Jump to content
×
×
  • Create New...

2020 წლის 20 საუკეთესო ქართული კომპოზიცია


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@Ratatat

წარმოგიდგენთ 2020 წლის 20 საუკეთესო ქართულ კომპოზიციას.

 ნახეთ სრული ფლეილისტი

20. Circus Mircus - The Ode to the Bishkek Stone

პროექტი Circus Mircus სამი ანონიმი მუსიკოსითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მსმენელთა წინაშე საცირკო დასის წევრების მსგავსი იმიჯით გამოდიან (მათი სადებიუტო პერფორმანსის ხილვა აქ შეგიძლიათ). თუმცა, წესით და რიგით, გამოცდილ მელომანებს ბავონც გევორქიანის, იგორ ფონ ლიხტენშტეინისა და დამოკლეს სტავრიადისის ფსევდონიმების მიღმა მდგომ არტისტთა ნამდვილი ვინაობის ამოცნობა არ უნდა გაუჭირდეთ. მათი კომპოზიცია The Ode to the Bishkek Stone ყირგიზეთის დედაქალაქში მდებარე ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრითაა შთაგონებული. მის პაციენტებს სამი დღით გარეთ, კარავში უშვებენ და აძლევენ ქვას, რომელსაც საკუთარი პრობლემები უნდა გაუმხილონ, შემდეგ კი მთიდან გადააგდონ. ექსცენტრიკული, ნახევრად კომიკური, ნახევრად დეპრესიული განწყობის ნამუშევარი, რომლის უცნაურ ტექსტსა და იდეას მისივე ექსპერიმენტული ჟღერადობა იდეალურად შეეფერება.

 

19. წერილი - მტვრიან მიწაზე

ქართული ალტერნატიული როკ სცენის ვეტერანი ჯგუფი წელს მსმენელებს ახალი მინი ალბომით "ეგ არის" დაუბრუნდა, რომლის ჩაწერისას მუსიკოსებს კიდევ ერთი ცნობილი კოლექტივის Mother on Mondays წევრი, ლევან ჯავახიშვილი შეუერთდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ნამუშევარში შესულ კომპოზიციას "მტვრიან მიწაზე" ძირითად პოსტ პანკის ჟანრში მოღვაწეობით ცნობილი ბენდისთვის უჩვეულო, ელექტრონული ჟღერადობა და ინდასტრიალის ელემენტების სიუხვე გამოარჩევს. თუმცა, კვლავ უცვლელია ჯგუფის ფრონტმენის, გია თოიძის შესრულების საფირმო მანერა და დეპრესიული, ნიჰილიზმით სავსე ლირიკა. სიმღერა პანდემიის მიერ ადამიანების ცხოვრების წესში შეტანილი ცვლილებებითაა შთაგონებული, უამრავი ნეგატივითა და ათასგვარი პრობლემით სავსე 2020 წელს "წერილის" შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა კი ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.

18. 4D Monster Lobsters - YOU N ME VS THE REST OF THE WORLD

ქართველ მუსიკოსებს შორის ბილინგუალური კომპოზიციები ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ბოლო დროს ასეთი ნამუშევრები განსაკუთრებით მომრავლდა. მათგან ერთ-ერთი ჯგუფის Four Dimensional Monster Lobsters ეს სიმღერა გახლავთ, რომლის ტექსტშიც ქართული და ინგლისურენოვანი მონაკვეთები ერთმანეთს იშვიათი ბუნებრივობითა და ძალდაუტანლობით ენაცვლება. ელექტრონულ ჟღერადობაზე აგებული ჩანაწერი, რომელშიც გამოცდილი მსმენელის ყური სამოციანი წლების ფსიქოდელიის ელემენტებსაც აღმოაჩენს, დრიმპოპსაც და ალტერნატიულ როკსაც, ცალკეულ მომენტებში ძალზე ეფექტურად ბალანსირებს დისონანსურობის ზღვარზე. ვოკალიც ძალზე საინტერესოდაა დამუშავებული და საერთო აკუსტიკურ ქსოვილში ჰარმონიულად ჯდება. მოკლედ, მშვენიერი კომპოზიციაა, რომელიც ადასტურებს, რომ 2018 წელს დაარსებული კოლექტივი სპეციფიკური, მკვეთრად ინდივიდუალური ხელწერის მქონე პროექტად ჩამოყალიბდა.

