Jump to content
×
×
  • Create New...

გუგა მგელაძე – მედეა


Moor
 Share

Recommended Posts

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2020/12/medea-1111.jpg

სიურეალისტური კომედია

რამდენიმე სცენად

მოქმედების ადგილი: აქ

დრო: ახლა

პ.ს.პიესაში გამოყენებულია ფრაგმენტები ევრიპიდეს,,მედეადან’’ (მთარგმნელი ნანა ტონია)

 

I სცენა

მედიაქაოსი

დიდ ეკრანზე ერთდროულად რამდენიმე (ლიბერალური თუ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი) ტელევიზია იწყებს მაუწყებლობას. ხმების და რეპორტაჟების კაკაფონიაა. ყველანი: ობიექტურად პროფესიონალებიც და ცალსახად არაპროფესიონალებიც ერთ ამბავს აანალიზებენ. შემთხვევა მართლაც შოკისმომგვრელია. ქ. ბათუმში, ამა და ამ წლის ამ რიცხვში თავისუფლების (ყოფილი ერას) მოედანზე აღმართული კოლხი და, პრინციპში, ყველაზე ტრაგიკული ქართველი ქალის – მედეას ძეგლი გაცოცხლდა (SIC!).

ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან.

კადრში ვხვედავთ კვარცხლბეკის ირგვლივ შეჭეჭყილ სპეცდანიშნულების რაზმს, ჟურნალისტებს, სეირის მაყურებელ თანამოქალაქეებს, ტურისტებს და ა.შ. ცხადია, კვარცხლბეკი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

რუსთავი ორის ჟურნალისტი: ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ მედეას ძეგლი 2007 წლის 6 ივლის საზეიმო ვითარებაში ქვეყნის ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. ოპოზიციის მხრიდან ამ ფაქტს მაშინვე მოყვა მძაფრი კრიტიკა. აღნიშნული შეფასებების მოსმენის შესაძლებლობა ჩვენი არხის საშუალებით სულ ცოტა ხანში გექნებათ. ოპოზიციის წარმომადგენლები პრობლემას ძეგლის დაპროექტებასა და აღმართვაში გაწეულ თანხებში ხედავდნენ, რაც, მათი აზრით, არამიზნობრივი და წამგებიანი იყო… ამის შესახებ კი სპეციალურ განცხადე…

მის ხმას „სუბიექტივის“ გადაცემის წამყვანის გაღიზიანებული ხმა გადაფარავს

წამყვანი: ამაშია საქმე! გვაქვს ჩვენ საამაყო ისტორია, ხომ? მითუმეტეს, ისტორიას ყოველთვის კაცები ქმნიდნენ და ქმნიან. ქალის როლი ამ შემთხვევაში, მინიმალურია. არა, არის გამონაკლისები, როგორ არ არის. თამარ მეფე ავიღოთ, მაგალითად. ავიღოთ ოლღა გურამიშვილი, მანანა არჩვაძე , ანა კალანდაძე, შენ ხარ ჩემი ბატონი და ისა კიდე, ნანი ბრეგვაძე. ვისზე ნაკლები ქალები გვყოლია და გვყავს, მაგრამ ნახეთ რაშია საქმე: როცა იმ ულამაზეს და უნიკალურ ზღვისპირა ქალაქში, თან ცენტრში კაცო, ვიღაც კოლხი ბოზის ქანდაკებას დგამ, არც უნდა გაგიკვირდეს ეგეთი არაპროგნოზირებადი და ქვეყნის დამაქცევარი შედეგები. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ჩვენ ეგ ქალი ქვეყნის მაშტაბით გვარცხვენს, მეგობრებო. შვილების მკვლელია ეგ და ქვეყნის გამყიდველი. იმ ბერძენ მწერალს კისერიც უტეხია, რაში მანაღვლებს რას წერს და როგორ. ჩვენ ჩვენი უნდა დავაფასოთ, ხომ? (ამოახველებს) ბოდიში, გამიგრძელდა. ახლა პირდაპირი ჩართვა გვექნება მამა საბასთან და მოვუსმინოთ ამ პატიოსან კაცს. იქნება და ღმერთი გვცდის.

( პირჯვარს იწერს)

ხაზზე ხართ. გისმენთ, მამაო!

