ძებნა
'ყურეში' ძებნის შედეგები.
-
თავიდანვე აშკარა იყო, რომ ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდება. ‘ცხელი ომის’ შემდეგ (შეიარაღებული სისხლიმღვრელი კონფლიქტი), ‘ცივი ომის’ შემდეგ (შიშის თანასწორობა) დადგა დრო მკვდარი ომის – გამდნარი ცივი ომის, რომელმაც არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ შევეჭიდოთ ომის ცხედარს, როდესაც ვერ გავექცევით კონტაქტს ამ გახრწნილ გარდაცვლილთან, რომელსაც ვერავინ გააცოცხლებს ყურეში. ის, რასაც იქ აკეთებს ამერიკა, სადამ ჰუსეინი და სპარსეთის ყურის ქვეყნები – ეს არის ომის გვამი. ომი თავისი უკანასკნელი კრიზისის ფაზაში გადავიდა. ძალიან გვიანია (ცხელი) მესამე მსოფლიო ომისთვის, ის უკვე შედგა, განწმენდილი ცივის ომის პერიოდში. სხვა უკვე არც არასდროს იქნება. თითქოს აღმოსავლეთ ბლოკის დაშლას, აპოტროპიის სისტემის განბლოკვის წყალობით, ომისთვის ახალი სამოქმედო სივრცე უნდა შეექმნა. თუმც ეს ასე არ მომხდარა, რადგანაც აპოტროპია არ დასრულებულა, პირიქით. წარსულში ეს სისტემა ფუნქციონირებდა როგორც ორ ბლოკს შორის ურთიერთშემაკავებელი ძალა, გამომდინარე განადგურების მეთოდების პოტენციურ-ვირტუალური ექსცესებიდან. დღეს ის აგრძელებს ფუნქციონირებას და უფრო ეფექტურადაც კი, ვიდრე უწინ, როგორც თვითდაშინების სისტემა, სრული თავშეკავებულობის და თვითგამოღვიძების, იმდენად, რომ გამოიწვიოს აღმოსავლეთ ბლოკის თვითდაშლაც კი. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს თვითაპოტროპიის სისტემა იმდენად მძლავრია, რომ ამერიკული, და ზოგადად, დასავლური ძალაუფლება პარალიზებულია თავისი საკუთარი სიძლიერით და უნარი არ გააჩნია მიიღოს ეს ძალაუფლება და გადაანაწილოს ძალთა ბალანსის სახით. სწორედ ამიტომ ყურეში ომი არ იქნება. ის, რომ ომი ამ უსასრულო სასპენსში ჩაიძირა, არც იმედისმომცემია და არც დამამშვიდებელი. ამ მხრივ არ-მოვლენის მნიშვნელობა, რომლის არენა არის ყურე, უფრო მეტია, ვიდრე თვით ომის მოვლენა: მიმდინარე პროცესი შეესაბამება გარდაცვლილის გახრწნის ძალიან საშიშ პერიოდს, რომელიც იწვევს გულისრევას და შემაწრწუნებელ გაშეშებას. და აქ ჩვენი თავდაცვის სიმბოლური მექანიზმები კვლავ ძალზედ სუსტია: ჩვენ გვიქრება უნარი რამე შევცვალოთ ამ ომში, და ჩვენ განვიცდით ამ ყველაფერს იგივე დარცხვენილი ინდეფერენტულობით, თითქოს ჩვენ ყველანი ვართ მძევლები. არა-ომი ხასიათდება ომის დეგენერატიული ფორმით, რომელიც გულისხმობს მანიპულაციებს მძევლებთან და მოლაპარაკებებთან. მძევლის აყვანა და შანტაჟი – ესაა აპოტროპიის სისტემის ყველაზე სუფთა და აშკარა პროდუქტი. მძევალმა მეომარის ადგილი დაიკავა. ის მთავარი გმირია, პროტაგონისტი-სიმულაკრი, უფრო ზუსტად კი, თავისი სრული უმოქმედობით არა-ომის მთავარი არა-მოქმედი გმირი. ომები ჩაიკარგა სიცარიელეში (უდაბნოში), სცენაზე