17. Killages - Oma

ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Killages მიმდინარე წლის სექტემბერში საკმაოდ შთამბეჭდავი სადებიუტო სტუდიური ალბომი Original Brothers გამოუშვა, თუმცა ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ამ ნამუშევრის გამოსვლამდე ერთი თვით ადრე გავრცელებულმა კომპოზიციამ Oma მიიპყრო. ეს ტრეკი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2016 წელს ქალაქ რუსთავში ჩამოყალიბებული ჯგუფის ძირითად კოზირს მისი ფრონტმენის, გუგა მაჭარაშვილის შესრულების მანერა წარმოადგენს, რომელიც მსმენელის დაინტერესებასა და ჩათრევას ჩანაწერის პირველი წამებიდანვე ახერხებს. ატმოსფერული, მელოდიური ინსტრუმენტალიც ძალზე ეფექტურადაა დამუშავებული. ერთი სიტყვით, მუსიკოსების მორიგი ხარისხიანი და გემოვნებიანი ჩანაწერი, რომელიც ჩვენს სიაში ადგილს სრულიად დამსახურებულად იკავებს.

16. ლექსო რატიანი - ძილი

ლექსო რატიანმა ამ კომპოზიციით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ქართულ სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო და თვითმყოფადი მუსიკოსია. 17 წლის არტისტის მიერ თვითიზოლაციაში შექმნილი სიმღერა ისეთ მენტალურ მდგომარეობას აღწერს, რომელიც, დიდი ალბათობით, თითოეული მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია. გასაგები მიზეზების გამო, 2020 წელს მინიმალისტური ინსტრუმენტიზაცია, დეპრესიული ლირიკა და ნიჰილისტური განწყობა ერთგვარ ტრენდადაც კი იქცა, რომელიც ათასობით ნამუშევარში აისახა და გარკვეულწილად გაიცვითა კიდეც. თუმცა, ამ ჩანაწერს ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ ბანალურის გარდა, რაშიც მისი მოსმენისას თავადვე დარწმუნდებით.

15. Anushka Chkheidze - Lingotto

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტის, ანუშკა ჩხეიძის მიერ 2020 წელს გამოცემულ სადებიუტო ალბომში Halfie განსაკუთრებულ ყურადღებას კომპოზიცია Lingotto იპყრობს. უჩვეული ატმოსფერო, მიკროპასაჟების მუდმივი მონაცვლეობა და ემბიენთური აკუსტიკური ნაკადი, რომლის მოსმენაც ყოველდღიურ სცენებსაც კი ცნობიერების ყველაზე ღრმა შრეებში ჩაკარგულ ჰალუცინაციებს ამსგავსებს. ჩანაწერში აშკარად იგრძნობა IDM-ისა და გლიჩის ჟანრების ისეთი ლეგენდარული წარმომადგენლების გავლენა, როგორებიც არიან Aphex Twin, Boards of Canada, Autechre და სხვები, თუმცა ის ამავდროულად არც ინდივიდუალური ხელწერის ნაკლებობას განიცდის. ერთი სიტყვით, შესანიშნავი ტრეკია, რომელიც ავტორის მომავალი ნამუშევრების მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს.

14. KoKa - Pow!

ნორვეგიაში მცხოვრებმა კოკა ნიკოლაძემ თავისი პირველი ოპერა Vor dem Gesetz ("კანონის წინაშე") ფრანც კაფკას შთაგონებით ჯერ კიდევ 2012 წელს დაწერა. თანამედროვე კლასიკურ მუსიკაში მოღვაწე ხელოვანი ნაწარმოებებს თავისივე ხელით აწყობილი ინსტრუმენტების საშუალებით ქმნის. ჩვენს სიაში შეტანილი კომპოზიცია Pow! კი მისი ბექგრაუნდის მქონე არტისტისთვის, ერთი შეხედვით, უჩვეულო მიმართულებას, ექსპერიმენტულ ჰიპ ჰოპს მიეკუთვნება და ტრაიბალური ატმოსფერო, ყოველდღიური ნივთების ხმების კრეატიული გამოყენება და აბსტრაქტული, ძალზე ქარიზმატული მანერით შესრულებული რეჩიტატივი გამოარჩევს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ტრეკზე გადაღებული, ძალზე ეფექტური ვიდეორგოლი, რომელიც კონცეფციით მიშელ გონდრის მიერ შექმნილ კლიპებს მოგვაგონებს.

13. კოლექტივი - 1921 წლის 25 თებერვალს ჩვენ წავედით კოჯორში და უკან აღარ დავბრუნებულვართ

1921 წლის თებერვლის მიწურულს კოჯორ-ტაბახმელაში რუსეთის საოკუპაციო მე-11 არმიასთან ბრძოლაში ქართველ იუნკერებთან ერთად მოწყალების და, ეროვნულ გმირად შერაცხული მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ჯგუფ Bedford Falls-ის წევრების, მიხო კალანდარიშვილისა და სანდრო დიასამიძის მიერ შარშან დაარსებული პროექტის ეს კომპოზიცია სწორედ მათ ხსოვნას ეძღვნება. დიდი ხნის წინ მივეჩვიეთ, რომ მსგავს თემებზე ქართულ მუსიკაში უმეტესწილად უადგილო პათეტიკით სავსე ნამუშევრები იქმნება, თუმცა ეს მშვიდი, უპრეტენზიო, ინდი ფოლკის ჟანრში გადაწყვეტილი სიმღერა საუკუნის წინ მომხდარ ტრაგედიას გაცილებით ნათლად და მეტი გულწრფელობით წარმოაჩენს, ვიდრე ურაპატრიოტიზმით სავსე ნებისმიერი სხვა ჩანაწერი.