მამა საბა (ტანწვრილი კაცია, ჯაგარა თმა-წვერ-ულვაშით!): სწორად ბრძანეთ თქვენ. უფლის რისხვის შედეგი მგონია მე ის მოვლენები, რის წინაშეც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში აღმოვჩნდით. თავის ნებაზე მიშვებული და დედა ეკლესიისგან განდგომილი, მე ვიტყოდი, გონებადაბინდული და დაავადმყოფებული პიროვნებების ბრალია ეს ყოველივე. შავით თეთრზე წერია სახარებაში, რა და როგორ მოხდება. მეორედ მოსვლას ვგულისხმობ, ცხადია. ის ბუნებრივი კატაკლიზმები ზოგს სიცილადაც არ ყოფნის და მასხრად იგდებს, მაგრამ ჯერ სად ხართ! ერთმანეთის ხორცის ჭამას რომ დაიწყებთ, სწორედ მაშინ მოიხედავთ ეკლესიისკენ, ჩვენსკენ ანუ, ღვთისმსახურებისკენ, მაგრამ ბოდიში ბატონო, მერე უკვე გვიანი იქნება. ფაფუ. ჩვენც გვაქვს მოთმინება. რა გახდა მართლა და მართლა! სათითაოდ გირეკოთ წირვაზე რომ მოხვიდეთ? ჩემ მრევლს მივმართავ. გამგები გაიგებს. სახელები არ ჩამომათვლევინოთ, თორემ მერე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგეჭრებათ თავი.

ახლა დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს: სინოდმა უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება ძეგლის ქცევასთან დაკავშირებით და მე სრულიად ვიზიარებ მათ პოზიციას. ისინი ემიჯნებიან ლიბერალების, ათეისტების და ათასი ბელზებელის ნაშიერების მიერ მოწყობილ, ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის და ქაოსისთვის შემამზადებელ პროცედურებს, რაც საზოგადოებაში გამოიწვევს სრული უსუსურობის, სკეპტიციზმის და მასობრივი პარანოიის საფრთხეს. მე პირადად, ხალხს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ილოცეთ ქვეყნისთვის და თქვენი ოჯახებისთვის. ილოცეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის, რომელიც 3 დღეა დუმს და უარს ამბობს ნებისმიერი სახის კონტაქტზე. ხედავთ სადამდე მიიყვანეთ ადამიანი? ხედავთ? არ ვიცი, რა ტიპის შემთხვევასთან გვაქვს საქმე და შეიძლება, ძეგლის გაცოცხლებასთან პირდაპირი კავშირი არცა აქვთ ევროპული მარაზმისგან გონებადაბინდულ პიროვნებებს, თუმცა ფაქტი ერთია: ესაა ღვთის განაჩენი. ჩვენ ვისჯებით იმ ხორცმეტების უმსგავსო საქციელისთვის. ჩვენ ვისჯებით მათი შვილებისა და ცოლების თავაშვებული ცხოვრების წესისთვის. ხედავთ რას გვანან ჩვენი ქალები, ხედავთ? გადაჯიშებულები რომ არიან, მაგიტომაც ხდება ათასი უბედურება და უფრო მეტიც: აი, ეგ ძეგლი, რომლის მოძრავ კადრებსაც გუშინწინ მოვკარი თვალი, ამ გადაჯიშებული ქალების შორეული წინაპარია. ნუ მომაყოლინებთ ახლა არგონავტების მითს, ცოტა თქვენც წაიკითხეთ რამე…

მოძღვრის კადრს სხვა არხის პირდაპირი ეთერი გადაფარავს.

ეთერშია თოქშოუ „კონტექსტები“

სტუმრად არიან: არასამთავრობო ორგანიზაციის „ძეგლი და იდენტობა“ ლიდერი ანა-მარია სისინაშვილი და ნათელმხილველი კობა

ანა-მარია სისინაშვილი: ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ მოქალაქე მედეას დისკრედიტაციას და მით უფრო ძეგლის მიმართ დაგეგმილი შტურმის გახნორციელებას. მე, როგორც გენდერის მკვლევარი, თამამად ვაცხადებ: ქალის, როგორც ბიოლოგიური არსების ხელყოფა, რომელსაც აქვს თავისი სქესი, იდენტობა, განცდები, აზროვნება, ეთნიკური კუთვნილება, სხეული და ა.შ. – არის ყოვლად დაუშვებელი. საინტერესოა, განხორციელდებოდა თუ არა შსს-ს მიერ დაგეგმილი შტურმი ვთქვათ, რომელიმე მეფის ძეგლის გაცოცხლების შემთხვევაში? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვცხოვრობთ მკაცრად განსაზღვრულ პატრიარქალურ კულტურაში, თავისი კონიუნქტურითა და მართვის ფორმებით, რაც მამრს, როგორც დომინანტს, საშუალებას აძლევს იძალადოს ქალზე, როგორც ამ კულტურის მიერ ფუნქციებშეზღუდულ სქესზე. მოვითხოვ დაუყოვნებლივ დაიკითხოს მოქალაქე მედეა, რათა გაირკვეს მისი, როგორც ქალის, როგორც პიროვნების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა იმდენად, რამდენადაც ჩვენი ორგანიზაციის…

წამყვანი ( აწყვეტინებს): უკაცრავად, ქალბატონო ანა-მარია, გადაცემის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება და სიტყვა ჩვენს მეორე სტუმარსაც უნდა გადავცე.