მხოლოდ მძევლები დარჩნენ, მათ შორის ჩვენ – როგორც ინფორმაციის მძევლები მასმედიის გლობალურ სცენაზე. მძევალი – მოჩვენებითი მსახიობია, სტატისტი უმაქნისი ომის სცენაზე. დღეს მძევალი ერთგვარი სტრატეგიული ობიექტია, ხვალ ის გარდაიქცევა ერთგვარ საჩუქრად ახალი წლისთვის, მენურ ღირებულებად და ლიკვიდურ აქტივად. ფიგურის ფანტასტიური დეგრადაცია, რომელიც თავისი თავით წარმოადგენს შეუძლებელის მიმოცვლის განხორციელებას. სადამ ჰუსეინის მეშვეობით (რომელიც მძევლური ღირებულების კაპიტალისტი გახდა, მძევალთა კომერციული ბაზრის ვულგზალიზატორი, ბაზრის, რომელმაც ჩაანაცვლა მონებისა და პროლეტარიების სისტემა), ასეთი ძლიერი ვალუტაც (ღირებულება) კი გაუფასურდა და უმწეო ომის სიმბოლო გახდა. საომარი გამოწვევის ჩანაცვლების პროცესში, მძევლის აყვანა ომის უძლურობის [débilité] სინონიმი გახდა. ჩვენ ყველანი მედიადამწვრობის მძევლები ვართ, რომელიც გვაჯერებს ომის არსებობაში, ისევე როგორც ოდესღაც რევოლუციაში რუმინეთში, და ჩვენ მოთავსებულნი ვართ ომის სიმულაკრში, თითქოს სახლში გამომწყვდეულნი. ჩვენ ყველანი ვართ სტრატეგიული მძევლები in situ [ადგილზე]: ჩვენი აუცილებელი ადგილსამყოფელი არის ტელევიზორის ეკრანი, სადაც ჩვენ ყოველდღე განვიცდით ვირტუალურ ბომბარდირებას, და, ამავდროულად, წარმოდგენილნი ვართ როგორც მენური ღირებულების მქონე. ამ მხრივ ის უკბილო კომედია, რომელსაც დგამს სადამ ჰუსეინი – მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების გადასატანად არის, როგორც ომისგან, ისე საერთაშორისო ტერორიზმისგან. მისი რბილი ტერორიზმი ბოლოს მოუღებს სასტიკ და დაუნდობელ ტერორიზმს (პალესტინელების და სხვების), რითიც დაამტკიცებს, რომ ამ მხრივ, ისევე როგორც სხვა ‘კუთხიდან’, ის დასავლეთის იდეალური მოკავშირეა. ამ უმოქმედებას, სტრატეგიის არარსებობს მივყავართ შანტაჟის როგორც სტრატეგიის ტრიუმფთან (ირანის მხრიდან არსებობდა გარკვეული გამოწვევა, სადამი მხოლოდ შანტაჟს იყენებს). სადამ ჰუსეინის მზაკვრულობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ახდენს ყველაფრის ვულგარიზებას, რასაც შეეხება: რელიგიური გამოწვევა გარდაიქცა წმინდა ომის იმიტაციად, მძევალი მსხვერპლისგან გადაიზარდა შემოსავალში, დასავლეთის სულისშემძვრელი უარყოფა – ნაციონალისტურ შეხლა-შემოხლად, ომი კი – აუტანელ კომედიად. მაგრამ ჩვენ თვითონ დავეხმარეთ მას ამაში. როდესაც დავაჯერეთ, რომ მან მოიგო ომი ირანის წინააღმდეგ, ჩვენ ვუბიძგეთ მას დასავლეთის დამარცხების ილუზიისკენ. დაქირავებულის აჯანყება – ეს არის ერთადერთი ირონიული და სახალისო ეპიზოდი მთელ ამ ისტორიაში. ჩვენ არ ვიმყოფებით არც ომის ლოგიკაში და არაც სამყაროს ლოგიკაში, არამედ აპოტროპიის ლოგიკაში, რომელიც გზას იკვლევდა ცივის ომის ორმოცწლიანი პერიოდის განამვლობაში, რათა მიმდინარე მოვლენების ფინალისკენ მოესწრო – უუნარო მოვლენების ლოგიკაში, რომელსაც განეკუთვნება როგორც აღმოსავლეთ ევროპის მოვლენები, ასევე ომი სპარსეთის ყურეში. ანორექსიული ისტორიის პერეპიტია, ახლა კი ანორექსიული ომის: დღეს ის არ ‘მოიხმარს’ მტერს, რადგანაც ვერ ხედავს მასში მტერს, რომელიც გამოწვევის და განადგურების ღირსია (ღმერთია მოწმე, სადამ ჰუსეინი არ იმსახურებს არცერთს, არც გამოწვევას და არც განადგურებას) – შესაბამისად, ის საკუთარ თავს მოიხმარს. გაეროს მწვანე სინათლე უამრავი თავდაცვითი ზომებით და დათმობებით მხოლოდ ომის სტატუსის დეინტენსიფიკაციაა. ეს არის თავდაცვის მეთოდების გამოყენება, გადატანილი ომის აქტზე: დაკავდით ომით, როგორც სიყვარულით – პრეზერვატივით! რიჰტერის შკალის მიხედვით, ყურეში ომი ორ-სამ ბალსაც ვერ უჩვენებდა. ესკალაცია არარეალურია; ყველაფერი ისე ხდება, თითქოს საზომ ინსტრუმენტებთან მანიპულაციის შედეგად შეექმნა ვინმეს მიწისძვრის ფიქცია. ეს არ არის ომის უმაღლესი წერტილი და არც ნულოვანი, არამედ უძლური და ავთვისებიანი, ომი ასიმპტოტურ ფორმაში, რომელიც საშუალებას იძლევა უსასრულოდ მივუახლოვდეთ ომს, მაგრამ მასთან შეტაკების გარეშე; ეს არის ტრანსპარანტულობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ომს ვადევნოთ თვალყური მხოლოდ კამერა-ობსკურაში. ეჭვი უკვე მაშინ გაჩნდა, როდესაც ომი არ გამოცხადებულა, არ შედგა ეს სიმბოლური აქტი, რომელიც რეალურ მოვლენებს მოასწვავებს: უკვე ეს მიუთითებდა მისი დასასრულის არარსებობას, ისევე როგორც თვით საომარი მოქმედებების არარსბეობას, და ასევე – განსხვავებას გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის (გამარჯვებული მარტივად ხდება დამარცხებულის მძევალი: წყეული სტოკჰოლმის სინდრომი). რადგანაც ეს ომი არასდროს დაწყებულა, მას არც დასასრული ექნება. ოცნებას ომზე, მისი ‘სუფთა’ სახით, ორბიტალურ ომზე, პოლიტიკური და ლოკალური პერეპიტიების მიღმა, მივყავართ იქამდე, რომ დღეს ჩვენ უძლური ომი გვაქვს, მის შესაძლო შეუძლებლობასთან; ომი დაემსგავსა ერთგვარ დუელს, ხმლებით, სადაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დეესკალაციაში ეჯიბრებიან – თითქოს თვით ნაპერწკალი, ომი როგორც მოვლენა რაღაც აუტანლად გაუფასურებული გახდა, თუმც, ისევე როგორც სხვა რეალური მოვლენები, რომლებსაც უკვე ვეღარ აღვიქვავთ. ამიტომ ყველაფერი გადადის ვირტუალურის სფეროში; და ის, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე – ვირტუალურობის აპოკალიფსი, რისი ჰეგემონიაც, საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე რეალური აპოკალიფსი. არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ვირტუალურსა და რეალურს შორის არის ლოგიკური კავშირი, რომლის მიხედვითაც მოცემული შეიარაღება შეუძლებელია ოდესმე არ იქნას გამოყენებული, ხოლო სამხედრო ძალის ასეთი