12. Melqo - Angels

დავით მანჩხაშვილი, იგივე მელქო სცენაზე სადებიუტო კომპოზიციით "Bloom/აყვავდი" 2018 წელს გამოჩნდა, თუმცა ჩვენი და არაერთი სხვა მსმენელის ყურადღების მიქცევა ამ მოკლე დროშიც მარტივად მოახერხა. 2020 წლის დასაწყისში არტისტმა პირველი სტუდიური ალბომი "ათასწლეული" გამოუშვა, მოგვიანებით კი რამდენიმე ახალი ტრეკიც გაავრცელა, რომელთა შორის ჩვენს სიაში შესატანად არჩევანი Angels-ზე შევაჩერეთ. კორონავირუსის პანდემიის დროს, თვითიზოლაციის პირობებში ჩაწერილი ნამუშევარი დაუნტემპოს, ჰიპნაგოგიური პოპისა და ჰიპ ჰოპის მელანქოლიური სინთეზია, რომელსაც ორიგინალური პროდაქშენი და შესრულების არანაკლებ ორიგინალური, თითქმის ჰიპერსომნიული მანერა გამოარჩევს. ვფიქრობთ, ზემოხსენებულ მიმდინარეობათა მოყვარულებს ეს კომპოზიცია აუცილებლად დაგაინტერესებთ.

11. MokuMoku - Lyre

ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანება MokuMoku თანამედროვე ქართული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულად საინტერესო ხელწერის მქონე პროექტი რომ არის, 2012 წელს თბილისში დაარსებული ჯგუფის წევრებმა კომპოზიციით Lyre კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ემბიენთური ელექტრონიკისა და ჯაზის რიტმების ორგანულ სინთეზზე აგებულ, მრავალფეროვან ინსტრუმენტალში ყოველი მომდევნო ნაბიჯი მახვილგონივრულადაა გათვლილი, ვოკალიც საჭირო დროსა და ქრონომეტრაჟით შემოდის, საბოლოოდ კი ყველაფერი ერთ თვითმყოფად, დამაინტრიგებელ ესთეტიკურ ხაზს მიჰყვება. სასიამოვნოა, რომ ამ ტრეკის სახით კოლექტივის ისედაც შთამბეჭდავ დისკოგრაფიას მორიგი ძალზე ეფექტური და დახვეწილი ჩანაწერი შეემატა.

10. Tamada - Cru

ჰაუსის, ფანკისა და ქალაქური სიმღერის სინთეზი ისეთი ექსპერიმენტია, რომელიც ან ძალზე ეფექტური შედეგით უნდა დასრულდეს, ან სრული კატასტროფით - მსგავსი ავანტიურები სხვაგვარად არასდროს მთავრდება. ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტის, ლაშა ჩხაპელიას ახალი პროექტის Tamada სადებიუტო სინგლი Cru, საბედნიეროდ, ზემოხსენებული შემთხვევებიდან პირველს მიეკუთვნება. კომპოზიციის მიმართ საწყის ინტერესს, რა თქმა უნდა, მისი არაორდინარული მიმართულება აჩენს, რომელსაც ავტორი "დიფ დუქანს" უწოდებს, თუმცა მოსმენიდან მცირე ხანშივე ნათელი ხდება, რომ ეს ტრეკი ჩვენს სიაში ადგილს მხოლოდ ორიგინალურობის ხარჯზე არ იკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში გიტარის პარტიას კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი, სტატიაში ზემოთ უკვე ნახსენები ლექსო რატიანი ასრულებს.

9. Gacha Bakradze - Inside

უკვე დიდი ხანია, რაც გაჩა ბაქრაძემ ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერის სტატუსი დაიმკვიდრა და ქვეყნის გარეთაც არაერთი თაყვანისმცემელი გაიჩინა. 2020 წელს არტისტმა გერმანულ ლეიბლზე Die Orakel მინი ალბომი Western Arrogance გამოსცა, რომლიდანაც ჩვენს სიაში შესატანად არაჩვეულებრივი კომპოზიცია სახელწოდებით Inside შევარჩიეთ. ასეთ ჩანაწერების შემთხვევაში, ტერმინი "მონოტონური" ოდნავადაც არ წარმოადგენს სიტყვა "მოსაწყენის" სინონიმს, ცალკეული პასაჟების ხშირი გამეორება კი ის უმთავრესი ფაქტორია, რომელიც საერთო ემოციური სურათის ეკლექტურობას განაპირობებს. შეგიძლიათ, ამ მოსაზრების ჭეშმარიტება თავადვე გადაამოწმოთ, 14-წუთიანი კომპოზიცია მოსმენის პროცესში ერთფეროვნების განცდას წამითაც არ დაგიტოვებთ.