ანა-მარია სისინაშვილი:  ჰო, პრინციპში, მე მოვრჩი უკვე. დანარჩენი საპროტესტო აქციებზე გაჟღერდება.

წამყვანი: კეთილი. ახლა კი ბატონ კობას მოვუსმინოთ. შექმნილი საგანგაშო სიტუაციიდან გამომდინარე, ის ექსკლუზიურად დაგვთანხმდა გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე. გთხოვთ.

 ნათელმხილველი კობა: დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე ვერ დავეთანხმები ქალბატონ ანა-მარიას ამ მეტად პრობლემატური საკითხის ფემინისტურ ჭრილში განხილვის შესახებ. დავიწყოთ იმით, რომ ჩემი ღრმა დაკვირვებით, პრობლემის არსი არა ქალის ფიზიოლოგიაში, არამედ დროში მოგზაურობის მეტად სპეციფიკურ ასპექტშია. დიახ, მეგობრებო. აღნიშნული ძეგლი გაცოცხლდა მხოლოდ და მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გათვალისწინებით, რომ ის რეალური მედეაა, კოლხი მედეა, ისტორიული პერსონაჟი.

წამყვანი: დაუჯერებელ რაღაცას ამბობთ.

ნათელმხილველი კობა: ყოფილა შემთხვევა, ვაშინგტონში ლინკოლნის ქანდაკებას თვალი ჩაუკრავს მოქალაქისათვის. მართალია, ეს ფაქტი ბოდვით ჰალუცინაციად ჩათვალეს, მაგრამ დიდი ალბათობით, ესეც მსგავს კატეგორიაში გადის. შესაბამისად, მე მგონია და დარწმუნებულიც ვარ, რომ აღნიშნული ძეგლი გახლავთ რეალურად არსებული მედეას რეინკარნაცია, რომელიც ჩემთვის დაუდგენელი მიზეზით აღმოჩნდა საკუთარ სამშობლოში, თუმცა, მაქვს საფუძვლიანი ჰიპოთეზა,რომლის მიხედვითაც იგი ჰელიოსის მიერ გაგზავნილი ეტლის წყალობით მოხვდა პარალელურ რეალობაში. რაღაც აერიათ. გასაგებად ვამბობ, ხომ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ნებისმიერი სახის ძალადობრივი ან მასობრივი აქტი გამოიწვევს მეტად სავალალო მდგომარეობას.

ანა-მარია სისინაშვილი: საპროტესტოც?

ნათელმხილველი კობა: მომისმინე, გენაცვალე. ახლა ყაყანის დრო ნამდვილად არაა. ხალხი პანიკაშია. დაბნეულები არიან. მათ მითითებები ჭირდებათ, გესმის? ვთქვათ, დაგეგმეთ აქცია. ძეგლი რომ გაღიზიანდეს? რომ გაგსრისოთ? შენ შეიძლება ღირსიც იყო, მაგრამ გვინდა ჩვენ ზედმეტი თავის ტკივილი?

ანა-მარია სისინაშვილი: შენც ამ პატრიარქალური კულტურის ნაწილი ხარ, კობა. შენ ღუპავამ ხალხს, ქალებს უფრო. გგონია არ ვიცი, რამდენი ქალი დაეთრევა შენთან ჯადოს გასაკეთებლად? დასაორსულებლად? ექსპლუატაციაა ეგ და ღორობა. ღორი ხარ შენ, კობა, ღორი და ახლა მე თვალებს გამოგთხრი.

ანა-მარია წამოფრინდება და კობას მივარდება.

მიმდინარე ტრანსლაციას მორიგი, ახლა უკვე პოლიტიკური გადაცემა ცვლის.

