჩუნება ყველაზე სასურველია ჩრდილოური კონფედერაციისათვის. ამიტომაც იოლი არ არის ისეთი ალიანსის შეკვრა, რომელიც მიუღებელია მათი უშუალო ინტერესისთვის. ასეთი ალიანსი რომც შეიკრას, ძნელი იქნება მისი შენარჩუნება. ასევე ძნელი წარმოსადგენია, იგი ურთიერთნდობას ემყარებოდეს და სრულად სრულდებოდეს. უფრო მეტიც, ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ ამერიკაში, ისე როგორც ევროპაში, ურთიერთდაპირისპირებული ინტერესებითა და ერთმანეთისადმი არაკეთილმოსურნე გრძნობებით განმსჭვალული მეზობელი სახელმწიფოები ხშირად აღმოჩნდნენ სხვადასხვა სამხედრო ბანაკში. თუ მხედველობაში მივიღებთ ევროპისგან ჩვენს დაშორებას, მაშინ უფრო ბუნებრივია, რომ ამ კონფედერაციებისათვის საფრთხე არათუ შორეული ქვეყნებიდან, არამედ ერთმანეთისაგან მომდინარეობდეს. ამიტომაც მათთვის ბევრად უფრო სასურველი იქნება ერთმანეთისაგან უცხო ალიანსებით დაიცვან თავი, ვიდრე ერთმანეთს შორის შეკრული ზავით წინ აღუდგნენ გარეშე საფრთხეს. აქვე არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ბევრად უფრო ადვილია უცხო ფლოტები შემოუშვა მშობლიურ ნავსადგურში და სამშობლოში უცხო ჯარები შემოიყვანო, ვიდრე ის, რომ დაარწმუნო ან აიძულო იგი, დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. გავიხსენოთ, თუ რამდენი ქვეყანა დაუპყრიათ რომაელებსა და სხვებს სამოკავშირეო ხელშეკრულებათა დადების გზით და მათი საბაბით რამდენი რამ მოუხვევიათ თავს იმ მთავრობებისთვის, რომლებსაც თითქოსდა მფარველობას უწევდნენ. დაე, პატიოსანმა ადამიანებმა განსაჯონ, საიმედოდ ვიქნებით თუ არა დაცულნი უცხო სახელმწიფოთა მხრივ მტრობისა და უმართებულო ჩარევისაგან, თუკი ამერიკა რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დანაწევრდება. პუბლიუსი ფედერალისტი #6 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი #6 : ჰამილტონი 1787 წ. 14 ნოემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს წინა სამ წერილში ის საფრთხეები გავარჩიეთ, გათითოებულებს იარაღის ძალით, ანდა სხვა რამ საშუალებით თავს რომ დაგვატეხენ უცხო სახელმწიფოები. ახლა სრულიად სხვა საფრთხეების განხილვას ვიწყებ. ესენი, შესაძლოა, უფრო სახიფათონიც კია, რაკი თვითონ შტატებს შორის უთანხმოების, შინააშლილობისა და შფოთის მიზეზით წარმოიშობა. ამის რამდენიმე მაგალითი ადრევე მოვიტანეთ, მაგრამ ეს საფრთხეები ღირან იმად, რომ მათ გამორჩეული ყურადღებით მოვეკიდოთ და უფრო სრულად გამოვიკვლიოთ. უსაშველო სპეკულაციებით უნდა გქონდეს თავი გამოტენილი, რათა არ დაიჯერო ის, რომ შტატები სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაერევიან ერთმანეთს, თუკი მათ შორის არ იქნება კავშირი, ანდა თუკი ისინი ცალ-ცალკე კონფედერაციებად, ან, სულაც, უფრო წვრილ ჯგუფებად გაერთიანდებიან. ზოგიერთი ფიქრობს, ამგვარი ხოცვა-ჟლეტა არ მოხდება, რაკი საამისო მიზეზი არ არსებობსო, მაგრამ ასე იფიქრო იმას ნიშნავს, დაივიწყო, ადამიანი ამპარტავანი, ღვარძლიანი და გაუმაძღარი რომაა. მოელოდე იმას, რომ რაკი მეზობლები არიან ეს დაცალკევებული სახელმწიფოები ერთმანეთს არაფერს დაუშავებენ და მათ შორის მარადიული თანხმობა იქნებაო, სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ანგარიშს არ უწევდე ადამიანური ისტორიის ჩვეულებრივ მსვლელობას და უგულვებელყოფდე საუკუნეთა მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას. სახელმწიფოთა შორის მტრობა აურაცხელი მიზეზით ხდება. ზოგიერთი მათგანი იმდენად ზოგადია, რომ თითქმის გამუდმებით ახდენს ზემოქმედებას საზოგადოების კოლექტიურ სტრუქტურებზე. მათ შორისაა ძალაუფლების სიყვარული, პირველობისა და ბატონობის სურვილი. ძალაუფლებისადმი უნდობლობა, მისგან თავდაცვისა და თანასწორობისაკენ სწრაფვაც ამავე მიზეზებში შედის. სხვა მიზეზების მოქმედების ფარგლები ბევრად უფრო შეზღუდულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინიც ძალუმ ზემოქმედებას ახდენენ თავთავიანთი სფეროების შიგნით. ასეთია ის სავაჭრო ურთიერთქიშპობა და კონკურენცია, რომელიც მოვაჭრე სახელმწიფოთა შორის არსებობს. ამათზე მცირერიცხოვანი როდია მტრობის ის მიზეზები, მთლიანად პიროვნული ვნებებით რომ საზრდოობს, იქნება ეს თემის თავკაცთა ერთგულება, შუღლი, დაინტერესება, იმედი თუ შიში იმ თემებისადმი, რომლის წევრებიც თვითონვე არიან. ამ ყაიდის ადამიანებსაც, სულერთია, ვინ იყო იგი, მეფისა თუ ხალხის რჩეული, ხშირად ბოროტად უსარგებლიათ იმ ნდობით, მათ რომ გამოუცხადეს, აქაოდა საზოგადო საქმისთვის ვიღვწითო, მათ სახელმწიფოებრივი სიმშვიდე უტიფრად შეუწირავთ ხოლმე პირადი სარფისა და კერძო კმაყოფილებისთვის. სახელგანთქმულმა პერიკლემ თანამემამულეთა აუარება სისხლი და ქონება შეალია [1], რომ როგორმე თავისი ხარჭა ეამებინა, როგორმე მისთვის წყენა დაეცხრო. იგი თავს დაესხა ქალაქ სამნიას, სძლია და მიწასთან გაასწორა იგი. არავინ იცის, რამ შეაგულიანა იგივე პერიკლე მეგარელთა [2], ამ ბერძნული სახელმწიფოს მიმართ პირადმა შუღლმა თუ იმან, რომ მოიწადინა, თავი დაეღწია იმ სასჯელისათვის, რასაც იმის მტკიცება უქადდა, რომ მისი ხელი ერია ფიდიასის ქანდაკების გატაცებაში [3]; თუ იმან, რომ უნდოდა თავიდან აეშორებინა კიდევ ერთი ბრალდება: სახელმწიფო ხაზინა გაფლანგა, რათა ხალხის კეთილგანწყობა [4] მოენადირებინაო. ვინ იცის, იქნებ ყველა ამ მიზეზმა ერთად წააქეზა იგი, რომ აებრიალებინა ღირსსახსოვარი და საბედისწერო ომის ხანძარი, საბერძნეთის ისტორიაში პელოპენესის ომის სახელით რომაა ცნობილი. იგი მრავალგზის შეწყდა და კვლავ განახლდა. მან მოიტანა ათასგვარი უბედურება, ხელი მოუთავა ათენელთა შეკავშირებას. ერთი ამპარტავანი კარდინალი, ჰენრი VIII კარზე პრემიერმინისტრად რომ იყო, ისე გაზულუქდა, ოცნებაში რომის პაპის გვირგვინსაც კი წაეპოტინა. [5] იმპერატორის, კარლოს V-ის შეწევნის იმედი მოიცა, რათა ხელთ ეგდო ეს, ეგზომ სანუკვარი ჯილდო. ამ კარდინალმა ინგლისი დანასისხლად გადაჰკიდა საფრანგეთს, რათა გაქნილი და ძლევამოსილი იმპერატორის კეთილგანწყობა მოენადირებინა და ყურადღება მიეპყრო. არაფრად ჩააგდო ის, რომ ამგვარი მზაკვრობა ეწინააღმდეგება პოლიტიკის ყველაზე თვალნათლივ მოთხოვნებს და საფრთხეში აგდებს არათუ საზოგადოდ ევროპის, არამედ თავად იმ სამეფოს უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას, რომლის მთავრობის თავმჯდომარეც თვითონ იყო. თუკი ოდესმე ყოფილა ქვეყნად ისეთი ხელმწიფე, ვისაც ღონე შესწევდა, ხორცი შეესხა მსოფლიო მონარქიის იდეისათვის, ეს სხვა არავინ იყო, თუ არა იმპერატორი კარლოს V-ე. მან თავისი ინტრიგების ქსელში გახვია და გამოიყენა პატივმოყვარე და ყეყეჩი კარდინალი უოლსეი. ევროპის ამა თუ იმ მნიშვნელოვან ნაწილში შფოთიც შეუტანია და მღელვარება დაუცხრია კიდეც იმ ზეგავლენას, რომელიც მოჰყოლია ერთი ვინმე მანდილოსნის [6] თავდავიწყებულ სიყვარულს, მეორის სულწასულობას, [7] ხოლო მესამის მეტისმეტ მიდრეკილებას საიდუმლო შეთქმულებებისადმი. [8] ეს თემები და მათი ზეგავლენა თანამედროვე პოლიტიკაზე ისეთი გულმოდგინებითაა გამოკვლეული, რომ აღარც კი შეიძლება იყოს საზოგადო ინტერესის საგანი. ამიტომაც დროს აღარ გავფლანგავ, რათა კვლავ და კვლავ მოვიტანო მაგალითები იმისა, თუ რა ზეგავლენას ახდენს კერძო მოსაზრებები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენათა ფორმირებაზე როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. ამგვარი ზეგავლენის წყაროთა ზერელე ცოდნაც კია საკმარისი, რათა თავად გაიხსენო მისი სხვადასხვა მაგალითი. ხოლო თუკი ღრმად იცნობ კაცის ბუნებას, მაშინ აღარც კი გჭირდება რაიმე ისტორიული ცნობები, რომ ზემოხსენებული ზეგავლენის ნამდვილობასა და ხარისხზე საკუთარი აზრი იქონიო. ზოგადი პრინციპის საილუსტრაციოდ იქნებ უპრიანი იყოს გავიხსენოთ ის შემთხვევა, რაც ამ ბოლო დროს ჩვენში მოხდა. შეიზს რომ ყველა იმედი არ ჰქონოდა გადაწურული ვალის გასტუმრებისა, მაშინ ალბათ არც მასაჩუსეტსი გაეხვეოდა სამოქალაქო ომის ალში. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილების მონაცემები, ამ შემთხვევაში, ჩემს სისწორეს ადასტურებს, დღემდე მაინც მოიძებნებიან ისეთი მეოცნებე და გამომგონებელი ადამიანები, მზად რომ არიან, უაზრობა ამტკიცონ: შტატებს შორის მარადიულ მშვიდობა დაისადგურებს, თუნდაც ისინი ერთმანეთისაგან გათიშულნი და პირმიქცევით იყვნენო. ისინი ამბობენ, რესპუბლიკებს მშვიდობისმყოფელი გენია მფარველობსო. ვაჭრობის სული ადამიანის ზნეს ლმობიერს ხდის, შრეტს ვნებათა იმ მხურვალებას, რომელთაც ხშირად აღუგზნია ომის კოცონიო; რესპუბლიკები, რომლებიც აღებმიცემობას მისდევენ, თავიანთ ძალ-ღონეს არასოდეს შეალევენ ურთიერთშორის გამაჩანაგებელ შეხლა-შემოხლასო; ისინი საერთო ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ამხანაგობისა და ურთიერთთანხმობის სულს გაალაღებენო. მაგრამ განა (ერთიც ვკითხოთ ამ გამომგონებელ პოლიტიკოსებს) ყოველი სახელმწიფოს ინტერესი არ არის, კეთილმოწყალე და ფილოსოფიურ სულს ნერგავდეს? თუნდაც ასე იყოს, განა მუდამ ეს ინტერესი ასულდგმულებს თითოეულ მათგანს? განა პირიქით არ არის? განა ყოველთვის არ ვაწყდებით ხოლმე, რომ ეფემერული ვნებები და წუთიერი ინტერესები უფრო აქტიურად და ძალუმად გაბატონებულან ადამიანის ქცევაზე, ვიდრე ზოგადი და შორეული წარმოდგენები პოლიტიკის, სარგებლობიანობისა და სამართლიანობის შესახებ? განა რესპუბლიკებს ნაკლებ ემარჯვებათ და მოსწონთ ომი, ვიდრე მონარქებს? როგორც ერთის, ისე მეორის სათავეში განა ცოდვილი ადამიანი არა დგას? განა ზიზღით, მიკერძოებით, მოცილეობით და არამი ლუკმის ხელში ჩაგდების სურვილით არ იღვწიან როგორც მეფენი, ისე რესპუბლიკური სახელმწიფოები? განა სახალხო წარმომადგენლობებს არ დარევს ხოლმე ხელს უეცარი რისხვა, გაუტანლობა, შური, სიძუნწე და სხვაც ბევრი სათაკილო და შმაგი სწრაფვა? განა შესანიშნავად არ ვიცით, რომ ასეთს წარმომადგენლობებს რამდენიმე ნდობით აღჭურვილი პირი მართავს და რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეუძლებელია, ამ პირთა ვნებებისა და შეხედულებების დაღი არ აჩნდეს? განა კომერციამ დღემდე რამე ქნა, გარდა იმისა, რომ ომის მიზნები შეცვალა? სარგებლისადმი ტრფიალება განა ისევე დიდმპყრობელური და გაქნილი ვნება არაა, როგორც ძალაუფლებისა თუ განდიდების სიყვარული? განა უფრო ცოტა ომი ატეხილა კომერციული მიზეზებით, მას შემდეგ, რაც აღებმიცემობა სახელმწიფოებრივი მოწყობის უპირატეს სისტემად იქცა, ვიდრე გარდასულ დროებში, როცა ომების საბაბი მიწებისა და სამფლობელოების გაუმაძღარი ნდომა იყო ხოლმე? განა ვაჭრული სულის დანერგვამ ხელი არ შეუწყო იმას, რომ ახალი მადა გახსნოდათ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიწა-წყლის მიტაცებისა? დაე, ამ კითხვებზე პასუხი მივანებოთ გამოცდილებას, ადამიანური აზრის ამ ყველაზე შეუმცდარ მეგზურს. სპარტა, ათენი, რომი და კართაგენი სხვა არაფერი იყო, თუ არა რესპუბლიკები. ორი მათგანი, ათენი და კართაგენი, კომერციული ყაიდის რესპუბლიკა იყო, მაგრამ ორივე ხშირად ჩაბმულა თავდასხმითსა და თავდაცვით ომებში, ზუსტად ისე, როგორც იმ დროის მათი მეზობელი მონარქიები. სპარტა ოდნავღა თუ იყო უფრო უკეთესი შესახედავი, ვიდრე კარგად გამართული საბრძოლო ბანაკი. რომი კი ვერ იქნა და ვერ გაძღა სისხლიანი სასაკლაოებითა და დამპყრობლური ომებით. კართაგენი, თუმც კი სავაჭრო რესპუბლიკა იყო, მაგრამ აგრესორად მოგვევლინა სწორედ იმ ომში, რომელმაც იგი აღგავა კიდეც პირისაგან მიწისა. მიუხედავად იმისა, რომ ჰანიბალი იტალიის შუაგულში შეიჭრა და რომის კარიბჭეს მიადგა, სციპიონმა უკუაქცია იგი, მისი ჯარი კართაგენის მისადგომებთან შემუსრა და ხელთ იგდო მისი სამშობლო. უფრო მოგვიანებით კი ვენეციამ გამუდმებული ომებით აიკლო სხვა იტალიური სახელმწიფოები, ვიდრე პაპმა იულიუს II-მ არ გამონახა სახსრები, რათა შეექმნა მრისხანე ლიგა [9], რომელმაც სასიკვდილო ლახვარი ჩასცა ამ თავგასული რესპუბლიკის ძლიერებასა და ყოყლოჩინობას. ჰოლანდიის პროვინციები, ვიდრე მათ სიქას გააცლიდა ვალები და გადასახადები, მთავარსა და გამორჩეულ წილს იდებდა ევროპულ ომებში; ისინი გააფთრებით ებრძოდნენ ინგლისს, რათა ხელთ ეგდოთ ზღვაზე ბატონობა; ლუი XIV-ის ყველაზე შეუპოვარი და ულმობელი მტრებიც ისინი იყვნენ. ბრიტანულ მმართველობაში სახალხო წარმომადგენლობა მხოლოდ ერთი შტოა ნაციონალური საკანონმდებლო ხელისუფლებისა. საუკუნეების მანძილზე ეს ქვეყანა უმთავრესად აღებმიცემობას ეწეოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ძნელად თუ მოიპოვება მეორე სახელმწიფო, ეგზომ გამალებით რომ ეწარმოებინოს ომები; საქმე ისაა, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, ეს სამეფო ხალხის ლოცვა-კურთხევით ებმებოდა ომებში. სახალხო და სამეფო ომები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთნაირი სიხშირით ხდებოდა. ხალხის ღაღადსა და, მათი სურვილის საპირისპიროდ და სახელმწიფოს ჭეშმარიტ ინტერესთა საზიანოდაც კი, სახალხო წარმომადგენელთა დაჟინებულ მოთხოვნას ხშირად ჩაუთრევია ომში მონარქები. ევროპა დიდი ხნით იყო ცეცხლის ალებში გახვეული იმის გამო, რომ პირველობისათვის ერთმანეთს ეცილებოდა ორი სამეფო კარი: ავსტრია და ბურბონები. კარგადაა ცნობილი, რომ ამ ომში ინგლისის მიერ საფრანგეთის ათვალწუნება მათივე სათაყვანები წინამძღოლის [10] ამბიციასა და სიძულვილს თუ ჩამოუვარდებოდა მხოლოდ; ინგლისელების ამ უსაშველო ანტიპათიამ გაუსაძლისად გააჭიანურა ეს ომი. საღი პოლიტიკის საზღვრებში ვეღარ ეტეოდა იგი. გარკვეულ პერიოდებში სამეფო კარის ინტერესებშიც აღარ შედიოდა მისი განგრძობა. ხსენებულ ორ სახელმწიფოს შორის ომებს, უმეტესწილად, კომერციული მოსაზრებები ასაზრდოებდა. ყოველ მათგანს სურდა მეორე დაეჯაბნა აღებმიცემობის ერთს რომელიმე სფეროში. უფრთხოდა იმას, ვაითუ უპირატესობა დავკარგო საზოგადოდ ვაჭრობის და ნაოსნობის სფეროშიო. უფრო სათაკილო რამაც ხდებოდა _ ერთი სახელმწიფო მეორის ბაზარზე უნებართვო ვაჭრობას ესწრაფვოდა. ბრიტანეთსა და ესპანეთს შორის ერთ-ერთი ბოლო ომი იმის გამო დაიწყო, რომ ინგლისელმა ვაჭრებმა ესპანეთის ამერიკასთან უკანონო ვაჭრობა სცადეს. ბრიტანულ უსამართლობას ესპანეთმა იმით უპასუხა, რომ უკიდურესად მკაცრი ზომები გაატარა ბრიტანეთის ქვეშევრდომთა მიმართ. ესპანური სანქციები არაფრით იყო გონივრული, ამიტომაც სამართლიანად დასდეს მას ბრალი სისასტიკესა და არაადამიანურობაში. ისე რომ, ესპანეთის მიერ გატარებული ღონისძიებები უფრო მართლზომიერი როდი იყო, ვიდრე ინგლისელი ვაჭრების საქციელი, თავს რომ ასეთი სისასტიკე დაიტეხეს. ესპანელებმა ბევრი ინგლისელი სოვდაგარი იგდეს ხელთ და ესპანეთის ამერიკის სანაპიროზე, პოტოზის მაღაროებში გააგზავნეს სამუშაოდ. როცა კაცს გამძვინვარება დარევს ხოლმე ხელს, არად დაგიდევს, სად უდანაშაულოა, სად დამნაშავე. ყველას ერთად მოუსვეს ხელი და უმართებულო სასჯელი დაადეს. სოვდაგართა ღაღადისმა შურისძიების ცეცხლი დაანთო თანამემამულეთა შორის; მისი ალები თემთა პალატას მოედო, მერე კი სამინისტროსაც შეენთო. გასცეს სიგელები, კონტრრეპრესიათა ნებას რომ იძლეოდა. ამას მოჰყვა ომი, რომელმაც მოშალა ყველა ის კავშირი, ოცი წლის მანძილზე რომ შენდებოდა და ყველას იმედს უნერგავდა, მალე ვიგემებთო მის კეთილისმყოფელ ნაყოფს. და ახლა, როცა გულისყურით ვეკიდებით სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას, რომელთა მდგომარეობა ჩვენსას წააგავს, განა გვაქვს საფუძველი ავყვეთ ოცნებებს და ვიქონიოთ იმედი, რომ კონფედერაციის დაშლის შემდგომ მათს წევრებს შორის მშვიდობა და გულითადობა დაისადგურებს? განა თავი არ მოგვაბეზრეს იმ მცდარმა და სულელურმა თეორიებმა, ადამიანის გრძნობა-გონებას რომ ელამუნება, რაკი გვპირდება, ჩამოგვაშორონ ის არასრულყოფილება, სისუსტე და ბოროტება, რომლებიც ყველა ჯურის საზოგადოებას ახასიათებს? განა დრო არ არის გამოვერკვეთ ოქროს საუკუნეზე ამ გონებისწამღები სიზმრიდან და პოლიტიკური მოქმედების ერთი პრაქტიკული მაქსიმა გავითავისოთ; ჩვენ, ისევე, როგორც დედამიწის ყოველი სხვა მკვიდრი, განა ჯერ ისევ ძალზე შორს არა ვართ სრული სიბრძნისა და სრული სათნოების სანეტარო იმპერიიდან? ამასობაში კი უკიდურესად დაცემულია ჩვენი ნაციონალური ღირსება და ნდობა. საყოველთაო წუხილს ბადებს ჩვენი მმართველობის დასუსტება და დასნეულება. ჩრდილოეთ კაროლინის ერთი ნაწილი აჯანყებას მოუცავს; შეშფოთებას იწვევს არეულობა პენსილვანიაში; მასაჩუსეტში ამბოხია და ჯანყი; რარიგ მრავლისმეტყველია ეს მოვლენები!... კაცობრიობის გამოცდილება სულაც არ ადასტურებს იმ პრინციპების სისწორეს, რომლებიც ძილისმომგვრელი გრძნეულებით ჩაგვიჩურჩულებენ, კავშირის დარღვევის შემთხვევაში შტატებს შორის უთანხმოება და მტრობა არ ჩამოვარდებაო; პირიქით, საზოგადოების განვითარებაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად საკაცობრიო აზრმა ერთი პოლიტიკური აქსიომა შეადგინა: სახელმწიფოთა ურთიერთმეზობლობა და სიახლოვე მათ შორის ბუნებრივი მტრობის საწინდარიაო. ერთი გონიერი მწერალი ამის შესახებ შემდეგ რასმე ამბობს: “სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთის მეზობლად არიან, ბუნებრივი მტრობით იმსჭვალებიან ერთი მეორის მიმართ, ვიდრე საერთო სიძაბუნე არ აიძულებს მათ კონფედერაციულ რესპუბლიკად გაერთიანდნენ; სანამ კონსტიტუცია თავიდან არ ააშორებს მათ იმ უთანხმოებებს, ურთიერთმეზობლობა რომ აჩენს; სანამ არ აღმოფხვრის იგი იმ ფარულ შურს, რომლითაც აღიძვრის სახელმწიფოები, რათა მეზობელი დააკნინონ, თვითონ კი აღზევდნენ” [11]. ამ სიტყვებში სიძაბუნეცაა ნახსენები და ის საშუალებაცაა მოცემული, რითაც მას უნდა ვუწამლოთ. პუბლიუსი [1] ასპასია, იხ.პლუტარქესთან, “პერიკლეს ცხოვრება”. [2] იქვე. [3] იქვე. [4] იქვე. ამბობენ, ფიდიასმა მინერვას ქანდაკების მოსაჭედად სახაზინო ოქრო მოიპარა, ხოლო პერიკლემ ნამუსი შეუნახაო [5] პაპის გვირგვინი [6] მადამ მენტენონი [7] ჰერცოგინია მალბორო [8] მადამ პომპედური [9] კამბრეის ლიგა: მასში შედიოდა იმპერატორი, საფრანგეთისა და არაგონის მეფეები, იტალიის მთავრებისა და სახელმწიფოების უმრავლესობა [10] ჰერცოგი მალბორო [11] გაბრიელ ბონე დე მაბლი, “მოლაპარაკებათა წარმოების პრინციპთა შესახებ” Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 8 იანვარი, 2021 Author Posted 8 იანვარი, 2021 ფედერალისტი #7 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი #7 : ჰამილტონი 1787 წ. 17 ნოემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს ხშირად ტრიუმფატორის გამომეტყველებით იკითხავენ ხოლმე, განა რა ექნებათ საჩხუბარი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ შტატებსო? ამომწურავი პასუხი ასეთი იქნებოდა: ისინი იმავე მიზეზით უმტრობენ ერთმანეთს, რის გამოც მსოფლიოს სახელმწიფოებს თავს დასტეხიათ სისხლის წვიმები. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენთან დაკავშირებით ეს შეკითხვა უფრო საგანგებო პასუხს მოითხოვს. ჩვენი განხილვის თვალსაწიერში შემოდის უთანხმოებათა ისეთი მიზეზები, რომელთა საერთო მიმართულება ფედერალური კონსტიტუციით დაწესებულ აკრძალვათა პირობებშიც კი საკმაო გამოცდილებას გვაძლევს, რათა დავასკვნათ, რომ ბევრად უფრო უარესი რამაა მოსალოდნელი, თუკი ეს აკრძალვები გაუქმდებოდა. ტერიტორიული დავა ყველა დროებში ყველაზე უფრო ნოყიერი ნიადაგი იყო ხოლმე სახელმწიფოთა შორის შუღლის გასაღვივებლად. დედამიწის გამაპარტახებელი ომების უმეტესობაც მანვე წარმოშვა. ამ მიზეზს არნახული გასაქანი ექნება ჩვენში. შეერთებული შტატების საზღვრებში ხომ მოქცეულია თვალუწვდენელი უკაცრიელი ტერიტორიები. რამდენიმე შტატი დღემდე აცხადებს მათზე ურთიერთგამომრიცხავსა და დაუკმაყოფილებელ პრეტენზიას. კავშირის დაშლის შემდგომ კი ასე მოიქცევა უკლებლივ ყველა მათგანი. ცნობილია, თუ რა სერიოზული და ცხოველი კამათი ჰქონიათ შტატებს ერთმანეთს შორის იმ მიწების თაობაზე, რომლებიც რევოლუციის დროს არავისთვის გადაუციათ. ეს ტერიტორიები სამეფო მიწებად იწოდებოდა. მათ თავიანთ საკუთრებად რაცხდნენ ის შტატები, რომელთა კოლონიური მმართველობის საზღვრებშიც იყო მოქცეული ეს მიწები; სხვები კი ამტკიცებდნენ, ამ პუნქტში სამეფო კარის უფლებამოსილება სამოკავშირეო ხელისუფლებას უნდა გადაეცესო. ეს ითქმის განსაკუთრებით დასავლურ ტერიტორიაზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის იურისდიქციაში შედიოდა. მეფე ამ მიწას ან ფაქტობრივად ფლობდა, ანდა მის ფაქტობრივად მესაკუთრეებად ინდიელები ითვლებოდნენ, ოღონდ, ეს უკანასკნელნი მეფის ქვეშევრდომები იყვნენ. ასე იყო, ვიდრე ეს მიწა ბრიტანეთს საზავო ხელშეკრულებით არ ჩამოერთვა. იგი იქცა კონფედერაციის შენაძენად, რომელიც მან უცხო სახელმწიფოსთან მოლაპარაკების გზით მოიპოვა. კონგრესის გონივრული პოლიტიკის წყალობით მოგვარდა ეს წინააღმდეგობა. მან დაარწმუნა შტატები, დათმობაზე წასულიყვნენ კავშირის წინაშე, რაკი ეს სასარგებლო იქნებოდა მთლიანად ქვეყნისათვის. თუკი კავშირი კვლავაც იქნება შენარჩუნებული, მაშინ ფართო პერსპექტივა იხსნება იმისა, რომ ყველა სადავო საკითხი მეგობრულად მოგვარდეს; თუკი კავშირი დაიშალა, მაშინ ძველი ტერიტორიული დავა კვლავ განახლდება და ახალიც მრავალი გამოტყვრება. ამჟამად, უკაცრიელ ტერიტორიათა უდიდესი ნაწილი, თუ სულაც პირველობის უფლებით არა, უფლებამოსილებათა გადაცემის წყალობით მაინცაა კავშირის საზოგადო საკუთრება. თუ კავშირი დაიშალა, ის შტატები, რომლებმაც მას უფლებები გადასცეს ფედერალური კომპრომისის საფუძველზე, ალბათ უკანვე მოითხოვენ მიწებს, რაკი აღარ იარსებებს საფუძველი მათი გაჩუქებისა. ბუნებრივია, სხვა შტატებიც დაბეჯითებით მოითხოვენ თავ თავიანთ წილს, რაკი ისინი წარმომადგენლობის უფლებით სარგებლობენ. მათი არგუმენტი იქნებოდა ის, რომ არ შეიძლება ერთხელ გასაჩუქრებული მიწა უკანვე მოითხოვო; და რომ დაუშვებელია, დაირღვეს სამართლიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველამ თანაბრად ისარგებლოს საერთო ძალისხმევით მოპოვებული, ანდა შემომტკიცებული მიწებითო. მაგრამ თუკი ყოველი შტატი გამოაცხადებს, რომ თითოეულ მათგანს აქვს უფლება, თავისი წილი მოითხოვოს საერთო საგანძურიდან, მაშინ დასაძლევი იქნება შემდეგი წინააღმდეგობა: რომელი მართებული წესით უნდა მოხდეს თანასწორი გადანაწილება? ყოველი შტატი გადანაწილების თავის საკუთარ პრინციპს წამოაყენებს; ისინი ერთმანეთის ინტერესს შელახავენ; ამიტომაც, ძნელია, კაცმა მშვიდობიანი მოწესრიგების იმედი იქონიო. ამრიგად, დასავლეთის თვალუწვდენელი ტერიტორიები ჩვენ წინაშე წარმოდგება ურთიერთგამომრიცხავი პრეტენზიების ფართო თეატრით; ეს იმ დროს, როცა არა ჩანს არც მომრიგებელი მოსამართლე და არც ჩვეულებრივი მსაჯული, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ მხარეებს შორის ჩადგებოდა. წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, სამომავლოდაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჟამიდან ჟამს ცეცხლი და მახვილი იკისრებს ერთმანეთს წაკიდებული შტატების დაშოშმინებას. კონეკტიკუტსა და პენსილვანიას შორის ვაიმონგის მიწის თაობაზე წამოჭრილი დავის პერიპეტიები ჩაგვაგონებენ, ტყუილ იმედს ნუ მოვიცემთ, აქაოდა ამგვარი უთანხმოებანი იოლი მოსაგვარებელიაო. კონფედერაციული ხელშეკრულება ავალდებულებდა მხარეებს, საქმე განაჩენის გამოსატანად ფედერალური სასამართლოსთვის გადაეცათ. ასეც მოხდა. სასამართლომ კი პენსილვანია გაამართლა. ამან გაანაწყენა კონეკტიკუტი. სასამართლო განაჩენს მანამ არ დაემორჩილა, ვიდრე მოლაპარაკებისა და დაყვავების გზით მან არ მიიღო იმ ზარალის საზღაური, რაც, მისი აზრით, მას მიაყენეს. ამ შტატის საქციელის დასაგმობად იქ იოტისოდენაც არაფერი თქმულა. უეჭველია, იგი გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ სასამართლო განაჩენით წაგება ნახა. სახელმწიფოებს კი, ადამიანთა მსგავსად, არაფრად ეპიტნავებათ, ემორჩილებოდნენ მათთვის საზარალო გადაწყვეტილებებს. ვისაც კი შესაძლებლობა მიეცა ღრმად ჩაეხედა ნიუ-იორკისა და ვერმონტის ოლქს შორის უთანხმოებათა მორიგების საქმეში, დაგვიმოწმებს, თუ რა წინააღმდეგობებს წავაწყდით არა მარტო იმათ მხრივ, ვინც უშუალოდ იყო დაინტერესებული, არამედ იმ შტატების მხრივაც, რომლებსაც ამ საქმის საგანგებო ინტერესი არა ჰქონია; იმასაც დაგვიდასტურებენ, რომ კონფედერაციის სიმშვიდეს, შესაძლოა, აშკარა საფრთხე დამუქრებოდა, ნიუ_იორკს რომ ეცადა იარაღის ძალით დაეცვა თავისი უფლებები. ამგვარ დაპირისპირებას ორი უმთავრესი მიზეზი ჰქონდა. ჯერ ერთი ის, რომ შურით იყვნენ აღძრულნი ჩვენი სამომავლო ძლევამოსილების მიმართ. მეორეც ის, რომ მეზობელი შტატების ზოგიერთი გავლენიანი პირი სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული, რაკი ამ ოლქის ფაქტობრივმა ხელისუფლებამ მას მიწები გადასცა. იმ შტატებსაც კი, რომლებმაც ჩვენი მოთხოვნები უკუაგდეს, ეტყობა, უფრო ნიუ-იორკის დაქუცმაცებისათვის ელეოდათ გული, ვიდრე თავიანთი პრეტენზიების დაკმაყოფილებისათვის. ესენი იყვნენ: ნიუ-ჰემპშირი, მასაჩუსეტსი და კონეკტიკუტი. ნიუ-ჯერსი და როდ აილენდი შემთხვევას როგორ გაუშვებდნენ, რომ მთელი მგზნებარებით არ დაეჭირათ მხარი ვერმონტის დამოუკიდებლობისთვის. მათს თავგამოდებას მერილენდიც კვერს უკრავდა, ვიდრე იგი კანადასა და ვერმონტს შორის არსებული კავშირის გამჟღავნებამ არ შეაშფოთა. ყველა ესენი წვრილ-წვრილი შტატები იყო, რომლებსაც ჩვენი მზარდი სიდიადის ბოღმა ახრჩობდათ. საკმარისია, ხელახლა გავადევნოთ თვალი ამ მაგალითებს, რომ მათში უეჭველად აღმოვაჩინოთ ის მიზეზები, რამაც, შესაძლოა, შტატები ერთმანეთს დანასისხლად გადაჰკიდოს, თუკი მათ დაშლა და დაქუცმაცება უწერიათ. სავაჭრო კონკურენცია სახელმწიფოთა შორის შეხლა-შემოხლის კიდევ ერთი მასაზრდოებელი წყაროა. ის შტატები, რომლებიც უხეირო გარემო პირობებში იმყოფებიან, მოიწადინებენ თავი დააღწიონ მათ და ბევრად უფრო იღბლიანი მეზობლების სახეირო შემოგარენს შეესიონ. ყოველი შტატი თუ ცალკე კონფედერაცია მხოლოდ საკუთარ სააღებმიცემო პოლიტიკას გაატარებს. ამას მოჰყვება განსხვავებათა დადგენა, საგადასახადო შეღავათების დაწესება და გამონაკლისთა დაშვება. ყოველივე ეს კი განაწყენებას გამოიწვევს. პირველივე ახალშენების გაჩენის დღიდან დავეჩვიეთ იმას, რომ ურთიერთობებში ყველას თანასწორი პრივილეგიით გვესარგებლა. განაწყენების ისედაც მძაფრ მიზეზებს ამით კიდევ მეტი სიმძაფრე მიეცემათ. ისე, რომ მზად უნდა ვიყოთ, რათა უსამართლობა დავარქვათ ყოველივე იმას, რასაც სამართლიან აქტად მიიჩნევენ ის სუვერენული წარმონაქმნები, რომლებსაც განსხვავებული ინტერესი ამოძრავებთ. საქმოსნური სული, რომელიც კომერციულ ამერიკას უდგას, აგვიკლებს თავისი უხამსობით. ეს აღვირახსნილი სული არაფრად ჩააგდებს ვაჭრობის იმ წესებს, რომლებიც ამა თუ იმ შტატს დაუწესებია, რათა თავიანთი მოქალაქეები გამორჩევით ახეირონ. ცალკერძ ამ წესების დარღვვა, ცალკერძ კი მათი არკძალვის და გაუქმების მცდელობა, ბუნებრივია, ძალმომრეობას დაბადებს; ეს კი რეპრესიებსა და ომს გამოიწვევს. ისეთი სავაჭრო წესები დააწესო, მარტო შენს მოქალაქეებს რომ ახეირებს, ეს ნიშნავს, სხვები მოხარკეებად გაიხადო; ამას კი არც ერთი შტატი არ შეურიგდება. ამის მაგალითად, ნიუ-იორკის, კონეკტიკუტისა და ნიუ-ჯერსის ურთიერთობა გამოდგება. შემოსავლის მიღების აუცილებლობა აიძულებს ნიუ-იორკს, მოსაკრებელი დაადოს თავის იმპორტს; მისი დიდი წილი ჩვენი ორი მეზობელი შტატის მოსახლეობამ უნდა იხადოს, რაკი ისინი არიან ჩვენი იმპორტის მომხმარებლები. ნიუ-იორკი არ მოიწადინებს და, რომც მოიწადინოს, ვერ შეძლებს უარი თქვას ამ სარგებელზე; მისი მოქალაქეები არ იქნებიან ყაბულს, ვინმეს მაგივრად ფული იხადონ და ამით სხვები ახეირონ. ეს წინააღმდეგობა რომც არ წარმოშობილიყო, სულ ერთია, მაინც ვერ შევძლებდით საკუთარ ბაზარზე საკუთარ მომხმარებელთა შორის დიფერენციაცია გაგვეტარებინა. როდემდე შეეგუება კონეკტიკუტი და ნიუ-ჯერსი იმას, რომ ნიუ-იორკი სავაჭრო საქონელს ბეგარას ადებდეს და სარგებელს მარტო ნახულობდეს? კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიყოთ უზრუნველი და საამური მეტროპოლია, რომელიც უსაშველო სარფას იხვეჭს? როდემდე უნდა ვაძლევდეთ მეზობლებს მძულვარების საბაბს, რაკი ისინი თვლიან, რომ ჩვენი გამდიდრება მათი გაღატაკების ხარჯზე ხდება? განა შევძლებდით ჩვენი მდგომარეობის შენარჩუნებას მაშინ, როცა ცალკერძ კონეკტიკუტი გვაწვება, ცალკერძ კი ნიუ-ჯერსიდან გვადგას იძულება? ამ კითხვებზე დადებით პასუხს მარტო შლეგი თუ გასცემდა. გათიშულ შტატებს ან კონფედერაციებს შორის შეტაკებათა კიდევ ერთ მიზეზად შეიძლება იქცეს სახელმწიფო ვალი. მათს განაწყენებასა და ურთიერთმოშუღლეობას ჯერ აღებული ვალის თანასწორი განაწილება, მერე კი მისი წილობრივი დაფარვა გამოიწვევს. განაწილების რა წესი უნდა შემოიღო, რომ ყველა კმაყოფილი დაგვრჩეს? ძნელად, რომ ასეთი რამე რეალურ წინააღმდეგობებს არ წააწყდეს. ურთიერთგამომრიცხავი ინტერესები კი ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იქნება. ყოველი შტატი თავისებურად უყურებს იმ საერთო პრინციპს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის უნდა დაიფაროს. ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ აიტკივებს თავს სახელმწიფო კრედიტზე ფიქრით. ეგ იმიტომ, რომ მათს მოქალაქეებს არა აქვთ ამის უშუალო ინტერესი. უფრო მეტი, მათ ზიზღსა ჰგვრის იმის ხსენებაც კი, რომ საერთოდ არსებობს ვალი და რომ იგი გადასახდელია. უსაშველოდ გაძნელდება იმის დადგენა, თუ რომელ შტატს რამდენის გადახდა მართებს. დანარჩენი შტატები კი, რომელთა მოქალაქეები სახელმწიფოს კრედიტორები არიან, ხოლო ეს კრედიტები ბევრად აღემატება სახელმწიფო ვალში მათი მშობლიური შტატების წილს, დაბეჯითებით გამოვლენ მოთხოვნით, რომ თითოეულმა შტატმა უზრუნველყოს თავ-თავიანთი წილი ვალის სამართლიანი და დროული დაფარვა. ურჩი გადამხდელების მედღეხვალიობა გამოიწვევს ნამუსიანი გადამხდელების აღშფოთებას. აზრთა რეალური დაპირისპირება და მისგან წარმოშობილი დაბრკოლებები მეორეხარისხოვან ამოცანად აქცევს განაწილების სამართლიანი წესის შემოღებას. დაინტერესებული შტატების მოქალაქეები ერთ დავიდარაბას ატეხენ. უცხო სახელმწიფოები დაჟინებით მოგვთხოვენ, რომ დავაკმაყოფილოთ მათი მართებული მოთხოვნები. შტატებს შორის დასადგურებულ მშვიდობას ორკეცი საფრთხე დაემუქრება: ქვეყნის გარედან შეიარაღებული შემოჭრა და ქვეყნის შიგნით შეხლა-შემოხლა. დავუშვათ, ერთიანი წესის თაობაზე წამოჭრილი სიძნელეები გადალახულ იქნა და ვალი სამართლიანად გადანაწილდა. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ვივარაუდოთ, რომ შეთანხმებული წესი პრაქტიკულ ცხოვრებაში ზოგიერთ შტატს სხვებზე მძიმე ტვირთად დააწვება. ბუნებრივია, რომ სხვა შტატები არ დაუშვებენ საერთო წესის ამგვარ რევიზიას, რაკი იგი გამოიწვევდა სახელმწიფო ვალში საკუთარი წილის ზრდას. ამას მარჯვედ გამოიყენებენ მომჩივანი შტატები, რათა შესატანებიც არ შეიტანონ და სიძუნწეშიც ბრალი ვერ დასდონ. მათ მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოიწვევს ცხარე კამათსა და ლანძღვა-გინებას; თუნდაც გაამართლოს შემოღებულმა წესმა, ზოგიერთ შტატში მაინც მოხდება საგადასახადო ვალდებულებათა დარღვევები. ამის მიზეზი იქნება ან სახსრების რეალური უკმარობა, ან ფინანსების უხეირო მართვა, ანდა მოულოდნელი არეულობანი ხელისუფლებაში; ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ ადამიანი საიდანღაც გამომტყვრალი საჭიროებისთვის კი არა, სასიცოცხლო მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვისაც კი ძნელად იმეტებს ფულს. არა აქვს მნიშვნელობა, რას გამოუწვევია ამგვარი საგადასახადო შეცოდებანი. მათ უსაშველო წუწუნი, ურთიერთბრალდება და დავა მოსდევს ხოლმე. სახელმწიფოთა სიმშვიდეს ისე ვერაფერი დაარღვევს, როგორც მათი ურთიერთვალდებულება _ ფული ერთი საერთო მიზნით იხადონ, ხოლო სარგებელი ვერაფერი ნახონ. აკი ადამიანის შესახებ არსებობს ერთი მოარული, მაგრამ ჭეშმარიტი გამონათქვამი: მოკალი და ფულს ნუ დაახარჯვინებო... შტატებს შორის მტრობის კიდევ ერთ წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ ერთი შტატის მიერ ისეთი კანონების შემოღება, რომელიც არღვევს კერძო პირებს შორის შეთანხმებებს, ხელყოფს მეორე შტატის უფლებებსა და აზარალებს მათს მოქალაქეებს. იმედი არ უნდა ვიქონიოთ, რომ ცალკეული შტატის საკანონმდებლო ხელისუფლებას ოდესმე უფრო ლიბერალური და სამართლიანი სული ჩაედგმება; და თუკი არ იქნა დაწესებული დამატებითი კონტროლი, მათს კანონებს კვლავაც და კვლავაც აითვალწუნებენ. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ აღენთო კონექტიკუტი შურისგების გრძნობით იმის გამო, რომ როდ აილენდის საკანონმდებლო ხელისუფლებამ ბევრ რამეში მიჰქარა. აქედან ერთადერთი გონივრული დასკვნა გამოდის: მორალური ვალდებულებისა და სოციალური სამართლიანობის მხეცური დარღვევისათვის ფარატინა ქაღალდით კი ვერავის აზღვევინებ, არამედ – ცეცხლითა და მახვილით. წინა წერილებში საკმაო დამაჯერებლობით იქნა ნაჩვენები, რომ შეუძლებელია გათითოებულმა შტატებმა და კონფედერაციებმა რამდენადმე მყარი ალიანსი დაამყარონ უცხო სახელმწიფოებთან. ეს კი საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სიმშვიდეს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ თუკი ამერიკა არ შედუღაბდება, ანდა მისი შტატები მხოლოდღა ლიგის სუსტი კვანძებით შეიკვრებიან, მარტოოდენ თავდასხმისა და თავდაცვის ერთობლივ ღონისძიებებს რომ ითვალისწინებს, მაშინ ეს ალიანსი, რომელსაც წამდაუწუმ კრიჭინი გაუდის, თანდათან გაეხლართება ევროპული პოლიტიკისა და ომების მომაკვდინებელ ლაბირინთში; გათიშულ ნაწილთა შორის ატეხილი დამანგრეველი შეხლა-შემოხლის წყალობით მთლიანად ალიანსი და მისი ცალკეული წევრები ერთნაირად იქცევა მტრის მზაკვრობისა და მაქინაციების მსხვერპლად. Divide et Impera, [1] – აი, ყოველი სახელმწიფოს მაქსიმა, რომელნიც ჩვენდამი მძულვარებით და შიშით გამსჭვალულან. [2] პუბლიუსი [1] გათიშე და იბატონე [2] ამ წერილების საგანი რომ რაც შეიძლება სწრაფად წარედგინოს მკითხველ საზოგადოებას, განზრახული გვაქვს მათი გამოქვეყნება კვირაში 4-ჯერ: სამშაბათობით – “ნიუ-იორკ პაკეტში”, ხუთშაბათობით კი _ “ყოველდღიურ მაცნეში”. ფედერალისტი #8 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი #8 : ჰამილტონი 1787 წ. 20 ნოემბერი. ნიუ-იორკის შტატის ხალხს მას მერე რაც ცხადი გახდა, რომ ერთმანეთს ჩამოცილებული რამდენიმე შტატი ანდა საერთო კონფედერაციის ნამსხვრევებიდან აღმოცენებული მათი კომბინაციები, ომისა და მშვიდობის, მეგობრობისა და მტრობის ისეთ უკუღმართობებს დაიტეხენ თავს, რაც საერთო მმართველობას მოკლებულ ბევრ ჩვენს მეზობელს რგებია წილად, ნება მიბოძეთ გამოწვლილვით განვიხილო ამგვარი მდგომარეობის თანმხლები შედეგები. მათი განყენებული არსებობის პირველ ხანებში შტატებს შორის ომი ბევრად დიდ უბედურებათა მომტანი იქნება, ვიდრე იმ ქვეყნებისთვისაა, რომლებშიც დიდი ხნის წინათ იქნა შემოღებული მუდმივი შეიარაღებული ძალები. ევროპის კონტინენტზე მუდმივ მზადყოფნაში ჰყავთ გაწვრთნილი ჯარები. მართალია, მათ შეუძლიათ, ზიანი მიაყენონ თავისუფლებასა და ეკონომიკას, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდია ის სარგებლობა, რომელიც მათ მოაქვთ, რაკი შეუძლებელს ხდის ელვისებურ დაპყრობასა და ანაზდეულ გაჩანაგებას, რაც საომარ მოქმედებათა განვითარებას მათ შემოღებამდე ახასიათებდა. ამავე მიზნებს ემსახურება ფორთიფიკაციის ხელოვნება. ევროპის სახელმწიფოებს ჯაჭვივით გარს არტყია სიმაგრეთა წყება, რაც აფერხებს მათი ჯარების ურთიერთშეჭრას. სამხედრო კომპანიები მთელ თავიანთ ძალ-ღონეს ალევენ ორი-სამი სასაზღვრო გარნიზონის აღებას, რომ მტრულ ქვეყანაში შეაღწიონ. ყოველი ფეხის ნაბიჯზეა აღმართული ასეთი დაბრკოლებანი, ქანცს რომ აცლის მომხდურსა და აბრკოლებს მის წინსვლას. ძველად მეზობელი ქვეყნის გულამდე თითქმის ერთდროულად აღწევდა მომხდური ჯარები და ცნობა მათი მოახლოების შესახებ. ახლა კი გაწვრთნილი მხედრობის შედარებით მცირერიცხოვან ნაწილებს თავდაცვის ხაზზე რომ დგანან, გარნიზონებზე დამყარებით, უნარი შესწევთ, შეაფერხონ და საბოლოოდ ჩაშალონ კიდეც ბევრად უფრო მასშტაბური სამხედრო ღონისძიება. ომის ისტორია დედამიწის ამ მხარეში აღარ არის დაპყრობილი სახელმწიფოებისა და დამხობილი იმპერიების ისტორია, არამედ იგია ამბავი მიტაცებული და კვლავგამოტაცებული ქალაქებისა, ბრძოლებისა, რომლებიც არაფერს წყვეტს, უკანდახევებისა, რომლებსაც უფრო მეტი ხეირი მოაქვს, ვიდრე გამარჯვებებს. იგი ისტორიაა უსაზმნო ძალისხმევისა და არადმისაჩნევი მონაგარისა. სრულიად სხვა სანახაობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. სამხედრო უწყებათა შორის მოშურნეობა, რამდენადაც შესაძლებელია, გააჯანჯლებს მუდმივი შეიარაღებული ძალების შემოღებას. ფორთიფიკაციათა უქონლობა და დაუცველი საზღვრები გააადვილებს იმას, რომ გათითოებული შტატების ჯარები ერთმანეთის ტერიტორიაზე შეიჭრან. ხალხმრავალი შტატები იოლად გაანადგურებს მეჩხრად დასახლებულ მათს მეზობლებს. ერთნაირად საძნელო შეიქნება როგორც დაპყრობა, ასე დაპყრობილის შენარჩუნება. ამიტომაც ომებს ცალკეულ მძარცველურ შეტაკებათა ხასიათი ექნება. ძარცვა-გლეჯა და გაჩანაგება ყოველთვის მოსდევდა ხოლმე არარეგულარულ შეიარაღებულ შენაერთთა თარეშს. ჩვენი მხედრული მამაცობით წარმოებულ სამხედრო მოქმედებათა გამორჩეული ნიშანი კი იქნება ის ბედუკუღმართობანი, რომლებიც თავს დაატყდება თითოეულ მაცხოვრებელს. ასეთი რამ მთელი სისრულით ჯერ არ მომხდარა, მაგრამ გარწმუნებთ, ბევრი დრო არ დარჩენილა მის მოხდენამდე. ეროვნულ ქცევას ყველაზე უფრო ძლიერ გარეშე საფრთხისგან თავდაცვის აუცილებლობა განსაზღვრავს ხოლმე. თავისუფლებისადმი თვით მგზნებარე სიყვარულსაც კი, გარკვეული დროის მერე, დიქტატი ცვლის, სიცოცხლისა და ქონების იავარქმნა, ომს რომ მოსდევს. განუწყვეტელი დაძაბულობა და განგაში, რომელიც მუდმივი საფრთხის თანამდევია; ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ერებსაც კი იძულებულს გახდის სულის მოსაბრუნებლად და უსაფრთხოების მოსაპოვებლად ისეთ დაწესებულებებს მოუხმოს საშველად, მათი სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების გასანადგურებლად რომ არიან მოწოდებულნი. ბოლოს და ბოლოს ისინი ყაბულს იქნებიან თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე უსაფრთხოება უზრუნველყონ. ზემოხსენებულ ინსტიტუტებში, განსაკუთრებით, მუდმივი ჯარი და მათი შესატყვისი სამხედრო უწყებანი მოიაზრება. როგორც ითქვა, მუდმივი ჯარის წინააღმდეგ ახალი კონსტიტუცია არაფერს ამბობს, ამიტომაც კონსტიტუციის მიღებით, შესაძლოა, ამგვარი ჯარიც იქნას შემოღებული [1]. თუმცა მისი არსებობა, შემოთავაზებული პროექტის თვალთახედვიდან, უკიდურეს შემთხვევაში, პრობლემური და ბუნდოვანია. მაგრამ ხშირი ომიანობა და გამუდმებული შფოთი, რომლებიც განუწყვეტელ სამხედრო სამზადისს მოითხოვენ, აუცილებლად წარმოშობს მუდმივ ჯარს. მას პირველები შემოიღებენ უფრო სუსტი შტატები თუ კონფედერაციები, რათა ძალით უფრო ძლევამოსილ თავიანთს მეზობლებს გაუტოლდნენ. ისინი არაფერს დაზოგავენ, რომ მოსახლეობისა და რესურსების სიმწირე თავდაცვის უფრო რეგულარული და ეფექტური სისტემით, გაწვრთნილი ჯარისა და ფორთიფიკაციების საშუალბით ამოიგონ. ამავე დროს, ისინი იძულებულნი შეიქნებიან, გააძლიერონ აღმასრულებელი ხელისუფლება, რითაც გაასკეცდება მათი კონსტიტუციების მონარქიული მიდრეკილებანი. ომის ბუნებაა ისეთი, რომ ჰკვეცს საკანონმდებლო ხელისუფლებას, აღმასრულებელს კი – აასკეცებს. ამგვარ ღონისძიებებს რომ განახორციელებენ, შტატები იქნება თუ კონფედერაციები, უმალვე დიდად წააქეზებენ თავიანთს მეზობლებს. სახელმწიფოები, წვრილი იქნება ისინი თუ ნაკლები ბუნებრივი სიმძლავრის მქონე, რომლებსაც ენერგიული მთავრობები ჰყავთ და ზურგს გაწვრთნილი ჯარები უმაგრებენ, ხშირად იმარჯვებენ ხოლმე მსხვილსა თუ უფრო მეტი ბუნებრივი სიმძლავრეების მქონე ქვეყნებზე, რომლებიც ამგვარ უპირატესობებს მოკლებულნი არიან. უფრო დიდ შტატებსა თუ კონფედერაციებს არც სიამაყე დაანებებს და არც უსაფრთხოების აუცილებლობა მისცემს იმის საშუალებას, რომ დიდი ხნით შეეგუონ ამნაირ დამამცირებელსა და ეფემერულ უპირატესობას და უმალვე იმავე ღონისძიებათა განხორციელებას შეუდგებიან, რომლებმაც ისინი ამ დღეში ჩააგდეს, რათა თავიანთი გაბატონებული მდგომარეობა დაიბრუნონ. ისე რომ, მოკლე ხანში ჩვენი ქვეყნის ყველა მხარეში გავხდებით იმ დესპოტური მანქანის შემსწრენი, რომელიც ძველ მსოფლიოს ჭირად შეურაცხეს. ასეთი იქნება მოვლენათა ბუნებრივი განვითარება და ჩვენი მსჯელობა სწორი იმდენად იქნება, რამდენადაც იგი ამ განვითარებას არ გადაუხვევს. შეიძლება შეგვესიტყვონ და გვკითხონ, თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ხშირი შეხლაშემოხლის შედეგად, რომლებიც წეწდა საბერძნეთის ძველ რესპუბლიკებს, იქ არ აღმოცენებულა მუდმივი ჯარი. ამ შეკითხვაზე ერთნაირად დამაკმაყოფილებელი სხვადასხვა პასუხია შესაძლებელი. დღევანდელი ხალხები თავიანთს შრომაგარჯით უნარჩვევებს ერთთავად იმაში აქსოვენ, რომ სოფლის მეურნეობა და აღებმიცემობა განავითარონ; ამიტომაც ისინი ვერ ჰგუობენ სამხედრო სახელმწიფოებს, რაც ბუნებრივი ძალმომრეობა იყო ძველბერძნულ რესპუბლიკათა ხალხებისათვის. ომის სისტემაში რევოლუცია გამოიწვია გადასახადების შემოღებამ, ოქროსა და ვერცხლის მარაგები რომ გააასკეცა, სამრეწველო ხელოვნებამ და საფინანსო მეცნიერებამ, ეგზომ მეტოქეობას რომ უწევენ ნაციონალურ ზნეჩვეულებებს. ადამიანთა საზოგადოებათაგან ეგოდენ განსხვავებული გაწვრთნილი ჯარი გახშირებულმა მტრობამ მის მიუცილებელ თანამგზავრად აქცია. ამასთანავე, ძალიან დიდია განსხვავება ორი ისეთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელთაგან ერთი თავისი ბუნებრივი მდებარეობის წყალობით იშვიათად ხდება გარედან თავდასხმის ობიექტი. ხოლო მეორე ხშირად განიცდის მას და მუდმივ შიშში იმყოფება. პირველის მმართველებს კარგი საბაბი ეძლევათ, მით უფრო თუკი მათი სურვილიც ეგაა, რომ ისევე მრავალრიცხოვანი არმია იყოლიონ, როგორც მეორე ყაიდის ქვეყნებისთვისაა აუცილებელი. ერთ შემთხვევაში შეიარაღებულ ძალებს, თუკი საერთოდ გამოიყენებენ, იშვიათად მიმართავენ საშინაო საფრთხეთაგან თავის დასაცავად და ხალხსაც არ ექნება შიში იმისა, რომ მას სამხედრო სუბორდინაცია დაიმორჩილებს. სამხედრო აუცილებლობათა გამოისობით სამოქალაქო კანონთა შესუსტება არ მოხდება. სამოქალაქო სახელმწიფო ძალაში დარჩება, მას ვერ შერყვნის სხვა ქვეყნის პრინციპები და მის მიერ პრივილეგირებული ფასეულობები. არმია მცირერიცხოვანია და საზოგადოების ბუნებრივი ძალა მას აღემატება. მოქალაქეებს, რომლებიც დაჩვეულნი არ არიან სამხედრო ძალაუფლების მფარველობას, ანდა მისი მხრიდან შევიწროებას, მართალია, არ უყვართ ჯარისკაცები, მაგრამ სამაგიეროდ არც ეშინიათ მათი. მოქალაქეები სამხედროებს ისე უყურებენ, როგორც აუცილებელ ჭირს. იჭვნეულად ეთანხმებიან მათ არსებობას, თუმც კი მზად არიან, წინ აღუდგნენ მათ ძალაუფლებას, რაკი მიაჩნიათ, რომ იგი მათი უფლებების შეზღუდვის ხარჯზე ხორციელდება. ამგვარ გარემოებებში არმია ხელისუფლებას მხოლოდ უმნიშვნელო შეხლა-შემოხლის, შემთხვევითი ჯანყისა თუ ამბოხის ჩასახშობად არგია. მაგრამ იგი ვერაფრით დაიმორჩილებს ხალხთა ფართო მასების გაერთიანებულ ძალისხმევას. ყველაფერი პირიქით მოხდება იმ შეჭირვებულ ქვეყანაში, ბოლოს რომ აღვწერეთ; საფრთხის განუწყვეტელი მუქარა აიძულებს მთავრობას, ყოველთვის მზად იყოს მის ასაშორებლად. მისი ჯარი საკმაოდ მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოს მტკიცე თავდაცვა. ამ სამსახურთა გამო მატულობს მნიშვნელობა ჯარისკაცისა, შესაბამისად უარესდება მოქალაქის მდგომარეობა. იმ ტერიტორიათა მაცხოვრებლები, ხშირად რომ წარმოადგენს საომარ მოქმედებათა თეატრებს, ვერაფრით აიცილებენ თავიდან თავიანთი უფლებების ფეხქვეშ გათელვას. ეს კი იმას იწვევს, რომ მოქლაქეებს უბლაგვდებათ ამგვარ უფლებათა განცდის უნარი და თანდათან ხალხში ფეხს იკიდებს შეხედულება, რომ ჯარისკაცი არა მარტო მფარველია მათი, არამედ უფროსიც. ჯარისკაცთა მიმართ ამგვარი განწყობიდან მათი, როგორც ბატონების მიმართ, განწყობაზე გადასვლა არც თუ შორეული პერსპექტივაა და იგი არც ისე ძნელია. ძნელი ის არის, რომ ამგვარი წნეხის ქვეშ მოქცეული ხალხი დაარწმუნო, გაბედული თუ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს იმ უზურპატორებს, რომელთაც ზურგს უმაგრებს სამხედრო ძალაუფლება. დიდი ბრიტანეთის სამეფო პირველი ტიპის ქვეყნებს განეკუთვნება. მას არა ჰყავს მრავალრიცხოვანი არმია. მისი კომპენსაცია კი ხდება იმით, რომ იგი კუნძულზე მდებარეობს და ძლევამოსილი ფლოტი ჰყავს. ეს საკმარისია, რათა მან თავიდან აიცილოს გარეშე ძალების შემოჭრა. ბრიტანეთში მიაჩნდათ, რომ არ არის საჭირო იმაზე მეტი ძალის ყოლა, რამდენიც აუცილებელია მოულოდნელად გადმოსხმული დესანტის შესაჩერებლად, ვიდრე სახალხო ლაშქარი შეიკრიბებოდეს და გაერთიანდებოდეს. ბრიტანეთის ნაციონალური პოლიტიკის არც ერთი მოტივი არ მოითხოვს იმას, რომ შინ მრავალრიცხოვანი არმია იყოლიონ. ამას არც საზოგადოებრივი აზრი შეიწყნარებდა. ძველად დიდი ხნის განმავლობაში დიდი გასაქანი ბრიტანეთში არ ჰქონია არც სხვა გარემოებებს, რომლებიც შინააშლილობათა თანამდევ შედეგებად მოვიხსენიეთ. გამორჩეული ბუნებრივი მდებარეობით მონიჭებული ეს განსაკუთრებული ბედნიერება ბრიტანელებს შორის დიდწილად უწყობდა ხელს იმ თავისუფლების შენარჩუნებას, რომლითაც დღემდე ტკბება ეს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ფართოდ არის გავრცელებული მექრთამეობა და კორუფცია. ბრიტანეთს რომ კონტინენტური მდებარეობა ჰქონოდა, მას რომ მდებარეობის გამო ამის იძულება დადგომოდა, თვითონაც იყოლიებდა სხვა დიდ ევროპულ სახელმწიფოთაოდენა შეიარაღებულ ძალებს. და სრულიად უეჭველია, რომ ისიც, ამ ქვეყანათა მსგავსად, დღესდღეობით ერთპიროვნული შეუზღუდავი ძალაუფლების მსხვერპლი გახდებოდა. შესაძლებელია, მაგრამ ადვილი როდი არის, რომ კუნძულის ხალხი სხვა რამე მიზეზით იქნეს დამონებული. მაგრამ მისი დაკაბალების მიზეზი არასოდეს გახდება ყოლა ეგოდენ მცირერიცხოვანი ჯარისა, რაც ამ ქვეყანაში ჰყავთ. ჩვენ რომ საკმაო სიბრძნე გამოვიჩინოთ და კავშირი შევინარჩუნოთ, სამარადჟამო ნეტარებას მოგვანიჭებდა ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც კუნძულისას ძალზე წააგავს. ევროპა ერთობ შორსაა ჩვენგან, ჩვენსა და ჩვენ მეზობლად არსებულ მის კოლონიებს შორის ძალთა უთანასწორობა სულ უფრო და უფრო მატულობს. ამიტომაც მათ არა აქვთ იმის თავი, რომ სახიფათო წყენა მოგვაყენონ. ამ ვითარებაში არ არის აუცილებელი, რომ უსაფრთხოების დასაცავად მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალები ვიყოლიოთ. მაგრამ თუ დავუშვებთ და ჩვენი კავშირის შემადგენელი ნაწილები ცალ-ცალკე გააგრძელებს არსებობას,ანდა, ვთქვათ, ორ თუ სამ კონფედერაციად შეკოწიწდება, მაშინ ჩვენც იმ გადაულახავ სიძნელეებში გავიხლართებით, ევროპის კონტინენტურ სახელმწიფოებს რომ ახასიათებთ – ჩვენს თავისუფლებას იმსხვერპლებს ის საშუალებანი, რომლებიც ჩვენვე შევქმენით ჩვენივე პატივმოყვარეობისა და ურთიერთმოშურნეობისგან თავის დასაცავად. ეს ზერელე და უსაფუძვლო მოსაზრება როდია, არამედ საფუძვლიანი და ანგარიშგასაწევი აზრია, რომელიც ღირსია იმისა, რომ თითოეულმა გონიერმა და ღირსეულმა ადამიანმა მთელი სერიოზულობით განიხილოს და ყოველმხრივ აწონდაწონოს; თუკი ასეთი ადამიანები მთელ თავიანთს სიმტკიცესა და სიდარბაისლეს მოუხმობენ და მიუკერძოებლად გაისიგრძეგანებენ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იდეის ანგარიშგასაწევობას, თუკი ისინი ძირისძირობამდე განჭვრეტენ მას და ჩაუღრმავდებიან მისგან გამომდინარე შედეგს, მაშინ უყოყმანოდ შეწყვეტენ კონსტიტუციისადმი გაუმართლებელ არაკეთილმოსურნეობას, რომლის უკუგდება საბოლოო წერტილს დაუსვამდა ჩვენი კავშირის არსებობას. გაუჩინარდებოდა ის ავადმყოფური ფანტომები, წარმოსახვაში რომ უქრის მის ზოგიერთ მოწინააღმდეგეს და ისინი უმალვე დაიწყებდნენ უფრო არსებით საფრთხეებზე ფიქრს. საფრთხეებზე, რომლებიც განუზომლად უფრო რეალური, მოუცილებელი და საზარელია. პუბლიუსი [1] ს შეხედულება სრულად იქნება განხილული თავის დროზე; იქვე იქნება ნაჩვენები, რომ გამოჩენილი იქნა მაქსიმალური ბუნებრივი სიფრთხილე. ეს არის საუკეთესო ღონისძიება, რასაც ამერიკაში დღემდე შეთხზული არც ერთი კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა და რომელთა უმეტესობა ამ საკითხის არანაირ განმარტებას არ შეიცავდა. ფედერალისტი #9 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი #9 : ჰამილტონი 1787 წ. 21 ნოემბერი 1787 ნიუ-იორკის შტატის ხალხს მტკიცე კავშირს დიდი მნიშვნელობა ენიჭება შტატების მშვიდობისა და თავისუფლებისათვის. იგი ხომ გასაქანს არ მისცემს შინაგან განხეთქილებასა და ჯანყს. როცა საბერძნეთისა და იტალიის წვრილ-წვრილი რესპუბლიკების ისტორიას კითხულობ, შეძრწუნება და ზიზღი გეუფლება. ეს რა ვნებით მისცემიან ისინი განუწყვეტელ რყევებსა და გაუთავებელ რევოლუციებს; რა გამალებით ენარცხებიან ანარქიიდან ტირანიის უფსკრულში, ტირანიიდან კი _ ანარქიისაში. ამ ქვეყნებში ჟამიდან ჟამს ჩამოვარდნილი მშვიდობა ხომ იმ ხანმოკლე გამოდარებას ჰგავს, რის შემდეგაც მძვინვარე ქარიშხლები დატრიალდება. რა სინანული გვიპყრობს ხოლმე მათი კეთილდღეობის ხანმოკლე პერიოდების შემყურეს. ამ წარმტაც სანახაობას ხომ უმალვე წალეკავს აჯანყებებისა და პარტიული გაუტანლობის ბობოქარი ტალღები. როს დიდების სხივები წამიერად გაჰკვეთენ წყვდიადს, როს თვალს მოგვჭრის მათი ხანმოკლე, მაგრამ წარმავალი ბრწყინვალება, ვრწმუნდებით, თუ რაოდენ სამწუხაროა, როცა ხელისუფლების უკეთურება გზას უმრუდებს და აფერმკრთალებს იმ ნათელი ტალანტებისა და აღფრთოვანებულ ნიჭთა სიკაშკაშეს, რომელთაც დიდებით შეუმოსავთ თავიანთი სამშობლოები. ამ რესპუბლიკების ანალები, ერთთავად რომ რყევებსა და არეულობებს მოუცავთ, დესპოტიზმის მომხრეს არა მარტო მმართველობის რესპუბლი-კური ფორმის, არამედ თვით სამოქალაქო თავისუფლების პრინციპის საწინააღმდეგო საბუთად დაუსახავს. იგი გმობს თავისუფალ მმართველობას, აქაოდა იგი არ გამოდგებაო საზოგადოებაში წესრიგის უზრუნველსაყოფად, ამიტომაც, ღვარძლიანი სიხარულით ხარობს, როცა თავისუფლების საძირკველზე აღმართულა და საუკუნეების განმავლობაში გაფურჩქნულა საოცარი დაწესებულებები, რომელთა ძლევამოსილების რამდენიმე მაგალითიც კია საკმარისი, რომ გაცამტვერდეს თავისუფლების მოწინააღმდეგეთა შავბნელი სოფიზმები და მჯერა, რომ ამერიკა იქცევა ვრცელ და მტკიცე ქვაკუთხედად, რომელზეც სხვა არანაკლებ დიდებული შენობები აღიმართება, როგორც თავისუფლების მოწინააღმდეგეთა ცდომილების მარადიული ძეგლები. მაგრამ შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ რესპუბლიკური მმართველობის სურათები, რომლებიც წარმოგვიდგინეს თავისუფლების მოწინააღმდეგებმა, ზუსტი ასლებია იმ ორიგინალებისა, რომლებიდანაც ისინი გადმოიხატეს. თუკი აღმოჩნდებოდა, რომ ასრულება არ ეწერა საზოგადოების უფრო სრულყოფილი ორგანიზაციის მოდელებს, მაშინ თავისუფლების განათლებული მეგობრები ფარ-ხმალს დაჰყრიდნენ და აღიარებდნენ, აზრი არა აქვსო ამგვარი მმართველობის დაცვას. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ამასობაში, სხვა მეცნიერებათა მსგავსად, დიდად სრულყოფილი შეიქნა პოლიტიკური მეცნიერებაც. სადღეისოდ ერთობ კარგადაა გააზრებული ბევრი ისეთი პრინციპის ქმედითუნარიანობა, რომლებსაც ძველები ან სრულებით არ იცნობდნენ, ანდა მათზე არასრული წარმოდგენა ჰქონდათ. დაინერგა სხვადასხვა უწყებებს შორის ძალაუფლების მოწესრიგებული გადანაწილების პრინციპი. შემოღებულ იქნა საკანონმდებლო ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმი; შეიქმნა სასამართლოს ისეთი ინსტიტუტი, რომელშიც მსაჯულებს თავიანთი პოსტი მანამდე უჭირავთ, სანამ თემიდას უმწიკვლოდ ემსახურებიან. დაფუძნდა სახალხო წარმომადგენლების ინსტიტუტი, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლებაში თავისუფალი არჩევნების გზით მოდის. ყველა ეს პრინციპი ან სრულიად ცინცხალი აღმოჩენაა, ანდა თანამედროვე ეპოქაში ძველთაგანვე ცნობილი პრინციპების სრულყოფილი ვარიანტებია. ამ ძლევამოსილ სა-შუალებებს ძალუძთ რესპუბლიკური მმართველობის ყველა უპირატესობის შენარჩუნება. ასევე, შეუძლიათ შეამცირონ, ანდა თავიდან აგვაშორონ მისი არასრულყოფილებანი. მსურს, გავბედო და ღონისძიებათა ამ ჩამონათვალს, რომელთა მიზანია სახალხო ხელისუფლების სისტემის გაუმჯობესება, კიდევ ერთი პრინციპი დავუმატო; იგი, შესაძლოა, ზოგიერთისთვის სრულიად ახალი იყოს, მაგრამ ბევრისთვის ახალ კონსტიტუციაზე იერიშის მიტანის საბაბად შეიქმნა, – იმ ორბიტის გაფართოებას ვგულისხმობ, რომელზეც ამგვარმა სისტემებმა უნდა იტრიალონ. საქმე ისაა, რომ საჭიროა ან უფრო განიფინოს ერთი სახელმწიფოს მოცულობა, ანდა სხვადასხვა მომცრო სახელმწიფოები ერთ კონფედერაციად გაერთიანდნენ. ეს უკანასკნელი ჩვენ გააზრებათა უშუალო საგანია. თუმცა ასევე წაადგებოდა საქმეს, რომ ეს პრინციპი ერთი სახელმწიფოს მაგალითზე გამოგვეცადა, რასაც სხვა დროს გამოვცდით კიდეც. სულაც არ არის ახალი ის აზრი, რომ კონფედერაცია ვარგებულია როგორც შინაური შფოთის ჩახშობისა და საშინაო სიმშვიდის დაცვის საქმეში, ისე საგარეო ძლიერებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ აზრის ჭეშმარიტება საუკუნეთა სრბოლაში გამოიწრთო და სხვადასხვა ქვეყნების ისტორიებში დადასტურდა. მას იზიარებს ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მწერალი. კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტის ოპონენტებს არ ბეზრდებათ მონტესკიეს ნაშრომიდან ციტატების მოყვანა; წაღმა-უკუღმა ატრიალებენ მის მოსაზრებას, რომ აუცილებელია, რესპუბლიკური მმართველობა მცირე ტერიტორიაზე ხორციელდებოდესო, მაგრამ ეტყობა ამ ვაჟბატონებმა არ იციან ამ დიდი ადამიანის განსხვავებული შეხედულებანი, რომლებიც იმავე შრომაშია გამოთქმული. ანდა ისინი არად მიიჩნევენ იმ პრინციპებიდან გამომდინარე შედეგებს, რომლისადმიც ესოდენ უსიტყვო მორჩილებით გამსჭვალულან. როცა მონტესკიე გვირჩევს, უმჯობესია, რესპუბლიკური მმართველობა მცირე მოცულობის ტერიტორიაზე ხორციელდებოდესო, იგი ისეთ სტანდარტებს გულისხმობს, რომლებიც ბევრად ჩამოუვარდება ჩვენი ნებისმიერი შტატის ზომას. ვერც ვირჯინია, ვერ მასაჩუსეტსი, ვერც პენსილვანია, ვერც ნიუ-იორკი, ვერც ჩრდილოეთ კაროლინა ვერც ეფარდება იმ მოდელს, რის საფუძველზეც მონტესკიე მსჯელობს და რომლის მიმართაც თავისი დასკვნები გამოაქვს. თუკი ამ აზრებს უცილობელ ჭეშმარიტებად მივიჩნევდით, მაშინ ან მონარქს უნდა გავგებოდით ფერხთა ქვეშ, ანდა უამრავ უსაშველოდ წვრილ სახელმწიფოებად უნდა დავქუცმაცებულიყავით, გაუთავებლად რომ მტრობენ, ექიშპებიან და მოშურნეობენ ერთმანეთს. უსაშველო შეხლა-შემოხლის ეს საბუდარი მხოლოდღა საყოველთაო სიბრალულსა და ზიზღს დაბადებს, ვითარცა ერთობ უბადრუკი სანახაობა. ზოგიერთ მწერალს, რომელიც ხსენებულ საკითხს სხვანაირად განიხილავს, ეტყობა, გაუცნობიერებია ეს დილემა, რაკი უკან არ იხევს და ნართაულად ამბობს, თითქოს სანუკვარი რამ იყოს ქვეყნის დაქუცმაცება. ასეთი ბრმა პოლიტიკა, ასეთი უგუნური ფანდი, რაც გულისხმობს იმას, რომ თავზესაყრელად შეიქმნება პაწია თანამდებობანი, შესაძლოა, ხელს აძლევდეს არაკვალიფიციურ ადამიანებს, რომელთა ზეგავლენა ვერ სცდება პიროვნული ინტრიგების შეზღუდულ სფეროს, მაგრამ იგი არასოდეს დააყრის ხეირს ამერიკის ხალხის სიდიადესა და ბედნიერებას. ხსენებულ პრინციპს, როგორც უკვე ვთქვით, სხვაგან განვიხილავთ. ახლა კი საკმარისი იქნება აღინიშნოს, რომ იმ ავტორის მოსაზრება, რომლის ციტატებს დაბეჯითებით იშველიებენ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ კავშირის უფრო მსხვილი წევრების ზომათა შეკვეცას თუ გულისხმობს და მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო მათი გაერთიანებისა ერთი კონფედერაციული მმართველობის ქვეშ. ესაა სწორედ ის საკითხი, რისი განხილვაც ახლა გვწადია. მონტესკიე არათუ წინააღმდეგია სახელმწიფოთა გაერთიანებისა, არამედ იგი საგანგებოდ ლაპარაკობს კონფედერაციულ რესპუბლიკაზე. იმაზე, რომ იგი არის ყველზე მარჯვე იარაღი სახალხო ხელისუფლების სფეროს გაფართოებისა, რომელიც შინაგანად იკრებს ყველა იმ უპირატესობას, რაც აქვს როგორც მონარქიას, ისე რესპუბლიკას. სავსებით შესაძლებელია, რომ კაცობრიობა კვლავაც მონარქის ფერხთა ქვეშ ყოფილიყო განრთხმული, მას რომ არ გამოეგონებინა კონსტიტუციის ისეთი ნაირსახეობა, რომელიც ერთმანეთთან ორგანულად კრავს რესპუბლიკური მმართველობის შიდასახელმწიფოებრივ სარგებლიანობასა და მონარქიული ხელისუფლების საგარეო ძლიერებას. სხვა არაფერს ვგულისხმობ, თუ არა კონფედერაციულ რესპუბლიკას. “მმართველობის ეს ფორმა არის შეთანხმება, რომელსაც დებენ სხვადასხვა მომცრო სახელმწიფოები ერთმანეთს შორის, რამეთუ თანახმანი არიან შევიდნენ უფრო მსხვილ სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში, რომლის შექმნაც განუზრახავთ. ესაა საზოგადოებათა ისეთი კრებული, რომელიც ქმნის ახალ საზოგადოებას და აქვს ზრდის უნარი, ვიდრე ისეთ დონეს მიაღწევდეს, რომ მან ერთიანი ორგანიზმის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლოს”. “... ასეთი რესპუბლიკა წინ აღუდგება გარეგან ძალმომრეობას და შეძლებს ისე შეინარჩუნოს თავისი თავი, რომ შინაგანმა ხრწნამ ხელი არ დარიოს. საზოგადოების ეს ნაირსახეობა ყოველმხრივ მოხერხებულია”. “... თუკი კავშირის რომელიმე წევრი მოიწადინებს, უზურპაცია უყოს უმაღლეს ხელისუფლებას, მას თავიდანვე გადაწურული ექნება იმედი, რაკი ვერაფრით მოიპოვებს კავშირის დანარჩენი წევრების მხარდაჭერასა და ნდობას. თუ უზურპატორმა ერთი რომელიმე სახელმწიფო მოიქცია თავის ზეგავლენაში, დანარჩენები განგაშის ზარებს ჩამოჰკრავენ; თუკი უზურპატორი კონფედერაციის ერთ ნაწილს დაიპყრობს, თავისუფალი ნაწილი აუმხედრდება მას, დაუპირისპირებს ყველა იმ ძალას, რომლის უზურპირება ვერ მოუსწრია და მანამ სძლევს, ვიდრე იგი საწადელს ეწეოდეს.” “... კონფედერაციის ერთ რომელიმე სახელმწიფოში აჯანყებამ რომ იფეთქოს, დანარჩენები ადვილად ჩაახშობენ მას. თუკი მისი ერთი ნაწილი სულიერად გაიხრწნება, უვნებელი ნაწილი კვლავ აღადგენს მას; მისი ერთი მხარე შეიძლება დაიქცეს, მაგრამ მეორე – სიმრთელეს შეინარჩუნებს. კონფედერაცია შეიძლება დაიშალოს, მაგრამ მისი შემადგენელი ქვეყნები თავიანთ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებენ.” “... რაკი ამგვარი მმართველობა მომცრო რესპუბლიკებს აერთიანებს, მას არ გაუჭირდება უზრუნველყოს მათი შინაგანი ბედნიერება, ხოლო საგარეო ურთიერთობათა თვალსაზრისით იგი ფლობს მსხვილი მონარქიის ყველა უპირატესობას, რაკი სახელმწიფოთა ასოციაციაა”. მიზანშეწონილად ვცანი მთლიანად მომეყვანა ეს საინტერესო პასაჟები, რამდენადაც მათში სახელმწიფოთა კავშირის სასარგებლოდ სხარტი და ნათელი არგუმენტებია მოცემული. ვინძლო ამან გააქარწყლოს ის ყალბი შთაბეჭდილება, რასაც მკითხველში იწვევს საგანგებოდ საამისოდ წინასწარ გათვლილი უკუღმართი განმარტებანი მონტესკიეს ნაშრომის სხვა-დასხვა ადგილებისა. ამავე დროს, ეს პასაჟები შინაგანადაა დაკავშირებული ამ წერილის უშუალო გაზრახვასთან: ნათელყოს, რომ კავშირს შესწევს უნარი, ალაგმოს შინააშლილობა და ჯანყი. შტატების კონფედერაციასა და კონსოლიდაციას ერთმანეთისაგან უფრო მზაკვრული განზრახვით განასხვავებენ, ვიდრე სიზუსტის გულისათვის. კონფედერაციის არსებით ნიშნად მიაჩნიათ ის, რომ მისი ხელისუფლება ვრცელდება მხოლოდ მის წევრებზე, როგორც კრებითს პირებზე და არა ამ კრებითი პირების შემადგენელ ინდივიდებზე. ამიტომ ამტკიცებენ, რომ გაერთიანების საბჭო არ უნდა ერეოდესო ცალკეული წევრი ქვეყნის შინაურ საქმეებში. ასევე დაბეჯითებით ამტკიცებენ, კონფედერაციული ხელისუფლების არსებითი ნიშანია მის წევრებს შორის ხმათა აბსოლუტურად ზუსტი განაწილებაო. მაგრამ ესაა არსებითად თვითნებური მტკიცებანი. მათ ზურგს არ უმაგრებს არც ერთი პრინციპი და არც ერთი პრეცედენტი. სინამდვილეში ისე მოხდა, რომ ამ ყაიდის მმართველობები უპირატესად კონფედერაციასა და კონსოლიდაციას შორის ზემოხსენებული განსხვავების თანახმად მოქმედებენ, რაკი მიაჩნიათ, რომ ეს არსებითი რამაა მათი ბუნებისათვის. მაგრამ, ამასთანავე, პოლიტიკური პრაქტიკა სავსეა საიმისო მაგალითებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ საკითხში აბსოლუტური წესები არ არსებობს (თუკი მაგალითს აქვს დასტურის ძალა). წინამდებარე გამოკვლევაში ნათლად იქნება ნაჩვენები, რომ როცა ხსენებული მტკიცება გაბატონებულ პრინციპად იქცეოდა, წამსვე წარმოიშობოდა უსაშველო არეულობა და პოლიტიკურ მოქმედებას ხელს უგუნურობა დარევდა ხოლმე. კონფედერაციული რესპუბლიკა უბრალოდ “საზოგადოებათა კრებულს”, ანდა ერთ სახელმწიფოდ ორი ან მეტი სახელმწიფოს გაერთიანებას გულისხმობს. ფედერალური ხელისუფლების ზომა, მისი სახეცვლილებანი და მიზნები მხოლოდღა კეთილგონივრული შეთანხმების საქმეა. ვიდრე არ გაუქმებულა წევრი ქვეყნების ცალკე ორგანიზაცია, ვიდრე იგი კვლავაც არსებობს როგორც ადგილობრივი მიზნების შესატყვისი კონსტიტუციური აუცილებლობა, ვიდრე თუნდაც იგი სრულად ემორჩილება კავშირის საერთო ხელისუფლებას, მანამ ასეთი გაერთიანება პრაქტიკულად და თეორიულადაც სახელმწიფოთა ასოციაციად ანუ კონფედერაციად რჩება. შემოთავაზებული კონსტიტუცია შტატების ხელისუფლებას კი არ აუქმებს, არამედ მათ საერთო _ ნაციონალური სუვერენობის სრულუფლებიან წევრად ადგენს, სენატში პირდაპირი წარმომადგენლობის უფლებას ანიჭებს და მათვე უტოვებს სუვერენული ხელისუფლების გამორჩეულსა და ერთობ მნიშვნელოვან ნაწილს. ეს კი სრულიად შეესატყვისება იმას, რაც იგულისხმება ფედერალური ხელისუფლების ცნებაში, თუკი ტერმინს რაციონალურად განვმარტავდით. ლიკიის კონფედერაციაში, რომელშიც 23 ქალაქი თუ რესპუბლიკა შედიოდა, თემთა საბჭოში ყველაზე მსხვილ წევრებს 3 ხმა ჰქონდათ, საშუალოთ – 2, ხოლო ყველაზე მცირეთ – 1. თემთა საბჭო ნიშნავდა მოსამართლეებსა და საქალაქო მმართველობათა წევრებს ყველა ქალაქში. ძნელია, კაცმა შინაურ საქმეებში ამაზე საჩოთირო ჩარევის მაგალითი დაასახელო. თუკი რაიმე განსაკუთრებულად უნდა შედიოდეს ადგილობრივ იურისდიქციაში, ეს ხომ საკუთარ მოხელეთა დანიშვნაა. მიუხედავად ამისა, როცა ამ გაერთიანებაზე მსჯელობს, მონტესკიე წერს: “კონფედერაციული რესპუბლიკის ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშად “ლიკიის კავშირის” დაგისახელებდიო”. ამრიგად, კონფედერაციასა და კონსოლიდაციას შორის განსხვავება, რომელიც ზოგიერთებს აუჩემებიათ, სრულიად უმნიშვნელო რამაა განათლებული მოქალაქისთვის, რომელიც კარგად ერკვევა სამოქალაქო სამართლის საკითხებში. ამიტომაც ჩვენი დასკვნა ასეთია – ამგვარი განსხვავება ყალბი თეორიის მზაკვრული შესწორების მცდელობაა მხოლოდ და მხოლოდ. პუბლიუსი 1. კანონთა გონი, ტომი V, წიგნი IX, თავი 1. ფედერალისტი #10 : მედისონი Spoiler ფედერალისტი #10 : მედისონი 1787 წ. 23 ნოემბერი 1787 ნიუ-იორკის შტატის ხალხს უამრავ უპირატესობათაგან, რომელსაც ხეირიანად მოწყობილი კავშირი გვპირდება, არც ერთი არ იმსახურებს ესოდენ დაწვრილებით გადმოცემას, როგორც მისი უნარი, ალაგმოს და გააკონტროლოს ადამიანთა დაჯგუფებებს შორის მძულვარება და ძალმომრეობა. სახალხო მმართველობის ბედსა და ბუნებაზე რომ ფიქრობს, მის მომხრეს ერთი რამ ჰგვრის ყველაზე დიდ შეშფოთებას: ამგვარი მმართველობის მიდრეკილება ზემოხსენებული სახიფათო სიავისადმი. ამიტომ იგი მზადაა ჯეროვნად დააფასოს ყველა ის პროექტი, რომლის მიზანი ამ ჭირის წამლობაა, ოღონდაც, ეს მისი საყვარელი პრინციპებისადმი ძალმომრეობა არ იყოს. ის უმყარობა, უსამართლობა და არეულობა, რომელიც ძვალ-რბილში გასჯდომია სახელმწიფო წარმომადგენლობითს ორგანოებს, მართლაცდა ის სნეულებაა, რაც ყოველთვის ღუპავდა და ახლაც ღუპავს სახალხო მმართველობებს. ამ ნოყიერ თემას ხომ ეგზომ ეთაყვანება თავისუფლების მტერი. იგი ხომ ასე ასაზრდოებს მისი მჭევრმეტყველების ყველაზე დამაჯერებელ ნიმუშებს. მართალია, არ შეიძლება აღფრთოვანება არ გეუფლებოდეს იმის გამო, რომ ამერიკის კონსტიტუციებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს სახალხო მმართველობის როგორც ძველი, ისე ახალი მოდელები. მაგრამ გაუმართლებელი მიკერძოება იქნებოდა იმის მტკიცება, ვითომდა მათ ისეთი ქმედითობით აეცილებინოთ ყველა საფრთხე, როგორც ეს სასურველი და მოსალოდნელი იყო. ჩვენი ყველაზე გონიერი და ქველი მოქალაქენი ერთთავად იმას ჩივიან, რომ სახალხო მმართველობა ჩვენში ერთობ არამყარია; რომ ურთიერდაპირისპირებული დაჯგუფებების შეხლა-შემოხლა უგულვებელყოფს საზოგადო სიკეთეს; რომ მისი კრიტერიუმი ძალიან ხშირად დგინდება არა სამართლიანობის წესებისა და უმცირესობაში მყოფი პარტიის უფლებათა გათვალისწინებით, არამედ უპირატესი უმრავლესობის უზარმაზარი ძალის ზეგავლენით. ნეტამც ამ ჩივილს საფუძველი და საბუთი არა ჰქონოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები არ გვაძლევს საშუალებას უარვყოთ, რომ მას გარკვეულწილად საფუძველიც აქვს და გამართლებაც. თუკი მიუმხრობლობით მიმოვიხილავდით ჩვენში არსებულ მდგომარეობას, აღმოვაჩენდით, რომ ზოგი იმ უკეთურებათაგანი, რომელშიც ცხოვრება და მუშაობა გვიხდება, სულაც არ არის ჩვენი მმართველობის ბრალი. მაგრამ, ამავე დროს, იმაშიც დავრწმუნდებოდით, რომ სწორედ მას გამოუწვევია ჩვენი ყველაზე გაუსაძლის უბედურებათა უმრავლესობა. სხვანაირად ვერ აიხსნება სახელმწიფო დაწესებულებებისადმი ეს ეგზომ მზარდი და ფართოდ მოდებული უნდობლობა; ვერც ეს განგაში, კერძო უფლებათა გამო რომაა ატეხილი და რომლის გამოძახილი მთელ ჩვენს კონტინენტს გადასწვდომია. ეს ვითარება, თუ მთლიანად არა, უმთავრესად მაინც იმ უმტკიცობისა და უსამართლობის ბრალია, რაც განხეთქილებისა და ჯგუფურობის სულს შეაქვს სახელმწიფო მმართველობაში, რითაც მას ხრწნის. დაჯგუფებად მივიჩნევ ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას (სულ ერთია, იგი მთელის უმრავლესობას შეადგენს თუ უმცირესობას), რომელთაც ერთად მოქმედების მხურვალე ინტერესი თუ მისწრაფება აერთიანებს და რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი სხვა მოქალაქეთა უფლებებისა და საზოგადოების საერთო ინტერესებისადმი. ჯგუფურობის სენისაგან განკურნების ორი გზა არსებობს: პირველი მისი მიზეზების აღმოფხვრაა, მეორე – მისი შედეგების კონტროლი. მისი მიზეზების აღმოფხვრის ასევე ორი საშუალება არსებობს. პირველი გულისხმობს თავისუფლების, როგორც ჯგუფური ურთიერთდაპირისპირების აუცილებელი წინაპირობის გაუქმებას. მეორე იმას მოასწავებს, რომ თითოეულ მოქალაქეს ერთი და იგივე აზრი, ვნება და ინტერესი ჩაუნერგო. ეგოდენი სიმართლე არაფერზე თქმულა, რაოდენიც წამლობის პირველ საშუალებაზე ითქვა. ამგვარი წამალი თვით სნეულებაზეც უარესი იქნებოდა. ჯგუფური ურთიერთდაპირისპირებისთვის თავისუფლება იგივეა, რაც ჰაერი – ცეცხლისათვის. თავისუფლებაა მისი საზრდო, ურომლისოდ იგი წამშივე დაივსებოდა. თავისუფლება ელემენტია პოლიტიკური ცხოვრებისა. მართალია, იგი ჯგუფური ურთიერთდაპირისპირების საზრდოცაა, მაგრამ ამის გამო მისი გაუქმება ისეთივე სისულელე იქნებოდა, როგორც ჰაერის, როგორც ცეცხლის სასიცოცხლო ელემენტის აღკვეთა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი აღაგზნებს მას და ყოვლის ჩამნთქმელ ძალას ანიჭებს. მეორე საშუალებაც ისევე უვარგისია, როგორი უგუნურობაც პირველის გამოყენება იქნებოდა. ვიდრე ადამიანური გონება ცდება და ვიდრე მას საამისო გასაქანი ეძლევა, მანამ ყოველთვის წარმოიშობა ხოლმე ურთი-ერთდაპირისპირებული შეხედულებანი. ვიდრე არსებობს კავშირი ადამიანის გონებასა და თავისი თავის სიყვარულს შორის, მანამ ურთიერთგადაჭდობილი იქნება მისი თავმოთნეობა, მისი შეხედულებანი და ზნენი, მანამ წაუკიდებს ვნება ურთიერთგაუტანლობის ცეცხლს მათ შეხედულებებს და ადამიანებსაც ერთმანეთს წაჰკიდებს. საერთო ინტერესთა ჩამოყალიბებას გადაულახავ დაბრკოლებად ეღობება ის, რომ ადამიანები თავიანთი უნარებით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, საიდანაც საკუთრების უფლება წარმოშობილა. ამ უნარების დაცვა უპირველესი ფუნქციაა ხელისუფლებისა. საკუთრების მოპოვების ურთიერთგანსხვავებულსა და უთანაბრო უნარებს რომ იცავს, აქედან უშუალოდ გამომდინარეობს ის, რომ ადამიანები სხვადასხვა ზომისა და ხასიათის საკუთრებას ფლობენ. ეს კი ზემოქმედებას ახდენს მესაკუთრეთა ურთიერთგანსხვავებული გრძნობებისა და თვალსაზრისების ჩამოყალიბებაზე, რაც იწვევს კიდეც საზოგადოების დაყოფას სხვადასხვა ინტერესებად და პარტიებად. ისე რომ, ჯგუფურობის იდუმალი თესლი თვით ადამიანისვე ბუნებაში ღვივის; სამოქალაქო საზოგადოებაში ყოველმხრივ ვაწყდებით ხოლმე მისგან აღმოცენებულ სხვადასხვა დონის აქტივობებს. გულმოდგინებამ, რომელსაც ადამიანები იჩენენ რელიგიური და მმართველობის საკითხებისადმი, მათი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტებისადმი; სხვადასხვა ლიდერებისადმი ერთგულებამ, რომლებიც პირველობისა და ძალაუფლებისათვის იბრძვიან, თუ სხვა პირების სიყვარულმა ადამიანურ ვნებებს რომ თავდადების საგანად დაუსახავთ, ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებად დახლიჩა კაცობრიობა; უფრო მეტად განაწყო ისინი ერთმანეთის საზიანოდ და დასაჩაგრად, ვიდრე საზოგადო სიკეთისათვის სათანამშრომლოდ. ისე ძალუმია მიდრეკილება ურთიერთმტრობისადმი, რომ სულაც არ არის აუცილებელი რაიმე არსებითი საბაბი. არადმისაჩნევი და ახირებული სხვაობანიც კი საკმარისია, რათა აღიგზნოს მათი მოქიშპე ვნებები და გაჩაღდეს მათი ყველაზე მძვინვარე კონფლიქტები. მაგრამ ურთიერთწაკიდების საერთო და ყველაზე მტკიცე საფუძველი მაინც საკუთრების უთანაბრო და უთანასწორო განაწილებაა. საზოგადოებაში ყოველთვის ურთიერთდაპირისპირებული ინტერესებით გამოდიოდნენ ისინი, ვისაც საკუთრება აქვს და ვისაც იგი არა აქვს. იგივე ითქმის მევალეებსა და მოვალეებზე. ცივილიზებულ ერთა თანამედროვე მდგომარეობას უშვია მიწასთან დაკავშირებული ინტერესები; ამ ინტერესებს გაუხლიჩავთ კიდეც იგივე ერები კლასებად და პარტიებად, რომლებთაც ურთიერთგამომრიცხავი გრძნობები და შეხედულებები გასჩენიათ. თანამედროვე კანონმდებლობის მთავარი ამოცანა სწორედ ისაა, რომ მოაწესრიგოს ეს ეგზომ განსხვავებული და ურთიერთშემაბრკოლებელი ინტერესები და პარტიულ-ჯგუფური სულისკვეთება ხელისუფლების აუცილებელსა და ყოველდღიურ საქმიანობაში ჩააბას. დაუშვებელია, რომ ვინმე თავისი თავის მსაჯულად გამოვიდეს იმ პროცესზე, რომელზეც მისი საქმე ირჩევა. ეგ იმიტომ, რომ პირადი ინტერესის გამო ადამიანი აუცილებლად გამოიჩენს მიკერძოებას. დაუჯერებელი არც ის უნდა იყოს, რომ ასეთი რამ შერყვნის მის პატიოსნებას. ამავე მიზეზით ისიც დაუშვებელია, რომ ადამიანთა ჯგუფები, ერთსა და იმავე დროს, მოსამართლეებადაც გვევლინებოდნენ და მხარეებადაც. ასეთი რამის დაუშვებლობას, შესაძლოა, უფრო საყურადღებო საფუძველიც ჰქონდეს. მაგრამ სხვა რა არის ძალზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები, თუ არა სასამართლო განაჩენი, რომელიც არა ერთი ადამიანის, არამედ ადამიანთა ჯგუფების მიმართ გამოაქვთ და მათ უფლებებს ეხება? განა კანონმდებელთა სხვადასხვა კლასები, ერთსა და იმავე დროს, ადვოკატები და დაპირისპირებული მხარეებიც არ არიან იმ საქმეში, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ? განა ასე არ არის პირადი დავალიანების შესახებ განსახილველად წარმოდგენილი კანონის შემთხვევაშიც? მევალეები ამ საქმის ერთ მხარეს წარმოადგენენ, ხოლო მოვალეები - მეორეს. სამართლიანობა მოითხოვს, რომ დაბალანსებული იქნას მათი ინტერესები. ამ შემთხვევაში მხარეები იძულებულნი არიან, თავიანთი თავის მსაჯულებად გამოვიდნენ. გამარჯვებას კი ის მხარე მოიპოვებს, რომელიც უფრო მრავალრიცხოვანი იქნება. უცხოური ნაწარმის დაბეგვრის გზით მფარველობა უნდა გავუწიოთ თუ არა სამამულო მრეწველობასა და მრეწველებს? მიწათმოქმედებსა და მრეწველებს, რა თქმა უნდა, განსხვავებული პასუხი ექნება ამ შეკითხვაზე. ერთი რამ არის ცხადი, რომ ორივე მათგანი კერძო ინტერესით იხელმძღვანელებს და არად დაგიდევს სამართლიანობასა და საზოგადო სიკეთეს. განსაკუთრებულ მიუკერძოებლობას საჭიროებს საგადასახადო კანონმდებლობა, ე.ი. იმის დადგენა, თუ რა სახის და რა ოდენობის გადასახადი უნდა დაწესდეს ამა თუ იმ საკუთრებაზე. ძნელი წარმოსადენია კანონმდებლობის სხვა სფერო, სადაც ცდუნების ეგოდენ ნოყიერი ნიადაგი არსებობდეს საიმისოდ, რომ ფეხქვეშ გაითელოს სამართლიანობის წესები. უმცირესობისთვის დაკისრებული თითოეული ზედმეტი შილინგი საკუთარი ჯიბის გასქელებას ემსახურება. ამაოდ გვიმტკიცებენ, განათლებული სახელმწიფო მოღვაწეები შეძლებენ დაპირისპირებული ინტერესების მოგვარებას და საყოველთაო კეთილდღეობის ინტერესისადმი მათ დამორჩილებასო. განათლებული მოღვაწეების ხელში ყოველთვის როდი არის სახელმწიფოს მართვის სადავეები. უფრო მეტი, საყოველთაო ინტერესისადმი პირადი ინტერესების დამორჩილების ამოცანა მოითხოვს იმას, რომ გათვალისწინებული იქნეს სამომავლო და შორეული ინტერესები. სამომავლო ინტერესებს კი იშვიათად გადაუწონიათ უშუალო ინტერესები, რომლებსაც არაფრად მიაჩნია სხვისი უფლებები, და თუნდაც, მთელი საზოგა-დოების კეთილდღეობა. ყოველივე ეს იმაში გვარწმუნებს, რომ შეუძლებელია ჯგუფურობის მიზე-ზთა აღმოფხვრა. ამ უბედურების შესამსუბუქებლად ისღა დაგვრჩენია, რომ მისი შედეგები ვაკონტროლოთ. როცა პოლიტიკური დაჯგუფება უმცირესობაა, მაშინ მშველელად გვევლინება რესპუბლიკური პრინციპი, რომელიც უმრავლესობას იმის საშუალებას აძლევს, რომ ჩვეულებრივი კენჭისყრით ჩაშალოს უმცირესობის ავი ზრახვები. უმცირესობამ შესაძლოა მოახერხოს ის, რომ შეაბრკოლოს მმართველო-ბითი დაწესებულებების მუშაობა და ამით საზოგადოებაში არასასურველი რყევები გამოიწვიოს, მაგრამ მას ვერასოდეს გამოუვა ის, რომ კონსტი-ტუციურ ნორმებს ამოეფაროს და შენიღბულად მოინდომოს თავისი ძალმომრეობის განხორციელება. მაგრამ თუკი ასეთი დაჯგუფება უმრავ-ლესობას წარმოადგენს, მაშინ სახალხო ხელისუფლების პოლიტიკურ ფორმებს სარგებლობა მოაქვს. ამ შემთხვევაში ამ ჯგუფის სწრაფვას ბატონობისკენ შესაძლოა მსხვერპლად შეეწიროს როგორც საყოველთაო კეთილდღეობა, ისე სხვა მოქალაქეთა უფლებები. ამრიგად, ჩვენი კვლევა-ძიების დიადი მიზანი სწორედ ის არის, რომ ამგვარი დაჯგუფებებისგან დავიცვათ საყოველთაო კეთილდღეობა და ადამიანის პირადი უფლებები. ამასთანავე კი - შევინარჩუნოთ სახალხო ხელისუფლების ფორმა და მისი სულისკვეთება. ნება მიბოძეთ დავძინო, რომ ამ ამოცანის გადაჭრის გარეშე შეუძლებელია მმართველობის ამ ფორმამ ჩამოირეცხოს ის სირცხვილი, რომელიც მას მისი შემოღების დღიდან თან ახლავს. სხვანაირად ვერ მოხერხდება მისი ჯეროვნად დაფასება, რათა იგი კაცობრიობამ მოიწონოს და მიიღოს. მაგრამ რა გზით უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს? ორი გზიდან ერთ-ერთს უნდა დავადგეთ. ან არ უნდა დავუშვათ ის, რომ უმრავლესობას, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე ვნება, ანდა ერთი და იგივე ინტერესი ჩამოუყალიბდეს; ან ერთი ვნებითა და ერთი ინტერესით შეკრულ ამგვარ უმრავლესობას არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ცალკეულ საარჩევნო ტერიტორიებზე მოიყარონ თავი, რათა ძალმომრეობისა და ჩაგვრის თავიანთი ჩანაფიქრი განახორციელონ. კარგად ვიცით, რომ თუკი სამოქმედოდ აღტკინებას მოქმედებისთვის ხელსაყრელი პირობებიც შეექმნა, ამგვარი მოქმედების შედეგებს ვერც რელიგიური შეგონებებით გააკონტროლებ და ვერც ეთიკურით. ასეთ შეგონებებს უსამართლობითა და ძალმომრეობით აღტკინებული ინდივი-დიც არად დაგიდევთ, არათუ მრავალი ინდივიდისგან შედგენილი ჯგუფი. რაც უფრო მრავალრიცხოვანია ჯგუფი, მით უფრო ნაკლები ეფექტუ-რობით ხორციელდება კონტროლი. ყველაზე ნაკლებ ეფექტური კი იგი სწორედ მაშინ არის, როცა ჯგუფის შედეგთა გაკონტროლების ყველაზე მწვავე აუცილებლობის წინაშე ვდგავართ. ყოველივე ამის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ წმინდა დემო-კრატიას ჯგუფურობის უბედურებისგან თავდაცვის არანაირი საშუალება არ გააჩნია. წმინდა დემოკრატიად კი მე ის მდგომარეობა მიმაჩნია, როცა ადამიანები მცირე ჯგუფებად ერთიანდებიან და პიროვნულსა თუ უშუალო მართვას ახორციელებენ. თითქმის ყოველთვის ისე ხდება, რომ მთელი უმრავლესობა საერთო ვნებითა და საერთო ინტერესითაა ატანილი. მმართველობის ეს ფორმა სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მას თანამზრახველობა და თანამონაწილეობა ახასიათებს. არაფერი რჩება ისეთი, რაც წინ აღუდგებოდა ერთი რომელიმე პიროვნების აუტანლობას და არ დაუშვებდა იმას, რომ უმრავლესობის ვნებას მსხვერპლად შესწირვოდა უმცირესობის ინტერესები. ასეთ დემოკრატიებს არაფერი მოაქვთ, გარდა არეულობისა და ურთიერთქიშპობისა. ისინი ვერც პიროვნულ უსაფრთ-ხოებას უზრუნველყოფენ და ვერც საკუთრების უფლებას. ამიტომ არის, რომ მათ უდღეური არსებობა ერგოთ წილად. რაც უფრო დღემოკლენი იყვნენ ისინი, მით უფრო ძალადობრივი იყო მათი აღსასრული. თეორეტიკოსი პოლიტიკოსები, რომლებიც მმართველობის ამ ფორმის დამცველებად გამოდიან, მცდარ შეხედულებათა ტყვეობაში ექცევიან. ისინი ფიქრობენ, რომ საკმარისია კაცობრიობა პოლიტიკური თანასწორუფლებიანობით უზრუნველყო. პოლიტიკურ თანასწორუფლებიანობას, თითქოსდა, თავისთავად მოჰყვებოდეს ქონებრივი გათანასწორება და ერთნაირი აზრებისა თუ გრძნობების ჩამოყალიბება. რესპუბლიკური მმართველობის ფორმა კი სრულიად სხვა პერსპექტივას შლის ჩვენ წინაშე. მმართველობის ამ ფორმაში მე მესმის წარმომა-დგენლობითი დემოკრატია, რომელიც დაზღვეულია ბევრი მანკიერებისგან, რაც უშუალოდ დემოკრატიას ახასიათებს. მმართველობის რესპუბლიკური ფორმის განხილვა ღრმად ჩაგვახედებს იმაში, თუ რა არის მისი მკურ-ნალი ძალა. ამასთანავე ჩვენთვის ნათელი გახდება, თუ რა ეფექტურობას იძენს იგი იმ შემთხვევაში, როცა შტატები ერთ კავშირად არიან გაერთიანებული. დემოკრატია და რესპუბლიკა ორი რამით განსხვავდება ერთმანეთისგან. ჯერ ერთი, მრავალრიცხოვანი მოქალაქეები შედარებით მცირერიცხოვან წარმომადგენლებს ირჩევენ, რომლებსაც გადააბარებენ თავიანთი უფლე-ბების მნიშვნელოვან ნაწილს. მეორეც, პირდაპირი დემოკრატიისგან განსხვავებით, რესპუბლიკურ მმარ-თველობაში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს და იგი უფრო ვრცელ ტერიტორიაზე ვრცელდება. პირველ განსხვავებას შედეგად ის მოჰყვება, რომ საჯარო შეხედულებებს დახვეწს და დაალაგებს მოქალაქეთა არჩევითი და წარმომადგენლობითი ორგანო. ამის საწინდარია მასში გაერთიანებული მოქალაქეების სიბრძნე. მათ კარგად ესმით, თუ რა არის მათი ქვეყნის ინტერესი. ხოლო მათი პატრიოტიზმი და სამართლიანობის სიყვარული იმის თავდებია, რომ საყოველთაო კეთილდღეობა ეფემერულსა თუ ჯგუფურ ინტერესებს არ შეეწიროს. ასეთი მოწესრიგების საფუძველზე შესაძლებელი გახდება ის, რომ საზოგადოების გულისწადილი, რომელსაც მის მიერ არჩეული წარმომადგენლები ახმოვანებენ, საყოველთაო კეთილდღეობის ინტერესს შეერწყას. ასეთი რამ ვერ ხერხდება უშუალო დემოკრატიის პირობებში, როცა ადამიანები საგანგებოდ ამ მიზნისთვის იკრიბებიან. მაგრამ შესაძლებელია, რესპუბლიკურმა მმართველობამ საპირისპირო შედეგიც გამოიღოს. ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომელთა მიზანია საე-რთო საქმეში განხეთქილების შეტანა. ასეთმა ადამიანებმა შესაძლოა, ადგილობრივ ცრურწმენათა ზეგავლენით, ანდა ბოროტი ზრახვების საფუძველზე მოტყუებითა და მოსყიდვით მოახერხონ საარჩევნო ხმების მოგროვება, შემდეგ კი უღალატონ ხალხის ინტერესებს. საკითხი ასე დგას: რა ჯობია, რესპუბლიკური მმართველობა მცირე ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს თუ ვრცელზე? რომელი უფრო ხელსაყრელი იქნება საიმისოდ, რომ ხალხმა საყოველთაო კეთილდღეობის ჭეშმარიტი დამცველები აირჩიოს? უწინარეს ყოვლისა ის უნდა ითქვას, რომ რესპუბლიკური მმართველობა შესაძლოა, შედარებით მცირე ტერიტორიაზე ხორციელდებოდეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყოველთვის უნდა არსებობდეს არჩეულ წარმომადგე-ნელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რათა მათ ვერ შეძლონ ურთიერთ-შორის ფარული გარიგებების დადება, რასაც ადვილად მოახერხებდნენ, თუკი მათი რაოდენობა მცირე იქნებოდა. მეორე მხრივ კი, რაც უნდა ვრცელი იყოს რესპუბლიკა, აუცილებელია, დადგენილი იქნეს წარმომადგე-ნელთა ზღვრული რაოდენობა, რათა თავიდან ავიცილოთ ის დომხალი, რომელიც ადამიანთა მეტისმეტად დიდ სიმრავლეს ახასიათებს. ბუნებრივია, რომ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არჩეულ წარმომადგენელთა რაოდენობა არ შეიძლება ამომრჩეველთა პირდაპირპროპორციული იყოს. მათი რაოდენობა შედარებით დიდია მცირე რესპუბლიკის შემთხვევაში, მაგრამ საქმე ისაა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ტიპის საზოგადოებაში ბევრად მეტი ღირსეული პიროვნება არსებობს, ვიდრე ამას არჩევნები ავლენს. ამიტომ ცხადია, რომ რაც უფრო დიდია რესპუბლიკურ მმართველობას დაქვემდებარებული ტერიტორია, მით უფრო დიდია არჩევანის შესაძლებლობა, ასევე – ალბათობა იმისა, რომ სწორი არჩევანი გაკეთდება. რაც უფრო ვრცელი იქნება ტერიტორია და რაც უფრო მეტი ამომრჩეველი აირჩევს წარმომადგენელს, მით უფრო გაუძნელდებათ უღირს კანდიდატებს ის, რომ უღირსი მეთოდებით გაიკაფონ გზა და საწადელს მიაღწიონ, რასაც ისინი ძალიან ადვილად ახერხებენ მცირე რესპუბლიკების შემთხვევაში. თუკი ამას ისიც დაემატება, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, მაშინ მეტი იქნება ალბათობა იმისა, რომ უფრო ღირსეულსა და მიმზიდველ ადამიანებს აირჩევენ, რომლებიც ხასიათის სიმტკიცითაც გამოირჩევიან. ამასთანავე, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაშიც ისე, როგორც სხვა შემთხვევათა უმრავლესობაში, დაცული უნდა იქნეს გარკვეული შუალედი. საკმარისია მის რომელიმე მხარეს გადავუხვიოთ, რომ უმალ გადაულახავ წინააღმდეგობებში გავიხლართოთ. თუკი მეტისმეტად გავაფართოვებდით საარჩევნო ოლქს, ამით წარმომადგენელს შევუზღუდავდით იმის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივ გარემოებებს ჩასწვდომოდა და იქაური ინტერესები გაესიგრძეგანებინა. თუკი მეტისმეტად შევამცირებდით საა-რჩევნო ოლქს, ამით წარმომადგენელს ადგილობრივ ინტერესებს მივაჯა-ჭვავდით და იმის შესაძლებლობას მოვუსპობდით, რომ ეროვნულ ინტერესს ჩასწვდომოდა და მისი განხორციელებისთვის ეღვაწა. ეს ორი რამ ბედნიერადაა ერთმანეთთან შერწყმული ფედერალურ კონსტიტუციაში. ნაციონალური და უფრო დიდი მასშტაბის ინტერესები ეროვნული ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება, ადგილობრივი და კერძო ინტერესები შტატის კანონმდებელთა კომპეტენციაში რჩება. რესპუბლიკა პირდაპირი დემოკრატიისგან კიდევ იმით განსხვავდება, რომ იგი უფრო ვრცელ ტერიტორიასა და უფრო მრავალრიცხოვან მოსახლეობას მოიცავს. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს იმას, რომ რესპუბლიკური მმართველობის პირობებში უფრო ნაკლებ სახიფათოა ჯგუფური შეხლა-შემოხლა, ვიდრე პირდაპირი დემოკრატიისას. რაც უფრო მცირერიცხოვანია საზოგადოება, მით უფრო ნაკლები ჯგუფი და ინტერესი განსაზღვრავს მას. მაგრამ რაც უფრო ნაკლებია საზოგადო-ებრივი ჯგუფი და რაც უფრო ნაკლებია ინტერესი, მით უფრო იზრდება შესაძლებლობა იმისა, რომ უმრავლესობა ერთი ჯგუფის წევრებმა ჩამოაყალიბონ. და რაც უფრო მცირე რაოდენობის ხალხია გაერთია-ნებული უმრავლესობაში, მით უფრო ადვილია მისთვის, რომ უმცირე-სობის დასაჩაგრად დაირაზმოს. მაგრამ საკმარისია გავაფართოვოთ პოლიტიკური მოღვაწეობის სფერო და მასში უამრავი სხვა პარტია თუ ინტერესი ჩაერთვება. ძნელი საფიქრებელია, რომ ამ შემთხვევაში მთელ უმრავლესობას საერთო მოტივი გაუჩნდეს საიმისოდ, რომ მათ უგულე-ბელყონ სხვა მოქალაქეთა ინტერესები. ასეთი მოტივი რომც გაჩნდეს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმემ რეალურად შეაფასოს თავისი ძალები და სხვებთან შეთანხმებულად იმოქმედოს. სხვა დაბრკოლებათა გვერდით ისიც უნდა მოვიხსენიოთ, რომ როცა გამოაშკარავებულია უსამართლო და უღირსი ზრახვები, ძნელდება თანამზრახველთა ჯგუფის ჩამოყალიბება. შეთქმულების მოსურნეთა შორის მზარდი ურთიერთუნდობლობა ისადგურებს. რაც უფრო მეტი თანამზრახველი ხდება საჭირო, მით მეტად იზრდება უნდობლობა. აქედან ნათლად გამომდინარეობს ის, რომ უშუალო დემოკრატიის წინაშე რესპუბლიკური მმართველობის უპირატესობა, რომელიც ჯგუფური დაპირისპირების შედეგთა კონტროლის შესაძლებლობაში მდგომარეობს, ბევრად უფრო ეფექტურია რესპუბლიკაში, რომელიც ვრცელ ტერიტორიას და მრავალრიცხოვან მოსახლეობას მოიცავს, ვიდრე მცირე ზომის რესპუბლიკაში. შეერთებულ შტატებს სწორედ ეს უპირატესობა ექნებათ გათი-თოებულ შტატებთან შედარებით. მაგრამ რა არის არსი ამ უპირატესობისა? ის, რომ არჩეულ წარმომადგენლებს თავიანთი განათლებული შეხედულებებითა და ქველი გრძნობებით ადგილობრივი ცრურწმენები და უსამართლო ზრახვები დაუძლევიათ? არავინ მოჰყვება იმის უარყოფას, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენლები სწორედ ამ ღირსებებით იქნებიან შემკულნი. იქნებ ამ უპირატესობის არსი ისაა, რომ პარტიათა მრავალფეროვნებისა და მრავალრიცხოვნების პირობებში ერთ რომელიმე მათგანს გაუძნელდება სხვებზე უპირატესობის მოპოვება და მათი ინტერე-სების უგულვებელყოფა? ბუნებრივია, რომ ერთი კავშირის შიგნით მოქცეული სხვადასხვა დაჯგუფებები ამ კავშირის უსაფრთხოების ზრდას შეუწყობს ხელს. ზემოხსენებული უპირატესობების არსი ეგებ ის იყოს, რომ კავშირის პირობებში უამრავი დაბრკოლება ექმნება მიკერძოებულ უმრავლესობას. ერთობ გაუჭირდება მას თანამზრახველთა შემოკრება და თავისი იდუმალი ზრახვების განხორციელება. კავშირის სიდიდეს, ამ მხრივ, მართლაც რომ საგრძნობი უპირატესობა აქვს. გამთიშველობის სულით შეპყრობილმა ლიდერმა შესაძლებელია, სამოქალაქო დაპირისპირების ხანძარი გააჩაღოს თავის შტატში, მაგრამ იგი სხვა შტატებში მის გადატანას ვერ მოახერხებს. კონფედერაციის ერთ ნაწილში რელიგიური სექტა შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიად გადაგვარდეს, მაგრამ შეუძლებელი იქნება ასეთი რამ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს. ამის საწინდარი კი ამერიკის მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტული უამრავი რელიგიური სექტაა. ფასიანი ქაღალდების გამოშვების, ვალების გაუქმებისა თუ ქონების თანაბრად განაწილებისკენ, ანდა სხვა რამ უმართებულო და საზიანო ჩანაფიქრის განხორციელებისკენ მოწოდებამ შესაძლოა, ცალკეული შტატი მოიცვას, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ იგი მთელი კავშირის მასშტაბით განხორციელდეს. ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთი რამ რომელიმე შტატის ერთ რომელიმე ოლქში მოხდეს, მთელი შტატის მასშტაბით კი მისი განხორციელება ნაკლებად დამაჯერებელია. ამრიგად, მთელი კავშირის მასშტაბით გამართულ რესპუბლიკურ მმართველობას ხელთ აქვს სამკურნალო საშუალებანი იმ სნეულებათა დასამარცხებლად, რომლებიც მმართველობის ამ ფორმას ახასიათებს. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმით, რომ რესპუბლიკელები ვართ, რესპუბლიკური პრინციპებისადმი ერთგულებით გამოვირჩევით, მაგრამ ასეთივე რუდუნებით უნდა ვეპყრობოდეთ ფედერალიზმის სულს და ფედერაციული პრინციპების მიხედვით ქვეყნის მოწყობას თავგამოდებით უნდა ვესწრაფოდეთ. პუბლიუსი ფედერალისტი #11 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი #11 : ჰამილტონი 24 ნოემბერი, 1787 ნიუ-იორკის შტატის ხალხს იმის გამორკვევა, თუ რა მნიშვნელობა აქვს კავშირს აღებმიცემობის დაწინაურებისათვის, ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არაფერს მოგვცემს. პირიქით, იგი უპირობო თანხმობას იმსახურებს იმ ადამიანთა მხრივ, რომლებიც საქმეში ჩახედულნი არიან. იგივე უნდა ითქვას როგორც უცხო ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობის, ისე იმ დამოკიდებულებაზეც, რომელიც ერთმანეთს შორის გვაქვს. უკვე შეიმჩნევა ნიშნები იმისა, რომ იმ შემმართებელმა სულისკვეთებამ, რომლითაც გამოირჩევა ამერიკის კომერციული ხასიათი, მშფოთვარე გრძნობები აუშალა ევროპის ზოგიერთ საზღვაოსნო სახელმწიფოს. ისინი შიშს შეუპყრია, რაკი ჰხედავენ, რომ განუხრელად იზრდება ჩვენი წილი საზღვაო აღებმიცემობაში. ეს უკანასკნელი კი მათ იმ ბურჯად დაუგულვებიათ, რომელსაც მათი ზღვაოსნობა და საზღვაო ძალმოსილება ემყარება. მათ შორის ისეთებიც არიან, ამერიკის კონტინენტზე კოლონიებს რომ ფლობენ. Mმათაც ელეთმელეთი მოსდით იმის შემყურეთ, თუ რარიგ მძლავრი სახელმწიფო შეიძლება დადგეს ჩვენგან. ისინი წინასწარ გრძნობენ იმ საფრთხეებს, რასაც მათ სამფლობელოებს ისეთი სახელმწიფოების მეზობლობა უქადის, იგივე მიზნები რომ აქვთ და იმგვარსავე შესაძლებლობებს ფლობენ, ძლევამოსილი საზღვაო სახელმწიფოს შესაქმნელად რომაა საჭირო. ასეთი განწყობილებანი კი იმის მომასწავებელია, რომ ისინი ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს იმგვარი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ჩვენ შორის შუღლის ჩამოგდებაზე რომაა გათვლილი, რათა ზღვაზე ჩვენივე ხომალდებით აქტიური აღებმიცემობა აგვიკძალონ. ეს სახელმწიფოები ამ გზით სამკეცი მიზნის მიღწევას ესწრაფვიან. ჯერ ერთი, ცდილობენ, ხელი აგვაღებინონ იმ განზრახვაზე, რომ მონაწილეობა მივიღოთ ნაოსნობაში, თავისად რომ დაუგულვებიათ. ასევე, იმ სარგებლის მიტაცება ეოცნებებათ, რომელიც ჩვენს ვაჭრობას მოაქვს. დაბოლოს, ერთი სული აქვთ, ფრთები შეაკვეცონ ჩვენს აღმაფრენას, რომელიც მათ ხიფათს უქადის. კეთილგონიერებას რომ არ ვუწევდეთ ანგარიშს, არც ისე რთულია იმის ფაქტებით დადასტურება, რომ ამგვარ პოლიტიკას ამ სახელმწიფოების მინისტრთა კაბინეტებში თხზავენ. თუკი გაერთიანებაზე მიმართულ ძალისხმევას არ შევანელებთ, მაშინ სხვადასხვა საშუალებებსაც ადვილად გამოვძებნით, რომ წინ აღვუდგეთ ჩვენდამი ეგზომ მტრულად მომართულ პოლიტიკას. უპრიანი იქნებოდა, ამერიკის მთელ ტერიტორიაზე შემოგვეღო აკრძალვები, რომლებიც ჩვენს ბაზარზე უცხო სახელმწიფოთა შემოსვლის წესებს დაადგენდნენ. ამას, ვინძლო, მათ შორის დაპირისპირება გამოეწვია: ამერიკის ბაზარზე შეღწევის პრივილეგიის მოპოვება სხვამ არ დაგვასწროსო. ეს რომ მოგონილი შესაძლებლობა არ არის, ყველა დაგვიდასტურებს, ვისაც ძალუძს სათანადოდ შეაფასოს ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბაზარი, სამ მილიონ ადამიანს რომ მოიცავს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც საბაზრო საქონელს აწარმოებს. საქმე ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კვლავაც მზარდი ტემპით მატულობს. მისი დიდი ნაწილი კი სოფლის მეურნეობას მისდევს და არც მომავალში აპირებს მისთვის თავის დანებებას. ასეთი სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმ განსხვავებას, რომელიც ქვემორე ორ მდგომარეობას შორის არსებობს. ერთია, როცა უცხო ქვეყანასთან აღებმიცემობას შუამავლის გარეშე და შენი საკუთარი ხომალდებით აწარმოებ და სრულიად სხვა რამაა, როცა საზღვაო გადაზიდვებს, როგორც ამერიკაში ისე ამერიკიდან სხვისი მეშვეობით და ისიც უცხო ქვეყნის ხომალდებით ახორციელებ. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკას ისეთი მთავრობა ჰყავს, რომელსაც ძალა შესწევს, დიდ ბრიტანეთს (რომელთანაც ჯერჯერობით არა გვაქვს სავაჭრო ხელშეკრულება) განუცხადოს: დროა, შენმა ხომალდებმა ამერიკის პორტებიდან გუდა-ნაბადი აიკრანო. რა ზეგავლენას მოახდენდა ეს ნაბიჯი დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე? განა ეს გზას არ გაგვიხსნიდა ერთობ წარმატებული მოლაპარაკებებისკენ იმის თაობაზე, რომ ამ სამეფოს სამფლობელოებში ვაჭრობის ეგზომ სანუკვარი და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოგვეპოვებინა? ამგვარი შეკითხვები სხვა გარემოებებში ადრეც დასმულა. მათზე დამაჯერებელი პასუხებიც გაცემულა. თუმც კი ისინი სათანადოდ დასაბუთებულნი, და ამ აზრით მისაღებნი, არა ყოფილან. ამბობდნენ, ამით ოდნავადაც ვერ ვაიძულებთ დიდ ბრიტანეთს პოლიტიკა შეცვალოსო; ჩვენთან ვაჭრობაში მოსაშუალე ქვეყნად იგი ჰოლანდიას გამოიყენებსო; მისი უშუალო მუშტარები ჰოლანდიელები იქნებიან და ჩვენს ბაზარზე გამოსატანი საქონლის საფასურს მათგან აიღებენო, მაგრამ განა იგი მატერიალურად ერთობ ბევრს არ დაკარგავს იმით, რომ საკუთარ საქონელს სხვა ქვეყანას გადააზიდვინებს ნაცვლად იმისა, რომ იგი თვითონ გადაზიდოს? განა ჰოლანდიელები თავიანთ ჯიბეში არ გადაქაჩავენ იმ სარგებლის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მას ამ ვაჭრობიდან უნდა მიეღო? და განა ისინი ამას მათ მიერ გაწეული მომსახურებისა თუ რისკის საფასურად არ ჩათვლიან? განა იმ ერთი შეხედვით უბრალო გარემოებას, რომელსაც გემების დაქირავება ჰქვია, არ შეუძლია ქვეყანას დიდი დანაკლისი განაცდევინოს? განა იმით, რომ დიდ ბრიტანეთს ვაჭრობის ასეთ შემოვლით გზებს მოვახვევთ თავს, მის კონკურენეტებს ხელ-ფეხი არ გაეხსნებათ? თუკი ბრიტანული საქონლის ფასებს ავწევთ ჩვენს ბაზრებზე, განა ამით ამ სახელმწიფოს მეტოქეთა ხელში არ აღმოჩნდება ბრიტანული აღებმიცემობის ერთობ სარფიანი დარგი? თუ საკითხს გულდასმით განვიხილავთ, მაშინ ადვილად მივხვდებით, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ყოველივე ამას დიდი ბრიტანეთისთვის. საქმე ის არის, რომ ბრიტანელი ხალხის უდიდესი ნაწილი ამერიკასთან ვაჭრობას უჭერს მხარს. ამას ისიც ემატება, რომ ვესტ ინდოეთის კუნძულებს გული აქვთ გაწყალებული ამ ქვეყანასთან ვაჭრობით. ყოველივე ეს დაასუსტებს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ სისტემას. ჩვენ კი ხელ-ფეხი გაგვეხსნება, რათა ამ კუნძულების ბაზრითაც ვიხეიროთ და სხვა ქვეყნების ბაზრებზეც ფეხი მოვიკიდოთ. ამით კი ჩვენი ვაჭრობა დიდ ხეირს ნახავს. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიმართ ასეთი პოზიციისგან სარგებლის მიღება გაჭირდება, თუ ამავდროულად ჩვენს ბაზრებზე მას გარკვეულ შეღავათებსაც არ დავუწესებთ. სხვა სახელმწიფოებიც ამგვარი პოლიტიკიდან სათანადო გაკვეთილს გამოიტანენ, თუკი არ უნდათ ჩვენი ბაზრიდან გაძევების სიმწარე იწვნიონ. ფედერალური სამხედრო - საზღვაო ფლოტის შექმნა კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები ჩვენი ქვეყნის მიმართ ატარებენ. უეჭველია, რომ თუკი კავშირს შევინარჩუნებთ და განვამტკიცებთ, უახლოეს მომავალში საზღვაო ფლოტსაც შევქმნით. შესაძლოა, მან მეტოქეობა ვერ გაუწიოს დიდ საზღვაო სახელმწიფოებს, მაგრამ საკმარისად ძლიერი იქნება საიმისოდ, რომ საჭიროების შემთხვევაში საკადრისი მიუზღოს ჩვენს მოშურნეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფედერალური საზღვაო ფლოტის ყოლა ვესტ ინდოეთში წარმოებულ მოქმედებებთან დაკავშირებით. რამდენიმე სახაზო ხომალდსაც კი ძალა შესწევს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს როგორც ერთი, ისე მეორე დაპირისპირებული მხარის პოზიცია. ეს კი საკმარისი იქნება მთელი კამპანიის ბედის გადასაწყვეტად. ამასთან კი ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებია დაკავშირებული. ისე რომ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დავიკავებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვესტ ინდოეთის საბრძოლო თეატრი ჩვენი ქვეყნიდან მარაგდება. ყოველივე ეს კი ერთობ ხელსაყრელ პირობებს გვიქმნის საიმისოდ, რომ ხელი გამოვკრათ ჩვენთვის ფრიად სასარგებლო კომერციულ პრივილეგიებს. ამით არა მარტო მეგობრობა, არამედ ნეიტრალიტეტიც დაგვიფასდება. თუკი განუხრელად მხარს დავუჭერთ კავშირის ჩამოყალიბებას, მაშინ ვერაფერი დაუდგება წინ ჩვენი იმედის ახდენას, _ ევროპულ სახელმწიფოთა არბიტრად ვიქცეთ ამერიკის კონტინენტზე. ამ ქვეყნებს შორის არსებულ ინტერესთა ბალანსს მსოფლიოს ამ ნაწილში ისე შევცვლიდით, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის ინტერესები მოითხოვენ. მაგრამ თუ ასე არ მოვიქცევით და უარს ვიტყვით იმაზე, რაც ჩვენთვის ეგზომ სასურველია, მაშინ ქიშპობის სული გაინავარდებს დაპირისპირებულ მხარეთა შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუნების მიერ ჩვენთვის ბოძებული ყველა წარმტაცი უპირატესობა გავერანდება. არადა რა ახლოს ვიყავით იმასთან, რომ ყოველივე ამით აუწონელი სარგებელი გვენახა. ამ სიტუაციაში კი, როცა ყველა ყველას წინააღმდეგ ომობს და ჩვენი შიში არავის აქვს, ჩვენი აღებმიცემობის საქმე, სავსებით შესაძლებელია, ნებისმიერი დაპირისპირებული მხარის უტიფარ ინტერესებს შეეწიროს. უმოწყალოდ დაიწყებენ ჩვენი ქონების ძარცვა-გლეჯას. წარბსაც კი არ შეიხრიან, ისე მიიტაცებენ მას და ისე დაიკმაყოფილებენ თავიანთ სურვილებს, რომ ამის გამო ოდნავადაც არ შეაწუხებთ სინდისის ქეჯნა. ნეიტრალური ქვეყნის უფლებებს მხოლოდ მაშინ სცემენ პატივს, თუ მათ სათანადო ძალა იცავს. სუსტ ქვეყანას იმის უფლებაც კი ჩამორთმეული აქვს, რომ ნეიტრალური იყოს. თუკი ძლიერ ეროვნულ მმართველობას ჩამოვაყალიბებთ, მაშინ ჩვენი ქვეყნის მთელი ბუნებრივი სიმძლავრე და რესურსები ჩვენივე საერთო ინტერესების დაცვაზე იქნება მიმართული. სწორედ ასე მოვახერხებთ ყველა იმ მზაკვრული გეგმის ჩაფუშვას, რომლებსაც ჩვენი ევროპელი მოშურნეები აწყობენ ჩვენი წინსვლის შესაფერხებლად. ეს კი არადა, მათ სურვილიც კი წაუხდებათ ამგვარი გეგმების შედგენისა, ვინაიდან სრულიად აშკარა იქნება ის, რომ არც ერთ მათგანს წარმატებით განხორციელება არ უწერია. თუ ყველაფერი ასე წარიმართა, მაშინ აღებ-მიცემობის გამოცოცხლება, ნაოსნობის გაცხოველება და ფლოტის აღორძინება როგორც მორალური, ისე ფიზიკური აუცილებლობის გამოხატულება იქნება მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ შეიძლება არად მივიჩნიოთ წვრილფეხა პოლიტიკანთა ხრიკები, მაგრამ უარს ვერ ვიტყვით იმაზე, რომ ვაკონტროლოთ, ანდა შევასწოროთ ბუნებრივი განვითარების განუხრელი და უცილობელი გეზი. მაგრამ თუკი დავქუცმაცდებით, მაშინ წინ ვერაფერი დაუდგება იმას, რომ ჩვენ წინააღმდეგ მომართული ყველა მზაკვრული გეგმა წარმატებით განხორციელდეს. საზღვაო სახელმწიფოები ისარგებლებენ ჩვენი საერთო დასუსტებით და თავს პოლიტიკური არსებობის მათთვის სასურველ პირობებს მოგვახვევენ. მათი საერთო ინტერესია ჩვენი საზღვაო ტვირთების გადაზიდვა. უფრო მეტი, ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ საიმისოდ, რომ არაფრით დაუშვან ჩვენი ხომალდებით მათი ტვირთების გადაზიდვა, რათა შეაფერხონ და საბოლოო ჯამში, ჩაშალონ კიდეც ჩვენში სამხედრო - საზღვაო ფლოტის მშენებლობა. ისე რომ, მათ მზაკვრულ გეგმებში პასიური ვაჭრობისთვის ვართ განწირულნი. იძულებულნი ვიქნებით ჩვენი საქონლის წმინდა ფასით დავკმაყოფილდეთ იმის შემყურენი, თუ როგორ ისქელებენ ჯიბეს ჩვენი მტრები და მდევნელები ჩვენივე ვაჭრობიდან მიტაცებული სარგებლით. ამერიკელი სოვდაგრები და ზღვით მოგზაურნი ხომ ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი სწორუპოვარი ფხიანობით. მაგრამ თუ გონს არ მოვეგეთ, ხელიდან გამოგვეცლება და გაქრება ის, რაც ჩვენი ეროვნული სიმდიდრის ამოუწურავი წყაროა. ჩვენს ქვეყანას სიღატაკე და სირცხვილი დარევს ხელს. არადა, თუკი სიბრძნეს გამოვიჩენთ, მთელი მსოფლიოს აღფრთოვანებას გამოვიწვევთ და ყველასთვის საშურველი შევიქმნებით. არსებობენ უფლებები, რომლებიც ცალკეული შტატისა კი არ არის, არამედ ამერიკის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, უფლებებს წარმოადგენს. თევზის რეწვის უფლებაზე მოგახსენებთ. იგივე ითქმის დასავლეთის ტბებსა და მისისიპზე ნაოსნობის უფლებათა შესახებაც. თუკი კონფედერაცია დაიშლება, ამ უფლებათა შენარჩუნების შესახებ ერთობ მგძნობიარე საკითხებიც უმალვე წამოიჭრება. უფრო ძლიერ ჩვენს პარტნიორებს კი, ალბათ, არაფერი დაუშლის, ისინი ჩვენს საზიანოდ არ გადაწყვიტონ. ალბათ, არ არის საჭირო კომენტარი იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება ესპანეთის პოზიცია მისისპთან მიმართებაში. საფრანგეთსა და ბრიტანეთს ჩვენებრ თევზის რეწვის ინტერესი ამოძრავებს. ამას ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაოსნობის განვითარებისთვის. ბუნებრივია, ისინი დიდხანს ვერ დარჩებიან გულგრილნი იმ უპირატესობის მიმართ, რომელსაც აღებმიცემობის ეს დარგი იძლევა. მისი მნიშვნელობა კი გამოცდილებით არის დადასტურებული. სწორედ იმან, რომ ამ დარგში გაბატონებული მდგომარეობა გვიკავია, შესაძლებლობა მოგვცა, დაბალ ფასად გაგვეყიდა ჩვენი საქონელი და ჩვენი კონკურენტები პირში ჩალაგამოვლებულები სწორედ რომ მათსავე ბაზრებზე დაგვეტოვებინა. განა არის რამე იმაზე ბუნებრივი, რომ ეს ქვეყნები ეგზომ სახიფათო კონკურენტების თავიდან მოშორებას შეეცდებიან? არ იქნებოდა უპრიანი, აღებმიცემობის ეს დარგი ისეთ რამედ განგვეხილა, რითაც ერთმა რომელიმე შტატმა უნდა იხეიროს. მასში მონაწილეობის მიღება და აქედან ხეირის ნახვა ყველა საზღვაოსნო შტატს უნდა შეეძლოს. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი უფრო დიდ კაპიტალს ჩადე-ბენ ამ საქმეში, შესაფერისი სარგებელიც, ბუნებრივია, არ დააყოვნებს. ამჟამად კი აღებმიცემობის ეს დარგი მეზღვაურთა გაწვრთნის სკოლაა მხოლოდ, მაგრამ მოვა დრო და ამა თუ იმ შტატის მეზღვაურები უფრო სფუძვლიანად შეითვისებენ ზღვაოსნობის პრინციპებს. მაშინ კი იგი საერთო ეროვნულ საგანძურად გადაიქცევა. ასეთი რამ აუცილებელია ფლოტის ასაშენებლად. ჩვენი კავშირი მრავალნაირად შეუწყობს ხელს იმ დიადი ეროვნული მიზნის მიღწევას, რასაც სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნა ჰქვია. ყოველი დაწესებულება იმ რესურსების რაოდენობისა და თვისებრიობის პირდაპირ _ პროპორციულად ვითარდება, რომლებსაც მის შესაქმნელად და მხარდასაჭერად იყენებენ. შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტი კი ისეთი დაწესებულებაა, რომელიც ყველა შტატის რესურსების მობილი-ზებას მოითხოვს. ამიტომაც შეუძლებელია იგი ერთი რომელიმე შტატის ან თუნდაც ცალკეული კონფედერაციის საქმე იყოს. ნაწილობრივი რესურსები ვერაფრით გაწვდება საერთო - ეროვნულ საკეთებელს. საქმე ის არის, რომ კონფედერაციული ამერიკის სხვადასხვა ნაწილი თავისებურად იხეირებს ფლოტის მშენებლობით. უფრო შორეული სამხრეთის შტატები გემთმშენებლებს დიდი რაოდენობით მოაწვდიან ისეთ მასალას, როგორიც ფისი, კუპრი და სკიპიდარია. იქაური მერქანიც ფრიად გამძლე და მტკიცეა. ჩვენი საზღვაო ფლოტის ძლიერებისა და ეკონომიკის აღმავლობისთვის კი ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად გამძლენი იქნებიან ჩვენი ხომალდები. თავის მხრივ კი ეს, მნიშვნელოვანწილად, სამხრეთიდან მოწოდებულ ხე-ტყეზე იქნება დამოკიდებული. რამდენიმე სამხრეთული და ცენტრალური შტატი საუკეთესო ხარისხის რკინას აწარმოებს. ბუნებრივია, ფლოტის მშენებლებს რკინას სწორედ ისინი მიაწვდიან. მეზღვაურებს უმთავრესად კი ჩრდილოეთის შტატებიდან ჩამოიყვანენ. ალბათ, ისედაც ცხადია ის, რომ საგარეო თუ საზღვაო ვაჭრობას დაცვა სჭირდება. სამხედრო-საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ესაა. ალბათ იმაზეც არ ღირს სიტყვის ჩამოგდება, რომ თავის მხრივ, აღებმიცემობის განვითარების გარეშე სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღორძინებაც წარმოუდგენელია. ეს ორი რამ თავისებურ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან და ხელს უწყობს ერთმანეთის განვითარებას. თვითონ შტატებს შორის შეუზღუდავი ურთიერთკავშირი წინ წაწევს ვაჭრობის საქმეს თითოეულ მათგანში. ამას ხელს შეუწყობს ის, რომ საშინაო ბაზარზე ერთი შტატი ისეთ საქონელს გამოიტანს, რომელიც მეორე შტატის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მოემსახურება. ასევე წაადგება ვაჭრობის განვითარებას თითოეული შტატის მიერ დამოუკი-დებლად წარმოებული ექსპორტი, ანუ საგარეო აღებმიცემობა. Qქეყნის ყველა ნაწილში გაცხოველებული აღებმიცემობის შემსწრენი გავხდებით. საქონლის თავისუფალი მიმოქცევა მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გააცხოველებს და უფრო ენერგიულს გახდის მას. კომერციულ თაოსნობას ბევრად უფრო ფართო გასაქანი მიეცემა. მისი წყარო კი საქონლის ის მრავალფეროვანი ნაკადი იქნება, რომელიც სხვადასხვა შტატებიდან მოედინება. თუკი მოუსავლიანობა, ან მწირი მოსავალი ქვეყნის ერთ რომელიმე ნაწილში ძირითადი პროდუქტის კლებას გამოი-წვევს, მას ქვეყნის სხვა, უფრო უხვმოსავლიანი ნაწილი შეეწევა. საექსპორტო საქონლის მრავალფეროვნებაც მისივე ღირებულებაზე ნაკლებ როდი უწყობს ხელს საგარეო ვაჭრობის გამოცოცხლებას. მისი საქმე ბევრად უფრო კარგად მიდის მაშინ, როცა ხელთა გვაქვს დადგენილი ფასის მქონე ბევრი საქონელი, ვიდრე მაშინ, როცა ფასი იგივე რჩება საქონელი კი – ცოტაა. ამის მიზეზი აღებმიცემობისთვის ნიშანდობლივი კონკურენცია და ის მერყეობაა, ბაზარს რომ ახასიათებს. ერთი რომელიმე სახეობის საქონელზე ხან, შესაძლოა, დიდი მოთხოვ-ნილება იყოს, მაშინ, როცა სხვა რომელიმე არ საღდებოდეს. მაგრამ თუკი ბაზარზე ნაირ – ნაირი საქონელია გამოტანილი, მაშინ ძნელად თუ რამე დააბრკოლებს აღებმიცემობას, სავაჭრო გარიგებებსაც ვერაფერი შეუ-შლის ხელს და სტაგნაციასაც თავიდან ავიშორებთ. გამჭრიახი სოვდაგარი უმალვე ჩასწვდება ამგვარ დაკვირვებათა ჭეშმარიტებას. მას არც იმის მიხვედრა გაუჭირდება, რომ შეერთებული შტატების მთლიანი სავაჭრო ბალანსი ყველასთვის ბევრად უფო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე მხოლოდ ცამეტი შტატის, ანდა რამდენიმე ნაწილობრივი გაერთიანებისა. ამაზე, შესაძლოა, შემოგვესიტყვონ: სულერთია, შტატები შეერთებულნი იქნებიან თუ დანაწევრებულნი, მათ შორის გაცხოველებული ურთიერთობა შესაძლებელს გახდის იმავე მიზნების მიღწევასო. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამგვარი ურთიერთობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით დააბკოლდეს, ჩაიშალოს, ანდა შევიწროებულ იქნეს. Eამგვარი მიზეზები გამოწვლილვით იქნა განხილული ჩვენ მიერ. გარდა ამისა, კომერციული თუ პოლიტიკური მიზნების ერთობას ხომ ერთიანი მმართველობა განაპირობებს. იგივე საგანი შეიძლება სხვა კუთხითაც იქნეს განხილული. ამგვარი განხილვა კი შეიძლება უფრო გასაოცარიც იყოს და დიდი აღრფთოვანებაც გამოიწვიოს. მაგრამ ასეთი რამ შორეულ მომავალში გაგვიტყუებდა და ისეთ საკითხებზე მოგვიწევდა მსჯელობა, საგაზეთო დისკუსიის ფარგლებს რომ გვარიანად სცდება. Oერთი სიტყვით, ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და იტერესები გვაგულიანებს, რათა ამერიკული საქმისა და მისი პოლიტიკური სისტემის აღმავალობა ვირწმუნოთ. საქმე ისაა, რომ დღევანდელი მსოფლიო, როგორც პოლიტიკურად, ისე გეოგრაფიულად, ოთხ ნაწილად იყოფა. ოთხივე მათგანს ინტერესთა თავისი საკუთარი წრე აქვს. ევროპას, დანარჩენი სამი ნაწილის საუბედუროდ, გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს. რა გზით მოიპოვა მან ეს? სამხედრო ძალითა და ხელშეკრულებებით, ძალმომრეობითა და თაღლითობით. აფრიკამ, აზიამ და ამერიკამ ერთიმეორეზე მიყოლებით იწვნიეს ამ ბატონობის შედეგები. უკვე კარგა ხანია, რაც იგი ამგვარ უპირატესობას ინარჩუნებს. ახლა კი იმ ზომამდე გაზულუქდა, რომ თავი მთელი მსოფლიოს მბრძანებლად დაუგულვებია და ასე ჰგონია, დანარჩენი კაცობრიობა ვითომცდა იმისთვის იყოს შექმნილი, რომ მხოლოდ მას მოუტანოს ხეირი. მოაზროვნე კაცები, რომლებიც იქ დიდ პატივში ჰყავთ და ფილოსოფოსებს უწოდებენ, იქაურ მაცხოვრებლებს უზარმაზარ ფიზიკურ ძალას მიაწერენ და მთელი სერიოზულობით ამტკიცებენ, ამერიკაში ყველა ცოცხალმა არსებამ, – მათ შორის ადამიანმაც, _ გადაგვარება განიცადაო; ძაღლიც კი გადაეჩვია ყეფას მას შემდეგ, რაც მან იქაური ჰაერი ჩაისუნთქაო. ამგვარი მოაზროვნენი დიდი ხნის მანძილზე აგროვებდნენ ფაქტებს, აქაოდა ევროპელთა ქედმაღლური პრეტენზიები საფუძველს მოკლებული არავის ეგონოსო. ამრიგად, განგებამ ჩვენ დაგვაკისრა, ადამიანთა მოდგმის ღირსება დავიცვათ და ჩვენს თვითრჯულ თანამოძმეს ზომიერება ვასწავლოთ. თუ შევკავშირდებით, შევძლებთ, თავი წარმატებით გავართვათ დაკისრებულ ამოცანას. თუ დავიშლებით, ევროპის ტრიუმფს კიდევ ერთ მსხვერპლად შევერაცხებით. დაე, ამერიკელებს ნურასოდეს მოუნდებათ ის, რომ მათ ევროპელები თავიანთი სიდიადის იარაღად იყენებდნენ! დაე, ცამეტი შტატი ისე შედუღაბდეს, რომ ერთიანი, მძლავრი ამერიკული სისტემა შექმნას. დაე, მან მოიპოვოს კონტროლი ყველა ტრანსატლანტიკურ ძალასა თუ ზეგავლენაზე. დაე, კაცობრიობას იგი კარნახობდეს იმ პირობებს, რის საფუძველზეც ახალსა და ძველ მსოფლიოს შორის ხიდი გაიდება. პუბლიუსი ფედერალისტი #12 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი #12 : ჰამილტონი 1787წ. 27 ნოემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს ეს-ესაა საკმარისად ცხადად გამოითქვა აზრი იმის შესახებ, რომ შტატებს შორის კავშირი ხელს შეუწყობს ვაჭრობის აყვავებას. წინამდებარე წერილის საგანი კი იმის გამორკვევაა, თუ როგორ წაადგება იგი სახელმწიფო შემოსავლების ზრდას. დღესდღეობით ყველა პოლიტიკური კაცი, რომელსაც სათანადო განათლება მიუღია, აღიარებს იმას, რომ ვაჭრობის აყვავება არა მარტო დიდად შეეწევა ეროვნული სიმდიდრის დაგროვებას, არამედ ამგვარი დაგროვების ყველაზე შემოქმედებით წყაროდაც მოგვევლინება. ამიტომაც იგი ამ ყაიდის ადამიანთა პოლიტიკური მზრუნველობის გამორჩეული საგანია. როგორც ცნობილია, წარმოება მით უფრო სწრაფად ვითარდება, მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების რაც უფრო მეტი საშუალება არსებობს. ამგვარ განვითარებას ხელს ძვირფასი ლითონების შემოღება და მათი მიმოქცევაში გაშვებაც უწყობს. ამათი შემხედვარე ხომ უსაზღვრო გასაქანი ეძლევა როგორც ადამიანურ სიხარბეს, ისე თაოსნობის უნარს. ყოველივე ამის შედეგად კი წარმოების არხებში უდიდესი სიჩქარით მოედინება ულევი საქონელი და ყველას, ვინც კი შრომობს, ერთი სული აქვს, თუ როდის მიიღებს მათივე გარჯის სანუკვარ ჯილდოს. ამგვარი მგზნებარე მოლოდინით სულდგმულობს ყველა: მუყაითი სოვდაგარი იქნება ის თუ მუხლჩაუხრელად მომუშავე ოჯახის კაცი, შრომისმოყვარე ქარხნის მუშა თუ დაუზარელი მეწარმე. ადამიანები საუკუნეების მანძილზე დავობდნენ იმის შესახებ არსებობს თუ არა კავშირი სოფლის მეურნეობასა და აღებმიცემობას შორის. უნდა ითქვას, რომ ეს დავა ამჟამად გადაჭრილია. უტყუარი გამოცდილების საფუძველზეა დადასტურებული ის, რომ მათ შორის მეტოქეობას ბოლო მოეღო. როგორც ერთი, ისე მეორე დარგის ქომაგთათვის კმაყოფილების მომგვრელია იმის გამორკვევა, რომ სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა ერთმანეთს ენათესავება. ისე რომ, ერთის განვითარება მეორეს კი არ აბრკოლებს, არამედ პირიქით – ხელს უწყობს. მრავალი ქვეყნის გამოცდილება მოწმობს იმას, რომ რაც უფრო აყვავებულია ქვეყანაში აღებმიცემობა, მით უფრო მაღალია მიწის ფასი. წარმოუდგენელიც კია სხვაგვარად როგორ უნდა ყოფილიყო? ხომ აღებმიცემობაა ის, რაც მიწის ნაყოფს გასაღების შესაძლებლობას უქმნის? სწორედაც ის არ აძლევს სტიმულს მათ, ვინც მიწას ამუშავებს? განა ქვეყანაში არსებობს ფულის დაგროვების სხვა რამ უფრო ძლევამოსილი ინსტრუმენტი? განა სწორედ აღებმიცემობა არ არის ის მსახური, ყველა სახის წარმოებასა თუ გარჯას ერთგულ სამსახურს რომ უწევს? განა ის დაუშვებდა, რომ ისეთ საქონელზე ფასის ზრდისთვის არ შეეწყო ხელი, რომლის წიაღიდან უხვად მოედინება მრავალფეროვანი პროდუქტი? საოცარია სწორედ, თუ როგორ გამოუჩნდა საერთოდ მოწინააღმდეგე ამ ერთობ მარტივ ჭეშმარიტებას. აი, უამრავთაგან ერთ – ერთი საბუთი იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი ის, რომ ადამიანი ასცდეს გონებისა და მრწამსის გზას, როცა მას ბნელი შური იპყრობს, ანდა მეტისმეტ აბსტრაქციას ეძლევა თუ გადამეტებული დახვეწილობისკენ მისწრაფება იტაცებს. ქვეყნის უნარი გადასახადების გადახდისა ყოველთვის ზუსტად შეესაბამება მიმოქცევაში არსებული ფულის ოდენობასა და მისი ბრუნვის სიჩქარეს. აღებმიცემობის მოვალეობა ისაა, რომ გადასახადების გადახდა გააიოლოს და ხელი შეუწყოს სახელმწიფო ხაზინაში აუცილებელი მარაგის შექმნას. გერმანიის იმპერატორის სამემკვიდრო სამფლობელოები უპირატესად ნოყიერი, დამუშავებული და მჭიდროდ დასახლებული მიწებია. მათი უმეტესობა რბილსა და ხელსაყრელ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ამ ტერიტორიის ზოგ ნაწილში ევროპაში ოქროსა და ვერცხლის საუკეთესო საბადოებია. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნის მონარქი დიდი შემოსავლებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გერმანიაში სუსტად არის განვითარებული აღებმიცემობა. ამიტომაც იქაური მონარქი რამდენჯერმე იძულებული გახდა მეზობელი მონარქებისთვის ეთხოვა ფინანსური დახმარება. ბუნებრივია, რომ ამ ქვეყანას გაუჭირდება თავისი სასიცოცხლო ინტერესების დაცვა. მისი რესურსები იმდენად მწირია, რომ იგი ვერ შეძლებს ხანგრძლივი თუ გაჭიანურებული ომი აწარმოოს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ასპექტია იმ საკითხისა, თუ როგორაა შესაძლებელი ის, რომ შტატებს შორის ჩამოყალიბებული კავშირი სასიკეთოდ წაადგეს სახელმწიფო შემოსავლების ზრდას. არსებობს ბევრი სხვა ასპექტი, რომლებშიც ამგვარი ზეგავლენა უფრო უშუალოდ და ცხადად ვლინდება. თუ გავითვალისწინებით იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, თუ ჩვენი ხალხის ადათ – წესებსაც მივიღებთ მხედველობაში და გადასახადების აკრეფის საკუთარ გამოცდილებასაც გავისიგრძეგანებთ, ცხადი გახდება, რომ პირდაპირი დაბეგვრის გზით ბევრს ვერაფერს მივაღწევთ. ამაო იქნება იქეთკენ სწრაფვაც, რომ რაც შეიძლება მეტი საგადასახადო კანონი შემოვიღოთ. ხეირს ვერც გადასახადების შეგროვების ახალი ხერხების ძიება დაგვაყრის. სულერთია, ხალხს მოლოდინი მწარედ გაუმტყუნდება, ხოლო სახელმწიფო ხაზინა კვლავაც ცარიელი დარჩება. საქმე ის არის, რომ სახალხო ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო ადმინისტრირების ხალხური სისტემა. იგი მხოლოდ მაშინ მუშაობს გამართულად, როცა ქვეყანაში მწირი ფულადი მასაა. ეს კი ისეთი მდგომარეობისთვისაა ნიშანდობლივი, როცა აღებმიცემობა ერთობ დუნეა და წამგებიანი. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მარცხი იწვნია ექსტენსიური დაბეგვრის შემოღების ყოველგვარმა მცდელობამ. ბოლოს და ბოლოს კი საკანონმდებლო ხელისუფლებანი სხვადასხვა ქვეყანაში ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდნენ: აზრი არა აქვსო ამგვარ მცდელობათა განგრძობას. ეს გარემოება არ გამოიწვევს იმათ გაკვირვებას, ვინც იცის, თუ რა ხდება ამ მხრივ სხვა ქვეყნებში. ავიღოთ ისეთი შეძლებული ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, სადაც თითქოსდა უფრო უნდა ყოფილიყო შეწყნარებული დიდი სიმდიდრის პირდაპირი დაბეგვრა. ასეთი რამის განხორციელება იქ უფრო იოლიც უნდა ყოფილიყო, ვიდრე ამერიკაში. ამის ერთ - ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ბრიტანეთს ამერიკაზე უფრო ძლიერი ხელისუფლება ჰყავს. მაგრამ საქმე ის არის, რომ დიდ ბრიტანეთში ეროვნული შემოსავლების უმთავრესი წყაროა სწორედ ისეთი სახის არაპირდაპირი გადასახადები, როგორიც იმპორტის დაბეგვრა და აქციზია. ლომის წილი კი საბაჟო გადასახადებზე მოდის. აშკარაა, რომ ამერიკა ერთობ დიდხანს იქნება დამოკიდებული სწორედაც რომ ამ ყაიდის შემოსავლებზე. რაც შეეხება აქციზს, მისი შემოღება ჩვენში უნდა შეიზღუდოს. ეგ იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის თავისუფლებისმოყვარე ზნე ვერ შეეგუება იმ გამომძიებლურსა და კატეგორიულ სულისკვეთებას, აქციზის შესახებ კანონს რომ ახასიათებს. მეორე მხრივ კი ფერმერები, შილინგი რომ შილინგია, იმასაც უხალისოდ შეელევიან, თუკი იგი საცხოვრებელ სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე გადასახადის სახით იქნება დაკისრებული. კერძო საკუთრება კი ერთობ გაურკვეველი და უხილავი ფონდია საიმისოდ, რომ იგი სხვა რამ გზით დაბეგრო, თუ არა მის მოხმარებაზე დაწესებული უჩინარი გადასახადით. თუ ეს შენიშვნები არ არიან საფუძველს მოკლებულნი, მაშინ აუცილებელია, ჩვენი პოლიტიკური კეთილდღეობის მიზანს სათანადოდ მივუსადაგოთ ზემოხსენებული გარემოება. ლაპარაკია იმ გარემოებაზე, სახელმწიფო შემოსავლების გაუმჯობესებისა და მათი გაზრდის ეგზომ დასაფასებელ წყაროს რომ წარმოდგენს. ეჭვს არ იწვევს ის, რომ იგი შტატებს შორის მტკიცე კავშირს უნდა ეფუძნებოდეს. ამასთანავე, ისიც უეჭველია, რომ ეს გარემოება ხელს შეუწყობს აღებმიცემობის მიმართ ინტერესთა გამოცოცხლებას. რაც, რა თქმა უნდა, ზემოხსენებული წყაროდან მიღებული შემოსავლის გაზრდასაც წაადგება. ეს კი არადა, მათ შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაც კი არსებობს. რაც უფრო მარტივი და ეფექტური იქნება საგადასახადო კანონმდებლობა მით უფრო წაადგება იგი ერთი მეტად მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას. საქმე იმ ვითარებას ეხება, როცა გადასახადის ნიხრი იგივე რჩება, მისი მწარმოებლურობა კი ერთობ იზრდება. საბოლოო ჯამში, ეს ხელისუფ-ლებას საშუალებას აძლევს ისე გაზარდოს ხსენებული ნიხრი, რომ აღებ – მიცემობას ზიანი არ მიადგეს. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ჩვენი შტატები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ ტერიტორიებს უამრავი მდინარე სერავს. ბევრი ყურე აკრავს მათ სანაპიროებს. ეს აადვილებს მათ შორის მიმოსვლას. ამას ისიც ემატება, რომ მათი მოსახლეობა ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობს, ურთიერთობის ერთნა-ირი მანერა და ადათ – წესები ახასიათებს. უდავოა, რომ ყოველივე ეს წაახალისებს მათ შორის არალეგალურ ვაჭრობას. წინ ვერაფერი დაუდგება იმას, რომ მათ ხშირად უგულვებელყონ ვაჭრობის დადგენილი წესები. ცალკე შტატი თუ კონფედერაცია, რომელსაც მეორე შტატისა თუ კონფედერაციის მიმართ შურის გარდა არაფერი ამოძრავებს, იძულე-ბული გახდება იმ საცდურს, რომელიც თან ახლავს არალეგარულ ვაჭრობას, დაბალი საგადასახადო ტარიფების შემოღებით შეეწინაა-ღმდეგოს. იმ ზნის გადამკიდე, რომელიც ჩვენებურ მმართველობას აქვს, ჩვენში კიდევ კარგა ხნით აარიდებენ თავს უსაფრთხოების მკაცრი ზომე-ბის გატარებას. არადა სწორედ ასეთი მკაცრი ღონისძიებების მეშვეობით უღობავენ როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო გზებს არალეგალური ვაჭრობის ტრფიალთ ევროპულ სახელმწიფოთა მესვეურნი მათს დიდად პატივცემულ სამფლობელოებში. თუმცა ამგვარი ღონისძიებებიც კი ძალზე უსუსურად გამოიყურებიან იმ დახვეწილ სტრატეგიებთან შედა-რებით, რომელთა გამოგონებაშიც, ალბათ, არასოდეს დაცხრება ადამიანური გაუმაძღრობის მაძიებლური სული. ფრანგებმა პატრულის (ასე ეწოდება მას) სპეციალური ინსტიტუტი შემო-იღეს, რომლის ამოცანა სწორედაც რომ კონტრაბანდასთან ბრძოლაა. ბატონი რეკარის გამოთვლით, საფრანგეთში დღესდღეობით ოცი ათასამდე პატრულია. ეს რაოდენობა სწორედ იმას მოწმობს, თუ რაოდენ ძნელია აღებმიცემობის ამ გაუკუღმართებულ ნაირსახეობასთან ბრძოლა და მისი აღმოფხვრა. განსაკუთრებით ჭირს მასთან ბრძოლა იმ პირობებში, როცა ქვეყნის შიგნით სახმელეთო კომუნიკაციები არსებობს. ამგვარი რამ კიდევ უფრო გაძნელდება, თუ ჩვენი რომელიმე შტატი მეორესთან ტერიტორიულად ისეთ პოზიციაში აღმოჩნდება როგორიც საფრანგეთს მის მეზობელ ქვეყნებთან აქვს. რაც შეეხება პატრულს, ნათელია, რომ იგი ვერაფრით იქნება შეწყნარებული ისეთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლება სიცოცხლეზე მეტად ფასობს. მაგრამ თუკი ყველა შტატი ერთი საერთო მთავრობის ქვეშ გაერთიანდება, მაშინ ჩვენში ვაჭრობის ასაყვავებლად ისღა დაგვჭირდება, რომ მხოლოდ ატლანტიკის სანაპირო დავიცვათ. როცა ძვირფასი ტვირთით დასაპალ-ნებული უცხოური ხომალდები ჩვენს სანაპირო წყლებში შემოვლენ, ისინი აღარ წავლენ რისკზე და ტვირთს მხოლოდ მას შემდეგ დაცლიან, რაც ჩვენს პორტებში ჩაუშვებენ თავიანთ ღუზებს. Uუცხოელი ვაჭრები იძულე-ბულნი გახდებიან, ხელი აიღონUუკანონო ქმედების განზრახვაზე, რაკი მათი გამოაშკარავება ადვილი იქნება როგორც სანაპიროსთან, ისე მას შემდეგ, რაც დანიშნულების ადგილზე მივლენ. უსაფრთხოების ასეთი ღონისძიებანი არის სწორედ გარანტი იმისა, რომ სახელმწიფო შემოსა-ვლებს მნიშვნელოვანი ზარალი არ მიადგებათ. სათანადო შეიარაღებით აღჭურვილი რამდენიმე ხომალდი სანაპირო ზოლში რომ იმოძრავებს, არც ისე ძვირი დაგვიჯდება და კანონიერებაც საიმედოდ იქნება დაცული. ერთიანი მთავრობა სწორედ იმით იქნება დაინტერესებული, რომ ყველგან აღკვეთოს სამართალდარღვევები. ხოლო ამ საქმეში ცალკეულ შტატებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება საიმისოდ, რომ მსგავსი ღონისძიებები უფრო ეფექტური გახდეს. ერთიანი მთავრობა ჩვენი ერთი ბუნებრივი უპირატესობის შენარჩუნების საქმესაც წაადგება. ხოლო დაქუცმაცების შემთხვევაში იგი თვალსა და ხელს შუა გაგვისხლტებოდა. საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალზე შორს არის ევროპიდან. იგი საკმარისად არის დაშორებული იმ ქვეყნებიდანაც, რომლებიც მის პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენენ და რომლებთანაც მას, შესაძლოა, ინტენსიური ვაჭრობაც კი ჰქონდეს. წარმოუდგენელია, რომ უცხოურმა სავაჭრო ხომალდებმა ჩვენს სანაპიროებამდე რამდენიმე საათსა ან თუნდაც ერთ დღე - ღამეში მოაღწიონ. მაშინ როცა ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა საფრანგეთსა და ბრიტანეთს, ანდა ევროპის სხვა ნებისმიერ ორ სახელმწიფოს შორის, რომლებიც ერთმანეთს ესაზღვრებიან. ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც უსაფრთხოების არნახული, თვით ბუნების მიერ ბოძებული ღონისძიება, რომელიც საიმედოდ იცავს ამერიკას პირდაპირი კონტრაბანდისგან. მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობენ შემოვლითი გზები, რომლებიც თითქმის ყველასთვის არიან ხელმისაწვდომნი. ყოველი ჭკუათმყოფელი ადამიანისთვის ისედაც ნათელია ის განსხვავება, რომელიც ორი ყაიდის იმპორტს შორის არსებობს. ერთი მხრივ, საქმე ეხება იმ ვითარებას, როცა ქვეყანაში დიდი რაოდენობის საქონელი პირდაპირი იმპორტის გზით შემოდის. მეორე მხრივ კი, ლაპარაკია იმაზე, როცა იგივე საქონელი ოღონდ პორცია – პორციობით, შემოვლითი გზებით მაინც იკვლევს გზას ქვეყნის ბაზრისკენ. ამგვარი იმპორტი არ არის დაკავშირებული საგანგებო სიძნელეებთან, ხოლო სახმელეთო კომუნიკაციების არსებობის შემთხვევაში იგი ერთობ გაიოლებულიც კია. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ერთიანი ეროვნული მთავრობა მცირე დანახარჯებითაც კი შეძლებდა ბევრად უფრო მეტი თანხა ამოეღო იმპორტზე დაწესებული გადასახადიდან, ვიდრე ამას ცალკეული შტატი, ანდა რომელიმე ნაწილობრივი კონფედერაცია მოახერხებდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ამგვარი ბეგარა არც ერთ შტატში სამ პროცენტს არ აღემატებოდა. საფრანგეთში იგი თხუთმეტ პროცენტს შეადგენს, ბრიტანეთში ამ ნიშნულსაც აღემატება. არაფერი უდგას წინ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში დაბეგვრის ამგვარი ნიხრი, სულ ცოტა გასამკეცდეს მაინც. ერთი თავი საქონელი, მარტო სპირტიანი სასმელიც რომ ავიღოთ, ფედერალური დაბეგვრის შემთხვევაში, შთამბეჭდავი შემოსავლებით უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის ხაზინას. თუ საერთო იმპორტში იმ წილის მიხედვით ვიანგარიშებთ, რომელიც მასში ალკოჰოლური სასმელების იმპორტს უკავია, მაშინ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ოთხი მილიონი გალონით განისაზღვრება. გალონზე ერთი შილინგის შეწერის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი ორასი ათას გირვანქა სტერლინგს გაუტოლდებოდა. ამ ყაიდის საქონლისთვის მისაღებია დაბეგვრის ამგვარი მასშტაბი. თუ რაღაც ეტაპზე თავს იჩენს იმპორტირებული სპირტიანი სასმელების კლების ტენდენცია, რა თქმა უნდა, ეს სასიკეთოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკას. გარდა ამისა, ამისგან ჩვენი საზოგადოებაც ძალზე იხეირებს, რაკი უფრო მეტად იქნება დაცული მისი როგორც ზნეობრივი, ისე ფიზიკური სიჯანსაღე. ხომ ცნობილია, რომ არაფერი ისე ზედმეტი არ არის ქვეყნისთვის, როგორც მაგარი სასმელები. მაგრამ რა მოხდება, თუკი ჩვენ სრულად ვერ ავითვისეთ ზემოხსენებული რესურსი? საქმე ის არის, რომ ვერც ერთი ქვეყანა დიდხანს ვერ გაძლებს შემოსავლების გარეშე. თუკი მას ამგვარი სასიცოცხლო მხარდაჭერა მოაკლდებოდა, დამოუკიდებლობას დაკარგავდა და მივარდნილ პროვინციად გადაიქცეოდა. ამიტომაც, არც ერთი ჭკუათმყოფელი მთავრობა თავისი ნებით ამგვარ დამღუპველ გზას არ დაადგება. ისე რომ, რადაც უნდა დაუჯდეს, სახელმწიფო ვალდებულია, შემოსავლები ამოიღოს. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენი მდგომარეობა ერთობ თავისებურია. თუკი შემოსავლების ძირითად წყაროდ ვაჭრობას არ გავიხდით, მაშინ ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ჩვენი მიწათმფლობელები, რაკი გადასახადების მთელი სიმძიმე მათ დააწვებათ. უკვე მოგახსენეთ, რომ აქციზი, როგორც გადასახადის თავისებური ტიპი, მაინცადამაინც არ ესალბუნება ხალხის გუნება – განწყობილებას. ამიტომ აზრი არა აქვს თავისშეწუხებას იმით, რომ ჩვენში ფართოდ დაინერგოს დაბეგვრის ეს ფორამა. ამის გაკეთება იმიტომაც არის უპერსპექტივო, რომ ჩვენი მოსახლეობა უპირატესად სასოფლო – სამეურნეო წარმოებაშია დასაქმებული და ამდენად, თითქმის არ იწარმოება ისეთი საქონელი, რომელიც აქციზური მოსაკრებლით დაიბეგრებოდა. ბუნებრივია, არ უნდა ვიყოთ მაინცადამაინც იმის იმედად, ამ გზით რამდენადმე მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას მოვახერხებთო. იმის შესახებაც უკვე მოგახსენეთ, რომ კერძო საკუთრების მარტოდენ მოხმარებას თუ დავბეგრავთ. ეგ იმიტომ, რომ თვითონ საკუთრების დაბეგვრა ერთობ გაჭირდება, რაკი თითქმის შეუძლებელია, თვალი მივადევნოთ იმას, თუ რა არის კერძო საკუთრებაში და რა არა. ამიტომ ნურც იმის იმედს ვიქონიებთ, რომ აქედან რამდენადმე მაინც ანგარიშგასაწევი სახსრების მოზიდვას შევძლებთ. რაც შეეხება დიდ ქალაქებს, რომლებსაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს, იქ კიდევ შესაძლებელია, რომ საკუთრების მფლობელებს რაღაც თანხა შევაწეროთ. თუმცა სახელმწიფოსთვის სანუგეშო აქედან ძნელად თუ რამე გამოვა. ბევრად უფრო ცუდადაა საქმე შედარებით პატარა ქალაქებში, სადაც ადვილია, რომ კერძო საკუთრება საერთოდ ვერ მოხვდეს გადასახადების ამკრეფთა თვალსაწიერში. მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველაფერი შეიძლება განზე გადავდოთ, სახელმწიფო საჭიროებანი კი ყოველგვარ მიზეზს გარეშე დაფარული უნდა იქნენ. სწორედ ამის გამო იძულებულნი გავხდებით, ძირითადი გადასახადის საზოგადოებრივი ტვირთი მიწის მესაკუთრეებს დავაკისროთ. მაგრამ, სამწუხაროდ, საქმეს ვერც ეს უშველის. სახელმწიფოს ხელში ვერასოდეს მოიყრის თავს საკმარისი სახსრები მის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, თუკი იგი ყველა შესაძლო წყაროდან არ ქაჩავს შემოსავლებს. ის მწირი თანხები კი, რომლის მოქუჩებასაც იგი ამგვარ შეჭირვებულ პირობებში მოახერხებს, ვერასოდეს იქნება საკმარისი იმისთვის, რათა მან ყველას თვალში სანუკველი პატივისცემა და მოწიწება დაიმსახუროს. არას ვამბობთ საზოგადოების უსაფრთხოებაზე, რომელიც ერთობ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდება. ქვეყნად ვერაფერი, თვით პირთამდე ავსებული სახელმწიფო ხაზინაც კი, ოდნავაც ვერ გამოდგება იმ შეჭირვების საზღაურად, რომელშიც ადამიანთა ის კლასი აღმოჩნდება, მარჩენალი მიწის დამუშავების ერთობ საპატიო ხელობას რომ მისდევს. ისე რომ, ერთმანეთს გადაეჭდობა პირადი სატკივარი და საზოგადო გასაჭირი. მდგომარეობის სიდუხჭირეს კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდის იმის გამო ღაღადისი, რომ იმათ რჩევებს ავუბით მხარი, ვინც ჩვენს დაშლა – დაქუცმაცებას ქადაგებდა. პუბლიუსი ფედერალისტი #13 : მედისონი Spoiler ფედერალისტი #13 : მედისონი 1987 წ. 30 ნოემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს უპრიანი იქნება თუკი შემოსავლების თემაზე საუბარს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობას დავუკავშირებთ. არავის ეპარება ეჭვი იმის მიზანშეწონილობაში, რომ ერთ რამეზე დაზოგილი ფული სხვა რამის დასაფინანსებლად გამოვიყენოთ. ეს საუკეთესო საშუალება იქნებოდა საიმისოდ, რომ ხალხის ჯიბეს გავფრთხილებოდით. თუკი ერთიანი მმართველობის ქვეშ გავერთიანდებით, მაშინ მხოლოდ ერთი ცივილური ფურცლის უზრუნველყოფა მოგვიხდება. მაგრამ თუკი კონფედერაციებად დავნაწევრდებით, იმდენი ცივილური ფურცლის დაფინანსება მოგვიწევს, რამდენი კონფედერაციული მთავრობაც იარსებებს. და რაც მთავარია, თითოეულ მათგანში იმდენი სამთავრობო უწყება იქნება წარმოდგენილი, რამდენიც მთლიანად გაწვდებოდა ერთი ეროვნული მთავრობის მუშაობას. ისეთი პროექტის განხორციელებისთვის ზრუნვა, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი, ცამეტი სუვერენული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბებაზე რომაა გათვლილი, ერთობ უცნაური წამოწყებაა. იგი თავის თავში იმდენ საფრთხეს იმარხავს, რომ შეუძლებელია ოდესმე მომხრეთა სოლიდური რაოდენობა შეიძინოს. სეპარატიზმის ქომაგებს იმპერიის დაშლა – დაქუცმაცება რომ ეოცნებებათ, თავში სამი კონფედერაციის შესახებ იდეები უტრიალებთ. ერთი კონფედერაცია ოთხი ჩრდილოური შტატით იქნება წარმოდგენილი. მეორეში ოთხი ცენტრალური შტატი გაერთიანდება. ხოლო მესამე ხუთი სამხრეთული შტატის ერთობად მოგვევლინება. ეს რიცხვი ალბათ აღარ გაიზრდება. თითოეული კონფედერაცია მოცულობით დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოზე უფრო ვრცელი იქნება. საქმეში ჩახედული არც ერთი ადამიანი არ მოჰყვება იმის მტკიცებას, თითქოსდა, ეგზომ ვრცელი კონფედერაციის მართვას უფრო ნაკლები უწყება თუ ინსტიტუტი დასჭირდება, ვიდრე კონვენტი ერთიანი ეროვნული მთავრობისთვის გვთავაზობსო. საკმარისია, სახელმწიფომ გარკვეულ ზომებს მიაღწიოს, რომ უკვე იმ მომენტიდან მის მართვას იგივე ენერგია და ადმინისტრირების იგივე ფორმები დასჭირდება, რაც უფრო ვრცელი ქვეყნისთვის არის აუცილებელი. სამწუხაროდ, შეუძლებელია, მათემატიკური სიზუსტით წარმოვადგინოთ ეს მოსაზრება, ვინაიდან არ არსებობს ფორმულა, რომლის მიხედვითაც ზუსტად გამოვითვლიდით იმას, თუ რა მოცულობის სამოქალაქო ენერგიაა საჭირო ინდივიდთა მოცემული რაოდენობის სამართავად. მაგრამ თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ სავარაუდო კონფედერაციათაგან თითოეული ზომით ბრიტანეთის კუნძულის ოდენა იქნება; თუ ანგარიშს გავუწევთ იმას, რომ ამ კუნძულზე თითქმის რვა მილიონი ადამიანი ცხოვრობს; თუკი იმასაც გავიაზრებთ, თუ რა ზომის მთავრობა დასჭირდება იმას, რომ ამოდენა საზოგადოება სანუკვარი საზოგადო სიკეთის მიღწევის მიზნით დარაზმოს, მაშინ ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლდება იმის თაობაზე, რომ იმავე მოცულობის ხელისუფლება ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი საზოგადოების მართავასაც თავს ადვილად გაართმევს. სამოქალაქო ხელისუფლებას, თუკი იგი კარგად არის ორგანიზებული, არ გაუჭირდება, თავისი ზეგავლენა ვრცელ ტერიტორიაზე გაავრცელოს. მას ამგვარი იმპერიის ნებისმიერ კუთხე – კუნჭულში თავისი თავის კვლავწარმოების უნარი შესწევს. მთავარია, სამართლებრივი სისტემა ისე იყოს მოწყობილი, რომ უწყებებს შორის იერარქიული დამოკიდებულების მექანიზმი გამართულად მუშაობდეს. არსებობს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კონფედერაციებად დაშლის შემთხვევაში თითოეულ მათგანს არანაკლებ მრავალრიცხოვანი მთავრობა დასჭირდება. ამგვარ მოსაზრებას სხვა, უფრო ცხოვრებისეული ვარაუდი განამტკიცებს. ეს უკანასკნელი კავშირის ალტერნატივად სამ კონფედერაციას გვთავაზობს. მაგრამ თუ კარგად ავწონ - დავწონოთ გეოგრაფიულსა და კომერციულ მოსაზრებებს, მართებულად შევუთანადებთ ერთმანეთს სხვადასხვა შტატის ზნე – ჩვეულებებს, აუცილებლად იმ დასკვნამდე მივალთ, რომ კავშირის დაშლის შემთხვევაში შტატები ორ ხელისუფლებას შორის გადანაწილდებიან. თუკი იმას გავითვალისწინებთ, თუ როგორ ყალიბდება ეროვნული სიმპათიები და კავშირები, მაშინ ბუნებრივი იქნება, თუ ოთხი აღმოსავლური შტატი ერთ კონფედერაციად გაერთიანდება. რაც შეეხება ნიუ-იორკს, იგი, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, არასოდეს გამოიჩენს ეგოდენ დაუდევრობას, რომ თავისი დაუცველი ფლანგი ძლევამოსილ კონფედერაციას მიუშვიროს. არსებობს დამაჯერებელი მიზეზები, რისი გათვალისწინებაც ამ შტატს გაუადვილებს ზემოაღნიშნულ კონფედერაციაში შესვლას. ნიუ-ჯერსი საკმაოდ მცირეა საიმისოდ, რომ მან ამ ზემძლავრი გაერთიანების სასაზღვრო შტატად ყოფნა მოინდომოს, ამიტომ არაფერი ეღობება წინ იმას, რომ კონფედერაციამ იგი თავის წევრად მიიღოს. პენსილვანიაც კი მძლავრ სტიმულებს განიცდის საიმისოდ, რათა თავი იმავე გაერთიანებაში ამოყოს. იგი საკუთარი ხომალდებითვე ეწევა აქტიურ საგარეო ვაჭრობას. სწორედ ესაა მისი ჭეშმარიტი პოლიტიკა, რაც ზუსტად შეესაბამება მისი მოსახლეობის შეხედულებებსა და მისწრაფებებს. უფრო სამხრეთით მდებარე შტატები - გარემოებათა გამოისობით, - შესაძლოა, არც კი იყონ დაინტერესებულნი ნაოსნობის განვითარებით. ისინი, ალბათ, იმგვარ სისტემას მიანიჭებენ უპირატესობას, რომელიც ყველა ქვეყანას შეუზღუდავ შესაძლებლობას აძლევს, რათა მათ კიდეც შეისყიდონ და გადაზიდონ კიდეც სამხრეთული შტატების საქონელი. პენსილვანია, ალბათ, არ გაზრდის თავის ინტერესებს, რამაც, შესაძლოა, არაკეთილისმყოფელი ზეგავლენა იქონიოს მის პოლიტიკაზე. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს შტატი ნებისმიერ შემთხვევაში სასაზღვრო შტატად რჩება, ამიტომ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, იგი ამჯობინებს, დაუცველი მხარე სამხრეთის ძალზე სუსტი კონფედერაციისთვის ჰქონდეს მიშვერილი, ვიდრე ზემძლავრი ჩრდილოური გაერთიანებისთვის. ეს საშუალებას მისცემს პენსილვანიას, რათა მან ფლანდრიის ხვედრი არ გაიზიაროს. როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს მან, თუკი ჩრდილოური კონფედერაცია ნიუ-ჯერსის შეიერთებს, ამ შტატის სამხრეთით ძნელად რომ ერთ კონფედერაციაზე მეტი წარმოიშვას. დღესავით ნათელია, რომ ცამეტი შტატი უკეთ მოაწყობს საერთო – ეროვნულ ხელისუფლებას, ვიდრე მათი ნახევარი, მესამედი ან უფრო ნაკლები რაოდენობა. ამ მოსაზრებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა გაქარწყლებული იქნას შესიტყვება, რომელსაც კონვენტის გეგმას დანახარჯებთან დაკავშირებით უყენებენ. თუკი უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, ზემოხსენებული შესიტყვება მცდარ წანამძღვრებს ემყარება. კონფედერაციებად დაშლის შემთხვევაში საჭირო იქნება უამრავი ცივილური ფურცელი. გარდა ამისა, აუცილებელი გახდება უამრავი ადამიანის დასაქმება კონფედერაციებს შორის სახმელეთო კომუნიკაციათა დასაცავად და უკანონო ვაჭრობის აღსაკვეთად. მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, როცა საქმე სახელმწიფო გადასახადების აკრეფის უზრუნველყოფაზე მიდგება; ყოველივე ამას დაემატება სამხედრო უწყებანი, რომელთაც, – როგორც ცხოვრებამ გვიჩვენა, – აუცილებლად შობს ხოლმე ის შუღლი და კონფლიქტები, რანიც კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სახელმწიფოებს შორის გაჩაღდება. ყოველივე აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ სეპარატიზმი მარტო სიმშვიდეს, აღებმიცემობას, სახელმწიფო შემოსავლებსა და ქვეყნის სხვადასხვა ნაწილების თავისუფლებას როდი უქმნის საფრთხეს, არამედ იგი არანაკლებ დამღუპველია ფინანსურ საშუალებათა მომჭირნეობის თვალსაზრისითაც. პუბლიუსი ფედერალისტი #14 : მედისონი Spoiler ფედერალისტი #14 : მედისონი 1787წ. 30 ნოემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს კავშირი ჩვენი ბასტიონია იმ საფრთხეთა წინააღმდეგ, ქვეყნის გარედან რომ გვემუქრება; იგია საწინდარი იმისა, რომ ერთმანეთს შორის მშვიდობითა და თანხმობით ვცხოვრობდეთ; იგი მფარველობას გაუწევს ჩვენს აღებმიცემობასა და სხვა საერთო ინტერესებს; იგი ერთადერთი ალტერნატივაა იმ სამხედრო უწყებებისა, რომლებსაც ნაცარტუტად უქცევიათ ძველი სამყაროს თავისუფლებანი; იგი ნამდვილი სამკურნალო საშუალებაა იმ სენის წინააღმდეგ, რომელსაც პარტიული გაუტანლობა ჰქვია; სენისა, რომელსაც უამრავი სახალხო ხელისუფლება პირისაგან მიწისა აღუგვია და რომლის საგანგაშო ნიშნებს, საუბედუროდ, ჩვენშიაც უჩენია თავი. გამოკვლევის ამ ნაწილში ჩვენ ისღა დაგვრჩენია, პასუხი გავცეთ შესიტყვებებს, რომლებიც, შესაძლოა, ერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით წამოიჭრან. საქმე იმ უკიდეგანო ტერიტორიას ეხება, რომელსაც კავშირი მოიცავს. ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება იმიტომაც იქნება უპრიანი, რომ ახალი კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი შანსს არ უშვებენ ხელიდან, რათა მოსახლეობას თავს მოახვიონ ერთი მეტად გავრცელებული ცრურწმენა. საქმე ეხება რესპუბლიკური ადმინისტრაციის პრაქტიკული მოქმედების სფეროს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ სიძნელენი, რომელთა შესახებაც ეს ხალხი ყიჟინას სცემს, თითიდანაა გამოწოვილი და მას შემდეგაა შეთითხნილი, რაც ისინი ანგარიშგასაწევი კონტრაგუმენტების ძიებაში ამაოდ დაშვრნენ. წინარე წერილებში გამოწვლილვით გავარჩიეთ და უკუვაგდეთ მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, რესპუბლიკური მმართველობა ვრცელ ტერიტორიაზე ვერ განხორციელდებაო. აქ მხოლოდ ის მინდა შევნიშნო, რომ ამგვარი შეხედულების წარმოშობა და გავრცელება, როგორც ჩანს, უმთავრესად, იმ პოზიციის შედეგია, რომელიც ერთმანეთში ურევს რესპუბლიკასა და დემოკრატიას: დასკვნებს, რომლებიც დემოკრატიის ბუნებიდან გამომდინარეობენ, დაუფიქრებლად ავრცელებენ რესპუბლიკაზე. ჩვენ, ასევე, ადრევე მოგვეცა შესძლებლობა იმის შესახებ გვემსჯელა, რაც რესპუბლიკასა და დემოკრატიას ერთმანეთისგან ჭეშმარიტად განასხვავებს. საქმე ის არის, რომ დემოკრატიის დროს ადამიანები იმ მიზნით იკრიბებიან, რათა პირადად განახორციელან ხელისუფლება. რესპუბლიკის შემთხვევაში კი ისინი პოლიტიკურ ნებას თავიანთი წარმომადგენლებისა და რწმუნებულების მეშვეობით გამოხატავენ. აქედან გამომდინარე, დემოკრატია მცირე არეალზე ხორციელდება, რესპუბლიკური მმართველობა კი ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. ამ უნებლიე შეცდომას, ალბათ, იმ ავტორთა თეორიული ცდომილებებიც უნდა მივუმატოთ, რომელთა ნაწერებსაც მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვით თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების სტანდარტთა ჩამოყალიბებაში. ეს ადამიანები ან აბსოლუტური მონარქიის ქვეშევრდომები იყვნენ, ან შეზღუდულისა. ისინი ან აზვიადებდნენ მმართველობის ამ ფორმებისთვის დამახასაითებელ უპირატესობებს, ანდა მათთვის ნიშანდობლივ ნაკლოვანებებს უყრუებდნენ და ამართლებდნენ; ამ მიზნით ისტორიულ მაგალითებს იშველიებდნენ და ამტკიცებდნენ, რესპუბლიკურ მმართველობას უამრავი ნაკლი და წუნი აქვსო; დემოკრატიის სახელის გასატეხად კი ძველი საბერძნეთისა და თანამედროვე იტალიის უდღეურ დემოკრატიებზე მიგვითითებდნენ. სახელთა ასეთი აღრევის პირობებში, რაღა თქმა უნდა, არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა ის, რომ დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშნები რესპუბლიკისთვის მიეწერათ. დემოკრატიის სწორედ ერთ – ერთი ასეთი ნიშანთაგანია ის, რომ მისი განხორციელება მხოლოდ მცირერიცხოვანი მოსახლეობისა და შეზღუდული ტერიტორიის პირობებშია შესაძლებელი. ამგავრი გადაცდომის შემჩნევა არ იყო იოლი საქმე. მით უფრო, რომ ძველი სამყაროს უმრავლეს ქვეყანაში მმართველობა სულ უფრო და უფრო იძენდა დემოკრატიულ ხასიათს. ეს კი არა და, თვით ევროპაშიც კი, რომელიც წარმომადგენლობითობის დიადი პრინციპის აკვნადაა მიჩნეული, ვერსად წავაწყდებით სრული სახალხო მმართველობის ფორმას, მხოლოდ ხსენებულ პრინციპს რომ ეფუძნებოდეს. არსებობს ძალა, რომელიც მართვის ქმედითობას განაპირობებს და უზარმაზარი პოლიტიკური ორგანიზმის ნებას თავიდან ერთ მუშტად კრავს, შემდეგ კი იმ ამოცანათა შესასრულებლად მიუშვებს, საზოგადო სიკეთის მიღწევის მიზანი რომ სახავს. და სწორედ ევროპაა ამ დიადი მამოძრავებელი ძალის პირველაღმომჩენი. დაე, ნურვინ შეეცილება მას ამ პატივს! მაგრამ საქმე ის არის, რომ ამერიკასაც ეძლევა შანსი, სამართლიანად დაისაკუთროს ერთი ასევე დიადი აღმოჩენის პატივი. საქმე ეხება ვრცელ რესპუბლიკას, მთლიანად წარმომადგენლობითობის პრინციპს რომ ეფუძნება. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ზოგი ჩვენი მოქალაქე ძალ – ღონეს არ იშურებს, რათა ჩვენმა ქვეყანამ ხელიდან გაუშვას ეს შანსი. ლაპარაკი იმ შანსზეა, რომ კაცობრიობას თვალნათლივ დავანახოთ, თუ რეალობაში როგორ მუშაობს შეურეველი და ვრცელი რესპუბლიკის ზემოხსენებული პრინციპი. ამისთვის კი საჭიროა მხარი დავუჭიროთ ყოვლისმომცველ ცვლილებებს, რომელთა მიზანი ახალი კონსტიტუციური სისტემის დამკვიდრებაა. დემოკრატიის ბუნებრივ საზღვრად ის მანძილია მიჩნეული, რაც ქვეყნის ნებისმიერ ადგილს მისი ცენტრიდან აშორებს. ამ მანძილის გადალახვა ქვეყნის ყველაზე შორეულ კუთხეში მცხოვრებ მოქალაქესაც უნდა შეეძლოს, რათა იგი ცენტრში იმდენჯერ ჩამოვიდეს და იმდენჯერ მიიღოს მონაწილეობა სახალხო კრებაში, რამდენჯერაც ამას დაკისრებული მოვალეობის შერულება მოითხოვს. ამდენად, დემოკრატიისთვის არ არის აუცილებელი, რომ ქვეყნის მოცემულ რეგიონში ხალხის უფრო დიდი რაოდენობა ცხოვრობდეს, ვიდრე ეს ამგვარი მოვალეობების გასახორციელებლადაა საჭირო. რაც შეეხება რესპუბლიკას, მისი ბუნებრივი საზღვარის ცენტრიდან ის მანძილია, რომლის დაფარვა ხალხის არჩეულ წარმომადგენელს მხოლოდ იმდენჯერ მოუხდება, რამდენჯერაც ეს საჭირო გახდება იმისთვის, რომ მან მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაში საზოგადო საქმეთა მართვის მიზნით. განა შეიძლება იმის მტკიცება, რომ საზღვრები, რომლებშიც მოქცეულია ამერიკის შეერთებული შტატები, ზემოხსენებულ მანძილს აღემატება? საკმარისია გავიხსენოთ, რომ ამ საზღვართაგან ყველაზე გრძელი ატლანტიკის სანაპირო ზოლია; რომ მიუხედავად ამისა, ცამეტი წლის მანძილზე შტატების წარმომადგენლები სისტემატურად იკრიბებოდნენ წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად; რომ ყველაზე შორეულ შტატთა წარმომადგენლები უფრო ხშირად როდი აცდენდნენ სხდომებს, ვიდრე მათი კოლეგები კონგრესის მიმდებარე შტატებიდან. მოდით, ერთხელ კიდევ შევიხსენოთ ის, თუ რომელ საზღვრებზეა ლაპარაკი, რათა ზემოხსენებული საკითხის უფრო მართებული შეფასება შევძლოთ. საზავო ხელშეკრულებით დადგენილ საზღვრებს აღმოსავლეთით ატლანტიკის ოკეანე წარმოადგენს; სამხრეთით _ ოცდამეთერთმეტე პარალელი; დასავლეთით _ მისისიპი; ხოლო ჩრდილოეთით იგი უსწორმასწორო ხაზს მიუყვება, რომელიც ალაგ ორმოცდამეხუთე პარალელის ზემოთ ადის, ალაგ კი ორმოცდამეორე პარალელის ქვევით ეშვება. ისე რომ, ერის ტბის სამხრეთი სანაპირო ამ განედის ქვევითაა მოქცეული. ოცდამეთერთმეტე და ორმოცდამეორე პარალელები ერთმანეთისგან 973 მილითაა დაშორებული. ხოლო ოცდამეთერთმეტე პარალელსა და ორმოცდამეორე პარალლელს შორის მანძილი დაახლოებით 764,5 მილია. თუ სათანადო ანგარიშს ვაწარმოებთ, საშუალოდ 868.75 მილს მივიღებთ. ანტლანტიკის ოკეანესა და მისისიპის შორის მანძილი 750 მილს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ჩვენი ქვეყნის ზომებს ევროპული ქვეყნებისას შევუდარებთ, დავრწმუნდებით, რომ პრინციპული წინააღმდეგობა არ ეღობება მის ტერიტორიაზე შემოთავაზებული პოლიტიკური სისტემის განხორციელებას. ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიაზე ოდნავ ვრცელი თუა. გერმანიაში კი ხელს არაფერი უშლის იმას, რომ მთელი იმპერიის წარმომადგენლები პერიოდულად იკრიბებოდნენ იქაური პარლამენტის სესიებზე. ანდა ვახსენოთ თუნდაც პოლონეთი, ბოლო დრომდე, ვიდრე იგი დაიშლებოდა, მთელი ძალაუფლება ხელთ იქაურ სახალხო კრებას ეპყრა. მოდით, არაფერი ვთქვათ საფრანგეთსა და ესპანეთზე. დიდი ბრიტანეთი გავიხსენოთ. იგი მართალია, ზომით ჩამოუვარდება შეერთებულ შტატებს, მაგრამ სახალხო წარმომადგენელს, ამ კუნძულის უკიდურეს ჩრდილო რეგიონში რომ ცხოვრობს, სახალხო კრებაზე ჩასასვლელად უფრო მოკლე მანძილის გადალახვა როდი მოუწევს, ვიდრე მის ამერიკელ კოლეგას ჩვენი ქვეყნის ყველაზე შორეული მხარიდან. ვფიქრობ, ამგვარი მსჯელობით ხელსაყრელი პირობები შეიქმნა საიმისოდ, რომ კიდევ უფრო დამაკმაყოფილებელი სახით წარმოვადგინოთ ზემოხსენებული საკითხი და ზოგიერთი დაკვირვებაც გაგიზიაროთ. ჯერ ერთი, უნდა გვახსოვდეს, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ იქნება აღჭურვილი საკანონმდებლო საქმიანობასა და კანონთა ადმინისტრირებაზე მთელი უფლებამოსილებით. მისი იურისდიქცია მხოლოდ გარკვეულ სფეროებზე გავრცელდება. იგულისხმება ისეთი საკითხები, რომლებიც რესპუბლიკის ყველა წევრს თანაბრად ეხება და რომელთა მოგვარებაც ცალკეული შტატის ძალ – ღონეს აღემატება. ყველა სხვა საქმე, რომლებსაც შეიძლება შტატის ხელისუფლებამ დამოუკიდებლად გაართვას თავი, მისი მზრუნველობისა და იურისდიქციის ქვეშ დარჩება. კონსტიტუციის პროექტით არ არის გათვალისწინებული ის, რომ ამა თუ იმ შტატმა თავისი ყველა უფლებამოსილება დათმოს. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ კონსტიტუციის მოწინააღმდეგეებს საყვედურის რაღაც საფუძველი მაინც ექნებოდა. ალბათ, ძნელი არ იქნება იმის ჩვენება, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ზოგიერთ შტატში რომც გაეუქმებინა ხელისუფლების ორგანოები, თვითშენახვის პრინციპიდან გამომდინარე, იგი მოგვიანებით მაინც იძულებული გახდებოდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მათი ფუნქციონირება განეახლებინა. მეორე, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ ის, რომ ფედერალური კონსტიტუციის უპირველესი მიზანი ცამეტი შტატის ერთობის უზრუნველყოფაა. საქმე ცამეტ ძირეულ შტატს ეხება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეიძლება მათ ახლადწარმოშობილი შტატებიც დაემატონ. განა ძნელი წარმოსადგენია მათი წარმოშობა უკვე არსებული შტატების საზღვრებში, ანდა მათ მეზობლად? მაგრამ უპასუხოდ ვტოვებთ იმას, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ჩრდილო – დასავლური მიწა - წყლისა და მამულების ადმინისტრაციულ – ტერიტორიული მოწყობა. დაე, ამ საკითხის გადაწყვეტა იმ ხალხს მივანდოთ, რომელსაც სამომავლო აღმოჩენებისა და შეძენილი გამოცდილების გამო უფრო დიდი კომპეტენცია ექნება. მესამე დაკვირვება იმაში მდგომარეობს, რომ მართვის გაუმჯობესებული სისტემა მთელი კავშირის მასშტაბით მიმოსვლასაც გააიოლებს. გზები მთელს იმპერიაში შემოკლდება და მათი მოვლა – შენახვაც გაადვილდება; ბევრად მეტი რაოდენობის ფუნდუკები აშენდება და მოგზაურთა მომსახურების დონეც აიწევს. ჩვენი ქვეყნის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო შიგა ნაოსნობის გასახორციელებლად ცამეტივე შტატისთვის ღია, ან თითქმის ღია იქნება; დასავლური ოლქები უფრო ადვილად დაუკავშირდებიან ატლანტიკურს; შიგარაიონული და შიგარეგიონული კავშირგაბმულობაც გაუმჯობესდება იმ მრავალრიცხოვან არხთა წყალობით, რომლებითაც ბუნებამ ასე უხვად დაგვაჯილდოვა და რომელთათვის დასრულებული სახის მინიჭება ადამიანური გამომგონებლურობის საქმეღაა. მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვირვება კი ისაა, რომ თითქმის ყოველი შტატი თავისი ამა თუ იმ მხარით საზღვრისკენაა მიქცეული. ამიტომ თითოეული ამ შტატთაგანი მზად არის, სოლიდური მსხვერპლი გაიღოს თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არსებობენ ქვეყნის გულიდან ძალზე დაშორებული შტატები. მათ, მართალია, სხვებზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საერთო სიკეთეებზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ცალკეულ შემთხვევებში, მათ სხვებზე მეტად დასჭირდებათ ის მფარველობა, რომელსაც მხოლოდ მტკიცე კავშირის ძლევამოსილება და რესურსები უზრუნველყოფს, რაკი ისინი უშუალოდ უცხო სახელმწიფოებს ესაზღვრებიან. რა თქმა უნდა, ჯორჯიას, დასავლეთისა და ჩრდილო – აღმოსავლეთის შტატებს გაუჭირდებათ თავიანთ წარმომადგენელთა წარგზავნა ცენტრალურ ხელისუფლებაში, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ მათთვის ბევრად უფრო ძნელი შემოსეულ მტერთან საკუთარი ძალებით გამკლავება და თავდაცვის ღონიძიებათა უზრუნველსაყოფად აუცილებელი ხარჯების საკუთარი რესურსებიდან გაღება იქნება. არადა, გამუდმებული საფრთხე მათ ამის გაკეთებას აიძულებს. ისე რომ, მართალია, სამოკავშირეო ხელშეკრულებაში მონაწილეობა მათთვის ნაკლებ ხელსაყრელი იქნება, ვიდრე ცენტრალური და მიმდებარე შტატებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, მათ ბევრად უფრო მეტ სარგებელს სხვა შტატებთან ურღვევი კავშირი მოუტანს. ისე რომ, ყველაფერში სათანადო წონსწორობა იქნება დაცული. ძვირფასო თანამემამულენო, ჩემი მოსაზრებანი თქვენს სამსჯავროზე რომ გამომაქვს, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, მათ თქვენთვის ჩვეული კეთილგონიერებით განიხილავთ და სათანადოდ შეაფასებთ. რაგინდ დიდი იყოს სიძნელე, რაგინდ საზარელი იყოს შეცდომა, რომლის ჭეშმარიტებად შემოსაღებასაც ლამობენ, ვიცი, ვერ გატეხენ თქვენს ნებას და ვერ გაგიტაცებენ პოლიტიკის იმ წყვდიადში დანთქმული სცენისკენ, საითკენაც ამაოდ გექაჩებიან ჩვენი დაშლისა და დაქუცმაცების მოსურნენი. ნუ გაუგონებთ იმ ნაყალბევ ხმას, რომ ღაღადებს, თითქოსდა ამერიკელ ხალხს უამრავი უფაქიზესი სიმით რომაა ურთირთდაკავშირებული, აღარ ძალუძს ერთ ოჯახად იცხოვროსო; ერთი ვრცელი, აყვავებული, პატივისცემისა და მოწიწების გამომწვევი სახელმწიფოს თანამოქალაქენი იყვნენო. ნუ გაუგონებთ მათ, ვინც გაგულისებული და ღვარძლმორეული ჩაგაგონებთ, მმართველობის შემოთავაზებული ფორმა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ახალგამოგონებაო; ასეთი რამ ყველაზე ხელაღებულ ავანტურისტსაც აზრად არ მოსვლიაო; პროექტის ავტორები ახირებული ხალხია და იმის განხორციელებას ესწრაფვიან, იმთავითვე დასაღუპად რომაა განწირულიო. ძვირფასო თანამემამულენო, სმენა დაიხშეთ ამ უწმინდური ხმის წინაშე. გულის კარი დაუხშეთ ამგვარ სამსალას. თქვენს ძარღვებში ნათესაური სისხლი ჩქეფს; სისხლი, რომელიც ბევრჯერ დაღვრილა წმიდათაწმიდა უფლებებისთვის ბრძოლაში. სწორედ ამ სისხლითაა ნაკურთხი ჩვენი კავშირი. და იმის გაფიქრებაც კი ძრწოლის მომგვრელია, რომ ერთურთისთვის ოდესმე უცხო შევიქმნათ; ერთმანეთს მოშურნეობა გავუწიოთ და მტრად მოვეკიდოთ. ჩვენ რომ გვამუნათებენ, ხალხს სიახლეს აჩეჩებთო; მერწმუნეთ, ყველაზე სახიფათო წამოწყება, ყველაზე უგუნური გეგმა, ყველაზე ჰაიჰარა მცდელობა სწორედ ისაა, ქვეყნის დაშლა – დაქუცმაცებაში საქვეყნო მშვიდობა და საზოგადო სიკეთე ეძიო. კაცმა რომ თქვას, რად უნდა აგვეღო ხელი ვრცელი რესპუბლიკის ჩამოყალიბების იდეაზე? მხოლოდ იმის გამო ხომ არა, რომ იგი, გარკვეულწილად, სიახლესაც შეიცავს? განა ამერიკელ ხალხს სწორედ ის შეერაცხება ღირსებად, რომ სათანადო პატივს მიაგებს ძველი ხალხების გამოცდილების ბრძმედში ნაწრთობ ცოდნას? განა იგი ქების ღირსი არ არის იმის გამო, რომ ბრმად არ ეთაყვანება ძველ ტრადიციებსა თუ სახელებს? განა მისი სიდიადე სწორედ იმაში არ არის, რომ მან თვითონ შეძლო განეჭვრიტა თავისი მდგომარეობა, მისთვის დამახასიათებელი კეთილგონიერების კარნახით ემოქმედა და სათანადო დასკვნები საკუთარი გამოცდილებიდანაც გამოეტანა? ამერიკის მამაცი სული სიახლეთა შემოქმედებით კვლავაც გააოცებს კაცობრიობას. მადლიერი შთამომავლობა კი დიდადაც დაუფასებს მას, რომ სწორედ აქ, ამერიკის პოლიტიკურ სცენაზე, პირველად მოევლინა კაცობრიობას ის მექანიზმები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და მათი საზოგადო კეთილდღეობის თავდებია. რევოლუციის ბელადებს რომ უპრეცედენტო პოლიტიკური ნაბიჯები არ გადაედგათ, მათ რომ მმართველობის ისეთი პოლიტიკური ფორმა არ შეექმნათ, რომლის ბადალს ისტორიაში ვერსად ნახავთ, ამერიკელი ხალხი ახლა ისევ დამღუპველი რჩევების ტყვეობაში იქნებოდა, ანდა სიცოცხლე ექნებოდა გამწარებული მმართველობის ერთ-ერთი იმ ფორმათაგანის გადამკიდეს, რომლებსაც პირისაგან მიწისა აღუგვიათ დანარჩენი კაცობრიობის თავისუფლებანი. ამერიკისა და მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდაც ისინი ახალსა და უფრო კეთილშობილურ გზას დაადგნენ. მათ წამოიწყეს და წარმატებით განასრულეს რევოლუცია, რომლსაც ანალოგი არ აქვს ადამიანურ ისტორიაში. მათ შექმნეს მმართველობის უბადლო ნიმუშები. მათ საფუძველი ჩაუყარეს დიად კონფედერაციას და მომავალ თაობებს მისი სრულყოფა და უკვდავყოფა უანდერძეს. თუკი მათ შრომას რაიმე ნაკლი ჰქონდა, მაშინ აფერუმ მათ კაცობას, რარიგ უმნიშვნელოა იგი. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული უზუსტობანი იქნა დაშვებული კავშირის სტრუქტურის მშენებლობისას, ვინაიდან ყველაზე ძნელი და შრომატევადი სწორედ ამგვარი სამუშაოა. კონსტიტუციური კონვენტი ხომ სწორედ იმიტომ იქნა მოწვეული, რომ კავშირის ახალი მოდელი შეემუშავებინა. კონვენტმა თავისი საქმე გააკეთა. ახლა კი თქვენი განსჯის ჯერია. პუბლიუსი ფედერალისტი #15 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი #15 : ჰამილტონი 1787წ. 1 დეკემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს თანამემამულენო, წინა წერილებში ვცადე, ცხადად და დამაჯერებლად გამეშუქებინა ის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კავშირს თქვენი პოლიტიკური უსაფრთხოებისა და ბედნიერებისთვის. თქვენ წინაშე საფრთხეთა მთელი ის გამა წარმოვადგინე, რომელიც თავს დაგატყდებათ, თუკი, ღმერთმა ნუ ქნას და, ის წმიდა სიმები გაწყდა ამერიკის ხალხს მტკიცედ რომ კრავს. და განა სხვას რას ძალუძს მათი მოშლა, თუ არა ამპარტავნებასა თუ სიხარბეს, შურსა თუ ცრუგანმარტებებს? მე მინდა, მეგზურობა გაგიწიოთ ამგვარ საკითხთა გამოძიებისას და ფაქტობრივად დადასტურებული ისეთი ჭეშმარიტებანი ჩაგაგონოთ, დღემდე უყურადღებოდ რომ შთენილან. და თუკი გზა, რომელიც უნდა განვლოთ, ალაგ – ალაგ მოსაწყენი თუ მომაბეზრებელი მოგეჩვენებათ, დაე, გაიხსენებდეთ, რომ ცოდნა, რომლის მოხვეჭასაც თქვენ ცდილობთ, ისეთ საკითხს ეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი რომაა თავისუფალი ხალხის ცხოვრებაში. თქვენ თვალუწვდენელი მინდვრის გადალახვა მოგიხდებათ. თქვენს ყარიბობას კი ცარიელა სოფისტიკის ის ლაბირინთი გაართულებს, მავანნი და მავანნი თქვენს დასაბრკოლებლად რომ აღმართავენ. მე მსურს, რაც შეიძლება სწრაფად მოვარღვიო ის წინაღობანი, პროგრესის გზაზე თქვენს მსვლელობას რომ აფერხებენ, ოღონდ ისე, რომ სისწრაფით საქმე არ ვაზარალო. იმ გეგმის თანახმად, რომელიც ამ საკითხზე ბჭობის მიზნით შევადგინე, კვლევის შემდეგი თემაა: ”ამჟამინდელი კონფედერაციის არასაკამარისობა კავშირის შენარჩუნებისათვის”. შეიძლება ვინმეს შეკითხვა წამოეჭრას, რა საჭიროა ამ საკითხის განხილვა, ის ხომ ისედაც უდავო თუ უეჭველიაო; იგი ხომ მოსახლეობის ყველა ფენას ერთნაირად ესმის; მის შესახებ ხომ კონსტიტუციის მომხრეებსა და მოწინააღმდგეებს შორის არაფერი სადავო არ არისო? მართლაცდა უნდა ვაღიაროთ, რომ სხვა მხრივ მძაფრად დაპირისპირებული მხარეები, ერთ საკითხში ერთსულოვანნი არიან. საქმე იმის აღიარებას ეხება, რომ მართვის ეროვნულ სისტემაში თავი იჩინეს არსობრივმა ნაკლოვანებებმა, კარსმომდგარი ანარქიის თავიდან ასაშორებლად კი გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. ეს მოსაზრება უამრავი ფაქტით არის დადასტურებული და ამიტომაც აღარაა აზრთა სხვადასხვაობის საგანი. იგი მთელი ჩვენი მოსახლეობის გუნება – განწყობას მოედო. უფრო მეტი, ის ხალხიც, კი რომლის მცდარმა პოლიტიკამ ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანა, ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდა თუმც უხალისოდ, მაგრამ მაინც, რეალობისთვის თვალი გაესწორებინა და ის ნაკლოვანებები დაენახა, რომელთაც აშკარად შეიცავს ჩვენი ფედერალური ხელისუფლების სქემა. ამგვარ ნაკლოვანებებზე ხომ რახანია გულისტკივილით მიგვითითებდნენ კავშირის განათლებული მეგობრები. შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოუდგენლად დაკნინებულ მდგომარეობაში იმყოფება. მან თითქმის ყველაფერი იწვნია, რასაც ერის სიამაყის შეურაცხყოფა, ანდა მისი ღირსების ხელყოფა ძალუძს. განა ვალდებულებანი არა გვაქვს აღებული? განა ახლა ყველაფერი, რასაც კი ადამიანები პატივს სცემენ, მათ შესრულებას არ გვიკიჟინებს? ჩვენ კი მათ წამდაუწუმ და უტიფრად ვარღვევთ. განა არა გვაქვს, როგორც უცხო ქვეყნების, ისე საკუთარი მოსახლეობის ვალი, იმ უკეთურ ჟამს აღებული, როს საფრთხე ჩვენს პოლიტიკურ არსებობას ემუქრებოდა? ვალი ვალადვე რჩება და დღემდე არავის უფიქრია მის დაფარვაზე. განა ჩვენი მშობლიური მიწები და ერთობ მნიშვნელოვანი სიმაგრენი უცხო სახელმწიფოებს არა აქვთ მიტაცებული? განა არ არსებობს ხელშეკურულებანი, რომელთა თანახმადაც ისინი რახანია ჩვენთვის უნდა გადმოეცათ? მაგრამ მიტაცებული მიტაცებულადვე რჩება, ჩვენი ეროვნული ინტერესები კი ზარალდება, ჩვენს შელახულ უფლებებზე რომ არაფერი ვთქვათ. ძალგვიძს კი თავდასხმის მოგერიება ან მომხდურის უკუგდება? ჩვენ არც შეარაღებული ძალები, არც ხაზინა და არც მთავრობა გაგვაჩნია. [1] იმის თავი მაინც თუ გვაქვს, რომ პროტესტი გამოვაცხადოთ? საქმე ის არის, რომ არავინ შეასრულებს ჩვენ მიმართ აღებულ ვალდებულებებს, ვიდრე ჩვენი მხრიდან მათი არადმიჩნევის ეჭვი იარსებებს. ბუნებამაც ისე მოაწყო და ხელშეკრულებითაც გვეკუთვნის ის, რომ მისისიპს სანაოსნოდ ჩვენც ვიყენებდეთ. მაგრამ რა, ამას ესპანეთი გვიკრძალავს. განა საზოგადოებრივი კრედიტი გადარჩენის აუცილებელ წყაროს არ არის, როს თვით საზოგადოებაა განსაცდელში? ჩვენ, როგორც ჩანს, ხელი ჩავიქნიეთ ამ საკითხზე. აქაოდა იგი უიმედო და უსაშველო არისო. განა აღებმიცემობა ეროვნული სიმდიდრის მნიშვნელოვანი წყარო არ არის? განა პატივისცემა, რომლითაც უცხო სახელმწიფოები გვეპყრობიან, არ არის იმის თავდები, რომ ისინი შენს ქვეყანაზე ხელს არ აღმართავენ? არადა, ჩვენი ხელისუფლების უნიათობა მათ ჩვენს სამშობლოსთან ხელშეკრულებათა დადების ხალისსაც კი უკარგავს. ჩვენი დესპანები უცხოეთის ქვეყნებში მასკარადის მონაწილეებს გვანან, იმდენად ბუტაფორიულია მათი დამოუკიდებლობა. არის თუ არა ეროვნული კატასტროფის მომასწავებელი ის, რომ მიწაზე ფასი მკვეთრად და არაბუნებრივად ეცემა? ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში დამუშავებული მიწის ფასი ერთობ დაბალია. ამას ვერ ავხსნით მარტო იმით, რომ ბაზარზე უდაბური მიწები გამოგვაქვს. ნამდვილი მიზეზი სწორედ იმ უნდობლობაში უნდა ვეძიოთ, რომელმაც მოსახლეობის ყველა ფენას ხელი დარია. სწორედ ნდობის არქონაა ის, რასაც ნებისმიერი საკუთრების გაუფასურება ძალუძს. განა საბანკო კრედიტი წარმოების მეგობარი და მფარველი არ არის? სესხებისა და ვალად აღების მაჩვენებელი კი ჩვენში თითქმის ნულამდეა დასული. და ესეც, არა ფულადი სახსრების სიმწირისა, არამედ იმის გამოისობით, რომ ხალხში ნდობა აღარ არის. წვრილმანების გამოდევნება ვერც სიამოვნებას მოგგვრის და ვერც ცოდნას შეგვმატებს. ზოგადად კი მაინც უპრიანია ვიკითხოთ: განა კიდევ არსებობს ეროვნული უბედურების, სიდუხჭირისა და დაკნინების რაიმე ნიშანი, რაც საზოგადო ბედუკუღმართობათა იმ პირქუშ ჩამონათვალში არ შედის, ჩვენს ბუნებითკურთხეულ ქვეყანას რომ თავს დატყდომია? მართლაც რომ ერთობ გულსაკლავ მდგომარეობაში ჩავცვენილვართ. აქამდე კი სწორედ იმგვარმა პრინციპებმა და რჩევებმა მიგვიყვანეს, ახლა რომ ახალ კონსტიტუციაზე ხელის აღებას გვიკიჟინებენ. ისინი მანამ არ მოგვცემენ საშველს, ვიდრე ხრამის პირას არ მიგვიმწყვდევენ და იმ უფსკრულში არ დაგვნთქავენ, ჩვენს ჩასაყლაპად რომ დაუღია ხახა. თანამემამულენო, მოვიცეთ ძალა და იმ სიჩაუქით აღვიჭურვოთ, რაც განათლებულ ხალხს შეჰფერის. მოდით, მტკიცედ დავდგეთ ჩვენი უსაფრთხოების, სიმშვიდის, ღირსებისა თუ სახელის სადარაჯოზე. დაე, მოვიცილოთ ის ჯადო, ხელ – ფეხს რომ გვიკრავს და საკუთარი ბედნიერებისა თუ კეთილდღეობისკენ გასაქანს არ გვაძლევს. ადრეც გვითქვამს და ახლაც ვადასტურებთ, რომ ჭეშმარიტად უტყუარმა ფაქტებმა განაპირობეს საყოველთაო თანხმობა: მართვის ეროვნულ სისტემას ჩვენში არსობრივი ნაკლოვანებანი უთხრიან ძირსო. მაგრამ საქმე ის არის, რომ თანხმობა თახმობად რჩება. ფედერალურ ღონისძიებათა ძველი მოწინააღმდეგენი, მართალია, დათმობაზე წავიდნენ, მაგრამ ისინი გაწიწმატებით ეწინააღმდეგებიან ერთადერთ საშველ - სახიდებელს, რასაც ჩვენთვის წარმატების მოტანა ძალუძს. ისინი, მართალია, აღიარებენ შეერთებული შტატების მთავრობა ძალადაშრეტილიაო, მაგრამ იმავდროულად, უარს აცხადებენ მისთვის აუცილებელ უფლებამოსილებათა გადაცემაზე. არადა, ფედერალური მთავრობის ენერგიის წყარო სწორედაც რომ ამგვარ უფლებამოსილებათა გადაცემაა. ისინი ამაოდ ლამობენ შეუთავსებელ რამეთა შეთავსებას. არაფრით გამოვა, ისე გაუზარდო ფედერალურ ხელისუფლებას უფლებამოსილებანი, რომ შტატების დამოუკიდებლობა არ შეიზღუდოს. უაზრობაა, ფედერალური მთავრობის სუვერენობას ესწრაფვოდე, იმავდროულად კი ცალკეული შტატის სრული დამოუკიდებლობა გეწადოს. ეს ხალხი ისევ და ისევ ბრმად ეთაყვანება იმ პოლიტიკურ ურჩხულს, imperium in imperio სახელით რომაა ცნობილი. აქედან ჩანს, თუ რაოდენ საშურია კონფედერაციის ნაკლოვანებათა გასიგრძეგანება, რათა ერთ არსებით რამეს გავუსწოროთ თვალი: ჩვენს თავს მოსულ სიავეს წუთიერი თუ წარმავალი წუნი როდი ასაზრდოებს. საქმე სწორედაც რომ ფუნდამენტურ შეცდომას ეხება. იგი შენობის დაგეგმარებისას იქნა დაშვებული, და ამდენად, მისი გასწორება შეუძლებელია სხვაგვრად თუ არა, ისე, რომ მთელი ნაგებობის საძირკველი და საყრდენი შეიცვალოს. მთავარი ბოროტება, რაც არსებული კონფედერაციის შენობის საფუძველში ბუდობს, ის საკანონმდებლო ხელისუფლებაა, რომელსაც კავშირი შტატებისა თუ მთავრობების მიმართ ახორციელებს. საქმე ის არის, რომ ამგვარი კანონმდებლობა მათ კრებით თუ კორპორაციულ პირებად განიხილავს და მათივე შემადგენელი ინდივიდებისგანG განასხვავებს. მართალია, ამ პრინციპით არ ამოიწურება კავშირისთვის გადაცემული უფლებამოსილებანი, მაგრამ სწორედ მასზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ეფექტურად იმუშავებენ დანარჩენები. საკავშირო ხელისუფლებას უფლება აქვს, შტატებს თანაბრად გადაუნაწილოს საგადასახადო ტვირთი. იგი, ასევე, აღჭურვილია უფლებამოსილებით, თავისი ნება - სურვილისამებრ გამოითხოვოს როგორც ხალხი, ისე – ფულადი სახსრები. მაგრამ, შეერთებული შტატების ხელისუფლების ამგვარი უფლებამოსილება არ ვრცელდება ამერიკის ინდივიდუალურ მოქალაქეებზე. ამის შედეგი კი ის არის, რომ მის გადაწყვეტილებებს, თეორიულ დონეზე, მართალია, სავალდებულო კანონის ძალა აქვს კავშირის წევრთათვის, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი მხოლოდ რეკომენდაციებია; მათი შესრულება კი მთლიანად ამა – თუ იმ შტატის არჩევანზეა დამოკიდებული. სხვა რა არის ეს, თუ არა ადამიანური ჭირვეულობის კიდევ ერთი მაგალითი? სწორედაც რომ საკვირველია, მას შემდეგ, რაც საკუთარი გამოცდილებით ვიწვნიეთ, კვლავაც ვაწყდებით ადამიანებს, ახალ კონსტიტუციას რომ ეწინააღმდეგებიან და უარს არ ამბობენ იმ პრინციპზე, რომელიც წარსულისგან წყევლად გვერგო. პრინციპზე, რომელიც, როგორც ჩანს, შეუთავსებელია მართვის იდეასთან. საქმე ხომ იმ პრინციპს ეხება, რომელსაც თუკი საერთოდ უწერია განხორციელება, მხოლოდ იმ პირობებში, როს სამოქალაქო ხელისუფლების მსუბუქ ზეწოლას ცეცხლისა და მახვილის სისხლიანი ძალმომმრეობა შეცვლის. როცა დამოუკიდებელი სახელმწიფოები ერთმანეთთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ლიგასა თუ ალიანსს აყალიბებენ, ამაში მიუღებელი და განუხორციელებელი არაფერია. მით უფრო, როცა ზუსტად არის გაწერილი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების როგორც დრო და ადგილი, ისე რიცხვი და გარემოებანი; როცა ალალ – ბედზე არაფერია მიგდებული და ყველაფერი მხარეთა კეთილსინდისიერებაზე ჰკიდია. ამ ტიპის ხელშეკრულებით ბევრი ცივილიზებული ქვეყანაა ერთმანეთთან დაკავშირებული, თავს რომ ომისა და მშვიდობის ყველა ბედუკუღმართობა ატყდებათ. მაგრამ ამგვარი ხელშეკრულებანი წამდაუწუმ ირღვევა. და ამის მიზეზი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ მათი მონაწილენი საკუთარი ვნებებისა და ინტერესების კარნახით მოქმედებენ. ამ საუკუნის დასაწისში ევროპული სახელმწიფოები გაშმაგებით ცდილობდნენ ერთმანეთთან სწორედ ასეთი ხელშეკრულებანი დაედოთ. იმდროინდელ პოლიტიკოსებს ეიმედებოდათ, რომ ისინი სარგებელს მოიტანდნენ. თუმც კი ამ იმედებს ასრულება არ ეწერათ. სამი და ოთხკეცი ალიანსები ყალიბდებოდა, მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები მათ ხელთ არსებულ რესურსებს არ იშურებდნენ იმ იმედით, რომ ქვეყნიერების ამ ნაწილში ბოლოს და ბოლოს ძალთა თანაფარდობა და მშვიდობა დაისადგურებდა, მაგრამ ამგვარი ალიანსები აღმოცე-ნებისთანავე ირღვეოდნენ. კაცობრიობას კი არაფერი რჩებოდა, გარდა ჭკუისსასწავლი, თუმც კი გულსაკლავი გაკვეთილისა, რომ ხეირს არავის დააყრის ისეთი ხელშეკრულებანი, რომლებიც, მხარეთა კეთილსინდისი-ერების გარდა, არაფერს ემყარება. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უშუალო სარგებლითა თუ ვნებით ნასაზრდოებ ზრახვებთან ვერაფერს გააწყობს მშვიდობისა თუ სამართლიანობის იდეალები. ზემოჩამოთვლილ უბედურებათაგან ყველა თავს დაგვატყდება, თუ ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი შტატი სახიფათო გადაწყვეტილებას მიიღებს და ერთმანეთთან მსგავს ურთიერთობას დაამყარებს, თუ ისინი უარს იტყვიან იმ პროექტზე, რომელიც ისეთი საერთო უმაღლესი ხელისუფლების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, საკუთარი ნება – სურვილის მიხედვით რომ მოქმედებს. თუმც არავინ უარყოფს, რომ ზემოხსენებულ ავისმომტან ურთიერთობას წინ შეიძლება არაფერი ეღობებოდეს და თანამიმდევრულიც კი იყოს. რაც შეეხება კონფედერაციულ მთავრობაზე უარის თქმას, იგი ისეთი მარტივი ალიანსის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს, რომელიც მხოლოდ თავდაცვისა და საერთო მტრის წინააღმდეგ გალა-შქრების მიზნებზე იქნება გათვლილი. ამგვარი კავშირები ხან ერთმა-ნეთთან დაგვამეგობრებს, ხანაც ერთმანეთს დანასისხლად წაგვკიდებს; ერთმანეთის მიმართ მეშურნეობის მსხვერპლად ვიქცევით და არც უცხო სახელმწიფოები დააკლებენ ხელს ისეთი ხლართების გაბმას, მიზნად რომ ჩვენ შორის გაუტანლობის გაღვივებას ისახავენ. თუ არ გვინდა თავი ამგვარ დამღუპველ მდგომარეობაში ამოვყოთ; თუ კვლავაც ერთგულებით ვართ გამსჭვალულნი იმ იდეისადმი, რომელიც ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს; თუ კვლ-ავაც სული ისეთი უმაღლესი ხელისუფლებისთვის გველევა, რომელსაც საერთო საბჭო ხელმძღვანელობს; მაშინ უნდა გავბედოთ და ჩვენს გეგ-მებში ისეთი ელემენტებიც შევიტანოთ, რანიც საერთო აღიარებით ძირეულად განასხვავებენ ერთმანეთისგან ლიგასა და მთავრობას. აუცილე-ბელია, რომ საკავშირო ხელისუფლება პიროვნულად ვრცელდებოდეს ცალკეულ მოქალაქეზე. ხელისუფლების ნამდვილი ობიექტები ხომ ადამიანები არიან! მმართველობა საკანონმდებლო საქმიანობასაც გულისხმობს. კანონს კი აუცილებლია, თან სანქცია ახლდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმას თუ სასჯელს უნდა ითვალისწინებდეს. თუკი დაუმორჩილებლობა არ დაისჯება, მაშინ ყველა ის გადაწყვეტილება თუ ბრძანება, რომლებსაც კანონად ყოფნაზე აქვთ პრეტენზია სხვა არა იქნება რა, თუ არა ცარიელი რჩევა თუ რეკომენდაცია. სასჯელის დადება, რა სახისაც უნდა იყოს ის, მხოლოდ ორი გზითაა შესაძლებელი; ერთია, როცა იგი სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს გამოაქვთ, ხოლო სხვაა, როცა მას სამხედრო უწყება ახორციელებს. ე.ი. ლაპარაკია ორი სახის იძულებაზე: ერთია სამოქალაქო იძულება, ხოლო სხვაა იძულება, რომელიც იარაღის ძალით ხორციელდება. ერთი ყაიდის იძულებას ადამიანთა მიმართ იყენებენ, მეორე კი – პოლიტიკური გაერთიანებების, თემებისა თუ სახელმწიფოთა წინააღმდეგ გამოიყენება. ბუნებრივია, რომ არ არსებობს ისეთი სასამართლო პროცედურა, რომელიც ბოლომდე უზრუნველყოფდეს კანონის დაცვას. მართალია, სასამართლოს გამოქვს განაჩენი იმათ მიმართ, ვინც არ ასრულებს თავის მოვალეობას, თუმცა მისი აღსრულება ხმლით ხორციელდება. ისეთ გაერთიანებებში კი, სადაც გენერალურ უფლებამოსილებას მთლიანად მისი შემადგენელი სათემო ორგანოები ახორციელებენ, კანონის ნებისმიერი დარღვევა ომის მიზეზად იქცევა; ამიტომაც სამოქალაქო კანონმორჩილების ერთადერთი ინსტრუმენტი სამხედრო – სადამსჯელო ღონისძიებაა. ასეთი რამ, ბუნებრივია, არ იმსახურებს იმას, რომ მმართველობად იწოდებოდეს, ძნელად რომ კეთილგონიერმა ადამიანმა თავისი ბედი მას მიანდოს. იყო დრო, როცა გვარწმუნებდნენ, შტატები ფედერალური ხელისუფლების ბრძანებებს არ დაარღვევენო; კონფედერაციის წევრები თავიანთ ქმედებებში საერთო ინტერესებით იხელმძღვენელებენო; ყველა ფედერალურ გადაწყვეტილებას განუხრელად დაიცავენო. რა უცნაურად ჟღერენ ამჟამად ეს სიტყვები! ასევე უცნაური იქნება ყველა ის სიტყვა, რომელიც კი ჩვენს ყურთასმენას იმავე კუნჭულებიდან მოსწვდება, სადაც ზემოხსენებული სიტყვები ჩასახულან. მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც კვლავაც მრავლად ვიწვნევთ გამოცდილების გაკვეთილებს. გამოცდილებისა, რაიც სიბრძნის საუკეთესო ორაკულია. გარდასულ დროებში სწორედ ის ხდიდა საცნაურს, რომ ადამიანი ინუნშიც კი არ არის იმის თაობაზე, თუ რაა მისი ქმედების მამოძრავებელი ძალა; თუ რა უბიძგებს მას სამოქალაქო ხელისუფლების ჩამოყალიბებისკენ. და მართლაც, რად დასჭირდა ადამიანს ხელისუფლება? იგი საჭირო გახდა იმიტომ, რომ ადამიანი ყოველთვის გონებისა და სამართლიანობის კარნახით როდი მოქმედებს, არამედ უპირატესად ვნებათა ტყვეობაში ექცევა. ამიტომაც, ვნებათა მოთოკვაა აუცილებელი. განა დასაბუთებულია ის, რომ ადამიანთა პოლიტიკური გაერთიანებანი ცალკეულ ადამიანზე უფრო სამართლიანად თუ მიუმხრობლად მოქმედებენ? კაცობრიობის საქციელს ვინც ყურადღებით დაჰკვირვებია, ყველა საპირისპიროს ამტკიცებს; თითოეული ამგვარი მტკიცება კი სრულიად გასაგები მიზეზებით აიხსნება. სახელზე ზრუნვის მოტივი არც კი არის მხედველობაში მისაღები, მაშინ, როცა ჩადენილი საქციელით გამოწვეული შერცხვენა მარტო ერთ ადამიანს როდი ატყდება თავს, არამედ იგი ყველაზე ნაწილდება. ჯგუფურობის ის სული, რომელიც გაერთიანების წევრთა ფიქრებში თავის სამსალას ურევს, თითოეულ მათგანს უკადრისი საქციელისა და ექსცესისკენ უბიძგებს. ცალ – ცალკე რომ ასეთი რამ ჩაედინათ, ისინი სირცხვილით დაიწვებოდნენ. საქმე კიდევ ის არის, რომ სუვერენული ხელისუფლება კონტროლს ვერ ითმენს. ამიტომ ხალხი, რომელიც ამგვარ ხელისუფლებას ახორციელებს, მტრულად უყურებს გარედან მისი წარმართვისა თუ შეზღუდვის ყოვე-ლგვარ მცდელობას. იმავე სულისკვეთების წყალობით ისე ხდება ხოლმე, რომ ყოველ პოლიტიკურ გაერთიანებაში უფრო ნაკლები დამოკიდებულობის მქონე რამდენიმე წარმონაქმნის საერთო ინტერესს რომ ეფუძნება, ამგვარ წარმონაქმნებს ცენტრიდანული მოძრაობა ითრევს. საბოლოო ჯამში, ამგვარი ძალისხმევის შედეგად ისინი საერთო ცენტრს წყდებიან. ძნელი არ არის ამ მისწრაფების ახსნა. მისი მიზეზი ძალაუფლების სიყვარულში უნდა ვეძიოთ. კონტროლირებადი თუ შეზღუდული ძალაუფლება თითქმის ყოველთვის ეტოქება და ემტერება იმ ძალაუფლებას, რომელიც მას აკონტროლებს ან ზღუდავს. ეს უბრალო ვითარება გვასწავლის, თუ რარიგ მცირედი იმედი უნდა მოვიცეთ იმისა, რომ ადამიანები, რომელთათვისაც ამა თუ იმ შტატის საქმეთა გამგებლობა მიუნდვიათ, მუდამ მზად იქნებიან, რათა მათ განუხრელად იღვაწონ საერთო კეთილდღეობისთვის და უსიტყვოდ შეასრულონ ფედერალური ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება თუ დეკრეტი. ამრიგად, თუ კონფედერაციის ღონისძიებებს ადგილობრივი ადმინისტრაციები ვერ ახორციელებენ, მაშინ ფუჭია იმედი იმისა, რომ ვინმემ ისინი ოდესმე განახორციელოს. კონფედერაციის წევრთა მმართველები იმის განსჯას მოჰყვებიან, თუ რამდენად მართებულია ფედერალური ღონისძიებანი და არას დაგიდევენ, აქვთ თუ არა მათ ამის უფლება. ამგვარი განსჯისას კი ისინი თავიანთი კერძო ინტერესებითა თუ მიზნებით იხელმძღვანელებენ და შემოთავაზებული ღონისძიებები მიიღონ თუ არ მიიღონ, იმისდამიხედვით აწონ-დაწონიან, იმ კონკრეტულ მომენტში ეს მათთვის ხელსაყრელია თუ არახელსაყრელი. ამგვარ პირობებში მიუმხრობლობის ადგილს დაინტერესებულობა თუ საეჭვო სკურუპულოზურობა იჭერს; ჩვეულებრივ ამბად იქცევა ნაციონალური მასშტაბის გარემოებათა გაუთვალისწინებლობა; ამის გამო შეუძლებელი ხდება მოვლენების სწორად განსჯა; გამორჩეული ინტერესით მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს ეკიდებიან; ეს კი შეუძლებელია, ხელს არასწორი გადაწყვეტილების მიღებას არ უწყობდეს. იგივე მდგომარეობა შეიქმნება კონფედერაციის სხვა წევრ – სახელმწიფოებშიც. ამიტომ იმ გეგმათა განხორციელება, რომლებიც სახალხო კრებამ შეიმუშავა, ყოველთვის გაუთვითცნობიერებელი და ცრურწმენებით შეპყრობილი ხალხის ნება – სურვილზე იქნება მიგდებული. ცნობილია, თუ რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული ამგვარი კრების მუშაობა; თუ როგორ უძნელდება მას ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე გაწონასწორებული გადაწყვეტილების მიღება, თუკი ამის გარეგანი იძულება არ ადგას. ალბათ, არც იმის წარმოდგენა იქნება შეუძლებელი, რომ არ არსებობს სტიმული, რომელიც ერთმანეთისგან სოლიდურად დაშორებულ რამდენიმე სახალხო კრებას, სხვადასხვა დროს რომ იკრიბება და სხვადსხვაგვარ ზეწოლას განიცდის, საერთო მიზნისთვის გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ უბიძგებდა. ჩვენს შემთხვევაში საქმე ეხება იმას, რომ საკავშირო ხელისუფლებიდან წამოსულ ღონისძიებათა ცხოვრებაში გასატარებლად საჭიროა, ცამეტმა დამოუკიდებელმა შტატმა გამოხატოს საერთო ნება. მაგრამ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. საკავშირო ხელისუფლების გადაწყვეტილებანი არ სრულდება. ცალკეული შტატის დანაშაულებრივმა ქმედებებმა ქვეყანა იმ ზომამდე მიიყვანა, რომ საერთო-ეროვნული მმართველობის ყველა რგოლი გაჩერდა. ყველაფერი საშინელმა დამყაყებამ მოიცვა. კონგრესს აღარ ძალუძს მართვის სადავეები მანამ მაინც შეინარჩუნოს, სანამ შტატები იმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევენ, რომ ფედერალური ხელისუფლების არსებული აჩრდილი დაუყოვნებილივ უნდა შეიცვალოს. მაგრამ ეს უიმედო მდგომარეობა ერთბაშად არ დამდგარა. თავდაპირველად, ხსენებულ მიზეზთა წყალობით, საკავშირო ხელისუფლების გადაწყვეტილებანი უთანასწოროდ და არაპროპორციულად ხორციელდებოდა. ცალკეული შტატების ურჩობა დანარჩენებმა, მორჩილებით რომ გამოირჩეოდნენ, საბაბად გამოიყენეს, რომ ცდუნებას აჰყოლოდნენ. რად უნდა ვაკეთებდეთ იმათზე მეტს, ვისთან ერთადაც ეს პოლიტიკური ყარიბობა წამოგვიწყია? რად უნდა ვიღებდეთ სხვებზე მეტს საკუთარ თავზე? აი, მოსაზრებანი, რომელთა წინაშე უძლურია ადამიანური თავმოყვარეობა. უფრო მეტი, მათთან გამკლავება ყველაზე წინდახედულ ადამიანებსაც კი გაუჭირდებოდათ, შესაძლო შედეგებს რომ წინასწარ ჭვრეტენ. ისე რომ, ყოველი შტატი მხოლოდ კერძო ინტერესებისა თუ სარგებელთა კარნახით რომ მოქმედებდა, გეგმაზომიერად აცლიდა საყრდენს საერთო შენობას. ეს უკანასკნელი კი ისედაც იმ ზომამდე იყო მოყანყალებული, რომ ჩამოქცევასა და ნანგრევებში დანთქმას გვიქადდა. პუბლიუსი ფედერალისტი # 16 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი # 16 : ჰამილტონი 1787წ. 4 დეკემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს ჩვენი კონფედერაციის მაგალითზე ნათლად ჩანს ის, თუ რა სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს იმ პრინციპის გამოდევნებამ, შტატებისა თუ სხვა თემებისთვის საკანონმდებლო უფლებამოსილებათა მინიჭება რომ აქვს მიზნად. მისი მიხედვით ხომ ისინი კრებით პოლიტიკურ პირებად განიხილებიან. ამასვე ადასტურებენ ის ავბედითი მოვლენები, რანიც კონფედერაციული ყაიდის სხვა ხელისუფლებებმა თავს დაიტეხეს. კატასტროფათა მასშტაბი კი იმ ზეგავლენის პირდაპირპროპორციულია, ამგვარ სისტემებზე ზემოხსენებული პრინციპი რომ ახდენს. უპრიანი იქნებოდა, ეს მოვლენა ცალკე გვეკვლია. მე კი იძულებული ვარ მხოლოდ იმის აღნიშვნით დავკმაყოფილდე, რომ ძველი მსოფლიოს კონფდერაციებს შორის, რომელთა შესახებ ცნობები ისტორიამ შემოგვინახა, როგორც ჩანს, ლიკიური და აქაველთა ლიგები ყველაზე ნაკლებად იყვნენ შებორკილნი ამ მცდარი პრინციპის ზემოქმედებით. ამიტომაც დაიმსახურეს მათ ძველი მწერლების მოწონება. საქმე ეხება იმ გამორჩეულ პრინციპს, რომელიც ასევე სამართლიანად ითვლება ანარქიის მშობლად. კავშირის წევრთა ურჩობა ხომ მისი ბუნებრივი და უცილობელი ნაყოფია. ხოლო როგორც კი ის იჩენს თავს, მისი ჩახშობის კონსტიტუციური საშუალება მხოლოდ ძალაა. ძალის გამოყენებას კი სამოქალაქო ომი მოსდევს შედეგად. გასარკვევი ისღა დაგვრჩა, მართვის ეს მექანიზმი, რომლის გამოყენება ჩვენთვის დამღუპველ შედეგთა მომტანია, საერთოდ ოდესმე ამართლებს თუ არა თავის მოწოდებას. თუ ნაციონალურ მთავრობას რეგულარული ჯარი არ ეყოლება, იგი ძალას საერთოდ ვერ გამოიყენებს. თუ მის განკარგულებაში იქნება შეიარაღებული ძალები, მაშინ თავიდან ვერ ავიცილებთ სამოქალაქო ომს. ყველაზე მოსალოდნელი კი ის არის, რომ ამ ომში შტატების ყველაზე ძლიერმა დაჯგუფებამ გაიმარჯვოს, სულერთია, იგი ნაციონალურ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს, თუ მის წინააღმდეგ გამოვა. ალბათ იშვიათად მოხდება ის, რომ დაუმორჩილებლობა ერთმა შტატმა გამოაცხადოს. და რაკი ერთი ან მეტი სხვა ურჩი შტატიც მოიძებნება, ერთ ბედქვეშ მყოფნი, ბუნებრივია, პირს შეკრავენ და თავდაცვის მიზნით კიდეც გაერთიანდებიან. სიმპათიის გამომწვევი სხვა მიზეზიც არსებობს. თუ ურჩი შტატი იმავდროულად დიდად გავლენიანიც არის, იგი ადვილად მოიხვეჭს სხვების ნდობას და თანამზრახველებადაც ადვილადვე გაიხდის მათ. დაუმორჩილებლობის საპატიო მიზეზის გამოგონებას ხომ არაფერი უნდა: საერთო თავისუფლებას საფრთხე ემუქრებაო. განგაშის ზარების დარისხება ხომ სხვა შტატებშიც ვნებათა ცეცხლს აღაგზნებს და ისეთ შტატებსაც კი მოედება, სამოკავშირეო მოვალეობათათვის თავის არიდება აზრადაც რომ არასოდეს მოსვლიათ. ყველაზე უფრო სავარაუდო ის არის, რომ ამგვარი რამ მაშინ მოხდეს, როს შეძლებულ შტატთა მმართველებს პირადი განდიდების მანია შეიპყრობთ და გარეგანი კონტროლისგან სრულ თავისდაღწევას მოიწადინებენ; ამ მიზნის უკეთ განსახორციელებლად კი წინდაწინ მოისყიდიან მეზობელი შტატების ლიდერებს. თუკი ამფსონებს სახლში ვერ მოიძევენ, ქვეყნის გარეთ დაუწყებენ ძიებას. იმ ხალხს კი რა გამოლევს, ჩვენი კონფედერაციის დაშლისთვის სული რომ ელევა. ჩვენი მტკიცე კავშირი ხომ მათთვის თავზარდამცემი იქნება. ხმალი თუ ერთხელ იშიშვლე, ქარქაშში მისი ჩაგება ერთობ გაჭირდება, რაკი ადამიანური ვნებები ზომიერებას არად დაგიდევენ. ხელყოფილი ღირსება თუ წაქეზებული გულისწყრომა შეურაცხყოფის გამო სამაგიეროს მიზღვისთვის შეაგულიანებს შტატებს, რომელთა წინააღმდეგაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ ძალა იხმარა. დაუმორჩილებელი შტატები კი ყველაფერზე წავლენ და დამაკნინებელ მდგომარეობას არაფრით შეეგუებიან. პირველივე ასეთი ომი კი ბოლოს მოუღებს ჩვენს კავშირს. ასეთი იქნება ჩვენი კონფედერაციის ძალისმიერი აღსასრული. შედარებით ბუნებრივი სიკვდილით კი, როგორც ჩანს, იგი მალევე მიიცვლება, თუკი დაუყოვნებლივ ძირეულად არ შევცვლით მმართველობის ფედერალურ სისტემას. ჩვენი ხალხის სულისკვეთებიდან გამომდინარე, არ არის მოსალოდნელი, რომ მორჩილმა შტატმა დაუმორჩილებელის წინააღმდეგ ხმალი საკავშირო ხელისუფლების დაცვის მიზნით იშიშვლოს. ისინი, ალბათ, უფრო იოლ არჩევანს გააკეთებენ, მათს მაგალითს მიბაძავენ და მხარს სწორედაც რომ ურჩ შტატებს მისცემენ. ისე რომ, ყველას დანაშაული ყველას უსაფრთხოებად იქცევა. ჩვენმა ბოლოდროინდელმა გამოცდილებამ გაამჟღავნა ზემოხსენებული სულისკვეთება. მაგრამ საქმე ის არის, რომ გადაულახავი დაბრკოლება იმის განსაზღვრაა, თუ როდისაა მართებული ძალის გამოყენება. ყველაზე ხშირად შტატებს ურჩობისკენ ფულადი შესატანების ვალდებულება უბიძგებს. მაგრამ ძნელია იმის დადგენა, მისგან თავის არიდების გადაწყვეტილება საამისო სურვილის არქონითაა გამოწვეული, თუ გადახდისუუნარობით. ჩვეულებრივ ამ უკანასკნელს იმიზეზებენ ხოლმე. იძულების მკაცრი ზომის გასამართლებლად კი შტატის მიერ ჩადენილი დანაშაული შეუწყნარებელი უნდა იყოს. ამგვარი პრობლემა ისე ხშირად წამოიჭრება, რომ ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს: ის ჯგუფი, რომელიც ეროვნულ საბჭოში უმრავლესობაში იქნება, გასაქანს თავის პარტიულსა და მიკერძოებულ შეხედულებებს მისცემს, რაც სხვა ჯგუფების შევიწროებას გამოიწვევს. ძნელი, ალბათ, არც იმის დასაბუთებაა, რომ შტატებმა, უპრიანი იქნება, უპირატესობა არ მიანიჭონ ისეთ საერთო - ეროვნულ კონსტიტუციას, რომლის ქმედითუნარიანობის უზრუნველსაყოფად მრავალრიცხოვანი არმიის ყოლა იქნებოდა აუცილებელი, მუდმივ სამხედრო ლაშქრობებს რომ მოაწყობდა მთავრობის თითოეული რიგითი გდაწყვეტილებისა თუ დეკრეტის ცხოვრებაში გასატარებლად. სწორედ ასეთ ალტერნატივას გვთავაზობს ის ხალხი, რომელსაც არა სწადია ცენტრალური მთავრობის დადგენილებანი ცალკე ინდივიდებზე ვრცელდებოდეს. ამგვარი გეგმა, თუკი მას საერთოდ უწერია განხორციელება, უმალვე სამხედრო დესპოტიზმად გადაგვარდება. მაგრამ, როგორც ვნახავთ, ამგვარი ჩანაფიქრის შესრულება შეუძლებელია. კავშირის რესურსები ვერ გასწვდება საკმარისად ძლიერი არმიის შენახვას, რომელიც დიდ შტატს მოვალეობის შესრულებას აიძულებდა. უფრო მეტი, ამგვარი ჯარის შექმნის დასაწყებადაც კი არანაირი სახსარი არ მოიძევება. ვისაც იმის წარმოდგენა ძალუძს, თუ რარიგ მრავალრიცხოვანი გახდება შტატების მოსახლეობა და რარიგ გაძლიერდება თითოეული მათგანი თუნდაც ორმოცდაათი წლის შემდეგ, მისთვის იმთავითვე ცხადია, თუ რაოდენ ფუჭი და წარმოსახვითია ყოველი ისეთი გეგმა, მათი ქმედებების რეგულირებას რომ ზემოხსენებული ყაიდის კანონებით შეეცდება. საქმე ეხება ისეთ კანონებს, რომელთა შესრულება მათ როგორც კრებით პირებს, დაეკისრებათ და იძულებაც მათ როგორც კრებითი პირების, მიმართ განხორციელდება. ამგვარი გეგმა არაფრით არის უფრო ნაკლებ რომანტიული, ვიდრე ის ანტიკური გადმოცემებია, საარაკო გმირებსა და ნახევრად ღმერთებს, ურჩხულის მომთვინიერებელ ძალას რომ მიაწერდა. იმ პრინციპის ქმედითობა, რომელიც დამოუკიდებელი შტატებისთვის საკანონმდებლო უფლებამოსილებათა გადაცემას და მათი სამხედრო იძულების წესით განხორციელებას ითვალისწინებს, მცირე კონფედერაციებშიც კი არ დასტურდება. საქმე ისეთ კონფედერაციებს ეხება, რომლის წევრებიც მოცულობით ჩვენს საგრაფოებსაც კი ჩამოუვარდება. ასეთ კონფედერაციებში სამხედრო იძულებას იშვიათად იყენებდნენ და ისიც, უპირატესად, მისი ყველაზე სუსტი წევრების მიმართ. ძალზე ხშირად გაკერპებული თუ გაჯიუტებული შტატების მიმართ ძალის გამოყენება სისხლიანი სამოქალაქო ომის გაჩაღებას მოასწავებდა. ბევრჯერ მომხდარა, რომ კონფედერაციის ერთ ნაწილს თავისი საბრძოლო დროშები მისი მეორე ნაწილის წინააღმდეგ აეფრიალებინა. განათლებული ადამიანი ამგვარი დაკვირვებებიდან ერთ დასკვნას გააკეთებს: თუკი საერთოდ შესაძლებელია ფედერალური მმართველობის მოწყობა, რომელიც ჩვენს საერთო საზრუნავსა და საყოველთაო სიმშვიდეზე იზრუნებდა, მაშინ მისდამი რწმუნებული საქმეების განმგებლობაში იგი სრულიად სხვა პრინციპს უნდა ემყარებოდეს და არა იმას, რომელსაც განსახილველად შემოთავაზებული კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი იცავენ. მისი საქმიანობა უშუალოდ უნდა ვრცელდებოდეს ცალკეულ მოქალაქეზე. ისე რომ, ფედერალურ მმართველობასა და მოქალაქეებს შორის არ უნდა არსებობდეს მოსაშუალე საკანონმდებლო ორგანო. მას უნდა ჰქონდეს სათანადო უფლებამოსილება, რომ საკუთარი გადაწყვეტილებანი ჩვეულებრივი მაგისტრატურის მეშვეობით განახორციელოს. საერთო – ეროვნული ხელისუფლების უპირატესობას სასამართლოები უნდა უზრუნველყოფდნენ. საკავშირო ხელისუფლება, მსგავსად შტატის მთავრობისა, უშუალოდ უნდა პასუხობდეს ცალკეული ინდივიდის სასოებასა და შიშს; უნდა შეეძლოს ისეთ ვნებათა გადმობირება, ადამიანთა გულებზე რომ ბატონობენ. ერთი სიტყვით, მისი უფლებამოსილების ფარგლებში იგი უნდა იყენებდეს ყველა იმ მეთოდს, საშუალებასა და უფლებას, რომლებსაც ცალკეული შტატის ხელისუფლება თავისი უფლებამოსილების გასახორციელებლად მიმართავს. ამაზე შეიძლება შემოგვეპასუხონ და გვითხრან: თუ რომელიმე შტატი საკავშირო ხელისუფლებით განაწყენდება, იგი საკავშირო კანონებს ობსტრუქციას მოუწყობს; ეს კი იმავე ძალის გამოყენებამდე მიგვიყვანს, რის გამოც ჩვენს ოპონენტებს ვსაყვედურობთო. მაგრამ ამგვარი შეპასუხების უსაფუძვლობაში უმალ დავრწმუნდებით _ როგორც კი ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას მივაპყრობთ ყურადღებას; ერთია დაუმორჩილებლობა და სრულიად სხვაა პირდაპირი და აქტიური წინააღმდეგობა. თუკი შტატის საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა აუცილებელია საკავშირო ღონისძიებათა გასახორციელებლად, მაშინ ამგვარ ღონისძიებათა ჩასაგდებად საკმარისი მათი უმოქმედობა ანდა ირიბი მოქმედება იქნება. მოვალეობისთვის ამგვარი თავის არიდება, შეიძლება, შენიღბული იყოს და ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი, სინამდვილეში კი არადმისაჩნევი გამაფრთხილებელი ზომების სახით იყოს წარმოდგენილი: აქაოდა ხალხის შეშფოთება არ გვინდა კონსტიტუციის უსაფრთხოების შესახებ ხმამაღლა ლაპარაკითო. შტატის ხელმძღვანელები კონსტიტუციის ფარულ ხელყოფას ღირსებადაც კი მიიწერენ: მოცემულ მომენტში საერთო საქმისთვის ეს უფრო სასარგებლოა, გამონაკლისი დავუშვით, შანსი ხელიდან არ გავუშვითო. მაგრამ თუ არ იქნება აუცილებელი ის, რომ საერთო – ეროვნული მთავრობის კანონები შტატის საკანონმდებლო ორგანოთა მეშვეობით ხორციელდებოდეს, მაშინ ისინი უშუალოდ გავრცელდებიან ცალკეულ მოქალაქეებზე; ადგილობრივი ხელისუფლება, აშკარა დაპირისპირებისა და არაკონსტიტუციური ძალის გამოუყენებლად ვეღარ შეაჩერებს მათ მოქმედებას. მოვალეობის დავიწყება, ანდა ირიბი მოქმედება სრულიად უსარგებლო აღმოჩნდება. შტატები იძულებულნი იქნებიან, იმოქმედონ. მათი ქმედებიდან კი ყველა თვალნათლივ დაინახავს, თუ როგორ ხელყოფენ ისინი საერთო – ეროვნულ უფლებებს. ამგვარი ექსპერიმენტის ჩატარება ყოველთვის სახიფათო იქნება. მით უფრო, თუკი საქმე ისეთ კონსტიტუციასთან გვაქვს, რომელსაც თავისი თავის დაცვა ხელეწიფება, ხალხი კი საკმაოდ განათლებულია საიმისოდ, რომ კანონიერება ხელისუფლების უკანონო უზურპაციისგან განასხვაოს. ამგვარი უზურპაციის წარმატებით გასახორციელებლად არ არის საკმარისი ის, რომ უზურპაციის მსურველი შტატის საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციულ უპირატესობას ფლობდეს; აუცილებელია, მას სასამართლოებიცა და ხალხის მასებიც მხარს უჭერდეს. თუ მოსამართლენი საიდუმლოდ არ გაურიგდებიან კანონმდებლებს, მაშინ ისინი ამგვარი უმრავლესობის გადაწყვეტილებებს უკანონოდ თუ არაკოსტიტუციურად სცნობენ და ბათილად გამოაცხადებენ. თუ ხალხს, კონსტიტუციის ბუნებრივი მცველი რომაა, მათივე წარმომადგენელთა სენი არ დარევს ხელს, ამ დაპირისპირებაში იგი საკავშირო ხელისუფლებას დაუჭერს მხარს და სასწორის პინაც მის სასარგებლოდ გადაიხრება. უზურპაციის ამგვარი მცდელობანი, თუკი ისინი ფედერალური ხელისუფლების ტირანული ხასიათით არ არიან განპირობებულნი, ძნელად რომ ნაჩქარევად და დაუდევრად განხორციელდნენ; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თაოსნებს საფრთხე დაემუქრებათ. თუ საერთო – ეროვნულ ხელისუფლებას წინააღმდეგობას რომელიმე გაკერპებული ანდა მეამბოხე პირი გაუწევს თავისი არამართლზომიერი ქცევით, ამ ბოროტებას იგი იმავე მეთოდებით უნდა შეებრძოლოს, რომლებსაც შტატის მთავრობა იყენებს ანალოგიურ შემთხვევებში. როგორც ვიცით, მაგისტრატურას მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი კანონის განხორციელების უზრუნველყოფისთვის ხელშეწყობა ევალება; მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვისი გამოცემულია იგი. ისე რომ, მაგისტრატურა საერთო – ეროვნული თუ ადგილობრივი დადგენილებების სადარაჯოზეც იქნება, რათა თავაშვებულ პირთა მხრიდან მათი ხელყოფის მცდელობა აღკვეთოს. რაც შეეხება ლოკალურ მღელვარებათ და ჯანყებს ადგილობრივ, არც თუ ისე მნიშვნელოვან კლანთა ხლართები რომ იწვევენ და ჟამიდან – ჟამს მოსვენებას უკარგავენ საზოგადოებას; რაც შეეხება მოულოდნელ უკმაყოფილობებს, აქა – იქ რომ იჩენენ თავს და საზოგადოების არცთუ მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავენ, საერთო – ეროვნულ ხელისუფლებას მათი აღკვეთის ბევრად უფრო მეტი საშუალება ექნება, ვიდრე ცალკეულ შტატს. ხოლო რაც შეეხება დაუძინებელ მტრობას, რომლის ხანძარი, გარემოებათა დამთხვევის წყალობით, შესაძლოა, მთელ ქვეყანას თუ არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც მოედოს და რომლის მიზეზი ისევე შეიძლება იყოს ცენტრალური ხელისუფლებით უკმაყოფილება, როგორც სახალხო მღელვარებისთვის დამახასიათებელი ფეთქებადი ხასიათი, – ასეთი მოვლენები ჩვეულებრივ გათვლას არ ემორჩილებიან. თითოეული მათგანი რევოლუციისა და ქვეყნის დაშლის ტოლფასია. არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც მათი გაკონტროლება, ანდა თავიდან აშორება შეეძლოს. არიან მოვლენები, რომელთა წინასწარ განჭვრეტა ადამიანურ ძალ – ღონეს აღემატება. ამიტომ არცა ღირს ხელისუფლებას ბრალად ის წაუყენო, რომ მან შეუძლებელი ვერ შეძლო. პუბლიუსი ფედერალიტი # 17 : ჰამილტონი Spoiler ფედერალიტი # 17 : ჰამილტონი 1787წ. 5 დეკემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს პრინციპმა, რომელიც მოითხოვს, რომ ფედერალური კანონმდებლობა უშუალოდ ამერიკის მოქალაქეებზე ვრცელდებოდეს, შესაძლოა, შემოსიტყვება გამოიწვიოს; თუმცა ეს სხვა სახის შესიტყვება იქნება და არა ისეთი, რომელიც ჩემს ბოლო მიმართვაში გავარჩიე. შეიძლება გვითხრან, თუ საკავშირო ხელისუფლებას მეტისმეტად გავაძლიერებთ, იგი იმ უფლებამოსილებებსაც შთნთქავს, რომლებიც სრულიად მართებულად გადაეცა შტატის ორგანოებს ადგილობრივი საკითხების მოსაგვარებლადო. ადამიანური კეთილგონიერების ფარგლებში ძალაუფლების სიყვარულით ბევრი რამის ახსნა შეიძლება, მაგრამ ვერ გამიგია, იმ ძალზე ფართო უფლებამოსილებათა ფონზე, რომელიც საერთო მთავრობას გადაეცემა, რა ცდუნებამ უნდა დარიოს მას ხელი, რომ ზემოხსენებული უფლებამოსილებანიც მიიტაცოს. შტატის საშინაო საქმეების მოწესრიგება არა მგონია პატივმოყვარეობის სატყუარად გამოდგეს. აღებმიცემობა, ფინანსები, მოლაპარაკებათა წარმოება, ომისა და ზავის საკითხები, ვფიქრობ, სრულიად საკმარისია პატივმოყვარეობის ვნებით შეპყრობილ სულთა დასაოკებლად. შესაბამის უფლებამოსილებებს, უწინარეს ყოვლისა, ადგილი სწორედაც რომ ეროვნულ საგანძურში უნდა მივუჩინოთ. რაც შეეხება ერთსა და იმავე შტატში მოქალაქეებს შორის კერძო დავების შესახებ მართლმსაჯულების წარმოებას, სოფლის მეურნეობასა თუ სხვა მსგავს საზრუნავზე ზედამხედველობას, ყოველივე ეს ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა და შეუძლებელია, ისინი ოდესმე საერთო იურისდიქციაში მოექცნენ. აქედან გამომდინარე, არ არის დასაჯერებელი ის, რომ ფედერალურ საბჭოს ადგილობრივ ხელისუფლებათა უზურპირების სურვილი გაუჩნდება. მსგავსი საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა მისთვის მოსაწყენიც იქნება და ფუჭიც. შესაბამის უფლებამოსილებათა მიტაცება კი საერთო – ეროვნულ მთავრობას ვერც ღირსებას შეჰმატებს, ვერც მნიშვნელობასა თუ ბრწყინვალებას. მოდით, დასაბუთების გულისთვის, დავუშვათ, რომ ბატონობის ნდომა და მასთან დაკავშირებული თავაშვებულობა საკმარისია, რათა ამგვარი მისწრაფება წარმოიშვას. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ საერთო – ეროვნულ წარმომადგენლობას, ანდა სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენიმე შტატის ხალხს ეყოფა იმის ძალა, რომ ეგზომ გაუმაძღარი მადა კალაპოტში ჩააყენოს. ესეც რომ არ იყოს, ბევრად უფრო ადვილია ის, რომ შტატის მთავრობამ ხელყოს საერთო – ეროვნული ხელისუფლების უფლებამოსილებანი, ვიდრე პირიქით, – ამ უკანასკნელმა შტატის ხელისუფლებას კუთვნილი უფლებამოსილებანი ჩამოართვას. ამ მოსაზრების მართებულობა იმ უდიდესი ზეგავლენის გათვალისწინებას ემყარება, რომელიც შტატის მთავრობას აქვს ადგილობრივ მოსახლეობაზე, თუ, რა თქმა უნდა, ის სამართლიანად და კეთილგონივრულად აგვარებს მის გამგებლობაში არსებულ საკითხებს. ეს გარემოება იმასაც გვასწავლის, რომ ყველა ფედერალურ კონსტიტუციას შინაგანი და არსებითი სისუსტე ახასიათებს. ამიტომ რაც შეიძლება დიდი უნდა იყოს ის ძალა, რასაც მათ შექმნის პროცესში ვანიჭებთ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა ეწინააღმდგებოდეს თავისუფლების პრინციპს. უპირატესი ზეგავლენა, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მთავრობებს აქვთ, რასაც, გარკვეულწილად, საერთო – ეროვნული ხელისუფლების დიფუზური ხასიათი განაპირობებს. არსებითად კი იგი იმ საკითხთთა ბუნებიდან გამომდინარეობს, რომელთა მოგვარება ადგილობრივი მთავრობების მოვალეობაა. ცნობილია ადამიანური ბუნების ერთი თვისება: ადამიანის სიყვარული რაიმე საგნისადმი მისი დაშორებისა თუ დიფუზორულობის პირდაპირპროპორციულად კლებულობს. ისე რომ, მას უბანზე მეტად ოჯახი უყვარს, უფრო განვრცობილ თემზე მეტად კი - უბანი. ამიტომაც არფერია გასაკვირი იმაში, რომ ამა თუ იმ შტატის ხალხი ადგილობრივ მთავრობებთან უფრო მეტი სიმით იყოს დაკავშირებული, ვიდრე საკავშირო ხელისუფლებასთან; ეს პრინციპი მხლოდ იმ შემთხვევაში დაირღვევა, თუ საკავშირო მთავრობა უკეთ მართავს, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება. ადამიანს მით მეტად უმძფრდება ამგვარი სწრაფვა, რაც უფრო დიდ გულმოდგინებას იჩენს შტატის მთავრობა ადგილობრივი საკითხების მოგვარებისას. შეუძლებელია, გამოწვლილვით გაარჩიო ყველა ის წუთიერი ინტერესი, სხვადასხვა ნაკადების სახით რომ მიედინება საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილში და ადგილობრივი ადმინისტრაციის გამგებლობაში ექცევა. წვრილმანების ჩაძიება მოსაწყენიც იქნებოდა და უინტერესოც. მათგან გამოტანილი გაკვეთილი კი მათ შესწავლაზე გაწეულ გარჯად არც კი ეღირებოდა. არსებობს ერთი გამორჩეული უპირატესობა, რომელიც შტატის უფლებამოსილებათა სფეროში შედის და რომლის გარჩევაც საკითხს ნათელს მოჰფენდა. სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეების წარმოების განხორციელებას ვგულისხმობ. ყველა სამართალთა შორის სწორედ ეს ორია სახალხო მორჩილებისა თუ ერთგულების ყველაზე უნივერსალური და მიმზიდველი წყარო; სიცოცხლისა და საკუთრების უშუალო და უხილავი მცველი; იგი საზოგადოების თვალწინ მოქმედებს და მას შიშსაც უნერგავს და იმედსაც აძლევს; ყველა იმ კერძო ინტერესსა და საზრუნავს აწესრიგებს, რომელთა მიმართ ეგზომ მგრძნობიარეა ადამიანის გული; ყველაზე მეტად სწორედ ის უწყობს ხელს, რომ ადამიანები ხელისუფლების მიმართ ერთგულებითა და პატივისცემით განიმსჭვალონ. იგია დუღაბი საზოგადოებისა, რომელიც ადგილობრივი მთავრობების ყველა არხის მეშვეობით გაიკვლევს გზას და ზეგავლენის სხვა წყაროებისგან დამოუკიდებლად მათ მოქალაქეთა მოწიწებასა და ერთგულებას მოუპოვებს. ასეთი მოქალაქეების სახით კი მათ მუდამ ხელთ ექნებათ ერთგვარი საპირწონე, რომელიც საკავშირო ხელისუფლებას სახიფათო მეტოქეობასაც ხშირად გაუწევს. მეორე მხრივ, ხალხის მასებს არ აქვთ საშუალება Uუშალოდ დააკვირდნენ საერთო – ეროვნული ხელისუფლების მუშაობას. ამიტომ მისი გადაწყვეტილებებით უფრო წინდახედული და საქმეში ჩახედული ადამიანები იხეირებენ. რაკი საქმე საერთო ინტერესებთან აქვს, ხალხის გრძნობებსაც ნაკლებად ეხება. აქედან გამომდინარე არ არის მოსალოდნელი, რომ საერთო – ეროვნულმა მთავრობამ ხალხს მოვალეობისა და ერთგულების გრძნობები გაუღვივოს. ამ მოსაზრებათა სისწორე იმ გამოცდილებით დასტურდება, რომელიც ფედერალურ კონსტიტუციათა და იმ დოკუმენტთა შესწავლის გზით შევიძინეთ, რაღაცით მაინც რომ წააგავს ფედერალურ კონსტიტუციას. ალბათ არ იქნებოდა მართებული, უძველესი დროის ფეოდალური სისტემებისთვის კონფდერაციები გვეწოდებინა, თუმცა მათ ამგვარ გაერთიანებათა ნიშან – თვისებანიც ახასიათებთ. ასეთ გაერთიანებათა სათავეში ერთი მეთაური, წინამძღოლი თუ სუვერენი იდგა, რომლის ხელისუფლება მთელს ერზე ვრცელდებოდა და რომელსაც უამრავი ვასალი თუ მემამულე ემორჩილებოდა; ამათ გამგებლობაში კი აუარება ვასალის ვასალი თუ მსახური შედიოდა; ისინი მემამულესთან, ანდა მიწათმფლობელთან დადებული შეთანხმების მიხედვით ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთებს. ყოველი დიდი ვასალი თავისი სამფლობელოს ფარგლებში სუვერენიც იყო. ეს კი დიდ სუვერენთან გაუთავებელ ქიშპობას იწვევდა; დიდ ბარონებს შორისაც ომი ხშირად ჩაღდებოდა; ერისთავებიც არცთუ იშვიათად ილაშქრებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. სახელმწიფოს მეთაურს არ ჰქონდა საკმარისი ძალაუფლება საზოგადოებრივი სიმშვიდის დასაცავად; მას არც იმის თავი, იმის შესაძლებლობა გააჩნდა, რომ მოსახლება ადგილობრივი ბატონების ძალმომრეობისგან დაეფარა. ევროპის განვითარების ამ პერიოდს ისტორიკოსები ფეოდალურ ანარქიად მოიხსენიებენ. ხანდახან ქვეყანას მეთაურად მძლავრი პიროვნება მოევლინებოდა ხოლმე, მებრძოლი სულითა და არაჩვეულებრივი უნარებით რომ იყო შემკული; იგი დიდ ავტორიტეტსა და გავლენას იხვეჭდა, რისი წყალობითაც შედარებით ხანგრძლივი დროით ახერხებდა ქვეყნის მართვას. საზოგადოდ კი მთავარი მარცხდებოდა ხოლმე ბარონების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხშირად მათი სამთავროები უქმდებოდნენ და მათ ადგილს საფეოდალოები იჭერდნენ, რომლებიც ქვეყნიერებას დამოუკიდებელი სამთავროების, ანდა სუვერენული სახელმწიფოების სახით ევლინებოდნენ. მონარქი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებდა ვასალთა დამარცხებას, როცა ეს უკანასკნელნი თავის ქვეშევრდომებს ტირანად ევლინებოდნენ. ბარონები და დიდებულები სუვერენსაც მტრობდნენ და უბრალო ხალხის მჩაგვრელებადაც გვევლინებოდნენ; ისინი ერთსაც შიშის ზარს სცემდნენ და მეორესაც; ამიტომაც იმსახურებდნენ ორივე მათგანის სიძულვილს. მათ საერთო საფრთხის შეგრძნებაც ჰქონდათ და საერთო ინტერესებიც ასულდგმულებდათ; მათი გაერთიანება კი არისტოკრატიის განადგურებით მთავრდებოდა. დიდგვაროვნები რომ თავიანთ ქვეშევრდომებსა და მომხრეებს ლმობიერად და სამართლიანად მოპყრობოდნენ, მათ რომ ამ ხალხის ერთგულება და სიყვარული შეენარჩუნებინათ, მაშინ მთავართან ბრძოლაში ყოველთვის ისინი გამოვიდოდნენ გამარჯვებულნი; ეს კი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას, ანდა მის დამხობას გამოიწვევდა. ამას რომ ვამტკიცებთ, მხოლოდ მიხვედრებსა თუ ვარაუდებს როდი ვემყარებით. იმ მაგალითთა შორის ყველაზე თვალსაჩინოსა და დამაჯერებელს, რომელსაც ზემოთქმულის ჭეშმარიტება ეფუძნება, შესაძლოა, შოტლანდია წარმოადგენდეს. ამ სამეფოში თავიდანვე ბატონობდა კლანური სულისკვეთება. ამ სულისკვეთებით ისე იყვნენ ურთიერთგადაჭდობილნი დიდგვაროვანნი და მათი ქვეშევრდომები, თითქოსდა ერთმანეთის სისხლით ნათესავები ყოფილიყვნენ; ეს კი მუდმივ საფრთხეს უქმნიდა მონარქის ხელისუფლებას. ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე შოტლანდია ინგლისის შემადგენლობაში არ შევიდა და მისი დაუდეგარი სული სამოქალაქო მმართველობის იმ გონივრულმა სისტემამ არ მოთოკა, რომელიც ინგლისის სამეფოში უკვე იყო შემოღებული. კონფედერაციის ცალკეული მთავრობები ძალზე წააგვანან საფეოდალოებს. უკვე განმარტებულ მიზეზთა გამო ისინი მოსახლეობის ნდობასა და კეთილგანწყობას იხვეჭენ ხოლმე. ამგვარი მხარდაჭერით გულმოცემულთ კი ხელეწიფებათ თავიდან აიშორონ საერთო – ეროვნული მთავრობის მხრიდან ხელყოფის ყველა მცდელობა. კარგი იქნება, თუ ისინი არ შეეწინააღმდეგებიან მის ლეგიტიმურსა და აუცილებელ ძალაუფლებას. საფეოდალოსა და შტატის მთავრობას კიდევ ორი რამ ანათესავებთ: ჯერ ერთი, ისინი ძალაუფლებას ეცილებიან სუვერენს. მეორეც, საზოგადოებრივი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ერთგან ისე მეორეგან, თავისებურ საცავებშია თავმოყრილი. ერთ შემთხვევაში ისინი ინდივიდთა განკარგულებაშია, მეორეში კი მათ პოლიტიკური გაერთიანებანი ფლობენ. კონფედერაციულ მთავრობათა ასეთი მოკლე მიმოხილვა გარკვეულ ნათელს ჰფენს ამ მნიშვნელოვან დოქტრინას. მისი გაუთვალიწინებლობა ჩვენი პოლიტიკური შეცდომების წყარო იქნებოდა, რაც ჩვენს ეჭვს არასწორ მიმართულებას მისცემდა. ისე რომ, მომდევნო წერილებში სათანადო ადგილი ამგვარ მიმოხილვებს დაეთმობა. პუბლიუსი ფედერალისტი # 18 : მედისონი (ალექსანდრე ჰამილტონის დახმარებით) Spoiler ფედერალისტი # 18 : მედისონი (ალექსანდრე ჰამილტონის დახმარებით) 1787წ. 7 დეკემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს ძველი მსოფლიოს კონფედერაციათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძნული რესპუბლიკების ის გაერთიანებაა, რომელიც ამფიქციონის საბჭოს სახელითაა ცნობილი. როგორც ამ სახელგანთქმული დაწესებულების შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობებიდან ირკვევა, მართლაც ყურადსაღებია მსგავსება, რომელიც ამ გაერთიანებასა და ამერიკის სახელმწიფოთა კონფედერაციას შორის არსებობს. კონფედერაციის წევრები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ და სუვერენულ სახელმწიფოებადაც რჩებოდნენ: ფედერალურ საბჭოში ისინი ხმის თანაბარი უფლებით სარგებლობდნენ. რაც შეეხება საბჭოს, იგი უფლებამოსილი იყო, მიეღო ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც აუცილებლად ჩათვლიდა საბერძნეთის საერთო კეთილდღეობის უზენაესი მიზნიდან გამომდინარე. ისე რომ, მის კომპეტენციაში შედიოდა: ომის გამოცხადება და წარმოება, კონფედერაციის წევრებს შორის წამოჭრილ უთანხმოებათა შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ბუნტისთავის დაჯარიმება, კონფედერაციის მთელი ძალების გამოყენება განდგომის მოსურნე წევრის წინააღმდეგ, კავშირის შემადგენლობაში ახალ წევრთა მიღება. ამფიქციონის საბჭო რელიგიისა და იმ ზღაპრული სიმდიდრის მცველად მოგვევლინა, რომელიც დელფოს ტაძარში ინახებოდა. იგი უფლებამოსილი იყო, გადაეწყვიტა ყველა ის უთანხმოება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ ხალხს შორის წამოიჭრებოდა ხოლმე, რომელიც ორაკულის რჩევის მისაღებად მოდიოდა. ფედერალური ხელისუფლებისთვის მეტი ეფექტურობის მისანიჭებლად კონფედერაციის წევრები ერთმანეთის წინაშე ფიცს დებდნენ: დაიცავდნენ და მფარველობას გაუწევდნენ გაერთიანებულ ქალაქებს, სასტიკად გაუსწორდებოდნენ ფიცის გამტეხს და არავის შეარჩენდნენ ტაძრის შებღალვასა თუ ძარცვას. ძალაუფლების ეს მექანიზმი, როგორც ჩანს, თეორიაშიც და ფურცელზეც სრულად პასუხობდა ყველა ძირითად მიზანს. ზოგჯერ იგი აჭარბებდა კიდეც კონფედერაციული ხელშეკრულების მუხლებში გაწერილ უფლებამოსილებებს. ამფიქციონის საბჭო მოხერხებულად იყენებდა იმ ეპოქის ცრურწმენას; სწორედ ის გვევლინებოდა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ ძირითად ბერკეტად. საბჭოს უფლება ჰქონდა, სამხედრო ძალა გამოეყენებინა გაკერპებული ქალაქების წინააღმდეგ; ამასვე ავალდებულებდა კონფედერაციის წევრებს ის ფიცი, რომლითაც ისინი შეკრული იყვნენ. მაგრამ თეორია თეორიაა, სინამდვილეში კი მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. ისე, როგორც დღევანდელ კონგრესში, ძალაუფლება იქაც უფლებამოსილ პირთა ხელში იყო, რომლებსაც ქალაქები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნიშნავდნენ; ცენტრალური ხელისუფლება კი ქალაქების მიმართ სწორედ მათი მეშვეობით ხორციელდებოდა. აი, ყველა უბედურების სათავე: კონფედერაცია თანდათან დასუსტდა, კავშირები მოეშვა და ბოლოს დაიშალა კიდეც. ნაცვლად იმისა, რომ ძლევამოსილი წევრები შიშსა და მორჩილებაში ჰყოლოდათ, ისინი ერთმანეთზე მიყოლებით ბატონობდნენ დანარჩენებზე. დემოსთენე გადმოგვცემს, რომ ათენი 73 წელი ედგა სათავეში ბერძნულ ქალაქებს. მერე ლაკედემონელთა 29 წლიანი მმართველობის ჯერი დადგა. ლეკტრასთან ბრძოლის შემდეგ კი მათ თებელები ჩაენაცვლნენ. პლუტარქის გადმოცემით, თითქმის წესად იქცა ძლევამოსილი ქალაქების წარმომადგენელთა მიერ უფრო სუსტი ქალაქების უფლებამოსილ პირთა დაშინება და მოსყიდვა, რის შედეგადაც გადაწყვეტილებანი ძლიერი მხარის სასარგებლოდ მიიღებოდა. გააფრთებული და საბედისწერო ომების დროსაც კი, რომლებსაც გაერთიანებული ქალაქები სპარსეთისა და მაკედონიის წინააღმდეგ აწარმოებდნენ, მათ შორის ერთუსულოვნება როდი სუფევდა. ამის დასტურია საერთო მტრის მიერ მოღორებული და მოსყიდული ქალაქები; საერთო მტრისა, რომლის ანკესზე ზოგჯერ უფრო ბევრი მათგანი წამოეგებოდა ხოლმე, ზოგჯერ უფრო ცოტა. თავდაცვით ომებს შორის შუალედებში კი კონფედერაცია შინააშლილობებით, რყევებითა და სასაკლაობით იტანჯებოდა. ქსერქსესთან ომის დამთავრებისთანავე ლაკედემონელებმა რამდენიმე ქალაქი ღალატში დაადანაშაულეს და მათი კონფედერაციიდან გაძევება მოითხოვეს. ათენელები მიხვდნენ, რომ ამით ისინი უფრო მეტ მომხრეს დაკაგავდნენ, ვიდრე ლაკედემონელები და საბჭოშიც უმრავლესობას ეს უკანასკნელნი მოიპოვებდნენ. ამიტომ ისინი გააფთრებით შეეწინააღმდეგნენ ამას და ლაკედემონელთა მზაკვრული მცდელობა ჩაშალეს. ისტორიის ეს მონაკვეთი ნათლად ადასტურებს ამგვარი კავშირის არაეფექტურობას, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მის ყველაზე ძლევამოსილ წევრებს პატივმოყვარეობა და შური ამოძრავებთ; უფრო სუსტებს კი დაკნინებისა და დაბეჩავებისგან თავის დახსნის ძალა არ შესწევთ. თეორიულად სისტემა მათ იმავე უფლებებს ანიჭებს, რასაც ძლიერებს, რომ ამაყად და თავმომწონედ იტრიალონ საერთო ცენტრის გარშემო. პრაქტიკულად კი ისინი პირველი სიდიდის ვარსკვლავთა თანამგზავრები არიან და მეტი არაფერი. აბატი მილო წერს, ბერძნებს რომ სიმამაცესთან ერთად სიბრძნეც გამოეჩინათ, გამოცდილების გაკვეთილი ყურადეღოთ და სპარსეთის დამარცხების შემდეგ ჩამოგდებული მშვიდობიანობა თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ, ისინი პოლიტიკურ სისტემას ძირეულად შეცვლიდნენ და უფრო მტკიცე კავშირს ჩამოაყალიბებდნენო. ნაცვლად ამისა, გამარჯვებით თავბრუდასხმული ათენი და სპარტა ერთმანეთს თავიდან მეტოქეებად, შემდეგ კი მტრებად მოეკიდნენ, და ერთურთს ბევრად დიდი უბედურება დააწიეს, ვიდრე მათ ქსერქსემ უყო. დაბოლოს, ერთად დატრიალებული ამდენი შუღლი, შიში, სიძულვილი და ვნება პელოპონესის სახელგანთქმულ ომად გადმოინთხა. ეს უკანასკნელი კი მისი გამჩაღებლის – ათენის იავარქმნით დასრულდა. სუსტი ხელისუფლების ხვედრი ხომ ასეთია: როცა იძულებული არ არის თავდაცვითი ომი აწარმოოს, შინააშლილობანი წეწავს. თუმცა ამ უკანასკნელთ ქვეყნის გარედან მოვლენილი უბედურებანიც ყოველთვის თან სდევს ხოლმე. ფოკიდელებმა აპოლონის ტაძრის მიმდებარე მიწები გადახნეს; ამფიქციონის საბჭომ, ეპოქის სულისკვეთებისა და მისთვის დამახასიათებელი ცრურწმენის მიხედვით რომ მოქმედებდა, სათანადო ჯარიმის გადახდა დააკისრა მკრეხელობის ჩამდენთ. ფოკებმა, ათენისა და სპარტის წაქეზებით, უარი განაცხადეს დამორჩილებაზე და ამ დადგენილების შესრულებაზე. თებემ სხვა ქალაქებთან ერთად გადაწყვიტა, დაეცვა ამფიქციონის საბჭოს უფლებამოსილებანი და ღმერთის შეურაცხყოფისთვის შური ეძია. მაგრამ საამისოდ მას საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდა. ამიტომ საშველად უხმო ფილიპე მაკედონელს, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფარულად ისედაც აღვივებდა შუღლს. ფილიპეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რაკი ბოლოს და ბოლოს აისრულებდა დიდი ხნის გულისწადილს: შემუსრავდა საბერძნეთის თავისუფლებას. მოქრთამვისა და ინტრიგების ხლართვის გზით მან მოისყიდა და გადაიბირა რამდენიმე ქალაქის პოპულარული ლიდერი; მათი ავტორიტეტისა და იმ ხმების წყალობით, რითაც საბჭოში სარგებლობდნენ, კონფედერაციის მთავრობაში შეაღწია და ფანდებისა და იარაღის გამოყენებით ხელისუფლების სათავეში მოექცა. ასეთი სავალალო შედეგი მოჰყვა იმ მანკიერ პრიციპს, რომელსაც ეს ერთობ საინტერესო დაწესებულება ეფუძნებოდა. საბერძნეთის ხვედრზე მიუმხრობელი დამკვირვებლის თქმით, ბერძნებს რომ უფრო მტკიცე კავშირი შეეკრათ და მისი შენარჩუნებისთვის ყველაფერი გაეღოთ, ისინი არასოდეს დაიდგამდნენ მაკედონელთა უღელს და არასოდეს გახდებოდნენ რომაელთა მზაკვრული გეგმის მსხვერპლნი. ბერძნული რესპუბლიკების მეორე გაერთიანება, რომლის მაგალითს, უპრიანია, ვითვალისწინებდეთ, ე.წ. აქაველთა ლიგაა. იგი ბევრად უფრო სიღრმისეულ კავშირებს ეფუძნებოდა და უფრო ჭკვიანურადაც იყო მოწყობილი, ვიდრე ამფიქციონის კავშირი. მართალია, აქაელებსაც თანამოძმეების ხვედრი ხვდათ წილად, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ისინი ამას მათზე ბევრად ნაკლებ იმსახურებდნენ. ლიგაში შემავალი ქალაქები ინარჩუნებდნენ თავიანთ მუნიციპალურ იურისდიქციას, თვითონვე ნიშნავდნენ თავიანთ მოხელეებს და სრული თანასწორობით სარგებლობდნენ. სენატს კი, რომელშიც ყველა მათგანი იყო წარმოდგენილი, შეუზღუდავი უფლება ჰქონდა: გამოეცხადებინა ომი და დაედო ზავი; დაენიშნა ელჩები და მიეღო უცხო ქვეყნების მიერ წარმოგზავნილები; დაედო ხელშეკრულებები და შესულიყო ალიანსებში; დაენიშნა ე.წ. პრეტორი – მთავარი თანამდებობის პირი, რომელიც ლიგის ჯარების უფროსიც იყო. ათი სენატორის თათაბირითა და რჩევით, პრეტორი არა მარტო სენატის შეკრებებს შორის შუალედებში ხელმძღვანელობდა ლიგის მთავრობას, არამედ აქტიურად მონაწილეობდა თვით სენატის მუშაობაში. თავდაპირველად ორი პრეტორი ერთობლივად უძღვებოდა ლიგის საქმეებს, მაგრამ შემდგომში, გამოცდილების გათვალისწინებით, ერთ პრეტორს მიანიჭეს უპირატესობა. როგორც ჩანს, ყველა ქალაქში ერთი და იგივე კანონები მოქმედებდა და ერთსა და იმავე ჩვეულებებს მისდევდნენ; წონისა და ზომის ერთსა და იმავე საზომებს იყენებდნენ და ერთიანი ფულადი სისტემაც ჰქონდათ. მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ყოველივე ეს ფედერალური საბჭოს გამიზნული პოლიტიკის შედეგი ყოფილიყო. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ქალაქები რაღაცნაირად იძულებულნი ხდებოდნენ, ერთი და იგივე კანონები მიეღოთ და ერთსა და იმავე ადათ - წესებს მიჰყოლოდნენ. როცა ფილოპომენმა ლაკედემონია ლიგაში მიიღო, მას ლიკურგესეულ დაწესებულებებსა და კანონებზე უარის თქმა და აქაველთა დაწესებულებებისა და კანონების მიღება მოუხდა. ამფიქციონის კონფედერაცია კი, რომლის წევრიც ის იყო, მას მართვისა და საკანონმდებლო საქმიანობის სრულ თავისუფლებას ანიჭებდა. მარტო ეს გარემოებაც კი საკმარისად ასაბუთებს იმას, თუ რარიგ ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან მმართველობის ეს ორი სისტემა. რაოდენ დასანანია, რომ ამ საოცარი პოლიტიკური ნაგებობის შესახებ ჩვენამდე ეგზომ არასრულმა ძეგლებმა მოაღწიეს. ის რომ უკეთ იყოს შესწავლილი, უკეთ რომ იყოს გამორკვეული მისი შინაგანი წყობა და ის მექანიზმი, რითაც ის თავის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებდა, ამით უფრო მეტი სინათლე შევიდოდა ფედერალური მმართველობის შესახებ მეცნიერებაში, ვიდრე მასში ყველა ჩვენთვის ცნობილ ექსპერიმენტს შეაქვს. ყველა ისტორიკოსი, ვინც კი აქაველთა ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაინტერესებულა, ერთსულოვნად აღნიშნავს ერთ ფაქტს. საქმე ეხება იმას, რომ როგორც არატეს მიერ ლიგის განახლების შემდგომ, ისე მაკედონელთა მანქანებით მის სრულ დაშლამდე ცოტა ხნით ადრეც, მისი მთავრობა ბევრად უფრო ზომიერი და სამართლიანი იყო თავის მოქმედებებში; ხალხი კი უფრო ნაკლებად ავლენდა ბუნტისა და ჯანყის სულს, ვიდრე იმ ქალაქებში, სრული სუვერენიტეტით რომ სარგებლობდნენ და პრიციპით: მე თვითონ _ მოქმედებდნენ. აბატი მებლი როცა საბერძნეთის შესახებ თავის დაკვირვებებს გვიზიარებს, – წერს: სახალხო ხელისუფლებას, ყველგან რომ ბობოქარი ხასიათით გამოირჩევა, აქაველთა რესპუბლიკის წევრებში არეულობა არ გამოუწვევია, ვინაიდან საერთო ხელისუფლება და ერთიანი კანონმდებლობა ხელს უწყობდა მდგომარეობის შერბილებასო. მაგრამ არ ვიქნებით ისე სულსწრაფნი და არ მოვყვებით იმის მტკიცებას, თითქოსდა ლიგის ცალკეულ ქალაქებში მღელვარება არ ყოფილიყოს. მით უფრო არ ვიტყვით იმას, რომ მის საერთო სისტემაში, თითქოსდა, ჯეროვანი მორჩილება და ჰარმონია სუფევდა. ამ რესპუბლიკის ხვედრი და ის ძნელბედობანი, რაც მას თავს დაატყდა, საპირისპიროზე მეტყველებენ. ამფიქციონის საბჭოსთან შედარებით, აქაველთა ლიგა უფო მცირე ზომისა და ნაკლები პოლიტიკური წონის ქალაქებს აერთიანებდა, ამიტომ ვიდრე ამფიქციონი არსებობდა, ლიგა თითქმის შეუმჩნეველი იყო საბერძნეთის პოლიტიკურ არენაზე. როცა ერთი მაკედონელთა წერად იქცა, მეორე დანდობილ იქნა ფილიპესა და ალექსანდრეს მიერ. მაგრამ ამ მმართველთა მემკვიდრეებმა სხვა პოლიტიკა აირჩიეს. აქაველთა მიმართ გათიშე და იბატონეს პრინციპი აამოქმედეს: თითოეულ ქალაქს სეპარატისტული ინტერესი გაუღვივეს და კავშირიც დაშალეს. ნაწილი ქალაქებისა მაკედონური გარნიზონების ბატონობის ქვეშ მოექცნენ; სხვები კი იმ უზურპატორებმა დაიმონეს, შინააშლილობათა ჟამს რომ მოევლინენ ქვეყნიერებას. მაგარამ სამარცხვინო და ჩაგრულ მდგომარეობაში ყოფნამ აქაველთა სულში მალევე ააღორძინა თავისუფლების სიყვარული. რამდენიმე ქალაქმა ისევ შეკრა კავშირი. სხვებმაც, – როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მოიხელთეს და ტირანები მოიცილეს, _ მათ მაგალითს მიბაძეს. მალე ლიგამ თითქმის მთელი პელოპონესი მოიცვა. მაკედონია თვალ – ყურს ადევნებდა მის წინსვლას, მაგრამ შინააშლილობის გამო ვერ ახერხებდა მის შეჩერებას. მთელი საბერძნეთი აღფრთოვანებას მოეცვა და მზად იყო, ერთიან კონფედერაციად ქცეულიყო. მთელს ამ წამოწყებას კი ლახვარი ათენმა და სპარტამ ჩასცეს; აქაველთა წარმატების შემყურეთ, შურმა და ღვარძლმა მათ ღალატი ჩაადენინეს. მაკედონიის შიშმა კი აქაველნი აიძულეს ეგვიპტისა და სირიის მეფეთა მფარველობა ეძებნათ. ეს უკანასკნელნი თვითონ იყვნენ ალექსანდრეს მემკვიდრენი და ამდენად – მაკედონიის მეფის მოქიშპენი. მაგრამ ეს გეგმა ჩაშალა სპარტის მეფემ - კლეომენემ, რომელსაც დიდი ხანია აქაველთათვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენება ეოცნებებოდა. იგი მაკედონიის მეფეს მტრობდა, თვითონ ჰქონდა უზურში ეგვიპტისა და სირიის მმართველებთან ალიანსის შეკვრა, ამიტომ არ იშურებდა ძალ – ღონეს, არაფრით დაეშვა ის, რომ აქაველებს საწადლისთვის მიეღწიათ. ეს უკანასკნელნი დილემის წინაშე დადგნენ: ან კლეომენეს უნდა დამორჩილებოდნენ, ანდა დახმარება მათი ყოფილი მჩაგვრელის – მაკედონიისთვის ეთხოვათ. გადაწყდა, მაკედონიის მფარველობა მიეღოთ. ბერძნების ამ ძლევამოსილ მეზობელს ყოველთვის დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა მათ შორის წარმოშობილი განხეთქილება, რაკი ყოველ ასეთ შემთხვევაში ბერძენთა საშინაო საქმეებში ხელის ფათურის შესაძლებლობა ეძლეოდა. მაკედონიის არმიას არ დაუხანებია, მოვიდა და კლეომენეს კუდით ქვა ასროლინა. მაგრამ აქაველებმა მალევე იწვნიეს ძველი გამოცდილების მთელი სიმწვავე: ძლევამოსილი მოკავშირე სახლში ბატონად გექცევაო. მათ დიდი დამცირების ფასად მაკედონელებს მხოლოდ იმის პირობა დასტყუეს, რომ არსებულ კანონებს არ შეეხებოდნენ. მაგრამ ფილიპეს ტირანულმა მმართველობამ ბერძნებს ბიძგი ახალ გაერთიანებათა ჩამოყალიბებისთვის მისცა. წინააღმდეგობის დროშა ისევ აქაველებმა აღმართეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალზე დასუსტებული იყო კავშირის ერთ წევრ ქალაქში – მასენეში შინააშლილობისა და ჯანყის გამო. მალე მათ ეტოლიელები და ათენელები შეუერთდნენ. მაგრამ მიუხედავად დახმარებისა, მათი ძალები მაინც არ იყო საკმარისი. ამიტომ ისევ ნაცად, მაგრამ ძალზე სახიფათო გზას დაადგნენ: გადაწყვიტეს, ქვეყანაში უცხოური ჯარები შემოეყვანათ. ამჯერად არჩევანი რომაელებზე შეაჩერეს; მათაც მოწვევა უყოყმანოდ მიიღეს. ფილიპე დამარცხდა, რომაელებმა მაკედონია დაიპყრეს. ლიგას ახალი კრიზისის ხანა დაუდგა. მის წევრებს შორის თავი იჩინა განხეთქილებამ, რომელსაც რომაელები აღვივებდნენ. კალიკრატე და სხვა სახალხო ლიდერებიც მათ მოისყიდეს; ამათ კი თანამოძმეები შეცდომაში შეჰყავდათ. აქაველები ერთმანეთს დაერივნენ, რომაელები კი ცეცხლეზე ნავთს ასხამდნენ. არც დაუყოვნებიათ და ერთ მშვენიერ დღეს ბერძნულ ქალაქებს გამოუცხადეს: აბსოლუტურად თავისუფლები [1] ხართო, რითაც მათი მომხრეებიც კი სახტად დატოვეს. ამით ისინი ლიგიდან მისი წევრების ვერაგულად გამოტყუებას ლამობდნენ, მათ ღირსებაზე თამაშობდნენ, _ ლიგაში ძალით გაკავებენ, თქვენს სუვერენიტეტს ბღალავენო. ამგვარი მზაკვრული ხრიკების წყალობით ნაკუწებად იქცა აქაველთა ლიგა – ბერძენთა ბოლო იმედი, თავისუფლების უკანასკნელი ნავსაყუდელი ძველ მსოფლიოში. აქაველებს ისეთმა სიშმაგემ და უგუნურებამ დარია ხელი, რომ რომაელ ჯარისკაცებს დიდი ჯაფა არ დასდგომიათ, მათი განადგურების დასასრულებლად, რაც თავის დროზე მზაკვრობითა და ინტრიგების ხლართვით დაიწყო. აქაველნი დაშალეს და დაათითოეს; აქეას კი ქედზე იმოდენა უღელი დაადგეს, რომ იგი დღესაც გმინავს მისი სიმძიმის ქვეშ. მგონი ზედმეტი არ იყო ისტორიის ამ ერთი მონაკვეთის მოკლე მიმოხილვა. ამის მიზეზი ორი რამაა: ჯერ ერთი, ისტორიის გაკვეთილი ყოველთვის სასარგებლოა; და მეორეც, აქაველთა ლიგის მოწყობას რომ მოკლედ ვეცნობოდით, ფედერალური პოლიტიკური ორგანიზმის ერთი მეტად მნიშვნელოვანი ტენდენციაც ნათლად დავინახეთ: მის წევრებს ანარქიისკენ აქვთ მიდრეკილება, მეთაურებს კი ტირანიისკენ მიუწევთ გული. პუბლიუსი [1] ეს იყო პირდაპირი მოწოდება იქეთკენ, რომ კონფედერაციის დამოუკიდებელი წევრები ფედერალურ ცენტრს მოსწყდომოდნენ (პუბლიუსი). ფედერალისტი # 19 : მედისონი (ალექსანდრე ჰამილტონის თანამშრომლობით) Spoiler ფედერალისტი # 19 : მედისონი (ალექსანდრე ჰამილტონის თანამშრომლობით) 1787წ .8 დეკემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს ძველი კონფედერაციების იმ მაგალითებით, რომელთა შესახებაც წინა წერილში მოგახსენებდით, როდი ამოიწურება ის წყარო, საიდანაც ამ თემაზე სხვა ყურადსაღებ გამოცდილებებსაც დავეწაფებოდით. დღესაც არსებობენ ისეთი გაერთიანებანი, მსგავს პრინციპს რომ ეფუძნებიან და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. უწინარეს ყოვლისა, ერთობ საყურადღებო გერმანული სახელმწიფოა. ადრექრისტიანულ ხანაში, გერმანიის ტერიტორიაზე საერთო წინამძღოლობას მოკლებული შვიდი ტომი სახლობდა. მათ შორის ფრანკებიც იყვნენ, რომლებმაც გალების დაპყრობის შემდეგ დამოუკიდებელი სამეფო დააარსეს და სახელიც დაპყრობილი ტომისა დაარქვეს. მეცხრე საუკუნეში ომებით გაუმაძღარმა მათმა მეფემ – კარლოს დიდმა _ მთელი შემოგარენი ძლევამოსილად დალაშქრა და გერმანია მისი უზარმაზარი სამფლობელოს ერთ-ერთ ნაწილად აქცია. მას შემდეგ, რაც კარლოს დიდი მიიცვალა და მის ვაჟებს იმპერია ხელში შემოადნათ, მისი ეს ნაწილი ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. კარლოს დიდის მემკვიდრეებს ერგოთ როგორც რეალური სამეფო ძალაუფლება მთელი თავისი დიდებულებით, ისე მისი ნიშნები და სიმბოლოები. მაგრამ მთავარმა ვასალებმა, თავიანთი მამულების მემკვიდრეობითობა რომ დაიკანონეს, კარლოს დიდის მიერ დანარჩუნებული ეროვნული კრების სავარძლებშიც მოხერხებულად მოიკალათეს, თანდათან გადაიგდეს უღელი და დამოუკიდებელი იურისდიქციის მქონე სუვერენებად მოგვევლინენ. საიმპერატორო ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა ყოფილ ქვეშევრდომთა წინაშე, ახლა რომ ეგოდენი ძლევამოსილება მოეხვეჭათ. მას იმპერიაც ხელიდან გამოეცალა და საქვეყნო სიმშვიდემაც გული დახურა. ცალკეული სამთავროები და სახელმწიფოები ისე დაერივნენ ერთმანეთს, რომ თავს ათასი ჭირი და უბედურება დაიტეხეს. საიმპერატორო ხელისუფლება, ნელ-ნელა რომ განიცდიდა გადაგვარებას, სახალხო მღელვარებამ გადაიყოლა და ანარქიის წყვდიადში დანთქა. ანარქია კი მანამ მძვინვარებდა, სანამ უკანასკნელი იმპერატორი შვაბური დინასტიისა უფალმა არ მიიბარა და ტახტზე ავსტრიული სამეფო კარის პირველი იმპერატორი არ ავიდა. მეთერთმეტე საუკუნეში იმპერატორთა ხელში იყო მთელი სუვერენული ხელისუფლება, მეთხუთმეტეში კი მათ ძველი დიდების ნაშთიღა შერჩათ. გერმანული იმპერია იყო ფედერალური სისტემა, რომელიც კონფედერაციის მონათესავე ფეოდალური სისტემიდან ამოიზარდა. მთელი ძალაუფლება, ერთის მხრივ, რაიხსტაგსა - რომელშიც კონფედერაციის ყველა წევრი იყო წარმოდგენილი - და იმპერატორზე ნაწილდებოდა; ეს უკანასკნელი, როგორც მთავარი თანამდებობის პირი, რაიხსტაგის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლებით სარგებლობდა. მეორეს მხრივ კი, უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება ზედა პალატასა და იმპერატორის საბჭოს ჰქონდა მინიჭებული; მათ კომპეტენციაში ყველა იმ სადავო საკითხის განხილვა და სათანადო გდაწყვეტილებათა გამოტანა შედიოდა, რომლებიც სრულიად იმპერიის, ანდა მათი წევრების ინტერესებს ეხებოდა. რაიხსტაგი მასზე დაკისრებულ აღმასრულებელ ხელისუფლებას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ახორციელებდა. ომის გამოცხადება იქნებოდა ეს თუ ზავის დადება, ალიანსებში შესვლა თუ ჯარისა და ფულის შესაბამისი კვოტების განსაზღვრა, სიმაგრეების აგება თუ ფულის მიმოქცევის რეგულირება, ახალი წევრების მიღება თუ განდგომილი წევრის გარიცხვა, რა დროსაც იგი სუვერენულ უფლებებსაც კარგავდა და საკუთრებასაც. კონფედერაციის წევრებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ: ისეთი ხელშეკრულებების დადება, რომლებსაც იმპერიის ინტერესების დაზარალება შეეძლოთ; ერთმანეთს შორის დადებული სავაჭრო გარიგებების საბაჟო ან სხვადასხვა სახის გადასახადით დაბეგვრა, თუკი ამაზე იმპერატორის, ანდა რაიხსტაგის თანხმობა არ იქნებოდა; ფულის ნომინალური ღირებულების შეცვლა; ერთმანეთის უფლებათა შებღალვა; საზოგადოებრივი სიმშვიდის დამრღვევთათვის თანადგომის გაწევა თუ მათი შეფარება. ამ აკრძალვათა დამრღვევი იმპერიიდან ირიცხებოდა. რაიხსტაგის წევრები, რომლებიც სამართალდარღვევებს ჩაიდენდნენ, იმპერატორისა და რაიხსტაგის სამსჯავროზე უნდა წარმდგარიყვნენ; მათ პირად საქმეებს კი ზედა პალატა და იმპერატორის საბჭო განიხილავდა. იმპერატორი უამრავი პრივილეგიით სარგებლობდა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რაიხსტაგში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლის განსაკუთრებული უფლება; მის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება; ელჩების დანიშვნის კომპეტენცია; რანგებისა და წოდებათა მინიჭების პრეროგატივა; თავისუფალი კურფიურსტული მიწების გაცემა; უნივერსიტეტების დაფუძნება; პრივილეგიათა მინიჭება, თუკი ამით არ ილახებოდა იმპერიის წევრთა ინტერესები; სახელმწიფო შემოსავლების მიღება და მათი განკარგვა; და რაც მთავარია, _ სრულიად იმპერიაში სიმშვიდეზე ზრუნვა. ზოგჯერ იმპერატორთან კურფიურსტთა საბჭოც იქმნებოდა. რაც შეეხება იმპერატორს, ამ რანგში იგი არ ფლობდა მამულებს და ამ წოდების ხარჯზე არ იღებდა შემოსავლებს, მაგრამ სამაგიეროდ, ყველა სხვა რანგში იგი იმოდენა შემოსავლებისა და მამულების პატრონი იყო, რომ ევროპას ყველაზე ძლევამოსილ მმართველად ევლინებოდა. კონფედერაციის წარმომადგენლთა პალატისა და მისი მეთაურის კონსტიტუციური უფლებამოსილებების ამგვარი მიმოხილვიდან გამომდინარე, ბუნებრივია გვეფიქრა, რომ იგი განსხვავდება მონათესავე სისტემებისგან და მათგან ერთგვარ გამონაკლისსაც კი წარმოადგენს. მაგრამ ფაქტები სრულიად სხვას ღაღადებენ. გერმანული კონფედერაცია მასში შემავალ თემთა სუვერენობის პრინციპს ეფუძნება. რაიხსტაგი სუვერენული წევრების წარმომადგენლობაა. კანონები სუვერენულ მმართველებზეა გამიზნული. ყოველივე ეს იმპერიის უმწეობას განაპირობებს; იგი თავს ვერ ართმევს თავისი წევრების მართვას; ვერ უმკლავდება გარეგან საფრთხეებს და საკუთარ წიაღში შფოთსაც ვერაფრით იცხრობს. გერმანიის ისტორია თავგადასავალია ქვეყნისა, სადაც მთავრები და მიწები გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს და იმპერატორს; სადაც ძლიერებს ყველაფრის უფლება აქვთ, სუსტები უუფლებონი არიან; სადაც დუშმანთა ურდოები დაშლიგინობენ და მტრები მზაკვრულ ინტრიგებს ხლართავენ; სადაც ადამიანებსა და ფულს რეკვიზიციას უწყობენ; სადაც ამაზე ყველა თვალს ხუჭავს, ანდა ნაწილობრივ ეგუება; სადაც რეკვიზიციის ყოველი ახალი მცდელობა ერთნაირ ტვირთად აწვება წარმატებულსაც და მაჩანჩალასაც; სადაც სისხლისღვრა და გაჩანაგება არას დაგიდევს მტყუანს და მართალს; სადაც საყოველთაო სიშლეგე, არეულობა და სიღატაკე სუფევს. მეთექვსმეტე საუკუნეში იმპერატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა იმპერიის ერთი ნაწილი, მთავრებისა და მიწების წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ერთ-ერთი ლაშქრობისას იგი იძულებული გახდა ბრძოლის ველიდან გაქცეულიყო და კინაღამ ტყვედ ჩაუვარდა საქსონიის კურფიურსტს. პრუსიის უკანასკნელი მეფე არაერთხელ ამხედრებია თავის იმპერატორს და არაერთხელ მარცხიც უგემებია მისთვის. იმპერიის წევრებს შორისაც ისე ხშირი იყო ძმათამკვლელი ომები, რომ გერმანიის ისტორიის ანალები ვერ აუდიან სისხლიანი სასაკლაოების აღწერას. ვესტფალიის ზავის დადებამდე გერმანიაში 30 წლიანი ომი მძვინვარებდა. ერთმანეთს სამკვდრო _ სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ იმპერატორი, რომელსაც მხარს ნახევარი იმპერია უჭერდა და შვედეთი, დანარჩენ იმპერიასთან ერთად. ბოლოს და ბოლოს ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას, რომლის პარაგრაფების შედგენაშიც უცხოური სახელმწიფოები მონაწილეობდნენ. გერმანიის ტერიტორიულ მოწყობას საფუძვლად სწორედ მათი მონაწილეობით ჩამოყალიბებული პრინციპები დაედო. რაოდენ სავალალო სანახაობა იქნებოდა ეს ქვეყანა თუკი მას საგანგებო მდგომარეობაში თავდაცვის ორგანიზება მოუხდებოდა! წინასაომარ პერიოდში ხომ სუვერენული მიწები ერთმანეთს გულს ისეთი პაექრობებით გაუწვრილებდნენ, შურიდან, ამპარტავნებიდან, შეურიგებელი შეხედულებებიდან და გაუტანლობიდან რომ ამოზრდილან და ვიდრე წარმომადგენლობითი კრება გადაწყვეტილებას მიიღებდა, მტრის ჯარი ქვეყანაში უკვე კარგა ხნის შემოჭრილი იქნებოდა, ხოლო იმ დროისთვის, როცა ფედერალური ჯარები საომარ ნაღარას დაკრავდნენ, მტერს გამოზამთრებისთვის სამზადისი უკვე მოთავებული ექნებოდა. სახელმწიფო ჯარი არ იყო მრავალრიცხოვანი, რაკი მისი ყოლა, გავრცელებული შეხედულების მიხედვით, მხოლოდ მშვიდობიანობის დროს იყო აუცილებელი. ჯარისკაცები ცუდად იყვნენ უზრუნველყოფილნი; მათ ცოტას უხდიდნენ; ამიტომაც ადვილად ექცეოდნენ ადგილობრივ ცრურწმენათა ზეგავლენის ქვეშ; მათი არსებობა იმ შემთხვევითსა და მწირ შენატანებზე იყო დამოკიდებული, ხაზინაში ასე უხალისოდ რომ შეჰქონდათ იმპერიის წევრებს. იმპერიულ ხელისუფლებას არც იმის ღონე შესწევდა, რომ წესრიგი დაეცვა და არც იმისა, რომ სუვერენული წევრების მიმართ იმპერიული მართლმსაჯულება აღესრულებინა. ამიტომ იმპერია ცხრა თუ ათ მიწად თუ ოლქად დაყვეს. ყოველ მათგანს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ თავისი ნება – სურვილის მიხედვით მოეწყო პოლიტიკური ცხოვრება და სამხედრო ძალა გამოეყენებინა ქვეგამხედვარე თუ კანონდამრღვევი წევრების მიმართ. ექსპერიმენტმა არ გაამართლა _ იმპერიის შინაგან წყობაში ჩაბუდებულმა ბოროტებამ კიდევ უფრო მძაფრად იჩინა თავი. ყოველი გერმანული მიწა თვით იმპერიის - ამ პოლიტიკური ურჩხულის _ მინიატურულ გამოხატულებად მოგვევლინა. ისინი ან ვერ ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, ანდა ამას მხოლოდ ძმათამკვლელი ომებისა და გაჩანაგებათა ფასად ახერხებენ. ზოგჯერ ისინი უარს ამბობდნენ თავიანთი კომპეტენციების განხორციელებაზე და ამით უფრო აღრმავებდნენ იმ უბედურებას, რომლისგან განკურნებაც მათ მოვალეობას წარმოადგენდა. თუანუსის მონათხრობის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ შეიარაღებული ძალმომრეობის ამ სისტემაზე. აბატი დე კრუა გარკვეული პრივილეგიებით რომ სარგებლობდა ქ. დონავერტში, შვაბიის მიწაზე, ერთ-ერთი ასეთი პრივილეგიით სარგებლობისას მოქალაქეებმა შეურაცხყვეს. შედეგმაც არ დააყოვნა და ეს ქალაქი იმპერიიდან გარიცხეს. გადწყვეტილების სისრულეში მოყვანა დაეკისრა ბავარიის ჰერცოგს, რომელიც სხვა მიწის მმართველი იყო. მალევე მისი ათიათასიანი არმია დონავერტის გალავანს შემოეწყო. საქმე ის იყო, რომ ჰერცოგს დიდი ხანია თვალი ეჭირა და ისტორიულ უფლებასაც იჩემებდა მასზე: დონავერტი ჩემი წინაპრების ქალაქია, საიდანაც ისინი უსამართლოდ გამოაძევესო [1]. ასე რომ, იგი არა იმპერიის, არამედ თავისი სახელით დაეპატრონა ქალაქს: განაიარაღა მისი გარნიზონი; სასტიკად გაუსწორდა მის მკვიდრთ და თავის სამფლობელოებს მიუერთა იგი. შეიძლება ვინმემ იკითხოს, რა ძალა აკავებდა ამ ფარღარალა შენობას ნანგრევებად ქცევისგანო? რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა ის, რომ მის სუსტ წევრებს არ უნდოდათ, უცხო ქვეყნების სამოწყალოდ ქცეულიყვნენ, ძლიერი წევრები კი ზემძლავრი მეზობლების წინაშე პირისპირ დარჩენას გაურბოდნენ. საბოლოო რღვევას ასევე დიდად აფერხებდა თვითონ იმპერატორის უზარმაზარი ავტორიტეტი და ზეგავლენა, რაც მას თავისი პირადი თუ მემკვიდრეობით გადმოცემული მამულებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შესძინეს. ამას ისიც ზედ ერთვოდა, რომ იმპერატორს არაფრით ეთმობოდა თავისი ტახტი, მისი ოჯახური წრის სიამაყეს რომ წარმოადგენდა და თვითონ ის ევროპის უპირველესი მბრძანებლის რანგში აჰყავდა. სწორედ ამ მიზეზებით იყო გამოწვეული, რომ ეს ეგზომ სუსტი და მონჯღრეული პოლიტიკური ნაგებობა ახერხებდა თავი დაეღწია საბოლოო განადგურებისთვის. სუვერენიტეტის ბუნება ისეთია, რომ იგი ვერ ითმენს ისეთ რამეს, რაც, შესაძლოა, მის დამოუკიდებლობას ზღუდავდეს. რაც დრო გადის, უფრო ძლიერდება ეს ტენდენცია, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს ყოველგვარი გაერთიანების სრულ უარყოფად არ იქცევა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ დავუშვათ და, იმპერიამ გადალახა ეს დაბრკოლება, მისი საშველი მაინც არ იქნება, ვინაიდან მეზობელი სახელმწიფოები ვერაფრით შეეგუებიან იმ პოლიტიკურ სახეცვლილებას, რაც მას კუთვნილი ძლიერებისა და უპირატესობის დაბრუნებას უქადის. მათ დიდი ხანია ძალიან კარგად იციან, თუ რა უნდა შეიცვალოს გერმანიის პოლიტიკურ სტრუქტურაში, მაგრამ არა გერმანიის, არამედ მათი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ჟამიდან ჟამს გამჟღავნებულა კიდეც მათი მზაკვრული ჩანაფიქრი: გერმანიამ თავი ვერასოდეს უნდა დააღწიოსო ანარქიას და დაუძლურებას. მაგალითები თავზესაყრელად გვაქვს; მარტო პოლონეთი რად ღირს, სადაც მმართველობას ადგილობრივი სუვერენები ახორციელებდნენ. ალბათ არ არსებობს უკეთესი დასტური იმისა, თუ რაოდენი უკუღმართობანი მომდინარეობენ ამგვარი სახელმწიფო მოწყობიდან; იგი ხომ ღმერთს არც ქვეყნის სამართავად უქნია და არც გარეშე მტრისგან მის დასაცავად. ამიტომაც არის პოლონეთი მისი ზემძლავრი მეგობრების სამოწყალოდ მიგდებული, რომლებმაც ამას წინათ მოიღეს კიდეც მოწყალება მის მიმართ, როცა ტერიტორიისა და მოსახლეობის ერთი მესამედი წაგლიჯეს მას. რაც შეეხება შვეიცარიის კანტონებს, ძნელია მას კონფედერაცია ვუწოდოთ. თუმცა მის მაგალითს ხშირად იშველიებენ, როცა ლაპარაკი ამგვარ გართიანებათა სიმტკიცეზეა. შვეიცარიის კანტონთა გაერთიანებას არც საერთო ხაზინა გააჩნია და არც საერთო ფული; რაც შეეხება ჯარს, ისინი ომის დროსაც კი არ გამოდიან შეერთებული შეიარაღებული ძალებით; ქვეყანაში არ არის სასამართლო წარმოების ერთიანი სისტემა და მას სუვერენობის არც სხვა რამ ნიშანი მოეპოვება. შვეიცარიის კანტონთა გაერთიანების საფუძვლად რამდენიმე გარემოება იქცა: თავისებური გეოგრაფიული მდგომარეობა; გათითოებულ კანტონთა სისუსტე და მნიშვნელობასმოკლებულობა; ძლევამოსილი მეზობლების წინაშე შიში, რომელთაგან ერთ-ერთის შემადგენლობაში ადრე შედიოდნენ კიდეც; ხალხის რბილი და ალალი ხასიათი, რომელიც ძალზე იშვიათად იქცევა ხოლმე უთანხმოებათაA წყაროდ; საკუთრების დაცვის საერთო ინტერესი; ურთიერთდახმარება იმ შემთხვევისათვის, თუ აუცილებელი გახდება ჯანყისა და ამბოხის ჩახშობა; თანადგომა, რომელიც თავიდანვე არის დათქმული და ხშირადაც უწევენ ერთმანეთს; ასევე ისეთი წესდების აუცილებლობა, რომელიც კანტონებს შორის სადავო საკითხებს აწესრიგებს და რომლის მიხედვით როგორც ერთი, ისე მეორე დაპირისპირებული მხარე ოთხ მოსამართლეს ირჩევს ნეიტრალური კანტონებიდან; მათვე აქვთ უფლება მედიატორი მოსამართლე აირჩიონ იმ შემთხვევაში თუ დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს უკანასკნელი, მიუკერძოებლობაზე ფიცს დებს და საბოოლოო განაჩენი გამოაქვს, რომლის განუხრელი აღსრულება ყველა კანტონისთვის ევალება. ამ წესდების კომპეტენციასა და ღირსებას თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ 1683წ. კანტონებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვიქტორ ამადეუს საქსონელთან, რომლის მიხედვითაც იგი კისრულობს მათ შორის მედიატორად გამოვიდეს და აუცილებლობის შემთხვევაში ძალაც კი გამოიყენოს ურჩი კანტონის მიმართ. შვეიცარიული კონფედერაცია თავისებური წარმონაქმნია და ალბათ გაჭირდება მისი შეერთებულ შტატებთან შედარება, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი იმ პრინციპის სისწორეს ადასტურებს, რომლის ხორცშესხმასაც ჩვენ ვაპირებთ. რაგინდ ეფექტური იყოს განხილული კავშირი აღუშფოთველ ყოველდღიურობაში, იგი პირველივე რყევისთანავე რღვევას იწყებს. სამგზის იავარჰყო ქვეყანა რელიგიურ ნიადაგზე აღგზნებულმა ცეცხლმა; სამგზის იწვიმეს სისხლის წვიმებმა შვეიცარიის მიწაზე, რამაც მოარყია კიდეც გაერთიანების საძირკველი. ამიერიდან პროტესტანტული და კათოლიკური კანტონები თავთავიანთ წარმომადგენლობით კრებებს აფუძნებენ. ყველა საჭირბოროტო საკითხი მათ რწმუნებაში გადადის. საერთო – ეროვნულ კრებას საერთო საზღვრებზე ზრუნვაღა რჩება. ამგვარ ორად გაყოფას ერთობ საყურადღებო შედეგიც მოჰყვა. ურთიერთდაპირისპირებულმა კანტონებმა ორ უცხოურ ძალასთან გააბეს კავშირი: პროტესტანტული კანტონები, რომელსაც სათავეში ბერნი უდგას, გაერთიანებულ პროვინციებს შეეკრა; ლუცერნის ირგვლივ გაერთიანებულმა კათოლიკურმა კანტონებმა კი საფრანგეთთან შეკრეს პირი. პუბლიუსი [1] პფეფელი ამტკიცებს, რომ ქალაქის დაპყრობის საბაბი ის გახდა, რომ ჰერცოგს მის დალაშქვრაზე გაწეული დანახარჯების ამოგება უნდოდაო. ფედერალისტი # 20 : მედისონი (ალექსანდრე ჰამილტონთან თანამშრომლობით) Spoiler ფედერალისტი # 20 : მედისონი (ალექსანდრე ჰამილტონთან თანამშრომლობით) 1787წ. 11 დეკემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს გაერთიანებული პროვინციები რესპუბლიკების, თუ მეტადრე, არისტოკრატიების ერთობ უჩვეულო კონფედერაციაა. მიუხედავად ამისა, ისიც ადასტურებს იმ გაკვეთილის სისწორეს, რომელიც უკვე განხილული მაგალითებიდან გამოვიტანეთ. ამ კავშირში შვიდი თანასწორი და სუვერენული სახელმწიფო შედის; თითოეული მათგანი ასევე თანასწორი და დამოუკიდებელი ქალაქებისგან შედგება. ყველა საჭირბოროტო საკითხში არა მარტო პროვინციების, არამედ ქალაქების ერთსულოვანი თანხმობაცაა საჭირო. უზენაეს ხელისუფლებას კავშირში ახორციელებს გენერალური შტატები, რომელიც, როგორც წესი, პროვინციების მიერ დანიშნული 50 წარმომადგენლისგან შედგება. ზოგი მათგანი ხუთი წლის ვადითაა დანიშნული, ზოგი კი თავის სავარძელში ექვსი, სამი ან ერთი წლით ზის. ორი პროვინციის წარმომადგენლებს კი უფლება აქვთ თანამდებობაზე იმდენი ხნით დარჩნენ, რამდენი ხნითაც ნებავთ. გენერალური შტატები უფლებამოსილია: დადოს ხელშეკრულებები და შევიდეს ალიანსებში; გამოაცხადოს ომი და ხელი მოაწეროს საზავო ხელშეკრულებას; შეკრიბოს ჯარი და შეაიარაღოს ფლოტი; განსაზღვროს ფულად შესატანთა კვოტები. თუმცა თითოეულ ამ შემთხვევაში კონფედერაციის ყველა წევრის ერთსულოვანი თანხმობა და სანქციაა აუცილებელი. გენერალური შტატების კომპეტენციაში ასევე შედის ელჩების დანიშვნა და მიღება; უკვე დადებული ხელშეკრულებებისა და ალიანსების შესრულება; იმპორტსა და ექსპორტზე გადასახადების ამოღების უზრუნველყოფა; ზარაფხანის საქმიანობის წარმართვა ყველა პროვინციის უფლებათა დაცვით; დამოკიდებული ტერიტორიების მართვა. გენერალური შტატების თანხმობის გარეშე, პროვინციებს ეკრძალებათ ისეთი ხელშეკრულებების დადება, რომლებმაც, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს სხვებს. მათ არც იმის უფლება აქვთ, რომ მეზობელ პროვინციებს უფრო დიდი გადასახადი გადააახდევინონ, ვიდრე საკუთარ მოსახლეობას ახდევინებენ. ფედერალური მმართველობის გაძლიერების მიზანს ემსახურება სახელმწიფო საბჭო და საფინანსო პალატა, საადმირალო დაწესებულების ხუთ კოლეგიასთან ერთად. კავშირის მთავარი თანამდებობის პირი შტადჰოლდერია. ამჟამად იგი მეფის სახითაა წარმოდგენილი. კავშირში იგი უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს, რაც მისი წოდებრივი მდგომარეობით, დიდი საგვარეულო ქონებითა და ევროპის ზოგიერთ მთავარ მონარქთან მისი ოჯახური კავშირებითაა განპირობებული. მაგრამ მისი ავტორიტეტის მთავარი წყარო მაინც შტადჰოლდერის თანამდებობაა, რაც მას უფლებამოსილებას ანიჭებს სხვადასხვა პროვინციების ქალაქებში ხელისუფლება დანიშნოს; პროვინციათა მიერ გამოცემული განკარგულებანი აღასრულოს; სურვილისდამიხედვით თავმჯდომარეობა გაუწიოს პროვინციათა უზენაეს სასამართლოებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენოს შეწყალების მისთვის მინიჭებული განსაკუთრებული უფლება. ის, როგორც შტადჰოლდერი, მნიშვნელოვანი პრეროგატივებით სარგებლობს. სახელმწიფოს მეთაურის რანგში იგი უფლებამოსილია მოაგვაროს პროვინციებს შორის ატეხილი დავა, თუ ყველა სხვა საშუალება ამაო აღმოჩნდა; მონაწილეობა მიიღიოს გენერალური შტატების თათბირებში და დაესწროს მის ცალკეულ სხდომებს; აუდიენცია მოუწყოს საზღვარგარეთის ელჩებს და თავისი ნდობით აღჭურვილი პირები იყოლიოს უცხო ქვეყნების სამეფო კარზე. როგორც სამხედრო მეთაური, იგი ხელმძღვანელობს ფედერალურ შეიარაღებულ ძალებს, აყალიბებს გარნიზონებს, და საზოგადოდ, წარმართავს სამხედრო საქმეებს; პოლკოვნიკიდან დაწყებული, ლეიტენანტის ჩათვლით, ის ნიშნავს ყველა სამხედრო უფროსს; მის კომპეტენციაში ასევე ყველა გამაგრებული ქალაქის მმართველობათა დანიშვნა შედის. როგორც საზღვაო შეიარაღებული ძალების უფროსი, იგი არის ადმირალ – გენერალი და არამარტო სამხედრო ფლოტის, არამედ ყველა სხვა საზღვაო საკითხსაც წარმართავს; პიროვნულად ან წარმომადგენლის მეშვეობით უძღვება საადმირალო უწყების მუშაობას; ნიშნავს ადმირალ – ლეიტენანტებს; აარსებს სამხედრო საბჭოებს, რომელთა გადაწყვეტილებები ძალაში მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ შედიან. მისი წმინდა თანამდებობრივი შემოსავალი 300 000 ფლორინს შეადგენს. მის განკარგულებაშია 40 000 – იანი რეგულარული არმია. ასე გამოიყურება ბელგიის განთქმული კონფედერაცია პერგამენტზე. მაგრამ რას წარმოადგენს ის სინამდვილეში? უნიათო მართვას; პროვინციებს შორის უთანხმოებას; უცხოურ ზეგავლენასა და დამცირებას; მერყევ მშვიდობასა და ომის მიერ მიყენებულ უბედურებებს. კროციუსმა დიდი ხნის წინ შენიშნა: გაერთიანებული პროვინციების ერთობა სხვას არაფერს ეფუძნება, თუ არა ავსტრიის სამეფო კარის მიმართ მისი მოსახლეობის სიძულვილსო; ეგ რომ არა, მას დიდი ხანია მოუსავლეთში გაისტუმრებდა მის პოლიტიკურ აგებულებაში ჩაბუდებული უკუღმართობანიო. სხვა პატივცემული ავტორი წერს: უტრეხტის უნია საკმაო უფლებამოსილებას ანიჭებს გენერალურ შტატებს თანხმობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ პროვინციებს შორის შუღლი ბელგიურ თეორიასა და პრაქტიკას უფსკრულით აშორებს ერთმანეთისგანო. იგივე ხელშეკრულება, როგორც კიდევ ერთი ავტორი ამბობს, თითოეულ პროვინციას საერთო ხაზინაში გარკვეული შესატანების შეტანას ავალდებულებს, მაგარამ ეს მუხლი არ სრულდება და ალბათ, არასდროს შესრულდება, ვინაიდან ქვეყნის შუა ნაწილში განლაგებული პროვინციები – აღებმიცემობა თითქმის არაა განვითარებული, – სხვებთან გათანაბრებულ კვოტას ვერ იხდისო. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ხელშეკრულების იმ პუნქტისთვის თავის არიდება, რომელიც შესატანებს განსაზღვრავს. ყოველთვის არსებობს ამ პროცესის გაჭიანურების საფრთხე, ამიტომ გადახდისუნარიან პროვინციებს, ურთიერთთანხმობის საფუძველზე ისე შეაქვთ თავიანთი კვოტები, რომ სხვებს არ ელოდებიან. მოგვიანებით კი თავიანთ რწმუნებულთა მიგზავნით, ანდა სხვა რამ საშუალებით, ზარალის ამოგებას ცდილობენ. ჰოლანდია ორივე ამ საშუალებას იყენებს. მას ხომ ამის უფლებას მის მიერ მოხვეჭილი უშველებელი სიმდიდრე და ავტორიტეტი ანიჭებს. ხშირად დანაკლისის ამოსაგებად ხიშტსაც იყენებენ. ეს სახიფათო ხერხი იმ კონფედერაციებშია გავრცელებული, სადაც მისი ერთი რომელიმე წევრი ძალით დანარჩენებს აღემატება, რომლებიც ისე არიან დაუძლურებულნი, რომ მას წინააღმდეგობას ვერ უწევენ. მაგრამ შეუძლებელია, ასეთი რამ იქ ხდებოდეს, სადაც გაერთიანების რამდენიმე წევრი თანაბარ სიძლიერესა და რესურსებს ფლობს; ამ შემთხვევაში ნებისმიერ მათგანს მარტოდმარტოს შეეძლება წინააღმდეგობის გაწევა და თავის დაცვა. საგარეო საქმეთა მინისტრებიო, _ წერს თვითონაც ნამინისტრალი სერ უილიამ ტემპლი და რეფერენდუმდადებული შეთანხმებების შესრულებას თავს არიდებდნენ; ამის შესახებ ფარულად ატყობინებდნენ პროვინციებსა და ქალაქებსო. 1726წ. სწორედ ამ გზით გადაიდო ერთი წლით ჰანოვერის შეთანხმების შესრულება. უამრავი ასეთი ცნობილი მაგალითის მოხმობა შეიძლებოდა. საგანგებო სიტუაციებში გენერალური შტატები ხშირად აჭარბებს თავის უფლებამოსილებებს. 1688წ. მან მისივე ინიციატივით დადო ხელშეკრულება, რითაც თავი საფრთხეში ჩაიგდო. 1648წ. ვესტფალიის ხელშეკრულებაც, რომელმაც ფორმალურად და საბოლოოდ სცნო მისი დამოუკიდებლობა, ზელანდიის თახმობის გარეშე გააფორმა. არცთუ დიდი ხნის წინ ერთსულოვანი თანხმობის პრინციპი ისევ იქნა დარღვეული დიდ ბრიტანეთთან დადებული ბოლო სამშვიდობო შეთანხმებით. თუ სახელმწიფოებრივი წყობა სუსტია, იგი აუცილებლად დაირღვევა ან სათანადო ძალის უქონლობის, ანდა იმ ძალაუფლების უზურპაციის წყალობით, რომელიც საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა აუცილებელი. მაგარამ მთლიანად შექმნილ მდგომარეობაზეა დამოკიდებული ის, უზურპატორი მოთმინების ზღურბლთან შედგება თუ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯებს. ტირანია უფრო ხშირად მაშინ იბადება, როცა საგანგაშო მდგომარეობაში ჩავარდნილი მანკიერი წყობა ძალაუფლების მიტაცების აუცილებლობას წარმოშობს, ვიდრე მაშინ, როცა ხელისუფლება სრულად ახორციელებს ყველაზე ფართო უფლებამოსილებებს. მიუხედავად იმ უბედურებებისა, თან რომ ახლავს შტადჰოლდერის ინსტიტუტს, უნდა ვიფიქროთ, რომ ცალკეულ პროვინციებში სწორედ მისი უდიდესი ზეგავლენის დამსახურებაა, თუ იმ ქაოსმა, რამაც თავი იჩინა კონფედერაციაში დიდი ხნის წინათ, ბოლო არ მოუღო მას. აბატი მაბლი წერს:” ასეთი მართვის პირობებში კავშირი, ალბათ, ვერ შეძლებდა არსებობას, მას ხელთ რომ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი – შტადჰოლდერი არ ჰქონდესო. სწორედ მას ხელეწიფება, პროვინციებს მათთვის დამახასიათებელი სიზანტე დააძლევინოს და ერთი მიმართულებით ფიქრი აიძულოს.” სერ უილიამ ტემპლი აღნიშნავს: “იმ შუალედებში, როცა შთადჰოლდერის ინსტიტუტი არ არსებობდა, ჰოლანდია, - თავისი სიმდიდრისა და ზეგავლენის წყალობით, სხვა პროვინციებს იმორჩილებდა და მდგომარეობას ეპატრონებოდაო”. მაგრამ მარტო ეს გარემოებები როდი აკავებდნენ ანარქიისა და დაშლის ტენდენციას. გარკვეულწილად ამ გაერთიანების არსებობა მისი მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებშიც შედიოდა. მათი ინტრიგები სწორედ რომ კავშირისთვის შინაგანად დამახასიათებელი ნაკლოვანებების გაღრმავებისკენ იყო მიმართული. ასეთი პოლიტიკით ისინი ცდილობდნენ იგი თავიანთ ნებაზე ებურთავებინათ. ამ კონფედერაციის ჭეშმარიტი პატრიოტები ყოველთვის გამოთქვამდნენ წუხილს მისი ნაკლოვანებების გამო. ისინი შესაშური თავგამოდებით ცდილობდნენ საზოგადოებრივი საბჭოების გაერთიანებას, რათა სამკურნალო საშუალება გამოეძებნათ კონფედერაციის სტრუქტურაში არსებული და ყველასათვის ცხადი ბოროტების წინააღმდეგ. მაგრამ საწადელს ვერა და ვერ აღწევდნენ. ამავე მიზნით ოთხჯერ მოიწვიეს მათ საგანგებო ასამბლეა. თანამემამულენო, მოდით ერთი წამით შევდგეთ ისტორიის ამ სევდიანი გაკვეთილის წინაშე. დაე ცრემლით დავალტოთ მისი ფურცლები, ადამიანური ამპარტავნებითა და უკეთური აზრებით გამოწვეულ უკუღმართობებს რომ ვერ იტევენ; დაე, ჩვენს გულს აღმოსკდეს ზეცის სამადლობელი იმ კეთილმოსურნეობის ატმოსფეროს გამო, რომელშიც ჩვენი დებატები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ფედერალური მთავრობა საერთო გდასახადის შემოღებასაც გეგმავდა, თუმცა მასაც მტრები გამოუჩნდა და ჩავარდა. ეს უბედური ხალხი ახლა რყევებით, პროვინციებს შორის უთანხმოებებითა და თავდაცვითი ომებითაა გაწამებული. მისი არსებობა ბეწვზე კიდია. მთელი კაცობრიობა გულისტკივილით შეჰყურებს ამ სევდიან სანახაობას. პირველი რამ, რასაც ყველა უსურვებს მას, ისაა, რომ ყოველივე ეს ისეთი მმართველობის შემოღებით დასრულდეს, კავშირს სიმტკიცეს რომ მიანიჭებს, მის მოსახლეობას კი სიმშვიდეს, თავისუფლებასა და ბედნიერებას მოუტანს. მეორე სურვილი კი ისაა, რომ როცა ქვეყანა კურთხეულ ნავსაყუდელს მიაღწევს, უსწრაფესი ღონისძიებებით განამტკიცოს ის მდგომარეობა, რომელმაც ხალხი კატასტროფისგან იხსნა. შენდობას არ ვითხოვ იმის გამო, რომ ეგზომ ხანგრძლივ შევყევი ამ ფედერაციული წარმონაქმნის შესახებ მსჯელობას. გამოცდილება ჭეშმარიტების ორაკულიაო, უთქვამთ. როცა შეკითხვებზე ერთსულოვან პასუხებს იძლევიან, მაშინ ისინი წმინდაა და დარწმუნების ძალაც შესწევთ. ყველაზე დიდი ჭეშმარიტება, რაც ამ შემთხვევაში გამჟღვნდა, ისაა, რომ სუვერენის სუვერენი, მთავრობის მთავრობა, საკანონმდებლო ძალაუფლებით აღჭურვილი კორპორაციული პირები, რომლებიც მოქალაქეებისგან განსხვავდებიან, სხვა არაფერია, თუ არა თეორიული შეცდომა; პრაქტიკაში იგი ძირს უთხრის სახელმწიფოებრივ მოწესრიგებას, რაკი კანონი ძალმომრეობით იცვლება; სხვანაირად რომ ვთქვათ, ლმობიერი სამოქალაქო ძალადობის ადგილს მახვილის გამაჩანაგებელი ძალმომრეობა იჭერს. პუბლიუსი ფედერალისტი # 21 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი # 21 : ჰამილტონი 1787 წ. 12 დეკემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს ბოლო სამ წერილში ის მთავარი გარემოებანი და მოვლენები შევაფასეთ, ფედერაციულ მთავრობათა სულისა და ხვედრისთვის რომაა დამახასიათებელი. ახლა კი ყველაზე მთავარ ნაკლოვანებათა განხილვაზე გადავდივარ, დღემდე რომ გვიმტყუნებენ იმედებს ჩვენში ჩამოყალიბებულ სისტემასთან დაკავშირებით. სათანადო სამკურნალო საშუალების თაობაზე მართებულად რომ ვიმსჯელოთ, აუცილებელია, კარგად ვიცოდეთ, თუ რა სტადიაშია ავადმყოფობა და რამდენად სახიფათოა ის. არსებული კონფედერაციის შემდეგი ყველაზე თვალშისაცემი ნაკლი ის არის, რომ კანონებს ჩვენში ზურგს არანაირი სანქცია არ უმაგრებს. შეერთებული შტატები იმ სახით, რა სახითაც ის დღეს არსებობს, მოკლებულია ძალაუფლებას, რომლითაც ის მოქალაქეებს მორჩილებას დააკისრებდა თუ მისი გადაწყვეტილებების არშესრულებისთვის მათ სასჯელს დაადებდა ან ფულადი ჯარიმის სახით, ანდა პრივილეგიების შეჩერებისა თუ მათი ჩამორთმევის გზით. ფედერალური ხელისუფლებისთვის არ არის მკაფიოდ დელეგირებული ურჩი წევრების მიმართ ძალის გამოყენების უფლებამოსილება. თუ შტატებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მიენიჭოს მას ამგვარი უფლება, მაშინ აუცილებელია, ეს ამ ხელშეკრულების მეორე პუნქტზე დაყრდნობით განხორციელდეს, სადაც გაცხადებულია: “თითოეულ შტატს ყველა ის ძალაუფლება, იურისდიქცია და უფლება უნარჩუნდება, რომელიც კონგრესის მიერ შეერთებული შტატებისთვის მკაფიოდ დელეგირებული არ არის”. უაზრობა იქნებოდა იმის მტკიცება, ასეთი უფლება არ არსებობსო, მაგრამ აშკარა დილემის წინაშე ვდგავართ: ან უნდა დავეთანხმოთ ამ დებულებას, რაგინდ უაზროც ჩანდეს ის, ანდა იგი უნდა გავარჩიოთ ან განვმარტოთ; ის ხომ ერთი იმ თემათაგანია, რომლის ქებაც ამ ბოლო დროის განმავლობაში არ ბეზრდებათ ახალი კონსტიტუციის მოწინააღმდგეებს და რომლის პროექტში არშეტანისთვისაც ისინი მეტწილად სამართლიანად გვსაყვედურობდნენ და მკაცრადაც გვაკრიტიკებდნენ. თუ არ გვინდა, დაკნინებულ იქნეს ამ ეგზომ ნაქები დებულების მნიშვნელობა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ შეერთებული შტატები იმგვარი მმართველობის ნიმუშია, სრულიად მოკლებული რომაა ისეთ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, რომელსაც მის მიერევე მიღებული კანონების აღსრულება შეეძლებოდა. უკვე მოხმობილი მაგალითებიდან ჩანს, რომ ამერიკული კონფედერაცია, ამ მხრივ, დისკრიმინირებულ მდგომარეობაშია ყველა მსგავს დაწესებულებასთან შედარებით და მსოფლიოს სრულიად ახალ და ჯერარნახულ ფენომენად ევლინება. ფედერაციული გეგმის კიდევ ერთი არსებითი ნაკლი ისაა, რომ მასში არ არის გათვალისწინებული შტატების მთავრობებს შორის ურთიერთგარანტიები. მის შემადგენელ არც ერთ პუნქტში ამის შესახებ კრინტიც არ არის დაძრული. რაც შეეხება იმის მტკიცებას, სარგებლიანობის პრიციპიდან გამომდინარე, ასეთი გარანტიები ისედაც იგულისხმებაო, ეს ზემოხსენებული პუნქტიდან კიდევ უფრო შეუწყნარებელი გადახვევა იქნებოდა, ვიდრე ის, რომ მსგავსი მოსაზრებებიდან შემდეგი დასკვნა გამოგვეტანა: ძალის გამოყენება ისედაც იგულისხმებაო. გარანტიების უქონლობამ, შესაძლოა, არსებითი საფრთხე შეუქმნას კავშირს, მაგრამ იგი ისე უშუალოდ არ ემუქრება მის არსებობას, როგორც კონსტიტუციური სანქციით კანონთა უზრუნველმყოფელის არარსებობა. გარანტიის გარეშე შეუძლებელი იქნება იმ საშინაო საფრთხეების თავიდან აშორება, რომლებიც, შესაძლოა, ჟამიდან ჟამს შტატების კონსტიტუციას დაემუქროს. შესაძლოა, უზურპაციამ ფრთები ყველა შტატში გაშალოს და ფეხქვეშ გათელოს ხალხის უფლებები; ეროვნულ მთავრობას კი ლეგალურად არაფრის გაკეთება არ შეეძლება, გარდა იმისა, რომ აღშფოთებითა და სინანულით ადევნოს თვალი, თუ როგორ შეურაცხყოფენ მის მოსახლეობას. შესაძლოა, წარმატებულმა დაჯგუფებამ ტირანიის სასახლე წამოჭიმოს წესრიგისა და კანონიერების ნანგრევებზე, ხელისუფლებას კი არ ექნება კონსტიტუციური უფლება, დახმარება გაუწიოს მის მეგობრებსა და მხარდამჭერებს. ის ბობოქარი სიტუაცია, რომელსაც ეს-ესაა მასაჩუსეტსმა თავი დააღწია, ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ ზემოხსენებული საფრთხეები მარტო თეორიული ხასიათისანი როდი არიან. ვინ იცის, თუ რა შედეგით დასრულდებოდა ეს მღელვარებანი უკმაყოფილო ხალხის მასას სათავეში კეისარი ან კრომველი რომ მოქცეოდა? განა ვინმეს ძალუძს იმის წინასწარმეტყველება, თუ რა ზეგავლენას მოახდენდა მასაჩუსეტსში დამყარებული დესპოტიზმი ნიუჰამპშირის თუ როდაილენდის, კონეკტიკუტისა თუ ნიუ-იორკის თავისუფლებებზე? შტატების თავისუფლებით მეტისმეტმა თავმოწონებამ ზოგ პირს ასეთი შესიტყვება ჩააგონა: ფედერალური მთავრობისთვის გარანტიის მიცემა შტატების საშინაო საქმეებში ჩარევას მოასწავებსო. უნდა ითქვას, რომ ამგვარი ეჭვი დაგვაკარგინებს ერთ-ერთ დიდ სარგებელთაგანს, რისი მოცემაც ჩვენთვის კავშირს შეეძლო. ამგვარი დანაკარგის მიზეზი კი საქმის არსში ვერჩაწვდომაა. საქმე ის არის, რომ იგი ხელს არაფრით შეუშლის ხალხის უმრავლესობას, კანონიერად და მშვიდობიანად შეცვალოს შტატების კონსტიტუცია. მისი ეს უფლება შეუვალი რჩება. გარანტია მხოლოდ იმას შეეხება, რომ ამგვარი ცვლილება ძალის გამოყენებით არ მოხდება. ბევრი როდია ისეთი საშუალება, რაც თავიდან აგვაშორებს ასეთ უკეთურობებს. საზოგადოების სიმშვიდე და მთავრობის სტაბილურობა მთლიანად მასზეა დამოკიდებული. იქ, სადაც ძალაუფლება მთლიანად ხალხის ხელშია, ნაკლები საბაბი არსებობს არეულობების დროს ძალის გამოყენებისა. ცუდი მმართველობის ბუნებრვი სამკურნალო საშუალება სახალხო თუ წარმომადგენლობითი ხელისუფლებებისას ისაა, რომ ხალხი იცვლება. ეროვნული მთავრობისთვის მიცემული გარანტია მიმართული იქნება როგორც ადგილობრივი უზურპატორების, ისე ადგილობრივ თემებში არეულობების, მღელვარებებისა და ჯანყის გამოვლინებათა წინააღმდეგ. კონფედერაციის სტრუქტურაში კიდევ ერთი არსებითი შეცდომა ისაა, რომ შტატებს საერთო ხაზინაში შესატანები დადგენილი კვოტების მიხედვით შეაქვთ. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ის, რომ ამ გზით სრულიად შეუძლებელია აუცილებელ ეროვნულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, რაც საქმითაც საკმარისად დადასტურდა. ეს საკითხი ხელახლა წამოვჭერი, თუმცა მხოლოდ შტატებს შორის თანასწორობის კუთხით. ყველა, ვინც იმ გარემოებათა გააზრებაშია გაჩვეული, რომლებშიც ბუნებრივი სიმდიდრე წარმოიშობა და ყალიბდება, დამეთანხმება, რომ არ არსებობს საერთო სტანდარტი თუ ბარომეტრი, რომლითაც მისი მოცულობის ზუსტი განსაზღვრა შეიძლებოდეს. ვერც მიწის ღირებულება და ვერც მოსახლეობის რაოდენობა ერთიმეორის მიყოლებით თითოეული შტატისთვის შესატანთა დადგენის კრიტერიუმად რომ გვთავაზობდნენ, ვერ გამოხატავს სამართლიან თანაფარდობას. თუ ნიდერლანდის ბუნებრივ სიმდიდრეს რუსეთის ან გერმანიის, ან თუნდაც საფრანგეთისას შევუდარებთ, და თუ იმავდროულად ამ პატარა ოლქის ყველა მიწის ღირებულებასა და მოსახლეობის რაოდენობას, ზემოდასახელებული სამი ქვეყნიდან ერთ-ერთის მიწების ღირებულებასა და მოსახლეობის რაოდენობას შევუპირისპირებთ, უმალვე მივხვდებით, რომ არ არსებობს პროპორციული თანაფარდობა მიწის ღირებულებას, მოსახლეობის რაოდენობასა და ამ ქვეყნების შედარებით სიმდიდრეს შორის. თუ მსგავს პარალელს ამერიკის შტატებს შორის გავავლებდით, იმავე შედეგს მივიღებდით. მოდით, ვირჯინია ჩრდილო კაროლინას, პენსილვანია კი კონეკტიკუტს, ანდა მერილეინდი ნიუჯერსს შევუპირისპიროთ და დავრწმუნდებით, რომ ამ შტატების შესაბამისი საშემოსავლო შესაძლებლობანი ძალზე სუსტადაა დაკავშირებული, ან ყოველგვარ კავშირს მოკლებულია მათი მიწების ღირებულებასა თუ მოსახლეობის რაოდენობასთან. ამგვარადვე შეიძლება ამ დებულების ნათელყოფა ერთი და იმავე შტატის შიგნით ოლქებს შორის თანაფარდობის მაგალითზე. ნიუ-იორკის არც ერთი მცოდნე ეჭვის ქვეშ არ დააყენებს, რომ კინგსის ოლქის აქტიური სიმდიდრე ბევრჯერ აღემატება მონტგომერის ანალოგიურ სიმდიდრეს. არაფერი სახეირო არ გამოვა, თუკი კრიტერიუმად მიწების ჯამურ ღირებულებას, ანდა მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ! ერთა სიმდიდრე უამრავ გარემოებაზეა დამოკიდებული, გეოგრაფიული მდგომარეობა იქნება ეს თუ ნიადაგის ნაყოფიერება; კლიმატური პირობები თუ წარმოების წესი; მართვის ხასიათი თუ მოქალაქეთა სულისკვეთება; განათლების მათეული დონე თუ აღებმიცემობის მდგომარეობა; ხელოსნობის განვითარების დონე თუ მრეწველობის მდგომარეობა. ასეთი და ბევრად უფრო კომპლექსური გარემოებანი, რომელთაგან ზოგი უმნიშვნელო თუ შემთხვევითიც კია, ერთობ ართულებს იმას, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ზუსტად განისაზღვროს ის, თუ რა თანაფარდობაშია ერთმანეთთან სხვადასხვა ქვეყნები მათი შეძლებულობისა და სიმდიდრის მხრივ. არ არსებობს ეროვნული სიმდიდრის საერთო საზომი, – ასეთი ცხადი და გასაგები შედეგი გამომდინარეობს ყოველივე იმიდან, რაც ითქვა. აქედან გამომდინარე, არც ისეთი ზოგადი და უცვლელი წესი არსებობს, რომლის მიხედვითაც ზუსტად გამოვითვლიდით, თუ რამდენად უნარიანია ესა თუ ის შტატი, ამა და ამ ოდენობის გადასახადი გადაიხადოს. ამრიგად, შტატებს უთუოდ აშკარა უსამართლობად და შევიწროებად შემოუტრიალდებათ შესატანთა მოწესრიგების ნებისმიერი ასეთი მცდელობა. მარტო ასეთი უთანასწორობაც კი საკმარისი აღმოჩნდება ამერიკის დასაშლელად, იმ შემთხვევაში, თუ გამოიჩხრიკა საშუალება და შტატებს ძალით მოახვიეს თავს ამგვარი რეკვიზიციები. დაჩაგრული შტატები ვერ შეურიგდებიან იმას, რომ საზოგადოებრივი ტვირთი ეგზომ არათანაბრად ნაწილდებოდეს, მათი მოსახლეობა გასაჭირსა და სიდუხჭირეში სულს ძლივს მიათრევდეს, მაშინ, როცა სხვა შტატების მოქალაქენი ვერც კი გრძნობდნენ მათ წილად მოსულ ვალდებულებას მისი ფრიადი სიმსუბუქისა გამო. ეს ჭირი კვოტებისა და რეკვიზიციების პრინციპის მიუცილებელი თანამდევია. ამ შეჭირვებიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს: ეროვნულ ხელისუფლებას უნდა გადაეცეს უფლებამოსილება, რომ თვითონ – მის მიერ დადგენილი წესის მიხედვით- შეაგროვოს თავისი შემოსავლები. საბაჟო გადასახადი იმპორტზე, აქციზი და საერთოდ სამომხმარებლო საქონლზე ყველა გამოსაღები ჭურჭელში ჩასხმულ სითხეს წააგავს: დროთა განმავლობაში მათსა და მათი გდახდის საშუალებებს შორის წონასწორობა მყარდება. თითოეული მოქალაქე როგორღაც თვითონვე ირჩევს, თუ რა მოცულობის გადასახადი უნდა გადაიხადოს და თვითონვე ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ იგი მის ხელთ არსებული რესურსების მიხედვით არეგულიროს. მდიდარმა, შესაძლოა, გულუხვობა გამოიჩინოს, ღარიბმა კი – მომჭირნეობა. ხოლო კერძო პირის შევიწროებას ყოველთვის ავიცილებთ თავიდან, თუკი გულმოდგინედ და სამართლიანად შევარჩევთ დასაბეგრ საქონელს. თუ ზოგიერთ შტატში ერთ კონკრეტულ საქონელზე გადასახადის ოდენობასთან დაკავშირებული უთანაბრობა წარმოიშვა, ეს ადვილად გაწონასწორდება იმ პროპორციული უთანაბრობით, რომელიც სხვა შტატებში სხვა საქონელთან მიმართებაში წარმოიშობა. დროთა განმავლობაში და გარემოებათა წყალობით, ერთ მშვენიერ დღეს სრულიად კავშირში წონასწორობა დაისადგურებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ამ ეგზომ რთულ დარგში. დარჩენილი განსხვავება კი არც თუ ისე მნიშვნელოვანი იქნება; თავისი ერთგვაროვნებიდან გამომდინარე, იგი არც ისე აუტანელი იქნება, როგორც ნებისმიერ თარგზე გამოჭრილი გადასახადის შემთხვევაშია, რაგინდ რუდუნებით იყოს იგი მოფიქრებული. თვალსაჩინო უპირატესობა, რომელიც მოხმარების საქონელზე გადასახადების შემოღებას ახლავს, ისაა, რომ იგი გამორიცხავს გაუთვალისწინებელ შემთხვევებს; თვითონვე ადგენს თავის საზღვრებს, რომელთა დარღვევა შეუძლებელია, თუ ამავე დროს დასახულ მიზანსაც არ გადაუხვიე; ეს უკანასკნელი კი სხვა არაფერია, თუ არა შემოსავლების ზრდა. სწორედ ამ შემთხვევაზეა ზედგამოჭრილი ანდაზა:’’ პოლიტიკურ არითმეტიკაში ორჯერ ორი ყოველთვის არ არის ოთხის ტოლიო.” როცა გადასახადები ძალზე მაღალია, მოხმარება იკლებს, მათ გადახდას კი თავს არიდებენ. ხაზინაშიც იმდენი არ შედის, რამდენიც მაშინ გროვდება, როცა გადასახადები მოზომილია და ზომიერი. ეს ვითარება გადულახავ წინაღობად აღემართება ყველას, ვისაც ამ ყაიდის გადასახადებით ადამიანთა შევიწროება სურს; იგი, ამავე დროს, ის ბუნებრივი საზღვარია, რომელსაც არ უნდა გადადიოდეს მთავრობა თავისი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისას. ასეთი გადსახადები არაპირდაპირ გადასახადებად იწოდებიან და სახელმწიფო შემოსავლების წყაროს უპირატესად სწორედ ისინი უნდა წარმოადგენდნენ. რაც შეეხება პირდაპირ გადასახადებს, ამ ყაიდის გადასახადებით მიწა და ნაგებობანი უნდა იბეგრებოდეს პროპორციული დაბეგვრის წესის მიხედვით. შეფასების კრიტერიუმად ან მიწის ღირებულება, ანდა მოსახლეობის რაოდენობა გამოიყენება. ყოველთვის მიაჩნდათ, რომ სოფლის მეურნეობის მდგომარეობა და ქვეყანაში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთმანეთზეა გადაბმული. ამიტომ, ბუნებრივია, გაანგარიშებების წარმოებისას უპირატესობას ციფრულ გამოსახულებებს ვანიჭებდეთ მათი სიმარტივისა და სანდოობის გამო. ჰერკულესსაც კი წელში გაწყვეტდა იმ ამოცანის სიმძიმე, რაც ნებისმიერ ასეთ ქვეყანაში მიწის ღირებულების განსაზღვრას უკავშირდება. მეჩხრად დასახლებულ განვითარებად ქვეყანაში კი ამ სიძნელეთა გადალახვა აბსოლუტურად შეუძლებელია. დაბეგვრა ერთობ რთული საკითხია; ამ საქმეში, სწორედაც რომ არასდროს აწყენდა ხელისუფლებას კეთილგონიერების გამოჩენა, იმის გათვალისწინება, რომ წესის შემოღება უფრო ცოტა უხერხულობას ქმნის, ვიდრე ყველაფრის ბედზე მინდობა. პუბლიუსი ფედერალისტი # 22 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი # 22 : ჰამილტონი 1787წ.14 დეკემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს არსებულ ფედერალურ სისტემას, გარდა უკვე ჩამოთვლილი ნაკლოვანებებისა, ბევრი სხვა არანაკლებ არსებითი წუნიც აქვს, ყველა ერთად კი მას სრულიად გამოუსადეგარს ხდის კავშირის საქმეთა მართვის თვალსაზრისით. ყველა მხარის აღიარებით, ამ ნაკლოვანებათა შორისაა ისეთი ძალაუფლების უქონლობა, რომელიც აღებმიცემობას აწესრიგებს. მისი სარგებლიანობის შესახებ მსჯელობას მნიშვნელოვანი ადგილი დავუთმეთ ჩვენს გამოკვლევაში. ამიტომ და იმის გამოც, რომ ამ თემაზე თითქმის არავინ დავობს, უკვე თქმულზე დასამატებელიც ბევრი არაფერი დარჩა. თვალის ერთი გადავლებითაც კი ცხადია, რომ არ არსებობს სხვა რამ საკითხი, რომელიც ვაჭრობისა თუ ფინანსების ინტერესებს შეეხება და ფედერალური ხელისუფლების მხრივ უფრო მკაცრ მართვას მოითხოვს. მისი უქონლობა ხელს უშლის საზღვარგარეთის ქვეყნებთან სასარგებლო ხელშეკრულებათა დადებას და შტატებს შორის უთანხმოებების საბაბიც ხდება. არც ერთი სახელმწიფო, რომელიც ჩვენი გაერთიანების ბუნებას იცნობს, არ გამოიჩენდა უგუნურებას და შეერთებულ შტატებთან არ გააფორმებდა ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც ამ უკანასკნელს რამდენადმე მაინც მნიშვნელოვან პრივილეგიებს მიანიჭებდა, რაკი მათ ეცოდინებოდათ, რომ კავშირის წევრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ აღებული ვალდებულებების დარღვევა. გამოცდილებაც ამ ქვეყნების მხარესაა, ისინი ხომ ჩვენი ბაზრის სიკეთეებით ყოველთვის შეუზღუდავად სარგებლობდნენ, სანაცვლოდ კი არასდროს არაფერი გაუღიათ, გარდა იმისა, რაც იმ მომენტში ისევ მათთვის იყო ხოლმე სახეირო. ამიტომ გასაკვირი არაფერია იმაში, თუ ბატონმა ჯენკინსონმა თემთა პალატაში შეტანილ კანონპროექტს, რომელმაც ორ სახელმწიფოს შორის დროებითი ურთიერთობანი უნდა მოაწესრიგოს, განაცხადი წარუმძღვარა: როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ძველი კანონპროექტები ბრიტანეთის ყველა სააღებმიმცემო მიზანს პასუხობდა, ამიტომ გონივრული იქნება, იმავე გეგმას მივსდიოთ და დაველოდოთ, ამერიკა გამოიჩენს თუ არა სათანადო სიმტკიცესო.* ზოგიერთი შტატი ერთ ჭაპან – წყვეტაში იყო, რომ როგორმე ისეთი აკრძალვები, შეზღუდვები და გამონაკლისები შემოეღო, რომლებიც ზემოქმედებას მარტო ამ სამეფოს მოქმედებაზე მოახდენდნენ. მაგრამ შტატებს შორის საერთო ხელისუფლების უქონლობით გამოწვეული ერთსულოვნების არარსებობა, მათ შორის კინკლაობა და აზრთა სხვადასხვაობა დღემდე ასამარებდა ყოველ ასეთ წამოწყებას. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ის დაბრკოლებები იარსებებენ, რომლებიც ხელს უშლიან ერთობლივ ღონისძიებათა ორგანიზებას. ზოგიერთი შტატის მიერ ვაჭრობის მოწესრიგების მიზნით გატარებული ღონისძიებები მართლაცდა ეწინააღმდეგება კავშირის სულისკვეთებას და ზოგ შემთხვევაში, დანარჩენთა სამართლიან გულისწყრომასა და საყვედურს იწვევს. ეს არის ძალზე საშიში ტენდენცია და თუ იგი საერთო – ეროვნული კონტროლის ქვეშ არ მოვაქციეთ, კიდევ უფრო გაძლიერდება და უფრო ნაკლები შუღლისა და მტრობის სათავედ როდი იქცევა, ვიდრე ის მავნე დაბრკოლებანია, კონფედერაციის სხვადასხვა ნაწილს შორის ურთიერთობებს ხელს რომ უშლიან. “აღებმიცემობას გერმანიის იმპერიაში [1] დიდად აბრკოლებს ის ვითარება, რომ მასში შემავალი მთავრობები და სახელმწიფოები აუარება გადასახადს აწესებენ იმ საქონელზე, რომელსაც მათი ტერიტორიების გავლით ეზიდებიან, ამიტომაც თითქმის არავინ იყენებს იმ წარმტაც მდინარეებსა და ნაკადებს, რითაც ეგზომ მდიდარია გერმანია.” ძალზე მეიმედება ჩვენი ხალხის სულიერი სიდიადისა: იგი არავის მისცემს საბაბს იმისას, რომ ვინმემ ჩვენი ქვეყანა მსგავსი სიტყვებით მოიხსენიოს. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ თუ კვლავაც გაღრმავდა ის შეხლა – შემოხლა, რომელსაც შტატების მიერ ვაჭრობის მოწესრიგების მიზნით შემოღებული ღონისძიებანი იწვევენ, მალე ერთი შტატის მოქალაქენი მეორისას უფრო გულითადად როდი მოეკიდებიან, ვიდრე უცხოებს და გადამთიელებს ეკიდებიან ხოლმე. კონფედერაციის პუნქტებში ნათლადაა მითითებული, რომ ჯარის ფორმირების საქმეში შტატების უფლებამოსილება მხოლოდ ადამიანთა შესაბამისი კვოტის უზრუნველყოფით ამოიწურება. მაგრამ როგორც ბოლო ომის მიმდინარეობამ გაამჟღავნა, ამგვარი პრაქტიკა სავსეა დაბრლკოლებებით, გადაულახავ ზღუდედ რომ აღმართულან თავდაცვის მძლავრი და ეკონომიური სისტემის მშენებლობის გზაზე. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ აღმოცენდა შტატებს შორის შეჯიბრის ერთობ უცნაური სახეობა, რომელიც ადამიანთა თავისებურ აუქციონად ჩამოყალიბდა. ისინი ერთმანეთის გადასწრებაზე არიან და ერთი ერთმანეთზე მაღალ პრემიებს აწესებენ, რომ როგორმე მოთხოვნილი კვოტები შეავსონ. საქმე იქამდე მიდის, რომ უსაშველოდ გაბერილი პრემიების გადახდა არავის ძალუძს, მაგრამ ხალხი მაინც არ კარგავს იმედს, რომ პრემიები კიდევ მოიმატებს და ამის მოლოდინში ცდილობენ, რაც შეიძლება გააჭიანურონ ჯარისკაცად ჩაწერის დრო. საქმე ის არის, რომ ჯარში ხანგრძლივი ვადით წასვლა ისედაც დიდად არავის ეხალისება. აი, მიზეზნი იმისა, რომ ავბედობის ჟამს იარაღის ასხმის მსურველთა რაოდენობა მცირეა და ჯარის შევსებაც ერთობ დუნედ მიმდინარეობს. ამას ზედ ერთვის უსაშველო დანახარჯები და გამუდმებული მღელვარებანი საჯარისო ნაწილებში; ყოველივე ეს კი არმიაში დისციპლინის მოშლას იწვევს, ხოლო დემობილიზაციის შემდეგ ნასალდათარი ხალხი ხშირად მომაკვდებელ საფრთხეს უქმნის საზოგადოების სიმშვიდეს. ამიტომაცაა, რომ საჭირო რაოდენობის ადამიანთა შეგროვების მიზნით ხშირად მიმართავენ ხოლმე უმკაცრეს ღონისძიებებს, რომლებსაც ხალხი თავისუფლების უდიდესი სიყვარულის გამო თუ მოითმენს. ჯარის შეკრების ამგვარი მეთოდი როგორც ეკონომიკასა და თავდაცვიუნარიანობას ვერ გამოაკეთებს, ისე ხეირს არ დააყრის შტატებს შორის დანახარჯების თანაბრად გადანაწილებას. ის შტატები, რომლებიც საომარ მოქმედებათა თეატრთან ახლოს მდებარეობდნენ, არაფერს იშურებდნენ კვოტების შესავსებად, ხოლო მისგან დაშორებული შტატები ამ ხალხის სიბეჯითეს შესაშურ დაუდევრობასა და ყურწაგდებულობას აგებებდნენ. ხალხის რეკრუტირების სფეროში არაფერს შეეძლო შეემსუბუქებინა ასეთი უთანასწორობის ტვირთი. სხვაა ფულადი კონტრიბუციები. ამ საქმეში ყოველთვის არსებობს იმედი იმისა, რომ მოხდება საბოლოო ანგარიშსწორება. შტატებს, რომლებსაც თავიანთი წილი ფულადი შესატანი არ შეაქვთ, ამისთვის შეიძლება პასუხი ვაგებინოთ. მაგრამ შეუძლებელია, განხორციელდეს როგორც ამგვარი ანგარიშგება, ისე პასუხისგება, მაშინ, როცა საქმე ეხება დანაკლისს ადამიანათა კვოტების შევსებაში. ოღონდ როცა დავფიქრდებით, თუ რაოდენ ცოტაა ალბათობა იმისა, რომ ყველაზე ურჩმა შტატებმა ოდესმე გადაუხდელი თანხის კომპენსაცია გაიღონ, სულაც არ იქნება გულდასაწყვეტი, თუკი არანაირი იმედი ზემოხსენებული კვოტების შევსებისა არ არსებობს. კვოტებისა და რეკვიზიციების სისტემა სულერთია, ფულზეა საქმე თუ ადამიანებზე, კავშირის უნიათობას ადასტურებს და ის წევრებს შორის ფეხმოკიდებულ უთანსწორობასა და უსამართლობაზე მიუთითებს. კიდევ ერთი საძრახისი რამ, რაც ჩვენს კონფედერაციას სჭირს, ის არის, რომ საარჩევნო ხმები შტატებს შორის თანაბრად არის გადანაწილებული. მაგრამ პროპორციულობის ყოველი იდეა და სამართლიანი გადანაწილების ყოველი წესი მოგვიწოდებს, დავგმოთ ის პრინციპი, რომელიც ძალაუფლების სასწორზე ერთნაირ წონას ანიჭებს როდაილენდს და მასაჩუსესტს თუ კონექტიკუტს, ანდა ნიუ-იორკს; დელვირს კი იმავე ხმის უფლებით აღჭურავს, რაც პენსილვანიას თუ ვირჯინიას, ანდა ჩრდილო – კაროლინას შეეფერება. ამ პრინციპის გამოყენება ეწინააღმდეგება რესპუბლიკური მმართველობის ფუნდამენტურ მაქსიმას, რომ უპირატესობა ყოველთვის უმრავლესობის მხარეს უნდა იყოს. ჩვენი სოფისტი თანამემამულენი ამაზე შემოგვესიტყვებიან და მოგვიგებენ: ყველა სუვერენი თანასწორია და შტატების ხმათა უმრავლესობა, ამავე დროს, კონფედერაციული ამერიკის უმრავლესობაც იქნებაო. მაგრამ ამგვარი ლოგიკური ოინბაზობა ვერ გადაწონის სამართლიანობისა და საღი აზრის შესახებ ნათელ წარმოდგენებს. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ შტატების ამგვარმა უმრავლესობამ ამერიკელი ხალხის უმცირესობა შეადგინოს. ხოლო ამერიკის [2] ორი მესამედი არასდროს შეურიგდება იმას, რომ მისი ინტერესები – თითიდან გამოწოვილი განსხვავებებისა და სილოგისტურ დახვეწილობათა წყალობით – ამერიკის ერთი მესამედის ხელში აღმოჩნდეს. მსხვილი შტატები უმალვე აღიმაღლებენ ხმას იმის წინააღმდეგ, რომ უფრო წვრილი შტატების მიერ მიღებულ კანონებს დაემორჩილონ. პოლიტიკურ სასწორზე კუთვნილი წონის დაკლებას ისინი მარტო ძალაუფლების სიყვარულის გამო როდი შეეწინააღმდეგებიან, არამედ იმადაც, რომ თანასწორობისთვის თავის განწირვის სურვილი ამოძრავებთ. მაგრამ იმედია, არც ერთი მოხდება და არც მეორე. ვინაიდან უფრო წვრილ შტატებს კარგად აქვთ შეგნებული ის, რომ მთლიანად კავშირის შენარჩუნებაზეა დამოკიდებლი მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა, მათ არც უნდა იქონიონ იმგვარი პრეტენზია, რაც საბედისწერო იქნებოდა მათივე არსებობისთვის. ამაზეც შეიძლება, შემოგვესიტყვონ: თუ შვიდი შტატი არ არის საკმარისი, მაშინ ცხრა ავიღოთ. ე.ი. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მთლიანი რაოდენობის ორი მესამედის თანხმობა ესაჭირებაო; საქმე ის არის, რომ ცხრა შტატში ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს. მაგრამ ამით არაფერი იცვლება, შეუსაბამობა შეუსაბამობადვე რჩება: დაუშვებელია შტატებს თანაბარი საარჩევნო ხმა ჰქონდეთ, მაშინ, როცა სხვადასხვა სიდიდისანი არიან და მოსახლეობის რაოდენობითაც ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მაგრამ ეს დასკვნაც არ არის სწორი, ვინაიდან შეგვიძლია ცხრა ისეთი შტატის დასახელება, რომლებშიც მთელი მოსახლეობის უმრავლესობაზე ნაკლები ცხოვრობს. [3] კენჭისყრის დროს კი, კონსტიტუციურად არის შესაძლებელი, რომ ცუმრავლესობა სწორედ მათ შეადგინონ. გარდა ამისა, არსებობენ ისეთი საჭირბოროტო საკითხები, რომელთა თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ხმათა უბრალო უმრავლესობა ესაჭიროება. მაგრამ თუ გაიფანტა ეჭვი შვიდი შტატის ხმათა საკმარისობის თაობაზე, მაშინ მიღებული გადაწყვეტილებანი, შესაძლოა, სასიცოცხლო ინტერესებს შეეხონ. ამასთანავე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალში შეიძლება შტატების რიცხვი გაიზარდოს, ხმათა შესაბამისი გაზრდის მექანიზმი კი არ არსებობს. მაგრამ ყველაფერი ამით როდი ამოიწურება. ის, რაც ერთი შეხედვით წამალს ჰგავს, სინამდვილეში საწამლავია. როცა უმცირესობას უმრავლესობის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება ენიჭება (ასეთი რამ კი ხდება ყოველთვის, როცა გადაწყვეტილების მისაღებად თვით უმრავლესობაზე მეტიც კია საჭირო), ეს იმ ფარული ტენდენციის გამოხატულებაა, რომ უმცირესობის აზრმა უმრავლესობის აზრი დაიმორჩილოს. კონგრესის სხდომებს ხშირად არ ესწრება ხოლმე რამდენიმე შტატის წარმომადგენელი, რის გამოც იგი პოლონეთის სეიმს ემსგავსება, სადაც ერთი ხმაც საკმარისია იმისთვის, რომ მან მუშაობა შეაჩეროს. კავშირის ერთ მესამოცედ ნაწილს, რაც დელავერისა და როდ – აილენდის ტოლია, ხშირად შეუქმნია გადაულახავი დაბრკოლება მისი მუშაობისთვის. ზემოხსენებული პროცედურა ერთ იმ დახვეწილობათაგანია, რომელსაც პრაქტიკაში იმის საწინააღმდეგო შედეგი მოაქვს, რაც თეორიაში იყო ჩაფიქრებული. საზოგადოებრივ ორგანიზაციებში აუცილებელია არსებობდეს ერთსულოვნება, ანდა რაღაც ამის მსგავსიო – ამ შეხედულებას იქეთკენ სწრაფვა ასაზრდოებს, რომ ხელი შეეწყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სინამდვილეში კი ხელს უშლის მართვას და ანადგურებს მთავრობის ენერგიას. უმრავლესობის მოწესრიგებული თათბირებისა და გადაწყვეტილებათა ადგილს არადმისაჩნევი, ბობოქარი და კორუმპირებული ხუნტის სიამოვნება, ახირება თუ გამონაგონი იჭერს. ეროვნული შეჭირვების ჟამს უდიდეს მნიშვნელობას იძენს ის, ვარგებულია თუ უვარგისი, სუსტია თუ ძლიერი მისი მთავრობა, ვინაიდან აუცილებელია ის, რომ მან იმოქმედოს. საზოგადო საქმე, ასე თუ ისე, წინ უნდა მიიწევდეს. თუ გაკერპებული უმცირესობა დაჟინებით ცდილობს უმრავლესობის მოქმედებათა გაკონტროლებას, უმრავლესობა – იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია, რაღაც მაინც კეთდებოდეს, _ იძულებული ხდება ანგარიში გაუწიოს უმცირესობის აზრს; ისე რომ, ეს უკანასკნელი გადასძალავს უმრავლესობისას და ტონს აძლევს ეროვნულ მოძრაობას. სწორედ აქედენ მომდინარეობენ ეს გულისგამაწვრილებელი დაყოვნებანი, გამუდმებული მოლაპარაკებები და ინტრიგები, ეს აუტანელი კომპრომისები, საზოგადო სიკეთის სახელით რომ კეთდება. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ იმგვარ სისტემაში, როგორიც ჩვენია, ჯერ კიდევ შესაძლებელია კომპრომისები, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში მდგომარეობის მოგვარებას სასიკეთო პირი არ უჩანს, მთავრობის ღონისძიებანი კი აყოვნებენ ან კრახს განიცდიან. ხშირად ვერ ხერხდება ხოლმე ხმათა აუცილებელი უმრავლესობის მოგროვება და მდგომარეობაც ადგილიდან აღარ იძვრის. ამგვარი უძლურებიდან ანარქიამდე კი ერთი ნაბიჯიღა რჩება. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ასეთი პრინციპი უფრო ფართო გასაქანს აძლევს როგორც ქვეყნის გარედან შემოჭრილ კორუფციას, ისე ქვეყნის შიგნით მღელვარებებს, ვიდრე ის, გადაწყვეტილებათა მიღება უმრავლესობისთვის რომ მიუნდვია. ამ შეცდომის სათავე ის არის, რომ ზრუნვა დაუკლიათ იმ უკეთურებათა აღმოფხვრისთვის, რომლებმაც შესაძლოა, დააბრკოლონ მთავრობა კრიტიკულ სიტუაციებში. როცა ეროვნული მოქმედების უზრუნველყოფა კონსტიტუციით უმრავლესობას ევალება, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მშვიდად დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ვინაიდან არაფერი არამართებული არ მოხდება. მაგრამ ხშირად გვავიწყდება ხოლმე ის, თუ რამდენი კარგი რამ რჩება გაუკეთებელი და რამდენი ცუდი რამ კეთდება მხოლოდ იმის გამო, რომ არ კეთდება ის, რაც გასაკეთებელია. საბოლოო ჯამში კი, მდგომარეობა იმადვე რჩება, რაც იყო და მას გამოსწორების პირი არ უჩანს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და მოკავშირე ქვეყნის მხარდამხარ უცხო სახელმწიფოს ვებრძვით. დავუშვათ, მდგომარეობამ მოულოდნელად მოითხოვა ჩვენგან, რომ მტერს დავზავებოდით, ჩვენს მოკავშირეს კი თავისი ინტერესები თუ ამპარტავნება საომარ მოქმედებათა განგრძობისკენ უბიძგებს. ჩვენი მხრივ სეპარატული ზავის დადება გამართლებული იქნებოდა. ჩვენი მოკავშირე კი ყველაზე იოლ გამოსავალს დაუწყებდა ძიებას და მოქრთამვისა და ინტრიგების გზით შეეცდებოდა, ხელ-ფეხი შეეკრა ჩვენი მთავრობისთვის, რომ როგორმე მისთვის ზავის დადების საშუალება მოესპო. მთავრობას კი საამისოდ ხმათა ორი მესამედი სჭირდება, მაშინ, როცა უბრალო უმრავლესობაც სრულიად საკმარისი იქნებოდა. ერთ შემთხვევაში მას უფრო მცირე რაოდენობის მოქრთამვა დასჭირდებოდა, მეორეში კი – უფრო დიდი რაოდენობისა. იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც ვეომებით, ამავე პრინციპით თუ იმოქმედებდა, არ გაუჭირდებოდა, თავგზა აებნია ჩვენი ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოებისთვის და ხელი შეეშალა ჩვენი მოქმედებებისთვის. ამგვარსავე უხერხულობებს ვაწყდებით ვაჭრობის სფეროშიც. არცერთი ქვეყნისთვის, ვისთანაც ჩვენ სავაჭრო ხელშეკრულება გვაქვს დადებული, სულაც არ იქნება ძნელი, ჩაშალოს ჩვენი კავშირი მის კონკურენტ ქვეყანასთან, კავშირი, რომელიც ესოდენ სასარგებლოა ჩვენთვის. ეს ბოროტებანი ფანტაზიის ნაყოფი როდია. უამრავ უპირატესობასთან ერთად, რესპუბლიკას სუსტი მხარეებიც აქვს, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ის არის, რომ მას უჭირს უცხოეთიდან მოძალებულ კორუფციასთან გამკლავება. მემკვიდეობითი მონარქი, მზად რომ არის ქვეშევრდომები თავისი ამპარტავნების სამსხვერპლოზე მიიტანოს, პიროვნულად არის დაინტერესებული მთვრობის მოქმედებითა და ერის იმ დიდებით, რითაც ის შემოსილია უცხოეთის თვალში. ისე რომ, ამაოდ გაირჯებოდა უცხოური ხელისუფლება მისთვის იმის სანაცვლო შეეთავაზებინა, რასაც იგი სამუდამოდ გამოემშვიდობებოდა, თუკი სახელმწიფოს ღალატს ჩაიდენდა. ამიტომაც კაცობრიობის ისტორიაში ძალზე ცოტაა სამეფო ღალატის მაგალითები, თუმც კი თავსაყრელად მოიპოვება ყველა სხვა ჯურის გამყიდველობის ნიმუშები. რესპუბლიკური მმართველობისას არსებობენ პიროვნებანი, რომლებსაც თანამემამულეთა ხმების წყალობით დიდი თანამდებობანი მოუხვეჭიათ და საარაკო გავლენაც მოუპოვებიათ; სწორედ ამ ხალხმა, თავის საქციელში ვითომდა უზენაესი სათნოებით რომ ხელმძღვანელობს, შეიძლება ადვილად გაყიდოს თავისი ამომრჩევლის ნდობა, რაკი მიუჩნევია, რომ შემოთავაზებული კომპენსაციები ბევრად აღემატებიან საერთო საქმით მის დაინტერესებულობას; ასე გადასწონის ხოლმე კომპენსაციები აღებულ ვალდებულებებს. ამიტომაც რესპუბლიკური მმართველობის ისტორია სავსეა დამღუპველი კორუფციის მაგალითებით. ჩვენ უკვე საკმაოდ ვილაპარაკეთ იმის შესახებ, თუ როგორEღუპავდა იგი ძველ საზოგადობებს. ცნობილია, თუ როგორ ქრთამავდნენ მეზობელ სამეფოთა ემისრები გაერთიანებულ პროვინციათა არჩეულ წარმომადგენლებს. გრაფი ჩესტერფილდი (თუ მეხსიერება არ მღალატობს) თავისი კარისადმი ერთ-ერთ წერილში გადაკვრით იტყობინება, რომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ბედს ის გადაწყვეტს, ერთ-ერთი ასეთი წარმომადგენელი მისი მეშვეობით მიიღებს თუ არა მაიორის ჩინს. შვედურ პარტიებს ისე უნამუსოდ და საქვეყნოდ ქრთამავდნენ საფრანგეთი და ინგლისი, რომ ამან ქვეყნის მოსახლეობაში საყოველთაო ზიზღი გამოიწვია. იგივე რამაა მიზეზი იმისა, რომ ყველაზე შეზღუდული უფლებების მქონე ევროპელი მონარქი, ერთ მშვენიერ დღეს, ყოველგვარი შფოთის, ძალადობისა თუ წინააღმდეგობის გარეშე, შეიძლება ყველაზე აბსოლუტურ და არაკონტროლირებად მბრძანებლად მოგვევლინოს. კონფედერაციის მანკიერებებს ერთგვარ გვირგვინს ადგამს კიდევ ერთი ნაკლი, რაც ახლა უნდა მოვიხსენიოთ. საქმე სასამართლო ძალაუფლების არასაკმარისობას ეხება. კანონები მკვდარია მანამ, ვიდრე მათ სულს სასამართლოები არ შთაბერავენ. სწორედ სასამართლოები განმარტავენ და ადგენენ მათი მოქმედების ჭეშმარიტ საზრისს. შეერთებული შტატების მიერ დადებული ხელშეკრულებანი, – თუკი მათ საერთოდ რაიმე ძალა აქვთ, – ამ ქვეყნის კანონებად უნდა მივიჩნიოთ. მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა, სხვა კანონების მსგავსად, – განასაკუთრებით ინდივიდებთან მიმართებაში, – სასამართლო გადაწყვეტილებათა საშუალებით უნდა დგინდებოდეს. გადაწვეტილებათა ერთგვაროვნების უზრუნველსაყოფად აუცილებელია არსებობდეს უზენაესი სასამართლო, რომელსაც ყველა სასამართლო დაემორჩილება. ეს უკანასკნელი იმავე ძალაუფლებამ უნდა დააარსოს, რომელიც ხელშეკრულებათა დადების უფლებამოსლებითაა აღჭურვილი. ამ პროცესის ორივე შემადგენელი აუცილებელია. თუკი ყველა შტატს თავთავიანთი უზენაესი სასამართლო ექნებოდა, მაშინ ერთსა და იმავე საკითხზე იმდენი საბოლოო განაჩენი იარსებებდა, რამდენი შტატიც არსებობს. ადამიანთა შეხედულებები უსასრულოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არათუ სასამართლო გადაწყვეტილებანი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არამედ ერთი და იგივე სასამართლოს მოსამართლეებს, ხშირად, ერთსა და იმავე საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. კაცობრიობა სწორედ იმიტომ მივიდა უზენაესი სასამართლოს დაარსების აუცილებლობამდე, რომ თავიდან აეცილებინა ის არეულდარეულობა, რაც უცილობლად მოყვება ხოლმე დამოუკიდებელი სასამართლოების მთელი წყების ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. სწორედ უზენაესი სასამართლოა აღჭურვილი უფლებამოსილებით, საერთო ზედამხედველობა გაუწიოს დანარჩენ სასამართლოებს და გამოაცხადოს საბოლოო განაჩენი, რათა ყველაფერი სამოქალაქო სამართლის ერთგვაროვან კანონთა მიხედვით წარიმართოს. ასეთი დაწესებულება გაცილებით აუცილებელია შედგენილი მმართველობისთვის, რათა მთელის მიერ გამოცემულ კანონებს საფრთხეს არ უქმნიდნენ ნაწილების მიერ მიღებული კანონები. თუ ამ შემთხვევაში ცალკეულ სასამართლოებს საბოლოო გადაწყვეტილებათა გამოტანის უფლებამოსილება მიენიჭებოდა, მაშინ აზრთა სხვადასხვაობით გამოწვეულ წინააღმდეგობებთან ერთად, საფრთხეს ადგილობრივი შეხედულებები და ცრურწმენებიც შექმნიდნენ იმ ზეგავლენით, რისი მოხდენაც მათ მოსამართლეებსა და მათ მიერ გამოტანილ განაჩენეზე ძალუძთ; გარდა ამისა, არც ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევის გამორიცხვა შეიძლება. ყველგან, სადაც ასეთი ჩარევა მომხდარა, საერთო კანონების წინაშე უპირატესობა ყოველთვის ადგილობრივ კანონებს ენიჭებოდა, რამეთუ არაფერია იმაზე ბუნებრივი, რომ თანამდებობის პირი განსაკუთრებული პატივისცემით ეკიდებოდეს იმ ძალაუფლებას, ვის ნება – სურვილზეც არის დამოკიდებული მისი თანამდებობრივი არსებობა. არსებული კონსტიტუციის პირობებში, ხელშეკრულებათა მომზადების პროცესში ცამეტი ურთიერთგანსხვავებული საკანონმდებლო ხელისუფლება და უამრავი - ამ უკანასკნელთა ეგიდით მოქმედი – ურთიერთგანსხვავებული სასამართლოა ჩართული. ამრიგად, კავშირის რეპუტაციას, მისდამი ნდობასა და საშინაო Mმშვიდობას გამუდმებით ის ცრურწმენები, ვნებები და ინტერესები ატრიალებენ თავიანთ ნებაზე, მისი წევრებისთვის რომაა დამახასიათებელი. განა უცხო ქვეყნები პატივისცემით მოეკიდებიან და ენდობიან ასეთ ხელისუფლებას? განა კიდევ დიდხანს შეურიგდება შეერთებული შტატები იმას, რომ მისი ღირსება, ბედნიერება და უსაფრთხოება ეგზომ არასანდო საფუძველს ემყარებოდეს? კონფედერაციის ამ მოკლე მიმოხილვისას მე მის არსებით მანკიერებებზე გავამახვილე ყურადღება და გვერდი ავუარე ისეთ ნაკლოვანებებს, რომელთა გამოისობითაც უსარგებლო იქნებოდა მისთვის უფრო დიდი უფლემოსილების მინიჭება. ამჟამად ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის - ვინც თავისუფალია წინასწარ აკვიატებული აზრებისგან, - ცხადია, რომ არსებული მთლიანი სისტემა მანკიერი და არაჯანსაღია, ამიტომ მასში ცალკეულ შესწორებათა შეტანა როდია საჭირო, არამედ მისი საფუძვლებისა და ხასიათის რადიკალური ცვლილებაა აუცილებელი. კონგრესის ორგანიზაცია უკიდურესად შეუფერებელია იმ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, რომელიც კავშირს აქვს მინიჭებული. ერთი ასამბლეა შესაძლოა, საკმარისი გამოდგეს უმნიშვნელო თუ შეზღუდული პასუხისმგებლობების განსახორციელებლად, რომლებიც აქამდე ფედერალური ხელისუფლების კომპეტენცია იყო. მაგრამ იგი არ შეესაბამება კარგი მართვის პრინციპთა მოთხოვნას, რომელიც მისთვის დამატებით უფლებამოსილებათა გადაცემასაც ითვალისწინებს. არადა, ახალი კონსტიტუციის ყველაზე გაწონასწორებული და მოზომილი მოწინააღმდეგენიც კი შეერთებული შტატებისთვის ამგვარი გადაცემის აუცილებლობას აღიარებენ. თუ ეს გეგმა ჩავარდება, კავშირი კი მაინც გაძლებს და მისი დაშლის მოსურნეთა პირადი განდიდების დიად ზრახვებს გადაურჩება, ჩვენ ალბათ, მხარს დავუჭერთ არსებული კონგრესისთვის დამატებით უფლებამოსილებათა მინიჭებას, რამეთუ ეს კონსტრუქცია მისთვის დამახასიათებელი სისუსტის გამო ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაგვემხობა, მიუხედავად იმ წინდაუხედავი ღონისძიებებისა, რომლებსაც მისი გამაგრების მიზნით ვატარებთ. ანდა უფლებამოსილებათა თანდათანობითი ზრდის გამო აუცილებლობით რომაა ნაკარნახები, საბოლოოდ ამ ერთადერთ სახელისუფლებო ორგანოში მოიყრის თავს სუვერენიტეტისთვის დამახასიათებელი ყველა მნიშვნელოვანი პრეროგატივა; ამით კი ჩვენს მომავალ თაობებს მმართველობის ყველაზე საზარელ ფორმას ვუანდერძებთ, რაც კი ძალაუფლებისადმი ადამიანის ბრმა სიყვარულს ოდესმე უშვია. ისე რომ, სინამდვილეში ჩვენ სწორედ იმ ტირანიას დავაფუძნებდით, რომლის წინააღმდეგ მებრძოლებადაც თავი მოაქვთ ახალი კონსტიტუციის მოწინააღმდეგეებს. არსებული ფედერალური სისტემის სისუსტე გარკვეულწილად იმითაცაა განპირობებული, რომ იგი არასოდეს ყოფილა ხალხის მიერ რატიფიცირებული. რაკი არ ეფუძნება სხვა უკეთეს საფუძველს, ვიდრე რამდენიმე საკანონმდებლო ხელისუფლების თანხმობაა, ამიტომაც ხშირად დაისმის არსებითი შეკითხვები მისი კანონიერების თაობაზე. ამან დასაბამი მისცა ე.წ. საკანონმდებლო გაუქმების დოქტრინას. რაკი ესა თუ ის სახელისუფლებო ორგანო თავის რატიფიკაციას სახელმწიფო კანონს უმადლის, იმავე ავტორიტეტს მისი გაუქმების უფლებაც აქვსო. რაგინდ ერეტიკული იყოს მისი მტკიცება _ ხელშეკრულების ერთერთ მხარეს ამ ხელშეკრულების გაუქმების უფლება აქვსო, ამ დოქტრინას ბევრი პატივცემული მომხრე ჰყავს. ის, რომ შესაძლებელია ამგვარი საკითხის წამოჭრა, დაბეჯითებით მხოლოდ ერთი რამისკენ მოგვიწოდებს: აუცილებელია, რომ ეროვნული მმართველობა უფრო ღრმა საფუძველზე დავაშენოთ, ვიდრე ეს დელეგირებული ძალაუფლების ცარიელა სანქციაა. ამერიკული იმპერიის შენობა იმ მტკიცე საძირკველს უნდა ემყარებოდეს, რომელსაც ხალხის თანხმობა ჰქვია. ეროვნული ხელისუფლების ნაკადები ყველა ლეგიტიმური ძალაუფლების ამ წმინდა წყაროდან უნდა მოედინებოდეს. პუბლიუსი * როგორც მახსოვს, ასეთი იყო შინაარსი სიტყვისა, რომელიც მან ბილის შეტანის დროს წარმოთქვა ( პუბლიუსი) [1] ენციკლოპედია, სტატია “ იმპერია” ( პუბლიუსი) [2] ნიუჰამპშირი, როუდაილენდი, ნიუჯერსი, დელავერი, ჯორჯია, სამხრეთი კაროლინა და მერილენდი ამერკის შტატების უმრავლესობას შეადგენს, მაგრამ მათში მისი მოსახლეობის ერთი მესამედიც კი არ ცხოვრობს (პუბლიუსი) [3] ადრე ჩამოთვლილ შვიდ შტატს ნიუ-იორკი და კონექტიკუტიც რომ დავუმატოთ, ისინი მოსახლეობის უმრავლესობას მაინც ვერ შეადგენენ (პუბლიუსი). ფედერალისტი # 23 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი # 23 : ჰამილტონი 1787 წ. 18 დეკემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს გადავდივართ კონსტიტუციის აუცილებლობის საკითხზე, რომელიც, სულ ცოტა, ისე ქმედითი მაინც იქნება, როგორიც შემოთავაზებული კონსტიტუციაა, რათა მან კავშირის შენარჩუნება შეძლოს. ჩვენი მოსაზრებანი ბუნებრივად იყრიან თავს სამი თემის გარშემო: მიზნები, რომლებიც ფედერალური მთავრობის წინაშე დგანან; ძალაუფლების ის მოცულობა, რომელიც აუცილებელია ამ მიზანთა მისაღწევად; პიროვნებები, რომლებზეც იგი გავრცელდება. ძალაუფლების განაწილებასა და ორგანიზაციას კი, რომლებიც სათანადო ყურადღებას იმსახურებენ, ცალკე სტატიაში განვიხილავთ. კავშირის მთავარი მიზნები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: მისი წევრების საერთო თავდაცვის ორგანიზება; სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნება, რომელიც შეიძლება შინა მღელვარებებმაც დაარღვიონ და ქვეყნის გარედან თავდასხმებმაც; აღებმიცემობის მოწესრიგება როგორც უცხო ქვეყნებთან, ისე შტატებს შორის; საზღვარგარეთის ქვეყნებთან ჩვენი როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო ურთიერთობების გამგებლობა. თავდაცვის ერთიანი სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია შემდეგი უფლებამოსილებანი: ჯარის შექმნა; ფლოტის მშენებლობა და მისი აღჭურვა; წესების შემოღება როგორც არმიისთვის, ისე ფლოტისთვის; მათი მოქმედებების ხელმძღვანელობა; მათი უზრუნველყოფა სახსრებით. ეს უფლებამოსილებანი არაფრით არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი, რამეთუ: შეუძლებელია წინასწარ განჭვრიტო, თუ რა ხარისხის და რამდენად მრავალფეროვან მოთხოვნებს წამოგვიყენებს ეროვნული თავდაცვა; ასევე შეუძლებელია წინასწარ გამოიცნო ის, თუ რა ხარისხის და რამდენად მრავალფეროვანი საშუალებები იქნება საჭირო საპასუხო ღონისძიებათა გასატარებლად. საფრთხეებს, რომელთა წინაშე ქვეყნები დგას თვლა არ აქვს. ამიტომ არ იქნებოდა გონივრული, კონსტიტუციური შეზღუდვები დაგვეწესებინა იმ ძალაუფლებისათვის, რომელიც სწორედ იმისთვის არის მოწოდებული, რომ ამ საფრთხეთა გაუვნებელყოფობაზე იზრუნოს. ეს ძალაუფლება მზად უნდა იყოს სახიფათო გარემოებათა ნებისმიერი კომბინაციისთვის და იმავე საბჭოებს უნდა ემორჩილებოდეს, რომლებიც სწორედ ერთობლივი თავდაცვის ხელმძღვანელობის მიზნით დაინიშნენ. საქმე იმ ჭეშმარიტებათაგან ერთ-ერთს ეხება, რომელიც თავისთავად ცხადია ყველასთვის, ვინც კი გულწრფელია და თავი ცრურწმენებისთვისაც დაუღწევია; მსჯელობები და მოსაზრებები ვერაფერს შემატებენ მის სინათლეს, პირიქით, – გააბუნდოვანებენ მას. ის ეფუძნება მარტივსა და უნივერსალურ აქსიომებს _ საშუალებები მიზანს უნდა შეესაბამებოდესო. იმ ადამიანების ხელში, რომელთა ძალისხმევითაც მიზნის მიღწევა გვეიმედება, – ამ მიზნის მიღწევისთვის აუცილებელ საშუალებებს უნდა ფლობდნენ. თავიდან უპრიანია, ღია დისკუსიების საგნად იქცეს საკითხი იმის შესახებ, უნდა მივანდოთ თუ არა ფედერალურ მთავრობას ერთობლივ თავდაცვაზე ზრუნვა, მაგრამ იმ მომენტიდან, როცა მასზე დადებითი პასუხი იქნება გაცემული, ცხადი შეიქნება, რომ ფედერალური ხელისუფლება უნდა აღიჭურვოს ყველა ძალაუფლებით, რომელიც აუცილებელია მისდამი რწმუნებული საკითხების გადასაწყვეტად. ვიდრე არ იქნება დასაბუთებული ის, რომ შესაძლებელია იმ გარემოებათა ვიწრო ფარგლებით შემოზღუდვა, რომლებიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ემუქრებიან; ვიდრე სამართლიანი და გონივრული საბუთებით საპირისპიროს დამტკიცება არ მომხდარა, მანამ აუცილებელია ერთადერთი დასკვნა გამოვიტანოთ; საქმე ეხება იმას, რომ არ შეიძლება მისი მოქმედების რომელიმე სფეროში რამენაირად შევზღუდოთ ის ძალაუფლება, რომელსაც საზოგადოების დაცვა და მფარველობა აბარია. ლაპარაკია ისეთ სასიცოცხლო საკითხზე, როგორიცაა ეროვნული შეიარაღებული ძალების ფორმირება, ხელმძღვანელობა თუ სახსრებით უზრუნველყოფა. რაგინდ მანკიერი იყოს არსებული კონფედერაცია, მის შემქმნელებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ზემოხსენებული პრინციპი, თუმცა მათ ვერ უზრუნველყვეს მისი სათანადო თუ გამართული მუშაობა. კონგრესს განუსაზღვრელი უფლება აქვს მინიჭებული ადამიანთა გამოთხოვნისა და ფულის რეკვიზიციის საქმეში; იგი მართავს ჯარსა და ფლოტს; ხელმძღვანელობს მათ მოქმედებებს. შტატები კონსტიტუციურად იყვნენ ანგარიშვალდებულნი მის წინაშე და საზეიმოდ იძლეოდნენ დაპირებებს იმის შესახებ, გაიღებდნენ ყველაფერს, რასაც მათგან ითხოვდნენ. როგორც ჩანს, ამაში ის იგულისხმებოდა, რომ შეერთებული შტატების განკარგულებაში უნდა იყოს ყველა აუცილებელი საშუალება “ერთობლივი თავდაცვისა და საერთო კეთილდღეობის” უზრუნველსაყოფად. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესების გაცნობიერება და კეთილი ნების კარნახი საკმარისი საწინდარი იქნებოდა იმისა, რომ კონფედერაციის წევრები პირნათლად მოიხდიდნენ ვალს ფედერალური ხელისუფლების წინაშე. მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, თუ რაოდენ უსაფუძვლონი და მოჩვენებითნი ყოფილან ამგვარი იმედები. წინა წერილში გადმოცემული დაკვირვებანი კი, ვგონებ, საკმარისი უნდა იყოს, რათა ყველა მიუკერძოებელი და გამჭრიახი ადამიანი დარწმუნდეს ერთ რამეში: აუცილებელია, ძირეულად შეიცვალოს ის პრინციპები, რომლებიც სისტემას საფუძვლად უდევს. თუ ჩვენ სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებულნი იმით, რომ კავშირი გამძლე და სიცოცხლისუნარიანი იყოს, მაშინ დავიწყების უფსკრულში უნდა გადავუძახოთ პროექტს, რომელიც შტატებისთვის, როგორც კრებითი პირებისთვის, საკანონმდებლო უფლებამოსილებათა გადაცემას ითვალისწინებს; აუცილებელია, ფედერალური მთავრობის კანონები ამერიკის ინდივიდუალურ მოქალაქეებზე გავავრცელოთ; უარი უნდა ვთქვათ შტატებისათვის კვოტების დაწესებისა და მათგან სახსრების გამოთხოვის მანკიერ პრინციპზე, რამეთუ იგი უსამართლოცაა და განუხორციელებელიც. აქედან გამომდინარე, ჯარის ფორმირების, ფლოტის მშენებლობისა და მისი აღჭურვის და სახელმწიფო შემოსავალთა მოკრების სრული უფლებამოსილება კავშირს უნდა გადეცეს. საქმე კი ეხება იმ შემოსავლებს, რომელთა აკრეფა ყველა ქვეყანაშია მიღებული. ვინაიდან ჩვენი ქვეყნის გარემოებანი არა მარტივი და ერთიანი, არამედ შედგენილი და კონფედერაციული მმართველობის შემოღებას მოითხოვენ, ამიტომ ჩვენ წინაშე იქნება ერთი მთავარი საკითხი, რაც უნდა მოვაგვაროთ. საქმე ეხება იმას, რომ რაც შეიძლება მკვეთრად გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ამოცანები იმისდა მიხედვით, თუ ხელისუფლების რომელი დარგისა თუ განყოფილების კომპეტენცია იქნება მათი გადაწყვეტა; ამასთანავე, თითოეულ მათგანს უნდა მივანიჭოთ რაც შეიძლება მეტი უფლებამოსილება მათ რწმუნებაში არსებული ამოცანების შესასრულებლად. განა კავშირს საერთო უსაფრთხოების დაცვა არ ევალება? არმია, ფლოტი და სახელმწფო შემოსავლები განა აუცილებელი არ არის ამ მიზნის მისაღწევად? საკავშირო ხელისუფლებას უფლება უნდა ჰქონდეს, რომ გამოსცეს ყოველგვარი კანონები და დაადგინოს მათთან დაკავშირებული ყოველნაირი წესები. იგივე უნდა გაკეთდეს ვაჭრობასთან და ყველა იმ დარგთან მიმართებაში, რომელზეც ნებადართული იქნება მისი იურისდიქციის გავრცელება. განა ადგილობრივ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ თავის შტატში თავისი მოქალაქეების მიმართ მართლმსაჯულება აღასრულოს? განახორციელოს? ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ამოცანის შესრულების სრული უფლებაც უნდა ჰქონდეს და ყველა დანარჩენისაც, რომელიც კი მას გამგებლობასა და ხელმძღვანელობაში გადაეცა. თუკი ხელისუფლების თითოეულ დანაყოფს მათთვის მინდობილ ამოცანათა გადასაწყვეტად შესაბამის ძალაუფლებას არ გადავცემდით, კეთილგონიერებისა და მართებულობის ყველა წესს დავარღვევდით, რამეთუ არაფერია იმაზე დიდი წინდაუხედაობა, ვიდრე ის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა მივანდოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც წინდაწინ მოვუსპეთ მათი ქმედითად და წარმატებით შესრულების შესაძლებლობა. განა სხვას ვის შეეძლება სათანადოდ უზრუნველყოს საზოგადოებრივი თავდაცვა, თუ არა იმ ორგანოს, რომლისთვისაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა მიგვინდვია? რაკი მასთან თავს იყრის ყოველგვარი ინფორმაცია, განა ყველაზე უკეთ მას არ ეცოდინება, თუ რამდენად მასშტაბური საფრთხე გვემუქრება? როგორც მთელის წარმომადგენელი, იგი განა სხვებზე სიღრმისეულად არ იქნება დაინტერესებული თითოეული ნაწილის დაცულობით? იმ პასუხისმგებლობის წყალობით, მასზე დაკისრებული მოვალეობებიდან რომ გამოსჭვივის, განა ყველაზე უფრო მას არ უნდა ჰქონდეს გასიგრძეგანებული, თუ რაოდენ აუცილებელია მართებულად მოქმედება? და ვინაიდან მისი ძალაუფლება ყველა შტატზე ვრცელდება, განა ის არ არის ერთადერთი ორგანო, თავდაცვის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ყველა გეგმისა და ღონისძიების მოწესრიგება და შეთანხმება რომ ძალუძს? განა აშკარად არათანამიმდევრული არ არის ის, რომ ფედერალურ მთავრობას ერთობლივი თავდაცვის უზრუნველყოფას ვაკისრებდეთ, საამისოდ აუცილებელ ყველა ქმედით უფლებამოსილებას კი ადგილობრივ მთავრობათა ხელში ვტოვებდეთ? განა თანამშრომლობის შეუძლებლობა არ არის ამგვარი სისტემის უცილობელი შედეგი? და განა რა იქნება მისი მუდმივი თანამდევი, თუ არა უძლურება, უწესრიგობა, ტვირთისა და ომებით მოყენებულ უკეთურებათა არასამართლიანი გადანაწილება, გადასახადების მეტისმეტი და აუტანელი ზრდა? განა ყოველივე ამის შედეგები ჩვენს თავზე არ ვიწვნიეთ იმ რევოლუციის დროს, რომელიც ეს-ესაა გადავიტანეთ? ჭეშმარიტების მიუკერძოებელი ძიებისას, რა კუთხითაც უნდა განვიხილავდეთ ჩვენს თემას, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვრწმუნდებით, თუ რაოდენ არაგონივრული და სახიფათო იქნება, თუკი ფედერალურ მთავრობას შეუზღუდავ ძალაუფლებას არ მივანიჭებთ მისთვის დაკისრებულ ამოცანათა შესრულების საქმეში. რა თქმა უნდა, ხალხმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს და მუდამ ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალს იმას, თუ როგორ ხდება ამგვარი ხელისუფლების მოწყობა; რამეთუ იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ ხელისუფლებისთვის შეუზღუდავი უფლებამოსილების გადაცემა საფრთხეს არ შეუქმნის მის უსაფრთხოებას. ნებისმიერი პროექტი, რომელსაც ამჟამად Gგვთავაზობენ, ანდა შესაძლოა, სამომავლოდ შემოგვთავაზონ, უნდა უკუვაგდოთ, თუკი იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. მმართველობა, რომელსაც თავისი მოწყობა, უვარგისად ხდის იმ უფლებამოსილებების განხორციელების თვალსაზრისით, რომლებსაც ჯერ არს, თავისუფალი ხალხი ნებისმიერ ხელისუფლებას გადასცემდეს, ვერც საიმედოდ და ვერც ღირსეულად დაიცავს იმას, რასაც საერთო – ეროვნული ინტერესები ჰქვია. მაგრამ თუ მმართველობა იმსახურებს ნდობას იმისას, რომ ამ ინტერესთა დაცვა გადაეცეს, მაშინ მას შესაბამისი უფლებამოსილებანიც უყოყმანოდ უნდა მიენიჭოს. ასეთია ამ საკითხის თაობაზე ყველა სწორი მოსაზრების ჭეშმარიტი შედეგი. რაც შეეხება კონვენტის მიერ შემოთავაზებული პროექტის მოწინააღმდგეებს, უპრიანი იქნებოდა ისინი იმ ნაკლოვანებებზე მითითებით დაკმაყოფილებულიყვნენ, რის გამოც აღნიშნული პროექტი ხალხის ნდობას არ იმსახურებს. არ იყო საჭირო ასეთი აღგზნებული სიტყვები და ამდენი შარის მოდება უფლებამოსილებათა მოცულობასთან დაკავშირებით. ამგვარი უფლებამოსილებანი სულაც არ არის მეტისმეტი იმ ამოცანათა მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელთა გადაწყვეტა ფედერალურ მთავრობას აბარია; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი ზედგამოჭრილია იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ეროვნული ინტერესების დაცვა ჰქვია. შეუძლებელია, საპირისპიროს დასამტკიცებლად რაიმე წონადი საბუთი მოიძებნოს. თუ მართალია ის, რასაც საპირისპირო ბანაკის ზოგიერთი მწერალი ჩაგვაგონებს და სიძნელე მართლაც საკითხის არსიდან მომდინარეობს; თუ მართალია ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოცულობა არ იძლევა ისეთი ხელისუფლების ჩამოყალიბების საშუალებას, რომელსაც უხიფათოდ მივანდობდით ეგოდენ ფართო უფლებამოსილებებს, მაშინ ჩვენი გაქანება უნდა მოგვეთოკა და რამდენიმე კონფედერაციის შექმნით დავკმაყოფილებულიყავით, რომლებსაც უფრო დასამხარი მოცულობები ექნებოდათ. რამეთუ არ არსებობს უფრო დიდი სისულელე, ვიდრე ის, რომ ხელისუფლებას უარსებითესი საერთო – ეროვნული ინტერესების ხელმძღვანელობას ვანდობდეთ და იმავდროულად მისთვის იმ უფლებამოსილებათა გადაცემას ვერ ვბედავდეთ, მათი მართებული და ქმედითი მართვისთვის რომაა აუცილებელი. მოდით, ნუ გამოვუდგებით ამ წინააღმდეგობათა მორიგებას, არამედ მტკიცედ ავირჩიოთ გონივრული ალტერნატივა. მე მაინც მჯერა, ვერავინ შეძლებს იმის დასაბუთებას, რომ საერთო სისტემის განხორცილება შეუძლებელია. თუკი ღრმად არ ვცდები, დღემდე არავის წარმოუდგენია ამგვარი შესაძლებლობის გამაბათილებლი რამდენადმე მაინც საყურადღებო საბუთი. და მე სიამოვნებას მგვრის შეგნება იმისა, რომ წარმოდგენილ წერილებში გამოთქმული მოსაზრებებით იმდენად ნათლად დავასაბუთეთ საპირისპირო პოზიციის მართებულება, რამდენადაც ეს შესაძლებელია იმ მოვლენებზე მსჯელობისას, რომლებიც ჯერ ისევ დროის საშოში იმყოფებიან. როგორც უნდა იყოს, ერთი რამ უდავოა: შესიტყვება, რომელიც ქვეყნის მოცულობას იმიზეზებს, ყველაზე დამაჯერებელი საბუთია სწორედაც რომ ძლიერი ხელისუფლების სასარგებლოდ, რამეთუ ვერც ერთი სხვა მთავრობა ვერ შეძლებს ეგოდენ ვრცელი იმპერიის შენარჩუნებას. თუ შემოთავაზებული კონსტიტუციის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებებს გავიზიარებდით და უარს ვიტყოდით ჩვენს პოლიტიკურ მრწამსზე, მაშინ იმ მოაზროვნეთა ბნელი დოქტრინების სისწორეს დავასაბუთებდით, რომლებიც ისეთი საერთო – ეროვნული სისტემის განუხორციელებლობას წინასწარმეტყველებენ, ამჟამინდელი კონფედერაციის მთელ ტერიტორიაზე რომ გავრცელდებოდა. პუბლიუსი ფედერალისტი # 24 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი # 24 : ჰამილტონი 1787წ. 19 დეკემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს რაც შეეხება პუნქტს, რომელიც ფედერალური მთავრობისთვის იმ უფლებამოსილებათა მინიჭებას ითვალისწინებს, რომლებიც აუცილებელია ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობისთვის, მის მიმართ ერთადერთ კონკრეტულ შესიტყვებას ვაწყდებით. თუ მე სწორად მესმის, იგი იმაში მდგომარეობს, რომ პროექტით არ არის გათვალისწინებული დებულება, რომელიც მშვიდობიანობის დროს მუდმივი არმიის ყოლას კრძალავს. ახალა შევეცდები ვაჩვენო, თუ რაოდენ მყიფესა და არადმისაჩნევ საფუძველს ემყარება ეს შესიტყვება. იგი ძალზე ბუნდოვნად და ზოგადად არის ფორმულირებული, არაფერს ემყარება, თვინიერ ცარიელი მტკიცებებისა და არაფერი სცხია დასაბუთების და თეორიული გააზრებისა. ამავე დროს, იგი ეწინააღმდეგება სხვა თავისუფალი ქვეყნების გამოცდილებასა და არ ითვალისწინებს ამერიკელი ხალხის გუნება – განწყობილებას, რაც გამოხატულია არსებულ კონსტიტუციათა უმრავლესობაში. მართებულია თუ არა ეს შესიტყვება, ცხადი გახდება, როგორც კი გავიხსენებთ, რომ იგი სამხედრო უწყებათა დაარსების პუნქტში ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლების აუცილებელ შეზღუდვას ეხება. საქმე გვაქვს ჯერარსმენილ პრინციპთან, რომელიც. ერთი – ორი გამონაკლისის გარდა, არც ერთი შტატის კონსტიტუციაში არ წერია, დანარჩენების მიერ კი უკუგდებულია. ადამიანი, რომელიც არ არის ჩახედული ჩვენს პოლიტიკაში და ეს-ესაა ჩვენი გაზეთების კითხვას შესდგომია, ისე, რომ წინაწარ არ შეუსწავლია კონვენტის მიერ შემოთავაზებული პროექტი, ბუნებრივია, ამ ორი დასკვნიდან ერთ-ერთს გააკეთებდა: მასში ან პოზიტიური ბრძანებაა ჩაწერილი იმის შესახებ, რომ Mმშვიდობიანობის დროს აუცილებელია მუდმივი არმიის ყოლა, ანდა საჯარისო ნაწილების ფორმირების მთელ უფლებამოსილებას იგი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს ანიჭებს ისე, რომ მისი მოქმედების თავისუფლება საკანონმდებლო ხელისუფლების მხრივ არანაირ კონტროლს არ ემორჩილება. თუ ეს ადამიანი მოგვიანებით თვითონ პროექტს გაეცნობოდა, უსაზღვრო იქნებოდა მისი გაოცება, ვინაიდან მასში ვერც ერთს აღმოაჩენდა და ვერც მეორეს; ვერც იმას, რომ ჯარის შეკრება საკანონმდებლო ხელისუფლების კომპეტენციაა და ვერც იმას, რომ იგი აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა. იგი ნახავდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელზედაც პროექტშია ლაპარაკი, სხვა არაფერია, თუ არა სახალხო კრება, რომელიც გარკვეული პერიოდულობით არჩეული სახალხო წარმომადგენლებისგან შედგება. ნაცვლად მოსალოდნელი დებულებისა, რომელიც მხარს მუდმივი ჯარის ყოლას უჭერს, იგი ისეთ პუნქტსაც კი წააწყდებოდა, ამ საკითხში თვით აღმასრულებელი ხელისუფლების შეზღუდვასაც რომ ითვალისწინებს. საქმე იმ პუნქტს ეხება, რომელიც ხელისუფლებას უკრძალავს ჯარის შესანახად ფულად ასიგნებათა შეგროვებას ორ წელზე მეტად; თუ ჩავუფქრდებით, ეს არის უსაფრთხოების სერიოზული და რეალური ღონისძიება, რომელიც თავიდან აგვაცილებს ჯარის ყოლას, თუკი ამის აშკარა აუცილებლობა არ არსებობს. რაკი პირველი გუმანი გაუცუდდა, ჩემ მიერ წარმოსახული პიროვნება ოდნავ ისევ წაივარაუდებს და ბუნებრივია, თავის თავს ეტყვის: შეუძლებელია, ამ მგზნებარე და მაღალფარდოვან რიტორიკას სარწმუნო რამ საბაბი არ ჰქონდესო. შეუძლებელია ხალხს, რომელიც ეგზომი თავგამოდებით იცავს თავის თავისუფლებებს, წინამორბედ კონსტიტუციათა მათ მიერ შემუშავებულ მოდელებში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრად უფრო მკაცრი და უტყუარი თავდაცვითი ღონისძიებები არ გაეთვალისწინებინაო; ეს ამდენი შიში და ღაღადისი, ალბათ, კონსტიტუციის ახალ პროექტში მისმა გამოტოვებამ გამოიწვიაო. რაოდენი იქნებოდა მისი სასოწარკვეთა, თუკი ამ შთაბეჭდილებით იგი სხვადასხვა შტატების კონსტიტუციებს ყურადღებით გადაიკითხავდა; იგი ხომ თვინიერ ორი კონსტიტუციისა, ვერსად წააწყდებოდა პუნქტს მშვიდობიანობის დროს მუდმივი ჯარის აკრძალვის თაობაზე; რაც შეეხება დანარჩენ თერთმეტ შტატს, ისინი ამ საკითხს ან მრავლისმეტყველი დუმილით უვლიან გვერდს, ანდა მკაფიოდ ფორმულირებულ პუნქტებს შეიცავენ იმის თაობაზე, რომ მუდმივი ჯარის ყოლა საკანონმდებლო ხელისუფლების ნებართვაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ძნელი იქნება ჩვენი პერსონაჟის გადარწმუნება, იგი მაინც იფიქრებს, ამდენი ღაღადისი და მოთქმა, ალბათ, მთლად უსაფუძვლო არ უნდა იყოსო. თუგინდ ინფორმაციის ყველა წყაროს საფუძვლიანად გაეცნოს, იგი მაინც ვერაფრით წარმოიდგენს იმას, რომ ეს სხვა არა არის რა, თუ არა გამოცდა იმისა, თუ რამდენად მიმნდობია ხალხი; ასეთი რამ ან მის მოტყუებას ისახავდა მიზნად ანდა მეტისმეტი თავგამოდება იყო იმის დსამტკიცებლად, თუ რაოდენ უბრალონი არიან მის წინაშე. ჩვენს პერსონაჟს შეიძლება ასეთმა აზრმა გაჰკენწლოს: საძიებელ გამაფრთხილებელ ღონისძიებებს, შესაძლოა უფრო შტატებს შორის პრიმიტიულ ხელშეკრულებებში წავაწყდეო. ბოლოს და ბოლოს, იქნებ აქ იყოს გამოცანის პასუხი. ერთი რამ, რასაც იგი აქედან შეიტყობს უდავოდ ის არის, რომ არსებულ კონფედერაციას მართლაცდა მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული გამაფრთხილებელი ზომები სამხედრო უწყებათა წინააღმდეგ მშვიდობიანობის ჟამს. ხოლო საჭირო მომენტში ამ მოდელზე უარის თქმამ, როგორც ჩანს, უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც ზეგავლენა იქონია კიდეც პოლიტიკის ამ ფალავნებზე. მაგრამ თუ რუდუნებით და კრიტიკულად განიხილავს კონფედერაციული ხელშეკრულების მუხლებს, იგი არათუ კიდევ უფრო გაოცდება, არამედ რაღაცნაირი გულისწყრომაც კი დაეუფლება მოულოდნელი აღმოჩენის წინაშე: ამ მუხლებში არსად არის აკრძალვა, რომელსაც იგი ეძებს; სამაგიეროდ მათგან გამოსჭვივის უდიდესი წინდახედულება, რითაც ისინი ჩვენთვის საინტერსო საკითხში აღმასრულებელ ხელისუფლებას ზღუდავენ, ოღონდ უფლებათა ამგვარი შეკვეცა არაფრით ეხება შეერთებული შტატების ხელისუფლებას. თუ ეს ადამიანი ძალზე მგრძნობიარეც არის და მგზნებარე ტემპერამენტიც აქვს, თავს ვეღარ შეიკავებს და ახალი პროექტის თაობაზე ყველა ამ ღაღადისს ავბედითი და უპრინციპო ოპოზიციის უღირს მონაჩმახად ჩათვლის. პროექტისა, რომელიც ყველასგან, ვისაც სამშობლო უყვარს, ბოლოს და ბოლოს სამართლიანსა და წრფელ განხილვას იმსახურებს! რამ აცდუნაო ეს ავტორები, – იტყოდა იგი, – გაუგონარი გმობის სიტყვები წარმოეთქვათ იმ გეგმის თაობაზე, რომელიც როგორცა ჩანს, ამერიკელი ხალხის გუნება – განწყობას გამოხატავსო; განა ლაპარაკი იმ გუნება – განწყობაზე არ არის, რომელიც მმართველობის სხვადასხვა ფორმებშია გამოხატული და რომელმაც მათში უამრავი ქმედითი დამცავი საშუალება ჩადო, რომელთა შესახებ დღემდე არვის არაფერი სმენია? თუკი იგი პირიქით, მშვიდი და მიუკერძოებელი კაცია, ერთს მწარედ ამოიოხრებს ადამიანური ბუნების სისუსტის გამო მერმე ვიშვიშსაც მოჰყვება იმის თაობაზე, რომ იმ საკითხის ჭეშმარიტი ღირსება, რომელიც მილიონობით ადამიანის ბედნიერებას ეხება, ისეთ ფანდებს აუწეწავს და აურევ – დაურევს, დამღუპველი რომაა მიუკერძოებელი და სამართლიანი ადამიანური გადაწყვეტილებისთვისო. მაგრამ თუნდაც ამგვარი ბუნების ადამიანს ძნელად რომ ვერ შეემჩნია, თუ რარიგ წააგავს ასეთი საქციელი ხალხის გრძნობებზე თამაშს ნაცვლად იმისა, რომ საბუთები მოემარჯვებინათ და მიზანში მისი გონება ამოეღოთ. მაგრამ ამ შესიტყვებას რაგინდ ზურგს არ უმაგრებდნენ პრეცედენტები, რომელთა მოძიება ჩვენშიაც შეიძლება, იქნებ მაინც უპრიანი იყოს მის შინაგან ღირსებაზე დაფიქრება. თუ კარგად გავისიგრძეგანებთ გამჟღავნდება, რომ არ იქნებოდა გონივრული აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციათა შეზღუდვა იმ საკითხში, რაც მშვიდობიანობის დროს სამხედრო უწყებათა არსებობას შეეხება, რამეთუ ამგვარი შეზღუდვები რომც შემოგვეღო, მათი შესრულება ძნელად რომ დაენებებინა საზოგადოების მოთხოვნებს. შეერთებული შტატები თუმც ვრცელი ოკეანით არის ევროპიდან გამოყოფილი, მაგრამ თავს მაინც არ უნდა ვაძლევდეთ ზედმეტი თავდაჯერების უფლებას, აქაოდა ჩვენი უსაფრთხოება საგულდაგულოდ არის დაცულიო. ჩვენს ქვეყნას ერთი მხრიდან ბრიტანეთის მფლობელობაში მყოფი მზარდი ახალშენები ესაზღვრება, სოლივით რომ შემოჭრილან ამერიკის ზურგში. მეორე მხრიდან, თითქოს მათ შესახვედრად მიისწრაფიანო ჩვენი ქვეყნის საზღვრის გასწრივ ესპანური კოლონიები და დაწესებულებანი გადაჭიმულან. ამას ვესტინდოეთის კუნძულებიც ზედ დავურთოთ, რომლებიც ჩვენს მეზობლად მდებარეობენ და ორივე ამ სამეფოს საერთო მფლობელობაშია ისე რომ, ამ სახელმწიფოებს საერთო ინტერესი ჩამოუყალიბდათ, რომლის საფუძველს მათი ამერიკული სამფლობელოები და ჩვენთან დამოკიდებულებაა. ველურ ტომებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დასავლეთით ბინადრობენ, უპრიანია, ჩვენს მტრებად და მათ ბუნებრივ მოკავშირეებად მივიჩნევდეთ, რამეთუ მათ ჩვენი შიში აქვთ, იმათი კი ეიმედებათ. ნაოსნობის საშუალებათა სრულყოფამ და მიმოსვლის გაადვილებამ ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაცილებული ქვეყნები დააახლოვა და თითქმის ერთმანეთის მეზობლებად აქცია. ბრიტანეთი და ესპანეთი ევროპის უდიდესი საზღვაოსნო სახელმწიფოებია. დაუჯერებელი არაფერია იმაში, რომ მათი ხედვები სამომავლოდ ერთმანეთს დაემთხვეს. რაც უფრო სუსტდება საფრანგეთისა და ესპანეთის სამეფო კარებს შორის სისხლისმიერი ნათესაობა, მათ შორის პოლიტიკური კავშირიც მით უფრო მყიფე ხდება. პოლიტიკოსებს ხომ მუდამ ჰქონდათ მიზეზი იმისა, რომ სისხლისმიერი ნათესაობა პოლიტიკურ კავშირებთან შედარებით სუსტ და უმდგრად ურთიერთობად მიეჩნიათ. ეს გარემოებანი შეგვაგონებენ, რომ თავი სამშვიდობოს არ დავიგულვოთ და არ დავიჯეროთ, საფრთხეს ჩვენთან ხელი არ აქვსო. რევოლუციამდე და თვით ზავის ჩამოგდების შემდეგაც კი ყოველთვის არსებობდა აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენს დასავლეთ საზღვართან გარნიზონები გვყოლოდა ჩაყენებული. მათი შენარჩუნება თუნდაც იმის გამო გახდება აუცილებელი, რომ თავიდან ავიშოროთ ინდიელთა გამაჩანაგებელი თავდასხმები. ეს გარნიზონები ან სახალხო ლაშქრის რაზმებით უნდა იყვნენ დაკომპლექტებულნი, ანდა სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მუდმივი საჯარისო შენაერთებით. ერთის განხორციელება შეუძლებელია. შესაძლებელი რომც იყოს, სახიფათოა. ძალზე გაჭირდება სახალხო მოლაშქრეთა დაყოლიება იმაზე, რომ თავიანთ საქმიანობას მოსწყდნენ და გაგანია მშვიდობიანობის ჟამს ეგზომ უსიამო მოვალეობა შეასრულონ. მათი დარწმუნება თუ იძულება რომც მოხერხდეს, ამგვარი გეგმა მაინც დაბეჯითებით არ იმსახურებს მოწონებას, ვინაიდან სამუშაო ძალის ხშირი ცვლა და მისი დაკარგვა მზარდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, იგი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების მოშლას იწვევს. ასეთი რამ უსამართლო იქნებოდა საზოგადოების მიმართ და მძიმე ტვირთად დააწვებოდა მას. კერძო მოქალაქეთა ცხოვრებას კი გააჩანაგებდა. რაც შეეხება მეორე შესაძლებლობას, რომელიც გარნიზონების მუდმივი სახელმწიფოს დაქირავებული მუდმივი საჯარისო შენაერთებით დაკომპლექტებას ითვალისწინებს, ეს იგივე იქნებოდა, რაც მუდმივი ჯარის ყოლა მშვიდობიანობის დროს. საქმე, რა თქმა უნდა, მცირერიცხოვან ჯარს ეხება, თუმც ამის გამო იგი უფრო არარეალური როდია. თუ მოვლენებს საღი თვალით შევხედავთ, უმალვე დავრწმუნდებით, თუ რაოდენ უმართებულოა ამგვარ უწყებათა კონსტიტუციური აკრძალვა და ყველაფრის საკანონმდებლო ხელისუფლების ნება – სურვილსა და კეთილგონიერებაზე შეგდება. რაც უფრო გაძლიერდება ჩვენი ქვეყანა, არათუ მოსალოდნელია, არამედ დარწმუნებითაც შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი და ესპანეთი გაზრდიან თავიანთ სამხედრო ძალებს ჩვენს მეზობლად. და თუ არა გვწადია, შიშველი ხელებით, დაუცველები აღვმოჩნდეთ მათ წინაშე და მათი შეურაცხყოფებისა თუ შემოსევების ატანა მოგვიხდეს, ისე უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საზღვრისპირა გარნიზონები, რომ მათ ჩვენი ქვეყნის დასავლეთით მდებარე ახალშენებისთვის გვარიანი წყენის მიყენება შეეძლოთ. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორტი, რომელთა ფლობა ფართო მონაკვეთების გაკონტროლების საშუალებას იძლევა დანარჩენებში შეჭრას კი აიოლებს. ამას ისიც შეიძლება დავუმატოთ, რომ ზოგ ასეთ ფორტს მომავალში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ინდიელ ტომებთან სავაჭრო ურთიერთობათა დამყარების თვალსაზრისით. განა გონივრული იქნება, ეს ფორტები იმ მდგომარეობაში მივატოვოთ, როცა წუთი წუთზე მოსალოდნელია, რომ ისინი ჩვენი ძლევამოსილი მეზობლებიდან ერთ-ერთის კლანჭებში აღმოჩნდეს? ასე თუ მოვიქცეოდით, ფეხქვეშ გავთელავდით კეთილგონიერებისა და პოლიტიკის ყველა მაქსიმას. სავაჭრო ქვეყნად ყოფნას თუ ვაპირებთ, ან ის მაინც თუ გვინდა, რომ ატლანტის ოკეანის მხრიდან დაცულები ვიყოთ, ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ სამხედრო – საზღვაო ფლოტის შესაქმნელად. ამისთვის ნავსაშენები და არსენალებია საჭირო, ამათ დასაცავად კი – ციხე-სიმაგრენი, და შესაძლოა, გარნიზონებიც. როცა ძლევამოსილ საზღვაოსნო ქვეყნად ვიქცევით, ნავსაშენებს ჩვენივე ფლოტით დავიცავთ და აღარ დაგვჭირდება გარნიზონები. მაგრამ როცა ჩვენი საზღვაოსნო ძლევამოსილება ეს-ესაა ფეხს იდგამს, მცირერიცხოვანი გარნიზონების ჩაყენება აუცილებელია, რათა არსენალები და ნავსაშენები გადმოსხმული დესანტის გამანადგურებელი თავდასხმებიდან დავიცვათ. ამგვარი დაცვა ჟამიდან ჟამს თვით ფლოტსაც ესაჭიროება. პუბლიუსი ფედერალისტი # 25 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი # 25 : ჰამილტონი 1787წ. 21 დეკემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს შეიძლება ვინმე დაჟინებულ მტკიცებას მოჰყვეს, წინა წერილში ჩამოთვლილი საკითხების მოგვარება შტატების მთავრობებს ევალება, რომლებსაც კავშირი მართავსო. ასე რომ იყოს, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების პრინციპი რადიკალურად შეიცვლებოდა. პრაქტიკაში კი ეს იმად შემოგვიტრიალდებოდა, რომ თავდაცვაზე ზრუნვა ფედერალური მთავრობიდან კონფედერაციის ცალკეულ წევრებს გადაეცემოდა. ამგვარი გეგმა უმოწყალო იქნებოდა ზოგიერთი შტატის მიმართ, სახიფათო – ყველასთვის და დამღუპველი - თვით კონფედერაციისთვის. ბრიტანეთის, ესპანეთისა და ინდიელი ტომების ის სამფლობელოები, რომლებიც ჩვენს მეზობლად მდებარეობენ, რომელიმე კონკრეტულ შტატს როდი ესაზღვრებიან, არამედ გარს ერტყმიან მათ მენიდან ვიდრე ჯორჯიამდე. ამიტომ არის, რომ საფრთხე, გარკვეულწილად, ყველასთვის საერთოა. ბუნებრივია, მისგან თავის დაცვის საშუალებანიც გაერთიანებული თათბირისა და საერთო ხაზინის საქმე უნდა იყოს. ზოგიერთი შტატი თავისი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო მუდმივი საფრთხის ქვეშაა. ნიუ-იორკიც მათ რიცხვში შედის. თუკი თითოეული შტატი ცალკე იმოქმედებდა, ნიუ-იორკს არათუ თავის დაცვის ღონისძიებათა მთელი ტვირთის ზიდვა მოუწევდა მარტოს, არამედ მეზობლების დაცვაზე ზრუნვის მთელი სიმძიმეც მას დააწვებოდა. ნიუ-იორკის მიმართ ასეთი რამ უსამართლობა იქნებოდა, სხვა შტატების მიმართ კი _ სახიფათო. ამგვარ სისტემას სხვადასხვა უხერხულობა ახლავს. შტატები, რომლებსაც წილად ხვდება აუცილებელ ღონისძიებათა ტვირთის ზიდვა, დიდხანს ვერ გაუძლებენ ამას და აღარც სურვილი შერჩებათ სათანადო ხარჯების გაწევისა. ამრიგად, მთელის უსაფრთხოება მისი შემადგენელი ნაწილების სიძუნწეზე, მფლანგველობასა თუ უუნარობაზე დამოკიდებული გახდება. თუ რომელიმე ასეთ ნაწილს ბევრად უფრო მდიდარი და ამოუწურავი რესურსი დაუგროვდა, მისი სამხედრო შესაძლებლობაც ამისდაპროპორციულად გაიზრდება, ხოლო დანარჩენები უმალვე განგაშის ზარებს დაარისხებენ, რაკი კავშირის მთელ შეიარაღებულ ძალებს მისი რამდენიმე – ისიც ყველაზე ძლიერი - წევრის ხელში თავმოყრილს დაინახავენ. ისინი გადაწყვეტენ, რომ მათთვისაც აუცილებელია საპირწონე იქონიონ; საბაბიც ადვილად მოიძებნება. თუ ასე მოხდა, სამხედრო უწყება შტატებს შორის მოშურნეობით რომ საზრდოობს, ისე გაიბერება, რომ არც თავის ბუნებრივ საზღვრებში ჩაეტევა და არც დადგენილ ზომებში. ეგოდენი ძალა თუ წევრების განკარგულებაში მოექცა, მათ ხელში იგი შეიძლება ეროვნული მთავრობის დანგრევისა თუ მოსპობის იარაღად იქცეს. ჩვენ უკვე დავასახელეთ ის მიზეზები, რომლებიც გვიხსნიან იმას, თუ რატომ არის, რომ შტატების მთავრობები საკავშირო მთავრობისადმი მეტოქეობის სურვილით აღიძვრიან. ყველაფრის თავიდათავი ძალაუფლებისადმი ყბადაღებული სიყვარულია. ფედერალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მთავრობის ამგვარ შეჯიბრში ხალხი ყოველთვს ამ უკანასკნელის ირგვლივ ერთიანდება ხოლმე. ამ უზარმაზარ უპირატესობას თუ ის ამპარტავნებაც დაემატა, რომლისთვისაც დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალების ფლობას მიუცია სტიმული, ეს შტატები დაუძლეველი ცდუნების წინაშე დადგებიან: ხელი აიღონ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე და საბოლოოდ დაამხონ კიდეც საკავშირო ხელისუფლება. მეორე მხრივ კი, მოვლენათა ასეთი განვითარების დროს ხალხის თავისუფლება უფრო დაუცველი იქნება, ვიდრე მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები ეროვნული მთავრობის ხელშია. რაკი ჯარი ძალაუფლების სახიფათო იარაღად არის მიჩნეული, უმჯობესია იგი იმათ ხელში იყოს, ვისაც ხალხი უნდობლად უყურებს, ვიდრე ისინი ფლობდნენ, ვისიც მას ყველაზე მეტად ეიმედება. საუკუნოვანი გამოცდილების ბრძმედში გამოწრთობილი ჭეშმარიტებაა ის, რომ ხალხი ყველაზე დიდი განსაცდელის წინაშე სწორედ მაშინ დგას ხოლმე, როცა ის საშუალებანი, რომლებსაც მისი უფლებების შელახვა ძალუძთ, იმათ ხელშია, ვისიც მას ყველაზე მეტი ნდობა აქვს. არსებული კონფედერაციის შემოქმედთ გასიგრძეგანებული ჰქონდათ ის საფრთხე, რომელიც მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა შეიარაღებული ძალები ცალკეული შტატების ხელშია. ამიტომაც ჩადეს მათ ხელშეკრულებაში ისეთი პუნქტები, რომლებიც შტატებს ავალდებულებს, არ იყოლიონ ხომალდები ან საჯარისო ნაწილები, თუ ამაზე კონგრესის თანხმობა არ არსებობს. ერთი რამ ცხადია: როცა ფედერალური ხელისუფლების პრეროგატივები და სამხედრო უწყება შტატის კომპეტენციაში შეაქვთ, ამაში უფრო ნაკლები წინააღმდეგობა როდია, ვიდრე ის წინააღმდეგობაა, რომელიც ფედერალური ხაზინის შევსების აუცილებლობასა და კვოტებისა და რეკვიზიციების სისტემას შორის არსებობს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბევრი სხვა ნიშანიც არსებობს, რომლებშიც გამჟღავნებულია ის, თუ რაოდენ უმართებულოა ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლების კომპეტენციათა შეკვეცა. ჩვენთვის საინტერესო შესიტყვებას მიზნად სწორედ ის აქვს, რომ მშვიდობიანობის დროს მუდმივი ჯარის არსებობა არ დაუშვას. მაგრამ არავინ გვაყენებს საქმის კურსში იმის თაობაზე, ამგვარი აკრძალვა მხოლოდ ჯარის ფორმირებას შეეხება თუ მშვიდობიანობის დროს მის შენახვაზეც ვრცელდება. თუ მხოლოდ ეს უკანასკნელი აქვთ მხედველობაში, მაშინ ასეთი აკრძალვა უაზრობა გამოდის და იგი სულაც არ შეესაბამება დასახულ მიზანს. თუ ერთხელაცაა და ჯარი შეიქმნა, რაღას მოასწავებს მისი “შენახვის” არაკონსტიტუციურობაზე ლაპარაკი? რა დრო იქნება საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ ჯარი ძალმომრეობის იარაღად იქცა? ერთი კვირა, ერთი თვე თუ ერთი წელი მოუნდება ამას? თუ უპრიანია ვთქვათ: ჯარი მანამ იარსებებს, სანამ ის საფრთხე იარსებებს, რომლის არსებობამაც მისი შექმნის აუცილებლობა წარმოშვაო? მაშინ გამოდის, რომ აუცილებელია, მშვიდობიანობის დროსაც ვიყოლიოთ ის, როგორც მოსალოდნელი თუ კარსმომდგარი საფრთხისგან თავის დაცვის იარაღი. ასეთი რამ კი აკრძალვის ზუსტ მნიშვნელობას სცდება და თავისუფალ განმარტებათა ფართო შესაძლებლობას იძლევა. ვინ უნდა დაადგინოს, ჩაიარა თუ არა საფრთხემ? ეს უდავოდ ეროვნული ხელისუფლების პრეროგატივაა და შემდეგ რასმე გულისხმობს: ეროვნულ მთავრობას შეუძლია მოახლოებული საფრთხის თავიდან ასაშორებლად, უწინარეს ყოვლისა, შეკრიბოს ჯარი; მისი ჩავლის შემდეგ კი იმდენ ხანს იყოლიოს იგი მზადყოფნაში, რამდენ ხანსაც ამას საზოგადოების სიმშვიდისა თუ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანა მოითხოვს. ადვილი მისახვედრია, რომ ეგზომ ნაირფეროვან განმარტებათა თვალსაწიერი, ძალასა და მნიშვნელობას აცლის თვით ამ დებულებას. არადა მისი სარგებლიანობა სწორედ ალბათობას, ანდა შესაძლებლობას მაინც ემყარება იმისას, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უზურპაციის გეგმებს შეადგენენ. თუ ასეთი რამ მოხდა, განა რამე დაუდგება წინ იმას, რომ მოახლოებული საფრთხე მოიმიზეზონ? საამისოდ შორს წასვლა არც კი დასჭირდებათ. ესპანეთის თუ ბრიტანეთის მიერ შეგულიანებულ ინდიელთა თავდასხმები ხომ ზედგამოჭრილია საამისოდ. პროვოკაციის ინსცენირება შეიძლება, ფარულად ეთხოვოს რომელიმე უცხო სახელმწიფოს, რომელსაც შემდგომში ვითომდა ჩააცხრობენ თავისდროულ დათმობათა წყალობით. თუ საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს იმის თაობაზე, რომ ორ ხელისუფლებას შორის ზემოაღნიშნული გარიგება არსებობს, მაშინ მის წარმატებულ ხორცშესხმასაც წინ ვერაფერი დაუდგება. ჯარი კი, რომელიც სულ სხვა მიზნითაა შექმნილი, ამგვარი ჩანაფიქრის განხორციელების იარაღად იქცევა. თუკი ასეთი შედეგის თავიდან აშორების მიზნით, მშვიდობიანობის დროს ჯარის შეკრებაც კი აიკრძალებოდა, მაშინ შეერთებული შტატები მსოფლიოს თვალში ერთობ უცნაური სანახავი იქნებოდა: მას კონსტიტუციით ექნებოდა ჩამორთმეული იმის უფლება, რომ მტრის შემოსევამდე განეხორცილებინა მოსამზადებელი თავდაცვითი ღონისძიებანი. რაკი ომის გამოცხადების პრაქტიკას ამ ბოლო დროს აღარ მისდევენ, შეერთებულ შტატებს ისღა დარჩენია, იმ მომენტს დაელოდოს, როცა მტერი მის მიწაზე ფეხს დადგამს, რაც იმის საწინდარი იქნება, რომ ხელისუფლებამ შტატის კომპეტენციის ფარგლებში ჯარის ფორმირება დაიწყოს. იძულებულნი ვიქნებოდით დარტყმა მანამ მიგვეღო, სანამ კონტრდარტყმისთვისYსამზადისს შევუდგებოდით. რაც შეეხება პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები წინასწარ გრძნობენ შორეულ საფრთხეს და კარსმომდგარ შტორმს ეგებებიანო, – გვირჩევენ მისგან თავი შევიკავოთ, რამეთუ იგი თავისუფალი მართვის ყველა მაქსიმას ეწინააღმდეგება. ჩვენი ქონება და თავისუფლება გადამთიელებს უნდა მივუგდოთ საჯიჯგნად; ჩვენი უძლურებით მათი მადა უნდა დავაცხროთ: მოდით, მიგდებულსა და დაუცველ დავლას დაეპატრონეთო. ასე კი იმიტომ უნდა მოვიქცეთ, რომ შიშს შევუპყრივართ: ვაითუ, ჩვენმა მმართველებმა – ჩვენ რომ ავირჩიეთ და ჩვენს ნებაზე არიან დამოკიდებულნი – იმავე საშუალებათა წყალობით ხელყონ ჩვენი თავისუფლება, რანიც სწორედაც რომ მის დასაცავად არიან მოწოდებულნიო. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთ შესიტყვებას მოველი: სახალხო ლაშქარია ქვეყნის ბუნებრივი ბურჯი, სწორედ მას ძალუძს ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფაო. სწორედ ამგვარი დოქტრინა იყო, რომ კინაღამ ხელიდან გამოგვაცალა ჩვენი დამოუკიდებლობა, რისი შენარჩუნებაც შეერთებულ შტატებს მილიონობით დოლარი დაუჯდა. მოვლენები ჩვენი უახლოესი გამოცდილებიდან საკმაოდ ცინცხლად აღბეჭდილან ჩვენს მეხსიერებაში, რომ ამგვარი სატყუარებით ვეღარ მოგვაღორონ. რეგულარული და გაწვრთნილი ჯარის წინააღმდეგ საომარ ოპერაციათა წარმატებით წარმოება მხოლოდ ასეთსავე რეგულარულსა და გაწვრთნილ საჯარისო ნაწილებს ძალუძთ. ამგვარი პოზიცია გამართლებულია როგორც სტაბილურობისა და სამხედრო ძლიერების, ისე ეკონომიკური მოსაზრებებით. ამერიკის სახალხო ლაშქარმა უკანასკნელ ომში სიმამაცის უამრავი მაგალითი გვიჩვენა, რითაც დიდების სამარადისო ძეგლი დაიდგა, მაგრამ მამაცთა შორის უმამაცესნი გრძნობენ ამას და მათ იციან კიდეც ის, რომ ქვეყნის თავისუფლება მარტო მათი ძალისხმევის დამსახურება როდია, რაგინდ დიადი და ფასეული იყოს იგი. ომი ისე, როგორც ბევრი სხვა რამ, მეცნიერებაა, რომელსაც უნდა დაეუფლო და რომელშიც დიდი რუდუნებითა და შეუპოვრობით უნდა გაიწაფო, რომელსაც ბევრი დრო და მეცადინეობა უნდა მოანდომო. ძალმომრეობის ყველა პოლიტიკა, რომელიც კაცობრიობის ბუნებასა და გამოცდილებას ეწინააღმდეგება, დასაღუპადაა განწირული. პენსილვანიის მაგალითი ადასტურებს ამ დაკვირვების სისწორეს. ამ შტატის უფლებათა ბილით გაცხადებულია, რომ მუდმივი ჯარი საფრთხეს უქმნის თავისუფლებას და სასურველია იგი არ ვიყოლიოთ მშვიდობიანობის დროსო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწორედ გაგანია მშვიდობიანობის დროს მიიღო მან გადაწყვეტილება, საჯარისო შენაერთები შეექმნა; ამის მიზეზი კი ერთ - ორ ოლქში გაჩაღებული შეხლა – შემოხლა გახდა. როგორც ჩანს, იგი მათ მანამ იყოლიებს, ვიდრე საზოგადოებრივი უსაფრთხოება ეჭვქვეშ იქნება. Yყურადსაღებია ამ საკითხში მასაჩუსეტსის გამოცდილებაც, ოღონდ სხვა მხრივ. ეს შტატი (ისე, რომ არ დაელოდა კონგრესის გადაწყვეტილებას, როგორც ამას კონფედერაციის შესაბამისი პუნქტები ითვალისწინებენ) იძულებული გახდა ჯარი შინაამბოხის ჩასახშობად შეეკრიბა და დღემდე ინახავს დაქირავებულ შენაერთებს, რათა თავიდან აიცილოს რევოლუციური სულისკვეთების გამოცოცხლება. მასაჩუსესტის კონსტიტუცია არ ეწინააღმდგება ამგვარ ღონისძიებას, მაგრამ ეს შემთხვევა ჩვენთვის ერთი რაიმეთი არის საინტრესო: მსგავსი რამ შეიძლება. ჩვენს მთავრობებსაც შეემთხვას და იმ უცხო სახელმწიფოთა მთავრობებსაც. ეს კი ზოგჯერ იმის აუცილებლობას განაპირობებს, რომ შეიარაღებული ჯარი მშვიდობიანობის დროსაც ვიყოლიოთ საზოგადოებირივი უსაფრთხოების დასაცავად. ამიტომ, მართებული არ არის ამ საკითხში საკანონმდებლო ხელისუფლებას კონტროლს ვუწესებდეთ. ეს მაგალითი იმასაც გვასწავლის, რომ სუსტ მთავრობას პატივს თავისი ამომრჩევლებიც კი ძნიად მიაგებენ. ყოველივე ამიდან ერთ გაკვეთილსაც უნდა ვითვალისწინებდეთ: ქაღალდზე ჩამოწერილი დებულებები ვერაფერი შვილია მაშინ, როცა საქმე საზოგადოების მოთხოვნილებებს ეხება. ლაკედემონელები მტკიცედ იცავდნენ ერთ ფუნდამენტურ მაქსიმას: ადმირალის პოსტზე ორჯერ არასოდეს დაენიშნათ ერთი და იგივე პიროვნება. პელოპონესის ხელშეკრულების მონაწილეებმა, რომლებსაც ათენელებმა მწარე მარცხი აგემეს ზღვაზე მოითხოვეს, რომ გაერთიანებული ფლოტებისთვის ლისანდრეს გაეწია ხელმძღვანელობა, რომელიც ადრე წარმატებით მოღვაწეობდა ამ პოსტზე. ლაკედემონელებმა, რომლებსაც ისიც უნდოდათ, რომ მოკავშირეებისთვის ეამებინათ და თან ძირძველი ჩვეულების ერთგულნი დარჩენილიყვნენ, ასეთ დახვეწილ ფანდს მიმართეს: ლისანდრე ადმირალის ყველა უფლებამოსილებით აღჭურვეს, ოღონდ ნომინალურად ვიცე ადმირალის წოდება მიანიჭეს. ეს მაგალითი ერთ-ერთია იმ უამრავ მაგალითთაგან, რომლებიც საკუთრ გამოცდილებაშიც მოგვეძევება და ერთ ძველ ჭეშმარიტებას ადასტურებს: სახელმწიფოები არას დაგიდევენ ისეთ წესებსა და მაქსიმებს, რომლებიც ანგარიშს არ უწევენ საზოგადოების მოთხოვნილებებს. ბრძენი პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ, რომ მთავრობას თავს არ მოახვიონ ისეთი შეზღუდვები, რომელთა განხორციელება შეუძლებელი გახდება. რამეთუ მათ უწყიან, რომ ძირითადი კანონების დარღვევა, თუნდაც აუცილებლობის ზეწოლით, შებღალავს იმ წმიდა მოწიწებას, რითაც მმართველები თავიანთი ქვეყნების კონსტიტუციათა მიმართ უნდა იყვნენ გამსჭვალულნი. გარდა ამისა, ამან, შესაძლოა, სხვა ისეთ დარღვევებს მისცეს ბიძგი, რომლებიც აუცილებლობით სულაც არ არიან ნაკარნახევნი, ანდა ის, რასაც დარღვევის გასამართლებლად იმიზეზებენ, არც ისე საშურია და თვალშისაცემი. პუბლიუსი ფედერალისტი # 26 : ჰამილტონი Spoiler ფედერალისტი # 26 : ჰამილტონი 1787 წ. 27 დეკემბერი ნიუ-იორკის შტატის ხალხს ალბათ არც იყო მოსალოდნელი, რომ სახალხო რევოლუციაში ადამიანთა გონების ბედნიერების იმ ზღურბლთან შემდგარიყვნენ, რომელიც კეთილისამყოფელ საზღვარს ავლებს ძალაუფლებასა და პრივილეგიას შორის და მთავრობის ენერგიას პირადი უფლებების უსაფრთხოებასთან აერთიანებს. ამ ფაქიზსა და მნიშვნელოვან საკითხში განცდილი მარცხი იყო სწორედ იმ შეჭირვებათა ყველაზე დიდი წყარო, რომლებიც ჩვენ გადავიტანეთ. ახლა თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ და ძველ შეცდომებს გავიმეორებთ თუ სამომავლო მცდელობებში ჩვენს სისტემას არ გავასწორებთ და გავაუმჯობესებთ, მაშინ ერთი ქიმერული პროექტიდან მეორეზე გადავალთ, ერთ ცვლილებას მეორეთი ჩავანაცვლებთ, მაგრამ უკეთესობისკენ ერთი ნაბიჯითაც კი წინ ვერ წავიწევთ. ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფის საკითხში საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილებათა შეზღუდვის იდეა ერთი იმ დახვეწილობათაგანია, რომლის წარმოშობა უფრო თავისუფლებისთვის მგზნებარე თავგამოდების დამსახურებაა, ვიდრე მისი განსწავლული სიყვარულისა. მაგრამ როგორც ვნახეთ, ჯერჯერობით მან ფართო გავრცელება იმ ქვეყანაშიც კი ვერ ჰპოვა, სადაც პირველად მოევლინა ქვეყნიერებას. რამდენადმე შეწყნარებული ეს იდეა მხოლოდ პენსილვანიასა და კაროლინაშია. დანარჩენები კი მას იოტისოდენა ნდობასაც კი არ უცხადებენ. მაგრამ ნდობა ხომ სადმე მაინც უნდა სუფევდესო, – ბრძნულად განსჯიან ისინი ვისიმე ნდობის ქონა იგულისხმება სწორედ უფლებამოსილებათა დელეგირების აქტშიო მაგრამ უმჯობესია ნდობა შეირყეს, ვიდრე მთავრობა დაბრკოლდეს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნას საკანონმდებლო ხელისუფლებების უადგილო შეკვეცების წყალობითო. ამ მხრივ შემოთავაზებული კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი ამერიკის საყოველთაო გადაწყვეტილებას ებრძვიან. აქამდე ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ვცვივდებოდით, – ასეთია ჩვენი მწარე გამოცდილება, მაგრამ ამ ხალხს ამან ვერაფერი ასწავლა. ამიტომაც ახლა უფრო დიდი და უსაზმნო ხიფათისკენ გვიბიძგებენ. აქაოდა, მთავრობა ტონს უწევს, იგი მეტისმეტად მკაცრიაო. ჩაგვაგონებენ: მთავრობას ხმა დავაწევინოთ, დავამშვიდოთო. საამისოდ კი ისეთ ფანდებს გვთავაზობენ, რომლებიც სხვა საკითხებთან მიმართებაში გაუკიცხავთ და მათი გამოყენებისგან თავი შორს დაუჭერიათ. მინდა ყოველგვარი გაკიცხვის გარეშე ვთქვა: თუ პრინციპები, რომლებსაც ისინი ხალხს თავში ძალად ჩასჩიჩინებენ, ერთ მშვენიერ დღეს ამ ხალხის მრწამსად გადაიქცევიან, ისინი ჩვენს თანამემამულეებს ოდნავ სამსახურსაც კი ვერ გაუწევენ მმართველობის რამენაირი ტიპის ჩამოყალიბების საქმეში. შეუძლებელია, ამ სახის საფრთხეს არ ვითვალისწინებდეთ. ამერიკელი ხალხი ძალზე გონიერია საიმისოდ, რომ იგი ანარქიის უპირატესობაში დაარწმუნო. მაგრამ დიდ შეცდომას დავუშვებდი თუ ვიტყოდი, გამოცდილებას საზოგადოების შეგნებაში ღრმა და ბრწყინვალე მრწამსი არ ჩაუნერგავს – მეთქი. ეს უკანასკნელი კი გვასწავლის: მთავრობის უდიდესი ენერგიაა საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებამ კეთილდღეობასა და აყვავებას მიაღწიოსო. ალბათ ურიგო იქნებოდა მოკლე შენიშვნა გამეკეთებინა იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაისახა და განვითარდა შეხედულება, რომელსაც მიზნად აქვს ის, რომ არ დაუშვას სამხედრო უწყება მშვიდობიანობის დროს. სპეკულატურ გონებაში იგი შეიძლება იმან დაბადა, რომ ამგვარ გონებას მიდრეკილება აქვს, გაიაზროს ასეთი ინსტიტუტების ბუნება და ის მისწრაფება, რომელსაც ადამიანი მათ მიმართ იჩენს. ამასათანავე ის მოვლენები გაითვალისწინოს, რომლებიც გარდასულ საუკუნეებში და სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარა. რაც შეეხება ეროვნულ გრძნობას, – რომელიც ასევე შეიძლება ამ შეხედულების დაბადების ადგილი იყოს, – მისი ფესვები აზროვნების იმ წეს – ჩვეულებებშია საძიებელი, რომლებსაც ის ერი მისდევდა, საიდანაც ამ შტატების მცხოვრებნი ოდესღაც გამოსულან. ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ კიდევ კარგა ხანს ამ ქვეყნის მეფეს თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა. მაგრამ ერთიმეორეზე მიყოლებით მასზე იერიში ჯერ თავისუფლების წყურვილით ანთებულმა ბარონებმა მიიტანეს, შემდგომ კი ხალხმა, სანამ მას არნახულ უფლებამოსილებათა უდიდესი ნაწილი არ შემოაფცქვნეს. ხოლო 1688 წლის რევოლუციის შემდეგ, როცა დიდი ბრიტანეთის ტახტზე ორანის პრინცი ავიდა, ინგლისის თავისუფლებამ სრული გამარჯვება იზეიმა. ინგლისის მეფის შეუზღუდავ და აღიარებულ უფლებაზე ომის წარმოებისა ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჩარლზ II – ს მშვიდობიანობის დროსაც თავის განკარგულებაში ჰყავდა რეგულარული ჯარი 5.000 კაცის ოდენობით. ხოლო ჯეიმს მეორემ იგი 30 000 კაცამდე გაზარდა, რომელსაც ჯამაგირს თავისი ცივილური ფურცლიდან უხდიდა. რევოლუციის დროს კი ესოდენ სახიფათო უფლებამოსილების გაუქმების მიზნით, უფლებათა ბილში – რომელსაც იმ დროს ადგენდნენ, – შეტანილი იქნა პუნქტი, რომლის მიხედვითაც:” მუდმივი ჯარის ფორმირება და მისი შენახვა მშვიდობიანობის დროს ეწინააღმდეგება კანონს, თუ ამაზე პარლამენტის თანხმობა არ არის”. როცა ამ სამეფოში თავისუფლების გამალებული მაჯისცემა ისმოდა, არავის მოსვლია აზრად, გამაფრთხილებელი ზომები მიეღოთ მუდმივი ჯარის წინააღმდეგ, თუ მხედველობაში არ მივიღეთ იმას, რომ აღმასრულებელი თანამდებობის მთავარ პირს ეკრძალებოდა მარტო თავისი კომპეტენციით შეეკრიბა და შეენახა იგი. პატრიოტები, რომლებმაც ეს ღირსსახსოვარი რევოლუცია მოახდინეს, ძალზე გაწონასწორებული და განათლებული ხალხი იყო საიმისოდ, რომ გუნებაში საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილებათა რამენაირი შეზღუდვა გაევლო. მათ კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ აუცილებელი იყო დაცვის რამდენიმე რაზმისა და გარნიზონის ყოლა; რომ შეუძლებელია ეროვნულ მოთხოვნილებათა ზუსტი საზღვრების დადგენა; რომ ყოველი ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის მთავრობაში შესაბამისი უფლება უნდა იყოს გათვალისწინებული; ხოლო როცა საკანონმდებლო ორგანოს სამსჯავროზე მისი გამოყენების საკითხი გამოგვაქვს, სიფრთხილის ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული და დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ იგი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებს შეესაბამება. ამრიგად, ამერიკელი ხალხი, შეიძლება ითქვას, მემკვიდრეობით ნაანდერძევი ალღოთი ხვდება იმას, რომ მშვიდობიანობის დროს მუდმივი ჯარი ხიფათს უქმნის თავისუფლებას. რევოლუციის დროს კი უკიდურესად გამახვილებულია საზოგადოებრივი მგრძნობელობა ისეთი საკითხების მიმართ, რომლებიც ხალხის უფლებათა დაცვასთანაა დაკავშირებული. ამიტომ იყო, რომ ამ მიმართებით ჩვენი თავგამოდების მხურვალება ცალკეულ შემთხვევებში დიდად სცდებოდა ხოლმე იმ ნიშნულს, რომლის ზემოთაც დაუშვებელია პოლიტიკური ორგანიზმის ტემპერატურა ადიოდეს. სწორედ ასეთ შემთხვევათა რიცხვს განეკუთვნება ორი შტატის ის მცდელობანი, რომლებიც სამხედრო უწყების პუნქტში საკანონმდელო ხელისუფლების უფლებამოსილებათა შეზღუდვას ითვალიწინებს. Pპრინციპები, რომლებმაც მემკვიდრეობითი მონარქის უფლებამოსილებათა მიმართ უნდობლობა ჩაგვინერგეს, დაუფიქრებლად გავავრცელეთ სახალხო კრებებში არჩეული ხალხის წარმომადგენლებზე. ის შტატებიც კი, რომლებსაც ასეთი შეცდომა არ დაუშვიათ, სრულიად უადგილო განცხადებებს აკეთებენ მუდმივი ჯარის თაობაზე: საკანონმდებლო
Recommended Posts