8. Bobby Kensei x Turbo_ია x Dilla - Shy Girl

Bobby Kensei-ის სახელით ცნობილმა რევაზ ხარჩილავამ წელს მსმენელებს რამდენიმე ახალი კომპოზიცია შესთავაზა, რომელთაგან საუკეთესო უდავოდ Shy Girl იყო. ამ ჩანაწერში მას პარტნიორობას კოლეგები, გიორგი კვეზერელი, იგივე turbo_ია და პოპულარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრი, ზურა ჯიშკარიანი, იგივე Dilla უწევენ. ძალზე საინტერესო ჟღერადობის მქონე კომპოზიციაში მამბლ რეპისა და თრეფის გავლენა იგრძნობა, თუმცა ამ ჟანრებში შექმნილი ნამუშევრების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ის მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ლირიკით გამოირჩევა. რომანტიკულ, მსუბუქი მელანქოლიით გაჟღენთილ და ფსიქოდელიური შტრიხებით მდიდარ ტრეკში ხარისხის სწორედ ის თამასაა შენარჩუნებული, რომელსაც მის შექმნაში მონაწილე თითოეულმა არტისტმა დიდი ხნის წინ მიგვაჩვია.

7. HVL - Nat Mode

ელექტრონული მუსიკის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ ჟანრის სათავეებთან უმეტესწილად ქალი პიონერები, დელია დერბიშირი, დაფნა ორამი, პოლინა ოლივეროსი და სხვები იდგნენ. საქართველოში ასეთი ფიგურა 1926 წელს დაბადებული ნათელა სვანიძე გახლდათ, რომელიც, მისივე თქმის არ იყოს, ზედმეტად ადრე მოვიდა ამქვეყნად - ავანგარდული ხედვის მქონე კომპოზიტორის ექსპერიმენტები სრულიად აცდენილი იყო საბჭოთა კულტურულ კონიუნქტურასთან, რის გამოც მისი ნამუშევრები თითქმის არასდროს სრულდებოდა. სვანიძეს შემოქმედებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას 1974 წელს შექმნილი "ქართული ლამენტაციები" იქცევს, რომელსაც თამამად შეგვიძლია, ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ნიმუში ვუწოდოთ. 2020 წელს გამოცემული კომპილაციური ალბომი "ნათელა" სწორედ ამ ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაციებითაა დაკომპლექტებული. მათ შორის, ჩვენი სიისთვის გიგი ჯიქიას, იგივე HVL-ის ტრეკი Nat Mode შევარჩიეთ იმ იმედით, რომ 2017 წელს გარდაცვლილი კომპოზიტორის მემკვიდრეობას მომავალში კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და დაფასება ერგება წილად.

6. Creams - RUN

შარშან Creams იმ ახალ სისხლად მოვიხსენიეთ, რომელიც ქართულ პოპულარულ მუსიკას დიდი ხანია, სჭირდებოდა. როგორც 2020 წელს აღმოჩნდა, ნათია ჭიჭინაძის შემოქმედება მხოლოდ მშობლიური სცენისთვის არაა აქტუალური - არტისტთან კონტრაქტი ბრიტანულმა ლეიბლმა AWAL გააფორმა, რომელსაც სხვადასხვა დროს არაერთ ლეგენდარულ შემსრულებელთან თუ ბენდთან უთანამშრომლია. ამ კოლაბორაციის პირველი შედეგი, სინგლი RUN ძალზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა - ჩამთრევი რიტმი, დახვეწილი ემბიენთური ტექსტურები, საინტერესო განვითარება, უჩვეულო ატმოსფერო და შესანიშნავი პროდაქშენი. მუსიკოსის ჩვეული ქარიზმა და გამომწვევობაც ადგილზეა. ისეთი კომპოზიციაა, ყოველი მოსმენის შემდეგ უფრო და უფრო რომ განდომებს თავიდან ჩართვას, ნათია კი განვითარებას და მასზე დამყარებული იმედების გამართლებას წარმატებით განაგრძობს.