საქართველოს პრემიერმინისტრის პირდაპირი ჩართვაა საფრანგეთიდან

პრემიერმინისტრი: წინა ხელისუფლებამ დააშავა ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე, დააშავა თაობების წინაშე. დააშავა ჩვენი პარტრიარქის წინაშე! ეს იყო არამიზნობრივად დახარჯული ბიუჯეტის, სრული უგემოვნობის და უნიჭობის ზეიმი! კადრებს ვუყურებდი, თვალებს არ დავუჯერე. ხალხო, რა დღეში ხართ მანდ, რა ამბავია! მიეცით საშუალება შსს-ს აკეთოს თავისი საქმე. ძეგლის უფლებების დაცვის დროა ახლა? შოკირებული ვარ. არა, მედეა ცალსახად მნიშვნელოვანი ფიგურაა და პატივს ვცემ, ევრიპიდეც წავიკითხე თავის დროზე, მაგრამ ახლა კულტურული პრეფერენციების დრო ნამდვილად არაა. ტურისტული სეზონია, საფრთხე ექმნება როგორც ცალკეული რეგიონის, ასევე მთლიანი სახელმწიფოს სტაბილურობას. კი ბატონო, არ ჩამოდის ჯერჯერობით სვეტიდან, გავარკვიე უკვე -სიმაღლის შიში აქვს, მაგრამ რომ ჩამოხტეს? ხომ ხვდებით რა შედეგებამდე მივალთ? ჩვენ ყველანი შოკში ვართ. ტრავმირებული ერი ვართ, ბოლობოლო: რა არ გვინახავს, რა არ გამოგვივლია, ომები, პუტჩი, რევოლუცია, მაგრამ ასეთი არაპროგნოზირებადი შემთხვევის წინაშე პირველად აღმოვჩნდით და იმედი მაქვს, უკანასკნელად. სულაც არ მესიამოვნება გორგასლის ძეგლის ჭიხვინი შუაგულ რუსთაველზე. ისედაც საცობებია…

(წყალს მოსვამს)

ხომ გახსოვთ ჩვენი პარტიის სლოგანი: ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა. ხოდა, არავითარ შემთხვევაში, ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პანიკას. ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას. სატელევიზიო ბადე ისევ ამოქმედდა. გასართობი გადაცემებიც გავა. ნუ ივლით ქალაქში. მიანდეთ საქმე პროფესიონალებს.

პრემიერმინისტრის საუბრის პარალელურად ირთვება მეორე ეკრანი: მედეას ძეგლის ირგვლივ, სვეტთან, სპეცოპერაციაა დაგეგმილი. რამდენიმე წუთში ბრძანებას გასცემენ და დაიწყება ძეგლის შტურმით აღების პროცესი. კადრში ვხედავთ ძეგლს, რომელიც სვეტზეა ჩამომჯდარი და ოქროს საწმისი მუხლებზე უდევს, ფეხებს აქანავებს.

აი, ბრძანება გაცემულია, მოსახლეობა ევაკუირებული და სროლებიც იწყება…

რამდენიმეწუთიანი ინტენსიური იერიშის შემდეგ კადრში კვლავ ძეგლი ხვდება. დაუზიანებელია. თითქოს, ყოველი ტყვია სხეულმა შეიწოვა. მედეა სვეტის თავზე დამონტაჟებულ ოქროსფერ ფრაგმენტს მოგლეჯს და მანქანას ესვრის.

პირდაპირი ჩართვა და მიმდინარე „ლაივი“ მომენტალურად წყდება. ეკრანი ირთვება.

II სცენა

გულახდილი საუბრები

ერთ-ერთი რეიტინგული „თოქშოუს“ პირდაპირი ეთერი. ექსკლუზივი. კადრში ვხედავთ სახანძრო კიბეზე მდგარ გადაცემის წამყვანს, რომელიც მედეასთან აჰყავთ.

წამყვანი: ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა „გულახდილი საუბრები“, რომლის წამყვანი მე, ელეონორა თარხნიშვილი გახლავართ. შექმნილი სიტუაციის ექსტრემალურობიდან გამომდინარე, ინტერვიუს ჩაწერა სტუდიის გარეთ, შემთხვევის ადგილიდან გვიწევს. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, საკმაოდ სარისკო სიტუაციაა. პრაქტიკულად, ესაა ისტორიული ინტერვიუ, რომლის ანალოგიც მსოფლიო ჟურნალისტიკაში არც არსებობს.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ!

(პაუზა. მიმართავს მედეას)

პირველი კითხვა, რაც სრულიად სპონტანურად დამებადა, ეხება შენი, როგორც ქალის, როგორც მოქალაქის მდგომარეობას. რას გრძნობ ახლა, საკუთარ სამშობლოში, რამდენიმე წლიანი თუ საუკუნოვანი განშორების შემდეგ.

ხანგრძლივი პაუზაა.

ძეგლი ფეხებს აქანავებს.

წამყვანი: გთხოვ, შენ არამხოლოდ საქართველო, უკვე მთელი მსოფლიო გისმენს.

პაუზა.

მედეა: (ემოციადაუდგენელი ხმა აქვს. ლაპარაკობს ქართულად!) „აღასრულებდა მედეას სიტყვას. რომელიც კოლხთა დედოფალს აღმოხდა უკვდავ ბაგეთაგან“.

წამყვანი: (აბნეულია) უფრო კონკრეტულად?

მედეა: (შეშდება) მამავ, სამშობლო, მე გიღალატეთ,

ძმაც გავიმეტე… როგორ მრცხვენია!

წამყვანი: ანუ ნანობ ღალატს?

მედეა: მეუბნება: შეჩვენებულო დედაკაცო! ო, როგორ მძულხარ, მოძულებულო ღვთისგან, ჩემსგან, კაცთა მოდგმისგან, როგორ გაბედე საკუთარი შვილების მოკვლა?

