Jump to content
×
×
  • Create New...

ჯერ მწუხარება, შემდეგ გამძლეობა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

დეტროიტში კორონავირუსის პანდემიის შედეგების დოკუმენტირებას 12 დღე მოვანდომე. 10 000 ფოტო მაინც გადავიღე ხალხით სავსე ქალაქის ავტობუსებში, სახლებში, რომლებშიც, მიუხედავად გასაჭირისა და საფრთხისა, ადამიანები ცხოვრებას და ერთმანეთის სიყვარულს აგრძელებდნენ, დაკრძალვებზე, სადაც ოჯახის წევრები რიგრიგობით ემშვიდობებიან თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან შეკრების უფლება 10 ადამიანამდე იყო შეზღუდული.

საზღვაო სამხედრო ვეტერან და ყოფილ ფოსტალიონ ჩესტერ ლოვეტს ათი შვილი, დედა, შვილიშვილები, ძმები, ძმისშვილები და მრავალი სხვა ახლობელი ჰყავდა, თუმცა იგი 59 წლის ასაკში საავადმყოფოში მარტო გარდაიცვალა.

დაკრძალვის ცერემონიაზე ოჯახის მწუხარებას უფრო ამძიმებდა იმის გაცნობიერება, რომ ვირუსი ასე არ წალეკავდა აშშ-ის ფერადკანიან მოსახლეობას, მთავრობას რომ მათზე სათანადოდ ეზრუნა. COVID-19 არათანაზომიერი სისწრაფით აავადებდა და კლავდა შავკანიან მოქალაქეებს.
ნათესავები დაკრძალვაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ლოვეტის ძმამ, ჯერიმ, მის განსაკუთრებულ მეოჯახეობასა და საზოგადოების ღირსეულ წევრობაზე ილაპარაკა. ყველა იხსენებდა ლოვეტის მზრუნველ და ალერსიან ხასიათს.

ფოტოზე აღვბეჭდე დეონტეი კლეი, უილსონ-აკინსის დამკრძალავი სახლის თანამშრომელი, როდესაც ის საგალობელს `Oh to Be Kept by Jesus“ ასრულებდა. რესპირატორით აღჭურვილი კენი ალექსანდერი მას აკომპანირებას უწევდა, რაც დაკრძალვაზე ორგანის დაკვრის დროს ინფიცირების საფრთხის თვალსაჩინო ნიშანი იყო.

კუბოს დახურვამდე ლოვეტის რამდენიმე შვილი მასთან ახლოს მივიდა, დანარჩენები თავის ადგილებზე დარჩნენ. ისინი ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც გაერთიანებულები იყვნენ. ამ სცენის შემხედვარემ, კამერა სახესთან მივიტანე და ავტირდი. 20 წლის განმავლობაში, რაც ფოტოებს ვიღებ, ეს პირველად დამემართა.

შემდეგ, ოთახში სამხედრო პირი მწყობრი ნაბიჯით შემოვიდა დასამშვიდობებელი სამხედრო ცერემონიის დასაწყებად. ის მხედრული სალმით შეეგება ლოვეტის კუბოს. ცერემონიის სხვა წევრებმა ამერიკის დროშა დაკეცეს და ლოვეტის დედას გადასცეს.

MM9338_200424_04266-1024x576.jpgუილკოქს ფრეიზერი ფოტოს უღებს შოტელში გადასახლებულ ტოშას ფერას და სარა სმითს.

გარეთ შეკრებილი ოჯახის წევრების თვალწინ ჯერი ლოვეტმა მტრედი ააფრინა – მისი ძმის სულის სამოთხეში გადანაცვლების სიმბოლო. ეს ქმედება ჩემთვის იმედის ნიშანიც იყო. იმედის – ოჯახისთვის, ქალაქისა და მთელი ჩვენი ერისთვის. ეს მტკივნეული დღე გონებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა.

აიოვაში, ჩემს სახლში რამდენიმე დღის შემდეგ გადაღლილი დავბრუნდი, თუმცა მეამაყებოდა მრავალი გადაღებული ფოტო, რომელიც ტრაგედიის შუაგულში დეტროიტის გამძლეობას ასახავდა და ნათელს ჰფენდა პანდემიის პირისპირ მთავრობის მიერ მიტოვებული ჩვენი მოქალაქეების გასაჭირს.

მუშაობის დროს ვფრთხილობდი – ყოველთვის ვატარებდი დამცავ აღჭურვილობას, გადაღებამდე და გადაღების შემდეგ დეზინფექციას ვუტარებდი სამუშაო მოწყობილობას, ყოველდღე ვრეცხავდი ტანსაცმელს და არასოდეს ვდებდი კამერას ძირს. ამასთან ერთად, დაბრუნების შემდეგ ჩემი ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს გვერდით ნაქირავებ სახლში გავდიოდი კარანტინს.

ხუთშაბათს შევნიშნე, რომ სუნთქვა მიჭირდა, თუმცა ვიფიქრე, ნიღბის ტარების და გრძელ კიბეზე ხშირი სიარულის ბრალია-მეთქი.