5. Murman Tsuladze - La Flemme de Danser / მოდი, წავიცეკვოთ

La Femme-ს ქართველი მსმენელები, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ პოპულარული ფრანგული კოლექტივის ერთ-ერთი წევრი, ლუკას ნუნიეს რიტერი "მურმან წულაძის" სახელით ცნობილ პროექტში ამოჰყოფდა თავს და სახელად ზაურის დაირქმევდა. 2016 წელს ჩამოყალიბებულ ტრიოში ამ უკანასკნელთან ერთად პარიზელი ტექნო არტისტი, ვიქტორ გასკონი და რუსთაველი მუსიკოსი, მურმან წულაძე მოღვაწეობენ, რომელიც ბენდის ხელწერას უნიკალურ კოლორიტს მატებს. ჯგუფის შემოქმედებაში ძალზე ნათლად იგრძნობა იმ საეჭვო რეპუტაციის მქონე მუსიკის გავლენა, ჩვენში განსაკუთრებული პოპულარობით შავბნელ 1990-იანებში, ბაზრობებსა თუ სამარშრუტო ტაქსებში რომ სარგებლობდა. მათ ჩანაწერებში ეს ინსპირაცია სინთპოპისა თუ ჰაუსის ყალიბშია ჩამოსხმული და თითქოს დემნა გვასალიას მიერ მაღალი მოდის სამყაროში განხორციელებული პროვოკაციების მუსიკალურ ექვივალენტს ქმნის, რომელიც მთელი თავისი დიდებულებით კომპოზიციაში "მოდი წავიცეკვოთ" აისახება. საფრანგეთის დედაქალაქში, "ყვითელჟილეტიანების" აქციებზე გადაღებული კლიპიც სწორედ ისეთია, ამ არაორდინარული ესთეტიკის ნამუშევარს რომ შეეფერება.

4. KayaKata - Malina

ფსიქოდელიური ჰიპ ჰოპის ჟანრში შექმნილი ეს კომპოზიცია KayaKata-ს საფირმო ხელწერის მორიგი ეფექტური ნიმუშია. ამ შემოქმედებითი გაერთიანების სხვა ნამუშევრების მსგავსად, Malina-ს მოსმენის დროსაც რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ყველაფერი ცნობიერების ნაკადის რღვევის შედეგადაა შექმნილი. თუმცა, აშკარად უფრო მართებული იქნება, თუ ამ დახასიათებაში "რღვევას" დეფრაგმენტაციით ჩავანაცვლებთ - ჩანაწერის ლირიკაში თითოეულ ფრაზას მოგონებების, განცდებისა და ხატების მთელი წყება ებმის, მათი მონაცვლეობა კი რეალობის სურათს ცალკეულ ნიშნებად შლის და თავიდან აწყობს, რის შედეგადაც მიღებულ ტილოზე გამოსახული, მჟავის ფერებში გადაწყვეტილი პალიტრა და დეკონსტრუირებული ფორმები ერთდროულად სიურრეალიზმსაც მიეკუთვნება და კუბიზმსაც. მოკლედ, ისეთი ტრეკია, რომლის სიტყვებით აღწერაც ბევრს არაფერს იძლევა, ამიტომაც, გირჩევთ, თავად მოუსმინოთ.

3. ერეკლე დეისაძე & Nimit_ta - ნამასა

ქართველი მწერლისა და მუსიკოსის, ერეკლე დეისაძისა და ჯგუფ "შარქათაქის" ყოფილი ფრონტმენის, ბექა კუნდალინის დუეტმა, რომლისგანაც არაერთი შესანიშნავი ჩანაწერი გვახსოვს, 2020 წელს მორიგი შთამბეჭდავი კომპოზიცია "ნამასა" გაავრცელა. ნამუშევრის ლირიკაში ერეკლეს ტრადიციული ხელწერა ძალზე ნათლად იგრძნობა. ვერ ვიტყვით, რომ გეტოების მგოსანი რაიმე ახალს ან განსაკუთრებულს გვთავაზობს, თუმცა ხარისხი კვლავინდებურად სახეზეა. აი, რაც შეეხება ბექას (რომელიც ამ შემთხვევაში Nimit_ta-ის ფსევდონიმით მოგვევლინა), ის აქ ახალ შემოქმედებით საფეხურზეა - მისი ინსტრუმენტალი ამ მელანქოლიურ, ელექტროპოპის სტილში გადაწყვეტილ ტრეკში მელანქოლიურ, თითქოს სიზმრისეულ ატმოსფეროს ქმნის და სიმღერას განუმეორებელ ესთეტიკას სძენს.