პაუზა.

როგორ გავბედე?

იღიმის.

მე ის მიყვარდა, ჰო, მიყვარდა ჩემ თავზე მეტად. არ ვიცი, როგორ, რანაირად  დამასნეულა. სიყვარული სნეულებაა, ავადმყოფობა, რომელიც გწამლავს. მე ის მიყვარდა… უფრო სწორად, მისი სიყვარული უფრო მიყვარდა, როგორც გაირკვა.

ო, ღმერთებო! ხედავთ, რას ვითმენ? როგორ გატეხა დიადი ფიცი ერთგულმა ქმარმა! მეზიზღება! ორგანულად მძულს!!!

წამყვანი: თქვენს სიყვარულზე ლეგენდები დადის. იქნებ ამის შესახებაც გვიამბო.

 

მედეა: ლეგენდები? სასაცილოა! პირველ წელიწადს ცხოველივით მოძვრებოდა ჩემს სარეცელში, მხეცივით მკბენდა. მკერდის თავებს აგემოვნებდა, თუმცა ვითმენდი, უფრო სწორად, მას ვაფასებდი, ჩემი მომავალი შვილების მამას. ჯერ კიდევ კოლხეთში, მამაჩემის სასახლეში დაეწაფა ჩემს რძისფერ სხეულს, უმანკოს და ხელშეუხებელს. ჰო, კოლხეთის მეფის, დიდებული აიეტის სასახლეში, ჩემი ძმის ოთახის გვერდით.

მერე კი, კორინთოში დაფუძნებისას, ორჯერ მომაშლევინა მუცელი. მცემდა. ერთხელ, ორსულობისას, მთვრალმა თიხის ლარნაკი მესროლა, ჩემი საცოდავი ძმის, აფსირტოსის ბავშვობის საჩუქარი. სისხლი მდიოდა. ძიძა რომ არა, სულს დავლევდი. ახლა კი, ვნანობ. ნეტა იქვე მოვმკვდარიყავი სისხლში, ნარწყევში…

წამყვანი: რას გრძნობდი იმ დროს, როცა ქმარმა ლარნაკი გესროლა?

მედეა: ამქვეყნად რაც კი რამ არსებობს, სუნთქავს, აზროვნებს,

მათ შორის სხვებზე უბედურნი ვართ ჩვენ, ქალები:

უპირველესად საჭიროა უდიდეს მზითვად

ვიყიდოთ ქმარი, ვინც სულ მალე დაეუფლება

ჩვენს სხეულსა და ეს ხომ დიდი ბოროტებაა,

მაგრამ მთავარი სხვა რამ არის: კაცად ვარგა თუ

არ ვარგა ქმარი… ჩვენთვის გაყრა სამარცხვინოა,

თანამეცხედრის დაწუნება-შეუძლებელი.

და აი, იმ ქალს, სხვის ოჯახში რომ შეაბიჯებს,

სადაც სხვა ზნე და ადათია, რაც არ სჩვევია,

მართებს იმისნოს, რით აამოს თავის მეუღლეს.

წამყვანი: ანუ, გამოდის, რომ ფემინისტი ხარ, არა?

მედეა: ჩვენ არ ვიცით ხოლმე, სარეცლის გაზიარებისას გვერდით კაცი გვიწევს თუ მხეცი. მე იღბლიანი ვარ. მხეცად ქცეული კაცი შემხვდა.

წამყვანი: სად გირტყამდა? რითი გცემდა?

მედეა: მეორე შვილზე ორსულობისას, სახლიდან ხშირი გასვლები დაიწყო.

„სად მიდიხარ?“ – ვეუბნები. „საქმეზე“ – მეუბნება. სხვა გაიჩინა, ჩემი ალტერნატივა. სუნამომიპკურებული სახლის დესპოტი თავის ჯაგრისივით უხეშ წვერს სამ დღეში ერთხელ მაინც იპარსავდა. ვხვდებოდი, შინ უცხო ქალის სურნელი შემოჰქონდა. არც იმდენად სულელი ვარ, ეგ რომ ვერ მეგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ მე მათთვის ბარბაროსი ვიყავი, უცხო, მისანი. შესაბამისად, საშიში და, რაც მთავარია, ასოციალურობისთვის განწირული.

მერე ჩემზე იმასაც ამბობდნენ, ქმარს გონებას ურევს, საჭმელში ბალახეულს უყრის და მორალურად სპობსო. სასაცილოა. ყველამ იცოდა ვისთანაც დაეთრეოდა, ყველამ. ეს იყო დესპოტის ქცევის ლეგიტიმაცია მათი მხრიდან, ხალხის მხრიდან, უმრავლესობის მხრიდან…

პაუზა.