იქ სამშაბათს დავბინავდი. N95 ნიღაბს გარეთ და ბინისკენ მიმავალ კიბეზეც ვატარებდი.

ხუთშაბათს შევნიშნე, რომ სუნთქვა მიჭირდა, თუმცა არ მინერვიულია. ვიფიქრე, ნიღბის ტარების და გრძელ კიბეზე ყოველდღიური სიარულის ბრალია-მეთქი.

შაბათს დახშული ცხვირი, ხველა, სურდო და კუნთების ტკივილი სეზონურ ალერგიას დავაბრალე, თუმცა ჩვეულებრივი წამლები არ მშველოდა. დღის განმავლობაში მეძინა, ღამე კი ვფხიზლობდი. ჩემს ცოლს და რედაქტორს ვუმტკიცებდი, რომ სეზონური გრიპის ჯიუტი სახეობა მაწუხებდა მაშინაც კი, როდესაც სიმპტომებს დიარეა დაემატა.

ორშაბათს, როგორც იქნა, ექიმს დავურეკე. სიმპტომების გათვალისწინებით მან ივარაუდა, რომ COVID-19-ით ვიყავი ინფიცირებული. თუ ჩემი სხეულის ტემპერატურა 39-ს ასცდებოდა, საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი.

ვირუსით დაავადებულების და მის გამო გარდაცვლილების დოკუმენტირებაში 2 კვირა მქონდა გატარებული და მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ მეც ინფიცირებული ვიყავი. მეგონა, საკმარისზე მეტი უსაფრთხოების ზომა მივიღე.

სამშაბათს დეტროიტის ფოტოების გადარჩევის გრძელ პროცესს გავუძელი. შემდეგ ჩემმა ტემპერატურამ აიწია: 37.8, 38.1, 38.6, 38.8. საავადმყოფოში წასვლა არ მინდოდა. მეშინოდა, იმ ადამიანთა ბედი არ გამეზიარებინა, რომლებიც, ლოვეტის მსგავსად საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.
ფიზიკურად ცუდად ყოფნას ემოციური სტრესიც დაემატა. ჩემს ოჯახს დავპირდი, რომ ავად არ გავხდებოდი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ჩემი ფოტოების გმირებისა და National Geographic-ის რედაქტორის წინაშე, რომელმაც ეს საქმე მანდო და დამცავი მოწყობილობებით აღმჭურვა.

სიცხე 38.8-ზე შეჩერდა.
ოთხშაბათს ექიმთან ტელეფონით დაკავშირების მცდელობისას ჩამეძინა. 1 საათის შემდეგ ოფლისგან სველმა გავიღვიძე, ტელეფონი კი გვერდით მედო. ცხელება დავამარცხე, თუმცა უენერგიობა, კუნთების სისუსტე და თავის ტკივილი კიდევ ორიოდე კვირას გამიგრძელდა.

ვფიქრობ, რომ დეტროიტში წასვლის რისკი გამართლებული იყო, რადგან შანსი მომეცა, მომეყოლა ამბავი Motor City Mitten Mission-ის მუშაკებზე, რომლებიც, ვირუსის მიუხედავად, მუშაობას აგრძელებენ მშიერი ხალხის დასაპურებლად.

რისკი გამართლებული იყო ასევე ტიეა ჯექსონის და მისი ოჯახის ისტორიის მოსაყოლად, რომლებსაც მოტელში გადასახლება მოუწიათ, რადგან ჯექსონი პანდემიის დროს დაკეტილი ავტონაწილების მიმწოდებელი კომპანიიდან გაათავისუფლეს. უსახსრობის გამო მათი მოტელის ქირაობის საფასური Mitten Mission-მა გადაიხადა. მიუხედავად ამისა, მათ იმედი არ დაუკარგავთ, იცინოდნენ და ერთად კითხულობდნენ ნაწყვეტებს ბიბლიიდან.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ლოვეტის შვილების ამბავი, რომლებიც მამის გარდაცვალების შემდეგ მისმა სიყვარულმა ერთ მუშტად შეკრა.

ჩემმა დეტროიტულმა გამოცდილებებმა განმიმტკიცა რწმენა, რომ სირთულეების გადალახვა შესაძლებელია, თუ გავერთიანდებით ოჯახებად, საზოგადოებად, შტატებად და ერად, რომელიც ზრუნავს თითოეულ თავის წევრზე. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ჩვენს ქვეყანაში გადარჩენას და ბედნიერად ცხოვრებას მხოლოდ მდიდრები შეძლებენ.

დენი უილკოქს ფრეიზერის ფოტოები პირველად National Geographic-ის ონლაინ გამოცემაში გამოჩნდა – „უდრეკი სულისკვეთება დეტროიტელებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებათ“. ამ სტატიის ავტორი Detroit Free Press-ის ვეტერანი, კასანდრა სპრატლინგია.

The post ჯერ მწუხარება, შემდეგ გამძლეობა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share