2. Bedford Falls - MACEDONIA

კორონავირუსის პანდემიამ და მისმა თანმხლებმა მოვლენებმა გამოძახილი უამრავი არტისტის შემოქმედებაში, მათ შორის ქართული ბენდის Bedford Falls ჩანაწერშიც MACEDONIA ჰპოვა. როდესაც ადამიანებს ოთხ კედელს შორის გამოკეტილ მდგომარეობაში თვეების გატარება უწევთ, სხვაგან ყოფნა ნელ-ნელა ოცნებად იქცევა, შორეული ადგილები კი წარმოსახვაში ზღაპრულ სამყაროს ემსგავსება. სწორედ ეს უჩვეულო, სევდიანი განწყობაა ასახული სიმღერაში, რომელიც 2020 წელს მსგავს თემაზე შექმნილი ასობით ტრეკიდან უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. ჯერჯერობით, მაკედონიისა არ იყოს, ის დღეც საკმაოდ შორსაა, როდესაც მოწოდება "დარჩი სახლში" მსოფლიოში ყველაზე აქტუალური აღარ იქნება, მანამდე კი ოპტიმიზმის შენარჩუნებაში ეს ძალზე ლამაზი კომპოზიცია ნამდვილად დაგეხმარებათ.

 

1. დავით დათუნაშვილი - 4 Real

დავით დათუნაშვილს მსმენელი ძირითადად ორი პროექტიდან, 2007 წელს ჩამოყალიბებული ინდი როკ ჯგუფიდან Landmark და ამავე ბენდის დრამერთან, გიგი ჯიქიასთან ერთად მოგვიანებით დაარსებული ელექტრონული დუეტიდან Okinawa Lifestyle იცნობს. 2020 წელს კი არტისტმა თავის სოლო დისკოგრაფიას ახალი ალბომი 6 Plus შემატა, რომლიდანაც ჩვენს სიაში შესატანად კომპოზიცია 4 Real შევარჩიეთ. დახვეწილი ინსტრუმენტალი, ლოუ ფაი პროდაქშენი და ნოსტალგიური ჟღერადობა - არაერთი ღირსებით გამორჩეულ ნამუშევარს განსაკუთრებულ ესთეტიკას შესრულების სპეციფიკური მანერა სძენს, რომელიც მის ფსიქოდელიურ, ინტიმურ ატმოსფეროში იდეალურად ჯდება. წლის საუკეთესო ქართულ კომპოზიციად სწორედ ამ ჩანაწერს ვასახელებთ და აუცილებლად გირჩევთ, ალბომში შესული სხვა ტრეკებიც მოისმინოთ.

 
 
2020 წლის 20 საუკეთესო ქართული კომპოზიცია
 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Ratatat

19ის ლისტიც საკაიფოა. ბარემ აქ დავდებ

 

10. Killages - Bottlesip

ქართულ ჰიპ ჰოპში ექსპერიმენტის მცდელობები ბოლო წლებში საკმაოდ მომრავლდა. თუმცა, ის არაორდინარული ჟღერადობა, რომელსაც Killages-ის ამ კომპოზიციაში ვაწყდებით, ჩვენთან კვლავ იშვიათია - ემბიენთის ელემენტებით დატვირთული ინსტრუმენტალი, საცეკვაო რიტმი და ფსიქოდელიური შტრიხები, რომელსაც ჯგუფის ფრონტმენის, გუგა მაჭარაშვილის სპეციფიკური ფლოუ და ხმის ტემბრი ძალზე საინტერესოდ ერწყმის. ერთი სიტყვით, ნამუშევრის მთავარი კოზირი მისივე ორიგინალურობაა - ის ატრიბუტი, რომელიც ნებისმიერი ჟანრის ლოკალური სცენისთვის სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი.

9. Four Dimensional Monster Lobsters - Popcorn Popper

Popcorn Popper ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩანაწერია, რომელიც წელს ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენაზე ვიხილეთ. კომპოზიციას განსაკუთრებულობას სინთპოპისთვის უჩვეულოდ მძლავრი რიტმ სექცია და ფსიქოდელიის არასტანდარტული აღქმა სძენს, რაც ტექსტში ასახულ განცდებს კიდევ უფრო ამძაფრებს და სიმღერის მოსმენით გამოწვეულ ემოციებს მართლაც რომ ოთხგანზომილებიან პრიზმაში შლის. Four Dimensional Monster Lobsters ნელ-ნელა მკვეთრად სპეციფიკური ხელწერის მქონე ჯგუფად ყალიბდება, რომელიც მსმენელთან საკომუნიკაციოდ სათანადო ენის პოვნას წარმატებით ახერხებს.