რა აკლდა? ფრიგიდული გავხდი? არამგონია. ეთქვა და ამ მეორეს არ გავუჩენდი. ხომ მომაშლევინა ორჯერ მუცელი. ხომ ვენდე. ახლაც საკუთარი ხელით მოვგუდავდი მორიგ ნაყოფს. „სხვა გყავს?“ – ერთხელ გავბედე და ვკითხე. ბავშვიც ისმენდა, კალთაში მეჯდა. „ჰო რომ ვთქვა, ამით რამე შეიცვლება?“ – მეუბნება. „მითხარი თუ ვერ გაკმაყოფილებ, არ მეწყინება. ნაყენს დაგიმზადებ, კირკემ მასწავლა, მამაჩემის დამ“. ყბაში გამარტყა. გადავყირავდი… ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. სახე მიხურდა. ბავშვმა ისტერიული ტირილი მორთო. ეს ადგა და გავიდა.

შვილის თვალწინ მცემა. საკუთარი ვაჟის თვალწინ.

ჟურნალისტი: გიყვარდა საკუთარი შვილები?

მედეა: რომ არ მყვარებოდა, საკუთარ ქმარს მოვკლავდი.

პაუზა.

ჟურნალისტი:  მაშინ ასე გკითხავ: რატომ დახოცე? არ გაგიჭირდა?

მედეა: დავხოცე მხოლოდ იმიტომ, რომ ის მეტანჯა.

ჟურნალისტი: და შენ ქმარს რა რეაქცია ქონდა?

მედეა: ჩემთან მოვარდა, ხავილით: „როგორ გაბედე საკუთარი შვილების მოკვლა? როგორ დამტოვე უშვილძიროდ, როგორ დამღუპე!“. მლანძღა: ძუ ლომი ხარო და ტირსენიის ზღვაში მობობოქრე სკილაზე უფრო საშინელი რამ. სასაცილოა! ო, ყველაფრის მხილველო ზევსო, გესმით? კაცი, რომელმაც სარეცელი წაბილწა, კაცი, რომელმაც საკუთარი ვაჟის თვალწინ მცემა, კაცი, რომელმაც ჩემი საცოდავი ძმის ლარნაკით თავი გამიტეხა, კაცი, რომელმაც საკუთარ სახლში გამაუპატიურა, მე მთვლის სკილაზე საშიშ არსებად! ვეუბნები:

შენ სარეცელი წამიბილწე, მე არ დაგაცალე

ჩემი აგდება სასაცილოდ, არ გაზეიმე.

ვერც დედოფალი, ვერც კრეონი, რომელმაც შენ დაგაქორწინა,

ჩემს გაძევებას დაუსჯელად ვერ გადაურჩა.

ახლა რაც გინდა ის მიწოდე: გინდა ძუ ლომი,

და გინდაც, სკილა, ტირსენიის ზღვად მობობოქრე,

რაც მოხდა, იმან შენ ხომ შეგძრა გულის სიღრმემდე.

წამყვანი: კმაყოფილი ხარ შურისძიებით?

მედეა: არ არის განა კმაყოფილება, როცა შენი ცხოველი ქმრის წაშლილ სახეს ხედავ?

მეუბნება: კი, მაგრამ შენც ხომ იტანჯები, შენც ხომ განიცდი. ვეუბნები: დიახ, და შენ რომ არ ზეიმობ, ლმობას მიამებს!

მანამდე კი, ახალი ცოლი დავუწვი თვალწინ. ჰო, ის კახპა. ჩემი პეპლოსით.

პაუზა.

ამაზრზენი ვარ? რატომ მანჭავ მაგ ლამაზ სახეს? შენც გეზიზღები? შენც ვერ მიტან?

წამყვანი (ყალბად იღიმის): აქ კითხვებს მე ვსვამ.

პაუზა.

სარეკლამო პაუზამდე სულ რამდენიმე წუთია დარჩენილი და მინდა ერთი კითხვაც მოვასწრო: რამეს ხომ არ ეტყოდი ტელემაყურებლებს?

მედეა (ოქროს საწმისს აღმართავს): ამის ბრალია ყველაფერი. ამან დამღუპა: მეც, მამაც, ხალხიც. სიამოვნებით მოვგუდავდი ჩემი ორი ნაყოფივით, აქვე მოვახრჩობდი ან ჩავცემდი დანას, მაგრამ არ შემიძლია. თქვენ უნდა მიხსნათ.

ჟურნალისტი: კი, მაგრამ როგორ?

მედეა: მე მას გიბრუნებთ, ის თქვენია. მართალია, ეგ ვერც მამაჩემს გამიცოცხლებს და ვერც საბრალო აფსირტოსს, მაგრამ ოქროს საწმისი კოლხეთს ეკუთვნის.