კონცენტრირება კი აუცილებლად გამოიწვევს შეტაკებას. მაგრამ ეს არის არისტოტელისეული ლოგიკა, რომელსაც ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს ვირტუალური რეალურზე ზემდგომია, და ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ ზღვრული ვირტუალიზაციით, რომელიც, არისტოტელეს საპირისპიროდ, ქმედებისკენ გადასვლის დამცველი ფაქტორია. ჩვენ არ ვიმყოფებით შესაძლო-ვირტუალურის რეალურში გარდასვლის ლოგიკაში, არამედ რეალურის მიერ ვირტუალურის აპოტროპიის ჰიპერრეალისტურ ლოგიკაში. ამ პროცესში მძევლის აყვანა/მძევლად ყოფნა კვლავ ძალზედ სახასიათო მოვლენად წარმოგვიდგება. თავიდან როგორც ექსტრაგირებული მოლეკულები ექსპერიმენტალურ პროცესში, შემდეგ კი მიმოცვლის დროს დისტილირებული – მძევალთა ვირტუალური, და არა რეალური, სიკვდილი წარმოადგენს ფსონს ამ თამაშში. სხვათაშორის, ისინი ყოველთვის არ კვდებიან, არამედ უბრალოდ უგზოუკვლოდ იკარგებიან. არასდროს აღიმართება მონუმენტი მიძღვნილი უცნობი მძევლისადმი, ყველა დარცხვენილია – ესაა კოლექტიური სირცხვილი, რომელიც სახასიათოა მძევლებისთვის და გამოხატავს რეალური მტრობის (ომის) სრულ დეგრადაციას ვირტუალურ სტუმართმოყვარეობაში. (სადამ ჰუსეინის სტუმრები). მოქმედებაზე გადასვლას ცუდი რეპუტაცია აქვს: ის შეესაბამება განდევნის მძაფრ მოხსნას, შესაბამისად კი, ფსიქოსომატურ პროცესს. თითქოს, ეს მოქმედებაზე გარდასვლის შიში დღეს ჩვენ ქცევას განსაზღვრავს: ყველანაირი რეალობის, რეალური მოვლენის, რეალური ძალადობის, ძალზედ რეალური სიამოვნების შიში. ამ ‘რეალურის შიშთან’ საბრძოლველად შევქმენით სიმულაციის უზარმაზარი აპარატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავიდეთ მოქმედებაზე in vitro [დახშულად] (ეს ეხება ჩასახვასაც კი). რეალურის კატასტროფას ჩვენ ვარჩიეთ ვირტუალურ სამყაროში განდევნა, რომლის უნივერსალურ სარკეს ტელევიზია წარმოადგენს. ომი ვერ გაექცა ამ ვირტუალიზაციას, რაც ქირურგიულ ოპერაციას გვაგონებს, რომლის მიზანია ომის წარმოდგენა სახის ნაკვთების ამოყვანით, მისი სიკვდილის ფანტომის კოსმეტიკურად დამუშავება, კიდევ უფრო დამაბნეველი ცვლილებები სხეულზე, ვიდრე ეს იყო ტიმიშოარში. თვითონ მებრძოლებმაც დაკარგეს უფლება სამომხმარებლო ღირებულებაზე, უფლება რეალურ ომზე. აპოტროპია ყველგან იყო და არავინ დაინდო. ისევე როგორც პოლიტიკოსებმა, სამხედროებმა არ იციან, რა უყონ თავის რეალურ ფუნქციას – სიკვდილისა და განადგურების ფუნქციას. ისინი განწირულნი არიან ომის ილუზიაზე, ისევე როგორც პოლიტიკოსები არიან განწირულნი ძალაუფლების ილუზიაზე. P.S. ომის შეუძლებლობის დამტკიცება იმ მომენტში, როდესაც ის სადაცაა დაიწყება, როდესაც ამ მომენტზე სულ უფრო და უფრო მეტი მიმანიშნებელია – სულელურია. მაგრამ კიდევ უფრო სულელური იქნებოდა ასეთი შესაძლებლობის უგულვებელყოფა.