8. Kay G - მესამე დღე

გიორგი ქებურიას კარიერაში ეს ჩანაწერი, ალბათ, საუკეთესო ნამუშევარია, რომელიც მისი, როგორც არტისტის, შემოქმედებით ზრდაზე მეტყველებს. სტანდარტული თრეფ ბითი აქ ძალზე საინტერესოდ ვითარდება, Kay G კი თანამედროვე ქართული ჰიპ ჰოპ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ლირიკოსის წოდებას სრულად ამართლებს. "მესამე დღე" ძალზე დეპრესიული ტრეკია, თუმცა, აქ მძიმე განწყობა არა დრამატული ჟღერადობისა თუ ტექსტში ბანალური სენტიმენტების ფრქვევის, არამედ პირქუში რეალობის შეულამაზებელი, გულახდილი აღწერით იქმნება. ეს კომპოზიცია მორიგი ამბავია ქალაქიდან, რომელშიც ახალგაზრდებს თავის დასამკვიდრებლად და წარმატების მისაღწევად სულ უფრო და უფრო ნაკლები გზა რჩებათ.

7. Mikhailo + Irakli - Merme

მართალია, მიხეილ თოდუამ ციხე უკვე დატოვა და სასჯელის დარჩენილ ვადას შინაპატიმრობაში გაატარებს, მაგრამ ეს კონკრეტული კომპოზიცია და რელიზიც საკანშია შექმნილი. ციხეში შეგზავნილი აპარატურით აწყობილ სტუდიაში მუსიკოსმა უკვე 5 კრებული გამოსცა, თუმცა, Release მათ შორის ყველაზე დახვეწილი და საინტერესო ნამუშევარია. ამ კომპოზიციაში ემბიენთ განწყობისა და ექსპერიმენტული მუსიკის ტექსტურების სინთეზით Michailo და Irakli შეეცადნენ, ერთი მხრივ, იზოლაციაში ყოფნით გამოწვეული ემოციები აესახათ, მეორე მხრივ კი, ოპტიმიზმისთვის საკმარისი ადგილი დაეტოვებინათ. დღეს მიხაილო თავისუფალია, მაგრამ ეს ნამუშევარი ყველა იმ ადამიანის მოლოდინს გამოხატავს, ვისი დროც ჯერ არ დამდგარა.

6. Bedford Falls - Come.

ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებს ამ ჩანაწერის მოსმენისას თავდაპირველად შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ საქმე წლების წინ გაცვეთილ ფორმულასთან გაქვთ. თუმცა, ნუ იჩქარებთ, რადგან სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ - ამ, ერთი შეხედვით, ათასგზის გადაღეჭილ სტრუქტურაში ორიგინალური იდეები ისე შეუმჩნევლად იპარება, რომ შეიძლება, ვერც მიხვდე, როდის გადაუხვია კომპოზიციის განვითარებამ შენ თვალწინ სრულიად სხვა მიმართულებით. ასეთი ნამუშევრები დღეს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ჟანრის გლობალურ სცენაზეც იშვიათად გვხვდება, Bedford Falls კი კარიერის დასაწყისში მათზე გაცემულ ავანსებს ჯერჯერობით სავსებით ამართლებს.

5. Sexy Bicycle - Gardenias

Sexy Bicycle ბარსელონაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის, ნიკა ელიას ფსევდონიმია, რომლითაც წელს მან მესამე სტუდიური ალბომი გამოსცა. ჩანაწერი ელექტროპოპის, სინთვეივისა და პოსტ პანკის არაორდინარული, მიმზიდველი ნაზავია, რომელსაც თამამად შეგვიძლია, არტისტის შემოქმედებაში საუკეთესო პროექტი ვუწოდოთ. მასში რამდენიმე ძალზე შთამბეჭდავი კომპოზიციაა თავმოყრილი, რომლებიც ჩვენს სიაში ადგილს არანაკლებ ღირსეულად დაიკავებდნენ, თუმცა, ის სპეციფიკური ხელწერა, რაც ელიას ნამუშევრებს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის, ყველაზე კარგად Gardenias-შია ასახული - უცნაურ, ინდი და ლოუ ფაი ესთეტიკით გაჯერებულ სიმღერაში.

4. Moku T - გამოდი გარეთ

ჯგუფ Moku Moku-ს წევრმა, ტატო რუსიამ ეს კომპოზიცია 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარე ხალხმრავალი აქციის სისხლიანი დარბევის შემდეგ ჩაწერა. როდესაც საქმე საპროტესტო სიმღერას ეხება, მის წმინდა მუსიკალურ ღირებულებაზე საუბარი მეორეხარისხოვანია, მთავარი კი ის ხდება, თუ რამდენად შეძლებს ავტორი თავისი სათქმელის მსმენელამდე მიტანას. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო წინააღმდეგობის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული ნამუშევარი საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებთან ერთად ათასობით სხვა ადამიანმაც აიტაცა, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მუსიკოსმა ამ ამოცანას თავი იდეალურად გაართვა.