ჟურნალისტი (ეცინება): ის ხომ ნამდვილი არაა? არც შენ… ( იბნევა) როგორ ვთქვა, არ ხარ ნამდვილი. მართლა, უჩვეულო სიტუაციაში ვარ. ძეგლს ვართმევ ინტერვიუს, ამას მყარი ფსიქიკა ჭირდება…

(ნერვიულად იცინის)

მედეა: შენ რა, დამცინი?

ჟურნალისტი (ყურში პროდიუსერი რაღაცას ატყობინებს): ახლა კი სარეკლამო პაუზა. არ გადართოთ. ჩვენ მალე დაგიბრუნდებით.

 

III სცენა

ინტერმედია

„გულახდილმა საუბრებმა“ რეკორდი მოხსნა. აჩვენებს BBC, CNN და სხვა სატელევიზიო თუ ბეჭდური მედია.

მედეაზე უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.

გადაცემამ საქართველოში 3 000 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. გადაცემის ფეისბუქ გვერდზე სრული ორგიაა:

Irakli Khichikashvili: rakhdeba too? Ra ambebia? Mamaos vusmine im dges. Martalia, bozishviliviko. Meored mosvlaa.

Matsatso fantsulaia:  ფილმს ხო არ იღებენ, რამეს? შოკში ვარ, შოკში!!!: დდდდდ

jemali gelbakhidze: ამათი დედასშევეცი მაგარი უტრაკო მთავრობა გვყავს ბიჯო ხო ტქვეს უკვე არაქრისტიანულად აიგო ეგ ძეგლი დაჟე ნაკურთხიც არ ყოფილაო. აიღეთ ძმაო ვერტალიოტი, დასვით მღვდელი, ჩაუსხით შლანგში ნაკურთხი წყალი და დაასხას რა თავზე ამ დედააფეთქებულს იქნება ქრისტეს რჯულზე მობრუნდეს და გვეშველოს რამე ვაააააახ.

Gauqmebulia gauqmebulia: ხალხს კი არა უკვე ძეგლებსაც ეტყვნებათ ტვინი ჩვენი გოიმი პრეზიდენტის გადამკიდე ჰაჰაჰაჰაჰა::დდდდდდდდდ

ცელქი მარინა: კადრების ყურებისას ისე ავნერვიულდი ნაადრევი მშობიარობა დამეწყო… გოგო მეყოლა მედეა დავარქვი მომილოცეეეეეეეეეეეეთ!!!!!!!

Mama malkhazi: Gagtskvitat chirma ert dges!………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………..

ზაზა შამათავას (კერძო ფსიქიატრის!) ფეისბუქ პოსტიდან: ვნახე კადრები! აჰაჰაჰაჰაჰა! ვიცინე! მთავრობამ ჩაიჯვა! (ახალი ამბავი!). ისე, ბოდიში, ჩემი პოსტის მკითხველთან, მაგრამ მე მგონი, რეფლექსიის რეცეპტორები მოგვიჩლუნგდა. :დდდდდ ხალხო, გაანძრიეთ ცოტა ტვინი. დაგუგლეთ მაინც – არგონავტები, ევრიპიდე, აიეტი, რამე… ნუ პანიკიორობთ! შეგჭამთ არა – კვახი! ტრავმების ბრალია, ეგ! ჰო, ტრავმების და ქსენოფობიის. „უცხოს“ მიუღებლობის კომპლექსი გვაქვს, თუმცა ეგ ქალი ჩვენიანია. პრაქტიკულად, პირველი ემიგრირებული ქალია. ჩვენი ემიგრანტების დიდი დედა! არქი დედა! ჰაჰა!

ისე, მე მგონი, ცოტა ფროიდიც რომ ჩავრთოთ, კლასიკური ვაგინალურ-ფალოსური დისკურსია: სვეტი, ვითარცა ერეგირებული პენისი. ხოლო მედეა, ვითარცა უძღები დაი, რომელიც გამოვიდა ძეგლის სტატიური ფრიგიდულობიდან და ახურუშდა… პრაქტიკულად, ქალაქის პენისზე ზის…:დდდ

დიდი დედა-გამანაყოფიერებელი!

პ.ს. ისე, ფემინიზმის ტალღა რომ აგორდეს??? ვავა!

……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………

 

IV სცენა

აქციები, ათენი და სხვა…

 

ბათუმი. თავისუფლების (ყოფილი ერას) მოედანი. ცენტრალური ქუჩები გადაკეტილია. მობილიზებულია: პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმი, სასწრაფო, სახანძრო, სამღვდელოება, ჟურნალისტები დადაგეგმილი აქციის ორგანიზატორ-მონაწილეები.

სვეტთან, აქციის სიახლოვეს, ოქროს საწმისის ნამსხვრევები ყრია.

 მონაწილე ქალები სვეტის ირგვლივ დგანან, წრიულად. ხელში ტრანსპარანტებით: „ქალიც ადამიანია! “ „ძირს მასკულინური ჰეგემონია!“, „ჩვენც მოგვისმინეთ!“, “ნუ გვკლავთ!“ ,,უთხარი არა ოჯახის დესპოტს!“ და ა.შ.

აქციის ლიდერი ანა-მარია სისინაშვილი (მეგაფონით სკანდირებს):

დაუბრუნეთ მედეას სრულფასოვანი მოქალაქის უფლება!

ისმის ქალთა ქოროს ხმები:

პირველი ხმა: მედიკოს არ დავთმობთ!

მეორე ხმა: ისიც ძალადობის მსხვერპლია, ჩვენსავით!

მესამე ხმა: დაუყოვნებლივ გადაეცეს საცხოვრებელი სივრცე.

მეოთხე ხმა: მედეა, გვიყვარხარ!

ერთხმად: მედიკო! მედიკო! მედიკო! მედიკო! მედიკო!

მედეა სვეტზეა ჩამომჯდარი და ქალებს აკვირდება.

ანა-მარია სისინაშვილი (მეგაფონში): დაგველაპარაკე!

მედეა: იმ დღეს, როცა ბავშვის თვალწინ ყბაში გამარტყა, ცერბერივით შემომიღრინა და ისე გავიდა. უფროსი უკვე მამას გავდა. გენეტიკურად დაბოხებული ხმით და დეპრესიული ბღვერებით. რა უნდოდა? საკუთარ შვილებში ცდილობდა რეალიზებას? არა! არ დავუშვებდი! იქნებ, ამიტომ დავხოცე! უფრო სწორად, ეგ იყო მიზეზი! ჰო, მას რომ არ დამსგავსებოდნენ! არ ვიცი, მინდოდა, ეტანჯა. ჩემსავით… (პაუზა) ერთხელ, სახეჩალურჯებული, საფენებს ვიდებდი, ყვრიმალებზე. ძიძა შემოვიდა. სილურჯის მიზეზი აინტერესებდა. შევბრუნდი. არ მინდოდა, ასეთი მახინჯი ვენახე. „ყველაფერი ვიციო“ – მითხრა. „ბავშვმა მითხრაო“. ჩავიკეცე და ავქვითინდი.

ნეტავი, აკვანშივე გავეგლისე მამაჩემს…

(პაუზა)

ჰელიოსმა მიხსნა. ეტლით… ჰო, ეტლმა ამიტაცა ცაში, ჩემ შვილებთან ერთად. მკერდზე მივიხუტე, ორივე. თითქოს ძუძუს ვაწოვებდი. რატომღაც, იმ მომენტში არ მიტირია… არც მერე. ახლაც ვერ ვტირი. არ ვიცი, რატომ! ცუდი დედა ვარ?

ქალები ერთხმად: არა!

ანა-მარია სისინაშვილი: შენ ჩვენ გვჭირდები! ორგანიზაციის ლიდერად გაქცევთ! ჩვენი სახე იქნები!

მედეა: არ ვიმსახურებ აქ დარჩენას. გიღალატეთ… დამნაშავე ვარ…

(ხელებს მაღლა აღაპყრობს)

სად ხარ, ჰელიოს! გთხოვ, წამიყვანე!

ანა-მარია სისინაშვილი: მედეა, დარჩი!

ქალთა ქორო: – ნუ მიგვატოვებ!

– ათენში წავალთ!

-შენც წაგიყვანთ!

-მოხუცს მოვუვლით!

– ჩვენთან იქნები!

– გვიშუამდგომლე!

– სხვა არავინ გვყავს!

– თუ გვიპოვეს, მოგვკლავენ ქმრები! არ გვაცოცხლებენ!

ანა-მარია სისინაშვილი: რა გადაწყვიტე?

ხანგრძლივი, დაძაბული პაუზა.

მედეა (პაუზის მერე, განწირული ხმით): ნუთუ ღმერთებმაც ზურგი მაქციეს?!

მედეა სახეს ხელებში ჩარგავს და ტირის.

V სცენა

დემონტაჟი ანუ DeusEx machina

პირდაპირი ეთერია. კადრში ვხედავთ 2 ვერტმფრენს, რომელზეც თოკებით მედეას ძეგლია მიბმული.

მედეა: ვიცოდი, არ მიმატოვებდი, მაღალო ჰელიოს! წამიყვანე ერეხთევსის სამფლობელოში, იქ პანდიონის ძე ეგევსთან ერთად ვიცხოვრებ.

ძეგლი ნელ-ნელა სცილდება სვეტს და ჰაერში იჭრება.

დასასრული

2019 წელი, ნოემბერი

© არილი

სრულად ნახვა

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share