3. Creams - Die 4 You

ნათია ჭიჭინაძის კომპოზიცია ის ახალი სისხლია, რომლის გადასხმაც ქართულ პოპულარულ მუსიკას დიდი ხანია, სჭირდება. ჩამთრევი, მელოდიური ტრეკი ექსპერიმენტული პოპის ყველა გლობალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, თუმცა, ამავე დროს მასში მუსიკოსისთვის საკუთარი თავის დასამკვიდრებლად აუცილებელი ელემენტი, ინდივიდუალური ხელწერაც ნათლად იგრძნობა. "უხეში და ენერგიული, მაგრამ ამავდროულად მელანქოლიური მუსიკა, რომელიც შორსაა კონვენციური ჰიპ ჰოპისგან" - ასე დაახასიათა არტისტმა საკუთარი შემოქმედება. ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, ნათელი ხდება, რომ მისი სიტყვები საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ ყოფილა. Die 4 You რომანტიკული ბენგერია, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს, პირველ რიგში, მისი ავტორის ქარიზმატული, თავდაჯერებული შესრულების მანერა სძენს.

2. Eko & Vinda Folio - თერაპია

ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას დუეტმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ სოციალურ-პოლიტიკური პროტესტით აღსავსე ტრეკებთან ერთად, მელანქოლიურ-რომანტიკული სიმღერების წერაც არანაკლებ ეფექტურად გამოსდის. მუსიკოსების სადებიუტო სტუდიური ალბომის გამხსნელი, ამავე სახელწოდების მქონე სიმღერა, რომელიც ნამუშევრის ზოგადი ემოციური ხაზის იდეალურ მახასიათებლად გამოდგება, ამის კარგი მაგალითია. მისი მოსმენისას მიღებული შეგრძნებებები გამოცდილი თერაპევტის მიერ ჩატარებული სეანსის შედეგს წააგავს. პერმანენტულად პულსირებადი რიტმი, ბასის დომინაცია, გიტარის ფრაზები საჭირო დროს საჭირო ადგილებში და სინთეზატორით შექმნილი მიკროლანდშაფტები პოსტ პანკისთვის ჩვეულ ატმოსფეროს ქმნის და ჩანაწერიც გათენებისას ფანჯარაზე არეკლილ მზის პირველ სხივს ემსგავსება, რომელსაც თან კედლებს მიღმა მომლოდინე ქალაქის სევდა მოჰყვება.

1. KayaKata - Polo Palace

კატების სადებიუტო ალბომის მთავარი კომპოზიციის შესახებ შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ის გლობალური მუსიკალური ინდუსტრიის სტანდარტებითაც კი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც 2019 წელს მოვისმინეთ. ერთი შეხედვით, Polo Palace შესაძლოა, თანამედროვე მეინსტრიმული ჰიპ ჰოპის ფსიქოდელიური, თრეფ ჟღერადობის კოპირების მორიგ მცდელობად მოგეჩვენოთ, თუმცა, აშკარაა, რომ მუსიკოსებს კოლეგებისგან მჟავისფერი საღებავების გარდა არაფერი უნათხოვრებიათ და გეტოს ნაცრისფერ კედლებზე უსწორმასწორო შტრიხებით გამოყვანილი ნახატი მხოლოდ მათი გენგეგმის მიხედვითაა შესრულებული. არტისტები აქ თითქოს წარმოსახვასა და რეალობას შორის არსებული საზღვრების წაშლას ცდილობენ, რათა მათ მიერვე შექმნილი რვაბიტიანი მატრიცა ხელშესახები სამყაროს ანარეკლიდან მის ნაწილად აქციონ. ლომბარდებში დატოვებული ზამთრებისა თუ დამტენად გამოყენებული ცის მეტაფორებით აკინძულ ლირიკაში კი თბილისის პირქუში ყოველდღიურობა და მისგან გაქცევის გზები ერთმანეთში ირევა.

 
 
2019 წლის 10 საუკეთესო ქართული კომპოზიცია
 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor  20 ბევრად კარგია 

მურმანა და მელქო აღმოჩენებია წლის

აი დათუნაშვილს მანამდეც ქონდა ნორმ ვეშები რაც მარტოა,მაგრამ ამას ოკინავას ვაიბები აქვს და ძაან ასწორებს

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Ratatat said:

@Moor  20 ბევრად კარგია 

მურმანა და მელქო აღმოჩენებია წლის

აი დათუნაშვილს მანამდეც ქონდა ნორმ ვეშები რაც მარტოა,მაგრამ ამას ოკინავას ვაიბები აქვს და ძაან ასწორებს

 

გეთანხმები. არაა, არ დავარებ, ახლა ვნახე ის ლისტიც და არ მინდოდა დამეკარგა. მერე რამე 'ქართული მუსიკის' თემაში ან განყში გამომადგება

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share